მთავარი,სიახლეები

8,9 მილიონი ლარი აჭარის 11 სოფელში გაზის მილების შესაყვანად – ტენდერი

05.09.2024 •
8,9 მილიონი ლარი აჭარის 11 სოფელში გაზის მილების შესაყვანად – ტენდერი

აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამი ტენდერი გამოაცხადა ჯამში 8 907 024 ლარით. ამ სოფლებში მთავრობის გეგმა-გრაფიკის მიხედვით გაზიფიცირება შარშან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ტენდერებია გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2024 წლის 12-14 სექტემბერს დაიწყება.

  • შუახევის სოფელ ოქროპილაურის და ხულოს სოფელ ქვემო ვაშლოვანის გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერი 2 345 280 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 14 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 255 დღეში უნდა დასრულდეს.
  • ხელვაჩაურის სოფლების: მირვეთის, ქოქოლეთის, ზედა ჩხუტუნეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის გაზიფიცირების სამუშაოებზე კი ტენდერი 2 796 397 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 14 სექტემბერს დაიწყება და 19-ში დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 263 დღეში უნდა დასრულდეს.
  • 3 765 350 ლარია გათვალისწინებული ქედის სოფლების: ჭინკაძეების, ქვედა ბზუბზუს, პირველი მაისის, ახოს და დანდალოს გაზიფიცირების სამუშაოებისთვის, სადაც ტენდერში წინადადებების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადად კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 337 დღეა განსაზღვრული.

სამივე ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადაში, ასევე, „წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა [დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს].“

ტენდერებს თან ახლავს პროექტები შესაბამისი სოფლების მიხედვით, რითაც გაზიფიცირების სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამ პროექტებით გათვალისწინებულია საშუალო წნევის გაზსადენების, დამცავი ნაგებობების და სხვა ნაგებობათა მშენებლობა.

„ტოპო-საძიებო სამუშაოების შესრულების დროს აღმოჩნდა, რომ [საკუთრების] სარეგისტრაციო წითელი ხაზები გადმოსულია ნაწილობრივ სოფლის ქუჩებში [ან ფარავს საავტომობილო გზას]. ამის გამო ახლად დაპროექტებული გაზსადენები რამდენიმე ადგილას კვეთს სარეგისტრაციო წითელ ხაზებს.

გაზსადენების პროექტირების და მშენებლობის დროს, რომ არ წამოჭრილიყო პრობლემები და არ შეფერხებულიყო გაზსადენების პროექტირებაც და მშენებლობაც, მოვახდინეთ აღნიშნულ მიწის მესაკუთრეებთან შეთანხმებები და დასტური ხელმოწერის სახით, რომ წინააღმდეგი არ არიან გაზსადენებმა გაიაროს მათ კუთვნილებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე [რომელიც გადმოსულია ამა თუ იმ სოფლის ქუჩებში]“, – აღნიშნულია პროექტებში.

პროექტების მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილია ჯამში შემდეგი სიგრძის გაზსადენების მშენებლობა:

  • ოქროპილაურში – 8 849 მეტრი [დაფარავს 45 კომლს, 135 მოსახლეს];
  • ქვემო ვაშლოვანი – 22 494 მეტრი [315 კომლი, მოსახლე – 1044]
  • მირვეთი – 3 073 მეტრი [25 კომლი, მოსახლე – 70]
  • ქოქოლეთი – 4 615 მეტრი [ 22 კომლი, მოსახლე – 50]
  • ზედა ჩხუტუნეთი – 15 167 მეტრი [97 კომლი, მოსახლე – 302]
  • ჭახათი – 17 744 მეტრი [83 კომლი, მოსახლე – 234]
  • ჭინკაძეები – 5 329 მეტრი [61 კომლი, მოსახლე – 202]
  • ქვედა ბზუბზუ – 5 974 მეტრი [63 კომლი, მოსახლე – 263]
  • პირველი მაისი – 12 791 მეტრი [157 კომლი, მოსახლე – 615]
  • ახო – 14 601 მეტრი [164 კომლი, მოსახლე – 594]
  • დანდალო – 10 717 მეტრი [94 კომლი, მოსახლე – 347]

საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში წინასაარჩევნო 2021 წელს გაზის მილები ქობულეთის 9 სოფელშიც შეიყვანეს, თუმცა გაზი ამ დრომდე არ ჩაურთავთ. მოსახლეობა გაზის ჩართვას 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც ელოდა, თუმცა როდის მიიღებენ ბუნებრივ არის – დღესაც უცნობია.

ამ თემაზე:

გაზიფიცირება გაზის გარეშე – რომელ სოფლებს დაქსელავენ ამჯერად აჭარაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: