„მე ვარ საქართველო” – როგორ შეიქმნა ნაკრების ახალი ჰიმნი

საქართველოს ნაკრების ახალი ჰიმნი 26 მარტს, ისტორიული მატჩის დღესაც ისმოდა სტადიონზე და ნაკრების თამაშის ამსახველ ვიდეოფრაგმენტებსაც სხვადასხვა პლატფორმაზე სწორედ ამ ჰიმნით შეხვდებით.

მერაბ სეფაშვილის „გაიღიმეს“ თუ ქომაგები ხმამაღლა მღეროდნენ, „მე ვარ საქართველო“ ნაკრების უმნიშვნელოვანეს მატჩზე ძარღვებში სისხლის დინებასავით იყო – ვერ გრძნობდი როგორ მოძრაობდა, მაგრამ მისი მოტივი ძალას მატებდა და აცოცხლებდა ყველაფერს.

თავისთვის გუგუნებდა, ყურს არ გჭრიდა და გესმოდა მხოლოდ მაშინ, თუ ყურს კარგად დაუგდებდი. ყველგან იყო ჰიმნის რიტმი და ჟღერადობა:

„მე ვარ საქართველო, გამარჯვების გვჯერა

მე ვარ შენი ძალა, შენი გულის ძგერა

მე ვარ საქართველო

მე ვარ საქართველო

მე ვარ საქართველო, მე ვარ ვენახი

ჩქარა დროშები და ერთობისთვის გეძახი

მე ვარ საქართველო

მე ვარ საქართველო“

YouTube video player

ჰიმნის მუსიკისა და ტექსტის ავტორები არიან აჩიკო გულედანი და ბექა ჯაფარიძე-შუკვანი.

აჩიკო გულედანი და ბექა ჯაფარიძე-შუკვანი

„ძალიან გვჭირდება მთელ ქვეყანას საკუთარი თავი დავინახოთ მსოფლიოში. ეს დიდი სიხარული უკვალოდ არ ჩაივლის და ბევრ რამეზე მოახდენს ზეგავლენას. კარგია, რომ გავიხსენეთ ერთმანეთი, ეს ძალიან კარგი იყო.

ბევრი რაღაც გვტკივა, ბევრი რაღაც გვინდა და ვეცადეთ ყველაფერი გვეჩვენებინა: ძლიერებაც, ინდივიდუალურობა – რომ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ყველაფერი.

არსებობს ბევრნაირი ჰიმნი. ჩვენ ვერ გვექნებოდა ისეთივე მხიარული ჰიმნი, როგორც ბრაზილიას აქვს. მათი ნაკრებს ბევრჯერ გაუმარჯვია და მხიარულების გარდა აღარაფერი დარჩენიათ. ჩვენს შემთხვევაში სხვაგვარად იყო საქმე.

იმდენხანს ველოდით გამარჯვებას, იმდენხანს ვგულშემატკივრობდით მთელი საქართველოს მსგავსად მე და აჩიკო საქართველოს ნაკრებს, რომ გვინდოდა ეს ჰიმნი ყოფილიყო გნებავთ ლოცვა, გნებავთ საგალობელი“ – ამბობს ბექა ჯაფარიძე-შუკვანი, ჰიმნის ერთ-ერთი ავტორი, პროდიუსერი და მუსიკოსი.

ბექა ჯაფარიძე-შუკვანი და აჩიკო გულედანი

აჩიკო გულედანთან ერთად ბექა მუსიკაზე დაახლოებით 2 კვირა მუშაობდა:

„ტექსტი შეიძლება დაიწეროს ერთ საათში, მუსიკაც, მაგრამ გაჟღერებას, სიცოცხლის შთაბერვას და ემოციის პოვნას დრო სჭირდება. საბოლოოდ დამუხტულ ელექტროდად უნდა აქციო ჟღერადობა, სწორედ ამას სჭირდება დრო“.

ერთდროულად ძლიერი და თითქოს შორიდან მომავალი ხმა, რომელიც გგონია, რომ სტადიონის ხმებია, სინამდვილეში ერთ ოთახშია ჩაწერილი და ბექას და აჩიკოს მეგობრების ხმებია.

საქართველოს ნაკრების ახალი ჰიმნის კონცეფციაზე საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა:

„ეროვნული ნაკრების რებრენდინგზე ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად „ვინდფორსმა“ და ვატო ქავთარაძემ იმუშავა. მათი კონცეფციის მიხედვით დავწერეთ ტექსტიც და მუსიკაც, რომელმაც, ვფიქრობთ, შეასრულა საკუთარი მისია და მომავალშიც შეასრულებს.

„მე ვარ საქართველო, მე ვარ ვენახი“ – ვენახი რომ ჩვენვე ვართ ეს პოეტ ზურა რთველიაშვილის იდეა იყო. მისი ლექსის შთაგონებით გაჩნდა ეს ფრაზა ჰიმნში, რომელიც სასიმღერო ჰიმნზე უფრო ტრეკია“ – ამბობს აჩიკო გულედანი.

ჰიმნში „შენ ხარ ვენახის“ და „ოდოიას“ მოტივებია გამოყენებული. შემთხვევითი ამბავი არ არის ალბათ ისიც, რომ „ოდოია“ შრომის სიმღერაა და ჰიმნში ისე ჟღერს, სიტყვებს ვერ გაარჩევ – შეგიძლია ის სათქმელი წარმოიდგინო რაც გსურს, რისი თქმაც შენ გინდა.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.

4 აპრილს ბათუმში ტემპერატურა გასულ დღეებთან შედარებით დაიკლებს და 4-7 აპრილს 17-20 გრადუსია მოსალოდნელი.

თურქეთის 11 დიდი ქალაქის მერი ქალია – ადგილობრივი არჩევნების შედეგები

თურქეთის 11 ქალაქში მერად ქალი აირჩიეს.

31 მარტს, თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე მისულმა უფრო მეტმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ქალ კანდიდატებს ნდობა, ვიდრე ეს აქამდე ქვეყნის ისტორიაში მომხდარა.

შედეგების მიხედვით, ქვეყნის 81 პროვინციიდან 11 ქალაქში მერად ქალი აირჩიეს.

11 ქალიდან, 10 ოპოზიციური პარტიიდანაა. ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის, CHP-ის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ქალაქებში: თექირდაღი, ედირნე, აფიონკარაჰისარი, ესქიშეჰირი, ბილეჯიკი და აიდინი.

მეორე დიდი ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიის და თანასწორობის პარტიის (DEM Parti)” კანდიდატებმა გაიმარჯვეს დიარბაქირში, ბათმანში, აგრისსა და სირტში.

ქალაქ გაზიანთეფში კი კიდევ ერთხელ აირჩიეს ფატმა შაჰინი, კანდიდატი ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების-AK“-ის პარტიიდან.

თურქული გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის 15 159 კანდიდატიდან 1668 (11 %) იყო ქალი კანდიდატი.

2019 წლის არჩევნებთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ზრდაა. 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის 8200 კანდიდატიდან მხოლოდ 667, ანუ 8,1 % იყო ქალი.

როგორ შეძლეს ქალებმა თურქეთში, ყველაზე რთული და ყველაზე კონსერვატორული ქალაქების მერები გამხდარიყვნენ. „ბათუმელები“ ამის შესახებ მკვლევარ სანდრო ბაკურაძეს ესაუბრა.

  •  თურქეთის 11 დიდი ქალაქის მერი ქალია – ასეთია ადგილობრივი არჩევნების შედეგი. ეს ისტორიული ფაქტია. რამდენად მონაწილეობდნენ აქამდე ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში და როგორ დადგა ეს შედეგი თურქეთში?

თურქეთის პოლიტიკაში ქალების მონაწილეობა მართალია იმ პერიოდიდან იწყება. როდესაც მუსტაფა ქემალ ათათურქმა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის და კენჭისყრის უფლება მისცა, მაგრამ რეალურად 90-იანებიდან ხდება ნორმა. მანამდე უფრო გამონაკლისი შემთხვევები იყო. ქალი პრემიერ-მინისტრიც ჰყავდა თურქეთს. მართალია თანსუ ჩილერი, როგორც პრემიერ-მინისტრი ძალიან პრობლემური ფიგურა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი დასავლეთში დაივიწყეს, რადგან თანსუ ჩილერი ქალი იყო.

თანსუ ჩილერის ფაქტორმა ქალებისთვისაც გახსნა პოლიტიკური ასპარეზი თურქეთში. თურქეთში ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ნორმალიზებულია და ქალი მინისტრი ან ქალაქის მერი, ჩვეულებრივი მოვლენაა.

ერდოღანმა, გეზი პარკის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, საზოგადოების ისლამიზაციის და კონსერვატიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. კაბინეტში ქალებისთვის მარტო ერთადერთი კვოტა აქვს გამოყოფილი – ოჯახის სამინისტრო. ამის მიუხედავად, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ნორმალიზების ფაქტორი არსად არ წასულა.

პირველ რიგში ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოიყენა ოპოზიციამ და ხელისუფლების თავსმოხვეულ კონსერვატიზაციას ძალიან კარგად დაუპირისპირდა.

სანდრო ბაკურაძე, თურქეთის მკვლევარი
  • საერთო გამარჯვებაში ცალკე გამოყოფენ ბათმანის მერის გამარჯვებას. რამდენად ძლიერი კანდიდატი იყო გულუსთან სონუქი და რატომ არის არჩევნებში მისი გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი?

ბათმანი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ქალის გამარჯვება არსებულ კონტექსტში გამართულ არჩევნებში, თან ისეთი ქალის, რომელიც ქურთული და ფემინისტური მოძრაობიდან მოდიოდა, სიმბოლური იყო, პირველ რიგში, ქალაქ ბათმანის წარსულის, შემდეგ კი მისი პოლიტიკური და სოციალური ბეგრაუნდის გამო. ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი კანდიდატების გამოც.

ბათმანი არის ქალაქი, რომელიც 90-იანებში ქურთისტანის ჰეზბოლას ცენტრი იყო. არაერთი პოლიტიკური მკვლელობის კერა.

როდესაც ჰეზბოლას გავლენა ჩაცხრა, თურქულ მედიაში ბათმანი ცნობილი იყო ქალების თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით.

რაც შეეხება ქალი კანდიდატის მერად არჩევას.

ქურთულ მოძრაობას და მის ბოლო რეინკერნაციას, „ხალხთა დემოკრატიისა და თანასწორობის პარტიას“, რომელსაც გულუსთან სონუქი წარმოადგენდა, აქვს თანათავმჯდომარეობის სისტემა. ანუ მერიას უნდა მართავდეს ერთი ქალი და ერთი კაცი, როგორც თანათავმჯდომარეები.

არჩევნებში ბათმანში ყველაზე ძლიერ კანდიდატად მოიაზრებოდა ქურთისტანის ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთის HÜDA-PAR-ის კანდიდატი, რეგიონის გავლენიანი ქურთული რამანის კლანის წევრი და მეჯლისის დეპუტატი სერქან რამანლი.

რამანის კლანი ბათმანის მუნიციპალიტეტის არსებობიდან 1980 წლამდე ფაქტობრივად შეუცვლელად მართავდა ამ ქალაქს, ვინაიდან მათ გარდა ვერცერთი დამოუკიდებელი კანდიდატი თუ სხვა კლანის წევრი გამარჯვებას ვერ ახერხებდა.

სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი იყო ადგილობრივი სასულიერო წოდების ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ასევე დაახლოებული იყო ადგილობრივ რადიკალურ ისლამისტურ წრეებთან.

„ხალხთა დემოკრატიისა და თანასწორობის პარტიის“ კანდიდატის, გულუსთან სონუქის გამარჯვება ასეთ კანდიდატებთან, თან დიდი უპირატესობით გამარჯვება, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გულუსთან სონუქის მამაკაცი თანაკანდიდატი, სერქან რამანლისთან პოლიტიკურად მიუღებელი კავშირების გამო, საარჩევნო პროცესიდან ჩახსნეს და პარტიიდანაც გარიცხეს.

სონუქის თანაკანდიდატი რამანლისთან ერთად დააფიქსირეს, რამაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქში, რომელშიც 90-იანებში ჰეზბოლას ჩადენილი დანაშაულები მოსახლეობას ისევ ახსოვს.

გულუსთან სონუქის გამარჯვება იმიტომაა სიმბოლური, რომ მან დაამარცხა როგორც მმართველი პარტიის კანდიდატი, ისე ჰეზბოლას კანდიდატი. ორივე მათგანი ქურთული საზოგადოების ყველაზე რეაქციულ წრეებს წარმოადგენდა.

გულუსთან სონუქი, ბათმანის მერი
  • თქვენი აზრით, მარტო ჰეზბოლას მიუღებლობის ფაქტორი იყო გულუსთან სონუქის გამარჯვება, თუ იყო სხვა რამეც, რაც დაეხმარა პოლიტიკოს ქალს ამომრჩევლის მიმხრობაში?

გულუსთან სონუქი ქურთული მოძრაობის ახალ თაობას მიეკუთვნება. პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ქურთული მოძრაობისადმი განხორციელებულმა უწყვეტმა რეპრესიებმა და იმან, რომ ქურთული მოძრაობა დღეს რეგიონებში მასობრივ მოძრაობას წარმოადგენს, ოპოზიციურ პარტიას საშუალება მისცა, მუდმივად განეახლებინა თავისი კადრები.

თან მასობრივმა რეპრესიებმა გამოიწვია ის, რომ ერთი მხრივ არ შეიქმნა სტატუსკვოს მომხრე პარლამენტარები და თვითკმაყოფილი კორუმპირებული ელიტა. ამან ადგილობრივ ორგანიზაციებში ხელი შეუწყო ეფექტური და გავლენიანი ფიგურების წინა პლანზე გამოსვლას.

გულუსთან სონუქს აქვს პოლიტიკური წარსული და მიეკუთვნება ქურთული მოძრაობის ახალი თაობის პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარი ნიჭის და მონდომების საფუძველზე გადმოვიდნენ წინა პლანზე. მას შემდეგ, რაც პარტიის ერთჯერადი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ან ციხეში აღმოჩნდა ან იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

  • ალბათ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთის ქურთისტანის დედაქალაქად მიჩნეული დიარბაქირის მერიც ქალია…

ძალიან საინტერესო ფიგურაა დიარბაქირის მერი აიშე სერა ბუჯაკ კუჩუკი. ის მოდის ქურთული მოძრაობის ძალიან გავლენიანი ოჯახიდან. ბაბუამისი იყო თანამედროვე ქურთული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც დღემდე გაუხსნელი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

ამავე დროს მას განათლება აქვს მიღებული გერმანიაში. საკმაოდ პროგრესული შეხედულებებით გამოირჩევა. მიუხედავად თურქეთში ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული კონსერვატიული შეხედულებებისა [მაგალითად, ქვიარ თემის დამცველი ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს და ა.შ.] ეს ასე რომ არ არის, ამის ნათელი მაგალითია სწორედ დიარბაქირის მერი. მას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ყოველთვის ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა.

