მთავარი,სიახლეები

„არ ვიცით რა შენდება, ნოტარიუსად ვიქეცით“ – საკრებულოს წევრები კუნძულის მშენებლობაზე

29.09.2022 • 1349
„არ ვიცით რა შენდება, ნოტარიუსად ვიქეცით“ – საკრებულოს წევრები კუნძულის მშენებლობაზე

„ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. საკრებულოს წევრებისთვის არ გამართულა პატარა პრეზენტაციაც კი. არ ვიცით რა უნდა აშენდეს. საკრებულო არ არის ინფორმირებული, მხოლოდ და მხოლოდ სტატიების მეშვეობით ვიგებთ“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა კაკი გვიანიძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბათუმის მერიამ დასამტკიცებლად შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი გამოიტანა კენჭისყრაზე.

დღეს, 29 სექტემბერს, კომპანიას, რომელიც ბათუმში ერთი ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძულის მშენებლობას გეგმავს, მიწის ნაკვეთი გადასცეს სიმბოლურ ფასად, ხუთი წლის ვადით.

აკაკი გვიანიძე საკრებულოს წევრია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას „ლელოს“ წევრი, ვაჟა დარჩიაც დაეთანხმა.

„ამ პროექტის მნიშვნელობა ჩვენ არ ვიცით. მართლა გულწრფელად გვაინტერესებს და ხალხს ვესაუბრებოდეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, არასერიოზულია. არამარტო რეგიონული პროექტიაო ვამბობთ, მაგრამ საკრებულოს წევრი ვარ და ერთი საჯარო განხილვა არ მინახავს ამ პროექტზე, მინახავს მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გაზიარებული პოსტები – რა დროს პალმის კუნძულიაო“ – განაცხადა მან. 

ვაჟა დარჩიას კითხვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად საკმარისია გაჟღერებული დაფინანსება, 100 მილიონი, კუნძულის მშენებლობისთვის. საკრებულოს თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ თუ ეს თანხა არ იქნება საკმარისი, დაამატებენ.

აკაკი გვიანიძემ კუნძულის მშენებლობის ადგილზე დაგროვილ ნავთობთან დაკავშირებული კითხვებიც გააჟღერა და თან განმარტა, რომ ამ კითხვებს ისეთი სპეციალისტები სვამენ, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებაში მუშაობდნენ მაღალ თანამდებობებზე გარემოს დაცვის მიმართულებით.

„პრეზენტაციაზე კაფსულა ჩააგდეს და იქ არ მომხდარა პროექტის განხილვა. ვიცით, რომ პროექტი გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების კვლევის მომზადების ვალდებულებისგან. მხოლოდ და მხოლოდ სკრინინგის ანგარიში, 30-გვერდიანი დოკუმენტია წარმოდგენილი, რაც ვერ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას. შესაბამისად, ასეთი პროექტების მხარდაჭერას როცა სთხოვთ საკრებულოს, არასწორია. ჩემი აზრით ეს საკითხი უნდა გადავდოთ“. 

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა კოლეგებს დაეთანხმა. „კარგი იქნებოდა კომპანიის წარმომადგენლებს გაემართათ პროექტის პრეზენტაცია, კითხვითი ნიშნები მოიხსნებოდაო“- თქვა მან.

თენგიზ აფხაზავამ ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ რაც კომისიის სხდომაზე კოლეგის კითხვები მოისმინა, დაინტერესდა და ეს გაარკვია:

„გერმანელი და ჰოლანდიელი ექსპერტების დასკვნები დევს უკვე, კომპანიამ შეუკვეთა, საკმაოდ დიდი თანხაა გადახდილი ამ კვლევებში, რომლებიც ჩატარებულია, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს იმას, რაც თქვენ ბრძანეთ“ [იგულისხმება ნავთობის შესაძლო გაჟონვა].

„ჩვენ არ ვიცით ეს მართალია თუ არა, ამიტომ გაგვიქარწყლეთ ეჭვები, გამოაქვეყნეთ ინფორმაცია“ – უპასუხა მას აკაკი გვიანიძემ.

თენგიზ აფხაზავამ კი განაცხადა, რომ არ დაასახელებს, მაგრამ კვლევა იმ სპეციალისტზე უფრო ძლიერმა სპეციალისტებმა ჩაატარეს, ვინც კითხვებს სვამს ამ საკითხზე.

ბათუმის საკრებულოს სხდომა

რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ, ხომ არ აქვს კომპანიას უკვე ათვისებული ეს ტერიტორია და საკრებულო ისევ ნოტარიუსის ამპლუაში ხომ არ მონაწილეობს ამ ამბავში. „მართლა ნოტარიუსები ვართ“ – თქვა მსჯელობის შემდეგ ვაჟა დარჩიამ.

საკრებულოს ოპოზიციას ასევე აინტერესებდა, ხომ არ იციან მერიაში, როგორ მდგომარეობაშია გზა, რომლითაც კუნძულისთვის დიდი რაოდენობით ქვა უნდა შემოიტანონ. ასევე, კიდევ ხომ არ გამწვავდება ამ ქუჩაზე საცობით გამოწვეული პრობლემა.

კოლეგების კითხვებმა საკრებულოს წვერს „ოცნებიდან“, დავით მახარაძეს, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი გაახსენა:

„ზუსტად ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც შენდებოდა დენდროლოგიური პარკი. შემდეგ ერთმანეთს ვერ ასწრებდნენ იქ რიგში დგომას. ამიტომ მიესალმეთ მშენებლობას. დარწმუნებული ვარ, ყველას გნახავთ იქ, რესტორნებში და კაფეებში.“

საკითხის განხილვაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზიც ჩაერთო:

„კობალაძის ქუჩას წელიწად-ნახევარია ვაკეთებთ, ბაგრატიონის ქუჩას – ექვსი წელი, ხულო-ზარზმის გზას ათი წელია აკეთებს ქართული ოცნება და ახლა ეს კუნძული თუ გააკეთეთ, მაგარი ამბავი იქნება, რაღაც ძალიან მეეჭვება“.

მისმა გამოსვლამ საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ მინდია გოგუაძე გააღიზიანა. „ექვსი წელი ნამდვილად არ შენდება ბაგრატიონის ქუჩა“ – შენიშნა მან.

„თქვი, რამდენი წელი შენდება?- სამი წელი ხომ ნამდვილად შენდება?“ – ჰკითხა მას რეზო ხარაზმა.

„თუ სამია, სამი თქვი“ – უპასუხა მას მინდია გოგუაძემ.

ამ კამათის შემდეგ რეზო ხარაზს კიდევ რამდენიმე დაუსრულებელი პროექტი გაახსენდა: „მწვანე ქალაქი “ ქობულეთში, ბათუმის „ნაგავსაყრელი“ და ნაპირსამაგრი.

საბოლოოდ „ოცნებამ“ მხარი დაუჭირა „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას, ოპოზიციამ კი – არა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნატალია ზოიძემ კი ყველაფერი ასე შეაჯამა:

„კოლეგების უკმაყოფილება ბუნებრივია, მაგრამ მაინც ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ინფორმაცია გაჟღერებული არ ყოფილა საკრებულოს წევრებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: