მთავარი,სიახლეები

უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან – რას ნიშნავს MEGOBARI აქტი საქართველოსთვის და „ოცნებისთვის“

11.07.2024 •
უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან – რას ნიშნავს MEGOBARI აქტი საქართველოსთვის და „ოცნებისთვის“

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებს ვიზა ლიბერალიზაციას სთავაზობს. სავიზო პროცედურების შემსუბუქებას ითვალისწინებს MEGOBARI აქტი, რომელიც კონგრესში 2024 წლის 20 მაისს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დააინიციირა.

თუ აქამდე საქართველოს მოქალაქისთვის აშშ-ში მოხვედრა ოცნება იყო და ადამიანები ამ ოცნების ასახდენად ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ გზებს ირჩევდნენ, ვიზა ლიბერალიზაციის არსებობის პირობებში ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვისაც გამარტივდება.

რას ნიშნავს, როცა აშშ საქართველოს სავიზო პროცედურების გამარტივებას სთავაზობს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი ამ პერსპექტივას რუსული კანონის მიღებით საფრთხეს უქმნის. „ბათუმელები“ ამ თემაზე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

  • ბატონო ვიქტორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს 30 წელზე მეტია დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. ამ დროის განმავლობაში რიგითი ქართველის ოცნება იყო უფრო მსუბუქი ყოფილიყო სავიზო პოლიტიკა აშშ-სთან. 30 წლის თავზე კონგრესში დააინიიცირეს კანონპროექტი, მეგობარი აქტი, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აშშ-სთან ვიზა ლიბერალიზაციას. რა სარგებელს მოუტანს საქართველოს რიგით მოქალაქეს აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა?

საქართველოს მოქალაქისათვის ნებისმიერი ვიზალიბერალიზაცია, იქნება ეს ევროკავშირის, თუ დასავლური სამყაროს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიმართულებით, არის თვალსაწიერის გაფართოება. ჩემი აზრით, ესაა ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს.

სხვა მხრივ, ვიზალიბერალიზაციას ექნება პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტები – ეკონომიკური თუ კულტურული ხასიათის.

თუმცა ჩვენ ახლა წინმსწრებად ვსაუბრობთ: ამ შეღავათების ამოქმედება, ერთი მხრივ, დამოკიდებულია კანონპროექტის კანონად ქცევაზე, მეორე მხრივ ამ და ასევე კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა შეღავათებზე, რაც დამოკიდებულია საქართველოს შემხვედრ ნაბიჯებზე.

  • დავაკონკრეტებ, როცა ხულოში ან რაჭაში წაიკითხავენ ამ ინტერვიუს, გვინდა თითოეული იქ მცხოვრები მოქალაქისთვის იყოს გასაგები, რას ნიშნავს, როდესაც აშშ საქართველოს სთავაზობს ვიზა ლიბერალიზაციას. რა სარგებელი ექნება ამით საქართველოს მოქალაქეებს?

სავიზო რეჟიმზე შეღავათების დაწესება, ყველაფერთან ერთად, სავიზო შეღავათების დამწესებელი ქვეყნის მხრიდან არის საკუთარი ბიზნესისადმი გზავნილი, რომ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც დაუწესა შეღავათები – ბიზნესის კეთება, კაპიტალდაბანდება, ინვესტიციები, არის მისასალმებელი. იმიტომ, რომ სისტემა არის გამართული, მართლმსაჯულება არის გამართული, ღიაობა არის სათანადო და ანგარიშვალდებულება.

როდესაც საუბარია ამ გაგებით დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე, რა არის მისი პირდაპირი ეფექტი ხულოში, ოზურგეთში თუ რუსთავში მცხოვრებთათვის?

ეს არის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა, მისი საწარმოო პოტენციალის გაზრდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად უკავშირდება დასაქმების ზრდას, ქვეყნის დოვლათისა და კონკრეტული შემოსავლების ზრდას. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე შედეგობრივად გადის მეტად მარტივ, არითმეტიკულ მდგენელამდე – ჩვენს ჯიბეზე, ნებისმიერი მოქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება. ასე შეგვიძლია ეს გავიგოთ.

ამიტომ ნებისმიერი დიდი პოლიტიკა ან ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვგონია, რომ ჩვენს ყოველდღიურობასთან შემხებლობაში არ არის, საბოლოო ჯამში სწორედ ჩვენ ყოფამდე დადის, ყოველდღიური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე.

