სიახლეები

კიდევ 53,9 მილიონი ყინულის არენისა და აუზისთვის ბათუმში, 29 მილიონი უკვე დაიხარჯა 

15.03.2024
კიდევ 53,9 მილიონი ყინულის არენისა და აუზისთვის ბათუმში, 29 მილიონი უკვე დაიხარჯა 

ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი 53 943 489 ლარით გამოაცხადა. ლადო ასათიანის ქუჩაზე დღეს არსებულ ყინულის მოედანს კი [გასაბერი მემბრანის კონსტრუქციას] დაშლიან.

ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც აშენებული უნდა ყოფილიყო; პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონამდე ლარიც დაიხარჯა, შენობაში კი, დღეს არც ყინულის არენაა და არც აუზი.

ყინულის არენის საკითხს თავის დასკვნაში შეეხო სახელმწიფო აუდიტიც.

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, აჭარის სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევდა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 11 აპრილს დაიწყება და 16 აპრილს დასრულდება. მშენებლობა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.

თუმცა, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „ქალაქ ბათუმში 2025 წელს გასამართი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების გათვალისწინებით სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სავალდებულო ვადებია:

  • დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 01 თებერვლის ჩათვლით პერიოდი;
  • ახალი საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოებისათვის კი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე“.

ამასთან, „ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები.“

ტენდერს თან ახლავს ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტები.

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადაა: ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 50 წელი; სახურავის ბურულის მოწყობის სამუშაოებზე – 15 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე – ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული გარანტია ხოლო სხვა დანარჩენი – 3 წელი.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად „2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 130 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, გარდა სამრეწველო შენობა-ნაგებობებისა და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისა“.

განახლება: აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია – შპს „ანაგი“, რომელთანაც აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ხელშეკრულება 2024 წლის 10 მაისს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა ფაქტობრივად არ შეცლილა და 53 943 280 ლარია დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2026 წლის მაისამდე უნდა დასრულდეს.

ფოტო პროექტიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: