მთავარი,სიახლეები

ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო 

19.06.2023
ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. იკვლევენ ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენას მძიმე მეტალებსა და ორგანულ დამაბინძურებლებზე.

„ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიკური დამაბინძურებლები“, – წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო.

———————————————-

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლევები ჩაატარა.

კვლევები ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.

სინჯებს მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში იღებენ.

წელს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია, უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ – იმ წერტილებში, საიდანაც პერიოდულად სინჯებს იღებენ, წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია ზღვარს არ აღემატება. მთავრობის ცნობით,  ზღვის წყლის ხარისხი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

მთავრობის ცნობით, „მიმდინარე წელსაც, როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი-კვარიათისა და მახინჯაური-მწვანე კონცხის ტერიტორიებზე“.

თუმცა აჭარის სანაპიროზე არის წერტილები, სადაც ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური მაჩვენებელი ზღვარს უახლოვდება. გასულ წლებში ასეთი წერტილი იყო ბარცხანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: