მთავარი,სიახლეები

ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა

11.07.2024
ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა

ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. მსჯავრდებულ ლევან სირაბიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საუბარია ბათუმში, 2023 წლის 11 მარტს მომხდარ შემთხვევაზე: ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ლევან სირაბიძემ დამნაშავედ მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ლ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ნ.თ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული  სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 11 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ მიიჩნია. მაშინ ადვოკატი სალომე ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოსამართლე კოტე ჭილაიამ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ამ თემაზე:

რა ირკვევა ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრაზე – მოსამართლემ ბრალდებული გაამართლა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: