„მინდა, რომ მართლა იყოს მოღალატე,“ – უთხრა ბრალდებულმა თემურ მგელაძემ გამომძიებელს სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის შესახებ, როცა ის ციხის შეხვედრის ოთახში ფარულად ჩაწერეს. საუბარია იმ სერჟანტის მკვლელობაზე, აგვისტოს ომში რომ იბრძოდა, ბათუმში დაბრუნებულს კი, ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი სამართალდამცველებმა 40 ტყვიით ჩაცხრილეს.
ეს სასტიკი მკვლელობა 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი: რა იყო როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელია ერთ პირსაც არ უგია პასუხი – ვიდრე ევროსასამართლომ „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევა არ დაადგინა.
მეტიც, დღესაც ბევრი პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ როინ შავაძის საქმის გამოძიებაში, მაღალ თანამდებობებზე აგრძელებენ მუშაობას.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის ივლისში, პროკურატურამ „როინ შავაძის საქმეზე“ 10 პირს ბრალი წარუდგინა, შემდეგ კიდევ ორი პირი დააკავეს. 10 ბრალდებულის საქმე სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. დასაჯეს სპეცრაზმელები, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იგივე კუდ-ის აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსი – თეიმურაზ პატარიძე, თუმცა ის ამ დრომდე არ არის დაკავებული.
„ვინაიდან თეიმურაზ პატარიძე გახლავთ ოქროს მოწმე და ფიგურირებს არაერთ საქმეში, მას ხელისუფლებამ ხელი შეუწყო და საზღვრებს გარეთ გააქცია. დასჭირდათ თანამდებობის პირი, რომელსაც მკვლელობის ორგანიზებას მიაწერდნენ. ამიტომაც დასაჯეს ალი ბალაძე, რომელიც პატარიძის მოადგილე იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინი ბალაძე, „როინ შავაძის საქმეზე“ მსჯავრდებული ალი ბალაძის შვილი. მან თავისი არგუმენტები გაგვიზიარა, რატომ იყო ბალაძის დასჯა უსამართლო.
ალი ბალაძის და კიდევ ერთი სპეცრაზმელის საქმე, სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. მათ მსაჯულებმა 2024 წლის მარტში 12 -12 წელი მიუსაჯეს.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს – მაგალითად, აჭარის იმდროინდელი პროკურორი ვასილ როინიშვილი დასჯის ნაცვლად „ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა. 2020 წელს ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
მკვლელობიდან 15 წელი ხელისუფლება რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.
„ბათუმელები“ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე სპეცრაზმელის ფარულ საგამოძიებო ჩანაწერს გაეცნო, საიდანაც ირკვევა: რა ვითარებაში მოკლეს სერჟანტი, ვინ რა ფორმით იყო ჩართული როინ შავაძის მკვლელობაში? ეს სპეცრაზმელები კუდ-ის აჭარის სამმართველოში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდნენ.
თემურ მგელაძე: „მოკალით, რომ იცოდეს ყველამ, როგორ ისჯება მოღალატეო…“
„როინ შავაძის საქმეზე“ უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ბრალდებით დაკავებულ თემურ მგელაძეს, რომელსაც საბოლოოდ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ციხის შეხვედრების ოთახში გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე და თავისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ხვდებიან. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შეხვედრას გამომძიებელი ფარულად იწერს.
ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის ბეჭდური ვერსიის რამდენიმე ფრაგმენტს გაგაცნობთ:
„კონკრეტულად ახლა საქმის გარემოება, თემურ, თქვენ ხომ იცით საქმის გარემოება,“ – საუბარს გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე იწყებს. – ჩადებული იქნა ამ პიროვნებისთვის, როინ შავაძისათვის, ნარკოტიკული საშუალება, მოხდა მისი უკანონო დაკავება, დაკავებისას მიაყენეს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა. მერე ჩასვეს შესაბამის ავტომანქანაში და მერე ვითომდა ინფორმაცია არსებობდა ამ პირის იმაზე, რა ჰქვია, გასცემდა ინფორმაციასო და მოხდა მერე, ამის საფუძველზე მისი ლიკვიდაცია.
მოკლედ, არის ეს მოცემულობა საქმეში, რაშიც ბრალი გედებათ და აი, რეალურად რა იყო, შენ თუ შეგიძლია მაგის თქმა და გსურს მაგის თქმა“, – აღნიშნა გამომძიებელმა.
„აი, ფორმიანი რომელიც ზის, სამშობლოს მოღალატეა, მაგის გამო არის, რომ თქვენი ბიჭები დაიხოცა, მაგის დედას შ…“- ვციტირებ, ავიყვანოთო…“ – 2008 წლის 16 აგვისტოს მომხდარი ამბის გახსენება დაიწყო ბრალდებულმა და დასძინა, რომ თემურ პატარიძეს ციტირებდა. თემურ პატარიძე როინ შავაძის მკვლელობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი იყო.
„ფორმა ეცვა, როგორც მახსოვს, მაგ ბიჭს [როინ შავაძეს]. მივედით, წამლის თემაში, რასაც მეკითხებით, იქ უკვე სხვა დანაყოფი მუშაობდა, „სოდის“, როგორც მახსოვს.
„სოდმა ჩაუდო ის ისა?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს გამომძიებელი.
„ჩაუდო, არ ჩაუდო, ჩვენ რომ მივედით – დავაკავეთ,“ – ბრალდებულის თქმით, ნარკოტიკის ამოღების შესახებ მას კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს – „პირდაპირ ვიძახი, დავაკავეთ.
გადამეტებას რას გულისხმობენ ახლა, მაშინ მით უმეტეს, როცა გეუბნებიან, რომ მოღალატეა, ორი დღის ჩამოსული ვართ ომიდან. ერთ რაღაცას მინდა გავუსვა, ბატონო ზურაბ ხაზი, რა. პატარიძეს ისედაც უკვე დაძაბული ჰქონდა ჩვენთანაც, იმიტომ, რომ ომში, ხუთი დღის განმავლობაში, ახლა მოვალ, ახლა მოვალ… ერთხელაც არ მოსულა ჩვენთან, ისე დავბრუნდით უკან….
თეიმურაზ პატარიძე თვითონ, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ აყვანას და იქ იმყოფებოდა,“ – თქვა ბრალდებულმა.
„ეს ალი ბალაძეც იქ იყო?“ – იკითხა გამომძიებელმა კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ყოფილი მოადგილის შესახებ.
„ალი ბალაძე, სიმართლე გითხრა, იმ წუთში იყო იქ, თუ მანქანაში იჯდა, მე ვერ ვიხსენებ, თუმცა შეიძლება ბიჭებს ახსოვს, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ… რამოდენიმე პერიოდის შემდეგ, ახლა რამდენი ხანი გავიდა, 15 წელია, ბატონო ზურაბ… თემურ პატარიძე იქ დრო და დრო ლაპარაკობდა. გადიოდა, ტრიალებდა. ეს კაცი, უნდა გავიყვანოთო, წასაყვანი იქნება თბილისის მიმართულებითო.
გზაში იყო მეორე ეკიპაჟი უკვე და დავაწექით ფოთში, მაშინ ფოთში უკვე რუსები იყვნენ. ჩემი ვარაუდით, აქედან, ამ ქაქუთის მხრიდან იმიტომ წავიდნენ, რომ შეიძლებოდა გომის მთით გადასვლა, აჭარის ხეობაში, შუახევში ჩამოსასვლელია და იქიდან შეიძლებოდა, ბორჯომი და წალკა და რაღაცა, რამდენადაც ვიცი, მაქედან შეიძლებოდა მაგის გაკეთება.
სოდის თანამშრომლები ახლა იმ წუთში, კონკრეტულად ვინ იყო, სიმართლე გითხრა, ძალიან გამიჭირდება, თუმცა ახლა წამლის ჩადების დროს რა იყო, როგორ იყო, მე პირდაპირ გეუბნები, რომ ამ მონაკვეთში მე მანდ არ ვიმყოფებოდი, იმიტომ, რომ უკვე მაგი დაკავებული იყო.
„მაგრამ წამალი რომ ჩადეს, ეგ ფაქტია, ჰო?“ – შეაწყვეტინა ბრალდებულს გამომძიებელმა.
„ამოუღეს, ამოუღესო. მაშინ განყოფილების უფროსი გახლდით, ნახევარი ვიყავით დარჩენილი, ომიდან ჩამოსული ბიჭების. ჩავსვით, წავიყვანეთ. მეორე ეკიპაჟიც შემოგვიერთდა.
„და იქით რომ მიგყავთ, უკვე რა ხდება მერე?“ – გამომძიებელმა თხრობის გაგრძელება სთხოვა ბრალდებულს.
„იქით, გზადაგზა, ნუ, ე.ი. ქაქუთის მისვლამდე აჩერებს, გადმოიყვანეთ, მაგის დედას შ…ო რა! პატარიძემ თქვა. თვითონ პისტოლეტით აკეთებს გასროლას, მაგრამ, სავარაუდოდ, მე როგორც აღვიქვი, ის მას არ მოხვდა, შავაძეს. მოკალით, ამის დედას შ…, რომ იცოდეს ყველამ, როგორ ისჯება სახელმწიფოს მოღალატეო. ანუ ჩვენს ბიჭებს, ასე, ასე, გინება, მთელი ამბავი.
„მაგის მერე დაუშვით ბიჭებმა ავტომატიდან?“ – დაინტერესდა გამომძიებელი.
„ჩვენ ვართ სპეცრაზმი… მეთაურის ბრძანებას ვასრულებთ. მეთაურის ბრძანებებს არ მსჯიან, ერთი.
მეორე, ისიცაა, მაშინ თემურ პატარიძეს ჰქონდა იმის ბერკეტები, რომ ჩვენ „დაჟე“ 12-ში, უკვე 12-მდე [იგულისხმება 2012 წელი] „გაკეთებულია ყველაფერი, ყველამ ყველაფერი იცის, დედა მოეტ… ყველას“,- მე ვციტირებ ახლა.
როცა მე გადმოვედი [ავტომანქანიდან], ეს უკვე ჩაყვანილი ჰყავდათ, შემოვარტყი, ისა, რა ჰქვია, „ნისანს“ მარცხენა მხრიდან და უკვე ეს სროლები და ეს კაცი ძირს ეგდო. გამომდინარე იქიდან, ვფიქრობ ახლა, რომ არ ისვრიდი, ისვრიდი, მაგრამ მოკლე დროში, იმ მოკლე მომენტში ჩემმა სინდისმა რაც მიკარნახა, ჩავჯექი და დაახლოებით, ნახევარ მეტრში მაინც ზევიდან გასროლა გავაკეთე, მაგრამ ვიცოდი სად ვისროლე, ამას სიმართლეს ვიძახი, ჩემს შვილებს ვფიცავარ.
„ანუ თავიდან ისროლა პატარიძემ, თუ სწორად გავიგე, პირველი,“ – დაკონკრეტება ითხოვა გამომძიებელმა. მას ბრალდებულმა დაუდასტურა, რომ თეიმურაზ პატარიძემ ნამდვილად ისროლა როინ შავაძის მიმართულებით, პისტოლეტით გაისროლა და შემდეგ ტელეფონზე დაიწყო ლაპარაკიო.
„მერე, ე.ი. ფაქტიურად იქ უკვე გათიშული იყო ეს კაცი, წაქცეული იყო?“ – მკვლელობამდე როინ შავაძის ფიზიკური მდგომარეობით დაინტერესდა გამომძიებელი.
„არა, კონტაქტური იყო, გადმოსვლის დროს, მანქანაში,“ – თქვა ბრალდებულმა.
„ანუ ნაცემი იყო, მაგრამ კონტაქტური,“ – დიალოგში ადვოკატი ერთვება.
„კონტაქტური იყო ჩვეულებრივად. მისი ფეხით ადგა, მისი ფეხით გამოვიყვანეთ, დავაჯინეთ, მისი ფეხით მერე, გზაშიც, როგორც ვიხსენებ, რაღაც-რაღაცებზე ბიჭები უკან ელაპარაკებოდნენ, წინ პირველი „ნაპრავლაიუში“ მე ვიყავი, ავტომატი გადაკიდებული, ვუყურებდი, რომ ყველა კუთხიდან შეიძლება რაღაც…“, – აღნიშნა ბრალდებულმა და თქვა ისიც, რომ თავად როინ შავაძეს არავითარი იარაღი თან არ ჰქონია.
„ამას არაფერი არ ჰქონდა. ეტყობა, მაგი, მერე, ჩვენ როგორც გავარკვიეთ უკვე, შეშინებული იყო, რომ მასზე ნადირობდნენ და რაღაცა და შესაბამისად, ფაქტი, ალბათ, არ გაიჩერა არაფერი, რაღაცას მიზამენო. ეს ჩემი ვარაუდია,“ – დაამატა ბრალდებულმა.
საუბრის დროს ბრალდებულმა როინ შავაძის შესახებ ესეც თქვა: „არაფერი ისეთი არ უთქვია. იქ, ჩამოსვლის დროს რაღაც ბიჭებს, როგორც მახსოვს და ბაზაზე ვიყავიო და რაღაც ესეთებს, ამბობდა. მე დამნაშავე არა ვარ, როგორც ყველა დამნაშავე მაგ დროს. ნუ, რაღაც ესეთი…“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
„რა მაინტერესებს! რას ერჩოდნენ ამ კაცს?“ – ამჯერად ადვოკატი მიუბრუნდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულს.
„რას ერჩოდნენ?“ – დაიბნა ბრალდებული.
„ჰო,“ – თქვა ადვოკატმა და მას შემდეგ, რაც ბრალდებულისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, განაგრძო: „არც კუდს არ ჰქონდა ინფორმაცია, ინფორმაცია ჭორის დონეზეც არ იყო, ინფორმატორი არ მოვიდა და არ უთქვია, რომ ეს არის ჩამშვები, ან…. ინფორმატორი არ არსებობდა და ახლა ეს რომ ყოფილიყო გენერალი, პარლამენტის წევრი, რაღაცა რომ ყოფილიყო…
„ჰო, მაგრამ მოღალატე ხომ იყო?“ – შეაწყვეტინა ადვოკატს ბრალდებულმა.
„რით იყო მოღალატე? მოღალატე როგორ იყო, კაცო, ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო-მეთქი, მაგას გეუბნები. თქვენთან, სამსახურში ხომ უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, ვიღაცა ინფორმატორს ხომ უნდა ეთქვა, რომ შავაძეზე არის ინფორმატორი,“ – გაცხარდა ადვოკატი.
„ჩემს დონეზე არ წყდებოდა, ვინ მოღალატე იყო და მაგას ჩვენ არავინ არ გვეტყოდა,“ – თქვა ბოლოს ბრალდებულმა.
„რეალურად რა მიზანი ჰქონდა პატარიძესო, სწორი კითხვაა,“ – გამომძიებელმაც აგრძნობინა ბრალდებულს, მეც იგივე მაინტერესებსო.
„მაგას მიზანი ჰქონდა, ალბათ, დაწყებული ჰქონდა საქმე, რომ ეჭვმიტანილია… არ გამოვრიცხავ-მეთქი, რომ უნდა ჩაეყვანა თბილისში, იქ, ალბათ, არ ვიცი მე, დაჯდებოდნენ და არ ვიცი, რა ინფორმაცია…
„ჰო, მაგრამ თბილისშიც ხომ უნდა ყოფილიყო ინფორმაცია?“ – შეაწყვეტინა ბრალდებულს ისევ ადვოკატმა.
„ჰო, მაგრამ რამდენადაც გზის პრობლემა იყო, რომ წამოვიყვანეთ, გზაში მიიღო მერე რაღაც გადაწყვეტილება, ან ვიღაცამ დაურეკა, ან ამან ვიღაცასთან შეათანხმა, ან პირდაპირ../არ ასრულებს წინადადებას/ არ ვიცით ჩვენ,“ – თქვა ბრალდებულმა.
„სწორს იძახის, გიორგი, ხომ უნდა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის გაცემის თემა არ დასტურდება, გამიგე,“ – იკითხა ისევ გამომძიებელმა.
„ეს იცის პატარიძემ, ვინ დაავალა,“ – თქვა ბრალდებულმა.
„პატარიძემ კი არა, ინფორმაცია ხომ უნდა ყოფილიყო? ტყუილა მოკლეს კაცი, ჩემი კარგი მ…“, – თქვა ადვოკატმა.
„ჰოდა, რატომ მოკლეს ტყუილად? სწორი კითხვა დასვა,“ – გამომძიებელი ისევ ბრალდებულს მიუბრუნდა.
„მე დღემდე ვფიქრობ მაგას და სიმართლე გითხრა, მინდა, რომ მართლა იყოს მოღალატე, რა, რომ ამ ბიჭების ნამუსი, რა…“ – ნერვიულობა დაეტყო ბრალდებულს. – „ის სროლაც იმიტომ გავაკეთე, რომ ის ნაბოზარი მერე ადგებოდა და ხომ იცი, რასაც იზამდნენ, რა… რატოა ეს, ეს ვინ არის? ამას ხომ ჩვენ არ ვამოწმებთ?
მაგრამ იმაზე მომდის გული, ნეტა გავთრეულიყავი მეც, მეთქვა, რომ ა, დაჭრილი ვარ, ეს დედამოტ… და დამაწვინეთ. დავწვებოდი, მაგრამ, ბიჭო, მე არ ვიქნებოდი, ვიღაცა იქნებოდა, ვიღაც, რა მნიშვნელობა აქვს?“ – იკითხა ბრალდებულმა.
„შენ ერთი გავისროლეო, ზუსტად სად გაისროლე?“ – გასროლის ეტაპს მიუბრუნდა გამომძიებელი.
„მარჯვნივ, მიწაში… „დაჟე“ დავინახე მიწა რომ ავარდა ჰაერში,“ – თქვა ბრალდებულმა.
„სპეციალურად გაისროლე მიწის მიმართულებით?“ – იკითხა გამომძიებელმა.
„რასაკვირველია“, – მოკლედ უპასუხა შეკითხვას ბრალდებულმა და შემდეგ დაამატა:
„ეს არის ჩემი აღსარებაც და სიმართლე გითხრა, კაცურად, გულზე, რა იქნება, არ ვიცი, გულზე მომეშვა, რა. თუ გაინტერესებს, იყო თუ არა მოღალატე, არ ვიცი, სინდისს ვფიცავარ. მაგ რომ იქნებოდეს, დამტკიცდებოდეს, მირჩევნია…“
ზვიად ნურიძე: „ყველამ სამ-სამჯერ ვესროლეთ, არაბულს გაექცა ჯერი…“
ბრალდებულ ზვიად ნურიძის ფარულ საგამოძიებო ჩანაწერშიც სამი პირი ფიგურირებს: იგივე გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე, თავად ზვიად ნურიძე, რომელიც კუდის აჭარის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობდა და ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.
„ნაომარი ბიჭები ვართ, დაგლეჯილი ბიჭები, ნერვები დაფხრეწილი, კიდევ ახლა ციხის ხეხვა 10 წელი და 15 წელი, სასიკვდილოდ გაწირვა გამოდის,“ – გამომძიებელს მიმართა საუბრის დასაწყისში ბრალდებულმა და განაგრძო:
„უყურე ახლა! მე 98 წლიდან მაცვია ფორმა. ადრე ვმუშაობდი ასლან აბაშიძის პერიოდში დაცვაში. მერე რევოლუცია მოხდა. თავიდან თუ არ მოგიყევი, შენ ხომ არ იცი?
რევოლუცია რომ მოხდა, დავრჩი უმუშევარი. მერე ძლივს რაღაცა აღვიდგინე ისევ სამთავრობოში თავი… მერე მაქ უშიშროებაში, კონსტიტუციურში გამოჩნდა ადგილი და ბიჭებმა მითხრენ, ჩვენები იყვნენ ისევ სამთავრობოდან გადასული, მამა მყავდა გულით ავადმყოფი და გადმოდიო, რა, ჩვენთან იყავიო. აქედან უარი ვთქვი და წავედი იქ.
იქ რომ მივედი სამსახურში, ჩვენ იმ სამსახურში ნდობა არ გვქონდა, როგორც აბაშიძის დაცვის წევრებს. ამიტომ დაიწყეს იქ რაღაცა ვიდეო იგი, აგი, ისე რომ ჩვენნაირებზე ინფორმაცია მიგვეცა, ხომ ხვდები, როგორც ხდება, რომ ნდობაში შემოსულიყვნენ. მერე რაღაც კურსებზე ვიყავი კიდევ, ახალგაზრდა, პირტიტველა ბიჭები ვიყავით 24-25 წლისები. იყვნენ ახლა გამოცდილები…
ვარჯიშის დროსაც თავი გამოვიჩინეთ, ხომ იცი ახლა? აი, შეუმჩნეველი არ დარჩა ხელმძღვანელობას და გადაწყვიტეს, რომ ასი კაცი ჩვენნაირი ჩამოეყალიბებინათ ჩვენს ბაზაზე. ამ სიტუაციას რომ შევხედე და არ მომეწონა სიტუაცია, 2007 წელი იყო, შევედი პატარიძესთან კაბინეტში, უჩა იყო მოადგილე [ვასილ შანიძე] და ვუთხარი, არ მინდა სამსახური-მეთქი.
ბიძინა ივანიშვილი „ციცინათელას“ აკეთებდა მაშინ ურეკში და იგივე ხელფასი არის და ჩავალ ყველა მესამე დღეს და სახლში ვიქნები ჩემს მშობლებთან. იგივე უჩამ მითხრა, რომ არ წახვიდე, ზვიად, სამშობლოს ღალატიაო და იძულებით დამნიშნენ განყოფილების უფროსად, მე არ მინდოდა, ჩემს ორ შვილს ვფიცავარ…
ჩვენ მოვხვდით ნიქოზის მხრიდან ცხინვალში, სასტიკი არეულობა, ტანკისტები მთვრალი, ხელმძღვანელი ვინმე არა. ოთხი დღე ჩვენ იქ პატრონი არ გვყავდა. პატარიძე საცხა გვეგონა და თურმე ბათუმში იყო და რაცხა ტელევიზორები და იგენი გაქონდა, გასაქცევად იყო გამზადებული. მერე რომ შეხედა, შებრუნდა სიტუაცია, ტელეფონზე დუურეკავდა, რა, ბიჭო, შეგეშინდა? დედის გინება დამაწყებია იქა, რა… ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, მოდი, ავდგეთ, ჩავიდეთ ბათუმში ბაზაზე. თუ რამე შეიძლება, იმის შემდეგ ვიმოქმედოთ, რა, როგორ წესი.
რომ ჩავედით, სიტუაცია იყო ჩამოშლილი ბათუმში. შენობებში არავინ. სამთავრობო შენობები დაკეტილი, ყველა გაქცეული-გამოქცეული. აქეთ ნაწილი მოსახლეობა რუსებს ელოდებოდა,
დროშები გადმოფენილი. აქეთ აბაშიძის ნარჩენები შევარდნენ შენობაში, ჩვენი დრო მოვიდაო და რაღაც ამფერი სიტუაცია იყო. დააკვირდი, მე რასაც გეუბნები, დააკვირდი და ანალიზი გააკეთე. აქეთ პატარიძე რეკავს: ჩამოდი თბილისში. მეთქი, არ ჩამოვალ. გინდა? – ჩამოდი, რა. მინისტრთან მივიდა და ის კი არ უთხრა, რომ მე ნაგავი ვჭამეო. უთხრა, რომ სპეცნაზი გაიქცაო. მიხვდი?
რომ ჩამოვიდა ახლა პატარიძე, ნაწილი გაგვყო, ნაწილი წყალტუბოში გოუშვა, ნაწილი პოსტზე იყო, ნაწილი ოაზისში გაგვაგზავნა, დაისვენეთ, ბიჭებოო. ნუ, იქიდან ახლა, თუ რამე ღონისძიებები იყო გასაკეთებელი, მაგალითად, დასაკავებელი. იმ პერიოდში ბევრი ვიღაცა დაკავდა, პირდაპირ ღალატის ბრალდებით ვერ დააკავეს, მარა რაღაც-რაღაც მიზეზებით, რომ ზოგმა პორტში გემი არ შეუშვა, ზოგმა – რაღაც…
ერთ დღეს ვარ ბაზაზე, გადმოვიდა ჩემი უშუალო უფროსი ზაზა ჯაში და მეუბნება, რომ სასწრაფოდ ორი ეკიპაჟიო. მე ვუთხარი, ასე, საცოლეს უნდა შევხვდე-მეთქი. არაო, გინდა-არ გინდა, შენ უნდა წახვიდეო. მეორე იყო თემური მგელაძე. და ბიჭები რაღაცა, ვინც ვიყავით ეზოში, ჩავჯექით ორი ეკიპაჟი. ჩვენ არასდროს არ გვეუბნებოდნენ, ფურცელს არ გვაძლევდნენ, დაკავების ოქმს. გვეუბნებოდნენ, აი პიროვნება უნდა დაკავდეს, აი პიროვნება არის დასაკავებელი. ჩვენ, სპეცნაზს მაი არ გვეხება, კანონიერად ვაკავებთ, უკანონოდ ვაკავებთ, მაგის განსაზღვრა არასდროს არ ყოფილა.
რომ მივედით ახლა უშიშროებაში, ჭავჭავაძეზე იყო ჩვენი ბაზა, გვითხრა, რომ ასე-ასეო, ეჭვმიტანილია რუსეთთანო იმაშიო, უნდა მოხდეს ხმაურიანი დაკავებაო. ახლა ხმაურიანი დაკავება რას ჰქვია. კაი, ვიფიქრე, მოხდეს-მოხდეს. წავედით სამი მანქანით. პირველ მანქანაში იყო „იქს პიატ“-ში პატარიძე, მოადგილე – ბალაძე და მაიმუნა – გიორგი ჩიქოვანი.
ის დაკავებული, ცხონებული, იჯდა მარტო აქ. მე მივადექი აქედან…. ფორმა ეცვა, დღესავით მახსოვს. რომ მივედით ახლა, აგენმა რომ ჩამოვიდნენ, მე დაკავებაში „ვაფშე“ არ მაქვს მონაწილეობა,“ – უთხრა გამომძიებელს ბრალდებულმა. მისი თქმით, დაკავებული ჩვეულებრივად იზოლატორში გადიყვანეს, თუმცა ჭიშკართან მისული ეკიპაჟი უკან მოტრიალდა:
„ჭიშკართან ახლა მე უკანა ეკიპაჟში ვარ… ახლა ვიცით, რომ უნდა შევასახლოთ იზოლატორში, ჰო და მე არ ვიცი ახლა, მაი ნარკოტიკები, მერე გამოჩნდა საქმეში. საერთოდ იქ რამე ღონისძიება ამოღების, ჩხრეკის, რამე არ გაგვიკეთებია.
სპეცრაზმს ვინ რას ეკითხებოდა.
მივედი ახლა და ამას აქ აქვს ფანჯარა ჩამოწეული და ვხედავ ახლა აქედან, ტელეფონზე დაურეკეს [პატარიძეს], რაღაცა ილაპარაკა, გათიშა ტელეფონი, მანქანა მობრუნდა და ხელით მანიშნა, წამომყევიო, ამ ორ ეკიპაჟს. გზაში რომ წავედით, რაღაცა სიტუაცია არ მომეწონა. აი, ღმერთს გეფიცები, თუ გატყუებდე ერთ სიტყვას. მეთქი, განსაკუთრებული პატიმარია და შეიძლება, თბილისში ხომ არ გადაყავთ. ათასი რაცხა კი გამიარა გულში. მარა ერთი ვთქვი გულში, ალბათ, ვიფიქრე „დავაი“, დაგაზე და რაც არ უნდა იყოს…
ავედით ქაქუთზე. ქაქუთზე არის ასეთი გზა, არის ასე ნაძვები, აქ გაჩერდა პატარიძე, მერე დაკავებულის ეკიპაჟი და მესამე ეკიპაჟი მე. ჩამოვიდა პატარიძე, გან-გან მივა, აქ მივა პატარიძე, მაიმუნა, ჭაღალიძე, არაბული, ასე დგანან. აქ ვდგავარ ამ მანქანასთან ასე მე, მგელაძე, კონცელიძე…
პატარიძემ თქვა, ახსენით ბორკილებიო. კი, ბატონო. ბრძანებაა. ავხსენით ბორკილები. ამან უთხრა, ბატონო ოფიცეროო, ასე მახსოვს, მეო ვარო მოღალატეო, მარა ვიტყვი ყველაფერსო, რაღაც ასე თქვა. რას იტყვი, ბიჭო, შენი დედა მ…ო, გაიქეცი, ჩქარაო. ამან დაიწყო ასე ნაძვებისკენ მოძრაობა და პატარიძემ მოგვცა ბრძანება, რომ ეს მოღალატეა და გახსენით ცეცხლიო. მიხვდი? აქედან ცეცხლი გაიხსნა, მაგრამ ზოგის მოხვდა, ზოგის – არ მოხვდა. მიხვდი?…
არაბული იყო 22 წლის ბავშვი და ვერ მოტვინა სიტუაცია და ავტომატურზე დარჩა და აგერ აქედან, გვერდიდან მოხვდა ზურგში, ამან დააყენა სასიკვდილო იგი. ზოგმა არ ესროლა, ხომ ხვდები? ზოგმა ფეხთან ესროლა…
მერე თუ არ ვცდები, მოვიდა პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, იქ რაღაცა დაილაპარაკეს იქეთური-აქეთური და ჩვენ მოვბრუნდით და წავედით ბათუმში.
ბათუმში ჩავედით, დაგვიძახეს, შევედით მალხაზ აბულაძის კაბინეტში, საგამოძიებო რაღაცის უფროსი იყო. მალხაზ აბულაძემ დაგვახვედრა ჩვენებები გამზადებული და მე ამაზე გავატრაკე, რა. მეთქი, სპეცრაზმი ვართ და ეს არ შეიძლება, რომ ჩვენი სახელი-გვარები იყოს გატარებული ფურცელზე. ამაზე მიპასუხა, რომ თქვენო ამიზა არაფერს არავინ არ გეტყვითო. მიხვდი? იქ მოვაწერე ხელი, არ მოვაწერე, არ მახსოვს.
ავტომატები წაიღეს ბალისტიკურ ექსპერტიზაზე. მერე დაგვიბარეს პროკურატურაში, იქაც ჩამოგვართვენ ჩვენებები, იქაც გვითხრენ, რომ თქვენ არავინ არაფერს ხვალე-ზეგ არ გეტყვით, ბიჭებო, თქვენ თქვენს იმაზე იდექით. ამით დამთავრდა ეს საქმე.
მერე, ამის შემდეგ, მე აგენთან აღარ მინდოდა მუშაობა. შევედი მოადგილესთან კაბინეტში და ვუთხარი, რომ მე აღარ მინდა თქვენთან, გადამიყვანეთ ქობულეთში რიგით თანამშრომლად.
დავიწყე ამაზე ფიქრი, რატომ მოხდა ეს საკითხი და ჩავვარდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ლოგინზე ვერ ვწვებოდი ერთი წელი. დავიწყე ეკლესიაში სიარული, რომ იქნება რაღაცა იგი, აგი და მღვდელი იყო და მე ასე პირდაპირ არ მითქვია მაგფერი სახით და ვუთხარი იგი და რაცხა პარაკლისებს და იმას ვიხდიდით, რომ იქნება, რაღაცა-მეთქი…
15 წელი მატყუებდნენ. მე რომ შევედი პატარიძესთან, ვუთხარი ამ საქმეს… მე ამ საქმეს ვეპატრონები, თქვენ მაგაზე პასუხს ვინმე არ მოგთხოვთო. ჯერ დაკავებული იყო, მერე გოუშვეს, მერე რაღაცა გავიგე, ითანამშრომლაო,“ – აღნიშნა პატიმარმა.
„რა მაინტერესებს, იცი? ზვიად, ეს ხალხი, ვინც ჩამოთვალე, აქ ავტომატი ყველას ჰქონდა, ჰო?“ – დაინტერესდა პროკურორი. ზვიად ნურიძის თქმით, შეიარაღებული იყო ყველა, მხოლოდ კუდ-ის უფროსის მაშინდელ მოადგილეს, ალი ბალაძეს და „მაიმუნას“ არ ჰქონდა იარაღი. დანარჩენმა 9 სპეცრაზმელმა კი, ავტომატიდან გაისროლა ყველამ ერთდროულად.
„მე ფეხებში ვესროლე, ტანზე არ მისვრია,“ – დასძინა ბრალდებულმა.
გამომძიებელი: „ჯერით?“
ბრალდებული: „ჯერით არა, სამად სამი გასროლა“
გამომძიებელი: „თითოეულმა?“
ბრალდებული: „ჰო“
გამომძიებელი: „ყველამ სამ-სამი, თუ?“
ბრალდებული: „არაბულს გეექცა ჯერი“
გამომძიებელი დაინტერესდა, ფეხში რატომ ესროლა ნურიძემ შავაძეს. არ მინდა სასიკვდილოდ გამეწირაო, პატიმარმა.
„არასწორი იყო ბრძანება და იმიტომ,“ – ადვოკატმა დაურთო რეპლიკა.
„და თვითონ პატარიძემ ესროლა?“ – პატიმარს მიუბრუნდა გამომძიებელი.
„ბიჭები ახლა დაკავებული არიან, ზოგს რომ კითხო უნდა თქვას… სიმართლე რომ გითხრა, არ უსვრია,“ – თქვა ბრალდებულმა და გაიხსენა, „მაიმუნასაც“ არ უსვრია, მაგრამ გასროლის შემდეგ პატარიძე შეუბრუნდა უთხრა: „აწი შენ სპეცრაზმზე რამე ცუდს თუ მეტყვი, მოგ….. დედის მ…ო“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
„ზოგმა იქნება, არ ესროლა, გვერდზე ესროლა, რომ ვითომ პატარიძეს დეენახა, ვითომ სროლილობდა,“ – ესეც თქვა პატიმარმა გასროლის აღწერის დროს.
ბრალდებული ფარულ საგამოძიებო ჩანაწერში იმასაც ჰყვება, როგორ დადგა „სცენა“ თემურ პატარიძის დავალებით, თითქოს როინ შავაძემ ცეცხლი სპეცრაზმელებს გაუხსნა:
„მაგ იმიტირება დამავალა პატარიძემ, გარდაცვლილთან მე დავდექი და მე ვესროლე კარებზე ორი ტყვია. იარაღი გვერდით დავუდე [ცხედარს]“, – თქვა ბრალდებულმა.
ზვიად ნურიძის თქმით, როინ შავაძის დაკავებას და მკვლელობასაც თემურ პატარიძე უწევდა ორგანიზებას. მან თავისი ვერსიაც გაუზიარა გამომძიებელს, ვის შეიძლებოდა დაერეკა თემურ პატარიძესთან, როცა დაკავებული სერჟანტი იზოლატორის ჭიშკრებიდან მოაბრუნეს.
„ჭიშკარი გაიღო, უნდა შევსულიყავით ეზოში, იქვე იყო დროებითი მოთავსების იზოლატორი და უნდა შეგვესახლა და იქ, ჭიშკართან მანქანა აღარ შესულა. ტელეფონით ელაპარაკა, გათიშა ტელეფონი, მანქანამ უკან დაიხია, მობრუნდა, წამოვიდა და გვანიშნა [თემურ პატარიძემ] წამოგვყევითო.
რეალურად იქ ჭიშკართან იყო ბრძანება… ვის ესაუბრა, მაგ ჩემთვის ცნობილი არ არის. შეიძლება ახალაიას ესაუბრა და შეიძლება ვანოს ესაუბრა. მაი ჩემთვის ცნობილი არ არის. არც მას უთქმია ჩემთან პირად საუბრებში. ლიკვიდაცია სავარაუდოდ უშიშროებას… აქვს მიღებული. რომ მივიყვანეთ კომიტეტში გრიბოედოვზე, ხომ უნდა შეგვესახლებია იზოლატორში. პატარიძესაც არ უნდოდა მაგის გაკეთება, როგორც ჩანს, მარა იქ რომ მივიდა მასთან და დარეკა ტელეფონზე, მაშინ აქვს მიღებული, რომ დაბრიდეთო…
ჩვენ ბოლო მომენტამდე, ქაქუთამდე განზრახ არ ვიყავით. ჩვენ დავრჩით საცოდავები. ჯერ იმ დროში ხომ დედას გვ…. და ამ დროში უფულო, უკაპეიკო. წასავალი, სადმე რომ წავსულიყავი იმის ფული არ მქონდა… საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი მიმეღო და აგი არ მეხეხა. ვიფიქრე კიდევ ნაომარი გაჩათლახებული, გაბითურებული ხალხი ვართ. ნაომარი, წესით ვამაყობდე უნდა, მაგრამ ამ საქმემ ჩვენ დედა გვიტირა. ერთადერთია, თუ სახელმწიფო რაღაცა შეღავათებს მოგვცემს, იგია რა,“- დაასრულა პატიმარმა.
- რატომ შეცვალეს სპეცრაზმელებმა ჩვენება სასამართლოში – რა ირკვევა „ალი ბალაძის საქმიდან“?
ალი ბალაძე კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე იყო, როცა სერჟანტი როინ შავაძე წამებით მოკლეს. შემთხვევის ადგილზე ისიც იყო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
ალი ბალაძის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე ირწმუნება, რომ რეალურად ალი ბალაძე მკვლელობის ორგანიზებაში ჩართული არ იყო და გადაწყვეტილებებს კონკრეტულად კუდ-ის აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსი, თეიმურაზ პატარიძე გასცემდა.
ადვოკატი ბრალდებულების: ნოდარ ცინცაძის და ზვიად ნურიძის ჩვენებებზე მიუთითებს: ამ პირებმა ცალ-ცალკე და ფარულად ჩაწერის დროს, ციხის შეხვედრების ოთახში გამომძიებელთან გასაუბრების დროს ალი ბალაძის ბრალეულობა გამორიცხეს, სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებში კი, მათი ნათქვამი პროკურატურის ვერსიას დაემთხვა იმ კუთხით, რომ ალი ბალაძე როინ შავაძის მკვლელობის ორგანიზატორი იყო.
სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, თემურ მგელაძეს და ზვიად ნურიძის პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მაგალითად, თემურ მგელაძის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმების მიხედვით, თემურ მგელაძეს რეალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, სასჯელის დანარჩენი ნაწილი პირობითი მსჯავრია. შესაბამისად, 2024 წლის ივლისში „როინ შავაძის საქმეზე“ მსჯავრდებული ეს პირი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
იმის გამო, რომ სასამართლო სხდომები პროკურატურის შუამდგომლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნაწილობრივი დახურული იყო, ჩვენ არ ვიცით, რა უთხრეს ზუსტად თემურ მგელაძემ და ზვიად ნურიძემ სასამართლოს, თუმცა ორივე მხარის ადვოკატებს ვესაუბრეთ.
ფარულ საგამოძიებო ჩანაწერში კი, თემურ მგელაძე ალი ბალაძეს ამ კონტექსტში ახსენებს:
„მე არ ვაფარებ ხელს [ალი ბალაძეს]. თუ იყო, იყო, კაცო. მერე რა, რომ იყო და შესაძლებელია, რომ ყოფილიყო იმიტომ, რომ ხელმძღვანელია, მაგრამ ჩემი ამ ადამიანთან ურთიერთობით არასდროს, გადაწყვეტილება რასაც ჰქვია, ბალაძეს არ მიუღია. მაგი [თემურ პატარიძე] თვითონ იყო ყოველთვის კავშირზე თბილისთან, თვითონ იძლეოდა ბრძანებებს და განკარგულებებს. ჩვენ, აი, რომ მოგვენდომებია, რამეს ვერ გავაკეთებდით მაგის გარეშე და ეს, მე მგონი, ცხადზე ცხადია და ვერცერთი ის ბიჭები,“ – აღნიშნა ბრალდებულმა თემურ მგელაძემ.
ბრალდებული ზვიად ნურიძე ალი ბალაძის შესახებ:
„ბალაძე ახლა, სიმართლე გითხრა, მე იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ხელს ვაფარებ, მაგას ხმა საერთოდ არ ამოუღია, აფერში არაა მაი კაცი.
ალი ბალაძე იყო, მარა მაგის ხათრიზა ვმუშაობდით, სიმართლე გითხრა, სამსახურში. პატარიძესთან არ იმუშავებოდა. მიხვდი? პატარიძემ ამ საქმით კიდევ გეიხანგრძლივა სიტუაცია, თვარა 2008-ში გასაგდები იყო აი კაცი“.
გამომძიებელი: „ ბალაძე რეალურად დაკავების ადგილზეც იყო და მკვლელობის ადგილზეც?
ბრალდებული: „იყო, მაგრამ რამე მაგას მითითება, ან სიტყვა ეთქვა პირიდან, მაგფერი მაგისგან მე არ გამიგონია,“ – უპასუხა გამომძიებელს ბრალდებულმა.
10 კაცის ერთდროულად დაკავებამდე გამოძიებამ გამოჰკითხა თეიმურაზ პატარიძე, კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსი. მასაც დაუსვა კითხვა გამომძიებელმა ალი ბალაძის შესახებ:
„ბალაძე იყო მახსოვს – დაკავების დროს… ვინც ვიყავით, მე, ბალაძე ნაღდად მახსოვს, მანქანაში მეჯდა, კიდევ ვინ მეჯდა არ მახსოვს, იყო თემური, კიდევ ვინმე იყო, ნამდვილად არ მახსოვს რა. მე და ბალაძე რომ ვიყავით უეჭველი ვიცი. მახსოვს, ჩვენებაც ბევრჯერ მაქვს მიცემული და… სხვა რამე მაქვს ნათქვამი? არ ვიცი თქვენ თვითონ ნახეთ,“ – უთხრა თეიმურაზ პატარიძემ გამოძიებას. მისი თქმით, ბალაძეს კონკრეტული ბრძანებები 2008 წლის 16 აგვისტოს არ გაუცია.
ალი ბალაძის გამამტყუნებელი განაჩენი მეტწილად თემურ მგელაძის და ზვიად ნურიძის ჩვენებებს დაეყრდნო, ოღონდ არა იმ ნაწილს, რაც თქვენ ახლა წაიკითხეთ და რასაც ბრალდებულები ციხის შეხვედრების ოთახში მოუყვნენ გამომძიებელს, არამედ იმას, რაც მათ მსაჯულებს უთხრეს – სასამართლო სხდომაზე ამ სპეცრაზმელებმა მკვლელობის ორგანიზებაში ხელი თეიმურაზ პატარიძესთან ერთად ალი ბალაძესაც დაადეს.
ალი ბალაძის ინტერესების დამცველი, ნოდარ ცინცაძე ირწმუნება, რომ საპროცესო შეთანხმების დაპირებით, ალი ბალაძის შესახებ ბრალდებულებს ეს განზრახ ათქმევინეს, რადგან პროკურატურას „ბორკილებდადებული მკვლელობის ორგანიზატორი“ დასჭირდა. თემურ მგელაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი კი, ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სპეცრაზმელმა სასამართლო სხდომაზე უბრალოდ სიმართლის თქმა გადაწყვიტა.
„მკითხველმა განსაზღვროს, რამდენად გულახდილად უნდა მივიჩნიოთ ის, რასაც მგელაძე და ნურიძე ფარულ ჩანაწერში ამბობენ,“ – გვესაუბრება ალი ბალაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე. ის მიიჩნევს, რომ ფარულ ჩანაწერში გულწრფელი არიან სპეცრაზმელები, რადგან მათ არ იციან, თუ ფარულად უსმენენ, უნდათ, რომ რეალური ინფორმაცია მიაწოდონ გამომძიებელს და სანაცვლოდ შეღავათი მიიღონ:
„მინდა გითხრათ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მომზადებულ ჩანაწერი სამართლებრივად ძალიან მაღალი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ვინც ამ პირებს შორის პირველი გატყდებოდა და ეტყოდა პროკურორს, იმას ვიტყვი, რაც საჭიროაო, იმას გაუფორმებდნენ საპროცესოს ყველაზე კარგი პირობით. შესაბამისად, ზვიად ნურიძეს 3 წელი რეალური სასჯელი აქვს ახლა საპროცესოთი, თემურ მგელაძეს მხოლოდ 1 წელი, როცა მას განზრახ მკვლელობა დაუდასტურდა.
ეს პირები მოვიდნენ სასამართლოში და თქვეს, ესაა სიმართლე, რასაც ახლა ვამბობთ, მანამდე გვეუბნებოდნენ, ტყუილი უნდა გვეთქვაო, მაგრამ ვინ ეუბნებოდა ამას, არ თქვეს.
რადგან არსებითი წინააღმდეგობა იყო ამ ჩვენებებს შორის, დავაყენეთ შუამდგომლობა ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს უნდა ეთქვა მსაჯულებისთვის, არ იხელმძღვანელოთ ამ მტკიცებულებით, როცა ითათბირებთო,“ – მიიჩნევს ადვოკატი.
ალი ბალაძის ინტერესების დამცველის თქმით, ნაფიც მსაჯულებზეც იყო ზეწოლა, ან ერთ მსაჯულზე იმისთვის, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტისთვის საკმარისი ხმები შეგროვებულიყო. ის ორ გარემოებას ასახელებს, რის გამოც ასე ფიქრობს.
„როცა ნაფიცი მსაჯულები გადიოდნენ, ბრალდებულებს ბოდიში მოუხადეს. დამნაშავებისთვის ბოდიში რატომ უნდა მოეხადათ? გარდა ამისა, ვერდიქტი როცა მიიღება, იქვე იწერება დრო, როდის მიიღეს. მიღებიდან საათის და 40 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა გადაწყვეტილება. ამ დროს მსაჯულები დაღლილები არიან, ყველას უნდა სწრაფად გამოცხადდეს გადაწყვეტილება. რატომ დასჭირდათ მათ ეს დრო?
გამოძიება არ დაიწყეს, მაგრამ დაიწყეს ადმინისტრაციული წესით შემოწმება თბილისის პროკურატურაში იმ კუთხით, რომ სასამართლო დარბაზში იმ დროს, როცა მსაჯულები თათბირობენ, შედის უცნობი მამაკაცი. გვითხრეს, რომ ეს იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ჩემი პოლიციელები იყვნენ იქ, შუაღამე გახდა, მე ქვემოთ მანქანაში ველოდებოდი, ავედი და ვნახე, ხომ არ ჩაეძინათო.
მაგრამ რატომ არ დაურეკა მათ ტელეფონზე? ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ეს პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში მესიჯობს. ჩვენ მოვითხოვეთ მისი მობილური ტელეფონის დათვალიერებაც, რაც არ დაკმაყოფილდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
ამ ადვოკატმა „ბათუმელებთან“ ასევე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, თეიმურაზ პატარიძე მოწმის დაცვის პროგრამაშია ჩასმული, რადგან მან წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა და შესაძლოა, ის უპრობლემოდ კვეთდეს ამა თუ იმ ქვეყნის საზღვარს. ალი ბალაძის შვილი, ნინი ბალაძე კი საუბრობს იმაზე, რომ როინ შავაძის დაკავების, ან მკვლელობის ბრძანება ალის არ გაუცია და ამის მიუხედავად ის დასაჯეს. თანამდებობის პირებს კი, რომლებიც ახლაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, პასუხი არავინ მოსთხოვა:
„მაგალითად, ვასო შანიძე [კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე], რომელმაც დააორგანიზა როინ შავაძის მკვლელობა, რაც საქმეში ნათლად ჩანს, დღეს საქართველოს საგარეო დაზვერვაშია მოადგილის თანამდებობაზე, ასევე იმდროინდელი აჭარის პროკურორი – ვასილ როინიშვილი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და აჭარის უფროსი პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, რომელიც დღეს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის პროკურორია… ყველა, ვინც მოახდინა დაკავების ორგანიზება და ვისი ხელმოწერაც არის დოკუმენტებში, თანამდებობებზე არიან ეს მაღალჩინოსნები.
15 წელი ამ საქმის განხილვა იმიტომ არ ხდებოდა, რომ ხალხს სიმართლე არ გაეგო, რადგან ყველა პირი, რომელსაც ხელი ურევია როინ შავაძის მკვლელობაში 2008 წლიდან დღემდე თანამდებობებზე არიან და ჩვენი სახელმწიფო ხელს აფარებს დამნაშავეებს.
ეს საქმე არის მიკერძოებული. ერთი მტკიცებულებაც არ გააჩნდათ, რაც დაადასტურებდა, რომ ალიკო ბალაძემ ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. გამოიყვანეს ორი ცრუ მოწმე სასამართლოზე და ხელი დაადეს მამას. მათ ეს გააკეთეს საკუთარი თავების გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ბრალდებული – ზვიად ნურიძე და თემურ მგელაძე ფარულად ჩაწერა გამოძიებამ და იქ ალიკოს უდანაშაულობაზე საუბრობენ, რომ მას არანაირი ბრძანება არ გაუცია მათთვის, საპირისპიროს საუბარი მოუწიათ სასამართლოზე და სანამ სასამართლოზე გამოიყვანდნენ, მამას, ალიკო ბალაძეს უკვე დაუმძიმეს ბრალი 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს, რაც წარმოუდგენელია.
ნაფიც მსაჯულებზე მოხდა ზეწოლა, ესეც მიანიშნებს საქმის მიკერძოებულობაზე და დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, ისინი 2 საათით დაგვიანებით შემოიყვანეს დარბაზში, მათთან იყო შესული უცხო პირი და დღემდე ჩვენთვის უცნობია ამ გამოძიების დეტალები, რადგან კამერების ჩანაწერებს არ იძლევიან – ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ვის წარმოუდგენია გათიშული ყოფილიყო სათვალთვალო კამერა თბილისის საქალაქო სასამართლოში… სამწუხაროდ, მთელი სისტემა ჩაერთო ამ საქმეში და დაგვანახეს ყველას, თუ როგორი უძლურია ადამიანი, როდესაც საქმე პოლიტიკურია და ერთ ადამიანს ებრძვის მთელი სისტემა,“ – გვითხრა ნინი ბალაძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ვასო [უჩა] შანიძეს. მისი თქმით, ის საგარეო დაზვერვის სამსახურში ოპერატიულ მუშაკის პოზიციაზეა და თანამდებობას არ იკავებს. სხვა დეტალებზე ვასო შანიძემ არ გვიპასუხა.
„სასამართლო პროცესზე მოუტრიალდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალი ბალაძეს და უთხრა, თუ რამეს ვტყუი, აგერ ვარ, პასუხი გამეციო,“ – საპირისპიროს ამტკიცებს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე, თემურ მგელაძის ინტერესების დამცველი. მისი თქმით, სპეცრაზმელებს ალი ბალაძე პასუხისმგებლობის აცილებას ჰპირდებოდა და წინასწარ იყო შეთანხმებული, რაც უნდა ეთქვათ, მათი დაკავების შემთხვევაში.
„ჩვენ შევასრულეთ ბრძანება [როინ შავაძის მკვლელობა], რომ არ შეგვესრულებია, რაც მოგვივიდოდა, ყველამ კარგად იცის – შავაძის გვერდით ვიქნებოდითო,“ – ადვოკატი გიორგი ფოფხაძე გვიყვება, დაახლოებით რა სიტყვებით მიმართა თემურ მგელაძემ ალი ბალაძეს. – „მთელი ეს პერიოდი, გვეუბნებოდი, მაცადეთ, ბიჭებო, მოვაგვარებ ყველაფერსო. საბოლოო ჯამში, როგორ მოგვარდა, ჩანს, აგერ, სადაც ვართ.
ბოლომდე არ დაგადე ხელი, ბოლომდე არ ვთქვი სიმართლე, გელოდებოდი, რას იზამდი, მაგრამ მივხვდი, მითრევდი. პატარიძე გაქცეულია, შენ უნდა გასულიყავი გარეთ, ხელები დაგებანა და ჩვენ გვწირავდი. ავდექი და ამიტომაც ვთქვი სიმართლეო.
მირეკავდა გზაში და მაძლევდა დირექტივებს [ალი ბალაძე], ერთ-ერთი ზარის დროს მითხრა, უნდა გავაჩეროთ მანქანა და მოვიცილოთო [როინ შავაძე]… არსებობს სატელეფონო ანძების ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 7-ჯერ დაურეკა ავტომანქანებით გადაადგილების დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ალი ბალაძემ. როგორ ფიქრობთ, რაზე საუბრობდნენ? მისი ადვოკატი კი ამბობს, პატარიძემ დაურეკა ალის ტელეფონითო, რადგან მანქანაში ერთად ისხდნენო, მაგრამ ის კიდევ სხვაგან რეკავდა, ესეც ჩანს…“, – გვითხრა გიორგი ფოფხაძემ.
რა ჩანს გრიფით საიდუმლო საქმის მასალებიდან: რის გამო მოკლეს რეალურად როინ შავაძე?
„დღემდე გაკვირვებული ვარ, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, აი, იოტისოდენა არ არსებობს არაფერი, ან შეტყობინება, რომ შავაძე ვინმეს რამე ინფორმაციას აწვდიდა… მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ასლები გატანილი აქვთ ადვოკატებს და საზღვარგარეთ ვინც არის, იქედან იტყოდნენ ამას.
ჩემი აზრით, ეს იყო პირადი წყენა, ან როცა ჩათვალა ვიღაცამ, რომ არასწორად მოიქცა შავაძე და დედა უნდა ვუტირო, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ახალაიაში, ან პატარიძეში შეიძლება ეგ ვეძიოთ, ამათ შეიძლება იცოდნენ.
წარმოიდგინეთ, ეს ბიჭები ჩამოდიან ომიდან დაჭრილები, დანევროზებულები, ეუბნებიან, ეს არის მოღალატე… წინა დღით მიიყვანეს როინ შავაძე კუდ-ში, მაიმუნამ მიიყვანა. ჩემი ვარაუდია ეს, პატარიძემ არ გაიხოცა ხელი და ამ ბიჭებს შეახოცია, თავის თავზე არ აიღო მისი ლიკვიდაცია…“, – თავისი ვერსია გაგვიზიარა „როინ შავაძის საქმეზე“ ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ალი ბალაძის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. მას მსაჯულების ერთი შეკითხვა დაამახსოვრდა:
„სასამართლო კლანს რომ უკავია, შეიძლება თქვა, მაგრამ აქ მოქალაქეებმა მიიღეს ვერდიქტი. ვერ იტყვის ვინმე, რომ მათ რამე პოლიტიკური შემხებლობა ჰქონდათ ვინმესთან.
მსაჯულებმა ჰკითხეს ბალაძეს, მოადგილე ხომ იყავით, ერთი სიტყვა მაინც თქვით, რას აკეთებთ, ხალხო, ამ სპეცრაზმელებს არ უთხარით რამეო? კარგი, შესაძლოა, შეგეშინდა, მაგრამ გაიქეცი, გაერიდე, რამე მოიმოქმედე?“ – გვიყვება გიორგი ფოფხაძე.
ალი ბალაძე ვიცე-პოლკოვნიკია. მან ამ სასტიკი მკვლელობიდან 12 წელი დუმილი არჩია. 12 წლის შემდეგ, 2020 წელს, ალი ბალაძე საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს და გამოჰკითხეს.
რატომ არჩია დუმილი თანამდებობის პირმა, რომც არ ყოფილიყო ჩართული მკვლელობის ორგანიზებაში?
„იგივეს დამართებდნენ, რაც შავაძეს… შემდეგაც ვისთვის უნდა შემეტყობინებია, ყველა თანამდებობაზე იყოო,“ – გვითხრა ნინი ბალაძემ, ალი ბალაძის შვილმა.
- რა უთხრა კუდ-ის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ პატარიძემ გამოძიებას?
პროკურატურისთვის ჩვენება მიუცია თემურ პატარიძესაც. ეს ერთი წლის წინ, 2023 წლის 20 ივლისს მოხდა – დისტანციურად თურქეთში მყოფმა თეიმურაზ პატარიძემ გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. ამ გამოკითხვიდან ერთ კვირაში პროკურატურამ „როინ შავაძის საქმეზე“ 10 პირს წარუდგინა ბრალი, მათ შორის, თეიმურაზ პატარიძეს, თუმცა დაუსწრებლად.
თეიმურაზ პატარიძეც მსჯავრდებულია ამ საქმეზე, თუმცა ის ამ დრომდე იძებნება.
„ესე იგი გადაყავდათ თბილისში სპეცნაზს და ხოდა ისა, რა ჰქვია, გზაში ცუდად… გული ეერია თუ, არ ვიცი… ცუდად გახდა, გაუჩერეს მანქანა, აუცილებელი იყო, რომ გაეჩერებინათ და ისა, გაქცევის მცდელობა ჰქონდა, ამოსტაცა ერთ თანამშრომელს, მე ასე მახსოვს ცეცხლსასროლი იარაღი, გაიქცა და რამოდენიმე გასროლაც განახორციელა…და ნუ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა სპეცნაზმა და ეს იყო,“ – ეს ვერსია მოუყვა თეიმურაზ პატარიძემ გამომძიებლებს. მისი თქმით, როინ შავაძეს დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს, დაკავებულის ლიკვიდაციის დროს კი, ადგილზე საერთოდ არ იყო და „15 წუთის შემდეგ მივიდა“.
„…ესენი რომ წამოვიდნენ ჩვენ დავშორდით სადღაც… ქობულეთთან რა.. წაიყვანეს იქეთა მხრიდან, საშიშროება იყო, რუსები შემოდიოდნენ ჭოროხიდან და… საშიშროება იყო, ამ გზით არ წავიდნენ… მოგეხსენებათ, მეორე გზა რომ არი და რომ წავიდნენ ოზურგეთიდან ჩერეზ, რომ გადასულიყვნენ თბილისში და რომ დამშორდნენ მერე რაციაზე, ჩეპე არისო. მივედით, ასე მახსოვს, მივედით და დავინახე ფაქტი რაც იყო რა.. იქედან მერე მომიყვენ სათითაოდ ყველაფერი, მოვიდა სუყველა…
დაკავებული იქნა და ჩვეულებრივად უნდა გადაგვეყვანა იმაში, სამსახურში რა გრიბოედოვზე და ხოდა, რომ მიყავდათ, ხომ დავაკავეთ და მიგვყავდა, თბილისიდან ბრძანება მოვიდა, რომ თბილისში გადმოიყვანეთო და არ შეგვიყვანია სამსახურში, სპეცნაზში ბრძანება მივეცით რომ გადაეყვანათ და საწვავი ჩაასხეს, წავიდნენ,“ – თქვა თეიმურაზ პატარიძემ.
გამომძიებელმა კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილ უფროსს სატელეფონო კომუნიკაციის ამონაწერი აჩვენა, რომლითაც დგინდება, რომ შავაძის მკვლელობის დროს, პატარიძე ანძების დაფარვის არეალში იყო.
„ვიცი, უკვე რამდენჯერ ჩამესმის იცით ყურში, არ ვყოფილვარ, ჩემო ბატონო და თუ საჭიროა ვთქვა იქ ვიყავი-თქო… რას ვაკეთებდი იქ მე, ან რატომ უნდა ვყოფილიყავი, მე ვგავარ ახლა მაგნაირ ადამიანს?“ – გამომძიებელს შეუბრუნა შეკითხვა თეიმურაზ პატარიძემ.
გამომძიებელმა პატარიძეს წლების წინ მიცემული ჩვენებაც შეახსენა:
„ბატონო თეიმურაზ წაგიკითხავთ: 2008 წლის 15 აგვისტოს დილით მე დამიკავშირდა დათა ახალაია და მითხრა, რომ ოპერატიულად შემესწავლა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ როინ შავაძის პიროვნება და მომეძიებინა ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ როინ შავაძე ინფორმაციას აწვდიდა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს. აღნიშნული გარემოების გადამოწმება მე დავავალე ჩემს თანამშრომლებს ვაჟა დიასამიძეს და გიორგის… [ჩანაწერში გაურკვეველია გვარი], რომლებმაც მითხრეს, რომ იყო შემჩნეული კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციაში და ასევე მითხრეს, რომ შემჩნეული იყო ნარკოტიკული საშუალების გასაღებაშიო,“ – წინა გამოკითხვის ოქმიდან ამოიკითხა ეს გამომძიებელმა.
„ნუ რა გითხრათ ეხლა, ალბათ იყო, ალბათ. მანდ თუ ვთქვი ალბათ ასე იყო, არ მახსოვს ეხლა, ნამდვილად არ მახსოვს და რომ გითხრათ ეხლა, თუ ეგ მიწერია ალბათ ეგრე იყო,“ – თქვა თეიმურაზ პატარიძემ.
რა სახის წინააღმდეგობა გაუწია როინ შავაძემ სპეცრაზმელებს დაკავების დროს, რატომ გახდა საჭირო მასზე ფიზიკური ძალადობა?
„დაკავების დროს წინააღმდეგობა გაწია და მაგარი ჩოჩქოლი იყო, ეს მახსოვს ნაღდად გაწევ-გამოწევა და მთელი ამბები, ეს მახსოვს… რა ვიცი, რაღაცა ხელების…ორომტრიალი…რომ გითხრა 15 მეტრიდან ვუყურებდი მაგ ამბავს რა…იყო შეხლა-შემოხლა… ნუ წინააღმდეგობა გაწია რა და დაადეს მერე ნარუშნიკები და… დაწყნარდა რა.
დაკავებულია, ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება… მე წავედი სამსახურში და თბილისში წამოიყვანეთ აუცილებლადო, როგორც პირველად გითხარით ეგ იყო რა,“ – უპასუხა გამომძიებელს პატარიძეს.
რატომ გახდა საჭირო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირის თბილისში გადაყვანა? – ესეც იკითხა გამომძიებელმა.
„არა, რუსებმა, მე როგორაც გითხარით, რუსები შემოდიოდნენ, მაშინ ფოთში შემოვიდნენ…კატერები წაიღეს, რა ვიცი კატარღები გაანადგურეს ლამის ჩოლოქამდე მოსულები იყვნენ და რა ვიცი, მთელი ამბავი იყო და შიშის ფაქტორი იყო აჭარაშიც შემოსულიყვნენ ალბათ… მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, სხვა განზომილება იყო.
„აბა მაშინ რაც გახსოვთ, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება რომ აგვიწეროთ. იქ რა ვითარება იყო, რა დაგხვდათ შემთხვევის ადგილზე?“ – მიუბრუნდა პატარიძეს გამომძიებელი.
„გზის მარცხენა მხარეს, მარცხენა მხარეს ჩაის ბუჩქები იყო, გვამი, მანქანები ცოტა მარჯვენა მხარეზე გაჩერებული იყო და ბიჭებმა მომიყვეს მერე, რაც იყო, როგორც იყო. გითხარით წეღან, ეგ იყო, მერე მოვიდა, მერე ჩავაყენე ყველა საქმის კურსში, მერე ჩაერთვნენ მთელი ჯგუფი და რა ვიცი… იყო პროკურორი, მახსოვს, ვასილი [ვასილ როინიშვილი, ის ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა].
„თვითონ რაც შეეხება როინ შავაძის გვამს, დაზიანებები გახსოვთ, რა დაზიანებები ჰქონდა?“ – იკითხა გამომძიებელმა.
„დაზიანებები ბლომად, მრავლობითი ცეცხლნასროლი ისინი ჰქონდა… მე მივედი შორიდან შევხედე, მაგნაირ რაღაცეებს…“, – თქვა პატარიძემ. გამომძიებელმა მას სთხოვა იმის გახსენება, რა უთხრეს ადგილზე მისულს:
…გახდა ცუდად, ძალიან ცუდად იყო, გულისრევა ჰქონდა თუ კუჭი აეშალა, არ ვიცი, რაღაც ასეთი ბუნებრივი მოვლენა ჰქონდათ, გამოუვალი მდგომარეობა იყო, ასე მახსოვს, რომ უნდა გაეჩერებინათ. გამიჩერეო და გაუჩერეს მანქანა, მერე ჩამოვიდა, ზურგიდან რომელიღაცას მე მგონი ასე მახსოვს… ცეცხლსასროლი იარაღი და გაიქცა,“ – თქვა თეიმურაზ პატარიძემ.
გამომძიებელი: „ზურგიდან ამოაცალა იარაღი თუ როგორ?“
მოწმე: „დიახ… ამოაცალა იარაღი… რაფერაც მომიყვნენ იმას გიყვებით… გამოსტაცა და გააკეთა ის, რამოდენიმე გააკეთა გასროლა, მანქანაზეც იყო მე მგონი თუ არ ვცდები, შეიძლება ვცდები არ ვიცი, მე მგონი მანქანასაც მოხვდა რამოდენიმე გასროლა, არ ვიცი, დაწვნენ, მე მგონი დავწექითო, დაწვნენ ესენი და მერე რო გაიქცა მიაყენეს… ესროლეს რა.
მეტი რა გითხრათ…მეტი ახლა არ ვიცი, სპეცრაზმელები, გეუბნებით 3 თუ 4 დღის ჩამოსულები იყვნენ, პირველი დღიდან იქ იყვნენ მაგენი, პირველი… ცხინვალში და პირველი თუ რამე სადმე ტყვია გავარდა, პირველი მაგენი იყვნენ იქ და ხოდა, ეხლა რა, რა… პირდაპირ გეტყვით ჩემგან თუ რამე არის, რა გინდათ მითხარით… ბიჭები აგერ არიან გეტყვიან, რაც იყო, რა ვიცი ათასი მაიმუნია… ერთი გეტყოდათ ვოვა, „მაიმუნა“ მითვლიდა, ვიტყვი რაღაცეებსო, ფულს მთხოვდა 50 000 დოლარს… მე ვიტყვი, თუ დამიჯერებენ და თუ არ დამიჯერებენ.. ამნაირი ბევრი რაღაცეები იყო და ეხლა რა გითხრათ,“ – აღნიშნა თეიმურაზ პატარიძემ.
„მაიმუნა“ იგივე გიორგი ჩიქოვანია. ისიც სპეცრაზმელი იყო იმ დროს, როცა სერჟანტი მოკლეს. გამოძიების მტკიცებით, თავდაპირველად გიორგი ჩიქოვანმა 2008 წლის 15 აგვისტოს, ანუ მკვლელობის წინა დღეს მიიყვანა როინ შავაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ამ შემთხვევას თეიმურაზ პატარიძე ვერ იხსენებს.
„ეგ [გიორგი ჩიქოვანი] მუშაობდა, თავიდან სპეცნაზი რომ იმას ვქენით ჩვეულებრივად. მერე მაგას ჩეპე ჰქონდა რაღაც, მერე შეიწყალა. გაუპატიურების მცდელობა, თუ რაღაც მასეთი…
მერე შეიწყალა, მე მგონი პრეზიდენტმა ეგ და ჩვეულებრივად გააგრძელა სამაშველო სამსახურში მუშაობა… თუ არ ვცდები, მაგ დროს არ ვიცი ბრძანება იყო მაგის, მაგი მუშაობდა თუ არ მუშაობდა, ოფიციალურად მე მგონი მაგ დროს არ მუშაობდა. არ მახსოვს ზუსტად, არ მახსოვს ზუსტად რა,“ – თქვა პატარიძემ.
გამომძიებელი: „გეტყვით. ესე იგი, წინა დღეს, როინ შავაძის მკვლელობის წინა დღეს, 2008 წლის 15 აგვისტოს, გიორგი ჩიქოვანი იყო თუ არა მოსული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში და… ახლდა თუ არა მას როინ შავაძე?“
თეიმურაზ პატარიძე: „აზრზე არა ვარ, არ ვიცი, პირველად მესმის. არ ვიცი, აზრზე არა ვარ. ჩემთან ახლდა?“
გამომძიებელი: „თქვენ დაავალეთ გიორგი ჩიქოვანს დაადგინეთ…“
თეიმურაზ პატარიძე: „არა, არა, ჩიქოვანს მე ვერაფერს დავავალებდი… მე დავავალე თანამშრომლებს, ჩიქოვანისთვის მე არ დამივალებია.“
გამომძიებელი: „რომ დაედგინათ ეს პიროვნება ხომ?“
თეიმურაზ პატარიძე: „დიახ რომ დაედგინათ პიროვნება, სამსახურში მოყვანა ჩიქოვანმა მომიყვანა სამსახურში… არ ვიცი მე არ დამივალებია ჩიქოვანისთვის.
გამომძიებელი: „წინა დღეს, 2008 წლის 15 აგვისტოს, გიორგი ჩიქოვანს როინ შავაძე მოჰყავს თქვენს სამსახურში, ეს არის დადგენილი.“
თეიმურაზ პატარიძე: „მე არ დამივალებია და მე პირველად მესმის ეგ, რომ სამსახურში ჰყავდა მოყვანილი, ეგ არ ვიცი ვინ დაავალა. გეტყოდათ და გეცოდინებათ მაშინ, მე არ ვიცი. მე
არ დამივალებია მაგნაირი რაღაც“.
გამომძიებელი: „2008 წლის 16 აგვისტოს იყავით თუ არა თქვენ მისული მე-5 ქვეით ბრიგადაში, სადაც ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო ვახტანგ პაიჭაძე, რომელსაც შეხვდით.“
თეიმურაზ პატარიძე: „ვინაა ვახტანგ პაიჭაძე?“
გამომძიებელი: „აღნიშნული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.“
თეიმურაზ პატარიძე: „არ მახსოვს კი არა, არ ვიცი, სამხედრო ნაწილში საერთოდ არა ვარ ნამყოფი, რა ვიცი რა მინდოდა სამხედრო ნაწილში?“
- „როინ შავაძის საქმის“ პროკურორთან გასაუბრება მეტი დეტალის გასაგებად პროკურატურის პრესცენტრს ვთხოვეთ, თუმცა უშედეგოდ.