სიახლეები

ხაჭაპური კიდევ 2.9 პროცენტით გაძვირდა – მხოლოდ კვერცხი გაიაფდა

13.07.2024
ხაჭაპური კიდევ 2.9 პროცენტით გაძვირდა – მხოლოდ კვერცხი გაიაფდა

სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ხაჭაპური ისევ გაძვირდა. 2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო, რაც წინა თვესთან, მაისთან შედარებით 2.9%-იანი ზრდაა, წლიურ ჭრილში კი, ანუ 2023 წლის ივნისთან შედარებით,  ზრდა 6.8%-ია. ეს ISET-ის მორიგი კვლევის შედეგია.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი. 

„ყველი ყველაზე მეტად ქუთაისში გაძვირდა: წლიურად 19%-ით, თვიურად კი, 17%-ით,“ – ვკითხულობთ ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ხაზგასმულია ისიც, რომ ყველი სხვა რეგიონებშიც გაძვირდება:

„იქიდან გამომდინარე, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი ყველის მწარმოებელი რეგიონია, როგორც წესი, ფასების სეზონური ცვლილება ყველაზე შესამჩნევი სწორედ ქუთაისშია. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქუთაისში ყველის ფასების ზრდა სავარაუდოდ ქვეყნის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება,“ – მიიჩნევენ ISET-ის ანალიტიკოსები.

ISET-ის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში იმ ინგრედიენტებიდან, რაც ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, მხოლოდ კვერცხი გაიაფდა 1.7%-ით.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა კარაქის [+18.1%], რძის [+16.2%], საფუარის [+14.9%] და ყველის [+7.2%] ფასები, ხოლო ფქვილი 1.4%-ით გაძვირდა.

რძის პროდუქტების ფასების ასეთი ცვლილება შეიძლება საერთაშორისო ფასების ზრდით იყოს განპირობებული – FAO-ის რძის პროდუქტების ფასის ინდექსის თანახმად, რომელიც წლიურ ჭრილში 6.5%-ით გაიზარდა, ყველაზე მნიშვნელოვნად კარაქის ფასი შეიცვალა და 35.8%-იანი ზრდა დააფიქსირა,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: