10 ივლისს, ანუ 2 დღის წინ, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ ემსახურებოდა მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში.
მას შემდეგ, რაც ამ კითხვით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურებში დავრეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ სამივე მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ჯერ ქარდები, სადაც მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების ხაზზე გასვლას აანონსებდა, შემდეგ კი მგზავრებით სავსე ავტობუსის ფოტოები გამოაქვეყნეს.
დღეს, 12 ივლისს, მუნიციპალიტეტის საკრებულოებს ვკითხეთ, საკრებულოს რომელ სხდომაზე განიხილეს/დაადგინეს ახალი ავტობუსის მოძრაობის მარშრუტი, ტარიფი და თუ ატვირთეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგი წინასწარ მუნიციპალიტეტების ვებგვერდზე.
სწორედ ქედის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს 10 ივლისს, რომ ტარიფზე მსჯელობდნენ, რის შემდეგაც საკითხი მარშრუტისა და ტარიფის დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე უნდა გავიდეს.
დღეს ჩვენ ქედის საკრებულოს პრესსამსახურს ვესაუბრეთ – მათ პასუხი კი წინააღმდეგობაში მოდის მერიის პრესსამსახურის განმარტებასთან: „ეს მარშრუტი არ არის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. შესაბამისად, მარშრუტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი არ იღებს… ტარიფს რაც შეეხება, რა ტარიფიც დადგენილია [„სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის”], მე როგორც ვიცი, 3 ლარია, იმ ტარიფში მოძრაობს. განსხვავებული ტარიფი დადგენილი ჯერ არ არის. თუ განსხვავებული ტარიფი იქნება დასადგენი, ამაზე შემოიტანენ საკითხს და განვიხილავთ შემდეგ“.
როგორც ქედის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, „საზოგადოებრივი ტრანსპორტით l ჯგუფის შშმ პირები, ომის ვეტერანები, სტუდენტები და მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ“ შემდეგი განრიგით: „07:45 საათი ბათუმი-ქედა; 18:00 საათი ქედა-ბათუმი“.
შუახევის საკრებულოს პრესსამსახურის თქმით კი, ამ ეტაპზე ვებგვერდი გამორთულია, „რაღაც მიზეზების გამო“ და გამოცხადებულია ახალი ტენდერი ვებგვერდის გამართვისთვის. შესაბამისად, ვებგვერდზე ვერ ვნახავდით ინფორმაციას საკრებულოზე განსახილველი დღის წესრიგის შესახებ.
„ჩვენ განკარგულებით მივიღეთ გადაწყვეტილება. გუშინ განვიხილეთ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე და დავადგინეთ ავტობუსის ტარიფი და დრო“, – გვითხრეს შუახევის საკრებულოს პრესსამსახურში.
მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 4 ლარი იქნება, ხოლო შშმ პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მეუღლე და შვილები, სტუდენტები და 6 წლამდე ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ – ვკითხულობთ შუახევის მერიის Facebook გვერდზე. მათი თქმით, აქ დღეს „ახალმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ბათუმი-შუახევი მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა“.
„30.05.2024 წლის, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, განისაზღვრა მგზავრობის მარშრუტისა და მგზავრთა გადაყვანის ტარიფები. განკარგულების თანახმად, მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 10 ლარის ნაცვლად 6 ლარი იქნება, ხოლო 10 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ომის ვეტერანები და I ჯგუფის შშმ პირები უფასოდ იმგზავრებენ“, – გვითხრეს ხულოს მერიაში.
აქ ავტობუსები ყოველ დღე იმოძრავებენ, გარდა კვირა დღისა. მუნიციპალიტეტის ცნობით, ხულოში მგზავრებს 2 ავტობუსი შემდეგი განრიგით მოემსახურება: „I რეისი, ხულო-ბათუმი 07:30 სთ; II რეისი ხულო-ბათუმი 18:30 სთ; I რეისი ბათუმი-ხულო 07:00 სთ; II რეისი ბათუმი-ხულო 18:30 სთ“.