როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 16-17 ივლისს აჭარაში საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.


ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 559 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
  • ტანკი – 8 206 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 15 811 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 15 262 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 119 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 890 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 108 ერთეული [+39]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 397 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 538 ერთეული [+77]
  • სპეცტექნიკა – 2 566 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 627 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 586 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 551 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 578 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 377 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 885 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 686 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოლკოვნიკი ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე – „როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ 

„უკრაინა შეაჩერებს პუტინს“ — ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დამატებით 1,2 მლნ ყინულის არენისთვის ბათუმში – პროექტი ბიუჯეტს 94 მილიონი ლარი უჯდება

ბათუმში ყინულის არენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაში „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 1 260 330 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ზედამხედველის ტენდერის გარეშე შერჩევას სამთავრობო კომპანია „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ხსნის.

ყინულის არენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ მეორედ დაიწყო და ამჯერადაც „ფორსმაჟორში“. პირველ შემთხვევაში მშენებლობის დაწყების მიზეზი ბათუმში 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყო, ამჯერად კი, მიზეზი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „ბაკურიანი 2025“-ის ჩატარებაა.

აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, ბათუმში ყინულის არენა და საცურაო აუზი 19,9 მილიონი დოლართ 2019 წელს აშენებული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, კანადურ კომპანია „ვესტინკორმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტეს, 29 მილიონი ლარიც გადაუხადეს, მაგრამ არც ყინულის არენა აშენებულა და არც აუზი.

წელს ყინულის არენისა და აუზის მშენებლობაზე ტენდერი ისევ გამოაცხადეს და გამარჯვებულ „ანაგთან“ ხელშეკრულება 53 943 280 ლარზე გააფორმეს დღგ-ს გარეშე.

ამ თემაზე ვრცლად: სად წაიღო მთავრობამ 29 მლნ ლარი, რომლითაც ბათუმში ყინულის არენა უნდა აშენებულიყო

ზედამხედველმა, რომელსაც 1,2 მილიონ ლარს გადაუხდიან, ამჯერად სწორედ „ანაგის“ მიერ შესრულებული სამუშაოები უნდა აკონტროლოს.

ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტი, დღევანდელი გათვლებით, აჭარის ბიუჯეტს მინიმუმ 94 546 537 ლარი დაუჯდება [ეს იმ შემთხვევაში, თუ აჭარის მთავრობა ზამთრის ფესტივალის ჩატარების შემდეგ „ანაგთანაც“ არ შეწყვეტს ხელშეკრულებას და პროექტს ბოლომდე მიიყვანს]. ამ ხარჯის ჩამონათვალი ასეთია:

  • 29 000 000 ლარი – უკვე გადახდილია კანადურ კომპანია „ვესტინკორმზე“
  • 633 136 ლარი – გადახდილია შპს BWC-ზე – პროექტირებაში
  • 63 653 071 ლარი – სახელშეკრულებო თანხა „ანაგთან“, დღგ-ს ჩათვლით
  • 1 260 330 ლარი – ზედამხედველი კომპანიისთვის გადასახდელი თანხა

აჭარის მთავრობაში თავდაპირველად ჩათვალეს, რომ ზედამხედველობა სპეციალური ტარიფით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩაეტარებინა. დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ სამხარაულის ბიურო თანახმა იყო ზედამხედველობაზე სახელშეკრულებო თანხის 2 პროცენტის სანაცვლოდ [ანუ 1 273 066 ლარად], თუმცა, ამას სჭირდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობა.

ასეთი თანხმობის პროექტი აჭარის მთავრობამ მოამზადა და საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა, თუმცა თბილისმა მას ხელი არ მოაწერა და პროექტი უკან, ბათუმში დააბრუნა:

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება განეხორციელებინა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს. განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიებები, თუმცა საექსპერტო ორგანოს მხრიდან საბოლოოდ ვერ იქნა თანხმობა მიღებული.“ – წერს შესყიდვების სააგენტოს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“.

„აღნიშნულის შემდგომ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარებული იქნა ბაზრის კვლევა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ორმა დაინტერესებულმა პირმა, რომელთა მიერ დაფიქსირებული იქნა შემდეგი ფასები: შპს „სიემსი“ – ხელშეკრულების ღირებულების 1.98% – 1 068 076.96 ლარი დღგ-ს გარეშე და შპს „მშენ-ექსპერტი +“ – ხელშეკრულების ღირებულების 3% – 1 618 298.43 ლარი დღგ-ს გარეშე“. – ესეც აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციაა.

ამ ინფორმაციის [შეთავაზებული ფასების] გათვალისწინებით ზედამხედველობაზე ხელშეკრულების გაფორმება სწორედ შპს „სიემსი“-სთან იგეგმება.

რა შუაშია „ბაკურიანი 2025“ ბათუმთან

2023 წლის 29 მარტს, „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორს“, ბაქარ ჩიტაიას წერდა, რომ აუცილებელია ბათუმის ყინულის არენა ექსპლუატაციაში შევიდეს არაუგვიანეს 2024 წლის ნოემბრისა.

„საქართველომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ მასპინძლის სტატუსი…

აპლიკაციის მომზადების პროცესში, ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქ. ბათუმში დაგეგმილი ყინულის არენის მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა შეგვეთავაზებინა ევროპელი კოლეგებისთვის ერთ-ერთი ზამთრის სახეობის სწორედ ბათუმში ჩატარების თაობაზე, რაზეც მივიღეთ დადებითი პასუხი.

ფორუმის ფარგლებში აჭარაში დაიგეგმება მრავალი აქტივობა, როგორც მოსახლეობის ჩართულობის, ასევე ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ვინაიდან ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების თარიღი განსაზღვრულია 2025 წლის 9-16 თებერვალს, აუცილებელია ყინულის არენა ექსპლუატაციაში შევიდეს არაუგვიანეს 2024 წლის ნოემბრისა, რადგან შესაძლებლობა გვქონდეს ჩავატაროთ ადგილობრივი მასშტაბის შეჯიბრება და დავტესტოთ ტექნიკური აღჭურვილობა.“ – აღნიშნულია საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის წერილში.

მიუხედავად ამისა, „ანაგთან“ 2024 წლის 10 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყინულის არენის დასრულების ვადად 2025 წლის 1-ლი თებერვალი განისაზღვრა [აუზის დასრულების ვადად კი 2 წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2026 წლის მაისი].

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ საორგანიზაციო კომიტეტიდან კიდევ ერთი წერილი 2024 წლის 15 მარტს მიიღო. ამ წერილით, კომპანიას სთხოვენ მიაღწიოს შეთანხმებას „ანაგთან“ და ყინულის არენის ჩაბარების თარიღად არა 2025 წლის 1-ლი თებერვალი, არამედ 2025 წლის 1-ლი იანვარი განისაზღვროს, ვინაიდან პირველი თებერვლიდან „საორგანიზაციო კომიტეტს რჩება კრიტიკულად მცირე ვადები ობიექტის ტესტირებისთვის“:

შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ და „ანაგს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამ დროისთვის „ყინულის არენის“ დასრულების ვადასთან დაკავშირებით არაფერია შეცვლილი და ეს ვადა 2025 წლის 1-ლი თებერვალია.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, ფინანსების ხარჯვის გეგმა-გრაფიკი [დღგ-ს გარეშე] შემდეგნაირადაა გაწერილი: 2024 წელს დაიხარჯება 9 938 857 ₾, 2025 წელს – 37 995 533 ₾ და 2026 წელს – 15 718 682 ₾.

ნახეთ ვიდეო ამ თემაზე: 

YouTube video player

 

 

 

იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა და არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ექიმის მიერ – დავა საკონსტიტუციოში

უნდა შეეძლოს თუ არა პაციენტს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმა? – ამ საკითხზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაიწყო.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ექიმს აღარ ექნება უფლებამოსილება, უსაფრთხოების მოტივით პაციენტს იძულებით დაუწყოს მკურნალობა, ასევე მას კონკრეტული უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მოსარჩელე განმარტავს, რომ ექიმს მართლაც უნდა შეეძლოს პაციენტის უფლების  შეზღუდვა, როცა პაციენტი ამბობს, რომ მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს სათანადოდ დამტკიცებული მეთოდებით მიღებული სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

„პირის ნების საწინააღმდეგოდ მისი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარება, უფლებაში ჩარევის ინტენსივობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ პაციენტმა, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან შეუსაბამო მკურნალობისა და მეთოდების გამოყენების შედეგად, შეიძლება განიცადოს იმგვარი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რაც ასევე გაუთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას,“ – მიიჩნევს მოსარჩელე.

ასევე, სადავო რეგულირების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს შეუზღუდოს მისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების, მის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის, არჩევნებში მონაწილეობის, განათლების მიღების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გავლის, წერილის მიღება-გაგზავნის, ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის, მნახველის მიღების, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების, პირველადი მოხმარების საგნების შეძენის, რელიგიური რიტუალის შესრულებისა და აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის მიღების უფლებები.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმებს, პროცედურას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რის შედეგადაც იზრდება ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი.

„საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს პირის არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობას და სოციალური ადაპტაციის ხარისხს. მიუხედავად ამისა, ექიმს უფლების შეზღუდვისას არ მოეთხოვება მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება და უფლების შეზღუდვის საჭიროების დასაბუთება,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სახალხო დამცველის აზრით, მსგავს ვითარებაში საჭირო უნდა იყოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა და სასამართლოს თანხმობა.

სარჩელში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე:

„სახალხო დამცველის მიერ შემოწმებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის ფორმები ყველგან მოიპოვებოდა, რადგან ეს ადმინისტრაციებს სტაციონარში პირის არანებაყოფლობით მოთავსების პროცედურას თავიდან აცილებს. სინამდვილეში, პაციენტების უმეტესობა დაწესებულებაში შემოსვლისას ინფორმირებული თანხმობის ფორმას გაუცნობიერებლად ან იძულებით აწერს ხელს.

პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოჰყავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას პოლიციის თანამშრომლებისა და ოჯახის წევრის თანხლებით, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ. პაციენტები აცხადებენ, რომ არ იციან, ხელი რას მოაწერეს, ზოგიერთი ვერ იხსენებს ხელმოწერის ფაქტსაც.

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინფორმირების ერთ-ერთ ფორმაზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნოდა ექიმს და არა – პაციენტს. გაცნობიერებული თანხმობის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს ასევე „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მაგალითიც, როდესაც „ინფორმირებულ თანხმობაზე“ ხელმოწერიდან, 15-30 წუთის ინტერვალში, 19 პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდია გამოყენებული,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომელიც სახალხო დამცველისგან 2022 წლის თებერვალში შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

ზღვაში ხრეშის შესატანად წელს 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაცხადა. ზღვის სანაპიროზე შესატანად ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ.

ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია. გასულ წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, მიმდინარე წელს კი 110 ათასი კუბური მეტრის შეტანაა დაგეგმილი. შესაბამისად, შარშან ზღვის ხელოვნური კვებისთვის ბიუჯეტიდან 5 417 196 ლარი დაიხარჯა, წელს კი, ტენდერი 1 715 827 ლარით არის გამოცხადებული.

შესაბამისი კვლევებით დადგენილია, რომ ახალ ბულვართან დღეისათვის არსებული ვითარების [პლაჟის] შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველწლიურად 110-125 ათასი კუბური მეტრი ხრეშის ხელოვნურად შეტანა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 26 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება. ხრეშის შეტანა 2 ადგილზეა დაგეგმილი – აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალ ბულვარში დანგრეული პირსის მიმდებარედ.

ხრეშის შეტანა დაწყებიდან 61 დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებული  ვალდებულია, სამუშაოები მხოლოდ შემსყიდველისგან წერილობითი დავალების მიღების შემდეგ დაიწყოს და მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში შეასრულოს. ამასთან, „მიმწოდებელს არ აქვს უფლება თავდაპირველი სამუშაოები, ასევე ქვიშა-ხრეშის საბადოზე სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემამდე.“

 

ტენდერის გამოცხადებამდე, 2024 წლის მაისში, აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის განცხადებით მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს. დაიწყო შესაბამისი პროცედურა იმის დასადგენად, საჭირო იყო თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება დაგეგმილი საქმიანობიდან გამომდინარე.

2024 წლის ივნისში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა შეწყვიტა, ვინაიდან სამუშაოები ჩაითვალა არა ახალი ნაგებობის [რეცხვადი ბერმის] მოწყობად, არამედ ძველი ბერმის რეკონსტრუქციად, რაც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შესაბამისი კანონმდებლობით არ საჭიროებს სკრინინგის დასკვნას.

„2022-2023 წლებში განხორციელდა ბათუმის სანაპირო ზოლის აღდგენა – კვება ე.წ. რეცხვადი ბერმების მეშვეობით. ინერტული მასალის შემოტანა ხორციელდებოდა აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. [ამჯერად] ბათუმის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება, ხდება იმავე პრინციპით და იგივე ადგილებიდან, სადაც წინა წლებში ხორციელდებოდა სანაპირო ზოლზე ინერტული მასალის შემოტანა.

მიუხედავად იმისა, რომ რეცხვადი ბერმა დროებითი ნაგებობაა და შტორმული ზემოქმედების შედეგად ხდება მისი ტანის დაშლა და სანაპირო ზოლზე გადანაწილება, მიმდინარე პროექტი გულისხმობს ამ არსებული ბერმის ტანის რეკონსტრუქციას და მის საპროექტო მოცულობამდე შევსებას, რათა კვლავ მოხდეს რეცხვადი ბერმით სანაპირო ზოლის კვება.“ – აღნიშნულია დოკუმენტებში.

ვინაიდან ტენდერში წინადადებების მიღება ივლისის ბოლოს დასრულდება, დიდი ალბათობით სამუშაოები სანაპირო ზოლში [აეროპორტის ასაფრენ ზოლთან და ახალ ბულვარში] სულ ცოტა სექტემბრამდე არ დაიწყება.

მიმდინარე ზღვის სეზონისთვის ახალ ბულვარში ნაპირგამაგრების სამუშაოებიც დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს სამუშაოები დღესაც გრძელდება.

პროექტი, რომელშიც ცალკე ტენდერის ფარგლებში 15,6 მილიონი ლარი იხარჯება და რომელსაც ბათუმის მერიის სამმართველო ახორციელებს, 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ეს ვადა ჯერ 2024 წლის მარტამდე, შემდეგ ივნისამდე, მოგვიანებით კი 2024 წლის 2 ივლისამდე, გადაწიეს. სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს.

ბათუმის ახალ ბულვარში სანაპიროს აღდგენის სამუშაოები არ დასრულებულა – ფოტო „ბათუმელები“, 2024 წლის 13 ივლისი

„ბათუმელები“ ამჯერადაც დაუკავშირდა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, თუ როდის უნდა დასრულდეს სამუშაოები ახალ ბულვარში, თუმცა სამმართველოდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. სამუშაოების დასრულების ვადის იდევ ერთხელ გადაწევის შესახებ რაიმე დოკუმენტი კი შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის არ იძებნება.

ამავე პორტალის მიხედვით, კომპანია „გზისთვის“ მერიის ბიუჯეტიდან სახელშეკრულებო თანხის [15 658 999 ლარის] 99 პროცენტი ანუ 15 530 613 ლარი უკვე გადარიცხულია.

ამავე თემაზე ვრცლად:

როდის დასრულდება სამუშაოები ახალ ბულვარში – ზღვაში კიდევ 110 ათას კუბამეტრ ხრეშს შეიტანენ

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა.

ვრცლად: ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

 

„ტელევიზიიდან გავიგე“ – კიდევ რა თქვა ვანო მერაბიშვილმა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე

ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრი, „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პროკურატურამ 2022 წლის 21 თებერვალს გამოკითხა. რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილს კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსთან, თეიმურაზ პატარიძესთან, ასევე დათა ახალიასთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის პერიოდში კუდ-ს ხელმძღვანელობდა? – ამ საკითხზე საუბრით დაუწყია გამომძიებელს შს ყოფილი მინისტრის გამოკითხვა.

„თეიმურაზ პატარიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, თუმცა რა პერიოდში, ვერ ვიხსენებ. მასთან მაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა… მასთან გამაჩნდა იშვიათი კომუნიკაცია. თუ ვიყავი აჭარაში, მაშინ მხვდებოდა, როგორც დანაყოფის ხელმძღვანელი. რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციას, შეიძლება მქონოდა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებს ვერ ვიხსენებ,“ – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

გამომძიებელი: „თქვენ როგორც იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს რა საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით მოგმართავდათ ხოლმე დათა ახალაია და ასევე მასთან როგორი სახის კომუნიკაცია გაგაჩნდათ?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ სამსახურებრივი საქმეები იხილებოდა ოფიციალური დოკუმენტაციის მეშვეობით, როგორც დათა ახალაიასთან, ისე ნებისმიერი დანაყოფის წარმომადგენელთან. რაც შეეხება სატელეფონო საუბრებს დათა ახალაიასთან და ნებისმიერ სხვა პოლიციის თანამშრომელთან, ძირითადად შემოიფარგლებოდა დაბადების დღის მილოცვით ან სხვა პირადი, მეგობრული საუბრებით.“

გამომძიებელი: „თქვენთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრთან, თუ შემოდიოდა ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომ ისინი სავარაუდოდ თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეც. სამსახურებთან?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ მსგავსი რამე არ მახსენდება. მე თქვენს მიერ დასახელებული სახის ინფორმაცია შეიძლება მიმეღო მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდგომ.“

გამომძიებელი: „2008 წლის 16 აგვისტოს აჭარა-გურიის საზღვართან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მოკლეს სამხედრო მოსამსახურე, მეხუთე ბრიგადის დაზვერვის ოფიცერი როინ შავაძე. თქვენ, როგორც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, რა ინფორმაციას ფლობთ აღნიშნული ფაქტის ირგვლივ?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ აღნიშნულის შესახებ მე ინფორმაცია გავიგე ტელევიზიებიდან 2012 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება. მანამდე ხსენებული ფაქტის შესახებ მე არ ვიცოდი.“

გამომძიებელი: „მოკლულ სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის შესახებ თქვენ, როგორც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ფლობდით თუ არა რაიმე სახის ინფორმაციას?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ როინ შავაძეზე მის სიცოცხლის პერიოდში და მისი გარდაცვალების შემდგომაც არაფერი მსმენია და მასზედ არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია.

გამომძიებელი: „2008 წლის 16 აგვისტოს როინ შავაძის მკვლელობის დღეს დაწყებული იქნა გამოძიება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თუ მოგაწოდეს ინფორმაცია?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენეთ, რომ როინ შავაძის შესახებ როგორც გითხარით არ მსმენია. მის შესახებ გავიგე 2012 წლის შემდგომ და შესაბამისად აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც ჩემი ინფორმირების ფაქტი არ მახსენდება.“

აქ გამომძიებელი ვანო მერაბიშვილს სასამართლო განჩინების საფუძველზე მობილური ტელეფონის ოპერატორიდან ამოღებულ მონაცემებს აწვდის, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილმა 2008 წლის 16 აგვისტოს დათა ახალაიას დაურეკა.

„ხომ ვერ გაიხსენებთ აღნიშნულ სატელეფონო კომუნიკაციის დროს საუბრების შინაარსი ხომ არ ეხებოდა როინ შავაძეს?“ – მიმართა შს ყოფილ მინისტრს გამომძიებელმა.

„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული კომუნიკაციის შინაარსი არ შეეხებოდა როინ შავაძეს,“ – უპასუხა კითხვას ვანო მერაბიშვილმა. მას არ დაუკონკრეტებია, რა თემაზე ესაუბრა ახალაიას, რადგან შავაძის მკვლელობის საკითხზე საუბარი გამორიცხა და თქვა, რომ ეს ახსოვდა.

გამომძიებელი: გამოძიებით, კერძოდ თავდაცვის სამინისტროდან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებული წერილებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს თბილისი- სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალს აკონტროლებდნენ რუსი სამხედროები აჭარიდან თბილისის მიმართულებით ცენტრალური მაგისტრალის გავლით გადაადგილება შეიძლებოდა თუ არა?

ვანო მერაბიშვილი: მოგახსენებთ, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე რამდენად შესაძლებელი იყო გადაადგილება არ ვიცი, მაგრამ იყო ალტერნატიული უსაფრთხო გზა ბათუმი- გოდერძის უღელტეხილი ახალციხე-ახალქალაქი-თბილისის მიმართულებით მარშრუტი.

გამომძიებელი: „ხომ არ გსურთ რაიმეს დამატება?“

ვანო მერაბიშვილი: „დასამატებელი არაფერი მაქვს“

————————

აგვისტოს ომის მონაწილე – როინ შავაძე სამართალდამცველებმა წამებით 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. გამოძიებას მკვლელობიდან 16 წლის შემდეგაც არ აქვს პასუხი: რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც არ დაკისრებია პასუხისმგებლობა.

2020 წელს, ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.

2 სპეცრაზმელის საქმეს ამჯერად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. უფლებადამცველების აზრით, როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს – რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.

მაგალითად, ვასილ როინიშვილი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. 

რა უთხრა გამოძიებას რესან კონცელიძეს, შეგიძლიათ, ნახოთ აქ. იგი შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, ახლა პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

სპეცრაზმელების გამოკითხვის ოქმების მიხედვით, მათ უკანონო ბრძანების შესრულება კონკრეტულად კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის, ანუ კუდის აჭარის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, თეიმურაზ პატარიძემ აიძულა. თეიმურაზ პატარიძე გამოძიებამ 2023 წელს გამოჰკითხა. მის წინააღმდეგ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე არსებობს, თუმცა ის დღემდე იძებნება. 

ამ თემაზე:

„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე

ბათუმში „გლოვოს“ კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „გლოვოს“ კურიერს, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული კურიერი კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა დღეს, 13 ივლისს მოხდა.

დაწყებულია გამოძიება.

„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სანაპიროზე მიწა 1 ლარად და 5-წლიანი იჯარით გადასცეს

ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცა. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული.

ამ განკარგულების მიხედვით, აჭარის მთავრობას კომპანიისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1 ლარად უნდა გადაეცათ. გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის მოთხოვნის თაობაზე ბათუმის მერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აცნობა:

„საინვესტიციო ტერიტორიის კონფიგურაცია განლაგებულია იმგვარად, რომ მასზე წვდომა შეუძლებელია ბათუმში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლის გარეშე. ამჟამად „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დგას უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს აღნიშნული ტერიტორიების გავლით“.

როდესაც თორნიკე რიჟვაძემ საინვეტიციო  ტერიტორიაზე მიუთითა, გულისხმობდა ზღვაში დარეგისტრირებულ ნაკვეთს, რომელიც მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გადასცა იმ პირობით, რომ აქ ხელოვნურ კუნძულს ააშენებენ.

ნაკვეთი კი, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის მერიასთან შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე საკრებულოს თანხმობით კომპანიამ 2024 წლის მარტში დაირეგისტრირა 2022 წელს მოითხოვეს.

რაც შეეხება იმას, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დგას უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს აღნიშნული ტერიტორიების გავლით“ – ადგილზე ამ დროისთვის არსებული ვითარებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავრობის თავმჯდომარე მოატყუეს, რადგან ამ ადგილზე კომპანია საინფორმაციო ცენტრს აშენებს. როგორც ჩანს, გასავლელის პრობლემა სულაც არ არის.

1 ლარად მიღებულ მიწის ნაკვეთზე კომპანია მოგრძო ფორმის ერთსართულიან შენობას აშენებს. „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ერთ-ერთი დირექტორის, გოჩა კამკიას ინფორმაციით, აქ  კუნძულის საინფორმაციო ტურისტულ ცენტრს მოაწყობენ.

ადგილზე სამშენებლო საინფორმაციო ბანერი გამოკრული არ არის, არც კომპანიის დირექტორი გოჩა კამკია პასუხობს კითხვას, შეთანხმებულია თუ არა ეს მშენებლობა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გადაცემულ ნაკვეთზე საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ამბასადორმა უნებართვოდ, შესაბამისად უკანონოდ დაიწყო. თუმცა „ამბასადორისთვის“ ეს პრაქტიკის ნაწილია, როცა ბათუმში მშენებლობას უნებართვოდ იწყებს, ან უკანონო სართულს ამატებს, ნებართვას კი პოსტფაქტუმ იღებს.

ხაჭაპური კიდევ 2.9 პროცენტით გაძვირდა – მხოლოდ კვერცხი გაიაფდა

სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ხაჭაპური ისევ გაძვირდა. 2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო, რაც წინა თვესთან, მაისთან შედარებით 2.9%-იანი ზრდაა, წლიურ ჭრილში კი, ანუ 2023 წლის ივნისთან შედარებით,  ზრდა 6.8%-ია. ეს ISET-ის მორიგი კვლევის შედეგია.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი. 

„ყველი ყველაზე მეტად ქუთაისში გაძვირდა: წლიურად 19%-ით, თვიურად კი, 17%-ით,“ – ვკითხულობთ ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ხაზგასმულია ისიც, რომ ყველი სხვა რეგიონებშიც გაძვირდება:

„იქიდან გამომდინარე, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი ყველის მწარმოებელი რეგიონია, როგორც წესი, ფასების სეზონური ცვლილება ყველაზე შესამჩნევი სწორედ ქუთაისშია. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქუთაისში ყველის ფასების ზრდა სავარაუდოდ ქვეყნის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება,“ – მიიჩნევენ ISET-ის ანალიტიკოსები.

ISET-ის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში იმ ინგრედიენტებიდან, რაც ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, მხოლოდ კვერცხი გაიაფდა 1.7%-ით.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა კარაქის [+18.1%], რძის [+16.2%], საფუარის [+14.9%] და ყველის [+7.2%] ფასები, ხოლო ფქვილი 1.4%-ით გაძვირდა.

რძის პროდუქტების ფასების ასეთი ცვლილება შეიძლება საერთაშორისო ფასების ზრდით იყოს განპირობებული – FAO-ის რძის პროდუქტების ფასის ინდექსის თანახმად, რომელიც წლიურ ჭრილში 6.5%-ით გაიზარდა, ყველაზე მნიშვნელოვნად კარაქის ფასი შეიცვალა და 35.8%-იანი ზრდა დააფიქსირა,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო. შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფორმირების კამპანიისა და ამ მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ემზადება, შესაბამისად, აღნიშნული არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პარტნიორებთან და არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სააგენტოების და საელჩოს მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ მოისმინა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, მხარეებმა განიხილეს პროცესზე ობიექტური და რეალურად ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიების არსებობის მნიშვნელობა და როლი.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცესკო მიესალმება და მოელის ობიექტურ დაკვირვებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. გამოითქვა რწმენა, რომ არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და კვლავაც ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი იქნება.

12 ივლისს ცესკოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მარკ ნორდბერგი, USAID-ის უფროსი მრჩეველი საარჩევნო საკითხებში ჯეფრი ვანესი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი დანა კასტანა და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კერი მაკინტოში.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

ბსუ-ში ახალ რექტორს ვერ ირჩევენ – კანდიდატი არ არის

„არაცერთი განაცხადი არ შემოსულა,“ – გვითხრა ბსუ-ს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ. მას რექტორის არჩევნებზე კანდიდატების განაცხადები უნდა მიეღო, ხოლო ახალი რექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ივლისს უნდა აერჩიათ.

რექტორობის კანდიდატების განაცხადების მიღება ბსუ-ში გუშინ, 12 ივლისს დასრულდა.

რადგან უნივერსიტეტის რექტორობა არავის სურს, აკადემიურმა საბჭომ 6 თვით მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიოს. ეს შეიძლება იყოს, როგორც მოქმედი რექტორი, ისე ნებისმიერი სხვა პირი.

არჩევნებში მონაწილეობას წელს ვერ მიიღებდა ბსუ-ს მოქმედი რექტორი – მერაბ ხალვაში. კანონმდებლობის თანახმად, რექტორი შეიძლება იქნეს არჩეული ორი ვადით, მერაბ ხალვაში კი, ორჯერ აირჩიეს ამ პოსტზე, 2016 და 2020 წლებში.

„რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ,“ – აღნიშნულია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში.

6 თვის გასვლის შემდეგ კი, ხელახლა უნდა გამოცხადდეს არჩევნები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 557 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
  • ტანკი – 8 199 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 15 779 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 15 216 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 119 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 889 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 069 ერთეული [+34]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 397 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 461 ერთეული [+52]
  • სპეცტექნიკა – 2 556 ერთეული [+13]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 627 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 553 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 547 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 567 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 376 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 834 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 637 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

120 სამხედრო შეტაკება ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები ომზე

„უკრაინა შეაჩერებს პუტინს“ — ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებს და ბავშვებს წვრთნის – სუსი და შსს კითხვებს არ პასუხობენ

შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, მეორე დღეა ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან.

სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ მსგავსიმ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

Россотрудничество-ს თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავს სწავლებებს ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სანქცირებულ Россотрудничество-ს ვებგვერდზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და სამაჩაბლო, დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ბათუმელებმა“ შს სამინისტროს და სუს-ს ჰკითხა, ამ სემინარის მონაწილე რუსეთის მოქალაქე ტრენერებს ხომ არ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. კითხვას არც ერთმა მათგანმა არ უპასუხეს.

ორგანიზაცია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა.

წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, შეკვეთილში მიმდინარე სემინარზე ტრენერები რუსეთის ფედერაციიდან არიან მოწვეულები. მაგალითად, ნატალია ნოვიკოვა, რუსეთის „ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის“ თანამშრომელია, რომელიც 2022 წლიდან არის უკრაინის სანქციების სიაში.

ასევე, მოწვეული არიან ტატიანა მარჩენკო [სოლჟენიცინის სახლი საზღვარგარეთ] და ვადიმ კრისკო [ვინოგრადოვის რუსული ენის ინსტიტუტი].

„სქრინი“ ვებგვერდიდან

„ბათუმელები“ „რუსული კლუბის“ ხელმძღვანელს, ნიკოლაი სვენტიცკის იმის გასარკვევად დაუკავშირდა, წელსაც Россотрудничество თუ აფინანსებს სემინარს შეკვეთილში.

სვენტიცკიმ კომენტარზე უარი გვითხრა.

„უკაცრავად, უცნობ ადამიანებთან არ ვსაუბრობ და არც მაქვს არანაირი სურვილი. მით უმეტეს, ვალდებულება არ მაქვს კომუნიკაციის.

რასაც თქვენ ამბობთ, სრული სიცრუეა. ძალიან დაკავებული ვარ და არ შემიძლია დრო დაგითმოთ“, – მოგვწერა ნიკოლაი სვენტიცკიმ მესენჯერში.

ის, რომ სანქცირებული Россотрудничество წინა წლებში საქართველოში მსგავს პროექტებს აქტიურად აფინანსებდა, სხვადასხვა რუსულენოვან წყაროშია აღნიშნული. მაგალითად, korsovet.ge-ს ინფორმაციით, 2021 წელს Россотрудничество აფინანსებდა მსგავს ტრენინგს შეკვეთილში, რომელშიც თსუ-ს დოქტორი დავით გოცირიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ტატიანა მეგრელიშვილი მონაწილეობდნენ. მაშინ პროექტში ასევე მონაწილეობდა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა მხეიძე.

ასევე, korsovet.ge-ს ინფორმაციით, Россотрудничество-მა 2023 წელსაც დააფინანსა მსგავსი შინაარსის სწავლებას.

„ბათუმელებმა“ შეკვეთილში მიმდინარე სწავლებაზე განათლების სამინისტროსთან სცადა ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა უწყებაში არც სატელეფონო ზარებს უპასუხეს და არც წერილობით გაგზავნილ კითხვებს.

„ბათუმელებმა“ ინფორმაციის გადამოწმება ასევე სცადა კონფერენციაში მონაწილე რამდენიმე ქართველ მასწავლებელთან. მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

ვესაუბრეთ ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ფოთში, რომლის პედაგოგიც ასევე იმყოფება „რუსული კლუბის“ სემინარზე და ფეისბუკშიც აქვს ფოტოები განთავსებული შეკვეთილიდან.

კომენტარის გაკეთება არც აღნიშნული სკოლის დირექტორმა ისურვა. „მადლობა, რომ შემეხმიანეთ, მაგრამ ხომ შეიძლება არ ვისაუბრო?“ – გვითხრა მან.

სემინარის დღის წესრიგში მითითებულია, რომ ღონისძიების ბოლოს – გალა საღამოზე, რომელიც 14 ივლისს უნდა გაიმართოს, გამარჯვებულ ბავშვებს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტრიფომოვი დააჯილდოებს.

სკოლის დირექტორებს ვკითხეთ, თუ ჰქონდათ ინფორმაცია ამ ღონისძიებაში ბავშვების მონაწილეობის შესახებ, თუმცა მათ არც ამ კითხვაზე გვიპასუხეს გარკვევით.

ის, რომ „რუსული კლუბის“ ორგანიზებულ შეხვედრას საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან, დაგვიდასტურა სასტუმროს მფლობელმა ლია სამადაშვილმა.

მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სანქცირებული პირების ან რუსული ორგანიზაციების მონაწილეობაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ღონისძიების გამართვისთვის სასტუმროს თანხას ნიკოლაი სვენტიცკი იხდის, რომელიც „რუსული კლუბის“ დამაარსებელი.

„უცხო ენის მასწავლებელთა სემინარი იმართება და ჩვენი, საჯარო სკოლების მასწავლებლები მონაწილეობენ. სადღაც 30 მასწავლებელი იქნება. როგორც ვიცი, ტრენინგი ტარდება სწავლების მეთოდებზე.

როცა დარეგისტრირდნენ, იქ არ ეწერათ არსად, რომ ჩამოვლენ რუსეთიდან მაღალჩინოსნები ან ვიღაც. ამიტომ ვერ გეტყვით, რუსეთიდან ვინ მონაწილეობს. მე არ ვარ ამის შესახებ ინფორმირებული.

არც სანქცირებული ორგანიზაციის შესახებ ვიცი რაიმე, მე თანხას მირიცხავს სვენტიცკი და მეტი არაფერი ვიცი“, – აცხადებს ის.

„რუსული კლუბის“ მიერ შეკვეთილში მოწვეული ტრენერები რუსეთიდან.

დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სემინარში მასწავლებლების გარდა უნივერსიტეტების, იუსტიციის სახლის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ.

„სულ მოწვეულია 100 სტუმარი“, – ვკითხულობთ დღის წესრიგში.

ამ გეგმის მიხედვით, სემინარი 14 ივლისს უნდა დასრულდეს გალა-საღამოთი, სადაც იქნებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა როგორც შს სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ჰკითხა, აქვთ თუ არა აღნიშნული ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია და რუსეთის ფედერაციიდან მოწვეულ პირებს ხომ არ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რადგან პოტენციური დონორი ორგანიზაციის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ისინი მსგავს ღონისძიებას ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავენ. 

ამ სამსახურებს კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.

  • Россотрудничество-ს შესახებ

Россотрудничество-ს გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია არის რუსული სააგენტო, „რომლის მთავარი მისიაა გააძლიეროს რუსეთის ჰუმანიტარული გავლენა მსოფლიოში“.

2021 წლიდან მათ მიიღეს არაფორმალური სახელი „რუსული სახლი“.

ორგანიზაცია 2008 წელს პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა და მათი მიზანია რუსული გავლენების გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დსთ-ს ქვეყნებში.

როგორია არჩევნებზე „ოცნების“ დამარცხების ორი მეთოდი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

300 ათასამდე საჯარო მოხელე, 40 ათასი სოციალურად დაუცველი, რომლებიც წინასაარჩევნოდ, ფორმალურად დაასაქმეს, საბიუჯეტო რესურსები და ძალადობა ადამიანებზე, ხელების გადაგრეხის მცდელობა – წინასაარჩევნო გარემოს აღწერს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ჩამონათვალის ბოლოს ამბობს:

„ობიექტურად, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარღვევა შეუძლებელია. მსგავსი სირთულეები იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, მაგრამ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისი დემოკრატიული ინსტინქტები საკმაოდ ძლიერია“. 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას „ბათუმელები“ მოახლოებულ არჩევნებზე და პოლიტიკურ გარემოზე ესაუბრა. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჟან მონეს პროფესორია.

  • ბატონო კორნელი, რა განცხადებებსაც ვისმენთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, თქვენი დაკვირვებით, რამდენად რჩება, ოპოზიციური გაერთიანების შანსი?

იმის მიუხედავად, რომ ძალიან წინააღმდეგობრივი განცხადებები ვრცელდება კოალიციის შეკვრასთან დაკავშირებით, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი – ერთი-ორი კვირა კიდევ აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოილაპარაკონ ამ საკითხზე.

საზოგადოებრივი კვლევებიც ადასტურებს, რომ მაქსიმუმ 2 ან 3 მიზიდულობის ცენტრი შეიძლება შეიქმნას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას. ამის იქეთ ვინც დარჩება, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. ყველას ინტერესშია, არ დარჩეს გარეთ. ეს აიძულებს პოლიტიკურ პარტიებს, წავიდნენ კომპრომისზე, გვერდზე გადადონ პერსონალური გრძნობები და სხვა თემები.

  • ელით ამ კომპრომისებს?

ზოგიერთი პარტიიდან ალბათ იქნება. მოლაპარაკების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და რიტორიკის დონეზე ყველა მხარე აცხადებს მზაობას.

  • გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა, რომ ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი. ერთობის და მინიმუმ 3 ოპოზიციური ცენტრის შექმნის გარეშე რჩება იმის შანსი, რომ „ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს?

თეორიულად შეიძლებოდა გაერთიანებულიყო ეს პარტიები, მაგრამ ჩანს, რომ ეს უკვე შეუძლებელია. თუ ვენდობით სოციოლოგიურ კვლევებს, ფაქტია, რომ რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის შექმნა საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, დივერსიფიცირებული მიდგომა ჰქონდეს.

ბოლო კვლევებში მოსახლეობის დიდ ნაწილს ისევ აქვს პასუხი: „არ ვიცი“. უცნობია, ისინი როგორ მოიქცევიან. ეს შეიძლება იყოს შიშის, ასევე, სხვა ფაქტორები. ამის გამო ჭირს საბოლოო დასკვნის გაკეთება.

ორი მეთოდია, როგორ შეიძლება დასუსტდეს „ქართული ოცნება“: ერთია ამომრჩევლის რეკორდული რაოდენობის გამოცხადება არჩევნებზე, რაზეც მუშაობენ პოლიტიკური პარტიები; მეორეა „ოცნებაზე“ გულგატეხილი ამომრჩეველი, რომელიც პროევროპულია – ამ ადამიანებმა ხმა უნდა მისცენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ჩემი აზრით, ეს გახარიას და მისი პოტენციური ბლოკის შანსია.

თუ ამას მივუმატებთ ამომრჩევლის მაქსიმალურ გამოცხადებას არჩევნებზე, დიდი შანსია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიპოვოს უმრავლესობა.

მნიშვნელოვანია, გახარიას პარტიასთანაც გაერთიანდნენ სხვა პარტიები. როგორც ვიცით, განიხილება ანა დოლიძის პარტია, ელისაშვილი და ასე შემდეგ.

  • გაქვთ მოლოდინი, რომ მაგალითად, არჩევნების წაგების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას?

გააჩნია, რამდენი პროცენტით წააგებს. თუ ისინი დამარცხდებიან, მოუწევთ დათმობა. ასე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ ემეტებოდა ხელისუფლების დათმობა.

„ქართული ოცნების“ უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებას იმდენად ჩაბღაუჭებულია, ჰგონიათ, იმის იქეთ ცხოვრება არ არის.

  • „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დასავლეთის შეფასებები იყო მნიშვნელოვანი. იმავეს „ქართულ ოცნებაზე“ ვერ ვიტყვით. ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ „ოცნება“ არჩევნების მიტაცებას შეეცდება? 

თუ დადასტურდება არჩევნების გაყალბება, ამას მოჰყვება სერიოზული რეაქცია საზოგადოების მხრიდან – ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, ვერ ეგუება ამას, მას ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ გაყალბებს არ მიიღებს და ამას მოჰყვება სხვა რეაქციები. ეს ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის.

ცხადია, არჩევნები არ არის მხოლოდ კენჭისყრის დღე. მნიშვნელოვანია, მთელ პროცესს დააკვირდეს პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო დამკვირვებლები, მედია.

ჯერ არ ვიცით, ხელისუფლება რუსული კანონის როგორ განმარტებას შემოგვთავაზებს აგვისტოში, როგორ მსვლელობას მისცემს მას. თუ ისინი შეეცდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ზეწოლას და თავდასხმას, ეჭვქვეშ დგება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობა.

  • უშვებთ, რომ ხელისუფლება შეიძლება აპირებდეს ანტიდემოკრატიული ქმედებების შეწყვეტას? დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ცინიკურად ევროკავშირის მიერ დახმარების პაკეტის გაყინვაზე… 

რაღაც არ ეტყობათ, არ უნდა ვიყოთ მიამიტები, თუ თვითონ ივანიშვილს არ გაუჩნდა იმის განცდა, რომ ის მარცხდება. ისინი მუშაობენ პრინციპით – „აი, წილი ნაყარია“. ისინი აგრესიული რიტორიკით, საზოგადოების დაყოფით და ერთმანეთზე გადაკიდებით ცდილობენ შედეგზე გასვლას, ჰგონიათ, რომ ეს იმუშავებს.

  • ივანიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებს მოიგებს? 

ჯერ ასეა.

არჩევნების შემდეგ თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, არაა გამორიცხული ხელები ივანიშვილმა ამ ხალხს შეაწმინდოს და სულ სხვა ხალხი მოიყვანოს, ოღონდ პრობლემა აქვს: ქართველმა ხალხმა უკვე კარგად გაიგო ივანიშვილის მუშაობის სტილი, შესაბამისად, ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის ხელახლა დაწყება.

  • წინა არჩევნები და კვლევები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი საქართველოში გადაუწყვეტელია. ხედავთ შანსს, რომ ეს ამომრჩეველი გააქტიუროს ოპოზიციამ და მიიმხროს? 

ოპოზიცია მუშაობს, თუმცა ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს. უფრო მეტია საჭიროა, განსაკუთრებით საჭიროა რეგიონებში სიარული. მარტო ტელევიზიებით გამოსვლა არ არის საკმარისი.

უნდა გავითვალისწინოთ მოცემულობა: 300 ათასამდე საჯარო მოხელეა ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლებები მუდმივად იყენებენ და ეს ხელისუფლება – მით უმეტეს. ამას ემატება სოციალურად დაუცველები, რომლებსაც ცვლილებები არ უნდათ, რადგან არწმუნებენ, რომ შემწეობა შეიძლება დაკარგონ. ბიზნესის 80% მმართველ პარტიას აძლევს შემოწირულებას, ამას ემატება 6 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მქონე ოლიგარქი…

ამ პირობებში ძალიან რთულია საარჩევნო კამპანიის წარმოება, რადგან ამას ემატება ძალადობა, როცა თავს ესხმიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მედიას. ეს ალბათ გახშირდება მომავალ თვეებში.

ობიექტურად ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარღვევა შეუძლებელია. მსგავსი სირთულეები იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, მაგრამ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისი დემოკრატიული ინსტინქტები საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოახერხა ქვეყანამ კრიზისებიდან თავის დაღწევა მშვიდობიანად.

  • ცალკეულ ოპოზიციონერ ლიდერს ეტყობა მიდგომა, რომ თუ ამომრჩევლის უმრავლესობა ევროპა სურს და ეს არაერთხელ დადასტურდა, მაშინ ის იძულებული იქნება არჩევნებზე წავიდეს, რადგან მკაფიოდ გამოჩნდა „ოცნების“ პრორუსულობა, ეს არჩევნები კი, იქნება ერთგვარი რეფერენდუმი… რა არის ამ მიდგომის მთავარი რისკი? 

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებს არ შესთავაზონ კონკრეტული ხედვები, სტრატეგიები.

დავუშვათ, მოიგო ეს არჩევნები ოპოზიციამ. ამომრჩეველმა არ უნდა იცოდეს, რა ელოდება იგივე კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ?!

  • როგორ მუშაობს ოპოზიცია და ხელისუფლება ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის არჩევნებამდე 100 დღით ადრე?

მმართველი პოლიტიკური ძალა პროპაგანდისტული ხერხებით, საერთაშორისო პარტნიორებსა თუ პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმებით ცდილობს გასვლას, ასევე, წნეხი აქვთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე, ისინი ხელების გადაგრეხას ცდილობენ, რის რესურსიც მათ ბოლომდე არ აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ჯერ-ჯერობით ისევ გადაწყობის და გადალაგების პროცესში არიან. დიდი მნიშვნელობა ექნება, რა გზავნილი ექნებათ მათ ამ 100 დღის განმავლობაში, რა ხედვებს და სტრატეგიას შესთავაზებენ ისინი საზოგადოებას. დრო ძალიან ცოტა დარჩა: აგვისტო ფაქტობრივად მკვდარი თვეა და სექტემბერი უკვე წინასაარჩევნო პერიოდია.

მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან აქტიურია პროპაგანდა ომის თემაზე, უმცირესობების უფლებებზე, გაძლიერდა ანტიევროპული პროპაგანდა… ეს ყველაფერი გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ადამიანებს აქვთ საკუთარი ინტერესები, რაც მშვენივრად იცის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ. როგორც ტრადიციულად ხდება, არაა გამორიცხული ადგილი ჰქონდეს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაპირებას, თუ დაშინებას ხელისუფლების მხრიდან.

  • 40 ათასი სოციალურად დაუცველიც დაასაქმეს წინასაარჩევნოდ და ფორმალურად. როცა მმართველი პოლიტიკური ძალა ასე, სათავისოდ იყენებს საბიუჯეტო რესურს, რა რესურსი რჩება სამართლიანი არჩევნებისთვის? 

წინასწარ რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ პროტესტის გეოგრაფიაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვივარაუდოთ , რომ დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში „ქართულ ოცნებას“ არასახარბიელო პოზიცია აქვს. ასევე მათ მთლიანად დაკარგეს ახალგაზრდობის და სამოქალაქო საზოგადოების ნდობა.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც უფრო ძლიერია კონსერვატიული განწყობები, იქ შედარებით აქვს შანსი „ოცნებას“, თუმცა საგრძნობია მოსახლეობისგან „ოცნების“ მიმართ გადაღლილობა. ეს ის ფაქტორია, რომელსაც ამ ეტაპზე ვერაფერს უპირისპირებენ პროპაგანდის გარდა.

აქამდე თუ მოიაზრებოდა, რომ „ქართული ოცნება“ იყო სტაბილურობის გარანტი და ასე შემდეგ, ფაქტობრივად, მოსახლეობის ნაწილის თვალში მათ უღალატეს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, დემოკრატიულ პრინციპებს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ არჩევნებზე – თუ აქამდე იყო აქცენტი სტაბილურობაზე და „ქართულ ოცნებას“ ადარებდნენ ყოფილ ხელისუფლებას, ჩანდნენ უფრო ლმობიერი, ახლა გამოჩნდა ძალადობრივი მეთოდები და რეპრესიებიც.

არჩევნების მოგების შემთხვევაშიც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოტენციალი გააერთიანოს საზოგადოება – ეს არის ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც მას მაქვს. ჩემი აზრით, ეს ესმის ქართველ ამომრჩეველს.

  • პრეზიდენტმა ახალი სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა – „აირჩიე ევროპა“. ცოტა ხნის წინ ცნობილმა ადამიანებმა სამოქალაქო საზოგადოებიდან დააფუძნეს პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“. რამდენად შეიძლება მოკლე დროში ახალმა მოძრაობებმა მოასწრონ ამომრჩევლის მიმხრობა?

ასეთი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ იქნებიან მანამდე პოლიტიკაში არმყოფი ადამიანები, მათ გააჩნიათ გარკვეული სოციალური კაპიტალი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში. მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს დღეს არ აქვთ საკმარისი ინტელექტუალური, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი.

ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრები. პარტიებში კი, გადაღლილობა იგრძნობა. ამ ადამიანების გააქტიურება ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება.

უცნობია, როგორი იქნება ამ მოძრაობების მომავალი – ალბათ შეუერთდებიან რომელიმე პოლიტიკურ ცენტრს, ზოგიერთი ალბათ შემოვა პოლიტიკაში, ზოგი ისევ სამოქალაქო საზოგადოებაში დარჩება, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება ითხოვს ახალ ადამიანებს. პოლიტიკური პარტიებიც აღიარებენ ამას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა ამ პროცესში: ახალგაზრდობა იყო და არის ამ საპროტესტო მოძრაობის წარმმართველი. მნიშვნელოვანია, პარტიებმა მოუსმინონ ამ ახალგაზრდებს, ხედვები რაღაცნაირად მოარგონ მათ მოსაზრებებს. ზოგადად არის ასეთი ტრადიცია საქართველოში, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან. პარტიები ყველაზე ხშირად მათ უნდა შეხვდნენ და გაიგონ, რა როგორ წარმოუდგენიათ.

ასევე კარგი იქნება მუშაობა ქალ ამომრჩევლებზე: საქართველოში ამომრჩევლების 52% ქალია.

  • მთავარი გამოწვევა რა არის ოპოზიციისთვის, რომ ამომრჩეველმა ისევ არ ჩათვალოს, რომ არჩევნებზე წასვლა არ ღირს? 

გარკვეულწილად იგრძნობა ერთი და იგივე ნარატივი, ან ხშირად ნარატივის არქონა – ერთი და იმავეს იმეორებენ და უფრო ემსგავსებიან პოლიტიკურ კომენტატორებს და არა პარტიის ლიდერებს. მათი მიზანი უნდა იყოს, რომ კონკრეტული ხედვები შესთავაზონ ადამიანებს, როგორ მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა, ისინი კი, ძირითადად აკეთებენ კომენტარებს, რაც არ არის მათი ფუნქცია.

  • თბილისში შეხვედრებს მართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აზრა ზეია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. თქვენი აზრით, სად ხედავს რესურსს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას?

ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ვერ მოხერხდება.

ამ ხელისუფლებამ გადალახა უკვე ყველა წითელი ხაზი, როგორც ევროკავშირთან, ისე შტატებთან მიმართებათ, მათ ამ ურთიერთობის გამოსწორების რესურსი აღარ აქვთ.

ბოლო განცხადებებს თუ შევხედავთ, ფაქტობრივად, საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორები, ნელ-ნელა წყვეტენ საქართველოს მხარდაჭერას. ისინი თავდაცვის და სხვა ტიპის პროგრამებს აჩერებენ. ეს ქმნის სერიოზულ რისკს, რომ ქვეყანა თანდათან შეუქცევად იზოლაციაში მოექცევა.

  • არჩევნებია საშუალება, ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას? 

ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ არ გვექნება ორი საქართველოს – ცუდი და კარგი საქართველოს ფუფუნება; იქნება ერთი დასკვნა. თუ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ როგორც ევროკავშირის ელჩმა და ბევრმა მაღალი დონის დიპლომატმა თქვა, ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის აზრს ანუ ევროკავშირს ჩვენთან ისეთი ურთიერთობა ექნება, როგორიც აქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და არ იქნება საუბარი გაწევრიანებაზე. ამდენად, ამომრჩევლებმა უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა – გვინდა თუ არა, ვიყოთ დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა თუ ისევ გვირჩევნია პოსტ-საბჭოთა ჭაობში დარჩენა, საიდანაც ძლივს გამოვაღწიეთ

ამ გადასახედიდან კი, ქართველ ხალხს აქვს შანსი, ეს ყველაფერი შეცვალოს.

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ – მფლობელებმა ტერიტორია გაასხვისეს

ბათუმის მოქმედი ავტოსადგურის მფლობელი სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა.

ახალი ამბავი აღარ არის და ბათუმში დიდი ხანია იციან, რომ თანამდებობიდან წასულები მშენებლებად გვევლინებიან, სამშენებლო კომპანიების დირექტორები ან არქიტექტორები ხდებიან.  მათ შორის რამდენიმე პირად საუბრებში არც იმას მალავს, რომ ახლა უფრო დიდ ფულს აკეთებს: „რა მინდოდა საჯარო სამსახურში“. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე, საჯარო სამსახური კარგი დასაწყისის, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი კარგი გაგრძელების წინაპირობაა, პრაქტიკა ასე აჩვენებს.

ამ დრომდე მშენებლებად გვევლინებოდნენ ყოფილი მინისტრები, ვიცე-მერები, მთავარი არქიტექტორები, სამსახურების უფროსები. ამჯერად კი არც მეტი არც ნაკლები, ბათუმში 2 ცათამბჯენის მშენებლობას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე გეგმავს. თანამდებიდან წასვლის შემდეგ არჩილ ხაბაძე საქართველოს პარლამენტში შევიდა „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით. უფლებამოსილების გასვლის შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, „პოლიტიკაში დარჩენა აღარ მოინდომა“ და თავის სფეროში – „ფინანსებში“ დაბრუნდა. 

მოქმედი ავტოსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის ესკიზი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე წილებს ფლობს კიდევ ორ კომპანიაში. ერთი გონიოში, ზღვასთან ახლოს გეგმავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, მეორე კი აშენებს ახალი ბულვარის მიმდებარედ, ასევე ზღვასთან ახლოს. 

გონიოში დაგეგმილი პროექტის რენდერი

შპს „გუმბათი ჰაბი“ არჩილ ხაბაძეს 2024 წლის 16 აპრილს დაუფუძნებია. ამ დროისთვის არჩილ ხაბაძე „გუმბათი ჰაბის“ ერთპიროვნული მფლობელია. კომპანია 2 ცათამბჯენის მშენებლობას ბათუმში, სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩის #1-ში, ბათუმის მოქმედი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გეგმავს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების დასაწყებად ბათუმის მერიას უკვე მიმართა. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კონცეფცია მზად არის, ახლა კომპანიამ განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] უნდა მოამზადოს. ბათუმის მერმა მიწის ნაკვეთის განაშენიანების კონცეფციის მომზადებაზე ბრძანებას ხელი 2024 წლის  28 მაისს მოაწერა.

მონიშნულია ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორია, სადაც არჩილ ხაბაძის კომპანია 2 ცათამბჯენს ააშენებს

სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ ქონების გამოსყიდვაზე ხელშეკრულება არჩილ ხაბაძეს და მის პარტნიორს, ბიზნესმენ ლაშა ბალაძეს უკვე გაფორმებული აქვთ. თუმცა საჯარო რეესტრში ეს ყველაფერი სრულად მას შემდეგ აისახება, როცა ყოფილი თავმჯდომარე და მისი პარტნიორი საფასურს სრულად გადაიხდიან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რამდენიმე პირობას შეასრულებენ.

  • პარლამენტარი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ავთანდილ ენუქიძე ამ საქმეში მილიონ-ნახევარ დოლარს მიიღებს

ბათუმის ავტოსადგურს სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგური“ ფლობს. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის 54.99 % შპს „ფერტუნა სტეიშენის“ საკუთრებაა, 30,91 პროცენტი აჭარის მთავრობას ეკუთვნის, 2.39 პროცენტს ფლობს ფატმან გიორგაძე, 1.98 პროცენტი ეკუთვნის საზოგადოების დირექტორს ასლან გვარიშვილს, 0.43 პროცენტი ბადრი სოლომონიძის საკუთრებაა, 3.17% ოთარ ცეცხლაძეს, 1.98% კი ასლან გვარიშვილს ეკუთვნის.

დოკუმენტების მიხედვით, 2023 წელს, „ბათუმის ავტოსადგურის“ 54.99 პროცენტის მფლობელი კომპანიის, შპს „ფერტუნა სტეიშენის“ წილები მფლობელმა გაასხვისეს. მხარეებმა ქონების გასხვისების შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ქონების საფასური ახალმა მფლობელებმა 2024 წლის აგვისტოში უნდა დაფარონ. 

ახალ მფლობელებზე ჯერ მხოლოდ „ფერტუნა სტეიშენის“ ერთ-ერთი მფლობელის – შპს „ფერტუნას“ წილები გადავიდა [„ფერტუნა“ – შპს „ფერტუნა სტეიშენის“ 49 პროცენტს ფლობდა]. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, რომელიც 2024 წლის 6 მარტით თარიღდება, „ფერტუნას“ წილების 24.5/24.5 პროცენტი არჩილ ხაბაძემ და მისმა პარტნიორმა ლაშა ბალაძემ 1 მილიონ 500 ათას დოლარად შეისყიდეს და უკვე დაირეგისტრირეს კიდეც.

ლაშა ბალაძე შპს „გუმბათის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელია. 

„ფერტუნა სტეიშენის“ 26.4 პროცენტი კი საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ ავთანდილ ენუქიძეს ეკუთვნის, მას თავისი წილები მართვაში ალექსი ზუმბულიძისთვის აქვს გადაცემული. 8.2/8.2 პროცენტს მფლობელები არიან ასლან გვარიშვილი, ბადრი და ზაურ სოლომონიძეები.

  • ყველაფერი უფრო მარტივად აღქმადი რომ გახდეს: 

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, „ბათუმის ავტოსადგურის“ ერთ-ერთი მფლობელის – „ფერტუნა სტეიშენის“ წილები ყველა მფლობელმა გაყიდა. „ფერტუნამ“ თავისი 49 პროცენტი 1 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად გაასხვისა. იგივე თანხაზე შეუთანხმდა მყიდველებს პარლამენტარი ენუქიძეც, თავისი 26.4 პროცენტის დათმობის სანაცვლოდ. 500-500 ათასი დოლარი უნდა მიიღონ სოლომონიძეებმა და ასლან გვარიშვილმა.

შპს „ფერტუნა სტეიშენი“ 2010 წელს ავთანდილ ენუქიძემ, ბადრი სოლომონიძემ, ამირან გვარიშვილმა, ზაურ სოლომონიძემ და შპს „ფერტუნამ“ დააფუძნეს. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნოდა წილების 49 პროცენტი. „ფერტუნა“ კი ისრაელის მოქალაქის იოჰანან ელიგულას საკუთრება იყო. ბოლოს მისი ინტერესებს საჯარო რეესტრში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი წარმოადგენდა. მაშინაც 8.2/8,2 პროცენტს ფლობდნენ ამირან გვარიშვილი, ასევე ბადრი და ზაურ სოლომონიძეები. ავთანდილ ენუქიძე კი 26.40 პროცენტის მფლობელი იყო.

დოკუმენტებში ასევე ჩაიწერა, რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმის ავტოსადგურისთვის“ დამატებით დარიცხული თანხების კანონიერების თაობაზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე.

მყიდველები ვალდებულები არიან გადაიხადონ იმ ოდენობის თანხები, რაც საკმარისი იქნება საგადასახადო დავისა და სისხლის სამართლის საქმის დასასრულებლად. თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურთან და საგამოძიებო ორგანოსთან გამყიდველების შეთანხმებით.

მყიდველები ვალდებულები არიან ორივე საქმისთვის საჭირო თანხები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეათანხმონ და ამის შესახებ მყიდველებს აცნობონ არაუგვიანეს 2024 წლის 11 აგვისტოსი. ასევე, გადაიხადონ შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები. ზაურ სოლომონიძის შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის საქმის დასრულებისთვის გადახდილი თანხა მყიდველებს წილის ნასყიდობის საფასურში ჩაეთვლებათ.

ამ საქმეში კიდევ რამდენიმე დეტალია გასარკვევი, მაგალითად ის, თმობს თუ არა აჭარის მთავრობა თავის 30 პროცენტს.

ბათუმში, სევერიანე აჭარელის #1-ში გეგმარებითი ერთეულის ფართობი 2 ჰექტრამდეა – 19 500 კვ.მეტრს მიწის ნაკვეთს მოიცავს. გეგმარებით ერთეულს ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება წმ. სევერიანე აჭარელის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან კი შავშეთის ქუჩა. სამშენებლო ფართობი 14 554 კვ.მეტრია.

კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილი პროექტის პირველადი მონახაზი ასეთია: განაშენიანების ფართობი – 11647 კვ.მეტრი, განაშენიანების ინტენსივობა: 247 505 კვ.მ, გამწვანება: 837 კვ.მ, ავტოსადგომების რაოდენობა: 420 ავტოსადგომი, საცხოვრებელი ფართობები: [ცალ-ცალკე: ბინა, სასტუმროს ტიპის ბინა, სასტუმროს ნომერი] – 2150 ერთეული; აპარტამენტი – 65 000 კვ.მ, საზოგადოებრივი ფართობი – 39 100 კვ.მ, სამშენებლო ფართობი – 165 000 კვ.მ.

ესკიზი კონცეფციიდან

კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ ცათამბჯენების მაქსიმალური სიმაღლე 136 მეტრი იქნება. პროექტი აერთიანებს ერთ 4-სართულიან და ორ 43-სართულიან შენობას, მათ შორის ორი მიწისქვეშა სართულით. კომპლექსი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების გარდა საზოგადოებრივი დანიშნულების ფართობებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს გააერთიანებს.

მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობის დროს არჩილ ხაბაძე თავად შუამდგომლობდა კომპანიებს განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდაზე, ახლა მის კომპანიას სჭირდება დადგენილი 3,5-დან და 4,6-დან კოეფიციენტის 17,0-მდე გაზრდა და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა.

  • გონიო რეზიდენსი

სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დაგეგმილი ცათამბჯენების პროექტი პირველი არ არის, რომლითაც არჩილ ხაბაძე სამშენებლო ბიზნესში გამოჩნდა. 2023 წლის მაისში არჩილ ხაბაძემ, ლაშა ბალაძესთან ერთად დააფუძნა „გუმბათი რეზიდენსი“, რომელიც გონიოში, ზღვის სანაპიროზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. ჯერჯერობით არჩილ ხაბაძე ამ კომპანიის 30 პროცენტს ფლობს, 70 პროცენტი კი ლაშა ბალაძეს ეკუთვნის.

კომპანია „გონიო რეზიდენსი“ გონიოში, ზღვის სანაპიროზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ნებართვის მისაღებად კომპანიას პროცედურები უკვე დაწყებული აქვს.

პროექტის რენდერი
  • აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სამშენებლო ბიზნესში 2022 წლიდან გამოჩნდა

2022 წელს არჩილ ხაბაძეს და ლაშა ბალაძეს ერთობლივად შეუსყიდიათ „მონოპოლი გრუპი“.  სწორედ ამ კომპანიის საკუთრებაში ირიცხებოდა მიწის ნაკვეთების ნაწილი გონიოში, სადაც „გონიო რეზიდენსი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. არჩილ ხაბაძეს ეკუთვნის ასევე „ბულვარი ფოინთის“ 10 პროცენტი, ეს კომპანია ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ასრულებს.

„ბულვარი ფოინთის“ პროექტის რენდერი
ლურჯად მონიშნულია ადგილი, სადაც „ბულვარი ფოინთი“ აშენებს

არჩილ ხაბაძე კიდევ ერთი კომპანიის, შპს „ახალი ალიანსის“ თანამესაკუთრედ ფიქსირდება. ის კომპანიის 20 პროცენტის მფლობელია, 80 პროცენტი კი თორნიკე ფუტკარაძეს ეკუთვნის. ის ბიზნესმენ ლევან ხიმშიაშვილის სიძეა. ამ კომპანიაზე არანაირი ქონება არ ირიცხება, როგორც თავად არჩილ ხაბაძემ გვითხრა „რაღაც იდეა ჰქონდათ, მაგრამ არ გამოვიდა.“

ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია არჩილ ხაბაძემ 2021 წელს შეავსო, როგორც პარლამენტის უკვე ყოფილმა წევრმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ ხაბაძე 2016 წელს გადადგა, ამავე წელს ის საქართველოს პარლამენტში შევიდა „ოცნების“ პროპორციული სიით. ყოფილი თავმჯდომარის, შემდეგ კი მის დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, უნდა ვიფიქროთ, არც თავმჯდომარეობის დროს და არც პარლამენტის წევრობის დროს მას დიდი კაპიტალი არ დაუგროვებია.

  • საიდან ფული?

არჩილ ხაბაძემ გვითხრა, რომ პოლიტიკიდან ბიზნესში დაბრუნდა, რადგან საბანკო საქმე და ფინანსები მისი სფეროა: „შორს პოლიტიკიდან და ახლოს ისევ ჩემს სფეროში, დავბრუნდი – ფინანსები, ბანკები, კომპანია“. მას სამშენებლო ბიზნესში შესვლაზე ვკითხეთ:

„ფინანსები მეხება ძირითადად კომპანიაში. თან პარტნიორობა, თან საქმიანობა, თან ფინანსურ სექტორთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. დიახ, „გუმბათი ჰაბის“ მფლობელი ვარ, მაგრამ დასახელებაშიც ჩანს, რომ ეს „გუმბათია“ [გულისხმობს სამშენებლო კომპანია შპს „გუმბათს“]. დიახ, ასე გამოდის, რომ შემოვედი სამშენებლო ბიზნესში, როგორც ბიზნესმენი არ ვივარგებ, მე „გუმბათის“ კომერციული მიმართულებების კურაცია, პროცესების მართვა მეხება. ეს გულისხმობს, მათ შორის როგორც საინვესტიციო, ასევე საორგანიზაციო საკითხებს. რამდენიმე პროექტში მექნება ჩემი ფუნქცია. ნახავდით ალბათ, რომელ კომპანიებში ვარ დაფიქსირებული დირექტორად და ვარ პარტნიორიც მათ შორის.“

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ბიზნესმენ ლაშა ბალაძესთან დიდი ხანია მეგობრობს, პარლამენტის შემდეგ გადაწყვიტეს, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ცოდნა და კონტაქტები ბიზნესისთვის გამოეყენებინათ:

„ჩვენ ვმეგობრობთ. 2016 წელს ჩამოვიდა ლაშა უცხოეთიდან, სადაც სწავლობდა, მე ამ დროს პარლამენტში ვიყავი, ჩვენი ურთიერთობა აღდგა. 2020 წლის შემდეგ, როცა პარლამენტიდან წამოვედი უსაქმურად ვიყავი, გაჩნდა იდეა და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ჩემი გამოცდილება და ურთიერთობები წარსულში გამოადგებოდა „გუმბათს“ და პარალელურად ახალი პროექტებიც დაგვეწყო. დაემთხვა ჩვენი მოსაზრებები და ინტერესები.

„გუმბათი ჰაბი“ ჩამოვაყალიბეთ იმისთვის, რომ ქონების გამოსყიდვამდე დაგვეწყო პროექტის მომზადება და მისი შეთანხმება მერიასთან. დიახ, კონცეფცია უკვე შევიტანეთ, რომ ქონების გამოსყიდვამდე დრო არ დაგვეკარგა. კომპანია, რომლის ასი პროცენტიც ჩემია, იქნება მხოლოდ სამშენებლო ნებართვის მიმღები, ქონება არ იქნება ამ კომპანიის. მესაკუთრე იქნება ის, ვინც ყიდულობს წილებს. „გუმბათი ჰაბი“ ამიტომ ჰქვია, მე არ ვიქნები ქონების მესაკუთრე. მხოლოდ ნებართვის აღების პროცედურებზე ვიზრუნებ.

როგორც ნახეთ, ჯერ „ფორტუნა სტეიშენის“ მართვაში ვერ შევედი. სწორედ ამისთვის შეიქმნა „გუმბათი ჰაბი“, რომ არქიტექტურის ნაწილი, კვლევა იქნება ეს თუ სხვა, შეათანხმოს მერიას. ჯერ პროცედურა არ დაგვიწყია, რაიმე ხარჯვითი ნაწილი არ ყოფილა, „გუმბათი ჰაბს“ საინვესტიციო მიმართულებით რაიმე დიდი ხარჯები არ გაუღია.

რაც შეეხება „ბულვარ ფოინტს“, „გუმბათთან“ ჩემი პარტნიორობა და მენეჯერობა მაქ ჩანს ზუსტად, იმიტომ რომ დირექტორიც ვარ, ამავე დროს ვარ 10 პროცენტის მფლობელი, ჩათვალეთ ეს ათი პროცენტი არის ანაზღაურება, ეს არის ჩემი წილობრივი მონაწილეობა. სხვა კომპანიებში, სადაც დირექტორი ვარ, ანაზღაურება არ ამიღია. დიახ, შრომის ანაზღაურებას ვგულისხმობ… ჩავთვალოთ ასე, მე რომ ეს პროექტი უნდა მივიყვანო ბოლომდე, ჩავაბარო და ასე შემდეგ. რამდენიმე თვეში ალბათ დავასრულებ მაგ პროექტს. თუმცა „გუმბათია“ მაქაც, დაინახავდით ლაშა ბალაძეს დოკუმენტებში“.

მონიშნულია ბათუმის მოქმედი ავტოსადგური, სადაც ორი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ

ხულოში, შუახევსა და ქედაში აცხადებენ, რომ ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო

10 ივლისს, ანუ 2 დღის წინ, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ ემსახურებოდა მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში.

მას შემდეგ, რაც ამ კითხვით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურებში დავრეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ სამივე მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ჯერ ქარდები, სადაც მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების ხაზზე გასვლას აანონსებდა, შემდეგ კი მგზავრებით სავსე ავტობუსის ფოტოები გამოაქვეყნეს.

დღეს, 12 ივლისს, მუნიციპალიტეტის საკრებულოებს ვკითხეთ, საკრებულოს რომელ სხდომაზე განიხილეს/დაადგინეს ახალი ავტობუსის მოძრაობის მარშრუტი, ტარიფი და თუ ატვირთეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგი წინასწარ მუნიციპალიტეტების ვებგვერდზე.

სწორედ ქედის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს 10 ივლისს, რომ ტარიფზე მსჯელობდნენ, რის შემდეგაც საკითხი მარშრუტისა და ტარიფის დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე უნდა გავიდეს.

დღეს ჩვენ ქედის საკრებულოს პრესსამსახურს ვესაუბრეთ – მათ პასუხი კი წინააღმდეგობაში მოდის მერიის პრესსამსახურის განმარტებასთან: „ეს მარშრუტი არ არის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. შესაბამისად, მარშრუტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი არ იღებს… ტარიფს რაც შეეხება, რა ტარიფიც დადგენილია [„სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის”], მე როგორც ვიცი, 3 ლარია, იმ ტარიფში მოძრაობს. განსხვავებული ტარიფი დადგენილი ჯერ არ არის. თუ განსხვავებული ტარიფი იქნება დასადგენი, ამაზე შემოიტანენ საკითხს და განვიხილავთ შემდეგ“.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, „საზოგადოებრივი ტრანსპორტით l ჯგუფის შშმ პირები, ომის ვეტერანები, სტუდენტები და მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ“ შემდეგი განრიგით: „07:45 საათი ბათუმი-ქედა; 18:00 საათი ქედა-ბათუმი“.

შუახევის საკრებულოს პრესსამსახურის თქმით კი, ამ ეტაპზე ვებგვერდი გამორთულია, „რაღაც მიზეზების გამო“ და გამოცხადებულია ახალი ტენდერი ვებგვერდის გამართვისთვის. შესაბამისად, ვებგვერდზე ვერ ვნახავდით ინფორმაციას საკრებულოზე განსახილველი დღის წესრიგის შესახებ.

„ჩვენ განკარგულებით მივიღეთ გადაწყვეტილება. გუშინ განვიხილეთ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე და დავადგინეთ ავტობუსის ტარიფი და დრო“, – გვითხრეს შუახევის საკრებულოს პრესსამსახურში.

მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 4 ლარი იქნება, ხოლო შშმ პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მეუღლე და შვილები, სტუდენტები და 6 წლამდე ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ – ვკითხულობთ შუახევის მერიის Facebook გვერდზე. მათი თქმით, აქ დღეს „ახალმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ბათუმი-შუახევი მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა“.

„30.05.2024 წლის, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, განისაზღვრა მგზავრობის მარშრუტისა და მგზავრთა გადაყვანის ტარიფები. განკარგულების თანახმად, მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 10 ლარის ნაცვლად 6 ლარი იქნება, ხოლო 10 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ომის ვეტერანები და I ჯგუფის შშმ პირები უფასოდ იმგზავრებენ“, – გვითხრეს ხულოს მერიაში.

აქ ავტობუსები ყოველ დღე იმოძრავებენ, გარდა კვირა დღისა. მუნიციპალიტეტის ცნობით, ხულოში მგზავრებს 2 ავტობუსი შემდეგი განრიგით მოემსახურება: „I რეისი, ხულო-ბათუმი 07:30 სთ; II რეისი ხულო-ბათუმი 18:30 სთ; I რეისი ბათუმი-ხულო 07:00 სთ; II რეისი ბათუმი-ხულო 18:30 სთ“.

ააყვირეს ის პედაგოგებიც კი, რომლებსაც არაფერზე ხმა არ გაუღიათ – მენტორი მასწავლებელი ხელფასებზე

„დამაკლდა და რომ არ გავბრაზდე და ძალიან ბევრი არ ვიყვირო, ამიტომ მიმატებენ ამ 200 ლარს, რომელიც იბეგრება და ხელზე ავიღებ სადღაც 156 ლარს. ტყუილი არის პრობლემა“, – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგი ნათია მანია.

მას „ბათუმელები“ მასწავლებლების ახალ სახელფასო ფორმულაზე ესაუბრა, რომელმაც პედაგოგების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ხელისუფლების მიერ დაანონსებული ხელფასების მატების ნაცვლად, მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს ხელფასზე დააკლდა. რატომ არის სამინისტროს პოლიტიკა ფარსი და სიყალბე? – სწორედ ამ თემაზე საუბრობს პედაგოგი.

„მათხოვარივით მოგვექცნენ, – აი ასეთი გრძნობა გაუჩნდათ მასწავლებლებს ამ ახალი სახელფასო ფორმულით.

ტყუილი არის პრობლემა და რა იყო ტყუილი? – ეს სქემა დაიწყო აქტივობებით, ოქმებით, გაფორმებებით და ხალხმა იფიქრა – „მე ხელფასი მომემატება იმ შემთხვევაში, თუ ამ დავალებებს ხუთიანზე შევასრულებ. და იყვნენ ადამიანები, ვინც შეასრულეს ხუთიანზე და მიიღეს სტატუსები.

მეც გავხდი მენტორი მასწავლებელი და მიხაროდა, რომ ხელფასი გამეზრდებოდა.

ამ დანაპირებშიც იყო მეორე ტყუილი, რადგან ჩვენ გვითხრეს, თუ გამოცდას ჩააბარებთ, აღარ იქნება საჭირო ის ათასი აქტივობა, რასაც ვაკეთებდით გამოცდის გარეშე. რეალურად, ასე არ მოხდა.

გამოცდა ჩავაბარეთ და შემდეგ მაინც უნდა გაგვეკეთებინა პორტფოლიო, სადაც ასევე ჩადებული იყო სხვადასხვა აქტივობა.

კარგი, ესეც შევასრულეთ ხუთიანზე. ვფიქრობ, მაქვს გარკვეული ხელფასი, მაქვს დანამატი, ველოდები, რომ კიდევ მომემატება და მიხარია.

უცებ, გამოვიდა, რომ დამაკლდა.

მინისტრი კი ამბობს, რომ არავის არ დააკლდა, 200 ლარი მოემატაო, მაგრამ ეს 200 ლარიც ორწლიანია და თანაც რეალურად კანონით კი არ არის ასე, თვითონ ამბობენ, რომ „ვისაც დააკლდა, იმას ვუმატებ“, ანუ დამაკლდა და რომ არ გავბრაზდე და ძალიან ბევრი არ ვიყვირო, ამიტომ მიმატებენ ამ 200 ლარს“, – ამბობს ნათია მანია.

მისი თქმით, როცა მასწავლებელს წლების განმავლობაში ეუბნებოდა სამინისტრო, რომ თუ იშრომებდა, ხელფასიც მაღალი ექნებოდა, ახლა აღმოჩნდა, რომ სამინისტრომ სრულიად უგულებელყო მასწავლებლების შრომა და დანაპირებიც.

„ახლა გვეუბნებიან, რატომ უნდა მოგცე? რით ხარ გამორჩეული. ჩაატარე მეტი გაკვეთილი და გექნება უფრო დიდი ხელფასი. საკუთარ ნათქვამს თვითონ აბიაბრუებ და აბიაბრუებ ამდენი ადამიანის შრომას.

არ ვიცი ვინ ჭკვიანმა ურჩია ასეთი საოცარი ფორმულა, ან როგორ ვერ გათვალეს, რომ ასეთ ხმაურს ატეხდნენ მასწავლებლები, რადგან ის მასწავლებლებიც კი, რომლებსაც არასდროს არაფერზე ხმა არ გაუღიათ და კონფორმისტულად უდგებოდნენ მუდამ ყველაფერს, გააგიჟეს და ააყვირეს. ამაზე მეცინება, – სად დაარტყეს და სად გავარდა“, – ამბობს ნათია.

ააყვირე ის მასწავლებლებიც კი, რომლებსაც არაფერზე ხმა არ გაუღიათ - მენტორი მასწავლებელი ხელფასებზე

პედაგოგის აზრით, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ, მასწავლებლების გულის მოგებაზე იყო გათვლილი, თუმცა ხელისუფლებას საპირისპიროდ გამოუვიდა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული მოიგონ წინასაარჩევნოდ. ეს ძალიან ცხადია, მაგრამ ზოგადად, რა არის მიზანი, რა ხდება და რატომ ვერ ახერხებს ჩვენი სისტემა გაიმართოს ამდენი ხნის განმავლობაში, მართლა არ ვიცი, გაოცებული ვარ.

ყველაფერი არის აღრეული ერთმანეთში და ყველაფერს აქვს დაკარგული აზრი – გამოცდას, პორტფოლიოს, სამინისტროს დავალებების შესრულებას, არშესრულებას – ყველაფერი არის სულერთი, არათანმიმდევრული.

ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ვინმეს აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ გაუნათლებლები? აბა როგორ შეიძლება ამდენი წლის განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილი სისტემა არ გქონდეს, გეგმა არ გქონდეს, რომელსაც მიჰყვება სამინისტრო და როცა ერთი მინისტრი შეიცლება, გააგრძელებს მეორე მინისტრი და არ იქნება ისე, რომ ახალი როცა მოვა, გადააგდებს ყველაფერს, რასაც წინა აკეთებდა და დაიწყებს ახლიდან.

ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ ახალმა სახელფასო ფორმულამ განსაკუთრებით გამიტეხა გული და რომ ხვალვე წავალ სკოლიდან. თუმცა, სკოლიდან წასვლაზე ისედაც მიფიქრია იმიტომ, რომ შენ სკოლაში, როგორც მასწავლებელი ხარ სრულიად მარტო და შენს თავზე ხარ დამოკიდებული.

შენს აზრს არავინ სცემს პატივს, არავის არ აინტერესებს, რას ფიქრობ პროგრამაზე, ეროვნულ გეგმაზე, მეთოდიკაზე, რა მიგაჩნია სწორად და რა არა. არავინ არაფერს გეკითხება, რაღაცას მოგცემენ და იმას უნდა მისდიო. გამოგივა არ გამოგივა, არავის აინტერესებს. მარტო ხარ, დამხმარე არავინ ჩანს გარშემო და ეს ძალიან დამღლელია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემის ნაწილი ვარ და ამ სისტემის ჭანჭიკი ვარ, არის ასე – ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, ფარსი, სიყალბე. აი, ასეთია ჩემი პირადი დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება გაძლიერდა აი ამ ეგრეთ წოდებული „უპრეცედენტო მატებით“, – ამბობს ნათია მანია.

___

მმართველმა პარტიამ მასწავლებლების ხელფასების მატება გასულ წელს დააანონსა. ითქვა, რომ 2024 წლის ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი 500 ლარით და მეტით გაიზრდებოდა, თუმცა ექვსთვიანი ლოდინისა და არაერთი პასუხგაუცემელი კითხვების შემდეგ, მასწავლებლებმა დაინახეს რომ ხელფასები არა 500 ლარით გაეზარდათ, ის დანამატიც კი გაუუქმდათ, რაც კარიერული წინსვლის სქემით მიღებული სტატუსის შედეგად მიიღეს.

ახალ სახელფასო ფორმულას მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.

დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომელმაც ბიუჯეტს 1 524 223 ლარი დაუმალა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 524 223 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“ – წერს უწყება.

არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის 3 მოქალაქე 22 309 ლარით დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

„საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა“ – იუწყება შემოსავლების სამსახური.

უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 22 309,94 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.

120 სამხედრო შეტაკება ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები ომზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 12 ივლისის მონაცემებით, რუსეთი აგრძელებს აქტიურ შეტევით ოპერაციებს უკრაინაში და ცდილობს გაარღვიოს უკრაინის ჯარების თავდაცვა ფრონტის მთელ ხაზზე.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 120 სამხედრო შეტაკება მოხდა.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმები ათობით მიმართულებით და აგრძელებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ხარკოვის მიმართულებით, კერძოდ, ავიაციის მხარდაჭერით 6-ჯერ შეიჭრნენ ვოლჩანსკისა და გლუბოკოიეს რაიონებში.

გენშტაბის ინფორმაციით, კუპიანსკის მიმართულებით დღის განმავლობაში 7 სამხედრო შეტაკება მოხდა; ლიმანის მიმართულებით უკრაინულმა ჯარებმა აღკვეთეს 11 რუსული თავდასხმის ოპერაცია მაკევკასა და ნევსკის რაიონებში და მოიგერიეს 8 თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას რაიონებში, დონეცკის რეგიონში – ვერხნეკამენსკის, რაზდოლოვკასა და ვიემკაში.

კრამატორსკის მიმართულებით უკრაინელებმა შეაჩერეს რუსეთის ძალების 5 მცდელობა, გაერღვიათ უკრაინული ძალების თავდაცვა დონეცკის ოლქის კლეშჩეევკას, ჩასოვ იარის და ივანოვსკის რაიონებში.

პოკროვსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს რუსეთის 41 თავდასხმა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, მტერმა კონცენტრირება მოახდინა ნოვოალექსანდროვკას მახლობლად, სადაც 14 შეტაკება მოხდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 11 ივლისის საღამოს და 12 ივლისის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 5 რუსული რაკეტა და 11 დრონი. თავდასხმის მთავარი მიმართულება სტაროკონსტანტინოვი იყო.

 

„მე გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი“ – განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი

„მე სრულად ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად განვახორციელე როინ შავაძის უკანონო დაკავება, რა მიზნითაც გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მასში მივუთითე, რომ თითქოსდა როინ შავაძის პირადი ჩხრეკისას ამოვიღე ნარკოტიკული საშუალებები, რაც როგორც მოგახსენეთ, რეალურად არ განმიხორციელებია.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, როინ შავაძის სამხედრო პირადობის მოწმობასთან ერთად, მე სამსახურში გადმომცა თეიმურაზ პატარიძემ და დამავალა, რომ ოქმში მიმეთითებინა აღნიშნული ნივთიერებების როინ შავაძის ჩხრეკისას ამოღების შესახებ, რაც მე შევასრულე კიდეც,“ – ეს აღიარებითი ჩვენება სულიკო ვარშანიძეს ეკუთვნის.

ვარშანიძე როინ შავაძის მკვლელობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის განყოფილების განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.

სულიკო ვარშანიძემ სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია. მას უკანონო დაკავება დაუდასტურდა, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია. სპეცრაზმელებისგან განსხვავებით, რომლებსაც 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, სულიკო ვარშანიძე უკვე თავისუფალია. როგორც მისმა ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ გვითხრა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მხოლოდ 9 თვით შეუფარდეს რეალური სასჯელი. სულიკო ვარშანიძე ახლა პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

„მე გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე სპეცრაზმის თანამშრომლების ხელმოწერები. ყოველივე ჩემი აღნიშნული მოქმედებებით, ხელი შევუწყვე როინ შავაძის უკანონო დაკავებას და მონაწილეობა მივიღე მის უკანონო დაკავებაში, რადგან აღნიშნულით შეიქმნა ერთ-ერთი საფუძველი როინ შავაძის უკანონო დაკავებისა, რასაც ვნანობ და განვიცდი.

ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ხსენებულ პერიოდში ვინაიდან ქვეყანაში იყო საომარი მოქმედებები, მე რომ არ შემესრულებინა ეს დავალებები, შესაძლოა მეც შერაცხული ვყოფილიყავი სამშობლოს მოღალატედ და შესაძლოა მომხდარიყო ჩემი ლიკვიდაციაც,“ – დასძინა გამომძიებელმა.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ როინ შავაძის საქმეზე კონკრეტული პირებისთვის პასუხის მოთხოვნა გადაწყვიტა, საქმის გამომძიებელმაც გაიხსენა, როგორ მიიყვანა გიორგი ჩიქოვანმა კუდის შენობაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი მკვლელობის წინა დღით:

„2008 წლის 15 აგვისტოს ვიმყოფებოდი ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა N4-ში მდებარე ჩემს სამსახური. აღნიშნულ დროს, სამსახურში ყოფნისას დავინახე ჩვენი თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი. აღნიშნული პიროვნება დასახელებული დროისათვის რა თანამდებობაზე მუშაობდა, არ მახსოვს. მას თან ახლდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობდი.

შემდეგ გავიგე, რომ ყოფილა როინ შავაძე.

გიორგი ჩიქოვანმა ხსენებული პიროვნება წაიყვანა ჩვენი სამსახურის უფროსის, თეიმურაზ პატარიძის კაბინეტისკენ. ამის შემდეგ მე გადავერთე ჩემს საქმეზე და შემდეგში ყურადღება აღარ მიმიქცევია ხსენებული პირებისთვის.

რამოდენიმე ხანში, დავინახე, რომ აღნიშნულმა სამხედრო ფორმაში მყოფმა პიროვნებამ დატოვა ჩვენი სამსახური. გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიგონე თეიმურაზ პატარიძის ყვირილი, რა დროსაც იგი გიორგი ჩიქოვანზე გაბრაზებული ყვიროდა ხმამაღლა და იძახდა, რომ, მე იმის გარკვევა დავავალე, დაედგინა, კაცი სახლში იმყოფებოდა თუ არაო, მან კი სამსახურში მოიყვანა ეს კაციო. იმავდროულად პატარიძე იგინებოდა „მაიმუნა“-ს მისამართით.

მეორე დღეს, ანუ 2008 წლის 16 აგვისტოს, ვიმყოფებოდი სამსახურში, გრიბოედოვის ქუჩაზე და როგორც მახსოვს, ვიმყოფებოდი ჩვენი საგამოძიებო განყოფილების უფროსის – მალხაზ აბულაძის კაბინეტში, რა დროსაც იქ შემოვიდა თეიმურაზ პატარიძე და გვითხრა, მოემზადეთ, კაცი იქნება დასაკავებელიო. ზოგადად, როგორც გამომძიებელს, საგამოძიებო მოქმედებებისთვის მე ისედაც გამზადებული მქონდა ხოლმე შესაბამისი დოკუმენტები და ამიტომ დაველოდე შემდგომ ბრძანება, რომ გავსულიყავით დანიშნულების ადგილზე.

აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე ხანში აბულაძემ დაიძახა, გავდივართ უკვეო, რის შემდეგაც ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით გავედი დანიშნულების ადგილზე. მალხაზ აბულაძეც ასევე იმყოფებოდა ჩემთან ერთად აღნიშნულ ავტომანქანაში.

კერძოდ კი, მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან ჩვენ მივედით გამსახურდიას ქუჩის კვეთასთან, ე.წ. „ოქროს ბირჟის“ სიახლოვეს. აღნიშნულ დროს დავინახე, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა ჩვენი სამსახურის უფროსი თეიმურაზ პატარიძე – გადმოსულიყო თავისი ავტომანქანიდან და მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა მისი მოადგილე ალი ბალაძე. დასახელებული დროისათვის, როგორც თეიმურაზ პატარიძე, ასევე ალი ბალაძე წარმოადგენდნენ სწორედ ხელმძღვანელ პირებს. დაკავების ადგილზე ასევე დავინახე გიორგი ჩიქოვანი.

აღნიშნულ ადგილზე უკვე მისული იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, სულ თუ რამდენი თანამშრომელი იყო, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ იყვნენ საკმაო რაოდენობით. აქვე დავძენ, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებიდან მე ყველას არ ვიცნობდი პირადად. ვიცნობდი მხოლოდ ზვიად ნურიძეს და მახსოვს, რომ ზვიად ნურიძე დაკავების ადგილზე იმყოფებოდა. შემდეგში კი, ჩემთვის ცნობილი გახდა იქ მყოფი სხვა სპეცრაზმის თანამშრომლების ვინაობებიც, კერძოდ კი ესენი არიან: თემურ მგელაძე, ომარ ჭაღალიძე, დავით ზაქარაძე, მამუკა ბერიძე, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძე, გიორგი არაბული, მირზა კონცელიძე და ასევე ზვიად ნურიძე.

დაკავების ადგილზე ჩემი მისვლის შემდეგ დავინახე, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებს გაკავებული ჰყავდათ სამხედრო ფორმაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო ის პირი, რომელიც წინა დღეს გიორგი ჩიქოვანს მოყვანილი ჰყავდა ჩვენთან სამსახურში…

როინ შავაძეს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. მას რაიმე წინააღმდეგობა, ვინმესთვის ჩემი იქ ყოფნის დროს არ გაუწევია და არც რაიმე წინააღმდეგობის გაწევა უცდია ჩემი იქ ყოფნის პერიოდში. აღვნიშნავ, რომ მე როინ შავაძის პირადი ჩხრეკა არ ჩამიტარებია და მისგან ნარკოტიკული საშუალება ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამომიღია. ასევე დაკავების ადგილზე ჩემს მიერ შედგენილი არ ყოფილა აღნიშნული პირის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. აღვნიშნავ, რომ შესაძლოა ფორმალურად ადგილზე, „ოქროს ბირჟის“ მიმდებარედ მე დავიწყე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, თუმცა მახსოვს, რომ ხსენებული ოქმი შემდეგში თეიმურაზ პატარიძის მითითებით მე შევადგინე ჩვენს სამსახურში.

აღვნიშნავ, რომ ადგილზე მითითებებს გასცემდა თეიმურაზ პატარიძე, ასევე მახსოვს, რომ ჩემი იქ მისვლის შემდეგ პატარიძემ დაიწყო თავის მობილურ ტელეფონზე საუბარი, როგორც ჩანს, ამ დროს ვიღაც პირმა დაურეკა მას. მას შემდეგ, რაც პატარიძე მორჩა საუბარს, მან ხმამაღლა დაიყვირა როინ შავაძის მისამართით, ჩასვით მანქანაში ამის მოღალატე დედაო და თან შეაგინა როინ შავაძეს.

მართლაც ამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით სამსახურში, სადაც მე მოვახდინე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა. რამოდენიმე საათში, სამსახურში დაბრუნდა თეიმურაზ პატარიძე და დამავალა ოქმში ჩამეწერა, რომ როინ შავაძის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი და სუბოტექსი. ასევე, თეიმურაზ პატარიძის მითითებით, როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მე მივუთითე, რომ თითქოს როინ შავაძემ დაკავებისას გასწია წინააღმდეგობა, რეალურად კი, რაიმე ასეთ ფაქტს დაკავების ადგილზე ჩემი ყოფნის დროს, ადგილი არ ჰქონია.

მე უშუალოდ როინ შავაძის მკვლელობის ადგილზე არ ვიმყოფებოდი და აღნიშნული ფაქტის შემსწრე არ გახლავართ, თუმცა მახსოვს, რომ მოგვიანებით, როდესაც თეიმურაზ პატარიძე დაბრუნდა სამსახურში, მან დაიწყო როინ შავაძის ლანძღვა. კერძოდ კი, იგინებოდა როინ შავაძის მისამართით და იძახდა, მაგის მოღალატე დედაო,“ – დაასრულა სულიკო ვარშანიძემ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივლისის 21 საათიდან 13 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 14-15 ივლისს აჭარაში საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.

ბათუმში მშენებლობიდან არასრულწლოვანი მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა

დღეს, 12 ივლისს, ბათუმში მშენებლობიდან არასრულწლოვანი ჩამოვარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა 17 წლისაა.

მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე, სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის  ინფორმაციით, მათ არასრულწლოვანი ბიჭი ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდათ.

ბსუ-ს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიგატორი 1“ აწარმოებს.

„ბათუმელები“ კომპანიის წარმომადგენელს, სოსო ჭელიძეს ესაუბრა. მისი თქმით, დაღუპული მოზარდი მისი ახლობელია, თუმცა ტრაგედიის დეტალები ამ ეტაპზე მისთვის უცნობია.

„არ ვარ ადგილზე, მოვდივარ და მალე გავერკვევი“, – ამბობს ჭელიძე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 556 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
  • ტანკი – 8 191 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 15 755 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 15 158 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 119 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 888 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 035 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 397 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 409 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 2 543 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 627 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 536 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 546 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 560 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 376 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 768 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 597 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინა შეაჩერებს პუტინს“ — ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ გამოაცხადეს მეორე 80-მილიონიანი ტენდერი აჭარაში და კიდევ 3 რეგიონში გზების მოვლაზე

აჭარაში, ასევე გურიის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე საქართველოს გზების დეპარტამენტმა წელს მეორე ტენდერი გამოაცხადა. სახელშეკრულებო თანხა ამ შემთხვევაშიც 80 მილიონი ლარია.

ანალოგიური ტენდერი დეპარტამენტს 3 თვის წინაც ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 80 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული – 2024 წლის 27 მაისს.

ეს 80 მილიონი, რომელიც 2024-2027 წლებზე იყო გაწერილი და აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლას უნდა მოხმარებოდა, დეპარტამენტმა მთლიანად 2024 წელში გადმოიტანა. კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ხულო-გოდერძის გზაზე დაასაქმა და 16 მილიონი ლარი ავანსადაც გადაურიცხა.

ვინაიდან ხულო-ზარზმის გზის დასრულება 2024 წელშიც ვერ ხერხდება, გზების დეპარტამენტმა გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მაინც დაასრულოს. ამ მიზნით ცალკე ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, დეპარტამენტმა ხულო-გოდერძის გზაზე რამდენიმე კომპანია სხვა, ადრე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში დაასაქმა. თუმცა, კომპანიებს ასფალტის დაგების გარდა სხვა სამუშაოების შესრულებაც უწევთ, რადგან ამ გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, მაგრამ წინა კონტრაქტორებთან დეპარტამენტმა ხელშეკრულებები შეწყვიტა.

„ბათუმელები“ მაშინ წერდა, რომ ზემოთ აღნიშნული რეგიონებში [აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი] „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ გაფორმებული 80-მილიონიანი ხელშეკრულების  ფარგლებში სამუშაოები 2025-2027 წლებში ვეღარ ჩატარდებოდა.

ეს დეპარტამენტს ეტყობა თავიდანვე ჰქონდა გათვლილი და ანალოგიურ სამუშაოებზე ტენდერი 3 თვის შემდეგ ისევ გამოაცხადა.

ახალი ტენდერიც პრეისკურანტითაა გამოცხადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული შეასრულებს იმ სამუშაოებს, რასაც მას დეპარტამენტი დაავალებს. ანუ, გზის კონკრეტული მონაკვეთები და სამუშაოები რაც უნდა შესრულდეს, ტენდერის პირობებით არც წინა და არც ამ ტენდერში განსაზღვრული არ არის.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 5 ობიექტზე მუშაობა. ამასთან, შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაში ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაკვეთის შესახებ“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.

სამუშაოები, დეპარტამენტის დავალების შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს. პროექტის მიხედვით, 80 მილიონი ლარი ხელშეკრულებაში შემდეგი წლების მიხედვით გაიწერება: 2024, 2025 და 2026.

ახალი ტენდერის გამოცხადებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა ტენდერი, რომელიც ასევე 4 რეგიონში შესასრულებელ საგზაო სამუშაოებზე გამოცხადდა და 80-მილიონიანი კონტრაქტიც გაფორმდა, მხოლოდ აჭარაში, ხულო-გოდერძის გზაზე იყო გათვლილი.

გოჩა მჟავანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი ანალიტიკოსი მაშინ „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ დეპარტამენტს უნდა დაეკონკრეტებინა ერთი რეგიონი, რაც გაზრდიდა კონკურენციას ტენდერში, ვინაიდან, თუ კომპანია არ მუშაობს სხვა რეგიონში და მუშაობს მხოლოდ აჭარაში, ამ ტენდერით არ დაინტერესდებოდა:

„დაინტერესებულმა პირებმა უნდა იცოდნენ, სად იქნება თავიანთი ინტერესის სფერო – სად ექნება სამუშაოების შესრულების ვალდებულება მოგებულ ტენდერში. ეს გაზრდის დაინტერესებას, კონკურენციას, გამჭვირვალობას, დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს და ასევე გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს. შესაბამისად, უფრო სარგებლიანი იქნება.“

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

მთავარი ფოტო: ხულო-გოდერძის გზა / 30.06.2024

 

პუტინს და სი ძინპინს იმედი აქვთ, რომ რამდენიმე თვეში ბაიდენის ჩამოიშორებენ – რას წერს გერმანული მედია

წამყვანი გერმანული მედიები კვლავაც აქტიურად წერენ იმის შესახებ, „რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე“ დგანან, როგორც ევროპის ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. ზოგიერთი მათგანის ბოლო შეფასებით, დაპირისპირებები დღითი დღე მატულობს, ყველაზე აქტუალური კი კვლავაც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევაა უკრაინაზე, რომელმაც ორშაბათს კიევში ბავშვთა კლინიკა დაბომბა.

დღეს ასევე გამოკვეთილია ჩინეთის ზრდადი აგრესია (ჩინეთი-ტაივანის კონფლიქტი), ევროპის მემარჯვენე პარტიების ზრდადი გავლენა ევროპაში, შუა აღმოსავლეთში ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება და ერთ-ერთი ყველასთვის მნიშვნელოვანი, კარზე მომდგარი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც შეიძლება შეცვალოს დღევანდელი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები დაემთხვა იმ წელს, როდესაც ვაშინგტონში, 9-11 ივლისის სამიტზე, ნატოს 75  წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართება. გერმანიის ბუნდესკანცლერის, ოლაფ შოლცის და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გარდა, სამიტზე ასევე დაპატიჟებულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ნატოს სამიტი, პირველ რიგში, ეძღვნება ალიანსის გაძლიერებას, იმის უზრუნველყოფას და ჩვენებას, რომ ნატო ნამდვილად შეძლებს მოსალოდნელ კრიზისებთან ეფექტურად გამკლავებას. ეს სხვაგვარად ასევე ნიშნავს იმას, რომ ტრამპს არ უნდა მიეცეს ამ წლის არჩევნებში გამარჯვების საშუალება. მიუხედავად ამისა, აშშ-ში გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ, ბევრ ადამიანს შეეპარა ეჭვი ბაიდენის კანდიდატურის სიძლიერეში და ვარაუდობს, რომ ბაიდენს წელს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს.

მაგრამ არის თუ არა ეს სინამდვილეში ასე?

სკეპტიციზმი ამის შესახებ არამხოლოდ ამომრჩევლებში, არამედ ამერიკის კონგრესშიც იზრდება. 81 წლის ბაიდენს უკვე მოუწია ერთ-ერთი დემოკრატისგან იმის მოსმენა, რომ მან საარჩევნო კამპანია უნდა დაასრულოს. სხვა დემოკრატი სენატორებისგანაც ისმის, რომ ბაიდენი ვერ შეძლებს ამ წლის არჩევნებში გამარჯვებას.

ივნისის მიწურულს ტრამპთან გამართული სატელევიზიო დებატებისას ბაიდენი გაურკვევლად საუბრობდა და რამდენჯერმე იმეორებდა სათქმელს, ასევე ბოლომდე ვერ ასრულებდა წინადადებებს.

ბაიდენს ხშირად აქვს პრობლემები საუბრისას, მათ შორის ხშირად ერევა სახელები და ადგილები. ამას გარდა, მისი საუბარი ხშირად რთულად გასაგებია, რამაც გამოიწვია ეჭვების გაჩენა, რომ ბაიდენი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ოფისის მართვას და მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

ეს დღეები ბაიდენისთვის კრიტიკული და გადამწყვეტია. ტრამპთან დებატების შემდეგ ბაიდენის ყველა მოქმედება, გამოსვლა თუ ექიმთან ვიზიტი თეთრ სახლში მუდმივ რეჟიმში ფიქსირდება. მისი ნებისმიერი შეცდომა ახალი დაპირისპირების ტალღას იწვევს.

მიუხედავად ამისა, ბაიდენის გამოჩენა ნატოს სამიტზე, როგორც ყოველთვის, უკრაინაზეა ფოკუსირებული. კრიტიკოსების შეფასებით, ეს სამიტი შესაძლოა კიდევ ერთი დიდი შანსი იყოს ბაიდენის კანდიდატურისთვის. მას მიეცემა არამხოლოდ იმის საშუალება, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი დასავლეთის ლიდერად, არამედ იმის შესაძლებლობაც, რომ გააქარწყლოს ეჭვები მის მენტალურ თუ ფიზიკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ამჟამად ყველა მოუთმენლად ელოდება ბოლო პრესკონფერენციას, რომელიც ვაშინგტონში ხუთშაბათს გაიმართება, სადაც ბაიდენს ექნება შესაძლებლობა უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს.

„საუბარია იმ პრეზიდენტზე, რომელმაც მხოლოდ ივნისში, დებატების პარალელურად, 15 შტატი და სამი ქვეყანა მოინახულა. ამას გარდა, სამი პრესკონფერენცია და 21 საჯარო ღონისძიება გამართა და 30 000 მილი იფრინა.

ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში შეიქმნა 16 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ პერიოდში შეერთებულმა შტატებმა გაუსწრო ყველა სხვა მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყანას და ინფლაციის დონეც მკვეთრად დაეცა. ეს ყველაფერი, რამდენადაც დღეს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ყოველგვარი სკანდალის გარეშე“, – წერს Die Zeit-ის ჟურნალისტი.

დასავლეთში იმედოვნებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატები წელსაც შეძლებენ გამარჯვებას – ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენასა და შენარჩუნებას. ამის საპირისპიროდ, ავტოკრატები, როგორიცაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინია, იმედოვნებენ, რომ ისინი რამდენიმე თვეში შეძლებენ პოლიტიკური ლანდშაფტიდან ბაიდენის ჩამოშორებას, მაშინ როცა ტრამპი, როგორც დემოკრატიული პრინციპებისგან შორს მდგომი ინდივიდი, მათთვის უფრო მიმზიდველია.

იმ შემთხვევაში, თუ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპი თეთრ სახლში უკან დაბრუნდება და რესპუბლიკელები შეძლებენ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვებას, ტრამპს ექნება ნაკლები დაბრკოლება დიდი პოლიტიკური ძვრებისა და ცვლილებებისთვის.

ამჟამად დემოკრატებს ისედაც უჭირთ სენატში 51 ადგილის შენარჩუნება (დანარჩენი 49 ადგილი რესპუბლიკელებს უკავიათ). აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კი ისედაც რესპუბლიკელები ფლობენ უმრავლესობას – 220 ადგილს (დემოკრატები 213 ადგილს).

პოლკოვნიკი ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე – „როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ 

„როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს გაუკვირდა, როცა საქართველოს ხელისუფლების რეაქციის არქონაზე ვკითხეთ ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე.

„აფხაზეთში არ არის ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ფლოტი სევასტოპოლიდან, მაგალითად, აფხაზეთში გადმოიტანონ. მე ვფიქრობ, რომ ამის არანაირი შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჯდება ძალიან ბევრი მილიარდი,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი.

როგორ ასუსტებს რუსული კანონი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას? – პოლკოვნიკს ვესაუბრეთ იმ მილიონებზეც, რაც საქართველოს დასავლეთიდან თავდაცვის სფეროში უნდა მიეღო და ეს დახმარება შეწყდა.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ლაშა, რას ნიშნავს რუსული სამხედრო გემის შემოსვლა ოჩამჩირეში და ხომ არ იცით, რა გემია შემოსული?

კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა გემი შემოვიდა, თუმცა ამ გემის შემოსვლას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ჩემი აზრით, ვიდრე სამხედრო დანიშნულება.

თუმცა, მეორე მხრივ, რუსები ფაქტობრივად კარგავენ სევასტოპოლის სამხედრო ბაზებს ყირიმში. ამიტომაც, ცდილობენ, სადღაც გადაბაზირდნენ. მე არ ვფიქრობ, რომ აფხაზეთში რაიმე მუდმივი ბაზის მოწყობაა შესაძლებელია. რუსებს არ უღირთ იქ მილიარდების ჩადება.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, არასტაბილურობის გამო, გაჩნდა შეგრძნება, მათ შორის, აფხაზურ საზოგადოებაში, რომ რუსეთი შესაძლოა ამ ომში დამარცხდეს. რუსეთის დამარცხება კი, ძალიან აშინებთ აფხაზებს. ეს გემი არის გარკვეული მხარდაჭერა, რომ ჩვენ აქ ვართ, არაფერიც არ მიგვიტოვებიაო.

ეს გემი საქართველოსთვის დამატებითი საფრთხის შემცველი არ არის – თუ რუსეთს უნდა მისწვდეს საქართველოს, მიწვდება. ერთია, რომ ის ამით ეხმარება სეპარატისტებს და მეორეა ის, რომ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს ჩვენი ტერიტორიაა, არც კი განიზრახოთ რაიმე საუბარი დაიწყოს ვინმემ აფხაზეთზეო.

  • საქართველოს ხელისუფლებას, თუ საქართველოს?

დიახ, საქართველოს, თორემ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ტოტის ტოტია. რუსები საქართველოს და ყველა სხვა მოთამაშეს აჩვენებენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა.

  • ქართულ მხარეს, არც ერთ უწყებას არაფერი უთქვამს ამ გემის შემოსვლაზე. ეს რას ნიშნავს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით?

როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა? ესენი არიან ყმები, ის – ბატონი. პოლიტიკურ ბატონყმობაშია ახლა საქართველო.

  • რა ჯდება სამხედრო გემებისთვის ნავმისადგომის მოწყობა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტის გაყვანა საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან მომავალში ძალიან გაჭირდება?

არა. ეს ამას არ ნიშნავს.

აფხაზეთში არ არის ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ფლოტი სევასტოპოლიდან, მაგალითად, აფხაზეთში გადმოიტანონ. მე ვფიქრობ, ამის არანაირი შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჯდება ძალიან ბევრი მილიარდი. რუსებს კაპიკი ფული არ ჩაუდიათ აფხაზეთში, მუქთახორების გარდა.

ასე რომ, შეიძლება ძველი მისადგომი გამოიყენონ, წარმოსახვით პოტიომკინისტური რემონტი გააკეთონ და სადღაც ბეტონები დაასხან, მაგრამ ეგ არ ნიშნავს ფლოტის ინფრასტრუქტურას.

აფხაზებმაც უნდა იცოდნენ, რომ ამ გემებსაც მოხვდება რაღაც პერიოდში ბომბი. ეს გემებიც ჩაიძირება.

  • იმას გულისხმობთ, რომ უკრაინას შეუძლია მისწვდეს რუსულ გემებს ოჩამჩირეშიც? 

შეუძლია, კი.

  • რას ნიშნავს ამერიკული მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის? – ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ტარდებოდა, წელს პირველად აღარ ტარდება.

ქართულმა საზოგადოებამ ერთი რამ უნდა გაიგოს კარგად: ჩვენ ვიყავით მიჩვეული, რომ აშშ, ნატოს ქვეყნები, ევროპა გვეხმარებოდა და განსაკუთრებით გვეხმარებოდა სამხედრო სფეროში. ეს იყო უანგარო დახმარება, ჩაშლილი ძალიან ბევრ პროექტად და პროგრამად.

იმ კურსით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, ნელ-ნელა ეს დახმარება შეწყდება, ან მინიმუმამდე შემცირდება. დასავლეთისთვის საქართველო აღარ განიხილება უკვე ქვეყნად, რომელიც დგას ნატოს და ევროკავშირის გზაზე. საქართველო უკვე განიხილება ქვეყნად, რომელიც დგას რუსეთის, ჩინეთის ავტოკრატიულ გზაზე. კანონებიც ამაზე მეტყველებს და მოქმედება.

თუ ვინმეს უნდა საქართველოში, სირაქლემასავით მიწაში ჩაყოს თავი და სიმართლე არ გაიგოს, ეს მისი პრობლემაა. რეალობაა ისაა, რომ ეს მილიონები, რაც იყო გამოყოფილი საქართველოსთვის, გადამისამართდება სხვა ქვეყნებში, მაგალითად, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, იმ ქვეყნების განვითარებისა და გაძლიერებისთვის, ვისაც რეალურად სურს დასავლეთთან მეგობრობა. საქართველოს ხელისუფლება აჩვენებს მკაფიოდ, რომ არ სურს დასავლეთი.

სხვათა შორის, პოლიტიკური ურთიერთობა ძალიან ჰგავს ადამიანურ ურთიერთობას: წარმოიდგინეთ, მიდიხარ და ვიღაც გაჭირვებულ მეზობელს ეხმარები, რომ გაძლიერდეს, ერთ დღესაც ის გეუბნება, დამანებე თავი, არ მინდა დახმარება. არ გინდა, ნუ გინდაო, იტყვით ჰო?

  • ეს ერთობლივი წვრთნები აშშ-თან, რაც უკვე შეწყდა, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყოო, დაყვედრებასავით გამოუვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს.

კატა-თაგვობანას თამაში კატისთვის შეიძლება იყოს თამაში, მაგრამ თაგვისთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხეა, ეს სიცოცხლისთვის ბრძოლაა. ჩვენ, საქართველო, ვართ პირდაპირ დამოუკიდებლობის დაკარგვის, ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე.

ამერიკამ კავკასიაში გვანიშნა კიდეც, რომ აგერ, სომხები არიან, სხვები არიან. ჯერჯერობით ამერიკა ისევ ე.წ. მსუბუქ ძალას იყენებს საქართველოსთან.

  • რას გულისხმობს ეს მიდგომა? ცხადია, რომ საქართველოს არჩევანს უკავშირდება სამხრეთ კავკასიის საკითხიც. 

მე აშშ-ში მაქვს დასრულებული ომის კოლეჯი, ხარისხიც იქ დავიცავი და ძალიან კარგად მესმის, როგორ მუშაობს იქაური სახელმწიფო აპარატი – ნაჩქარევად გადაწყვეტილებას არ იღებენ. ამერიკელებს აქვთ ურთიერთობის სხვადასხვა დონე: ერთია ნორმალური, სტრატეგიული, კარგი ურთიერთობის დონე. სხვა დონეა, როცა შენ ურთიერთობის პირობას არღვევ, მაგრამ ისინი გახალისებენ, რომ სწორ გზას დაუბრუნდე. ეს ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ, როცა გვითხრეს, რომ საქართველოს აქვს საშუალება, მიიღოს უვიზო მიმოსვლა აშშ-თან.

ჩვენ ახლა ვართ წახალისების და იძულების ეტაპების შუალედში – გვეუბნებიან, ურთიერთობის გადახედვა ხდებაო. თუმცა, როგორც ჩანს, აშშ ხედავს საშუალებას, რომ თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება, საქართველო არ გადაიქცევა სრულად ავტოკრატიულ სახელმწიფოდ.

თუ ეს პროცესი გადავა სანქციებზე, ჩათვალეთ, ეს იქნება კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის: ლარის კურსის დევალვაცია და ასე შემდეგ, რაც ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ეკონომიკურად ისედაც დიდი პრობლემების მქონე ქვეყანას. ეს აისახება ადამიანებზე და არა ჩინოვნიკებზე, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და მილიონები იშოვეს.

ჯერჯერობით ერიდება დასავლეთი ამის გაკეთებას, თუმცა ეს იქნება ჩვენი მომავალი, თუ ჩათვლიან, რომ ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, ვინც იმსახურებს დახმარებას. დასავლეთში ჯერ კიდევ სჯერათ საარჩევნო დემოკრატიის. შესაძლოა, არც სჯერათ, მაგრამ თვლიან, რომ ქვეყანას შანსი უნდა მისცენ. ჩემი დამოკიდებულება პირადად არჩევნებზე პესიმისტურია.

  • ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ეს ფულიც მიმართული იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.

მოლდოვას აძლევენ ამ ფულს და კიბერუსაფრთხოებაზე იმუშავებენ. ზუსტად რა ოდენობას აძლევენ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც თანხას მოლდოვას აძლევენ.

  • თქვენი აზრით, ამ კონტექსტში რის დემონსტრირება იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განაცხადი, ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ახალ აეროპორტს ვაშენებთო?

სავარაუდოდ ესეც ტრიუკია. გვაქვს აეროპორტი და თუ გაზრდაა საჭირო, ამას დასაბუთება სჭირდება. თუ ეს საბუთდება, შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი. ვაზიანში აეროპორტის გადატანა, სადაც პოლიგონია და წვრთნები ტარდება, ფაქტობრივად ამ ბაზის გაუქმებას ნიშნავს.

ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო.

  • ნატომ მიიღო ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ეს რის ხაზგასმა ნატოს მხრიდან?

დაახლოებით იგივე, როგორც ქართულ გამოთქმაშია: თავში ქვა გიხლია, მუცელში სამართებელიო. შეიძლება, უხეში შედარებაა, მაგრამ შენ თუ ეუბნები, არაფერში მჭირდები, ომის პარტია ხარ და ასე შემდეგ, იმანაც საერთოდ აღარ გახსენა. მე ამას ვხედავ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ცალ-ცალკე პროცესი.

იმათაც უთხრეს, თუ არ გინდათ, საერთოდ არ გახსენებთო. სამწუხაროა, მაგრამ მე ამას ვხედავ. შეიძლება, ბევრ რამ არ აერთიანებთ ნატოს ქვეყნებს, მაგრამ რაც აერთიანებთ, არის ის, რომ თითოეული არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული მართვის სისტემებით და თავისუფალი სასამართლოთი, ძლიერი პარლამენტით და აღმასრულებელი ხელისუფლებით.

საქართველო კი, პირიქით უკან დგამს ნაბიჯს – დემოკრატიისგან რაც შეიძლება შორს.

  • უკრაინა ივლისში მიიღებს დაპირებულ F16-ებს, რაც დაპირების მიხედვით 150 ერთეული იქნება. ეს აღჭურვილობა იქნება საკმარისი, რომ უკრაინამ თავიდან აიცილოს ისეთი სარაკეტო დარტყმები, როგორიც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ კიევში?

ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ძალიან დიდ ცვლილებას შეიტანს ფრონტის ხაზზე.

სარაკეტო დარტყმების ასაცილებლად კი, ძლიერი საჰაერო თავდაცვაა საჭირო. როცა რუსეთის მსგავსი ქვეყანა გებრძვის, 100-პროცენტიანი სარაკეტო დაცვა არ არსებობს, ვერ გექნება. უკრაინას თავს ესხმის არა „ჰამასი“ და ვიღაც, არამედ ბირთვული სახელმწიფო, თავისი ჩრდილოეთ კორეით, ჩინეთით და ასე შემდეგ.

  • რუსეთი მარცხდება ამ ომში. ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა მის ისტორიაში,“ – ამბობს ბაიდენი. თქვენი აზრით, ეს მხოლოდ პოლიტიკური გზავნილია, თუ ხედავთ რეალურ ნაბიჯებს, რაც უკრაინას მალე მოუტანს წარმატებას?

რუსეთი გაცილებით სასტიკი მეთოდებით იბრძვის, ვიდრე ეს იყო მეორე მსოფლიო ომში. დასავლეთი მხარს უჭერს და დაუჭერს უკრაინას იმის მიუხედავად, ვინ მოიგებს არჩევნებს აშშ-ში – დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შედეგი.

ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ჩემი ვარაუდით, 3-4 წელი იქნება კიდევ, რადგან სწრაფად ვერ დაამარცხებ რუსეთს.

  • ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ამბობდით, დასავლეთის სტრატეგიაა, გამოფიტოს რუსეთი და ამ გზით დაამარცხოსო. ხედავთ გამოფიტვის ნიშნებს? 

დიახ, ამის ბევრი ნიშანია: შეხედეთ ფრონტის ხაზს!

ჩემი აზრით, კონტრშეტევა ტყუილი საუბარია, რადგან ეს არაკონვენციური ომია. ვერცერთი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ ამ დრომდე გაათავისუფლა, კონტრშეტევით არ გათავისუფლებულა. ყველგან იყო ის მომენტი, რომ რუსებმა ვეღარ განაგრძეს ბრძოლა და გავიდნენ. კონტრშეტევას სჭირდება წინაპირობა, რაც არ არსებობს. მას შენზე მეტი ძალები აქვს, მეტი საშუალებები და ბევრად მეტი ცოცხალი ძალა.

დადგება დრო, როცა რუსეთი ვეღარ შეძლებს ამ ომის გაგრძელებას, ხელშეკრულებაც არ იარსებებს, როგორც ვაკვირდებით და მოუწევს გასვლა. მას აღარ ეყოფა იმის რესურსი, 5 და 6 წელი ომის პირობებში იყოს.

რუსეთი აქამდე იყო შეტევაზე, ახლა კი გადავიდა ყრუ თავდაცვაზე – რაღაც მიმართულებებზე ისევ უტევს, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა წაართვას უკრაინას.

  • თუ უკრაინას დაჩქარებულ რეჟიმში მიაწვდიან შესაბამის სამხედრო ტექნიკას დასავლეთიდან, ეს არ დააჩქარებს პროცესს? 

დიახ, შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცესი. არავინ იცის, რეალურად როგორ წარიმართება მოვლენები. შეიძლება, უცებ ჩამოიშალოს რუსეთი.

მაგალითად, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა პრიგოჟინის ამბავს – ერთ-ორი დღე რომ დასცლოდა, შეიძლება, რუსეთში სამოქალაქო ომი დაწყებულიყო. რუსეთი ძალიან არასტაბილურია და ამას აჩვენებს მახაჩკალას ბოლო შემთხვევაც, როცა მუსლიმი მეომრები თავს დაესხნენ რუსებს.

რუსეთი ძალიან მღვრი წყალში ცურავს, როგორც სახელმწიფო.

ცესკომ საქსტატის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა. 

საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქსტატის თანამშრომლებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებს. 

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობა.

უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან – რას ნიშნავს MEGOBARI აქტი საქართველოსთვის და „ოცნებისთვის“

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებს ვიზა ლიბერალიზაციას სთავაზობს. სავიზო პროცედურების შემსუბუქებას ითვალისწინებს MEGOBARI აქტი, რომელიც კონგრესში 2024 წლის 20 მაისს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დააინიციირა.

თუ აქამდე საქართველოს მოქალაქისთვის აშშ-ში მოხვედრა ოცნება იყო და ადამიანები ამ ოცნების ასახდენად ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ გზებს ირჩევდნენ, ვიზა ლიბერალიზაციის არსებობის პირობებში ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვისაც გამარტივდება.

რას ნიშნავს, როცა აშშ საქართველოს სავიზო პროცედურების გამარტივებას სთავაზობს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი ამ პერსპექტივას რუსული კანონის მიღებით საფრთხეს უქმნის. „ბათუმელები“ ამ თემაზე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

  • ბატონო ვიქტორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს 30 წელზე მეტია დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. ამ დროის განმავლობაში რიგითი ქართველის ოცნება იყო უფრო მსუბუქი ყოფილიყო სავიზო პოლიტიკა აშშ-სთან. 30 წლის თავზე კონგრესში დააინიიცირეს კანონპროექტი, მეგობარი აქტი, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აშშ-სთან ვიზა ლიბერალიზაციას. რა სარგებელს მოუტანს საქართველოს რიგით მოქალაქეს აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა?

საქართველოს მოქალაქისათვის ნებისმიერი ვიზალიბერალიზაცია, იქნება ეს ევროკავშირის, თუ დასავლური სამყაროს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიმართულებით, არის თვალსაწიერის გაფართოება. ჩემი აზრით, ესაა ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს.

სხვა მხრივ, ვიზალიბერალიზაციას ექნება პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტები – ეკონომიკური თუ კულტურული ხასიათის.

თუმცა ჩვენ ახლა წინმსწრებად ვსაუბრობთ: ამ შეღავათების ამოქმედება, ერთი მხრივ, დამოკიდებულია კანონპროექტის კანონად ქცევაზე, მეორე მხრივ ამ და ასევე კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა შეღავათებზე, რაც დამოკიდებულია საქართველოს შემხვედრ ნაბიჯებზე.

  • დავაკონკრეტებ, როცა ხულოში ან რაჭაში წაიკითხავენ ამ ინტერვიუს, გვინდა თითოეული იქ მცხოვრები მოქალაქისთვის იყოს გასაგები, რას ნიშნავს, როდესაც აშშ საქართველოს სთავაზობს ვიზა ლიბერალიზაციას. რა სარგებელი ექნება ამით საქართველოს მოქალაქეებს?

სავიზო რეჟიმზე შეღავათების დაწესება, ყველაფერთან ერთად, სავიზო შეღავათების დამწესებელი ქვეყნის მხრიდან არის საკუთარი ბიზნესისადმი გზავნილი, რომ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც დაუწესა შეღავათები – ბიზნესის კეთება, კაპიტალდაბანდება, ინვესტიციები, არის მისასალმებელი. იმიტომ, რომ სისტემა არის გამართული, მართლმსაჯულება არის გამართული, ღიაობა არის სათანადო და ანგარიშვალდებულება.

როდესაც საუბარია ამ გაგებით დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე, რა არის მისი პირდაპირი ეფექტი ხულოში, ოზურგეთში თუ რუსთავში მცხოვრებთათვის?

ეს არის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა, მისი საწარმოო პოტენციალის გაზრდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად უკავშირდება დასაქმების ზრდას, ქვეყნის დოვლათისა და კონკრეტული შემოსავლების ზრდას. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე შედეგობრივად გადის მეტად მარტივ, არითმეტიკულ მდგენელამდე – ჩვენს ჯიბეზე, ნებისმიერი მოქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება. ასე შეგვიძლია ეს გავიგოთ.

ამიტომ ნებისმიერი დიდი პოლიტიკა ან ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვგონია, რომ ჩვენს ყოველდღიურობასთან შემხებლობაში არ არის, საბოლოო ჯამში სწორედ ჩვენ ყოფამდე დადის, ყოველდღიური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე.

  • შტატებთან ვიზალიბერალიზაცია რომ მივიღოთ, რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ?

დაპირებები, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამ კანონპროექტის საშუალებით გაჟღერდა, უკავშირდება არა მარტო სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, არამედ ქვეყნისთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის დაწესებას. უკავშირდება ეკონომიკის სფეროში გარკვეული პაკეტის შემუშავებას, ისევე როგორც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი პროგრამის თუ გარე დახმარების პაკეტის შემუშავებას. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა მოვიაზროთ, როგორც ერთი მსუყე დაპირება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

ნებისმიერი ასეთი ურთიერთობა არის ორმხრივი, არცერთი ვალდებულება თუ არცერთი დაპირება, ვერ იქნება ცალმხრივი. რაში გამოიხატება ორმხრივობა?

როგორც კანონპროექტის ავტორები გვეუბნებიან, ასევე კანონპროექტის მიღმა, სხვადასხვა შეფასებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეღავათების მიღების წინაპირობა იქნება საქართველოს მხრიდან გამართული ინსტიტუციური მმართველობისკენ შემობრუნება. კერძოდ, დემოკრატიული ნორმების აღდგენა ქვეყანაში, იმ რიტორიკის ჩამოშორება, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ანტიდასავლურ რიტორიკის კვალიფიკაციას აძლევენ.

ქვეყანა უნდა დაბრუნდეს დასავლური ინტეგრაციის ვექტორზე.

ერთი წამით რომ დავანებოთ თავი იმას, რას ითხოვენ ჩვენგან დასავლელი პარტნიორები.

განა ჩვენს ინტერესში არ უნდა იყოს, რომ გვქონდეს ნორმალური ქვეყანა, რომელიც ინსტიტუციური განვითარების სწორ კალაპოტში იქნება მოქცეული? ქვეყანა, სადაც არჩევნები ჩატარდება ნორმალურ ვითარებაში და არ გამოიწვევს არანაირ კითხვის ნიშანს?

  • MEGOBARI აქტი ითვალისწინებს მოლაპარაკების დაწყებას საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე. ეს როგორ აისახება მოქალაქეებზე?

ალბათ პროცესში დაკონკრეტდება, რას ნიშნავს ეს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი. სავარაუდოდ, ეს უნდა ნიშნავდეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება არის ვაჭრობაში გარკვეული სატარიფო ბარიერების ჩახსნა ან შემცირება, რაც თავისთავად უწყობს ხელს, რომ შენი პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო შეღწევადი იყოს ბაზარზე.

ამასთან, მართალია ამ ინსტრუმენტებს კი ეწოდება სავაჭრო შეთანხმება, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აშშ-ის პრაქტიკა მეტყველებს, რომ გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, არ უკავშირდება მხოლოდ ვაჭრობის საკითხებს. ეს არის პოლიტიკური ჟესტი, პოლიტიკური აქტი.

რომ ვნახოთ ბოლო ათწლეულებში ვისთან აქვს აშშ-ს გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება, არც თუ ისე იშვიათად ვნახავთ, რომ ამა თუ იმ შეთანხმებას იმდენად სავაჭრო დატვირთვა არ აქვს, რამდენადაც პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური მხარდაჭერა.

თუ ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ასეთი ინსტრუმენტი სახელად – „თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება“ გაფორმდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის სათანადო, ჯეროვანი და ძალიან მტკიცე. არამარტო ვაჭრობის სფეროში, არამედ გეოპოლიტიკის სფეროში.

  • რამდენად სურთ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-სთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა, ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ვიპოვოთ მექსიკისა და აშშ-ს საზღვარზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში შეღწევის არალეგალური გზაა. საქართველოს მოქალაქეები ყიდიან სახლებს იმისათვის, რომ აშშ-ში ჩავიდნენ, რადგან იციან, რომ აშშ-ში შრომით რამდენიმე წელში შეძლებენ იმ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას, რაც საქართველოში ხშირად მთელი ცხოვრების შრომითაც კი შეუძლებელია. ახლა, როცა გაჩნდა შანსი, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, თქვენი აზრით, რატომ იქცევა „ქართული ოცნება“ ისე, როგორც იქცევა და რატომ აკარგვინებს ამ შანსს საკუთარ მოსახლეობას?

რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“ ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ამ მხრივ არის არაერთი ვერსია და დაშვება.

ნებისმიერი ადამიანის უფლებაა ეძებოს უკეთესი აწმყო საკუთარი ცხოვრებისთვის. დასანანია, როდესაც ამ უკეთეს ცხოვრებას ეძებენ ქვეყნის გარეთ. გაცილებით საპატიო და უფრო მნიშვნელოვანია უკეთესობის პირობები შეიქმნას საკუთარ ქვეყანაში.

„ოცნებისგან“ გვაქვს შეფასებები, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის არათუ ცუდად, არამედ იდეალურად. ამ დროს არის ტენდენცია, რომ ქვეყნის მოსახლეობა გადის ქვეყნიდან. როცა შენი მოქალაქე საკუთარი ბედის გაუმჯობესებას ეძებს სხვა ქვეყანაში, ამაზე მეტი თვალსაჩინოება, რომ როგორც ხელისუფალი შენს შეფასებაში ცდები, ძალიან რთული მოსაძებნია.

ჩვენი ამოცანა ასეთ დროს უნდა იყოს ის, რომ ეს უკეთესობის პირობები შევქმნათ ქვეყნის შიგნით. ზურგის შექცევა აშშ-ევროკავშირისთვის კი არის საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისკენ.

თუ ავიღებთ დასავლური ცხოვრების ხარისხს – ინვესტიციების, განათლების, ჯანდაცვის ხარისხობრივ მაჩვენებელს და მოწინავე ტექნოლოგიებს, ამ გაგებით გზების ჩახერგვა დასავლურ სამყაროსთან, ამ თანამშრომლობის გზაზე დაბრკოლებების ბუნებრივად თუ ხელოვნურად აღმართვა, როგორც ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თქვა – არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია.

  • კანონპროექტის ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ასე ახსნა MEGOBARI აქტის დაინიციირების მიზეზი: „ქართველ ხალხს სიტყვის თავისუფლება და საერთოდ, თავისუფლად ცხოვრების საშუალება ჰქონდეს“. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მეგობარი აქტს საქართველოს პოლიტიკურ და დასავლურ მომავალზე?

ზოგადად, გარედან ზეწოლა მისასალმებელი არ არის, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი მომენტები, როდესაც წნეხი, გააჩნია ვისგან მომდინარეობს, რა გარემოებებში და რისთვის. ახლა ვსაუბრობთ MEGOBARI აქტზე და ჩამოვთვალეთ ის შეღავათები, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი.

ისიც ვთქვით, რის სანაცვლოდ შეიძლება ეს ამოქმედდეს. თუ გავაკეთებთ იმ დათქმას, რომ პირველ რიგში ეს შეღავათები კონკრეტული მოქალაქეების ბედს უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესა თუ ის მოწოდება, შეიძლება ცოტა ხისტი, ზოგან წნეხის ფორმით, შეიძლება იყოს განპირობებული და გამართლებული კონკრეტული გარემოებებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც MEGOBARI აქტი პროექტის სახით ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ.

თუ დავხედავთ რუკას ჩვენს სამეზობლოში და შევადარებთ ჩვენ ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალს მეზობლებისას, ამ მხრივ დიდად გამორჩეული არ ვართ.

მაშინ რით შეიძლება ვიყოთ გამორჩეული?

გამორჩეულები შეიძლება ვიყოთ თავისუფალი გარემოთი, გნებავთ გამოხატვის თავისუფლებით, შემოქმედებითი საქმიანობის თუ სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების კუთხით. ამით შეიძლება ვიყოთ საინტერესო არამარტო ჩვენი პარტნიორებისათვის.

ამდენად ამ სიკეთეებზე უარის თქმა არის ქართული სახელმწიფოსათვის, მისი მედეგობისათვის საფუძვლის შერყევა – თუკი ჩვენ ამ საბაზისო თავისუფლებებზე ვიტყვით უარს და მათ მოქმედებას გავხდით სათუოს. ამიტომ ეს დასაბუთება, რომელიც ამ კანონს უკავშირდება, ლოგიკური, რაციონალური და მისაღები.

  • მეგობარი აქტის შესახებ

20 მაისს აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი წარადგინა კონგრესში.

კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით).

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ჰპირდება, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.

MEGOBARI აქტი ასევე ითვალისწინებს „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას რუსული კანონის დამტკიცების გამო.

„ევროპისკენ მიმავალი გზა გაგვიყინა ხელისუფლებამ. დარჩა 100 დღე“ – ზურაბიშვილი

„აირჩიე ევროპა“ – დღეს, 11 ივლისს, ამ სახელწოდებით დაფუძნდა ახალი მოძრაობა, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით მიმართა პუბლიკას:

„უკვე ავირჩიეთ ევროპა და ავირჩიეთ დიდი ხანია. საქართველო ისტორიის ყველა მთავარ მონაკვეთზე ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა და ევროპული ღირებულებები, რაც არის პირველ რიგში ქართული ღირებულებები, ამიტომ ესოდენ გვიადვილდება ჩვენ ევროპისკენ ვიაროთ.

ვიაროთ – ვთქვი, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. ეს გზა გაგვიყინა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, რომელმაც ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს.

მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, მერე მე კანდიდატი ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყველა ეს კამპანია იყო იმაზე აგებული, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო იმისკენ მიმართული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს.

დღეს რაც ხდება ნატოში, ნატოს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის.

დარჩა ცოტა დრო, 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც, იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი.

ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი, აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში ერთი მხრივ არის საქართველოს საზოგადოება, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენ მომავალს გაუკეთა უზურპაცია.

არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ, აქ საჭიროა გავერთიანდეთ, შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ ხელი მოაწერა ან თუ არ მოაწერეს ჯერ, ამბობენ, რომ ეთანხმებიან.

ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების მერე იმისთვის, რომ შევასრულოთ, რაც იქ წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვენ პარტნიორებს და მათ დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენ გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია.

ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა, სხვა გზა არა გვაქვს, სხვა ალტერნატივა არა გვაქვს, ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“აირჩიე ევროპა” – ახალი მოძრაობის დაფუძნებას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ესწრება

„აირჩიე ევროპა“ – დღეს, 11 ივლისს, ამ სახელწოდებით დაფუძნდა ახალი მოძრაობა, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

ახალ მოძრაობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები არიან გაერთიანებული. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, „ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება უნდა, ირჩევს ევროპას“.

„შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან პარტნიორობაზე აღარ არის საუბარი. ვკარგავთ ყველაფერს, რაზეც დღემდე დგას ქართული სახელმწიფო.

ჩვენი ვალია ევროპული აწმყო შევქმნათ აქ და დავაბრუნოთ ევროპული მომავლისთვის საქართველოდან გადახვეწილი ქართული ოჯახები“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ლაგაზიძის განცხადებით, მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ 18 ივლისიდან იწყებს რეგიონებში გასვლას და 26 ოქტომბრამდე შეეცდება არჩევნებზე პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას.

„კამპანიის სახელწოდება იქნება 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველები. ხელოვანები, რეჟისორები, მსახიობები, მეცნიერები, ენერგეტიკოსები, ექიმები, ბიზნესმენები. ჩვენი ერთობა ღიაა ყველასთვის, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს. მოდით, მოიტანეთ თქვენი იდეები, გავაერთიანოთ ძალისხმევა და ერთობით გავიმარჯვოთ საქართველოს მომავლისთვის,“ – თქვა მოძრაობის თანადამფუძნებელმა პრეზენტაციაზე.

მოძრაობის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.

„აირჩიე ევროპის“ დამფუძნებლები არიან: უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა, ექსპერტი გიორგი რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი და  ბიზნესმენი ივა ჭყონია.

„მემორიალის“ 70 წლის თავმჯდომარე პატიმრობაში დატოვეს – „რეპრესიებია. მათთან ვარ, ვისაც დევნიან“

რუსეთში, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველი საზოგადოება „მემორიალის“ ერთ-ერთ დამაარსებლისა და თანათავმჯდომარის, 70 წლის ოლეგ ორლოვის სასჯელი – ორწელიწად-ნახევარი ზოგადი რეჟიმის კოლონიაში, ძალაში დატოვა.

„მემორიალის“ თანათავმჯდომარე 27 თებერვალს რუსული ჯარის დისკრედიტაციის მუხლით გაასამართლეს სტატიის გამო – „ფაშიზმი უნდოდათ. მათ ის მიიღეს“, რომელშიც ორლოვმა ომი გააკრიტიკა და მას დამანგრეველი უწოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვისაც.

„ქვეყანა, რომელმაც ოცდაათი წლის წინ დატოვა კომუნისტური ტოტალიტარიზმი, უკან დაბრუნდა ტოტალიტარიზმში, ახლა – ფაშისტურში“ – წერს ორლოვი სტატიაში რუსეთზე.

ორლოვი რუსეთის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“.

ორლოვმა სასამართლო სხდომაში მონაწილეობა მიიღო იზოლატორიდან ვიდეო ჩართვის საშუალებით. მისი გამოსვლა სასამართლოში და პროცესის მიმდინარეობა „მემორიალმა“ გაავრცელა „ტელეგრამზე“.

ორლოვმა თქვა, რომ ენდობა ადვოკატს და თავად არ უპასუხებს კითხვებს. „მე წავიკითხავ წიგნს და ვიტოვებ მხოლოდ ბოლო სიტყვას. მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ უსამართლო პროცესში“, – მის ციტატას „მემორიალი“ აქვეყნებს.

ორლოვმა თქვა, რომ არაფერს ნანობს:

„არაფერს ვნანობ. საჭირო დროს საჭირო ადგილას ვარ. როცა ქვეყანაში მასობრივი რეპრესიებია, მე ვარ მათთან, ვისაც დევნიან“. 

სასამართლო პროცესზე მივიდა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი და რამდენიმე რუსი უფლებადამცველი.

ეს არ იყო ორლოვის პირველი სასამართლო.

გასულ წელს ორლოვი იგივე ბრალდებით დააჯარიმეს 150 000 რუბლით, თავისუფლების აღკვეთის გარეშე, მაგრამ სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სააპელაციო საჩივრით ორლოვისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. საქმეში გაჩნდა დამამძიმებელი გარემოებები, რომ ორლოვი, სავარაუდოდ, „განიცდის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიძულვილს“ და „მემორიალთან“ ერთად „ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების სტაბილურობას“. დაინიშნა განმეორებითი სასამართლო პროცესი და 2024 წლის 27 თებერვალს ოლეგ ორლოვს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა

ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. მსჯავრდებულ ლევან სირაბიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საუბარია ბათუმში, 2023 წლის 11 მარტს მომხდარ შემთხვევაზე: ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ლევან სირაბიძემ დამნაშავედ მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ლ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ნ.თ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული  სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 11 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ მიიჩნია. მაშინ ადვოკატი სალომე ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოსამართლე კოტე ჭილაიამ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ამ თემაზე:

რა ირკვევა ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრაზე – მოსამართლემ ბრალდებული გაამართლა

 

მოქალაქე შსს-ს უჩივის – „მართვის მოწმობა 2 თვე უკანონოდ არ აღმიდგინეს“

„რატომ არ უნდა აგოს პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როცა დაცვის ნაცვლად ჩემს უფლებას არღვევს?“ – კითხულობს მოქალაქე გოდერძი კუბლაშვილი, რომელიც აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლოს.

გოდერძი კუბლაშვილისთვის მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოურთმევია ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციას. მოქალაქე ამბობს, რომ არ იყო მთვრალი და ამას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, თუმცა იგი ამ ამბის გაგრძელებას ასაჩივრებს:

„მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან გავიდა 6 თვე და მაინც არ აღმიდგინეს მართვის მოწმობა კიდევ ორი თვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ ჩემი უფლება დაარღვია, ეს დადასტურდა“.

მოქალაქემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისთვის 2024 წლის 8 ივლისს გამოგზავნილი წერილი გვაჩვენა, სადაც აღნიშნულია:

„შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიმართ გატარდა შსს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – მიუწერია შსს-ს მოქალაქისთვის, თუმცა არ შსს არ აკონკრეტებს: რატომ დაარღვია სამართალდამცავმა უწყებამ მოქალაქის უფლება? როგორ, რა ფორმით დასაჯეს სამართალდამცველი?

„აღნიშნული ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოქმედების სფეროში,“ – თქვეს შსს-ში და აღნიშნეს, რომ ვერ დააკონკრეტებენ, ვინ რა ფორმით დაისაჯა ამ შემთხვევის შემდეგ.

მოქალაქე აპირებს, რომ შსს-ს ზიანის ანაზღაურების მოტივით სასამართლოში უჩივლოს. მას სამართლებრივ კონსულტაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს.

კიდევ ერთი დეტალი: გოდერძი კუბლაშვილი პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ადიგენის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. იგი არ გამორიცხავს, საქმე პოლიტიკურ დევნასთან გვქონდეს.

„გარდაბნის სასამართლომ ჩემი ეს საქმე განიხილა 2022 წელს, მას შემდეგ, როცა მე ირაკლი ღარიბაშვილს ახალციხეში აქცია მოვუწყვე,“ – გვიყვება გოდერძი კუბლაშვილი, – „მე გომბორის საგუშაგოზე გამაჩერეს იმ დღეს – კახეთიდან მოვდიოდი და წინა დღის ნაქეიფარი ვიყავი.

ექსპერტიზამ კი ჩამიწერა „ფხიზელი“, მაგრამ სასამართლო დაეყრდნო ჯანდაცვის და შს მინისტრების მიერ 2013 წელს გამოცემულ ერთობლივ ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ გამოდის ალკოჰოლი კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ, თუმცა ეს ინდივიდუალურია.

მოსამართლემ ჰკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს სხდომაზე, რატომ გააჩერეთ, რამეს არღვევდაო? შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მას გადამოწმების უფლება ჰქონდა.

რაც შეეხება დამატებით 2 თვეს: პოლიცია და სასამართლო ამ საკითხს ერთმანეთს აბრალებდნენ: სასამართლომ გვიან ჩაგვაბარა დოკუმენტიო, სასამართლოში კი, მიპასუხეს, შსს-ს წარმომადგენელი ხომ ესწრებოდა სხდომასო. ეს არის ნიშანი, თუ ასე განაგრძობ აქტიურობას, ჩვენზე ხარ დამოკიდებულიო.

ამასობაში, მე რა შუაში ვარ, მე რატომ უნდა დავზარალდე, როცა ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების დროული რეალიზება და ტრანსპორტირება ძალიან მნიშვნელოვანია?“ – კითხულობს მოქალაქე გოდერძი კუბლაშვილი, რომელიც უფლების შეზღუდვის მომენტისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს ისევ განათავსებს

რუსეთის შეკავების მიზნით აშშ გააძლიერებს ზომებს ნატოს ევროპელი პარტნიორების დასაცავად – გერმანიაში 2026 წლიდან დროებით განთავსდება Tomahawk-ის რაკეტები და სხვა, შორი დისტანციის იარაღი – ამის შესახებ დასავლური მედია წერს ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით.

მედიაგამოცემები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პირველად ცივი ომის შემდეგ, გერმანია ისევ განათავსებს თავის ტერიტორიაზე იარაღს, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტას, ისევე როგორც გერმანულ TAURUS-ს, შეუძლია ღრმად შეაღწიოს მტრის ტერიტორიაზე, დაბალ სიმაღლეზე და გაანადგუროს ისეთი მნიშვნელოვანი სამიზნეები, როგორიცაა სარდლობის ცენტრები, ბუნკერები და რადარები. ამავდროულად, Tomahawks-ის რაკეტის გაშვება შესაძლებელია გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან, ხოლო TAURUS -ის – თვითმფრინავებიდან.

„ბაიდენი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები აპირებს დაიცვას ალიანსის ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრი“, – წერს „დოიჩე ველე“.

აშშ-სა და გერმანიის შეთანხმებას დღეს, 11 ივლისს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მან პენტაგონის გეგმას გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგების შესახებ ესკალაციის ერთ-ერთ რგოლი უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს ამაზე სამხედრო პასუხი ექნება.

____________________

ფოტოზე: Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტა. ფოტო: ვიკიპედია

ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიყვანეს

ბათუმის უკვე ყოფილი ვიცე-მერი, ლევან დავითაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიიდან სამინისტროში გადასვლა მისი სურვილი არ ყოფილა და როგორც მერიაში ასევე მთავრობაში გადაადგილებები კიდევ იქნება.

დავითაძე ვიცე-მერად დანიშვნამდე შპს „ბათუმის წყალში“ მუშაობდა.

ლევან დავითაძე ბათუმის წყლის დირექტორად 2021 წლის თებერვალში მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა. მერად არჩევის შემდეგ კი ვიცე-მერად გადაიყვანა. მიუხედავად ამისა, ინფორმირებული პირის თქმით, ის არჩილ ჩიქოვანის კადრი არ ყოფილა: „დაანიშვნინეს და ახლაც იმან წაიყვანა, ვინც მაშინ დაანიშვნინა.“

ვიცე-მერის თანამდებობა მერიის აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ დაიკავა. ნუკრი დეკანაძე ბათუმის მერიაში 2012 წლიდან მუშაობს, მანამდე ის აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა.

ერთი თვის წინ ახალი მოადგილეები დაუნიშნეს აჭარის ფინანსთა მინისტრს.

მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ უჩა სურმანიძე დაინიშნა. მთავრობის ინფორმაციით, ის პროფესიით ეკონომისტია და ამ მიმართულებით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ასევე, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა მამუკა თურმანიძე, აჭარის გზების დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი. მამუკა თურმანიძე პროფესიით იურისტია.

ახალი ხელმძღვანელი წარუდგინეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებსაც. დეპარტამენტი გიორგი ცინარიძეს ჩააბარეს.

Exit mobile version