მთავარი,სიახლეები

აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს ისევ განათავსებს

11.07.2024 •
აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს ისევ განათავსებს

რუსეთის შეკავების მიზნით აშშ გააძლიერებს ზომებს ნატოს ევროპელი პარტნიორების დასაცავად – გერმანიაში 2026 წლიდან დროებით განთავსდება Tomahawk-ის რაკეტები და სხვა, შორი დისტანციის იარაღი – ამის შესახებ დასავლური მედია წერს ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით.

მედიაგამოცემები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პირველად ცივი ომის შემდეგ, გერმანია ისევ განათავსებს თავის ტერიტორიაზე იარაღს, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტას, ისევე როგორც გერმანულ TAURUS-ს, შეუძლია ღრმად შეაღწიოს მტრის ტერიტორიაზე, დაბალ სიმაღლეზე და გაანადგუროს ისეთი მნიშვნელოვანი სამიზნეები, როგორიცაა სარდლობის ცენტრები, ბუნკერები და რადარები. ამავდროულად, Tomahawks-ის რაკეტის გაშვება შესაძლებელია გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან, ხოლო TAURUS -ის – თვითმფრინავებიდან.

„ბაიდენი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები აპირებს დაიცვას ალიანსის ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრი“, – წერს „დოიჩე ველე“.

აშშ-სა და გერმანიის შეთანხმებას დღეს, 11 ივლისს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მან პენტაგონის გეგმას გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგების შესახებ ესკალაციის ერთ-ერთ რგოლი უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს ამაზე სამხედრო პასუხი ექნება.

____________________

ფოტოზე: Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტა. ფოტო: ვიკიპედია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: