მთავარი,სიახლეები

ვინ უნდა დაეხმაროს უსახლკარო ოჯახებს, რა გამოცდილება აქვთ ევროპაში – ინტერვიუ

06.12.2023 • 730
ვინ უნდა დაეხმაროს უსახლკარო ოჯახებს, რა გამოცდილება აქვთ ევროპაში – ინტერვიუ

„არსებობს იპოთეკური სესხების შეღავათის პროგრამები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დავალიანება აქვთ და არსებობს რისკი, საცხოვრებელი დაკარგონ. მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ ადამიანი უსახლკარო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს,“ – დასავლეთის პრაქტიკას გვიზიარებს მარიამ ჯანიაშვილი, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტია და იმაზე გვესაუბრება, თუ როგორ აგვარებენ უსახლკარობის პრობლემას ევროპის ქვეყნები.

უსახლკარო ადამიანები, მაგალითად, ბათუმში დღემდე ყოველ ხუთშაბათს იკრიბებიან ბათუმის მერიასთან და ითხოვენ მათთვის სპეციალური პროგრამის შექმნას. ისინი სოციალურად დაუცველები არიან, ქირით ცხოვრობენ წლობით და მათთვის არცერთი მუნიციპალური, ან სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს.

„ბათუმელები“ მარიამ ჯანიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო მარიამ, როგორ აგვარებენ ევროპის ქვეყნებში უსახლკარობის პრობლემას, რა მოდელები არსებობს? 

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკა და სტანდარტები – ჩარჩო, რომელიც ეხმარება სახელმწიფოს, გადადგას ნაბიჯები მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. საქართველოსთვის უსახლკარობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა, თუმცა არანაირი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, პოლიტიკა არ არსებობს.

მნიშვნელოვანია ამ კუთხით ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს განმარტებები, ასევე გაეროს საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რაც განსაზღვრავს ადეკვატურობის სტანდარტს: როგორ უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო ამ მიმართულებით. ესაა ძირითადად სტანდარტები, რომელიც ეხება ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომობა ხანდაზმული ადამიანებისთვის, შშმ პირებისთვის, საცხოვრისის ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, საცხოვრისი არ უნდა იყოს გადატვირთული და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მოდელებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი მოდელი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს ეფუძნება, როგორც წესი, კვლევებს, უსახლკარობის მასშტაბს და მის გამომწვევ მიზეზებს. შესაძლოა, ერთმა მოდელმა ერთ ქვეყანაში იმუშაოს ძალიან კარგად, მაგრამ სხვაგან – არა, რადგან კონტექსტი განსხვავებულია.

უმთავრესი მიდგომა, რაც იკვეთება ევროპის ქვეყნების მოდელებში, არის ის, რომ საცხოვრისს გადასცემენ ადამიანს არა საკუთრებაში, არამედ გრძელვადიანი პერიოდით ხდება მისი უზრუნველყოფა. პრინციპი არის ის, რომ ადამიანს, ვისაც უსახლკარობის პრობლემა აქვს, მოუხსნან პრობლემა გრძელვადიანად და მიაწოდონ შესაბამისის სერვისები, გაძლიერდეს და შემდეგ დატოვოს საცხოვრისი. ზოგიერთი ოჯახი წლობით ასე ცხოვრობს და შემდეგ ტოვებს საცხოვრისს.

რეალურად, ყველაზე წარმატებით, სკანდინავიის ქვეყნებმა შეძლეს უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლა და უსახლკარობის მასშტაბის მნიშვნელოვნად შემცირება. ეს არის ადამიანებისთვის გრძელვადიანი სერვისის მიწოდება. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს გამოსახლების შიში, სტაბილურად უნდა გრძნობდეს თავს.

მარიამ ჯანიაშვილი

  • რამდენად აქვთ ამ ქვენებს გამოსახლების პრობლემა, როცა ოჯახი წლობით ცხოვრობს საცხოვრისში? 

უმთავრესია, რომ დემონიზება არ მოხდეს ამ ადამიანების. სკანდინავიის ქვეყნებში, მაგალითად, ფინეთში, გამოსახლების შემთხვევები არც აქვთ. ამ ქვეყნების დიდ ნაწილში კანონმდებლობაც კი კრძალავს გამოსახლებას სოციალური საცხოვრისიდან.

გრძელვადიანად ხარ უზრუნველყოფილი საცხოვრისით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში მხოლოდ გარკვეული პერიოდით შეიძლება გაგიფორმონ ხელშეკრულება ქირით უზრუნველყოფაზე, მაგრამ იმის შემდეგ რა იქნება, არ იცი.

  • ეს საცხოვრისები არის სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსში, თუ ერთადაა? 

შერეულია პრაქტიკა. არის შემთხვევები, როცა ერთი ინიციატივის ქვეშ არის აშენებული საცხოვრებელი, მაგალითად, ფინეთში და ერთ შენობაში შეიძლება ყველა სოციალური საცხოვრისი იყოს, თუმცა პრაქტიკაში ხშირად გვხდება დათქმა: რამდენ პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს საცხოვრისის რაოდენობამ ერთ კორპუსში. ცხადია, როდესაც ცალკე ხარ, იზრდება იმის რისკი, რომ ინტეგრირებული ნაკლებად ხარ. მიიჩნევა, რომ ჩვეულებრივ კორპუსში მეტი საშუალებაა, დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა მოახერხო.

როგორც წესი, ამ პროცესში ჩართულია აქტიურად არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებენ ამ სერვისს.

  • რა სერვისებს აწვდიან ადამიანებს, რომლებიც გრძელვადიანი საცხოვრისის პროგრამით სარგებლობენ? 

ეს არის სრულად დამოკიდებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე. შეიძლება ეს იყოს კვების სერვისი, შინმოვლა, თუ ამის საჭიროება აქვს ადამიანს, ფიზიკური ჯანმრთელობის სერვისი, ან ფსიქოლოგი.

როცა ადამიანი არის სხვადასხვა ნივთიერების მომხმარებელი, ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ჩვენთან ამ ადამიანებს ვერანაირ დამატებით სერვისს ვერ სთავაზობენ. იქ კი, სხვადასხვა პროგრამაა.

არსებობს ასევე იპოთეკური სესხების შეღავათის პროგრამები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დავალიანება აქვთ და არსებობს რისკი, საცხოვრებელი დაკარგონ. ამ დროს შესაძლოა მოხდეს სუბსიდია. სუბსიდია არის შესაძლებელი საცხოვრებლის შემძენი პირებისთვისაც. გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც ეს მექანიზმი მუშაობს.

მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, რომ ადამიანი უსახლკარო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ფინანსურად ეს გაცილებით უფრო გამართლებულია, ვიდრე ადამიანების უსახლკარობის პრობლემიდან გამოყვანა, რომელიც, ცხადია, უფრო ძვირი ჯდება.

  • თუმცა ამას სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი…   

თბილისის მერიიდანაც მილიონობით ლარი იხარჯება მხოლოდ ქირით უზრუნველყოფაზე. როცა სრულდება ეს პროგრამა, ადამიანები ისევ იგივე პრობლემების წინაშე რჩებიან, მათი გაძლიერება არ ხდება.

ცხადია, უსახლკარობის პრობლემის მოგვარება უკავშირდება მნიშვნელოვანი ფინანსების მობილიზებას, ასევე ადამიანურ, ექსპერტულ რესურსს, რომ ეს ადამიანები რეალურად და გრძელვადიანად გაძლიერდნენ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, მხოლოდ „ცეცხლის ჩაქრობის“ მიდგომა არსებობს, პრობლემის მოკლევადიანი მოგვარება.

საერთო პოლიტიკის არსებობა და გრძელვადიან მიზნებზე გადართვა, ჩემი აზრით, უსახლკარობის მასშტაბს შეამცირებს.

  • საქართველოს შემთხვევაში რა გათვლით ურჩევნია ხელისუფლებას ბინების კონკრეტული ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემა? 

ამ კუთხით საქართველო არ არის გამონაკლისი, ეს პრაქტიკა არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ასე ხდება. მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება ეს უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. გაეროს კომიტეტი, რომელიც მუშაობს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ უფლებებზე, ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ  სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულება არ გულისხმობს საცხოვრისების საკუთრებაში გადაცემას. მთავარი არის ის, რომ საცხოვრისის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არსებობდეს.