  • შტატებთან ვიზალიბერალიზაცია რომ მივიღოთ, რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ?

დაპირებები, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამ კანონპროექტის საშუალებით გაჟღერდა, უკავშირდება არა მარტო სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, არამედ ქვეყნისთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის დაწესებას. უკავშირდება ეკონომიკის სფეროში გარკვეული პაკეტის შემუშავებას, ისევე როგორც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი პროგრამის თუ გარე დახმარების პაკეტის შემუშავებას. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა მოვიაზროთ, როგორც ერთი მსუყე დაპირება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

ნებისმიერი ასეთი ურთიერთობა არის ორმხრივი, არცერთი ვალდებულება თუ არცერთი დაპირება, ვერ იქნება ცალმხრივი. რაში გამოიხატება ორმხრივობა?

როგორც კანონპროექტის ავტორები გვეუბნებიან, ასევე კანონპროექტის მიღმა, სხვადასხვა შეფასებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეღავათების მიღების წინაპირობა იქნება საქართველოს მხრიდან გამართული ინსტიტუციური მმართველობისკენ შემობრუნება. კერძოდ, დემოკრატიული ნორმების აღდგენა ქვეყანაში, იმ რიტორიკის ჩამოშორება, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ანტიდასავლურ რიტორიკის კვალიფიკაციას აძლევენ.

ქვეყანა უნდა დაბრუნდეს დასავლური ინტეგრაციის ვექტორზე.

ერთი წამით რომ დავანებოთ თავი იმას, რას ითხოვენ ჩვენგან დასავლელი პარტნიორები.

განა ჩვენს ინტერესში არ უნდა იყოს, რომ გვქონდეს ნორმალური ქვეყანა, რომელიც ინსტიტუციური განვითარების სწორ კალაპოტში იქნება მოქცეული? ქვეყანა, სადაც არჩევნები ჩატარდება ნორმალურ ვითარებაში და არ გამოიწვევს არანაირ კითხვის ნიშანს?

  • MEGOBARI აქტი ითვალისწინებს მოლაპარაკების დაწყებას საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე. ეს როგორ აისახება მოქალაქეებზე?

ალბათ პროცესში დაკონკრეტდება, რას ნიშნავს ეს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი. სავარაუდოდ, ეს უნდა ნიშნავდეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება არის ვაჭრობაში გარკვეული სატარიფო ბარიერების ჩახსნა ან შემცირება, რაც თავისთავად უწყობს ხელს, რომ შენი პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო შეღწევადი იყოს ბაზარზე.

ამასთან, მართალია ამ ინსტრუმენტებს კი ეწოდება სავაჭრო შეთანხმება, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აშშ-ის პრაქტიკა მეტყველებს, რომ გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, არ უკავშირდება მხოლოდ ვაჭრობის საკითხებს. ეს არის პოლიტიკური ჟესტი, პოლიტიკური აქტი.

რომ ვნახოთ ბოლო ათწლეულებში ვისთან აქვს აშშ-ს გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება, არც თუ ისე იშვიათად ვნახავთ, რომ ამა თუ იმ შეთანხმებას იმდენად სავაჭრო დატვირთვა არ აქვს, რამდენადაც პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური მხარდაჭერა.

თუ ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ასეთი ინსტრუმენტი სახელად – „თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება“ გაფორმდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის სათანადო, ჯეროვანი და ძალიან მტკიცე. არამარტო ვაჭრობის სფეროში, არამედ გეოპოლიტიკის სფეროში.

  • რამდენად სურთ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-სთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა, ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ვიპოვოთ მექსიკისა და აშშ-ს საზღვარზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში შეღწევის არალეგალური გზაა. საქართველოს მოქალაქეები ყიდიან სახლებს იმისათვის, რომ აშშ-ში ჩავიდნენ, რადგან იციან, რომ აშშ-ში შრომით რამდენიმე წელში შეძლებენ იმ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას, რაც საქართველოში ხშირად მთელი ცხოვრების შრომითაც კი შეუძლებელია. ახლა, როცა გაჩნდა შანსი, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, თქვენი აზრით, რატომ იქცევა „ქართული ოცნება“ ისე, როგორც იქცევა და რატომ აკარგვინებს ამ შანსს საკუთარ მოსახლეობას?

რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“ ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ამ მხრივ არის არაერთი ვერსია და დაშვება.

ნებისმიერი ადამიანის უფლებაა ეძებოს უკეთესი აწმყო საკუთარი ცხოვრებისთვის. დასანანია, როდესაც ამ უკეთეს ცხოვრებას ეძებენ ქვეყნის გარეთ. გაცილებით საპატიო და უფრო მნიშვნელოვანია უკეთესობის პირობები შეიქმნას საკუთარ ქვეყანაში.

„ოცნებისგან“ გვაქვს შეფასებები, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის არათუ ცუდად, არამედ იდეალურად. ამ დროს არის ტენდენცია, რომ ქვეყნის მოსახლეობა გადის ქვეყნიდან. როცა შენი მოქალაქე საკუთარი ბედის გაუმჯობესებას ეძებს სხვა ქვეყანაში, ამაზე მეტი თვალსაჩინოება, რომ როგორც ხელისუფალი შენს შეფასებაში ცდები, ძალიან რთული მოსაძებნია.

ჩვენი ამოცანა ასეთ დროს უნდა იყოს ის, რომ ეს უკეთესობის პირობები შევქმნათ ქვეყნის შიგნით. ზურგის შექცევა აშშ-ევროკავშირისთვის კი არის საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისკენ.

თუ ავიღებთ დასავლური ცხოვრების ხარისხს – ინვესტიციების, განათლების, ჯანდაცვის ხარისხობრივ მაჩვენებელს და მოწინავე ტექნოლოგიებს, ამ გაგებით გზების ჩახერგვა დასავლურ სამყაროსთან, ამ თანამშრომლობის გზაზე დაბრკოლებების ბუნებრივად თუ ხელოვნურად აღმართვა, როგორც ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თქვა – არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია.

  • კანონპროექტის ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ასე ახსნა MEGOBARI აქტის დაინიციირების მიზეზი: „ქართველ ხალხს სიტყვის თავისუფლება და საერთოდ, თავისუფლად ცხოვრების საშუალება ჰქონდეს“. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მეგობარი აქტს საქართველოს პოლიტიკურ და დასავლურ მომავალზე?

ზოგადად, გარედან ზეწოლა მისასალმებელი არ არის, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი მომენტები, როდესაც წნეხი, გააჩნია ვისგან მომდინარეობს, რა გარემოებებში და რისთვის. ახლა ვსაუბრობთ MEGOBARI აქტზე და ჩამოვთვალეთ ის შეღავათები, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი.

ისიც ვთქვით, რის სანაცვლოდ შეიძლება ეს ამოქმედდეს. თუ გავაკეთებთ იმ დათქმას, რომ პირველ რიგში ეს შეღავათები კონკრეტული მოქალაქეების ბედს უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესა თუ ის მოწოდება, შეიძლება ცოტა ხისტი, ზოგან წნეხის ფორმით, შეიძლება იყოს განპირობებული და გამართლებული კონკრეტული გარემოებებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც MEGOBARI აქტი პროექტის სახით ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ.

თუ დავხედავთ რუკას ჩვენს სამეზობლოში და შევადარებთ ჩვენ ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალს მეზობლებისას, ამ მხრივ დიდად გამორჩეული არ ვართ.

მაშინ რით შეიძლება ვიყოთ გამორჩეული?

გამორჩეულები შეიძლება ვიყოთ თავისუფალი გარემოთი, გნებავთ გამოხატვის თავისუფლებით, შემოქმედებითი საქმიანობის თუ სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების კუთხით. ამით შეიძლება ვიყოთ საინტერესო არამარტო ჩვენი პარტნიორებისათვის.

ამდენად ამ სიკეთეებზე უარის თქმა არის ქართული სახელმწიფოსათვის, მისი მედეგობისათვის საფუძვლის შერყევა – თუკი ჩვენ ამ საბაზისო თავისუფლებებზე ვიტყვით უარს და მათ მოქმედებას გავხდით სათუოს. ამიტომ ეს დასაბუთება, რომელიც ამ კანონს უკავშირდება, ლოგიკური, რაციონალური და მისაღები.

  • მეგობარი აქტის შესახებ

20 მაისს აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი წარადგინა კონგრესში.

კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით).

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ჰპირდება, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.

MEGOBARI აქტი ასევე ითვალისწინებს „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას რუსული კანონის დამტკიცების გამო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: