„მე სრულად ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად განვახორციელე როინ შავაძის უკანონო დაკავება, რა მიზნითაც გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მასში მივუთითე, რომ თითქოსდა როინ შავაძის პირადი ჩხრეკისას ამოვიღე ნარკოტიკული საშუალებები, რაც როგორც მოგახსენეთ, რეალურად არ განმიხორციელებია.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, როინ შავაძის სამხედრო პირადობის მოწმობასთან ერთად, მე სამსახურში გადმომცა თეიმურაზ პატარიძემ და დამავალა, რომ ოქმში მიმეთითებინა აღნიშნული ნივთიერებების როინ შავაძის ჩხრეკისას ამოღების შესახებ, რაც მე შევასრულე კიდეც,“ – ეს აღიარებითი ჩვენება სულიკო ვარშანიძეს ეკუთვნის.
ვარშანიძე როინ შავაძის მკვლელობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის განყოფილების განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.
სულიკო ვარშანიძემ სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია. მას უკანონო დაკავება დაუდასტურდა, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია. სპეცრაზმელებისგან განსხვავებით, რომლებსაც 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, სულიკო ვარშანიძე უკვე თავისუფალია. როგორც მისმა ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ გვითხრა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მხოლოდ 9 თვით შეუფარდეს რეალური სასჯელი. სულიკო ვარშანიძე ახლა პირობითი მსჯავრის ქვეშაა.
„მე გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე სპეცრაზმის თანამშრომლების ხელმოწერები. ყოველივე ჩემი აღნიშნული მოქმედებებით, ხელი შევუწყვე როინ შავაძის უკანონო დაკავებას და მონაწილეობა მივიღე მის უკანონო დაკავებაში, რადგან აღნიშნულით შეიქმნა ერთ-ერთი საფუძველი როინ შავაძის უკანონო დაკავებისა, რასაც ვნანობ და განვიცდი.
ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ხსენებულ პერიოდში ვინაიდან ქვეყანაში იყო საომარი მოქმედებები, მე რომ არ შემესრულებინა ეს დავალებები, შესაძლოა მეც შერაცხული ვყოფილიყავი სამშობლოს მოღალატედ და შესაძლოა მომხდარიყო ჩემი ლიკვიდაციაც,“ – დასძინა გამომძიებელმა.
მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ როინ შავაძის საქმეზე კონკრეტული პირებისთვის პასუხის მოთხოვნა გადაწყვიტა, საქმის გამომძიებელმაც გაიხსენა, როგორ მიიყვანა გიორგი ჩიქოვანმა კუდის შენობაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი მკვლელობის წინა დღით:
„2008 წლის 15 აგვისტოს ვიმყოფებოდი ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა N4-ში მდებარე ჩემს სამსახური. აღნიშნულ დროს, სამსახურში ყოფნისას დავინახე ჩვენი თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი. აღნიშნული პიროვნება დასახელებული დროისათვის რა თანამდებობაზე მუშაობდა, არ მახსოვს. მას თან ახლდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობდი.
შემდეგ გავიგე, რომ ყოფილა როინ შავაძე.
გიორგი ჩიქოვანმა ხსენებული პიროვნება წაიყვანა ჩვენი სამსახურის უფროსის, თეიმურაზ პატარიძის კაბინეტისკენ. ამის შემდეგ მე გადავერთე ჩემს საქმეზე და შემდეგში ყურადღება აღარ მიმიქცევია ხსენებული პირებისთვის.
რამოდენიმე ხანში, დავინახე, რომ აღნიშნულმა სამხედრო ფორმაში მყოფმა პიროვნებამ დატოვა ჩვენი სამსახური. გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიგონე თეიმურაზ პატარიძის ყვირილი, რა დროსაც იგი გიორგი ჩიქოვანზე გაბრაზებული ყვიროდა ხმამაღლა და იძახდა, რომ, მე იმის გარკვევა დავავალე, დაედგინა, კაცი სახლში იმყოფებოდა თუ არაო, მან კი სამსახურში მოიყვანა ეს კაციო. იმავდროულად პატარიძე იგინებოდა „მაიმუნა“-ს მისამართით.
მეორე დღეს, ანუ 2008 წლის 16 აგვისტოს, ვიმყოფებოდი სამსახურში, გრიბოედოვის ქუჩაზე და როგორც მახსოვს, ვიმყოფებოდი ჩვენი საგამოძიებო განყოფილების უფროსის – მალხაზ აბულაძის კაბინეტში, რა დროსაც იქ შემოვიდა თეიმურაზ პატარიძე და გვითხრა, მოემზადეთ, კაცი იქნება დასაკავებელიო. ზოგადად, როგორც გამომძიებელს, საგამოძიებო მოქმედებებისთვის მე ისედაც გამზადებული მქონდა ხოლმე შესაბამისი დოკუმენტები და ამიტომ დაველოდე შემდგომ ბრძანება, რომ გავსულიყავით დანიშნულების ადგილზე.
აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე ხანში აბულაძემ დაიძახა, გავდივართ უკვეო, რის შემდეგაც ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით გავედი დანიშნულების ადგილზე. მალხაზ აბულაძეც ასევე იმყოფებოდა ჩემთან ერთად აღნიშნულ ავტომანქანაში.
კერძოდ კი, მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან ჩვენ მივედით გამსახურდიას ქუჩის კვეთასთან, ე.წ. „ოქროს ბირჟის“ სიახლოვეს. აღნიშნულ დროს დავინახე, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა ჩვენი სამსახურის უფროსი თეიმურაზ პატარიძე – გადმოსულიყო თავისი ავტომანქანიდან და მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა მისი მოადგილე ალი ბალაძე. დასახელებული დროისათვის, როგორც თეიმურაზ პატარიძე, ასევე ალი ბალაძე წარმოადგენდნენ სწორედ ხელმძღვანელ პირებს. დაკავების ადგილზე ასევე დავინახე გიორგი ჩიქოვანი.
აღნიშნულ ადგილზე უკვე მისული იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, სულ თუ რამდენი თანამშრომელი იყო, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ იყვნენ საკმაო რაოდენობით. აქვე დავძენ, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებიდან მე ყველას არ ვიცნობდი პირადად. ვიცნობდი მხოლოდ ზვიად ნურიძეს და მახსოვს, რომ ზვიად ნურიძე დაკავების ადგილზე იმყოფებოდა. შემდეგში კი, ჩემთვის ცნობილი გახდა იქ მყოფი სხვა სპეცრაზმის თანამშრომლების ვინაობებიც, კერძოდ კი ესენი არიან: თემურ მგელაძე, ომარ ჭაღალიძე, დავით ზაქარაძე, მამუკა ბერიძე, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძე, გიორგი არაბული, მირზა კონცელიძე და ასევე ზვიად ნურიძე.
დაკავების ადგილზე ჩემი მისვლის შემდეგ დავინახე, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებს გაკავებული ჰყავდათ სამხედრო ფორმაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო ის პირი, რომელიც წინა დღეს გიორგი ჩიქოვანს მოყვანილი ჰყავდა ჩვენთან სამსახურში…
როინ შავაძეს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. მას რაიმე წინააღმდეგობა, ვინმესთვის ჩემი იქ ყოფნის დროს არ გაუწევია და არც რაიმე წინააღმდეგობის გაწევა უცდია ჩემი იქ ყოფნის პერიოდში. აღვნიშნავ, რომ მე როინ შავაძის პირადი ჩხრეკა არ ჩამიტარებია და მისგან ნარკოტიკული საშუალება ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამომიღია. ასევე დაკავების ადგილზე ჩემს მიერ შედგენილი არ ყოფილა აღნიშნული პირის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. აღვნიშნავ, რომ შესაძლოა ფორმალურად ადგილზე, „ოქროს ბირჟის“ მიმდებარედ მე დავიწყე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, თუმცა მახსოვს, რომ ხსენებული ოქმი შემდეგში თეიმურაზ პატარიძის მითითებით მე შევადგინე ჩვენს სამსახურში.
აღვნიშნავ, რომ ადგილზე მითითებებს გასცემდა თეიმურაზ პატარიძე, ასევე მახსოვს, რომ ჩემი იქ მისვლის შემდეგ პატარიძემ დაიწყო თავის მობილურ ტელეფონზე საუბარი, როგორც ჩანს, ამ დროს ვიღაც პირმა დაურეკა მას. მას შემდეგ, რაც პატარიძე მორჩა საუბარს, მან ხმამაღლა დაიყვირა როინ შავაძის მისამართით, ჩასვით მანქანაში ამის მოღალატე დედაო და თან შეაგინა როინ შავაძეს.
მართლაც ამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით სამსახურში, სადაც მე მოვახდინე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა. რამოდენიმე საათში, სამსახურში დაბრუნდა თეიმურაზ პატარიძე და დამავალა ოქმში ჩამეწერა, რომ როინ შავაძის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი და სუბოტექსი. ასევე, თეიმურაზ პატარიძის მითითებით, როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მე მივუთითე, რომ თითქოს როინ შავაძემ დაკავებისას გასწია წინააღმდეგობა, რეალურად კი, რაიმე ასეთ ფაქტს დაკავების ადგილზე ჩემი ყოფნის დროს, ადგილი არ ჰქონია.
მე უშუალოდ როინ შავაძის მკვლელობის ადგილზე არ ვიმყოფებოდი და აღნიშნული ფაქტის შემსწრე არ გახლავართ, თუმცა მახსოვს, რომ მოგვიანებით, როდესაც თეიმურაზ პატარიძე დაბრუნდა სამსახურში, მან დაიწყო როინ შავაძის ლანძღვა. კერძოდ კი, იგინებოდა როინ შავაძის მისამართით და იძახდა, მაგის მოღალატე დედაო,“ – დაასრულა სულიკო ვარშანიძემ.