ბათუმში რამდენიმე საბავშვო ბაღი ერთდროულად რემონტდება. „ბათუმელებმა“ ბათუმის ბაღების გაერთიანებას ჰკითხა, თუ რამდენი ბავშვია რეგისტრირებული ამ ბაღებში და სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ, შეძლეს თუ არა ამ ბავშვებისთვის ალტერნატიული ბაღების შეთავაზება?
თუმცა ბაღების გაერთიანებაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს და გვითხრეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა.
ამ საკითხზე დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაისვა კითხვები „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან.
„ამ ქალაქში პრობლემა იყო ყოველთვის საბავშვო ბაღებში ბავშვების დარეგისტრირება. ახლა კი ერთდროულად ათ საბავშვო ბაღში დაიწყეთ რეაბილიტაცია და კიდევ უფრო გაართულეთ ეს საკითხი.
რატომ გაგახსენდათ ყველაფრის ერთდროული რეაბილიტაცია 12 წლის შემდეგ და რატომ აქციეთ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად?“-იკითხა საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიამ „ლელოდან“.
სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზურაბ ნაკაიძემ კითხვას ასე უპასუხა:
„ბაღების რემონტი დაგეგმილია დიდი ხანია. ათი ბაღიდან რამდენიმე კეთდება გრანტით, გრანტს ვერ აკონტროლებ, როდის მოიგებ, ეს არის დასავლეთის პარტნიორობით განსაზღვრული თემა, რომელიც დაემთხვა (არჩევნებს) და ამიტომ გამოვიდა ამდენი ბაღის რეაბილიტაცია ერთად“.
მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ აშენებენ 3 ბაღს და ერთი გამაგრება მიმდინარეობს. აქ ბაღებში მიმდინარე რემონტზე ინფორმაცია არ აქვთ.