ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის.
6 თვის წინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერია შეცვლილი.
„საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით გეგმავს მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის გაფართოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას“ – ეს ბათუმის მერიის სამმართველოდან „ბათუმელებს“ 6 თვის წინ, 2023 წლის 7 დეკემბერს მოგვწერეს.მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდი რეაბილიტაციის დროს დაავიწროვეს კიდეც, რის გამოც მას „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს.
ამავე სამმართველოდან დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია ველოდებოდით პასუხს კითხვაზე, თუ რა „შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს“ აღნიშნული ხიდის გაფართოების მიზნით და კონკრეტულად რა კეთდება ახლა?
„ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან საბაგირომდე [„არგო“] არსებულ გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს დღისა და ღამის საავტომობილო ნაკადების შესწავლა, რაც ასევე მოიცავს სხვადასხვა მონაკვეთში როგორც გზის, ასევე, პერსპექტივაში, ხელოვნური ნაგებობების რეკონსტრუქცია-ახლის მშენებლობის საკითხსაც“ – მოგვწერეს დღეს, 2024 წლის 20 ივნისს ბათუმის მერიის სამმართველოდან.
როდის უნდა დასრულდეს „საავტომობილო ნაკადების შესწავლა“? – ამ კითხვაზე სამმართველოდან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა „ხიდის გაფართოება, რომ „პერსპექტივად“ რჩება ფაქტია. ანუ, ყოროლისწყალზე მიმდინარე ზაფხულშიც „ძაბრიხიდი“ იმუშავებს.
ვიდრე „საავტომობილო ნაკადებს სწავლობს“, ბათუმის მერიამ ქალაქში საცობების მოგვარების კუთხით ახალი პროექტი დააანონსა – გზაგამტარი გვირაბის აშენება შავშეთის ქუჩაზე, რომელიც ისედაც თვეებია გადაკეტილია სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის გამო.
თუმცა გვირაბის აშენებით, როგორ დარეგულირდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა „მანთაშევზე“, ჯერ მერიაში გადაწყვეტილი არ აქვთ. სამმართველოში გვითხრეს, რომ ეს გზაგამტარი გვირაბის დეტალური პროექტირების დროს დაზუსტდება.
ვრცლად: ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს
ვიდრე ბათუმის შემოვლითი გზა არ გაიხსნება, „ბენზეს ხიდი“ ერთადერთი გადასასვლელია მდინარე ყოროლისწყალზე და ერთადერთი შემოსასვლელ-გასასვლელი ქალაქში, სადაც ინტენსიური სატრანზიტო მოძრაობაა.
აღნიშნულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარდა. 2022 წლის 18 ივლისიდან კი, დეპარტამენტის ინფორმაციით გზის ის მონაკვეთი სადაც „ბენზეს ხიდია“ [ასევე თავად ხიდი] აღარ ირიცხება მათ ბალანსზე და მისი მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის ვალდებულებაა.
ამავე თემაზე:
„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა