ბათუმის მოქმედი ავტოსადგურის მფლობელი სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა.
ახალი ამბავი აღარ არის და ბათუმში დიდი ხანია იციან, რომ თანამდებობიდან წასულები მშენებლებად გვევლინებიან, სამშენებლო კომპანიების დირექტორები ან არქიტექტორები ხდებიან. მათ შორის რამდენიმე პირად საუბრებში არც იმას მალავს, რომ ახლა უფრო დიდ ფულს აკეთებს: „რა მინდოდა საჯარო სამსახურში“. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე, საჯარო სამსახური კარგი დასაწყისის, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი კარგი გაგრძელების წინაპირობაა, პრაქტიკა ასე აჩვენებს.
ამ დრომდე მშენებლებად გვევლინებოდნენ ყოფილი მინისტრები, ვიცე-მერები, მთავარი არქიტექტორები, სამსახურების უფროსები. ამჯერად კი არც მეტი არც ნაკლები, ბათუმში 2 ცათამბჯენის მშენებლობას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე გეგმავს. თანამდებიდან წასვლის შემდეგ არჩილ ხაბაძე საქართველოს პარლამენტში შევიდა „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით. უფლებამოსილების გასვლის შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, „პოლიტიკაში დარჩენა აღარ მოინდომა“ და თავის სფეროში – „ფინანსებში“ დაბრუნდა.

მოქმედი ავტოსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის ესკიზი
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე წილებს ფლობს კიდევ ორ კომპანიაში. ერთი გონიოში, ზღვასთან ახლოს გეგმავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, მეორე კი აშენებს ახალი ბულვარის მიმდებარედ, ასევე ზღვასთან ახლოს.
გონიოში დაგეგმილი პროექტის რენდერი
შპს „გუმბათი ჰაბი“ არჩილ ხაბაძეს 2024 წლის 16 აპრილს დაუფუძნებია. ამ დროისთვის არჩილ ხაბაძე „გუმბათი ჰაბის“ ერთპიროვნული მფლობელია. კომპანია 2 ცათამბჯენის მშენებლობას ბათუმში, სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩის #1-ში, ბათუმის მოქმედი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გეგმავს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების დასაწყებად ბათუმის მერიას უკვე მიმართა. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კონცეფცია მზად არის, ახლა კომპანიამ განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] უნდა მოამზადოს. ბათუმის მერმა მიწის ნაკვეთის განაშენიანების კონცეფციის მომზადებაზე ბრძანებას ხელი 2024 წლის 28 მაისს მოაწერა.

მონიშნულია ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორია, სადაც არჩილ ხაბაძის კომპანია 2 ცათამბჯენს ააშენებს
სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ ქონების გამოსყიდვაზე ხელშეკრულება არჩილ ხაბაძეს და მის პარტნიორს, ბიზნესმენ ლაშა ბალაძეს უკვე გაფორმებული აქვთ. თუმცა საჯარო რეესტრში ეს ყველაფერი სრულად მას შემდეგ აისახება, როცა ყოფილი თავმჯდომარე და მისი პარტნიორი საფასურს სრულად გადაიხდიან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რამდენიმე პირობას შეასრულებენ.
- პარლამენტარი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ავთანდილ ენუქიძე ამ საქმეში მილიონ-ნახევარ დოლარს მიიღებს
ბათუმის ავტოსადგურს სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგური“ ფლობს. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის 54.99 % შპს „ფერტუნა სტეიშენის“ საკუთრებაა, 30,91 პროცენტი აჭარის მთავრობას ეკუთვნის, 2.39 პროცენტს ფლობს ფატმან გიორგაძე, 1.98 პროცენტი ეკუთვნის საზოგადოების დირექტორს ასლან გვარიშვილს, 0.43 პროცენტი ბადრი სოლომონიძის საკუთრებაა, 3.17% ოთარ ცეცხლაძეს, 1.98% კი ასლან გვარიშვილს ეკუთვნის.
დოკუმენტების მიხედვით, 2023 წელს, „ბათუმის ავტოსადგურის“ 54.99 პროცენტის მფლობელი კომპანიის, შპს „ფერტუნა სტეიშენის“ წილები მფლობელმა გაასხვისეს. მხარეებმა ქონების გასხვისების შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ქონების საფასური ახალმა მფლობელებმა 2024 წლის აგვისტოში უნდა დაფარონ.
ახალ მფლობელებზე ჯერ მხოლოდ „ფერტუნა სტეიშენის“ ერთ-ერთი მფლობელის – შპს „ფერტუნას“ წილები გადავიდა [„ფერტუნა“ – შპს „ფერტუნა სტეიშენის“ 49 პროცენტს ფლობდა]. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, რომელიც 2024 წლის 6 მარტით თარიღდება, „ფერტუნას“ წილების 24.5/24.5 პროცენტი არჩილ ხაბაძემ და მისმა პარტნიორმა ლაშა ბალაძემ 1 მილიონ 500 ათას დოლარად შეისყიდეს და უკვე დაირეგისტრირეს კიდეც.
ლაშა ბალაძე შპს „გუმბათის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელია.
„ფერტუნა სტეიშენის“ 26.4 პროცენტი კი საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ ავთანდილ ენუქიძეს ეკუთვნის, მას თავისი წილები მართვაში ალექსი ზუმბულიძისთვის აქვს გადაცემული. 8.2/8.2 პროცენტს მფლობელები არიან ასლან გვარიშვილი, ბადრი და ზაურ სოლომონიძეები.
- ყველაფერი უფრო მარტივად აღქმადი რომ გახდეს:
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, „ბათუმის ავტოსადგურის“ ერთ-ერთი მფლობელის – „ფერტუნა სტეიშენის“ წილები ყველა მფლობელმა გაყიდა. „ფერტუნამ“ თავისი 49 პროცენტი 1 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად გაასხვისა. იგივე თანხაზე შეუთანხმდა მყიდველებს პარლამენტარი ენუქიძეც, თავისი 26.4 პროცენტის დათმობის სანაცვლოდ. 500-500 ათასი დოლარი უნდა მიიღონ სოლომონიძეებმა და ასლან გვარიშვილმა.
შპს „ფერტუნა სტეიშენი“ 2010 წელს ავთანდილ ენუქიძემ, ბადრი სოლომონიძემ, ამირან გვარიშვილმა, ზაურ სოლომონიძემ და შპს „ფერტუნამ“ დააფუძნეს. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნოდა წილების 49 პროცენტი. „ფერტუნა“ კი ისრაელის მოქალაქის იოჰანან ელიგულას საკუთრება იყო. ბოლოს მისი ინტერესებს საჯარო რეესტრში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი წარმოადგენდა. მაშინაც 8.2/8,2 პროცენტს ფლობდნენ ამირან გვარიშვილი, ასევე ბადრი და ზაურ სოლომონიძეები. ავთანდილ ენუქიძე კი 26.40 პროცენტის მფლობელი იყო.
დოკუმენტებში ასევე ჩაიწერა, რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმის ავტოსადგურისთვის“ დამატებით დარიცხული თანხების კანონიერების თაობაზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე.
მყიდველები ვალდებულები არიან გადაიხადონ იმ ოდენობის თანხები, რაც საკმარისი იქნება საგადასახადო დავისა და სისხლის სამართლის საქმის დასასრულებლად. თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურთან და საგამოძიებო ორგანოსთან გამყიდველების შეთანხმებით.
მყიდველები ვალდებულები არიან ორივე საქმისთვის საჭირო თანხები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეათანხმონ და ამის შესახებ მყიდველებს აცნობონ არაუგვიანეს 2024 წლის 11 აგვისტოსი. ასევე, გადაიხადონ შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები. ზაურ სოლომონიძის შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის საქმის დასრულებისთვის გადახდილი თანხა მყიდველებს წილის ნასყიდობის საფასურში ჩაეთვლებათ.
ამ საქმეში კიდევ რამდენიმე დეტალია გასარკვევი, მაგალითად ის, თმობს თუ არა აჭარის მთავრობა თავის 30 პროცენტს.
ბათუმში, სევერიანე აჭარელის #1-ში გეგმარებითი ერთეულის ფართობი 2 ჰექტრამდეა – 19 500 კვ.მეტრს მიწის ნაკვეთს მოიცავს. გეგმარებით ერთეულს ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება წმ. სევერიანე აჭარელის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან კი შავშეთის ქუჩა. სამშენებლო ფართობი 14 554 კვ.მეტრია.
კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილი პროექტის პირველადი მონახაზი ასეთია: განაშენიანების ფართობი – 11647 კვ.მეტრი, განაშენიანების ინტენსივობა: 247 505 კვ.მ, გამწვანება: 837 კვ.მ, ავტოსადგომების რაოდენობა: 420 ავტოსადგომი, საცხოვრებელი ფართობები: [ცალ-ცალკე: ბინა, სასტუმროს ტიპის ბინა, სასტუმროს ნომერი] – 2150 ერთეული; აპარტამენტი – 65 000 კვ.მ, საზოგადოებრივი ფართობი – 39 100 კვ.მ, სამშენებლო ფართობი – 165 000 კვ.მ.

ესკიზი კონცეფციიდან
კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ ცათამბჯენების მაქსიმალური სიმაღლე 136 მეტრი იქნება. პროექტი აერთიანებს ერთ 4-სართულიან და ორ 43-სართულიან შენობას, მათ შორის ორი მიწისქვეშა სართულით. კომპლექსი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების გარდა საზოგადოებრივი დანიშნულების ფართობებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს გააერთიანებს.
მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობის დროს არჩილ ხაბაძე თავად შუამდგომლობდა კომპანიებს განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდაზე, ახლა მის კომპანიას სჭირდება დადგენილი 3,5-დან და 4,6-დან კოეფიციენტის 17,0-მდე გაზრდა და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა.
- გონიო რეზიდენსი
სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დაგეგმილი ცათამბჯენების პროექტი პირველი არ არის, რომლითაც არჩილ ხაბაძე სამშენებლო ბიზნესში გამოჩნდა. 2023 წლის მაისში არჩილ ხაბაძემ, ლაშა ბალაძესთან ერთად დააფუძნა „გუმბათი რეზიდენსი“, რომელიც გონიოში, ზღვის სანაპიროზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. ჯერჯერობით არჩილ ხაბაძე ამ კომპანიის 30 პროცენტს ფლობს, 70 პროცენტი კი ლაშა ბალაძეს ეკუთვნის.
კომპანია „გონიო რეზიდენსი“ გონიოში, ზღვის სანაპიროზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ნებართვის მისაღებად კომპანიას პროცედურები უკვე დაწყებული აქვს.

პროექტის რენდერი
- აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სამშენებლო ბიზნესში 2022 წლიდან გამოჩნდა
2022 წელს არჩილ ხაბაძეს და ლაშა ბალაძეს ერთობლივად შეუსყიდიათ „მონოპოლი გრუპი“. სწორედ ამ კომპანიის საკუთრებაში ირიცხებოდა მიწის ნაკვეთების ნაწილი გონიოში, სადაც „გონიო რეზიდენსი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. არჩილ ხაბაძეს ეკუთვნის ასევე „ბულვარი ფოინთის“ 10 პროცენტი, ეს კომპანია ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ასრულებს.

„ბულვარი ფოინთის“ პროექტის რენდერი

ლურჯად მონიშნულია ადგილი, სადაც „ბულვარი ფოინთი“ აშენებს
არჩილ ხაბაძე კიდევ ერთი კომპანიის, შპს „ახალი ალიანსის“ თანამესაკუთრედ ფიქსირდება. ის კომპანიის 20 პროცენტის მფლობელია, 80 პროცენტი კი თორნიკე ფუტკარაძეს ეკუთვნის. ის ბიზნესმენ ლევან ხიმშიაშვილის სიძეა. ამ კომპანიაზე არანაირი ქონება არ ირიცხება, როგორც თავად არჩილ ხაბაძემ გვითხრა „რაღაც იდეა ჰქონდათ, მაგრამ არ გამოვიდა.“
ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია არჩილ ხაბაძემ 2021 წელს შეავსო, როგორც პარლამენტის უკვე ყოფილმა წევრმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ ხაბაძე 2016 წელს გადადგა, ამავე წელს ის საქართველოს პარლამენტში შევიდა „ოცნების“ პროპორციული სიით. ყოფილი თავმჯდომარის, შემდეგ კი მის დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, უნდა ვიფიქროთ, არც თავმჯდომარეობის დროს და არც პარლამენტის წევრობის დროს მას დიდი კაპიტალი არ დაუგროვებია.
- საიდან ფული?
არჩილ ხაბაძემ გვითხრა, რომ პოლიტიკიდან ბიზნესში დაბრუნდა, რადგან საბანკო საქმე და ფინანსები მისი სფეროა: „შორს პოლიტიკიდან და ახლოს ისევ ჩემს სფეროში, დავბრუნდი – ფინანსები, ბანკები, კომპანია“. მას სამშენებლო ბიზნესში შესვლაზე ვკითხეთ:
„ფინანსები მეხება ძირითადად კომპანიაში. თან პარტნიორობა, თან საქმიანობა, თან ფინანსურ სექტორთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. დიახ, „გუმბათი ჰაბის“ მფლობელი ვარ, მაგრამ დასახელებაშიც ჩანს, რომ ეს „გუმბათია“ [გულისხმობს სამშენებლო კომპანია შპს „გუმბათს“]. დიახ, ასე გამოდის, რომ შემოვედი სამშენებლო ბიზნესში, როგორც ბიზნესმენი არ ვივარგებ, მე „გუმბათის“ კომერციული მიმართულებების კურაცია, პროცესების მართვა მეხება. ეს გულისხმობს, მათ შორის როგორც საინვესტიციო, ასევე საორგანიზაციო საკითხებს. რამდენიმე პროექტში მექნება ჩემი ფუნქცია. ნახავდით ალბათ, რომელ კომპანიებში ვარ დაფიქსირებული დირექტორად და ვარ პარტნიორიც მათ შორის.“
არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ბიზნესმენ ლაშა ბალაძესთან დიდი ხანია მეგობრობს, პარლამენტის შემდეგ გადაწყვიტეს, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ცოდნა და კონტაქტები ბიზნესისთვის გამოეყენებინათ:
„ჩვენ ვმეგობრობთ. 2016 წელს ჩამოვიდა ლაშა უცხოეთიდან, სადაც სწავლობდა, მე ამ დროს პარლამენტში ვიყავი, ჩვენი ურთიერთობა აღდგა. 2020 წლის შემდეგ, როცა პარლამენტიდან წამოვედი უსაქმურად ვიყავი, გაჩნდა იდეა და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ჩემი გამოცდილება და ურთიერთობები წარსულში გამოადგებოდა „გუმბათს“ და პარალელურად ახალი პროექტებიც დაგვეწყო. დაემთხვა ჩვენი მოსაზრებები და ინტერესები.
„გუმბათი ჰაბი“ ჩამოვაყალიბეთ იმისთვის, რომ ქონების გამოსყიდვამდე დაგვეწყო პროექტის მომზადება და მისი შეთანხმება მერიასთან. დიახ, კონცეფცია უკვე შევიტანეთ, რომ ქონების გამოსყიდვამდე დრო არ დაგვეკარგა. კომპანია, რომლის ასი პროცენტიც ჩემია, იქნება მხოლოდ სამშენებლო ნებართვის მიმღები, ქონება არ იქნება ამ კომპანიის. მესაკუთრე იქნება ის, ვინც ყიდულობს წილებს. „გუმბათი ჰაბი“ ამიტომ ჰქვია, მე არ ვიქნები ქონების მესაკუთრე. მხოლოდ ნებართვის აღების პროცედურებზე ვიზრუნებ.
როგორც ნახეთ, ჯერ „ფორტუნა სტეიშენის“ მართვაში ვერ შევედი. სწორედ ამისთვის შეიქმნა „გუმბათი ჰაბი“, რომ არქიტექტურის ნაწილი, კვლევა იქნება ეს თუ სხვა, შეათანხმოს მერიას. ჯერ პროცედურა არ დაგვიწყია, რაიმე ხარჯვითი ნაწილი არ ყოფილა, „გუმბათი ჰაბს“ საინვესტიციო მიმართულებით რაიმე დიდი ხარჯები არ გაუღია.
რაც შეეხება „ბულვარ ფოინტს“, „გუმბათთან“ ჩემი პარტნიორობა და მენეჯერობა მაქ ჩანს ზუსტად, იმიტომ რომ დირექტორიც ვარ, ამავე დროს ვარ 10 პროცენტის მფლობელი, ჩათვალეთ ეს ათი პროცენტი არის ანაზღაურება, ეს არის ჩემი წილობრივი მონაწილეობა. სხვა კომპანიებში, სადაც დირექტორი ვარ, ანაზღაურება არ ამიღია. დიახ, შრომის ანაზღაურებას ვგულისხმობ… ჩავთვალოთ ასე, მე რომ ეს პროექტი უნდა მივიყვანო ბოლომდე, ჩავაბარო და ასე შემდეგ. რამდენიმე თვეში ალბათ დავასრულებ მაგ პროექტს. თუმცა „გუმბათია“ მაქაც, დაინახავდით ლაშა ბალაძეს დოკუმენტებში“.

მონიშნულია ბათუმის მოქმედი ავტოსადგური, სადაც ორი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ






