მთავარი,სიახლეები

საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დააკომპლექტეს – ენმ

07.09.2024 •
საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დააკომპლექტეს – ენმ

დღეს, 7 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, თანამდებობის პირებითა და მათი ოჯახის წევრებით დააკომპლექტა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

„მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საოლქო კომისიამ დღეს დაამტკიცა უბნებზე კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განაცხადი იყო შესული.

რეგისტრაცია ხდებოდა ონლაინ და ახალი კრიტერიუმებიც ჰქონდათ შეტანილი, მაგრამ რეალურად, კონკურენციის გარეშე შეირჩა კანდიდატები.

მათი ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, არიან თანამდებობის პირების ოჯახის წევრები ან სხვადასხვა სახელმწიფო სიპებსა და აიპებში დასაქმებული პირები, მასწავლებლები და ასე შემდეგ. სამწუხარო ფაქტია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ფილიალად იქცა.

გარდა ამისა, არ გადასცეს ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეების და მოადგილეებს შესახებ, თუ ვინ არიან არჩეულები, რადგან ჯერ იმიზეზებდნენ, რომ პირადი ინფორმაციააო და ჩვენი კომისიის წევრებს არ ჰქონდათ ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია.

ჩვენ მოვითხოვეთ სხდომის გადადება, მაგრამ არ დააკმაყოფილა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მოთხოვნა და მაინც დაამტკიცეს საბოლოოდ. თუმცა, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა“, – ამბობს ნიკა ქაშიბაძე.

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება პრობლემურია, რადგან ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალობას.

„ეს აჩვენებს, რომ ეს ხალხი ვერ იქნება დამოუკიდებელი უბნის თავმჯდომარეები, როგორც უნდა იყოს კანონით განსაზღვრული. ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბი და ის ადამიანები, რომლებიც იქ განახორციელებენ მმართველი პარტიის პოლიტიკას უბანზე, არჩევნების დროს, ვერ უზრუნველჰყოფენ გამჭვირვალობას. ეს კანონდარღვევაა საარჩევნო კანონმდებლობის.

„ქართულ ოცნებას“ საოლქო კომისია უზურპირებული აქვს“, – ამბობს ნიკა ქაშიბაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: