დაჯარიმდა 4 568 მძღოლი გარემოს დაბინძურებისთვის

გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 4 568 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს.

ყველაზე მეტი – 2107 ჯარიმა, თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს დაეკისრათ.

977 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 812 – ბათუმში და 672  – რუსთავში.

დაჯარიმებული პირებიდან 3 955 ფიზიკური პირია, ხოლო 613 იურიდიული პირი.

„2 767 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1 575 – მიკროავტობუსის, 225 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე“.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

გარემოს ზედამხედველობის ინფორმაციით, ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,  სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

სარფის საბაჟოზე 28 000 ლარის არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079.01 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

პარლამენტი, სავარაუდოდ, მუხტის შესამცირებლად მუშაობს – ირმა პავლიაშვილი რუსულ კანონზე

„ეჭვი ჩნდება, რომ მთავრობის ტაქტიკური ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მუხტი დავარდეს და საზოგადოების ყურადღება და აქცენტები სხვა მიმართულებით წავიდეს“ – მიიჩნევს „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა პავლიაშვილი. „ბათუმელები“ მას ესაუბრა თემაზე, რატომ გადადო 15 აპრილს პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა და რატომ დააბრუნა „ოცნებამ“ ერთხელ უკვე უკან გაწვეული კანონპროექტი. 

  • ქალბატონო ირმა, პარლამენტმა რუსული კანონის განხილვის შემდეგი ეტაპი 15 აპრილისთვის ჩანიშნა, დაჩქარებული წესი არ გამოიყენა ამ შემთხვევაში. რა ვერსიები შეიძლება განვიხილოთ, აქტიური წინააღმდეგობის შემდეგ გვაჩვენებს, რომ ნაბიჯებს უკან გადადგამს, თუ ეს არასწორი მოლოდინების გაჩენას და წინააღმდეგობის მუხტის დავარდნას ემსახურება?

ერთი მხრივ, ამ პროცესში საინტერესოა პარლამენტის მიდგომა, თითქოს პროცედურას იცავენ, 12 აპრილს უნდა მომხდარიყო განხილვის პროცესის დაწყება, თუმცა შემდგომ, რეგლამენტის დაცვის მიზნით, რაც ითქვა საჯარო განცხადებით, გადაიდო ორშაბათისთვის. ფორმალურად დაიცვეს 3-დღიანი ვადა, რომელსაც რეგლამენტი გვთავაზობს.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, პარლამენტი პირველ ორ მოსმენას გეგმავს და მესამე მოსმენა უკვე ოქტომბერში უნდა გაიმართოს, საბოლოოდ კანონად ქცევისთვის. ეჭვი ჩნდება, რომ ტაქტიკური ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მუხტი დავარდეს და საზოგადოების ყურადღება და აქცენტები სხვა მიმართულებით წავიდეს.

მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტით, საარჩევნო წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სესიები არ იმართება. თუ საქართველოში რამდენიმე არჩევნების პრაქტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ პერიოდში მართლაც არ შეკრებილა პარლამენტი და ძირითადად საარჩევნო კამპანიაზე არის მიმართული მთელი რესურსი. შესაბამისად, რომ დავუბრუნდეთ ვარაუდებს, თუ რატომ აკეთებს ასეთ სვლას პარლამენტის უმრავლესობა, პასუხი ერთია – რომ მუხტი შემცირდეს.

მუხტის დაწევასთან ერთად მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი მგონია, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით ამ პერიოდში გაგრძელდება დისკრედიტაციის კამპანია, გამჭვირვალობის საკითხი ისევ პრობლემად რომ იდგეს და დამოკლეს მახვილივით ეკიდოს ჩვენს თავზე ეს კანონპროექტი, რომელიც თითქოსდა გამჭვირვალობისკენ გვიბიძგებს, თუმცა ჩვენ ვიცით და არაერთი აქტია წარმოდგენილი საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტებს უზრუნველყოფს. ასევე, არის შიდა რეგულაციები, რომლებიც სწორედ გამჭვირვალობის სტანდარტებს უზრუნველყოფენ.

  • ამის პარალელურად იგივე ორგანიზაციებს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეთ წინასაარჩევნო პროცესი, შემდეგ კი არჩევნების დღის მონიტორინგი…

დიახ, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციაზე ვმსჯელობთ, მათ ანგარიშებს და შეფასებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჭრილში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც… როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები შეისწავლიან გარემოს, თუ როგორია საარჩევნო პოლიტიკური გარემო, სწორედ სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს ენდობიან.

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტია იყენებს ყველა იმ რესურსს, რაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ეს ვნახეთ კვოტების მიმართულებით. შემდგომი განვითარებაც რაც მოყვა, რუსულ კანონთან დაკავშირებით, იყო საჯარო მოხელეების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების ჩართულობა.

რომ შევაჯამოთ და ძირითადი კითხვები გამოვკვეთოთ, ერთი – არის სავარაუდო დისკრედიტაციის კამპანია, მესიჯები სწორედ იმ მიმართულებით იქნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები შეექნათ, მათ შორის მათ ანგარიშებს და საზოგადოებამ მათი სანდოობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. გარდა ამისა, არასამთავრობოები არიან სერვისის მიმწოდებლები შშმ პირებზე, ქალებზე… სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. აქ შემოდის თვითცენზურის საკითხი – რამდენად უნდა დაუპირისპირდნენ ისინი სახელმწიფოს, რომელიც გარკვეულწილად მათ სერვისებსაც აფინანასებს. 

ის, რომ რუსული კანონი გამჭვირვალობის თაობაზე შემოაქვთ იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიცვან გამჭვირვალობა უფრო მეტად, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილია.

საქართველოს კანონმდებლობაში არაერთია აქტია, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტს უზრუნველყოფს. გრანტების შესახებ კანონი, დეკლარაციები რომლებიც იგზავნება საშემოსავლოში, დონორებთან ანგარიშგება.

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ არა გამჭვირვალობაა ძირითადი მოთხოვნა, არამედ ის, რომ კონკრეტული ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების სტიგმატიზაცია მოხდეს, მათ მუშაობას შეუშალოს ხელი.

ეს, რა თქმა უნდა, განაპირობებს იმას, რომ ღირსების შელახვასთან ერთად შეწყდება შენი სამუშაო პროცესი. დაასრულებ მუშაობას, რადგან მე ძალიან რთულად წარმომიდგენია ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირდება, მოახდენს თავისი თავის სტიგმატიზებას და შემდეგ ამ სტიგმით იმუშავებს.

ასევე, ის მოქალაქეები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვადასხვა სერვისს იღებენ და მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა მიეწოდოს შესაბამის უწყებებს ინფორმაციას მათზე, არ მოისურვებენ, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია გასაჯაროვდეს. ვგულისხმობ შშმ პირებს, ქალებს და ა.შ.

ასე რომ ერთია, რომ არ დარეგისტრირდები და მეორე – რომც დარეგისტრირდე, შენთან უკვე ის ბენეფიციარი აღარ მოვა, ვინაიდან იფიქრებს, რომ მასზე ინფორმაცია გასაჯაროვდება.

საინტერესოა, რომ 9 ნაბიჯის ფარგლებში ევროკავშირმა ერთ-ერთ ნაბიჯად სწორედ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საკითხი წამოწია, საარჩევნო რეფორმასთან ერთად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ეს არჩევნები ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში დგას, ვინაიდან სტატუსის საკითხები და მოლაპარაკების თემატიკა სწორედ ამ ნაბიჯების შესრულებასთან არის დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, არსებითია, როგორი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები მხოლოდ ერთი დღით არ ფასდება. მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი. ამიტომ ყველა ის მოქმედება და პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება, სწორედ იმ კუთხით უნდა იყოს გადადგმული, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ერთ-ერთია 9 ნაბიჯიდან.

  • გამოდის, რომ მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ სერვისებს, მეორე მხრივ „ოცნება“ აპელირებს იმაზე, რომ ეს კანონი ყველას არ შეეხება…

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაჩვენებს, რამდენად სჭირდებათ მოქალაქეებს კონკრეტული სერვისების მიღება. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სჭირდება ფსიქოლოგის მომსახურება, რასაც სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. არაერთ ანგარიშშია იმაზე საუბარი, რომ არ არის თავშესაფრების ხელმისაწვდომობა, ასევე, კრიზისული ცენტრების და ამ ცენტრებში კი იურისტის სათანადო დახმარება მოქალაქეების გაძლიერებას იწვევს.

თუ ეს სერვისები გაქრება, ეს შეეხება ყველას, ვინც ამით სარგებლობს.

ასევე, როდესაც უცხო ქვეყნის ძალად ვაცხადებთ სტრატეგიულ მეგობრებს, რამდენად გააგრძელებენ ისინი დაფინანსებას?! ეს არის სუბიექტი, რომელიც არის ქვეყნის სტრატეგიული მეგობარი, რომელიც განსაზღვრავს შენს მხარდაჭერას და მთელი რიგი პროგრამები დგება, ეს არ ხდება ცალმხრივად, შემოთავაზების ფარგლებში, ეს არის საქართველოს ინტერესი. საქართველომ ითხოვა ეს დახმარება სტრატეგიული პარტნიორებისგან.

რა თქმა უნდა, ის ნეგატიური სახელდება, რასაც იყენებს მმართველი პარტია ამ ორგანიზაციების მიმართ, მათ საქმიანობაზეც აისახება. არცერთ სტრატეგიულ მეგობარს არ მოუნდება შენი მხარდაჭერა, თუ მას უცხო ძალად გამოაცხადებ. უცხო ძალად ცხადდებიან ემიგრანტებიც, მათ პირდაპირ ეხებათ. ისინი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ხომ შეიძლება რაღაც შემოწირულებას აკეთებდნენ კომპანიებში, მათი სახელდებაც იქნება, როგორც უცხო ქვეყნის ძალის.

  • რა სამართლებრივი გზები რჩება ამომრჩეველს? თუ, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, რაღაც „ტრიუკი“ ჩაატარეს და ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაამტკიცეს ეს პროექტი?

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, თუმცა დაძლევადია.

როცა აკვირდები და სწავლობ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, ხედავ რა შემთხვევაში მოხდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც წლების განმავლობაში ადვოკატირებდნენ, მათ შორის, მაგალითად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კვოტირება თავის დროზე, როდესაც კრიტიკული მასა გამოვიდა სამართლიანი პროტესტის გზით, იმ უფლებით, რასაც ადამიანს კონსტიტუცია აძლევს, რომ გამართოს მშვიდობიანი მანიფესტაცია.

შესაბამისად, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური გზის გამოყენება უნდა მოხდეს. კონსტიტუციაში გაწერილია ხალხის ნება, რომ ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია.

  • რას გვაჩვენებს ეს დაჟინება, ჯერ დაპირება, რომ აღარ შემოიტანდნენ კანონპროექტს, მაგრამ მაინც დაბრუნება?

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ხალხის კონსტიტუციური ნება უნდა შესრულდეს. ის ძალა, რომელსაც დროებით, არჩევნებით გადაცემული აქვს ლეგიტიმაცია, რომ პოლიტიკა განსაზღვროს, სწორედ ხალხის ნებასთან უნდა იყოს შესაბამისი და როცა ის წინააღმდეგობაში მოდის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება ხდება.

ამავე თემაზე: 

„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე 

ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი 

 

 

ამ კანონმა რუსებს მონური მორჩილება მოუტანა, ქართველი ერი მონობას არ შეეგუება – პედაგოგი

რა ზიანს მოუტანს „ქართული ოცნების“ რუსული კანონი საქართველოს დემოკრატიას, სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ევროინტეგრაციას – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს, როლანდ შავაძეს ესაუბრა.

როლანდ შავაძე, გასული წლის მარტის აქციებზეც აპროტესტებდა რუსულ კანონს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს კანონი ქვეყნის უკუსვლისკენ არის მიმართული და საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას.

„ამ კანონის წინააღმდეგ გასულ წელს მეც ვიდექი მარტის აქციებზე იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც რუსულ ინიციატივას აპროტესტებდნენ.

ახლა, თითქოს სახელწოდებაში მცირედი ცვლილება შეიტანეს, მაგრამ შინაარსი იგივეა, რაც წინა შემთხვევაში იყო. ამ კანონით ხელისუფალს შეეძლება საქართველოს მტრად და უცხოური ძალის აგენტად გამოაცხადოს ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ინდივიდი, რომელიც, უბრალოდ, მოესურვება.

მაგალითად, აშშ-ის საელჩოს და „ერაზმუსის“ გაცვლითი პროგრამებით არაერთხელ ვყოფილვარ უცხოეთში საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე. ძალიან მარტივია, ამ კანონის საშუალებით ყველას, ვინც საერთაშორისო პროექტებში ვმონაწილეობთ, აგენტების იარლიყი დაადონ და საზოგადოების ნაწილში ყველა პროგრესული ადამიანი აგენტად გამოაცხადონ.

პარადოქსულია ისიც, რომ მმართველი პარტიის ლიდერები თავად იყვნენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

საქართველოს გაცხადებული პოზიციაა, რომ აშშ და ევროპული ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან. ამ კანონით ხელისუფლება მათ რეალურად ეუბნება, რომ თქვენ საშიში ხალხი ხართ და ვერ გენდობით.

დასავლეთის პოზიციაც ძალიან მკაფიო იქნება – თუ კი ჩვენგან დახმარება არ გსურთ და საშიშ ხალხად მიგვიჩნევთ, კარგად ბრძანდებოდეთო გვეტყვიან. იმათ არაფერი აქვთ სახვეწარი, ეს ჩვენ გვჭირდება მათთან სიახლოვე.

ასეთმა კანონმა რუსებს მონური მორჩილება მოუტანა. პუტინის რეჟიმი ბევრს არ მოსწონს და ხმას ვერ იღებენ. რუსი ოლიგარქები და მათი გარემოცვა ფუფუნებაშია, ხოლო რიგითი ადამიანები დამონებული ემსახურებიან ოლიგარქიულ ძალებს.

ეს იმიტომ, რომ მსგავსი კანონით პუტინმა ჩაკლა კრიტიკული შეხედულებები, ჯანსაღი მედია, განსხვავებული აზრის მქონე ყველა ინდივიდი მორალურად და ფიზიკურად გაანადგურა.

„ქართულ ოცნებას“ პირველად არ უთქვამს ტყუილი. გასაკვირი არც ეს მორიგი ტყუილია.

შარშან მარტის აქციებზე გამოსული საზოგადოების შედეგია ამ კანონის უკან გაწვევა. ეს იყო ერთგვარი ტესტი საზოგადოების რეაქციაზე.

წლევანდელი მცდელობით კი სურთ მორალურად გატეხონ საზოგადოება, რათა ისარგებლონ სისუსტით და შეიქმნან მათთვის სასათბურე პირობები.

იმედია, ხელისუფლება იაზრებს, რომ ქართველი ხალხის ბუნება რუსული  მენტალობისგან განსხვავებულია და მონობას ქართველი ერი არ შეეგუება. ამის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს. შესაბამისად, ეს კანონპროექტი ამ ქვეყანაში კანონად ვერ იქცევა.

ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მოვუწოდო კვლა, რომ ერთიანობის დროა. არ უნდა დავიღალოთ და ხელისუფლებას არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული რელსებიდან გადაყვანის  საშუალება“.

ბათუმის 4 სილამაზის სალონში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა

ბათუმში მოქმედ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმური მონიტორინგისას, სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე 4 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწმდება: დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმი, სახიფათო ნარჩენების შეგროვება და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია არ ასაჯაროებს ამ სალონების სახელწოდებას.

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმური მონიტორინგი ტარდება. მონიტორინგს მუნიციპალური ინსპექციის, სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება შერჩევითობის პრინციპით ახორციელებს.

ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.

აჭარის მთავრობა 4 მილიონად ყიდის მიწას და შენობას, სადაც 20 ოჯახია შესახლებული

ბათუმის სამრეწველო ზონაში 24 185 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 2 014 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილ შენობაში 20-მდე ოჯახია თვითნებურად შესახლებული.

ქონება ბათუმში, ივანე მესხის ქუჩა N14-ში მდებარეობს და საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონი ლარია. ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარია, ხოლო საგარანტიო თანხა [ბე] – 1 მილიონი ლარი.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონება, სადაც, ბათუმის მერიის ინფორმაციით 20-მდე ოჯახია თვითნებურად შესახლებული. ფოტო აუქციონიდან

ქონების შემძენი საბოლოო ღირებულებას ეტაპობრივად გადაიხდის. ამასთან „აუქციონში მონაწილეობის „ბე“ ჩაითვლება ქონების საპრივატიზებო საფასურში საბოლოო ანგარიშსწორებისას“.

  • თანხის გადახდის ეტაპებია: 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე – საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%; 2025 წლის 1-ელ ივნისამდე – საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25% და 2025 წლის 30 დეკემბრამდე – დარჩენილი საპრივატიზებო საფასური.

„ადგილზე გასვლით დათვალიერებული იქნა ბათუმში ი. მესხის ქუჩა №14-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – 24 185 კვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში თვითნებურად შესახლებულია ოც ოჯახამდე. ნაკვეთზე არის ძველი შენობები და არაა შემოღობილი. მიწის ნაკვეთთან არსებობს მისასვლელი გზა“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერის წერილში.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს წერს, რომ „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების პრივატიზება. ასევე, მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავების ფაქტი… მიწის ნაკვეთი განეკუთვნება პერიფერიული ზონის III ქვეზონას, სადაც 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 56,7 ლარს“.

არც მერიის წერილებში და არც აუქციონის პირობებში არ არის მითითებული რას უპირებენ გასაყიდ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს.

აუქციონის პირობით, მომავალი მყიდველი ვალდებულია სამინისტროში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში წარადგინოს არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

მყიდველს ასევე ევალება:

  • „შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „საწარმოო ზონის“ შესაბამისი წარმოების [წარმოების ხაზი], რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა] მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით განკუთვნილი შენობა-ნაგებობ[ებ]ის ექსპლუატაციაში მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, წარმოების [წარმოების ხაზი], რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა], ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;
  • დასაქმებულთა თანაფარდობის და წარმოების პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
  • აღნიშნულ პროექტში მშენებლობისათვის, ძირითადი საშუალებების შეძენისათვის, წარმოების ფუნქციონირებისათვის, მათ შორის დახურული სასაწყობე მეურნეობისათვის, არაუგვიანეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

„რუსული კანონი ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანოა“ – ლაშა ბაჟუნაიშვილი

„ხელისუფლებამ რაც არ უნდა სახელი და ტერმინები შეუცვალოს უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს, ის მაინც იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანო, რადგან მისი მიღებით საქართველო დაამტკიცებს, რომ იგი რეალურად არა ევროპული ოჯახის წევრობისკენ, არამედ რუსეთის ორბიტაზე დარჩენისკენ ისწრაფვის”, – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია.

რა პრობლემები შეიძლება შექმნას რუსულმა კანონმა? – ვკითხეთ ლაშა ბაჟუნაშვილს.

„დღეს საქართველოს მომავლისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობის, სამართლიანი სასამართლოს, კარგი მმართველობის და დემოკრატიული პლურალიზმის დამყარება. მხოლოდ ასე შეიძლება პერსპექტივაში ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს და გაწევრიანდეს ერთად ისეთ ერთობაში, რომელიც ცივილურ ნორმებზე და პრინციპებზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე არის დაფუძნებული.

„ჩვენთვის არჩევანი არ არსებობს ჩრდილოეთსა და დასავლეთ შორის, ჩვენ მუდამ ევროპას ვირჩევდით” (ნოე ჟორდანია) და საუკუნეების განმავლობაში ამას ვამტკიცებდით არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.

თუკი დღეს ჩვენ შევეგუებით რუსული კანონის მიღებას, ჩვენ კიდევ ერთხელ მიწას მივაყრით ჩვენი წინაპრების ღირსებას და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საგმირო ისტორიას, ჩვენი თაობის ნატვრას – გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები და ჩვენი შვილების მომავალს – იცხოვრონ განვითარებულ, გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოში“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნების ქვეშ შეფარებული მთავრობა 

„როდის აშენდება ბათუმში ახალი მეჩეთი? როდის გასცემს ბათუმის მერია ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას? ხალხი ლოცულობდა ამ წვიმაში გარეთ, ხალხმა დღეს ახალ მეჩეთშიც გარეთ ილოცა, ამ წვიმაში. რა დავაშავეთ მუსლიმებმა, რა დაგიშავეთ, რომ ერთი ფარატინა ფურცელი ვერ გაეცით?“ – ამ კითხვებით მიმართა აქტივისტმა ნესტან ანანიძემ ბათუმის მეჩეთში მუსლიმებისთვის რამადან ბაირამის მისალოცად მისულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

დღეს, 10 აპრილს, მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ბათუმის ძველ მეჩეთში ლოცვის დასრულების შემდეგ ტრადიციულად მივიდნენ მთავრობის წევრები და მუსლიმებს მარხვის დასრულება მიულოცეს.

სწორედ მეჩეთში მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ყველა ის კითხვა დაუსვეს, რაც ბოლო პერიოდში დაგროვდა. მათ შორის ადიგენის მოვლენებზეც.

„რა ცოდვა გვაქვს ქვეყნის წინაშე, რა საფრთხედ განგვიხილავთ, რომ ერთი ფარატინა ფურცელი ვერ გაეცით. ჩვენ არ გვჭირდება ეს რემონტი ხულოში, არ გვჭირდება უფასო ავტობუსები, ფეხითაც მოვიდოდით აქ. ჩვენ გვჭირდება ბათუმში ახალი, ღირსეული სალოცავი სივრცე. ქართველ მუსლიმებს ამ ქვეყანაში სჭირდებათ ღირსეული სალოცავი სივრცე და ღირსეული აღიარება,“ – ამ სიტყვებით მიმართა აქტივისტმა ნესტან ანანიძემ თორნიკე რიჟვაძეს.

„ადიგენთან დაკავშირებით რა ხდება ბატონო თორნიკე?“ – გაისმა მეჩეთში შეკრებილი მრევლიდან კითხვა.

სამოქალაქო აქტივისტმა ნესტან ანანიძემ მეჩეთში მისულ თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვა

„კარგი, კარგი“ – ასეთი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პირველი რეაქცია.

თორნიკე რიჟვაძე ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა და ეცადა მწვავე კითხვებისთვის თავი აერიდებინა.

„პირველ რიგში ბაირამი მინდა მოგილოცოთ. მეტი მშვიდობა და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ამ ურთიერთპატივისცემის ფონზე გადაწყდება ყველა დაგროვილი საკითხი.

ახლა რაც შეეხება იმას, რომ ბევრი ხალხი მოდის ამ მეჩეთში, ეს კარგია და ღმერთმა გვიმრავლოს.

ასე ხდება სხვა სარწმუნოების სადღესასწაულო დღეებშიც. ეკლესიებში, სინაგოგებში, დღესასწაულებზე ძალიან ბევრი ხალხია.

ის საკითხი, რაც თქვენ დააყენეთ, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ის საკითხები დადებითად გადაწყდეს. ეს ჩხუბით, კამათით და გამოსვლებით არ გადაწყდება. ეს გადაწყდება ერთმანეთის სიყვარულით,“ – ასეთი იყო თორნიკე რიჟვაძის პასუხი აქტივისტის შეკითხვებზე.

რა დაგიშავეთ მუსლიმებმა, როდის აშენდება ბათუმში ახალი მეჩეთი? - მუსლიმი აქტივისტის კითხვები რიჟვაძეს

„7 წელია ველოდებით. 7 წელია ველოდებით მშვიდად. ახალი მეჩეთი მუსლიმებს და ღირსეული უფლებები ქართველ მუსლიმებს. ყველაზე მშვიდობიანები არიან ქართველი მუსლიმები ამ ქვეყანაში,“ – უთხრა პასუხად ნესტან ანანიძემ.

„ცალკე დაგელაპარაკები. ბაირამს გილოცავთ,“ – ამ სიტყვებით დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეჩეთი და მუსლიმი აქტივისტების კითხვებს აღარ უპასუხა.

მუსლიმი მრევლი წლებია ითხოვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას. წლების გასვლის მიუხედავად მუსლიმებმა მეჩეთის აშენების ნებართვა ვერ მიიღეს.

დღეს, 10 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის სხვა წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს რა პირობებში უწევთ ლოცვა მუსლიმებს. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის სხვა წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს რა პირობებში უწევთ ლოცვა მუსლიმებს. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის სხვა წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს რა პირობებში უწევთ ლოცვა მუსლიმებს. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მუსლიმების საბაირამო ლოცვა ღია ცის ქვეშ

რუსეთმა ომში სულ 450 ათასი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 450 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830]
  • ტანკი – 7 132 ერთეული [+22]
  • ჯავშანტექნიკა – 13 667 ერთეული [+47]
  • საარტილერიო სისტემა – 11 404 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 040 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 753 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 070 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 067 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 248 ერთეული [+67]
  • სპეცტექნიკა – 1 876 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 20 089 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 499 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 741 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 802 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 852 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„უკრაინის ცის დასაცავად საჭიროა 25 პატრიოტის სისტემა“ – ზელენსკი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„წინ აღვუდგეთ რუსულ ჭაობში შესვლას“ – ახალი მეჩეთის იმამი რუსულ კანონზე

„ქართულმა ოცნებამ“ უკან დააბრუნა რუსული კანონი განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მარტში „ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ მმართველმა პარტიამ პირობა დაარღვია.

„ბათუმელები“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებს აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით.

კითხვებით, თუ რას ფიქრობს ამ კანონის შესახებ, რა საფრთხეებს შეგვიქმნის მისი მიღება, რატომ უკეტავს ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის კარს და რატომ დააბრუნა მთავრობამ ეს ის განსახილველად, ბათუმის ახალი მეჩეთის იმამს, თამაზ მგელაძეს მივმართეთ.

იმამი ამბობს, რომ კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგება:

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს“, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში.

გასულ წელს კანონის მიღების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სხვებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროდ, ახლა განმეორებით შეიტანეს პარლამენტში იგივე კანონი და მხოლოდ შეცვალეს სიტყვა „აგენტი“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით. როცა ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ კანონზე, ეს ნათლად ჩანს ხელისუფლების დღევანდელ ქმედებებშიც.

მიუხედავად იმისა, საქართველოში კონსტიტუციით აღიარებულია აღმსარებლობის თავისუფლება, ის, რაც ხდება დღეს ადიგენში სწორედ ეს არის რუსული საქმე. საქართველოს ხელისუფლება ჩაგრავს განსხვავებული რელიგიის თუ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. ბათუმის თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის ნებართვის არგაცემის საკითხიც ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსული კანონით დააკანონოს ქვეყანაში ისეთი ნორმა, რომელიც ხელს უშლის და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროინტეგრაციას. საქართველოს არჩევანია თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ვერ წაგვართმევს, ვერც მოტყუებით და ვერც ძალადობით.

რუსულ კანონს აქვს ავტორიტარული ხასიათი და შეუსაბამოა დემოკრატიასთან და თავისუფლებასთან. ასევე, აზიანებს ჩვენს თავისუფალ არჩევანს და უსაფრთხო მომავალს. დღეს ჩვენ ვერავინ დაგვაბრმავებს, კარგად ვხედავთ რუსეთის გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ყველა გონიერ მოქალაქეს, წინ აღვუდგეთ ჩვენი მომავლის განადგურებას და რუსულ ჭაობში შესვლას” – ამბობს თამაზ მგელაძე.

ამავე თემაზე: 

„ოცნების“ მიერ დაწყებული ეს პროცესი ხაფანგია, რომელიც ქვეყანას გაანადგურებს – ელზა გურგენიძე

„ამ კანონის მიღება თუ დავუშვით, ქვეყანას აღარ ექნება პერსპექტივა“ – ოთარ ქათამაძე

 

როგორ ატყუებს „ოცნება“ ხალხს - „რუსულ კანონს“ აბრუნებენ

როგორ უნდა აუხსნა სტუდენტებს, რომ ერთი წლის წინანდელი განცხადების ამოყირავება ნორმაა – ლალი ანთიძე

ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია.

კითხვებით: რას ფიქრობს რუსულ კანონზე, რა პრობლემები შეიძლება შექმნას, რატომ დააბრუნა მმართველმა გუნდმა ეს კანონი განსახილველად და რატომ უკეტავს რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირის კარს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლალი ანთიძეს მივმართეთ.

„პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი მორალია. პოლიტიკოსის იარაღს სიტყვა, პირობა, საჯარო განცხადებები წარმოადგენს. ძნელია, იყო ლექტორი/მასწავლებელი, ახალი თაობის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების მონაწილე და ბოლოს და ბოლოს მოქალაქე, და გულგრილი დარჩე მსგავსი ქეისების მიმართ, რომელიც ბუნდოვანს ხდის ახალგაზრდებისა და ქვეყნის მომავალს.

ან როგორ უნდა აუხსნა მოსწავლეებს, სტუდენტებს, რომ ერთი წლის წინანდელი საჯარო განცხადებების ამოყირავება ნორმაა…

მართალია, ბევრჯერ გავმხდარვართ პოლიტიკოსების მხრიდან უტიფრად დარღვეული საჯარო პირობის მოწმე, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა.

დღეს, როცა ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან, როცა გეოპოლიტიკური რყევები ასეთი გლობალური გახდა და ამ პირობებში გვაქვს საოცრად მყიფე სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც ასე რეზონანსულია.

იმ პირობებში, როცა ქვეყანა მთლიანად მეგობარი ქვეყნების დახმარებით საზრდოობს (ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ მოიძიებთ ინფორმაციას, რომ ყველა გრანდიოზული თუ მცირე პროექტი აშშ-სა და ევროპული გრანტებით ხორციელდება), შეუძლებელია, უგულებელყო მეგობარი სახელმწიფოების ცალსახა უარყოფითი შეფასება, რომლებიც ღიად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადაიდგას ესოდენ დამღუპველი ნაბიჯი.

ნატოს გენერალური მდივნის და ევროკავშირის ქვეყნების უარყოფითი დამოკიდებულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი მგონია.

ძნელად წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებას არ ესმოდეს იმ ფასის მნიშვნელობა, რის გადახდაც ამ კანონპროექტის გაცოცხლებით მოუწევს. სწორედ ეს გარემოება აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, თუ რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან.

ისიც გაუგებარია, რატომ გახდა ყველაზე აქტუალური უკვე ერთხელ უკან გაწვეული კანონპროექტის დაბრუნება, როცა ასეთი უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში მოსახლეობის მასიური გადინების, უკიდურესი სიღარიბის პირობებში ფასების რეკორდული ზრდისა და განათლების დონის კატასტროფული მდგომარეობის ფონზე. უპრიანია, საზოგადოებას კი არ უხდებოდეს მისი მიუღებლობის დადასტურება, თავად ხელისუფლება უნდა ხსნიდეს, თუ რატომ გახდა აქ და ახლა ეს საკითხი აქტუალური.

არგუმენტი, რომელსაც სახელისუფლებო წრეებიდან ვისმენთ, ძირითადად ორ საკითხზე დაიყვანება:

1. სამოქალაქო სექტორისა და მედიების მუშაობის გამჭვირვალობა;

2. სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს მსგავსი კანონპროექტი.

მათ გაბათილებას არ სჭირდება დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ნებისმიერი უცხოური გრანტი ისედაც გამჭვირვალეა და სკრუპულოზური სიზუსტით ხორციელდება, დეკლარაციებიც ივსება. განსაკუთრებით საგანგაშოა მე-2 მუხლის 1 ა) პუნქტი, რომლის მიხედვითაც 20%-ზე მეტი დაფინანსების მიღების პირობებში ა(ა)იპ-ს ავტომატურად მოეთხოვება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება.

აგენტების გამოვლინება შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების პრეროგატივაა. აშშ-სა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოქმედი მსგავსი კანონებისგან განსხვავებით, ქართულ ვერსიაში არ არის დეკლარირებული ის საკითხები და ქვეყნები, რომლისგანაც უნდა მოხდეს პრევენციული თავდაცვა. ეს საკითხი იმდენად ბუნდოვანია, რომ დაინტერესების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იოლად არის შესაძლებელი მანიპულაციები, უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის გაჟონვაც კი.

მსგავსი პროცესები, როგორც წესი, სამოქალაქო ცნობიერების და მოქალაქეობის კულტურის ამაღლებას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თამაშის წესების ფორმირებას უწყობს ხელს. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების კეთილგონიერების და წინდახედულების. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევასაც რაციონალური ინსტრუმენტებით გაუმკლავდება”- ამბობს ლალი ანთიძე.

ამავე თემაზე: 

ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე 

ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი 

„ამ კანონის მიღება თუ დავუშვით, ქვეყანას აღარ ექნება პერსპექტივა“ – ოთარ ქათამაძე

„მთავრობა ყველანაირად ცდილობს, ქვეყანა დააშოროს ევროპას, მაგრამ მას არ შეუძლია წინ აღუდგეს ხალხის ნებას. მთავრობას არ უნდა მივცეთ ამ კანონის მიღების საშუალება“, – მიიჩნევს რეჟისორი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ოთარ ქათამაძე.

პირველ რიგში რეჟისორი „დასავლური მხარდაჭერის მარგინალიზებაზე“ ამახვილებს ყურადღებას, რის მიღწევაც „ქართულ ოცნებას“ სურს რუსული კანონის მიღებით.

„რამდენადაც საქართველო წინ წაიწევს, ევროპისკენ, ამ დროს იგონებს ხელისუფლება მსგავს სისულელეს. არადემოკრატიულ მმართველობას ხელს უშლიან სამოქალაქო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია, რომელიც ეხმარება საზოგადოებას მეტად ჩართულები იყვნენ. ასეთი მმართველობისთვის ინკუბატორია რუსეთი.

ამიტომაც, ნუ დაიბრალებს „ქართული ოცნება“, რომ სტატუსი მივიღეთ. ეს მიიღო საზოგადოებამ, ხალხმა, მთავრობა კი ვერ აღუდგებოდა ხალხის ნებას. ეს გადაწყვეტილება ჩვენს საზოგადოებას კარგა ხნის წინ აქვს მიღებული. დღეს 9 აპრილია და სიმბოლურად დაამთხვიეს ის, რომ რუსული კანონი ისევ შემოათრიეს პარლამენტში. ეს კოშმარი და სირცხვილია.

საქართველოში უკვე გაიზარდა თაობა, რომელმაც იცხოვრა დამოუკიდებლობაში, თაობა, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ შავი შავია და თეთრი – თეთრი. მთავრობა მოძველებული ხერხებით აზროვნებს. ახალგაზრდობა დღეს გაცილებით პროგრესულია და მათზე „ოცნების“ პროპაგანდა არ მუშაობს. მათი პროპაგანდა სავარაუდოდ უფრო ხანში შესული ადამიანებზეა გათვლილი.

„ქართული ოცნება“ მუდმივად ატყუებს საზოგადოებას, რამდენი ტყუილი შეიძლება გავიხსენოთ?

დღეს უპრინციპო და უღირსი მთავრობა მართავს ქვეყანას, მიჰყავს ჯურღმულისკენ. ამას საზოგადოება არ უნდა შეეგუოს. პირიქით, ახლა უნდა გამოვიდეს ყველა და დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე. ჩვენ ამ კანონის მიღება თუ დავუშვით, ხვალ აღმოვჩნდებით ქვეყანა, რომელსაც დაკარგული ექნება უკვე პერსპექტივა. მე ამ პერსპექტივის დაკარგვა არ მინდა,“ – უთხრა ოთარ ქათამაძემ „ბათუმელებს“.

მსახიობი საზოგადოებას ურჩევს ყურადღება მიაქციოს მთავარს: რუსული კანონი მოსწონს მხოლოდ კრემლს, დასავლეთში კი, იგი კატეგორიულად მიუღებელია.

„დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა და ფონდებმა გადაარჩინეს საქართველო, მილიარდობით დოლარი ჩაიდო ქვეყნის ტაძრების აღდგენიდან დაწყებული, ქუჩების, გზების მოწყობით, წყალსაცავებით, წყლის სისტემით… თითქმის ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში კეთდება, არის ევროპის ქვეყნების და აშშ-ს დაფინანსებით, ჩვენ თუ ამ დაფინანსების და მხარდაჭერის მარგინალიზება დავიწყეთ, ამ დაფინანსებას ვეღარ მივიღებთ. ამიტომაც, საზოგადოებამ კარგად უნდა გაახილოს თვალი და თქვას: აბა, რუსეთს რა გაუკეთებია საქართველოში სისხლის ღვრის და ტერიტორიების წაგლეჯის გარდა?

თუ დღეს ამაზე არ გვექნება რეაქცია, ეს აისახება ხვალ ჩვენს ჯიბეებზეც, გარდა იმისა, რომ კრიტიკული სიტყვა და მედია აღარ იქნება ქვეყანაში. ამ ქვეყანაში ისედაც არავის ულხინს და ჩვენი ზოგიერთი საკვები პროდუქტის ფასი ევროპის ქვეყნებში იგივე პროდუქტის ფასს უტოლდება. თანაც, იქ სამჯერ და ოთხჯერ ჩვენზე უფრო მაღალი ხელფასები აქვთ. ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში ვიყოთ, ეს ყველაფერი იქნებოდა დარეგულირებული და ასე, კორუმპირებული გზებით ვერ გამდიდრდებოდნენ მინისტრები, პარლამენტარები მილიონერები ვერ გახდებოდნენ და სახელმწიფოებრიობანას ვერ ითამაშებდნენ.

მარტო მუნიციპალურ აიპ-ებში რა ხდება? 300-300 ლარად დაასაქმეს ფორმალურად ადამიანები. სახელოვნები წრეებში შექმნილ აიპებშიც იმდენი შტატი შექმნეს, ბევრს ვერც კი ვიცნობთ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამათ მოყრიან,“ – გვითხრა ოთარ ქათამაძემ.

______________________________

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

ამავე თემაზე: 

რუსეთის დავალებებს ასრულებენ ყოველ ნაბიჯზე – მსახიობი მეგი კობალაძე რუსულ კანონზე

„ცდილობენ შექმნან მდგომარეობა, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი“ – პედაგოგი რუსულ კანონზე

„ოცნების“ მიერ დაწყებული ეს პროცესი ხაფანგია, რომელიც ქვეყანას გაანადგურებს – ელზა გურგენიძე

„ოცნების“ მიერ წამოწყებული პროცესი ქვეყნისთვის ხაფანგია, მცოცავი ქვიშა, რომელშიც მთელი საზოგადოება და საბოლოოდ, ქვეყანა გაეხვევა და განადგურდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ხელისუფლებამ ეს ცალსახად რუსული, ე.წ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღოს’’ – აცხადებს მწერალი ელზა გურგენიძე.

ელზა გურგენიძე, რომელიც პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში – „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“,  „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს კანონი ხელისუფლების მასობრივი რეპრესიების, დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაჩუმების, ოსტრაკიზმის, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებისა და დამორჩილების ინსტრუმენტია:

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ხელისუფლებამ ეს ცალსახად რუსული ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღოს.

„ოცნების“ მიერ წამოწყებული პროცესი ქვეყნისთვის ხაფანგია, მცოცავი ქვიშა, რომელშიც მთელი საზოგადოება და საბოლოო ჯამში ქვეყანა გაეხვევა და განადგურდება.

ეს კანონი ხელისუფლებისთვის მასობრივი რეპრესიების, დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაჩუმების, ოსტრაკიზმის, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინების და დამორჩილების ინსტრუმენტია. მისი მიღებით პრაქტიკულად დაუცველი რჩება ადამიანის უფლებები და, შესაბამისად, თითოეული ადამიანი რეპრესიული რუსული რეჟიმის პირისპირ.

რუსული კანონი ასევე გაანადგურებს ისეც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ დამოუკიდებელ მედიას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოური ფონდების დახმარებით არსებობს. საზოგადოება დარჩება სახელისუფლებო და ოლიგარქიული მედიების პირისპირ, რაც თავისთავად საბოლოოდ გაანადგურებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

პუტინის რუსეთში ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებები 2012 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად იქცა ტერორისა და ეგზეკუციის საშუალებად კრემლის ხელში. დღეს ამ პროცესს ეპიდემიის სახე აქვს მიღებული პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე (ყაზახეთი, უზბეკეთი), სადაც რუსეთი თავის გავლენებს აძლიერებს და სადაც დაუშურებლად აფინანსებს მეხუთე კოლონებს.

წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გველოდება და მედიის თავისუფლებას, საზოგადოებაში თავისუფლების განცდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დაუშვებელია საარჩევნო ურნასთან შეშინებული, არაინფორმირებული და სახელისუფლო მედიის მიერ დაზომბირებული მოქალაქე მივიდეს.

არ უნდა მოგვატყუოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ. ეს გადაწყვეტილება ევროპამ ჩვენი ხელისუფლების არაადეკვატური ნაბიჯების მიუხედავად და არა  წყალობით მიიღო. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა თავიდან ავიცილოთ რეალური რუსული სრული ოკუპაციის საფრთხე ამ გადამწყვეტ ეტაპზე, ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტში არასწორ ადგილას არ აღმოვჩნდეთ და ხელიდან არ გავუშვათ ჩვენი ისტორიული შანსი, დავბრუნდეთ ევროპაში, ევროპულ ღირებულებებში და ცივილიზაციაში.

არავის გვაქვს პასუხი და ახსნა, თუ რატომ აბრუნებს ხელისუფლება რუსულ კანონს ხელახლა, რადგან „კიდალა“ ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, ჩრდილში დგას, ხოლო თანამდებობებზე დანიშნული მარიონეტები მდინარაძე-კობახიძის სახით არაფერს წყვეტენ და, დარწმუნებული ვარ, არც თვითონ იციან ამ კითხვაზე პასუხი.

მოდი, ვთხოვოთ, კითხონ ივანიშვილს – Почему ты опать нас кинул, батя?“

  • რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს.

ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.

_____________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

ამავე თემაზე:

ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე 

„ოცნებამ“ შექმნა დაძაბულობა იმ დროს, როცა ქვეყანა ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს – ბერძენიშვილი

„ჩვენ ისევ ჯიუტად გამოვალთ აქ, სანამ არ მივაღწევთ მიზანს“ – რატი ამაღლობელი

დღეს, 9 აპრილს, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქცია 18:00 საათზე დაიწყო. მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან.

აქციას შეუერთდა პოეტი რატი ამაღლობელი.

„საქართველოს დამოუკიდებლობა დგას ჩვენი თანამოქალაქეების მსხვერპლზე. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ისტორიის ყველაზე ჭეშმარიტი ამბების გამეორება გვიწევს.

საქართველო 200 წელია იბრძვის დამპყრობელი რუსეთისგან გასათავისუფლებლად. დღეს ჩვენ მათი ღირსება, მათი ბრძოლა უნდა დავიცვათ.

დღეს, 9 აპრილს ისევ, ჩვენ ვართ ამ გამოწვევის წინაშე, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, დავიცვათ ამ დამოუკიდებლობისთვის დაღვრილთა ღირსება. ეს არის თავისუფალი საქართველო, ეს არის საქართველო ევროპაში. საქართველო თავისუფალ სამყაროში.

ეს არის ალბათ ციკლური ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოსადმი, ქართული კულტურისადმი,  მისი თავისუფლებისადმი. ეს ბრძოლა სულ არის და ამ ბრძოლაში, როგორც ჩანს, ყველა თაობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

1998 წელს იმ თაობამ თავისი შრომა, ოფლი და სისხლი ჩადო. როგორც ჩანს, ახლა ჩვენი ჯერია, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ამბავი. შარშან გვქონდა მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც ქართველი ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდა.

მაგრამ ამ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი მორალი. არანაირი სიტყვა, არანაირი სინდისი. ჩვენ ისევ ჯიუტად გამოვალთ აქ, სანამ არ მივაღწევთ მიზანს“, – თქვა რატი ამაღლობელმა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში.

______________

ფოტოზე: რატი ამაღლობელი/კადრი ვიდეოდან

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, 9 აპრილს, თბილისში, საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა საპროტესტო აქციაზე. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არა მარტო ეს კანონპროექტია რუსული, არამედ თავად ხელისუფლებაც რუსულ ინტერესებს ატარებს.

„დიახ, ეს კანონი ნამდვილად არის რუსული და ეს ხელისუფლებაც ნამდვილად არის რუსული, ამ შინაარსით“ – ამბობს აქციაზე მყოფი ნანა მალაშხია, ქალი, რომელიც გასული წლის მარტის აქციებზე, წყლის ჭავლის წინ იდგა ევროკავშირის დროშით და რუსულ კანონს აპროტესტებდა.

„ხედავთ, რამდენი ადამიანია გამოსული ქუჩაში, ჩვენ აი, ამ ბავშვების უკეთესი მომავლისთვის ვართ გამოსული და 35 წლის შემდეგ ისევ გვიწევს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, მაგრამ ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით რუსეთს – „არა!“ და ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილად.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპაში“ – ამბობს აქციის მონაწილე ქალი.

„დღეს 9 აპრილს, როდესაც ამდენი ადამიანი შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას, სიმბოლურია, რომ ისევ ამდენი ხალხი გამოვიდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, ევროპული მომავლისთვის. აი, ეს არის ქართული საზოგადოება, რომელიც არ დაუშვებს რუსულ კანონს არასდროს“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

„ჩვენი მიზანია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ახლა რა კანონსაც განიხილავენ, ეს არის ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართული, რომელიც გვავნებს. არა მავნებელ მთავრობას“- ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.

„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა არ უნდა შევაჩეროთ“- ამბობს აქციაზე მყოფი ლაზარე გრიგორიადისის დედაც.

აქციის მონაწილეთა განცხადებით საზოგადოება არ შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას.

  • რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს.

ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.

_________________

ფოტო: ნეტგაზეთი

 

„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს.

ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.

„ბათუმელები“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებს აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით.

„არა რუსულ კანონს!“ – ამბობს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე [ჟან მონეს პროფესორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟან მონეს მკვლევარი, რობერტ შუმანის ცენტრი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი, ფლორენცია, იტალია].

„ტყუილია, ეს კანონი არ ემსახურება გამჭვირვალობას. ამ კანონის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ცალკეული თავისუფალი პირების კონტროლი.

უცხოელი პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, რათა საბოლოოდ გამოვიდეს საბჭოთა, ავტორიტარული წარსულიდან და გადაიქცეს დემოკრატიულ, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოდ.

ერთადერთი სექტორი, რომელსაც დღეს მთავრობა ვერ აკონტროლებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. კანონის მიზანია ამ ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვა და საბოლოოდ მათზე კონტროლის დამყარება. სხვა ახსნა არ არსებობს, როცა კანონი ყოველგვარი გამონაკლისის გარდა, საქმიანობის სფეროს მიუხედავად, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს.

ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება სამართლის ელემენტარულ პრინციპებს და მხოლოდ რუსეთში მოქმედებს, სადაც, მისი მიღების შემდეგ, დამოუკიდებელი ორგანიზაციები დაიხურა და ცალკეულმა პირებმა დატოვეს ქვეყანა.

გახსოვთ, 2022 წელს მთავრობას არ სურდა განაცხადის წარდგენა, 2023 წელს ელოდა, რომ საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ხოლო მას შემდეგ რაც ასე არ მოხდა, პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის. სხვაგვარად ვერ შევაფასებ ამ მოქმედებას.

მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ქვეყნის ეროვნულ მიზანს და ევროკავშირის სამართალს. ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკომისიის ბოლო რეკომენდაციებს და აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასვლას.

თავად ევროკავშირმა გააუქმა მსგავსი კანონი უნგრეთში, სადაც მთავრობამ კონტროლი დაამყარა კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ქვეყნიდან გააგდო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი.

არავინ იფიქროს, რომ იგი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ეხება. საბოლოო ჯამში, ეს კანონი შეგვეხება ყველას, როცა ქვეყანაში აღარ იარსებებს დამოუკიდებელი, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები, მთავრობის კონტროლისგან დამოუკიდებელი დაფინანსებით საქმიანობის შესაძლებლობა. ჩვენ ამ დროს დავბრუნდებით საბჭოთა და რუსულ სახელმწიფოში.

ჩემი პერსპექტივიდან ასევე გეტყვით, რომ ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ვისი კრიტიკული პოზიცია მნიშვნელოვანია ამ კანონის წინააღმდეგ. დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ყველაფერს მთავრობა აკონტროლებს. ამ დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დაფინანსება ევროკავშირისგან. მაგალითად, „ერაზმუს +“ პროგრამა სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, რომელიც მოიცავს ასევე ჟან მონეს პროგრამებს ევროკავშირის სწავლებისა და კვლევისთვის.

ეს არის დიდი შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის გარეშე არ იქნებოდა. მისი წყალობით, თითქმის ყველა კვირაში მოგზაურობენ პროფესორები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ძალიან მცირე ნაწილმა გამოხატა საჯაროდ პოზიცია ამ კანონის წინააღმდეგ. „ერასმუს +“ პროგრამა რუსეთში აღარ მოქმედებს, რადგან საბოლოოდ ეს ქვეყანა მსგავსი კანონების მიღებით დიქტატურად და აგრესიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

გსურთ რუსეთის ტიპის ქვეყანაში ვიცხოვროთ? ალბათ არა. ამიტომ შევეწინააღმდეგოთ როგორც გასული წლის მარტში. ნუ გავხდებით ჩამორჩენილი რუსეთი, ჩვენი ადგილი განვითარებულ ევროპაშია!“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

თურქეთში რეკორდული რაოდენობის, 850 კგ ჰეროინი ამოიღეს – მედია

თურქმა სამართალდამცავებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყის საზღვართან, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რეკორდული რაოდენობის, 850 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.

თურქული გამოცემის, dailysabah-ის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის ჰეროინი, რაც ერთი სპეცოპერაციით თურქეთის სახელმწიფოს სასაზღვრო პუნქტებზე ამოუღიათ.

სამინისტროს მიერ 28 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურმა საბაჟოს ინსპექტირებისას „სარისკო“ სატვირთო მანქანა აღმოაჩინა. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა 850 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო ღირებულება 1,3 მილიარდ ლირას (40,1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

თურქული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას სამინისტროს ბოლოდროინდელ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სტამბოლში, იზმირში, ვანსა და ართვინში სამართალდამცავებმა 140 მილიონი ლირის ღირებულების ნარკოტიკი და კონტრაბანდული საქონელი ამოიღეს. აქედან 85 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება სტამბოლის პენდიკის პორტიდან და 36 კგ (კანაფი და კოკაინი) – სტამბულის აეროპორტიდან.

__________________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

ბრალდებული 4 ადამიანს იძულებით ამუშავებდა ფერმაში – შსს

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს ინფორმაციით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა.

„ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა.

ბრალდებული ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული მათ ფერმაში მუშაობასთან.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ, ან ის უკმაყოფილო დარჩებოდა შესრულებული სამუშაოთი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა“ – იუწყება შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ცდილობენ შექმნან მდგომარეობა, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი“ – პედაგოგი რუსულ კანონზე

„იმ ყველაფრის ფონზე, რაც შარშან გადაიტანა ამ ქვეყანამ, პირველი რეაქცია, რაც მქონდა ამის გაგებაზე, რომ დააბრუნეს რუსული კანონი, ერთგვარი ცივი წყლის გადასხმა იყო, თან იმ ეიფორიის ფონზე, როცა ჩვენი ნაკრების გამარჯვებას ვზეიმობდით.

შემეშინდა იმისიც, რომ მიუხედავად იმისა, იციან როგორი რეაქცია მოჰყვება ამას ხალხისგან, მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი. ესე იგი რაღაც უარესისთვისაც არიან მზად.

მგონია, რომ უფრო საშიშ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ მათგან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, სოფო გოგოხია რუსული კანონი დაბრუნებაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ძაფის გაგლეჯას ცდილობს, რაც ევროპასთან გვაკავშირებს.

„ცდილობენ მაქსიმალურად ისეთი მდგომარეობა შექმნან, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი, რომ შემდეგ ოცნებაც აღარ შეიძლებოდეს ევროკავშირზე.

„არ გვაპატიეს, ვერ მოინელეს შარშანდელი მარტი.

ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ, რომ რაღაც ამდაგვარი გაეკეთებინათ. ალბათ ძალიან შეეშინდათ ამ დღეებში ჩვენი ზეიმის, რადგან კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროპას და არიქა…

ყველანაირი ძაფის გაგლეჯის მცდელობა აქვთ, რომ მაქსიმალურად დაგვაშორონ ევროპას. ყველანაირად ეცდებიან უკან დაგვხიონ.

პრინციპში მოსალოდნელი იყო ეს მათგან, რადგან მაშინ ძალიან მოულოდნელად, უცებ წაიღეს უკან კანონპროექტი, მაგრამ, როგორც ჩანს, რევანშისთვის მოემზადნენ, ეს იმდენად რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს.

ერთი მხრივ, ძალიან მეშინია იმის, რომ რაც მეტია წნეხი, მეტია წინააღმდეგობაც. ეს თაობა, ახალი და ძველიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. პრინციპში, სტატუსის მოცემის წამიდანვე ვიცოდით, რომ რაღაც ასეთ ნაბიჯებს გადადგამდა ხელისუფლება, რომ ამ სტატუსს დავშორებოდით“, – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი თქმით, ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს.

„ეს ბრძოლა დიდხანს არ დამთავრდება, რადგან საბოლოო შედეგებამდე ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლაა გადასახდელი, რადგან საქართველოს რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“.

სიმბოლურია ისიც, რომ ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ვერ მოიძებნა თანხები გელათის აღსადგენად. გელათი, რომელიც არის ჩვენი დასავლეთისკენ სწრაფვის, ძლიერი საქართველოს სიმბოლო, უპატრონო და მიტოვებულია.

ეს ხელისუფლება რუსეთის დავალების შესასრულებლად მოვიდა. შარშან მარტში კარგად ვერ შეუსრულა ჩრდილოეთს დავალება და გასაგებია, რომ ახლა ყველანაირად ეცდება ათოსანი მოსწავლე იყოს და აკეთოს რუსული საქმე“, – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი თქმით, ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს თუ დააჯერებენ, რომ რუსული კანონი „გამჭვირვალობისთვის“ სჭირდებათ.

„მარტშიც და შემდეგ დღეებშიც იმდენი დაიწერა, იმდენი ითქვა, იმდენად განიმარტა წერტილ-წერტილ, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული და თუ იმავეს განმეორება გახდებოდა საჭირო არ გვეგონა ალბათ.

გასაგებია ხელისუფლებას რა უნდა, მაგრამ ახლა ჩვენ, მოქალაქეებმა, ერთმანეთს უნდა ავუხსნათ კარგად, გავაგებინოთ ნაცნობებს, კოლეგებს, მეგობრებს – ყველას, რომ არ წამოეგონ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდაზე.

დასავლეთიდან შემოსული გრანტების 80 პროცენტს სახელმწიფო ხარჯავს და არც არავინ იცის, რეალურად რას ხმარდება ეს ფული. აი, ეს გაამჭვირვალოს ხელისუფლებამ. ედავებიან სხვას იმას, რასაც თავად არ აკეთებენ. თვითონ სად მიაქვთ ეს თანხები, გრანტები, ამაზე არ აქვს საზოგადოებას ინფორმაცია.“

სოფოს თქმით, რუსული პროპაგანდის ნაწილია ქვეყნის მარტოდ დატოვების და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა.

„კიდევ შემოგვიგდეს პროპაგანდა, რომ „აი ჩვენ არავინ გვჭირდება“, არც დასავლეთი და არც რუსეთი. დასავლეთის გარეშე, მეგობრების გარეშე დარჩენილებს, იცით ალბათ, რაც მოგვივა და ვისი ლუკმა გავხდებით.

თუ მარტოდ დავრჩებით, გადაგვსანსლავს ვეშაპი ჩრდილოეთიდან. და რატომ არის ამ ქვეყანაში სულ იმაზე სალაპარაკო, ვინ არის მტერი და რა ვერ გავიგეთ ერთხელ და სამუდამოდ.

ბოლოს და ბოლოს გადახედონ რა ხდება რუსეთში და იგივე რომ უნდათ ამათ ჩვენთვის ამის მიხვედრას რა უნდა? ყველა მარტივად მიხვდება ოდნავ მაინც თუ დაფიქრდებიან.

ჩვენ გვჭირდება იმათთან ყოფნა, ვინც დაგვეხმარება წინსვლაში, განვითარებაში.

მთავარია, ვიყოთ ერთად. ის ერთიანობა გადაგვარჩენს, რამაც მარტში გადაგვარჩინა.

მაინც მგონია, რომ გავუმკლავდებით, 9 აპრილის მსხვერპლთა სახელზე უნდა შევძლოთ ბოლომდე დგომა, გავაგრძელოთ ის გზა თავისუფლებისკენ, მათ რომ დაიწყეს.

ერთ მშვენიერ დღეს – და ეს დღე უმშვენიერესი იქნება საქართველოს ისტორიაში –  რუსული სამხედრო ხომალდი ჩაიძირება და თან გაიყოლებს ბოროტების იმპერიას.

მთავარია, ჩვენ ვიყოთ ერთად და არ დავიხიოთ უკან. არა, არა, არა და არა რუსულ კანონს, რუსულ მთავრობას და დამპყრობლურ, დამპალ, საზიზღარ რუსულ იდეოლოგია. არა მის ყველა გამავრცელებელს!“

ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე

„ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია“, – ამბობს ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გუშინ, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ რუსული კანონის განხილვა ჟურნალისტების საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.

ნანა ტრაპაიძე, ფილოლოგიის დოქტორი და ბსუ-ს პროფესორია მიიჩნევს, რომ ეს კანონი „გამოიწვევს დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას“.

„ვფიქრობ, ნებისმიერი მოქალაქისთვის საკითხი უნდა იდგეს ასე: რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, ხელყოფს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამით ხელში აქვს პოლიტიკური მანიპულაციის ბერკეტი.

ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ რუსეთმა პოლიტიკური ბერკეტები დაკარგოს. ამისთვის ჩვენ ჩვენი პოლიტიკური მექანიზმები უნდა გავაძლიეროთ. ამ საქმეში უპირველესია საკანონმდებლო ბერკეტი.

ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია და მიღებულია მისი გავლენის ქვეყნებში. იგი შეაფერხებს ურთიერთობას და აბუნდოვანებს პოლიტიკურ კურსს დასავლეთთან, რომელთანაც ვალში ვართ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნაში მიღებული კოლოსალური წვლილის გამო.

ამ კანონის მიღება ნიშნავს რუსეთის, როგორც პოლიტიკური საფრთხის უგულებელყოფას, ლახავს ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯს. მისი მიღება გამოიწვევს დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას იმ მექანიზმების დისკრედიტაციის გზით, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში ევროინტეგრაციის კონკრეტულ სიკეთეებს – თავისუფალ სიტყვას, მრავალმხრივ დასავლურ მხარდაჭერას, რომლითაც ქართული საზოგადოება სარგებლობს“.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს განაცხადა, რომ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას. ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და მმართველმა პარტიამ საჯარო პირობა დადო, რომ რუსულ კანონს აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა მთავრობამ პირობა დაარღვია.

___

ამავე თემაზე: „ჩვენ, ქართველ ხალხს ვინ უნდა ჩაგვიგდოს ენა, ხელისუფლებამ?“ –

ლადო აფხაზავა რუსულ კანონზე

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა:

YouTube video player

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

„9 აპრილით მიღწეულსაც ვკარგავთ, ოცნება ისევ წუმპეში მიგვათრევს“ – მოქალაქე რუსულ კანონზე

„მიღწეულსაც ვკარგავთ, ისევ წუმპეში მიგვათრევენ,“ – მიიჩნევს ბათუმში მცხოვრები ვაჟა თავართქილაძე. აქტიურ მოქალაქეს, რომელიც 9 აპრილის მოვლენებშიც ჩართული იყო, ვკითხეთ: რამდენად ანადგურებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეას რუსული კანონის მიღება საქართველოში? ეროვნულობას და ევროპულობას შორის არის თუ არა ტოლობის ნიშანი?

ვაჟა თავართქილაძე ის მოქალაქეა, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე  2023 წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“. კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის იგი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მოქალაქე პროტესტის გამოხატვისთვის რომ უკანონოდ დაჯარიმდა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა.

მოგვიანებით ვაჟა თავართქილაძემ წინასაარჩევნო პერიოდში საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდა გააპროტესტა იმ ფონზე, როცა სკოლებში მოსწავლეებს შიათ. ამჯერად საშაურმის ვიტრინაზე ახალი წარწერაა: „არა რუსულ კანონს, არა მონობას“.

„ეს აისახება ჩემს ერზე, ჩემი ქვეყნის მომავალზე,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე რუსული კანონის შესახებ, – „ამისთვის ვიბრძოლე 45 წელი, რომ წუმპედან ამომეთრია ქვეყანა… ისევ უნდა ვიყოთ უფლებააყრილი, როგორც, მაგალითად, 1978 წელს იყო, როცა დედაენის დასაცავად ვიბრძოდით, ვიბრძოდით ერთპარტიული ქვეყნის წინააღმდეგ? ისევ უნდა ვიბრძოლოთ კორუმპირებული მთავრობის, პოლიციის და სასამართლოს წინააღმდეგ?

რუსული კანონი 9 აპრილთან კავშირი არის პირდაპირი: მაშინ პირდაპირ ნიჩბებით ჩაგვჩეხეს, არ გვაძლევდნენ გამოხატვის საშუალებას, სწრაფვას თავისუფლებისკენ, დღეს ეს შეფარულად ხდება, ჰიბრიდულად… ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გვიჭრიან სასუნთქ მილებს.

თავისუფლება იყო მიღწეული დიდი ტკივილის შედეგად… რა მივიღეთ შედეგი? მხოლოდ ტრაგედია, დაზარალებული ხალხი, რომელსაც პატივსაც არ მიაგებენ ნორმალურად. 9 აპრილი იყო გამოღვიძება, აზრზე მოსვლა, იმედი, აღტყინება, ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის.

სულხან-საბა ორბელიანი და ჩვენი წინაპრები მიხვდნენ, რომ ჩვენი შველა და ხსნა, უსაფრთხოება არის ევროპა, ევროპისკენ გავკვალეთ გზა… ვიქტორ ჰიუგოს სიტყვები მინდა გაგახსენოთ, რომ მარტოობის სინონიმი სიკვდილია. ჩვენი მარტო ყოფნა არ შეიძლება, მით უფრო მაშინ, როცა მეზობლად გვყავს ძლიერი, ავტორიტარული რეჟიმი და მას ძალიან ძლიერი მადა აქვს შენს დასაპყრობად,“ – მიიჩნევს ვაჟა თავართქილაძე.

9 აპრილის მიღწეულს ვკარგავთ, ოცნება ისევ წუმპეში მიგვათრევს - მოქალაქე რუსულ კანონზე

„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის მარტში პირობა დადო, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნებდა. რას აჩვენებს ხელისუფლებისგან პირობის დარღვევა და საზოგადოების მოტყუება?

„ეს ამტკიცებს, რომ ის რუსეთუმე მთავრობაა, რუსეთივით მერამდენეჯერ დებს ხელშეკრულებებს, რომელსაც შემდეგ ფეხქვეშ თელავს… რუსეთმა ჩვენ ასე დაგვიდო ხელშეკრულება დამოუკიდებლობაზე, აფხაზეთში მორიგებაზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე. რუსეთი ხელშეკრულებებს არ ასრულებს არამხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არც სომხეთთან ასრულებს, არც მოლდოვასთან. რუსეთი არასოდეს ასრულებს საკუთარ სიტყვას, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს.

ევროპა კი არის განვითარების, წინსვლის პერსპექტივა, შრომის უსაფრთხოების გარანტი, უზრუნველყოფილი სიბერე, მაღალი ხელფასები, არაკორიმპირებული მთავრობა, არამარიონეტული, არამოსყიდული მოსამართლე,“ – უთხრა ვაჟა თავართქილაძემ „ბათუმელებს“.

რას ეტყოდა მოქალაქე ხელისუფლებას, რომელიც რუსული კანონის მიღებას აპირებს?

„ხელისუფლება არაფერს წყვეტს, ეს ყველაფერი წყდება ბორინკა ივანოვის მიერ, იგი პუტინის სამსახურშია ჩაბმული, გამომდინარე თავისი სიმდიდრიდან.

რუსეთის საჯიჯგნი ვხდებით, პირდაპირი საფრთხის ქვეშ, ჩვენი ოკუპაცია გრძელდება, ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღე იტაცებენ ხალხს, გლეხებს, მშრომელებს, თუ ვინმე გააპროტესტებს, იმასაც საფრთხე ემუქრება. ეს კანონი გვაბრუნებს უკან, ტოტალიტარულ რეჟიმში, სადაც უფლებები აყრილი გვქონდა, ჩაკეტილი ვიყავით და ვცხოვრობდით კორუმპირებული ცხოვრებით…

ჩვენ ვკარგავთ აზრის, გამოხატვის თავისუფლებას, პრესას, ტელევიზიას, გავხდებით სამართავები, ხმის ამოღების შემთხვევაში, დაგვბრალდება აგენტობა – გვირაბი გათხრილია უკვე ლონდონიდან ბომბეიმდე, ახლა დაგვაბრალებენ ალბათ კეიპტაუნიდან კატმანდუმდე,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე.

„დინამო ბათუმმა“ 2-0 დაამარცხა თბილისის „დინამო“

წუხელ, 8 აპრილს, ბათუმში, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერი „დინამო ბათუმი“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა.

გოლები ონორე გომისმა და ლევან კუტალიამ გაიტანეს.

ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში გასული 7 ტურის გათვალისწინებით, 6 მოგებითა და ერთი მარცხით პირველ ადგილს „დინამო ბათუმი“ ინარჩუნებს (18 ქულა), მეორე ადგილზეა გორის დილა, რომელსაც 5 მოგება, ერთი ფრე და ერთიც წაგება აქვს (16 ქულა).

შემდეგ ტურში, 12 აპრილს, გორში სწორედ „დინამო ბათუმი“ და გორის „დილა“  დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ მატჩის შედეგი გადაწყვეტს, ეროვნული გათამაშების ბოლო, მე-9 ტურს რომელ ადგილზე შეხვდებიან გუნდები.

___

მთავარი ფოტო: არჩილ ჩიქოვანის ფეისბუქგვერდიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 449 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
  • ტანკი – 7 110 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 13 620 ერთეული [+45]
  • საარტილერიო სისტემა – 11 386 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 039 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 753 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 033 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 065 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 181 ერთეული [+71]
  • სპეცტექნიკა – 1 868 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 19 917 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 499 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 732 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 753 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 791 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„უკრაინის ცის დასაცავად საჭიროა 25 პატრიოტის სისტემა“ – ზელენსკი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეს კანონი შეეხება ნებისმიერი პროფესიის და ასაკის ადამიანს“ – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე

20 წლის ილია აბულაძე სტუდენტია. ის ბსუ-ში ევროპისმცოდნეობის მიმართულებით სწავლობს. მან და რამდენიმე სტუდენტმა რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობისას, გასულ წელს, დისკუსია გამართეს უნივერსიტეტში თემაზე – „რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი”. ილია ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად აპროტესტებდა რუსული კანონის მიღებას 2023 წელს და ახლაც იმავეს აპირებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. ილია გვიყვება, რომ როცა ამ კანონის შემობრუნების შესახებ გაიგო საზღვარგარეთ „ერასმუს+“ პროგრამით იყო. „როგორია, როცა იგებ, რომ ასეთი შესაძლებლობების ჩახშობას გიპირებს ვინმე?“ – ამბობს ილია.

  • გქონდათ მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი გადათქვამდა თავის სიტყვას და ისევ მოაბრუნებდა ამ კანონს?

მოლოდინი მქონდა, თუმცა არ ველოდი, რომ ამდენად მალე გააკეთებდნენ ამას, თან არჩევნების წინ. ემოციური ფონი შეგვირჩიეს, ფეხბურთში გამარჯვება.

პირველ რიგში გატესტეს ქართველი ხალხის, ახალგაზრდების ხასიათი, თუ რას გავაკეთებდით მეორე ჯერზე.

ამ ხალხთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა რომ მქონოდა, ალბათ არაფერს არ ვეტყოდი, იმიტომ, რომ არა მგონია რაიმეს თქმას აზრი ჰქონდეს იმ ადამიანთან, რომელიც საკუთარ ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს, თანამემამულეებს სახეში აფურთხებს და ატყუებს.

არ უნდა მივაღებინოთ ეს კანონი. დარწმუნებული ვარ, რომ წელს რეალური შედეგებით წააგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“.

საქართველოს, ახალგაზრდებს არაერთხელ უპასუხიათ ეროვნული გამოძახილისთვის, მათ შორის 9 აპრილს, 1991 წელს, 2003 წელს – ვარდების რევოლუციის დროს, 2012 წელს და ვფიქრობ, რომ ახლაც უპასუხებენ ამ გამოძახილს. ავხმაურდებით და აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს.

ამ კანონის მიღება უკან გადადგმულ ნაბიჯებს ნიშნავს, თავისუფალი სიტყვის წართმევას, კრიტიკული მედიის არ ქონას, განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევას, დაფინანსებების შეწყვეტას.

  • ქართულმა ოცნებამ კიდევ მოატყუა ხალხი და შემოაბრუნა რუსული კანონი. რა უნდა გააკეთოს ხალხმა, ვინც ერთი წლის წინაც ძალიან გააბრაზა ამ კანონმა და თავად როგორ ხედავ ამ პროცესში საკუთარ თავს?

ჩვენ ისევ გვაქვს პროტესტი და შევუერთდებით საპროტესტო აქციებსაც. როგორც ერთი წლის წინ ეროვნულ გამოძახილს ვუპასუხეთ, გავედით გარეთ და ჩავაგდეთ ეს კანონი, ისევ იმას გავაკეთებთ და თან უფრო ეფექტურად. ამჯერად უფრო მძიმედ დავარტყამთ მთავრობას და წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დაუვარდებათ რეიტინგი, გამოჩნდება მათი ნამდვილი სახე, რაც კარგი იქნება ჩვენთვისაც.

  • შენთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, რატომ არის ეს კანონი საფრთხის შემცველი?

ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ეს კანონი ძალიან შემაფერხებელია.

დიდი ალბათობით მომავალში მე მექნება ორგანიზაცია, ავიღებ დაფინანსებას ევროკავშირისგან ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვიზრუნებ ახალგაზრდების განათლებისთვის და განვითარებისთვის. არამარტო მე, არამედ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ნებისმიერი მიზნით, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ექნება დაფინანსება, ან თუნდაც ძაღლების თავშესაფრის აშენება უნდოდეს, ჩაითვლება აგენტად.

ამ კანონს იმაზე უარესი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენზე და ჩვენთან, ვიდრე რუსეთში, სადაც არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აღარ არსებობს. დავკარგავთ განსხვავებული აზრის ქონის უფლებას, შეხედულებების მრავალფეროვნების, რაც ავითარებს სახელმწიფოს.

ამბობენ, რომ ეს კანონი შეეხება მხოლოდ ორ სპექტრს, მედიას და ენჯეოს, თუმცა ეს კანონი შეეხება ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს.

  • ჩვენ ვიცით, რა უქნა რუსულმა კანონმა სიტყვის თავისუფლებას რუსეთში. თქვენი აზრით, ამ კანონის შემობრუნება ხომ არ არის ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხის შექმნის გამიზნული მცდელობა?

დიდი ალბათობით, ესაა. ხშირად აპელირებენ, რომ მსგავსი კანონი აქვს ბრიტანეთს, საფრანგეთს და ევროპის ქვეყნებს. აქ განსხვავება ის არის, რომ მათი ეს კანონი არ ვრცელდება ევროკავშირს ქვეყნებზე. ამ კანონში წერია, ვინ არის მტერი სახელმწიფო. რუსეთი რომ ეწეროს ამ კანონში, უარს არ ვიტყოდით. რუსეთიდან დაფინანსებული ყველა ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩაითვალოს სახიფათოდ.

  • გასულ წელს, ბსუ-ს ბევრი სტუდენტი გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ. როგორი მოლოდინი გაქვთ, წელსაც გვექნება ბსუ-ს სტუდენტების აქციები?

სამთავრობო წრეები აქტიურად ცდილობენ დააშინონ და ამით დამოუკიდებლობა შეაცვლევინონ სტუდენტებს, თუნდაც ნათესავების გამო არ გამოვიდნენ სტუდენტები აქციებზე, არ გააპროტესტონ ღიად და ა.შ. იმედიანად ვარ, რომ მიუხედავად ამისა, ბევრნი ვიქნებით.

 

„სროლების დროს რა იქნება?“ – გენერალი ახალ აეროპორტზე ვაზიანში, სადაც ნატოს საწვრთნელი ბაზაა

„რუსებს რომ არ ეხატებოდათ გულზე, ცნობილია. ეს რომ გადაკეთებულიყო ნატოს თვითმფრინავების მიღების ადგილად, არც ეს დაეხატებოდათ,“ – გვითხრა გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე ორჯერ იყო და პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს, 8 აპრილს გაჟღერებულ სიახლეზე ვესაუბრეთ: მთავრობა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მოწყობას აპირებს.

ვაზიანში სამხედრო ბაზაა, სადაც ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში წვრთნები ტარდება. აქვეა პოლიგონიც, რასაც გადამდგარი გენერლის აზრით, ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე.

„სამხედრო ბაზა და საავიციაო ბაზა იქ იყო ყოველთვის და გადაკეთებას ბევრი არაფერი დასჭირდება. გადაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე თავიდან აშენება. იგივე რუსეთის ფაქტორი შესაძლებელია გასათვალისწინებელი იყოს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.

ის მოცემულობაზე გვესაუბრება, რასაც სამხედრო ბაზის და აეროდრომის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა შექმნის.

„…იქ ჯდებოდა თვითმფრინავები, დიდი რაოდენობით არა, მაგრამ როცა ჩვენი კონტიგენტი ავღანეთიდან ჩამოჰყავდათ, ან როცა ნატოს წევრი ქვეყნებიდან მიფრინავდნენ ავღანეთში, შუალედური აეროდრომი იყო ეს. აეროდრომი მოსაყვანი იყო წესრიგში, თუმცა აქ ვატარებდით წვრთნებს, იგივე ნატოს სწავლების დროს დესანტი გადმოსხეს.

სამხედრო აეროდრომს აქვს თავისი აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს საბრძოლო მასალის შენახვას, სამხედრო საფრენი აპარატების შენახვის წესებს. სამხედრო ბაზას აქვს თავისი აუცილებელი ატრიბუტიკა და ინფრასტრუქტურა, რომელიც არ შეიძლება გაერთიანებული იყოს სამოქალაქო აეროდრომთან.

პოლიგონთან სიახლოვე კი, თავისთავად საფრთხის მატარებელია. დღესაც კი, როცა სწავლებები ტარდება პოლიგონზე არტილერიის და რეაქტიულ-ზალპური სისტემების გამოყენებით, გაფრთხილებას იღებს საქაერონავიგაცია, რათა არ მოხდეს იმ პერიოდში ახლო-მახლო თავზე გადაფრენები და გათვალისწინებული იყოს ეს სიტუაცია.

თუ პოლიგონი არ იფუნქციონირებს, აღმოსავლეთ საქართველოში სხვა პოლიგონი არ არსებობს, სადაც შესაძლებელია ბატალიონზე ზევით სწავლების ჩატარება. ბატალიონისთვისაც კი, საბრძოლო სროლები ძალიან შეზღუდულია,“ – განმარტავს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარ გენერალ-მაიორს ასევე ვკითხეთ მოსაზრება თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე: „სამხედრო ბაზის და სამოქალაქო აეროპორტის თანაარსებობა შესაძლებელია“.

„მე არ ვიცი დეტალები და ის, თუ რა არის გათვალისწინებული პროექტით. ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა ეს აღმოსავლეთ საქართველოში: პოლიგონი და სამხედრო ავიაციის ბაზა. მნიშვნელოვანი გამოწვეევა, პოლიგონის და აეროდრომის ერთად არსებობა: რაკეტები რა მანძილზე უნდა გაფრინდეს? სროლების დროს რა იქნება, როგორ უნდა დარეგულირდეს, თუ პოლიგონიც დარჩება? თუ გადადის პოლიგონი, სად გადააქვთ?

თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს თავისი ხედვა, თუ იქ სამოქალაქო ობიექტი შენდება, რა საიდუმლო ობიექტი გამოდის?

დღევანდელი რეალობა არის ის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი, როგორც პოლიგონისთვის, ისე საჰაერო ნავიგაციისთვის. ამ ტერიტორიაზე ამერიკელების მთელი პროგრამა ხორციელდებოდა, რაც გულისხმობდა ქართული ბატალიონების მომზადებას კონვენციური ომისათვის.

ამ მომზადების ადგილს და რაიონებს რა მომავალი ელის? როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ეს ადგილი უნდა გამოყენებულიყო სამხედრო აეროდრომის მშენებლობისთვის. ახლა რა იქნება, ვერ გეტყვით.

ყველაზე დიდი პრობლემა არის პოლიგონის არსებობა. შესაძლებელია საფრთრხე დაემუქროს ამ პოლიგონის არსებობას. ყოველ შემთხვევაში ასე ახლო მდებარეობა პოლიგონის და საავიაციო ბაზის, ეჭვი მეპარება.

აღმოსავლეთ საქაქართველოში ჩვენ სხვა პოლიგონი არ გაგვაჩნია, სადაც შესაძლებელია საარტილერიო სროლების და სატანკო მოქმედებების განხორციელება. მე არ ვიცი, რას გვთავაზობს თავდაცვის სამინისტრო. ისევ დავით გარეჯში ხომ არ დავიწყებთ სროლას, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო?“ – კითხულობს გადამგგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

რუსეთის დავალებებს ასრულებენ ყოველ ნაბიჯზე – მსახიობი მეგი კობალაძე რუსულ კანონზე

„ქართული ოცნება“ რუსული კანონპროექტის განხილვას მიუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ აღარასდროს მიუბრუნდებოდა რუსულ კანონს.

რატომ მოატყუა „ოცნებამ“ ხალხი, რატომ დაუბრუნდა რუსულ კანონს და თქვენ როგორც მოქალაქე, ხელოვანი, ხედავთ თუ არა საფრთხეს რუსულ კანონში? – ვკითხეთ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს მეგი კობალაძეს.

მეგის აზრით, „ქართული ოცნება“ ამჯერადაც რუსეთის დავალებებს ასრულებს.

„როცა ერთი წლის წინ დაიწყო ამაზე საუბარი და აქციები მოჰყვა, მაშინაც ვამბობდი, რომ საფრთხის შემცველია ეს კანონპროექტი. ეს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს შეეხება, არა მარტო მედიას და არასამთავრობო სექტორს.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ხელისუფლებას თითქოს ელდა ეცა, რადგან ძალიან არ ესიამოვნათ და სულ მქონდა განცდა, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატობისთვის.

ვფიქრობ, ამასთანაც არის კავშირში, რომ მიუბრუნდნენ რუსულ კანონს, თითქოს მოსალოდნელი იყო, რადგან მგონია, რომ რუსეთის დავალებებს ასრულებენ ყოველ ნაბიჯზე“, – ამბობს მეგი კობალაძე „ბათუმელებთან“.

მას ასევე ვკითხეთ, თუ რამდენად დამაჯერებელია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იმაზე, რომ თითქოს ეს კანონი დაფინანსების გამჭვირვალობისთვის სჭირდებათ და არა იმისთვის, რომ გააქრონ კრიტიკული აზრი ქვეყანაში?

„ვფიქრობ, იმ ადამიანებმა, რომლებიც არ ტყუვდებიან ბოტების, ტროლების და ხელისუფლების პროპაგანდით, დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, ხმამაღლა დაიწყონ საუბარი ამ თემაზე, რადგან ხალხის ნაწილს მაინც სჭირდება ინფორმირება. ყველას არ ჰყოფნის კომპეტენცია, რომ გაუმკლავდეს ამ პროპაგანდას.

მე მაინც მგონია, რომ არ გამოუვა ხელისუფლებას ამ კანონის მიღება, რადგან ის ადამიანები, ვისაც იმედები გაუცრუვდა, უფრო გაბრაზებული არიან.

როგორც მაშინ დადგა საქართველო ფეხზე, ახლაც მგონია, რომ უფრო მეტი გამოვა, მეტი ადამიანი იაქტიურებს. სხვათა შორის, ახლა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე შარშან.

დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ახლაც გაიმარჯვებს“, – ამბობს მეგი კობალაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილა.

პოლიციამ პარლამენტის ყველა შესასვლელი კარი ჩაკეტა და შენობაში საშვის მქონე ჟურნალისტებიც კი არ დაუშვეს.

რუსული კანონის განხილვა ამჯერადაც საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

რომელი ავტობუსები ივლიან უფასოდ ბათუმში რამადან ბაირამის დღესასწაულზე

ბათუმის მერიის ცნობით, ოთხშაბათს, 10 აპრილს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, #11, #12 და #12ა სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

აღნიშნული ავტობუსები ამ მარშრუტებზე იმოძრავებენ 07:00-დან 22:00 საათამდე.

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს 10 აპრილს აღნიშნავს.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ – მობილიზებულია პოლიცია

საქართველოს პარლამენტთან პოლიციის კორდონია მობილიზებული. შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ იმ ჟურნალისტებსაც კი, ვისაც საშვი აქვს.

„ეშინიათ იმის, რომ რუსულ კანონს იღებენ, სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს“, – ასე აფასებს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი ამ აკრძალვას.

„არა ცენზურას!“, „არა რუსულ კანონს!“ – ამ პლაკატებით დგანან პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები.

„ეს არის შიში, თავისუფალი, დამოუკიდებელი, გავლენებისგან დაცლილი ადამიანების, მედიების, ვის გამოც ცდილობს „ქართული ოცნება“, რომ მიიღოს რუსული კანონი. თუმცა ჩვენ ყველანაირად შევეწინააღმდეგებით და არ მივცეთ ამის უფლებას“, – ამბობს ნესტან ცეცხლაძე „ნეტგაზეთიდან“.

აქციას ესწრებიან მოქალაქეების, რომლებიც სკანდირებენ – „რუსებო! რუსებო!“.

შეგახსენებთ, რომ დღეს 8 აპრილს, პარლამენტის ბიუროზე განიხილება რუსული კანონის პროექტი. ხელისუფლება, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ კანონი „გამჭვირვალობას“ ეხება, ყოველგვარი გამჭვირვალობის, საზოგადოების, მედიის თანამონაწილეობის გარეშე განიხილავს კანონპროექტს, რომლის შეცვლის ამ ქვეყნის მომავალს უარესობისკენ.

„არ გვიშვებენ, იმიტომ, რომ იციან რუსულ კანონს ვაპროტესტებთ, იციან რომ ყველანაირად ხელს შევუშლით. ჩვენ პირობა დავდეთ რომ ყველა შესაძლო გზას გამოვიყენებთ, რომ არ მივცეთ მათ რუსული კანონის მიღების შესაძლებლობა, რადგან ეს კანონი დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს გააქრობს“, – ამბობს საქართველოს ამბების [„მთის ამბების“] რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.

„არასოდეს რუსულ ბანაკში“, „რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“, „ევროპის კარს არ დაგახურინებთ“ – წერია აქციის მონაწილეთა პლაკატებზე.

რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან სტუდენტებიც, რომლებიც აქციაზე იმყოფებიან.

სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე

აქციაზე პერიოდულად ისმის განგაშის ხმა იმას საილუსტრაციოდ, რომ ქვეყანას ემუქრება რუსული საფრთხე.

პარლამენტის წინ, რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება.

ასთხიკი ყარაბაღიდან – განათლება აფეთქებების ხმაზე

ავტორი: მედიამაქსი

ასთხიკი ყარაბაღიდან: აფეთქებების ფონზე ვემზადებოდი წერილობითი ნამუშევრისთვის

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ასთხიკი გვიღიმის. მის ღიმილს მიღმა კი ძალა და მღელვარება იმალება. ასთხიკმა იცის, რომ ჩვენი საუბარი არ იქნება მარტივი, თუმცა, დარწმუნებულია, რომ საკუთარი ამბის მოყოლა საჭიროა.


ასთხიკ ბაბაიანი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში;
ფოტო: მედიამაქსი

ცხოვრების ნულიდან დაწყება მესამედ

21 წლის ასთხიკ ბაბაიანი მთიანი ყარაბაღიდანაა [სომხ. არცახი – რედ. შენიშვნა], მარტაკერტის რაიონის სოფელ ნორ აიგესტანიდან. ეს იყო მისი და მისი ოჯახის უკანასკნელი ფაქტობრივი მისამართი. 1992 წლიდან ასთხიკის ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სამჯერ მოუწია. 

მამა სოფელ აიგესტანში [ჩაილი] დაიბადა. ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სოფელი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა და მამის ოჯახს, ყველაფრის დატოვება და საცხოვრებლად, რაიონის სხვა თემში – ნერკინ გორათაგში მოუწია. იქ დაიბადა და სკოლაში სწავლობდა ასთხიკიც. მეექვსე კლასში სწავლისას კი მისმა ოჯახმა სოფელ ნორ აიგესტანში სახლი მიიღო – დასახლება აიგესტანიდან იძულებით გადაადგილებულთათვის აშენდა. 

განათლების გაგრძელების შემდეგ, 2020 წელს დაამთავრა სკოლა და სტეპანაკერტში  [აზერბაიჯ. ხანქენდი] არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და იურისპუდენციის ფაკულტეტის იურიდიულ განყოფილებაზე ჩააბარა. 

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მისი ოჯახი იძულებული გახდა, უკვე მეორედ დაეტოვებინა საკუთარი სახლი. 2021 წლიდან ისინი სტეპანაკერტში დასახლდნენ, შეეცადნენ, ისევ თავიდან დაეწყოთ ცხოვრება, თუმცა, ეს მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ სომხებმა არცახი [მთიანი ყარაბაღი – რედ.] დატოვეს. ეს იყო მათი მესამე იძულებითი გადასახლება.

2020 წლის 23 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო [აზერბაიჯანის ვერსიით, “ანტიტერორისტული ოპერაცია” – რედ]. ომი 44 დღე გაგრძელდა.

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 9 ნოემბრის შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანულ მხარეს არცახის [მთიანი-ყარაბაღი – რედ] 193 თემი გადაეცა, მათ შორის ასთხიკის მშობლიური სოფელი ნორ აიგესტანი. 

მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტ მოსახლესთან ერთად სომხეთში ასთხიკის ოჯახიც წავიდა და ჩარენცავანის თემში დასახლდა. 

“ოჯახში ოთხი და ვართ, მე ყველაზე უფროსი ვარ. ორი ჩვენგანი სტუდენტია, ორი კი, ჯერ სკოლაში სწავლობს. დედა არცახში სოფლის სკოლაში მუშაობდა, მამა – სამხედრო მოსამსახურე. როდესაც ჩვენი სოფელი ჩააბარეს და იძულებული გავხდით სტეპანაკერტში გადავსულიყავით, დედამ ცხობა და ნაწარმის გაყიდვა დაიწყო. რა თქმა უნდა, ბლოკადის დაწყების გამო ეს დიდხანს არ გაგრძელებულა”. 

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე აზერბაიჯანმა არცახის [მთიანი ყარაბაღი – რედ] ბლოკადა დაიწყო ერთადერთი “სიცოცხლის გზის” [ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან ლაჩინის კორიდორით აკავშირებდა – რედ.] მოჭრით, რომელიც მას სომხეთთან აკავშირებდა: რეგიონი საკვების, მედიკამენტების, პირველადი საჭიროების საგნების, ასევე ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების გარეშე დარჩა. [ბაქო ბლოკადას უარყოფდა და ალტერნატიულ გზას სთავაზობდა ყარაბაღელებს – რედ.]

სომხეთში საცხოვრებლად გადასვლისას, ასთხიკის დედამ საყვარელი საქმიანობა განაახლა – ჩარენცავანში მცირე საკონდიტრო წარმოება გახსნა. მას ასთხიკის მამაც ეხმარება. ასთხიკი ორი წლით უმცროს დასთან ერთად აგრძელებს ერევნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლას. ლექციების ყოველდღე დასწრებისთვის ისინი დედაქალაქამდე დაახლოებით 30 კმ-ს გადიან.


ასთხიკ ბაბაიანი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან
ფოტო: მედიამაქსი

“ჩემთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფრის დაკარგვისა და აქ გადმოსვლიდან ერთი თუ ორი დღის შემდეგ უკვე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიყავი. მინდოდა გამეგო, რამდენად სწრაფად შემეძლო აქ ჩარიცხვა. არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი წელი ვისწავლე, თუმცა, მან თავისი არსებობა მყისიერად შეწყვეტა. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან კარგად მიგვიღეს და ყველაფერში მხარი დაგვიჭირეს. ამბობენ, სტუდენტური ცხოვრება ყველაზე უზრუნველი და ბედნიერია ადამიანის ცხოვრებაშიო. ჩემი სტუდენტობის სამ წელში კი ყველა შესაძლო კატასტროფა მოხდა. პირველ კურსზე – ომი, მეორეზე – მძიმე ომისშემდგი პერიოდი. მესამე კურსი ბლოკადის პირობებში გავიდა, შემდეგ კი, კიდევ ერთი ომი და გადასახლება ყარაბაღიდან”. 

“წერილობითი ნამუშევრისთვის აფეთქებების ხმაზე ვემზადებოდი”

პირველი სტუდენტური სექტემბერი ასთხიკისთვის 27 დღე გაგრძელდა. 

“27 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და ჯერ არ დაწყებული ბედნიერი სტუდენტური ცხოვრებაც დასრულდა. მახსოვს, ჩემი პირველი რეაქცია უარყოფა იყო. 

28 სექტემბერს უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი წერილობითი სამუშაო იყო დანიშნული და აფეთქებების ხმაზე, სარდაფში სახელმძღვანელოებით ვიმალებოდი და მასალას ვკითხულობდი. მინდოდა დაჯერება, რომ ყველაფერი იქნება კარგად, რომ ომი რამდენიმე საათში დაასრულდება და ხვალ უკვე, ჩვეულებისამებრ, სასწავლებელში წავალ. 

ომი 44 დღე გაგრძელდა. სროლისა და ბომბების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაც და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც გახდა, ამიტომაც ქალებმა და ბავშვებმა ყარაბაღი დატოვეს დროებით. ჩვენ, დები და დედა სომხეთში წავედით. მამა, ბუნებრივია, საზღვარზე რჩებოდა.


ასთხიკ ბაბაიანი ესუ-ს ეზოში
ფოტო: მედიამაქსი

ყარაბაღში 2021 წლის ზაფხულში დავბრუნდით. ჩვენი სახლი დავკარგეთ, რამდენადაც ნორ აიგესტანი აზერბაიჯანს გადაეცა. ზაფხული ბებიასთან გავატარეთ, სექტემბერში კი სტეპანაკერტში სახლი ვიქირავეთ და ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. ნორ აიგესტანის სახლიდან თითქმის არაფერი გვქონდა თან წამოღებული”, – გვიყვება ასთხიკი. 

ბლოკადა 

 “2022 წლის 12 დეკემბერს, როდესაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ბლოკადა დაიწყო, ფეხი მოვიტეხე და ყავარჯნებით დავდიოდი. თუმცა, ტაქსის ვიძახებდი ხოლმე და ისე დავდიოდი ლექციებზე”, – იხსენებს ასთხიკი.

თანდათანობით საწვავის მარაგებიც ამოიწურა და ხალხი საგანგებო შემთხვევებისთვის ინახავდა. თავიდან ჯერ ტაქსებმა შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ –  საქალაქო და რეგიონულმა ტრანსპორტმა.

“ლექციების გაცდენა მიწევდა, რამდენადაც ფიზიკურად ვერ შევძლებდი უნივერსიტეტამდე მიღწევას. მეორე სემესტრი, როდესაც ფეხის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, უნივერსიტეტში ფეხით მივდიოდი, თუმცა, ჩვენ ქალაქის მეორე ბოლოში ვცხოვრობდით. 

თუმცა, ბევრი სტუდენტი ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყო – რეგიონებიდან სტეპანაკერტში ვერ ჩამოდიოდნენ. ჩემი მეგობარი ასკერანიდანაა [სტეპანაკერტიდან დაახლოებით, 15 კმ] და ბლოკადის დროს ხშირად აცდენდა ლექციებს.

ასკერანში მხოლოდ ერთი ელექტრომობილია და ეს იყო ერთადერთი შანსი უნივერსიტეტამდე ჩასაღწევად. ხშირად მნიშვნელოვანი ლექციის დროს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მანქანა უკან, ასკერანში ბრუნდება და თუ უნდა სახლში მისვლა, დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს სასწავლებლიდან. ძალიან მტკივნეული საყურებელი იყო, რომ ადამიანი, რომელიც კარგად სწავლობს და უყვარს საკუთარი პროფესია, ასეთ სიტუაციაშია”,- ამბობს ასთქიკი


ასთხიკ ბაბაიანი
ფოტო: მედიამაქსი

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ყოველდღიური გათიშვების გამო უშუალოდ სასწავლო პროცესიც დაზიანდა.

“რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანაკურსელებს ვუგზავნიდით სასწავლო მასალებს, რამდენადაც ელექტრონერგია მხოლოდ რამდენიმე საათი იყო დღეში, და ხშირად ისინი ვერც ასწრებდნენ ამ მასალების გახსნასა და წაკითხვას. რთულია წარმოიდგინო, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანს სახლში უბრალო საკვებიც კი არ გვქონდა”.

ბლოკადის დროს არაფორმალური განათლებაც შეუძლებელი გახდა. არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რამდენიმე წელი მიყოლებით იმარჯვებდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საკითხებზე ჩატარებულ კონკურსებში, რომელიც სომხეთში იმართებოდა. 2023 წლის თებერვალში ისინი ალბანეთში ჟან პიკტეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდნენ, თუმცა, ბლოკადის გამო ვერ შეძლეს.

“არცახი ჩემს დაბადების დღეზე, 25 სექტემბერს დავტოვეთ”

ასთხიკის გამოსაშვები, მეოთხე კურსი 19 დღე გაგრძელდა. 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სამი წლის განმავლობაში მეორე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო [აზერბ-“ანტიტერორისტული ოპერაცია” – რედ.]

“ჩემმა ერთ-ერთმა პედაგოგმა სასამართლოში სამსახური შემომთავაზა. 19 სექტემბრის დილით მასთან მივედი დეტალების განსახილველად. შევთანხმდით ყველაფერზე და ძალიან ბედნიერი მივედი უნივერსიტეტში. პირველი ლექცია 13:10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, 13:06 საათზე პირველი აფეთქება გაისმა.

უნივერსიტეტში განგაშის ზარი ჩაირთო და ყველანი სარდაფში ჩავედით. იქ მომდევნო დღემდე დავრჩი, რადგან ქუჩაში გასვლა და სახლისკენ გაქცევა საშიში იყო”.

ყარაბაღში პირველ აფეთქებებამდე ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი შეწყდა. ასთხიკი იხსენებს, რომ სარდაფში საშინლად გრძნობდა თავს.

სტუდენტები, მეზობელი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ვერ უკავშირდებოდნენ ახლობლებს. ტირილსა და შიშს თან ერთვოდა გულის წასვლა: საკვებისა და წამლების გარეშე, თითქმის, ერთწლიანი ბლოკადის შემდეგ, ომი ადამიანებისთვის უკანასკნელი დარტყმა აღმოჩნდა.

“შემდეგ დღეს დედამ მიპოვა. ამ შეხვედრას ვერასოდეს დავივიწყებ”, – იხსენებს ასთხიკი და რამდენიმე წუთს სიჩუმეში ვატარებთ.

“ჩემი უფროსი და უკვე სტუდენტი იყო, ერევანში სწავლობდა. მასთან ერთად იყო ჩემი სხვა დაც. სტეპანაკერტში ვრჩებოდით მე, დედა და ჩემი და, რომელიც სკოლის მოსწავლეა. მამა პოზიციებზე იყო და მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდით. მთელი ღამე უნივერსიტეტის სარდაფში უმცროს დაზე ვფიქრობდი.

ვცდილობდი წარმომედგინა, სად იმყოფებოდა პირველი აფეთქებისას: ქუჩაში, სკოლაში, ვინმე თუ დაეხმარა და სარდაფში ჩაიყვანა? შემდეგ გავიგე, რომ დედამ ის ქუჩაში იპოვა, რაც იმ მომენტში ყველაზე საშიში იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ჩემი და უსაფრთხოდ იყო, დედამ შენიშნა, რომ სახლიდან ფეხსაცმლის გარეშე იყო გასული. 

სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ სახლში დავბრუნდით. არ დაგვიწყია ნივთების შეგროვება და ერთმანეთსაც არ ვუტყდებოდით, რომ მშობლიური სახლი უნდა დაგვეტოვებინა. მთელი ამ დროის განმავლობაში მამისგან შეტყობინება ისევ არ მიგვიღია. რამდენიმე დღეში დაგვირეკა და გვითხრა, რომ მალე დაჰბრუნებოდა. ჩვენ ყარაბაღი 25 სექტემბერს დავტოვეთ, ჩემს დაბადების დღეზე”.

“ჩვენზე უკეთესად, ამის შესახებ ვერავინ მოჰყვება”

ერთადერთი, რაც თან წამოიღო ასთხიკმა ყარაბაღში სტუდენტური ცხოვრებიდან, წიგნები იყო.

“ვიცოდი, რომ ადგილი არ გვაქვს, თუმცა ბიძამ მითხრა: აიღე შენი წიგნები, მე თავად ჩამოგიტან”. რა თქმა უნდა, თანაკურსელებთან კავშირს ვინარჩუნებთ. ბევრი მათგანი, ჩემსავით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლებას. ამჟამად ვმუშაობ სპეციალობით და დისერტაციას ვწერ. ამ წელს დავამთავრებ სწავლას”, – ამბობს ასთხიკი და ღიმილით ამატებს, “ალბათ”.


ფოტო: მედიამაქსი

ერევანშიც, ისევე, როგორც სტეპანაკერტში [აზერბ. ხანქენდი] ის აგრძელბს ვოლონტიორობას ორგანიზაციაში, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან სომხების დაცლაზე და ომების შესახებ ფაქტების შეგროვებაზე მუშაობს.

“ჩვენ ვხვდებით დაზარალებულ ოჯახებს, ვესაუბრებით და ვაგროვებთ მათ ისტორიებს. ძალიან რთულია იმის მოსმენა და განცდა, რაც თავად გამოიარე. ყველა ისტორია – შენია, ისინი შენმა ოჯახმაც გამოიარა. თუმცა, ვფიქრობ – ეს მნიშვნელოვანია. 

იმ სირთულეებმა, რომელიც მე და ჩემმა ანატოლებმა გავიარეთ, უნდა გაგვაკაჟოს. უკეთესად ვერავინ მოუყვება ამაზე ადამიანებს და მსოფლიოს”. 

2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, სომხეთში 2116 იძულებით გადაადგილებლი სტუდენტია მთიანი ყარაბაღის უმაღლესი სასწავლებლებიდან. მათგან 1897 სწავლას სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში პროფილური ან ახლო საგანმანათლებლო პროგრამებზე აგრძელებს.

ავტორი: იანა შახრამანიანი

ვიდეო: გაიანე ენოქიანი

ფოტო: აგაპე გრიგორიანი


მასალა მომზადებულია საგრანტო პროგრამის „Creation of Independent Media Content“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სომხურენოვანი გამოცემა – მედიამაქსი.

ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი

„ილუზიაა, რომ რუსული კანონი მხოლოდ ენჯეოს და მედიას შეეხება. ეს კანონი თითოეულ მოქალაქემდე მივა საკმაოდ სწრაფად, არ არის ეს არც თეორიული და არც გრძელვადიანი ამბავი.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან წამოსული დაფინანსება, რომელსაც მიემართება ეს კანონი, არის საზოგადოების, ყველა მოქალაქის ცხოვრებაში. დაწყებული ჯანდაცვით, გაგრძელებული უსაფრთხოების სექტორით, აბსოლუტურად ყველგანაა“ – „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი თეონა მაჭარაშვილი ცდილობს მარტივად ახსნას, როგორ შეეხება რუსული კანონი მაგალითად, სტუდენტს, ექიმს, მეხანძრეს და სხვა ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად მისი პროფესიისა და საქმიანობისა, თუ კანონს მიიღებენ.

„ის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქის შვილს შეუძლია, რომ დაფინანსება მოიპოვოს და საზღვარგარეთ ისწავლოს ევროპაში, ან თუნდაც ამერიკაში, ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ არსებობს ფონდები და დაფინანასებებო. ვერ შეძლებდა სხვაგვარად. 

მაგალითად, ჩვენს მეხანძრეებს, მაშველებს, შიშველი ხელით რომ უწევთ ხანძართან ბრძოლა, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი არის შეძენილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დაფინანსებით.

გახსოვთ ალბათ, როდესაც რაჭაში გარდაიცვალა ბიჭი, ქვეყანა შეძრა ამბავმა, რომ რეანიმობილში იყო პრობლემა. მოქალაქეებმა თავად შეაგროვეს პეტიციები, რომლებიც გავუზიარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ძალიან მცირე ხანში მათ უკვე ნახევარ მილიონზე მეტი თანხა გამოყვეს, რომ ოთხი რეანიმობილი გვეყიდა. იცით თქვენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, როცა ადამიანის გადარჩენაა საჭირო.

წლების განმავლობაში მინისტრების მოადგილეები იწონებენ თავს, აი ნახეთ ეს გავხსენით … არავინ ამბობს, რომ დიდწილად ეს ყველაფერი მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, მათი დაფინანსებისგან.

ილუზიაა, რომ ეს კანონი შეეხება მარტო მედიას და ენჯეოს. ეს მტრული კანონპროექტი შეეხება თითოეულ მოქალაქეს, ყველა მოქალაქეზე დავა პირდაპირი თუ ირიბი ფორმით. ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, მათ უსაფრთხოებაზე, აუცილებლად აისახება ძალიან მძიმე ფორმით.

ეს კანონი არსობრივად ეწინააღმდეგება ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცეს და ბუნებრივია, შეუძლებელი იქნება აქტიურად გავაგრძელოთ ინტეგრაციის პროცესი, მოშიშვლებულები დავრჩებით რუსეთის წინაშე, ყოველგვარი სტრატეგიული მხარდაჭერის გარეშე.

გვავიწყდება, რომ ეს დონორები სახელმწიფოში ჩვენი მოწვეულია, ჩვენი ხალხის ნებაა. აბსოლუტურ უმრავლესობას გვსურს ევროინტეგრაცია, რომელიც ჩვენმა დაქირავებულმა მენეჯერებმა, ხელისუფლებამ განახორციელა იმით, რომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რამაც დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლა ისინი და შეუქმნა მათ გარემო, რომ პირიქით, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მიგვეღო.

ახლა კი ამბობს, რომ უცხოური ძალით მოქმედებ. პირიქით, საქართველოს მოქალაქეებს ხმარდება და სახელმწიფო ინტერესს ემსახურება ეს ყველაფერი. როდესაც მტრულ გარემოს შევუქმნით სტრატეგიულ პარტნიორს, უცხო ძალად გამოვაცხადებთ, რა თქმა უნდა, ყველა თავმოყვარე დონორი ამ შემთხვევაში გეტყვის, არ გინდა მაშინ ნუ გინდა, ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი თანამშრომლობა.

როგორია ევროკავშირის დაფინანსების პოლიტიკა პრინციპით მეტი მეტისთვის, რას ნიშნავს მეტი მეტისთვის? – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ერთმანეთს ენდობიან. მაგალითად, გერმანია ენდობა საფრანგეთს, რომ შენთან თუ აწარმოებ პროდუქტს, არ მეშინია იმის, რომ შენთან წარმოებული პროდუქტი მომწამლავს. არ მეშინია, რომ შენთან შექმნილი ბიზნესი ისეთ სერვისს მომაწვდის, რომელიც, მერე ცუდ შედეგებს გამოიწვევს, არ მეშინია, რომ შენგან რაღაც სასწაული ლტოლვილების ნაკადი შემომივა იმიტომ, რომ შენთან ადამიანებს სცემენ და ის ადამიანები სასამართლოში ან სხვაგან სამართალს ვერ პოულობენ.

ევროკავშირი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნები ვთანხმდებით საერთო ღირებულებებზე, რომ ადამიანი უნდა იყოს დაცული, უნდა ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმები საზოგადოებრივ ყველა სივრცეში, ზუსტად იგივე პრინციპია დასახული ჩვენს კონსტიტუციაში და იგივე ღირებულებითი თანხვედრის გამო დაისახა ჩვენს კონსტიტუციაში ევროინტეგრაცია. ამიტომაც ეს ვერ იქნება უცხოური, პირდაპირ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს.

აქედან გამომდინარე ეს კანონი შეეხება ყველას და გააუარესებს პირდაპირი ფორმით მდგომარეობას ქვეყანაში“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 448 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 7 087 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 13 575 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 11 356 ერთეული [+40]
  • MLRS – 1 039 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 751 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 996 ერთეული [+40]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 065 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 110 ერთეული [+39]
  • სპეცტექნიკა – 1 867 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 19 681 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 499 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 725 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 732 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 762 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„უკრაინის ცის დასაცავად საჭიროა 25 პატრიოტის სისტემა“ – ზელენსკი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უკრაინის ცის დასაცავად საჭიროა 25 პატრიოტის სისტემა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის ტერიტორიის სრულად დასაფარად საჭიროა 25 საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პატრიოტი“.

„არ გეტყვით რამდენი პატრიოტის სისტემა გვაქვს. გეტყვით – იმისათვის, რომ უკრაინის ცა მთლიანად დაიხუროს, მომავალში სასურველია უკრაინას ჰქონდეს 25 „პატრიოტის“ სისტემა, თითოში 6-8 ბატარეით“, – განაცხადა ზელენსკიმ 6 აპრილს, საღამოს სატელევიზიო მარათონის ეთერში.

ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვებს იმის შესახებ, აქვს თუ არა უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების რეზერვები და არის თუ არა ენერგეტიკული სისტემის სრულად განადგურების რისკი.

„ჩვენ შევძელით მრავალი ენერგეტიკული ობიექტის დაცვა საჰაერო თავდაცვისა და სხვა საშუალებებით, მაგრამ არის რაკეტები, რომელთა წინააღმდეგ ეს დამცავი სისტემები არ მუშაობს, სამწუხაროდ. აქ მხოლოდ „პატრიოტის“ სისტემა ან ანალოგი შეიძლება მუშაობდეს. და აქ ჩვენ უნდა ავირჩიოთ რომელი ობიექტი დავიცვათ, რომელ ქალაქში, რა დროს.

…დღეს გვაქვს საჰაერო თავდაცვის რეზერვები, მაგრამ მე მჯერა, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება ხვალ. ხვალ შეიძლება ისეთი ინტენსივობა იყოს, რომ არ გვეყოს. თუ ისინი ყოველ დღე დაგვარტყამენ, ისე, როგორც გასული თვის განმავლობაში, ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს საკმარისი რაკეტები და ეს ჩვენმა პარტნიორებმა იციან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ნერგეეთში, სადაც მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა, გზის გაწმენდას 1 მლნ დასჭირდება

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დამეწყრილი გზის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას და ჩამოშლილი ფერდობის დატერასებას 1 მილიონი ლარი დასჭირდება. ბაღდათის მერიამ ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

2024 წლის 7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სრულად განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი. სოფლის დამეწყვრის შემდეგ ნერგეეთიდან 7 ოჯახი გაასახლეს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

მეწყერი სოფელ ნერგეეთში / ფოტო დეპარტამენტის დასკვნიდან

„მიმდინარე წლის 7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე განვითარდა სტიქია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებულ იქნა კატასტროფული ხასიათის კლდეზვავური ტიპის მეწყრულ მოვლენად.

მეწყერმა გამოიწვია მთის ფერდობის მოწყვეტა, რომლის შედეგადაც 150 000-160 000 კუბური მეტრის მიწის მასამ სრულად დაფარა სოფელ ნერგეეთის საცხოვრებელი ტერიტორია და საავტომობილო გზა. 

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდა კრიტიკულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე 60 000 კუბური მეტრის მოცულობით [საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებული სოფელ ნერგეეთის ვაკისი] და ამასთანავე აუცილებელია ჩამოშლილი ფერდობის ფორმირება და დატერასება, საავტომობილო გზისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების – ნაშალი მიწის ხელახალი ჩამოშლისგან დაცვის მიზნით“ – აღნიშნულია ბაღდათის მერიის განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, „აღნიშნული მოცულობებისა და ფასის გაანგარიშება წარმოადგენს საორიენტაციო სახელშეკრულებო მონაცემებს, რომლებიც სამუშაოების შესრულების შემდეგ დაზუსტდება“.

„ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარებას, ტენდერის დასრულებას ესაჭიროება არანაკლებ 20 კალენდარული დღე, ხოლო შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებას, საუკეთესო შემთხვევაში 10 სამუშაო დღე მაინც, შესაბამისად, სამუშაოების დასაწყებად საჭიროა არანაკლებ 35-40 დღე მაინც. 

აღნიშნული ვადით შესყიდვის დაყოვნება გამოიწვევს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გახანგრძლივებას დამატებით 40 დღით, იმ პირობებში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გამაგრებულ იქნას ჩამოშლილი ფერდობი და აღდგენილ იქნას უსაფრთხო მიმოსვლა,“ – აღნიშნულია ბაღდათის მერიისგან შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 5 აპრილს გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მერიის განაცხადის განხილვის დროდ 2024 წლის 12 აპრილია ჩანიშნული.

განაცხადს თან ახლავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნა.

ფოტო გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით:

  • „მეწყრის მოწყვეტის ფლატის ძირში ფიქსირდება გრუნტის წყლების ფრონტალური გამოსავლები… სავარაუდოდ, შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად [უკუსვლით] გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მეტრში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები. 
  • მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. ეს ოჯახები გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანას ექვემდებარება.
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფელ ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა. 
  • პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური“.

გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნა ვრცლად ნახეთ აქ: ნერგეეთში განგაშის სისტემა დამდგარი შედეგების ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური – სააგენტო

ამავე თემაზე:

მყინვარულ ხეობებში საფრთხეებს 594 ათას ევროდ შვეიცარიული კომპანია გამოიკვლევს

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 8-10 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 447 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
  • ტანკი – 7 074 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 13 551 ერთეული [+54]
  • საარტილერიო სისტემა – 11 316 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 036 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 749 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 956 ერთეული [+61]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 064 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 071 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 1 864 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 583 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 19 390 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 499 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 709 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 715 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 20 740 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთის მორიგი თავდასხმა ხარკოვზე – დაიღუპა 6 ადამიანი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version