  • 2019 წელს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მხოლოდ 8,1 % იყო ქალი. 2024 წელს ეს მონაცემი 11%-მდე გაიზარდა. ამ ზრდას რა საფუძველი აქვს? როგორ მოახერხეს ქალებმა თურქეთში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა?

პირველ რიგში, ეს არის ურბანიზაციის დამსახურება და შექმნილი ეკონომიკური პირობების. ურბანიზაციამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა ქალაქებში, გამოიწვია ის, რომ ბევრი ისეთი კაცი, რომელიც სასოფლო არეალში ცოლს მუშაობის უფლებას არ მისცემდა, იძულებული გახდა, რომ თავისი ცოლისა და ქალიშვილებისათვის მუშაობის უფლება მიეცა, ვინაიდან ერთი ხელფასით ქალაქის პირობებში ცხოვრება იყო შეუძლებელი.

ქალების სოციალიზაციამ მოიტანა ავტომატურად მათი პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილიც და, შესაბამისად, ამას მოჰყვა ქალების უფრო მეტი ჩართვა პოლიტიკაში.

მეორე ფაქტორია ის, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები კარგად ხვდებიან, რომ რეალურად თურქული საზოგადოება არც ისეთი კონსერვატორია, როგორც ეს სტერეოტიპებშია.

რეალურად ძალიან ბევრ შემთხვევაში მთავარია კანდიდატი როგორი ტიპი იქნება და არა ის, ქალი იქნება, კაცი, ალევიტი თუ სუნიტი. მთავარია, ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი და ტოვებდეს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც მუშაობა შეეძლება. ანუ თურქი ამომრჩეველი მიუხედავად სტერეოტიპებისა, პრაგმატულია.

მაგალითად, ყბადაღებული – თურქეთში მოსახლეობის 60 % მემარჯვენეა და ვინც ამას არ გაითვალისწინებს, წააგებს, ეს არის სტერეოტიპი. ვინც ამას არ გაითვალისწინებს, წააგებს.

ამომრჩეველი ძალიან პრაგმატულია და არა იდეოლოგიური.

  • 11 ქალიდან მხოლოდ ერთია სახელისუფლებო პარტიიდან. 10 დიდი ქალაქის ქალი მერი, ოპოზიციონერია. ერთია მოიგო ხელისუფლების მხარდაჭერით, სულ სხვაა ოპოზიციური ფლანგიდან გახდე ქალაქის მერი, როცა ქალი ხარ. რაზე მიანიშნებს ეს?

ოპოზიციურ პარტიებს ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ. წინა არჩევნებში ორი დიდი ოპოზიციური პარტიიდან ამდენი ქალი არ იყო ჩართული. ამას ჰქონდა მიზეზები. მაგალითად, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მაშინდელი ლიდერები თვლიდნენ – უნდა ებრძოლათ კონსერვატიული პოლიტიკის გატარებით. ამიტომ, ძალიან ბევრ ადგილას ქალი კანდიდატის წარდგენისგან თავს იკავებდნენ.

პარტიის შიგნით მომხდარი ცვლილებების შედეგად, ახალმა ლიდერებმა გადაწყვიტეს – მთავარია კანდიდატი იყოს კარგი. არაა მნიშვნელოვანი ქალი იქნება თუ კაცი.

ამ ფაქტორმა იმუშავა.

  • რა ცვლილებებს მოუტანს თურქეთს და რა გავლენას მოახდენს თურქულ საშინაო პოლიტიკაზე ოპოზიციის მსგავსი გამარჯვება. იგივე, ქალების ამ დოზით მერებად არჩევა, რა დადებით გავლენას მოახდენს ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე?

ეს მარტო ქალების პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვა არ არის.

ამჯერად ქურთებით დასახლებული რეგიონში – ვანში, ბრძანების შესაბამისად, ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ხალხთა დემოკრატიის და თანასწორობის პარტიის კანდიდატის, ვანის მერად არჩეული აბდულლაჰ ზეიდანის არჩევის უფლება არჩევნების წინა დღეს, არასაჯარო ფორმით გააუქმა, ხოლო უკვე დღეს, ვანის მერად ხელისუფლების დამარცხებული კანდიდატი გამოაცხადა.

თუკი ოპოზიცია, პირველ რიგში ექრემ იმამოღლუს და ოზგურ ოზელის მეთაურობით, სათანადო რეაქციას არ გამოავლენს და ამ გამოცდას თავს ვერ გაართმევს, ის უკვე წინდაწინ დაკარგავს ქურთების მხარდაჭერას. ქურთების მხარდაჭერის გარეშე კი თურქეთის პრეზიდენტი ვერავინ გახდება.

ის თეზისი, რომელსაც მერალ აქშენერი ენდო, რომ წინა არჩევნებზე „თურქეთის არჩევნების ბედი ნაციონალისტებმა გადაწყვიტეს“ 31 მარტს გამართულ არჩევნებში სასტიკად არ გამართლდა. რეალურად ქურთები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ძალაა.

გამოჩნდა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც დოგმატურად თურქ ნაციონალისტად იყო მიჩნეული, რეალურად, პირველ რიგში, ოპოზიციონერია, მეორე რიგში კი პრაგმატული.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების ბედს ქურთები წყვეტენ. თუკი ოპოზიციას მომავალ არჩევნებში ერდოღანის დამარცხება სურს, ეს უნდა გაითვალისწინოს.

ვანთან დაკავშირებულ გამოცდას, როგორ ჩააბარებს თურქეთის ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, ნებისმიერი სახის ცვლილების – ქალების პოლიტიკაში მონაწილეობიდან და ერდოღანის პარტიის კულტურული პარადიგმების მსხვრევამდე ან ზოგადად თურქეთის დემოკრატიზაციამდე, მაგაზეა დამოკიდებული.

რა მდგომარეობაა ე.წ. ქათმის კანი და როგორია მკურნალობა – დერმატოლოგის რჩევები

„ქათმის კანი“, იგივე პილარული კერატოზი, კანის მდგომარეობაა, რომელიც სხეულის გარკვეულ ლოკაციებზე წვრილი გამონაყარის მსგავსი ტექსტურით ხასიათდება. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რა იწვევს კანზე მის განვითარებას და რა მეთოდით ხდება მკურნალობა.

  •  თათია, რა მდგომარეობაა ეს, რა ხდება ამ დროს?

ამ დაავადებას ფოლიკულარულ კერატოზსაც ეძახიან. ეს გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადებაა, ანუ შესაძლოა გქონდეთ ეს მდგომარეობა, თუ თქვენს ოჯახში ვინმეს აღენიშნება.

პილარული კერატოზი გამოწვეულია კერატინის დაგროვებით, რაც იწვევს უხეშ, მუწუკებიან კანს. თავის მხრივ კერატინი არის ცილა, რომელიც კანს მავნე ნივთიერებებისგან და ინფექციისგან იცავს.

ვინაიდან ამ დაავადების დროს კერატინი გროვდება ჭარბი რაოდენობით, იგი ქმნის საცობს, რომელიც ბლოკავს თმის ფოლიკულებს, კეტავს მათ და ყალიბდება პატარა, გაუხეშებული ამობურცულობები, რომელიც უკვე თვალით შესამჩნევია კანზე, ხელის შეხებითაც იგრძნობა, თუმცა ყველაზე მეტად პრობლემური მაინც ვიზუალური მხარე ხდება, რაც აწუხებს პაციენტს და მიმართავს ექიმს.

ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს ორ წლამდე ასაკში, 6 წლამდე ასაკში, პუბერტატულ პერიოდში და თან დაერთოს აკნეს.

Cleveland Clinic-ი წერს, რომ კერატოზი შეიძლება დაკავშირებული იყოს A ვიტამინის დეფიციტთან. A ვიტამინის დანამატების მიღება, დამატენიანებელი ან A ვიტამინის შემცველი კრემების გამოყენება შეიძლება დაეხმაროს პილარული კერატოზის მკურნალობას.

  • როგორ არის გამოხატული ეს მდგომარეობა?

იგი წარმოგვიდგება კანზე პატარა, აკნეს მაგვარი ამობურცულობების სახით. საერთოდ მტკივნეული არ არის, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ახასიათებდეს ქავილი.

ის ძირითადად წარმოდგენილია ლოყებზე, მხრებზე, ბარძაყებსა და დუნდულების არეში. ამ დროს ხელის მოსმით კანი არ არის ერთგვაროვანი და რბილი, არის უხეში და ხორკლიანი, ამიტომაც ამსგავსებენ ქათმის კანს. ეს არ არის გადამდები დაავადება და არც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ ვიზუალური მხარეა, რაც დისკომფორტს უქმნის თავად პაციენტს.

Cleveland clinic: როგორც წესი პილარულ კერატოზი ჩნდება მკლავებზე, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოჩნდეს სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილზე, რომელსაც აქვს თმის ფოლიკულები.

  • შეიძლება ეს მდგომარეობა მკურნალობის გარეშე, თავისით გაქრეს?

არის შემთხვევები, როდესაც პუბერტატის პერიოდი ანუ თინეიჯერობა გადაილახება და ეს მდგომარეობაც თავისით ლაგდება, თუმცა ზოგადად ქრონიკული ბუნებისაა და სრულად განკურნება არ ხდება, მაგრამ შეგვიძლია დავეხმაროთ, რომ შედარებით უფრო გაუმჯობესდეს მდგომარეობა.

მკურნალობის შედეგად, მთლიანად რომ განიკურნოს და საერთოდ ალაგდეს ეს სიმპტომი, ასეთიც ხდება, იმ შემთხვევაში, თუ არის მსუბუქი ფორმა და არ არის წარმოდგენილი სხეულის ბევრ ადგილზე.

Cleveland clinic: პილარული კერატოზი ზოგჯერ კანის დროებითი მდგომარეობაა, რომელიც, არ საჭიროებს მკურნალობას და ჩვეულებრივ ქრება 30 წლის ასაკში.

  • როგორ შეიძლება შევიმციროთ პილარული კერატოზის სიმპტომი კანზე?

აუცილებელია დამატენიანებლის გამოყენება, უბრალოდ ყურადღება უნდა მივაქციოთ, მის შემადგენლობაში იყოს ურეა, ე.წ. შარდოვანა, რომელიც კარგად ატენიანებს კანს.

თუ არის ძალიან გართულებული ფორმები, სახეზეც გვხვდება და სხეულზეც, ინიშნება ე.წ. კერატოლიზური, ანუ ამქერცლავი საშუალებები. ეს არის ე.წ. რეტინოიდები [ეს მოქმედი ნივთიერებაა, არა პრეპარატის დასახელება], რომელშიც A ვიტამინის დიდი კონცენტრაცია შედის, ამქერცლავი ეფექტით გამოირჩევა და ასეთ დროს ძალიან კარგი შედეგია აქვს. მათი გამოყენების შედეგად გაუხეშებული კანი აიქერცლება, ცოტა გამოშრება და მერე ჩვენ დავატენიანებთ, რომ გლუვი და ერთგვაროვანი გახდეს. 

გარდა ამისა, ალექსანდრიტის ლაზერი მოქმედებს ძალიან კარგად, იმის გამო, რომ იგი ზემოქმედებს თმის ფოლიკულზე. ჩვენ ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, როცა მენსტრუაციული ციკლი დადგება და ერთი წელი სტაბილურად იქნება, შეუძლიათ გამოიყენონ ალექსანდრიტის ლაზერი [დიოდი არა, იმიტომ რომ ამ დროს საჭიროა გაპარსვა], ალექსანდრიტის სხივი რომ მოხვდება ამ ადგილებში, თმის ფოლიკულში შეღწევის შედეგად უკვე ნაკლებად უხეში ხდება ე.წ. გამონაყარი.

სამწუხაროდ, ძალიან განიცდიან პაციენტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაუხეშებული კანი სახეზეა გამოხატული და სიწითლეც ახლავს. მაგრამ მინდა დავამშვიდო ჩვენი მკითხველი, ეს არ არის საშიში მდგომარეობა, არც გადამდები და როგორც კი ამქერცლავი და დამატენიანებელი საშუალებების ჩართვა ხდება, პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, ფსიქოემოციური ფონიც იხსნება.

  • რამდენად უსაფრთხოა სკრაბებისა და სახეხი ღრუბლების გამოყენება ასეთ უბნებზე?

ასეთ დროს სკრაბებისა და სახეხი საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამ შემთხვევაში დასაბანი ღრუბლის გამოყენებაც არ არის რეკომენდებული, ხელით ხდება ამ ყველაფრის გასუფთავება და შემდეგ ნოტიო კანის დატენიანება, აუცილებლად.

თუ აუცილებლობას წარმოადგენს სკრაბის გამოყენება – შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ერთხელ.

საქმე ის არის, ეს ყველაფერი აზიანებს ეპიდერმისს, კანის ზედა შრეს. სახეხი საშუალებების გამოყენებისას შეიძლება უფრო დიდ ფართობზე გავიხეხოთ კანი და შეიძლება (კერატოზის) არეალი გაფართოვდეს, როგორც გაუხეშებული ქუსლების გახეხვის დროს მოსდით, როცა სპეციალური სახეხით უფრო ფართო მასშტაბზე იხეხავენ კანს და თვითონვე აფართოებენ ამ არეალს, ანალოგიურად შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაშიც.

„ქიძინიძეების სკოლაში 18 მოსწავლე დარჩა, ადრე ერთ კლასში ვიყავით ამდენი“ – დაცლილი სოფლები აჭარაში

„აქ სულ ცარიელი სახლებია. დაცარიელდა, მინდა, რომ აქ იცხოვრონ, ფუტი აადინონ,“ – მწვანებალახიან ეზოში გამოდის ნელი ბეჟანიძე, ხის ღობეს უახლოვდება და ხელით გვანიშნებს სოფელ ქიძინიძეებში რამდენიმე სახლს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუკეტავთ.

შუახევის სოფლები დღვანი და ქიძინიძეები ბოლო წლებია აქტიურად იცლება. აქ აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. სოფელში დარჩენილები ამბობენ, რომ სოფელი შემოსავლის გარეშე დარჩა, მოსავალს ვერ ჰყიდიან და ისინიც წასვლაზე ფიქრობენ.

„100 კილო თამბაქო მაქვს დაკიდებული, 2 წელია ვერ ჩავაბარე, არავინ მოსულა. დაგვპირდნენ, მაგრამ ასეა,“ – იმ მიზეზებზე გვიყვება ნელი ბეჟანიძე, რის გამოც იგი მეზობლების გარეშე დარჩა.

„პირუტყვიც გამოწყვიტა ხალხმა. მე მყავს, მაგრამ მეც ვაპირებ გაყიდვას. მთა-ბარობა პრობლემაა. ადრე მოხუცები მიდიოდნენ [იალაღებზე, სადაც საზაფხულო საძოვრებია] და დაჰყავდათ, ახლა რომ გაატანო ვინმეს, 400 ლარი ჯდება ერთი ძროხა“, – ამბობს ნელი ბეჟანიძე

ნელი ბეჟანიძე, სოფელი ქიძინიძეები

ნელი ბეჟანიძე სოფელ ქიძინიძეებში ქმართან ერთად ცხოვრობს. იგი გვიყვება, რომ „მარშუტკა“ ჰყავდათ, მაგრამ გაყიდეს, რადგან მგზავრების რაოდენობა ბოლო 2 წელია მკვეთრად შემცირდა.

უკვე 2 წელია სოფელ ქიძინიძეებსა და დღვანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს.

„აქედან გადავალ ჯაბნიძეებში, 2 კილომეტრია და იქიდან გავყვები. თუ ამოსატანი მაქვს პროდუქტები, მაშინ უნდა დაურეკო „მარშუტკას“ და მოგაკითხავს. ერთი ტომარა პურის ფქვილის სოფელში ამოტანის ფასი 2 – 3 ლარი ლარია. 10 ლარი ჯდება აქედან ბათუმში ჩასვლა, 10 ლარი – ამოსვლა,“ – გვითხრა ნელი ბეჟანიძემ.

„ხშირად მიწევს ქალაქში ჩასვლა და პრობლემაა, ტაქსებით დავდივართ,“ – ამბობს ჯემალ ფუტკარაძე. იგი დღვანის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.

როგორ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მიუმართავთ თუ არა მოქალაქეებს მერიისთვის?

„რაღაც რომ დაურიცხონ ამ მძღოლებს, შეიძლებოდა, შეღავათი უნდა ჰქონდეთ, დაფინანსება,“ – შუახევის მერიისგან განსხვავებით გამოსავალს პოულობს მოქალაქე, შემდეგ კი, გვიყვება, როგორ დაცარიელდა დღვანის სკოლაც, 300 მოსწავლეზე რომ ყოფილა გათვლილი, ახლა კი სულ 27 მოსწავლეა.

„10 წლის წინ 100 მოსწავლე იყო, ახლა არის 27,“ – ჯემალ ფუტკარაძე ხაზს უსვამს იმას, რომ სოფლის დაცარიელების ტენდენცია ახლაც გრძელდება.

ჯემალ ფუტკარაძე, სოფელი დღვანი

დაცლილ სოფელში პრობლემაა შეშით მომარაგებაც. ეს სოფლის ცენტრში შეკრებილებმა გვითხრეს.

„ბილეთებს გასცემენ ნოემბერში და დეკემბერში, შეშაზე და მასალაზეც, როცა დღეც პატარავდება, თოვლია და ავდარი, ბილეთები უნდა გაიცეს მაისში, ივნისში, წვალებით გავდივართ ტყეში… აქ უკვე სექტემბერ-ოქტომბერშიც კი მანქანებს უჭირთ გადაადგილება,“ – უთხრა მერაბ ფუტკარაძემ „ბათუმელებს“.

დღვანში დარჩენილი ადამიანები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილებია.

„კარტოფილი იმდენი მოგვყავს, რომ ჩვენ გვყოფნის, გასაყიდი არა, აღარ ღირს,“ – გვითხრეს აქ.

ფანჩატური სოფელ დღვანში

ადგილობრივების თქმით, სოფელ დღვანში 120 კომლიდან დაახლოებით 45 ოჯახში დარჩა.

„მისთვის ანჯახ ]ძლივს] არის მთავრობა,“ – აივანზე გამოდის და ნახევრად შეღებულ კართან ჩერდება მერი ფუტკარაძე, მასაც ყველაზე მეტად სოფლის დაცარიელება აწუხებს.

მერი ფუტკარაძე

„დაცლილია ჩემი სოფელი, ასე გახედავ, ვინმე აღარ არის, ბავშვებიც აღარ არიან… რა უნდა გააკეთო? ყველა მის სკამს ცავს, რომ არ გამოუძვრეთ და არ წაიქცნენ,“ – დაცარიელებულ სოფელს გაჰყურებს ქალი.

სოფელი აჭარაში, რომელიც იცლება - რას ჰყვებიან აქ დარჩენილები

„უკეთესობისკენ მივდივართ, მშვიდობა გვაქვს, რაც მთავარია,“ – სახელისუფლებო პროპაგანდის გზავნილით გვხდება თემურ აბაშიძე, თუმცა პაუზის შემდეგ ისიც სოფელს უყურებს, გამოკეტილ სახლებს…

„ყველა სახლი გამოკეტილია, ქიძინიძეებში 130 კომლამდე იყო, ახლა იქნება 40 ოჯახი ფუტი რომ ადის, სოფელი კაცს აღარ უნდა… სკოლაში ვმუშაობ დამლაგებლად, ხელფასი 200 ლარია, დღეს არის ვინმეს ხელფასი 200 ლარი?“ – კითხულობს თემურ აბაშიძე და გზას მიუყვება, თხევადი გაზის ბალონი რომ შეავსოს – სოფლის ბოლოში გაზის მანქანა მოსულა.

თემურ აბაშიძე, სოფელი ქიძინიძეები

მოქალაქეს ვკითხეთ სოფელში და, მათ შორის, სკოლებში დასაქმებულ სოციალურად დაუცველებზეც – ხელისუფლებამ ათასობით სოციალურად დაუცველი ადამიანი სხვადასხვა პოზიციაზე, თუმცა ხშირად, საჭიროების გარეშე, წინასაარჩევნოდ დაასაქმა. ეს პროგრამა საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში დასრულდება.

ქიძინიძეების საჯარო სკოლაშიც, სადაც 18 მოსწავლეა, დასაქმებულების თქმით, 20 თანამშრომელია, მათ შორის, 2 დამლაგებელი.

„მისი [სოცდაუცველის, რომელიც სკოლაში დამატებით დამლაგებლად დაუსაქმებიათ] ხელფასი თვეში 300 ლარია, ჩემზე მეტი გამოდის. კი,“ – გვიდასტურებს თემურ აბაშიძე, რომელიც სკოლაში დამლაგებლად წლებია მუშაობს 200 ლარად.

ქიძინიძეების საჯარო სკოლა, სადაც 18 მოსწავლეა

ქიძინიძეების სკოლის ყოფილი პედაგოგია შალვა ნიჟარაძე. ის იმ დროს იხსენებს, როცა სოფელში ტონობით ყურძნის და თამბაქოს მოსავალი მოდიოდა, სკოლაში კი, 120 მოსწავლე დადიოდა.

„ამ სოფელში 40 კომლი ვართ დარჩენილი, უმეტესი წავიდა, ზოგი ქალაქში წავიდა, ზოგიც სხვა რეგიონში… ამ სკოლაში სულ 18 მოსწავლეა. 18 მოსწავლე დღვანის სკოლაში ერთ კლასში ვიყავით.

წინათ 400 კილოგრამამდე თამბაქო უნდა მოეყვანა ყველას, ახლა მხოლოდ სიმინდი და კარტოფილი მოგვყავს, თხილიც, მაგრამ დათვმა გაგვიფუჭა მოსავალი,“ – ამბობს შალვა ნიჟარაძემ, მას სოფლის ცენტრში შევხვდით, დომინოს თამაში მინდოდა და მოთამაშეს ვეძებდიო.

ფანჩატური სოფელ ქიძინიძეების ცენტრში

სოფელ ქიძინიძეების ცენტრში გვითხრეს, რომ დიდი პრობლემაა ნადირიც, რომელიც სოფელს შემოეჩვია, მოსავალს ანადგურებს და მისგან დასაცავად არაფერი კეთდება.

 

სოფელი დღვანი, შუახევი

„დინამო ბათუმი“ 0-3 დამარცხდა თბილისის „იბერიასთან“

დღეს, 2 აპრილს, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერი „დინამო ბათუმი“ მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „იბერია 1999“ დაუპირისპირდა და 0-3 დამარცხდა.

„იბერიას“ მხრიდან დუბლი შეასრულა გიორგი კოხრეიძემ, ხოლო მესამე ბურთი საბა მამაცაშვილმა გაიტანა.

დღეის მონაცემებით, „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სიის სათავეშია. გუნდმა გათამაშების პირველი წრის 6 შეხვედრიდან 5 მოიგო და ერთი წააგო, შედეგად 15 ქულა დააგროვა.

დარჩება თუ არა ამ ტურის შემდეგ ლიდერად ბათუმის გუნდი, ეს გაირკვევა თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შეხვედრის შემდეგ. თუ გორელები მოიგებენ, ისინიც 15 ქულას დააგროვებენ და ტურის დასრულების შემდეგ ბურთების უკეთესი შეფარდებით, გათამაშებას შეიძლება ახალი ლიდერი ჰყავდეს „დილას“ სახით.

ამ შემთხვევაში „დინამო ბათუმი“ მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

გორის გუნდი თბილისის „დინამოს“ ხვალ, 7 აპრილს დაუპირისპირდება.

ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება

დაგეგმილია თბილისი-ბათუმი-თბილისის, ასევე მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა ადგილობრივი ავიარეისების შესრულება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 18 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა.

აღნიშნულ ავია მიმართულებებზე „მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით“ ავიარეისების ორგანიზება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ეთხოვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა თბილისი-ბათუმი-თბილისის ავია მიმართულებაზე ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 3 049 973 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ავიარეისები კი ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის ვადით უნდა შესრულდეს

რაც შეეხება მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა რეისებს, აეროპორტების გაერთიანებამ ცალკე ტენდერი უნდა გამოაცხადოს ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 5 601 140 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამ შემთხვევაში ავიარეისები 1 წლის განმავლობაში შესრულდება.

ავიამიმართულებებსა და პირობებს განსაზღვრავს „აეროპორტების გაერთიანება“. გაერთიანება დაადგენს ასევე ბილეთების ფასსაც. ამასთან, „საჰაერო ხომალდზე შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ მგზავრზე არანაკლებ 15 კილოგრამი თანმქონი ბარგის გადატანაც“.

მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულია ერთ გზაზე შესასყიდი ადგილების რაოდენობა და ერთი გზის ფასი, რასაც „აეროპორტების გაერთიანება“ მიმწოდებელს მომსახურებაში გადაუხდის.

„მიმწოდებლის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულება გამოითვლება ფაქტობრივად შესრულებული ავიარეისებისა და ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით სრულად, შესაბამის ავიარეისზე ფაქტობრივად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიუხედავად“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

თბილისი-ბათუმი-თბილისის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის, ანუ 2 წლის განმავლობაში შესასყიდი ადგილების რაოდენობა ორივე მიმართულებით ჯამში საორიენტაციოდ არის 26 560 ადგილი.

  • თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე შესასყიდი ადგილების რაოდენობა – ერთი გზა – არის 40 ადგილი, ხოლო ერთი გზის ფასი [რასაც მომსახურებაში გადაუხდიან მიმწოდებელს, არის 114,83 აშშ დოლარი($)]

რაც შეეხება გამოსაცხადებელ მეორე ტენდერს, ერთი წლის განმავლობაში [ყველა რეისზე] ორივე მიმართულებით შესასყიდი ადგილების საორიენტაციო რაოდენობა ჯამურად უნდა იყოს 47 760 ადგილი.

ამ ტენდერის ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით:

  • მესტია-ბათუმი-მესტია – შესასყიდი ადგილი/ერთი გზა-15 – მომსახურების ფასი – ერთი გზა – 168$
  • თელავი-ბათუმი-თელავი – 40 ადგილი – 129$
  • მესტია-ქუთაისი-მესტია – 15 ადგილი – 110$
  • მესტია-თბილისი-მესტია – 15 – 182$
  • მესტია-ამბროლაური-მესტია – 15 – 75$
  • მესტია-თელავი-მესტია – 15 – 187$
  • თბილისი-ამბროლაური-თბილისი – 40 – 103$
  • თელავი-ამბროლაური-თელავი – 40 – 108$
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი – 40 – 77$
  • თელავი-ქუთაისი-თელავი – 40 – 87$
  • თელავი-თბილისი-თელავი – შესასყიდი ადგილი/ერთი გზა-40 – მომსახურების ფასი – ერთი გზა – 50$

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ბილეთების რეალიზაცია შესაძლებელი იქნება ან აეროპორტების გაერთიანების, ან მიმწოდებლის, ან ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმის მეშვეობით.

ავიაბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა კი „უნდა გადაუხადონ აეროპორტების გაერთიანებას ან გაიქვითება მიმწოდებლისთვის ყოველთვიურად გადასახდელ თანხებთან“.

განკარგულების მიხედვით, „მიმწოდებელი შეიძლება იყოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი“, ამასთან აღნიშნული მოწმობა „შესაძლებელია გაცემული იყოს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მიერ, იმ შემთხვევაში თუ იგი აღიარებულია საქართველოში“.

__________________________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 აპრილს იწყება

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისთვის რეგისტრაცია 3 აპრილს იწყება და გაგრძელდება 15 აპრილის 18:00 საათამდე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული.

გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;
  • სომხური ან აზერბაიჯანული ენის გამოცდა;
  • იტალიური ენის გამოცდა.

„ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს“ – წერს გამოცდების ცენტრი.

მათივე ინფორმაციით, წელს პირველად ტარდება საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა (საბაზო უნარები სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის). ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სწავლა გააგრძელოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ:

2024 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, შესაბამის საგანზე (სომხური/აზერბაიჯანული ენა), პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, აგრეთვე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლიათ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.

„თუ გამოსაცდელი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის“ – იუწყება გამოცდების ეროვნული ცენტრი.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

„პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური – 50 ლარი.

ცენტრის ინფორმაციით, გადახდილი თანხა იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მონაწილე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე, ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე.

ბათუმელი მოკრივე სტუდენტი საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

ბათუმელი სტუდენტი ლანა ბოლქვაძე საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ლანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტია. იგი საქართველოს ორგზის ჩემპიონია კრივში.

საქართველოს კრივის ფედერაციის ცნობით, საბერძნეთში გამართულ ტურნირზე წარმატება მოიპოვეს სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც. 48 კგ. წონით კატეგორიაში რაჰიბა ისმაილოვა საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, მან გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძენი მოკრივე დაამარცხა. კიდევ ერთი ქართველი მოკრივე თათია ბუკია კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ამავე თემაზე: 18 წლის მოკრივე გოგო ბათუმიდან: ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა

 

YouTube video player

50 000 ლარით მეწყრით დაზარალებული ოჯახი სახლს ვერ იყიდის – „ლელო“

დღეს, 2 აპრილს, ბათუმში „ლელომ“ ბრიფინგი გამართა თებერვალში, მაღალმთიან აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით.

„ლელო“ მიიჩნევს, აჭარაში ჭიანურდება მეწყერსაშიში და დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლა და ასევე, იმის გამო, რომ მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანისთვის მხოლოდ 300 ლარია გათვალისწინებული, დაზარალებულები აღნიშნულ თანხაში ვერ ქირაობენ ბინებს და ისევ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ.

„აჭარის მუნიციპალიტეტებში 200-ზე მეტი ოჯახია, რომელიც საჭიროებს განსახლებას სტიქიური მოვლენების გამო. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა თებერვლის თვეში მეწყრის გააქტიურების შემდეგ. ამ მიმართულებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს პროგრამა, ეკომიგრანტთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფაზე. დაზარალებულ ოჯახებზე პროგრამით გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ბიუჯეტი იზრდებოდა, ის მაინც ვერ უზრუნველყოფს ეკომიგრანტთა პრობლემის ძირეულად მოგვარებას. ოჯახები, რომლებიც დაკმაყოფილდნენ ამ პროგრამით, კვლავ რჩებიან რისკის ქვეშ.

შეუძლებელია აღნიშნული თანხით, რომელიც შეადგენს 18 ათას დოლარს, რაიმე ნორმალურის შეძენა. ვფიქრობთ, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს მიდგომა. ეს გამოიხატება იმაში, რომ პირველი – გაიზარდოს პროგრამის ბიუჯეტი და მეორე – აშენდეს საცხოვრებელი სახლები ისევ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რათა მთა არ დაიცალოს მოსახლეობისგან“, – აცხადებს „ლელო“.

აჭარის სამ მუნიციპალიტეტში 2024 წლის თებერვალში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა ასობით ოჯახი დააზარალა, დაიღუპა ორი ადამიანი, დაინგრა სახლები და საავტომობილო გზები. სპეციალისტების შეფასებით, მეწყრის განვითარების საფრთხე თითქმის ყველა სოფელშია.

დრონებით თავდასხმა სავარაუდოდ „შაჰედებს“ ასაწყობ ქარხანაზე – აფეთქება რუსეთში

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში, დრონები დაესხა თავს საწარმოებს ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში. Telegram-ში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ეცემა უპილოტო საფრენი აპარატი შენობას, რის შემდეგაც ძლიერი აფეთქება ისმის.

ინფორმაციას რუსული და უკრაინული ოფიციალური წყაროები ავრცელებენ.

რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

სავარაუდოდ, თავდასხმა უკავშირდება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ელაბუგში რუსეთი ირანულ დრონებს, „შაჰედებს“ აწყობს.

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის უკან უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური დგას.

უკრაინული მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სამრეწველო ობიექტებზე დრონების თავდასხმების უკან სწორედ დაზვერვა დგას. ინფორმაციას კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა იყენებს საკუთარ დრონებს და „ვერავინ გვეტყვის, რომ ეს არ შეგვიძლია“.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა თათარეთში დრონებით დაესხნენ თავს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 443 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
  • ტანკი – 6 998 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 13 350 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 11 112 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 023 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 744 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 779 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 058 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 783 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 1 832 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 581 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 18 374 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 495 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 680 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 261 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 629 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 530 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

დრონებით თავდასხმა სავარაუდოდ „შაჰედებს“ ასაწყობ ქარხანაზე – აფეთქება რუსეთში

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორ ხდება ჰემოროიდული კვანძების პრევენცია ორსულობისას – ექიმის რჩევები

­ორსულობის დროს ბუასილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.  ჰემოროიდული დაავადება არის კავერნული სხეულების გაგანიერება ანუსის შიგნით ან მის გარშემო. კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი-პროქტოლოგი გურანდა თურმანიძე ამბობს, რომ ორსულობის დროს განვითარებული ჰემოროიდული დაავადება ჩვეულებრივ ქრება ორსულობის შემდეგ, თუმცა ასევე ხშირია ჰემოროიდული კვანძების პროლაფსი (გამოვარდნა) მშობიარობის შედეგად.

  • ქალბატონო გურანდა, რამდენად ხშირია ჰემოროიდული კვანძების ფორმირება ორსულობაში და რა განაპირობებს ამას?

ორსულობის პერიოდში, ნაყოფის ზრდასთან ერთად, მატულობს ჰემოროიდული დაავადების განვითარების სიხშირე. მიზეზი ის არის, რომ იწყება მენჯის სისხლძარღვებზე ნაყოფის ზეწოლა და შესაბამისად, ხდება ჰემოროიდული კვანძების პროლაფსი (გამოვარდნა) ნაწლავის სანათურიდან.

Cleveland Clinic: ორსულობის დროს ბუასილი საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში და ბავშვის გაჩენიდან დაახლოებით ერთი თვე. ორსული ადამიანების დაახლოებით 30%-დან 40%-მდე ავადდება ბუასილით.

ჰემოროიდული კვანძების განვითარების ალბათობა, უფრო მაღალია ორსულობის ბოლო თვეებში; ასევე საკმაოდ ხშირია ჰემოროიდული კვანძების პროლაფსი (გამოვარდნა) მშობიარობის შემდეგ, რის საპრევენციოდაც მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ჩატარება ორსულობის დროს და რა თქმა უნდა, მშობიარობის შემდგომაც. პროქტოლოგთან ერთად მკურნალობის პროცესში ჩართულია მეან გინეკოლოგი.

ჰემოროიდული დაავადება მშობიარობის უკუჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა როცა ორსულობას ახლავს ეს დაავადება, ძალიან მნიშვნელოვანია მეან-გინეკოლოგის მიერ მშობიარობის ჭინთვების სწორი მართვა.

რა სიმპტომები ახასიათებს ბუასილს ორსულობის დროს:

  • ტკივილები დეფეკაციისას;.
  • ქავილის შეგრძნება ანუსის შიგნით და მის გარშემო;
  • ძლიერი ტკივილი პროლაფსირებული ბუასილიდან;
  • სისხლის კვალი ტუალეტის ქაღალდზე ან განავალში.

ასევე, შეიძლება ბუასილი ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ორსულობის დროს ბუასილის სიმპტომების შესამსუბუქებლად?

პირველ რიგში აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება. აუცილებელია, რომ ორსულის რაციონში უფრო მეტად იყოს უჯრედისის შემცველი პროდუქტები, ვიდრე ცხოველური წარმოშობისა და ცომეული საკვები. ეს ნიშნავს, რომ ორსულის რაციონი დიდი რაოდენობით უნდა შეიცავდეს ხილსა და ბოსტნეულს.

ეს იმისთვის არის საჭირო, რომ დეფეკაცია იყოს ნორმალური, პაციენტს არ ჰქონდეს საკვების მონელების პრობლემა, საკვები უჯრედისი კი სწორედ პროცესს უწყობს ხელს.

გასათვალისწინებელია, რომ ყველანაირი ხილისა და ბოსტნეულის მიღება არ არის რეკომენდებული. მაგალითად ისეთი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებისგან, როგორიცაა კარტოფილი და ბრინჯი, უმჯობესია პაციენტმა თავი შეიკავოს.

გარდა ამისა, ორსულს არ უნდა ჰქონდეს მჯდომარე სამუშაო რეჟიმი/ცხოვრების სტილი, საჭიროა ყოველდღიური მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ზომიერად – ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმასაც, რომ თავიდანვე არ განვითარდეს ეს დაავადება. 

უნიტაზზე დიდ ხანს ჯდომა და სტრესი, მნიშვნელოვნად ზრდის ვენებზე ზეწოლას და ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულისთვის (და არაორსულისთვისაც) საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შეარბილოს განავლოვანი მასები და დეფეკაცია იყოს უფრო იოლი. 

მდგომარეობის სიმძიმისა და პაციენტის სიმპტომების მიხედვით, ინიშნება ორსულისთვის კონსერვატიული მკურნალობა.

ჰემოროიდული დაავადება, ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიაა, თუმცა მკურნალობის შემდეგ შეიძლება ხანგრძლივი რემისია განვითარდეს.

Cleveland Clinic: თუ ყაბზობა თქვენს ბუასილს აუტანელს ხდის, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ საფაღარათო საშუალება, ბუასილის კრემი ან ბოჭკოვანი დანამატი. ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების მიღებისთვისაც, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

  • რა სახის ფიზიკური აქტივობა არ არის რეკომენდებული ჰემოროიდული კვანძების დროს? 

ასეთ დროს შეიძლება ყველა ვარჯიში, რაც ორსულებისთვის არის განკუთვნილი, ცხადია სიმძიმის აწევა არა – ეს ორსულისთვის ჰემოროიდული კვანძების გარეშეც არ შეიძლება; დაავადების განვითარებას ხელს უწყობს, როგორც დიდ ხანს ჯდომა, ისე ხანგრძლივად ფეხზე დგომა;

ორსულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არავითარ შემთხვევაში ცივი წყლით უკანა ტანის დაბანა არ შეიძლება, არც ყინულის დადება, ეს მანიპულაციები უფრო ამძაფრებს და ართულებს დაავადებას.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს რეკომენდაციების არ გათვალისწინებას??

ორსულობის დროს შესაძლოა მოხდეს გარეთა ჰემოროიდული კვანძების გართულება თრომბოზით [სისხლის პათოლოგიური შესქელება და თრომბის წარმოქმნის საშიშროება], რა დროსაც არ შეიძლება მშობიარობა და პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია საკეისრო კვეთაზე.

  • როგორია მშობიარობის შედეგად განვითარებული ბუასილის მკურნალობა?

მშობიარობის, კერძოდ ჭინთვების დროს განვითარებული ჰემოროიდული დაავადებები საკმაოდ ხშირია, რასაც, ცხადია, მკურნალობა ესაჭიროება.  მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეძუძურ დედას მედიკამენტური მკურნალობა პრეპარატების მიღებით ვერ დაენიშნება, ამიტომ ასეთ დროს მდგომარეობის მართვა ხდება სანთლებითა და მალამოებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ეს დამოკიდებულია თვითონ ჰემაროიდული დაავადების ხარისხზე [არსებობს ჰემაროდიული დაავადების ოთხი ხარისხი].

MayoClinic-ის რეკომენდაციები: ჩაჯექით/ჩაწექით თბილ წყლიან აბაზანაში. არ ჩაასხათ საპონი წყალში;
მოერიდეთ დიდხანს ჯდომას, ეს ზეწოლას ახდენს ანუსის და სწორი ნაწლავის ვენებზე. ადექით და იმოძრავეთ დღის განმავლობაში. ხშირად შეისვენეთ ან დაჯექით ბუასილის ე.წ. დონატის ბალიშზე.

მუსიკოსები მარნეულიდან, რომლებმაც აზერბაიჯანულ-ქართული სიმღერა ნაკრების გამარჯვებას მიუძღვნეს

26 მარტის შემდეგ, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფლეი-ოფში საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა, ვირუსულად გავრცელდა ვიდეო მარნეულიდან, სადაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მღერიან აფიგ ნოვრუზოვი და საჰილ დენიზი – გამარჯვების აღსანიშნად.

ვიდეო ქართულ სოციალურ ქსელებში 27 მარტს გამოჩნდა და უამრავმა მომხმარებელმა გააზიარა.

@sahildeniz_official Tezliklə🧨 @Nato_Negd_Pul #georgia #gürcistan #tiktok #keşfet #sahildeniz_official #yeni #new #nev ♬ orijinal ses – Sahildeniz_official

ვიდეოს მთავარ გმირებს, აფიგ ნოვრუზოვს და საჰილ დენიზს მატჩზე დასასწრები ბილეთი არ შეხვდათ. მეგობარი დაჰპირდათ, რომ ყველას უყიდდა ბილეთს, როგორც კი გაყიდვა დაიწყებოდა, მაგრამ აფიგი და  მისი მეგობრები უბილეთოდ დარჩნენ. სწრაფად ამოიწურა ბილეთები და ყველას არ შეხვდა. აფიგი მეგობრებთან ერთად თბილისში გეგმავდა წასვლას ბილეთი რომ შეხვედროდა, მაგრამ მარნეულში, მეგობრებთან ერთად ნახა მატჩი.

„ყოველთვის ვგულშემატკივრობდით საქართველოს ნაკრებს, ყველა თამაშზე. სიმღერა გვქონდა თითქმის დაწერილი და დასრულებული საქართველოზე, როცა ჩვენმა გუნდმა მოიგო და ამ სიმღერით გამოვხატეთ ჩვენი ემოცია. სიმღერა საქართველოს მშვენიერებაზეა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვიგეთ, გადავაკეთეთ ტექსტი და ვახსენეთ ჩვენი ისტორიული გამარჯვებაც“, – ამბობს აფიგ ნოვრუზოვი.

საჰილ დენიზი

ამ სიმღერაზე აფიგი და მისი მეგობრები ახლა კლიპს იღებენ დაშბაშის კანიონზე:

„ქუჩაში უყურებდა ფეხბურთს მთელი მარნეული, ძალიან გვიხაროდა. ევროპის ჩემპიონატი უზარმაზარი სპორტული მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. საქართველოს ადგილი ევროპაშია და მოვხვდით კიდეც ჩემპიონატზე“, – ამბობს აფიგი.

მისი თქმით, მარნეულში ფეხბურთის მიმართ ინტერესი დიდია და ამ გამარჯვების შემდეგ დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.

„კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო დიდ ეკრანზე შევძლებთ მარნეულში, სადმე ერთ ადგილას ყველანი, ევროპის ჩემპიონატის მატჩების ნახვას. მგონი გეგმავენ კიდეც ასეთი ადგილის მოწყობას ჩვენთან. მე რეპერი ვარ, ჩემი მეგობარი საჰილ დენიზი, რომელიც ვიდეოში ჩანს, პოპს მღერის, ჩვენ ერთად დავწერეთ ეს სიმღერა, რომელიც ახლა უკვე საქართველოს გამარჯვებას ეძღვნება“, – ამბობს 37 წლის აფიგი, „თურქეთის ხმის“ თურქეთის „ნიჭიერის“ და აზერბაიჯანის რეპკონკურსის მონაწილე.

აფიკი ფიქრობს, რომ მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის მთავარი პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა.

აფიგ ნავრუზოვი

„მე რომ სკოლაში დავდიოდი ქართულს არ ვსწავლობდით. ეს ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლება, რაც ძალიან კარგია. ჩემზე პატარები მშვენივრად საუბრობენ უკვე ქართულად, ჩემი თაობის ხალხი კი ვერა. რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა ის, რომ მე და თქვენ ახლა ინტერვიუს ჩასაწერად რუსულად ვსაუბრობთ“, – ამბობს აფიგი.

დრო აღარ გვაქვს, 2000 ლარი გვჭირდება, გერმანიაში რომ წავიდეს საოპერაციოდ – 28 წლის კაცის ცოლი

დავით კახოშვილი 28 წლისაა. მას დაახლოებით სამი თვის წინ კბილი ასტკივდა – ღამით შეუსივდა. შესივების დასაცხრობად ექიმმა მეორე დღეს ანტიბიოტიკი დაუნიშნა და სამი დღის მერე დაიბარა, კბილის ამოსაღებად. დავითი ამ პერიოდში ცუდად გახდა. „სიცხე 41 გრადუსამდე აუვიდა“, – გვიყვება მისი მეუღლე, მაია შონია. მისი თქმით, დავითს დღეს მძიმე დიაგნოზი აქვს და რომ გადარჩეს, გერმანიაში უნდა წასვლა.

ავად გახდომამდე დავითი მშენებლობაზე მუშაობდა, დღიურად. ხან 30 ლარს გამოიმუშავებდა, ხან 50-ს და ასე გაგვქონდა თავიო, ამბობს მაია. ახალგაზრდა წყვილს ერთი შვილი ჰყავთ – 3 წლის გოგონა და თბილისში ცხოვრობენ, ნაქირავებ ბინაში. ოჯახი სოციალურად დაუცველია, სახელმწიფოსგან 380 ლარს იღებს.

დავითის ავადმყოფობამ ოჯახი მხოლოდ სახელმწიფო შემწეობის ამარა დატოვა.

„სასწრაფომ დავითი კლინიკაში გადაუდებელი დახმარებისთვის გადაიყვანა. ყბა-სახის ქირურგმა უთხრა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო. კატეც კი არ გაუკეთეს, გადაუღეს რენტგენი და საოპერაციოში შეიყვანეს.

ოპერაციის შემდეგ ძვლის ნამტვრევები ამოვიდა. ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ ასე ხდება, ყველაფერი რიგზეა, არ შეგეშინდესო, წამლები დაუნიშნეს და გამოუშვეს.

ოპერაციიდან 10 დღის მერე ყბამ დაიტკაცუნა, ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. ჩემს მეუღლეს შეეშინდა და დაურეკა ექიმს – ეგ სახსარი იქნებაო, არ არის საჭირო კატეს გადაღება, ფული ბევრი გაქვს? რად გინდა ეგ კატეო. თურმე ამ მომენტში ყბის ძვალი გადაუტყდა – ანთებითი პროცესი იყო წასული და ყბის ძვალი დათხელებული.

20 დღის შემდეგ ყბა ისევ დაუსივდა და ჩირქი წამოუვიდა. ისევ დაურეკა ექიმს, ჩირქი მდისო. დაიბარა, კატე გადაუღო და გამოჩნდა, რომ ძვალი აღარ აქვს. დიაგნოზი – ძვლის ოსტეომიელიტია“ -უყვება „ბათუმელებს“ დაზარალებული კაცის მეუღლე.

ქალის თქმით, ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ 2000 ლარი. ის მოქალაქეებს მიმართავს დაეხმარონ მეუღლის გადარჩენაში.

„ფული უნდა მოგროვდეს, რომ სასწრაფოდ გავუშვათ გერმანიაში. ვინც გაიგო დავითის ამბავი, რამდენიმე ადამიანმა დაგვაკვალიანა, როგორ უნდა ჩავიდეთ გერმანიაში. დრო არ გვაქვს, რომ მივმართოთ, მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტს, საიდანაც დავითი არის წარმოშობით. თუ ერთ კვირაში არ გაიკეთა ეს ოპერაცია, უკვე ნიკაპამდეა მოსული ძვლის დაშლა. ისეთი მდგომარეობა აქვს, ვერც საჭმელს ჭამს, 20 კილო დაიკლო და ცუდი მდგომარეობა აქვს. უძილობა ჭირს, ოფლიანობა. ტკივილები ჯერ არ აქვს – იმიტომ, რომ ქრონიკულია და პროცესი მიდის“.

მაია ამბობს, რომ მას და მის ქმარს არაფერი აქვთ გასაყიდი, რომ თავად დააფინანსონ მკურნალობა.

„მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ჩემი ქმარი თელავიდანაა. იქ სახლი ჰქონდა, მაგრამ 4 წლის წინ დედა მძიმედ ავად გაუხდა და ეს სახლი გავყიდეთ. დედაც გარდაეცვალა. თბილისში ბავშვი ბაღში დაგვყავს, ჩვენთვის დღეს ხან 20 ლარს ვხარჯავთ საკვებში, ხან 30-ს. მეტი არაფერი გვაქვს“.

___

დავითი კახოშვილის დახმარების მსურველებმა ისარგებლეთ შემდეგი საბანკო მონაცემებით:
თიბისი ბანკი
GE63TB7625645064300024
საქართველოს ბანკი
GE28BG0000000162574731
მიმღები: მაია შონია
დანიშნულებაში მიუთითეთ – დავითის დასახმარებლად

ბათუმში 29 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების ცნობით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +24, +29 გრადუსამდე მოიმატოს.

ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

შავი ზღვის სანაპიროზე ხუთშაბათს, 4 აპრილს გაავდრდება.

4 აპრილს, დილის საათებში, ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით და ძლიერი ქარი. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.

„კომპანია გავაფრთხილეთ, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება“ – მერია

ბათუმში, „პორტა თაუერზე“ სარეკლამო განცხადება კანონდარღვევით, მხოლოდ რუსულად და ინგლისურადაა განთავსებული.

დარღვევის ამსახველი ფოტო „ბათუმელებმა“ 29 მარტს გამოაქვეყნა.

საქართველოს კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც.

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებულია საქმის წარმოება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წარმოება. კანონის შესაბამისად, წერილობით გაფრთხილებულია კომპანია, ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მოხდება საჯარიმო სანქციების გატარება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მუნიციპალურ ინსპექციაში.

16 წლის ბიჭის ზღვაში დაღუპვის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნეს – დანაშაულის შეუტყობინებლობა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი ცნო დამნაშავედ.

პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, „ბანანის“ მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. აღნიშნულის შედეგად, ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო.

ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 2023 წლის 28 დეკემბერს ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 27 მარტს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

___________________

ფოტო სასამართლო პროცესიდან

რატომ წააგო ერდოღანმა არჩევნები: „მშიერი კუჭი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. მან ის პროვინციებიც კი წააგო, სადაც ტრადიციულად არჩევნებს იგებდა.

რატომ დაკარგა ამომრჩევლის ნდობა თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის პარტიამ და რა იცვლება მეზობელ სახელმწიფოში? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის.

  • ბატონო ქამრან, რას აჩვენებს თქვენთვის არჩევნების წინასწარი შედეგები თურქეთში: ოპოზიცია ლიდერობს, ერდოღანმა დამარცხება აღიარა… 

ეს მართლა შოკი აღმოჩნდა.

კვლევებით ვიცოდით, რომ ოპოზიცია რაღაც პროვინციებს წაიღებდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ელოდნენ ერდოღანის პარტიის გამარჯვებას.

წინა არჩევნებზე ოპოზიციამ მოიგო ანკარა, იზმირი, დიდი ქალაქები წაიღო, თუმცა ქვეყნის მასშტაბით მაინც AKP [ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის”] ლიდერობდა. წუხელ, დაახლოებით 2 საათზე ერდოღანი გამოვიდა თავისი ტრადიციული სიტყვით, თუმცა მან ეს გამოსვლა დააგვიანა – გამარჯვების შემთხვევაში ის ადრე გამოდის და სამომავლო გეგმებზე საუბრობს ხოლმე ამომრჩეველთან. ის გამოვიდა და ჩანდა, რომ აღიარა მარცხი.

ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ეკონომიკა, რადგან თურქეთის მოსახლეობა ძალიან გაღარიბდა. ის პოლიტიკური რეფორმები, რასაც ბოლო 2 – 3 წელი ატარებს ერდოღანი და მისი მმართველი გუნდი, ეფექტური არ არის – მოსახლეობა ყოველდღიურად ღარიბდება. ძირითადად ამის გამო იყო განაწყენებული თურქეთის მოსახლეობა.

ისლამისტური პარტიები და ამომრჩეველი აპროტესტებს ასევე იმას, რომ ღაზაში ომი მიმდინარეობს, თურქეთი კი, განაგრძობს თანამშრომლობას ისრაელთან. ამაზე იყო განაწყენებული ისლამისტური ამომრჩეველი. „კეთილდღეობის პარტიას“ თუ შარშან ამ დროს 1 % ჰქონდა, ახლა უკვე 6 % მიიღო. ერდოღანის ხმები შესაბამისად ამათთან წავიდა.

  • რას სთავაზობს ეს პარტია ამომრჩეველს? 

ეს პარტია ერდოღანის პარტიის „კოპი პეისტია“, თუმცა უფრო რადიკალური.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მათ მიმართეს ერდოღანს და უთხრეს, რომ თუ გინდა ჩვენი ხმები დედაქალაქსა და სხვა პროვინციებში, სამი პირობის შესრულებაა საჭირო: ნატოს ბაზის დახურვა, პენსიის აწევა 20 ათას ლირამდე და ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტა. ერთ დღეში ხომ წარმოუდგენელია ამის შეწყვეტა. ასევე ნატოს ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი რადარია რეგიონში…

  • აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ პოლიტიკური ისლამი თურქეთში დასუსტდა?

მაინცა და მაინც არავინ უნდა იფიქროს, რომ პოლიტიკური ისლამი დასუსტდა და ქემალისტური იდეები წინ წავიდა. ეს ასე არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც განაწყენებული იყო ერდოღანზე, იგივე ყაიდის პარტიას მისცა ხმა.

საყურადღებო უფრო არის ეკონომიკა და ამით ერდოღანზე განაწყენებული ამომრჩევლები. მშიერი კუჭი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა პრობლემები.

  • ეკონომიკამ წააგებინა ერდოღანს ეს არჩევნები? 

კი, ასეა. თუ ერდოღანმა შეძლო 2028 წლამდე ამ პრობლემების დალაგება და ეკონომიკური აღორძინება, მას ასევე სჭირდება ვინმე შემცვლელი, მაგასაც თუ შეარჩევს და მოსახლეობას აჩვენებს შესაბამის კანდიდატურას, შეიძლება ისევ გაიმარჯვოს. არც ესაა გამორიცხული.

ქამრან ოსმანლი
  • ახლა რატომ აღარ სცადა ერდოღანმა 2019 წლის სცენარის განმეორება? ჰქონდა მას გათვლა გარე აუდიტორიაზე, რომ ერდოღანი დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს?

დიახ, ერდოღანს სურს აჩვენოს, რომ მიუხედავად იმისა, თქვენ დიქტატორს და ტერორისტს მიწოდებთ, მე ვარ დემოკრატიული ლიდერი, დემოკრატიულად მოვედი ხელისუფლებაში და, შესაბამისად, თუ დემოკრატიულად წავაგებ, დავთმობ მნიშვნელოვან არჩევნებსაც კი.

  • რატომ უღირს ეს? 

ამ შემთხვევაში მას სხვა გამოსავალი არც ჰქონდა, რადგან, მაგალითად, 30 %-იან სხვაობას ანკარაში ვერანაირად ვეღარ დააბრუნებს. 1-2 % რომ ყოფილიყო სხვაობა, როგორც ეს სტამბოლის შემთხვევაში მოხდა მაშინ, შეიძლებოდა კიდევ. ერდოღანი ხვდება, რომ ყველაფერი მაინც მოქმედებს მის რეიტინგზე და შესაძლოა, ყველაფერი დაკარგოს.

ველოდებოდი, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, რომ რამდენიმე ქალაქში პროვოკაცია მაინც იქნებოდა, მაგრამ არა, მან აღიარა, არჩევნები წავაგეთო, ეს არის ამომრჩევლის მხრიდან კონკრეტული სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა ამა თუ იმ საკითხზე და შევცვალოთ სტრატეგიაო.

  • ერდოღანმა წუხელ ასევე თქვა, რომ „ეს დასასრული კი არა, გარდამტეხი წერტილია“. თქვენი დაკვირვებით, რა გარდატეხისთვის ემზადება პრეზიდენტი ერდოღანი? 

ჯერ ვერ ვიტყვით ამას, უნდა დაველოდოთ. უახლოეს დღეებში ალბათ უფრო გაირკვევა, რას გეგმავს ერდოღანი და მისი უახლოესი მოკავშირე. მათ რაღაც პროვინციები წაიღეს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვთ.

ამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო რეფერენდუმზე მუშაობის დაწყება და კონსტიტუციის შეცვლა. კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა ახლაც არსებობს, რადგან პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, თუმცა ამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სხვა რეპუტაციით გამოვიდოდა ეს. ახლა, როცა მარცხი განიცადა, ერდოღანი დიდ გულზე ვეღარ არის.

საკონსტიტუციო ცვლილებები ახლა აღარ, თუმცა შესაძლებელია 2025 და 2026 წლებში მაინც მოხდეს. ახლა კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება.

მხოლოდ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში შეუძლია ერდოღანს ისევ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. ამის შესახებ გაცხადებული პოზიცია ერდოღანის პარტიას არ ჰქონია, თუმცა კულუარებში ეს განიხილებოდა. ახლა ვადამდელი არჩევნები ოპოზიციას უფრო აწყობს, გამარჯვების ამ ტალღაზე.

  • დიდი ქალაქები რა როლს თამაშობენ ამ „გარდატეხაში“, სადაც ოპოზიცია ინარჩუნებს ამომრჩეველს? 

დიდ ქალაქებში კვლევებითაც მოსალოდნელი იყო ოპოზიციის კარგი მაჩვენებელი, თუმცა სხვაობა იყო 2, 3 – 5 %, ანკარის მერმა კი, ერდოღანის კანდიდატი მიწასთან გაასწორა უბრალოდ – 30%-ია სხვაობა.

იზმირი ტრადიციულად არის ოპოზიციონერების და ქემალისტების ციხე-სიმაგრე. ამ ქალაქში რელიგიური ფუნდამენტალისტების და ამ ტიპის ადამიანების არჩევნებში წარმატება ნაკლებად იყო მოსალოდნელი.

ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, იყო სტამბული… უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი პარტიის ამომრჩეველმა, რადგანაც ეს არჩევნები იყო პრინციპული და მნიშვნელოვანი, თავის პარტიას არ მისცა ხმა და ხმა მისცა ექრემ იმამოღლუს. დაახლოებით 51 % აიღო მან და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ასე თუ  გააგრძელა, 2028 წელს იმამოღლუ სავარაუდოდ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

  • ოპოზიციის სტრატეგია რა იყო – მხოლოდ ეკონომიკურმა ფაქტორმა მოუტანა ოპოზიციას წარმატება, თუ იყო სხვა გარემოება? 

ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკრეტული ლიდერები. შეიძლება, საპარლამენტო არჩევნების დროს ადამიანებმა არ იცოდნენ, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ისინი ხმას აძლევენ კონკრეტულ პარტიას და ამ პარტიის მიმართ აქვთ სიმპათია.

ადგილობრივ არჩევნებზე კი, როგორც ჩვენთან, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ლიდერების როლი. ასეთი აღმოჩნდა ექრემ იმამოღლუ, ჰათაის პროვინციის მერი, სტამბულის დედაქალაქის მერი… შეიძლება, ვიღაც ოპოზიციურ პარტიას არ აძლევდეს ხმას, გადაღლილი იყოს ამდენი შიდა არეულობით, ქიშპობით, მაგრამ იმამოღლუს პერსონა მისთვის არის მისაღები. იმამოღლუს ერდოღანის მმართველობის განაწყენებულმა მორწმუნეებმაც კი მისცეს ხმა.

ოპოზიციამ კარგად დაინახა შეცდომები წინა არჩევნებზე და კარგად შეასრულა „საშინაო დავალება“, იმსჯელეს და მიხვდნენ, რომ პერსონები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქილიჩდაროღლუ [პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი], მაგალითად, ვერ აღმოჩნდა ასეთი ლიდერი, რომელიც ამ ძალებს გააერთიანებდა.

  • ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთში დემოკრატიული ძალები გააქტიურდებიან? 

პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნა უფრო იმიტომ, რომ ერდოღანმა დაკარგა თავისი პოზიციები. ეს ვაკუუმი ახლა შეივსო სხვა პარტიებით.

რა თქმა უნდა, „ეკონომისტი“ და ასეთი ჟურნალები ალბათ დაწერენ, რომ თურქეთი დემოკრატიისკენ მიდის, მაგრამ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება.

ასეთ ქვეყანაში, როგორიც თურქეთია, რომელიც არ არის დასავლური ტიპის დემოკრატია და უფრო ჰიბრიდული რეჟიმია, ოპოზიციური პარტიების და ლიდერების გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს მიუთითებს იმაზეც, რომ არ არის ავტორიტარიზმი და დიქტატურა, როგორც მას უწოდებენ ხოლმე. თურქეთში არის დემოკრატია თავისი ბნელი მომენტებით.

თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით Starring Georgia 2024 ვარსკვლავებს უმასპინძლებს

თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით, Starring Georgia-ს ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება.

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 10 მაისს აიღებს სტარტს:
• 10 მაისი – OneRepublic (Black Sea Arena)
• 31 მაისი – Scorpions (Black Sea Arena)
• 18 აგვისტო – Jungle (Black Sea Arena Front Stage)

Starring Georgia-მ 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.

თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში მუსიკალური კულტურის პოპულარიზაცია და მსოფლიო ვარსკვლავების ქართველი მსმენელებისთვის უფრო ახლოს გაცნობაა. სწორედ ამიტომ, თიბისი უკვე მეორე წელია Starring Georgia-ს პარტნიორია და მათთან ერთად, დაუვიწყარ დღესასწაულს და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს.

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ბილეთების თიბისის VISA ბარათით შეძენისას ისარგებლებთ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებით.

სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროზე ზღვისპირა ბიბლიოთეკა გაიხსნა – მედია

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში, ბოსფორის პირას გაიხსნა მსოფლიოში პირველი ზღვისპირა ბიბლიოთეკა.

ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს, ბოსფორის პანორამული ხედის ფონზე შეუძლიათ კითხვა.

ბიბლიოთეკა დაახლოებით 120 ადამიანს იტევს და 24 საათის განმავლობაში მუშაობს ონლაინ დაჯავშნის სისტემით. მკითხველებს აქ შეუძლიათ ისარგებლონ უფასო კაფეტერიით, სადაც ჩაის, წვენს, სუპსა და ფუნთუშას სთავაზობენ მომხმარებლებს.

ბიბლიოთეკა ბოსფორის პირას. ფოტო: ანაგოლუ

მედიის ცნობით, პროექტი სტამბოლის მერის ინიციატივაა:

„მჯერა, რომ ბიბლიოთეკა ზღვის ხედით და სასახლის ფორმატში უნიკალურია მსოფლიოში. ეს ჩვენი მერის იდეა იყო.

სასახლეები, სამწუხაროდ, უფრო ხელმისაწვდომია მაღალი კლასისთვის, შენობებიდან კი ჩვეულებრივი მოქალაქეები კედლების გამო ვერ ხედავენ ზღვის ხედს. ჩვენ დავძლიეთ ეს ბარიერი. გავხსენით კედლები.

ბიბლიოთეკა ყველასთვისაა, განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა. ამ მხრივ, იგი გახდა ძალიან ღირებული პროექტი“ – უთხრა სააგენტო „ანადოლუს“ სტამბოლის ბეიქოზის მუნიციპალიტეტის განათლების საკითხებზე პასუხისმგებელმა ჩინოვნიკმა.

____________

მთავარი ფოტო: ანაგოლუ

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 442 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 6 986 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 13 321 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 11 082 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 023 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 744 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 757 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 057 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 752 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 1 826 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 581 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 18 179 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 495 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 670 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 261 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 611 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 476 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სტამბოლის მერი ისევ ოპოზიციონერი იქნება – მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგები თურქეთში

სტამბოლის მერი ისევ ექრემ იმამოღლუ იქნება – ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის, CHP-ის” კანდიდატი.

31 მარტს, თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით თურქეთის ყველა დიდ ქალაქში ასევე ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

მათ შორის, ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ CHP-ის კანდიდატებმა მოიგეს სტამბოლსა და თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.

წინასწარი მონაცემები თურქეთის სამი დიდი ქალაქის მიხედვით

ოპოზიციური პარტიის კანდიდატები ლიდერობენ ასევე ანტალიასა და იზმირში. წინასწარი მონაცემებით ოპოზიციური პარტიის წევრებმა გაიმარჯვეს ბურსაში, ადიამანდში, გირესუნში, დენიზლისა და სხვა დიდ ქალაქებში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რომლის „სამართლიანობის და განვითარების პარტია -AK“  ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კონკურენტი იყო, არჩევნებში დამარცხება აღიარა.

„ამ არჩევნებში გაიმარჯვა ჩვენმა დემოკრატიამ და ეროვნულმა სურვილმა,“ – თქვა ერდოღანმა 31 მარტს, შედეგების გამოცხადების შემდეგ ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

მუნიციპალური არჩევნები თურქეთში 31 მარტს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 206 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნებში 34 პარტია მონაწილეობდა.

როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები

1937 წლის ნოემბერში, სტალინური რეპრესიების დროს, ბათუმში დააპატიმრეს ცნობილი სახალხო მთქმელი მემედ აღა ჭყონია თავის ორ შვილთან ერთად.

წლების განმავლობაში მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. დაპატიმრებას გადარჩენილი მემედ აღას შვილიშვილი, ჯემალ ჭყონია, 23 წელი ეძებდა უკვალოდ გამქრალ ბაბუას, მამას და ბიძას. ძიება 1961 წელს დასრულდა, როცა ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა აიღო და მიხვდნენ, რომ მემედ აღა ჭყონია და მისი შვილები სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

მემედ აღა ჭყონია ქობულეთში დაიბადა 1860 წელს. მამამისი, ყურშუმ აღა ჭყონია ქობულეთელი აზნაური იყო. როცა ქართველმა ეთნოგრაფმა თედო სახოკიამ აჭარა-გურიაში იმოგზაურა, ის ამ მოგზაურობის დროს შეხვედრია ყურშუმ აღას. თედო სახოკიამ მის მიერ მოყოლილი ლექსი, თამარ მეფის შესახებ თავის წიგნში – „მოგზაურობანი“ შეიტანა.

ყურშუმის შვილი, მემედ აღა ჭყონია ლექსებს წერდა და ცნობილი იყო როგორც სახალხო მთქმელი. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მემედ აღამ ბევრი განსაცდელი გამოიარა. იმ მწირი ინფორმაციის თანახმად, რაც მემედ აღა ჭყონიას შესახებ იძებნება, მემედ აღა დაახლოებული ყოფილა სერგეი მესხთან და ნიკო ნიკოლაძესთან. თავიანთ წერილებში ნიკოლაძეც და სერგეი მესხიც ხაზს უსვამენ, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა მემედ ჭყონია აჭარისთვის.

61 წლის იყო მემედ აღა ჭყონია, როცა წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ბევრი სხვა ქართველის მსგავსად მუჰაჯირი გამხდარიყო და თურქეთში გაქცევით ეშველა თავისთვის, მემედმა და მისმა ოჯახმა საბჭოთა საქართველოში გააგრძელა ცხოვრება 1937 წლის სტალინურ რეპრესიებამდე.

მემედ ჭყონიას სამი შვილი ჰყავდა, ქალიშვილი – ფეფეში და ორი ვაჟი – ყედიმი და ხუშუტი.

როცა 1937 წელს მემედ აღა ჭყონია დააპატიმრეს, მასთან ერთად ციხეში აღმოჩნდა მისი ორი შვილიც – ყედიმი და ხუშუტი.

რეაბილიტაციის ცნობით, რომელიც მემედ აღას გაქრობიდან 23 წლის შემდეგ, 1961 წელს აიღო ოჯახმა, ჩანს, რომ შინსახკომის სამეულმა მემედ ჭყონიას განაჩენი 1937 წლის 22 ნოემბერს გამოუტანა.

„მამაჩემი ჯემალ ჭყონია და მისი ძმა 12-14 წლის ასაკის იყვნენ, როცა ბაბუა, მამა და ბიძა დაუპატიმრეს. ბავშვები გამოყარეს იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობდნენ.

მემედ აღას ქობულეთში დიდი სახლი ჰქონდა. ის სახლი ჩამოართვეს და კომუნალურად აქციეს, სხვა ოჯახები შეასახლეს. 16 ოჯახი ცხოვრობდა მერე ამ სახლში.

მემედი და მისი შვილები კი წაიყვანეს და მერე მათ გზა-კვალს ვეღარასდროს მივაგენით,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“ საკუთარი ოჯახის ისტორიას მემედ ჭყონიას შვილთაშვილი, გულნაზ ჭყონია.

რა მიზეზით შეიძლება დაეპატიმრებინათ 80 წლის სახალხო მთქმელი და მისი ორი ვაჟი? – ვკითხეთ გულნაზი ჭყონიას.

რეპრესირებულის შვილთაშვილი ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი დღემდე არ იციან.

„მემედ აღა შეძლებული აზნაური იყო, რომელიც საკმაოდ დიდ ქონებას ფლობდა როგორც ქობულეთში, ისე ბათუმში.

დახვრეტის მიზეზი? არაფერი მიზეზი არ იყო.  80 წლის ადამიანს რა შეიძლებოდა დაეშავებინა ისეთი რომ დაეხვრიტათ?

უბრალოდ შეძლებული ოჯახი იყო და ბევრი მიწები ჰქონდათ ქობულეთში. შეიძლება ვინმე შურის თვალით უყურებდა, მაშინ ბევრი დასმენები იყო, სიმდიდრეს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ალბათ ერთადერთი მიზეზი ეგ  იყო,“ – ასე ხსნის თავისი დიდი ბაბუის დახვრეტის მიზეზს გულნაზი ჭყონია.

როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად - სტალინური რეპრესიები

  • რეაბილიტაცია

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია.

ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში ეძებდნენ გამქრალ ნათესავებს, გაუჩნდათ შანსი გაეგოთ მათი დაკარგული ახლობლების ამბავი.

„აჭარის ასსრ უმაღლეს სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ გადასინჯული იქნა საქმე მემედ აღა ყურშუმის ძე ჭყონიას ბრალდებაზე.

აჭარის ასსრ უმაღლეს სასამართლოს პრეზიდიუმის 1961 წლის 3 ივნისის დადგენილებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1937 წლის 22 ნოემბრის დადგენილება მემედ აღა ყურშუმის ძე ჭყონიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოუსპო ბრალდების უსაფუძვლობის გამო.

მემედ აღა ჭყონია დაპატიმრებამდე მუშაობდა ბათუმის ხის დამამუშავებელ ქარხანაში დარაჯად. მემედ აღა ყურშუმის ძე ჭყონია რეაბილიტირებულია,“ – ვკითხულობთ რეაბილიტაციის ცნობაში, რომელიც მემედ აღას შვილიშვილმა, ჯემალ ჭყონიამ 1961 წელს აიღო.

მამაშვილი – მემედ და ყედიმ ჭყონია
  • ყედიმ ჭყონია

„ჯანყი გურიაში“ ხომ იცით ფილმი? ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო 1928 წელს. აი, მანდ მონაწილეობს ბაბუაჩემი, ყედიმ ჭყონია. ლამაზი, ახოვანი, შეხედული კაცი ყოფილა ბაბუაჩემი. ალბათ ამიტომ მისცეს ეპიზოდური როლი,“ – იხსენებს გულნაზი ჭყონია.

რეპრესირებულის შთამომავლის თქმით, მისი მამა, ჯემალ ჭყონია ხშირად იხსენებდა იმ დღეს, როცა მამა დაუპატიმრეს.

„ყედიმ ჭყონია ბათუმში დააპატიმრეს. 26 მაისის, მაშინდელი კიროვის ქუჩაზე ცხოვრობდა ოჯახით.

მამაჩემი, ჯემალ ჭყონია მიყვებოდა: დაპატიმრებიდან მეორე დღეს, დილით მოვიდა სახლში მამაჩემი. ყველას დაგვემშვიდობა. გვითხრა – მე ახლა წამიყვანენ, დამკითხავენ და გამომიშვებენო. რკინიგზის სადგური იქვე იყო. სადგურის მიმართულებით წავიდაო. ამის შემდეგ მის შესახებ არაფერი აღარ ვიცითო“.

მაგის შემდეგ სულ ეძებდა მამაჩემი თავის მამას და ბაბუას. აგზავნიდა ქალაქებში სურათებს, წერილებს… იქნებ სადმე ცოცხლები არიანო.

ფილმში „ჯანყი გურიაში“ ხომ მონაწილეობდა ბაბუაჩემი. მამაჩემმა ძალიან ბევრი იბრძოლა, რომ ამ ფილმის ფირი მოეპოვებინა. წავიდა თბილისში, კინოსტუდიაში, გადაიწერა ფირი და ჩამოიტანა.

ის სპეციალური აპარატიც მოიტანა სახლში, რომელიც ფირის გაშვებას ჭირდებოდა.

26 მაისის ქუჩაზე ვცხოვრობდით, დიდი სახლი გვქონდა. დიდ ოთახში ვიკრიბებოდით ნათესაობა და ამ უხმო კინოს ვუყურებდით. ათასჯერ მაქვს ეპიზოდური ბაბუაჩემის კადრები ნანახი.

მოგვიანებით კინოთეატრშიც გავიდა ეს ფილმი. კინო „თბილისი“ რომ იყო ერას მოედანზე, იქ გადიოდა. ერთი დღე მამაჩემმა მთელი მისი სანათსაო შეკრიბა და ყველა ერთად წაგვიყვანა, რომ გვენახა ფილმი,“ – იხსენებს გულნაზი ჭყონია.

გულნაზ ჭყონიას თქმით, მამამისი ოჯახის მიმართ გატარებულ რეპრესიებში სტალინს ადანაშაულებდა.

„მამაჩემი ყოველთვის სტალინს ადანაშაულებდა, მამამისის, ბაბუის და ბიძის გაქრობაში. 1994 წელს მამაჩემი ტრაგიკულად დაიღუპა. სულ ენატრებოდა მამა და ბაბუა. ამბობდა – ისინი რომ ცოცხალი ყოფილიყვნენ, სხვანაირად წავიდოდა ჩვენი ცხოვრებაო.

თუმცა არ ცხოვრობდა მამაჩემი ცუდად, ყველაფერი ააწყო და კარგად ცხოვრობდა, მაგრამ მაინც დიდი სინანული ჰქონდა რომ ეს მოხდა – უდანაშაულო ადამიანები ასე უგზო-უკვლოდ გაქრნენ,“ – ამბობს გულნაზი ჭყონია.

მისი თქმით, ხელვაჩაურში, მესამე სამხედრო ბაზაზე ნეშტების აღმოჩენის ამბავმა, ოჯახს იმედი გაუჩინა, რომ ერთ დღეს, შეიძლება მათი წინაპრებიც იპოვონ.

„თუკი ნეშტებს იპოვიან, ვეთანხმები, რომ იყოს ყველა რეპრესირებულისთვის ერთი ადგილი, სადაც ყველა მივალთ და პატივს მივაგებთ. ჩვენ თუ დავკრძალავთ, ჩვენთვის იქნება მარტო მნიშვნელოვანი ის საფლავი.

თუ ეს იქნება მემორიალი, ვფიქრობ უფრო დიდი პატივი იქნება მათთვის, უგზო-უკვლოდ გამქრალი ადამიანებისთვის,“ – ამბობს გულნაზ ჭყონია.

კიდევ ორი ცათამბჯენი – როგორ შეიცვლება ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია [ფოტო]

შპს „ბრიტიშ დეველოპმენტმა“ ბათუმის მერიას რუსთაველის #44-ში, ხოლო შპს „ვესტინვესტმა“ ნინოშვილის #39-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების არქიტექტურული ნაწილი შეათანხმა.  ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის, „ალიანს ფრივილიჯის“ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ ორი ცათამბჯენი აშენდება. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების გეგმა-კონცეფციები საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა.

მონიშნულია სამშენებლოს მომზადებული მიწის ნაკვეთები

გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიები პროექტების K2-კოეფიციენტის გაზრდას 16.0-მდე ითხოვდნენ.

ნინოშვილის #39-ში სამშენებლო მიწის ნაკვეთი 8000 კვ.მეტრია. მისი ოფიციალური მფლობელი შპს „ბრიტიშ დეველოპმენტია“. კომპანიის 100 პროცენტი „ორბის“ მფლობელს, ზაზა ზოიძეს ეკუთვნის. ეს ნაკვეთი მთავრობამ 2017 წელს მშენებლობის პირობით გაყიდა. თავდაპირველმა მფლობელმა კომპანია თავისი ქონებით და ვალდებულებებით ბათუმში ქონების შეძენიდან მალევე გაყიდა. კომპანიას აღებული ვალდებულების შესრულების ვადა ბევრჯერ გადაუვადეს.

რენდერი – პროექტის საერთო ფართობი:137072.5 კვ.მეტრია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას [სგშ-ს] არ დაექვემდებარება.

სგშ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა, რომელიც მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებისას.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულომ ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია სგშ-ს პროცედურების გარეშე დაამტკიცა.

რენდერი

რუსთაველის #44-ში სამშენებლო ნაკვეთის ოფიციალური მფლობელი კი შპს „ვესტინვესტია“. კომპანიის 100 პროცენტს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი“ ფლობს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 3508 კვ.მეტრია. კომპანია აქ კოშკის ტიპის 61-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს, რომელიც 16 მეტრი სიმაღლის 3 სართულიან სტილობატზე იქნება განთავსებული. მიწისქვედა სართულზე მოაწყობენ პარკინგს, რომელიც 154 მანქანაზეა გათვლილი. ამ შენობის სიმაღლეც 180 მეტრი იქნება.

 

ახალი აუქციონი ძველი ფასდაკლებით – აჭარის მთავრობა აგროსერვისცენტრებს ისევ ყიდის

აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროსერვისცენტრები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ისევ გამოიტანა. ამჯერად ქონება კვლავ 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და ადრინდელი პირობებით იყიდება.

ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს აგროსერვისცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება ცალ-ცალკეა გამოტანილი აუქციონებზე.

რაც შეეხება საწყის გასაყიდ ფასს და ვაჭრობის ბიჯს, წინა აუქციონების მსგავსია, რომლებიც არ შედგა:

  • ბათუმის აგროსერვისცენტრი – საწყისი ფასი – 780 000 ლარი [ნაცვლად 1 300 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 20 000 ლარი
  • ქობულეთის აგროსერვისცენტრი – 525 000 ლარი [ნაცვლად 875 000 ლარისა], აჭრობის ბიჯი: 13 000 ლარი
  • ქედის აგროსერვისცენტრი – 294 000 ლარი [ნაცვლად 490 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 8 000 ლარი
  • შუახევის აგროსერვისცენტრი – 198 000 ლარი [ნაცვლად 330 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 5 000 ლარი
  • ხულოს აგროსერვისცენტრი – 276 000 ლარი [ნაცვლად 460 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 7 000 ლარი

ხუთივე აუქციონი დაწყებულია და ისინი 2024 წლის 12 აპრილს დასრულდება.

აუქციონების, სხვა პირობებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პირობაა – „ლოჯისტიკური ცენტრების პროფილისა და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას“.

აგროსერვისცენტრები აჭარის მთავრობას 2022 წლის ნოემბრიდან გამოაქვს გასაყიდად აუქციონზე, ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე. ბოლო ელექტრონული აუქციონები 2023 წლის 24 ივლისს დასრულდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ შედგა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ [TI] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსაც კი მიმართა – შეისწავლონ აჭარაში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარაში აგროსერვისცენტრებზე გაწეული ხარჯების კანონიერება ანტიკორუფციულმა უნდა შეისწავლოს – TI

 

„ეს არის საბჭოური სტილის კამპანია“ -კობახიძე ვეტინგის და კორუფციის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 31 მარტს, მოსამართლე შალვა თადუმაძის განცხადებაზე ვეტინგთან დაკავშირებით, პასუხად ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვეტინგის [მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებას ითვალისწინებს] შესახებ კამპანია საბჭოური სტილია.

„როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ისაუბროს ფაქტებით.

დღემდე ჩვენ ვერ ვისმენთ ფატებს და ამიტომ უწევთ საბჭოური სტილის კამპანიის წარმოება სასამართლოს წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტების, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.

ეს არის სწორედ საბჭოთა სტილი და სამწუხაროა, რომ ასეთი საბჭოთა სტილის კამპანიები წარმოებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2012 წლამდე სასამართლო აქციეს ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთ ინსტრუმენტად.

რა თქმა უნდა, ამას არ უნდა შეეგუოს საზოგადოება და ჩვენ ყოველთვის ხმას ავიმაღლებთ ამ უცხოური გავლენის აგენტების წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა.

გახდა თუ არა ჯანდაცვის სისტემაში გამოვლენილი კორუფცია ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი? – ამ კითხვაზე პრემიერმა უპასუხა, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას კორუფციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით კარგი მონაცემები აქვს და უსწრებს ევროკავშირის ათამდე ქვეყანას:

„ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას. თუმცა, თავისთავად, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი დაახლოებით 20 ქვეყანა გვისწრებს, მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ვებრძოლოთ და შევამციროთ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში.“

ამ თემაზე საუბრისას ჟურნალისტებთან მან ასევე განმარტა, რომ საბჭოურ კამპანიას „უცხოური გავლენის აგენტები“ აწარმოებენ:

„რაც შეეხება კორუფციას, კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ბუნდოვანება, გაუმჭვირვალობა და სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საბჭოური სტილის კამპანიას აწარმოებენ, არიან აბსოლუტურად გაუმჭვირვალე საკუთარ საქმიანობაში, არავინ იცის ვისგან ფინანსდება ამ ორგანიზაციების საქმიანობა, რა მიზნებს ემსახურება მათი დაფინანსება და ასე შემდეგ, სწორედ გაუმჭვირვალობა არის კორუფციის მთავარი წყარო.

სწორედ ის სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ კამპანიებს სასამართლოს წინააღმდეგ გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით და სწორედ ეს არის კორუფციის საფუძველი“.

კობახიძემ ასევე „უცხოური გავლენის აგენტების“ აქტივობით ახსნა, ქალაქში გავრცელებული წარწერები – „იძებნება სასამართლო“.

„რაც შეეხება წარწერებს, ეს არის საბჭოური სტილის კამპანია, რომელსაც აწარმოებენ უცხოური გავლენის აგენტები საქართველოში, რაც ძალიან სამწუხაროა.

თქვენ გახსოვთ, რომ სტიგმატიზაცია ხდებოდა წელების განმავლობაში სასამართლო სისტემის, მოსამართლეების. თქვენ გახსოვთ, რომ ტერმინი მოიფიქრეს ამ მიზნით, ეს იყო კლანი და ასე შემდეგ. ეს არის ჩვეულებრივი, საბჭოური სტილის პროპაგანდა, რასაც, სამწუხაროდ, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ საქართველოში.

რა თქმა უნდა საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს და უნდა დაუპირისპირდეს სიმართლით.

სიმართლე არის ის, რომ სასამართლო იყო სწორედ ამ უცხოური გავლენის აგენტების ხელში მაშინ, როცა ეს ინსტიტუტი გამოიყენებოდა, როგორც ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, დღეს ეს ადამიანები, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ კამპანიას რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ ეს საბჭოური სტილის პროპაგანდა არის მიუღებელი პირადად ჩემთვის“ – განაცხადა კობახიძემ.

რაზე მიანიშნებს ძლიერი მენსტრუალური და ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუში

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც, საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანის გარსის მსგავსი ქსოვილი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ, ანუ მისთვის არაბუნებრივ ადგილას, რაც გავლენას ახდენს სხვა ორგანოებზე და იწვევს ანთებით პროცესებს, დაზიანებებისა და შეხორცებებს. დაავადების თანმდევია სხვადასხვა სახის ტკივილი.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე ამბობს, რომ ენდომეტრიოზს სიმპტომის ფართო სპექტრი უკავშირდება, მათგან წამყვანია – ტკივილი, მათ შორის ძლიერი მენსტრუალური ტკივილი, რომელიც მოსახლეობაში არსებული მცდარი წარმოდგენის მიხედვით, მენსტრუაციის თანმხლებ ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ენდომეტრიოზი მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის ქალებისა და გოგოების დაახლოებით 10 პროცენტს (190 მილიონი) აწუხებს. NCDC-ს 2020 და 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ენდომეტრიოზის დაახლოებით 1000-1000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად ასეთი მაღალი გავრცელებისა, ენდომეტრიოზი კვლავაც არ არის სათანადოდ ნაკვლევი დიაგნოზი და მეცნიერება არც მისი განკურნების გზას იცნობს – დღეს არსებული მკურნალობა ძირითადად მიმართულია ენდომეტრიოზით გამოწვეული სხვადასხვა სიმპტომის კონტროლზე.

  • ქალბატონო ქეთი, რა ხდება ენდომეტრიოზის დროს ორგანიზმში?

ჩვეულებრივ, საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი შრე, ენდომეტრიუმი, რომელიც ყოველი ციკლის დროს იზრდება და სქელდება, მენსტრუაციის დროს ჩამოიშლება/ჩამოიფრცქვნება (სისხლის სახით). ენდომეტრიოზის დროს საშვილოსნოს ღრუს ამომტარი ქსოვილის მსგავსი ქსოვილი ვითარდება ისეთ ადგილას, სადაც ფიზიოლოგიურად არ უნდა იყოს, შესაბამისად, ასეთ ორგანოებსა და ლოკალიზაციაზე მიმდინარეობს ისეთივე ციკლური პროცესები, როგორიც მენსტრუაციის დროს, ეს იწვევს ტკივილსა და სხვადასხვა დისკომფორტს.

ამ ქსოვილს, რომელიც შეიძლება განვითარდეს მუცელში, მენჯის ღრუში, შეუძლია გამოიწვიოს საკვერცხის ცისტები, ზედაპირული დაზიანებები, ღრმა კვანძები, შეხორცებები და შედეგად ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა სხეულში.

ენდომეტრიოზის მქონე ზოგიერთ ადამიანს ასევე ექმნება დაორსულების პრობლემა.

Cleveland Clinic: ეს ქსოვილი ჰორმონალურად მგრძნობიარეა და შეიძლება მათში მიმდინარეობდეს ანთებითი პროცესები თქვენი მენსტრუალური ციკლის დროს.

  • როგორია ენდომეტრიოზის სიმპტომები?

არის შემთხვევები, როდესაც ენდომეტრიოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი დიაგნოსტირება შეიძლება მოხდეს შემთხვევით, სხვა პროცედურის ან გამოკვლევის დროს.

ენდომეტრიოზის კლინიკური ნიშნები განსხვავებულია დაავადების ფორმისა და ლოკალიზების მიხედვით. ეს სიმპტომები მოიცავს:

  • ძლიერ მენსტრუალურ ტკივილს;
  • გახანგრძლივებულ და ჭარბ მენსტრუაციას ან/და ე.წ. სფოთინგს [ყავისფერ ჩამონაშალს/მსუბუქ სისხლდენას] მენსტრუაციებს შორის;
  • მუცლის ან წელის ტკივილს მენსტრუაციებს შორის;
  • ქრონიკულ ტკივილს მენჯის ღრუში;
  • ტკივილს სქესობრივი აქტის დროს; 
  • ტკივილს კუჭის მოქმედების დროს.

Cleveland Clinic: ენდომეტრიოზის მქონე ადამიანები, ასევე შეიძლება განიცდიდნენ ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემებს. ეს შეიძლება მოიცავდეს ტკივილს მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, ასევე შეიძლება შეამჩნიოთ სისხლი შარდსა და განავალში.

ასაკთან ერთად, მენოპაუზის დროს, ენდომეტრიოზის სიმპტომები შეიძლება გაუმჯობესდეს. ეს დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან, რომლებსაც თქვენი სხეული განიცდის მენოპაუზის დროს.

  • როგორ ხდება ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა?

პირველ რიგში ეს არის ანამნეზის შეკრება, ინფორმაცია კლინიკური ნიშნების შესახებ. მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია.

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისას, ოქროს სტანდარტია ლაპარასკოპია, რაც ნიშნავს რომ ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმა ყველაზე სრულფასოვნად სწორედ ამ მეთოდით არის შესაძლებელი. ეს მეთოდი იძლევა ინფორმაციას ენდომეტრიოზით გამოწვეული შეხორცებების რაოდენობისა და გავრცელების შესახებ.

საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დროს ოქროს სტანდარტია კოლპოსკოპია, სპეციალური აპარატით ვაგინალურად ხდება საშვილოსნოს ყელის დათვალიერება. შესაძლოა საბოლოო დიაგნოზისთვის მოხდეს მორფოლოგიური გამოკვლევა, რა დროსაც ხდება ნიმუშების დათესვა, რომ გავიგოთ რა სახის ქსოვილებია.

სიმპტომების, ფიზიკური გამოკვლევისა და ულტრაბგერითი შედეგების მიხედვით შეიძლება ასევე დაინიშნოს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია.

  • როგორია ენდომეტრიოზის მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ის შეხორცებებისა და სხვა დაზიანებების რეციდივის პრევენციისთვის?

ენდომეტრიოზის მკურნალობისთვის ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა (ჰორმონალური) და ოპერაციული, როცა ლაპარასკოპიის მეშვეობით ხდება კისტებისა თუ შეხორცებების ამოკვეთა, რა დროსაც მაქსიმალურად ნარჩუნდება საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილები. 

მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ მკურნალობას, მაგალითად ძლიერი ტკივილების, ან სისხლდენების შემცირებას, ასევე მედიკამენტური მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების განვითარების შეფერხებას.

მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივადაც გაგრძელდეს.

ოპერაციული მკურნალობა ინიშნება მაშინ, როცა პაციენტს აღენიშნება დიდი ზომის ენდომეტრიული კისტები და კვანძები, ძლიერი ტკივილები.

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდები არ კურნავს უშუალოდ დაავადებას და რეციდივიც ახასიათებს. 

ჯანმო: ზოგიერთი მკურნალობას ახლავს გვერდით მოვლენები ზოგჯერ, და ენდომეტრიოზთან დაკავშირებული სიმპტომები, შეიძლება კვლავ გამოჩნდეს თერაპიის დასრულების შემდეგ. ჰორმონალური მეთოდების უმეტესობა არ არის შესაფერისი ენდომეტრიოზით დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ დაორსულება, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ოვულაციაზე.

ბათუმში ორშაბათიდან 25 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მარტის 21 საათიდან პირველი აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომანქანა სკვერში შევარდა – ავარია ბათუმში

დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

თვითმხილველის თქმით, ერთი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოწყობილ ზოლში შევარდა და სასეირნო ბილიკზე მოწყობილ რკინის თაღს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კიდევ ერთი ავარია მოხდა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 442 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 6 966 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 13 304ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 11 050 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 023 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 743 ერთეული [+7]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 731 ერთეული [+30]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 048 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 717 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 1 823 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 580 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 17 951 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 492 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 650 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 258 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 594 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 433 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმობა წელს 27-28 აპრილს ბულვარში ჩატარდება

ბათუმის კულტურის ცენტრმა „ბათუმობა 2024“-ის ორგანიზებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო განაცხადის მიხედვით ღონისძიება 2024 წლის 27-28 აპრილს ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარია გათვალისწინებული [კონცერტის მონაწილეების ჰონორარებში კი თანხა ცალკე დაიხარჯება].

„ბათუმობა 2024“-ის ღონისძიებების რუკა:

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:

  • საგამოფენო სივრცის [დახლები] მოწყობა; ჯიხურები, შესასვლელი თაღი, ფოტოგამოფენა; ბრენდირებული მაისურების და დროშების დამზადება;
  • ელექტროენერგიის წყაროსთან დაკავშირება, ქსელის მოწყობა და გამართული ფუნქციონირება;
  • ქეითირინგით უზრუნველყოფა
  • ტრანსპორტითა და პიროტექნიკური მომსახურება; კონფიტი;
  • ლედ ეკრანი, სცენის ფარდით შეფუთვა, ბანერების და აფიშების ბეჭდვა, დიჯეი, აპარატურით მომსახურება სხვა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება. გამარჯვებულმა კი, მომსახურება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით.

პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ტენდერის გამოცხადების დღმდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური კულტურული ღონისძიების ორგანიზების შესრულების გამოცდილება, ამასთან აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ერთერთი პროექტის სახელშეკრულებო თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 000 ლარს“.

ესკიზები „ბათუმობა 2024“-ისთვის:

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 441 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
  • ტანკი – 6 951 ერთეული [+29]
  • ჯავშანტექნიკა – 13 284 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 11 006 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 023 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 736 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 701 ერთეული [+45]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 046 ერთეული [+24]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 670 ერთეული [+25]
  • სპეცტექნიკა – 1 814 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 17 773 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 644 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 257 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 582 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 381 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთის მასობრივი თავდასხმა უკრაინაზე – კიევის ცნობით 90-იდან 84 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

3000 უსახლკარო ოჯახი და ბათუმის მერიის დაკეტილი ბინები

„მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსი არ მაქვს. ვცხოვრობ ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელიც ძალიან ცუდად არის, მარტო ვზრდი ბავშვებს, ორი შვილი მყავს. ქირას როგორ იხდიო თქვენ მკითხეთ. სოციალურ დახმარებას ვიღებ 500 ლარს და სრულად ვიხდი ქირაში. საკვებს ვიღებ უფასო სასადილოდან.

მივმართავ აჭარის მთავრობას, რომ ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს. მინდა, რომ ყველას გვერდში დაუდგნენ და ელემენტარული სახლ-კარი გამოუნახონ, თავშესაფარი. გაუსაძლის პირობებში მიწაზე დადებულ პატარა ოთახში ვცხოვრობთ, ნესტია, ბავშვს ასთმური პრობლემები აქვს“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი, შორენა ცეცხლაძე.

უსახლკარობის პრობლემა ბათუმში ათასობით ოჯახს აწუხებს. მოქალაქეები, რომლებიც წლებია უსახლკაროდ ცხოვრობენ, პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს, ხან აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან და ხან ბათუმის მერიასთან.

ამბობენ, რომ სახლს კი არა თავშესაფარს ითხოვენ. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც „იაფის სახლის“ პროგრამით სარგებლობა იმის გამო არ შეუძლია, რომ გადახდის უნარიანი არ არის. ამ ოჯახებში არიან როგორც ასაკოვანი, ასევე მცირეწლოვანი ბავშვები და შშმ პირები.

უსახლკაროების აქცია მერიასთან

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში 3000-მდე უსახლკარო ოჯახია.

ამის პარალელურად, როგორც აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ასობით ბინაა, რომლებიც უკვე თვეებია, ზოგჯერ კი წლებია მერიას დაკეტილი აქვს. ამ ბინების გასაცემად მერიას, ისევე როგორც მთავრობას, კრიტერიუმები აქვს დაწესებული.

გარდა ამისა, სოციალური სახლების მშენებლობისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ბათუმის მერია ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს. ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერია იმ სახლებს ანაცვლებს, რომლებსაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საგანგაშო ვითარება აქვთ და მათი მდებარეობით მშენებელი არ ინტერესდება. პროგრამა მრავალწლიანია და მისი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარია.

თუმცა, ძირითად შემთხვევაში ბათუმში ავარიულ სახლებთან მიმართებაში მშენებლების ინტერესი მაღალია, უფრო ქალაქის ცენტრთან ახლო ტერიტორიების მიმართ. ისინი 2 -5 სართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ 15-30 სართულიანი კორპუსების აშენების ნებართვებს ითხოვენ. ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახები, რომ დააკმაყოფილონ და შემოსავალიც ნახონ.

მშენებლების უმეტესობას, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობს, ზონაში დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი არ აკმაყოფილებს და მაქსიმალურის მიღება სურს. ასეთ შემთხვევაში კანონი ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, თუ მშენებელს დადგენილი კოეფიციენტის მიხედვით 8 სართულიანი სახლის მშენებლობა შეეძლო და კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში 10 სართულიანი სახლი ააშენა, ნამატი ფართობის 10 % მან მერიას უნდა გადასცეს.

კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიის საკუთრებაში გადადის არამხოლოდ ავარიული სახლების, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში. ამას კანონი აწესებს ერთგვარი კომპენსაციის სახით. თუმცა, მაკომპენსირებელი ღონისძიება სხვაც შეიძლება იყოს, მაგალითად სკვერის მოწყობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლების აშენება და ასე შემდეგ, ეს მუნიციპალიტეტსა და მშენებელს შორის შეთანხმების საგანია.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია მშენებლებს, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მასშტაბური მშენებლობის პროექტებისთვის კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას იღებენ, ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტის გადაცემაზე უთანხმდება. ამას განაშენიანების დეტალურ გეგმებში ვკითხულობთ, რომლებსაც საკრებულო ამტკიცებს.

ავარიული სახლების პროგრამის გააქტიურების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ყველაზე ცოტა 3 განაშენიანების გეგმა და ამდენივე კონცეფცია შემოდის დასამტკიცებლად. გასულ კვირას კი, საკრებულოს სხდომაზე 23 საკითხი განიხილეს, აქედან თვრამეტი სამშენებლო პროექტს უკავშირდებოდა.

საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა ფართობი მიიღო მერიამ საბინაო ფონდში ან მომავალში მიიღებს ამ შეთანხმებებისგან, K2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ფართობების ხარჯზე ბიუჯეტიდან სოციალური სახლებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხა დაიზოგოს ან ამ დაზოგილი თანხით უფრო მეტი სოციალური სახლი აშენდეს, ბათუმში უსახლკარობის პრობლემები რომ გადაიჭრას.  

„ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია მერიიდან გამოითხოვა.

ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობების ნებართვებისა და სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად,  მერიისათვის გადასაცემი ფართობი – 5 394,73 კვ.მეტრია. ეს ასაშენებელი ან მშენებარე ფართობია, რომელიც მერიამ მომავალში უნდა მიიღოს. მერიის ინფორმაციით, ეს სხვადასხვა ფართობის მქონე 35 ბინა და 75 აპარტამენტია [1897.2 კვ მეტრი საცხოვრებელი ბინა, ხოლო, 3497.53 აპარტამენტი].

იმის გათვალისწინებით, რა ოდენობის და მასშტაბის მშენებლობებზეც გაფორმდა შეთანხმებები, ეს ციფრი – 5 394,73 კვ.მეტრი ფართობი, რომელსაც მერია საბინაო ფონდში ელოდება, არ გვეჩვენება სარწმუნოდ. ეჭვს ამყარებს მერიის ოფიციალური პასუხიც, სადაც ერთ შემთხვევაში გვწერენ:

„დღეის მდგომარეობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მშენებლობების ნებართვებისა და სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გადმოსაცემი ფართი შეადგენს – 5394,73კვ.მ-ს“

იმავე წერილის ბოლოს კი განგვიმარტავენ:

„რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას, თუ რამდენ ბინას ელოდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მომდევნო ხუთი ან მეტი წლის განმავლობაში, გაცნობებთ, რომ აღნიშნული დამოკიდებულია სამომავლოდ სამშენებლო კომპანიების მოთხოვნის წარმოდგენაზე და შემდგომში მათთან შესაბამისი ხელშეკრულებების და შეთანხმებების გაფორმებაზე.“

საქმე ისაა, რომ ჩვენი კითხვა არ ეხებოდა გაუფორმებელ ხელშეკრულებებს. ჩვენ გვაინტერესებდა  გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით K2-კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ, ასაშენებელი კორპუსებიდან მოსაღები ბინების ოდენობა, ან ფართობი. თუმცა მერიაში ინფორმაციის დაზუსტება ვერ შევძელით. ტელეფონზე არ გვიპასუხეს.

K2-კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მისაღები ფართობის გარდა, მოწოდებული ინფორმაციით, მერიას, საბინაო ფონდში, უკვე აშენებულ კორპუსებში, სხვადასხვა ზომის 159 ბინა აქვს.

მერიის ინფორმაციით, 2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მერიამ ფონდიდან 38 ბინა გადასცა მოქალაქეებს, რომლებმაც დადგენილი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ამაში არ შედის იაფი სახლის პროგრამით გასხვისებული ბინები. დამატებით, მერიამ ავარიული ფართობების სანაცვლოდ, ჩანაცვლების მიზნით, საბინაო ფონდიდან 24 ბინა გასცა.

მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების მიღება 2023 წლის 6 თებერვალს დაიწყო. ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი, რომელიც მოიცავს უსახლკარო პირად და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურასა და რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმას ბათუმი საკრებულომ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა.

რატომ არ ისმის უსახლკაროების ხმა მედიაში – დისკუსია

უსახლკაროთა რეგისტრაციის წესის მიხედვით, ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მერიის ინფორმაციით, დამტკიცებული წესის შესაბამისად მერიაში დარეგისტრირდა 121 განაცხადი.

კრიტერიუმებს დეტალურად გაეცანით აქ.
Exit mobile version