ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KIU), დღეს, 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა უნდა არსებობდეს.
„ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით“- განაცხადა კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა ივანიშვილს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსების გამო და თქვა, რომ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ისე უნდა გაფართოვდეს, რომ 2028 წლის თავზე, 30 ათასამდე სტუდენტის მიღება შეძლოს. „ამ გეგმის განხორციელებას კი მთლიანად ივანიშვილის მიერ დაფინანსდება“- თქვა კობახიძემ.
რატომ მხოლოდ თსუ და KIU და არა ვთქვათ სხვა უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ასევე შეიძლება იყვნენ კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სივრცეში?
ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, იმ უნივერსიტეტების შევიწროებას აპირებს, საიდანაც კრიტიკული ხმა ისმის?
კობახიძის განცხადების შეფასება ვთხოვეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მანანა რატიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა განათლების სამინისტროში, ახლა კი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.
მანანა რატიანის აზრით, მსგავსი განცხადებებით„ოცნება“ ცდილობს ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩენილ სასწავლებლებზე ზეწოლა ამ ფორმით განახორციელოს.
„გარკვეული უნივერსიტეტები კონტროლს მიღმა დარჩათ, ამიტომ ეს განცხადება მათზე კონტროლის მოპოვების აშკარა მცდელობაა. დამორჩილების მექანიზმი კი უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირება და სანდო, პოლიტიზებული კადრებით მართვაა.
თუმცა მკაცრი ბერკეტები ვერც პროფესურასთან და ვერც სტუდენტებთან ვერ იმუშავებს.
KIU-შიც კი რექტორი, რომელმაც არ აღკვეთა რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტი, გაუშვეს თანამდებობიდან. თსუ-ს რექტორი კი თვალს ხუჭავს უნივერსიტეტის სტუდენტებზე ძალადობაზე, აქ კონტროლდება თანამშრომლების პირადი სოციალური ქსელები, გამოთქმული მოსაზრებები.
რა თქმა უნდა, ორი უნივერსიტეტის შემთხვევაში მკაცრად ვერტიკალური იქნება მართვა.
სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს პროცედურულად არჩევნები ახლო მომავალში არ უწევთ“ – ამბობს მანანა რატიანი.
მისი თქმით, მსგავსი იდეების განხილვების გარეშე განხორციელება ბევრად გაუადვილდებათ ავტოკრატიულ ქვეყანაში, რომლისკენაც ჩქარი ნაბიჯით მიდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
მანანა რატიანის თქმით, „ქართული ოცნება“ კრიტიკულად განწყობილი უნივერსიტეტების წინააღმდეგ, ვერც ხარისხის მართვის არგუმენტს გამოიყენებს, რადგან ამისთვის არსებობს უნივერსიტეტების აკრედიტაცია.
„ხარისხის მართვის მოშველიება უსუსური არგუმენტია. თუმცა არსებობს აკრედიტაცია, რომლის ბერკეტების უკეთ გამოყენება შეიძლება.
რეგიონებში სახელმწიფო უმაღლესების გაუქმება განათლებაზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს, ასევე რეგიონებში არ იქნება საგანმანათლებლო ცენტები, საუნივერსიტეტო ქალაქები, რაც დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ გალაშქრებაა.
არადემოკრატიული პროცედურებით თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების აღზრდა გაჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი აბსურდია“- მიიჩნევს მანანა რატიანი.
რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება ფაქტობრივად ზღუდავს უცხოური დაფინანსების მოპოვებას ნებისმიერ სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში.
აღნიშნული კანონის მიღებას საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით აპროტესტებდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მაინც მიიღო.
შესაბამისად, ხელისუფლება, ერთის მხრივ, არ აძლევს სამოქალაქო, საგანმანათლებლო სექტორს ამ კანონით შესაძლებლობას, რომ მოიძიონ დონორების მხარდაჭერა თუ საკუთარ თავს „უცხოური ძალების ინტერესების გამტარს“ არ უწოდებენ, მეორეს მხრივ კი უმაღლესი სასწავლებლების სეგრეგაციას ახდენს.
რას მოუტანს ეს ყველაფერი დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს? – ვკითხეთ მანანა რატიანს.
მისი შეფასებით, საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტი ძალიან მწირია, მსგავსი პოლიტიკა კი მათ კიდევ უფრო დაასუსტებს.
„ფინანსურად ისედაც მძიმე მდგომარეობაში არიან უნივერსიტეტები, მწირია რუსთაველის ფონდის დაფინანსებაც.
აშშ-ს, ევროკავშირის პროექტების შემცირება კი შეზღუდავს უნივერსიტეტის შესაძლებლობებს. სახელმწიფოს მხრიდან არსებული დაფინანსება ისედაც დრომოჭმულია, წლების წინანდელი ფორმულაა და სტუდენტზე გამოყოფილი 2250 ლარი კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად – პროფესორების ანაზღაურებაც.
ამიტომ, კობახიძის ეს განცხადება ნიშნავს აკადემიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ღიად გალაშქრებას.
ასეთი „რეფორმები“ უზნაძის 52-ში არ უნდა იწერებოდეს, ქვეყანას ჰყავს პროფესიონალები, რომლებიც განხილვებში ჩართულები უნდა იყვნენ.
მსგავსი ცენტრალიზაციისკენ მიმართული რეფორმები ავტოკრატიული მმართველობის კიდევ ერთი ნიშანია. მჯერა, რომ ამ იდეას განხორციელება არ უწერია“- ამბობს მანანა რატიანი.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით მხოლოდ თავს იზიანებს და რეიტინგს იმცირებს ხელისუფლება.