გაცემულია თუ არა ლიცენზია ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებაზე? – ამ შეკითხვაზე სახელმწიფო უწყებებში დღეს, 26 ივლისს, „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს. ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე შიშობს, რომ ბუნებაში მსგავსი ჩარევა შესაძლოა აქ მცხოვრებთათვის საშიში აღმოჩნდეს, თუმცა, მათ ამ საკითხზე არავინ არაფერი განუმარტა.
მწვანე ტბასთან მდებარე მთიდან კლდოვანი მასას აქტიურად უკვე ერთი თვეა მოიპოვებენ.
„ჩვენ აქ ყოფნაში დაახლოებით 14 სატვირთო მანქანა გავიდა აქედან. ადგილზე ვისაც ვესაუბრეთ, გვითხრეს, რომ კომპანია „ნიუ როუდი“ მოიპოვებს ინერტულ მასალას და მას შემოვლითი გზისთვის იყენებენ. არ ვიცით, გაცემულია თუ არა ლიცენზია,“ – გვიყვება მოქალაქე თამარ ბუთურიშვილი.

ინერტულ მასალას მწვანე ტბასთანაც მოიპოვებენ.
ინერტულ მასალას მწვანე ტბასთან მდებარე ქედზე მოიპოვებენ, რომელსაც ადგილობრივები „ნაომარ სერს“ ეძახიან. ხულოში მცხოვრები ჯემალ საგინაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინერტულ მასალას მწვანე ტბის ზედა ნაწილიდან ეზიდებიან, საიდან ჩამომდინარე წყლებითაც სავარაუდოდ ტბა იკვებება.
„ეს მიწა, ცნობილია, რომ არ არის მდგრადი საერთოდ, ყველგან მეწყერსაშიში ზონაა. წყალი შეიძლება ერთი მიმართულებით მიდიოდეს საერთოდ და კვებავდეს ტბას, დაკარგოს მიმართულება და სხვაგან გადამისამართდეს, როცა ქანებს ეხები. ამას სჭირდება გეოლოგების ჩართვა.
ჩვენ კი არავინ გვეუბნება, ჩართულია თუ არა რომელიმე სპეციალისტი, საერთოდ გაცემულია თუ არა ლიცენზია.
ასე ინტენსიურად თუ გაგრძელდა სამუშაოები, შესაძლოა, გამოუსწორებელ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ,“ – გვითხრა ჯემალ საგინაძემ.

გოდერძის უღელტეხილი, სადაც გზის მშენებლობა გრძელდება
აჭარის ტერიტორიაზე ინერტული მასალის მოპოვების კუთხით ლიცენზიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ მათ ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გაუციათ, თუმცა შესაძლოა ლიცენზია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გასცა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე ვერ გვითხრეს, გაცემულია თუ არა ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალის მოპოვებაზე.
რადგან ინერტული მასალის მოპოვება აისახება გარემოზე, ინფორმირებულია თუ არა გარემოს ეროვნული სააგენტო? – ვიკითხეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
„გაცნობებთ, რომ ინერტული მასალის მოპოვების საკითხი და ამ პროცესზე ზედამხედველობის განხორციელება არ განეკუთვნება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას,“ – მოგვწერეს სააგენტოს პრესცენტრიდან.
ინფორმაცია ვერც გარემოს ზედამხედველობის დაცვის სამსახურიდან მოგვაწოდეს. ეს უწყება გარემოს წინააღმდეგ სამართალდარღვევებზე უნდა ახდენდეს რეაგირება.
ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები: შპს „არალი“; შპს „New Road“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებენ. „ბათუმელები“ ინერტული მასალის მოპოვების საკითხზე ამ კომპანიებსაც დაუკავშირდა. „ნიუ როუდში“ გვითხრეს, რომ ხელმძღვანელობა დაკავებულია და კითხვაზე პასუხის გასაცემად არ სცალიათ.
შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს „კავკასუს როუდ პროჯექტში“.
ინერტული მასალის ლიცენზიაზე ინფორმაცია ვერც გზების დეპარტამენტში მოგვაწოდეს. „ლიცენზიის გარეშე პროექტს ვერ მიიღებდნენ,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.





