რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 441 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
  • ტანკი – 6 951 ერთეული [+29]
  • ჯავშანტექნიკა – 13 284 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 11 006 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 023 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 736 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 701 ერთეული [+45]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 046 ერთეული [+24]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 670 ერთეული [+25]
  • სპეცტექნიკა – 1 814 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 17 773 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 644 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 257 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 582 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 381 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთის მასობრივი თავდასხმა უკრაინაზე – კიევის ცნობით 90-იდან 84 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

3000 უსახლკარო ოჯახი და ბათუმის მერიის დაკეტილი ბინები

„მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსი არ მაქვს. ვცხოვრობ ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელიც ძალიან ცუდად არის, მარტო ვზრდი ბავშვებს, ორი შვილი მყავს. ქირას როგორ იხდიო თქვენ მკითხეთ. სოციალურ დახმარებას ვიღებ 500 ლარს და სრულად ვიხდი ქირაში. საკვებს ვიღებ უფასო სასადილოდან.

მივმართავ აჭარის მთავრობას, რომ ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს. მინდა, რომ ყველას გვერდში დაუდგნენ და ელემენტარული სახლ-კარი გამოუნახონ, თავშესაფარი. გაუსაძლის პირობებში მიწაზე დადებულ პატარა ოთახში ვცხოვრობთ, ნესტია, ბავშვს ასთმური პრობლემები აქვს“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი, შორენა ცეცხლაძე.

უსახლკარობის პრობლემა ბათუმში ათასობით ოჯახს აწუხებს. მოქალაქეები, რომლებიც წლებია უსახლკაროდ ცხოვრობენ, პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს, ხან აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან და ხან ბათუმის მერიასთან.

ამბობენ, რომ სახლს კი არა თავშესაფარს ითხოვენ. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც „იაფის სახლის“ პროგრამით სარგებლობა იმის გამო არ შეუძლია, რომ გადახდის უნარიანი არ არის. ამ ოჯახებში არიან როგორც ასაკოვანი, ასევე მცირეწლოვანი ბავშვები და შშმ პირები.

უსახლკაროების აქცია მერიასთან

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში 3000-მდე უსახლკარო ოჯახია.

ამის პარალელურად, როგორც აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ასობით ბინაა, რომლებიც უკვე თვეებია, ზოგჯერ კი წლებია მერიას დაკეტილი აქვს. ამ ბინების გასაცემად მერიას, ისევე როგორც მთავრობას, კრიტერიუმები აქვს დაწესებული.

გარდა ამისა, სოციალური სახლების მშენებლობისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ბათუმის მერია ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს. ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერია იმ სახლებს ანაცვლებს, რომლებსაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საგანგაშო ვითარება აქვთ და მათი მდებარეობით მშენებელი არ ინტერესდება. პროგრამა მრავალწლიანია და მისი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარია.

თუმცა, ძირითად შემთხვევაში ბათუმში ავარიულ სახლებთან მიმართებაში მშენებლების ინტერესი მაღალია, უფრო ქალაქის ცენტრთან ახლო ტერიტორიების მიმართ. ისინი 2 -5 სართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ 15-30 სართულიანი კორპუსების აშენების ნებართვებს ითხოვენ. ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახები, რომ დააკმაყოფილონ და შემოსავალიც ნახონ.

მშენებლების უმეტესობას, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობს, ზონაში დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი არ აკმაყოფილებს და მაქსიმალურის მიღება სურს. ასეთ შემთხვევაში კანონი ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, თუ მშენებელს დადგენილი კოეფიციენტის მიხედვით 8 სართულიანი სახლის მშენებლობა შეეძლო და კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში 10 სართულიანი სახლი ააშენა, ნამატი ფართობის 10 % მან მერიას უნდა გადასცეს.

კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიის საკუთრებაში გადადის არამხოლოდ ავარიული სახლების, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში. ამას კანონი აწესებს ერთგვარი კომპენსაციის სახით. თუმცა, მაკომპენსირებელი ღონისძიება სხვაც შეიძლება იყოს, მაგალითად სკვერის მოწყობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლების აშენება და ასე შემდეგ, ეს მუნიციპალიტეტსა და მშენებელს შორის შეთანხმების საგანია.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია მშენებლებს, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მასშტაბური მშენებლობის პროექტებისთვის კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას იღებენ, ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტის გადაცემაზე უთანხმდება. ამას განაშენიანების დეტალურ გეგმებში ვკითხულობთ, რომლებსაც საკრებულო ამტკიცებს.

ავარიული სახლების პროგრამის გააქტიურების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ყველაზე ცოტა 3 განაშენიანების გეგმა და ამდენივე კონცეფცია შემოდის დასამტკიცებლად. გასულ კვირას კი, საკრებულოს სხდომაზე 23 საკითხი განიხილეს, აქედან თვრამეტი სამშენებლო პროექტს უკავშირდებოდა.

საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა ფართობი მიიღო მერიამ საბინაო ფონდში ან მომავალში მიიღებს ამ შეთანხმებებისგან, K2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ფართობების ხარჯზე ბიუჯეტიდან სოციალური სახლებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხა დაიზოგოს ან ამ დაზოგილი თანხით უფრო მეტი სოციალური სახლი აშენდეს, ბათუმში უსახლკარობის პრობლემები რომ გადაიჭრას.  

„ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია მერიიდან გამოითხოვა.

ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობების ნებართვებისა და სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად,  მერიისათვის გადასაცემი ფართობი – 5 394,73 კვ.მეტრია. ეს ასაშენებელი ან მშენებარე ფართობია, რომელიც მერიამ მომავალში უნდა მიიღოს. მერიის ინფორმაციით, ეს სხვადასხვა ფართობის მქონე 35 ბინა და 75 აპარტამენტია [1897.2 კვ მეტრი საცხოვრებელი ბინა, ხოლო, 3497.53 აპარტამენტი].

იმის გათვალისწინებით, რა ოდენობის და მასშტაბის მშენებლობებზეც გაფორმდა შეთანხმებები, ეს ციფრი – 5 394,73 კვ.მეტრი ფართობი, რომელსაც მერია საბინაო ფონდში ელოდება, არ გვეჩვენება სარწმუნოდ. ეჭვს ამყარებს მერიის ოფიციალური პასუხიც, სადაც ერთ შემთხვევაში გვწერენ:

„დღეის მდგომარეობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მშენებლობების ნებართვებისა და სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გადმოსაცემი ფართი შეადგენს – 5394,73კვ.მ-ს“

იმავე წერილის ბოლოს კი განგვიმარტავენ:

„რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას, თუ რამდენ ბინას ელოდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მომდევნო ხუთი ან მეტი წლის განმავლობაში, გაცნობებთ, რომ აღნიშნული დამოკიდებულია სამომავლოდ სამშენებლო კომპანიების მოთხოვნის წარმოდგენაზე და შემდგომში მათთან შესაბამისი ხელშეკრულებების და შეთანხმებების გაფორმებაზე.“

საქმე ისაა, რომ ჩვენი კითხვა არ ეხებოდა გაუფორმებელ ხელშეკრულებებს. ჩვენ გვაინტერესებდა  გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით K2-კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ, ასაშენებელი კორპუსებიდან მოსაღები ბინების ოდენობა, ან ფართობი. თუმცა მერიაში ინფორმაციის დაზუსტება ვერ შევძელით. ტელეფონზე არ გვიპასუხეს.

K2-კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მისაღები ფართობის გარდა, მოწოდებული ინფორმაციით, მერიას, საბინაო ფონდში, უკვე აშენებულ კორპუსებში, სხვადასხვა ზომის 159 ბინა აქვს.

მერიის ინფორმაციით, 2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მერიამ ფონდიდან 38 ბინა გადასცა მოქალაქეებს, რომლებმაც დადგენილი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ამაში არ შედის იაფი სახლის პროგრამით გასხვისებული ბინები. დამატებით, მერიამ ავარიული ფართობების სანაცვლოდ, ჩანაცვლების მიზნით, საბინაო ფონდიდან 24 ბინა გასცა.

მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების მიღება 2023 წლის 6 თებერვალს დაიწყო. ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი, რომელიც მოიცავს უსახლკარო პირად და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურასა და რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმას ბათუმი საკრებულომ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა.

რატომ არ ისმის უსახლკაროების ხმა მედიაში – დისკუსია

უსახლკაროთა რეგისტრაციის წესის მიხედვით, ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მერიის ინფორმაციით, დამტკიცებული წესის შესაბამისად მერიაში დარეგისტრირდა 121 განაცხადი.

კრიტერიუმებს დეტალურად გაეცანით აქ.

2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს

ბათუმის სანაპიროზე, პირდაპირ ზღვასთან, ცათამბჯენის ასაშენებლად მშენებელმა ადგილი ისევ იპოვა, უფრო სწორად აჭარის მთავრობისგან იყიდა. შპს „სიტი გაიდი“ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან 3 ცათამბჯენს ააშენებს. მშენებლობა ქონების გასხვისების ერთ-ერთი პირობა იყო.

მყიდველის, შპს „სიტი გაიდის“დამფუძნებელი მედეა ბოჭორიშვილია, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „სიტი გაიდმა“ ზღვასთან ახლოს ჰექტარ-ნახევარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა. ქონების შეძენიდან მალევე მედეა ბოჭორიშვილმა კომპანიის წილები სიმბოლურ 1 ლარად გაასხვისა.

კომპანიის მეწილეები გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, გოჩა ენუქიძე და ასევე „ოცნებიდან“ კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილი, ბუბა ჩანქსელიანი.

3 ცათამბჯენის მშენებლობისთვის ჯერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გასხვისება-შეძენისა და შემდეგ კომპანიაში წილების გადანაწილების ეს კონკრეტული ამბავი გამოდგება მაგალითად, რომლითაც შეიძლება ავხსნათ „ოცნების“ ოპონენტების პოზიცია სამშენებლო კოდექსში რიგი ცვლილებების წინააღმდეგ. მათ ეს გადაწყვეტილებები შეაფასეს, როგორც „მწვანე შუქი კორუფციისთვის.“

შპს „სიტი გაიდი“ 2022 წლის პირველ დეკემბერს დააფუძნეს. 2023 წლის იანვარში კომპანიამ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე მიწის ნაკვეთი, კონკურენციის პირობებში, 16 მილიონ 500 000 ლარად იყიდა. ქონების საწყისი ფასი 10 მილიონ 500 000 ლარი იყო და კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა.

კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მეტწილად აუქციონზე გატანილი ქონება ერთი ბიჯით იყიდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ქალაქის ცენტრში, მით უმეტეს თუ ნაკვეთი ზღვასთან ახლოსაა, დიდი ფულისა და დიდი გავლენების ბრძოლა აშკარა და თვალშისაცემია.

დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორებს შორის მოლაპარაკებით გადაწყდა, რომ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე სამი მრავალსართულიანი კომპლექსის პროექტირებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ერთობლივი რესურსით იმუშავებენ. დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ ერთობლივი მიზნების გათვალისწინებით გაასხვისა მედეა ბოჭორიშვილმა წილები სიმბოლურ ფასად.

„სიტი გაიდის“ წილები ასე გადანაწილდა:

33.33 % დარჩა კომპანიის დამფუძნებელ მედეა ბოჭორიშვილს, 47 პროცენტის მფლობელია პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანია შპს „იბერკომპანი“, 19.67 პროცენტი კი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის შვილს, ბუბა ჩანქსელიანს გადაუფორმეს. პარტნიორებს შორის ცალკე გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც პარტნიორთა შორის უფლება-მოვალეობები გაწერეს.

ეს ჩანაწერი კითხვებს და შესაძლოა ვარაუდებსაც აჩენს, განსაკუთრებით მათთვის ვინც იცის, რომ პროექტირება და სამშენებლო ნებართვის მიღება არც კომპანიის დამფუძნებელს, მედეა ბოჭორიშვილს გაუჭირდებოდა, ამ მხრივ „ალიანსს“ ნამდვილად დიდი გამოცდილება აქვს: „სიტი გაიდს“ არ გაუჭირდებოდა, როგორც საპრივატიზებო საფასურის დაფარვა, ასევე ინვესტიციის განხორციელება. იმავეს თქმა შეგვიძლია მედეა ბოჭორიშვილის პარტნიორებზეც – სამშენებლო ბიზნესში დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარებს ვერავინ შეუშლიდა ხელს.

შეთანხმების დოკუმენტებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პარტნიორები გამოუხმობ თანხმობას აცხადებენ, რომ სახელმწიფო ნებართვის მიღების შემდგომ მედეა ბოჭორიშვილი უფლებამოსილია მოითხოვოს „კომპანიიდან გასვლა“, კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფის გზით, ასევე მოითხოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის წილის პროპორციული მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. იგივე უფლებები აქვთ სხვა პარტნიორებსაც.

გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. გოდერძი ჩანქსელიანი კი პარლამენტში „ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. სამშენებლო ბიზნესში ორივეს დიდი გამოცდილება აქვს.

პროექტის კონცეფცია

საპროექტო ტერიტორიას, სადაც ორი პარლამენტარი 3 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შავი ზღვა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაბალი ინტენსივობის, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან მაღალი ინტენსივობის განაშენიანება, შემდეგ კი თამარ მეფის გამზირი ესაზღვრება, სამხრეთ დასავლეთის მხრიდან კი ემიჯნება მდინარე ყოროლისწყალი.

კონცეფცია- დასაგეგმარებელი ტერიტორია

კომპანიამ მერიას ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფცია წარუდგინა, რომელიც დაამტკიცა ბათუმის საკრებულომ. შემდგომი პროცედურა განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენაა, რომელსაც ასევე საკრებულო დაამტკიცებს. კონცეფცია და დეტალური გეგმა იმ კვარტლის განაშენიანების გეგმის დამუშავებას გულისხმობს, სადაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს.

კომპანიის საკუთრებაში 16 433 კვ.მეტრია, საკვლევი ტერიტორიის საერთო ფართობი კი 4,6 ჰექტარი, საიდანაც 2.4 ჰა ნაშენი ტერიტორიაა. კონცეფციის მიხედვით, კომპანია სამი 54 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში უნდა განთავსდეს სასტუმრო ნომრები, აპარტამენტები, კაზინო, კომერციული დანიშნულების ფართობები, რესტორანი, კაფე-ბარი, ლაუნჯი, საცურაო აუზი, სპა, ჯიმი, საქმიანი შეხვედრის ზონები, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო ზონა, სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

კომპანია სამი ცათამბჯენის მშენებლობისთვის, კოეფიციენტის მაქსიმალურად გაზრდას ითხოვს. ამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტი 2,5-ია, კომპანიას 12,9 სჭირდება. სანაცვლოდ კი ინვესტორი მერიას მიმდებარედ სახელმწიფო ტერიტორიაზე, 5859 კვ.მეტრზე სკვერის მოწყობას ჰპირდება. პროექტს თუ დავაკვირდებით, ეს ადგილი, რომელიც ინვესტორმა სკვერად უნდა აქციოს, ფაქტობრივად 3 ცათამბჯენის ეზო იქნება ზღვის მხრიდან.

რენდერი

კონცეფციაში ვკითხულობთ:

შპს „სიტი გაიდ“-ის ხელმძღვანელობას კერძო ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრული აქვს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაწყოს თანამედროვე სკვერი, კერძოდ: მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, დასაჯდომი სკამები, სპარგე განათებები, დაირგვება მოცემული ტერიტორიის კლიმატური პირობებისთვის შესაბამისი ხე-მცენარეები, რაც საშუალებას მოგვცემს გდგ კვლევის არეალში განლაგებულ დასახლებაში [კვარტალში] გავაჩინოთ საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე გამწვანებული ტერიტორია (სკვერი), სადაც თავშეყრის საშუალება ექნებათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სტუმრებს.

მწვანედ მონიშნულია აჭარის მთავრობის ბალანსზე არსებული ნაკვეთი სადაც კომპანია მთავრობას და მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს

ჯებირი

მდინარე ყოროლისწყლის გასწვრივ, სამხრეთ დასავლეთით ჯებირი მოუწყვიათ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში: კომპანიის ინფორმაციით, ჯებირი „წარმოადგენს მონოლითური მსხვილი ბლოკების წყობას, რომლის სიგრძე 148 მეტრი, სიმაღლე კი მიწის ზედაპირის ზევით 5 მეტრია…“ ჯებირი დროისა და მდინარის ზემოქმედების გამო დეფორმირებულა და დაუკარგია ფუნქცია. შესაბამისად, საპროექტო ობიექტის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილია ახალი ჯებირის მოწყობაო.

წითლად მონიშნულია დამცავი ჯებირი

„მცხოვრებთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით“ – 3 ცათამბჯენის კონცეფცია

კონცეფციაში წერენ, რომ მიმდებარე ტერიტორია მდიდარია სარეკრეაციო გამწვანებული სივრცეებით. მშენებელი წერს, რომ ცათამბჯენის სასტუმროს ნომრიდან დამსვენებელი სანაპიროზე ფეხით გავა და ტრანსპორტი არ დასჭირდება, მაგრამ სასტუმრომდე როგორ მივა, ამაზე არაფერს წერენ:

„ფაქტობრივი მდგომარეობით და ასევე პროექტის განხორციელების შემდგომ მაცხოვრებელთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით და ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილს, რაც სატრანსპორტო ნაკადების დატვირთვაზე დადებითად აისახება“.

მშენებელი მერიას ასევე წერს, რომ პროექტის არეალში საჭირო იქნება მაგალითად ახალი საგზაო ნიშნების მოწყობა და ტროტუარის კონსტრუქციულად გამოყოფა.

კონცეფციაში მიმოხილულია საგზაო ინფრასტრუქტურაც:

„მიმდებარე ქუჩებზე ძირითადი საქვეითე ნაწილი მოწყობილია, შესაბამისად ქვეითი ძირითადად ახერხებს უსაფრთხოდ გადაადგილებას კონსტრუქციულად გამოყოფილ ტროტუარზე.
ავტობუსების გაჩერება მისაწვდომ საფეხმავლო მანძილზეა… სამანქანო მოძრაობა ხორციელდება ძირითადად დაუბრკოლებლად. ვინაიდან საკვლევ არეალზე გვხვდება სამანქანო შეჭრები ტროტუარის გავლით ასევე არარეგულირებული პარკირებები, ეს შემაფერხებელ გარემოებას ქმნის და ზიანდება არსებული საქვეითე ნაწილი, ასევე ფერხდება ქვეითი. რეკომენდებულია დგომის ამკრძალავი ნიშნის დამონტაჟება ყველა შესაბამის ადგილას. ასევე რეკომენდებულია ყველა შესაბამის ადგილზე შშმ პირთათვის პანდუსების მონტაჟი.

გეგმარებითი ერთეულის არეალში კომუნიკაციების მასშტაბური ქსელური სისტემა არ არსებობს

კომპანიის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გეგმარებით ერთეულს კვეთს 275 -ე ტრანსფორმატორიდან საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში მდებარე 272-ე ტრანსფორმატორამდე მიმავალი მაღალი ძაბვის 10 კვტ. საკაბელო ქსელი, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ბალანსზე არსებული 0,4კვ ქსელის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები (სიპ-კაბელი) და მიწისქვეშა 10 კვ-ის საკაბელო ქსელი, ასევე გეგმარებით ერთეულს კვეთს 110 მმ. დიამეტრის მქონე წყალმომარაგების მილი.

კონცეფციაში წერენ, რომ გეგმარებითი ერთეულის ირგვლივ განლაგებულია გაზმომარაგების, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელი, რაც შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით იძლევა საშუალებას მინიმალური დანახარჯებით განხორციელდეს მაგისტრალში ჩართვა. სუსტი დენები (კავშირგაბმულობა და ტელეკომუნიკაცია) უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე არ გადის, მაგრამ მისი დაერთება შესაძლებელია თამარ მეფის გამზირზე გამავალ ოპტიკურ ბოჭკოვან ხაზზე.

არც წყალმომარაგება

გეგმარებითი ერთეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომარაგების მიზნით ჩაატარეს კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი არ არსებობს, საპროექტო ობიექტის მოსალოდნელი წყალმომარაგების დატვირთვების მოთხოვნა აჭარბებს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაძლებლობის პოტენციალს და აქედან გამომდინარე საჭიროა მოსალოდნელი დატვირთვების ათვისება განხორციელდეს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით.

კონცეფციაში ვკითხულობთ „სანიაღვრე – ქსელის მოწყობა საპროექტო ტერიტორიაზე რეკომენდებულია რამდენიმე სანიაღვრე ჭის საშუალებით, რომელთა ერთად შეკრება შესაძლებელია და არსებულ სანიაღვრე არხზე [მდ. ყოროლისწყალი] დაერთება რამდენიმე დ200მმ (გოფრირებული, პოლიეთილენი) მილით, რომელიც დაკავშირებულია და ჩაედინება პირდაპირ ზღვაში, ვინაიდან მახინჯაურის/განთიადის დასახლებაში არ არსებობს ცენტრალური წყალარინების სისტემა, მიზანშეწონილი იქნება სეპტიკის 1 მოწყობა, რომელიც აღნიშნული ქსელის დატვირთვაზეა გათვალისწინებული და გადავსების შემთხვევაში სპეციალიზებული ასენიზაციის მანქანის მომსახურება იქნება საჭირო.

სოციალური გამოკითხვა – 30 რესპონდენტი და „ღრმა ანალიზი“

სოციალური გამოკითხვა გეგმარებითი დავალების ნაწილია, ასე არკვევს მერია, როგორ ხვდება მოსახლეობა უბანში დაგეგმილ პროექტს და აქვს თუ არა დადებითი მოლოდინები პროექტის მშენებლობის შემთხვევაში. კონცეფციის მიხედვით, შპს „სითი გაიდი“ მერიას ატყობინებს, რომ სამი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტის შესაფასებლად უბანში 30 პირი გამოჰკითხა ანონიმურად: „სოციოლოგიურმა გამოკითხვამ მთლიანად მოიცვა მოსაზრებების შეწოვა – შეჯერებისთვის საჭირო არეალი.“

კომპანიის ინფორმაციით: „30 გამოკითხულიდან 30 თვლის, რომ ახალი, თანამედროვე ტიპის მრავალსართულიანი სახლის აშენება და ტერიტორიის განვითარება ხელს შეუწყობს უბნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და განვითარების დინამიკას.“

კომპანია ასევე წერს , რომ პროექტის საჯარო განხილვაც ჩაატარა, შეხვედრას 8 მოქალაქე დაესწროო.

ინვესტორის შეხვედრა მთავრობასთან – „ყველაფერი კარგად იქნება“

კონცეფციაში წერენ, რომ თამარ მეფის გამზირი #1-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიციირების თაობაზე, მუნიციპალიტეტის მერიის
ბრძანების საფუძველზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების პროცესში, ჰქონდათ საქმიანი, სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებების გასათვალისწინებლად.

„რათა პროექტის დაგეგმარებისას გათვალისწინებული იყოს საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ახალი ინფრასტრუქტურების შექმნით და არსებულის გაუმჯობესებით. საჯარო და კერძო სექტორებს შორის რისკების გადანაწილებით. კერძო პარტნიორის „ნოუ-ჰაუს“ გამოყენება. ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ინვესტორი სრულად დაიცავს მშენებლობის ვადებს, მოუვლის და არ დააზიანებს საჯარო ინფრასტრუქტურას. განაშენიანების დეტალური გეგმა იქნება სწორად შემუშავებული და ხელს შეუწყობს პროექტის გამჭვირვალებას. მოწესრიგდება და განვითარდება ზემოაღნიშნული ტერიტორია. შეიქმნება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავის მხრივ გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე და ხელშეწყობაზე.“

„ის ხომ შეიძლება, ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხი მაინც ამოიტანონ“ – რისი შეცვლა სურთ მოსწავლეებს

„გვაქვს კაბინეტები, რომლებსაც არ ვიყენებთ.

მაგალითად ბიოლოგიაში ხომ უნდა იცოდე ჩონჩხის აგებულება? ის ჩონჩხი მაინც ხომ შეიძლება ამოიტანო კლასში და ბავშვს დაანახო, მაგრამ ესეც არ ხდება.

მიკროსკოპი გვაქვს, ერთხელ ამოიტანეს ისიც. თუმცა, ზოგს ლინზები აქვს გაფუჭებული, ზოგს რაღაც აკლია, დაშლილებია რა, ასე რომ ვთქვათ“, – ამბობს დიანა აბუსელიძე.

დიანა მეცხრეკლასელია და იმ პრობლემებზე გვიყვება, რაც საჯარო სკოლაში სწავლებას ახლავს თან. ის საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც მოსწავლეები იძულებული ხდებიან კერძო მასწავლებლებთან მოემზადონ.

„ახლა მხოლოდ ინგლისურზე დავდივარ, თუმცა მაღალ კლასებში როცა გადავალ, ვაპირებ სხვა საგნებშიც მოვემზადო.

ჩემს კლასში არ არის მაგალითად ისეთი პირობები, რომ გაკვეთილი ისე მოისმინო, როგორც საჭიროა. არ ხდება ცოდნის პრაქტიკაში გადაცემა. გვაქვს ქიმიის, ფიზიკის კაბინეტები. აღარ ვიყენებთ. კოვიდის შემდეგ აღარ გამოგვიყენებია ეს კაბინეტები.

თუმცა ის მაინც ხომ შეიძლება, რომ ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხი მაინც ამოიტანო კლასში და ბავშვს აჩვენო, არა? მაგრამ ეს ჩონჩხიც კი არ გვაქვს“, – ამბობს დიანა.

მას მოჰყავს გეოგრაფიის გაკვეთილი მაგალითად, სადაც პედაგოგი უფრო მეტად იყენებს ვიზუალიზაციას, ვიდრე სხვები.

„სიამოვნებით ვზივარ ამ გაკვეთილზე. „რა ვქნა, კომპიუტერში როდის ჩავრთო?“- გვეუბნებიან მაშინ, როცა ვიზუალიზაცია გვეხმარება უკეთ გავიგოთ მასალა.

ისეთი მასწავლებლებიც არიან, კითხვას რომ უსვამ გეუბნება – „ეს მე აგიხსენი ხომ, მეორედ რატომ უნდა გაგიმეორო?“.

აქვთ ისეთი საუბრებიც, რაც დემოტივაციას უფრო გიქმნის, ვიდრე მოტივაციას. თუ ერთხელ არ ისწავლე გაკვეთილი, გეტყვის – „ვერაფერს ვერ მიაღწევ“, იქნები ეგრე, როგორ მეეზოვეები არიან. მეეზოვეობა საერთოდ არ არის სამარცხვინო, პირიქით, მეეზოვეები ძალიან კარგ საქმიანობა ეწევიან“, – ამბობს დიანა.

მისი აზრით, სკოლაში გაკვეთილისთვის განკუთვნილი 45 წუთის სათანადოდ ვერ იყენებენ.

„იმ 45 წუთიდან შეიძლება 20 წუთი ისე დაიკარგოს რომელიმე ბავშვის გაჩერებაში, რომ ვერაფერი წამოიღო იმ გაკვეთილიდან.

ერთი ბავშვის გამო შეიძლება მასწავლებელი გაჩერდეს და აღარ გააგრძელოს გაკვეთილის ახსნა დანარჩენი 29-30 ბავშვისთვის. იტყვის – „მე თქვენ აღარ გამეცადინებთ ამაში, იმიტომ რომ არ გაინტერესებთ“. მაშინ როცა, შეიძლება მართლა ბევრს აინტერესებდეს ის მასალა. მერე იწყება ამაზე სხვა ბავშვების ნერვიულობა, რომ მე ეს საგანი მჭირდება ეროვნულზეც და მინდოდა მოსმენა. ზოგი ნიშანზე ნერვიულობს, რომ „ნიშანი გამიფუჭდება“, ზოგი ოჯახზე, რომ თუ ცუდი ნიშანი მიიღო, კონფლიქტი ექნება სახლში და ასე შემდეგ.

ცხადია, ძალიან რთულია ეს ყველაფერი“, – მიიჩნევს დიანა აბუსელიძე.

მისი აზრით, „სისტემა საკმაოდ დასალაგებელია“, რადგან  ასეთ პირობებში და გარემოში, ბავშვი ვერ ახერხებს განივითაროს ცოდნა.

ლინდა გობაძეც მეცხრეკლასელია. ის უკვე ემზადება რეპეტიტორთან და მიაჩნია, რომ ამის საჭიროება არსებობს, რადგან არ არის საკმარისად გამახვილებული ყურადღება იმ ყველაფერზე, რაც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ.

„პირველ რიგში, არ არის წიგნები სათანადოდ შერჩეული. ერთი მასწავლებელი 45 წუთში ვერ ასწრებს 29-ვე მოსწავლის გამოძახებას, რომ გაიგოს მათი ცოდნა ან მისცეს რაღაც ცოდნა.

თანამედროვედ რომ მიმდინარეობდეს სწავლება, უფრო მეტად მიეცეთ ბავშვებს გამოხატონ თავიანთი აზრი. ვფიქრობ უკეთესი იქნება.

ამასთან, შესაბამისი საგნის მასწავლებლები უნდა იყვნენ სკოლაში. აი, მაგალითად მათემატიკის მასწავლებელი რომ არ ჰყავს სკოლას, უშვებენ ფიზიკის მასწავლებელს“, – ამბობს ლინდა.

დიანას მსგავსად, ლინდაც პრაქტიკული სწავლების დეფიციტზე საუბრობს.

„პანდემიამდე ლაბორატორიებს მეტ-ნაკლებად ვიყენებდით, თუმცა წელს აღარ გვისარგებლია ამ კაბინეტებით. მე მგონი, წინა წელსაც არ იყო. ჯერ ვირუსს აბრალებდნენ, მერეც აღარ ჩაგვიყვანეს ლაბორატორიაში.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბავშვმა საკუთარი თვალით დაინახოს პრაქტიკაში ის პროცესი, რასაც თეორიულად ვსწავლობთ. ყველაფერი უნდა წარმოიდგინო და ყველას არ აქვს წარმოდგენის უნარი“, – ამბობს ლინდა.

რაც შეეხება მე-12 კლასს, ლინდა მიიჩნევს, რომ დამამთავრებელი კლასი ბევრად ეფექტური და გამოსადეგი იქნება აბიტურიენტებისთვის, თუკი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა იმ საგნები აირჩიონ, რის ჩაბარებასაც აპირებენ ეროვნულ გამოცდებზე.

„ახლა არ არის საგნები არჩევითი, შესაბამისად, მოსწავლეებს უწევთ იარონ რეპეტიტორებთან იმ საგნების მოსამზადებლად, რასაც აბარებენ.

მაგალითად, თუ მე სამედიცინოზე ვაბარებ, მინდა ბიოლოგიით ჩავაბარო, ხომ? ეს საგანი მჭირდება, მაგრამ მეთორმეტეში ამ საგანს სათანადოდ აღარ მასწავლიან. ამიტომ ამაზე იხარჯება დამატებითი დრო და ფინანსებიც.

YouTube video player

ეს პრობლემა რომ გამოსწორდეს მე-10, მე-11, მე-12 კლასებში უნდა იყოს არჩევითი საგნები და აღარ უნდა იხარჯებოდეს დრო იმ საგნებზე, რომელიც უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად არ მჭირდება“, – გვეუბნება დიანა.

მეცხრეკლასელია ლიკა რიჟვაძეც და მასაც მიაჩნია, რომ მე-12 კლასში რეპეტიტორთან მომზადება დასჭირდება.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ მომზადებას მე-12 კლასში, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი კლასში ძალიან ბევრი ბავშვი ვსხედვართ და 29 მოსწავლისთვის ერთი მასწავლებელი ცოტაა.

ვერ ახერხებს პედაგოგი ყველა ბავშვთან კომუნიკაციას და არც სიწყნარეა კლასში.

ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ბავშვი ან ბავშვები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესს ჩაშლიან. აქედან გამომდინარე გვჭირდება რეპეტიტორი“, – ამბობს ლიკა.

მისი თქმით, ყველას სჭირდება განსაზღვრული დრო რაღაცის სწავლისთვის, განსხვავებულია ბავშვების უნარებიც, ამიტომ საკლასო გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ბევრჯერ მიფიქრია, ახლა მარტო რომ ვიჯდე კლასში ან რამდენიმე ბავშვთან ერთად, უკეთ გავიგებდი ამ მასალას-მეთქი. გარემოსთან ადაპტირება ძალიან მიჭირს, მასწავლებლებიც ყოველ წელს იცვლებიან და ესეც რთულია“, – ამბობს ლიკა.

რატომ ხმაურობენ ბავშვები გაკვეთილზე? – ვეკითხებით მას.

ლიკას აზრით, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ის, რომ ბავშვებს არ აინტერესებთ გარკვეული საგნები.

„ზოგს მაგალითად ადრეულ ეტაპზე აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას ირჩევს და იმ საგნებს უფრო სწავლობს, რაც ამ პროფესიის შესასწავლად სჭირდება. შესაბამისად, სხვა საგნის გაკვეთილებზე ხმაურობს. „არ არის ჩემი სფეროს და რატომ ვისწავლო?“ -ამბობს ბავშვი.

სხვა ბავშვებს კი ხელი გვეშლება, ვისაც გვაინტერესებს ვთქვათ ეს საგანი.

პრობლემაა ისიც, რომ ხშირად რომელიმე საგანს ისეთი პედაგოგი გასწავლის, რომელიც არ არის ამ საგნის სპეციალისტი. მაგალითად, ხელოვნების გაკვეთილზე შემოსულა მუსიკის მასწავლებელი და უთქვამს, „მე ხელოვნება არ ვიცი, არ მეხერხება“ და გვაძლევს უფლებას გაკვეთილზე ტელეფონები გამოვიყენოთ. ამიტომ ხელოვნება, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი საგანია, გავატანეთ ქარს“, – ამბობს ლიკა რიჟვაძე.

მისი თქმით, საჯარო სკოლაში სათანადო გაკვეთილები მაინც ვერ ტარდება და ეს არის როგორც პედაგოგის, ასევე სისტემის ბრალი.

„პედაგოგის იმიტომ, რომ ბევრი ვერ ახერხებს ბავშვის გაჩერებას გაკვეთილზე და მთელი დრო მასთან საქმის გარჩევაში გაჰყავს.

სისტემის იმიტომ, რომ კლასში ბევრი ბავშვია და ერთი მასწავლებელი ვერ სწვდება ყველას.

პრაქტიკის ნაკლებობის ბრალიცაა, რადგან როგორც პატარებს, მოზრდილ ბავშვებსაც გვიყვარს თამაშით, კეთებით სწავლა, ასე უფრო გვამახსოვრდება ნასწავლი, ვიდრე ის, რომ დაჯდე და დაიზეპირო“, – ამბობს ლიკა.

მისი აზრით, მოსწავლეს რეპეტიტორის დახმარება იმ შემთხვევაში არ დასჭირდება, თუკი საჯარო სკოლებში რეალურად გახდება ბავშვზე ორიენტირებული.

„როდესაც სკოლებშიც მართლა საფუძვლიანად დაიწყებენ სწავლას, მაშინ შეიცვლება რეალობა“, – მიიჩნევს ლიკა.

„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლე“ – 92 წლის კაცი შუახევის დაცლილი სოფლიდან

„ოცნებამ შეიძლება რუსული კანონის მიღება მოიწადინა, მაგრამ ხალხმა არ ქნა,“- პოლიტიკურ პროცესზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს 92 წლის თეიმურაზ აბაშიძე, რომელსაც შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში შევხდით.

სოფელ ქიძინიძეებში სახლების დიდი ნაწილი დაცარიელებულია. მოხუცს გამოკეტილი სახლების მწკრივის ჩაყოლებაზე შევხვდით – საკუთარი სახლის კიბის საფეხურზე მზეს ეფიცხებოდა.

თეიმურაზ აბაშიძე, რომელიც ყოფილი მასწავლებელია და 40 წელი მუშაობდა სკოლაში, მიიჩნევს, რომ სოფლისა და ქვეყნის გაძლიერებაც ევროპასთან დაახლოებით შეიძლება: „ევროკავშირში შესვლა კარგია იმიტომ, რომ სიმდიდრე მოიმატებს“, – ამბობს ის.

მას კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი აქვს: „მოსამართლის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს… უნდა შემოწმდეს მოსამართლეების კეთილსინდისიერება“.

რას ითხოვს 92 წლის კაცი შუახევიდან

„რუსეთს ჩვენთვის კარგი არ უნდა. ხომ ხედავთ, ტერიტორიები წაგვართვა, აფხაზეთი წაგვართვა, ოსეთიც, ომი გამოგვიცხადა… მაშინ რომ ევროპის ქვეყნები არ ჩარეულიყვნენ, საქართველო დაღუპული იყო.

საქართველო ევროპისკენ მიდის, რუსეთისკენ არ წავა. ევროკავშირში შესვლა კარგია იმიტომ, რომ სიმდიდრე მოიმატებს. ევროკავშირში რომ სახელმწიფო შედის, მას მერე რამდენიმე სახელმწიფო ერთად სთხოვს, შენ ეს და ასე გააკეთე, არ იზარმაცოო. ევროპაში სიმდიდრეა და ამიტომ გარბიან საქართველოდან ევროპაში.

ახლა კანდიდატია საქართველო, მერე მიიღებენ წევრად. მიიღებენ საქართველოს, აუცილებლად მიიღებენ,“ – დასარწმუნებლად თეიმურაზ აბაშიძე ჯოხს ხმაურიანად ურტყამს კიბის ასასვლელს.

მას არ უკვირს, როცა მოსამართლეები და მათთან ერთად „ქართული ოცნება“ წინააღმდეგნი არიან, მოსამართლეების კეთილსინდისიერება შემოწმდეს.

„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს. რატომ არ უნდა შემოწმდეს? მერე რა, რომ არჩეულია, თუ ვატყობთ, რომ არასწორად მუშაობს, იმუშაოს არასწორად? მოსამართლე, რა თქმა უნდა, გავლენის ქვეშ არის,“ – გვითხრა თეიმურაზ აბაშიძემ.

რატომ იცლება სოფელი და რამ შეიძლება გააძლიეროს სოფელი? – მას ესეც ვკითხეთ. მაგალითად, სოფელ ქიძინიძეებში, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, 150 სახლიდან დაახლოებით 50 ოჯახია ადგილზე.

„რატომ იცლება და ცხოვრების პირობები დაბალია. მომავალი არ არის, მომავალი არ ჩანს. მთავრობის ბრალია, აბა, ვისი ბრალია?“ – კითხულობს 92 წლის კაცი და პაუზის შემდეგ განაგრძობს:

„ორი-სამი ქარხანა რომ აშენდეს შუახევში, ხალხი დასაქმდება და რაიონი არ გაუქმდება. რაღაც უნდა გამონახოს საშუალება რაიონმა, რომ განვითარება იყოს, ვერ ვხედავთ ამას.

ეს არის მთლიანად მთავრობის, პარლამენტის ბრალი, მარტო ერთი კაცის არა.

მთავრობას ვეტყოდიო, რომ ის პირობა შეასრულოს, რაც თავიდან დაჰპირდა ხალხს… ივანიშვილი კარგად მუშაობს, რაც შეუძლია. თავიდან რომ პირობა მისცა ხალხს, ყველას ვერ ასრულებს, მაგრამ უმრავლესობას ასრულებს,“ – ამბობს თეიმურაზ აბაშიძე. მას დაკონკრეტება ვთხოვეთ: რომელი დაპირება შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“, მაგალითად, „უფასო ფული“ მიიღო?

„უფასო ფულს ვერ ვიღებთ, სოფელი უკვე დაიშალა,“ – სოფელს გაჰყურებს მოხუცი და იმასაც გვიყვება, ბოლო რამდენიმე წელია სოფელში ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც რომ აღარ მოძრაობს.

„აქედან შუახევში რომ ჩახვიდე, 14 კილომეტრია ფეხით, პირდაპირ თავდაღმა ჩასასვლელია, როგორ ჩახვალ და ამოხვალ სოფელში?“ – კითხულობს თეიმურაზ აბაშიძე.

კვირის თეატრალური აფიშა ბათუმში: 30 მარტი – 5 აპრილი

30 მარტი – 5 აპრილის კვირაში ბათუმის თეატრებში მისულ მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლზე დასწრების საშუალება ექნება.

ბათუმის დრამატული თეატრი 29-30-31 მარტს მაყურებელს პრემიერას სთავაზობს.

„ბათუმელები“ გთავაზობთ კვირის თეატრალურ აფიშას.

  • ბათუმის დრამატული თეატრი

„როცა გადაუღებლად წვიმს“

მცირე სცენა

რეჟისორი: მალხაზ ასლამაზაშვილი

თარიღი: 29-30-31 მარტი, 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 10-15 ლარი

„კედელი“

დიდი სცენა

რეჟისორი: სალომე ჯიჯავაძე

თარიღი: 2 აპრილი, 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 10 ლარი

 „დედა კურაჟი“

დიდი სცენა

რეჟისორი: გაგა გოშაძე

თარიღი: 3 აპრილი, 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 5 ლარიდან

  • ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

„სამი გოჭი“

თარიღი: 30 მარტი, 13:00 საათი

რეჟისორი: გელა გელაძე

ბილეთის ფასი : 7 ლარი

სარეკომენდაციო ასაკი : 3+

„ფერადი ნისლების სანაპირო“

თარიღი: 31 მარტი, 13:00 საათი

რეჟისორი: დავით მაცხონაშვილი

ბილეთის ფასი : 7 ლარი

სარეკომენდაციო ასაკი : 3+

  • ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

სიმფონიური მუსიკის საღამო

მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი: დავით მუქერია

თარიღი: 31 მარტი, 18:00 საათი

შენიშვნა: სიმფონიური მუსიკის საღამო გაიმართება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში

მისამართი –  ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა, დ. თავდადებულის ქ.#20

რუსეთის მასობრივი თავდასხმა უკრაინაზე – კიევის ცნობით 90-იდან 84 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

29 მარტს, ღამით, რუსეთმა კიდევ ერთი მასიური შეტევა განახორციელა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით.

მედიის ცნობით, უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების სიგნალი.

კიევის ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში გაუშვეს 99 საჰაერო თავდასხმის იარაღი: 60 შაჰედ-136/131, სამი რაკეტა „კინჯალი“, ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-M“, 9 მართვადი X-59 რაკეტა, 4 „ისკანდერ-K“  და 21 Kh-101/Kh-555 რაკეტები.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, მათ 90-იდან 84 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

კომპანია „უკრენერგო“ იტყობინება, რომ რუსული თავდასხმის სამიზნე იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანდა თბოელექტრო და ჰიდროელექტროსადგურები. დნეპროპეტროვსკის ოლქში შუქი გაითიშა, ხარკოვში შემოიღეს საათობრივი გათიშვის გრაფიკი.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის გამო ღამით სამხედრო ავიაცია მოიყვანეს მზადყოფნაში.

„პრინციპული თამაშია, გელით ყველას“ – „დინამო ბათუმი“ VS „ტორპედო“

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, „დინამო ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება ეროვნული ლიგის გათამაშების ფარგლებში.

მატჩი საღამოს, 21 საათზე დაიწყება.

„პრინციპული თამაშია და იმედია ატმოსფერო იქნება ძალიან მაგარი სტადიონზე, გელოდებით ყველას, კიდევ ერთი გამარჯვება გვჭირდება“ – ასე მიმართა საქართველოს ნაკრების წევრმა, „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გულშემატკივრებს.

დღეის მონაცემებით, „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სიის სათავეშია. გუნდმა გათამაშების პირველი წრის 4 შეხვედრიდან ყველა მოიგო შედეგად 12 ქულა დააგროვა.

___________________

ფოტო: ეროვნული ლიგა

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით  – წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 31 მარტსა და 1-ელ აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 440 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
  • ტანკი – 6 922 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 13 264 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 10 991 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 023 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 735 ერთეული [+6]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 656 ერთეული [+56]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 022 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 645 ერთეული [+50]
  • სპეცტექნიკა – 1 807 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 17 658 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 642 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 256 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 573 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 343 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

600 ბავშვი დაიღუპა, 1800 დაობლდა – რუსეთის ომის გავლენა უკრაინელ ბავშვებზე

სევასტოპოლთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მოთხოვნები საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის დროს – ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ „საფეხმავლო ბილიკების  მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ის რეგლამენტი კი, რომელიც მთავრობამ 2016 წელში დაამტკიცა, და დღემდე მოქმედებდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ახალი რეგლამენტი 2024 წლის 14 მარტიდან ამოქმედდა.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები და ნორმები საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ, სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისთვის [საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად].

რეგლამენტის მიხედვით, საფეხმავლო მარშრუტის დამპროექტებელმა გეგმარებითი სამუშაოების დაწყებამდე და პროექტის მომზადების პროცესშიც უნდა გაითვალისწინოს შემდეგი მოთხოვნები:

  • „მოსანიშნი მარშრუტი უნდა შეარჩიოს ისე, რომ გაითვალისწინოს მისი კულტურული, ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალი [მომსახურების ობიექტების ჩათვლით].
  • მარშრუტის დაგეგმვისას, მიზანია შეირჩეს ისეთი მარშრუტი, რომელიც იქნება მაქსიმალურად მიმზიდველი და უსაფრთხო, რაც შეიძლება ოპტიმალური სამშენებლო ხარჯებით. ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მარშრუტის სამომავლო მოვლა-პატრონობის საკითხები.
  • მარშრუტის დაპროექტება და მონიშვნა უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე.
  • მარშრუტის მომკვლევი/დამპროექტებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ბილიკზე არსებული რისკები და ბუნებრივი საფრთხეები [მეწყერი, ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ცხოველებთან კონფლიქტი და ა.შ.].
  • საფეხმავლო მარშრუტი სასურველია უკავშირდებოდეს ტურისტული მარშრუტების არსებულ ქსელს და/ან გააჩნდეს საფეხმავლო მარშრუტების ერთიან ქსელში ჩართვის პოტენციალი.
  • მარშრუტი სასურველია იწყებოდეს და სრულდებოდეს დასახლებულ პუნქტში ან მის სიახლოვეს.
  • საფეხმავლო ბილიკები სასურველია არ კვეთდეს ინდუსტრიულ, სატრანსპორტო, სახიფათო მონაკვეთებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ დანიშნულების ადგილებს.
  • მესაკუთრის წერილობით ნებართვის გარეშე დაუშვებელია მარშრუტის გაყვანა კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაზე.
  • საფეხმავლო მარშრუტის გეგმარებისა და მონიშვნისას გაითვალისწინოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.“

საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნისთვის  განკუთვნილია შემდეგი ინფრასტრუქტურა: მანიშნებელი დაფა; ნიშნული; ნიშნულის ბოძი; საინფორმაციო ნიშანი; საინფორმაციო დაფა.

ამასთან, მარშრუტის მონიშვნის სამუშაოები და მისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა სავალდებულოა მომზადდეს რეგლამენტით გათვალისწინებული მასალების, ზომების, დიზაინისა და პირობების მიხედვით.

ახალი ტექნიკური რეგლამენტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

 

 

მთავარი ფოტო: ხიხანის ციხე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

„ამბასადორს“ 3-მილიონიანი საბანკო გარანტიის წარმოდგენა მთავრობამ 18 თვით გადაუვადა

მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს აშენებს, ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 18 თვით გადაუვადა.

მთავრობის 2023 წლის სექტემბრის განკარგულებით „ამბასადორს“ ახალი საბანკო გარანტია, არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა წარმოედგინა.

ამ ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე, 2024 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა ახალი განკარგულება, რომლითაც ზემოთ აღნიშნული ვადა კომპანიას 18 თვით – 2025 წლის 30 სექტემბრამდე გადაუვადეს.

საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის ცვლილებაზე მთავრობის 2023 წლის [მარცხნივ] და 2024 წლის [მარჯვნივ] განკარგულებებიდან
უცვლელი დარჩა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა, რომელიც „აღნაგობის ხელშეკრულების“ შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 თვით, რაც ასევე „უზრუნველყოფს შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას [მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას]“.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ცვლილება უკვე მესამედ შევიდა.

წინა ორ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა.

საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ მოგვაწოდა, მთავრობამ კი – თავისივე განკარგულება.

დოკუმენტების ნაწილი [მათ შორის მთავრობის განკარგულება] „ბათუმელებმა“ სხვა წყაროებით მაინც მოიპოვა. დეტალების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.

როგორ ჩანს ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძული სატელიტიდან

 

მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ავტომანქანის წინა საქარე მინების დაბურვის აკრძალვა მოიხსნა – ახალი ბრძანება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ავტომანქანის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირების აკრძალვა გაუქმდა.

ახალი ბრძანებით, 2024 წლის 27 მარტიდან დასაშვებია იმ ავტომანქანის თავისუფლად გადაადგილება, რომლის წინა საქარე მინა დაბურულია 30 ან ნაკლები პროცენტით, ოღონდ, შუქგამტარობა შემცირებული უნდა იყოს ავტომანქანის დამამზადებლის [მწარმოებლის] მიერ.

დაბურულმინებიანი ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები საქართველოში 2010 წელს დაწესდა. 2014 წელს კი, ეს წესი შეიცვალა.

შს მინისტრის 2014 წლის ბრძანებაში, რომელიც დღემდე მოქმედებს, ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნული იყო, რომ „სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია.“

2024 წლის ბრძანებით კი, 27 მარტიდან ეს ჩანაწერი უკვე ამოღებულია.

დღემდე, დამუქებული მინები შემდეგნაირად იყო განმარტებული: „ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40%–ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%–ზე მეტი ოდენობით“.

დღეიდან კი, დამუქებულ მინებად ითვლება – „ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო წინა საქარე მინაზე 30%-ზე მეტი ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ“.

შეიცვალა ასევე მუხლი, რომელიც ეხება ავტომანქანებს, რომლებიც არ საჭიროებენ საპატრულო პოლიციის თანხმობას. შესაბამისად, 2024 წლის 27 მარტიდან, „სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას“ განისაზღვრა შემდეგნაირად:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.

2. სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს.“.

რა იწვევს ორსულობის დროს ვენების გაფართოებას და როგორია პრევენცია – ანგიოლოგის რჩევები

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება ორსულობის ტიპური პრობლემაა. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანგიოლოგი არჩილ სიგუა საუბრობს „ბათუმელებთან“ თუ როგორია ვარიკოზული დაავადების ადრეული ნიშნები და რა საშუალებები არსებობს პრევენციისთვის.

  • ბატონო არჩილ, რატომ იზრდება ვარიკოზის რისკი უშუალოდ ორსულობის დროს, რა ხდება ამ დროს?

ორსულობა ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია და მოდით, ავხსნათ რატომ:

პირველ რიგში ეს არის დატვირთვა – როცა ნაყოფი ფიზიკურად აწვება ვენურ სისტემა, ვენებს უჭირთ სისხლის გატარება და სწორედ ეს სისხლი, რომელსაც უჭირს ზევით [გულ-სისხლძარღვთა სისტემაში] ასვლა, ტვირთავს ქვემო კიდურების ვენებს ანუ აფართოებს მათ. რაც უფრო მეტი სისხლია ვენებში, მით უფრო ფართოვდება ვენა. ამ დროს ზიანდება ვენის შიდა კედელი, რის გამოც ვენა ვეღარ ბრუნდება საწყის მდგომარეობაში და ხდება ვარიკოზულად გაფართოებული.

ზეწოლის და გაფართოების დროს ვენებში ზიანდება სარქვლოვანი სტრუქტურები, რაც კიდევ ერთი ფაქტორია იმისთვის, რომ ვენა ნორმაში აღარ დაბრუნდეს.

ორსულობის დროს ვარიკოზის მეორე ხელშემწყობი მიზეზია ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს. კონკრეტული ჰორმონის ჭარბად გამოყოფის შედეგად ზიანდება ვენის შიდა კედელი, იმგვარად, რომ ვენა კარგავს ელასტიკურობას და გაფართოებული ვენა აღარ ბრუნდება თავის ჩვეულ მდგომარეობაში.

Mayo Clinic: ორსულობის დროს ორგანიზმში სისხლის მოცულობა იზრდება. ეს ცვლილება ეხმარება მზარდ ნაყოფს, მაგრამ ამავე ცვლილებას ასევე შეუძლია გააფართოვოს ქვემო კიდურების ვენები.

  • ვარიკოზის ნიშნები ორსულობის დროს სად იწყება, როგორ ვითარდება?

იწყება ყველაფერი იმით, რომ ორსული ქვემო კიდურებში გრძნობს სიმძიმეს, ქვემო კიდურის [წვივის] კუნთების განასკვას ღამით, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას, ასევე ხდება ქვემო კიდურების შეშუპება. შემდეგ უკვე ვენები ვიზუალურად შესამჩნევი ხდება ქვემო კიდურზე – შეიძლება დაეტყოს როგორც კაპილარები/კაპილარული ბადე, ისე – უფრო დიდი მოცულობის კანქვეშა ვენები.

სიმპტომები უფრო ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან იჩენენ თავს. რაც უფროა დიდი ვადაა ორსულობის, უფრო და უფრო მატულობს სიმპტომების ინტენსივობა.

უნდა ითქვას, რომ თვალით შესამჩნევი გაფართოებული ვენები ქვემო კიდურების გარდა, შესაძლოა განვითარდეს ქალის სასქესო ორგანოებზე [ვარიკოზული ვენები წარმოიქმნება ქალის სასქესო ორგანოების გარე ზედაპირზე, რომელსაც ეწოდება ვულვა] რასაც მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზი ჰქვია. მისი მიზეზიც ორსულობაა.

Mayo Clinic: ამის მიზეზია ორსულობის დროს მენჯის არეში სისხლის ნაკადის გაზრდა, ასევე ორსულობის დროს სხეულის ქვედა ნაწილიდან გულში სისხლის ნაკადის შენელება. ამის გამო სისხლი შეიძლება დაგროვდეს ვულვაში – გამოიწვიოს ვულვის ვარიკოზული გაგანიერება.

  • რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის და უკვე წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად?

გაიდლაინებით მოწოდებულია, რომ ყველა ორსულს ორსულობის დასაწყისიდანვე უნდა ეცვას პროფილაქტიკური დანიშნულების კომპრესიული წინდა. ეს ეხება ყველა ორსულს – მათაც, ვისაც არ აქვს ჩივილები, არ აქვს ვენები და არც ჰქონიათ აქამდე, ორსულობის დაწყებიდან უნდა ჩაიცვან კომპრესიული წინდა, რომ პროვოცირება ნაკლები იყოს ვენების გაფართოების. 

კომპრესიული წინდა უნდა იყოს საზარდულამდე ან მუხლამდე და უნდა იყოს პროფილაქტიკური, ანუ პირველი კლასის კომპრესიის. პაციენტი მას ატარებს აქტივობის დროს, ანუ დღის განმავლობაში, ძილის დროს – არა.

თუ ორსულს დაუდასტურდა ვენების ვარიკოზული დაავადება, აქ მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია, ექოსკოპიურად უნდა გამოვიკვლიოთ რა ხდება ამ ვენებში, იმიტომ, რომ კლასიკური მკურნალობა გელებითა და მედიკამენტებით, ორსულებში რეკომენდებული არ არის.

პრეპარატები ორსულებში, როგორც წესი, არ ინიშნება, იმიტომ, რომ უფრო მეტი უარყოფითი გავლენა აქვთ პრეპარატებს ნაყოფზე, ვიდრე დადებითი გავლენა ორსულზე.

ჩემთან მოსულ პაციენტს, უკვე თუ აწუხებს ვენები, ვუნიშნავ კომპრესიულ წინდებს, მაგრამ უკვე სამკურნალოს – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, არსებობს სხვადასხვა ტიპის წინდა, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობის ზეწოლას ახდენენ ქვედა კიდურზე. პროტოკოლით არ არის მოწოდებული, რომ ვარიკოზის გამო პაციენტს დაენიშნოს ვენოტონიკური ან სისხლის გამათხელებელი პრეპარატები.

სხვა საქმეა, როცა გართულებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.

  • რა შეიძლება იყოს ორსულობის დროს ვარიკოზის გართულება?

გართულება არის უკვე თრომბოზი. აქ სხვა სიტუაციაა, ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება აქტიური მკურნალობა და აუცილებელია ანგიო-ქირურგის, ანგიოლოგის ინტენსიური მეთვალყურეობა.

გაფართოებული ვენის შემთხვევაში, რაც უფრო ფართოა ვენა, მით უფრო იკლებს სისხლის გადაადგილების სიჩქარე ვენაში. დაქვეითებული სიჩქარე ნიშნავს, რომ სისხლი სტატიკაშია და შეიძლება შედედდეს. სწორედ სისხლის შედედება არის თრომბოზი.

  • რა შეიძლება მივიჩნიოთ საგანგაშო ნიშნებად?

თუ პაციენტს [ვარიკოზული დაავადებით ან მის გარეშე] ქვემო კიდურში დაეწყო ტკივილი, შეუშუპდა ფეხი, აქვს ტკივილი ვენის პროექციაზე, ანუ ბარძაყის და წვივის შიდა ზედაპირზე, შეინიშნება გამაგრებული ვენა ან გაწითლებული კანი – ეს ნიშნავს, რომ არის გართულება, დიდი ალბათობით თრომბოზი და საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ანგიოლოგს. 

გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზული დაავადების დროს ანგიოლოგმა ნახოს პაციენტი, რადგანაც ამ შემთხვევაში გასათვლელია რისკი, თუ რა ტიპის მშობიარობაზე წავა ორსული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ არის ძლიერი ვარიკოზი მცირე მენჯის ღრუს ვენების, შესაძლოა ანგიოლოგმა ჩათვალოს, რომ მაღალი რისკია ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის და მიცეს რეკომენდაცია მეან-გინეკოლოგს ამასთან დაკავშირებით.

  • ორსულობაში განვითარებული ვარიკოზი, ბავშვის გაჩენის შემდეგ გადადის თუ რჩება?

Johns Hopkins Health Care: ორსულობის დროს განვითარებული ვარიკოზული ვენების უმეტესობა უმჯობესდება ბავშვის გაჩენიდან პირველი წლის განმავლობაში.

ქვემო კიდურებზე ძლიერად გაფართოებული ვენები, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ძველ მდგომარეობაში, თუ ბრუნდება – უმნიშვნელოდ. მცირე მენჯის ვენების ვარიკოზის შემთხვევაში, უხშირესად ეს პრობლემა გვარდება და ორსულობის შემდეგ სასქესო ორგანოებიდან ვენების გაფართოება პრაქტიკულად ქრება. 

არსებობს ძველი მიდგომები, როცა ორსულ პაციენტებს სხვადასხვა ვენების გაფართოების დროს უტარდება ოპერაციული მკურნალობა, ვენების გადაკვანძვა და ა.შ. თითქოს პრევენციულად. ასეთი მიდგომა იყო ათეული წლების წინ, მაგრამ ახლა არ არის მიზანშეწონილი პრაქტიკა, არც პროტოკოლით არ არის მოწოდებული. მეტიც, განვითარებულ ქვეყნებში ზედაპირული ვენების თრომბოზის დროსაც კი, პრაქტიკულად ოპერატიული მკურნალობა არ კეთდება. 

___________________________

Johns Hopkins Health Care-ს რეკომენდაციები ორსულებისთვის:

  • შეზღუდეთ შესვენების გარეშე დიდხანს დგომა ან ჯდომა; შეეცადეთ არ გადაიჯვარედინოთ ფეხები; შეეცადეთ აწიოთ ფეხები მაღალზე, როცა ზიხართ ან წევხართ;
  • არ ჩაიცვათ მჭიდრო ტანსაცმელი წელის, ბარძაყისა და ფეხების გარშემო, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ვარიკოზული ვენები.

7 წლის ბარბარეს დიაგნოზი ვერ დაუსვეს – უცხოეთში შვილის წასაყვანად მშობელი დახმარებას ითხოვს

7 წლის ბარბარე აბაშიძეს აუტისტური სპექტრის აშლილობა 2 წლის ასაკში დაუდგინდა და უტარდებოდა თერაპია. ბარბარეს ბოლო სამი წელია დაეწყო დაუზუსტებელი წარმომავლობის ართრიტი. თავიდან უბრალოდ ფეხს იტკიებდა, მერე კი ნელ-ნელა საერთოდ შეწყვიტა სიარული. სისტემურად დაზიანდა შემაერთებელი ქსოვილები.

ყველაფერს თან დაერთო D ვიტამინის მწვავე დეფიციტი, რკინადეფიციტური ანემია და ასევე დაუზუსტებელი წარმომავლობის ეპილეფსია.

ბარბარეს მეტყველებით კომუნიკაციის დამყარება არ შეუძლია. ვერ საუბრობს და, შესაბამისად, ვერ აგებინებს მშობლებს და ექიმებს რა და როგორ სტკივა. ამას მხოლოდ მინიშნებებით აკეთებს.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფერმა ნერვული სისტემის მწვავე დაზიანებაც გამოიწვია. ბარბარე ახლა თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციაშია. კრუნჩხვების, პერიოდული გულყრების და მწვავე ცხელების ფონზე მდგომარეობა უარესდება, შეუძლებელია გადასხმების გაკეთება, რადგან ბარბარეს ვენები ამის შესაძლებლობას აღარ იძლევა.

კლინიკამ გასცა ცნობა, რომ ბავშვს დიაგნოზს ვერ უსვამენ, ვერ ირკვევა, რამ გამოიწვია ყველაფერი და გასცემენ პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას, სამკურნალოდ.

„ბარბარეს სჭირდება ფართომასშტაბიანი და ბევრი კვლევა, თურქეთის კლინიკამ გამოგვიგზავნა ჯერჯერობით მხოლოდ 4 საწყისი ანალიზის ხარჯთაღრიცხვა, რაც 6200 დოლარია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაგვიფინანსებს ამ კვლევებს, მკურნალობის პროცესი მერე იწყება და  მინიმუმ 20 ათასი დოლარის მობილიზება მაინცაა საჭირო ბარბარეს სამკურნალოდ საწყის ეტაპზე. სულ რა თანხა იქნება საჭირო მკურნალობისთვის ჯერ ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს ბარბარეს დედა, ხატია ჩხაპელია.

ბარბარე აბაშიძე

ოჯახს კომუნიკაცია სტამბოლის ლივის კლინიკის ექიმებთან აქვს.

იაშვილის კლინიკის ექიმები ცდილობენ ბავშვის მდგომარეობა დაასტაბილურონ ისე, რომ  ბავშვის გადაყვანა ჩვეულებრივი თვითმფრინავით უსაფრთხო იყოს.

7 წლის ბარბარე ახლა რეანიმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა. ყველა სახსარში განვითარებული ანთებითი პროცესის გამო ბავშვს სახსრებში წყალი უდგება, რაც ასევე საჭიროებს თურქეთში ცალკე კვლევებს.

ტკივილების ფონზე, როცა ბარბარე ექიმებთან ვერ ამყარებს კომუნიკაციას, ბავშვის ისტერიკა უმართავი ხდება. ტირის, ყვირის და ბრაზობს.

იაშვილის კლინიკაში ყოფნის პერიოდს სახელმწიფო ნაწილობრივ უფინანსებს ოჯახს, ნაწილს კი თავად იხდიან.

„როცა კლინიკაში ვაწვენთ ბავშვს, რაღაც პროცენტს აფინანსებს სახელმწიფო, რაღაც პროცენტს ვიხდით ჩვენ. მაგრამ როცა მიგვყავს გამოკვლევებზე სხვადასხვა ექიმთან, ყველგან ვიხდით თანხის 100%-ს.

10 000 ლარზე მეტი დავხარჯეთ უშედეგო მკურნალობაში და მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გართულდა. ყველანაირი წყარო გადაგვეწურა“, – ამბობს ბარბარეს დედა.

აუტისტური სპექტრის გეგმიურ თერაპიებს თუ არ ჩავთვლით, ბარბარეს უკვე 3 წელია ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გამო მკურნალობენ. თერაპიებზე კი საუბარიც ზედმეტია ჯერ. დიაგნოზის და ტკივილების წარმომავლობის დაუდგენლობამ ყველა პრობლემა უფრო და უფრო გაამწვავა. იყო შემთხვევა როცა ბარბარეს გული გაუჩერდა, ყველანაირი მონაცემი დაეცა და რეანიმაციაში 18 დღიანი ბრძოლის შემდეგ მომჯობინდა.

ოჯახს ბავშვის გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდა, მაგრამ ბარბარემ მაშინ კრიზისი დაძლია და გადარჩა.

ოჯახი ახლა საზოგადოების დახმარების იმედადაა.


 

ანგარიშს ნომრები:

საქართველოს ბანკი: GE89BG0000000155154200 – მიმღები ნათია ჩხაპელია, ბარბარეს დეიდა

თი ბი სი ბანკი: GE44TB7261345064300054 – მიმღები ნათია ჩხაპელია

საქართველოში უფრო ნაკლები ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა – 2023 წლის სტატისტიკა

2023 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, საქართველოში სხვაობა დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის არის -2 542.

გარდაცვლილების რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე მეტია საქართველოს ყველა რეგიონში, თბილისის, აჭარის და ქვემო ქართლის გარდა.

ამავე დროს, საქსტატის ცნობით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში [12 229 ადამიანი], ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში [580 ადამიანი].

2023 წელს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება.

____________________________

ამავე თემაზე: რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში

რა ქუჩებზე შეწყდება ხვალ გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 29 მარტს ბათუმის 3 ქუჩაზე გაზი გაითიშება.

კერძოდ:

11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის #1-ში მცხოვრებ 551 აბონენტს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება დემეტრე თავდადებულის ქუჩის #11-17-ში მცხოვრებ 110 აბონენტს.

ამავე პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება ანა კალანდაძის ქუჩაზე მცხოვრებ 135 აბონენტს.

„სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ქორწინების საშუალო ასაკი ქალისთვის 29 წელია, კაცისთვის კი 32 – სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებულ იქნა 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის – 32.1 წელს.

2023 წელს ყველაზე მეტი წყვილი დაქორწინდა თბილისსა და იმერეთში, ყველაზე ცოტა – რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამავე დროს, 2023 წელს საქართველოში 13 664 წყვილი განქორწინდა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოში დედის საშუალო ასაკი 26-27 წელია პირველი ბავშვის დაბადებისას

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა.

2023 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში ქალები პირველ შვილს ყველაზე ხშირად 25-29 წლის და 30-34 წლის ასაკში აჩენენ.

2022 წელთან შედარებით, გასულ წელს მცირედით შემცირდა 20-24 წლის ასაკში პირველი ბავშვის დაბადების მაჩვენებელი და გაიზარდა 40-49 წლის ასაკში პირველი შვილის გაჩენის შემთხვევები.

სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 5.0 პროცენტით შემცირდა.

2023 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში [13 697], აჭარასა [5 046] და ქვემო ქართლში [4 878]. შოაბდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში [226], მცხეთა-მთიანეთსა [845] და გურიაში [885].

საგრანტო კონკურსი – პროექტი „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) მიერ.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჩართულობისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, სათემო ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებს.

კონკურსის მიზანი:

საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანაა ისეთი ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, მასში საზოგადოების ფართო ჩართულობას,  ევროკავშირის მიმართ ინტერესისა და ინფორმირებულობის გაზრდას ქვეყნის მასშტაბით – საქართველოს რეგიონებში, სოფლებსა და თემებში.

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ იდეებს, ინიციატივებს და ისეთ აქტივობებს, რომელიც მიწვდება მათ შორის რთულად მისადგომ დასახლებებსა და მცირე სათემო ჯგუფებს.

კონკურსის მიზანია პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს მათ შორის,  შემდეგ აქტივობებს:

ა.    საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიები, მედია ინიციატივები ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად;

ბ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება (მათ შორის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მონიტორინგის საფუძველზე);

გ . საზოგადოებრივი და სათემო ინიციატივები, მათ შორის ახალგაზრდობის მონაწილეობით.

აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს პროექტის ძირითად მიზანს: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება.

განაცხადების წარდგენის პროცედურა და მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ რეგისტრირებულ, მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან (საპროექტო წინადადებები არარეგისტრირებული ჯგუფებისგან განიხილება მხოლოდ მათი შემდგომი რეგისტრაციისა და საბანკო ანგარიშის გახსნის პირობით);
  • პროექტი უნდა იყოს შედგენილი საგრანტო განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: https://apply.csf.ge/); აპლიკაციის შევსებისას პუნქტ N 2 – ში (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ) აუცილებელია მოინიშნოს ევროინტეგრაციის პროგრამა;
  • განაცხადში მკაფიოდ უნდა ჩანდეს პროექტის მიზნები და სამოქმედო გეგმა;
  • ბიუჯეტი უნდა იყოს რეალისტური, კარგად დასაბუთებული და შემოთავაზებული აქტივობების შესაბამისი;
  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ევროს, ხოლო მინიმალური თანხა არ უნდა იყოს 10 000 ევროზე ნაკლები;
  • განაცხადის ფორმაში მოცემული ინფორმაციის გარდა, პროექტს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და პროექტში მონაწილე სხვა პირების ბიოგრაფიები;
  • განაცხადთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ზოგადი ინფორმაცია 2022-2023 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტების ჯამური ბიუჯეტებით;
  • პროექტის ხანგრძლივობა: პროექტის განხორციელების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს;
  • კონკურსის ფარგლებში დაუშვებელია ერთი განმცხადებლის მიერ ორი ან მეტი განაცხადის წარდგენა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 23 აპრილი, 18:00 სთ;

განაცხადის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება ონლაინ (Zoom), კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების პერიოდში, 5 და 15 აპრილს 11.00 საათზე. კონსულტაციის მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აღნიშნული ფორმით .

შერჩევის პროცედურა: კონკურსზე წარმოდგენილ პროექტებს შეაფასებს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ექსპერტთა კომისია. შერჩევის კრიტერიუმები წინასწარ იქნება განსაზღვრული, რათა საგრანტო კონკურსი ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 599 539910; ელ.ფოსტა: iraklitsertsvadze@gmail.com

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) 

ბათუმში გაუარესებულია ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი

ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 2024 წლის 28 მარტის მონაცემებით გაუარესებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი „ცუდი“ და „დამაკმაყოფილებელია“.

ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5.

28 მარტის დილის 11 საათის მონაცემებით, ბათუმში PM10-ის მაჩვენებელი არის „დამაკმაყოფილებელი“, ხოლო PM2.5 – „ცუდი“:

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:

თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

რა არის ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყარო და რა გავლენა აქვს მას ჯანმრთელობაზე, იხილეთ ამ ბმულზე:

ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში გაუარესდა

ჰაერის მონიტორინგის სადგური ბათუმის ცენტრალურ პარკში / ამ სადგურის მონაცემები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე ჯერ არ აისახება. პორტალი აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სადგურის მონაცემებს აფიქსირებს.

 

რიონზე ჩანგრეული ხიდის პროექტზე ევროპელი სპეციალისტები იმუშავებენ – დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე ჩანგრეული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია.

„ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს.

მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის დეკემბერში დაასრულა. მოცემულ ეტაპზე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები კომპლექსურ საპროექტო საველე კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი.

ამასთან, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პარალელურად კი, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და  გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა.

იმავე წლის დეკემბერში კი დეპარტამენტმა სამხარაულის დასკვნა გამოაქვეყნა:

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.“

ვრცლად: ხიდი რიონზე უხარისხოდ იყო გაკეთებული და ამიტომ ჩავარდა – ექსპერტიზა

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ამ მონაკვეთის [ლოტი 1] მშენებლობა 2014 წლის ივლისში დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, „ბათუმელებს“ დეპარტამენტში თავის დროზე უთხრეს, რომ თავდაპირველად ხელშეკრულება უცხოურ კომპანია „ალტკომთან“ შეწყდა, შემდეგ კი კომპანია „აკორდთან“.

„E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის კმ0+000-კმ11+500 მონაკვეთის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობაზე“ მოგვიანებით დეპარტამენტმა ხელშეკრულება შპს „ჯეუ გრუპისთან“ გააფორმა, 2021 წლის ოქტომბერში.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა 73 663 566 ლარია, ამ დროისთვის კი „ჯეუ გრუპიზე“ გადარიცხულია 68 396 565 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 93%] აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება.

„ქოლ ცენტრების“ საქმეზე 2 პირი დააკავეს: მიითვისეს 340 000 ლარი – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ.

გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.

გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები“, – აცხადებს სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით „ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 439 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
  • ტანკი – 6 914 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 13 237 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 10 963 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 021 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 729 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 600 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 017 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 595 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 1 800 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 17 483 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 629 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 256 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 559 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 303 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთმა 3 თვეში 32 უკრაინელი ტყვე დასაჯა სიკვდილით — გაერო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვინ არიან ისტორიული მატჩის გოლების ავტორები – დამწყები გულშემატკივრის გზამკვლევი

ავტორები:

თამარ ნერგაძე, არჩილ კახაძე

 
26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საბერძნეთის ნაკრებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

29 წელია საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უშედეგოდ იბრძოდა. წელს ეს რეალობა შეიცვალა და 18 ივნისს დორტმუნდის ვესტფალენშტადიონზე ერთმანეთს საქართველოს და თურქეთს ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ მატჩით იწყება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოდისეა ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველო-საბერძნეთის გადამწყვეტი მატჩი ანგარიშით 4:2 დასრულდა. ორსაათიანი მატჩისას თითქმის არცერთი წუთი არ ყოფილა დაძაბული წინააღმდეგობის გარეშე. გვიტევდნენ და ვიგერიებდით ან თავს ვესხმოდით და გვიგერიებდნენ, გულშემატკივარი წამით არ მოდუნებულა.

დამატებით დროის დასრულების შემდეგ დანიშნული ოთხი პენალტი გიორგი ქოჩორაშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა, ზურიკო დავითაშვილმა და ლაშა დვალმა გაიტანა.

საბერძნეთთან მოგებამდე 6 დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა ფლეი ოფში ლუქსემბურგი დაამარცხა ანგარიშით 2:0, ორივე გოლი ძირითად დროში თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია მეკარე გიორგი მამარდაშვილის წვლილი საბერძნეთთან თამაშისას. მის კარში დარტყმული 4 პენალტიდან მამარდაშვილმა ერთი აიღო, ერთი კარს ააცილეს მეტოქეებმა, ორი პენალტი კი გაგვიტანეს.

დაძაბული თამაშისას რჩებოდა განცდა, რომ საქართველოს ნაკრების წევრები ბერძნების უხეშ თამაშს ასევე უპასუხებდნენ, თუმცა ნაკრების ფეხბურთელებზე მოწინააღმდეგის თამაშის აგრესიულ სტილს ემოციური ზემოქმედება არ მოუხდენია და საქართველოს ნაკრებს მოწინააღმდეგისთვის ბრძოლის იმავე უხეში წესებით არ უპასუხია .

ბუდუ ზივზივაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ საბერძნეთის ნაკრებს მოედანზე „კუდიანების დევნა“ ჰქონდა გამოცხადებული და ყველაფერს ცდილობდნენ ქართველი თავდამსხმელები ბურთისთვის ჩამოეშორებინათ: ხელის უხეში კვრით, ფეხის დადებით და მხრებში ხელების წავლებით.

ვინ არიან საქართველოს ნაკრების ბოლო ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გმირები, რომლებმაც გუნდს წარმატება მოუტანეს? მათ შესახებ ფეხბურთის ერთგულმა გულშემატკივრებმა ბევრი რამ იციან, მაგრამ 26 მარტის თამაშმა საფეხბურთო ორომტრიალში ჩართო ყველა ის ადამიანი, ვისაც აქამდე ფეხბურთის ერთი მატჩიც კი არ ჰქონდა ბოლომდე ნანახი.

ეს მასალა ბოლო ორი თამაშის გოლების ავტორებსა და მეკარეზე სწორედ იმ მკითხველისთვისაა, ვინც ფეხბურთით ახლახან დაინტერესდა და სხვადასხვა ვებგვერდზე აგროვებს ინფორმაციას ბოლო ორი, ყველაზე ამაღელვებელი მატჩის გოლების ავტორებზე.

მეკარით დავიწყოთ.

  • გიორგი მამარდაშვილი

23 წლის მამარდაშვილი ესპანეთის ვალენსიას და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერია. 2018-2021 წლებში თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო, მაგრამ მის შემადგენლობაში არასდროს უთამაშია. პროფესიონალურ დონეზე მამარდაშვილის დებიუტი საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ შედგა, სადაც 2019 წელს თამაშობდა.

2020 წელს საქართველოს ნაკრების ახლანდელი მეკარე თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, სადაც გაიბრწყინა მისმა საფეხბურთო ტალანტმა. იმ წელს „ლოკომოტივმა“ უეფას ევროპის ლიგის მესამე ეტაპს მიაღწია, რაშიც მამარდაშვილის წილი ერთმნიშვნელოვნად გადამწყვეტი იყო. ქართულმა გუნდმა მეორე ეტაპზე მოსკოვის გაცილებით ძლიერი „დინამო“ გააგდო, თუმცა მესამე ეტაპზე ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდა. მიუხედავად დამარცხებისა, დამაჯერებელი და მაღალი დონის თამაშით მამარდაშვილმა ესპანელი სკაუტების ყურადღება მიიპყრო.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიღო. 2021 წლის იანვარში კი 20 წლის მამარდაშვილი უეფას მიერ შერჩეული 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სიაში შეიყვანეს.

გიორგი მამარდაშვილი

2021 წელს მეკარე ვალენსიაში გადავიდა ერთწლიანი გამოსაცდელი პერიოდით, სადაც მას სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა. მამარდაშვილმა მალევე მიიქცია ყურადღება, გუნდის ძირითადი მეკარე ამოაგდო შემადგენლობიდან (ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე იასპერ სილესენი) და უცვლელი ადგილი დაიმკვიდრა შემადგენლობაში.

გიორგი მამარდაშვილი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მისი ფასი გავლენიანი საფეხბურთო გამოცემის Transfermarkt-ის მიხედვით 35 მილიონი ევროა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ათეულში კი მამარდაშვილი მე-7 ადგილს იკავებს.

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით ლა ლიგის ზედიზედ 61 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდია.

მისმა კლუბმა, „ვალენსიამ”, საქართველოს ნაკრების ბოლო კვირის ორი მნიშვნელოვანი მატჩისას არაერთი პოსტი გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების და გიორგი მამარდაშვილის მხარდასაჭერად.

  • ბუდუ ზივზივაძე

30 წლის ბუდუ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდის  „კარლსრუეს ფორვარდია. ფეხბურთის თამაში მოზარდობაში, ქუთაისში დაიწყო. შემდეგ კი როგორც ნიჭიერი ფეხბურთელი, „დინამო“ თბილისის სარეზერვო გუნდში აიყვანეს. პროფესიონალური დებიუტი მას საკმაოდ დაუგვიანდა – „დინამოს“ პირველ გუნდში 2014 წელს აიყვანეს.

2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა „სამტრედიის“ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისას.

„კარლსრუემდე“ მას უთამაშია დანიური „ესბიერგის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და უნგრული საფეხბურთო კლუბების: „მეზოკოვეშდის“, „ფეჰერვარის“ და „უიპეშტის“ შემადგენლობაში.

ბუდუ ზივზივაძე

საინტერესო ამბებში გაეხვა ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში თამაშის დროს: როგორც „ფეჰერვარის“ ფეხბურთელმა, დასრულებული თამაშის შემდეგ მან იმჟამინდელ მოწინააღმდეგეს, ანუ თავისივე ყოფილი გუნდის ფეხბურთელს მაისური გაუცვალა და ჩაიცვა, გასახდელშიც ასე შევიდა.

როგორც უნგრული მედია წერდა,  ქართველი ფორვარდი „უიპეშტის“ ფანებსაც მიესალმა, ამ ამბავმა „ფეჰერვარის“ გულშემატკივრები და კლუბის ხელმძღვანელები ძალიან გააბრაზა. ზივზივაძეს ვარჯიშში მონაწილეობის უფლება აღარ მისცეს, პირველი გუნდის რიგებსაც დროებით ჩამოაშორეს და ბოლოს გუნდიდანაც გაუშვეს. სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა ქართველი ფორვარდი გერმანიის კარლსრუეში“.

ბუდუს ფასი Transfermarkt-ის მიხედვით 700 000 ევროა. საქართველოს ნაკრებში თამაშისას 24 ოფიციალურ შეხვედრაში 7 ბურთი აქვს გადატანილი.

„კარლსრუეს” გულშემატკივარმა ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებზე სათამაშოდ ასე გამოაცილა:

  • გიორგი ქოჩორაშვილი

ქოჩორაშვილი 24 წლისაა და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გუნდის, „ლევანტეს“ ნახევარმცველია. მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის „საბურთალოდან“ დაიწყო. „საბურთალოდან“ის ესპანეთის „ჩემიონატში“ გადავიდა, ხირონას ახალგაზრდულ გუნდში, საიდანაც „პერალადაში“ გაანათხოვრეს, შემდეგ ისევ „საბურთალოს“ დაუბრუნდა და მალევე გადავიდა სათამაშოდ „ლევანტეს“ სარეზერვო გუნდში. „ლევანტე“ მაშინ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა.

მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წელს ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში.

გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრებში ქოჩორაშვილი პირველად ვილი სანიოლიმ გამოიძახა. მისი დებიუტი 2023 წლის სექტემბერში, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც დავმარცხდით. თუმცა ამ თამაშმა ფეხბურთელის გეზი განსაზღვრა და მოედანზე გამორჩეული პერფორმანსის გამო ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი გახდა.

ქოჩორას ფასი Transfermarkt-ის მიხედვით მილიონი ევროა. ნაკრებში ჩატარებულ 6 ოფიციალურ შეხვედრაში მას ბურთი არ გაუტანია, თუმცა გუშინ, 26 მარტს მოგებული ფინალის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სინიოლიმ, ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქოჩორაშვილმა თავად მოითხოვა პირველი პენალტის შესრულება, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

„ლევანტემ” ქოჩორაშვილის პენალტის შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ნაკრებს მოგება მიულოცა და აღნიშნა, რომ 120 წუთი თამაშობდა მოედანზე პენალტის ავტორი ქოჩორაშვილი.

 

  • ნიკა კვეკვესკირი

კვეკვესკირი პოლონური პოზნანის „ლეხის“ ნახევარმცველია. ნიკა გალიდანაა. 31 წლის ნახევარმცველის საფეხბურთო კარიერა ზუგდიდიდან იწყება. თამაშობდა ზუგდიდის „ბაიაში“, საიდანაც „დინამო თბილისში“ გადავიდა. კარიერის განმავლობაში რამდენიმე კლუბსა და ქვეყნის ჩემპიონატებში ითამაშა. მათ შორის, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და პოლონეთში.

მას პოლონეთის ექსტრაკლასში წელს ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი და ერთიც საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. კვეკვესკირის ფასი Transfermarkt-ის მიხედვით 600 000 ევროა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში კარიერას: მას დებიუტი 2016 წელს ჰქონდა, წინა მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის დროს. 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯერ გოლი არ გაუტანია. ის ერთ-ერთია იმათგან, ვინც მონაწილეობდა EURO 2020 –ის წაგებულ ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ.

26 მარტს კი ნიკა კვეკვესკირმა საბერძნეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი პენალტი შეასრულა და გაიტანა.

  • ლაშა დვალი

31 წლის ლაშა დვალი კვიპროსში ნიქოზიას „აპოელის“ მცველია. კარიერა საფეხბურთო კლუბ თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო და მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ გამოიცვალა კლუბი, ქვეყნები და დივიზიონები. თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში, ლატვიაში, დიდ ბრიტანეთში, რანგით მესამე დივიზიონში, თურქეთში, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, პოლონეთში, ყაზახეთში, უნგრეთსა და კვიპროსში.

ლაშა დვალი

ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს 2015 წლიდან, 30 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული და გატანილი აქვს ერთი გოლი.

26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ საკლუბო კარიერაში ლაშა დვალს ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა. მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკის ვებგვერდზე whoscored.com, რომელზეც ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობებიც იზომება და ფასდება, ლაშა დასახელდა ორივე გუნდის შემდგენლობაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

Transfermarkt-ზე ის ლაშა დვალის ფასი 750 000 ევროა.

 

  • ზურიკო დავითაშვილი

დავითაშვილი საფრანგეთი ლიგა-2 ის შემტევი ნახევარმცველია. მისი პროფესიონალური კარიერა „დინამო თბილისში” დაიწყო და დებიუტი 2017 წელს, 16  წლისას ჰქონდა.

2018 წელს დავითაშვილი „დინამოდან” „ლოკომოტივში” გადავიდა. ამავე წელს ის ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian” მსოფლიოს 60 ტალანტს შორის დაასახელა.

ზურიკო დავითაშვილი

„ლოკომოტივიდან” დავითაშვილი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ყაზანის „რუბინში” თამაშობდა, მაგრამ მალევე გაუშვეს ჯერ ვოლგოგრადის „როტორში”, ხოლო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ტულის „არსენალში“ აღმოჩნდა.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კვარაცხელიას მსგავსად დავითაშვილმაც დატოვა რუსეთი და „ბათუმის დინამოს” შეუერთდა. ბათუმის დინამოდან კი ის საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე „ბორდომ” იყიდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავითაშვილმა 33 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. Transfermarkt -ის მიხედვით  23 წლის ნახევარმცველი 2,5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

______________________

მთავარ ფოტოზე: საქართველოს ეროვნული ნაკრები. ფოტო: ეროვნული ნაკრები/faceboook

ქართულ ხორბალთან დაკავშირებულ ტრადიციებს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება დღეს, 2024 წლის 27 მარტს შევიდა ძალაში.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კი „ქართული ხორბლის კულტურას: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით 2023 წელს მიენიჭა.

ქართულ ხორბალთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე ცალკე – „ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, ხოლო 2019 წელს აღნიშნულ ძეგლს განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

იმავე 2019 წელს „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“ საქართველომ იუნესკოშიც წარადგინა.

დღევანდელი მდგომარეობით იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში საქართველოდან შეტანილია:

16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ზღვაში 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე გაასამართლეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს. ის მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს.

საუბარია ბათუმში 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

ამ საქმეზე პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი მოქალაქე ზურაბ საღინაძეს წარუდგინა. დანაშაულის შეუტყობინებლობას პროკურატურა ამავე საქმეზე კიდევ ორ პირს ედავება. ეს პირები მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულთან ერთად იყვნენ კატერზე. მათ პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და ამ საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

ბრალდებული ზურაბ საღინაძე ითხოვდა, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგან მას ბრალი არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს. ბრალდებულმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოსაც, თუმცა ეს სარჩელი ჯერ არ განუხილავთ.

საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვნის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა, იმიტომ, რომ ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულები ვერ აირჩიოს. სარჩელში ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ პროკურატურა ამ გზით აქტიურად ცდილობს, საქმეები ნაფიცი მსაჯულების ხელში არ მოხვდეს.

„ასეთი საქმე მე ჯერ არ მქონია, საერთოდ ვერ დგინდება, სად დაიღუპა ლუკა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი, რომელიც ზურაბ საღინაძის ინტერესებს იცავდა. მისი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„ბათუმში ყველამ ვიცით, საითაა ზღვის დინება – სარფიდან ქობულეთისკენ,“ – სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების გაცნობამდე ადვოკატმა რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. – „გამოძიების ვერსიით, ლუკა დაიხრჩო ბულვარის შესასვლელის პირდაპირ, მისი ცხედარი კი, „აჭარული სახლის“ მოპირდაპირედ იპოვეს.

დადასტურდა სიმთვრალე სამხარაულის ექსპერტიზით, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, როდის მიიღო ალკოჰოლი ლუკამ.

ასეთი ბუნდოვანი საქმე მე ჯერ არ მქონია. თანაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოძიებას საერთოდ არ უცდია, ამ კითხვებზე მიეღო პასუხი, მართლა გამოეძიებია და გაგვეგო, რა ვითარებაში დაიღუპა ლუკა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი.

ამ თემაზე:

რას ჰყვებიან მოწმეები 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე“ 

რუსეთში ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა დაიწყო

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელი, ვიტალი ბოროდინი დღეს, 27 მარტს ტელეგრამზე წერს, რომ დაწყებულია მომღერალ ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა.

ბოროდინის თქმით, მან მიიღო პასუხი გენერალური პროკურატურიდან მის მიმართვაზე.

„ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა დაწყებულია, პროკურატურა სთხოვს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, აღიაროს პუგაჩოვა უცხოურ აგენტად.

იმედი მაქვს, მარეგულირებელი ორგანოები ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანენ“, – წერს ბოროდინი.

რუსული მედიის ცნობით, ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად აღიარებას ითხოვენ ქმრის, მაქსიმ გალკინის ანტისაომარი პოზიციისა და თავად ალა პუგაჩოვას სიტყვების შემდეგ, რომ „ნორმალური ხალხი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს“.

პუგაჩოვამ და გალკინმა შვილებთან ერთად დატოვეს ქვეყანა 2022 წელს, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ისრაელში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შემდეგ პუგაჩოვა მარტო, შვილებთან ერთად დაბრუნდა რუსეთში, თუმცა განაცხადა, რომ მხარს უჭერს თავის ქმარს.

თუ რუსეთის პროკურატურა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობს, კანონი მისი ქონების კონფისკაციასაც ითვალისწინებს.

75 წლის ალა პუგაჩოვა რუსეთის სახალხო არტისტია. იგი ათწლეულების განმავლობაში რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

„გაურკვევლობაა ლავასოლღლის და ნიკუშას შორის“ – „კანონიერი ქურდის“ მამა ქურდულ გარჩევებზე

„…რაღაც პირადი გაურკვევლობა არსებობს ლავასოღლის და ნიკუშას შორის, მალე მოგვარდებიან, შეხვდებიან და გაარკვევენ ერთმანეთში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მინდია ცენტერაძემ. ის ე.წ. კანონიერი ქურდის – ნიკა ცენტერაძის [„ქურდული სამყაროსთვის“ ნიკუშა ქობულეტსკის] მამაა და მოსკოვში ცხოვრობს.

მინდია ცენტერაძეს სოციალური ქსელით დავუკავშირდით და „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ: სხვადასხვა ვერსიით, „ქურდულ გარჩევებს“ უკავშირებენ ქობულეთში 31 წლის კაცის მკვლელობასაც, ასევე ქობულეთის სოფელ კვირიკეში ე.წ. კანონიერი ქურდის, ნიკა ცენტერაძის სახლში გაჩენილ ხანძარს და ქობულეთის სანაპიროზე სავარაუდო ფიზიკურ თავდასხმას.

როცა ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა უფრო და უფრო მცირდება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე კითხვები არსებობს, ბიზნესმენები პრობლემების მოსაგვარებლად „კანონიერ ქურდებთან“ ხშირად მიდიან. ეს პროკურატურის გავრცელებული განცხადებებითაც დასტურდება: „ქურდული გარჩევის“ შედეგად მხარეს 80 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს“ – ეს 2024 წლის მარტში პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

ბიზნესმენები მიმართავენ ლავასოღლისაც, რის გამოც რამდენიმე ადამიანი პროკურატურამ უკვე დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში თავად მინდია ლავასოღლი [იგივე  გორაძე].

ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იყო – წინასწარი პატიმრობისთვის კანონით გათვალისწინებულ 9 თვეში მას დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს – ლავასოღლიმ ციხე დატოვა და საქართველოც. ლავასოღლი თურქეთში დააკავეს, შემდეგ კი იგი ბელარუსში გადავიდა.

მინდია ცენტერაძე, ნიკა ცენტერაძის მამა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ლავასოღლის და ნიკა ცენტერაძის შორის ნამდვილად არსებობს დაპირისპირება, თუმცა იგი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნიკა ცენტერაძე ძებნილი არ არის, მას სამართალდამცველები არაფერს ედავებიან და ნიკა ცენტერაძე საქართველოში არსებულ „გარჩევებში“ არ მონაწილეობს.

„ამ დაპირისპირებას იყენებს სხვა და რაღაც-რაღაც „აჩოტებს“ იწერენ მინდიასთან, ერთმანეთს შეხვდებიან მალე [ლავასოღლი და ცენტერაძე] და გაირკვევა. არაფერი ქურდული არ არის, ეს არის პირადი გაურკვევლობა.

ნიკუშა საქართველოში საერთოდ არ მონაწილეობს არანაირ გარჩევებში. ხომ ხედავთ რამდენ ადამიანს იჭერენ „ქურდული გარჩევებისთვის“, ან დაუსწრებლად საქმეს უღძრავენ? ყოფილა ჯერ მის [ნიკას] მიმართ? იმიტომ, რომ არ რეკავს და არ ერევა არაფერში, საერთოდ არ აინტერესებს საქართველოში არაფერი, არც ბიზნესი და არც არაფერი.

რა თქმა უნდა, ცხოვრობს მაგ ცხოვრებით [„ქურდული სამყარო“], მას თავისი ცხოვრება აქვს, საქართველოში არ არის, მოსკოვში ჩამოდის, ჩემთან, როცა აქვს საშუალება. ახლა ჯანმრთელობამ შეაწუხა, აქ იწვა საავადმყოფოში, გამოვიდა და მიფრინავს რამდენიმე დღეში ისევ მილანში.

მე არავითარი შეხება არ მაქვს „ქურდულ სამყაროსთან“… მაქვს ჩემი ბიზნესი, რესტორანი და ვარ მოსკოვში, ვცხოვრობ პატიოსანი ცხოვრებით,“ – გვითხრა მინდია ცენტერაძემ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ქობულეთში, საკუთარ სახლთან და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ფიზიკურად თავს დაესხნენ ვახტანგ ცენტერაძეს და ეს ქურდულ გარჩევებს უკავშირდება, კონკრეტულად კი, ლავასოღლის დაპირისპირებას ნიკა ცენტერაძესთან. ვახტანგ ცენტერაძე მინდია ცენტერაძის ბიძაშვილია.

ვახტანგ ცენტერაძის ოჯახი დღეს ამ შემთხვევაზე დუმილს ამჯობინებს. შსს-ში ვერ გვითხრეს, ამ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება.

„ვახტანგი არის ძალიან პატიოსანი ბიჭი, რაში უნდა ყოფილიყო ჩარეული? ის სცემეს იმის გამო, რომ არის ნიკუშას ბიძაშვილი. რომელ ქურდულზეა ლაპარაკი, აბა, მითხარი? რადგან ის ნიკუშას ბიძაშვილია, ავნეს ალბათ ნიკუშას, არ ვიცი, მეტი ახსნა არ აქვს ამას,“ – გვითხრა მინდია ცენტერაძემ.

უკავშირდება თუ არა ლავასოღლისთან დაპირისპირებას ნიკა ცენტერაძის სახლში ხანძრის გაჩენა? – ესეც ვკითხეთ ე.წ. კანონიერი ქურდის მამას.

„ჩემი სახლი იყო ცარიელი, დაკეტილი დავტოვეთ და დაკეტილ სახლში გაჩნდა ხანძარი პირველ სართულზე, სადაც შეშა იყო. შეშას ცეცხლი თავისით როგორ მოეკიდებოდა? თავიდან არის გასაკეთებელი სახლის ორივე სართული ფაქტობრივად… ვინ გააჩინა ხანძარი გასარკვევია, ვარკვევთ ჩვენ და მიმდინარეობს გამოძიება. ვნახოთ, რა გაირკვევა, რას დაადგენს გამოძიება…

რაც შეეხება ქობულეთში მომხდარ მკვლელობას, საერთოდ არ იცნობდა მას ჩემი შვილი, ერთხელაც ნალაპარაკები არ ჰქონდა, საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ადამიანებთან,“ – გვითხრა მინდია ცენტერაძემ.

მინდია ცენტერაძე გამორიცხავს ნიკა ცენტერაძის მონაწილეობას ქაქუთის მანდარინის საწარმოს გამო არსებულ დავაშიც:

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მანდარინის დამზადების ბიზნესით დაკავებული მალხაზ ბერიძე ამბობს, რომ მას ნიკა ცენტერაძემ დაურეკა და საწარმოს დატოვება მოსთხოვა. საპროტესტო აქცია სოფელ ქაქუთში საწარმოს დახურვაზე 2024 წლის თებერვალში გაიმართა.

„უარი რომ ვთქვით საწარმოდან გამოსვლაზე, „შავი სამყარო“ ჩართეს – პოლონეთიდან დამირეკა ნიკა ცენტერაძემ, მაგი არც წყალია და არც – ღვინო, მაგრამ დაიწყო მუქარა, ოთხი „ქურდი“ გისმენს ახლა, რომ გესაუბრები, იმათ უნდა დაუთმო ეს ქონებაო. დამალაპარაკე ერთ-ერთს-მეთქი, ვუთხარი და გამორთო ტელეფონი. მერე დარეკა და გამოუშვა გინების კორიანტელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მალხაზ ბერიძემ.

„ნიკას სახელს რომ ახსენებს, მოიტანოს ფაქტი, ვინ მისცა ამის უფლება? რა კავშირი აქვს ნიკას მაგასთან?“ – კითხულობს მინდია ცენტერაძე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 30 მარტს კი – დროგამოშვებით წვიმა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო პირველ თამაშს თურქეთის ნაკრებთან გამართავს

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა [პენალტების სერია] და შედეგად, პირველად საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატი წელს, 14 ივნისს დაიწყება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ითამაშებს.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 18 ივნისს, გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში გაიმართება.

მეორე შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან გაიმართება 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველო-პორტუგალიის ნაკრებები კი ერთმანეთს შეხვდებიან 26 ივნისს, გელზენკირხენში.

„მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და ყველანი გერმანიაში!“ – ასე მიმართა მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გულშემატკივრებს.

დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველანი გერმანიაში - კაშიას მიმართვა გულშემატკივარს

_________________

ფოტო: UEFA/faceboook

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 439 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
  • ტანკი – 6 904 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 13 216 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 10 931 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 019 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 728 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 578 ერთეული [+25]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 015 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 539 ერთეული [+41]
  • სპეცტექნიკა – 1 794 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 17 352 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 614 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 256 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 546 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 260 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

კიევის თქმით, დააზიანეს სადესანტო გემი, რომელიც რუსეთს უკრაინისგან ჰქონდა მიტაცებული

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სიწითლე და ქავილი თვალებში – როგორ ამოვიცნოთ კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი, თვალის შემაერთებელი გარსის (კონიუნქტივის) ანთება, თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი მთავარი ნიშანი თვალის ღია ვარდისფერი ან მოწითალო შეფერილობაა. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ოფთალმოლოგის, ზარიმა ჩავლეიშვილის თქმით, კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს გადამდებიც, ამიტომ ასეთ დროს საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა.

ზარიმა ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს ამ დაავადების სიმპტომებზე, მკურნალობასა და უსაფრთხოების წესები ამ დროს.

  • ქალბატონო ზარიმა, რა არის კონიუნქტივიტი, საიდან ჩნდება ის?

ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც უხშირესად გამოწვეულია ბაქტერიებითა და ვირუსებით, ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოებით.

არსებობს ალერგიული კონიუნქტივიტიც, როცა ალერგიული ფაქტორი მოქმედებს ლორწოვანზე. მაგალითად, როგორც ცხვირის ალერგიული პოლიპოზის დროს, ალერგიული ფონი თუ აქვს ადამიანს – სურდო ეწყება, ასეა ამ შემთხვევაშიც, მგრძნობელობა თუ აქვს, მაგალითად, გაზაფხულზე მცენარეების ყვავილობაზე, ამას კონტაქტით გრძნობს ლორწოვანი და იწყება ალერგიული კონიუნქტივიტი, რაც გამოიხატება ცრემლდენით, თვალების ქავილით, გაწითლებით. 

ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეიძლება განვითარდეს ზოგადი ინფექციის, მაგალითად ჩუტყვავილას დროს, გრიპის დროს, ანუ კონიუნქტივიტი შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში სხვა დაავადების პარალელურად. სწორედ ასეთია ადენოვირუსული კონიუნქტივიტი – ადენოვირუსი ხვდება ორგანიზმში, ადამიანი ავადობს და ამ ავადმყოფობის პარალელურად თვალის ლორწოვანს ანთებაც მიმდინარეობს. შესაბამისად, საჭიროა პარალელურად მკურნალობა თვალზე, იმ ზოგადი დაავადების მკურნალობის პროცესში.

  • როგორი სიმპტომები ახასიათებს კონიუნქტივიტს?

ვირუსული კონიუნქტივიტის დროს თვალი არის ძალიან წითელი, ხასხასა წითელი ფერის, აღინიშნება ცრემლდენა, ჩირქოვანი გამონადენი – ნაკლებად; თვალის ჭრილი დაპატარავებულია იმ დონეზე, რომ პაციენტს უჭირს თვალის გახელა.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს არის სიწითლე, მაგრამ ზომიერი, შეშუპებაც შედარებით ნაკლები აქვს ლორწოვანს, მაგრამ გამონადენი არის უფრო ჭარბი. 

ზოგჯერ გვხვდება შერეული ფორმა. მაგალითად, პაციენტს დაეწყო ვირუსი, დროულად არ იმკურნალა, შემდეგ დაერთო ბაქტერიაც, მიქს კონიუნქტივიტს ვეძახით ამას, ანუ შერეული ფლორაა – ბაქტერიაც არის და ვირუსიც. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე პრეპარატი სჭირდება პაციენტს, მკურნალობაც უფრო ხანგრძლივია.

ბავშვებში ყველაზე ხშირია ბაქტერიული და ვირუსული კონიუნქტივიტი; ალერგიული კონიუნქტივიტი კი ყველა ასაკში შეიძლება იყოს. 

საერთო სიმპტომებს რაც შეეხება: 

  • ყველა სახის კონიუნქტივიტს ახასიათებს თვალის ჭრილის შეცვლა, ვიზუალურად ქუთუთოების ფორმა იცვლება, თითქოს შუპდება ქუთუთოები; 
  • გამონადენი – ზოგს ცრემლი გადმოდის, ზოგს ლორწოვანი გამონადენი აქვს, ზოგს ჩირქოვანი – სხვადასხვა კონიუნქტივიტის დროს სხვადასხვა გამონადენია.
  • ქავილიც შეიძლება იყოს სამივე კონიუნქტივიტის დროს – ჯერ შეიძლება თვალი არ იყოს წითელი, ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, მაგრამ დაგვეწყოს ქავილი. მეორე დღეს აღმოჩნდება რომ პაციენტს კონიუნქტივიტი დაეწყო.

ზოგ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაც. 

  • კონიუნქტივიტი გადამდებია?

კონიუნქტივიტი გადამდებია, ამიტომ ყველა პაციენტს ნებისმიერი კონიუნქტივიტის დროს, ვაფრთხილებთ, რომ ვინაიდან ბაქტერიული კონიუნქტივიტი კონტაქტური გზით გადადის, საჭიროა ჰქონდეს ინდივიდუალური გამოყენების ისეთი ნივთები, როგორიცაა პირსახოცი, ბალიშის პირი, რადგან შეიძლება კონიუნქტივიტი გადაედოს ოჯახის წევრს.

მაგალითად, სალონში თვალს რომ ტუშით იღებავენ, კონიუნქტივიტიანმა პაციენტმა თუ შეიღება და თუ ფუნჯი არ გასტერილდა, შესაძლოა ზედ ბაქტერია ცოცხალი დარჩეს რამდენიმე საათის გამავლობაში და სხვა ადამიანს გადაედოს. პაციენტმა ხელი უნდა დაიბანოს ჩაწვეთებამდე და ჩაწვეთების შედეგ.

ასევე საფრთხილოა მაღაზიაში კოსმეტიკის ტესტერების გამოყენება. საქმე ის არის, რომ თუ ადამიანს კონიუნქტივიტი არ აქვს მორჩენილი და ბაქტერია არის თვალში,  რამდენიმე საათის განმავლობაში არის 20-30 პროცენტიანი რისკი იმისა, რომ [მის მიერ გამოყენებული ფუნჯიდან/ფანქრიდან], ბაქტერია გადავიდეს სხვა ადამიანზე. ეს იმუნიტეტზეც არის დამოკიდებული, თუ ძლიერი ბაქტერიაა და რომელიმე ადამიანს იმუნიტეტი აქვს სუსტი, ის ბაქტერია მის თვალში გამრავლდება.

ადენოვირუსული კონიუნქტივიტი კი შეიძლება ჰაერწვეთოვანი გზითაც გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე, ამიტომ ადენოვირუსის დროს პაციენტს ვაფრთხილებთ, რომ პირველი სამი-ოთხი (მაქსიმუმ ხუთი დღე), მანამ სანამ გადამდებია, დარჩეს სახლში პირბადით, რომ არ გაავრცელოს.

ალერგიით გამოწვეული კონიუნქტივიტი არ არის გადამდები.

cleveland clinic: კონიუნქტივიტი ვრცელდება სქესობრივი კონტაქტითაც. სქესობრივი გზით გადაცემული კონიუნქტივიტი ვრცელდება, როცა ხელით ეხებით ინფიცირებულ ბიოლოგიური სითხეებს, შემდეგ კი ეხებით თვალებს ხელების დაბანის გარეშე.

  • როგორ ხდება კონიუნქტივიტის მკურნალობა?

გააჩნია რა ფონია. თუ ბაქტერიაა, მაშინ ანტიბაქტერიული პრეპარატი [ანტიბიოტიკი] ინიშნება თვალის წვეთების სახით, თუ ვირუსულია, მაშინ ანტივირუსული პრეპარატი, თუ შერეულია, შეიძლება რამდენიმე პრეპარატი დაინიშნოს ერთად – ანტიბაქტერიული და ანტივირუსული; თუ არის შეშუპება და ქავილი პლუს ანტიჰისტამინური, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო ტაბლეტი ინიშნება დასალევად.

თუ გამონადენი ჩირქოვანია, მაშინ უფრო ფართო სპექტრის, ბოლო თაობის ანტიბიოტიკი ინიშნება; თუ მსუბუქი კონიუნქტივიტია, არ არის ძლიერი გამონადენი და სიმპტომებიც მინიმალურია, მაშინ მარტივი, სტანდარტული ანტიბიოტიკით, რამდენიმე დღეში მორჩება.

ასევე, პაციენტს ვურჩევთ ჯერ თვალის ქუთუთოების გვირილით ან ფიზიოლოგიური სითხით ჩამობანას და ასე გასუფთავებულ თვალში წამლის ჩაწვეთებას.

როგორც წესი, შვიდიდან ათ დღემდე გრძელდება მკურნალობის კურსი.

თუ გართულებულ კონიუნქტივიტზეა საუბარი და მერე უკვე კერატიტზე გვაქვს საუბარი, შეიძლება ინიექციებიც დაგვჭირდეს. თუმცა დღეს უკვე ეს ძალიან იშვიათად ხდება.

  • რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს კონიუნქტივიტი?

ზოგჯერ არის, რომ პაციენტი წამალს არ იწვეთებს დროულად, ან იწვეთებს ნაკლები დოზით (მაგალითად დღეში ერთჯერ, 4-ის ნაცვლად), რის გამოც არ ურჩება კონიუნქტივიტი, ურთულდება და გადადის ქვე-მწვავე კონიუნქტივიტში, რის მკურნალობასაც შედარებით უფრო მეტი დრო, ერთი კვირის ნაცვლად, ორი-სამი კვირა სჭირდება. ამ დროს პაციენტს შეიძლება შეეცვალოს ანტიბიოტიკი, უფრო ძლიერი ანტიბიოტიკი დაენიშნოს.

კონიუნქტივიტის დროს არ არის რეკომენდებული ეკრანთან ჯდომა, პაციენტებს ვურჩევთ, რომ ბიულეტენი აიღონ 3-4 დღით, თუმცა ზოგი ამბობს, რომ ვერ ახერხებენ, ასეთ დროს მათთან დამატებით ხელოვნურ ცრემლსაც ვნიშნავთ. 

არის შემთხვევები, როცა მდგომარეობა უფრო რთულდება და ვითარდება კერატიტი, თვალის რქოვანი გარსის ანთება, რაც ბევრად უფრო საშიში და სერიოზული დიაგნოზია მხედველობის დაქვეითების მხრივ. ამიტომ პაციენტებს ვეუბნებით, კონიუნქტივიტი არ არის რთული დაავადება, თუ დროულად დაიწყებთ მკურნალობას და მიყვებით ექიმის რჩევებს.

თუ ადამიანს ალერგიული კონიუნქტივიტი აქვს, იქ სადაც მცენარეებია და ყვავილები ყვავის, რეკომენდებულია გავიდეს მზის სათვალით, ეს არ არის მაქსიმალური დაცვა, მაგრამ სათვალე გარკვეულ ბარიერს მაინც ქმნის. ან თუ გადის, ჩაიწვეთოს ანტიალერგიული წვეთი ან მიიღოს ტაბლეტი, რომელსაც ექიმი ნიშნავს პროფილაქტიკისთვის.

ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა

დღეს, 26 მარტს, ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა.  ცვლილების მიხედვით დაზუსტდა რამდენიმე მუხლი და პროგრამაში ახალი ტერმინი „ბარაკები“ გაჩნდა.

სხდომაზე ბათუმის საკრებულომ 23 საკითხი განიხილა, აქედან 18 სამშენებლო პროექტების განაშენიანების დეტალური გეგმები, კონცეფციები ან ადრე დამტკიცებულ პროექტებში ცვლილებები იყო. ახალ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები სხდომაზე დაპირისპირების საგანიც გახდა.

ჩხუბი ბათუმის საკრებულოში

ცვლილების მიხედვით:

ავარიულ სახლად მიიჩნევა ერთ ან რამდენიმე საკადასტრო კოდზე არსებული ერთიანი კონსტრუქციული სქემის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც ერთ ჭერქვეშ არსებობს სამი ან მეტი დამოუკიდებელი საკუთრების საგანი და ეს დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. სახლის ავარიულობის ხარისხი არის V, IV და III კატეგორია და საფრთხეს უქმნის ადა­მიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ან მისი აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურია, აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით.

მერია საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში დამატებით განმარტავს, რომ საუბარია ე.წ. „ბარაკებზე“.

მერიის განმარტებით, „ცვლილების მიხედვით დაუშვებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების საფუძვლით ერთდროულად ავარიული სახლის ადგილას და სხვა ტერიტორიაზე პროგრამით დადგენილი შეღავათების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება ხდება ერთდროულად ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე და ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან.“

ცვლილების მიხედვით, იმ შემთხვევაში კი თუ ერთმანეთს ემიჯნება ორი ან მეტი ავარიული სახლი, ავარიული სახლების ადგილად მიიჩნევა ასეთ ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, ასევე ამ მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ან ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს  ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების ჯამის 1/2-ს, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებთან.

მერიის  ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტებით, „ეს ცვლილება გამოწვეული იყო საზოგადოებრივი ინტერესით და იმ აქტუალური პრობლემებით, რაც იდგა ქალაქში, კონკრეტულად: დავუშვათ იყო რამდენიმე ავარიული შენობით დატვირთული საკადასტრო ერთეული. საშინელ მდგომარეობაში იყო და გაუსაძლისი იყო იქ ცხოვრება.  მას უერთდებოდა ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენდა ავარიულ შენობას. მომიჯნავე შენობის კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელიც საერთო რამდენიმე ნაკვეთის ნაწილი იყო  ხშირ შემთხვევაში, იმ მიწის ნაკვეთთან შესაერთებელი ფართობი, აღემატებოდა მის ნახევარს, რაც ხელს უშლიდა ყველა მიწის ნაკვეთის განვითარებას.

რჩებოდა მიწის ნაკვეთები ამ განვითარების მიღმა იყო. უამრავი პრობლემაა დღეს ქალაქში, სადაც ვხედავთ, რომ გვერდზე აშენდა მრავალფუნქციური ობიექტი და დარჩა 200- 300 ან 150 მეტრი ნაგებობა, რომელიც ვერაფრით ვერ ვითარდება. შესაბამისად, ამ ხელშეწყობით ინვესტორი განიხილავს ერთიან გარემოს იმ მაკომპენსირებელი ღონისძიების განსახორციელებლად და პატარ-პატარა ნაკვეთები, რომლებიც ვერ ვითარდება აღარ გვექნება.“

მძღოლები და გადამზიდავები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – პროტესტის მეორე დღე

ათობით გადამზიდავი, რომელიც მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ითხოვს შეხვედრას.

ტრაილერის მძღოლები და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები თბილისთან ახლოს, ნატახტარში არიან შეკრებილები.

„ერთადერთ იმედად რჩება პრემიერი და მასთან შეხვედრა. იქნებ მან მაინც მოგვისმინოს, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დიდი ხანია არ წარმოადგენს გადამზიდავთა ინტერესს. ახლა ერთ მხარეს დგას ასობით გადამზიდავი, მათი ოჯახის წევრები, მეორე მხარეს კი სააგენტოს ვიწრო ჯგუფი და მათი კრიმინალური ინტერესები ფულის კეთებისადმი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამჟამად ნატახტარში 150 მანქანა და გადამზიდავია თავმოყრილი, თუმცა მათი რიცხვი გაიზრდება, რადგან ვერც მძღოლები და ვერც კომპანიები მუშაობას ვერ ახერხებენ.

გადამზიდავებმა „ბათუმელებს“ მოაწოდეს წერილი, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მიმართავენ და მასთან ერთსაათიან შეხვედრას ითხოვენ.

„ჩვენი, ქართველი გადამზიდავების პრობლემის ძირითად მიზეზს და პრეტენზიების ადრესატს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ამ უწყებაში გავრცელებული კორუფცია და ბიუროკრატია.

უკვე რამდენიმე წელია, აღნიშნული სააგენტო არ წარმოადგენს ქართველ გადამზიდავთა აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესს. უფრო მეტიც, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ვიწრო პერსონალური ინტერესების სასარგებლოდ, რითიც აზიანებს გადამზიდავთა კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკასა და მის საერთაშორისო იმიჯს.

ჩვენ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ სააგენტოში გამეფებული კორუფციის და არაკომპეტენტურობის აშკარა მტკიცებულებები. შეგვიძლია თქვენს წინაშე შევიდეთ მათთან დებატებში და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. აღნიშნული პრობლემა უკვე რამდენიმე წელია გვაწუხებს და მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, სამართალი ვერსად ვპოვეთ. ვერც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და ვერც ეკონომიკის მინისტრთან კომუნიკაციამ ვერ დაგვიცვა უსამართლობისგან.

ერთადერთ იმედად თქვენღა გვეგულებით! იმედია, არ ვცდებით და თქვენ დაიცავთ ჩვენს, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებს.

ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს: მოგვეცეს საშუალება ჩვენი პატიოსანი შრომით ვარჩინოთ ოჯახები და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ახლა მხოლოდ თქვენ იმედად ვართ,“ – ნათქვამია წერილში, რომლითაც გადამზიდავები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

გადამზიდავები ხაზგასმით წერენ, რომ მათი პროტესტი არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ითხოვენ მათი საკითხი განიხილონ „სუფთა სამოქალაქო სამართლისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ჭრილში“.

  • რა ხდება?

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წინააღმდეგ მძღოლები და გადამზიდავები ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში გამოვიდნენ.

გადამზიდავები აცხადებდნენ, რომ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მიღებას კანონიერი გზებით ვერ ახერხებდნენ, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო კორუფციულ სქემაში იყო ჩართული.

იანვარში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ განცხადება გააკეთა, რომელშიც გადამზიდავების ბრალდებები უარყო.

მოგვიანებით გადამზიდავები შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, რომელიც მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

ამჯერად გადამზიდავები ამბობენ, რომ მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ პრემიერს არ შეხვდებიან და მათი პრობლემა არ მოგვარდება.

___

ამავე თემაზე:

სააგენტოს დირექტორმა 1 მლნ-ის ქონება იყიდა 2023 წელს, ხელფასის სახით კი 104 775 ლარი მიიღო • ავტოტრანსპორტი, კორუფცია, • batumelebi.ge (netgazeti.ge)

ქობულეთში 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლუკა გ.-ს.

საუბარია 2024 წლის 23 მარტს ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. პროკურატურა განზრახ მკვლელობის ჩადენას 47 წლის კაცს ედავება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 31 წლის თამაზ გაგუას „არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლუკა გ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს“.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დუმილი არჩია. მისი გათავისუფლება 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ითხოვა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ.

„არაერთგზის არის ნასამართლევი განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის,“ – ამას გაუსვა ხაზი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, როცა მან გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე დარბაზიდან გასული არ იყო, როცა ბრალდებულის დამ ბრალდებულისთვის მედიკამენტის გადაცემა ითხოვა.

ბრალდებულის დას მანდატურებმა ნივთის გადაცემის საშუალება არ მისცეს.

„შემდეგ გეტყვით“ – გვიპასუხა ბრალდებულის დამ, როცა მას მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ვკითხეთ. ის კატეგორიულად გამორიცხავს მკვლელობის კავშირს „ქურდულ სამყაროსთან“. მისივე თქმით, ბრალდებული მეტადონის პროგრამით მოსარგებლეა.

მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ვერსია ვერც პროკურორმა გვითხრა. საქმის მასალებში მხოლოდ „პირადი მოტივია“ აღნიშნული.

„მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით“, – რამდენჯერმე გაგვიმეორა ერთი და იგივე პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ. მკვლელობის „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირზე არც პროკურორმა გასცა კონკრეტული პასუხი.

Exit mobile version