ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის დასრულდება სამუშაოები ახალ ბულვარში – ზღვაში კიდევ 110 ათას კუბამეტრ ხრეშს შეიტანენ

20.05.2024 •
როდის დასრულდება სამუშაოები ახალ ბულვარში – ზღვაში კიდევ 110 ათას კუბამეტრ ხრეშს შეიტანენ

ბათუმის ახალ ბულვართან ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა დაგეგმილი. პლაჟის შენარჩუნების გარდა ხრეშის შეტანა აუცილებელია სანაპირო ზოლის დასაცავად. ხრეშს, რომელიც ზღვაში უნდა ჩაყარონ, მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ.

ხრეშის შეტანას 2 თვე დასჭირდება. სამუშაოები ზაფხულში ალბათ არ დაიწყება, თუმცა, საზაფხულო სეზონის წინ, ბათუმის ახალ ბულვარში დღეს სხვა, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დაიწყება სამუშაოები ბათუმის კონცხზე, სადაც ბანაობა საფრთხის შემცველია.

ნაპირსამაგრი ნაგებობა და პლაჟზე ჩასასვლელი კიბე ახალ ბულვარში / 20.05.2024

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ხრეშის შეტანასთან დაკავშირებით სკრინინგის ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 16 მაისს გააგზავნა.

„გაცნობებთ, რომ სამმართველო 2024 წელს გეგმავს პროგრამის – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ განხორციელებას. ამ მიზნით შესყიდული იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთან, მომზადებული იქნა შესაბამისი სკრინინგის ანგარიში. გთხოვთ განიხილოთ და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – წერს აჭარის სამმართველო ეროვნულ სააგენტოს.

სამუშაოების დაწყება სააგენტოს მიერ მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი. პლაჟის ხელოვნური კვებისთვის კი, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში 2 მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ჭოროხიდან ამოღებული ხრეშს ზღვის სანაპიროზე ორ ადგილზე შეიტანენ – აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ზღვისგან დანგრეული პირსის მიმდებარედ.

„პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის [რომელიც ხრეშის შეტანით მოეწყობა] სიგრძე შეადგენს 325 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 30 მეტრიდან 40 მეტრამდე. ამ უბანზე [აეროპორტის მიმდებარედ] შეტანილი იქნება 35 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა.

მეორე უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე შეადგენს 290 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 50 მეტრიდან 55 მეტრამდე. ამ უბანზე [დანგრეულ პირსთან] შეტანილი იქნება 75 ათასი კუბური მეტრი მასალა.

რეცხვადი ბერმის პარამეტრები, არის პირობითი და მისი განზომილება შეიცვლება შტორმული რეჟიმიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

კარიერი მდინარე ჭოროხზე, საიდანაც ამოღებულ ხრეშს ახალ ბულვართან ზღვაში ორ უბანზე ჩაყრიან [აეროპორტის ასაფრენი ზოლისა (უბანი 1) და ზღვისგან დანგრეული პირსის (უბანი 2) მიმდებარედ]

სკრინინგის ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ „ინერტული მასალის მოპოვების გამოყოფილ კარიერზე გათვალისწინებულია არსებული გზის აღდგენა და ადგილობრივი მასალისგან 424 მეტრი სიგრძის წყლის ასაცილებელი დამბის [ფოტოზე აღნიშნულია წითელი ხაზით] მოწყობა“.

  • „მდინარე ჭოროხის მიერ გამოტანილი ნალექების დიდი ნაწილი გადაადგილდება კანიონში დიდ სიღრმეზე და არ იღებს მონაწილეობას ჭოროხი-ბათუმის რაიონის სანაპირო ზონის ფორმირებაში… კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს მდინარეთა შორის ჭოროხის მყარი გამონატანის რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო თურქეთში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის აშენებამდე.
  • პლაჟებისთვის, მდინარით ჩამოტანილი მკვებავი მასალის მიწოდების მექანიზმი დღეისათვის მთლიანად მოშლილია. თურქეთის ტერიტორიაზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით გადაკეტვის გამო, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მყარი ჩამონადენის მქონე მდინარე ჭოროხს, თითქმის აღარაფერი აღარ გამოაქვს სანაპიროზე,“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

ხელოვნურად შექმნილი პლაჟი ახალ ბულვარში, სადაც წელს ხრეში დამატებით უნდა შეიტანონ / 20.05.2024

აღსანიშნავია, რომ ახალი ბულვარის მიმდებარედ იმ ადგილებში, სადაც წელს ხრეში უნდა შეიტანონ, 2022-23 წელსაც შეიტანეს დაახლოებით 410 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა, რის შედეგადაც ნაწილობრივ აღდგა შტორმით თითქმის მთლიანად წარეცხილი პლაჟის ზოლი.

ამ თემაზე: ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს

განახლება: 2024 წლის 5 ივნისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა საერთოდ შეწყვიტა, ვინაიდან სამუშაოები ჩაითვალა არა ახალი ნაგებობის [რეცხვადი ბერმის] მოწყობად, არამედ ძველი ბერმის რეკონსტრუქციად, რაც შესაბამისი კანონმდებლობით არ საჭიროებს სკრინინგის დასკვნას.

„ვინაიდან, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ნაპირდაცვითი სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქცია, რაც არ საჭიროებს სკრინინგის პროცედურების გავლას, სააგენტო წყვეტს ქ. ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.“ – მიწერეს ეროვნული სააგენტოდან აჭარის სამმართველოს.

ზღვის ხელოვნური კვების პარალელურად, ადგილობრივმა მთავრობამ ახალ ბულვარში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენისა და ნაპირის დაცვის მიზნით ხელოვნური ნაგებობის აშენება გადაწყვიტა.

პროექტი, რომელშიც 15,6 მილიონი ლარი იხარჯება, 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 2024 წლის მარტამდე, შემდეგ კი ივნისამდე გადაწიეს. სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს.

ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დეტალი პროექტში არ იყო თავიდანვე გათვალისწინებული, რის გამოც აუცილებელია ვადის გადაწევა.

მაგალითად:

  • „გაირკვა, რომ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ პლაჟზე, პერიოდულად იმისათვის შედის ინერტული მასალა, რომ იქ მოძრავმა მძიმე ტექნიკამ არ დააზიანოს მოწყობილი პრომინადი, საჭიროა ჟილინის არხის მიმდებარედ მძიმე ტექნიკის დერეფნის მოწყობა, რაც თავის თავში გულისხმობს 25 სმ სისქის ორმაგად არმირებული რკინაბეტონის ფილას.
  • შესაცვლელია კობალაძის არხის ზღვაში გამსვლელის ფორმაც, რომლის საშუალებითაც შტორმისას მოხდება პროექტით გათვალისწინებული არხის შევსება ინერტული მასალებით. ამჟამინდელი კონსტრუქცია პრაქტიკულად არ იძლევა მისი გაწმენდის საშუალებას, რაც ძლიერი წვიმის შემთხვევაში გამოიწვევს ქალაქის დატბორვას.
  • ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პრომინადზე მუდმივად გადაადგილდება ბათუმის ბულვარის, სანდასუფთავებისა და ბათუმის წყლის სატვირთო მანქანები თუ მძიმე სპეცტექნიკა, საჭიროა პრომინადის სისქის გაზრდა პროექტით გათვალისწინებული 10 სანტიმეტრიდან 18 სანტიმეტრამდე, რათა არ მოხდეს ახლად აღდგენილი პრომინადის მალევე დაზიანება;
  • აუცილებელია პრომინადზე ზედაპირული ნალექის დაგროვებისგან თავის არიდების მიზნით, ტალღამრიდი ბლოკების გასწვრივ, სანიაღვრე არხის მოწყობა.
  • პროექტში არ იყო გათვალისწინებული პლაჟზე გადასასვლელი შშმ პირთათვის. ერთკილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ შენდება 1 მეტრი სიმაღლის კედელი, ხოლო იმისათვის, რომ პლაჟის ეს მონაკვეთი ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აუცილებელია რამდენიმე ერთეული ადაპტირებული პანდუსის მოწყობა საპროექტო მონაკვეთის გასწვრივ, ქუჩის გადასასვლელების წინ.

შშმ პირებისთვის პანდუსი პლაჟზე ჩასასვლელად ახალ ბულვარში / 20.05.2024

  • გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ხშირი იყო ძლიერი წვიმები, ასევე მოხდა დიდი მასშტაბის სტიქია, რამაც მთელ სანაპირო ზოლთან ერთად განსაკუთრებულად დააზიანა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია. აგრეთვე დააზიანა კომპანიის მიერ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც მათ მოუწიათ უკვე ჩატარებული სამუშაოების ხელმეორედ შესრულება.
  • ამასთან სტიქიის შემდგომ პერიოდშიც ობიექტზე ვერ განახლდა სამუშაოები, რადგან სტიქიამ ფაქტობრივად წაიღო პლაჟი, დააზიანა და დაანაგვიანა ბულვარის ტერიტორია. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი აღდგენა-მოსწორება, რომლის გაწმენდის გარეშეც ობიექტზე სამუშაოები ფაქტობრივად ვერ განახლდებოდა.
  • ზემოაღნიშნული, განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ხელშეკრულებაში შევიდეს ცვლილება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 10 ივნისი.“

ამ თემაზე: რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს

2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით, შპს „გზისთვის“ უკვე გადახდილია 10 692 505 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 68%].

განახლება: 2024 წლის 7 ივნისს სამუშაოების ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს. ამჯერად 2024 წლის 2 ივლისამდე, თუმცა კომპანია გადავადებას 21 ივლისამდე ითხოვდა. რაც შეეხება მიზეზებს, შესაბამის შეთანხმების ოქმში ბათუმის მერიის სამმართველო აღნიშნავს, შემდეგს: 

  • „მიმდინარე წლის 6 ივნისს შპს „გზა“-მ მოგვმართა წერილობით და გვაცნობა ობიექტზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დაკვეთით ბულვარის სანაპირო ზოლის გასწვრივ მიმდინარეობს ველობილიკის მოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ასევე უნდა აღდგეს ველობილიკი ჩვენი საპროექტო ტერიტორიის გასწვრივაც.
  • აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობამ და საპროექტო ტერიტორიაზე მძიმე სპეცტექნიკის მოძრაობამ გარკვეული ვადით შეაფერხა კონტრაქტორი კომპანიის სამუშაოები, კერძოდ დღემდე შეუძლებელია „მძიმე ტექნიკის დერეფნის“ მოწყობა, რადგან ისინი ამ მონაკვეთს იყენებენ საკუთარი ტექნიკის გადასაადგილებლად, ასევე შეუძლებელია სამუშაო ფრონტის სრულად გაშლა იმ ტერიტორიზე სადაც უნდა მოეწყოს სავალი ბილიკი, პრომინადი (10მ სიგანე) რომლის ნახევარზეც მოძრაობს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ კონტრაქტორი კომპანიის სპეცტექნიკა. აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოების სრულად ჩატარება გამოიწვევს მათ პარალიზებას.
  • აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოები აგრეთვე შეაფერხა შსს სათვალთვალო კამერებისათვის დამატებითი კაბელის გაყვანამ.
  • ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კომპანია ითხოვს ვადის გაგრძელებას მიმდინარე წლის 20 ივლისის ჩათვლით, მაგრამ ჩვენს მიერ შერჩეულ გონივრულ ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1-ლი ივლისის ჩათლით პერიოდი. ამასთან, განხორციელებულ ცვლილება N4-ში ფიქსირდება მექანიკური ხარვეზი მოცულობებთან დაკავშირებით, რაც დაკორექტირდა ერთეული ფასის შეუცვლელად. განსახორციელებელი ცვლილების შედეგად საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება რჩება უცვლელი.“

ახალი ბულვარი / აქ პრომინადისა და ველობილიკის მოწყობა შეცვლილი ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 11 ივნისამდე უნდა დასრულდეს / 20.05.2024

ბათუმის სანაპიროზე კიდევ ერთი ავარიული უბანია, სადაც პრობლემას ჭარბი ნატანი წარმოადგენს.

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ამ ეტაპზე, ჯამში, 43 000 კუბური მეტრი ნატანია ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი გათვლებით 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას კი შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს.

ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღება-მახინჯაურში ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტები გარემოს ეროვნულ სააგენტოში ხელახლა, 2024 წლის პირველ აპრილს წარადგინა.

ამ თემაზე: ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება

ამ შემთხვევაშიც სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა და სამმართველოს გარკვეული დეტალების დაზუსტება მოსთხოვა.

ბათუმის კონცხი

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა.

ვრცლად: ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: