„როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს გაუკვირდა, როცა საქართველოს ხელისუფლების რეაქციის არქონაზე ვკითხეთ ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე.
„აფხაზეთში არ არის ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ფლოტი სევასტოპოლიდან, მაგალითად, აფხაზეთში გადმოიტანონ. მე ვფიქრობ, რომ ამის არანაირი შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჯდება ძალიან ბევრი მილიარდი,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი.
როგორ ასუსტებს რუსული კანონი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას? – პოლკოვნიკს ვესაუბრეთ იმ მილიონებზეც, რაც საქართველოს დასავლეთიდან თავდაცვის სფეროში უნდა მიეღო და ეს დახმარება შეწყდა.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო ლაშა, რას ნიშნავს რუსული სამხედრო გემის შემოსვლა ოჩამჩირეში და ხომ არ იცით, რა გემია შემოსული?
კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა გემი შემოვიდა, თუმცა ამ გემის შემოსვლას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ჩემი აზრით, ვიდრე სამხედრო დანიშნულება.
თუმცა, მეორე მხრივ, რუსები ფაქტობრივად კარგავენ სევასტოპოლის სამხედრო ბაზებს ყირიმში. ამიტომაც, ცდილობენ, სადღაც გადაბაზირდნენ. მე არ ვფიქრობ, რომ აფხაზეთში რაიმე მუდმივი ბაზის მოწყობაა შესაძლებელია. რუსებს არ უღირთ იქ მილიარდების ჩადება.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, არასტაბილურობის გამო, გაჩნდა შეგრძნება, მათ შორის, აფხაზურ საზოგადოებაში, რომ რუსეთი შესაძლოა ამ ომში დამარცხდეს. რუსეთის დამარცხება კი, ძალიან აშინებთ აფხაზებს. ეს გემი არის გარკვეული მხარდაჭერა, რომ ჩვენ აქ ვართ, არაფერიც არ მიგვიტოვებიაო.
ეს გემი საქართველოსთვის დამატებითი საფრთხის შემცველი არ არის – თუ რუსეთს უნდა მისწვდეს საქართველოს, მიწვდება. ერთია, რომ ის ამით ეხმარება სეპარატისტებს და მეორეა ის, რომ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს ჩვენი ტერიტორიაა, არც კი განიზრახოთ რაიმე საუბარი დაიწყოს ვინმემ აფხაზეთზეო.
- საქართველოს ხელისუფლებას, თუ საქართველოს?
დიახ, საქართველოს, თორემ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ტოტის ტოტია. რუსები საქართველოს და ყველა სხვა მოთამაშეს აჩვენებენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა.
- ქართულ მხარეს, არც ერთ უწყებას არაფერი უთქვამს ამ გემის შემოსვლაზე. ეს რას ნიშნავს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით?
როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა? ესენი არიან ყმები, ის – ბატონი. პოლიტიკურ ბატონყმობაშია ახლა საქართველო.
- რა ჯდება სამხედრო გემებისთვის ნავმისადგომის მოწყობა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტის გაყვანა საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან მომავალში ძალიან გაჭირდება?
არა. ეს ამას არ ნიშნავს.
აფხაზეთში არ არის ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ფლოტი სევასტოპოლიდან, მაგალითად, აფხაზეთში გადმოიტანონ. მე ვფიქრობ, ამის არანაირი შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჯდება ძალიან ბევრი მილიარდი. რუსებს კაპიკი ფული არ ჩაუდიათ აფხაზეთში, მუქთახორების გარდა.
ასე რომ, შეიძლება ძველი მისადგომი გამოიყენონ, წარმოსახვით პოტიომკინისტური რემონტი გააკეთონ და სადღაც ბეტონები დაასხან, მაგრამ ეგ არ ნიშნავს ფლოტის ინფრასტრუქტურას.
აფხაზებმაც უნდა იცოდნენ, რომ ამ გემებსაც მოხვდება რაღაც პერიოდში ბომბი. ეს გემებიც ჩაიძირება.
- იმას გულისხმობთ, რომ უკრაინას შეუძლია მისწვდეს რუსულ გემებს ოჩამჩირეშიც?
შეუძლია, კი.
- რას ნიშნავს ამერიკული მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის? – ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ტარდებოდა, წელს პირველად აღარ ტარდება.
ქართულმა საზოგადოებამ ერთი რამ უნდა გაიგოს კარგად: ჩვენ ვიყავით მიჩვეული, რომ აშშ, ნატოს ქვეყნები, ევროპა გვეხმარებოდა და განსაკუთრებით გვეხმარებოდა სამხედრო სფეროში. ეს იყო უანგარო დახმარება, ჩაშლილი ძალიან ბევრ პროექტად და პროგრამად.
იმ კურსით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, ნელ-ნელა ეს დახმარება შეწყდება, ან მინიმუმამდე შემცირდება. დასავლეთისთვის საქართველო აღარ განიხილება უკვე ქვეყნად, რომელიც დგას ნატოს და ევროკავშირის გზაზე. საქართველო უკვე განიხილება ქვეყნად, რომელიც დგას რუსეთის, ჩინეთის ავტოკრატიულ გზაზე. კანონებიც ამაზე მეტყველებს და მოქმედება.
თუ ვინმეს უნდა საქართველოში, სირაქლემასავით მიწაში ჩაყოს თავი და სიმართლე არ გაიგოს, ეს მისი პრობლემაა. რეალობაა ისაა, რომ ეს მილიონები, რაც იყო გამოყოფილი საქართველოსთვის, გადამისამართდება სხვა ქვეყნებში, მაგალითად, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, იმ ქვეყნების განვითარებისა და გაძლიერებისთვის, ვისაც რეალურად სურს დასავლეთთან მეგობრობა. საქართველოს ხელისუფლება აჩვენებს მკაფიოდ, რომ არ სურს დასავლეთი.
სხვათა შორის, პოლიტიკური ურთიერთობა ძალიან ჰგავს ადამიანურ ურთიერთობას: წარმოიდგინეთ, მიდიხარ და ვიღაც გაჭირვებულ მეზობელს ეხმარები, რომ გაძლიერდეს, ერთ დღესაც ის გეუბნება, დამანებე თავი, არ მინდა დახმარება. არ გინდა, ნუ გინდაო, იტყვით ჰო?
- ეს ერთობლივი წვრთნები აშშ-თან, რაც უკვე შეწყდა, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყოო, დაყვედრებასავით გამოუვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს.
კატა-თაგვობანას თამაში კატისთვის შეიძლება იყოს თამაში, მაგრამ თაგვისთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხეა, ეს სიცოცხლისთვის ბრძოლაა. ჩვენ, საქართველო, ვართ პირდაპირ დამოუკიდებლობის დაკარგვის, ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე.
ამერიკამ კავკასიაში გვანიშნა კიდეც, რომ აგერ, სომხები არიან, სხვები არიან. ჯერჯერობით ამერიკა ისევ ე.წ. მსუბუქ ძალას იყენებს საქართველოსთან.
- რას გულისხმობს ეს მიდგომა? ცხადია, რომ საქართველოს არჩევანს უკავშირდება სამხრეთ კავკასიის საკითხიც.
მე აშშ-ში მაქვს დასრულებული ომის კოლეჯი, ხარისხიც იქ დავიცავი და ძალიან კარგად მესმის, როგორ მუშაობს იქაური სახელმწიფო აპარატი – ნაჩქარევად გადაწყვეტილებას არ იღებენ. ამერიკელებს აქვთ ურთიერთობის სხვადასხვა დონე: ერთია ნორმალური, სტრატეგიული, კარგი ურთიერთობის დონე. სხვა დონეა, როცა შენ ურთიერთობის პირობას არღვევ, მაგრამ ისინი გახალისებენ, რომ სწორ გზას დაუბრუნდე. ეს ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ, როცა გვითხრეს, რომ საქართველოს აქვს საშუალება, მიიღოს უვიზო მიმოსვლა აშშ-თან.
ჩვენ ახლა ვართ წახალისების და იძულების ეტაპების შუალედში – გვეუბნებიან, ურთიერთობის გადახედვა ხდებაო. თუმცა, როგორც ჩანს, აშშ ხედავს საშუალებას, რომ თუ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება, საქართველო არ გადაიქცევა სრულად ავტოკრატიულ სახელმწიფოდ.
თუ ეს პროცესი გადავა სანქციებზე, ჩათვალეთ, ეს იქნება კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის: ლარის კურსის დევალვაცია და ასე შემდეგ, რაც ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ეკონომიკურად ისედაც დიდი პრობლემების მქონე ქვეყანას. ეს აისახება ადამიანებზე და არა ჩინოვნიკებზე, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და მილიონები იშოვეს.
ჯერჯერობით ერიდება დასავლეთი ამის გაკეთებას, თუმცა ეს იქნება ჩვენი მომავალი, თუ ჩათვლიან, რომ ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, ვინც იმსახურებს დახმარებას. დასავლეთში ჯერ კიდევ სჯერათ საარჩევნო დემოკრატიის. შესაძლოა, არც სჯერათ, მაგრამ თვლიან, რომ ქვეყანას შანსი უნდა მისცენ. ჩემი დამოკიდებულება პირადად არჩევნებზე პესიმისტურია.
- ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ეს ფულიც მიმართული იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.
მოლდოვას აძლევენ ამ ფულს და კიბერუსაფრთხოებაზე იმუშავებენ. ზუსტად რა ოდენობას აძლევენ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც თანხას მოლდოვას აძლევენ.
- თქვენი აზრით, ამ კონტექსტში რის დემონსტრირება იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განაცხადი, ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ახალ აეროპორტს ვაშენებთო?
სავარაუდოდ ესეც ტრიუკია. გვაქვს აეროპორტი და თუ გაზრდაა საჭირო, ამას დასაბუთება სჭირდება. თუ ეს საბუთდება, შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი. ვაზიანში აეროპორტის გადატანა, სადაც პოლიგონია და წვრთნები ტარდება, ფაქტობრივად ამ ბაზის გაუქმებას ნიშნავს.
ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო.
- ნატომ მიიღო ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ეს რის ხაზგასმა ნატოს მხრიდან?
დაახლოებით იგივე, როგორც ქართულ გამოთქმაშია: თავში ქვა გიხლია, მუცელში სამართებელიო. შეიძლება, უხეში შედარებაა, მაგრამ შენ თუ ეუბნები, არაფერში მჭირდები, ომის პარტია ხარ და ასე შემდეგ, იმანაც საერთოდ აღარ გახსენა. მე ამას ვხედავ.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ცალ-ცალკე პროცესი.
იმათაც უთხრეს, თუ არ გინდათ, საერთოდ არ გახსენებთო. სამწუხაროა, მაგრამ მე ამას ვხედავ. შეიძლება, ბევრ რამ არ აერთიანებთ ნატოს ქვეყნებს, მაგრამ რაც აერთიანებთ, არის ის, რომ თითოეული არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული მართვის სისტემებით და თავისუფალი სასამართლოთი, ძლიერი პარლამენტით და აღმასრულებელი ხელისუფლებით.
საქართველო კი, პირიქით უკან დგამს ნაბიჯს – დემოკრატიისგან რაც შეიძლება შორს.
- უკრაინა ივლისში მიიღებს დაპირებულ F16-ებს, რაც დაპირების მიხედვით 150 ერთეული იქნება. ეს აღჭურვილობა იქნება საკმარისი, რომ უკრაინამ თავიდან აიცილოს ისეთი სარაკეტო დარტყმები, როგორიც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ კიევში?
ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ძალიან დიდ ცვლილებას შეიტანს ფრონტის ხაზზე.
სარაკეტო დარტყმების ასაცილებლად კი, ძლიერი საჰაერო თავდაცვაა საჭირო. როცა რუსეთის მსგავსი ქვეყანა გებრძვის, 100-პროცენტიანი სარაკეტო დაცვა არ არსებობს, ვერ გექნება. უკრაინას თავს ესხმის არა „ჰამასი“ და ვიღაც, არამედ ბირთვული სახელმწიფო, თავისი ჩრდილოეთ კორეით, ჩინეთით და ასე შემდეგ.
- „რუსეთი მარცხდება ამ ომში. ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა მის ისტორიაში,“ – ამბობს ბაიდენი. თქვენი აზრით, ეს მხოლოდ პოლიტიკური გზავნილია, თუ ხედავთ რეალურ ნაბიჯებს, რაც უკრაინას მალე მოუტანს წარმატებას?
რუსეთი გაცილებით სასტიკი მეთოდებით იბრძვის, ვიდრე ეს იყო მეორე მსოფლიო ომში. დასავლეთი მხარს უჭერს და დაუჭერს უკრაინას იმის მიუხედავად, ვინ მოიგებს არჩევნებს აშშ-ში – დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შედეგი.
ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ჩემი ვარაუდით, 3-4 წელი იქნება კიდევ, რადგან სწრაფად ვერ დაამარცხებ რუსეთს.
- ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ამბობდით, დასავლეთის სტრატეგიაა, გამოფიტოს რუსეთი და ამ გზით დაამარცხოსო. ხედავთ გამოფიტვის ნიშნებს?
დიახ, ამის ბევრი ნიშანია: შეხედეთ ფრონტის ხაზს!
ჩემი აზრით, კონტრშეტევა ტყუილი საუბარია, რადგან ეს არაკონვენციური ომია. ვერცერთი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ ამ დრომდე გაათავისუფლა, კონტრშეტევით არ გათავისუფლებულა. ყველგან იყო ის მომენტი, რომ რუსებმა ვეღარ განაგრძეს ბრძოლა და გავიდნენ. კონტრშეტევას სჭირდება წინაპირობა, რაც არ არსებობს. მას შენზე მეტი ძალები აქვს, მეტი საშუალებები და ბევრად მეტი ცოცხალი ძალა.
დადგება დრო, როცა რუსეთი ვეღარ შეძლებს ამ ომის გაგრძელებას, ხელშეკრულებაც არ იარსებებს, როგორც ვაკვირდებით და მოუწევს გასვლა. მას აღარ ეყოფა იმის რესურსი, 5 და 6 წელი ომის პირობებში იყოს.
რუსეთი აქამდე იყო შეტევაზე, ახლა კი გადავიდა ყრუ თავდაცვაზე – რაღაც მიმართულებებზე ისევ უტევს, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა წაართვას უკრაინას.
- თუ უკრაინას დაჩქარებულ რეჟიმში მიაწვდიან შესაბამის სამხედრო ტექნიკას დასავლეთიდან, ეს არ დააჩქარებს პროცესს?
დიახ, შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცესი. არავინ იცის, რეალურად როგორ წარიმართება მოვლენები. შეიძლება, უცებ ჩამოიშალოს რუსეთი.
მაგალითად, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა პრიგოჟინის ამბავს – ერთ-ორი დღე რომ დასცლოდა, შეიძლება, რუსეთში სამოქალაქო ომი დაწყებულიყო. რუსეთი ძალიან არასტაბილურია და ამას აჩვენებს მახაჩკალას ბოლო შემთხვევაც, როცა მუსლიმი მეომრები თავს დაესხნენ რუსებს.
რუსეთი ძალიან მღვრი წყალში ცურავს, როგორც სახელმწიფო.