ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტის სანაპირო წყლებში დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება ვეშაპისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში გაწვრთნეს ჯაშუშობისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.
ინიციატივა ბრიტანელ ბიზნესმეს ადამ თორპს ეკუთვნის, რომელმაც საქველმოქმედო ორგანიზაცია OneWhale დააარსა ვეშაპზე საზრუნავად, რომელიც 2019 წელს აღმოაჩინეს ნორვეგიის სანაპირო წყლებში.
იგეგმებოდა ვეშაპის ველურ ბუნებაში გაშვება, მაგრამ ცხოველი ისე იყო მიჩვეული ადამიანებს, რომ ეშინოდა, ვერ იკვებებოდა ღია ზღვაში და ადგილობრივ ფერმერებს, რომელთაც ორაგულის ფერმები აქვთ, უმტვრევდა ბადეებს თევზის შესაჭმელად. ამის გამო მისი ევთანაზიაც შეიძლებოდა განეხილათ.
სწორედ ამიტომ ბრიტანელმა ბიზნესმენმა თორპმა და რეჟისორმა რეგინა კროსბიმ გადაწყვიტეს შეექმნათ მისთვის თავშესაფარი ნორვეგიაში, ჰამერფესტთან ახლოს. აქ იცხოვრებენ ვეშაპები, რომლებიც ადამიანების მიერ არიან გაწვრთნილნი.
თორპი და კროსბი აპირებენ 250 000 გირვანქა სტერლინგი შეაგროვონ 2022 წლის ბოლომდე. ამ თანხით ისინი შეიძენენ ბადეებს ნაკრძალის შესაზღუდად, მოაწყობენ შენობებს თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახლოს იქნებიან ნაკრძალთან და აღჭურავენ ვეტერინარულ ლაბორატორიას.
ვარაუდობენ, რომ ნაკრძალში ყოფნის დროს ვეშაპები ისწავლიან დამოუკიდებლად ნადირობას, ერთმანეთთან ურთიერთობას და მათი ველურ ბუნებაში გაშვება შესაძლებელი იქნება.
ნორვეგიაში, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ძალების გაწვრთნილი „ჯაშუში“ ვეშაპი 2019 წელს აღმოაჩინეს.
ცხოველს სხეულზე აღჭურვილობა ჰქონდა დამაგრებული, რომელზეც „აღჭურვილობა პეტერბურგი“ ეწერა. აღჭურვილობას შორის იყო ორი GoPro კამერის დამჭერი, რომელიც ვეშაპს მეთევზეებმა მოხსნეს.
თეთრი ვეშაპი ხშირად უახლოვდებოდა ნორვეგიულ გემებს ინგოიას სანაპიროზე. ეს არქტიკული კუნძული მურმანსკიდან 415 კილომეტრში მდებარეობს. სწორედ მურმანსკშია განთავსებული რუსეთის ფლოტი.
ნორვეგიელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვეშაპი რუსეთის საზღვაო ძალებმა გაწვრთნა და მას დაზვერვისთვის იყენებენ. ამ მოსაზრებას ექსპერტები იმითაც ამყარებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს.