მთავარი,სიახლეები

რატომ გამოაცხადეს მეორე 80-მილიონიანი ტენდერი აჭარაში და კიდევ 3 რეგიონში გზების მოვლაზე

11.07.2024 •
რატომ გამოაცხადეს მეორე 80-მილიონიანი ტენდერი აჭარაში და კიდევ 3 რეგიონში გზების მოვლაზე

აჭარაში, ასევე გურიის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე საქართველოს გზების დეპარტამენტმა წელს მეორე ტენდერი გამოაცხადა. სახელშეკრულებო თანხა ამ შემთხვევაშიც 80 მილიონი ლარია.

ანალოგიური ტენდერი დეპარტამენტს 3 თვის წინაც ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 80 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული – 2024 წლის 27 მაისს.

ეს 80 მილიონი, რომელიც 2024-2027 წლებზე იყო გაწერილი და აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლას უნდა მოხმარებოდა, დეპარტამენტმა მთლიანად 2024 წელში გადმოიტანა. კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ხულო-გოდერძის გზაზე დაასაქმა და 16 მილიონი ლარი ავანსადაც გადაურიცხა.

ვინაიდან ხულო-ზარზმის გზის დასრულება 2024 წელშიც ვერ ხერხდება, გზების დეპარტამენტმა გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მაინც დაასრულოს. ამ მიზნით ცალკე ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, დეპარტამენტმა ხულო-გოდერძის გზაზე რამდენიმე კომპანია სხვა, ადრე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში დაასაქმა. თუმცა, კომპანიებს ასფალტის დაგების გარდა სხვა სამუშაოების შესრულებაც უწევთ, რადგან ამ გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, მაგრამ წინა კონტრაქტორებთან დეპარტამენტმა ხელშეკრულებები შეწყვიტა.

„ბათუმელები“ მაშინ წერდა, რომ ზემოთ აღნიშნული რეგიონებში [აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი] „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ გაფორმებული 80-მილიონიანი ხელშეკრულების  ფარგლებში სამუშაოები 2025-2027 წლებში ვეღარ ჩატარდებოდა.

ეს დეპარტამენტს ეტყობა თავიდანვე ჰქონდა გათვლილი და ანალოგიურ სამუშაოებზე ტენდერი 3 თვის შემდეგ ისევ გამოაცხადა.

ახალი ტენდერიც პრეისკურანტითაა გამოცხადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული შეასრულებს იმ სამუშაოებს, რასაც მას დეპარტამენტი დაავალებს. ანუ, გზის კონკრეტული მონაკვეთები და სამუშაოები რაც უნდა შესრულდეს, ტენდერის პირობებით არც წინა და არც ამ ტენდერში განსაზღვრული არ არის.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 5 ობიექტზე მუშაობა. ამასთან, შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაში ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაკვეთის შესახებ“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.

სამუშაოები, დეპარტამენტის დავალების შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს. პროექტის მიხედვით, 80 მილიონი ლარი ხელშეკრულებაში შემდეგი წლების მიხედვით გაიწერება: 2024, 2025 და 2026.

ახალი ტენდერის გამოცხადებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა ტენდერი, რომელიც ასევე 4 რეგიონში შესასრულებელ საგზაო სამუშაოებზე გამოცხადდა და 80-მილიონიანი კონტრაქტიც გაფორმდა, მხოლოდ აჭარაში, ხულო-გოდერძის გზაზე იყო გათვლილი.

გოჩა მჟავანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი ანალიტიკოსი მაშინ „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ დეპარტამენტს უნდა დაეკონკრეტებინა ერთი რეგიონი, რაც გაზრდიდა კონკურენციას ტენდერში, ვინაიდან, თუ კომპანია არ მუშაობს სხვა რეგიონში და მუშაობს მხოლოდ აჭარაში, ამ ტენდერით არ დაინტერესდებოდა:

„დაინტერესებულმა პირებმა უნდა იცოდნენ, სად იქნება თავიანთი ინტერესის სფერო – სად ექნება სამუშაოების შესრულების ვალდებულება მოგებულ ტენდერში. ეს გაზრდის დაინტერესებას, კონკურენციას, გამჭვირვალობას, დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს და ასევე გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს. შესაბამისად, უფრო სარგებლიანი იქნება.“

ამ თემაზე ვრცლად:

რა ხდება ხულო-გოდერძის გზაზე – პროექტი, რომელიც 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო 

 

მთავარი ფოტო: ხულო-გოდერძის გზა / 30.06.2024

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: