7 მარტივი ხერხი თიბისის ციფრულ ბანკში ფინანსური უსაფრთხოებისთვის 

განაახლე თიბისის ციფრული ბანკი  

საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც უფრო ახალი ვერსია გექნება, მით უფრო დაცული იქნები.

დააყენე ძლიერი პაროლი 

აპლიკაციაში შესასვლელად ყველა მომხმარებელს სჭირდება პაროლი. პაროლთან ერთად, დამატებით ექვსნიშნა პასკოდსაც ვიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ პაროლის შექმნისას გაითვალისწინო:

  • პაროლი უნდა იყოს უნიკალურო და არ იქნას გამოყენებული სხვა აპლიკაციებში და ანგარიშებზე შესასვლელად.
  • არ უნდა შეიცავდეს შენს სახელს, გვარსა და დაბადების თარიღს.
  • გამოიყენე, როგორც ასოები (დიდი/პატარა), ასევე ციფრები და სიმბოლოები.
  • პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 12 სიმბოლოსგან.
  • არ ჩაინიშნო პაროლი სხვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
  • არ გამოიყენო ერთი და იგივე პაროლი/პასკოდი მობილურ ტელეფონსა და აპლიკაციაში შესასვლელად, რათა ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში თავიდან აიცილოთ მობაილბანკში მარტივი შეღწევა.

 დააყენე face id / touch id 

იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიმარტივო შენს ფინანსებთან წვდომა და ამავდროულად დაიცვა უსაფრთხოება, გაიაქტიურე Face ID/Touch ID. ეს დამატებით საფეხური გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დაცული იყოს შენი ანგარიშები.

აარჩიე სანდო მოწყობილობა

დამატებითი უსაფრთხოებისთვის ბანკი იყენებს ერთჯერად sms-ებს შეტყობინებას აპლიკაციაში შესასვლელად (ე.წ. OTP კოდს), სხვადასხვა ტრანზაქციების შესასრულებლად, პინკოდის გასაახლებლად და ბარათის დეტალების შესამოწმებლად. თუ ფიქრობ, რომ ძლიერი პასკოდი გაქვს, როგორც ტელეფონზე, ასევე მობაილბანკის აპლიკაციაში და გააქტიურებული გაქვს Face ID ან Touch ID, შეგიძლია გახადო მოწყობილობა სანდო. შედეგად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შეასრულებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გარეშე, რითაც გაიმარტივებ ციფრული ბანკის მოხმარებას.

დაბლოკე დაკარგული ბარათი ციფრული ბანკიდან

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მარტივად შეძლებ მის დაბლოკვას ციფრული ბანკის მეშვეობით. უბრალოდ შედი მთავარ გვერდზე, აირჩიე ბარათი, რომელიც დაკარგე და დააჭირე ბოქლომის ღილაკს.

შეცვალე ბარათის პინ კოდი აპლიკაციიდან 

თუ ეჭვობ, რომ ბანკომატთან პინკოდის გამოყენებისას ვინმემ შენიშნა შენი კოდი, შეგიძლია მარტივად განაახლო აპლიკაციის საშუალებით. უბრალოდ გადადი ბარათის გვერდზე, დააჭირე პინკოდის განახლებას და sms-ის სახით ახალს მიიღებ.

კარგად შეამოწმე დეტალები გადარიცხვამდე 

ხშირად დაფიქსირებულა შემთხევევა, როცა თანხის გადარიცხვისას შეცდომით უთითებენ მომხმარებლები მიმღების მონაცემებს. სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი გადარიცხვის შემაჯამებელი გვერდი, რათა კარგად გადაამოწმო ტრანზაქციის დეტალები.

გადმოწერე ციფრული ბანკი და გაგვიზიარე უკუკავშირი, კიდევ რას ისურვებდი ციფრულ ბანკში.

„სოფლებშიც ტოვებენ ნარკოტიკს გზებზე, მერე მოდიან და ეძებენ შეშლილი სახეებით“ – პედაგოგი 

რა ნაბიჯები უნდა გადადგას სკოლამ, ოჯახმა და სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბავშვებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება შემცირდეს ან სრულად აღმოიფხვრას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლებსა და მშობლებს ესაუბრა შეხვედრაზე, რომელიც „ამერიკულ აკადემიაში“ შემეცნებითი სემინარების ფარგლებში გაიმართა.

მშობლები და პედაგოგებიც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ანტინარკოტიკული კამპანიის წამოწყება და გაძლიერება, რადგან ახალგაზრდებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ანადგურებს ნარკოტიკები ჯანმრთელობას, მომავალს და რა მძიმე შედეგებს იწვევს როგორც მათთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის.

ირმა ქოქოლაძე ჭარნალის საჯარო სკოლის მასწავლებელია. მისი თქმით, საფრთხეები არა მარტო ქალაქებში, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც გაიზარდა.

„სოფლებშიც მოდიან და სხვადასხვა ადგილას ტოვებენ ნარკოტიკებს. ამას ხედავენ ბავშვებიც ხომ?  მოდიან, ეძებენ შეშლილი სახეებით ამ ლოკაციებს და ჩიჩქნიან გზის პირებს.

არაერთხელ დაუნახავთ ბავშვებს.

იყო შემთხვევა, როცა ჩემმა თანასოფლელმა პოლიციაშიც დარეკა, შეშინდა, სამი შვილი ჰყავს კაცს. მოდით, მიშველეთ უცხო ადამიანები არიან ეზოში შემოსულიო.

ტყეებში რომ პლანს რგავენ, ამაზე ხომ აღარც არის საუბარი. ყველგან მოდებულია“, – ამბობს ირმა.

მისი თქმით, სკოლები ცდილობენ ნარკოტიკების მძიმე შედეგებზე ესაუბრონ მოსწავლეებს, თუმცა საკმარისი არ არის და უფრო მეტია საჭირო ახალგაზრდების ცნობიერების ასამაღლებლად.

„სკოლაში ბავშვი რომ არ მოდის, 15 წუთში უკვე მშობელთან ვრეკავთ.

გუშინ იყო შემთხვევა, როცა გაიპარა ორი მოსწავლე და მაშინვე ვაცნობეთ მშობელს“, – ამბობს ირმა ქოქოლაძე.

მას ვკითხეთ, თუ უსაუბრიათ ბავშვებთან იმაზე, როგორ უნდა დაიცვან თავი სხვების ზემოქმედებისგან და არ გასინჯონ ნარკოტიკი, თუ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ამის თაობაზე მოზარდებს?

თქვან უარი ბავშვებმა ტოქსიკურ გარემოში ნარკოტიკების გასინჯვაზე, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებს, ამაზე თუ აქვთ ბავშვებს საკმარისი ინფორმაცია?

პედაგოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერი იწყება ოჯახიდან. „[მარიხუანას] ლეგალიზაცია რომ დაიწყო, ეს ჩემი საუკეთესო ბავშვები დაყრილები იყვნენ ხან მოსაცდელებში, ხან სად. გაღიმებულები რომ იყვნენ, მივხვდი, რომ პლანს ეწეოდნენ.

თავისუფალი საათი ჩამივარდებოდა თუ არა, ვცდილობდი მესაუბრა მათთან.

ბოლოს ერთმა ბავშვმა მითხრა, – „იცით, როგორ დავიღალე? ვინც გადასარჩენია, გადარჩება“, – ეს თქვა 17 წლის ბიჭმა. აღარ მინდა ამდენი დარიგების მოსმენა, არჩევანი მათზეაო.

თუ ოჯახში ბავშვი ხედავს თრობისადმი, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებას, ასეთ გარემოში ბავშვებიც ადვილად იწყებენ სხვადასხვა ნივთიერების გასინჯვას. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც  სიკვდილივით ეშინია ნარკოტიკების.

ცნობადობა რომ უნდა ამაღლდეს, ფაქტია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ამით ვერ მოგვარდება“, – ამბობს ირმა ქოქოლაძე.

ვესაუბრეთ გიორგი დვალიძესაც, სტუდენტს. მისი თქმით, არავისთვის არის დასამალი, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დღეს ბევრად ადვილად მიუწვდებათ ხელი ახალგაზრდებს.

ის ამ პრობლემაზე ღიად საუბრისა და საჯარო დისკუსიების საჭიროებას ხედავს.

„თუ საკუთარ თავში ჯიუტად გაქვს გადაწყვეტილი, რომ არ გასინჯავ, რაც არ უნდა დაგაძალონ და შემოგთავაზონ, რაც არ უნდა ხათრზე აგაგდონ, არ მიიღებ. არ გინდა და მორჩა.

თუმცა, ჩემი ასაკის გოგო-ბიჭებს, მე რასაც ვხედავ, ურთიერთობის პრობლემა აქვთ. მათ შორის ოჯახის წევრებთანაც. ვირტუალურმა ურთიერთობებმა გააჩინა ეს პრობლემა.

აიღებენ ტელეფონს, „როგორ ხარ?“ მიწერენ, მოიკითხავენ და ძალიან მშრალად შემოიფარგლება ეს ურთიერთობები. როცა პირისპირ ხვდები ადამიანს, უფრო ბევრ რამეზე საუბრობ. გინდა თუ არა, მასთან ემოციურ დონეს ცვლი, უფრო მეტს იგებ მის შესახებ, უფრო მეტადაც ეხმარები და უფრო მეტად გესმის მისი. მაგრამ დისტანციურად ეს ურთიერთობები ვერ შედგება“, – გვითხრა გიორგიმ.

მისი თქმით, ამ პრობლემის დაძლევაში მნიშვნელოვანია მშობლების როლიც.

„მე, მაგალითად, მშობლებმა ერთხელ ამიხსნეს და შემდეგ, როცა სხვებს დავაკვირდი, მივხდი, რომ არ უნდა გავკარებოდი.

ემოციური დისბალანსი აქვთ ახალგაზრდების იმ ნაწილს, ვინც რაიმე სახის ნივთიერებას მოიხმარს. ვერ აზროვნებენ, წონასწორობას კარგავენ, დეპრესიულები არიან. ყველა ცუდ ამბავს იხსენებენ და მერე ამაზე ჩაიციკლებიან. სამწუხაროა, რომ ბევრი მოიხმარს ტაბლეტებს.

ინტერნეტით შეძენაც გამარტივდა. მით უმეტეს, თუ კრიპტოვალუტით ყიდულობ. იქ არც მყიდველი ფიქსირდება და არც რაოდენობა, რამდენი იყიდე.

ერთხელ ახლობელმა მითხრა, სადღაც უნდა გამყვეო და წავედით. ისეთ ადგილებში ეძებდა ამ ნივთიერებებს, ვერც კი წარმოიდგენ, რომ იქ რაღაც დევს. პირველად ვიყავი ცხოვრებაში ასეთ რამეზე“, – ამბობს დვალიძე.

მისი თქმით, შედეგებამდე უკვე აღარ მიდის მომხმარებლების ფიქრები.

„დღეს მინდა ვიყო ბედნიერი, – ამბობენ. თუმცა მე მაგას ბედნიერებას ვერ დავარქმევ“, – ამბობს გიორგი.

როცა ტკივილი და ფსიქიკური დარღვევები ეწყებათ, აქ დამხმარე პროგრამები უნდა ჩაერთოს – მიიჩნევს ანი. ისიც პედაგოგია, თუმცა უფროსკლასელებთან ნაკლებად აქვს შეხება.

„მე უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებს ვასწავლი, თუმცა მნიშვნელოვანია იმ მიზეზებზე საუბარი, რატომ უჩნდებათ ბავშვებს ნარკოტიკების გასინჯვის სურვილი.

პატარა ასაკიდანვე ვხედავ პრობლემას და ეს პრობლემა ჩანს იმაშიც, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე არ ეძლევათ საშუალება, ჰქონდეთ პირადი სივრცე, პირადი ცხოვრება.

მეცადინეობა, მეცადინეობა. სულ სტრესულ გარემოში არიან და არ იციან ბუნებრივად სიამოვნების მიღება. ამიტომ თინეიჯერობას როცა მიაღწევენ, ექნებათ მსგავსი პრობლემები და შეიძლება გახდნენ ნარკოდამოკიდებულიც.

ჩემი აზრით, ყველაფერში საჭიროა ბალანსი. არც ძალიან მკაცრი უნდა იყოს მშობელი და არც სრული თავისუფლება უნდა მისცეს ბავშვს. რა თქმა უნდა, ყველა რისკისა და საშიშროების შესახებ უნდა მიაწოდოს ბავშვს ინფორმაცია“, – ამბობს ანა.

ფიქრია დავლაძე მშობლის პოზიციიდან გვესაუბრა. მისი აზრით, მშობლების დიდ ნაწილს უჭირს პრობლემის აღიარება. შესაბამისად, ისინი ვერც პრობლემის მოგვარების გზებს ხედავენ.

„ბევრი ისეთი მშობელი დავპატიჟეთ შეხვედრაზე, ვისი შვილებიც დიდი ოდენობით ნარკოტიკს მოიხმარენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ მოვიდა დისკუსიაზე. მიმღებლობა არ აქვთ მშობლებს.

ჩემი შვილი 12 წლისაა და მე, მაგალითად, მეშინია, 14-15 წლის როცა გახდება, ვიღაცამ არ გაასინჯოს რაიმე ნივთიერება. მინდა, სრულად ვიყო ინფორმირებული, რომ ვიცოდე, როგორ მოვიქცე, თუკი რაიმე ცვლილებას შევნიშნავ ჩემს შვილს, ზუსტად უნდა ვიცოდე, რასთან მაქვს საქმე“, – გვითხრა ფიქრიამ.

ომელი ასაკიდან უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს რისკებზე? – ვკითხეთ მას.

მისი აზრით, მშობლებმა შვილების ნდობა თავიდანვე უნდა მოიპოვონ და იცოდნენ  მათთან სწორი ურთიერთობა. „რადგან, როცა გაიზრდებიან, მერე უკვე ვეღარ გავუგებთ მათ, თუკი ეს ურთიერთობები თავიდანვე არ გვაქვს სათანადოდ აწყობილი.

რაღაც დოზით მაინც ვშორდებით ზრდასრულ ასაკში შვილებს, მათ თავიანთი სამყარო აქვთ და ისედაც ჩნდება ეს ბარიერები.

როცა ყველაზე მეტად უჭირს ბავშვს, მაინც მშობელთან მოდის. მეც მეუბნება ხოლმე ჩემი შვილი, „თუ გეტყვი, მცემ?“, მაგრამ მირჩევნია მითხრას და მე მომეშალოს ნერვები, ვიდრე  რაღაც აკეთოს დამალულად. კომუნიკაცია არის აუცილებელი“, – ამბობს ფიქრია დავლაძე.

საუბარში კიდევ ერთი მშობელი ჩაგვერთო, რომელმაც თქვა, რომ შვილების მიმართ უყურადღებობა ხშირად სასკოლო ასაკიდანვე იწყება.

„ჩემი შვილის კლასში 32 ბავშვი სწავლობდა და მთელი 12 წლის მანძილზე მაქსიმუმ 10 მშობელი ვიყავით, რომლებიც სკოლაში დავდიოდით კრებაზე. არც ემიგრაციაში არიან ეს მშობლები, ამ ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა არასდროს მოსულან“, – გვითხრა მან.

ერთ-ერთ მშობელს რომ მივაწოდე ინფორმაცია, იუკადრისა. მე იმიტომ ვარ სახლში და არ ვმუშაობ, რომ შვილები დავზარდოო. დღეს ორივე ნარკოდამოკიდებულია. მშობელმა არ მიიღო რჩევა. მოიწამლა და მაგიტომ იყო ცუდადო, – მითხრა.

რამდენიც ვუთხარი, იმდენი შარი ვნახე. თუმცა დღეს დაჭერილია მისი შვილი. საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებასთან ერთად, აუცილებელია მკაცრად გაკონტროლდეს ნარკოტიკების ბრუნვა ქვეყანაში“.

ირინა ქოქოლაძე პედიატრია. მისი თქმით, მშობლები გრძნობენ ძალიან დიდ შიშს და ხშირად ამიტომ აქვთ ინფორმაციის მიუღებლობა.

„მეტი დისკუსია, მეტი ღიაობაა ამ პრობლემაზე საუბრისთვის საჭირო.

წლების წინ, მახსოვს, როგორ უჭირდათ საუბარი შშმ ბავშვების მშობლებს, როგორ მალავდნენ შვილებს და შეზღუდული იყო მათი ხილვადობა საზოგადოებაში. თუმცა, როცა დავარწმუნეთ მშობლები, რომ პრობლემას გაქცევა კი არა, საუბარი სჭირდება, ეს ბარიერებიც გადაილახა.

საზოგადოების ცნობიერებაც გაიზარდა ამ საკითხზე და ამ ადამიანების ცხოვრებაც მეტ-ნაკლებად შეიცვალა.

ასე იქნება ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებითაც. უნდა დაიწყოს ამ პრობლემაზე ღიად საუბარი. მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მშობლებმა, რადგან სკოლა, ექიმი, სახელმწიფო ვერ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას.

სანამ მშობლის ღიაობა არ იქნება, რაც უნდა ტრენინგები უტარო, რაც უნდა ნარკორეალიზატორები დააკავოს პოლიციამ, სრული სურათი მაინც არ შეიცვლება.

აუცილებელია ყველა სამსახურში ჩატარდეს შესაბამისი ტრენინგი, რადგან მათი დასაქმების ადგილზე მოისმინონ მშობლებმა ყველა საჭირო ინფორმაცია.

თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება დრო.

თუ ყველა ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ, მოვა დრო, ერთმანეთს ვეტყვით – შედეგს მივაღწიეთ“-ამბობს ირინა.

_____________________

მთავარი ფოტო: დისკუსია ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების თემაზე.

რა მისამართებზე შეწყდება დღეს გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 26 მარტს, ბათუმში რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება.

კერძოდ:

11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ფიროსმანის #8-ში მცხოვრებ 57 აბონენტს;

ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზი შეუწყდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ 217 აბონენტს;

ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზი შეუწყდება აღმაშენებლის #1-ში მცხოვრებ 254 აბონენტს.

„სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 438 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770]
  • ტანკი – 6 893 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 13 207 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 10 904 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 019 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 727 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 553 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 014 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 498 ერთეული [+44]
  • სპეცტექნიკა – 1 789 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 17 142 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 604 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 256 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 531 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 215 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„ჩვენ გვაინტერესებს, ვინაა დამკვეთი“ — პუტინი მოსკოვში ტერაქტზე

დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის საკრებულო 18 სამშენებლო პროექტს განიხილავს – 26 მარტის სხდომა

ხვალ, 26 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე 23 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის 18 სამშენებლო პროექტია. საკითხები დღის წესრიგში დღეს დაამატეს, მაშინ, როცა კანონი საკითხების გასაჯაროებას 7 დღით ადრე ითვალისწინებს. ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკით, საკრებულო მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მალავს – მხოლოდ სხდომის წინა დღეს აქვეყნებს.

ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებს საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებსაც კი არ აწვდიან დროულად. არადა მათ შესწავლას დიდი დრო ნამდვილად სჭირდება. ამის გამო საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ხშირად საყვედურობენ პირადად საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს. თავად თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ მათი შესწავლა ერთ დღეშიც შესაძლებელია: „სურვილი უნდა გქონდეს“.

რატომ მალავს საკრებულო განსაკუთრებით ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც კანონით საჯარო უნდა იყოს? – სავარაუდოდ იმიტომ, რომ მსგავსი საკითხები სხდომამდე მედიაში მოხვედრის შემდეგ ბევრჯერ გახდა ამომრჩევლის აქტივობის და სხდომაზე დაპირისპირების საგანი. ეს დისკომფორტია „ოცნების“ უმრავლესობისთვის.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით „ოცნების“ უმრავლესობას წარმოდგენილ განაშენიანების კონცეფციებსა და გეგმებზე შენიშვნები ძირითადად არ აქვს და მხარს უჭერს მათ დამტკიცებას, ოპოზიცია კი საუბრობს სიმჭიდროვის, პარკინგის, მზის სხივის გადანაწილების და სპეციალისტების იმ უარყოფითი დასკვნების შესახებ, რომლებიც ამავე დოკუმენტებშია მოცემული.

თუმცა, საკრებულო მათთვის ამ დოკუმენტების მიწოდებას დიდი ალბათობით მხოლოდ იმიტომ არ აჭიანურებს, რომ ისინი დეტალურად არ შეისწავლონ და არ გააკრიტიკონ მათი გადაწყვეტილებები. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ინფორმაცია დასამტკიცებელი პროექტების შესახებ მედიის ხელში არ მოხვდეს.

არადა მათი გასაჯაროება სავალდებულოა კანონით.

„ბათუმელები“ მერიის ვებგვერდზე ამ დოკუმენტების გამოქვეყნების პრაქტიკასაც აკვირდება. ჩვენ ვაარქივებთ მასალებს, მათ შორის სქრინებს, იმის გამოსაკვლევად, რას და როდის აქვეყნებს მერიის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური, შემდგომში ქალაქმშენებლობის საკითხების საჯაროობის თაობაზე კანონის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით ანალიზის მოსამზადებლად.

ამჯერადაც, სხდომის მოწვევის თაობაზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგს, დამატებითი საკითხები 25 მარტს, 18:00 საათის შემდეგ დაამატა. არც მეტი არც ნაკლები, დამატებით საკითხებში ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული 18 საკითხია, მათ შორის არის განაშენიანების კონცეფციები, დეტალური გეგმები [გდგ] და ასე შემდეგ.

წარდგენილი საკითხების ოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და დასამტკიცებელი პროექტების მასშტაბსაც გავითვალისწინებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, გიორგი წანაწყენიაშვილმა, წინამორბედის რეკორდი უკვე მოხსნა.

რადგან პროექტების სიღრმისეულ შესწავლას სხდომამდე ვერც ჩვენ შევძლებთ, გთავაზობთ ზოგად მიმოხილვას იმაზე, თუ რაზე იმსჯელებს ხვალ საკრებულო. ცალკეულ პროექტზე კი დეტალურ მასალას სპეციალისტების მოსაზრებებით „ბათუმელები“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

შპს „გთმ ბილდინგი“ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცებას ითხოვს, კომპანია ბათუმში, ბაგრატიონის #139-ში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

რენდერი
რენდერი

ბაგრატიონის #131-ში მშენებლობას „ბაგრატიონი რეზიდენსი გეგმავს“. კომპანიამ მერიას განაშენიანების დეტალური გეგმა წარუდგინა.

რენდერი

დასამტკიცებლად წარდგენილია ასევე შპს „სითი ქონსთრაქშენის“ განაშენიანების დეტალური გეგმა. კომპანია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აპირებს მახინჯაურში, ახალგაზრდობის ქუჩის მიმდებარედ, ამაღლების ქუჩის პირველ ჩასახვევში.

გაცემული დავალების შესაბამისად, კომპანია განაშენიანების დეტალური გეგმა 43 მიწის ნაკვეთისაგან შემდგარ გეგმარებით ერთეულზე შეიმუშავა, რომლის ფართობიც 45 000 კვ.მეტრია. დაგეგმვის პირველ ეტაპზე შემუშავდა გდგ-ს კონცეფცია. კომპანიამ კოეფიციენტის გაზრდაც მოითხოვა.

გეგმარებითი ერთეული

შპს „ლაქშერი“ მშენებლობას ახალსოფელში გეგმავს. ახალსოფლის ცენტრიდან სამშენებლო ტერიტორიამდე მანძილი 650 მეტრია. კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია გორაკზე. ახალსოფლის დასახლების ცენტრიდან სამშენებლო ტერიტორიამდე მისვლა შეიძლება ავგიის ქუჩისა და ავგიის  პირველი ჩიხის გავლით.

საკვლევი ტერიტორია
ესკიზი

შპს „სეიფ ინვესტი“ ბათუმში აფსაროსის ქუჩაზე, 20 702 კვ. მეტრზე მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს და პროექტის კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს.

ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დამტკიცებასაც საკრებულო, ხვალ, 26 მარტს სხდომაზე გეგმავს.

როგორ გავუმკლავდეთ ახლობლის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას – გლოვის 5 ფაზა

ახლო ადამიანის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და სტრესული მოვლენაა ცხოვრებაში. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს, მაგრამ გლოვის პროცესი, ერთგვარი ფაზების სახით, მოიცავს სხვადასხვა ძლიერ ემოციას, სადაც შოკის ეფექტს ბრაზის განცდა ენაცვლება, ბრაზს დანაშაულის გრძნობა და ძლიერი სევდა. თანდათან ეს გრძნობები მსუბუქდება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება დანაკარგის მიღება და ცხოვრების გაგრძელება დანაკარგთან ერთად.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, რა ხდება გლოვის სხვადასხვა ეტაპზე, როგორ დავეხმაროთ მეგობარს ან საკუთარ თავს გამოგლოვებაში და რა მიგვანიშნებს, რომ საჭიროა დახმარებისთვის სპეციალისტს მივმართოთ:

  • ქალბატონო მაია, რა არის გლოვა?

ზოგადად, ადამიანის ტრავმირებას სამი ტიპის  მოვლენა იწვევს – ეს არის გლობალური მოვლენებით გამოწვეული ტრავმა, რომელიც ბუნებრივ კატაკლიზმებს, საომარ მოქმედებებს უკავშირდება; ინტერპერსონალური ტრავმა, რომელიც უკავშირდება ძალადობის გამოცდილებას, მათ შორის ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა და სხვა სახის დამაზიანებელი ქმედებები, რომელიც თავს იჩენს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში და მესამე – მძიმე დანაკარგის ტრავმა.

დანაკარგის ტრავმის თანმდევი ერთ-ერთ ეტაპი გახლავთ გლოვა, მაგრამ აქამდე ადამიანი გადის სხვა ეტაპებს. ანუ ეს არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება დანაკარგს.

დანაკარგი შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას, ასევე განშორებას. ამას გარდა, დანაკარგის ტრავმაზეა საუბარი, როდესაც ადამიანი კარგავს საცხოვრებელს, სამსახურს, სოციალურ სტატუსს, აქვს რაიმე მძიმე ფიზიკური დაზიანება ან დაავადება.

  • რა ეტაპებს გადის ადამიანი დანაკარგის გამოგლოვების პროცესში?

საყვარელი, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება შეიძლება ჰგავდეს მთავარი საყრდენის გამოცლას, არა მხოლოდ ფიზიკურ, ეგზისტენციალურ დონეზეც კი. გარდაცვალების შემდეგ გლოვა კი ბუნებრივი მოვლენაა. ადამიანების უმრავლესობისთვის იგი ბოლომდე არასოდეს სრულდება, თუმცა უკან იხევს და დროთა განმავლობაში დანაკარგის ტკივილიც მცირდება.

დანაკარგის დროს ადამიანი, ბუნებრივად, რამდენიმე ეტაპს გადის, რასაც ბუნებრივი აღდგენის პროცესიც შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმიცაა და ადამიანს ეხმარება იმაში,  რომ შეძლოს დრამატულ ცვლილებასთან ადაპტაცია.

პირველი  არის შოკი და მიუღებლობა – შოკის მდგომარეობა დანაკარგის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ჩვეულებრივი რეაქციაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ დანაკარგი უცაბედი და მოულოდნელია. შესაძლოა, არ დავიჯეროთ მომხდარი, რაც ადამიანს გაუსაძლისი ტკივილისგან იცავს.

შემდეგი ეტაპია უარყოფა – გლოვის პროცესში უარყოფა აისახება იმაზე, თუ როგორ გამოვხატავთ ემოციებსა და გრძნობებს. ადამიანების ნაწილი უარყოფს, რომ მათი საყვარელი ადამიანი ნამდვილად გარდაიცვალა. ზოგიერთი კი იმას უარყოფს, რომ ცუდადაა მომხდარის გამო და რთული პერიოდი აქვს.

მომდევნო  ეტაპი დანაშაულის განცდაა – დანაშაულის განცდა უკავშირდება მოვლენებსა და სიტუაციებს, რომელთა გახსენების დროსაც შესაძლოა, სინანულმა შეგვიპყროს, რომ რაღაცის თქმა ან გაკეთება ვერ მოვასწარით საყვარელი ადამიანისთვის. შეიძლება, გაგვიჩნდეს მძაფრი სურვილი, რომ დრო უკან დავაბრუნოთ და რაღაცის სხვაგვარად თქმის ან გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცეს.

მეოთხე  ფაზაა ბრაზი და მერყეობა – ბრაზი მწუხარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. დანაკარგის შემდეგ მიუღებლობის გრძნობა შეიძლება გადაიზარდოს იმედგაცრუებასა და ბრაზში. აზრები „რატომ დამემართა ეს მე“ ამ ფაზაში საკმაოდ გავრცელებულია. ამ დროს ადამიანი შესაძლოა გაბრაზებული იყოს მთელ სამყაროზე, თითქოს ის ეძებს „დამნაშავეს“, ზოგჯერ საკუთარ თავში, ბრაზობდეს განგებაზე, თვითონ გარდაცვლილზეც კი „ხომ შეეძლო დროულად ეთქვა ცუდად თუ იყო, როგორ დამიმალა?!“ ეს და სხვა აზრები ირაციონალურია, თუმცა ძალიან შემაწუხებელი.

 შემდეგი ფაზაა დეპრესია, მარტოობა – ამ ეტაპზე შეიძლება უფრო მეტად ვიყოთ მზად, მივიღოთ დანაკარგის ფაქტი, მაგრამ მაინც მძიმე იყოს მომხდართან გამკლავება. ამ ფაზის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია მარტოობის განცდა. მას შეიძლება, თან სდევდეს დეპრესიაც, მარტო ან იზოლირებულად ყოფნის სურვილი, ასევე ჭარბი და დაუძლეველი უარყოფითი განცდები, ცრემლიანობა, უპერსპექტივობის განცდა.

მომდევნო ფაზაა აღდგენა – დროის გასვლასთან ერთად შესაძლებლობა გვიჩნდება, ვიყოთ მეტად ქმედითი; ეს არ ნიშნავს იმას, რომ წუხილის, ბრაზის, დანაშაულის ან სხვა გრძნობები სრულიად უნდა გაქრეს, მაგრამ დავიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. შესაძლოა, ყოფითი საკითხების მოგვარება გახდეს პრიორიტეტი. დიახ, ამ ეტაპზე წუხილი და დარდი ისევ ჩვენთან რჩება, თუმცა შეგვიძლია სწორი მიმართულებით სვლა შემდეგი ეტაპისკენ – მიღებისკენ.

ეს არის ბოლო ეტაპი, როცა ჩვენ შეგვიძლია დანაკარგის მიღება და მომხდართან გამკლავება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე „დავივიწყებთ დანაკარგს“. მაგრამ კარგად ყოფნის განცდა ისევ დაბრუნდება. შევძლებთ ვიფიქროთ, ვისაუბროთ და გვყავდეს გარდაცვლილი ადამიანი ფიქრებსა და მოგონებებში, გაუსაძლისი ტკივილისა და მძიმე ემოციების გარეშე.

სხვაგვარად ამას შეიძლება ვუწოდოთ – შუქი გვირაბის ბოლოს: გლოვის ეტაპის ბოლო მონაკვეთი არის, როდესაც გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება, ანუ როდესაც ადამიანი აღიარებს და თვალს უსწორებს დანაკარგს; ეს არ ნიშნავს, რომ ტკივილის ინტენსივობა იკლებს ან დავუშვათ უფერულდება ეს ტკივილი. არა, უბრალოდ ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი თითქოს ბედს ურიგდება და რაღაცნაირად შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება, ამ დანაკარგთან ერთად იცხოვროს ამ ტკივილით.

  • ეს ფაზები ყოველთვის თანმიმდევრულია?

შეიძლება მონაცვლეობა ხდებოდეს ფაზების, მაგალითად შეიძლება ადამიანი იყოს გლოვის ეტაპზე, დაბრუნდეს ბრაზის ეტაპზე, შეიძლება შოკის მდგომარეობაც განუახლდეს.

ეტაპები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, ვის როგორი შინაგანი მდგომარეობა აქვს, ვის როგორი მხარდამჭერი ქსელი ჰყავს (ადამიანის გარემოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს); ცხადია მნიშვნელოვანია, ვის როგორი გამკლავების შინაგანი რესურსები გააჩნია.

არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი გაიჭედება რომელიმე ეტაპზე. მაგალითად, გაიჭედება ბრაზში, შოკის მდგომარეობაში ან გლოვაში.

საშუალოდ ყველა ეს ეტაპი ჯამში ექვსი თვეს ან ერთ წლამდე გრძელდება. თუმცა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, თუნდაც კულტურაში დამკვიდრებული რიტუალების, ტრადიციების შესაბამისად, იცვლება. მაგრამ თუ პროცესი გახანგრძლივებულია და წლობით გრძელდება (თუნდაც ერთ წელზე მეტი), ამას უკვე გართულებულ გლოვას ვეძახით და ეს არის მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას.

  • კიდევ რა მიგვანიშნებს გართულებულ გლოვაზე?

მაგალითად, როდესაც წლები გადის და ადამიანი მეტყველებაშიც კი აწმყო დროში ახსენებს გარდაცვლილს, თითქოს ის აქ არის, მის გვერდით – ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს მიღებული რეალობა, ვერ ეგუება ამას და ეს არის გართულებული გლოვა.

ასევე, ზოგჯერ, როცა ადამიანი ისევ იმის გამო, რომ უარყოფს მომხდარს, თვალს ვერ უსწორებს  ტკივილს, ამრიდებლურ ქცევას ირჩევს – არ ერთვება გლოვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რიტუალში, ზოგჯერ არ დადიან სასაფლაოზე, ან შესაძლოა დრო გადის, მაგრამ ტკივილის ინტენსივობა არ იკლებს, ადამიანი ვერ ერთვება ყოველდღიურ ცხოვრებაში, წყვეტს სოციალურ კავშირებს. როცა ტკივილი მუდამ „აქ არის“ და არის ისეთივე ინტენსიური და დაუძლეველი, როგორც დასაწყისში იყო.

არის კიდევ ტრავმული გლოვა – ეს არის მდგომარეობა, რომელიც დანაკარგთან ერთად უკავშირდება ტრავმულ გამოცდილებას, მაგალითად, როცა ადამიანი შეესწრო მეორე ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის ფაქტს. ეს შეიძლება იყოს საომარი მოქმედების, კატასტროფის დროს, შეიძლება უცაბედი გარდაცვალების დროს, სადაც გარდა დანაკარგისა შემოდის თვითონ კატასტროფული მოვლენის შინაარსი. ტრავმული გლოვა საკმაოდ მძიმედ განიცდება და საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას.

  • ხშირად ადამიანი ასეთ მდგომარეობაში გაურბის გარდაცვლილზე ლაპარაკს. ფიქრებსაც ირიდებს თავიდან, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე, როგორ აისახება ასეთი ქცევა გამოგლოვების პროცესზე?

როგორც უკვე ვახსენე, ეს ამრიდებლური ქცევაა, გამოიხატება იმაშიც, რომ მაგალითად საუბარი მინდა ამ ადამიანზე, მაგრამ არ მინდა ვიტირო, ან ტირილი მინდა და არ ვაკეთებ ამას იმიტომ, რომ არ მინდა სხვები შევაწუხო.

ამრიდებლური ქცევა ხელს უშლის გამოგლოვებას, ამიტომ განსაკუთრებით ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი. საქმე ის არის, რომ თუ ვერ გამოიგლოვე, ვერ დადგება მიღების ეტაპი, როდესაც შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება ამ დანაკარგთან ერთად, ჩაერთო ჩვეულებრივ ცხოვრების ფერხულში.

კარგია მოგონებების გაზიარება, ამ მოგონებებში მოდის ცრემლი, სიცილიც, მოდის სასიამოვნო მომენტების გახსენებაც. ეს ძალიან ბუნებრივია და აი ამ ბუნებრივ პროცესს უნდა გაყვეს ადამიანი, არ უნდა დაბლოკოს და გარემომაც ხელი უნდა შეუწყოს.

  • რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის დაკრძალვასთან დაკავშირებულ რიტუალებს გლოვის პროცესში?

ზოგადად, რიტუალები კულტურის, რელიგიის, ოჯახის მიხევდით სხვადასხვა არსებობს, მაგრამ ნებისმიერი რიტუალი ძალიან დიდი როლს თამაშობს გამოგლოვების პროცესში და მათში ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ხშირად არის, რომ მაგალითად ბავშვს, სიმართლეს არ ეუბნებიან, უმალავენ ახლობელი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს, ან მოგვიანებით ეუბნებიან, როცა ყველაფერი ჩაივლის. ცხადია, მიზეზი ისაა, რომ უნდათ ბავშვს ტკივილი შეუმსუბუქონ. თუმცა, ბავშვს ისევე  სჭირდება მომხდარის მიღება და გამოგლოვება, როგორც დიდს. ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაემშვიდობოს და პატივი მიაგოს გარდაცვლილს. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ის გლოვის მძიმე რიტუალის შემსწრე იყოს.

ზოგჯერ ადამიანს უწევს ცრემლის შეკავება სხვადასხვა ფაქტორის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ სევდის საჯაროდ გამოხატვასთან ან არგამოხატვასთან დაკავშირებით, გარკვეული კულტურული კლიშეები არსებობს. ჯობია, ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ბუნებრივად მიჰყვეს ამ ღრმად შინაგან პროცესს, გამოიტიროს, თუ ეტირება, გამოხატოს რას გრძნობს, ილაპარაკოს ამაზე და მას მისმა მხარდამჭერმა ქსელმა, გარშემომყოფმა ადამიანებმა უნდა მისცენ სივრცე. მათ უნდა შეძლონ დაიტიონ ეს განცდები. ესაა რეალური მხარდაჭერა.

გლოვის კულტურაში დამკვიდრებული რიტუალები ეხმარება ადამიანებს გამოგლოვებაში, მათ შორის [მისამძიმრება] თანაგრძნობის მიღება.

ვისაც როგორ შეუძლია, ვიღაც საფლავზე მიდის და ტირის, ვიღაცას თაიგული მიაქვს, ვიღაც  წერილებს წერს, ვიღაც რელიგიურ რიტუალს ასრულებს – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია გამოგლოვებისთვის.

  • რა აფერხებს გამოგლოვების პროცესს?

გამოგლოვებას ხშირად ხელს უშლის ის, რომ ადამიანი თითქოს საკუთარ თავს არ რთავს ნებას, რომ ჩვეულებრივად იცხოვროს, ანუ დაუბრუნდეს ჩვეულ რუტინას, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. ხომ არის, რომ რაღაც ბუნებრივად გამხიარულებს, გახარებს, თუმცა ხშირად ადამიანები ბლოკავენ ასეთ ემოციებს. არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, რომ განიცადონ პოზიტიური ემოცია, თუნდაც გემრიელად ჭამონ, გემრიელად გაიცინონ.

ისეც ხდება, რომ ახლობლები არ აცდიან ადამიანს: „არ შეგეფერება მგლოვიარეს“ – რა თქმა უნდა, ესეც არ არის სწორი მიდგომა, ყველა ისე უმკლავდება დანაკარგს, როგორც შეუძლია. მე ვიცი ადამიანი, რომელიც უმკლავდებოდა იმით, რომ ფორტეპიანოზე უკრავდა და  უკრავდა… და ეს იყო მისთვის გლოვის რიტუალი.

ის ბუნებრივი პროცესი, რაც ადამიანშია, არ უნდა დაიბლოკოს და არც ადამიანმა უნდა დაბლოკოს საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის შედეგად. ამას ხშირად ხელის შეწყობა სჭირდება.

  • რისი თქმა, ან რისი გაკეთება არ არის სასურველი ამ დროს?

მაგალითად, არ არის სასურველი ტვირთის დადება, რომ „შენ ახალ ძლიერი უნდა იყო; მაგარი უნდა იყო; შენ უნდა შეძლო“. საქმე ის არის, რომ ამ დროს ადამიანი თავის თავში ამ ძალას ვერ პოულობს, ხედავს რომ არ შეუძლია, სუსტადაა და ეს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს მას, კიდევ უფრო მეტად აბრუნებს იმ მოჯადოებულ წრეში. აი, ამ სიმხნევის ტვირთის აკიდებას, რომელსაც ადამიანი ვერ სწევს, ტოქსიკურ პოზიტიურობას ვეძახით.

ჩვენი მხრიდან მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და არა დამუნათება. იყავით ემპათიური, მხარდაჭერა სწორედ ამას ნიშნავს, რომ თანაუგრძნო და მოუსმინო ამ ადამიანს.

თუ ხედავ, რომ გაიწელა, გახანგრძლივდა მისი გლოვა, ან თითქოს და არ აღიარებს დანაკარგს, ან ისევ გაბრაზებულია, ესე იგი მან ეს ფაზა/პროცესი ვერ გაიარა და დღეს ეს მას ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. კარგი იქნება თუ ვეტყვით, რომ ეს ის მდგომარეობაა, როცა დახმარება უნდა ითხოვოს.

მთავარია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ ცხოვრება არასოდეს იქნება იგივე, რაც იყო, მაგრამ ის მაინც გრძელდება და რომ ის კვლავ შეძლებს განიცადოს სიმშვიდე და ბედნიერება.

რატომ ვეღარ მუშაობს ბათუმის ნავსადგური სრული დატვირთვით – ჩიხი „შუა დერეფანში“

„საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი კარიბჭე“ – ეს წინადადება სხვადასხვა ფორმულირებით, თუმცა მსგავსი შინაარსით ერთხელ მაინც უთქვამთ იმ პოლიტიკოსებს თუ ბიზნესმენებს, ვინც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს როლის ხაზგასმას ცდილობს.

რეალობაში კი საქართველო ვერ იყენებს თავის გეოგრაფიულ უპირატესობას, ვერ გამოიყენა ვერც 2022 წლის ომის შემდეგ გაჩენილი გეოპოლიტიკური ფანჯარა, ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ვერ მოახდინა რკინიგზის მოდერნიზება და ვერ გაზარდა ტვირთნაკადი საქართველოს პორტებში.

შუა დერეფანი, ანუ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი TITR ხუთი სახელმწიფოს (ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) საზღვარს კვეთს და ორ ზღვას – კასპიასა და შავ ზღვას მოიცავს.

მარტივად, შუა დერეფნის მარშრუტით ჩინეთიდან წამოსული ტვირთის შავი ზღვის მეშვეობით ევროპაში გატანაა შესაძლებელი.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჯერჯერობით არ აისახება მონაცემებში – საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა ბოლო სამი წლის სტატისტიკის თანახმად, შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული მთლიანი ტვირთების რაოდენობა 2,6 მილიონი ტონითაა შემცირებული. თუმცა ამავე პერიოდისთვის გაზრდილია გადატვირთული კონტეინერების რაოდენობა.

მაგალითად, 2021 წელს სულ გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 16,5 მილიონი ტონა იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 15 მილიონ ტონამდე, ხოლო 2023 წელს – 13,8 მილიონ ტონამდე.

იგივე პერიოდში, ანუ, 2021 წლიდან 2023 წლამდე, კონტეინერების [TEU] რაოდენობა 401 249-დან 693 976-მდე გაიზარდა.

  • ბათუმის პორტის როლი შუა დერეფანში

ბათუმის ნავსადგური 5 ტერმინალს და 11 ნავმისადგომს მოიცავს. ნავსადგურს ასევე აქვს მისადგომის გარეშე ჩატვირთვის წერტილიც.

ოფიციალური მონაცემებით, ნავსადგურის მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში 18 მილიონი ტონაა. საპორტო ფლოტში 13 გემია.

ბათუმის ნავსადგური რამდენიმე სატრანსპორტო დერეფანშია ჩართული, მათ შორის ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში.

გასული 2023 წლის სტატისტიკის თანახმად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემცირდა როგორც მშრალი ტვირთისა და ნავთობის/ნავთობპროდუქტების ტვირთბრუნვა, ასევე კონტეინერების რაოდენობა.

„ბათუმის ნავსადგურში გვაქვს ფაქტობრივად დაუტვირთავი ინფრასტრუქტურა,“ – ამბობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი და კონტექსტს ხსნის.

2022 წელს ბათუმის ნავსადგურმა 119 ათას კონტეინერზე მეტი გაატარა, 2023 წელს კონტეინერების რაოდენობა შემცირდა და 109 ათასზე ჩამოვიდა.

„არადა ბათუმის ნავსადგურს 200 ათასი ერთეული კონტეინერის გატარება შეუძლია. ფაქტობრივად, 50-55 %-ით არის დატვირთული საკონტეინერო ტვირთებით, მაშინ როცა ფოთში 100 %-ით არის ათვისებული საკონტეინერო ტვირთნაკადი.

ბათუმის ნავსადგურს წელიწადში 18 მილიონი ტონა ნავთობის და ნავთობპროდუქტების გატარება შეუძლია. დატვირთულია მხოლოდ 10-15 %-ით. 2023 წელს 1,6 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გაატარა,“ – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

მისი შეფასებით ბათუმის ნავსადგური თავის ინფრასტრუქტურას და შესაძლებლობებს დაახლოებით 20-25 %-ით იყენებს.

„საბორნე გადაზიდვები საერთოდ აღარ არის ბათუმში. უკრაინასთან იყო და შეჩერებულია დროებით. ბათუმის ნავსადგურმა ვერ შეძლო სხვა ევროპულ ქვეყნებთან ახალი საბორნე ხაზების ამოქმედება,“ – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის თქმით, ბათუმის ნავსადგურში სრული დატვირთვით ფაქტობრივად მხოლოდ ერთი, მულტიმოდალური ტერმინალი მუშაობს.

„მინერალური სასუქების ტერმინალი ეფექტურად მუშაობს, გაფართოებაზეც საუბრობენ. მილიონ-ნახევრამდე რომ აწიონ გამტარუნარიანობის თამასა, ეფექტიანად გამოიყენებენ ბათუმის ნავსადგურის გამტარუნარიანობას,“ – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

ცაგარეიშვილის თქმით, ოთხი პორტიდან (ბათუმის ნავსადგური, ფოთის პორტი, ყულევი და სუფსის ტერმინალი) არცერთი არაა სრულად დატვირთული, რაც საქართველოს როლს შუა დერეფანში ხაზს გაუსვამდა.

„ბათუმის ნავსადგურში საკონტეინერო ნაკადის 50 %-იანი რეზერვი არსებობს. გვაქვს ყულევის ნავსადგური, რომელიც 39 %-ით არის გამოყენებული. ფაქტობრივად, გაჩერებულია სუფსის ნავსადგური. ფოთის ნავსადგურში მშრალი და ნაყარი ტვირთები აუთვისებელი გვაქვს, მხოლოდ საკონტეინერო ხაზით გვაქვს ტვირთის მოზღვავება. შემდეგ წელს ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, ფოთის ნავსადგური ვეღარ გაატარებს საკონტეინერო ნაკადს. ვერ ვიყენებთ საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობას, რომელსაც 25 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია. ვერ ვიყენებთ ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რომელიც დაკეტილია,“ – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

  • როგორ იყენებენ ბათუმის ნავსადგურში მდებარე ტერმინალები შუა დერეფანს

შუა დერეფანი ერთი დიდი ლოჯისტიკური ჯაჭვია, რომელშიც ფოთის და ბათუმის პორტებს დიდი როლი აქვთ. გასული წლის ტვირთბრუნვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ როლს სრულად იყენებს ფოთი, საკონტეინერო ტვირთების მიმართულებით და ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი.

როგორ იყენებს ბათუმის ნავსადგური და მასში შემავალი ტერმინალები შუა დერეფნის შესაძლებლობას, რა ფაქტორები აფერხებს  – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ ორივე ტერმინალის ადმინისტრაციას მიმართა. საკონტეინერო ტვირთების ტერმინალიდან ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს, ხოლო ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალმა პასუხები წერილობით მოგვაწოდა.

„ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენტ გრუფის“ გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2021 წელს გახსნილი მულტიმოდალური ტერმინალის ტვირთბრუნვა მუდმივად მზარდია და ამას ტვირთების მოსაზიდად 24 საათიანი მუშაობა განაპირობებს.

მამუკა მურჯიკნელი

მამუკა მურჯიკნელის თქმით, ტვირთების ზრდას განაპირობებს ისიც, რომ მულტიმოდალური ტერმინალი სწრაფ, უსაფრთხო და სტაბილურ სერვისს სთავაზობს ტვირთის მფლობელებს. ეს ფაქტორები კი არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

„გარდა ამისა, ჩვენს ტერმინალს აქვს რამდენიმე საწყობი, რაც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა სახის მინერალური სასუქი მივიღოთ და მოვემსახუროთ. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი, გვაძლევს საშუალებას, რომ ტვირთბრუნვა მუდმივად მზარდი იყოს. გახსნის დღიდან, ჩვენმა კომპანიამ უკვე 2 მილიონ ტონამდე მინერალური სასუქის მომსახურება შეძლო. თუმცა, გვაქვს პოტენციალი, რომ ეს ციფრი კიდევ გავზარდოთ და წელიწადში 1.5 მილიონ ტონა ტვირთს მოვემსახუროთ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ, ვვითარდებით და აუცილებლად მივაღწევთ ამ ნიშნულს,“- ამბობს მამუკა მურჯიკნელი და იქვე ამატებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, ზოგადად ქვეყანაში შეცვალა ტვირთბრუნვის მაჩვენებელი.

„თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შემთხვევაში, ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო, რადგან კონფლიქტის დაწყებამდეც, ჩვენ უკვე მრავალი შეთანხმება გვქონდა გაფორმებული თურქმენ, უზბეკ და ყაზახ პარტნიორებთან მათი ტვირთის საქართველოს გავლით, კერძოდ, ჩვენი მულტიმოდალური ტერმინალის გამოყენებით გადაზიდვასთან დაკავშირებით. განვითარებულმა მოვლენებმა, რა თქმა უნდა, ეს პროცესები საგრძნობლად დააჩქარა.

ჩვენი ტერმინალი ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო სისტემებით არის აღჭურვილი, კონვეიერულ-ლენტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის დასაწყობებას და შემდგომში გემზე გადატვირთვას, საშუალებას გვაძლევს, რომ უმოკლეს დროში მივიღოთ და გადავტვირთოთ მინერალური სასუქები. ის ფაქტი, რომ ჩვენი სისტემების გამოყენებით საათში დაახლოებით 1000-1100 ტონა ნაყარი ტვირთის გემზე დატვირთვა შეგვიძლია, საგრძნობლად ზრდის ტერმინალის, პორტის და, ზოგადად, შუა დერეფნის ეფექტურობას,“ – ამბობს მამუკა მურჯიკნელი.

რა არის ის მთავარი სირთულე, რომელიც შუა დერეფანში ბათუმის  მულტიმოდალური ტერმინალის ეფექტურობის გაზრდას უშლის ხელს. რამდენად და როგორ უშლის ბიუროკრატია ხელს შუა დერეფანში საქართველოს როლს?  – ვკითხეთ Wondernet Express Investment Group-ის გენერალურ დირექტორს.

„მთავარი ფაქტორი, რაც ჩვენი ტერმინალის ეფექტურობას გაზრდის, არის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განვითარება. ასევე, სატვირთო ვაგონების რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდა.

ფაქტია, რომ რაც უფრო შემცირებულია ბიუროკრატია, უფრო სწრაფად და მოქნილად მუშაობს ბიზნესი. შესაბამისად, სადაც საშუალება არსებობს, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მინიმუმამდე დავიდეს ბიუროკრატია და ბიზნესს საშუალება მიეცეს, კიდევ უფრო მაღალ ტემპში იმუშაოს,“ – ამბობს მამუკა მურჯიკნელი.

როდესაც ბიზნესი ან/და სპეციალისტები შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებაზე საუბრობენ, მუდმივად უსვამენ ხაზს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც საჭიროა ნავსადგურების ეფექტურობის გაზრდისათვის. ვინ და რა მოცულობის ინვესტიცია უნდა ჩადოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში ვკითხეთ მამუკა მურჯიკნელს.

„პირველ რიგში აღვნიშნოთ თუ რა სჭირდება ზოგადად შუა დერეფანს. ეს არის დამატებითი ინფრასტრუქტურა. კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტი. როგორც მოგეხსენებათ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი აქტიურ ფაზაშია და მალე დაიწყება. აღნიშნული ფაქტი, საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ და დერეფნის ეფექტურობა გავზარდოთ. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სხვა პორტებსაც უფრო განავითარებს, უშუალოდ ბათუმის პორტისა და კონკრეტულად ჩვენი ტერმინალისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც გარდაუვალად მოჰყვება ამ პროექტის განხორციელებას. ბათუმის პორტის ტვირთბრუნვაც საგრძნობლად გაიზრდება. ეს საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.

ინვესტიციების ნაწილში, კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა, ყველამ ერთად, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.

კონკრეტულად როლების განაწილებაზე რთულია საუბარი, მაგრამ ალბათ ლოგიკურიც არის, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო აქტიურად სცადოს, მეტი ტვირთი მოიზიდოს, ხოლო სახელმწიფო დაეხმაროს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და ბიუროკრატიის შემცირებაში, რათა მაღალ ტემპში მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. მოგეხსენებათ, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში წამყვანი როლი სახელმწიფოს აქვს, თუმცა უშუალოდ პორტის ეფექტური მუშაობა და ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მსგავსი, თანამედროვე ტერმინალების აშენება და ოპერირება კერძო კომპანიების საქმეა,“- ამბობს Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი.

ამავე თემაზე:

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა შემცირდა

 

ხულოს მერია ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო პროექტს იყიდის

„უკეთესი ვიზუალური გარემოს შექმნის თვალსაზრისით შესაძლებელია განხილულ იქნას შენობის რელიგიური საკულტო არქიტექტურის და ატრიბუტიკის ელემენტებთან ერთად ქართული კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის და არქიტექტურული ელემენტებით გამდიდრების საკითხი.“ – აღნიშნულია ხულოს ცენტრალურ მეჩეთთან დაკავშირებით ტენდერში, რომელიც ხულოს მერიამ გამოაცხადა.

ხულოს ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების პროექტის შესასყიდად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 23 728 ლარით გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, პროექტი ისე უნდა შედგეს, რომ მთლიანობაში სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა 800 ათასი ლარის ფარგლებში იყოს [ახლანდელი მონაცემებით, ეს იქნება მაქსიმუმი თანხის, რაც შემდგომში მეჩეთის რეკონსტრუქციაზე უნდა დაიხარჯოს].

„სოფელ დეკანაშვილებში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი 2 678 კვადრატული მეტრია, განთავსებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრალური მეჩეთი და სხვადასხვა დამხმარე შენობები და ნაგებობები.

მეჩეთის მშენებლობა დაწყებულა გასული საუკუნის ოცდაათიან წლების დასაწყისში და დასრულებულა 1937 წელს. წლების განმავლობაში შენობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, თუმცა შენარჩუნებულია მისი არქიტექტურული სახე. შენობის ფასადები ხასიათდება ნალესში გამოყვანილი დეკორაციული მორთულობით.

შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები ბოლოს განხორციელდა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში“, – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

ხულოს ცენტრალური მეჩეთი / ქართველ მუსლიმთა კავშირის ფოტო

ტენდერში გაწერილია ასევე მონახაზი, თუ როგორ ხედავს ხულოს მერია ცენტრალური მეჩეთის შენობის რეკონსტრუქციას.

განაცხადში აღნიშნულია, რომ „შენობის ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე უნდა დამუშავდეს რეაბილიტაციის ისეთი პროექტი, რომელიც მიმზიდველი იქნება ყველა ასაკის ადამიანისათვის და უზრუნველყოფს შექმნას კომფორტული და უსაფრთხო გარემო ბავშვებისათვის, ახალგაზრდებისათვის და ხანში შესულებისთვის“.

ხულოს ცენტრალური მეჩეთი / ქართველ მუსლიმთა კავშირის ფოტო

ტენდერის პირობის მიხედვით, პროექტირებისას:

  • „მაქსიმალურად შენარჩუნებული უნდა იქნას შენობის არსებული არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა.
  • თუმცა უკეთესი ვიზუალური გარემოს შექმნის თვალსაზრისით შესაძლებელია განხილულ იქნას შენობის რელიგიური საკულტო არქიტექტურის და ატრიბუტიკის ელემენტებთან ერთად ქართული კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის და არქიტექტურული ელემენტებით გამდიდრების საკითხი.
  • პროექტირებით განხილული უნდა იქნას არსებულ შენობაზე სართულის დამატების; ნულოვან ნიშნულზე, სართულშუა გადახურვის ნაწილზე [ანტრესოლი] და ჭერის გადახურვაზე ბეტონის ფილების მოწყობის, გუმბათოვანი სახურავის მოწყობის, არსებული მინარის სრული დემონტაჟის და ახლის მოწყობის შესაძლებლობის საკითხი, შესაბამისი დასკვნების საფუძველზე.
  • პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე გათბობის, გაგრილების, ელექტრო გაყვანილობის, სუსტი დენების, სახანძრო უსაფრთხოების, ეზოს კეთილმოწყობის, საყრდენი კედლის მოწყობის საკითხები.
  • ყველა საპროექტო გადაწყვეტილება წინასწარ უნდა შეთანხმდეს მერიასთან. მათ შორის: სამშენებლო ობიექტის და სხვადასხვა ფართობების მოცულობა, განლაგება, ვიზუალური მხარე, ესკიზური პროექტი, გამოყენებული მასალები და სხვა დეტალები.
  • სხვადასხვა მიზეზების გამო, საჭირო შემთხვევებში, მიმწოდებელთან შეთანხმებით, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები შეთანხმებულ საწყის გეგმაში: გაზარდოს ან შეამციროს მომსახურების მოცულობა ცალკეულ პუნქტებში.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 30 მარტს დაიწყება და პირველ აპრილს დასრულდება.

პროექტი ხულოს მერიას ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 დღეში უნდა ჩააბაროს.

რაც შეეხება ტენდერში მონაწილეობის მსურველს, მას „2021 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება საერთო ღირებულებით არანაკლებ 85 000 ლარის ოდენობით.“

ტერიტორია სოფელ დეკანაშვილებში, სადაც მეჩეთი დგას სახელმწიფოს საკუთრებაშია და საჯარო რეესტრის მიხედვით ის სარგებლობაშია გადაცემული სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე“, მისი არსებობის ვადით.

ხულოს მერიიდან „ბათუმელებს“ მოგვწერეს, რომ „აღნიშნულ საკითხზე [დაგეგმილი სამუშაოებზე] ყველა შესაბამისი ორგანო ინფორმირებულია“.

ამავე თემაზე:

აჭარაში, ზვარესა და ძენწმანის მეჩეთები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, დღეს სავალალო მდგომარეობაშია.

მათ რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რამდენჯერმე გამოაცხადა, ჯამში 370 ათას 500 ლარით, თუმცა, ეს ტენდერები არ შედგა.

შემდეგ სააგენტომ თანხა 129 ათას 500 ლარით გაზარდა და ორივე მეჩეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 500 ათასი ლარით გამოაცხადა, თუმცა არც ეს ტენდერი შედგა.

ვრცლად: ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო თანხა 500 ათასამდე გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ამ მეჩეთების რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჯერ არ გამოუცხადებია.

„კორპუსთან 2 დღის წინ გამოჩნდა კაცი და ეზოს ნაწილი მოღობა, ჩემიაო“ – აქციაზე ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

„ხანძარიც რომ გაჩნდეს, ჩვენს კორპუსთან მანქანით ვეღარ მიხვალ, ეს პროექტი ხომ შეითანხმა მერიამ, სადაა ახლა?“ – კითხულობენ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის #49 წილადი 17-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებლები. მათ დღეს, 25 მარტს, კორპუსებს შორის გამავალი გზა გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 8 წელი ცხოვრობენ, საერთო ეზოს და მანქანით მისასვლელი გზის გარეშე რჩება. კორპუსის ეზოში 2 დღის წინ გამოჩენილა კაცი, ვისაც უთქვამს, რომ კორპუსის საერთო სარგებლობის ეზოს ერთი ნაწილის მესაკუთრე წლებია თვითონ არის. მესაკუთრეს კორპუსში მცხოვრებთათვის რეესტრის ამონაწერი უჩვენებია და მავთულებით და რკინის ბოძებით საკუთრებაც მოუღობავს.

„გაირკვა, რომ ეზოს მეორე ნაწილიც თურმე სხვას ეკუთვნის. ისიც თუ მიიღობავს ეზოს დარჩენილ ნაწილს, ეზო კი არა, კორპუსთან მანქანით მისასვლელი გზაც აღარ დაგვრჩება,“ – განმარტეს აქციის მონაწილეებმა.

„ეს რომ გვცოდნოდა, აქ ბინას არ ვიყიდდით. ეზოს მესაკუთრე სხვა აღმოჩნდა, რომელიც ახლა ითხოვს თანხას,“ – გვითხრა მოქალაქე ვასილ ინჯიამ.

„ჩვენ თავის დროზე არ გვინახავს რეესტრის მონაცემები, ჩვენ არ ვართ იურისტები, რომ ეს ყველაფერი გადაგვემოწმებინა, მაგრამ მერიამ ხომ გასცა ნებართვა?“ – კითხულობს მოქალაქე ზაზა თელია. ის კომპანიის გარდა, რომელმაც კორპუსი ააშენა აბაშიძის ქუჩაზე, პასუხისმგებლობას ბათუმის მერიას აკისრებს, რადგან კორპუსის ეზოს და მისასვლელი გზის გარეშე რჩება.

კორპუსის მეორე მხარეს ბათუმის მერიის დაკვეთით შიდა გზა გაუყვანიათ, სადაც კორპუსებთან ჩავლით ქეთევან წამებულის ქუჩაზე გასვლაა შესაძლებელი. ადამიანებმა, რომლებიც ახლა ეზოს გარეშე რჩებიან, დღეს ბარიკადი ამ გზაზე მოაწყვეს და თქვეს, რომ ვიდრე ბათუმის მერია პრობლემას არ მოაგვარებს, გზაზე მანქანით აღარავის გაატარებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, იმისთვის, რომ 4 წლის წინ ბათუმის მერიას კორპუსებსა და ორ ქუჩას შორის დამაკავშირებელი გზა მოეწყო, მათი ეზოს ნაწილი დათმეს.

„მაშინ ჩვენი ეზო გვქონდა და მისასვლელი, გზა არ გვიშლიდა ხელს, ამიტომაც არ წავედით წინააღმდეგი,“ – გვითხრეს აქციაზე.

იმის გამო, რომ სხვა საცხოვრებელი კორპუსში მცხოვრები ადამიანები სამანქანო გზის გარეშე დარჩნენ, აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. ბარიკადებთან გამოჩნდნენ პოლიციელებიც, თუმცა მათ გზის გათავისუფლება არ უცდიათ.

„მიმართეთ პრესცენტრს“ – ტრადიციული პასუხი დაგვახვედრეს სამართალდამცველებმა.

„კომპანია, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა, გვეუბნება, რომ ნებართვის მიხედვით მოაწყო ყველაფერი. შესაბამისად, მერიამ, ზედამხედველობამ უნდა გადახედოს ამ ყველაფერს,“ – მიიჩნევს ზაზა თელია.

„ჩვენ ვითხოვთ ბათუმის  მერიას, მაგრამ მერიის გარდა, ყველა გამოჩნდა – შეხედეთ, რამდენი პოლიციელი მოვიდა,“ – პოლიციელებისკენ მიგვითითა ალბერტ მახარაძემ.

აქცია გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

„ნებართვა არის გაცემული კანონის მოთხოვნების შესაბამისად,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში. აქ მოითხოვენ, რომ სხვა ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

„გადაფარვამ მოწია საზღვრები, მანქანას გაუჭირდება შესვლა“ – მანქანა კორპუსის შესასვლელთან რომ ვეღარ მივა, ადასტურებს კომპანია „ექსტრა 21“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, გელა თურაძეც. იგი განმარტავს, რომ მას უსაფუძვლოდ საყვედურობენ და მესაკუთრეები საჯარო რეესტრს უნდა ედავონ, რადგან „ეს გადაფარვის პრობლემაა“.

„თავის დროზე, რაც საკადასტრომ აჩვენა, იქ დავსვი შენობა… სერვიტუტით იქ გზა გადის და ეს იცოდა ყველამ… დღევანდელმა კადასტრმა კი აჩვენა სხვანაირად: კადასტრი მოიყვანეს და აჩვენა საზღვრები [მესაკუთრეები, რომლებიც კორპუსის საერთო ეზოს მოსაზღვრეები არიან] ორი მეტრის აქეთ, ხალხს აღარ აქვს ეზო,“ – განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი. იგი მიუთითებს იმაზეც, რომ პროექტის მიხედვით, რომლითაც მან წლების წინ ეს კორპუსი ააშენა, საერთო სარგებლობის ეზო თავიდანვე მცირე გამოვიდა – დაახლოებით 70 კვადრატული მეტრი.

„თუმცა ავტომანქანების გასაჩერებელი სივრცე იყო გათვალისწინებული მეორე მხარეს, სადაც გზა გაიყვანეს. იქ გზა რატომ გაიყვანეს, მე არ ვიცი,“ – გვითხრა გელა თურაძემ.

სადავო ეზო გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან

„შესაძლოა, იკვეთებოდეს თაღლითობის ნიშნები“ – მიიჩნევს ადვოკატი ალექსანდრე მეკეიძე და განმარტავს, რომ ჯერ ამხანაგობას საერთო კრებაზე არ გადაუწყვეტიათ, იქნება თუ არა ამ საქმის ადვოკატი. ის არც იმას გამორიცხავს, რომ სამოქალაქო წესით სარჩელით მიმართონ სასამართლოს.

„რა დააშავეს ამ მობინადრეებმა, რომლებმაც კეთილსინდისიერად შეიძინეს ბინები და სარგებლობდნენ ამ ეზოთი? “ – კითხულობს ალექსანდრე მეკეიძე.

კორპუსებს შორის გამავალი გზა ჩაკეტილია. აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ თუ შესაბამისი უწყებები მათი პრობლემით არ დაინტერესდებიან, აქციას ისევ მოაწყობენ.

„ქართველი პოეტი ქალების ბუმი ესპანეთში“ – ინტერვიუ მთარგმნელ ლანა კალანდიასთან

„ქართველ ავტორებს მხილება დროშასავით უჭირავთ ხელში და მკითხველს სთავაზობენ პოეტურ თამაშს, რომელიც სამყაროს რღვევას ხისტად, შიშით და სოციალური ლირიზმით შესცქერის“.

„მათ შესწევთ უნარი წარმოაჩინონ ქვეყნის განცდები, რომელიც ისტორიულად მუდმივ რყევებსა და ცვლილებებს განიცდის“.

„თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია წარმოგვიდგენს ქალი ავტორების პოეტურ ძალას, რომელიც ერთი მხრივ, გამოიხატა სოციალური თემებისა და თანამედროვეობის ასახვით, მეორე მხრივ კი – სიტყვის სააზროვნო განზომილებამდე ამაღლებით“…

– ეს მცირე მონაკვეთებია ესპანელი პოეტის და ჟურნალისტის, უილიამ გონსალესის სტატიიდან, რომელიც თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვან გამოცემას ეხება.

„ქართველი პოეტი ქალების ბუმი ესპანეთში“ – ასე ჰქვია გონსალესის სტატიას, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ:

„ყოველი პოეტი ქალის ლექსში მოჩანს მითოლოგიური და ისტორიული შტრიხები, სამყაროს შემძვრელი სოციალური უბედურებები, როგორიცაა უკრაინის ომი“.

ანთოლოგია მადრიდში 2024 წლის დასაწყისში გამოიცა. წიგნში შესული თანამედროვე ქართული პოეზია ლანა კალანდიამ და კუბელმა პოეტმა როდოლფო ჰესლერმა თარგმნა.

წიგნში 16 ავტორია – 9 კაცი და 7 ქალი. ანთოლოგიაში თითო პოეტის შვიდი ლექსია შესული.

ლანა კალანდია ესპანურ და ლათინოამერიკულ ლიტერატურას თარგმნის, მათ შორის ნათარგმნი აქვს მარიო ვარგას ლიოსას, ხორხე ლუის ბორხესის, გაბრიელ გარსია მარკესის, ედუარდო მენდოსას და ხავიერ მარიასის ნაწარმოებები.

რატომ მაინცდამაინც ქართული პოეზიის ანთოლოგია ესპანურად? იმიტომ, რომ „პოეზიას შეუძლია გადმოსცეს პოლიტიკური ელფერის იდეები შთამბეჭდავად და რეფლექსიურად“ – ამბობს ლანა კალანდია უილიამ გონსალესთან ინტერვიუში.

„ბათუმელებთან“ მთარგმნელი ლიტერატურული კავშირების გაღრმავებაზე, ამგვარი კავშირების მნიშვნელობაზე, ქართული პოეზიის ესპანური ანთოლოგიის მომზადების პროცესსა და გამოხმაურებაზე საუბრობს, რაც წიგნს ესპანურენოვან სამყაროში მოჰყვა.

  • როგორ მომზადდა ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგია და როგორ იპოვეთ პოეტი და მთარგმნელი როდოლფო ჰესლერი, ასევე გამომცემლობა la editorial Huerga & Fierro, რომელმაც ანთოლოგია გამოსცა.

ქართული პოეზიის ანთოლოგიაზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ ეს იყო ბუნდოვანი ფიქრი, არ ჰქონდა კონტურები, არ ჰქონდა სახე. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: მინდოდა ამ წიგნზე ისეთ მთარგმნელთან ერთად მემუშავა, ვინც პოეტიც იქნებოდა და მთარგმნელიც, ერთდროულად.

დიდხანს არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეწყო, რა ეპოქა უნდა ამესახა, რა სახე უნდა ჰქონოდა წიგნს და რა პრინციპით უნდა შემერჩია ავტორები. როდოლფო ცნობილი ესპანელი პოეტის, იოლანდა კასტანიოს წიგნის პრეზენტაციაზე გავიცანი. მას უკვე ჰქონდა კონტაქტი თბილისთან. მიწვეული ყოფილა ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელსაც ნატაშა ლომოური მწერალთა სახლში ატარებდა. მერე პანდემია დაიწყო და ვეღარ ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ ინტერესი საქართველოს მიმართ უკვე გაღვივებული ჰქონდა.

როდოლფო ჰესლერი – კუბელი პოეტი და თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის მთარგმნელი.

დავმეგობრდით. როდოლფო ძალიან ცნობილი კუბელი პოეტი და ამავე დროს პოეზიის მთარგმნელია. სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ მისთვის შემეთავაზებინა ქართული პოეზიის თარგმნა. სიხარულით დამთანხმდა და რეალური გზაც გამოჩნდა. მერე უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა პრინციპით შეგვექმნა ანთოლოგია, რა ეპოქის, რომელი ავტორები შესულიყო წიგნში.

ყოველთვის იქნება დავა იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა ანთოლოგიაში ერთი ავტორი და არა სხვა.

ბევრი მთარგმნელი თავს არიდებს ამ საქმეს და ურჩევნია სხვამ აიღოს ავტორების შერჩევის პასუხისმგებლობა. ცხადია, ერთ წიგნში ყველა ვერ მოხვდება და არჩევისას ძალიან ვფრთხილობდი.

ეს ფაქიზი თემაა, მაგრამ ვიცოდი რა მინდოდა ამესახა. ცოცხალი, თანამედროვე პოეზია და თანამედროვე ავტორები მინდოდა მეჩვენებინა. ამისთვის სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა ასაკის და წერის სხვადასხვა სტილის პოეტები უნდა ამერჩია. წიგნში ბევრი კარგი ავტორი ვერ შევიყვანეთ, ვისზეც გული მწყდება, მაგრამ საკითხი ასე უნდა დავსვათ: ვინც ანთოლოგიაში შევიდა, უკლებლივ ყველა იმსახურებდა ამ წიგნში შეყვანას.

არ შემშინებია შერჩევის პასუხისმგებლობის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა. შემდეგი წიგნის ავტორებიც ვიცი უკვე ვინ იქნებიან – ისინი, ვისზეც გული დამწყდა. ეს დიდი გზაა, რეალურად ზღვაში წვეთია, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ ზღვის წვეთშიც ჩანს ჩვენი სახე, როგორც პოეტი დათო ბარბაქაძე ამბობს.

ძალიან ბევრ გამომცემლობას მივმართეთ. ეს არ იყო ადვილი, ვთარგმნიდით ქართულ პოეზიას, რომელსაც საერთოდ არ იცნობენ, ინფორმაციაც ძალიან მწირია, ცალკეულ პუბლიკაციებს თუ არ გავითვალისწინებთ და ცალკეული ავტორების ლექსების თარგმანებს.

Poesía georgiana contemporánea/ლანა კალანდიასა და როდოლფო ჰესლერის მიერ ესპანურად თარგმნილი თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია.

ბევრმა გამომცემლობამ გვითხრა უარი. მერე ვიპოვეთ Huerga & Fierro პოეზიის გამომცემლობა მადრიდში, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ეს იყო პირველი კრებული ქართული პოეზიის და გამომცემლობაში მიიჩნიეს, რომ ესპანურენოვანი მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა. ასე დავიწყეთ თანამშრომლობა.

  • ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა ბარსელონასა და მექსიკაში – წიგნის დიდ ფორუმზე. რომ გვიამბოთ, რა გამოხმაურება ჰქონდა თარგმანებს ამერიკის კონტინენტსა და ევროპაში, როგორ მიიღო წიგნი მკითხველმა.

დიდი პრეზენტაცია გვქონდა. ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ მწერალთა სახლისგან, ნატაშა ლომოური იყო მაშინ მწერალთა სახლის ხელმძღვანელი. გამომცემლობა „ინტელექტი“ და ზვიად კვარაცხელია წარმოუდგენლად დაგვეხმარა ყველანაირი ფინანსური ინტერესის გარეშე, სრულიად უანგაროდ და ეს მხარდაჭერად დღემდე გრძელდება.

დიახ, პირველი პრეზენტაცია გვქონდა მექსიკაში, გვადალახარას წიგნის ფესტივალზე. გვანცა ჯობავას დამსახურებაა, რომ ჩვენ მექსიკაში ანთოლოგიის წარდგენა შევძელით.

გვადალახარაში პროფესიონალების წინაშე წარადგენენ წიგნებს. ლიტერატურული პრესის წარმომადგენლებთან, პატარა ჯგუფებთან, მთარგმნელებთან, პოეტებსა და ლიტერატორებთან. ეს იმდენად მნიშვნელოვანი წიგნის ფორუმი იყო, რომ საძიებო სისტემებში ესპანურ ენაზე თანამედროვე ქართული პოეზიის შესახებ ინფორმაციის ძებნა რომ დაიწყოთ, ციფრული წყაროები პირველად გვადალახარას წიგნის ფესტივალის ამბებს გაჩვენებთ.

ბარსელონაში უკვე მკითხველთან გვქონდა შეხვედრა. ბევრი ხალხი მოვიდა. როდოლფოს ძალიან ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს ლიტერატურულ წრეებში, მეც ბევრს ვიცნობ, ვინც თავიდანვე ძალიან დაინტერესდა ამ ანთოლოგიით. ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, მოვიდნენ ქართველი მკითხველებიც.

ბარსელონაში ორი პრეზენტაცია გვქონდა 24 საათის განმავლობაში და წიგნის ტირაჟი მთლიანად ამოიწურა.

თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია და ქართველ პოეტებთან შეხვედრა მადრიდში.
  • ესპანურენოვანმა ლიტერატურულმა გამოცემამ Villejo & co თითქმის 50 გვერდი დაუთმო თანამედროვე ქართულ პოეზიას. რას ნიშნავს ეს ქართული ლიტერატურისთვის იმის გათვალისწინებით, რომ გამოცემას უამრავი მკითხველი ჰყავს ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში.

ძალიან მალე მოჰყვა ამ ანთოლოგიას გამოხმაურება ლიტერატურულ გაზეთში El Diario. ძალიან კარგმა პოეტმა და ახალგაზრდა ჟურნალისტმა, უილიამ გონსალესმა გამოაქვეყნა წერილი და მიუძღვნა ქართული პოეზიის ანთოლოგიის ავტორ ქალებს. „ქართველი პოეტი ქალების ბუმი ესპანეთში“, – ასე ჰქვია ესპანელი ჟურნალისტის წერილს.

სულ ახლახან, ციფრულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა Villejo & co, რომელსაც უამრავი მკითხველი ჰყავს, მართლაც, ნახევარი ჟურნალი დაგვითმო. ლექსები გამოქვეყნდა ქართულადაც და ესპანურადაც. ავტორთა ბიოგრაფიებითა და ფოტოებით პოეტების ვრცელი პანორამა შესთავაზა მკითხველს ამ გამოცემამ.

  • როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სრულფასოვნად ვიყოთ ჩართულები მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში. ვინ რა ძალისხმევა უნდა გაიღოს ამისთვის – სახელმწიფო პოლიტიკის, გნებავთ პირადი ინიციატივების დონეზე.

მე შემიძლია გითხრათ ესპანურენოვან სამყაროზე, რახან უფრო კარგად ვიცნობ ამ გარემოს. დიდი ხანია ვიბრძვი, რომ ესპანურენოვანი მკითხველისკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება. ყველა ენა ძვირფასი და კარგია, ლიტერატურის ყველა ენაზე თარგმნა გადასარევია, მაგრამ თუ ინგლისურის შემდეგ რომელიმე ენაა მნიშვნელოვანი, ეს ესპანურია. 500 მილიონი ადამიანი კითხულობს ამ ენაზე და ესპანურის საშუალებით აღწევ არამხოლოდ ესპანელ მკითხველამდე, არამედ ოცდაათამდე ქვეყანაში, სადაც ესპანური სახელმწიფო ენაა. ბევრ კარს აღებ ერთდროულად.

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ქართული ლიტერატურული კონტექსტი. შეიძლება შენ აიღო დიდი ავტორის დიდი წიგნი, თუნდაც ისეთი, როგორიც „ვეფხისტყაოსანია“ და არის კიდეც გამოცემული. მაგრამ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ამ თარგმანს არანაირი გავლენა არ ჰქონია. იცით რატომ? იმიტომ, რომ არ არის შექმნილი ლიტერატურული კონტექსტი.

ეს გულისხმობს ნიადაგის მომზადებას იმისთვის, რომ ეს თესლი ჩააგდო და მან იყვავილოს, გაიხაროს. ლიტერატურული კონტექსტის შექმნას სჭირდება ბევრი თარგმანი. როცა ბევრი თარგმანი იქნება, გაჩნდება წარმოდგენაც ქართულ ლიტერატურაზე. მერე უკვე შეიძლება შემოიყვანო სხვადასხვა ავტორი.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოზაიკური ანთოლოგიის გამოცემა, რომელიც ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს წარმოაჩენს. თანამედროვე ავტორები უფრო ადვილად მიდის მკითხველამდე.

ასევე უნდა შევხედოთ პროზასაც. თარგმანების დიდი არჩევანი უნდა იყოს ლიტერატურული კონტექსტის შესაქმნელად. მერე შეიძლება ითარგმნოს ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი და სხვები. ასე ცარიელ ნიადაგზე რამე ერთი დიდის თარგმნა იქნება ჭაში ქვის ჩაგდება, რასაც შეიძლება რაღაც ხმა ჰქონდეს, მაგრამ დაიკარგება.

ეს ნიადაგია მოსამზადებელი და ამიტომ არ ვარ მომხრე იმისა, რომ ვიმუშაო ერთი რომელიმე ავტორის წიგნის თარგმანზე. მირჩევნია წარმოვადგინო პანორამული წიგნები, რომ გაჩნდეს ქართულ ლიტერატურაზე შთაბეჭდილებები, ემოციები და განცდები, ინტერესის გასაღვივებლად. მერე შესაძლებელი იქნება გაიხაროს ამ ნიადაგზე ესპანურად ამეტყველებულმა ნებისმიერმა კარგმა, დიდმა ავტორმა.

  • პოლიტიკური თვალსაზრისით ევროინტეგრაციის გზაზე რა მნიშვნელობა აქვს ლიტერატურული კავშირების გაღრმავებას ქვეყნებს შორის, რა გავლენას ახდენს ეს „მიმოცვლა“ და, ზოგადად, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია დასავლეთში.

ლიტერატურულ კავშირებს ყველა თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ახლა ვაკვირდები ძალიან ბევრი ადამიანის გამოხმაურებას, რომლებიც ერთმანეთს სწერენ, ძირითადად ლიტერატურის წარმომადგენლები, რომ მათთვის აღმოჩენა იყო ეს წიგნი. მეც მომდის ბევრი შეტყობინება.

ჩვენ უნდა გავარღვიოთ წრე, რომლის ჩარჩოშიც გვხედავენ ლამაზი ადგილების ქვეყნად, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია გემრიელად ჭამა. ჩვენ დიდი ლიტერატურა გვაქვს, განსაკუთრებით ეს ეხება პოეზიას და ძალიან მნიშვნელოვანია გავაღვივოთ მის მიმართ კულტურული ინტერესი.

ქართველი მწერლები: ირაკლი კაკაბაძე, ეკა ქევანიშვილი, ნატო ინგოროყვა და მთარგმნელები ლანა კალანდია და როდოლფო ჰესლერი/მადრიდი, თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია.

ვიცნობ ხალხს, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს ლიტერატურასთან, მხოლოდ ბიზნესი აკავშირებთ საქართველოსთან, მაგრამ ანთოლოგიის გამოცემის შემდეგ დაინტერესდნენ, წაიკითხეს ქართული პოეზია. პოეზია ერის სულიერ ბიოგრაფიას ჰყვება და ეს საუკეთესოა უზარმაზარი, დიდი ამბების მოსაყოლად, სათქმელის გადმოსაცემად. რასაკვირველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  • სამომავლოდ რას გეგმავთ, რას თარგმნით ახლა ესპანურიდან ქართულად ან პირიქით?

გვინდა გამოვცეთ ქართული მოთხრობების ანთოლოგია. მინდა ეს იყოს მოკლე მოთხრობების ანთოლოგია, რომელიც ასევე მოზაიკურად წარმოადგენს ჩვენს პროზას და ჩვენ ამბებს მოუყვება ესპანურენოვან მკითხველს.

პარალელურად არის ორი წიგნი, რომელიც ახლა რედაქტირების პროცესშია. ერთ-ერთია როდოლფო ჰესლერის, ქართული პოეზიის ანთოლოგიის მთარგმნელის, წიგნი „თბილისის დღიური“ – ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რაც კი თბილისზე დაწერილა. ყოველგვარი შაბლონების, ხინკალ-მწვადებისგან მიღებული შთაბეჭდილებებისგან თავისუფალი წიგნია. ეს არის ნამდვილი პოეტის მიერ აღქმული თბილისი.

როდოლფომ 10 დღე გაატარა თბილისში და ამ დროს დაწერა ეს წიგნი. ახლახან დავასრულე „თბილისის დღიურის“ თარგმნა და სულ მალე გამოსცემს გამომცემლობა „ინტელექტი“. ეს წიგნი თბილისსა და მთლიანად საქართველოზე ტრაფარეტული, ტრივიალური წარმოდგენების გარსს შემოგვაცლის და დაგვანახებს ქალაქის სულს. ეს ძალიან კარგი ამბავია.

ვთარგმნი ახალი ავტორის წიგნსაც, ჯერ არ დავასახელებ ვის. დიდი ხანია უკვე ვთარგმნეთ ლიოსაც, მარკესიც, მაგრამ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, შეიცვალა ლიტერატურა, ბევრი ავტორი გამოჩნდა მას შემდეგ ესპანურენოვან სამყაროში და ძალიან მაინტერესებდა ამ ახალი ავტორების აღმოჩენა, მათი თარგმნა.

ამას ბევრი კარგი რამ მოჰყვება, გავიგებთ დღეს რა და როგორ იწერება, რა მნიშვნელოვანი თემები ჩნდება, როგორია თანამედროვე ესპანურენოვანი რომანი. ვთარგმნი ჩვენი თაობის გამორჩეულ ახალგაზრდა ავტორს, რომელსაც განსაკუთრებული ხმა და ხელწერა აქვს.

ეს ქართულად თარგმნილი პირველი რომანი იქნება ამ ავტორის. დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონება ჩვენს მკითხველებს. სულმოუთქმელად წავიკითხე მისი ყველა რომანი. ვთარგმნი იმას, რაც მომწონს, მიყვარდება და აღმაფრთოვანებს. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია მუშაობა. ეს რის ჩემი მოტივაციაც და სტიმულიც. თარგმანისთვის საჭირო შთაგონების წყაროც ჩემი საკუთარი განცდები და ემოციებია, რასაც ლიტერატურა იწვევს.


ლანა კალანდიასა და როდოლფო ჰესლერის მიერ ესპანურ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში შესულია: ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას, ბათუ დანელიას, მაია სარიშვილის, შოთა იათაშვილის, დათო ბარბაქაძის, გიორგი ლობჟანიძის, ნატო ინგოროყვას, შალვა ბაკურაძის, ლელა სამნიაშვილის, პაატა შამუგიას, დიანა ანფიმიადის, სოსო მეშველიანის, ეკა ქევანიშვილის, ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბე) და ლია ლიქოკელის ლექსები.

მასწავლებლები ვიხდით შემოსავლის 20%-ს ბიუჯეტში, ეს გამოიყენონ სასკოლო კვებაზე – აფხაზავა

დასრულდა სასკოლო კვების კვირეული, რომელიც 14-19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა სკოლებში.

კვირეულის ფარგლებში მონაწილე სკოლებმა, სასკოლო კვებაზე თავიანთი იდეები წარმოადგინეს. კვირეულში ჩართული იყო ჩიბათის საჯარო სკოლაც.

„ბათუმელები“ ჩიბათის სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას ესაუბრა, რომელმაც გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები და ის, თუ როგორ გამოკვებეს 2 დღის განმავლობაში მოსწავლეები სკოლაში, როგორ შეადგინეს მენიუ და რამდენი ლარი დაჯდა ამის ორგანიზება.

„ორი დღე მქონდა არჩეული – 18 და 19 მარტი. მენიუ შევადგინე ექიმის რეკომენდაციით და ბავშვებთან ვისაუბრეთ კვებასთან დაკავშირებულ ჰიგიენაზეც.

იმისთვის, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იყოს ყურადღებით, იყოს აქტიური და ჩართული სასწავლო პროცესში, ამისთვის არის საჭირო ჯანსაღი კვება“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ჩიბათის სკოლაში ორდღიანი სასკოლო კვებისთვის საჭირო თანხა – 500 ლარი, ლადო აფხაზავამ საკუთარი ხელფასიდან გაიღო.

ერთი ბავშვის გამოკვებაზე 2.60 ლარი იყო გათვლილი.

„დავხარჯე 559 ლარი და გამოვკვებეთ 215 მოსწავლე.

გვქონდა ხილის ასორტი. ხუთი სახეობის ხილი იყო დაჭრილი – ფორთოხალი, მწვანე, ყვითელი და წითელი ვაშლი, კივი და ბანანი.

არაჟანში გავურიეთ ცოტა შაქარი და ვანილი სიტკბოსთვის და გადავუსვით დაჭრილ ხილს.

ეს იყო დესერტი.

სადილის თეფშზე გვქონდა ბოსტნეულის სალათა, თითქმის ყველა სახის ბოსტნეული გამოვიყენეთ, ასევე, ნახევარი ნაჭერი ლობიანი და კაი დიდი ნაჭერი გურული ღვეზელი“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ჩიბათის სკოლაში დამზადებული საკვები მოსწავლეებისთვის

მისი თქმით, კვების ეფექტი მალევე აისახა ბავშვების განწყობაზე. იმ ორ დღეს, ბავშვები თითქოს უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები იყვნენ.

„დიდ დასვენებაზე გავაკეთეთ ეს აქცია და მინდა გითხრათ, რომ დიდი დასვენების შემდეგ, მესამე-მეოთხე გაკვეთილზე ყოველთვის ხმაური იყო სკოლაში, აყალ-მაყალი.

ზოგი გარეთ გადარბოდა მარკეტში და ზოგიც სად. იმ დღეს, როცა ბავშვები გამოვკვებეთ, სადილობის შემდეგ ისეთი სიჩუმე და სიწყნარე იყო სკოლაში, მასწავლებლები ერთმანეთს ვეკითხებოდით – „ხომ მშვიდობაა, რა ხდება“ – თქო.

ისე მოეწონათ ბავშვებს, მესამე დღესაც მოიტანეს ერთჯერადი თეფშები და ჩანგლები, მაგრამ მესამე დღეს უკვე აღარ გვქონდა კვება გათვალისწინებული და ეს რომ დავინახე, კინაღამ გულზე წამივიდა, ცუდად გავხდი.

რა მექნა არ ვიცოდი. პირდაპირ ვერ ვუთხარი, დღეს არ არის კვება-მეთქი. „კვირეული“ გაიგონეს ბავშვებმა და ეგონათ მთელი კვირა გაგრძელდებოდა“, – ამბობს ლადო.

კვების კვირეული ჩიბათის სკოლაში

მისი თქმით, კვირეულის მიზანი იყო კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში კვების საკითხი და რამდენად სჭირდებათ ეს ბავშვებს.

ლადოს აზრით, როცა საზოგადოება ახმაურდება, ხელისუფლებაც დაინტერესდება ამ პრობლემით – გაიგებს, რომ მართლა შიათ სკოლაში ბავშვებს.

„სხვა შემთხვევაში, მთავრობა არ იწუხებს თავს“, – გვეუბნება ის.

საზოგადოების ნაწილს, მათ შორის სასკოლო საზოგადოებასაც არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვს სასკოლო კვებაზე.

მოვისმინეთ ასეთი აზრიც – „ორი ნაჭერი პური ყველას ექნება ოჯახში. შეუძლია ბავშვს წამოიღოს“ და ასე შემდეგ. თუმცა, რატომ არ გადის სასკოლო კვება ორ ნაჭერ პურზე და რატომ სჭირდება ამ პროცესს სისტემურობა, ლადო აფხაზავა ამ საკითხსაც ხსნის.

„გვინდა, რომ სახელმწიფომ ეს პრობლემა აღიაროს და დასახოს მისი მოგვარების გზები. როგორც ვიცი, რაღაც კითხვარებიც დაუგზავნა სკოლებს და იმედი მაქვს, რომ დაიწყო ამაზე ფიქრი.

ითქვა, რომ ორი წლის შემდეგ შეიძლება იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს. დღეს სჭირდებათ ბავშვებს გამოკვეთა, ახლა უჭირს ხალხს. წლების შემდეგ, შეიძლება ისე გაძლიერდეს ოჯახები, რომ აღარც იყოს საჭირო.

ბევრ ოჯახში ბავშვები ბებია-ბაბუის ამარად არიან დარჩენილები. ვერ აკეთებს ის ბებია იმას, რაც შეიძლება გააკეთოს მშობელმა.

ვერც იმ შვილიშვილს უთხრა – „ადექი დროზე“, „დაწექი ჩქარა, ნუ ათენებ ღამეებს ტელეფონთან“. ამიტომ ეს ბავშვებიც მთელი ღამე კომპიუტერში არიან და სკოლაში რომ მოდიან, სძინავთ გაკვეთილზე“, – ამბობს აფხაზავა.

მისი თქმით, სასკოლო კვება მაინც სისტემურია და არ უსვამს ხაზს სოციალურ უთანასწორობას.

„მაგალითად, სექტემბერში ჩვენ დავიწყეთ ლანჩ-ბოქსის აქცია. ბავშვებს მოჰქონდათ სახლიდან საკვები, მაგრამ ნახეთ რა მოხდა.

ვიღაცამ კონტეინერში ჩადო კიტრი, პომიდორი, სულგუნი, ძეხვი, ყურძენი და ვიღაცას ედო მხოლოდ მჭადი და ყველი. ვიღაცამ კი საერთოდ ვერ მოიტანა.

ვისაც კარგად მოჰქონდა საჭმელი, იმან უთხრა მშობელს, რომ საერთოდ აღარ წავიღებ, რადგან „დიმიტრი სულ მიყურებდა“, „ელენე ჩემს საჭმელს უყურებდა“, მითხრა – „გამიცვალე“ და ასე შემდეგ.

სახლიდან წამოღებულმა საკვებმა აჩვენა სოციალური უთანასწორობა. ატყდა ამაზეც დიდი აყალ-მაყალი. ამიტომ, ოქტომბერში უკვე არავის მოუტანია საკვები. ახლა საერთოდ არავის არ მოაქვს.

ამიტომ, როცა სკოლაში იქნება უზრუნველყოფილი კვება, იქ იქნება ერთნაირი მენიუ და ეს განსხვავებები აღარ იქნება თვალშისაცემი. მთავარია, ყველას ერთნაირი მოუწიოს“, – გვეუბნება ლადო.

სასკოლო კვების დაფინანსებაზე ლადო აფხაზავა სახელმწიფოს წინადადებასაც სთავაზობს.

„მასწავლებლები ხომ ვიხდით საშემოსავლოს 20% ბიუჯეტში? ჩვენი, მასწავლებლების მიერ გადახდილი ეს 20 პროცენტი მოახმარონ სასკოლო კვებას, ვფიქრობ, თავისუფლად ეყოფა“, – გვეუბნება ლადო.

მისი თქმით, სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებს არ უხდება პოპულიზმი.

„განათლებას უხდება პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელიც სწორ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენი პოლიტიკა კი, სამწუხაროდ, პოპულიზმზეა დამოკიდებული და ყველა ეძებს მარტივ გზებს“, – ამბობს ლადო.

მისი აზრით, თუ სასკოლო კვებას ბიზნესიც შეუწყობს ხელს, მაშინ შესაძლოა უფრო ადვილად მოგვარდეს ეს პრობლემა.

„ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს შემოწირულებების კულტურა, თორემ შესაძლებელია კარგმა ბიზნესმენმა გაუწიოს კურატორობა, მაგალითად, ერთ რომელიმე რეგიონს. მეორე, სხვა რეგიონს გაუწევს დახმარებას და ასე შემდეგ.

ისიც შესაძლებელია, სკოლებმა თავიანთ ნაკვეთებზე მოიყვანონ ბოსტნეული და შემდეგ ერთმანეთს გადაუცვალონ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება მენეჯმენტი.

ამიტომ, ვინც კვების საკითხს მოჰკიდებს ხელს, ეს უნდა მართოს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სოციალურად დაუცველთა სიაში 600 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა რეგისტრირებული.

იუნისეფის 2017 წლის კვლევის მიხედვით კი, საქართველოში მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლებში 549 ათასი მოსწავლე სწავლობს.

სად გაითიშება შუქი 26 მარტს ბათუმსა და აჭარის სოფლებში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს შემდეგ მისამართებზე:

ბათუმში – 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გენ. ასლან აბაშიძის, ქეთევან წამებულის, ტბელ აბუსერიძის, პეტრე ბაგრატიონისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხელვაჩაურში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში აჭარის აღმართი, ჩიქუნეთი, აღმართი და მიმდევარე სოფლებს. ასევე კახაბრის, მახვილაურისა და მეჯინისწყალის დასახლებების ნაწილს.

ქობულეთში – 11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს დაბა ჩაქვში, სოფლებში: საჩინო, ციხისძირი, ბუკნარი.

შუახევში – 10:30-დან 18:35 საათამდე აბონენტებს სოფლებში ტაკიძეები, ახალდაბა, ხიჭაური.

ქედაში – 10:30-დან 18:35 საათამდე აბონენტებს სოფლებში ახო, ცხმორისი, კოკოტაური და მიმდებარე სოფლებს.

„აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.“ – აცხადებს კომპანია.

 

3 ადამიანი დაიღუპა ავარიით ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 25 მარტს, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 – დაშავდა.

სოფელ ოჩხამურის მონაკვეთზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაღუპულები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“.

———–

რამდენად აუცილებელია და შესაძლებელი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად გადაკეთება, ეს უნდა გამოიკვლიოს კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 5 249 997 ლარზე გააფორმა.

ამ თანხაში შედის პროექტირებაც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის კვლევის საფუძველზე დეპარტამენტი საჭიროდ ჩათვლის გზის მოდერნიზებას – ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთებას.

ვრცლად: შეიძლება ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება? – დეპარტამენტი კვლევას იწყებს

„დასვენების დღეებში გოგოები ჩემთან ქარგვას სწავლობენ“ – ვინ ქმნის ხელნაკეთ ნივთებს აჭარაში | გამოფენა-გაყიდვა

23 მარტს ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი: ნაქარგები, მძივები, თოჯინები, სარკეები, რას აღარ ნახავდით. სხვადასხვა ასაკის ქალები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და ირგვლივ მყიდველ-დამთვალიერებლები შემოიკრიბეს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენი ყურადღება მიიპყრო მზევინარ ირემაძეა. მას წინ აჭარული ტრადიციული ნაქარგობები ელაგა:

„აჭარული ნაქარგობის ტრადიცია ძველია, მოდის ბებიებისგან, ადრე ოთახებს რთავდნენ ამით პატარძლები და მადლობა ღმერთს, შემორჩა ეს ტრადიცია, მიიღო ძეგლის სტატუსი და ახლა ვქარგავთ და ვყიდით, შემოსავლის წყაროდაც იქცა.

ქარგვა ახლაც პოპულარულია,  მოდიან ჩემთან დასვენების დღეებში გოგოები და სწავლობენ ქარგვას.  ერთი საშუალო ნაქარგის შესრულებას ერთი კვირა მაინც სჭირდება. მასალებს ძირითადად ვყიდულობთ. სასიხარულო და სასიამოვნოა დღევანდელი გამოფენა. იმედია, ზაფხულში, ღია სივრცეში უფრო მეტი გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება“, – ამბობს მზევინარ ირემაძე ხულოდან.

მზევინარ ირემაძე

ლელა ბორჩხაძე კი ქსოვა და ბიჟუტერიის დამზადება უფრო აქტიურად პანდემიის პერიოდში დაიწყო.

„ქსოვა არა დედამ და ბებიამ, არამედ მამამ მასწავლა, სხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთების შექმნა უკვე ჩემი ჰობის ნაწილია, რომელსაც ვაკეთებდი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. შემდეგ გამოჩნდა ეს არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც ქალთა გაძლიერებას უწყობს ხელს.

ვფიქრობ, ასეთი პროექტები ძალიან საჭიროა, რადგან ბევრი სახლში აკეთებს, ერიდებათ ამის გამოფენა, ასევე გამოფენებში მონაწილეობაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. მსგავსი აქტივობები ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა „მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“, ალბათ უფრო შეუწყობს ხელს ქალების ნიჭის წინსვლას“, – ამბობ ლელა.

ლელა ბორჩხაძე

გამოფენაზე სეირნობისას ასევე წავაწყდით სიმინდის ფუჩეჩისგან დამზადებულ თოჯინებს. როგორც ამ თოჯინების ავტორმა, მარეხ დიასამიძემ თქვა, თოჯინებს სველი წესით ამზადებს, ფორმას აძლევს, აშრობს და ეს პროცესი საკმაო სიამოვნებასაც ანიჭებს.

„ასევე ვაკეთებ თმის სარჭებს, სარკეებს, სააღდგომო კვერცხებს. ბავშვობიდან ვამზადებ, რა თქმა უნდა. ნელ-ნელა ახალი იდეები მომდის და ვავითარებ ნამუშევრებს. გამოფენებში და პროექტებში ვმონაწილეობ და ასე ვახდენ ჩემი ნამუშევრების რეალიზებას. ვარ ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრიც. დღევანდელ გამოფენაზეც გავყიდე რამდენიმე ნივთი.

მნიშვნელოვანია მსგავსი გამოფენები, სტიმულია ჩვენთვის, რათა განვვითარდეთ“, – ამბობს მარეხი.

მარეხ დიასამიძე

ნათია 27 წლისაა და ცხოვრობს ბათუმში. 23 წლიდან კი დაიწყო სამკაულების გაკეთება.

„სახლში შეკვეთებს ვიღებდი მეზობლებისგან… ინტერნეტის, ინსტაგრამის საშუალებითაც ვყიდდი.  შემდეგ მომიწვიეს ამ პროექტის ფარგლებში გამოფენაზე. გასული წლიდან ვემზადები ამ პროექტისთვის. ვცდილობ სამკაულები ტანსაცმლის ფერს შევუხამო და ისე ავაწყო, ჩემი ინტერპრეტაციით დავამზადო ნივთები. მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატებები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე“, – ამბობს ნათია.

ნათია შარაშენიძე

„ქალთა და შშმ პირთა გაძლიერება“ – ეს პროექტი ხორციელდება „პური მსოფლიოსთვის“ (bread for the world) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებს. ორგანიზებას კი „მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“ უწევს, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.

ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ციალა ქათამიძესთან ვკითხეთ პროექტის მიზნების შესახებ.

„ჩვენი დღევანდელი გამოფენა-გაყიდვის მიზანია ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს ხელნაკეთი ნივთების სფეროში, რას ამზადებენ ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა თავიანთი ნივთები გააცნონ საზოგადოებას.

ცხადია, აღნიშნული გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ცვლილებებს სოციალურ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ასევე გვინდა ვნახოთ, რა საჭიროებები აქვთ ამ ადამიანებს – ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია იმათი მხარდაჭერა, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. გვინდა ვიცოდეთ, რა რესურსი არსებობს ამ თვალსაზრისით. რა ტიპის ნაკეთობები იქმნება და შემდგომ უკვე ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ.

აღნიშნული გამოფენა-გაყიდვა ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ასე ჰქვია – აჭარაში მცხოვრები ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერება და მხარდაჭერა.

პროექტს მრავალმხრივი მიმართულება აქვს – ერთი მიმართულებაა გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება, მეორე მიმართულება ვებგვერდის შექმნა, სადაც იქნება განთავსებული ყველა იმ ნივთის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ეს ადამიანები ყიდიან.

არის მესამე მიმართულებაც – სხვადასხვა ტიპის უნარების გაუმჯობესებაში მხარდაჭერა და ტრენინგების თუ სამუშაო შეხვედრების ჩატარება. კონკრეტულ შემთხვევაში რაც სურთ ამ ადამიანებს, ეს არის უნარების გაუმჯობესება, ახალი შესაძლებლობების გაჩენა და სოციალური ქსელების მართვა

ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს და მის გუნდს სივრცის დათმობისა და გაწეული დახმარებისთვის, რომ არა ისინი, ჩევნი ღონისძიება ამ ფორმით ვერ შედგებოდა“.

“ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერა, მით უფრო ქალების მხარდაჭერა. ეს გამოფენა-გაყიდვაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, მოხარულები ვართ რომ ვუმასპინძლეთ და მომავალშიც მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავსი სახის ღონისძიებებს”-თქვა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ კეჟერაძემ.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 437 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
  • ტანკი – 6 887 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 13 183 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 10 877 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 018 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 726 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 539 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 010 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 454 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 1 785 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 17 011 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 598 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 256 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 521 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 192 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

პუტინი და დანარჩენი ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ – ზელენსკი ტერაქტზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გამოჩნდა რა აქვთ მოსამართლეებს დასამალი, მათ ქონებაზე არაერთი სიუჟეტი მომზადდა – ნატა ფერაძე

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ.

„აქციებზე როცა გვაკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვამდე წინასწარ ვარკვევთ: რამდენი დაგვაკავეს? რა თანხა გვაქვს შესაგროვებელი? ადრე თუ 50 ლარით ვჯარიმდებოდით, ახლა ჯარიმა უკვე 2 ათასი ლარია,“ – ამბობს აქტივისტი ნატა ფერაძე. იგი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ხელისუფლების ხელში პროტესტის ჩახშობის იარაღია.

ნატა ფერაძეს და სხვა სამოქალაქო აქტივისტებს შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს კეთილსინდისიერებაზე შემოწმება? რას შეცვლის ეგრეთ წოდებული ვეტინგი?

„მინუსებშია უკვე ნდობა სასამართლოს მიმართ. ყოველ ჯერზე, როცა სასამართლოში მაქვს საქმე, მოსამართლის აცილებას ვითხოვ, რადგან ვიცი, მაგალითად, ცარიელი ფურცლების გამო იმ მოსამართლემ სხვა აქტივისტები დააჯარიმა. აცილების მოთხოვნას მოსამართლე, რა თქმა უნდა, არ აკმაყოფილებს, გინდა თუ არა, მე უნდა გაგასამართლოო,“ – ნატა ფერაძე, რომელიც პროტესტის გამოხატვის დროს სამართალდამცველებმა არაერთხელ დააკავეს და გაასამართლეს, სასამართლო განხილვებმა ერთხელაც არ შეუქმნა განცდა, რომ მოსამართლეს რეალურად აინტერესებდა სინამდვილის დადგენა, მათ შორის, მაგალითად, მტკიცებულებები „მატრონას სტალინის ხატისთვის საღებავების შესხმის საქმეში“.

„სასულიერო პირმა მისცა ჩვენება სასამართლოს, რომ ვიდრე შევასხამდი საღებავს მატრონას სტალინის ხატს, მე თითქოს შევვარდი ტაძარში ყვირილით და ვიძახდი შეურაცხმყოფელ ფრაზებს. სასულიერო პირის ჩვენების გარდა, არცერთი მტკიცებულებით ეს არ ჩანს. პირიქით, არსებობს ვიდეო, სადაც, მართალია, ხმა არ ისმის, მაგრამ მე რომ ყვირილით დავდიოდე, ხომ გამომხედავდა ვიღაც?

ნატა ფერაძე

ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მუხლი დამძიმებულიყო. საია-ს იურისტი ამბობდა, შეუძლებელია ამას მოსამართლე დაეყრდნოსო… ხშირად ასეა, როცა აღმოჩნდება, რომ აქციებზე ყველა პოლიციელის სამხრე კამერა თურმე გამორთულია, მოსამართლე კი, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა.

მოქალაქე, რომელიც ხშირად ხვდება სასამართლოში და მგონი, კიდევ მოვხვდები, მინდა, რომ სამართლიანმა მოსამართლემ განიხილოს ჩემი საქმე. მე სამართლიანად მივიჩნევ იმ მოსამართლეს, ვისაც, პირველ რიგში, არ ეთაკილება საკუთარი სამართლიანობის შემოწმება.

ყველაფერი საბოლოოდ სასამართლოში უნდა გაირკვეს, ქვეყნის ხერხემალი არის სასამართლო, მაგრამ ცალსახადა იმდენად მძიმე მდგომარეობაა, მე ხელები ამიწევია – არ ველოდი 10 მოსამართლეც თუ შემორჩა, ვინც ითხოვს კეთილსინდისიერების შემოწმებას. ასეთ სამართლიან მოსამართლეებს ჩვენ ვინ გაგვაკარებს – პირველად გავიგე მათი სახელი და გვარები. მათ შესახებ ყველაფერი გულდასმით წავიკითხე.

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ.

სამოქალაქო აქტივისტის დაკვირვებით, წლების განმავლობაში მძიმდება სურათი, როცა ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით, ადამიანების გაჩუმებას ცდილობს, ამ დროს კი, მოსამართლე კანონით განსაზღვრული უფლებების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლების დაცვას ცდილობს:

„2013 წელს, მაგალითად, რამდენჯერმე გავაგდეთ ტრაქტორი ვაკის პარკიდან… მაშინ ჯარიმები იყო 50 ლარი – ყველას გვედო ჯიბეში ეს 50 ლარი, ახლა 2 ათას ლარზე ნაკლები არ არის და თანაც, მასობრივად ბევრს გვაკავებენ, ძალით გვტენიან მიკროავტობუსში… ეს უკვე სერიოზული წნეხია. სტენსილიც კი, რომელსაც სამშენებლო ღობეებს ვახატავდით და არ ვაზიანებდით არაფერს, გვაჯარიმებენ. რეპრესიულია სისტემა, სადაც ყველა ჭანჭიკი მუშაობს პროტესტის წინააღმდეგ.

ამას წინათ სკოლის მოსწავლეებს შევხვდი, თინეიჯერებს, გაუკვირდათ, მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოსო? ჰგონიათ, რომ სასამართლო ავტომატურად დაკავშირებულია მთავრობასთან. ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი ინდიკატორი, რასთანაც გვაქვს საქმე.

ვეტინგი რადიკალურად ალბათ ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ეს ნაბიჯები გადასადგმელია,“ – მიიჩნევს ნატა ფერაძე.

„მოსამართლემ იყიდა მილიონიანი ქონება, საიდან?“ - გამოკითხვა ბათუმში

___

სრული სტატია:

„ბევრი რამ აქვთ დასამალი“ – მოქალაქეები მოსამართლეებზე, რომელთაც შემოწმება აშინებთ

მოსამართლეს აქვს დავალება დააშინოს ჟურნალისტი, აქციის მონაწილე, რომ ჩაკლან პროტესტი – მთივლიშვილი

რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს კეთილსინდისიერებაზე შემოწმება? რას შეცვლის ეგრეთ წოდებული ვეტინგი? – ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გავლენიანი მოსამართლეები საქართველოში ხელისუფლების „დავალებას ასრულებენ“. მათი მიზანი კი პროტესტის ჩაკვლაა. გელა მთივლიშვილი ამ წლის იანვარში პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამის მიუხედავად სასამართლომ ჟურნალისტი 2 000 ლარით დააჯარიმა.

დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა კონფერენციამ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარი არ დაუჭირა.

  • გელა მთივლიშვილი: რატომაა მოსამართლისთვის ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელის ჩვენება უფრო სანდო, ვიდრე დაკავებული პირის უტყუარი მტკიცებულება – ვიდეო ჩანაწერი? 

„მოსამართლემ თვითონაც კარგად იცის, რა ხდება, მაგრამ მას აქვს დავალება, ამ ტიპის გადაწყვეტილებებით დააშინოს ჟურნალისტი, საპროტესტო აქციის მონაწილე, ასეთი პრაქტიკა აქვთ: როგორმე ჩაკლან ეს პროტესტი,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი, Mtisambebi.ge-ს რედაქტორი.

ის 2024 წლის იანვარში, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს აშუქებდა, როცა პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს და დააკავეს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.

ჟურნალისტმა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს აქციაზე ვიდეო აჩვენა, სადაც ჩანს, რომ ვიდეოს გადაღების დროს სრულიად უმიზეზოდ პოლიციელებმა ხელი შეუშალეს და დააკავეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

„ვიდრე სასამართლო პროცესზე მივიდოდი, ადვოკატებისგან ვიცოდი, რომ თუ შემხვდებოდა მოსამართლე შჩერბაკოვი, არ უნდა მქონოდა ილუზია, რამენაირად სიმართლეს დავამტკიცებდი. ასეც მოხდა.

სამწუხაროდ, შჩერბაკოვი სასამართლო სისტემაში გამონაკლისი არ არის.

მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვუშვებდი და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, როგორ უნდა ეცნო მოსამართლეს ჩემი თავი სამართალდამრღვევად? პროცესზე შსს-მ წარმოადინა მხოლოდ მოწმე ანრი ფხაკაძე, რომელიც იყო ჩემი დამკავებელ პოლიციელთაგან ერთ-ერთი და თქვა ის, რასაც შაბლონურად ამბობენ ხოლმე, თითქოს მე ვაგინებდი პოლიციელებს და მონას ვეძახდი; ასევე 4 პოლიციელს, ვისაც დაკავებული პირი მიჰყავდათ მანქანაში, ვცდილობდი მათთვის გამომეგლიჯა დაკავებული პირი, რაც აბსურდია,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი.

გელა მთივლიშვილი

ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ ვიდეო მტკიცებულებაზეც, რომლის მიხედვითაც, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქებით დაკავებულ ჟურნალისტს პირდაპირ აკავებენ პოლიციელები.

გელა მთივლიშვილს მრავალწლიანი ჟურნალისტური მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი შენიშნავს, რომ ეს მისი პირველი საქმე იყო სასამართლოში, როცა გაასამართლეს.

„პირველად აღმოვჩნდი დაკავებული. იმ „9-წლიან პერიოდში“ არ დავუკავებივარ არასდროს პოლიციას არცერთ კრიტიკულ შემთხვევაში. ახლა კი, უკვე 3 ჟურნალისტი ვართ დაკავებული, რაც აჩვენებს იმას, რომ ამან მავნე ხასიათი მიიღო…

ჩვენ ხომ აქამდეც ვიცოდით, რაც ხდებოდა სასამართლოში, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოცდი, კიდევ უფრო ცხადად და მძაფრად აღიქვამ ამას,“ – თავისი საქმიდან ჟურნალისტი ორ გარემოებას გამოყოფს, რაც ჟურნალისტისთვის პირდაპირი ნიშანია იმის, რომ მოსამართლეს სიმართლის დადგენა არ სურდა: მოსამართლემ პოლიციელის ზეპირ ჩვენებას მიანიჭა უპირატესობა, როცა საქმეში პირდაპირი მტკიცებულება არსებობდა ვიდეოჩანაწერის სახით. მეორეა ევროსასამართლოს პრაქტიკა, რაზეც მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს.

„მოწმე პოლიციელის ჩვენების გარდა, შსს-მ მტკიცებულებად შემოიტანა პოლიციის მიერ აქციაზე გადაღებული ვიდეომასალა, როცა იქ იყო ხალხის დაკავება და ჩოჩქოლი. ეს ვიდეო გადაღებულია იმ დროს, როცა მე აქციაზე საერთოდ არ ვიყავი, გვიან მივედი. კეკელიძის ქუჩაზე შეიძლება გაცილებით მძიმე რამ მომხდარიყო. ეგ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული?

მართალია, ეს დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა ჩვენი ქვეყნის სამართალწარმოებაში, მაგრამ რატომაა ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელის ჩვენება უფრო სანდო, ვიდრე დაკავებული პირი, რომელსაც აქვს უტყუარი მტკიცებულება – ვიდეო ჩანაწერი?

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს ეყო თავხედობა, თავხედობა ჰქვია ამას, როცა თავის გადაწყვეტილებაში სრულიად გაუგებრად იხმობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება,“ – ბრაზს არ მალავს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს ე.წ. ვეტინგი და რა შეიძლება შეცვალოს კეთილსინდისიერების შემოწმებამ სასამართლო სისტემაში?

„სასამართლო შტო, იშვიათი მოსამართლეების გარდა, ასრულებს კლანის დავალებას, რომელიც მიღებული აქვს პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან. ვეტინგი ამიტომაც არ აწყობთ. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გვექნება ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, არასდროს ჩვენი უფლებები არ იქნება დაცული. ვიღაცას შესაძლოა ეს დღეს არ ეხება, მაგრამ შეგვეხება ყველას და როცა შეგვეხება, მხოლოდ მაშინ არ უნდა დავფიქრდეთ. ამაზე უნდა დავფიქრდეთ ახლავე.

ნინო შჩერბაკოვიც სწორედ იმიტომ გაამწესეს უვადოდ, მან კლანს მსახურება დაუმტკიცა. არავითარი კავშირი ამ და მის მსგავს სხვა ბევრ მოსამართლეს სამართალთან და კანონიერებასთან არ აქვს. ისინი ემსახურებიან კლანს და მიიღეს სარგებელი, გამწესებული არიან უვადოდ,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი „ბათუმელებთან“. იგი გვახსენებს ბოლნისის მოსამართლე ნინო გიორგაძეს, ერთადერთი მოსამართლე რომ აღმოჩნდა 2023 წელს, ვინც უვადოდ არ გაამწესეს და გაათავისუფლეს.

„ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელიც საპროცესო ვადების დაცვით განიხილავდა ჩვენს სარჩელებს [საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით], ასევე მხარეებისადმი ობიექტური მიდგომით… მან ასევე დააკმაყოფილა აქტივისტების სარჩელი და უკანონოდ მიიჩნია მარნეულის ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება,“ – დასძინა გელა მთივლიშვილმა.

იმის გამო, რომ საჯარო ინფორმაციას არ აწვდიან, გელა მთივლიშვილს დაახლოებით 50 სარჩელი აქვს სხვადასხვა სასამართლოში. სარჩელების დიდი ნაწილის განხილვა არც კი დაწყებულა. სასამართლოს მსგავსი დავის განხილვისთვის 2-თვიანი ვადა აქვს, განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში – 5 თვე.

„ყველაზე მძიმე ვითარება არის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც, მაგალითად, 2 წლის წინ შეტანილი საჩივრების განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. „რაჭის ტყეების საქმეზე“ დავით ხიდაშელთან დაკავშირებით რომ ვედავებოდით გარემოს დაცვის სამინისტროს დოკუმენტაციის მოწოდებაზე, სარჩელის განხილვა დაიწყო 2 წლის თავზე, როცა გადაწყვეტილება, რაც იყო სადაო, უკვე გაუქმებულია.

გეუბნებიან, სასამართლო გადატვირთულიაო, თუმცა იგივე სასამართლო სწრაფად იხილავს ცილისწამების საქმეებს ჟურნალისტების წინააღმდეგ, მაგალითად, როცა „ტვ პირველის“ შემთხვევაში სასამართლოს კობახიძის დედამ მიმართა, საქალაქომ და სააპელაციომ განხილვა ერთ წელში დაასრულა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული სარჩელები, რაც ბევრად უფრო მარტივი საქმეა, ორი წელია პირველი ინსტანციის სასამართლოშია.

ცხადად ჩანს, რასთანაც გვაქვს საქმე. ცხადია ისიც, რომ ქვეყანაში თუ გვექნება კარგი მართლმსაჯულება, იზეიმებს დემოკრატია. თუ არ გვექნება მართლმსაჯულება, ყოველთვის ვიქნებით დაჩაგრული, უფლებაწართმეული ადამიანები,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

___

სტატია სრულად: 

„ბევრი რამ აქვთ დასამალი“ – მოქალაქეები მოსამართლეებზე, რომელთაც შემოწმება აშინებთ

დედაჩემი ძილის წინ ბალიშებს ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო ქვეშ – სტალინური რეპრესირები

„იცი რა მწარედ მახსოვს. დედაჩემი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ბალიშებს გადააბრუნებდა ხოლმე. სათითაოდ ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო რომელიმე ბალიშის ქვეშ. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?“ – 80 წლის კადრიე ლომაძეს ბევრი რამ აღარ ახსოვს წარსულიდან, მაგრამ ახსოვს ძილისწინა რიტუალი ღრმა ბავშვობიდან.

კადრიე ლომაძე რეპრესირებულის შვილი და თავადაც რეპრესირებულია. თავად 6 თვის იყო, როდესაც 1944 წელს მამა, რეჯებ ლომაძე ყირგიზეთში გადაასახლეს.

1944 წლის გადასახლება, ისევე როგორც ყველა სხვა რეპრესიები, საქართველოში სტალინის სახელს უკავშირდება.

კადრიე ლომაძე 1944 წელს დაიბადა. დედამისი ასიე ბაგრატიონი დიასახლისი იყო, მამა რეჯებ ლომაძე, მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად.

„დედაჩემი მიყვებოდა, 6 თვის ვყოფილვარ, როდესაც მამას გადასახლების ბრძანება მოუვიდა. მამაჩემი ეშელონით წაიყვანეს. მე და დედა დავრჩით საქართველოში, რადგან დედაჩემს მანქანა დაჯახებია. ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას უთქვას, გამოჯანმრთელდი და მე თავად ჩაგიყვან შენს ქმართანო.

მამაჩემის გადასახლებიდან 6 წლის შემდეგ, 1950 წელს ჩავედით მე და დედა ყირგიზეთში,“ – იხსენებს კადრიე ლომაძე.

როგორ გადაასახლეს ოჯახები სტალინის ბრძანებით შუა აზიაში - კადრიე ლომაძის ისტორია

კადრიეს თქმით, თავდაპირველად სძულდა მამა და ეშინოდა კიდეც მასთან მიახლოება, რადგან უმამოდ იზრდებოდა და ვერ ხვდებოდა.

„7 დღე ვიყავით გზაში. ბიძაჩემმა წაგვიყვანა მამაჩემთან. რთული შეხვედრა მქონდა მამასთან. მოახლოებას და ჩახუტებას რომ ცდილობდა, მე გავრბოდი. „ვინცხა კაცს“ ვეძახდი. ექვსი თვის ვიყავი როცა მამა გადაასახლეს. დედასთან გავიზარდე. ექვსი წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე. ვიღაც უცხო კაცი მეგონა და მის დანახვაზე სულ მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი. ვერ ვიტანდი დედაჩემთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდა,“ – იხსენებს კადრიე ლომაძე.

კადრიე ლომაძის მამა, რეჯებ ლომაძე, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ
  • გადასახლების მიზეზი

„რატომ გვაწვალეს, რა დავაშავეთო. სულ ამას კითხულობდა დედაჩემი,“ – იხსენებს კადრიე ლომაძე. მისი თქმით, არასდროს არავის უთქვამს მათთვის გადასახლების ოფიციალური მიზეზი.

„მამაჩემის წინაპრები იყვნენ თურქეთიდან. მამაჩემი სულ ნატრობდა წასვლას, მაგრამ ისე მოკვდა, თურქეთში არ ყოფილა. ბაბუაჩემი, მამაჩემის მამა იყო დაბადებული თურქეთში. შეიძლება მაგიტომ გადაასახლეს.  მაგრამ ამის გამო როგორ უნდა გადაასახლო ადამიანი?“ – კითხულობს კადრიე ლომაძე.

  • ცხოვრება გადასახლებაში

„ყაირმა, ასე ერქვა სოფელს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ჯალალაბადის რეგიონს ეკუთვნოდა. მახსოვს სოფელში წყალი არ იყო და გველები იყო ძალიან ბევრი. მტვერი. თოვლში რომ გეფლობა ფეხი, ისე გვეფლობოდა მტვერში.

მამაჩემი მძღოლად მუშაობდა, სავაჭრო მანქანა ჰყავდა. პროდუქტები დაჰქონდა. აღარ მახსოვს, მგონი ჰყიდდა.

მახსოვს სკოლის პერიოდიც. არ მახსოვს როგორ შევედი, მაგრამ მახსოვს, მასწავლებელმა რომ დამავალა, შემემოწმებინა, ხომ არ ჰქონდათ ჩემს კლასელებს ჭუჭყიანი საყელო ან ხომ არ ჰყავდათ ტილები თავში. ერთ წელიწადში ვისწავლე ყირგიზული და სკოლაში ყირგიზულად ვსწავლობდი. მეოთხე კლასში რომ გადავედი, მაშინ წამოვედით საქართველოში.

ძალიან ცუდი რამეები მახსოვს გადასახლებიდან. მე კიდევ ბავშვი ვიყავი და ბავშვებთან ვერთობოდი, მაგრამ დედაჩემი ხომ ვერ გაერთობოდა. ტყუილად ასეთი წამება როგორ შეიძლება არ ვიცი.

ხუთი წელი ვიყავით მე და დედა გადასახლებაში. იქ დაიბადა ჩემი და-ძმა. მახსოვს ჩემი ძმის დაბადება. დედამ სახლში იმშობიარა, ქალები დაეხმარნენ. ჩემი დის დაბადება არ მახსოვს, არ ვიცი რატომ. ალბათ დედამ გამარიდა სახლს, რადგან ჩემს ძმაზე მშობიარობის ნახვამ, ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩემი უმცროსი ძმა უკვე საქართველოში დაიბადა. ფეხმძიმედ იყო დედა მასზე, როცა სახლში დავბრუნდით“.

კადრიე ლომაძე და მისი და-ძმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ
  • დაბრუნება საქართველოში

„მახსოვს ის დღე, როცა გავიგეთ, რომ საქართველოში შეგვეძლო დაბრუნება. ვყვიროდით, დავხტოდით, გაგიჟებულები ვიყავით სიხარულისგან.

მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის ცოლი ტიროდა. რუსის ქალი იყო. სამი შვილი ჰყავდა ჩემს ბიძაშვილს მასთან. როდესაც მოვიდა ცნობა, რომ სახლში დაბრუნება შეგვეძლო, ჩემი ბიძაშვილის დედამ და დებმა არ მისცეს ბიძაშვილს უფლება ცოლ-შვილი წამოეყვანა საქართველოში.

ამდენი წელი გავიდა და დღემდე მახსოვს იმ ქალის ტირილი. მისი ტირილი რომ მახსენდება, მგონია დღეს ხდება.

საქართველოში დაბრუნებულებს ჩვენი სახლი დაგვხვდა. დედაჩემის ძმები პატრონობდნენ. პატარა სახლი იყო, ბელეტაჟზე. მერე მამაჩემმა იშრომა და ორსართულიანი სახლი ააშენა.

მამა მწვანე კონცხზე მუშაობდა, რესტორანში. დედამ დიასახლისობა გააგრძელა,“ – იხსენებს კადრიე ლომაძე.

კადრიე ლომაძის დედა ასიე ბაგრატიონი
  • ვისი ბრალია?

„რა ვიცი, ლავრენტი ბერიას ამბობდა, დედაჩემი. ბერია, მაგი მოსასპობელი. სტალინზე მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ, მაგრამ დედაჩემს რომ არ უყვარდა ვიცი. არ უყვარდა.

დედაჩემი ჭიანჭველას ფეხს რომ არ ადგამდა ისეთი ქალი იყო. თან მდიდარ ოჯახში გაზრდილი. ძალიან სძულდა სტალინი და იმას რომ სძულდა, ესე იგი არაა მაი კაი კაცი.

ახლა ვინმე სტალინს რომ აქებს, იმაზე წარმოდგენა მეკარგება, მაგრამ ხმამაღლა არაფერს აღარ ვამბობ“.

სტალინური რეპრესიების შესახებ

აჭარამ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, მეოცე საუკუნის 30-იან 50-იან წლებში მასობრივი რეპრესიების რამდენიმე ტალღა გამოიარა. 1937-38 წლის რეპრესიების შემდეგ, როდესაც ადამიანებს ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა 1944 წელს დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1946-52 წლების რეპრესიები კი საქართველოში მცხოვრებ ათასობით ოჯახს შეეხო. გავრცელებული პრაქტიკა იყო, ჯარისკაცები ან/და ოფიციალური პირები ოჯახებში მიდიოდნენ, სპეციალურ მანქანაში სვამდნენ და დიდ ქალაქებში მიჰყავდათ, სადაც მზად იყო სატვირთო მატარებლის ვაგონები შუა აზიაში წასასვლელად. გზის ხანგრძლივობის და გაუსაძლისი პირობების გამო გადასახლებულთა ნაწილი გზაში იღუპებოდა.

გადასახლებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა.

 

რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება აჭარაში

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჯერად აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს.

გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და შესრულების სავარაუდო ვადის დადგენის მიზნით სახელმწიფო კომპანიამ ბაზრის კვლევა უკვე ჩაატარა, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

ამ ეტაპზე იგეგმება შემდეგი სოფლების გაზიფიცირება:

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების პორტალი

აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტების შეძენაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიას 2 ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული 2023 წელს.

ორთავე ტენდერში გამარჯვებული იყო შპს „გაზპროექტი 2009“, რომელსაც პროექტირებაში ჯამში 377 ათას 522 ლარი გადაუხადეს.

ამ თემაზე:

აღსანიშნავია ისიც, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქობულეთის არაერთ სოფელში გაზი 2021 წელს გაიყვანა, მოსახლეობას კი ბუნებრივი აირი დღემდე არ მიეწოდება.

ვრცლად: ვინ არ ურთავს გაზს და წყალს ქობულეთის სოფლებს – რა ჩანს დოკუმენტებში

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მარტის 21 საათიდან 25 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +10 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26 და 27 მარტს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.

ქობულეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მათ შორის არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.გ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.“ – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ თემაზე:

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 436 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
  • ტანკი – 6 876 ერთეული [+24]
  • ჯავშანტექნიკა – 13 158 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 10 855 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 018 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 723 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 510 ერთეული [+47]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 992 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 407 ერთეული [+63]
  • სპეცტექნიკა – 1 778 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 16 908 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 587 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 256 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 514 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 153 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთში ტერაქტის საქმეზე 11 პირი დააკავეს, დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

მოსკოვი ცდილობს, ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს

პუტინი და დანარჩენი ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ – ზელენსკი ტერაქტზე

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს.

შემთხვევა დღეს, 23 მარტს, საღამოს მოხდა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

განახლება: შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. ქობულეთში დააკავეს.

ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა

2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მეტიც, 2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე და ისიც საწინააღმდეგოდ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტნიორობის გაღრმავების ინტერესს ჩინეთი საქმიანობაში გამოხატავს, ხოლო აშშ-ს შემთხვევაში „წლების განმავლობაში გვქონდა სისუსტე“. კობახიძე, ისევე როგორც სხვა მისი თანაგუნდელები, კიდევ ერთ საერთაშორისო საკითხზე – უკრაინის მხარდაჭერაზე, არგუმენტად ხშირად იმეორებენ, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერს საერთაშორისო რეზოლუციებში.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ გამოიხატება ჩინეთის მხარდაჭერა ქმედებებში, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და რუსეთის ინტერესების გადაკვეთას ეხება და მოვიძიეთ საქართველოს მიერ ოკუპაციასთან დაკავშირებული ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის მონაცემები.

  • რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. 2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მას ყოველ წელს იღებს გაეროს გენერალურ ასამბლეა, რითაც ოფიციალური თბილისის პოზიციით განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.

ჩვენ შევისწავლეთ 16 წლის განმავლობაში რეზოლუციის განხილვისა და კენჭისყრის ანგარიშის დოკუმენტები, საიდანაც გამოიკვეთა, რომ ჩინეთი 15 წლის განმავლობაში კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავს იკავებდა, 2022 წლის კენჭისყრაზე კი ხმა რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა 11 სხვა ქვეყანასთან ერთად – რუსეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა – კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი, სირია, ვიეტნამი, ზიმბაბვე, ბურუნდი, ნიკარაგუა.

2022 წლის 8 ივნისის ხმის მიცემის შედეგები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. In favour – ქვეყნები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუცია; Against – ქვეყნები, რომლებმაც ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ყველა რეზოლუციას მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატები.

  • რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – „თანამშრომლობა საქართველოსთან“

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის“ ვებგვერდზე რეზოლუციის შესახებ ვკითხულობთ:

რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან იღებს. ყოველ წელს, რეზოლუცია ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ადამიანის უფლებათა საბჭოს მომდევნო სესიებზე წარადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები მის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს.

გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავდა, რეზოლუციის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარებასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხის სიმწვავის შენარჩუნებაში.

მაგალითად, 2021 წელს, საგარეო სამინისტრო იუწყებოდა, რომ რეზოლუციაში შესულია საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანების უკანონო დაკავებებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ შეშფოთებები და დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის პასუხისმგებლობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ამ რეზოლუციის შემთხვევაში, „ბათუმელებმა“ 7 წლის კენჭისყრის ანგარიშები შეისწავლა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ჩინეთმა 6-ჯერ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ერთხელ, 2020 წელს ხმა არ მიუცია.

2023 წლის 4 აპრილის ხმის მიცემის შედეგები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველოს მიერ გატანილ რეზოლუციაზე: „თანამშრომლობა საქართველოსთან“. რეზოლუციის წინააღმდეგ ჩინეთთან ერთად ხმა მისცა ბოლივიამ, კუბამ და ეთიოპიამ
  • როგორ უჭერენ ჩინეთი და საქართველო მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დოკუმენტი 2023 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ამჟამინდელი „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნის, პეკინში ვიზიტისა და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.

საინტერესოა, რომ მანამდე ორ თვეზე ცოტა ხნით ადრე, 7 ივნისს, ჩინეთმა კვლავაც თავი შეიკავა ხმის მიცემისგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე  საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის კენჭისყრაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

ხოლო 2023 წლის 4 აპრილს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს მიერ გატანილი რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კენჭისყრაზე, ხმა საწინააღმდეგოდ დააფიქსირა.

სტრატეგიული შეთანხმების დოკუმენტში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი ქართველი ექსპერტების ნაწილმა, გამოქვეყნებიდან მალევე შეაფასა მხარეთა შორის შესაძლო უთანასწორობად.

დოკუმენტის პირველივე პუნქტში ვკითხულობთ:

„ორივე მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ერთგულად მიჰყვება ერთი ჩინეთის პრინციპს“. 

ტაივანთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ და „ერთი ჩინეთის პრინციპი“. პირველი არის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელზე ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ექნებათ მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და არა ჩინეთის რესპუბლიკასთან [ტაივანი]. თუმცა ის არ მოიაზრებს ან განსაზღვრავს ტაივანის სტატუსს და ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ეკონომიკური, სავაჭრო თუ სხვა ტიპის ურთიერთობები დაამყარონ ტაივანთან. ასევე არ ზღუდავს ტაივანური პასპორტის სამოგზაურო დანიშნულებას.

„ერთი ჩინეთის პრინციპი“ კი ტაივანის ჩინეთის ნაწილად აღიარებას გულისხმობს. ჩინეთთან შეთანხმებისა და პარტნიორობის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანა აცხადებს, რომ მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პრინციპს“, თუმცა ეს არაა ისეთი გლობალური საერთაშორისო შეთანხმება, როგორც „ერთი ჩინეთის პოლიტიკა.“

საქართველო ხაზგასმით აღნიშნავს „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მყარ და ერთგულ მიმხრობას.

მეტიც, საქართველო ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც ტაივანის პასპორტს სამოგზაურო დოკუმენტად არ აღიარებს. ტაივანელები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც კი ახერხებენ მოგზაურობას, მაგრამ საქართველოში ვერა.

განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, რომ მაგალითად კვიპროსში ბიომეტრიული ტაივანური პასპორტის მფლობელები უვიზოდ მოგზაურობენ და ქვეყანაში შეუძლიათ 90 დღე უვიზოდ გაატარონ. კვიპროსის მაგალითი საინტერესოა იმიტომ, რომ მან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს 2021 წელს მოაწერა ხელი და იქაც აღნიშნულია „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა:

„ორივე მხარე თანხმდება, პატივი სცეს ერთმანეთის არჩევანს განვითარების გზებსა და პოლიტიკაში, მათი ეროვნული პირობებიდან გამომდინარე და გააგრძელონ ურთიერთდახმარება ძირითად ინტერესებსა და ძირითად ინტერესებთან დაკავშირებით. კვიპროსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ. ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს კვიპროსს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში და მხარს დაუჭერს კვიპროსის საკითხის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი რეზოლუციების ფარგლებში. ორივე ქვეყანა ხაზს უსვამს ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტისა და საზღვაო უფლებების პატივისცემის აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდებისა და გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის შესაბამისად”. 

კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მიუხედავად საქართველოს ყოვლად გამორჩეული ძალისხმევისა – ტაივანის პასპორტიც კი არ აღიაროს, ჩინეთი ბევრად დეტალურად და ცხადად აღნიშნავს თავის მხარდაჭერას კვიპროსის სუვერენიტეტისადმი, საქართველოს შემთხვევაში კი იგი პარტნიორს სავარაუდოდ „ყველა ქვეყანაში“ მოიაზრებს.

საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირები აპელირებენ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განხილვისას, ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მის მნიშვნელობაზე აქცენტირება, ისევ როგორც ჩინეთის ავტორიტარულ სახელმწიფოდ მოხსენიება, „ანტიჩინური კამპანიაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

თუმცა მონაცემები, რომლებიც ამ სტატიაში მიმოვიხილეთ აჩვენებს, რომ ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი არათუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მხარდაჭერას არ ირჩევდა, როდესაც რუსეთის ინტერესები იდგა მეორე მხარეს, არამედ რიგ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას.

ამას ისიც ემატება, რომ 2023 წლის 21 აპრილს ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიემ ფრანგულ არხთან სატელევიზიო ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტი, რაზეც თბილისმა დუმილი არჩია. ლუ შაიემ ყირიმთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად თქვა:

„ამ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსაც კი არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნის სტატუსის დაკონკრეტებაზე“.

მართალია, ჩინეთმა 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარა და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს, მაგრამ მან ამ მარტივი წინადადების სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დოკუმენტში ჩაწერაც კი არ ჩათვალა საჭიროდ; ერთობლივ პრესკონფერენციაზეც კი ეს სიტყვები მხოლოდ საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა სამადლობელ კონტექსტში, სი ძინპინს კი თავის მხრივ არ უარუყვია.

განახლება:

საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩინეთმა, გაეროში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი კიდევ ერთხელ შეიკავა და შესაბამისად მას მხარი არ დაუჭირა.

კენჭისყრის შემდეგ, დაფიქსირებული პოზიციის განმარტებითი სიტყვით გამოვიდნენ სომხეთი, რომელმაც ისტორიაში პირველად დაუჭირა ამ რეზოლუციას მხარი; და ბრაზილია და ისრაელი, რომლებმაც ჩინეთისა და ირანის მსგავსად, თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან. ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორისთვის მხარდაჭერის არგამოხატვისთვის განმარტებითი სიტყვის შესაძლებლობაც არ გამოუყენებია. 

რეზოლუციის კენჭისყრა 2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

____

ამავე თემაზე:

რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან

რამდენადაა საქართველო თურქეთსა და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული – რას ნიშნავს ეს

ყოველ შაბათ-კვირას საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, უზარმაზარი რიგები დგას. რიგებია ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე პირველივე პატარა ქალაქ ქემალფაშაში მდებარე სუპერმარკეტშიც. შეიძლება ზოგჯერ ნახევარი საათიც კი მოგიწიოს ლოდინი მაღაზიის სალაროსთან, რადგან მარკეტები ქართველი მყიდველითაა სავსე.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ყიდულობენ ყველაფერს, რაც კი სამომხმარებლო კალათაში შედის, მათ შორის კვერცხს (რომელიც ტრანსპორტირებისას ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს) და ტუალეტის ქაღალდს (რომელიც დიდ მოცულობას იკავებს).

დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon wise-ის მკვლევარი ეგნატე შამუგია ამბობს, რომ საცალო ვაჭრობა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ეწევიან, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ რეალურად რამხელა გავლენა აქვს თურქეთს საქართველოს ეკონომიკაზე.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 570.1 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 949.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 744.5 მლნ. აშშ დოლარი).

მკვლევრის თქმით, რამდენადაც დადებითი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთს, იმდენად უარყოფითი გავლენა აქვს რუსეთს.

„ვაჭრობა თავისთავად არ არის ცუდი, მაგრამ ამ ვაჭრობას ახლავს რისკები. უპირველესად, მთავრობები არ ვაჭრობენ ერთმანეთთან, ადამიანები ვაჭრობენ. მთავრობებს უბრალოდ შეუძლიათ ამ ვაჭრობებში ადამიანებს ხელი შეუშალონ.

მაგალითად, თურქეთთან რომ ვვაჭრობთ, თურქეთის მთავრობისგან ნაკლებად არის იმის საფრთხე, რომ ერთ მშვენიერ დღეს უარი თქვას და აუკრძალოს თავის კომპანიებს ჩვენთან ვაჭრობა ან ჩვენს კომპანიებს თურქეთიდან რამის გატანა. შეზღუდვების დაწესების რისკი ნაკლებია.

განსხვავება თურქეთსა და რუსეთს შორის არის ის, რომ რუსეთის მთავრობიდან მოდის უფრო მეტი საფრთხე, უფრო მეტი რისკი, რომ ერთ მშვენიერ დღეს რაღაც პროდუქციაზე გადაწყვეტს, რომ არ მოგყიდოს.

მაგალითად, ბენზინის გატანის აკრძალვა გადაწყვიტა ახლა [დაბალი ხარისხის ბენზინი ხომ რუსეთიდან შემოგვაქვს. ევროპაში არც კი აწარმოებენ მსგავსი ხარისხის ბენზინს], ჰოდა თქვა, აღარ გაგატანთო, მაღალი გადასახადი დააწესა. იგივე გააკეთა ხორბალთან დაკავშირებით.

თავისთავად ვაჭრობა კი არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, რომ უფრო მეტი რისკი აქვს. ვიღაცები ამ რისკს იღებენ, მაგალითად, ქართული ღვინის კომპანიები. მიუხედავად, იმისა, რომ ემბარგოს პერიოდი გამოიარეს, ქართული ღვინის კომპანიებისთვის მომხიბვლელია რუსეთის ბაზარი,“ – ამბობს ეგნატე შამუგია.

ეგნატე შამუგია
ეგნატე შამუგია

მკვლევრის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ თურქეთთან პოლიტიკურადაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საფრთხე არ მოდის თურქეთიდან, პირიქით. თურქეთი მუდმივად გამოხატავს პატივისცემას ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

მკვლევრის თქმით, განსხვავებით თურქეთისგან, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეიცავს უზარმაზარ რისკს, რადგან ვაჭრობა დამოკიდებულია არა მასში ჩართული სუბიექტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არამედ მთავრობაზე, რომელიც ეკონომიკურ გავლენას სადამსჯელო ბერკეტად იყენებს.

  • რას ვყიდით თურქეთში

საქართველო თურქეთში ყიდის ელექტროენერგიას, მზა ტანსაცმელს, მათ შორის სპორტულ ტანსაცმელს, ფეროშენადნობებს, ალუმინის ნარჩენებს და ჯართს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  • რას ვყიდულობთ თურქეთში

საქართველო თურქეთში ყიდულობს მედიკამენტებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციებს, თამბაქოს ნაწარმს, სარეცხ და საწმენდ საშუალებებს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  • რას ვყიდით რუსეთში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, რუსეთში საქართველო ყველაზე დიდი ოდენობით ყიდის ღვინოს, სპირტიან სასმელებს, მსუბუქ ავტომობილებს, მინერალურ და მტკნარ წყლებს და ლიმონათს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  • რას ვყიდულობთ რუსეთიდან

რუსეთიდან ვყიდულობთ ნავთობპროდუქტებს, ნავთობის აირებს, ხორბალს, ბოცებს, ბოთლებსა და მინის სხვა პროდუქტებს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  • როგორ აისახება რეგიონებზე თურქეთის ეკონომიკური გავლენა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველო თურქეთში სხვა პროდუქციებთან ერთად ასევე ყიდის ტრიკოტაჟის ნაწარმს, მათ შორის ტრიკოტაჟის კოსტიუმებს და კომპლექტებს მამაკაცებისთვის.

„თურქეთში გაგვაქვს სპორტული ტანსაცმელი – მაისურები, შორტები და ა.შ. რაც ძირითადად დაკავშირებულია აჭარასთან. საქართველოში მუშახელი გაცილებით იაფია, ვიდრე თურქეთში. თურქეთთან სახმელეთო საზღვარი გვაქვს აჭარაში, შესაბამისად, თურქული კომპანიები ხსნიან საქართველოში ტექსტილის საწარმოებს. ქართულ-თურქულ ეკონომიკურ ურთიერთობებს რეგიონული პერსპექტივით თუ შევხედავთ, გამოდის, რომ ყველაზე მჭიდრო კავშირი აჭარას აქვს,“ – ამბობს ეგნატე შამუგია.

მკვლევრის თქმით, თუკი თურქეთში გაგვაქვს რაღაც პროდუქტი და არა სხვა ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის გაყიდვა თურქეთში უფრო ძვირად შეგვიძლია, ვიდრე სხვა ქვეყანაში.

მკვლევრის თქმით, რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელი, ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაზე ეკონომიკური გავლენა ზუსტად გაზომო:

„მაგრამ ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი და გზავნილები – ეს ოთხი ძირითადი კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული თურქეთში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუკი თურქეთში არ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამ შემთხვევაში საქართველოდან არ იქნება თურქეთში ექსპორტზე მოთხოვნა.

მაგალითად, თუ თურქეთში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პირობითად, თურქეთში ნაკლები სპორტული ტანსაცმელი გაიყიდება. უფრო ნაკლები სპორტული ტანსაცმლის გაყიდვა თურქეთში ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები სპორტული ტანსაცმელი შეიკერება. უფრო ნაკლები სპორტული ტანსაცმლის შეკერვა ნიშნავს, რომ საქართველოში სპორტული ტანსაცმლის ქარხნები, რომელსაც თურქეთში ექსპორტზე გააქვთ ეს ტანსაცმელი, ნაკლებ ტანსაცმელს შეკერავენ ან/და უფრო ნაკლები მუშახელი დასჭირდებათ.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანები ან უფრო ნაკლებს იმუშავებენ და შესაბამისად ნაკლებ ანაზღაურებას აიღებენ ან უფრო ნაკლები მუშახელი დასჭირდებათ და საერთოდ სამსახურს დაკარგავენ“, – განმარტავს ორი ქვეყნის ერთმანეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას მკვლევარი.

  • რატომ არის საფრთხე რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2023 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას განაგრძობს.

„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

„გამჭვირვალობამ“ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცა, რომელიც ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში უნდა დახმარებოდა.

„რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;

რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს“, – ეწერა ამ რეკომენდაციებში.

თუ 2024 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებს გადავხედავთ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო გაიზარდა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (79.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (53.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (43.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (408.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (313.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (173.5 მლნ. აშშ დოლარი).

_________________

ფოტოზე: რიგი სარფის საბაჟოზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალ ბულვარში საპირფარეშოს ააშენებენ – დაიხარჯება 142 ათასი ლარი

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოსაწყობად ბულვარის ადმინისტრაციამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 142 ათას 403 ლარია. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული საპირფარეშოს მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციას აქამდე სხვა ტენდერის ფარგლებში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ბულვარში ახალი საბავშვო კუთხის მოწყობას ითვალისწინებდა. საბავშვო კუთხისა და საპირფარეშოს მოსაწყობად კი მთლიანობაში 499 ათას 575 ლარი იყო გათვალისწინებული. თუმცა ეს ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ტენდერის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: ბეტონი და კაუჩუკი ბულვარის გამწვანებულ ზოლში – რაში დაიხარჯება ნახევარი მილიონი

მიმდინარე წლის 31 იანვარს არშემდგარი ტენდერის შემდეგ ბულვარის ადმინისტრაციას განმეორებით ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. 22 მარტს კი ახალი ტენდერი ცალკე საპირფარეშოს მოწყობაზე გამოაცხადა. 

„ახალი საბავშვო სკვერის მოწყობაზე ტენდერი მეორედ ჩავარდა. კიდევ რომ გამოგვეცხადებინა და რომც შემდგარიყო, სამუშაოების დასრულება ზაფხულის სეზონის დაწყებამდე ვერ მოესწრებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე საპირფარეშო მაინც მოვაწყოთ, ვინაიდან, როგორც ადგილობრივებიდან, ასევე ვიზიტორთა მხრიდან არის მომართვიანობა და არის იმის აუცილებლობა, რომ ახალ ბულვარში საპირფარეშო იყოს. დღეს მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოა, ფართობი ახალი ბულვარის დიდია და ეს იქნება მეორე საპირფარეშო პრომინადთან ახლოს.

რაც შეეხება ახალ საბავშვო სკვერს, მის მოსაწყობად თანხას 2025 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ. ბულვარის განაშენიანების გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ და ეს გეგმა ითვალისწინებს, როგორც საპირფარეშოს, ასევე საბავშვო სკვერის მოწყობასაც“, – გვითხრეს „ბათუმელებს“ ბულვარის ადმინისტრაციაში.

კონკრეტულად საპირფარეშოს მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს „2021 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ან/და სამშენებლო ან/და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 356 ათასი ლარის ოდენობით“.

სამუშაოები ითვალისწინებს როგორც მშენებლობა-მონტაჟს, ასევე ელექტრო, წყლისა და კანალიზაციის ქსელების მოწყობას.

პროექტის მიხედვით, საპირფარეშო გათვლილია შშმ პირებზე. ამასთან, იქნება, როგორც ქალების და კაცების, ასევე ცალ-ცალკე ბავშვებისა და დედების საპირფარეშო ოთახებიც.

საპირფარეშოს გეგმა პროექტიდან

ტერიტორია, სადაც ახალი საბავშვო კუთხის ასევე საპირფარეშოს მოწყობაა დაგეგმილი, ახალ ბულვარში სასტუმრო მარინას პირდაპირ მდებარეობს – სასეირნო და ველო ბილიკებს შორის

 

საპირფარეშო ახალ ბულვარში / ვიზუალიზაცია პროექტიდან

მარტო „ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ – ინტერვიუ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან

„ყველა ადგილს სიაში ვერ დავუთმობთ,“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, რომელსაც ოპოზიციის ერთობაზე ვკითხეთ: რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას?

ამ ეტაპზე ოპოზიციის გაერთიანების ნიშნების არ ჩანს. ერთობის გარეშე კი, კვლევების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის ალბათობა მცირდება. როგორ უყურებენ ოპოზიციაში გამარჯვების შანსს, როცა არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება, რაც ცალ-ცალკე მყოფმა პარტიებმა შესაძლო ვერ გადალახონ.

„გაერთიანების გარეშე შეუძლებელია ივანიშვილის პარტიის დამარცხება. ამას ალბათ ზაფხულში უფრო დავინახავთ,“ – ამბობს დავით ხაჯიშვილი, მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო დავით, კვლევების მიხედვით, თუ ოპოზიციური პარტიები არ გაერთიანდებით, მანდატების უმრავლესობა ისევ „ქართული ოცნების“ ხელში აღმოჩნდება. ამ მოცემულობაში რა შანსი რჩება ოპოზიციას გამარჯვებისთვის?

ოპოზიციამ, რა თქმა უნდა, უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ შეცვალოს ხელისუფლება. კვლევების მიხედვით, ჯამურად გამოკითხულთა 65 % ოპოზიციას უჭერს მხარს, თუმცა ეს რომ აისახოს მანდატებში, ამას სჭირდება კარგი მენეჯმენტი.

ოპოზიციურმა პარტიებმა ისე უნდა დავამენეჯმენტოთ ეს პროცესი, ჩვენი, ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. მთავარი იდეა აქ არის ის, რომ ოპოზიციური ხმები არ აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“, ივანიშვილის საარჩევნო ყულაბაში. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილის პარტიას აქვს სხვადასხვა ბერკეტი: ცესკოს გავლენა, დაშინება, მოსყიდვა…

  • ეს რომ არც გამოიყენოს მმართველმა ძალამ, კვლევებით ჩანს, რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ოპოზიციას აგებს არჩევნებს. თუ თქვენთვის წარმატება მხოლოდ პარლამენტში შესვლა იქნება და დაახლოებით იგივე მოცემულობის შექმნა, რაც ახლა გვაქვს?

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ პარლამენტში შესვლა. ჩვენ, ენმ-ს გვინდა, რომ ოპოზიციასთან ერთად პარლამენტში ჩამოვაყალიბოთ კოალიცია. ვისთანაც შევძელით საერთო ენის გამონახვა, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ჩვენი მხრიდან ამ გამარჯვების კოალიციით ერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ სხვებისთვის მოგვეწოდებინა: აუცილებელია გარკვეული ერთობა პროდასავლურ პარტიებს შორის. ჩვენ პარტიის კარი გავაღეთ და ვთქვით, რომ ვართ ღია.

ჩვენ ასევე ვთქვით, რომ თუ არ გაქვთ ჩვენთან მოლაპარაკების სურვილი, მაშინ ნახეთ ერთმანეთთან საერთო ენა, როგორც, მაგალითად, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ ნახეს საერთო. შეიძლება კიდევ ვინმე გაერთიანდეს მათ პლატფორმაზე, რაც არ არის გამორიცხული. ჩვენც არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა ვინმე დაგვემატოს.

  • ვის დამატებას განიხილავთ, ვისთან გაქვთ მოლაპარაკებები?

ამ ეტაპზე არავისთან მძლავრი მოლაპარაკებები არ არსებობს, თუმცა ყოველთვის არსებობს განახლების შესაძლებლობა. ჩვენ სხვა პარტიებს ვთავაზობთ ერთიან საარჩევნო სიას, ასევე კოალიცია თუ შეიქმნება, ამ ადამიანების მონაწილეობას მთავრობის დაკომპლექტებაში და ასე შემდეგ.

მაგრამ ყველამ უნდა გაითავისოს ამ პროცესში თავისი წილი გაერთიანებასა და კოალიციაში. არ უნდა ჰქონდეთ ისეთი მოთხოვნები, რაც არარეალურია.

ადრეც იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთ პარტიას, ან ლიდერს, არ დავასახელებ ვის, მაგრამ აქვთ არარეალური მოთხოვნები.

  • მაგალითად?

როცა საუბარია პარტიულ სიაზე, არის მოთხოვნა რაოდენობაზე. არსებობს გამოკითხვები, რომლის საფუძველზეც მათ ვეუბნებით: მოდი, ვისაუბროთ რეალურად და არა მოგონილი ციფრებით. პატარა პარტიები ელიან განახლებულ ინფორმაციას. ამჯერად არსებობს მოლოდინი რეიტინგზე, რაც გაზაფხულისთვის იქნება.

არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის რამდენიმე თვე და ისინი არ ჩქარობენ ამ გადაწყვეტილების მიღებას.

  • თუ კვლევებში ისევ გამოჩნდება, რომ არსებობს 5%-იანი ბარიერის გადალახვის საფრთხე, ელოდებით, რომ ერთობა შეიძლება შედგეს?

ჩვენი მთავარი მოტივაცია არის არა ის, რომ ჩვენ მოვხვდეთ პარლამენტში, არამედ მეტნი ვიყოთ ოპოზიციიდან, ვიდრე ივანიშვილის პარტია იქნება. მთავარი მიზანი არის „ქართული ოცნების“ დამარცხება.

ჩვენ ვაფასებთ მონაცემებს რეალურად და ვიცით, რომ მარტო ამას ვერ შევძლებთ, ამიტომაც გვჭირდება სხვა ოპოზიციური პარტიების და ერთმანეთის დახმარება.

  • რას აკეთებთ ამ ერთობისთვის?

ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ ე.წ. პატარა პარტიები ერთმანეთს დაელაპარაკონ, ნახონ საერთო ენა. ჩვენ, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თანაც ყველაზე გამოცდილი, თუ რამე დათმობა არსებობს პარლამენტში, პარლამენტის გარეთ, ყოველთვის ვცდილობთ, თავი შევიკავოთ ზედმეტი განცხადებებისგან, რომ არ დავაზიანოთ ოპოზიციური ველი.

ჩვენი ინტერესი არ არის ის, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის კრიტიკით დავკავდეთ.

  • თქვენი აქცენტია ის, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაელაპარაკონ და არა ის, რომ თავად თქვენ დაელაპარაკოთ? თქვენ რატომ არ ელაპარაკებით სხვა პარტიებს ერთობაზე?

ეს იყო ჩვენი პირველი ეტაპი, როცა კარი გავხსენით. ვინც შემოვიდა კომუნიკაციაში და დაგვთანხმდა, ვნახეთ საერთო ენა.

მხოლოდ კარის გახსნა ლიდერის პოზიციიდან ხომ პასიური რეჟიმია? გამოდის, აქტიური ფორმებით არ ცდილობთ მიზნის მიღწევას, თუ თქვენი მიზანია „ოცნების“ დამარცხება და არა მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა.

ჩვენ კარი გავაღეთ და ველოდებით, ასე არ არის – პირველ ნაბიჯს ყოველთვის ჩვენ ვდგამთ. ჩვენ პარტიებს ვეუბნებით, რომ თუ გინდათ საერთო ბრძოლა, მზად ვართ გელაპარაკოთ.

ვინც გადადგა რეალური ნაბიჯი, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ვხედავთ რეზულტატს. სხვებმა თავი შეიკავეს, ან სხვა მიზეზი იყო, არ ვიცი…

  • რომელ პოლიტიკურ ძალაზე გაქვთ მოლოდინი, რომ წამოვა პოლიტიკურ ერთობაზე?

მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენთან კიდევ შეიძლება ვინმე შემოვიდეს, მაგრამ არა ბევრი – ეს იქნება ერთი, ან ორი სუბიექტი. ესენი არიან ცალკეული ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც დღეს შეიძლება პოლიტიკაში არ არიან, მაგრამ ხვალ ვიხილოთ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

გახარიასთან გამორიცხულია ამაზე საუბარი, ეს თავად მათი დეკლარირებული ფორმაა, რომ გამორიცხავენ ვინმესთან გაერთიანებას. „ლელოსთანაც“ არა მგონია გვქონდეს საერთო გაერთიანების პერსპექტივა. დანარჩენებთან არ ვიცი.

მაგალითად, გახარიას პარტიას აქვს მოცემულობა, რომ შესაძლოა გადალახონ ბარიერი, მას აქვს ივანიშვილი პარტიის უკვე ყოფილი მხარდამჭერების ხმები.

ასევე, კარგი იქნებოდა, ვფიქრობ, გვარამია-მელიას გაერთიანებასთან ერთობა იმ პარტიების, რომლებსაც დღეს უჭირთ ბარიერის გადალახვა. რამდენიმე პარტია შესაძლოა აქ გაერთიანდეს, თუმცა ყველა ელოდება გამოკითხვის შედეგებს.

  • თქვენ რა დათმობაზე შეგიძლიათ წახვიდეთ იმისთვის, რომ „ოცნება“ აღარ დარჩეს უმრავლესობაში?

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ოპოზიციაში არ იყოს ერთმანეთთან კინკლაობა. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ რეალურ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია. ივანიშვილის პარტია ვერ ასრულებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაკვეთას…

ჩვენი მიზანია ივანიშვილის პარტიის დამარცხება, ხელისუფლების შეცვლა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება.

ჩვენი მთავარი მიზანია, არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ვერ გადალახა რომელიმე პატარა პარტიამ ბარიერი, ეს ხმები შეიძლება წავიდეს ივანიშვილის პარტიის ყულაბაში. ივანიშვილის პარტიას სწორედ ამის მოლოდინი აქვს, რომ გადაუნაწილებელი ხმებით გაიმარჯვებს. ყველასთვის ცხადია, რომ ამისთვის დატოვეს ეს 5 %-იანი ბარიერი.

არჩევნები ამ ბარიერის პირობებში ჩატარდება. ამას გარდა, ხელისუფლების ხელშია სხვა ტიპის გავლენები, მაგალითად, ვხედავთ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამას საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად, ვხედავთ მმართველი პარტიის გავლენას მასწავლებლებზე, საჯარო მოხელეებზე…

ბოლო 10 წლის განმავლობაში 800 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა ქვეყანა. მათი ნაწილი შესაძლოა დაბრუნდა, მაგრამ ყოველდღიურად ეს ციფრი იცვლება: ვიღაც მოდის, ვიღაც – მიდის. ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ემიგრაციაში.

საგარეო საქმეთა მინისტრს ამ საკითხზე ვესაუბრებით: რატომ არ იხსნება დამატებით საარჩევნო უბნები უცხოეთში, იმდენი ბარიერი აქვთ ამისთვის, რომ ეს უბნები არ გაიხსნა, ამ მილიონზე მეტი ადამიანიდან მხოლოდ 12 ათასი მოქალაქე მონაწილეობს არჩევნებში.

ჩვენ, როგორც ყველაზე დიდი და პასუხისმგებლობიანი ოპოზიციური პარტია დღეის მდგომარეობით, ვცდილობთ, რომ მენეჯმენტი გავუწიოთ პატარა პარტიების დაახლოებას.

  • როგორ უწყობთ ხელს სხვებს, როცა თქვენივე პარტია ჩამოიშალა?

ეს არის პარტიის შიდა საკითხი. თუ ჩვენ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საკითხს განვიხილავთ, შემიძლია სხვა მონაცემები მოვიყვანო, მაგრამ ჩვენ იმ პროცენტს, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე, იმ პროცენტს არ ჩამოვცდებით. როგორც მინიმუმ, იგივე რაოდენობის ხმებს ავიღებთ.

ამ ეტაპზე რთულია წინასწარ საუბარი, თუმცა როცა შიდაპარტიული კვლევები ჩატარდა, მალე ჩვენ ვნახავთ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსაც, ვიმედოვნებთ, რომ 30 %-მდე, როგორც ეს წინა არჩევნებზე მივიღეთ, გვექნება.

ივანიშვილის პარტიას კი, ხმები დააკლდა – დაახლოებით 35 % აქვთ ხმების. წინა არჩევნებზე ჰქონდა დაახლოებით 42 %. 10%-მდე ხმები დააკლდათ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო – სრული ლუსტრაცია მოხდა ივანიშვილის პარტიის.

  • უშვებთ, რომ ვინც „ოცნებას“ გაუნაწყენდა, თქვენი ამომრჩეველი გახდება?

პატარა პროცენტი შეიძლება ჩვენთანაც წამოვიდეს, მაგრამ დიდი პროცენტი წავა ე.წ. პატარა პარტიებში, რომლებმაც შესაძლოა ბარიერი ვერ გადალახონ. ამიტომაც, საჭიროა პატარ-პატარა პარტიების გაერთიანება, რადგან ზოგიერთი პარტია, რომელიც შეიძლება ჩვენთან გაერთიანდეს, დაკარგავს საკუთარ ამომრჩეველს.

ერთიანი საარჩევნო სიის შემთხვევაში სამწუხაროდ ამომრჩეველი ირჩევს იმ ნომერს, რომელიც ჩვენთან გაერთიანების შემთხვევაში 5 ნომერი იქნება. მაგალითად, „გირჩი“ ჩვენთან ვერ გაერთიანდება, რადგან მათმა ამომრჩეველმა პირობითად შეიძლება არ მისცეს ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“.

გამოვა, რომ ეს ხმები დარჩება ჰაერში. ამიტომაც, პარტიებმა უნდა ნახონ მათ ღირებულებებთან ახლოს მდგომი პარტიები.

ჩვენ ყველა პარტიასთან გადავდგით ნაბიჯი და ხელი გავუწოდეთ, ახლა მათი მხრიდან არის პასუხი მნიშვნელოვანი, ამ ხელს ჩამოართვამენ ხელს, თუ უარს იტყვიან გაწვდილ ხელზე.

ჩვენი პოზიცია არის მკვეთრი: ყველაფრისთვის ვართ მზად იმისთვის, რომ დამარცხდეს ივანიშვილის პარტია. ყველას დაველაპარაკებით, ვინც არ უნდა იყოს. ვსაუბრობთ, პირველ რიგში, პროდასავლურ პარტიებზე.

  • თუმცა ოპოზიციის ნაწილი მიანიშნეს, რომ, მაგალითად, თქვენი გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ცუდად აისახა რეიტინგზე – ბოლო კვლევებით თქვენი ნდობის მაჩვენებელი ამ გაერთიანების შემდეგ იკლებს.

ეს კლება სხვა რამეზე იყო უფრო დამოკიდებული. სამწუხაროდ, ეს იყო ტურბულენტობა, რომელიც პარტიაში გვქონდა – შიდა არჩევნები. ამას მოჰყვა ის, რომ ჩვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ციხეშია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს პარტიაზე ძალიან ცუდად აისახა, რადგან ჩვენი მთავარი საკითხი იყო მისი ჯანმრთელობა. ჩვენ ვერ შევძელით მისი დახსნა, ფიზიკურად ამას ვერ გავაკეთებდით…

თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ფორმას იბრუნებს. საბედნიეროდ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესის მომასწავებელია.

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჩვენ გვაქვს შეკითხვა, რადგან მან თავად იწვნია თავის თავზე ბრჭყალებში თავისუფალი სასამართლოს ვერდიქტი. მან იცის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საქმე თავიდან ბოლომდე შექმნა ეფესბეს აგენტმა ფარცხალაძემ, შემდეგ კი განაჩენი გამოუტანა მურუსიძის სასამართლომ, რომელიც არის დასანქცირებული ჩვენი პარტნიორების მიერ.

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის საპყრობილიდანაც ჩაერთვება წინასაარჩევნო მარათონში და ნამდვილად აქტიურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.

  • არ ფიქრობთ, რომ უნდა გადახედოთ თქვენს მიდგომას, სხვა პარტიებთან ერთობას რომ მიაღწიოთ? ამომრჩეველი ხედავს, რომ ოპოზიცია არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას და არ ერთიანდებით?

ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, ამაზე მეტი შეუძლებელია. მაშინ საერთოდ უნდა დავუთმოთ – მოდით, თქვენ იყავითო. უფრო დაბალ პროცენტს აიღებენ, ჩვენ თუ არ ვიქნებით პოლიტიკაში.

  • არ ჩანს, რომ თქვენს შეთავაზებაში სხვა პარტიებისთვის არაფერია მიმზიდველი, რაც გაერთიანების პირობას შექმნიდა?

ყველა ადგილს სიაში ვერ დავუთმობთ, ეს არარეალურია. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ დავუშვათ, გაქვს 3 პროცენტი, აქედან გამომდინარე, მოდი, დავსხდეთ და ვისაუბროთ, რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ.

ჩვენი მხრიდან მაქსიმალური გაკეთებულია. გპირდებით, უფრო მეტს გავაკეთებთ, რაც უფრო დარწმუნდებიან ეს პატარ-პატარა პარტიები, რომ გაერთიანების გარეშე შეუძლებელია ივანიშვილის პარტიის დამარცხება.

ამას ალბათ ზაფხულში უფრო დავინახავთ.

„ხალხური თამაშობები აჭარაში“ – ტურიზმის სააგენტო ახალ წიგნს ბეჭდავს

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ახალი სახელმძღვანელოს – „ხალხური თამაშობები აჭარაში“ გამოცემა იგეგმება. წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ამ ეტაპზე რეგიონში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული თამაშია მოძიებული. წიგნის გამოცემის მიზანი აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა, სათამაშოების მოძიება-შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა.

წიგნში შეტანილი თამაშობები ორიგინალური ილუსტრაციებით იქნება დასურათებული, რომელზეც ეთნო მხატვარი მუშაობს. წიგნის გამოცემა
მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იგეგმება.“ – აცხადებს სააგენტო.

„საბავშვო თამაშობათა შესწავლა და პრაქტიკაში მათი კვლავ დაბრუნება პროექტის ერთ-ერთი დანიშნულებაა. პროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე, ხალხურ ყოფაში გამოყენებული, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული სათამაშოების დაფიქსირება და მათი რეწვის შესაძლებლობების კვლევა. ყველაფერი ეს საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვისაც“ – ამბობს ლელა გოგუაძე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

„აჭარაში მივიწყებული ხალხური თამაშობებისა და სათამაშოების კვლევაზე, ხოლო კვლევის ფარგლებში შესწავლილი მასალით გზამკვლევის მომზადებაზე“, ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ ტენდერი 45 ათასი ლარით 2024 წლის 12 იანვარს გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულ ა[ა]იპ „ლიმეს პონტიკუსთან“ კი სააგენტომ ხელშეკრულება 39 999 ლარზე 2024 წლის 5 თებერვალს გააფორმა. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორია ემზარ კახიძე.

ხელშეკრულების მიხედვით: „ქვეკონტრაქტორის დასაშვებობის საკითხს წყვეტს სააგენტო“, მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 3 მაისამდეა.

ვრცლად ტენდერის შესახებ: აჭარაში ხალხური თამაშებისა და სათამაშოების გზამკვლევს მოამზადებენ

ამავე თემაზე:

ეფენდელა, ქორი ნენეი და სხვა ხალხური თამაშები აჭარიდან

 

მთავარი ფოტო: ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო

ძველი ლიფტების შეცვლა ბათუმში – 5 მილიონიანი ტენდერისთვის ბრძოლა ხელახლა იწყება

ბათუმში 60-მდე ლიფტის შესაცვლელად 5-მილიონიანი ტენდერი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით უარყოფითი შედეგით დასრულდა, ამიტომ იგივე მომსახურებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში პირობები არ შეცვლილა. იგივე დარჩა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც – 5 264 551 ლარი.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დამთავრდება. სამუშაოების დასრულების ვადა კი 2024 წლის 11 დეკემბრამდეა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, წინა ტენდერში [რომელიც სამმართველომ 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა] ოთხი კომპანია მონაწილეობდა:

  • „აველიჯე მაქინე სანაი ვე თიჯარეთ“ – შეთავაზება – 5 062 716 ლარი
  • ELE – 5 046 282 ლარი
  • „თბილლიფტსერვისი“ – 4 865 700 ლარი
  • „ბათუმი სიტი XXI“ – 4 699 999 ლარი

ოთხივე ამ კომპანიას მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიამ ეტაპობრივად დისკვალიფიკაცია მისცა „ტექნიკური დოკუმენტაციის გამო“.

კომისიის გადაწყვეტილებები პრეტენდენტებმა რამდენჯერმე გაასაჩივრეს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც.

– – –

„უფროსს დაურეკეს თბილისიდან და უთხრეს, ვის უნდა მოეგო ტენდერი… არ აინტერესებთ, ეს როგორ მოხერხდება. ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. ახლა გვიჩივის კომპანია, რომელსაც დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა წყარომ მოაწოდა აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ტენდერის მიმდინარეობის დროს.

„ბათუმელები“ მაშინ წერდა, რომ ჩვენი ინფორმაციით, სამმართველოს უფროსს თბილისიდან გავლენიანი პირის სახელით დაურეკეს და „ის ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს…“

„არ ყოფილა და ვერც იქნება“ – უთხრა მაშინ სამმართველოს უფროსმა „ბათუმელებს“. აკაკი ბერიძემ ინფორმაცია გავლენიანი პირისგან მითითების მიღების შესახებ კატეგორიულად უარყო.

ამ თემაზე ვრცლად:

ვის დარჩება 5-მილიონიანი ტენდერი – ბათუმის მერიას 3 კომპანია უჩივის

მისამართები, სადაც აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ლიფტები უნდა შეიცვალოს: 

ა. გრიბოედოვის N24. სატვირთო
ა. გრიბოედოვის N28. სატვირთო
ა. პუშკინის N35 (ა კორპუსის 2 ლიფ.)
ა. პუშკინის N35დ. 1 სად.
ა. პუშკინის N35დ. 2 სად.
გ. ტაბიძის N33. 1 სად.
გ. ტაბიძის N33. 2 სად.
გ. ტაბიძის N39. 1 სად.
გ. ტაბიძის N39. 2სად.
გ.ტაბიძის N15. 1 სად.
გ. ტაბიძის N15. 2 სად.
გ. ტაბიძის N19ა. 1 სად.
გ. ტაბიძის N19ა. 2 სად.
გრიბოედოვის # 28
გუდიაშვილის 18. 2 სად.
დ. აღმაშენებლის N8. 2 სად.
დ. აღმაშენებლის N12. 1 სად.
დ. აღმაშენებლის N12. 2 სად.
დ. აღმაშენებლის N20. 1 სად.
დ. აღმაშენებლის N20. 2 სად.
დ. აღმაშენებლის N26. 1 სად.
დ. აღმაშენებლის N26. 2 სად.
დ. აღმაშენებლის N36. 1 სად.
დ. აღმაშენებლის N36. 2 სად.
დ. აღმაშენებლის N36. 3 სად.
ვ. გორგასალის N152. 2 სად.
ვ. გორგასალის N159. 2 სად.
ზ. გამსახურდიას N1-N5. 3 სად.
ზ. გამსახურდიას N1-N5. 4 სად.
ზ. გორგილაძის N54. 1 სად.
თამარ მეფის გამზ. N48 2სად.
თამარ მეფის გამს. N48. 1სად
ი. ჭავჭავაძის N39-N47. 2სად.
ი.კობალაძის N6. 1 სად.
ი. ჭავჭავაძის N78-N88. 5 სად
ი. ჯავახიშვილის N78ა. 1 სად.
ი. ჯავახიშვილის N78ა. 2 სად.
მ. ლერმონტოვის N2-N4. 1 სად.
მ. ლერმონტოვის N2-N4. 2 სად.
მელიქიშვილის-გორგასალის N18-N92. 1 სად.
ს. ახმეტელის N5.
ტბეთის შეს. N3. 2 სად.
ტბელ აბუსერიძის N21ა. 2 სად.
ტბელ აბუსერიძის N21ბ. 2 სად.
ფრ.ხალვაშის VI შეს.N17. 1 სად.
ფრ.ხალვაშის VI შეს.N17. 2 სად.
შ. ინასარიძის N2. სამგზავრო.
შ. ინასარიძის N2. სატვირთო.
შ. ინასარიძის N20. 2 სად.
შ. ხიმშიაშვილის N9ა. 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის N9ა. 2 სად.
შ. ხიმშიაშვილის N9ა. 3 სად.
შ. ხიმშიაშვილის N11. 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის N11. 2 სად.
შ. ხიმშიაშვილის N11. 3 სად.
შ. ხიმშიაშვილის N13. 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის N13. 2 სად.
შ. ხიმშიაშვილის N21. 1 სად.
შ. ხიმშიაშვილის N21. 2 სად.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 435 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 6 852 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 13 130 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 10 811 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 018 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 723 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 463 ერთეული [+75]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 992 ერთეული [+39]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 344 ერთეული [+57]
  • სპეცტექნიკა – 1 768 ერთეული [+19]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 16 736 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 489 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 576 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 254 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 497 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 101 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

რუსეთში ორი ციხე იხურება, პატიმრები ომში მიდიან

FSB: ტერაქტის შედეგად 40 ადამიანია მოკლული, 100-ზე მეტი დაშავდა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სუვერენი მოისყიდის ეკლესიას, ის მოუპოვებს ვასალებს“ – თეოლოგი ეკლესიისთვის 35 მილიონის დამატებაზე

ეკლესიის მხარდაჭერის შესყიდვა პირდაპირი წესით, წინასაარჩევნოდ – ასე „გაშიფრა“ თეოლოგმა, მირიან გამრეკელაშვილმა ეკლესიისთვის დამატებით 35 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება. პრემიერ ირაკლი კობახიძის დავალებით განათლებისა სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე უნდა მიმართოს.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით.

ამ გადაწყვეტილებით „ოცნებამ“ ეკლესიასთან საარჩევნოდ მხარდაჭერის საკითხი „მოაგვარა“? – ამაზე მირიან გამერეკელაშვილს ვკითხეთ.

  • ბატონო მირიან, თქვენი დაკვირვებით, პრემიერ კობახიძის გადაწყვეტილება ეკლესიის მიერ დაფუძნებულ დაწესებულებას გამოუყოს 35 მილიონი მოახლოებულ არჩევნებს რამდენად უკავშირდება?

ჩემი დაკვირვებით და ღრმა რწმენით, ფაქტობრივად ბრმა ნდობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. აი, პირდაპირ. და ამას გააკეთებდა ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში.

მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციური პარტიის ახალი ლიდერი მიესალმა კიდეც ამას. მათ უნდოდათ გაეკეთებინათ და უბრალოდ დაასწრეს. ეს არის ჩვენი სამწუხარო მოცემულობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. და რა არის ეს მოცემულობა? – ეკლესიის მხარდაჭერის მოსყიდვა პირდაპირი წესით, ეკლესიის მხარდაჭერის მოსყიდვა ყველგან ხდება, მათ შორის შეიძლება იცოდეთ კიდეც, რომ ამერიკაში არსებობს ასეთი დაწესებულება – „მორალური უმრავლესობა.“

ევროპაში ეს ნაკლებად არის თვალშისაცემი, მაგრამ მაინც გარკვეული კოოპერაციები არსებობს. გერმანიაში განსაკუთრებით, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ცივილიზებული ფორმა. გადასახადების ნაწილს იხდიან თვითონ წევრები – ასე უფრო დემოკრატიულ და გამჭვირვალე ჩარჩოებშია მოქცეული. საქართველოში, სამწუხაროდ, გვაქვს შუასაუკუნეობრივი მოდელი, ანუ სუვერენი მოისყიდის ეკლესიას, რომ მან მოუგროვოს ვასალები.

  • ამ დრომდე ასე იყო, როცა ხელისუფლებას ჰქონდა პოლიტიკური კრიზისი, დაფინანსებას აძლევდა ეკლესიას. ახლა რასთან გვაქვს საქმე,  კრიზისია თუ მხოლოდ არჩევნები?

ორივე. ახლა შეიძლება იმდენად არ იგრძნობოდეს საარჩევნო კრიზისი, რადგან მსხვილი ოპოზიციური პარტია დაიშალა, მაგრამ ქვეყანაში არის არასტაბილური სოციალური ფონი. მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტს პოლიტიკა, როგორც ასეთი, არ აინტერესებს და არცერთი პარტია არ მიაჩნია საკუთარი ინტერესების გამომხატველად, მათ შორის არც მმართველი პარტია.

ყველა მესამე ადამიანს სურს საქართველოს დატოვება და ამას აკეთებს კიდეც – მექსიკაში ნარკოკარტელი აკავებს ადამიანებს, რომელთაგან უმრავლესობა აღმოჩნდება საქართველოს მოქალაქე. ხომ წარმოგიდგენიათ რა სტატისტიკაზეა საუბარი. ამას გარდა, საერთაშორისო კრიზისის მომენტი მაინც აქვთ, ანუ აქვს საქართველოს მთავრობას მოცემულ მომენტში გარკვეული ტიპის პატარ-პატარა კრიზისები, რომელსაც გამკლავება უნდა. შესაბამისად, დამატებით მხარდაჭერაც.

ეს პირდაპირ მონეტირდება თუ არა წინასაარჩევნო ხმებზე ნეგატიურად არავინ იცის, მაგრამ ოპოზიციას შეუძლია ამ თემების გამოყენება ჭკვიანურად, შეუძლია ამ ყველაფრის დათვლა, სტატისტიკის დალაგება. შეიძლება ასეც ქნან კიდეც, ჯერ არ ვიცით. ჯერ პოზიციების გაყოფით და ამით არიან დაკავებული.

  • საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულები წესით თანხას იღებენ იმ 25 მილიონიდან, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ისედაც გამოყოფილი აქვს ეკლესიას – ეს დამატებითი თანხაა, რომლის ხარჯვაზეც საზოგადოება არანაირ ინფორმაციას, ანგარიშს არ მიიღებს, ასე არ არის?

თავიდან, როდესაც საუბარი წავიდა საპატრიარქოს დაფინანსებაზე, დიდი პრობლემა იყო სწორედ ის, რომ მოეძებნათ შესაბამისი ფორმა. სამწუხაროდ, მათ აირჩიეს უცნაური, ძალიან არადემოკრატიული ფორმა თავის დროზე – თუმცა მთლად უმიზეზოდ ფულის გადარიცხვა არ იკადრეს და ჯერ კიდევ მაშინ მიზნობრიობაში ჩაწერეს – „სასულიერო სასწავლებლების დაფინანსება“.

ეს სასულიერო სასწავლებლები მაშინ არსებობდა და მართლაც ფინანსდებოდა ამ თანხის ნაწილით, მაგრამ შემდეგ მოხდა ასეთი რამ – სასულიერო სასწავლებლის დაარსება გახდა სქემა, სქემად იქცა.

  • ფულის მისაღებად?

ფულის მისაღებად, კი. ანუ არსებობს, მაგალითად, სასულიერო სემინარიები და აკადემიები, მათ შორის ბათუმშიც. მათ გვერდით არსებობს ხიჭაურის უნივერსიტეტი, რომელსაც ასე ჰქვია, მაგრამ შიგნით რა სტრუქტურა აქვს არავინ იცის, რა გასავალი, რა შემოსავალი.

ამის მიღმა კიდევ არსებობს მეცნიერებისა და განათლების უამრავი ცენტრი, განათლებისა და კულტურისა და სულიერების ცენტრი, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირებულია, როგორც საგანმანათლებლო მიზნობრიობის მქონე სიპი თუ ა(ა)იპი.

  • მეორე მხრივ ამ დაწესებულებებთან დაკავშირებით მუდმივად არსებობდა კითხვები ბავშვების უფლებების დაცვის კუთხით, რაც გამოჩნდა კიდეც ნინოწმინდის პანსიონის შემთხვევაში.

მთავრობას საერთოდ არ აინტერესებდა ეს თემა. მაშინ წამოწია სახალხო დამცველმა, რომელმაც ეს სამთავრობო პოსტი, თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ, კარგად გამოიყენა. ამას, წესით, ყველა სახალხო დამცველი უნდა აკეთებდეს. მთავრობას ეს არ არანაირად არ აინტერესებდა არასოდეს.

დაფინანსების სქემაში სასწავლებლების გამოგონება იყო ძალიან ჭკვიანური და რატომ? – იმიტომ, რომ თქვენ მოიპოვებთ დაფინანსებას, თუკი ხართ რაღაც სტრუქტურა ეკლესიის. სახელმწიფო გადაგხდით ფულს, თქვენ ამ ფულს იყენებთ სათქვენოდ, რომ მოახდინოთ ბავშვების ინდოქტრინაცია.

ეს სასწავლებლები არ ასრულებენ საგანმანათლებლო ფუნქციას. ისინი არანაირი ტიპის კვალიფიკაციას არ ანიჭებენ ამ ადამიანებს, ვინც იქ სწავლობს. ისინი ახდენენ ახალგაზრდა ადამიანების იდეოლოგიზაციას. შემდეგ ეს ადამიანები ბრმად უჯერებენ ეკლესიას. ისინი არიან ელექტროლიტის ბაზისი, რომელთაც სჯერათ – რომელ პარტიასაც მიემხრობა ეკლესია, მას დაუჭერენ მხარს.

  • ახლა ვიცით რა ხდება ამ დაწესებულებებში?

არ ვიცით. საქართველოშიც, როგორც წესი, რაღაც პროცესი წარიმართება ხოლმე ეპატაჟურად. შემდეგ ეს ეპატაჟურობა მინავლდება და საზოგადოებაც მოეშვება. მაგალითად, მე რომ მკითხოთ, არ ვიცი რა ხდება. თქვენ იცით? ჩვენ ერთადერთი რაც ახლა ვიცით, არის ის, რომ ქამრით აღარ სცემენ და სიმინდის და ლობიოს მარცვლებზე მუხლებით არ აყენებენ. ვვარაუდობთ ამას.

შეიძლება ქამრით არ სცემენ, მაგრამ სცემენ ზონრით, შეიძლება არ ძალადობენ ფიზიკურად, მაგრამ ძალადობენ ფსიქიკურად. ამას აღარავინ იკვლევს. ერთხელ გაიღო კარი, ბოროტი პოლიციელი და კეთილი პოლიციელი გაითამაშეს, ვითომ ბოროტი მეუფე შეცვალეს, ვითომ კეთილი მეუფით. მე დარწმუნებული, ბავშვების ტრავმირება იქ კლავ ისე მიმდინარეობს, როგორც ადრე.

  • არ დააყოვნა ოპოზიციის გამოხმაურებამაც, მაგალითად ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ისინი უფრო მეტს „გადაუხდიან“ ეკლესიას, აქვე უნდა გავიხსენოთ ალბათ ისიც, რომ წინა ხელისუფლებაც ცდილობდა ეკლესიის გულის მოგებას წინასაარჩევნოდ სხვადასხვა გზით.

ეს სისტემა, რომელსაც ახლა მთავრობა იყენებს თვითონ ხომ არ გამოუგონია. ეს „იმემკვიდრეს“ წინა ხელისუფლებისგან. საერთოდ ეკლესიის დაფინანსება ასეთი პირდაპირი წესით წამოიწყო ბატონმა შევარდნაძემ, ედუარდ-გიორგიმ. მისი ლეგიტიმაცია მიბმული იყო საპატრიარქოსთან. ეს ფერისცვალება კომუნისტიდან დემოკრატი ლიდერის სახემდე გადიოდა სწორედ აი იმ ტრანსფორმაციაზე, რომელსაც ხელი ძალიან შეუწყო მაშინ საპატრიარქომ და პირადად პატრიარქმა, რადგან მას პირად მეგობრად თვლიდა – კოლეგები იყვნენ ისინი, ორივენი.

მაშინ თანხა იყო მცირე მოცულობის. შემდეგ, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან სცადა ეკლესიასთან დაედგინა რაღაც ტიპის ჩარჩოები, სად შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ მიხვდა, რომ ეკლესიის რეიტინგი მიბმულია არარაციონალური ტიპის მექანიზმებზე, რომელსაც ვერ მართავ. რაც არ უნდა მაგარი მმართველი იყო, ანუ შენზე არ არის დამოკიდებული.

უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ძალიან კარგი მაგალითია, „მეფე ნარიმან ნარიმანიშვილი“, დიდი მეფე, ღმერთის ფენომენი – ხალხი მასთან დგას რიგებში დღეების განმავლობაში, რომ ის გამოვიდეს და სცემოს მათ. ეს ძალიან მძაფრი ფორმაა, მაგრამ რელიგიური შეცნობადობა არის დაკავშირებული ჩვენი არსების არარაციონალურ ნაწილთან.

ეს რაღაც მომენტში გაიაზრა წინა ხელისუფლებამ, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ, ძალიან უხეშად ამდგარიყვნენ და ეს მხარდაჭერა პირდაპირი შესყიდვის წესით ეყიდათ.

  • მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეულ მხარდაჭერებს და ქონებას იღებს მუნიციპალიტეტებიდანაც. ცოტა ხნის წინ შვიდ მილიონზე მეტი მიიღო გელათისთვის. უნდა ველოდოთ, რომ ამბიონებიდან იქნება მმართველი პარტიის მხარდამჭერი ქადაგება?

ამის უდიდესი მოლოდინი არსებობს, უდიდესი. არათუ უბრალო მოლოდინი, არამედ უდიდესი. არც მანამდე აკლებდნენ. თუ დააკვირდებით, უბრალო მღვდლები კახეთიდან ქადაგებენ, რომ ბატონი ღარიბაშვილი არის მხსნელი… ჰაი-ჰუი. მე მას ვუჭერ მხარს. წინასაარჩევნოდ მაგათ ვინ გააჩერებს, მამაზეციერი ალბათ ისევ, თორემ მე სხვა ძალა არ მეგულება დედამიწაზე.

ეკლესია ვიღაცას იპოვის, ვისაც თავის მომხრედ გაიხდის და ის მერე უცებ ჰოპ… რომ ნახოთ პარლამენტში ეკლესიისთვის სასარგებლო კანონპროექტები ვინ შეიტანა, მივხვდებით. მაგალითად, ერთ-ერთი წარადგინა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც ზუსტად განათლების საკითხებს ეხებოდა. მანამდე წარადგინა, მაგალითად, ბატონმა ზვიად ძიძიგურმა, რომლითაც გამოაცხადეს, რომ პატრიარქს შეუძლია მიანიჭოს თეოლოგის ხარისხი, ანუ მე რისთვისაც ვისწავლე 10 წელი, ეს ხარისხი შეუძლია, პატრიარქს ადგეს და ვისაც გაუხარდება იმას მიანიჭოს.

ასეთ ხალხს იპოვის ხოლმე ეკლესია და ისინი რაღაცა ილეთს აკეთებენ ამ სხდომებზე.

  • გამონაკლისების გარდა არც სხვებმა [ოპოზიციამ] დააფიქსირეს მკვეთრი პოზიცია. ვინ უნდა აუხსნას საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე. ვის რა პასუხისმგებლობა აქვს ამ საქმეში?

ერთადერთი, ცოტა წამოილუღლუღეს რესპუბლიკელებმა, სხვა ვერავინ გაბედა. მათ ჰქონდათ რაღაც მომენტში კრიტიკული პოზიცია საპატრიარქოს მიმართ, მაგრამ ამას იყენებენ სხვები, რომ აი სწორედ მაგ პოზიციის გამო რეიტინგი არ გაქვთო.

ჩვენთან და ჩვენი კულტურისთვის დამღუპველი აღმოჩნდა რეიტინგულების ახალი კულტურა. რეიტინგი შეიძლება ჰქონდეს ტიკ ტოკზე სულელურ ვიდეოს, მილიონობით ნახვა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მისი არსი არის მნიშვნელოვანი.

თქვენ, რასაც გააჟღერებთ, მე მხოლოდ სათაურს წავიკითხავ და უკვე ჩემ აზრს ვიყალიბებ, რა არის ამ სტატიის ქვეშ; თქვენ მოგაკერებთ იარლიყს „ლიბერასტი“ ხარ თუ პირიქით – ტრადიციული პიროვნება.

ამ ჩარჩოშია ეს რელიგიურობა და ამას ხშირად პოლიტტექნოლოგები წყვეტენ, მაგალითად, შეიძლება დაიქირაოს პოლიტტექნოლოგი ბატონმა კობახიძემ… ჩამოვა და ეუბნება – თუ გინდა აქ რაღაც გქონდეს სერიოზული, ადექი და ამ ხალხს გაუზარდე ძმაო დაფინანსება. ოკ?

კობახიძე და სხვები რელიგიის ამბებში ხშირად ვერც ერკვევიან. ვიღაცებს ქირაობენ და ეს დაქირავებული ადამიანები ზომავენ ვის აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი. მერე ამ რეიტინგის მიხედვით ურჩევენ რა გააკეთონ ამათ.

  • ამ გადაწყვეტილებით მიიღებს მთავრობა იმას, რაზეც გათვალა? – იმუშავებს ეს ამომრჩევლის განწყობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ გამოყო თანხა მაგალითად ონკოპაციენტების სრულად დაფინანსებისთვის. თვეობით ქუჩაში და სიცივეში ყოფნა მოუწიათ მშობლებს აქონდროპლაზიის საწინააღმდეგო წამლების მისაღებად.

ამაზე საბოლოო პასუხი არ არსებობს, მათი მიზანი ესაა, რომ აი ჩვენ მოგვეცით ხმები, ვართ კარგი ხალხი, ჩვენ ვაფინანსებთ საპატრიარქოს…

ვინც სცადა ამის გარკვევა, მაგალითად რესპუბლიკელებმა, ამით ვერ მიიღეს რეიტინგი, პირიქით – დაკარგეს ხმა. ბოლო არჩევნებში მათ საარჩევნო სიაში ჰყავდათ, შეიძლება გახსოვდეთ, ყოფილი მღვდელი. ყოფილი ბერი ჰყავდათ და ასეთი წარმომადგენლები. დისკუსიის გახსნაც სცადეს, ეს ყოფილი ბერი საკმაოდ საინტერესო რაღაცებს ჰყვებოდა.

ქალბატონები – სამნიძე და კორძაია ცდილობდნენ სეკულარიზმის პრინციპზე გაეღვივებინათ დისკუსია. კორძაიას კარგი გამოცდილება და სტარტი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფრად ჩაიფუშა, იმიტომ რომ პარტიამ ვერ მიიღო რეიტინგი, პარლამენტში ვერ შედგა, როგორც პოლიტიკური გამოცდილების მქონე პარტია.

ახლა ეს რომ მაგალითად ჰქონდეთ სხვა პარტიებს, თქვენი აზრით, ისინი რას იზამენ, იმავეს მიბაძავენ? – ვერა. საბოლოო ჯამში ყველა პარტიის მიზანია შეაგროვოს ელექტორატი, მიიღოს ბევრი ხმა და მოხვდეს პარლამენტში. თუ მთავრობაში არა, საპარლამენტო დაფინანსების პარტიად მაინც იქცეს. ანუ ისევ მიიღებს მთავრობა იმას, რაზეც გათვალა.

რაც შეხება ბავშვებს. ბავშვები საქართველოში აღიქმებიან ნივთებად, ბავშვი ჩვენს კულტურაში არ აღიქმება ინდივიდად. უბრალოდ, არ ვამბობთ, რომ ბავშვი მაქვს, ვამბობთ, რომ ბავშვი მყავს, თორემ ამის მიღმა ეს ნივთია.

დაფინანსება ხომ მისცეს აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედებს, წამლები უყიდეს სიმბოლისტური თვალსაზრისით. ეს იყო ერთადერთი შედეგიანი ბრძოლა ფაქტობრივად. ეს ქალბატონებიც ალბათ დაუჭერენ მხარს ამ მთავრობას იმიტომ, რომ ეს არის ტექნიკური ნოკაუტი. შინაგანი მადლიერება ალბათ აქვთ, ასე თუ ისე ამ მთავრობამ უყიდა წამალი და არა წინა მთავრობამ.

მომავალი მთავრობა უყიდდა თუ არა, არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საერთოდ არ უნდა იყოს დისკუსია – საქართველოში უნდა არსებობდეს საერთო სოლიდარობაზე დაარსებული სადაზღვევო სისტემა, როგორც ევროპაშია და როდესაც ადამიანი გახდება ცუდად, მას ინდივიდუალურად უმკურნალოს სისტემამ.

თუ არ არის კმაყოფილი სახელმწიფოებრივი სისტემით შეუძლია წავიდეს კერძო ექიმთან, როგორც ეს არის მაგალითად გერმანიაში – თუ გახდები ცუდად, წახვალ ექიმთან. ის გეტყვის, დამელოდე 2 კვირა. გეჩქარება? წადი პირადი გადახდის სისტემით. ბევრი მოდელია. საქართველოში უფლის, მაგიის და ბედისწერის ანაბარად ხარ მიტოვებული.

ასეთ საზოგადოებაში თუ ცუდად გახდი, არცერთი ინსტიტუცია შენ მხარეს არ გეგულება, არაფერი დასაყრდენი სულიერად არ გაქვს, გარდა საკუთარი თავისა. შესაბამისად, იძულებული ხდები მაგიური წარმოდგენები შეიქმნა, რომ ზეთი მიშველის, მწარე ბალი, მამა გაბრიელი. ჰოდა ამ საზოგადოებაში რელიგიას ყოველთვის ექნება რეიტინგი და ყოველთვის დაუჯერებს მას ადამიანი. სხვა გამოსავალი არ აქვს.

მეორე საკითხია, რომ ეს რელიგიური საზრისები გადაწნულია კულტურულ კოდებთან – ბევრი რამ თავის დროზე გაკეთდა რუსეთის მიერ… მერე პიარში იქნა რელიგია ძალიან გამოყენებული, კომერციაში, მედიაში. ამას ერთი დარტყმით ვერ გატეხს ვერავინ, ამას უნდა სერიოზული საგანმანათლებლო პროცესი.

„ოცნება“ ყიდულობს ეკლესიის კეთილგანწყობას“ – ახალი წარწერა ბათუმში, მოქალაქის საშაურმეზე

„ანაფორიან ღ…. მილიონები!!! მშიერ მოსწავლეებს მარხვა???“ – ეს წარწერა მოქალაქე ვაჟა თავართქილაძემ ბათუმში, საკუთარი საშაურმეს ვიტრინაზე დღეს, 22 მარტს გამოაკრა.

მოქალაქე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტეტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ყოველწყლიური 25 მილიონის გარდა, დამატებით 35 მილიონი ლარი გამოუყვეს.

„ოცნება“ ყიდულობს ეკლესიის კეთილგანწყობას, რათა ამ უკანასკნელმა იმუშაოს მრევლზე სახელისუფლებო პარტიისთვის ხმების მისაცემად. ეს არის აშკარა წინასაარჩევნო მოსყიდვა,“ – მიიჩნევს მოქალაქე  ვაჟა თავართქილაძე.

ეს ის კაცია, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გასულ წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“. კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ეს მოქალაქე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ პროტესტის გამოხატვა რომ უკანონოდ დააჯარიმა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა.

„ქართული ოცნება“ და საპატრიარქო, ორივე კრემლიდან იმართება, ორივე ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა, ანტიეროვნულს,“ – აცხადებს ვაჟა თავართქილაძე და ყურადღებას ამახვილებს სოციალურ პრობლემებზე, რაზეც ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს.

„ეს რომ იყოს კეთილი განზრახვა, ის უფრო საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხებს დააფინანსებდა, იზრუნებდა თუნდაც მშიერი ხალხის დაპურებაზე, ხელფასების და პენსიების გაზრდაზე, მედიკამენტებზე, რასაც ადამიანები სიძვირის გამო ვერ ყიდულობენ.

მინდა, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, სკოლებში მოსწავლეების კვებაზე იზრუნოს, რადგან ბევრი ბავშვი მშიერია.

საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდა იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლების ყველა საქციელი ხალხის თვალში გაშიფრულია – ჩვენ ყველაფერს ვხდებით, როგორ არაღირსეულად გვექცევა ხელისუფლება, ის გვიტარებს უგულებელყოფის პოლიტიკას,“ – უთხრა ვაჟა თავართქილაძემ „ბათუმელებს“.

მოქალაქის ახალი წარწერა გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმის ვიტრინაზე

რას უპირებენ ბავშვებს, რომლებიც კანონს არღვევენ – იზოლირებულ სახლებში „ჩასმის“ პერსპექტივა

„ფაქტობრივად არარსებულ სისტემაში ერთ შენობას აწყვეტინებ თითქოს პრობლემას. ვერ გადაწყდება ასე ეს პრობლემა,“ – კატეგორიულია ბავშვთა უფლებების იურისტი, ანა არგანაშვილი, რომელსაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ვესაუბრეთ.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების იზოლირებულ საცხოვრებელში მოთავსებას.

„მაგალითად, ერთი ბავშვია, გვარს არ დავასახელებ, 13 წლის არის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი – აფთიაქში, დანით შესვლა, წართმევა და ა.შ. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ არის და მე მგონი, უცხოეთშიც არ იქნება და არც რუსეთში…

ბოლოს შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები: სკოლა, მასწავლებლები, აღმზრდელები, განათლება, სპორტი…“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„ეს არის არაპროფესიონალიზმი,“ – მიიჩნევს ანა არგანაშვილი. ბავშვთა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ხელისუფლება ბავშვის საჭიროებებზე უნდა ზრუნავდეს და არა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების სადღაც შენობაში გამოკეტვაზე. ეს მიდგომა რომ არ მუშაობს, საქართველოშიც არაერთხელ გამოჩნდა.

„იუნისეფის“ თბილისის ოფისში თქვეს ისიც, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეუსწავლიათ, თუმცა მსოფლიოს წარმატებულ მოდელებს შორის, რასაც შემდეგ „იუნისეფის“ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები დაეფუძნა, გერმანული მოდელი არ არის.

„რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება ამ ბავშვებს ვუწოდოთ დამნაშავეები,“ – შს მინისტრის კომენტარს უბრუნდება ბავშვთა უფლებადამცველი ანა არგანიშვილი. მისი აზრით, ეს კომენტარი აჩვენებს, რომ ხელისუფლების გათვლა უფრო პოპულისტურია, ვიდრე საქმიანი.

„არჩევნებზე ხმას აძლევენ გატეხილი მაღაზიის მესაკუთრეები და არა ბავშვები“, – ამბობს ის.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ყურადღებას ამახვილებს „ყაჩაღობაზე“, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, 13 წლის ბავშვმა ჩაიდინაო.

„ყაჩაღობა არის განზრახ ჩადენილი დანაშაული, ისე ამას ვერ ჩაიდენ. როცა ხარ 13 წლის, ხომ უნდა იაზრებდე, რასაც აკეთებ? ბავშვი ამას ვერ იაზრებს ისე, როგორც ზრდასრული. ის, რომ ბავშვი დარჩა მშობლის ზრუნვის გარეშე და ქუჩაშია, ეს არაა მისი ბრალი. ის, რომ ბავშვი მოხვდა ვიღაცის გავლენის ქვეშ, ეს არაა მისი ბრალი. ამ ბავშვებს გააჩნიათ გარკვეული საჭიროება, რომელიც არ კმაყოფილდება და ამის გამო ხვდებიან ასეთ გაუგებრობებში.

დღეს საქართველოში ათასობით ბავშვს სკოლაში სიარულის პრობლემა აქვს. არ აქვს სახლი, მშობელი არ მუშაობს, ან საზღვარგარეთაა. სახელმწიფო ვერ აღმოფხვრის ამ მიზეზებს, რის გამოც ქუჩაში აღმოჩნდა ბავშვი და გადავდივართ დამდგარ შედეგზე: დაზიანებულია ნივთი, გატეხილია მაღაზია…

ბავშვთა უფლებების კომიტეტი შეთანხმებულია, რომ უნდა იმუშაო, პირველ რიგში, საფუძველში არსებული მიზეზების აღმოფხვრაზე, ანუ ბავშვი არ უნდა მოხვდეს ქუჩაში, არ გავიდეს სკოლის სისტემიდან. უკვე მერე ვისაუბროთ, მაინც ხდება თუ არა ეს მოვლენები.

ბავშვს სჭირდება სათამაშო და გართობა, მეგობრებთან ყოფნა და ბედნიერი ბავშვობა. ეს როცა ასე არ არის, შემდეგ ხდება უკვე მისი მხრიდან ამ ქმედების განხორციელება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველი ასევე მიიჩნევს, რომ ბავშვებზე, რომლებსაც კანონთან კონფლიქტი აქვთ, ყველაზე მეტად განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის უწყებების უნდა აქტიურობდნენ და არა შსს. იურისტის განმარტებით, ეს უწყებები უნდა არკვევდნენ, რატომ აღმოჩნდა ბავშვი ქუჩაში და შემდეგ სტრატეგია უნდა მუშავდებოდეს, პოლიტიკა, თუ როგორ უპასუხოს სახელმწიფომ გამოწვევას.

„გვქონდა სამტრედიის სკოლა რთულად აღსაზრდელი ბავშვებისთვის, მაშინ სახალხო დამცველის აპარატიდან ვიყავი მონიტორინგზე და ეს იყო ჩვეულებრივი ციხე – ბავშვები გარბოდნენ, ხტებოდნენ ფანჯრებიდან, აკრძალული ჰქონდათ გარეთ გასვლა.

ამიტომაც, არ აქვს მნიშვნელობა, ამას რას დაარქმევ.

ეგრეთ წოდებული ციხე, რაც არის საკორექციო, ისიც არ ჰგავს რეალურად ციხეს: პიანინოც დგას და ასე შემდეგ, რაც ბავშვებს სჭირდებათ. ბავშვების შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს სახელს და შენობას, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კეტავენ და უზღუდავენ სხვა ბავშვებთან ურთიერთობას. ასე ნინოწმინდის პანსიონსაც არ ერქვა ციხე, მაგრამ…

მთელ მსოფლიოში შეთანხმდნენ, რომ ინსტიტუციები, სადაც გამომწყვდეული ჰყავთ ხალხი, არ არის ეფექტური. ამათ ძალიან ბევრი საფეხური გამოტოვეს: კვლევა, საზოგადოების მონაწილეობა, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა.

გერმანიაში რომც იყოს ასეთი დაწესებულება, მანამდე შესწავლილი იქნება ყველა შესაძლო მიზეზი, რის გამოც იქ მოხვდები. გერმანიაში არსებობს კვლევები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გამართული უნდა იყოს სისტემა, რომელიც დაიცავს ბავშვის უფლებებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამის გასაჩივრება იყოს შესაძლებელი.

ამიტომაც, ასე ამოგლეჯილად მოდელის ნახვას აზრი არ აქვს – გააჩნია კონტექსტს, საჭიროებებს. როცა, მაგალითად, მშობლები ემიგრაციაში არიან, ეგ გამოდის აქ მთავარი პრობლემა და არა ის, რომ ბავშვმა რაღაც გატეხა,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა.

„ჩვენ საუკეთესო პრაქტიკები შეგვისწავლია და, მათ შორის გერმანული მოდელი არ არის მოხვედრილი. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია ამ მოდელის შესახებ. თუ არსებობს ეს მიდგომა [მოზარდების იზოლირება ცალკე შენობაში], საინტერესოა, რატომ აქვს, რადგან ეს არ ითვლება საუკეთესო პრაქტიკად,“ – ამბობს ნონა ციხელაშვილი, „იუნისეფი საქართველოს“ ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.

ნონა ციხელაშვილი განმარტავს, რომ იუნისეფის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვით, „ინტერვენცია ხდება იქ, სადაც ცხოვრობს ბავშვი, თანატოლებთან ერთად. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს გრძელვადიანი ეფექტი. ჯერ ჩვენ არ ვიცით, რა იგულისხმა მინისტრმა, არ ვიცით დეტალები… იუნისეფის პოზიციაა, რომ გაძლიერდეს პრევენციული ღონისძიებები,“ – ამბობს ნონა ციხელაშვილი.

იუნისეფის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს სათანადო მხარდაჭერაზე, რასაც მოზარდი სახელმწიფოსგან უნდა გრძნობდეს და ხედავდეს:

„ბავშვის ქცევის ანალიტიკოსებს და ექსპერტებს თუ მოვუსმენთ, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა მულტისექტორალურად მოგვესმინა, ამბობენ, რომ ნებისმიერი ადამიანის ქცევა განპირობებულია გარემოზე პასუხად… შედეგი მოაქვს იმას, როცა მთელი სისტემა, სადაც მე ვმოძრაობ და ვინც ჩემზე ზრუნავს, არის გაძლიერებული. ეს არის გრძელვადიან ხედვა.

ჩვენ თავსაც უნდა დავუსვათ კითხვა: რა განაპირობებს ბავშვების ამ ქცევას, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება მათ, რომ თავი აარიდონ მსგავს ქცევას?

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა და ადგილობრივი შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, ძირითადად მსგავსი ქცევის ბავშვები არიან ნეგატიური გამოცდილებების მქონე ბავშვები. ეს სია ძალიან გრძელია: ძალადობა, მშობლებს შორის კონფლიქტი, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, უფროსების მხრიდან გავლენები.

ამ გამოწვევების დასაძლევად ბავშვები ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას, რა დროსაც ბავშვების რეაქცია გარემო მოვლენებზე მწვავდება, უფრო და უფრო რთული ხდება მისი მართვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნონა ციხელაშვილმა.

რუსეთში ორი ციხე იხურება, პატიმრები ომში მიდიან

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში ორი ციხე იხურება „ოპტიმიზაციისა და ეკონომიის მიზნით”.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს ადამიანის უფლებათა კომისრის, მარკ დენისოვზე დაყრდნობით.

რუსეთის ხელისუფლება იწყალებს და ომში აგზავნის იმ დამნაშავეებს, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის სურვილს გამოთქვამენ. უცნობია, რამდენი პატიმარი გაგზავნა რუსეთმა უკრაინაში საომრად, თუმცა ცნობილია ის, რომ მათ შორის იყვნენ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები, კანიბალებიც კი.

გამოცემა წერს, რომ 2024 წლის იანვარში დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერის ფონდმა (CFF) გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მითითებულია, რომ უკრაინაში ომიდან დაბრუნებული ზოგიერთი ყოფილი პატიმარი, განსაკუთრებით საშიში კრიმინალი, კვლავ ჩადის მძიმე ძალადობრივ დანაშაულს, რაც იწვევს დაძაბულობის ზრდას საზოგადოებაში და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სანაცვლოდ მსჯავრდებულთა შეწყალება არღვევს როგორც დაზარალებულთა, ასევე სხვა მოქალაქეების უფლებებს.

გადაარჩინეს ათობით ლტოლვილი, რომლებიც ამოტრიალებულ გემზე იმყოფებოდნენ

ინდონეზიელმა მაშველებმა ათობით როჰინჯა მუსლიმი ლტოლვილი გადაარჩინეს, რომლებიც ამოტრიალებული ხის პატარა გემის კორპუსზე ცდილობდნენ გადარჩენას.

„ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ამოტრიალებულ გემზე მყოფი კაცები, ქალები და ბავშვები ტიროდნენ, როდესაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო და მაშველებმა მათი რეზინის ნავზე გადასმა დაიწყეს.

უცნობია, რამდენი ლტოლვილი იმყოფებოდა პატარა გემზე, რომელიც გუშინ 20 მარტს ამოტრიალდა ინდონეზიის ჩრდილოეთ სანაპიროზე. სამაშველო ოპერაციების შემდეგ, დაახლოებით 75 ადამიანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს ნაპირზე.

„ასოშიეითედ პრესი“ წერს, რომ უცნობია, ყველა ლტოლვილმა შეძლო თუ არა ამოტრიალებული გემის კორპუსზე აძრომა ღამით, თუ ზოგი მათგანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, გასულ წელს დაახლოებით 4500 როჰინჯა [ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა, მიანმარში მცხოვრები ბენგალელი მუსლიმები] გაიქცა თავისი სამშობლო მიანმარიდან და მეზობელ ბანგლადეშში ლტოლვილთა ბანაკებში ჩავიდა ნავით. მათგან 569 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა ბენგალის ყურისა და ანდამანის ზღვის გადაკვეთისას.

_____________

ფოტო: EPA-EFE/ZAINAL ABIDIN

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 22 მარტის მონაცემებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზეწოლას ფრონტის მთელ ხაზზე, ყველაზე აქტიურად კი – ნოვოპავლოვსკის, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა 36 სარაკეტო და 55 საჰაერო დარტყმა, მოხდა 74 სამხედრო შეტაკება.

გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ძალებმა 2 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს უკრაინის პოზიციებზე; ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 11 თავდასხმა, ბახმუტის მიმართულებით კი – 15 თავდასხმა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას, სადაც ოკუპანტებმა, ავიაციის მხარდაჭერით, 25-ჯერ სცადეს უკრაინის თავდაცვის გარღვევა.

გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში ხერსონის მიმართულებით მტერს არ ჩაუტარებია შეტევითი ოპერაციები.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საავიაციო დარტყმა განახორციელეს 7 ზონაზე, სადაც თავმოყრილი იყო რუსეთის ძალების პირადი შემადგენლობა, იარაღი, სამხედრო ტექნიკა და 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემა.

22 მარტს, ღამე, რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. გაფრთხილება საჰაერო თავდასხმაზე თითქმის 4 საათს გრძელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოფიციალური კიევის განცხადებით, თავდასხმის მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგოობიექტები იყო.

____________________

ფოტოზე: 22 მარტი, ზაპოროჟიე. ფოტო: EPA-EFE/KATERYNA KLOCHKO

Exit mobile version