მთავარი,სიახლეები

ცნობილი „ჯაშუში“ ვეშაპი შესაძლოა მოკლეს – ნორვეგიელი ცხოველთა უფლებების დამცველები

05.09.2024
ცნობილი „ჯაშუში“ ვეშაპი შესაძლოა მოკლეს – ნორვეგიელი ცხოველთა უფლებების დამცველები

ნორვეგიელი ცხოველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ცნობილი ჯაშუში ვეშაპის, „ჰვალდიმირის“ სხეულზე ნატყვიარებია და პოლიციას გამოძიების დაწყებას სთხოვენ.

ამის შესახებ 4 სექტემბერს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია OneWhale-მა განაცხადა. „უკანასკნელი ხუთი წელია, რაც „ჰვალდიმირს“ ვიცნობ. როდესაც მისი ცხედარი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს”, – განაცხადა OneWhale-ის დამფუძნებელმა, რეგინა ჰაუგმა.

ორგანიზაციებმა: OneWhale-მა და NOAH-მა შეიტანეს საჩივარი ნორვეგიის პოლიციაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყვიით მიყენებული ჭრილობების არსებობა ვეტერინარებმა, ბიოლოგებმა და ბალისტიკურმა ანალიზმა დაადასტურეს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ცხოველთა უფლებების ყველა დამცველი არ ეთანხმება ჯაშუში ვეშაპის მკვლელობის ვერსიას. სებასტიან სტრენდმა, რომლის ორგანიზაცია – Marine Mind-ი თვალს ადევნებდა „ჰვალდიმირის“ გადაადგილებას და იგი მკვდარი იპოვა, განაცხადა, რომ მკვლელობის შესახებ „ნაჩქარევი დასკვნები“ უფლებადამცველებს არ უნდა გაეკეთებინათ და ვეშაპის სხეულზე ჭრილობები შესაძლოა ჩიტებმა გამოიწვიეს.

რუსეთის ჯაშუში ვეშაპის შესახებ ინფორმაცია 2019 წელს გავრცელდა, როდესაც ვეშაპი პირველად ნახეს ნორვეგიის სანაპიროსთან. მის სხეულზე იყო დამაგრებული მოწყობილობა წარწერით: „ინვენტარი სანკტ-პეტერბურგი“ და გაჩნდა ვარაუდი, რომ ვეშაპს რუსეთის საზღვაო ძალებში წვრთნიდნენ სამხედრო მიზნებისთვის, მაგრამ ვეშაპი გაიქცა.

„ჰვალდიმირის“ ცხედარი 2024 წლის 31 აგვისტოს იპოვეს. სხვადასხვა შეფასებით, ის 15-დან 20 წლამდე იყო, თუმცა ამ ჯიშის ვეშაპების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელს აჭარბებს.

__________________

ფოტოზე: ვეშაპი „ჰვალდიმირი“. ფოტო: ვიკიპედია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: