მთავარი,სიახლეები

მოქალაქე შსს-ს უჩივის – „მართვის მოწმობა 2 თვე უკანონოდ არ აღმიდგინეს“

11.07.2024 •
მოქალაქე შსს-ს უჩივის – „მართვის მოწმობა 2 თვე უკანონოდ არ აღმიდგინეს“

„რატომ არ უნდა აგოს პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როცა დაცვის ნაცვლად ჩემს უფლებას არღვევს?“ – კითხულობს მოქალაქე გოდერძი კუბლაშვილი, რომელიც აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლოს.

გოდერძი კუბლაშვილისთვის მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოურთმევია ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციას. მოქალაქე ამბობს, რომ არ იყო მთვრალი და ამას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, თუმცა იგი ამ ამბის გაგრძელებას ასაჩივრებს:

„მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან გავიდა 6 თვე და მაინც არ აღმიდგინეს მართვის მოწმობა კიდევ ორი თვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ ჩემი უფლება დაარღვია, ეს დადასტურდა“.

მოქალაქემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისთვის 2024 წლის 8 ივლისს გამოგზავნილი წერილი გვაჩვენა, სადაც აღნიშნულია:

„შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიმართ გატარდა შსს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – მიუწერია შსს-ს მოქალაქისთვის, თუმცა არ შსს არ აკონკრეტებს: რატომ დაარღვია სამართალდამცავმა უწყებამ მოქალაქის უფლება? როგორ, რა ფორმით დასაჯეს სამართალდამცველი?

„აღნიშნული ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოქმედების სფეროში,“ – თქვეს შსს-ში და აღნიშნეს, რომ ვერ დააკონკრეტებენ, ვინ რა ფორმით დაისაჯა ამ შემთხვევის შემდეგ.

მოქალაქე აპირებს, რომ შსს-ს ზიანის ანაზღაურების მოტივით სასამართლოში უჩივლოს. მას სამართლებრივ კონსულტაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს.

კიდევ ერთი დეტალი: გოდერძი კუბლაშვილი პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ადიგენის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. იგი არ გამორიცხავს, საქმე პოლიტიკურ დევნასთან გვქონდეს.

„გარდაბნის სასამართლომ ჩემი ეს საქმე განიხილა 2022 წელს, მას შემდეგ, როცა მე ირაკლი ღარიბაშვილს ახალციხეში აქცია მოვუწყვე,“ – გვიყვება გოდერძი კუბლაშვილი, – „მე გომბორის საგუშაგოზე გამაჩერეს იმ დღეს – კახეთიდან მოვდიოდი და წინა დღის ნაქეიფარი ვიყავი.

ექსპერტიზამ კი ჩამიწერა „ფხიზელი“, მაგრამ სასამართლო დაეყრდნო ჯანდაცვის და შს მინისტრების მიერ 2013 წელს გამოცემულ ერთობლივ ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ გამოდის ალკოჰოლი კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ, თუმცა ეს ინდივიდუალურია.

მოსამართლემ ჰკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს სხდომაზე, რატომ გააჩერეთ, რამეს არღვევდაო? შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მას გადამოწმების უფლება ჰქონდა.

რაც შეეხება დამატებით 2 თვეს: პოლიცია და სასამართლო ამ საკითხს ერთმანეთს აბრალებდნენ: სასამართლომ გვიან ჩაგვაბარა დოკუმენტიო, სასამართლოში კი, მიპასუხეს, შსს-ს წარმომადგენელი ხომ ესწრებოდა სხდომასო. ეს არის ნიშანი, თუ ასე განაგრძობ აქტიურობას, ჩვენზე ხარ დამოკიდებულიო.

ამასობაში, მე რა შუაში ვარ, მე რატომ უნდა დავზარალდე, როცა ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების დროული რეალიზება და ტრანსპორტირება ძალიან მნიშვნელოვანია?“ – კითხულობს მოქალაქე გოდერძი კუბლაშვილი, რომელიც უფლების შეზღუდვის მომენტისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: