რუსეთში, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველი საზოგადოება „მემორიალის“ ერთ-ერთ დამაარსებლისა და თანათავმჯდომარის, 70 წლის ოლეგ ორლოვის სასჯელი – ორწელიწად-ნახევარი ზოგადი რეჟიმის კოლონიაში, ძალაში დატოვა.
„მემორიალის“ თანათავმჯდომარე 27 თებერვალს რუსული ჯარის დისკრედიტაციის მუხლით გაასამართლეს სტატიის გამო – „ფაშიზმი უნდოდათ. მათ ის მიიღეს“, რომელშიც ორლოვმა ომი გააკრიტიკა და მას დამანგრეველი უწოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვისაც.
„ქვეყანა, რომელმაც ოცდაათი წლის წინ დატოვა კომუნისტური ტოტალიტარიზმი, უკან დაბრუნდა ტოტალიტარიზმში, ახლა – ფაშისტურში“ – წერს ორლოვი სტატიაში რუსეთზე.
ორლოვი რუსეთის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“.
ორლოვმა სასამართლო სხდომაში მონაწილეობა მიიღო იზოლატორიდან ვიდეო ჩართვის საშუალებით. მისი გამოსვლა სასამართლოში და პროცესის მიმდინარეობა „მემორიალმა“ გაავრცელა „ტელეგრამზე“.
ორლოვმა თქვა, რომ ენდობა ადვოკატს და თავად არ უპასუხებს კითხვებს. „მე წავიკითხავ წიგნს და ვიტოვებ მხოლოდ ბოლო სიტყვას. მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ უსამართლო პროცესში“, – მის ციტატას „მემორიალი“ აქვეყნებს.
ორლოვმა თქვა, რომ არაფერს ნანობს:
„არაფერს ვნანობ. საჭირო დროს საჭირო ადგილას ვარ. როცა ქვეყანაში მასობრივი რეპრესიებია, მე ვარ მათთან, ვისაც დევნიან“.
სასამართლო პროცესზე მივიდა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი და რამდენიმე რუსი უფლებადამცველი.
ეს არ იყო ორლოვის პირველი სასამართლო.
გასულ წელს ორლოვი იგივე ბრალდებით დააჯარიმეს 150 000 რუბლით, თავისუფლების აღკვეთის გარეშე, მაგრამ სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სააპელაციო საჩივრით ორლოვისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. საქმეში გაჩნდა დამამძიმებელი გარემოებები, რომ ორლოვი, სავარაუდოდ, „განიცდის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიძულვილს“ და „მემორიალთან“ ერთად „ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების სტაბილურობას“. დაინიშნა განმეორებითი სასამართლო პროცესი და 2024 წლის 27 თებერვალს ოლეგ ორლოვს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
_______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV