„ამ კანონს ისევ გაიწვევენ, სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ ექნება… ვითომ რომ წერენ: ამას არ ეხება, იმას ეხება, ეს ყველაფერი ტყუილია: რუსული კანონი შეეხება ყველას,“ – პარლამენტში რუსული კანონის დაბრუნებაზე ეს რეაქცია აქვს ბიზნესმენ არკადი კახაძეს, ის ყველის საწარმო „ცეზარის“ მფლობელია და ხულოში დამზადებული ყველი აშშ-ში გააქვს.
2023 წლის მარტშიც აპროტესტებდა ეს ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში რუსული კანონის მიღებას. „სამარცხვინოა კანონის მიღება უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. თავს იჭრის ამით ხელისუფლება,“ – ამბობდა ერთი წლის წინ არკადი კახაძე.
მას შემდეგ კანონი „ქართულმა ოცნებამ“ გაიწვია და თქვა, რომ მას აღარ დააბრუნებდა, თუმცა მმართველმა პარტიამ საზოგადოება მოატყუა. როგორია ხელისუფლების ტყუილზე ბიზნესმენის პასუხი, რომელიც დასავლეთში სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან დღესაც თანამშრომლობს, ხოლო ყველის საწარმო „მერსი ქორფსის“ დაფინანსებით მოაწყო?
„ეს ნიშნავს, რომ უთავმოყვარეო ხარ და არ უნდა იყო იქ, სათავეში“, – მიიჩნევს ბიზნესმენი და დასძენს: „საბავშვო ბაღში არ იქცევა ჩემი ბავშვი ასე, ეს ქვეყანაა მართლა და არა შპს, როგორც გინდა, ისე შეცვალო, როცა გინდა.
არკადი კახაძის აზრით, ხელისუფლება გაორმაგებულ პროტესტს მიიღებს, თუ კანონს ისევ არ გაიწვევს.
„პროტესტი ახლა უფრო მეტი უნდა იყოს, რადგან ძალიან უთავმოყვარეოდ იქცევიან. მე დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ უნდოდათ ამ კანონის შემოტანა. გარე რაღაც ვალდებულება ექნებათ დიდი, რასაც ვერ გადადიან, თორემ იციან ხომ ხალხის რეაქცია, როგორიც იქნება… ჩემამდე არ დადის, ეტყობა, მითითებებს ასრულებენ. რუსული კანონი – ხალხმა დაარქვა ასე.
ეს ძალიან არასერიოზულია, პოლიტიკოსი ხარ, ქვეყნის მმართველი: გაიწვიე და ისევ შემოგაქვს უკან? მარტო პრინციპის გამო აღარ გავაკეთებდი ამას.
გამჭვირვალობას რომ ახსენებენ, რა გამჭვირვალობაზეა ლაპარაკი? ყველა ტრანზაქცია არის ხელმისაწვდომი ხელისუფლებისთვის. რას ითხოვენ, სრულიად გაუგებარია,“ – მიიჩნევს საწარმოს მფლობელი.
ბიზნესმენს ვკითხეთ, ამ ეტაპზე რა სახის დახმარებას იღებს დონორებისგან და როგორ აისახება რუსული კანონი ქართული ბიზნესის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე?
„საქართველოში რაც კეთდება, ევროპელი და ამერიკელი დონორების მხარდაჭერით კეთდება ყველაფერი. ჩვენ ამ ეტაპზე ტრენინგები გვაქვს, სწავლება და კონსულტაცია. ცოდნა ყველაზე ღირებულია, რასაც გვაძლევენ. ხელისუფლებიდან, აბა, ხელის შეშლის მეტი ჯერ მე არაფერი მახსოვს.
გთხოვთ, იქნებ დაუსვათ შეკითხვა თორნიკე რიჟვაძეს, ან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ხულოს მერს, პარლამენტარს: ხულოში რომ საწარმოა, თუ ხართ ერთხელ მაინც ნამყოფი, რა სჭირდებათ თუ მოიკითხეთო.
იცით, როგორ არის: სიმართლეს თუ ამბობ, „ნაციონალი ხარ“, არადა გზა არ გაქვს, წყალი არ გაქვს… სოციალურ დახმარებებზე და სოცდაუცველების დასაქმებებზე დასვეს მთელი რაიონი. 300 ლარს აძლევ ადამიანს და ღუპავ მის ცხოვრებას, მომავალს უკარგავ.
ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, ხვალ აღარ იქნები და ამით რამხელა საქმე შავდება… ჩვენ ყველას გვინდა ევროპაში,“ – გვითხრა არკადი კახაძემ.
—————–
რა ხდება?
„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს, განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.
კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.
„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას. ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში მოსპო სიტყვის თავისუფლება, გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.
ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვკითხეთ, რა შედეგები მოჰყვება, თუ საქართველოს მთავრობა მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რომელსაც ახლა ეწოდება „უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ კანონი, მაგრამ რომელიც ვრცელდება მხოლოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე?
გთავაზობთ ChatGPT-ს რამდენიმე პასუხს, იმ პოტენციურ რისკებზე, რაც ასეთი კანონის მიღებას შეიძლება მოჰყვეს; კერძოდ კანონის მიღებას, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონიშნავს „უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ საქართველოში. კითხვის ფორმულირებისას ხელოვნურ ინტელექტთან დავასახელეთ კანონის ის შეცდომაში შემყვანი სახელიც, რომელიც მას მთავრობამ ახლახან შეურჩია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“.
ხელოვნური ინტელექტი შედეგების შეჯამებისას წერს, რომ „მთლიანობაში, კანონის იმპლემენტაციას, რომელიც ამ ფორმით მიემართება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები საქართველოს დემოკრატიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პოზიციებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების კონტროლის გაზრდა, სამოქალაქო მონაწილეობის შემცირება და ქვეყანაში განსხვავებული ხმებისთვის სივრცის შემცირება“.
ChatGPT წერს, რომ ასეთი კანონის მიღებას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პოტენციური გავლენა, მათ შორის:
გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა: ასეთმა კანონმა შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების კონტროლი და ცენზურა მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, რადგან ამ ორგანიზაციებს შეიძლება ეშინოდეთ საპასუხო ანგარიშსწორების გამო სენსიტიური საკითხების გაშუქების ან მთავრობის პოლიტიკის კრიტიკისთვის.
ძირის გამოთხრა სამოქალაქო საზოგადოებისთვის: არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და კარგი მმართველობის ადვოკატირებაში. საგარეო გავლენის აგენტებად მონიშვნამ, შეიძლება შეარყიოს მათი ლეგიტიმაცია და ეფექტურობა, რაც შეასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას და მის უნარს, დააკისროს მთავრობა პასუხისმგებლობა.
დემოკრატიული პრინციპების გაუარესება: დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი კანონით მიზანში ამოღებამ, შეიძლება დაარღვიოს დემოკრატიული ღირებულებები, როგორიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა. ეს შეიძლება მიანიშნებდეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში რეგრესზე და გამოიწვიოს ავტორიტარიზმის გაზრდა.
შემაკავებელი ეფექტი საერთაშორისო ურთიერთობებზე: ასეთი კანონის მიღებამ შეიძლება დაძაბოს საქართველოს ურთიერთობა უცხოურ მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მხარს უჭერენ მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური დაძაბულობა და შეამციროს საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის.
ეკონომიკური გავლენა: არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც დამოკიდებული არიან უცხოურ დაფინანსებაზე, შესაძლოა შეექმნათ ფინანსური პრობლემები ან დაიხურონ მთავრობის გაძლიერებული კონტროლისა და შეზღუდვების გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილების დაკარგვა და მედიის პლურალიზმის შემცირება, რაც გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკაზე, ასევე საჯარო დისკურსის ხარისხზე.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსული კანონის დაბრუნების შესახებ ევროკავშირმა უკვე შეაფასა, როგორც შემაშფოთებელი და დემოკრატიული პროცესებისთვის საფრთხისშემცველი ფაქტი.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ, გუშინ 4 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პიტერ სტანოს თქმით, გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად.
დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანმიმდევრულად ამხელენ ხელისუფლებას კორუფციაში, ნეპოტიზმში, საუბრობენ ყველა იმ პრობლემაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. სწორედ ამიტომ ეხება რუსული კანონი მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს – გვიხსნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლიკა ჩახუნაშვილი რუსული კანონის დასამტკიცებლად „ოცნების“ ინიციატივას.
„ქართული ოცნება“ რუსული კანონის უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ამჯერად შეცვლილი სახელით დამტკიცებას გეგმავს.
რუსული კანონის მომხრეები აქტიურად აზიარებენ „ქარდს“, სადაც წერია – „ვის არ ეხება ეს კანონი“. ასე ცდილობენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას, რომ ის, რაც ეხება მედიას მათ არ ეხება, რაც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ის თქვენ არ გეხებათ.
„ერთი წლის წინ მათ ნახეს კონსოლიდირებული საზოგადოება და ამის, ჩემი აზრით, ძალიან შეეშინდათ. ამის შემდეგ ფიქრობდნენ რა სტრატეგია გამოეყენებინათ, რომ საზოგადოება დაენაწევრებინათ, შემდეგ თითოეულ სეგმენტს ცალკე რომ გამკლავებოდნენ.
რატომ არასამთავრობო სექტორი და მედია? – იმიტომ, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანმიმდევრულად ამხელენ ხელისუფლებას კორუფციაში, ნეპოტიზმში და საუბრობენ ყველა იმ პრობლემაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. ეს არის სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები, რაც ადამიანებს აიძულებს ემიგრაციაში წავიდნენ. ეს არის პრობლემები განათლების, სოფლის მეურნეობის სექტორში.
უამრავი პრობლემაა საქართველოში და თუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ პრობლემებზე და ამის შესახებ ვმსჯელობთ, ეს არის მთლიანად დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დამსახურება.
არასამთავრობო ორგანიზაციები გარდა იმისა, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, ისინი ასევე აწვდიან საზოგადოებას მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო სერვისებს, რომელთა გარეშეც საზოგადოების რიგი ჯგუფები ვერ იარსებებდნენ, ძალიან გაუჭირდებოდათ. მაგალითად, გასულ წელს საზოგადოება მიხვდა, რომ ეს კანონი არ იყო მიმართული მხოლოდ არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ, რეალურად ის დააზარალებდა აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს.
დააზარალებდა ყველა სექტორს, რადგან ჩვენ ვიცით, როგორი დამოკიდებულია საქართველო უცხოურ დახმარებაზე, რომელიც შემოდის პრაქტიკულად ყველა სექტორში. ძნელია გაიხსენო რაიმე სფერო, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე განხორციელდა, დაწყებული სამედიცინო, ჯანდაცვის სისტემით დამთავრებული სოფლის მეურნეობით, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიც არიან შშმ პირები, ქალები, ბავშვები, მოხუცები. ეს დახმარება სწვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათაც კი, ვინც შეიძლება არც იცოდეს, რომ არიან ამ დახმარების მიმღებნი და ბენეფიციარები.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააპირისპიროს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან გათიშე და იბატონეს პრინციპით. დაარწმუნოს ადამიანები, რომ ეს კანონი მათზე არ მოახდენს უარყოფით გავლენას. ეს აბსოლუტური დემაგოგია და სიცრუეა.
დაშვებაც არ მინდა, რომ ამ კანონს მიიღებენ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მე როგორც ერთი მოქალაქე და მთელი სამოქალაქო სექტორი, იმისთვის, რომ ეს კანონი არ მივიღოთ. ეს დააზარალებს თითოეულ მოქალაქეს და დაგვხევს უკან, დააზარალებს ჩვენ ევროპულ პერსპექტივას, ჩვენ მომავალს, ადგილს დაგვაკარგვინებს ცივილიზებულ სამყაროში.
უამრავი პროგრამაა განხორციელებული უცხოური დახმარებით, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სახსრებით, იქნება ეს საზღვრისპირა რეგიონებში ფერმერების ხელშეწყობა, დახმარება სამაცივრე მეურნეობების მოწყობაში, ფაროსანასთან ბრძოლაშიც კი ძალიან დიდი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი.
საითაც არ გაიხედოთ – სასკოლო განათლებით დაწყებული, ყველგან არის მათი კეთილი კვალი და მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ამა თუ იმ რეფორმის განხორციელებაში შეიტანეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, თვითონ მოიკლეს და ჩვენ გვიწილადეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო დემოკრატიული, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, როგორიც შეიძლება გახდეს ისეთი მეზობელი, რომელთანაც მეზობლობა გინდა, გიხარია და არა გაუთავებელი პრობლემების ხიფათის წყარო.
ის, რომ არ ეხება მეწარმეებს, ძალიან დიდი სიცრუეა, ეს ეხება ყველა მეწარმეს, რომელთა დასახმარებლადაც უამრავი პროგრამა განხორციელდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ისწავლეს მეურნეობის მართვა, ეხმარებიან მეწარმე ქალებს, კონფლიქტის ზონასთან მცხოვრებ ფერმერებს.
ჩვენი უახლესი ისტორიის გადაწერა უნდა ხელისუფლებას. უნდათ, რომ დაავიწყონ ადამიანებს ის სიკეთე, რაც ჩვენ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მივიღეთ დასავლელი პარტნიორებისგან. ამას ისინი ვერ მოახერხებენ.
უბრალოდ, რომ გავიხსენოთ რამდენმა ახალგაზრდამ შეძლო განათლების მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ, დასავლელი პარტნიორების სასწავლო პროგრამების მეშვებით, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი რომ აქვს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ. ამ ახალგაზრდებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში, საიდან ეს ყველაფერი? – ეს არის დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობის შედეგი.
მგონია, რომ არ იმუშავებს ეს დაყოფა, რომ შენ არ გეხება, მედიას ეხება, თუმცა ხელისუფლება შეეცდება. მიზანმიმართულად ხდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაცია. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ გამჭვირვალეა ჩვენი ფინანსები, რომ ჩვენ ბევრნაირ კონტროლს ვართ დაქვემდებარებული. უნდათ მედიის და არასამთავრობოების დისკრედიტაცია, ამიტომ იყენებენ სიძულვილის ენას მათ მიმართ, დეზინფორმაციას, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მოახდინონ აქტივიზმის და ჟურნალისტების დისკრედიტაცია.
ჩვენი მოვალეობაა საზოგადოებას ველაპარაკოთ და კარგად ავუხსნათ, რატომ არის ეს რუსული კანონი სახიფათო, რატომ დაიჩოქებს აქლემი ყველა სახლის კართან, თუ ყველანი არ ვიბრძოლებთ ახლა ამ კანონის წინააღმდეგ.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 5 აპრილს, 15:25 საათიდან, წყალმომარაგება შეუწყდათ ანგისის დასახლებაში, ჰელიმიშის, კაჩინსკების, ლორთქიფანიძისა და ნიჟარაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე წყალი ჩაირთვება 6 აპრილის 02:00 საათამდე.
ევროპის 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ საპარლამენტო განხილვებიდან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ შესახებ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსისაა და ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენ, შესაბამისი პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები აღვნიშნავთ, რომ 3 აპრილს, მმართველი პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გამოაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, რომელიც გასული წლის ე.წ. რუსული კანონის თითქმის იდენტური ასლია.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და სრული წინააღმდეგობის პირობებში, მმართველმა პარტიამ 2023 წლის მაისში პირობა დადო, რომ ამ კანონს საპარლამენტო განხილვებიდან „უპირობოდ გაიწვევდა“ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსზე, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს და დაასუსტოს საქართველოს ცოცხალი, პრო-ევროპული სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფართოდაა ცნობილი საქართველოს უდიდეს სიძლიერედ, იმედად და სარგებლობს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეს სტატუსით ბიუჯეტისა და დაფინანსების კუთხით.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის“, – აღნიშნულია 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, “ამ კანონს აღიქვამენ, როგორც მტრულ ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ”. ამის გამო განცხადების ავტორები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ.
„ვიხსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს, რათა გააგრძელოს წინსვლა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად, და რომ საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან დღემდე მხოლოდ 3 შეასრულა; ასევე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს იგი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფეს და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას“, – აღნიშნულია 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან შემდეგი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები:
ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია. მისი თქმით, რუსული კანონი შეეხება ყველას. თუკი ხელისუფლება მიიღებს ამ კანონს, ხელისუფლება ჯერ კრიტიკულ მედიას შეუტევს, შემდეგ კი დაიწყება სხვა ადამიანების დევნა, დაჯარიმება და დაპატიმრება.
„6 წლის წინ დავაფუძნეთ მშობელთა ასოციაცია – ერთადერთი მიზნით, რომ მშობლებს დავხმარებოდით და სკოლებში მშობელთა ჩართულობის გაზრდისთვის შეგვეწყო ხელი.
ჩვენ რომ ვიწყებდით, ამ თემას არავინ იცნობდა, სრულიად გაუკვალავში ვიარეთ. შევქმენით ასობით საჭირო რესურსი (წიგნი, სტატია, ვიდელექცია, ვებინარი), გადავამზადეთ 10 000-ზე მეტი მშობელი, მასწავლებელი. პერსონალური კონსულტაცია გავუწიეთ ათასობით მშობელს. არასდროს არც ერთი მასწავლებლისა და დირექტორისთვის არ გვითქვამს უარი კონსულტაციაზე.
დღეისათვის სკოლების უმრავლესობის დირექტორმა თუ მასწავლებელმა იცის, მშობლების მონაწილეობა რომ საჭირო და აუცილებელია.
მომზადებულ და მოტივირებულ მშობელსაც ყველგან ნახავთ. ნახავთ სკოლებს, სადაც გამართულია მშობელთა ჩართულობის სისტემა. მშობლებიდან დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი იღებს ხმას და ამბობს როგორი განათლების სისტემა უნდა მისი შვილისთვის. დღითიდღე უფრო მეტად ადგება მშობლების რესურსი სკოლებს.
უკეთეს შედეგებს რომ მივაღწიოთ, დღე და ღამე ვპასუხობთ ყველა ზარს, მესიჯს, ნაცნობს, უცნობს. ბიზნესი რომ დიდ ფულს ხარჯავს, ჩვენ იმ საქმეს თითქმის უფასოდ ან სრულიად უფასოდ ვაკეთებთ, მარტო იმიტომ, რომ:
მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ
გვჯერა, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ
სხვანაირად არ შეგვიძლია
პირნათლად ვიხდით ყველა გადასახადს. ვავსებთ დეკლარაციებს. კანონით დადგენილ ყველა ფინანსურ ანგარიშს ვაბარებთ შემოსავლების სამსახურს.
ვინ გვაფინანსებს? რა თქმა უნდა, ამერიკა და ევროპა, აბა, რუსეთი ხომ არ დაგვაფინანსებს ზოგიერთებივით!!!
ხელისუფლებისგან არც ერთხელ არც ერთი ლარი არ აგვიღია.
რატომ? იმიტომ რომ არ გვინდა გავხდეთ ბიუჯეტზე დამოკიდებული და საშუალება არ მივცეთ ხელისუფლებას, გვმართოს.
ამით ვცდილობთ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რაც არასამთავრობო სექტორის მთავარი აზრია“, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.
ახლა რატომ ვწერ ამ ყველაფერს – ამბობს მეგი.
„იმიტომ, რომ რუსული კანონი, პირდაპირ მებრძვის მე.
ებრძვის გულანთებულ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია ჩუმად იჯდეს მაშინ, როცა ყვირილია საჭირო. ვინც სხვისი გულისთვისაც იტკივებს აუტკივარ თავს და ლომის ხახაში ყოფს თავს იმისთვის, რომ ბავშვებმა ცოტა უკეთეს გარემოში ისწავლონ, რომ ადამიანის უფლება ყველა ასაკში იყოს დაცული, რომ მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებაზე აღარ იყოს დამოკიდებული როგორ ვიცხოვრებთ.
თქვენ უკეთ იცით, დაგვიცავთ თუ არა კიდევ ერთხელ და იმდენჯერ, რამდეჯერაც რუსეთის დირექტივით ჩვენი მთავრობა შემოგვიტევს არასამთავრობო სექტორს და კრიტიკულ მედიას, მაგრამ მე გეტყვით, რომ თუ ეს კანონი მიიღეს, კანონიერი გახდება ჩემი და ჩემნაირი ადამიანების უმიზეზოდ დაპატიმრება, დევნა, დაჯარიმება. თქვენ კი როცა ჩემი, მშობელთა ასოციაციის, უფლებადამცველების ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება დაგჭირდებათ, უბრალოდ აღარ დაგხვდებით იქ, სადაც ადრე გეგულებოდით და გეიმედებოდით.
დანარჩენი თქვენ იცით.
მე იქ ვიქნები, სადაც უნდა ვიყო“, – წერს მეგი წერილში, რომელიც დღეს 5 აპრილს, ფეისბუქში გამოაქვეყნა.
შსს ადიგენში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.
მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დღეს, 5 აპრილს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპროტესტო აქციას მართავენ ადიგენში, წერეთლის #18 ნომერში მდებარე მერაბ მიქელაძის სახლის ეზოში.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მუსლიმების შეკრებას და ლოცვას კერძო სახლში, რომელიც კერძო პირს, მერაბ მიქელაძეს ეკუთვნის.
მერაბ მიქელაძის სახლში მუსლიმთა ნაწილი პარასკევის ლოცვის აღსავლენად შეიკრიბა. ნაწილს კი, რომელიც პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა, პოლიციამ გზა გადაუკეტა და არ მისცა უფლება სალოცავად წასულიყო.
კადრებში, რომელიც გზის გადაკეტვის შემდეგაა გადაღებული, ჩანს ადიგენში მცხოვრები მუსლიმებისა და პოლიციას შორის დიალოგი. მუსლიმები ეკითხებიან პოლიციას, თუ რატომ არ ეძლევათ ლოცვის და გზაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. პოლიციის წარმომადგენლები შეზღუდვებს უსაფრთხოების მოტივით ხსნიან.
„მეხუთედ მოგვივარდნენ, მუსლიმებს გზა გადაუკეტეს და სალოცავად მოსვლის საშუალებას არ აძლევენ… ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სიმშვიდეს და კანონით ჩვენთვის მონიჭებული უფლებების დაცვას,“ – ამბობს მერაბ მიქელაძე, ადიგენში მცხოვრები მუსლიმი. მის სახლში მუსლიმები დღეს, 5 აპრილს პარასკევის ლოცვაზე შეიკრიბნენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპროტესტო აქციას მერაბ მიქელაძის სახლთან მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მუსლიმების შეკრებას, სადაც ისინი ლოცულობენ. აქციაზე ისმის მუსლიმების შეურაცხყოფა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელსაც იგივე სახლში მუსლიმ თემზე წინა მივარდნის და საჯარო მუქარის შემთხვევები არ გამოუძიებია.
შსს-ს პრესცენტრში დღეს ვერ გვიპასუხეს, დაფიქსირდა თუ არა მუსლიმებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი? მუშაობს პოლიცია მუსლიმების დასაცავად?
„დილის 10 საათიდან იკრიბება იგივე ხალხი, ჩვენ ვემზადებით პარასკევის ლოცვისთვის, იმდენი ვართ შენობის შიგნით, რომ ლოცვას მაინც ჩავატარებთ, მაგრამ ხელისუფლებას თუ ასე ესმის პრობლემის დალაგება, არ ვიცი – ჭიშკართან ამართვინებენ აქციას და ვინც სალოცავად მოდიოდა, მათ გადაუკეტეს გზა,“ – გვიყვება მერაბ მიქელაძე. მისი თქმით, მოლაპარაკებები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენ 18 დღე ველოდით შედეგს. 2 დღის წინ შეგვხდნენ და გვითხრეს, რომ თუ სალოცავს გამოყოფდა ადგილობრივი ხელისუფლება იჯარეთში, მაშინ ჩემი საკუთრება უნდა გადავცე მუნიციპალიტეტს. ჩვენ არ ვართ ამაზე თანახმა და არც ვიყავით.
ჩვენ აქ არაფერს ვაშავებთ, კანონი გვაძლევს ნებას ვილოცოთ და ღვთისმსახურებას ვეწევით. იმის გამო, რომ კონფლიქტი არ გვინდა, თანახმა ვიყავით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილ შენობაში გველოცა, მაგრამ არა საკუთრების დათმობის ხარჯზე. ეს არ იყო ჩვენი პირობა.
ჩვენი მოთხოვნაა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება და იმ უფლებების დაცვა, რაც კანონში წერია. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ერთი ნაბიჯი ჩვენკენაც გადმოდგან“, – უთხრა მერაბ მიქელაძემ „ბათუმელებს“.
მერაბ მიქელაძის თქმით, მას დღეს, ან წინა დღეებში მუქარის გამო საგამოძიებო ორგანოებიდან არავინ დაჰკავშირებია.
„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ უკავშირდება ადიგენის მერს.
კადრებში, რომელიც გზის გადაკეტვის შემდეგაა გადაღებული, ჩანს ადიგენში მცხოვრები მუსლიმებისა და პოლიციას შორის დიალოგი. მუსლიმები ეკითხებიან პოლიციას, თუ რატომ არ ეძლევათ ლოცვის და გზაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. პოლიციის წარმომადგენლები შეზღუდვებს უსაფრთხოების მოტივით ხსნიან.
ისტორიაში პირველად ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში წარმატებით იასპარეზა გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით.
ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედლები მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ლუბა გოლოვინას, მარიამ რაგიმოვის, ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას შემადგენლობით.
ტურნირზე ფინალური ბრძოლა საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 7-8 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, სადაც უკანონოდ ყიდდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ.
რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან დაკავებულ იქნა ხუთი პირი.
დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში მიიღეს დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მოახდინეს მისი ლეგალიზაცია“, – წერს საგამოძიებო.
მათივე ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
„კანონპროექტის ეს ფორმა არის განსხვავებული აზრის მქონე სეგმენტების ეტაპობრივი მოგუდვის ეშმაკობა. ცხადია, „რუსული კანონის“ მიზანი რუსული დავალებაა, რომელიც აფხაზეთშიც ისეთივე წარმატებით იტესტებოდა, როგორც თბილისში.
არ უნდა გამოგვრჩეს, რომ პროცესები პარალელური იყო“, – ამბობს უფლებადამცველი ნათია კაპანაძე.
ნათია „ბათუმელებთან“ განმარტავს, რა საფრთხეებს შეიცავს პარლამენტში რუსული კანონის კიდევ ერთხელ „შემობრუნება“ და როგორ ეხება ის მედიას.
ნათია კაპანაძის განმარტებით, პოლიტიკურ ეშმაკობებში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ეს ყველაზე ლოგიკური გაგრძელებაა:
ნათიას თქმით, ნიშანდობლივია, რომ იყენებენ ადამიანებსაც სარისკო შედეგების აღმოსაფხვრელად:
„იმ დროს, როცა ვსაუბრობთ მედიის რისკებზე, უკვე ნავში მჯდომი – ჟურნალი „ლიბერალის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი წერს, რომ ეს მედიას პრობლემას არ შეუქმნის, რომ არგუმენტირებულად ვესაუბროთ პარლამენტარებს, რომლებიც ქალებს ტრიბუნიდან გადადგამენ, შეურაცხყოფენ ან ფიზიკურ საფრთხეებს უქმნიან.
პარლამენტზე, საიდანაც გასულ წელს ჟურნალისტები და ოპერატორები გადმოყარეს და ამ დრომდე გამოძიება არ ჩატარებულა, ასევე არ არსებობს შედეგები 2023 წლის მარტის მოვლენებისას დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების დარღვეული უფლებების აღდგენის ნაწილში.
არჩევნების მოახლოების ფონზე „რუსული კანონის“ შემობრუნება არის ამომრჩევლის დაშანტაჟების კიდევ ერთი ეპიზოდი. ამ კანონპროექტზე დამოკიდებულებით ჩვენ მოგვიწევს გავავლოთ ახალი წითელი ხაზი ჩვენსა და რუსეთს შორის“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 445 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
ტანკი – 7 033 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 13 459 ერთეული [+73]
საარტილერიო სისტემა – 11 221 ერთეული [+50]
MLRS – 1 029 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 747 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 847 ერთეული [+30]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 059 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 14 922 ერთეული [+61]
სპეცტექნიკა – 1 849 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
583 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
18 892 უპილოტო საფრენი აპარატი
495 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 691 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 264 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 674 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
20 627 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
გასული წლის მარტში ხალხის პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და გაიწვია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დაერეგისტრირებინათ. კანონპროექტის მიზანი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება, დასუსტება და სამოქალაქო საზოგადოებისგან მარგინალიზაცია იყო.
ერთი წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ უკან აბრუნებს იმავე კანონპროექტს – ამჯერად რუსულ კანონს ჰქვია „კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ და მას ამჯერადაც იგივე მიზანი აქვს რაც 2023 წელს ჰქონდა.
ნანა მალაშხია 2023 წლის მარტის აქციაზე. ფოტო: ზურაბ ქურციკიძე, ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA
48 წლის ნანა მალაშხია 2023 წლის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მთავარი სიმბოლო იყო – ქალი ევროკავშირის დროშით. კადრებმა, როგორ იდგა ნანა პარლამენტთან, ღამით აქციაზე ევროკავშირის დროშით სპეცრაზმის ჭავლის პირისპირ, როგორ მიეშველნენ მას აქციის სხვა მონაწილეები, ჭავლს რომ არ წაექცია, მსოფლიოს მედიები და სოციალური ქსელები მოიარა.
ნანა მაშინაც საჯარო უწყებაში მუშაობდა და დღემდე ამავე უწყებაში რჩება. მიაჩნია,რომ სწორედ ამ ნიშნითა მნიშვნელოვანი ილაპარაკოს ხმამაღლა და გააპროტესტოს ის, რაც არ მოსწონს.
რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის უკან დაბრუნება, ახლა როგორ უნდა იმოქმედოს საზოგადოებამ, რაში სჭირდებოდა მმართველ ძალას იმ კანონის უკან დაბრუნება, რომელიც თავად გაიწვია უკან ერთი წლის წინ, რა მიზანი აქვს ამჯერად ხელისუფლებას? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით მიმართა ნანა მალაშხიას.
ნანა მალაშხია: „ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, მედია. დემოკრატიის ის ხარისხი, რაც ჯერ კიდევ გვაქვს შენარჩუნებული, არის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დამსახურება. მათი უდიდესი წვლილია ამაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება ავიწროებს მედიას და თავს ესხმის, რადგან მედია აშუქებს დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ლაპარაკობს ქვეყნის გამოწვევებზე, აჟღერებს ხალხის სატკივარს.
ხელისუფლებას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს, უწოდოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი აგენტები. აბსოლუტურად არ ცვლის წინა კანონის შინაარსს ეს ცვლილება და ამ კანონის მიღების შემდეგ საერთოდ აღარ იარსებებს თავისუფალი სიტყვა, როგორც ეს მოხდა რუსეთში 2012 წელს ამ კანონის მიღების შემდეგ და ჩვენ ვიცით, რა ხდება რუსეთში, როგორ კლავენ ჟურნალისტებს და არ არსებობს სიტყვის თავისუფლება.
შეიძლება დღეს ეს ვიღაცას არარეალურად მოეჩვენოს, რუსეთშიც არარეალურად ეჩვენებოდათ თავის დროზე და ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.
ამ კანონით ხელისუფლებას სურს ჯერ აგენტების იარლიყი მიაკრას არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს და შემდეგ დაიქვემდებაროს და დაადუმოს თავისუფალი სიტყვა საქართველოში.
ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს. არჩევანი არ გვაქვს და სტატუსშიც დავწერე დღეს, რომ ავირჩევთ რუსეთს და ვხდებით რუსეთის უკანა ეზო ან ვიბრძვით და ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს არჩევანს, ჩვენს ევროპულ გზას. ეს არის პასუხი.
მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის” ხელახალი ინიცირება. დღეს ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ძალა, რომლის ნდობაც არ შეიძლება.
ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ შეგვპირდნენ პროპორციულ არჩევნებს და როგორ ჩააგდეს 2020 წელს ე.წ. „ამბოხებულმა” მაჟორიტარმა დეპუტატებმა, გვახსოვს როგორ დატოვეს შარლ მიშელის შუამავლობით შედგენილი შეთანხმება.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რატომ არ არიან სანდოები.
„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, მიზანმიმართულად აზიანებს ევროინტეგრაციას, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენი ეროვნული იდეაა, ისინი კი რუსულ ორბიტაზე გვაბრუნებენ.
ჩვენი თვითმიზანი არაა კანდიდატის სტატუსი, რომელიც პირველ რიგში ქართველი ხალხის, ასევე, გმირი უკრაინელი ხალხის დამსახურებით და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მივიღეთ. აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა 2024 წლამდე არც სურდა. მათ ჩვენი მოქალაქეების პროტესტისა და ერთსულოვნების შემდეგ დაიხიეს უკან.
რომ არა ჩვენი, ხალხის პროტესტი და ერთსულოვნება შარშან მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი.
როგორც აღვნიშნე, ჩვენი თვითმიზანი არაა კანდიდატის სტატუსი, გვჭირდება წინსვლა, რისთვისაც უნდა შესრულდეს ევროკავშირის 9 მოთხოვნა. ამ ნაბიჯების შემდეგ გადავალთ მომდევნო ეტაპზე, მაგრამ დღეს ნათელია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს ამ მოთხოვნების შესრულებას, ანუ უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე.
როდესაც ჩვენ ვამბობთ „არა რუსულ კანონს“, დღეს ეს ნიშნავს „არა რუსულ მთავრობას“!
და ბოლოს, ვერავითარი შიდა საფრთხე, ხელისუფლების სახით და გარე საფრთხე ვერ წაგვართმევს ჩვენს ისტორიულ არჩევანს. გუშინ ლაშა ბაქრაძემ გაიხსენა მარო მაყაშვილის უკანასკნელი წერილის ბოლო სიტყვები და ამით დავასრულებ მეც – „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“
მეგი დიასამიძე 22 წლის ახალგაზრდაა შუახევიდან, რომელიც შარშან, 2023 წელს, აქტიურად აპროტესტებდა “რუსული კანონის” მიღების პირველ მცდელობას საქართველოში. მეგი მონაწილეობდა მარტის აქციებშიც სხვა ბევრ ახალგაზრდასთან ერთად.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი წელს ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. მეგის ვკითხეთ, კიდევ თუ აპირებენ ის და მისი მეგობრები გაპროტესტებას.
მეგი, რა უნდა გააკეთოს ხალხმა, ვინც ერთი წლის წინ ამ კანონის გამო ძალიან იყო გაბრაზებული. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესში საკუთარ თავს?
პირველ რიგში, დღეს რაც ხდება, თუნდაც ამ რუსული კანონის ხელახლა შემოტრიალებამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მივხვდი, რომ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე არასანდო ხელისუფლება ჩვენთვის და ყველანაირად ცდილობს, ებრძოლოს საკუთარ საზოგადოებას.
„რუსულ კანონს“ უწოდებენ „გამჭვირვალობის“ კანონს, ეს არის ტყუილი. ამიტომ, როგორც გასულ წელს, მარტის აქციებისას [რომელიც ფაქტობრივად სიმბოლურია საზოგადოებისთვის, ქართველ ხალხს მიგვაჩნდა, რომ გავიმარჯვეთ, რადგან რუსული კანონი უკან გავაწვევინეთ] დღესაც ანალოგიურად უნდა დავიწყოთ ბრძოლა.
სიმართლე გითხრათ, მე რასაც ვაკვირდებოდი, აღარ მეგონა, რომ „რუსულ კანონს“ შემოატრიალებდა „ქართული ოცნება“, რადგან საქართველოს მოსახლეობისგან პასუხი მიიღო. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვინდა რუსეთი, გვინდა ევროპა.
დღეს მე, როგორც მოქალაქე, ყველანაირად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ვიდგე იქ, სადაც საჭიროა და გავაკეთო ის, რაც საჭიროა.
ახლა საჭიროა პროტესტი და მოქმედება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
მუხტი, რომელიც გადაედება სხვა მოქალაქეებსაც და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობისგან, ისევ გასცემს პასუხს საქართველოს ხელისუფლებას, ღიად პრორუსულ „ქართულ ოცნებას“.
როგორ ფიქრობთ, თქვენ, როგორც ახალგაზრდას, რა საფრთხეებს შეგიქმნით ამ კანონის მიღება?
ჩემთან მიმართებაში ბევრ საფრთხეს ვხედავ.
მაგალითად, მე მინდა საზღვარგარეთ სწავლა, პროფესიის მიღება. შესაძლოა ახლო მომავალში დავსაქმდე არასამთავრობო ორგანიზაციაში. ეს კანონი, რომელიც უცხოური გავლენის აგენტებად აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ მათ წარმომადგენლებს, საფრთხეს შეუქმნის ჩემი გამოხატვის თავისუფლებას.
არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ თავი დავანებოთ, მოქალაქე რომ ვიტყვი, მინდა ევროპა და არ მინდა რუსეთი და გავაკრიტიკებ ხელისუფლებას პრორუსულობის გამო, ამისთვისაც კი შეუძლიათ მათ რაღაც მომენტში მიწოდონ უცხოური გავლენის აგენტი, აქტიურ მოქალაქეს, რომელსაც უნდა ევროკავშირში ყოფნა.
ეს კანონი, რომლის მიღებასაც ცდილობს „ქართული ოცნება“, გამოხატვის უფლებას შეუშლის ხელს და ეს პირდაპირ მეხება მე, როგორც მოქალაქეს.
ესენი, სანამ ჩვენი ბრძოლის მაქსიმუმს არ ვაჩვენებთ, არსად წასვლას არ აპირებენ.
თქვენი აზრით, როგორ და რამდენად უქმნის საფრთხეს „რუსული კანონი“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს?
პირველ რიგში ეროვნული ინტეგრაციის პროცესს უქმნის საფრთხეს და ეს ძალიან საშიშია, იმიტომ, რომ ევროპული ინტეგრაცია მოითხოვს დემოკრატიის მაღალ ინდექსს, გამოხატვის თავისუფლებას, ქვიარ ადამიანების თავისუფლებას. „რუსული კანონი“ ყველა ჭრილში სწორედ ევროპული ინტეგრაციის პროცესს უშლის ხელს, იმიტომ, რომ ევროკავშირი მოითხოვს თავისუფალ საზოგადოებას, მოითხოვს საუბარს პრობლემებზე, რასაც „რუსული კანონი“ [თავისი შინაარსით] ეწინააღმდეგება.
საზოგადოებას, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია და ჩვენ არ გვინდა რუსეთი, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში ამაზე საუბარიც კი საფრთხეს შეუქმნის, იმიტომ, რომ პირდაპირი დაშინება წავა ადამიანების ამ კანონის მიღების შემდეგ.
ეს კანონი არ უნდა მივიღოთ, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ვიცით, რომ მსგავსმა კანონმა რუსეთში გააქრო სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები თუ სხვა. ამ კანონის მიღება გააქრობს თუ არა კრიტიკულ მედიას და არასამთავრობოებს ჩვენთან და როგორ ქვეყანა დაგვრჩება კრიტიკული მედიის გარეშე?
დღეს საქართველოში იმდენად მძიმეა სიტუაციაა, რომ ყველაზე კარგი საშუალება სწორი ინფორმაციის მიღების და რეალობის აღქმის შენარჩუნების არის კრიტიკული მედია. კრიტიკულმა მედიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საზოგადოებას და მე, როგორც ახალგაზრდა ქართველ მოქალაქეს, შემინარჩუნდეს ხედვა, რომ როცა რაღაც პრობლემაა ქვეყანაში, ეს პრობლემა დავინახო.
კრიტიკული მედიის ჩახშობით ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაწილობრივ გადამწყვეტი რგოლიც კი გაწყდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„რუსული კანონის“ მიღებით კრიტიკული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება და შებოჭვა მოხდება.
ამ ყველაფრის ხარჯზე, როცა აღარანაირი ალტერნატივა აღარ გვექნება კრიტიკული ინფორმაციის მიღების, ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში მოვექცევით და შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება იმ მიზნის მიღწევა, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა.
„ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს გარუსება.
ფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების მეორე მცდელობით ხელისუფლება ევროინტეგრაციის გამიზნულად აფერხებს?
როგორც აღვნიშნე, არ ველოდებოდი ამ კანონის შემობრუნებას და ახლა, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ალბათ „ქართულ ოცნებას“ მოეჩვენა, რომ ზედმეტი გააკეთა უკვე საქართველომ ევროპაში შესვლისთვის და ეს პუტინს, რუსეთს არ მოეწონება, ამიტომ აბსოლუტურად გამიზნული და ნაფიქრია მათი ეს ქმედება.
მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ რადგან ახლა შემოატრიალეს, როცა პირველად ჩაუვარდათ კანონი და გაიწვიეს უკან, იმ დღიდანვე ფიქრობდნენ, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ, თუ რომელ თვეს, რა დროს შემოეტრიალებინათ ისევ „რუსული კანონი“.
იმასაც ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ის აიტანა, თუ როგორ გაგვაერთიანა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ და საზოგადოების გახლეჩა უნდათ.
ეს ყველაფერი გამიზნულია და ვფიქრობ, ახლა უფრო მომზადებულია „ქართული ოცნება“ როგორ მოგვიგოს ქართულ საზოგადოებას, მაგრამ აქეთ მხარეს ძალიან დიდი გამოცდილების მქონე საზოგადოებაა, ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
როგორ ფიქრობთ, რატომ შემოაბრუნა მმართველმა გუნდმა „რუსული კანონი“?
მე რაც პირველი ამომიტივტივდა, ისაა, რომ „ქართული ოცნება“ არსად წასვლას არ აპირებს და თუ ეს კანონი გაუვათ, მათთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევნების მოგება.
რუსული კანონი, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ ისევ აპირებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უშლის ხელს.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები,“ – თქვა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, დღეს, 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
საფრთხე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დაბრუნებული რუსული კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს დააზიანებს, რეალურია.
როგორ უშლის ხელს რუსული კანონის დაბრუნება ევროპისკენ სვლას, კერძოდ, მეორე ეტაპზე გადასვლას, რაც გულისხმობს მოლაპარაკების დაწყებას? – ვკითხეთ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს ვანო ჩხიკვაძეს:
„ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინა პირობა არის 9 ნაბიჯის შესრულება. დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერ პიტერ სტანოს განცხადება. ის ამბობს, რომ რუსული კანონი მინიმუმ ორ ნაბიჯს ეწინააღმდეგება.
პირველს, რომელიც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მეცხრეს, რომელიც მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად იმუშავებს.
ამ ორი ნაბიჯის წინააღმდეგ მიმართული ეს კანონი, საბოლოოდ ხელს უშლის იმას, რომ გავიდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ეს კანონი ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯიდან მინიმუმ ორს. ამ ნაბიჯების შესრულება კი არის იმის წინაპირობა, რომ ქვეყანა წავიდეს ევროკავშირისკენ და დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
ვანო ჩხიკვაძე
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და განმტკიცებას. მმართველი პარტიის ამოცანაა, ნებისმიერი რამ, რაც ხელს უშლის ამ ამოცანის განხორციელებას, გზიდან ჩამოიშოროს. ძალაუფლების განმტკიცებაში ხელისუფლებას კი ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოება და მედია.
მედია და სამოქალაქო საზოგადოება მონიტორინგს უწევს ბევრ ისეთ თემას, რომელიც ხელისუფლებას აღიზიანებს. მაგალითად, ამონიტორინგებენ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, როგორ ტარდება ან არ ტარდება მართლმსაჯულების რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას.
„ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ მედია და სამოქალაქო საზოგადოება იყვნენ ის აქტორები, რომლებიც ითხოვდნენ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას, რომელთაც გამოავლინეს მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო კორუფციის სქემები.
ეს, ბუნებრივია, ხელს უშლის ხელისუფლებას, იყოს კომფორტის ზონაში და უზრუნველყოს არჩევნებში გამარჯვება. ამიტომ არის მედია და NGO სექტორი ამოღებული სამიზნედ. თუ მათ გააჩუმებენ, ბევრად უფრო ადვილი იქნება არჩევნებში გამარჯვების მიღწევა,“ – ხსნის თავისუფალი მედიის და სამოქალაქო სექტორში მიზანში ამოღების მიზეზს ვანო ჩხიკვაძე.
„ქართული ოცნება“ ცდილობს გასული წლის მარტის პროტესტის მსგავსი ტალღა აირიდოს თავიდან, ამიტომ მანიპულაციურად დაიყვანა კანონპროექტი ორ ჯგუფზე და ამტკიცებს, რომ რუსული კანონი მხოლოდ მედიას და სამოქალაქო სექტორს შეეხება.
„კანონის გავლენის დავიწროებას ხელისუფლება ცდილობს იმ მარტივი ლოგიკით, რომ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ რაც შეიძლება ცოტა ხალხი გამოვიდეს და არ შეექმნას პრობლემა მის მიღებას. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებ ადამიანს გაუჩნდება პროტესტი და რაც უფრო ნაკლები ხალხი წავა მის წინააღმდეგ, ეს ხელისუფლებას უფრო უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებთ, რომ მიიღოს კანონი.
რაც შეეხება დაფარვას, ეს კანონპროექტი ბევრ ადამიანს ეხება. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეულ სერვისებს აწვდიან ბენეფიციარებს. ეს იქნება ჯანდაცვის სფერო, განათლება თუ ასე შემდეგ.
თუ მიიღებს ხელისუფლება ამ კანონს, ის შეეხება აბსოლუტურად ყველას. აქ არ გაჩერდება ხელისუფლება, რაღაც პერიოდის მერე, კანონს კიდევ უფრო გააუარესებენ და გაამკაცრებენ,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე – სად ვართ ახლა
2023 წლის 14 დეკემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, საჭიროა სამი ეტაპის გავლა. პირველი ეტაპია ქვეყნის სურვილი და მზაობა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ეტაპი საქართველომ უკვე გაიარა და მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დარჩენილია კიდევ ორი ეტაპი – მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
მოლაპარაკების გახსნის ეტაპი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც იყო კანდიდატის სტატუსის მიღება.
მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილებას საქართველო 2024 წლის შემოდგომაზე ელის.
სწორედ 2024 წლის შემოდგომაზე უნდა გამოქვეყნდეს გაფართოების პაკეტი, რომელსაც ევროკომისია ყოველწლიურად იღებს. ესაა სტრატეგიულ დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების პროგრესი.
ვის ეხება რუსული კანონი
რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებით საფრთხე ექმნება მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო სექტორს.
თუ საქართველოში არ იქნება თავისუფალი მედია და შეზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს კანონი შეეხება ყველას – სტუდენტს, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრებ ადამიანს, ექიმს, მასწავლებელს, იურისტს, ჟურნალისტს, ინჟინერს და საერთოდ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.
რუსული კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის მასშტაბით მომუშავე ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც სერვისებს აწვდის საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, ხანდაზმულებს, ძალადობის მსხვერპლებს.
რუსული კანონი გავლენას იქონიებს იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე, რომლებიც გაცვლით პროგრამებს აორგანიზებენ სასწავლო ან/და მოხალისეობრივ სამუშაოებზე წამსვლელთათვის.
რუსული კანონი გავლენას მოახდენს საზოგადოების ყველა ფენაზე და შეეხება საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს.
ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი გვიჭირს და ხშირად ამის მიზეზი ის ძლიერი ემოციებია, რასაც პრობლემასთან დაკავშირებით განვიცდით. ეს შეიძლება იყოს მომხდართან დაკავშირებული დანაშაულის გრძნობა, სირცხვილის გრძნობა – თუ როგორ გამოვჩნდებით ჩვენი გაჭირვების გაზიარების შემდეგ, რომელიც ხშირად მხოლოდ ჩვენი, უნიკალური გამოცდილება გვგონია. ზოგჯერ მიზეზი ოჯახია, რომელიც სხვის თვალში რეპუტაციის შერყევას უფრთხილდება.
ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს რომ მიზეზია კულტურაც, რომელიც პირად პრობლემებზე საუბარსა და ძლიერი ემოციების გამოხატვას ადამიანის სისუსტედ თარგმნის. ფსიქოლოგი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რატომ არის აუცილებელი ჩვენს პრობლემებზე საუბარი და და როგორ შევძლოთ ეს.
რაში გვეხმარება საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი?
ლაპარაკი არ ნიშნავს უბრალოდ „ლაპარაკს“. ლაპარაკის დროს ხდება ჩვენს ტვინში ტრავმული ინფორმაციის გადამუშავება, გადამუშავება კი ნიშნავს მონელებას; აი, როგორც საჭმლის მონელებისას ხდება მისგან გათავისუფლება და მერე გამოშვება ორგანიზმიდან, ზუსტად ასე ხდება გამოცდილებისგან მიღებული ემოციური მდგომარეობის გადამუშავება.
როდესაც იწყება პრობლემაზე ლაპარაკი, პროცესში ერთვება ტვინის, ასე ვთქვათ ნარატიული ნაწილი, რომელიც ამ გამოცდილებას სახელს არქმევს. როცა სახელს არ ან ვერ არქმევ შენს გამოცდილებას, მაშინ ვერ აკონტროლებ, როცა რაღაცას სახელი დაარქვი, ესე იგი უკვე დაიმორჩილე ის.
ხშირად არის კიდევ ასეთი რაღაც, რაიმე სტრესული თუ მოხდა ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანს უნდა, რომ ბევრჯერ ილაპარაკოს ამის შესახებ, ბევრჯერ გააზიაროს, ბევრჯერ მოჰყვეს – და უნდა მოჰყვეს! ესე იგი ეს მას სჭირდება იმისთვის, რომ დაიცალოს ემოციებისგან, გამოხატოს ემოციები ლაპარაკში.
ზოგი ამ თემაზე ხატავდეს შეიძლება და ასე ამუშავებდეს ამ ინფორმაციას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარ თავს მოასმენინოს თავისივე ნათქვამი.
კალიფორნიის უნივერსიტეტის 2019 წელს ჩატარებული კვლევაამბობს, რომ საკუთარი გრძნობების სიტყვებით გამოხატვას – პროცესს, რომელსაც ჰქვია „განცდის სახელდება“, – შეუძლია საწყენ მოვლენებთან შეჯახებისას შეამციროს ამიგდალას [ტვინის მცირე ნაწილი, რომელიც ემოციების გადამუშავების მთავარი ცენტრია] პასუხი. ასე, დროთა განმავლობაში, თქვენ უფრო ნაკლებად ინერვიულებთ იმაზე, რაც გაწუხებთ. მაგალითად, მანქანაში ჩაჯდომა შეიძლება ემოციურად ძალიან გაგიჭირდეთ, მაგრამ როდესაც თქვენ ამ გამოცდილებაზე საუბრობთ, ამუშავებთ მომხდარს, თქვენ შეგიძლიათ მანქანაში დაბრუნდეთ ისე, რომ იგივე ემოციური რეაქცია არ დაგატყდეთ თავს.
New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: როდესაც თქვენ განიცდით ძალიან მძაფრ გრძნობებს – განსაკუთრებით შიშს, აგრესიას ან შფოთვას – ყველაფერს მართავს ამიგდალა. ეს არის ტვინის ის ნაწილი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ამუშავებს თქვენს „შეებრძოლე ან გაიქეცის“ პასუხს. ამიგდალას და მთლიანად თქვენი ლიმბური სისტემის ამოცანაა გაარკვიოს, არის თუ არა რაიმე საფრთხე, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ამ საფრთხეზე რეაგირება და შეინახოს ინფორმაცია თქვენს მეხსიერებაში, რათა მოგვიანებით ამოიცნოთ საფრთხე. როდესაც სტრესის ქვეშ ხართ ხართ, თქვენი ტვინის ამ ნაწილს შეუძლია აიღოს კონტროლი და გამოტოვოს უფრო ლოგიკური აზროვნების პროცესებიც კი.
გარდა იმისა, რომ ადამიანებს უჭირთ საკუთარ პრობლემებსა და ცუდად ყოფნაზე საუბარი, ზოგჯერ ოჯახის სახელის გაფუჭების შიშის გამოც ჩუმდებიან, განსაკუთრებით, როცა საქმე მენტალურ ჯანმრთელობას ან ადიქციას ეხება. კიდევ რა განაპირობებს ამ დუმილს?
სამწუხაროდ ბევრი რამ განაპირობებს ამას, მათ შორის კულტურა, რომელიც მაგალითად გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ძლიერები და ეს სიძლიერე ასოცირებულია არ ლაპარაკთან, რომ საკუთარ პრობლემებს უნდა გაუმკლავდე ლაპარაკის და გახმოვანების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არასწორია.
ლაპარაკი და პრობლემის აღიარება არ ნიშნავს, რომ სუსტი ვარ, სისუსტეზე არც ის მიანიშნებს, თუ რაღაცას ვერ ვუმკლავდებით.
ადამიანები არასდროს ცხოვრობდნენ მარტო, არასდროს უმკლავდებოდნენ პრობლემებს მარტო, თუნდაც პირველყოფილი ადამიანები, ისინი პრობლემებსა და გამოწვევებს ყოველთვის უმკლავდებოდნენ ერთად. რაღაც მხრივ შეიძლება მედიაკულტურის/პოპკულტურის ბრალიც არის, რადგან ხშირად ხდება დღეს იმაზე აპელირება, რომ ცალკე ინდივიდები ვართ, დამოუკიდებლები ვართ … მოკლედ, ვითხოვთ ადამიანებისგან იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანს შეუძლია.
სტრესის დროს სპეციალურად ისეთი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა იქმნება ორგანიზმში, რომ მისთვის სასიცოცხლოდ, ჰაერივით მნიშვნელოვანია მეორე ადამიანი, თუნდაც ფიზიკურად რომ ჩავეხუტოთ მეორე ადამიანს, ან გავუზიაროთ ჩვენი პრობლემები.
მარტივი მაგალითით რომ ავხსნათ, ადამიანს როცა უჭირს – ტირის. და რატომ ტირის? იმიტომ, რომ ვიღაცამ გაიგოს მისი ტირილი, მოვიდეს და დაეხმაროს. ბავშვი იმიტომ ტირის, რომ უჭირს, მშობლებს ანიშნებს – მცივა, მცხელა, გამომიცვალე… ანუ ტყუილად არ ტირის, მაგრამ მერე რატომღაც ვუკრძალავთ და არ ვაცლით ამ ტირილს მოზარდებს, ზრდასრულებს; ფაქტობრივად ამით ვეუბნებით და ვასწავლით – „შენით მოაგვარე“.
პრობლემის ვერ გადამუშავების გარდა, კიდევ რა ზიანის მომტანია პრობლემებზე დუმილი?
როცა სხვადასხვა მიზეზებით ვერ ხერხდება პრობლემის აღიარება, როცა სირცხვილის განცდას იწვევს ამ პრობლემის არსებობა საკუთარ თავში, მაგრამ თან ეს პრობლემა არსად მიდის და რჩება, მაშინ ადამიანი იწყებს გამკლავებისთვის ალტერნატიული გზების ძიებას. ასეთ დროს სხეული გვკარნახობს, რომ რაღაც გავაკეთოთ და ხშირად ეს არის გამკლავების არა ადაპტური, არასწორი გზები [თვითდესტრუქციული მეთოდები], მათ შორის ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებისმოხმარება, ქცევით დამოკიდებულებებში გადაშვება, როგორიცაა მოჭარბებულად აზარტული თამაშებისა და კომპიუტერული თამაშების მოხმარება, სხეულის დაზიანება და სუიციდის მცდელობები.
როგორ შევუწყოთ ხელი საკუთარი თავის და ერთმანეთის ალაპარაკებას, როგორ შევქმნათ სალაპარაკო სივრცე ერთმანეთთან?
ლაპარაკი მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანთან. მნიშვნელოვანია, რომ გავაზიაროთ ჩვენი არსებული წუხილები და ემოციური ტკივილები ისეთ ადამიანთან, ვისთანაც თავს დაცულად ვგრძნობთ, ვისთანაც არ გვეშინია „გაშიშვლება“.
თუ ასეთი ადამიანი არ გვყავს გარშემო, შეგვიძლია მივმართოთ შესაბამის სპეციალისტებს და თუ ამის ფინანსური რესურსიც არა გვაქვს, მაშინ საჭიროა საკუთარ თავთან დიალოგის დაწყება. ეს შესაძლებელია როგორც წერილობით, ასევე ვოკალურ ან სხვა ფორმატებშიც. თითოეული ადამიანი საკუთარ თავში ბევრ „მე“–ს აერთიანებს, ზოგიერთი მათგანი ხანდახან ემოციურ იარებს ატარებს და უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ჭრილობების მოშუშება იწყება საკუთარი თავისა და სხვების ემპათიური მოსმენითა და მიღებით, ყოველგვარი შეფასებისა და განსჯის გარეშე.
პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, 14 ივნისს ლიმიტირებული ნომინაციებით გაიმართება. „ელისოს“ გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
ნატო ვაჩნაძის ფონდის და პრემია „ელისოს“ მთავარი პარტნიორები არიან თეგეტა, თეგეტა ქარსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე სარაჯიშვილი, გალფი და სხვა.
„ნატო ვაჩნაძის ფონდი“ კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად. ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში პრემიის დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ 1981 წელს გაჩნდა.
„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას – ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.
ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი. საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.
„მიხარია რომ წელს, ნატო ვაჩნაძის 120 წლის აღსანიშნავად ასეთი ღონისძიების ჩატარებას მოვახერხებთ. გურჯაანში ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე წლებია სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ და სწორედ ამ დღესასწაულს გვინდა შევმატოთ კინო მნიშვნელობა, რომელიც ამ დღის აღნიშვნის საწყისი იყო და ბოლო დროს თითქოს გაქრა.
წლევანდელი წელი უფრო პრეზენტაციაა იმისა, თუ როგორი იქნება პრემია „ელისო“ მომავალში. თუმცა დღევანდელ დღეს, რამდენიმე პროფესიონალის ხელშეწყობაც კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი.
წელს პრემია „ელისო“ სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.
ღია კონკურსი 12 აპრილს გამოცხადდება და პირველ მაისს დასრულდება.
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 445 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670]
ტანკი – 7 018 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 13 386 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 11 171 ერთეული [+29]
MLRS – 1 026 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 746 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 817 ერთეული [+21]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 059 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 14 861 ერთეული [+48]
სპეცტექნიკა – 1 845 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
582 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
18 734 უპილოტო საფრენი აპარატი
495 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 687 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 264 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 654 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
20 596 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი მასალის ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრის სკრინინგის პროცედურა განახლდა. ამ პროცედურით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს დაგეგმილი საქმიანობისთვის არის თუ არა საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება.
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ამ ეტაპზე, ჯამში, 43 000 კუბური მეტრი ნატანია ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი გათვლებით 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.
ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას კი შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს.
ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [თუმცა ეს მოხდა იმ დროს, როცა პლაჟზე არავინ იმყოფებოდა].
ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღება-მახინჯაურში ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტები გარემოს ეროვნულ სააგენტოში ხელახლა, 2024 წლის პირველ აპრილს წარადგინა.
სკრინინგის დოკუმენტების მიხედვით:
„დაგეგმილი საქმიანობის ადგილი განსაზღვრა ბუნებრივად განვითარებულმა კონცხის უკონტროლო ზრდამ და მახინჯაურის სანაპიროზე შექმნილმა კრიტიკულმა ვითარებამ.
საპროექტო სამუშაოები შემოიფარგლება მარტივი ღონისძიებით: კონცხის წყალქვეშა სანაპიროდან ამოღებული მასალით მახინჯაურის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია [ხელოვნური პლაჟის შექმნით]“.
ბათუმში ზღვიდან ჭარბი ნატანის ამოღების [ბათუმის კონცხი] და სანაპიროსთან ჩაყრის [მახინჯაური] ადგილები / კონცხიდან ამოღებულ ხრეშს მახინჯაურში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მწვანე კონცხის მიმართულებით სანაპიროს დაახლოებით 1,2 კილომეტრ სიგრძის მონაკვეთზე დაყრიან„სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება წყნარი ზღვის პერიოდში, რაც იძლევა ტექნიკის წყალში ხანგრძლივად დგომის გარეშე ექსპლუატაციის საშუალებას. სხვა სახის რაიმე არსებითი ზეგავლენა შესაძლო ბიომრავალფეროვნებაზე არ არის მოსალოდნელი.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ პროექტის განხორციელების შედეგად რეგიონში მობინადრე ცხოველებზე ზემოქმედების რისკები მინიმალურია. პროექტის განხორციელება ვერ გამოიწვევს რომელიმე სახეობისთვის მნიშვნელოვანი საბინადრო ადგილების მოშლას.
იქთიოფაუნაზე შესაძლო ზემოქმედების რისკები ძირითადად უკავშირდება ზღვის პირას ჩასატარებელ სამუშაოებს. როგორც აღინიშნა შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს წყლის სიმღვრივის მატებას. აქედან გამომდინარე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყლის ხარისხის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდგომ წყალში მობინადრე სახეობისთვის მოსალოდნელია დადებითი ეფექტიც, ვინაიდან შემცირდება ეროზიული პროცესების განვითარების და, შესაბამისად, ამ მიზეზით წყლის სიმღვრივის მატების შესაძლებლობა.“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, კონცხიდან ჭარბი ნატანი მასალის [ქვიშა-ხრეშის] ამოღება და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება [თუმცა, როდის დაიწყება სამუშაოები, ეს სკრინინგის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული]:
„დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ვერ მოახდენს ვიზუალურ-ლანდშაფტურ მდგომარეობაზე, რადგან სამშენებლო სამუშაოები სრულდება საზღვაო ტექნიკის გამოყენებით.“
ვიდრე სკრინინგის პროცედურა მიმდინარეობს, ბათუმის კონცხზე ზღვამ სანაპირო ზოლი უკვე მიიტაცა. შესაბამისად, პლაჟწარმომქმნელი მასალის გარკვეული ნაწილი, დიდი ალბათობით, ბათუმის კანიონში უკვე ჩაიკარგა.
ფოტოებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის თებერვალში გადაიღო ბათუმის კონცხზე, ნათლად ჩანს, თუ პლაჟის რა ნაწილი წარეცხა ზღვამ 3 თვეში:
რამდენიმე მონაცემი სკრინინგის ანგარიშიდან, რომლებიც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადრე ჩატარებულ სხვადასხვა კვლევას ეყრდნობა:
„საქართველოს ზღვის სანაპიროს სიგრძე დაახლოებით 315 კმ-ია. ავარიული ნაპირების სიგრძე კი 155 კმ-დან 220 კმ-მდეა გაზრდილი.
აჭარის ზღვისპირეთიდან, ბოლო 150 წლის განმავლობაში წაირეცხა დაახლოებით 400 ჰექტარი, აქედან მხოლოდ 1930-80 წლებში დაახლოებით 200 ჰექტარი: გონიო-ბათუმის სანაპიროდან – 40 ჰექტარი, მახინჯაური-ქობულეთიდან – 150 ჰექტარი.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიმჩნევა ნაპირების წარეცხვის არეალების და ინტენსივობის მასშტაბური პერმანენტული ზრდა. ეს ტენდენცია ვრცელდება ტექტონიკური აწევის სტადიაში მყოფ უბნებზეც.
დროის მოკლე, საინჟინრო პერიოდში [25 წ.] პროცესის გააქტიურების ძირითადი მიზეზია სანაპირო ზონაში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული, ბუნებრივი წონასწორობის პირობებში ანთროპოგენური ფაქტორების რადიკალური ჩარევა.
კერძოდ: პორტების მშენებლობა, დიდი მდინარების დარეგულირება ჰესებით, სანაპიროდან ნატანის გატანა და მისი ბუნებრივი პროფილის დაუსაბუთებელი შეცვლა და მრავალი სხვა.“
ბათუმის მერია მორიგი „იაფი სახლის“ აშენებას გოროდოკის დასახლებაში, ვოლსკის ქუჩის 13 ნომერში გეგმავს.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, მრავალბინიანი სახლი 200 ოჯახზე იქნება გათვლილი.
სამმართველო ბაზრის კვლევას იმ ფასის დასადგენად ატარებს, რაც „იაფი სახლის“ მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის, სახლის პროექტის შედგენისა და მშენებლობისთვის იქნება საჭირო. თანხის ოდენობის დადგენის შემდეგ კი სამმართველო ტენდერს გამოაცხადებს.
ტენდერს Design-Build მეთოდით გამოაცხადებენ, ანუ გამარჯვებული ვალდებული იქნება მოამზადოს „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმა, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე ააშენოს კორპუსი.
ტერიტორია, რომელიც მერიამ შეარჩია გოროდოკის დასახლებაში, ქალაქის N19 საბავშვო ბაღის მიმდებარედაა. მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 6 246 კვ/მ-ია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. საპროექტო ტერიტორიაზეა ასევე სტადიონი.
დაანგრევენ თუ არა სტადიონს სახლის მშენებლობისთვის [როგორც ეს ხელვაჩაურში მოხდა, სადაც სოციალური სახლის მშენებლობის მიზნით დაანგრიეს სტადიონი, რომლის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი დაიხარჯა]? – ამ კითხვის პასუხად ბათუმის მერიის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „სტადიონის საკითხი ბაზრის კვლევის პროცედურების დასრულების შემდეგ გაირკვევა“.
ინფორმაცია, რა თანხა დაიხარჯა ამ სტადიონის მოსაწყობად, სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
საპროექტო ტერიტორია ბათუმში, სადაც ქალაქის მერია „იაფი სახლის“ აშენებას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია მოიცავს სტადიონსაც.
ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, სამომავლოდ ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დაასრულოს.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, „მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა უნდა მოიცავდეს შემდეგ ფუნქციურ ზონებს [მაგრამ არ შემოიფარგლება]:
საცხოვრებელი ფართობები – ბინები, [საზაფხულო [აივანი] და დამხმარე/სათავსო სივრცეების ჩათვლით]; თითოეული ბინა უნდა მოიცავდეს 1 სველ წერტილს, სამზარეულო/სასადილო და საძინებელ სივრცეებს, საზაფხულო და დამხმარე/ტექნიკურ სივრცეებს, გეგმარება უნდა იყოს მაქსიმალურად ოპტიმალური და ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფილი;
საერთო სარგებლობის კიბის უჯრედები, სადარბაზოები და დერეფნები;
სამგზავრო და სატვირთო ლიფტები [საჭიროების შემთხვევაში];
ტექნიკური ოთახები.“
ამასთან, 80 ბინა უნდა იყოს ერთოთახიანი [საორიენტაციო საერთო ფართობი 30-40 კვ.მ]; 80 ბინა უნდა იყოს ოროთახიანი [50-60 კვ.მ]; 40 ბინა – სამოთახიანი [70-80 კვ.მ]. სულ 200 ბინის სრული საცხოვრებელი ფართობი ჯამში უნდა იყოს მაქსიმუმ 12 000 კვადრატული მეტრი.
ტენდერში, რომელიც სამმართველომ უნდა გამოაცხადოს, იქნება პირობა, რომ „საცხოვრებელი ფართობები, შენობების შიდა და გარე მოპირკეთებისა და კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩათვლით – ჩაბარებული უნდა იქნეს დასრულებულ მდგომარეობაში.“
ე.წ. „იაფი სახლი“ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამაა, რომლის ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტით აშენებული სახლები გარკვეულ ოჯახებს გარკვეული პირობებით გადაეცემათ გამოსყიდვის უფლებით.
„იაფი სახლის“ ფარგლებში ბათუმის მერიამ ბინები დღემდე ორ ეტაპად გასცა, თუმცა გასულ წელს დარჩა 11 ოჯახი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, თუმცა მათ ბინები არ შეხვდათ.
მაშინ მერიაში თქვეს, რომ ეს ოჯახები ბინებს მესამე ეტაპზე მიიღებდნენ, თუმცა არ დააკონკრეტეს როდის დაიწყებოდა ეს ეტაპი – ახალი ბინების მშენებლობა, განაცხადების მიღება-შერჩევა და სხვა.
„როდის დაიწყება მესამე ეტაპი და ბინის მსურველთა განაცხადების მიღება, ეს უფრო ტენდერის შედეგების შემდეგ დაკონკრეტდება და გასაჯაროვდება. იმ 11 ოჯახს კი, რომლებიც წინა ეტაპზე შეირჩნენ, ახალ სახლში ბინებს ავტომატურად გადასცემენ“ – გვითხრეს დღეს, 3 აპრილს, ქალაქის მერიაში.
უსახლკარობის პრობლემა ბათუმში ათასობით ოჯახს აწუხებს. მოქალაქეები, რომლებიც ხშირად აქციებს მართავენ, ამბობენ, რომ სახლს კი არა თავშესაფარს ითხოვენ. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც „იაფის სახლის“ პროგრამით სარგებლობა იმის გამო არ შეუძლია, რომ გადახდის უნარიანი არ არის.
ამის პარალელურად, როგორც აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ასობით ბინაა, რომლებიც უკვე თვეებია, ზოგჯერ კი წლებია მერიას დაკეტილი აქვს.
რუსულ „რულეტკას“ ახსენებს „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაბრუნება პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მისი აზრით, ხელისუფლებას, რომელსაც ამ დრომდე ავტორიტარული ტენდენციები ჰქონდა, ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციის მიღწევა სურს.
„რასაც ისინი ვერ საზღვრავენ, არის ის, რომ საქართველოში ეს არავის გამოსვლია. საქართველო ვერასდროს გახდება ბელარუსი და რუსეთი,“ – მიიჩნევს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა: რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რუსული კანონის დღის წესრიგში დაბრუნება?
ბატონო კორნელი, თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ისევ რუსული კანონთან დაბრუნება იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია, პროტესტმა კი, შესაძლოა მას რისკები შეუქმნას?
„ქართული ოცნება“ თითქმის ყოველდღიურად ახსენებს მიზანს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა სურს პარლამენტში, მათ ერთპარტიულად სურთ, მართონ ქვეყანა. არცერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ ამის რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“. მათ არ სურთ ხელისუფლების გადანაწილება, ან ვინმესთან კოალიციაში შესვლა, შავი ჭირივით ეზარებათ იმ სცენარის წარმოდგენაც კი, რომ შეიძლება გარკვეული საფრთხე შეექმნას ხელისუფლების ვერტიკალს.
ამას გარდა, „ქართული ოცნება“ უკვე აკონტროლებს ყველაფერს ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის გარდა. „ქართულმა ოცნებამ“ მეტ-ნაკლები წარმატებით უკვე მოახერხა პოლიტიკური ოპოზიციის მარგინალიზაცია, მათგან ისეთ დიდ საფრთხეს ვერ გრძნობენ, როგორც ეს სხვა დროს შეიძლება ყოფილიყო.
ისინი სამოქალაქო სექტორს და თავისუფალ მედიას ხედავენ, როგორც გამოწვევას, მათი ხელისუფლებაში დარჩენის თვალსაზრისით. თანაც, ეს არის სეგმენტი, რომელიც დაკომპლექტებულია საკმაოდ ნიჭიერი ადამიანებით, ხელისუფლებაზე არ არიან ფინანსურად დამოუკიდებლები. სურთ, რომ რაღაცნაირად ეს ნაწილი დაიმორჩილონ და კონტროლი მოიპოვონ.
იგივე მცდელობა ჰქონდათ შარშან, რაც არ გამოვიდა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ბურბონების ერთგული ადამიანების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გადავიდა, რათა თავი დაეღწიათ რევოლუციური ქარიშხლისთვის.
როდესაც ბურბონები აღადგინეს 1814 წელს, ეს ემიგრანტები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში ზუსტად იგივე მენტალიტეტით, რაც 25 წლის წინ დატოვეს. იმ ეპოქის დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ და დიპლომატმა, ტალეირანმა მათ შესახებ თქვა: „მათ ვერაფერი ისწავლეს და არაფერი დაივიწყეს“. დაახლოებით ამას ჰგავს „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება. ეტყობა, მათ ვერაფერი ისწავლეს, თუმცა არც არაფერი დავიწყებიათ შარშანდელი პერიპეტიებიდან.
საქართველო ვერასოდეს ვერ გახდება რუსეთი და ვერც ავტოკრატიული რეჟიმი. ეს არცერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია საქართველოში.
ამ კანონის მიღება, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად კლავს ყველანაირ შესაძლებლობას ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და მათ მშვენივრად იციან, მაგრამ მათ ეტყობა ხელისუფლებაში დარჩენა უფრო უღირთ.
როცა მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს ევროპასთან დაახლოებას და ამ დროს „ოცნება“ უპირისპირდება ევროპას, მათ შორის, რუსული კანონის მიღებით, ეს როგორ იმუშავებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
ისინი ცდილობენ, პირიქით, ევროპას გადააბრალონ ეს, ამბობენ კიდეც, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში არსებობს მსგავსი კანონი. ცდილობენ, ეს ისე მიაწოდონ მოსახლეობას, რომ თითქოს გამჭვირვალობაზეა საუბარი, თუმცა კანონს გამჭვირვალობის კანონი კი არ დაარქვეს, მაინც დაარქვეს ის სახელი, რომ სტიგმატიზაცია მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის.
ამის მიღწევა უნდათ – როგორმე სამოქალაქო სექტორის და თავისუფალი მედიის მარგინალიზაცია გამოიწვიონ.
თუმცა, ამის ნაცვლად შეიძლება პირიქით ხელისუფლებამ მიიღოს პროტესტი, რაც მისი ძალაუფლებაში ყოფნის რისკია, რა გათვლით შეიძლება მოქმედებდეს „ქართული ოცნება“?
ამიტომაც ჰგავს ეს „რუსულ რულეტკას“, ბანქოს. ეს არის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება.
ეტყობა, მთლად ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებში უმრავლესობას მიიღებენ – არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა. მათ არ აქვთ იმის გარანტიები, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ და მოქმედებენ სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.
„ქართული ოცნება“ თავად ცდილობს მაპოლარიზებელი ძალა იყოს და საზოგადოება რაღაცნაირად დაყონ. მას ახალი არაფერი აქვს შემოსათავაზებელი: ქვეყნის განვითარების ხედვა, ეკონომიკური რეფორმები, არ სურთ ახალ დებატებში შესვლა, რადგან ამას წააგებენ. ამ დროს ქვეყანაში უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, ასიათასობით ადამიანი ქვეყნიდან გავიდა. ამ პრობლემებზე მათ უბრალოდ არაფერი აქვთ სათქმელი.
შედეგების წინასწარ გათვლა რთულია, თუმცა ამან შეიძლება სულ სხვა ფაზა მიიღოს და ოპოზიციაში, რომელიც დღეს ასე ფრაგმენტირებულია, ისეთი ადამიანები ჩაერთონ, რომლებიც მანამდე არ იყვნენ ჩართული – დაინახავენ, საით მიდის ქვეყანა.
„რუსულ რულეტკაში“ ვერ გათვლი: ყველაფერს იგებ, ან ყველაფერს აგებ. რატომ წავიდა „ქართული ოცნება“ ასეთ რისკზე, არ ვიცი, გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი. ამ გზით ხელისუფლება მოახერხებს ავტორიტარული ტენდენციების კონსოლიდაციას. ახლა თუ ჰიბრიდია, მერე უკვე ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაცია მოხდება. თუ ეს შეძლეს, 2030 წლამდე დარჩებიან, თუ 2040 წლამდე, დროის ამბავია…
რასაც ისინი ვერ საზღვრავენ, არის ის, რომ საქართველოში ეს არავის გამოსვლია. საქართველო ვერასდროს გახდება ბელარუსი და რუსეთი.
არის სხვა ვერსიაც, მაგალითად, ის, რომ ამ სვლით ივანიშვილი ევაჭრება დასავლეთს, დასანქცირება რომ არ მოუწიოს ან რამე სხვა…
ეს უკვე ცეცხლთან თამაშს ჰგავს – პირიქით შეიძლება მოხდეს: თუ აქამდე ევროკავშირმა გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო კოჭი გაუგორა საქართველოს და მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ახლა დაშანტაჟების მეთოდმა არა მგონია იმუშაოს. ამაზე თვალს არავინ დახუჭავს. პირიქით შეიძლება გააქტიურდეს საკითხი ხელისუფლების შეცვლაზე და ქართველ ამომრჩეველს დარჩეს ასეთი გამოსავალი: იმისთვის, რომ წინ წავიდეთ, ევროპისკენ, მაშინ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. დაახლოებით ამისკენ შეიძლება უბიძგოს ამ გადაწყვეტილებამ.
საზოგადოებამ კარგად უნდა გაანალიზოს, რა ხდება ქვეყანაში. ფაქტობრივად, ამომრჩეველს სთავაზობენ, რომ უნდა შეეგუონ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს, თუ არადა, ამომრჩეველმა უნდა გადაირჩიოს ხელისუფლება.
არც აქამდე არსებობდა დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ჩაატარებდა დემოკრატიულ რეფორმებს, რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, პირიქით, რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული კ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.შ., 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად „ლოლო“), 1990 წელს დაბადებული ბ.ს., 1964 წელს დაბადებული კ.ბ., 1974 წელს დაბადებული მ.ყ. (მეტსახელად „ყურშა“), 1991 წელს დაბადებული თ.ჩ. (მეტსახელად „თაზო“) და 1987 წელს დაბადებული ი.კ.“ – იუწყება შსს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და თ.ჩ.-ს შორის სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებული ფინანსური დავა წარმოიშვა. სადაო თანხა შეადგენდა 130 000 ლარს.
„ამავე კომპანიაში დასაქმებულმა 1964 წელს დაბადებულმა კ.ბ.-მ დახმარება აღუთქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, მათ შორის თავის შვილს – 1989 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს.
თავის მხრივ, თ.ჩ.-მ, დასახმარებლად ასევე, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ – ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს“ – წერს შსს.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობა დღეს, 3 აპრილის დილას კიდევ ერთხელ მოატყუა. „ოცნებამ“ გასული წლის მარტში დადებული პირობა ამჯერადაც დაარღვია და რუსულ კანონს აბრუნებს პარლამენტში განსახილველად.
როდის, რამდენჯერ და როგორ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი. გთავაზობთ „ოცნების“ 3 დიდი ტყუილის ქრონიკას.
ტყუილი #1 – საარჩევნო ბარიერის დაწევა
2019 წლის 24 ივნისი
ბიძინა ივანიშვილი: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერის პირობებში“.
2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები ხელისუფლების ცალკეული მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ რუსეთის დელეგაციის საქართველოს პარლამენტში მიღების გამო. მაშინ დელეგაციის წევრი, რუსეთის დიმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსეს, საიდანაც მან რუსულად ისაუბრა.
ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. აქციის დაშლისას დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის რამდენიმემ დაკარგა თვალი.
პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე ივანიშვილის დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.
საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებული ტყუილის კიდევ ერთი ავტორი, მოქმედი პრემიერ-მინისტრია.
2022 წლის 7 ივლისს ირაკლი კობახიძემ თქვა: „დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“.
განცხადების გაკეთების მომენტში ირაკლი კობახიძე იკავებდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს.
„ოცნებამ“ დადებული პირობა ამჯერადაც დაარღვია და ხალხი მოატყუა. 2024 წლის არჩევნებზე პარტიებს ისევ 5 %-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ პარლამენტში მოსახვედრად.
ტყუილი #2 – კანონი „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე
2023 წლის, 3 მაისი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე: „ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება. ამას აქვს თავისი არგუმენტები. მათ შორის არ განიხილება სამართლებრივი არგუმენტის გამო. მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ თავის ნარატივს. მესამე – მე პირადად და ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება, მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს“.
ამ განცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 29 თებერვალს, მამუკა მდინარაძემ ახალი კანონპროექტის მიღება დააანონსა. მდინარაძის თქმით, „აშკარა ლგბტ პროპაგანდა უნდა აკრძალოს“.
ტყუილი #3 – რუსული კანონი
2023 წლის 9 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო აქციების შემდეგ მეორე მოსმენით ჩააგდო რუსული კანონი აგენტების შესახებ. კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
2023 წლის 9 მარტი
ირაკლი კობახიძე: „რაც შეეხება კანონს, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ეს ჩვენი [„ქართული ოცნების“] დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის ინიციირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს საკითხი აღარ განიხილება ჩვენს მიერ. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია არ გადაიხედება“.
დღეს, 2024 წლის 3 აპრილის დილას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს პარლამენტში განსახილველად აბრუნებს.
„თქვენ ფაქტობრივად მოატყუეთ ქვეყნის ამომრჩევლები, თქვენ მოატყუეთ ქალები. ღირსი ხართ, რომ არცერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი. ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში“, – მიმართა პარლამენტარმა რომან გოცირიძემ სხდომაზე „ოცნებას“. პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებას განიხილავს, რაც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს.
კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებული თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტით პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-სა.
„ამ კანონის მიღებას აქვს ორი მიზანი, პირველი, კიდევ ერთი დამატებითი, წინააღმდეგობა შემოიტანონ ევროკავშირთან დასაპირისპირებლად. ეს იყო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, ეს არის სხვა კანონები, რომლებიც სხვა რეკომენდაციით არის მოთხოვნილი. ეს არის რუსული აგენტების კანონის უკან შემობრუნება და ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის, გენდერული თანასწორობისა და ასევე საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესება, ვინაიდან ეს არის საარჩევნო საკითხი, სადაც უარესდება დღეს არსებული მდგომარეობა. თქვენ ფაქტობრივად მოატყუეთ ქვეყნის ამომრჩევლები, თქვენ მოატყუეთ ქალები, ღირსი ხართ, რომ არცერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი. ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში.
სამი წლის წინ აცხადებდით, რომ ეს კანონი 2028 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდება, 2032 წლის შემდეგაც იმუშავებს ეს კანონი, ფაქტობრივად ქალთა თავისუფლებას, ემანსიპაციას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას უშლის ხელს.
რეგიონებში ქალთა უფლებების დათრგუნვას უწყობთ ხელს, რამდენი ქალია იცით დღეს მარნეულში საკრებულოში, განსაკუთრებით მწვავეა ეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ეს არის ცხრა ქალი, ერთი მესამედი საკრებულოს წევრებისა, რამდენი იყო 2017-ში? – 2017- ში მარნეულის საკრებულოში იყო ნული ქალი.
დღეს ხუთასამდე დეპუტატია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სწორედ იმ კანონის წყალობით, რომელსაც პროევროპულად ასაღებდით, აბა ნახეთ თქვენი გამოსვლები და არგუმენტები, თქვენ ამბობდით, რომ ევროპაში არ არის არცერთი სახელმწიფო, სადაც არ მუშაობს ეს სისტემა, ან საკანონმდებლო დონეზე, ან პარტიული შეთანხმების დონეზე, სკანდინავიის ქვეყნებს ნახევარი საუკუნეა არავითარი კანონი არ სჭირდებათ, მათი პარტიების წესდებით რეგულირდება ეს საკითხი, ხოლო საფრანგეთში კონსტიტუციით არის ეს უზრუნველყოფილი.
თქვენ როდესაც ევროპულობით ასაბუთებდით ამ კანონის მიღებას, დღეს უკვე ავლენთ თქვენს ანტიევროპულ ქმედებებს კიდევ ერთ ამ გამოვლინებაში. უნდა დაისაჯოთ და ამ დასჯის ყველაზე მარტივი და კანონიერი ფორმა ეს არის არჩევნებში ამ პარტიის გასტუმრება პოლიტიკურ მოუსავლეთში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ სხდომაზე.
ცვლილება შედის, ასევე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმად, უქმდება ის ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.
კანონპროექტების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ აპირებს ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 444 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
ტანკი – 7 009 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 13 368 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 11 142 ერთეული [+30]
MLRS – 1 025 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 745 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 796 ერთეული [+17]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 059 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 14 813 ერთეული [+30]
სპეცტექნიკა – 1 838 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
581 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
18 538 უპილოტო საფრენი აპარატი
495 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 684 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 262 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 644 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
20 576 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
შუახევში მისასვლელად არც ისე კომფორტული გზის გავლა გიწევთ, დაბაში შესვლა კი დილის 10 საათამდე უნდა მოასწროთ, რადგან შემდეგ გზა იკეტება შუადღემდე.
გზის გარკვეულ მონაკვეთზე კლდე იშლება და ქვათაცვენის გამო, გადაადგილება შეზღუდულია. ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც. მტვრიანი და მოუწესრიგებელია ქუჩების გარკვეული ნაწილი. განსაახლებელია ინფრასტრუქტურა.
ერთადერთი გასართობი ადგილი დაბის ცენტრში, სპორტული მოედანია, სადაც ათეულობით ადამიანს მოუყრია თავი.
აქ ადამიანებს ვკითხეთ, რას ელოდებიან მომავალი არჩევნებისგან, რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად და შეიცვალა თუ არა მათი სოციალური მდგომარეობა ბოლო წლებში.
რევაზ ბერიძე
რევაზ ბერიძე შუახევის დაბაში ცხოვრობს. მისი პატარა, უსახური მაღაზია მტვრიან ქუჩაზეა. წუხს, რომ მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ქუჩა ამ დრომდე ვერ მოაწესრიგეს, ამიტომ მზიან ამინდში ყველაფერი მტვრიანია.
„ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ეს მაღაზიაა. სულ მშიერი არ ვარ და ესაა“, – გვეუბნება ის.
ეკონომიკის დუღილს და წინსვლას, „ქართული ოცნების“ წევრების მსგავსად, ის საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. „რა ეკონომიკა, რის ეკონომიკა… მათთვის კაი მანქანები რომ აქვთ და დაგრიალებენ, ორ-ორი, სამ-სამი ბინები რომ აქვთ, ეს არის ეკონომიკის დუღილი?“ – ამბობს ის.
ის არც არჩევნებისგან ელის დიდი ცვლილებებს.
„ყველაფერი მაინც ზევით, ანუ თბილისში წყდება. აბა მოსახლეობა რაიონში აღარ არის, სოფლები დაცარიელდა და ამომრჩეველი საიდან იქნება აქ.
„ოცნება“ თუ დარჩება, ვიტრიალებთ კიდევ ერთ ადგილზე. არაფერი კეთდება სოფელში. სოციალურით ვითომ ასაქმებენ ხალხს და ეგაა, სხვა არაფერი პერსპექტივა სოფელს არ აქვს.
სიღარიბის გამო მოდიან სოფლიდან. ზოგი ქალაქში, ზოგი უცხოეთში. სოფელში არანაირი სამუშაო, არანაირი გასართობი არ არის. საშუალო სკოლაში 5-6 მოსწავლეა შემორჩენილი.
ჩემი ძმის სახლი ავარიულია, მეწყერმა დააზიანა. მოგვცეს ეკომიგრანტის საბუთი და სხვა რეაგირება არ ყოფილა“, – გვეუბნება რევაზ ბერიძე.
მუხრან დავითაძე
მუხრან დავითაძესაც დაბაში შევხვდით. ის თვითდასაქმებულია. მანქანების ხელოსანია და მისი შემოსავალიც იმაზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა დაკვეთა.
მისი აზრით, ბოლო ათი წელია ხალხისთვის არაფერი შეცვლილა ბაზრის ფასების გარდა.
„ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ „არნახული“ ეკონომიკური ზრდა, იმიტომ რომ პირველივე სხდომაზე ხელფასები დაიმატეს. ჩვენთვის ბაზრის ფასები შეიცვალა მარტო. გაძვირდა ყველაფერი.
მინიმალური რაღაცები კეთდება. მუსიკალური სკოლა, დარბაზი გაგვიკეთეს, სკვერები. თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით არაფერი იცვლება.
ევროპა რომ გვინდა, ევროპაში ჯერ ხელფასები იზრდება და მერე ფასები. აქ პირიქითაა. საკუთარი ოჯახებისთვის ჰყოფნით და გლეხობაზე არავინ ფიქრობს, თუ როგორ იყიდიან გაძვირებულ პროდუქტს“, – ამბობს ის.
მუხრანი არჩევნებზე წასვლას მაინც აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ „თუ არ მივედით, უფრო გაყალბდება“.
„ვისაც მეტი კონტაქტი ექნება ხალხთან, ის იქნება ჩვენთვისაც კარგი. მაგრამ საქართველოში ყველა ბიზნესმენის, ყველა პარლამენტარის მიზანი ისაა, რომ საქართველოში ფული გააკეთონ და საზღვარგარეთ წაიღონ. იმდენი მილიარდერი გვყავს, ყველა აქეთ რომ მოტრიალდეს და რამე გააკეთოს, ეშველება ქვეყანას, მაგრამ მოპარულ ფულს საქართველოში ვერ აჩენენ და ამიტომ მიაქვთ უცხოეთში.
ნივით რომ დადიოდა და მერე ბრაბუსით ჩამომივლის, სად ნახა? ხელფასით ვერ იყიდი მაგას. არც ის უნდა გვიხაროდეს, ვინ მოვა პარლამენტში და ვინ არა, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად იქცევა. თავისთავზე ზრუნავენ და 2%-ი ხალხზე, ისიც არჩევნების პერიოდში“, – ამბობს მუხრანი.
მისი თქმით, არჩევნების წინ ყველა უტკბება ხალხს, თუმცა შემდეგ, ხალხის სასარგებლოდ არაფერს აკეთებს.
„რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყოთ, იმ დონეზე შეგვიკერავენ საუბრებს, რომ ბოლოს მაინც მაგათ ვაძლევთ ხმას. „ამის ბიძაშვილიო“, „იმის ძმაკაცის ძმისშვილიო“ და ასე. ამ უბნიდან რომ აიყვანენ და დაგვისვამენ, როგორ არ მივცე ხმა, როცა მის წინ ვარ გაზრდილი“, – ამბობს მუხრანი.
გამოდის ვიღაცის „დახათრებით აძლევთ ხმას ოცნებას“? – ვკითხეთ მას.
„გამოუვალი მდგომარეობის გამო მიმიცია ხმა. გახათრებს ძმაკაცი, მეზობელი, მაგრამ ჩვენ არავინ გვიდგას შემდეგ გვერდით. ვისაც კარგი რეპუტაცია აქვს რაიონში იმას აყენებენ კანდიდატად, მერე ის მიდის პარლამენტში და ჩვენც ვკარგავთ ამ ადამიანს და ისიც იკარგება“, – გვეუბნება მუხრან დავითაძე.
შუახევის დაბაში ვესაუბრეთ კიდევ ერთ კაცს. პატარა ჯიხურის წინ კლიენტს ელოდა. „იტალიანო მქვია“ – ასე გაგვეცნო. ამბობს, რომ დღეს 1.50 ლარი ივაჭრა მხოლოდ და ასე გაჭირვებით გააქვს თავი.
იტალიანო აბაშიძე
იტალიანო აბაშიძეს ორსართულიანი სახლი ჰქონია, რომელიც მეწყერმა „მიწასთან გაასწორა“.
„კომპენსაცია მომცეს 25 ათასი ლარი, მაგრამ რა უნდა მეყიდა 25 ათასად? „გარაჟს“ იყიდი 25 ათას ლარად ბათუმში?
სამი წყვილი ცოლ-ქმარი ვართ ოჯახში. მეოთხე ბიჭი დასაქორწინებელია და ვერ ქმნის ოჯახს იმის გამო, რომ ბინა არ გვაქვს.
თუ გაძლევს კომპენსაციას, მაშინ მთლიანად უნდა დაგაკმაყოფილოს სახელმწიფომ ხომ? ჩვენი მომხედავი არავინაა“, – ამბობს იტალიანო.
პესიმისტურია მისი საარჩევნო განწყობაც. მისი აზრით, ყველა პარტია საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და საერთოდ არ აინტერესებს ადამიანი.
„ყველას უნდა ეს რბილი სკამი. „ნაციონალებს“ რომ გადააგდებდნენ, ვინმეს ეგონა? მაგრამ ივანიშვილი რომ შემოვიდა, გააერთიანა ყველა. ახლა დანარჩენი პარტიები ერთმანეთში ჩხუბობენ. თუ ოპოზიცია გაერთიანდება იქნება ცვლილებები, მაგრამ არ იზამენ ამას.
ჩვენსავით გაჭირვებული ქვეყანა არ არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყველა ჩვენზე უკეთ ცხოვრობს. აქ კორუფციაზეა დამყარებული ქვეყანა“, – გვეუბნება იტალიანო.
დაბა შუახევში ცხოვრებით კმაყოფილებას მხოლოდ ის ადამიანები გამოხატავენ, რომლებიც მერიაში ან სხვა რომელიმე უწყებაში არიან დასაქმებული.
მერაბ დავითაძე
მაგალითად მერაბ დავითაძე კომუნალურ სამსახურშია დასაქმებული, გარე განათების მთავარი ელექტრიკია და კმაყოფილია ცხოვრებითაც.
„მშვიდობიანი ცხოვრება გვაქვს, მშვიდობიანად ვმუშაობთ, მეტი რა გვინდა. ხელი გააქანე, იმუშავე და ყველაფერი იქნება“, – ამბობს ის.
ოფიციალური მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 600 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. მაშინ, როცა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 3.7 მილიონია. როგორ ფიქრობთ, ეს ხალხი ხელს არ აქანებს? – ვკითხეთ მერაბ დავითაძეს. „თუ იმუშავებ ყველაფერი იქნება“, – იმეორებს ის.
დათო დავითაძე
სიღარიბის და უმუშევრობის ხსენება არ მოეწონა მერიის თანამშრომელს – დათო დავითაძის აზრით, შეკითხვა სიღარიბეზე „პროვოკაციულია“.
„რეალობა შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთან სხვანაირი სიტუაციაა. ეს არის შუახევი, აქ ყველა ბედნიერია და ყველა კმაყოფილია ხელისუფლებისაც, ხალხისაც და სოციალურიდანაც“, – ამბობს ის.
რა აბედნიერებთ შუახევში ადამიანებს? – ვკითხეთ მას. „ერთმანეთი, ალბათ“.
„ჩვენ არაფერზე ვჩხუბობთ. გვაქვს ტურიზმი, ვერთობით. გომარდულია, რიკიხიდი გვაქვს. თითქმის ყველა სოფელში სტადიონი გაკეთდა, მთა ღომაზე ახალი სტადიონი ეწყობა და ვართ ასე“, – ამბობს დათო დავითაძე.
ცხოვრებით და შემოსავლებით კმაყოფილია მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი ფრიდონ დავითაძეც. სიღარიბეში ისიც ხალხს ადანაშაულებს, ისევე როგორც მისი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
ფრიდონ დავითაძე
„ვერ გავამართლებ იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციაში წავიდა. სიღარიბის გამო მიდის 5-10 პროცენტი, დანარჩენი 80 პროცენტი მიდის გამდიდრების გამო.
მიწის დამუშავება არ უნდათ. ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, დაწერონ პროექტები. ვინც წერს, ყველა ითვისებს“, – ამბობს ფრიდონ დავითაძე.
მისი აზრით, არც რეპეტიტორია ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო, რადგან მის შვილებს, როგორც გვეუბნება, კერძო მასწავლებელი არ დასჭირვებიათ.
„ორივე სწავლობს, ორივე დასაქმებულია“, – ამბობს ფრიდონი.
მაშინ რატომ ჰყავთ მაღალჩინოსნებს თავიანთი შვილები უცხოეთში, რატომ ასწავლიან კერძო სკოლებში? – ვკითხეთ მას. მისი აზრით, საქართველოში განათლებამიღებულები ბევრი მუშაობს მერიაში და „თავსაც მშვენივრად ართმევენ“.
მერიის ჩინოვნიკის აზრით, დღეს გლეხს იმიტომ უჭირს, რომ „ასფალტზე ყოფნა ურჩევნია“, თუმცა რატომ? მიზეზებს არ ხსნის.
„ვეუბნებით გლეხებს, რომ შექმნან კოოპერატივები, მაგრამ არ აქვთ სურვილი. სამწუხაროდ, დღეს გლეხს ურჩევნია ქალაქში დამკვიდრდეს, ჰქონდეს ასფალტზე სიარულის მეტი შესაძლებლობა, ვიდრე შრომით მოიპოვოს სარჩო.
დღეს რომ გლეხს მიწა დარჩება დაუმუშავებელი და სოციალურ დახმარებაზე იქნება მიბმული, ვინ გავამართლო ამ შემთხვევაში?“ – ამბობს ის.
სოფლებში, სადაც „ბათუმელები“ ესაუბრა ხალხს, ყველა ამბობს, რომ მიგრაციის მიზეზი დაუსაქმებლობაა, რომ არ არსებობს ერთი ქარხანაც კი, სადაც ხილს ან თამბაქოს მაინც ჩააბარებენ. თუმცა ფრიდონ დავითაძის აზრით, ესეც ხალხის ბრალია.
„ივანიშვილმა დაუშალა ვინმეს ქარხნის გახსნა? ივანიშვილი ამ ქარხნებს გვპირდებოდა ხალხის შინაგანი მოტივაციის საფუძველზე. ვერც მოტივაცია აჩვენა ხალხმა და ვერც დასაქმების სურვილი“, – ამბობს ის.
ის, მისი დამსაქმებელი პარტიის მსგავსად ხალხის გამდიდრებას ავტომანქანების რაოდენობით ზომავს.
„მაგ სიღარიბის სიაში მყოფი ბევრი ადამიანის სახე ვნახე სტადიონზე, რომლებიც ბრწყინვალედ იყვნენ მოკალათებული და უყურებდნენ თამაშს.
თუ ასეთ სიღარიბეში ვცხოვრობთ, საიდან არის ამდენი მანქანები, საიდან არის ეს რესტორნები გადაჭედილი?“ – გვეუბნება ის.
ფიქრობთ, რომ ის გლეხები, რომლებიც საშოვარზე ჩამოვიდნენ ქალაქში, რესტორნებში სხედან? – ვკითხეთ მას. „საზოგადოება, ხალხის ზის რესტორანში. მარტო გლეხი არ მიგულისხმია“, – გვეუბნება ის.
სამაგიეროდ, თავად არის ხელფასით და მეურნეობით კმაყოფილი. „მე ვარ საჯარო მოხელე, განყოფილების უფროსი და სერიოზული ხელფასი მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ ჩემი პირადი მეურნეობა უსწრებდეს ჩემს ხელფასს. და ვახერხებ კიდეც.
ამიტომ, როცა ამდენი ხეხილი მოუკრეფავია, მიწა დაუმუშავებელი, მგონია, რომ ხელოვნურად არის ეს პრობლემები შექმნილი“.
საჯარო მოხელის ბრალდებებს არ იზიარებენ სოფელ ცინარეთში მცხოვრები ქალები.
ლიანა დარჩიძე
„მოგვცენ სამუშაო და ნახონ თუ ვართ ზარმაცები“, – გვეუბნება ლიანა დარჩიძე. მისი თქმით, სოფელში იმდენი მიწა არ არის, რომ გლეხმა რამე მოიყვანოს და გაყიდოს.
„ერთი თამბაქო იყო, მოგვყავდა კიდეც, როცა ფასი ჰქონდა და იყიდებოდა. მერე შემოიტანეს თამბაქო და აღარ იყიდება ჩვენი. დავრგე შარშან, მოვიყვანე, მაგრამ მიდევს სახლში. ფასი არ აქვს და მომავალ წელს რატომ დავრგავ?“
„ახლა სოციალური პროგრამით დამასაქმეს და გაგვაქვს თავი. სკვერებს ვალაგებ. 700 ლარამდე გამომდის სოციალური დახმარება. შარშან როცა არ მქონდა, ძლივს გავიტანეთ თავი. მშიერი მოვკვდებით, ეს დახმარება რომ არ იყოს“, – გვეუბნება ლიანას მეზობელი, მარინა ზაქარაძე.
მარინა ზაქარაძე
სიღარიბის და უპერსპექტივობის მიუხედავად, ლიანაც და მარინაც კმაყოფილი არიან იმით, რომ „ხელისუფლებამ დაასაქმა“ და შემწეობა აქვს. „ესეც რომ არ იყოს, რა უნდა ვქნათ? მაინც მადლობელი ვართ“, – ამბობს მარინა.
„ჯამეს ვალაგებ და კმაყოფილი ვარ მეც. სხვა რა ვქნათ“, – გვეუბნება ლიანა.
„რომ იყოს წვენების ქარხანა, ან თამბაქო რომ ჩაიბარონ, მაშინ აღარ იქნება გლეხი ამ შემწეობაზე დამოკიდებული, მაგრამ არ ხსნიან არაფერს.
უმუშევრობის გამო ახალგაზრდობა გარბის სოფლიდან. თითო-ოროლა ბავშვია კლასში. ხუთი კლასი აღარ ჰყავთ უკვე.
ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვართ, საქონელსაც ვეღარ ვინახავთ, საძოვრები აღარ გვაქვს“, – დასძენს ლიანა.
ილია ველიაძე
სოფლების დაცარიელების გამო წუხს ილია ველიაძეც. ის სოფელ ლაკლაკეთში ცხოვრობს.
„60-70 ოჯახი ცხოვრობდა ერთ დროს, თუმცა ახლა თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. ორ-სამ სახლში თუ დაგხვდება ვინმე. სხვა ყველა წასულია“, – გვეუბნება ის.
სოფლის პატარა სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე დადის და დღეს არც ისინი გამოჩენილან.
„პერსპექტივა არ არსებობს. ხილს არავინ იღებს, თამბაქოს ვეღარ აბარებ. დასაქმება არ არის, როგორ უნდა გააჩერო აქ ახალგაზრდობა? რა გააკეთოს, ყველა წავიდა და დაიცალა სოფელი“.
ილია ველიაძის თქმით, სოფლიდან მასიური მიგრაცია 2015 წლიდან დაიწყო.
„85 წლის კაცი ვარ, მე ვერ მტოვებენ ალბათ თორემ, ჩემი შვილი და რძალიც წავიდოდა აქამდე. ერთი შვილი წასულია. რძალი მასწავლებელია, 1200 ლარი აქვს ხელფასი, მეც პენსიას ვიღებ და ესაა ჩვენი შემოსავალი.
მთავრობა მდიდარია, ხელფასი კარგი აქვთ, ზიან პარლამენტში, გრიალებენ და სხვა არავინ აინტერესებთ“, – ამბობს ის.
გულიკო ართმელაძე
ცინარეთში ცხოვრობს გულიკო ართმელაძე. ისიც სოფლის დაცლაზე წუხს.
„ეს დიდი სახლებიც აშენებულია იმ დროს, როცა თამბაქო მოგვყავდა სოფელში. მძიმე შრომა იყო, მაგრამ ფულიც გვქონდა. ახლა, რამდენმა დარგო, მოიყვანა, მაგრამ რეალიზაციას ვერ აკეთებს და უდევთ სახლში.
მე მგონი ეს სოფელიც დაცარიელდება. ალბათ საზაფხულოდ თუ ამოვა ვინმე“, – გვეუბნება ის.
ლიანა დიასამიძე
ამავე სოფელში ცხოვრობს ლილი დიასამიძეც. „წელს არაფერი გვქონდა, აღარ მოდის. ალბათ კლიმატის ცვლილების ბრალია…
მე ვერ ვგრძნობ, რომ ეს ქვეყანა გამდიდრდა, ჩემს ცხოვრებაზე არ ასახულა“, – ამბობს ლილი.
ივანიშვილზე ფიქრობს, რომ მას მხოლოდ პარტიის მხარდაჭერა ამოძრავებს. „თუმცა მეეჭვება, რომ ხმები მიიღონ. იმედია, იქნება ცვლილება“, – დასძენს ის.
შალვა ბერიძე
შალვა ბერიძე ლაკლაკეთის მცხოვრებია. უკმაყოფილოა მმართველი პარტიის, რადგან წინა არჩევნებზე ბინას დამპირდნენ, მაგრამ მომატყუესო.
„საკრებულოს თავმჯდომარემ, მერმა გამიყვანეს გვერდზე და მითხრეს, „შენ მრავალშვილიანი ხარ, ჩვენ მოგვეცით ხმა და ბათუმში ბინას მოგცემთო. მომატყუეს, არ მომცეს.
ეზოში განათების დაყენება ვთხოვე, არც ეს გამიკეთეს. ნახეთ რა მდგომარეობაშია გზა, არც ეს გააკეთეს. ახლა დარბიან ისევ სოფელში და ხმას ითხოვენ. აქ ჯერ არ მოსულან.
თუ შეასრულებენ იმას, რაც დამპირდნენ, მივცემ ხმას, თუ არადა არა“.
შალვა ბერიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ სახლის გასამაგრებლად 6 ათასი ლარი მისცა, თუმცა ამ ფასად მუშაც კი ვერ ნახა. „ბანკში მიდევს ახლაც ეს თანხა. არც აქვს აზრი გამაგრებას, ისევ მიდის მეწყრული პროცესი. დამხმარე და მომკითხავი კი არავინაა.
ჩემი შვილები ქალაქში ნაქირავებში გადავიდნენ და მე დავრჩი აქ მარტო, მოხუცი კაცი.
აქ, მთავრობა თუ გვყავს, ან აჭარაში რიჟვაძე არსებობს თუ არა, არსად წერია. კანონი თუ არ იკანონებს, არაფერი იქნება“, – მიიჩნევს შალვა ბერიძე.
უკმაყოფილოა ივანიშვილითაც. „თამაშობს, ხალხს აბლაყუნებს. რომელი ქარხანა გახსნა ნეტა და ვინ დაასაქმა? ფულს აკეთებენ და იპარავენ, მეტი არაფერი“, – გვეუბნება ის.
ადამიანების ნაწილი, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების მიუხედავად, ცდილობს საჯაროდ არ ისაუბროს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან დარწმუნებულია, რომ ამის გამო სოციალურ შემწეობას მოუხსნიან.
საქართველოს ნაკრების ახალი ჰიმნი 26 მარტს, ისტორიული მატჩის დღესაც ისმოდა სტადიონზე და ნაკრების თამაშის ამსახველ ვიდეოფრაგმენტებსაც სხვადასხვა პლატფორმაზე სწორედ ამ ჰიმნით შეხვდებით.
მერაბ სეფაშვილის „გაიღიმეს“ თუ ქომაგები ხმამაღლა მღეროდნენ, „მე ვარ საქართველო“ ნაკრების უმნიშვნელოვანეს მატჩზე ძარღვებში სისხლის დინებასავით იყო – ვერ გრძნობდი როგორ მოძრაობდა, მაგრამ მისი მოტივი ძალას მატებდა და აცოცხლებდა ყველაფერს.
თავისთვის გუგუნებდა, ყურს არ გჭრიდა და გესმოდა მხოლოდ მაშინ, თუ ყურს კარგად დაუგდებდი. ყველგან იყო ჰიმნის რიტმი და ჟღერადობა:
„მე ვარ საქართველო, გამარჯვების გვჯერა
მე ვარ შენი ძალა, შენი გულის ძგერა
მე ვარ საქართველო
მე ვარ საქართველო
მე ვარ საქართველო, მე ვარ ვენახი
ჩქარა დროშები და ერთობისთვის გეძახი
მე ვარ საქართველო
მე ვარ საქართველო“
ჰიმნის მუსიკისა და ტექსტის ავტორები არიან აჩიკო გულედანი და ბექა ჯაფარიძე-შუკვანი.
აჩიკო გულედანი და ბექა ჯაფარიძე-შუკვანი
„ძალიან გვჭირდება მთელ ქვეყანას საკუთარი თავი დავინახოთ მსოფლიოში. ეს დიდი სიხარული უკვალოდ არ ჩაივლის და ბევრ რამეზე მოახდენს ზეგავლენას. კარგია, რომ გავიხსენეთ ერთმანეთი, ეს ძალიან კარგი იყო.
ბევრი რაღაც გვტკივა, ბევრი რაღაც გვინდა და ვეცადეთ ყველაფერი გვეჩვენებინა: ძლიერებაც, ინდივიდუალურობა – რომ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ყველაფერი.
არსებობს ბევრნაირი ჰიმნი. ჩვენ ვერ გვექნებოდა ისეთივე მხიარული ჰიმნი, როგორც ბრაზილიას აქვს. მათი ნაკრებს ბევრჯერ გაუმარჯვია და მხიარულების გარდა აღარაფერი დარჩენიათ. ჩვენს შემთხვევაში სხვაგვარად იყო საქმე.
იმდენხანს ველოდით გამარჯვებას, იმდენხანს ვგულშემატკივრობდით მთელი საქართველოს მსგავსად მე და აჩიკო საქართველოს ნაკრებს, რომ გვინდოდა ეს ჰიმნი ყოფილიყო გნებავთ ლოცვა, გნებავთ საგალობელი“ – ამბობს ბექა ჯაფარიძე-შუკვანი, ჰიმნის ერთ-ერთი ავტორი, პროდიუსერი და მუსიკოსი.
ბექა ჯაფარიძე-შუკვანი და აჩიკო გულედანი
აჩიკო გულედანთან ერთად ბექა მუსიკაზე დაახლოებით 2 კვირა მუშაობდა:
„ტექსტი შეიძლება დაიწეროს ერთ საათში, მუსიკაც, მაგრამ გაჟღერებას, სიცოცხლის შთაბერვას და ემოციის პოვნას დრო სჭირდება. საბოლოოდ დამუხტულ ელექტროდად უნდა აქციო ჟღერადობა, სწორედ ამას სჭირდება დრო“.
ერთდროულად ძლიერი და თითქოს შორიდან მომავალი ხმა, რომელიც გგონია, რომ სტადიონის ხმებია, სინამდვილეში ერთ ოთახშია ჩაწერილი და ბექას და აჩიკოს მეგობრების ხმებია.
საქართველოს ნაკრების ახალი ჰიმნის კონცეფციაზე საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა:
„ეროვნული ნაკრების რებრენდინგზე ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად „ვინდფორსმა“ და ვატო ქავთარაძემ იმუშავა. მათი კონცეფციის მიხედვით დავწერეთ ტექსტიც და მუსიკაც, რომელმაც, ვფიქრობთ, შეასრულა საკუთარი მისია და მომავალშიც შეასრულებს.
„მე ვარ საქართველო, მე ვარ ვენახი“ – ვენახი რომ ჩვენვე ვართ ეს პოეტ ზურა რთველიაშვილის იდეა იყო. მისი ლექსის შთაგონებით გაჩნდა ეს ფრაზა ჰიმნში, რომელიც სასიმღერო ჰიმნზე უფრო ტრეკია“ – ამბობს აჩიკო გულედანი.
ჰიმნში „შენ ხარ ვენახის“ და „ოდოიას“ მოტივებია გამოყენებული. შემთხვევითი ამბავი არ არის ალბათ ისიც, რომ „ოდოია“ შრომის სიმღერაა და ჰიმნში ისე ჟღერს, სიტყვებს ვერ გაარჩევ – შეგიძლია ის სათქმელი წარმოიდგინო რაც გსურს, რისი თქმაც შენ გინდა.
31 მარტს, თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე მისულმა უფრო მეტმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ქალ კანდიდატებს ნდობა, ვიდრე ეს აქამდე ქვეყნის ისტორიაში მომხდარა.
შედეგების მიხედვით, ქვეყნის 81 პროვინციიდან 11 ქალაქში მერად ქალი აირჩიეს.
11 ქალიდან, 10 ოპოზიციური პარტიიდანაა. ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის, CHP-ის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ქალაქებში: თექირდაღი, ედირნე, აფიონკარაჰისარი, ესქიშეჰირი, ბილეჯიკი და აიდინი.
მეორე დიდი ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიის და თანასწორობის პარტიის (DEM Parti)” კანდიდატებმა გაიმარჯვეს დიარბაქირში, ბათმანში, აგრისსა და სირტში.
ქალაქ გაზიანთეფში კი კიდევ ერთხელ აირჩიეს ფატმა შაჰინი, კანდიდატი ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების-AK“-ის პარტიიდან.
თურქული გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის 15 159 კანდიდატიდან 1668 (11 %) იყო ქალი კანდიდატი.
2019 წლის არჩევნებთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ზრდაა. 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის 8200 კანდიდატიდან მხოლოდ 667, ანუ 8,1 % იყო ქალი.
როგორ შეძლეს ქალებმა თურქეთში, ყველაზე რთული და ყველაზე კონსერვატორული ქალაქების მერები გამხდარიყვნენ. „ბათუმელები“ ამის შესახებ მკვლევარ სანდრო ბაკურაძეს ესაუბრა.
თურქეთის 11 დიდი ქალაქის მერი ქალია – ასეთია ადგილობრივი არჩევნების შედეგი. ეს ისტორიული ფაქტია. რამდენად მონაწილეობდნენ აქამდე ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში და როგორ დადგა ეს შედეგი თურქეთში?
თურქეთის პოლიტიკაში ქალების მონაწილეობა მართალია იმ პერიოდიდან იწყება. როდესაც მუსტაფა ქემალ ათათურქმა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის და კენჭისყრის უფლება მისცა, მაგრამ რეალურად 90-იანებიდან ხდება ნორმა. მანამდე უფრო გამონაკლისი შემთხვევები იყო. ქალი პრემიერ-მინისტრიც ჰყავდა თურქეთს. მართალია თანსუ ჩილერი, როგორც პრემიერ-მინისტრი ძალიან პრობლემური ფიგურა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი დასავლეთში დაივიწყეს, რადგან თანსუ ჩილერი ქალი იყო.
თანსუ ჩილერის ფაქტორმა ქალებისთვისაც გახსნა პოლიტიკური ასპარეზი თურქეთში. თურქეთში ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ნორმალიზებულია და ქალი მინისტრი ან ქალაქის მერი, ჩვეულებრივი მოვლენაა.
ერდოღანმა, გეზი პარკის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, საზოგადოების ისლამიზაციის და კონსერვატიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. კაბინეტში ქალებისთვის მარტო ერთადერთი კვოტა აქვს გამოყოფილი – ოჯახის სამინისტრო. ამის მიუხედავად, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ნორმალიზების ფაქტორი არსად არ წასულა.
პირველ რიგში ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოიყენა ოპოზიციამ და ხელისუფლების თავსმოხვეულ კონსერვატიზაციას ძალიან კარგად დაუპირისპირდა.
სანდრო ბაკურაძე, თურქეთის მკვლევარი
საერთო გამარჯვებაში ცალკე გამოყოფენ ბათმანის მერის გამარჯვებას. რამდენად ძლიერი კანდიდატი იყო გულუსთან სონუქი და რატომ არის არჩევნებში მისი გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი?
ბათმანი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ქალის გამარჯვება არსებულ კონტექსტში გამართულ არჩევნებში, თან ისეთი ქალის, რომელიც ქურთული და ფემინისტური მოძრაობიდან მოდიოდა, სიმბოლური იყო, პირველ რიგში, ქალაქ ბათმანის წარსულის, შემდეგ კი მისი პოლიტიკური და სოციალური ბეგრაუნდის გამო. ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი კანდიდატების გამოც.
ბათმანი არის ქალაქი, რომელიც 90-იანებში ქურთისტანის ჰეზბოლას ცენტრი იყო. არაერთი პოლიტიკური მკვლელობის კერა.
როდესაც ჰეზბოლას გავლენა ჩაცხრა, თურქულ მედიაში ბათმანი ცნობილი იყო ქალების თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით.
რაც შეეხება ქალი კანდიდატის მერად არჩევას.
ქურთულ მოძრაობას და მის ბოლო რეინკერნაციას, „ხალხთა დემოკრატიისა და თანასწორობის პარტიას“, რომელსაც გულუსთან სონუქი წარმოადგენდა, აქვს თანათავმჯდომარეობის სისტემა. ანუ მერიას უნდა მართავდეს ერთი ქალი და ერთი კაცი, როგორც თანათავმჯდომარეები.
არჩევნებში ბათმანში ყველაზე ძლიერ კანდიდატად მოიაზრებოდა ქურთისტანის ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთის HÜDA-PAR-ის კანდიდატი, რეგიონის გავლენიანი ქურთული რამანის კლანის წევრი და მეჯლისის დეპუტატი სერქან რამანლი.
რამანის კლანი ბათმანის მუნიციპალიტეტის არსებობიდან 1980 წლამდე ფაქტობრივად შეუცვლელად მართავდა ამ ქალაქს, ვინაიდან მათ გარდა ვერცერთი დამოუკიდებელი კანდიდატი თუ სხვა კლანის წევრი გამარჯვებას ვერ ახერხებდა.
სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი იყო ადგილობრივი სასულიერო წოდების ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ასევე დაახლოებული იყო ადგილობრივ რადიკალურ ისლამისტურ წრეებთან.
„ხალხთა დემოკრატიისა და თანასწორობის პარტიის“ კანდიდატის, გულუსთან სონუქის გამარჯვება ასეთ კანდიდატებთან, თან დიდი უპირატესობით გამარჯვება, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გულუსთან სონუქის მამაკაცი თანაკანდიდატი, სერქან რამანლისთან პოლიტიკურად მიუღებელი კავშირების გამო, საარჩევნო პროცესიდან ჩახსნეს და პარტიიდანაც გარიცხეს.
სონუქის თანაკანდიდატი რამანლისთან ერთად დააფიქსირეს, რამაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქში, რომელშიც 90-იანებში ჰეზბოლას ჩადენილი დანაშაულები მოსახლეობას ისევ ახსოვს.
გულუსთან სონუქის გამარჯვება იმიტომაა სიმბოლური, რომ მან დაამარცხა როგორც მმართველი პარტიის კანდიდატი, ისე ჰეზბოლას კანდიდატი. ორივე მათგანი ქურთული საზოგადოების ყველაზე რეაქციულ წრეებს წარმოადგენდა.
გულუსთან სონუქი, ბათმანის მერი
თქვენი აზრით, მარტო ჰეზბოლას მიუღებლობის ფაქტორი იყო გულუსთან სონუქის გამარჯვება, თუ იყო სხვა რამეც, რაც დაეხმარა პოლიტიკოს ქალს ამომრჩევლის მიმხრობაში?
გულუსთან სონუქი ქურთული მოძრაობის ახალ თაობას მიეკუთვნება. პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ქურთული მოძრაობისადმი განხორციელებულმა უწყვეტმა რეპრესიებმა და იმან, რომ ქურთული მოძრაობა დღეს რეგიონებში მასობრივ მოძრაობას წარმოადგენს, ოპოზიციურ პარტიას საშუალება მისცა, მუდმივად განეახლებინა თავისი კადრები.
თან მასობრივმა რეპრესიებმა გამოიწვია ის, რომ ერთი მხრივ არ შეიქმნა სტატუსკვოს მომხრე პარლამენტარები და თვითკმაყოფილი კორუმპირებული ელიტა. ამან ადგილობრივ ორგანიზაციებში ხელი შეუწყო ეფექტური და გავლენიანი ფიგურების წინა პლანზე გამოსვლას.
გულუსთან სონუქს აქვს პოლიტიკური წარსული და მიეკუთვნება ქურთული მოძრაობის ახალი თაობის პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარი ნიჭის და მონდომების საფუძველზე გადმოვიდნენ წინა პლანზე. მას შემდეგ, რაც პარტიის ერთჯერადი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ან ციხეში აღმოჩნდა ან იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.
ალბათ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთის ქურთისტანის დედაქალაქად მიჩნეული დიარბაქირის მერიც ქალია…
ძალიან საინტერესო ფიგურაა დიარბაქირის მერი აიშე სერა ბუჯაკ კუჩუკი. ის მოდის ქურთული მოძრაობის ძალიან გავლენიანი ოჯახიდან. ბაბუამისი იყო თანამედროვე ქურთული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც დღემდე გაუხსნელი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
ამავე დროს მას განათლება აქვს მიღებული გერმანიაში. საკმაოდ პროგრესული შეხედულებებით გამოირჩევა. მიუხედავად თურქეთში ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული კონსერვატიული შეხედულებებისა [მაგალითად, ქვიარ თემის დამცველი ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს და ა.შ.] ეს ასე რომ არ არის, ამის ნათელი მაგალითია სწორედ დიარბაქირის მერი. მას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ყოველთვის ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა.
2019 წელს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მხოლოდ 8,1 % იყო ქალი. 2024 წელს ეს მონაცემი 11%-მდე გაიზარდა. ამ ზრდას რა საფუძველი აქვს? როგორ მოახერხეს ქალებმა თურქეთში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა?
პირველ რიგში, ეს არის ურბანიზაციის დამსახურება და შექმნილი ეკონომიკური პირობების. ურბანიზაციამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა ქალაქებში, გამოიწვია ის, რომ ბევრი ისეთი კაცი, რომელიც სასოფლო არეალში ცოლს მუშაობის უფლებას არ მისცემდა, იძულებული გახდა, რომ თავისი ცოლისა და ქალიშვილებისათვის მუშაობის უფლება მიეცა, ვინაიდან ერთი ხელფასით ქალაქის პირობებში ცხოვრება იყო შეუძლებელი.
ქალების სოციალიზაციამ მოიტანა ავტომატურად მათი პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილიც და, შესაბამისად, ამას მოჰყვა ქალების უფრო მეტი ჩართვა პოლიტიკაში.
მეორე ფაქტორია ის, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები კარგად ხვდებიან, რომ რეალურად თურქული საზოგადოება არც ისეთი კონსერვატორია, როგორც ეს სტერეოტიპებშია.
რეალურად ძალიან ბევრ შემთხვევაში მთავარია კანდიდატი როგორი ტიპი იქნება და არა ის, ქალი იქნება, კაცი, ალევიტი თუ სუნიტი. მთავარია, ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი და ტოვებდეს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც მუშაობა შეეძლება. ანუ თურქი ამომრჩეველი მიუხედავად სტერეოტიპებისა, პრაგმატულია.
მაგალითად, ყბადაღებული – თურქეთში მოსახლეობის 60 % მემარჯვენეა და ვინც ამას არ გაითვალისწინებს, წააგებს, ეს არის სტერეოტიპი. ვინც ამას არ გაითვალისწინებს, წააგებს.
ამომრჩეველი ძალიან პრაგმატულია და არა იდეოლოგიური.
11 ქალიდან მხოლოდ ერთია სახელისუფლებო პარტიიდან. 10 დიდი ქალაქის ქალი მერი, ოპოზიციონერია. ერთია მოიგო ხელისუფლების მხარდაჭერით, სულ სხვაა ოპოზიციური ფლანგიდან გახდე ქალაქის მერი, როცა ქალი ხარ. რაზე მიანიშნებს ეს?
ოპოზიციურ პარტიებს ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ. წინა არჩევნებში ორი დიდი ოპოზიციური პარტიიდან ამდენი ქალი არ იყო ჩართული. ამას ჰქონდა მიზეზები. მაგალითად, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მაშინდელი ლიდერები თვლიდნენ – უნდა ებრძოლათ კონსერვატიული პოლიტიკის გატარებით. ამიტომ, ძალიან ბევრ ადგილას ქალი კანდიდატის წარდგენისგან თავს იკავებდნენ.
პარტიის შიგნით მომხდარი ცვლილებების შედეგად, ახალმა ლიდერებმა გადაწყვიტეს – მთავარია კანდიდატი იყოს კარგი. არაა მნიშვნელოვანი ქალი იქნება თუ კაცი.
ამ ფაქტორმა იმუშავა.
რა ცვლილებებს მოუტანს თურქეთს და რა გავლენას მოახდენს თურქულ საშინაო პოლიტიკაზე ოპოზიციის მსგავსი გამარჯვება. იგივე, ქალების ამ დოზით მერებად არჩევა, რა დადებით გავლენას მოახდენს ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე?
ეს მარტო ქალების პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვა არ არის.
ამჯერად ქურთებით დასახლებული რეგიონში – ვანში, ბრძანების შესაბამისად, ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ხალხთა დემოკრატიის და თანასწორობის პარტიის კანდიდატის, ვანის მერად არჩეული აბდულლაჰ ზეიდანის არჩევის უფლება არჩევნების წინა დღეს, არასაჯარო ფორმით გააუქმა, ხოლო უკვე დღეს, ვანის მერად ხელისუფლების დამარცხებული კანდიდატი გამოაცხადა.
თუკი ოპოზიცია, პირველ რიგში ექრემ იმამოღლუს და ოზგურ ოზელის მეთაურობით, სათანადო რეაქციას არ გამოავლენს და ამ გამოცდას თავს ვერ გაართმევს, ის უკვე წინდაწინ დაკარგავს ქურთების მხარდაჭერას. ქურთების მხარდაჭერის გარეშე კი თურქეთის პრეზიდენტი ვერავინ გახდება.
ის თეზისი, რომელსაც მერალ აქშენერი ენდო, რომ წინა არჩევნებზე „თურქეთის არჩევნების ბედი ნაციონალისტებმა გადაწყვიტეს“ 31 მარტს გამართულ არჩევნებში სასტიკად არ გამართლდა. რეალურად ქურთები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ძალაა.
გამოჩნდა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც დოგმატურად თურქ ნაციონალისტად იყო მიჩნეული, რეალურად, პირველ რიგში, ოპოზიციონერია, მეორე რიგში კი პრაგმატული.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების ბედს ქურთები წყვეტენ. თუკი ოპოზიციას მომავალ არჩევნებში ერდოღანის დამარცხება სურს, ეს უნდა გაითვალისწინოს.
ვანთან დაკავშირებულ გამოცდას, როგორ ჩააბარებს თურქეთის ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, ნებისმიერი სახის ცვლილების – ქალების პოლიტიკაში მონაწილეობიდან და ერდოღანის პარტიის კულტურული პარადიგმების მსხვრევამდე ან ზოგადად თურქეთის დემოკრატიზაციამდე, მაგაზეა დამოკიდებული.
„ქათმის კანი“, იგივე პილარული კერატოზი, კანის მდგომარეობაა, რომელიც სხეულის გარკვეულ ლოკაციებზე წვრილი გამონაყარის მსგავსი ტექსტურით ხასიათდება. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რა იწვევს კანზე მის განვითარებას და რა მეთოდით ხდება მკურნალობა.
თათია, რა მდგომარეობაა ეს, რა ხდება ამ დროს?
ამ დაავადებას ფოლიკულარულ კერატოზსაც ეძახიან. ეს გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადებაა, ანუ შესაძლოა გქონდეთ ეს მდგომარეობა, თუ თქვენს ოჯახში ვინმეს აღენიშნება.
პილარული კერატოზი გამოწვეულია კერატინის დაგროვებით, რაც იწვევს უხეშ, მუწუკებიან კანს. თავის მხრივ კერატინი არის ცილა, რომელიც კანს მავნე ნივთიერებებისგან და ინფექციისგან იცავს.
ვინაიდან ამ დაავადების დროს კერატინი გროვდება ჭარბი რაოდენობით, იგი ქმნის საცობს, რომელიც ბლოკავს თმის ფოლიკულებს, კეტავს მათ და ყალიბდება პატარა, გაუხეშებული ამობურცულობები, რომელიც უკვე თვალით შესამჩნევია კანზე, ხელის შეხებითაც იგრძნობა, თუმცა ყველაზე მეტად პრობლემური მაინც ვიზუალური მხარე ხდება, რაც აწუხებს პაციენტს და მიმართავს ექიმს.
ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს ორ წლამდე ასაკში, 6 წლამდე ასაკში, პუბერტატულ პერიოდში და თან დაერთოს აკნეს.
Cleveland Clinic-ი წერს, რომ კერატოზი შეიძლება დაკავშირებული იყოს A ვიტამინის დეფიციტთან. A ვიტამინის დანამატების მიღება, დამატენიანებელი ან A ვიტამინის შემცველი კრემების გამოყენება შეიძლება დაეხმაროს პილარული კერატოზის მკურნალობას.
როგორ არის გამოხატული ეს მდგომარეობა?
იგი წარმოგვიდგება კანზე პატარა, აკნეს მაგვარი ამობურცულობების სახით. საერთოდ მტკივნეული არ არის, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ახასიათებდეს ქავილი.
ის ძირითადად წარმოდგენილია ლოყებზე, მხრებზე, ბარძაყებსა და დუნდულების არეში. ამ დროს ხელის მოსმით კანი არ არის ერთგვაროვანი და რბილი, არის უხეში და ხორკლიანი, ამიტომაც ამსგავსებენ ქათმის კანს. ეს არ არის გადამდები დაავადება და არც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ ვიზუალური მხარეა, რაც დისკომფორტს უქმნის თავად პაციენტს.
Cleveland clinic: როგორც წესი პილარულ კერატოზი ჩნდება მკლავებზე, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოჩნდეს სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილზე, რომელსაც აქვს თმის ფოლიკულები.
შეიძლება ეს მდგომარეობა მკურნალობის გარეშე, თავისით გაქრეს?
არის შემთხვევები, როდესაც პუბერტატის პერიოდი ანუ თინეიჯერობა გადაილახება და ეს მდგომარეობაც თავისით ლაგდება, თუმცა ზოგადად ქრონიკული ბუნებისაა და სრულად განკურნება არ ხდება, მაგრამ შეგვიძლია დავეხმაროთ, რომ შედარებით უფრო გაუმჯობესდეს მდგომარეობა.
მკურნალობის შედეგად, მთლიანად რომ განიკურნოს და საერთოდ ალაგდეს ეს სიმპტომი, ასეთიც ხდება, იმ შემთხვევაში, თუ არის მსუბუქი ფორმა და არ არის წარმოდგენილი სხეულის ბევრ ადგილზე.
Cleveland clinic: პილარული კერატოზი ზოგჯერ კანის დროებითი მდგომარეობაა, რომელიც, არ საჭიროებს მკურნალობას და ჩვეულებრივ ქრება 30 წლის ასაკში.
როგორ შეიძლება შევიმციროთ პილარული კერატოზის სიმპტომი კანზე?
აუცილებელია დამატენიანებლის გამოყენება, უბრალოდ ყურადღება უნდა მივაქციოთ, მის შემადგენლობაში იყოს ურეა, ე.წ. შარდოვანა, რომელიც კარგად ატენიანებს კანს.
თუ არის ძალიან გართულებული ფორმები, სახეზეც გვხვდება და სხეულზეც, ინიშნება ე.წ. კერატოლიზური, ანუ ამქერცლავი საშუალებები. ეს არის ე.წ. რეტინოიდები [ეს მოქმედი ნივთიერებაა, არა პრეპარატის დასახელება], რომელშიც A ვიტამინის დიდი კონცენტრაცია შედის, ამქერცლავი ეფექტით გამოირჩევა და ასეთ დროს ძალიან კარგი შედეგია აქვს. მათი გამოყენების შედეგად გაუხეშებული კანი აიქერცლება, ცოტა გამოშრება და მერე ჩვენ დავატენიანებთ, რომ გლუვი და ერთგვაროვანი გახდეს.
გარდა ამისა, ალექსანდრიტის ლაზერი მოქმედებს ძალიან კარგად, იმის გამო, რომ იგი ზემოქმედებს თმის ფოლიკულზე. ჩვენ ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, როცა მენსტრუაციული ციკლი დადგება და ერთი წელი სტაბილურად იქნება, შეუძლიათ გამოიყენონ ალექსანდრიტის ლაზერი [დიოდი არა, იმიტომ რომ ამ დროს საჭიროა გაპარსვა], ალექსანდრიტის სხივი რომ მოხვდება ამ ადგილებში, თმის ფოლიკულში შეღწევის შედეგად უკვე ნაკლებად უხეში ხდება ე.წ. გამონაყარი.
სამწუხაროდ, ძალიან განიცდიან პაციენტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაუხეშებული კანი სახეზეა გამოხატული და სიწითლეც ახლავს. მაგრამ მინდა დავამშვიდო ჩვენი მკითხველი, ეს არ არის საშიში მდგომარეობა, არც გადამდები და როგორც კი ამქერცლავი და დამატენიანებელი საშუალებების ჩართვა ხდება, პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, ფსიქოემოციური ფონიც იხსნება.
რამდენად უსაფრთხოა სკრაბებისა და სახეხი ღრუბლების გამოყენება ასეთ უბნებზე?
ასეთ დროს სკრაბებისა და სახეხი საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამ შემთხვევაში დასაბანი ღრუბლის გამოყენებაც არ არის რეკომენდებული, ხელით ხდება ამ ყველაფრის გასუფთავება და შემდეგ ნოტიო კანის დატენიანება, აუცილებლად.
თუ აუცილებლობას წარმოადგენს სკრაბის გამოყენება – შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ერთხელ.
საქმე ის არის, ეს ყველაფერი აზიანებს ეპიდერმისს, კანის ზედა შრეს. სახეხი საშუალებების გამოყენებისას შეიძლება უფრო დიდ ფართობზე გავიხეხოთ კანი და შეიძლება (კერატოზის) არეალი გაფართოვდეს, როგორც გაუხეშებული ქუსლების გახეხვის დროს მოსდით, როცა სპეციალური სახეხით უფრო ფართო მასშტაბზე იხეხავენ კანს და თვითონვე აფართოებენ ამ არეალს, ანალოგიურად შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაშიც.
„აქ სულ ცარიელი სახლებია. დაცარიელდა, მინდა, რომ აქ იცხოვრონ, ფუტი აადინონ,“ – მწვანებალახიან ეზოში გამოდის ნელი ბეჟანიძე, ხის ღობეს უახლოვდება და ხელით გვანიშნებს სოფელ ქიძინიძეებში რამდენიმე სახლს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუკეტავთ.
შუახევის სოფლები დღვანი და ქიძინიძეები ბოლო წლებია აქტიურად იცლება. აქ აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. სოფელში დარჩენილები ამბობენ, რომ სოფელი შემოსავლის გარეშე დარჩა, მოსავალს ვერ ჰყიდიან და ისინიც წასვლაზე ფიქრობენ.
„100 კილო თამბაქო მაქვს დაკიდებული, 2 წელია ვერ ჩავაბარე, არავინ მოსულა. დაგვპირდნენ, მაგრამ ასეა,“ – იმ მიზეზებზე გვიყვება ნელი ბეჟანიძე, რის გამოც იგი მეზობლების გარეშე დარჩა.
„პირუტყვიც გამოწყვიტა ხალხმა. მე მყავს, მაგრამ მეც ვაპირებ გაყიდვას. მთა-ბარობა პრობლემაა. ადრე მოხუცები მიდიოდნენ [იალაღებზე, სადაც საზაფხულო საძოვრებია] და დაჰყავდათ, ახლა რომ გაატანო ვინმეს, 400 ლარი ჯდება ერთი ძროხა“, – ამბობს ნელი ბეჟანიძე
ნელი ბეჟანიძე, სოფელი ქიძინიძეები
ნელი ბეჟანიძე სოფელ ქიძინიძეებში ქმართან ერთად ცხოვრობს. იგი გვიყვება, რომ „მარშუტკა“ ჰყავდათ, მაგრამ გაყიდეს, რადგან მგზავრების რაოდენობა ბოლო 2 წელია მკვეთრად შემცირდა.
უკვე 2 წელია სოფელ ქიძინიძეებსა და დღვანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს.
„აქედან გადავალ ჯაბნიძეებში, 2 კილომეტრია და იქიდან გავყვები. თუ ამოსატანი მაქვს პროდუქტები, მაშინ უნდა დაურეკო „მარშუტკას“ და მოგაკითხავს. ერთი ტომარა პურის ფქვილის სოფელში ამოტანის ფასი 2 – 3 ლარი ლარია. 10 ლარი ჯდება აქედან ბათუმში ჩასვლა, 10 ლარი – ამოსვლა,“ – გვითხრა ნელი ბეჟანიძემ.
„ხშირად მიწევს ქალაქში ჩასვლა და პრობლემაა, ტაქსებით დავდივართ,“ – ამბობს ჯემალ ფუტკარაძე. იგი დღვანის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.
როგორ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მიუმართავთ თუ არა მოქალაქეებს მერიისთვის?
„რაღაც რომ დაურიცხონ ამ მძღოლებს, შეიძლებოდა, შეღავათი უნდა ჰქონდეთ, დაფინანსება,“ – შუახევის მერიისგან განსხვავებით გამოსავალს პოულობს მოქალაქე, შემდეგ კი, გვიყვება, როგორ დაცარიელდა დღვანის სკოლაც, 300 მოსწავლეზე რომ ყოფილა გათვლილი, ახლა კი სულ 27 მოსწავლეა.
„10 წლის წინ 100 მოსწავლე იყო, ახლა არის 27,“ – ჯემალ ფუტკარაძე ხაზს უსვამს იმას, რომ სოფლის დაცარიელების ტენდენცია ახლაც გრძელდება.
ჯემალ ფუტკარაძე, სოფელი დღვანი
დაცლილ სოფელში პრობლემაა შეშით მომარაგებაც. ეს სოფლის ცენტრში შეკრებილებმა გვითხრეს.
„ბილეთებს გასცემენ ნოემბერში და დეკემბერში, შეშაზე და მასალაზეც, როცა დღეც პატარავდება, თოვლია და ავდარი, ბილეთები უნდა გაიცეს მაისში, ივნისში, წვალებით გავდივართ ტყეში… აქ უკვე სექტემბერ-ოქტომბერშიც კი მანქანებს უჭირთ გადაადგილება,“ – უთხრა მერაბ ფუტკარაძემ „ბათუმელებს“.
დღვანში დარჩენილი ადამიანები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილებია.
„კარტოფილი იმდენი მოგვყავს, რომ ჩვენ გვყოფნის, გასაყიდი არა, აღარ ღირს,“ – გვითხრეს აქ.
ფანჩატური სოფელ დღვანში
ადგილობრივების თქმით, სოფელ დღვანში 120 კომლიდან დაახლოებით 45 ოჯახში დარჩა.
„მისთვის ანჯახ ]ძლივს] არის მთავრობა,“ – აივანზე გამოდის და ნახევრად შეღებულ კართან ჩერდება მერი ფუტკარაძე, მასაც ყველაზე მეტად სოფლის დაცარიელება აწუხებს.
მერი ფუტკარაძე
„დაცლილია ჩემი სოფელი, ასე გახედავ, ვინმე აღარ არის, ბავშვებიც აღარ არიან… რა უნდა გააკეთო? ყველა მის სკამს ცავს, რომ არ გამოუძვრეთ და არ წაიქცნენ,“ – დაცარიელებულ სოფელს გაჰყურებს ქალი.
„უკეთესობისკენ მივდივართ, მშვიდობა გვაქვს, რაც მთავარია,“ – სახელისუფლებო პროპაგანდის გზავნილით გვხდება თემურ აბაშიძე, თუმცა პაუზის შემდეგ ისიც სოფელს უყურებს, გამოკეტილ სახლებს…
„ყველა სახლი გამოკეტილია, ქიძინიძეებში 130 კომლამდე იყო, ახლა იქნება 40 ოჯახი ფუტი რომ ადის, სოფელი კაცს აღარ უნდა… სკოლაში ვმუშაობ დამლაგებლად, ხელფასი 200 ლარია, დღეს არის ვინმეს ხელფასი 200 ლარი?“ – კითხულობს თემურ აბაშიძე და გზას მიუყვება, თხევადი გაზის ბალონი რომ შეავსოს – სოფლის ბოლოში გაზის მანქანა მოსულა.
თემურ აბაშიძე, სოფელი ქიძინიძეები
მოქალაქეს ვკითხეთ სოფელში და, მათ შორის, სკოლებში დასაქმებულ სოციალურად დაუცველებზეც – ხელისუფლებამ ათასობით სოციალურად დაუცველი ადამიანი სხვადასხვა პოზიციაზე, თუმცა ხშირად, საჭიროების გარეშე, წინასაარჩევნოდ დაასაქმა. ეს პროგრამა საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში დასრულდება.
ქიძინიძეების საჯარო სკოლაშიც, სადაც 18 მოსწავლეა, დასაქმებულების თქმით, 20 თანამშრომელია, მათ შორის, 2 დამლაგებელი.
„მისი [სოცდაუცველის, რომელიც სკოლაში დამატებით დამლაგებლად დაუსაქმებიათ] ხელფასი თვეში 300 ლარია, ჩემზე მეტი გამოდის. კი,“ – გვიდასტურებს თემურ აბაშიძე, რომელიც სკოლაში დამლაგებლად წლებია მუშაობს 200 ლარად.
ქიძინიძეების საჯარო სკოლა, სადაც 18 მოსწავლეა
ქიძინიძეების სკოლის ყოფილი პედაგოგია შალვა ნიჟარაძე. ის იმ დროს იხსენებს, როცა სოფელში ტონობით ყურძნის და თამბაქოს მოსავალი მოდიოდა, სკოლაში კი, 120 მოსწავლე დადიოდა.
„ამ სოფელში 40 კომლი ვართ დარჩენილი, უმეტესი წავიდა, ზოგი ქალაქში წავიდა, ზოგიც სხვა რეგიონში… ამ სკოლაში სულ 18 მოსწავლეა. 18 მოსწავლე დღვანის სკოლაში ერთ კლასში ვიყავით.
წინათ 400 კილოგრამამდე თამბაქო უნდა მოეყვანა ყველას, ახლა მხოლოდ სიმინდი და კარტოფილი მოგვყავს, თხილიც, მაგრამ დათვმა გაგვიფუჭა მოსავალი,“ – ამბობს შალვა ნიჟარაძემ, მას სოფლის ცენტრში შევხვდით, დომინოს თამაში მინდოდა და მოთამაშეს ვეძებდიო.
ფანჩატური სოფელ ქიძინიძეების ცენტრში
სოფელ ქიძინიძეების ცენტრში გვითხრეს, რომ დიდი პრობლემაა ნადირიც, რომელიც სოფელს შემოეჩვია, მოსავალს ანადგურებს და მისგან დასაცავად არაფერი კეთდება.