იმ ადამიანებს, რომლებსაც გადასცეს ბინა საკუთრებაში, ხშირად აქვთ იგივე პრობლემები, რაც მანამდე ჰქონდათ: შესაძლოა, ვერ იხდიდნენ ელექტროენერგიის გადასახადს, არ ჰქონდეთ გათბობა… საკუთრებაში ბინის გადაცემა არის ერთგვარად თვალის დახუჭვა, რომ აი, მოგეცი ბინა და შენ სახელმწიფოს პრობლემა აღარ ხარ. სინამდვილეში კი, ეს პრობლემის არდანახვაა. ბინის გადაცემით არსად ქრება ის პრობლემები, რაც უსახლკარო ადამიანებს აქვთ. დასავლური პრაქტიკა ამას გვაჩვენებს, რომ უსახლკარობის პრობლემა მხოლოდ საცხოვრისით არ გვარდება, თუ იქ არ იმუშავებს სოციალური დაცვის მექანიზმები.

საქართველოს შემთხვევაში, არ ჩანს პოლიტიკური ნებაც კი, რომ ნაბიჯები ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადაიდგას. ჩვენი რეკომენდაციები ყოველწლიურად ერთი და იგივე გამოდის, რომ სულ მცირე უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩარჩო, რომელიც გვჭირდება და ასე შემდეგ.

  • კვლევაში ასევე მიუთითებთ, რომ სტატისტიკაც კი არ გვაქვს და არ ვიცით, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში 

ნამდვილად ასეა. ისიც კი არ იცის სახელმწიფომ, რამდენი უსახლკარო ადამიანი გვყავს. ცალკეულ მუნიციპალიტეტებს  აქვთ უსახლკარობის რეგისტრაციის წესი, თუმცა მხოლოდ საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავს, ვინ უნდა ჩაითვალოს უსახლკაროდ. ერთიანი სტანდარტი ამ კუთხით არ არსებობს.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უსახლკაროდ მიიჩნევა „მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო,“ თუმცა ეს ჩანაწერი ძალიან ბუნდოვანია. მაგალითად, საერთაშორისო დონეზე უსახლკაროდ მიიჩნევა ისეთი ადამიანიც, რომელიც კარავში, ან არასაცხოვრისი დანიშნულების მქონე ობიექტში ცხოვრობს.

  • რამდენად ეფექტურია, თქვენი აზრით, ის პროგრამები, რაც ცალკეულ მუნიციპალიტეტებს აქვთ? მაგალითად, ბათუმის მერიას ჰქონდა „იაფი სახლის“ პროგრამა, თუმცა 2024 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამა აღარ არის. 

მონიტორინგი ამ პროგრამაზე არ გვქონდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროგრამა შეიძლება  პოტენციურად იყოს საინტერესო მოდელი ფინანსურად.

მთავარი  პრობლემა არის ის, რომ მხოლოდ საცხოვრისი გადაცემით, როგორც აღვნიშნე, უსახლკარობის პრობლემა არ გვარდება და მეორე: როცა ეროვნულ დონეზე არ არსებობს საკანონმდებლო სტანდარტები და სამოქმედო გეგმა, ეს მუნიციპალიტეტებს აძლევს თვითნებური პოლიტიკის ჩამოყალიბების საშუალებას. ძირითადად, ყოველგვარი კვლევების და საჭიროებების ანალიზის გარეშე, ადგენენ პროგრამებს და არეგისტრირებენ უსახლკარო ადამიანებს. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-მდე  მუნიციპალიტეტში მოქმედებს უსახლკაროთა რეგისტრაციის წესი და კრიტერიუმები, რაც გაწერილი აქვთ ამ მუნიციპალიტეტებს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის. ეს კრიტერიუმები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გასაჩივრებულია კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოში.

  • უსახლკარო ადამიანები ბათუმში წელიწადზე მეტია ხუთშაბათობით მუდმივად იკრიბებიან ბათუმის მერიასთან და ითხოვენ საცხოვრისს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან და ქირით ცხოვრობენ. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არ არსებობს არანაირი სახელმწიფო, ან მუნიციპალური პროგრამა. თქვენი აზრით, რა უნდა შესთავაზოს მათ ბათუმის მერიამ? 

პირველ რიგში, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით შესაბამისი სერვისების ჩამოყალიბება. შესაძლებელია, სოციალური საცხოვრისი სერვისის განვითარება, თუმცა ეს უნდა იყოს გრძელვადიანი და რაც მთავარია, ადამიანებს უნდა ჰქონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რაც რეალურად მათ გააძლიერებს.

მთავარი ფოტო: უსახლკარო ადამიანების საპროტესტო მსვლელობა ბათუმში, 2023 წლის 16 ნოემბერს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/504715/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: