სიახლეები

პენსია 1000 ლარი – როგორ შეძლებს ამ საარჩევნო დაპირების შესრულებას „ძლიერი საქართველო“?

07.09.2024 •
პენსია 1000 ლარი – როგორ შეძლებს ამ საარჩევნო დაპირების შესრულებას „ძლიერი საქართველო“?

1000-ლარიან პენსიას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ [ლელო, თავისუფლების მოედანი, ხალხისთვის, მოქალაქეები] ჰპირდება ამომრჩეველს.

„ძლიერი საქართველო“ დაუყოვნებლივ გაზრდის მინიმალურ პენსიას 1000 ლარამდე და ყოველწლიურად დაარეგულირებს მას ინფლაციის შესაბამისად, რათა ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა ღირსეულად იცხოვრონ,“ – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში „ილიას გზით“.

რა გათვლებით აპირებს „ძლიერი საქართველო“ ამ დაპირების შესრულებას? – „ბათუმელები“ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკონომისტ თაზო დათუნაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო თაზო, თქვენს საარჩევნო პროგრამაში „ილიას გზა“ ამომრჩეველს 1000-ლარიან პენსიას ჰპირდებით. კონკრეტულად რა ფინანსური გათვლებით აპირებთ ამ დაპირების შესრულებას? 

ჩვენი ეკონომიკური პაკეტის უმთავრესი მიზანია ეკონომიკური გაძლიერება, კაპიტალის ბაზრის დანერგვა და გაძლიერება საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ბიზნესს ექნება წვდომა ბევრად უფრო მაღალ რისკზე წამსვლელ, ინსტიტუციურ ინვესტორებზე, რომლებიც ფულს ჩადებენ ქართულ ბიზნესში. ამ შემთხვევაში ბიზნესი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ საბანკო სისტემაზე, რომელიც ძალიან კონსერვატიული მსესხებელია.

კაპიტალის ბაზარი ქმნის იმ საშუალებას, რომ საინვესტიციო ფონდებმა თუ ინვესტორებმა ჩადონ ფული ქართულ ეკონომიკაში. ეს იქნება სტიმული იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მდგრადი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს გულისხმობს 10-დან 14 პროცენტამდე ეკონომიკურ ზრდას.

მნიშვნელოვანი ფაქტორია საჯარო დანახარჯების შემცირება,  მათ შორის, ბიუროკრატიის.

მნიშვნელოვანია ასევე რეალური პრივატიზაცია, ეს იქნება მიწის პრივატიზაცია, როდესაც მიწაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომა გაიზრდება, ასევე, მაგალითად, „საქართველოს რკინიგზა“, რომელსაც ძალიან ცუდად მართავს ქვეყანა. ასეთი აქტივების პრივატიზაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

  • „ილიას გზაში“ საუბარია იმაზეც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტსაც შეკვეცავთ. როგორია დასაბუთება? 

რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შეკვეცა საჭიროა – საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს არაადეკვატური ბიუჯეტი იმ ფუნქციისთვის, რასაც ის ასრულებს.

კაპიტალის ბაზრის შექმნა, მოქნილი საგადასახადო სისტემის შექმნა, პრივატიზაციის გეგმა და ბიუროკრატიის ხარჯის შემცირება – ჯამში ეს არის ის ფაქტორები, რაც ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ფულის მობილიზება მოვახდინოთ საპენსიო ფონდში.

თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაგროვებითი საპენსიო სისტემა გაძლიერდეს. ვხედავთ, რომ უკანასკნელი რეფორმებით, რაც საქართველოში ჩატარდა, პირიქით, გაუარესდა ვითარება. ვხედავთ, რომ საპენსიო სისტემაც მოერგო ერთი ადამიანის სურვილებს. ეს არის პირდაპირი დაქვემდებარება ივანიშვილის ოლიგარქიულ ინტერესებზე.

ის, რასაც ჩვენ 1995 წლიდან ვეძახით პენსიას, სინამდვილეში არის სოციალური განაცემი. ამ სოციალურ განაცემს არ აქვს არავითარი დიფერენციაცია. ის გაიცემა საყოველთაოდ და თანაბრად. ჩვენი ხედვით კი, დაგროვებითი უნდა იყოს საპენსიო სისტემა. ლოგიკურია, რომ რამდენიც ვიმუშავეთ, იმის შესაბამისი პენსია მივიღოთ.

  • დაგროვებითი პენსიის მოდელი უკვე არსებობს. თქვენ რა ცვლილებას გვთავაზობთ? 

ევრორეკომენდაციაც ეს იყო, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეგვექმნა. თუმცა უკანასკნელი რეფორმები, რაც ჩატარდა საქართველოში, ეს იყო ამ საპენსიო თანხის პირდაპირ სამთავრობო კონტროლს დაქვემდებარება. ფაქტობრივად მთლიანად მოშალეს სისტემა, რომელიც იცავდა საპენსიო ფონდს.

ჩვენ ამ რეფორმას გავაგრძელებთ და წავიყვანთ სწორი მიმართულებით, ისეთი მიმართულებით, როგორც ეს არის, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ან აშშ-ს კერძო საპენსიო სისტემის მოდელი არსებობს. რეფორმირებაა საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს დაგროვებით პენსიაზე.

თუმცა ყველას არ ექნება საშუალება, რომ დაგროვებით პენსიას მიაღწიოს. ჩვენი გათვლაა, რომ ბევრად ნაკლები ადამიანი იყოს ამაზე დამოკიდებული. ამავდროულად კი, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ მათზე, ვისაც რეალურად სჭირდება სოციალური პენსია. ამ საყოველთაო, სოციალური პენსიის ჩანაცვლება უნდა მოხდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემით. წლიდან წლამდე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გადადიოდეს დაგროვებით სისტემაზე.

თაზო დათუნაშვილი

  • ვინც სახელმწიფოზე იქნება დამოკიდებული, მას ჰპირდებით 1000-ლარიან პენსიას. რა ეტაპიდან უშვებთ ამ შესაძლებლობას? 

მარტივად შეიძლება 1000-ლარიანი პენსიის მიღწევა პირველივე მანდატის პირობებში.

პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი იქნება და საყოველთაო იქნება ეს, შემდეგ კი, ეტაპობრივად მოხდება ერთის მეორით ჩანაცვლება.

ჩვენ უნდა წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა და დაგროვებითი მოდელი. ეს, ცხადია, იმაზეა დამოკიდებული, ფული როგორ დავაგროვეთ და როგორი ამონაგები მივიღეთ. სოციალური პენსია კი, უნდა იყოს ღირსეულად თვიდან თვემდე თავის გატანის საშუალება. 300 ლარით თვეში შეუძლებელია ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამ პროცესის ნაწილია ისიც, რომ ამ 1000-ლარიანი პენსიის ინდექსირება მოხდეს ინფლაციაზე – როცა ქვეყანაში ფასების ზრდაა, ამას უნდა უპასუხოს სახელმწიფოს გასაცემელმა, რომ ადამიანები არ აღმოჩნდნენ ინფლაციის ტყვეობაში, როგორც დღესაა.

  • „ილიას გზა“ ასევე ითვალისწინებს სოციალურად დაუცველებისთვის „სამართლიანი დახმარების სისტემის“ ჩამოყალიბებას. ეს რას გულისხმობს? 

ეს გულისხმობს იმგვარი მოდელის შექმნას, რაც იქნება მიმართული მოწყვლადი ჯგუფების კონკრეტულ საჭიროებებზე.

დღეს არსებული მოდელი არის დისკრიმინაციული, ურტყამს ადამიანის ღირსებას და პირდაპირი მახეა. ეს სისტემა ასევე ადამიანებს პოლიტიკურად მიბმულს ხდის ხელისუფლებაზე. სოციალური დასაქმების პროგრამა, რაც აამოქმედეს, უღირსი ამბავია და პოლიტიზებულია თავიდან ბოლომდე.

სოფლებში, სადაც ოჯახების ნახევარი სოციალურად დაუცველია, მთელმა სოფელმა იცის, როდის მოდიან შემოწმებაზე და ამ დროს მეზობლებთან მალავენ ტელევიზორებს, მაცივრებს… სისტემა არ უნდა იყოს ქულებზე დამოკიდებული, არც იმაზე, ადამიანი დასაქმდა თუ არა. დასაქმება არ უნდა დემოტივატორი, რომ შემიწყვიტო სოციალური დახმარება.

სოციალური დახმარება გრადაციულად შენარჩუნებული უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი მუშაობას დაიწყებს, მაგრამ საკმარისი შემოსავალი არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: