არასაკმარისი, არასტანდარტული და ხშირ შემთხვევაში უხარისხო საფეხბურთო მოედნები – აჭარაში მომუშავე ფეხბურთის მწვრთნელები მიიჩნევენ, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც აჭარის რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას უშლის ხელს.
დღეისათვის ბათუმში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები ფეხბურთს სწავლობენ – გადიან წვრთნას და ვარჯიშობენ. ინტერესი ფეხბურთის მიმართ მზარდია. მწვრთნელთა თქმით, ბოლო ორ წელში ბათუმში ფეხბურთის შესწავლის ბუმია. მათივე თქმით, ბავშვების ფეხბურთისადმი ინტერესის ზრდას ხელი ბათუმში აშენებულმა ახალმა სტადიონმა და საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ წარმატებამ შეუწყო.
გარდა კერძო სკოლებისა, არსებობს ბათუმის მერიის პროგრამა – „ეზოს ფეხბურთი“, სადაც 350 ბავშვი სწავლობს უფასოდ ფეხბურთს.
ამ ფონზე, ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურა – საფეხბურთო მინიმოედნები, ვერც ბავშვთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნას აკმაყოფილებს და ვერც იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც საფეხბურთო მოედანს უნდა ჰქონდეს.
მწვრთნელები, საფეხბურთო საქმიანობაში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ ქართული ფეხბურთის მომავალი შეიძლება იყოს ბავშვთა ფეხბურთი, თუკი სათანადო პირობები ექნებათ ბავშვებს სავარჯიშოდ. მათივე თქმით, შედეგი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, დაახლოებით ათ წელიწადში დადგება, მაგრამ დადგება.
„ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. ინფორმაცია ჩვენ აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტიდან და ბათუმიდან მოვაგროვეთ.
აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობა ძირითადად გამოიხატება ბავშვი ფეხბურთელების მიერ სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობის დაფინანსებაში.
- სახელმწიფოს წვლილი ბავშვთა ფეხბურთში
აჭარის ფეხბურთის ფედერაციას 74 ათასი ლარი აქვს წლიური ბიუჯეტი აჭარაში მოქმედი ბავშვთა საფეხბურთო გუნდებისთვის. ამ თანხას ფედერაცია ხარჯავს ტურნირებზე. ფედერაცია ტრანსპორტირებას უფინანსებს ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს სხვადასხვა ჩემპიონატზე წასასვლელად.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს. ყველაზე მეტ თანხას ბავშვთა ფეხბურთში ქედის მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს, ხოლო საერთოდ არაფერს არ ხარჯავს შუახევის მუნიციპალიტეტი.
- ბათუმი
ბათუმის მერია 90 ათასი ლარით აფინანსებს ეზოს ფეხბურთს. ბათუმში მცხოვრებ ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვებს პროგრამა საშუალებას აძლევს, უფასოდ ივარჯიშონ.
ამჟამად ეზოს ფეხბურთის სექციაში 350 ბავშვი ვარჯიშობს.
- ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის როლი ბავშვთა ფეხბურთის სტიმულირებაში სასპორტო სკოლის დაფინანსებაში გამოიხატება. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 350 ათასი ლარით აფინანსებს სასპორტო სკოლას, სადაც სხვადასხვა სპორტულ წრესთან ერთად საფეხბურთო წრეცაა.
8-13 წლის ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ სასპორტო სკოლაში უფასოდ ისწავლონ, 13 წლიდან კი საფეხბურთო კლუბ „შუქურაში“ აგრძელებენ ვარჯიშს.
7000 ლარით ფინანსდება ტურნირებში მონაწილეობა, ხოლო 2000 ლარია გამოყოფილი ფორმების შესაკერად.
- ხელვაჩაური
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ბავშვთა ფეხბურთისადმი სამოყვარულო ფეხბურთით შემოიფარგლება.
2022 წლის აპრილ-მაისში სამოყვარულო ფეხბურთის ფარგლებში ჩატარდა სოფლებს შორის ტურნირი ფეხბურთში. ტურნირში 14 სოფლის 115 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამისათვის 2 240 ლარი დაიხარჯა.
- ქედა
აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ქედა ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. როგორც „ბათუმელებს“ ქედის მერიაში უთხრეს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სპორტული ინვენტარის შესაძენად, ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ბავშვების ტრანსპორტირებასა და მწვრთნელების ხელფასებში იხარჯება.
ქედის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქედის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით შექმნილია ჯგუფი, რომელშიც 6-14 წლამდე 300 მოსწავლეა ჩართული.
ბავშვები ძირითადად ქედის ცენტრალურ მოედანზე ვარჯიშობენ. ხოლო იმ ბავშვების ტრანსპორტირებას, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან არიან, ქედის სასპორტო სკოლა უზრუნველყოფს.
„სოფელ ვაიოში ფუნქციონირებს ბავშვთა ფეხბურთის სექცია. მომდევნო კვირიდან იგეგმება სოფელ ბაბუჩოღლებში, აწჰესსა და მერისში გახსნა. გოგონათა გუნდი აჭარის ბავშვთა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც მესამე ადგილი მოიპოვეს,“ – გვითხრეს ქედის მერიაში.
- შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის თანხას არ ხარჯავს. მუნიციპალიტეტში არც საფეხბურთო სკოლაა და არც გუნდი.
- ხულო
53 000 ლარს ხარჯავს ხულოს მუნიციპალიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. საფეხბურთო კლუბ „ხიხანთან“ ბავშვთა ფეხბურთის 4 ჯგუფი არსებობს. ბავშვებს ვარჯიშები დაბა ხულოსა და სოფელ ვაშლოვანის სპორტულ მოედნებზე უტარდებათ.
თანხა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ბავშვთა ფეხბურთზეა გამოყოფილი, სპორტულ ინვენტარზე, ფორმებზე, ბურთებზე, მწვრთნელების ხელფასებს და სხვა საოფისე ხარჯებზე იხარჯება.
ხულოს მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სხვადასხვა სოფელსა და საზაფხულო იალაღზე სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2022 წლის ბოლოს 2 ახალი მოედნის მშენებლობა და 4 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდება.
___
https://batumelebi.netgazeti.ge/news/438639/