დღეს, 26 ოქტომბერს, მოსამართლე კოტე ჭილაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ლევან სირაბიძე გაამართლა. მას გამოძიება 24 წლის ნიკა თუთაშვილის დანით დაჭრას ედავებოდა. დაჭრილი კაცი დაჭრიდან მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.
ეს შემთხვევა 2023 წლის 11 მარტს მოხდა – ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მოსამართლემ ამ საქმეზე დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი გაიზიარა – „ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა“. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, ლევან სირაბიძეს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.
„ჩვენ და პროკურატურასაც ერთი და იგივე ვიდეოჩანაწერები გვქონდა წარმოდგენილი, ვიდეოკადრებიდან ჩანს მთავარი, რომ ბრალდებული ვიდრე დანით დაჭრის ნიკას, იქიდან გაქცევას ცდილობს, თავის დაღწევას: ის გარბის და მას დანით შეიარაღებული პირი მისდევს,“ – საქმის ძირითად მტკიცებულებაზე – ვიდეოჩანაწერზე გვესაუბრება ადვოკატი სალომე ღოღობერიძე.
გარდაცვლილი ნიკა თუთაშვილი და ლევან სირაბიძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ადვოკატის თქმით, 10 მარტს მეგობრები თავდაპირველად ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე შეხვდნენ, ერთ-ერთ ბარში.
„ნიკა იყო ნასვამი და მოუთხოვია ლევანისთვის, მოდი, სხვაგან წავიდეთო, რაზეც ლევანს უარი უთქვამს. ამაზე ატყდა შეხლა-შემოხლა. ლევანს ამ დროს ნიკამ დაარტყა თავი ცხვირში და ლევანს სისხლი წამოუვიდა. დადასტურებულია, რომ ნიკა ნასვამი იყო, ლევანი – არა.
საერთო მეგობრები ადასტურებენ, რომ ნიკას ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, ამიტომაც იმ ბარშიც ურჩიეს ლევანს, სხვაგან გადასულიყვნენ. უცნობია, როგორ გაიგო ნიკამ, ლევანი რომ „ადგილში“ გადავიდა, თუმცა ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ამ ბარში, აბაშიძის გამზირზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა.
ვიდრე ნიკა ლევანთან მივიდოდა, გზაში ლევანს ურეკავდა და სმს-ებს წერდა. ამოღებულია სატელეფონო მიმოწერები და ზარები. 16 სატელეფონო ზარია შესული ლევანთან, ნიკა მას შეხვედრას სთხოვდა, აგინებდა… ბრალდებულს მხოლოდ ერთი სმს აქვს ნიკასთვის მიწერილი: „მიყვარხარ, ძმა, ვიცი, შენც გიყვარვარ და ხვალ დავილაპარაკოთ, როცა გამოფხიზლდები,“ – გვიყვება სალომე ღოღობერიძე.
„ეს ყველაფერი ზღაპარია. ნიკას არასწორი საქციელის გამო სურდა ლევანთან შეხვედრა, ისე რატომ მიაკითხავდა აბა ბარში?“ – კითხულობს დაღუპული ნიკა თუთაშვილის დედა, ირა ავაკოვა. მისი აზრით, მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბრალდებული ლევან სირაბიძე ბათუმის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“ – რიჩარდ სირაბიძის ბიძაშვილია.
ვიდეოჩანაწერი მხარეებისთვის სადავო აღმოჩნდა – კადრში ნათლად არ ჩანს, რა ნივთი უჭირავს ხელში ნიკა თუთაშვილს, როცა ის ლევანთან „ადგილში“ მივიდა. დაცვის მხარის მტკიცებით, ეს დანაა, პროკურატურის ვერსიით კი, ეს მხოლოდ მობილური ტელეფონია.
„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანა არ ფიქსირდება, მეტი ფაქტი რა უნდოდა მოსამართლე კოტე ჭილაიას?“ – ამბობს ირა ავაკოვა „ბათუმელებთან“.
ადვოკატ სალომე ღოღობერიძის თქმით კი, ნიკას მოგრძო ფორმის საგანი უჭირავს ხელში. ეს საგანი რომ დანაა, დადასტურებულია ორი მოწმის ჩვენებით და ბრალდებულის ჩვენებით,“ – გვიყვება ადვოკატი სალომე ღოღობერიძე.
„მოწმეებზე მოახდინეს გავლენა… ოქროს მოწმემაც ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს,“ – ამბობს გარდაცვლილი ნიკას დედა, – „იქ 11 ბიჭი იყო, ყველამ იცის ამ ჩხუბის მიზეზი, მაგრამ არავინ ამბობს. მეც ვერ ვასახელებ, მაგრამ რამდენიმე დღეში გავასაჯაროებ.
როცა ჩემი ნიკა დაჭრეს, ლევან სირაბიძემ მაშინვე დაურეკა ბათუმის საკრებულოს წევრს, რიჩარდ სირაბიძეს და იმან უთხრა, გაჩერდი, ჩაბარდი, მე გეპატრონებიო… მე ამას ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ბიჭები მომიყვნენ ამას, მერე თქვეს, შეგვაშინესო. მოვა დრო და ყველაფერი გაირკვევა,“ – ამბობს ირა ავაკოვა.
ადვოკატი სალომე ღოღობერიძე კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მას უმაღლესი საბჭოდან გამოუთხოვია:
„ამ ჩანაწერით დგინდება, რომ ვიდრე ნიკა მივიდოდა „ადგილში“, გაიარა ლუკა ასათიანის ქუჩაზე მეგობართან, რომელიც უმაღლესი საბჭოს წინ მდებარე კორპუსში ცხოვრობს და ლევანის მეგობარიცაა… ნიკამ მას სთხოვა სახლიდან დანა ჩამოეტანა მისთვის, ამ მეგობარს დანა ჩამოუტანია. შემდეგ ჩანს ჩხუბის კადრი, რომ ამ ბიჭს დანის მიცემა საბოლოოდ არ უნდა, ნიკამ მას დაარტყა და დანა წაართვა.
ამ კადრში არ ჩანს გამოკვეთილად დანა და არც ამ მოწმეს მიუცია სასამართლოსთვის ჩვენება, მაგრამ ჩვენი ვერსიით, სწორედ მას გამოართვა დანა ნიკამ.
ნიკას რომ დანა ჰქონდა, ეს გამოჩნდა იმითაც, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა ახალი მოწმის გამოკითხვის ოქმი, თითქოს კარაქის და არა მჭრელი დანა გაატანა მეგობარს. რადგან საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე იყო, სასამართლო, ცხადია, ამ მტკიცებულებას ვეღარ დაუშვებდა,“ – ამბობს სალომე ღოღობერიძე.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ჩვენებებზე, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად ბარში შესულ ნიკას დანა ხელში არ ეჭირა, თუმცა ის ლევანის მეგობრებმა შეამჩნიეს.
„…ბარის შესასვლელთან ლევანი მკლავებში როცა მოიქცია ნიკამ, მაშინ შეამჩნია დანა ლევანმა და დაუსხლტა, ლევანი გამორბის და რამდენიმე პირი ნიკას შეჩერებას ცდილობს. სადარბაზოდან ტროტუართან გასვლამდე დანა უკვე ხელში აქვს მომარჯვებული ნიკას… ლევანი დანას ატარებდა და ჩანს კამერაში, რომ მარცხენა ხელით ცდილობს ხელი დაუჭიროს ნიკას, მარჯვენა ხელით კი ფეხში ურტყამს დანას თავდაცვის მიზნით.
ეს იყო აუცილებელი მოგერიება და სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ეს არგუმენტი,“ – გვითხრა სალომე ღოღობერიძემ.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
„2023 წლის 11 მარტს, ბათუმში მდებარე კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება ფეხის არეში მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული რამდენიმე საათში გარდაიცვალა… ბრალდების მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის მიერ დღეს, 26 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში.