მთავარი,სიახლეები

„ევროპისკენ მიმავალი გზა გაგვიყინა ხელისუფლებამ. დარჩა 100 დღე“ – ზურაბიშვილი

11.07.2024
„ევროპისკენ მიმავალი გზა გაგვიყინა ხელისუფლებამ. დარჩა 100 დღე“ – ზურაბიშვილი

„აირჩიე ევროპა“ – დღეს, 11 ივლისს, ამ სახელწოდებით დაფუძნდა ახალი მოძრაობა, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით მიმართა პუბლიკას:

„უკვე ავირჩიეთ ევროპა და ავირჩიეთ დიდი ხანია. საქართველო ისტორიის ყველა მთავარ მონაკვეთზე ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა და ევროპული ღირებულებები, რაც არის პირველ რიგში ქართული ღირებულებები, ამიტომ ესოდენ გვიადვილდება ჩვენ ევროპისკენ ვიაროთ.

ვიაროთ – ვთქვი, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. ეს გზა გაგვიყინა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, რომელმაც ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს.

მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, მერე მე კანდიდატი ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყველა ეს კამპანია იყო იმაზე აგებული, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო იმისკენ მიმართული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს.

დღეს რაც ხდება ნატოში, ნატოს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის.

დარჩა ცოტა დრო, 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც, იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი.

ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი, აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში ერთი მხრივ არის საქართველოს საზოგადოება, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენ მომავალს გაუკეთა უზურპაცია.

არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ, აქ საჭიროა გავერთიანდეთ, შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ ხელი მოაწერა ან თუ არ მოაწერეს ჯერ, ამბობენ, რომ ეთანხმებიან.

ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების მერე იმისთვის, რომ შევასრულოთ, რაც იქ წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვენ პარტნიორებს და მათ დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენ გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია.

ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა, სხვა გზა არა გვაქვს, სხვა ალტერნატივა არა გვაქვს, ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: