მთავარი,სიახლეები

პუტინს და სი ძინპინს იმედი აქვთ, რომ რამდენიმე თვეში ბაიდენის ჩამოიშორებენ – რას წერს გერმანული მედია

11.07.2024 •
პუტინს და სი ძინპინს იმედი აქვთ, რომ რამდენიმე თვეში ბაიდენის ჩამოიშორებენ – რას წერს გერმანული მედია

წამყვანი გერმანული მედიები კვლავაც აქტიურად წერენ იმის შესახებ, „რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე“ დგანან, როგორც ევროპის ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. ზოგიერთი მათგანის ბოლო შეფასებით, დაპირისპირებები დღითი დღე მატულობს, ყველაზე აქტუალური კი კვლავაც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევაა უკრაინაზე, რომელმაც ორშაბათს კიევში ბავშვთა კლინიკა დაბომბა.

დღეს ასევე გამოკვეთილია ჩინეთის ზრდადი აგრესია (ჩინეთი-ტაივანის კონფლიქტი), ევროპის მემარჯვენე პარტიების ზრდადი გავლენა ევროპაში, შუა აღმოსავლეთში ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება და ერთ-ერთი ყველასთვის მნიშვნელოვანი, კარზე მომდგარი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც შეიძლება შეცვალოს დღევანდელი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები დაემთხვა იმ წელს, როდესაც ვაშინგტონში, 9-11 ივლისის სამიტზე, ნატოს 75  წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართება. გერმანიის ბუნდესკანცლერის, ოლაფ შოლცის და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გარდა, სამიტზე ასევე დაპატიჟებულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ნატოს სამიტი, პირველ რიგში, ეძღვნება ალიანსის გაძლიერებას, იმის უზრუნველყოფას და ჩვენებას, რომ ნატო ნამდვილად შეძლებს მოსალოდნელ კრიზისებთან ეფექტურად გამკლავებას. ეს სხვაგვარად ასევე ნიშნავს იმას, რომ ტრამპს არ უნდა მიეცეს ამ წლის არჩევნებში გამარჯვების საშუალება. მიუხედავად ამისა, აშშ-ში გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ, ბევრ ადამიანს შეეპარა ეჭვი ბაიდენის კანდიდატურის სიძლიერეში და ვარაუდობს, რომ ბაიდენს წელს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს.

მაგრამ არის თუ არა ეს სინამდვილეში ასე?

სკეპტიციზმი ამის შესახებ არამხოლოდ ამომრჩევლებში, არამედ ამერიკის კონგრესშიც იზრდება. 81 წლის ბაიდენს უკვე მოუწია ერთ-ერთი დემოკრატისგან იმის მოსმენა, რომ მან საარჩევნო კამპანია უნდა დაასრულოს. სხვა დემოკრატი სენატორებისგანაც ისმის, რომ ბაიდენი ვერ შეძლებს ამ წლის არჩევნებში გამარჯვებას.

ივნისის მიწურულს ტრამპთან გამართული სატელევიზიო დებატებისას ბაიდენი გაურკვევლად საუბრობდა და რამდენჯერმე იმეორებდა სათქმელს, ასევე ბოლომდე ვერ ასრულებდა წინადადებებს.

ბაიდენს ხშირად აქვს პრობლემები საუბრისას, მათ შორის ხშირად ერევა სახელები და ადგილები. ამას გარდა, მისი საუბარი ხშირად რთულად გასაგებია, რამაც გამოიწვია ეჭვების გაჩენა, რომ ბაიდენი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ოფისის მართვას და მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

ეს დღეები ბაიდენისთვის კრიტიკული და გადამწყვეტია. ტრამპთან დებატების შემდეგ ბაიდენის ყველა მოქმედება, გამოსვლა თუ ექიმთან ვიზიტი თეთრ სახლში მუდმივ რეჟიმში ფიქსირდება. მისი ნებისმიერი შეცდომა ახალი დაპირისპირების ტალღას იწვევს.

მიუხედავად ამისა, ბაიდენის გამოჩენა ნატოს სამიტზე, როგორც ყოველთვის, უკრაინაზეა ფოკუსირებული. კრიტიკოსების შეფასებით, ეს სამიტი შესაძლოა კიდევ ერთი დიდი შანსი იყოს ბაიდენის კანდიდატურისთვის. მას მიეცემა არამხოლოდ იმის საშუალება, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი დასავლეთის ლიდერად, არამედ იმის შესაძლებლობაც, რომ გააქარწყლოს ეჭვები მის მენტალურ თუ ფიზიკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ამჟამად ყველა მოუთმენლად ელოდება ბოლო პრესკონფერენციას, რომელიც ვაშინგტონში ხუთშაბათს გაიმართება, სადაც ბაიდენს ექნება შესაძლებლობა უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს.

„საუბარია იმ პრეზიდენტზე, რომელმაც მხოლოდ ივნისში, დებატების პარალელურად, 15 შტატი და სამი ქვეყანა მოინახულა. ამას გარდა, სამი პრესკონფერენცია და 21 საჯარო ღონისძიება გამართა და 30 000 მილი იფრინა.

ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში შეიქმნა 16 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ პერიოდში შეერთებულმა შტატებმა გაუსწრო ყველა სხვა მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყანას და ინფლაციის დონეც მკვეთრად დაეცა. ეს ყველაფერი, რამდენადაც დღეს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ყოველგვარი სკანდალის გარეშე“, – წერს Die Zeit-ის ჟურნალისტი.

დასავლეთში იმედოვნებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატები წელსაც შეძლებენ გამარჯვებას – ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენასა და შენარჩუნებას. ამის საპირისპიროდ, ავტოკრატები, როგორიცაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინია, იმედოვნებენ, რომ ისინი რამდენიმე თვეში შეძლებენ პოლიტიკური ლანდშაფტიდან ბაიდენის ჩამოშორებას, მაშინ როცა ტრამპი, როგორც დემოკრატიული პრინციპებისგან შორს მდგომი ინდივიდი, მათთვის უფრო მიმზიდველია.

იმ შემთხვევაში, თუ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპი თეთრ სახლში უკან დაბრუნდება და რესპუბლიკელები შეძლებენ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვებას, ტრამპს ექნება ნაკლები დაბრკოლება დიდი პოლიტიკური ძვრებისა და ცვლილებებისთვის.

ამჟამად დემოკრატებს ისედაც უჭირთ სენატში 51 ადგილის შენარჩუნება (დანარჩენი 49 ადგილი რესპუბლიკელებს უკავიათ). აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კი ისედაც რესპუბლიკელები ფლობენ უმრავლესობას – 220 ადგილს (დემოკრატები 213 ადგილს).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: