„არაცერთი განაცხადი არ შემოსულა,“ – გვითხრა ბსუ-ს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ. მას რექტორის არჩევნებზე კანდიდატების განაცხადები უნდა მიეღო, ხოლო ახალი რექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ივლისს უნდა აერჩიათ.
რექტორობის კანდიდატების განაცხადების მიღება ბსუ-ში გუშინ, 12 ივლისს დასრულდა.
რადგან უნივერსიტეტის რექტორობა არავის სურს, აკადემიურმა საბჭომ 6 თვით მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიოს. ეს შეიძლება იყოს, როგორც მოქმედი რექტორი, ისე ნებისმიერი სხვა პირი.
არჩევნებში მონაწილეობას წელს ვერ მიიღებდა ბსუ-ს მოქმედი რექტორი – მერაბ ხალვაში. კანონმდებლობის თანახმად, რექტორი შეიძლება იქნეს არჩეული ორი ვადით, მერაბ ხალვაში კი, ორჯერ აირჩიეს ამ პოსტზე, 2016 და 2020 წლებში.
„რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ,“ – აღნიშნულია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში.
6 თვის გასვლის შემდეგ კი, ხელახლა უნდა გამოცხადდეს არჩევნები.






