მთავარი,სიახლეები

ევროსასამართლომ მოკლული სერჟანტ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

19.11.2020 • 6273
ევროსასამართლომ მოკლული სერჟანტ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

2008 წელს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეს, 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტს.

მომჩივნის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა როინ შავაძის წამებით მოკვლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს და აღნიშნული ფაქტის არაეფექტურ გამოძიებას.

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე 2008 წელს, ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ.

იმავე საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.

„ევროპული სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს და მომხდარი ფაქტის შემდეგ გამოძიება იმავე ორგანომ დაიწყო და არა პროკურატურამ, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე მოგვიანებით პროკურატურას გადაეცა, გამოძიება ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული პირველადი და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. როგორც საქმეებში – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამგვარი პროცედურული ხარვეზი არსებითად უშლის ხელს შემდგომი გამოძიების ეფექტურობას.

ზემოაღნიშნულის გამო სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა მის გაჭიანურებაზე. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.

რაც შეეხება მე-2 მუხლის არსებით ნაწილს, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, მიუხედავად ოფიციალური პოზიციისა, რომ სამართალდამცველთა მიერ როინ შავაძის მიმართ ძალა გამოყენებულ იქნა მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ, მიუხედავად მომჩივნის არაერთი მოთხოვნისა 2008-2011 წლებში, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, არ ჰქონდა წვდომა გამოძიების მასალებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მეუღლის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, რომელზეც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი მომჩივნის დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ძალის შედეგად.

შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას.

ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სერჟანტი როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მანამდე იგი ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის რიგითი წევრი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: