მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

პროგრამაში ჩართული კლინიკებიდან მხოლოდ 6-ს აქვს პროტოკოლები – აუდიტი ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროზე

08.09.2024 •
პროგრამაში ჩართული კლინიკებიდან მხოლოდ 6-ს აქვს პროტოკოლები – აუდიტი ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროზე

9 წელია ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია, მაგრამ დასახული მიზნების შესრულება კვლავ გამოწვევად რჩება, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ. 

მაგალითად, ანგარიშში წერია, რომ 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, ესენია: ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვ.

„გამოწვევად რჩება პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულება, სანდო ინფორმაციის არსებობა და ხარჯების ეფექტიანად და პროდუქტიულად განკარგვის მიზნით დაფინანსების მექანიზმის შემუშავება“, – წერია აუდიტის დასკვნაში. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი აუდიტის ანგარიშში მომსახურების ხარისხს ეხება. კერძოდ, აქ ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო რეგულაციებში არსებული სხვადასხვა ჩანაწერის მიუხედავად, სამინისტრო და პასუხისმგებელი ორგანოები სერვისის მიმწოდებლების სრულყოფილ ზედამხედველობას არ ახორციელებენ;

2018-2022 წლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი 12 სტაციონარული დაწესებულებიდან მონიტორინგი ხორციელდებოდა ძირითადად 3 დაწესებულებაში. 2019-2021 წლებში ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარების საწოლების დატვირთვა 5 სამედიცინო დაწესებულებაში აჭარბებდა 100%-ს, მათ შორის, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დატვირთვა 3-ჯერ აღემატებოდა ზღვრულ შესაძლებლობებს;

გარდა ამისა, კანონში „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაზე ლიცენზიის ფლობის მოთხოვნა განსაზღვრული არ არის.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 58 მდგომარეობიდან 11, რომელსაც ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, გაიდლაინი – კლინიკური მდგომარეობის მართვის რეკომენდაცია, შექმნილია მხოლოდ 15 შემთხვევაში; გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა პროგრამის მონაწილე 22 სამედიცინო დაწესებულებისა და სამინისტროსგან გამოითხოვა სერვისის განხორციელების პროტოკოლები, 17 დაწესებულებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზით გამოვლინდა, რომ მხოლოდ 6 დაწესებულებას აქვს შემუშავებული პროტოკოლები, საიდანაც ერთი დაწესებულების პროტოკოლი ზოგადი ხასიათისაა; ანგარიშში წერია, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული შესაბამისი დაავადებების მართვის გაიდლაინებისა და მომსახურების პროტოკოლების არარსებობა უმეტეს შემთხვევაში და სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის არათანაბარი განაწილება/დატვირთვა, საგრძნობლად ზრდის არასათანადო მომსახურების რისკებს.

პრობლემად რჩება საცხოვრებელთან ახლოს სხვადასხვა ფსიქოსოციალური სერვისის, როგორც ფიზიკური, ისე ინფორმაციული ხელმისაწვდომობა; მაგალითად, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტისთვის 2018-2022 წლებში მიმწოდებელი მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, მაშინ, როცა ამავე პერიოდში ბენეფიციარები წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან; 

2018-2022 წლებში ბენეფიციარების 99%-ის საცხოვრებელ ქალაქში ფუნქციონირებდა ავტორიზებული აფთიაქი, საიდანაც მოსარგებლეს შეეძლო მისთვის გამოწერილი მედიკამენტის მიღება, თუმცა მათ 34%-ს მედიკამენტების მიღება უხდებოდათ საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულ ქალაქში მდებარე დაწესებულებაში ან/და აფთიაქში, რითაც იზღუდება მედიკამენტებზე ფიზიკურ ხელმისაწვდომობა; 

ანგარიშში ასევე წერია, რომ პრობლემურია სამედიცინო სერვისების დაფინანსების არსებული მექანიზმიც. კერძოდ, „გლობალური ბიუჯეტის ფარგლებში სერვისის მიმწოდებლებს უნაზღაურდებათ ყოველთვიურად განსაზღვრული თანხა, მიუხედავად იმისა, მიიღეს თუ არა ბენეფიციარებმა მათთვის განკუთვნილი სერვისი; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოემსახურება მეტ ბენეფიციარს, გლობალური ბიუჯეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმწოდებელს ეზრდება ხარჯი დაფინანსების უცვლელობის პირობებში. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმი არ არის ორიენტირებული მომსახურების მოსარგებლეების რაოდენობის ზრდაზე“.

პრობლემურია ამ მხრივ სამედიცინო სტატისტიკის წარმოებაც, რაც საჭიროა საზოგადოების რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებისათვის, დაავადებების ტენდენციების გასაანალიზებლად და მტკიცებულებებზე დაყრდნობით პოლიტიკის შესამუშავებლად. კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დანერგილი მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციის არსებობას.

ამასთან, გამოვლენილი ცდომილებები მიუთითებს იმაზე, რომ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს არ განუხორციელებია დაწესებულებების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის სისწორის ანალიზი, შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები საჭიროებს დაზუსტებას. მაგალითად, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიცაა, დეპრესია, ცენტრის მონაცემებით საქართველოში უფრო იშვიათად ფიქსირდება, ვიდრე შიზოფრენია, რაც ეჭვქვეშ აყენებს ამ მონაცემების სისწორეს. ჯანმოს მიხედვით, მოსახლეობის 3.8%-ს უფიქსირდება დეპრესია, როცა შიზოფრენია (2022 წლის მონაცემებით) 222 ადამიანიდან შესაძლოა ჰქონდეს ერთს (0,45%). ცენტრის 2021 წლის მონაცემის მიხედვით კი, საქართველოში დაფიქსირდა 895 ახალი შიზოფრენიის, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობების შემთხვევა, როცა გუნება-განწყობის (აფექტური) აშლილობები, მათ შორის, დეპრესიის შემთხვევა – მხოლოდ 392-ია, რაც თითქმის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ამავე საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებაც წერდა:

„წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, უგულებელყოფილია პაციენტთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი, არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის გატარებული საკმარისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის ქვეყანაში არ არის საკმარისად განვითარებული თემზე დაფუძნებული საცხოვრისები.

პაციენტებს წასასვლელი არსად აქვთ და, შესაბამისად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხანგრძლივად უწევთ ყოფნა“.

2021 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 12 სტაციონარი/თავშესაფარი და 15 ამბულატორია შეამოწმა.

მთავარ ფოტოზე: ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (გლდანის ფსიქიატრიული დაწესებულება), 2023 წელი. წყარო: სახალხო დამცველის აპარატი.

ამავე თემაზე:

5 ათასი ლარით დააჯარიმეს ფსიქიატრიული კლინიკა, რომელმაც ქალი უკანონოდ განათავსა – PHR

გადაბეჭდვის წესი


ასევე: