მთავარი,სიახლეები

როგორია არჩევნებზე „ოცნების“ დამარცხების ორი მეთოდი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

12.07.2024 •
როგორია არჩევნებზე „ოცნების“ დამარცხების ორი მეთოდი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

300 ათასამდე საჯარო მოხელე, 40 ათასი სოციალურად დაუცველი, რომლებიც წინასაარჩევნოდ, ფორმალურად დაასაქმეს, საბიუჯეტო რესურსები და ძალადობა ადამიანებზე, ხელების გადაგრეხის მცდელობა – წინასაარჩევნო გარემოს აღწერს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ჩამონათვალის ბოლოს ამბობს:

„ობიექტურად, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარღვევა შეუძლებელია. მსგავსი სირთულეები იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, მაგრამ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისი დემოკრატიული ინსტინქტები საკმაოდ ძლიერია“. 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას „ბათუმელები“ მოახლოებულ არჩევნებზე და პოლიტიკურ გარემოზე ესაუბრა. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჟან მონეს პროფესორია.

  • ბატონო კორნელი, რა განცხადებებსაც ვისმენთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, თქვენი დაკვირვებით, რამდენად რჩება, ოპოზიციური გაერთიანების შანსი?

იმის მიუხედავად, რომ ძალიან წინააღმდეგობრივი განცხადებები ვრცელდება კოალიციის შეკვრასთან დაკავშირებით, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი – ერთი-ორი კვირა კიდევ აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოილაპარაკონ ამ საკითხზე.

საზოგადოებრივი კვლევებიც ადასტურებს, რომ მაქსიმუმ 2 ან 3 მიზიდულობის ცენტრი შეიძლება შეიქმნას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას. ამის იქეთ ვინც დარჩება, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. ყველას ინტერესშია, არ დარჩეს გარეთ. ეს აიძულებს პოლიტიკურ პარტიებს, წავიდნენ კომპრომისზე, გვერდზე გადადონ პერსონალური გრძნობები და სხვა თემები.

  • ელით ამ კომპრომისებს?

ზოგიერთი პარტიიდან ალბათ იქნება. მოლაპარაკების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და რიტორიკის დონეზე ყველა მხარე აცხადებს მზაობას.

  • გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა, რომ ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი. ერთობის და მინიმუმ 3 ოპოზიციური ცენტრის შექმნის გარეშე რჩება იმის შანსი, რომ „ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს?

თეორიულად შეიძლებოდა გაერთიანებულიყო ეს პარტიები, მაგრამ ჩანს, რომ ეს უკვე შეუძლებელია. თუ ვენდობით სოციოლოგიურ კვლევებს, ფაქტია, რომ რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის შექმნა საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, დივერსიფიცირებული მიდგომა ჰქონდეს.

ბოლო კვლევებში მოსახლეობის დიდ ნაწილს ისევ აქვს პასუხი: „არ ვიცი“. უცნობია, ისინი როგორ მოიქცევიან. ეს შეიძლება იყოს შიშის, ასევე, სხვა ფაქტორები. ამის გამო ჭირს საბოლოო დასკვნის გაკეთება.

ორი მეთოდია, როგორ შეიძლება დასუსტდეს „ქართული ოცნება“: ერთია ამომრჩევლის რეკორდული რაოდენობის გამოცხადება არჩევნებზე, რაზეც მუშაობენ პოლიტიკური პარტიები; მეორეა „ოცნებაზე“ გულგატეხილი ამომრჩეველი, რომელიც პროევროპულია – ამ ადამიანებმა ხმა უნდა მისცენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ჩემი აზრით, ეს გახარიას და მისი პოტენციური ბლოკის შანსია.

თუ ამას მივუმატებთ ამომრჩევლის მაქსიმალურ გამოცხადებას არჩევნებზე, დიდი შანსია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიპოვოს უმრავლესობა.

მნიშვნელოვანია, გახარიას პარტიასთანაც გაერთიანდნენ სხვა პარტიები. როგორც ვიცით, განიხილება ანა დოლიძის პარტია, ელისაშვილი და ასე შემდეგ.

  • გაქვთ მოლოდინი, რომ მაგალითად, არჩევნების წაგების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას?

გააჩნია, რამდენი პროცენტით წააგებს. თუ ისინი დამარცხდებიან, მოუწევთ დათმობა. ასე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ ემეტებოდა ხელისუფლების დათმობა.

„ქართული ოცნების“ უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებას იმდენად ჩაბღაუჭებულია, ჰგონიათ, იმის იქეთ ცხოვრება არ არის.

  • „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დასავლეთის შეფასებები იყო მნიშვნელოვანი. იმავეს „ქართულ ოცნებაზე“ ვერ ვიტყვით. ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ „ოცნება“ არჩევნების მიტაცებას შეეცდება? 

თუ დადასტურდება არჩევნების გაყალბება, ამას მოჰყვება სერიოზული რეაქცია საზოგადოების მხრიდან – ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, ვერ ეგუება ამას, მას ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ გაყალბებს არ მიიღებს და ამას მოჰყვება სხვა რეაქციები. ეს ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის.

ცხადია, არჩევნები არ არის მხოლოდ კენჭისყრის დღე. მნიშვნელოვანია, მთელ პროცესს დააკვირდეს პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო დამკვირვებლები, მედია.

ჯერ არ ვიცით, ხელისუფლება რუსული კანონის როგორ განმარტებას შემოგვთავაზებს აგვისტოში, როგორ მსვლელობას მისცემს მას. თუ ისინი შეეცდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ზეწოლას და თავდასხმას, ეჭვქვეშ დგება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობა.

  • უშვებთ, რომ ხელისუფლება შეიძლება აპირებდეს ანტიდემოკრატიული ქმედებების შეწყვეტას? დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ცინიკურად ევროკავშირის მიერ დახმარების პაკეტის გაყინვაზე… 

რაღაც არ ეტყობათ, არ უნდა ვიყოთ მიამიტები, თუ თვითონ ივანიშვილს არ გაუჩნდა იმის განცდა, რომ ის მარცხდება. ისინი მუშაობენ პრინციპით – „აი, წილი ნაყარია“. ისინი აგრესიული რიტორიკით, საზოგადოების დაყოფით და ერთმანეთზე გადაკიდებით ცდილობენ შედეგზე გასვლას, ჰგონიათ, რომ ეს იმუშავებს.

  • ივანიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებს მოიგებს? 

ჯერ ასეა.

არჩევნების შემდეგ თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, არაა გამორიცხული ხელები ივანიშვილმა ამ ხალხს შეაწმინდოს და სულ სხვა ხალხი მოიყვანოს, ოღონდ პრობლემა აქვს: ქართველმა ხალხმა უკვე კარგად გაიგო ივანიშვილის მუშაობის სტილი, შესაბამისად, ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის ხელახლა დაწყება.

  • წინა არჩევნები და კვლევები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი საქართველოში გადაუწყვეტელია. ხედავთ შანსს, რომ ეს ამომრჩეველი გააქტიუროს ოპოზიციამ და მიიმხროს? 

ოპოზიცია მუშაობს, თუმცა ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს. უფრო მეტია საჭიროა, განსაკუთრებით საჭიროა რეგიონებში სიარული. მარტო ტელევიზიებით გამოსვლა არ არის საკმარისი.

უნდა გავითვალისწინოთ მოცემულობა: 300 ათასამდე საჯარო მოხელეა ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლებები მუდმივად იყენებენ და ეს ხელისუფლება – მით უმეტეს. ამას ემატება სოციალურად დაუცველები, რომლებსაც ცვლილებები არ უნდათ, რადგან არწმუნებენ, რომ შემწეობა შეიძლება დაკარგონ. ბიზნესის 80% მმართველ პარტიას აძლევს შემოწირულებას, ამას ემატება 6 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მქონე ოლიგარქი…

ამ პირობებში ძალიან რთულია საარჩევნო კამპანიის წარმოება, რადგან ამას ემატება ძალადობა, როცა თავს ესხმიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მედიას. ეს ალბათ გახშირდება მომავალ თვეებში.

ობიექტურად ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარღვევა შეუძლებელია. მსგავსი სირთულეები იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, მაგრამ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისი დემოკრატიული ინსტინქტები საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოახერხა ქვეყანამ კრიზისებიდან თავის დაღწევა მშვიდობიანად.

  • ცალკეულ ოპოზიციონერ ლიდერს ეტყობა მიდგომა, რომ თუ ამომრჩევლის უმრავლესობა ევროპა სურს და ეს არაერთხელ დადასტურდა, მაშინ ის იძულებული იქნება არჩევნებზე წავიდეს, რადგან მკაფიოდ გამოჩნდა „ოცნების“ პრორუსულობა, ეს არჩევნები კი, იქნება ერთგვარი რეფერენდუმი… რა არის ამ მიდგომის მთავარი რისკი? 

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებს არ შესთავაზონ კონკრეტული ხედვები, სტრატეგიები.

დავუშვათ, მოიგო ეს არჩევნები ოპოზიციამ. ამომრჩეველმა არ უნდა იცოდეს, რა ელოდება იგივე კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ?!

  • როგორ მუშაობს ოპოზიცია და ხელისუფლება ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის არჩევნებამდე 100 დღით ადრე?

მმართველი პოლიტიკური ძალა პროპაგანდისტული ხერხებით, საერთაშორისო პარტნიორებსა თუ პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმებით ცდილობს გასვლას, ასევე, წნეხი აქვთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე, ისინი ხელების გადაგრეხას ცდილობენ, რის რესურსიც მათ ბოლომდე არ აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ჯერ-ჯერობით ისევ გადაწყობის და გადალაგების პროცესში არიან. დიდი მნიშვნელობა ექნება, რა გზავნილი ექნებათ მათ ამ 100 დღის განმავლობაში, რა ხედვებს და სტრატეგიას შესთავაზებენ ისინი საზოგადოებას. დრო ძალიან ცოტა დარჩა: აგვისტო ფაქტობრივად მკვდარი თვეა და სექტემბერი უკვე წინასაარჩევნო პერიოდია.

მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან აქტიურია პროპაგანდა ომის თემაზე, უმცირესობების უფლებებზე, გაძლიერდა ანტიევროპული პროპაგანდა… ეს ყველაფერი გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ადამიანებს აქვთ საკუთარი ინტერესები, რაც მშვენივრად იცის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ. როგორც ტრადიციულად ხდება, არაა გამორიცხული ადგილი ჰქონდეს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაპირებას, თუ დაშინებას ხელისუფლების მხრიდან.

  • 40 ათასი სოციალურად დაუცველიც დაასაქმეს წინასაარჩევნოდ და ფორმალურად. როცა მმართველი პოლიტიკური ძალა ასე, სათავისოდ იყენებს საბიუჯეტო რესურს, რა რესურსი რჩება სამართლიანი არჩევნებისთვის? 

წინასწარ რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ პროტესტის გეოგრაფიაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვივარაუდოთ , რომ დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში „ქართულ ოცნებას“ არასახარბიელო პოზიცია აქვს. ასევე მათ მთლიანად დაკარგეს ახალგაზრდობის და სამოქალაქო საზოგადოების ნდობა.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც უფრო ძლიერია კონსერვატიული განწყობები, იქ შედარებით აქვს შანსი „ოცნებას“, თუმცა საგრძნობია მოსახლეობისგან „ოცნების“ მიმართ გადაღლილობა. ეს ის ფაქტორია, რომელსაც ამ ეტაპზე ვერაფერს უპირისპირებენ პროპაგანდის გარდა.

აქამდე თუ მოიაზრებოდა, რომ „ქართული ოცნება“ იყო სტაბილურობის გარანტი და ასე შემდეგ, ფაქტობრივად, მოსახლეობის ნაწილის თვალში მათ უღალატეს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, დემოკრატიულ პრინციპებს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ არჩევნებზე – თუ აქამდე იყო აქცენტი სტაბილურობაზე და „ქართულ ოცნებას“ ადარებდნენ ყოფილ ხელისუფლებას, ჩანდნენ უფრო ლმობიერი, ახლა გამოჩნდა ძალადობრივი მეთოდები და რეპრესიებიც.

არჩევნების მოგების შემთხვევაშიც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოტენციალი გააერთიანოს საზოგადოება – ეს არის ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც მას მაქვს. ჩემი აზრით, ეს ესმის ქართველ ამომრჩეველს.

  • პრეზიდენტმა ახალი სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა – „აირჩიე ევროპა“. ცოტა ხნის წინ ცნობილმა ადამიანებმა სამოქალაქო საზოგადოებიდან დააფუძნეს პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“. რამდენად შეიძლება მოკლე დროში ახალმა მოძრაობებმა მოასწრონ ამომრჩევლის მიმხრობა?

ასეთი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ იქნებიან მანამდე პოლიტიკაში არმყოფი ადამიანები, მათ გააჩნიათ გარკვეული სოციალური კაპიტალი. ძალიან მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში. მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს დღეს არ აქვთ საკმარისი ინტელექტუალური, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი.

ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრები. პარტიებში კი, გადაღლილობა იგრძნობა. ამ ადამიანების გააქტიურება ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება.

უცნობია, როგორი იქნება ამ მოძრაობების მომავალი – ალბათ შეუერთდებიან რომელიმე პოლიტიკურ ცენტრს, ზოგიერთი ალბათ შემოვა პოლიტიკაში, ზოგი ისევ სამოქალაქო საზოგადოებაში დარჩება, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება ითხოვს ახალ ადამიანებს. პოლიტიკური პარტიებიც აღიარებენ ამას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა ამ პროცესში: ახალგაზრდობა იყო და არის ამ საპროტესტო მოძრაობის წარმმართველი. მნიშვნელოვანია, პარტიებმა მოუსმინონ ამ ახალგაზრდებს, ხედვები რაღაცნაირად მოარგონ მათ მოსაზრებებს. ზოგადად არის ასეთი ტრადიცია საქართველოში, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან. პარტიები ყველაზე ხშირად მათ უნდა შეხვდნენ და გაიგონ, რა როგორ წარმოუდგენიათ.

ასევე კარგი იქნება მუშაობა ქალ ამომრჩევლებზე: საქართველოში ამომრჩევლების 52% ქალია.

  • მთავარი გამოწვევა რა არის ოპოზიციისთვის, რომ ამომრჩეველმა ისევ არ ჩათვალოს, რომ არჩევნებზე წასვლა არ ღირს? 

გარკვეულწილად იგრძნობა ერთი და იგივე ნარატივი, ან ხშირად ნარატივის არქონა – ერთი და იმავეს იმეორებენ და უფრო ემსგავსებიან პოლიტიკურ კომენტატორებს და არა პარტიის ლიდერებს. მათი მიზანი უნდა იყოს, რომ კონკრეტული ხედვები შესთავაზონ ადამიანებს, როგორ მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა, ისინი კი, ძირითადად აკეთებენ კომენტარებს, რაც არ არის მათი ფუნქცია.

  • თბილისში შეხვედრებს მართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აზრა ზეია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. თქვენი აზრით, სად ხედავს რესურსს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას?

ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ვერ მოხერხდება.

ამ ხელისუფლებამ გადალახა უკვე ყველა წითელი ხაზი, როგორც ევროკავშირთან, ისე შტატებთან მიმართებათ, მათ ამ ურთიერთობის გამოსწორების რესურსი აღარ აქვთ.

ბოლო განცხადებებს თუ შევხედავთ, ფაქტობრივად, საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორები, ნელ-ნელა წყვეტენ საქართველოს მხარდაჭერას. ისინი თავდაცვის და სხვა ტიპის პროგრამებს აჩერებენ. ეს ქმნის სერიოზულ რისკს, რომ ქვეყანა თანდათან შეუქცევად იზოლაციაში მოექცევა.

  • არჩევნებია საშუალება, ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას? 

ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ არ გვექნება ორი საქართველოს – ცუდი და კარგი საქართველოს ფუფუნება; იქნება ერთი დასკვნა. თუ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ როგორც ევროკავშირის ელჩმა და ბევრმა მაღალი დონის დიპლომატმა თქვა, ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის აზრს ანუ ევროკავშირს ჩვენთან ისეთი ურთიერთობა ექნება, როგორიც აქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და არ იქნება საუბარი გაწევრიანებაზე. ამდენად, ამომრჩევლებმა უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა – გვინდა თუ არა, ვიყოთ დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა თუ ისევ გვირჩევნია პოსტ-საბჭოთა ჭაობში დარჩენა, საიდანაც ძლივს გამოვაღწიეთ

ამ გადასახედიდან კი, ქართველ ხალხს აქვს შანსი, ეს ყველაფერი შეცვალოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: