მთავარი,სიახლეები

რატომ დაკეტეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი? – უნიკალური ნივთები მუზეუმში რჩება

06.09.2024 •
რატომ დაკეტეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი? – უნიკალური ნივთები მუზეუმში რჩება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიური მუზეუმი დაკეტილია. „აჭარის მუზეუმის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რადგან მუზეუმის სარდაფში ხშირად წყალი დგებოდა, ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს.

მუზეუმის დაკეტვის მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც შენობა ავარიულია.

მუზეუმი მნახველებს მესამე თვეა აღარ იღებს, თანამშრომლებმა მუშაობა სხვა მუზეუმებში განაგრძეს, თუმცა უნიკალური ნივთები მუზეუმში რჩება. „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი, თეონა ზოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, კვლევა უნდა ჩატარდეს, რომლის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, შენობის რესტავრაციამდე საჭიროა თუ არა ნივთების გადატანაც.

თუ მუზეუმის შენობა ავარიულია, რატომ არ გადაიტანეს უნიკალური ნივთები უსაფრთხო ადგილზე?

„ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სასურველია ჩატარდეს კვლევა. ველოდებით კვლევის დაწყებას. კომისია შექმნილია და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს არ არის ერთი და ორი ნივთი.

თანამშრომლები გადანაწილებული არიან უკვე სხვადასხვა მუზეუმში და აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას… ჯერ-ჯერობით საძირკვლის გამაგრებაზეა საუბარი, პროცესშია ეს ყველაფერი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ გადატანა მოხდეს. ჩვენ არსად გვიწერია, რომ ნივთების გადატანა აუცილებელია,“ – ამბობს თეონა ზოიძე, „აჭარის მუზეუმის“ ხელმძღვანელი.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის გამაგრება-რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოების და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი 2024 წლის 23 აგვისტოს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 330 ათასი ლარია. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს Georgianhouse – მა მიიღო. ის ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას 250 ათას ლარად აპირებს, თუმცა სატენდერო კომისიის 5 სექტემბრის სხდომის მიხედვით, ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება „სრულად არ შეესაბამება მოთხოვნებს და საჭიროებს დაზუსტებას“.

კომისიის ხელმძღვანელის, თეონა ზოიძის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია როდის დაიწყება კვლევითი სამუშაოები არქეოლოგიურ მუზეუმში.

კვლევითი სამუშაოები ორეტაპიანია და უნდა მოხდეს: საინჟინრო-გეოლოგიური (მათ შორის ჰიდროლოგიური) გამოკვლევა; შენობის დეტალური ტექნიკური გამოკვლევა და რეკომენდაციების შემუშავება და შენობის არქიტექტურულ-ისტორიული კვლევა.

მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა პროექტის შემდეგ ნაწილებზე: არქიტექტურა; კონსტრუქციები; საინჟინრო-გეოლოგია.

მე-2 ეტაპი ითვალისწინებს კვლევის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.

სწორედ ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: