უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 553 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
ტანკი – 8 178 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 15 704 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 15 015 ერთეული [+49]
MLRS – 1 115 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 880 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 922 ერთეული [+29]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 389 ერთეული [+36]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 212 ერთეული [+62]
სპეცტექნიკა – 2 516 ერთეული [+13]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
626 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 441 უპილოტო საფრენი აპარატი
542 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 536 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 373 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
11 618 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 490 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„როცა ღიად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, სულ მეუბნებიან, არ გეშინია, როგორ არ გეშინიაო? რის უნდა მეშინოდეს, არ ვიცი ოღონდ. 38 წელია მასწავლებელი ვარ, რა უნდა გამიკეთონ?“ – ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები მერი გობაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ადამიანის სურვილია, დადგეს სიმართლის მხარეს. მას და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ: პრობლემაა თუ არა კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა, როცა სოფელში ცხოვრობ და ყველა ერთმანეთს იცნობ? გამოუვა ვინმეს სოფლის გაჩუმება?
მერი გობაძე სოფელ დიდაჭარიდან: „სირცხვილიას ფაქტორი მუშაობს ყველაზე მეტად… როგორ ვაკადრო?“
მერი გობაძის დაკვირვებით, სისტემა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას, განეიტრალებას აქტიურად ცდილობს. თუმცა ისე არაა საქმე, ადამიანებმა სიმართლის თქმა ვერ გაბედონ, ან პროტესტი ვერ გამოხატონ, თუ მათ ეს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
„სირცხვილიას ფაქტორი მოქმედებს ყველაზე მეტად. ჩემი აზრით, აი, როგორ ვაკადრო? მეც მითქვამს ზოგჯერ: რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ როგორ ვაკადრო? თან ხომ სოფელში ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს, ნათესავი, ბიძაშვილია… ჩემი აზრით, კრიტიკულ განწყობას ხშირად აჩერებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა. შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მოხელე არ მოგწონს, მაგრამ ახლობელია და ამ დროს თავს ვალდებულად თვლი, ჩუმად იყო.
ვფიქრობ, ეს არაა დამოკიდებული გენდერზე, ქალზე და კაცზე – ყველას ეხება. აქ საქმე ეხება უფრო პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას,“ – კატეგორიულია მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ქალი.
რატომ იკავებენ ქალები კაცებზე მეტად ღიად ისაუბრონ საკუთარ თუ ქვეყნის პრობლემებზე? – ჩვენი გამოცდილებაც გავუზიარეთ მერი გობაძეს იგივე სოფელ დიდაჭარაში, როცა იქ ადგილზე ასულებმა ხალხი გამოვკითხეთ.
„ქალებს სჭირდებათ ასპარეზი. სად უნდა ილაპარაკოს ქალმა თავისი შეხედულებები? მეტი ასპარეზია საჭირო.
ტრადიცია ჯერ კიდევ მოქმედებს, რომ ქალი უნდა იყოს ჩუმად. მე ვფიქრობ, შეიცვალა დამოკიდებულებები – ახლა ბევრად უფრო კარგი მდგომარეობაა,“ – გვითხრა სოფელ დიდაჭარაში მცხოვრებმა ქალმა.
მერი გობაძე
რამდენად მოქმედებს რუსული და სახელისუფლებო პროპაგანდა ადამიანებზე? – ესეც ვკითხეთ მერი გობაძეს.
„იმდენი საშუალებაა დღეს ინფორმაციის მიღების – ინტერნეტი აქვს ყველას ჩემს სოფელშიც, ვისაც სჭირდება ინფორმაცია, ის გაიგებს ყველაფერს.
ბევრია ისე, რომ პირად საუბარში კრიტიკულია, თუმცა ღიად მაინც ერიდება კრიტიკა დააფიქსიროს. არ ვიცი, ეშინიათ, თუ ერიდებიან. თუმცა ბევრჯერ დამიფიქსირებია, ადამიანი სხვას ფიქრობს და სხვას ამბობს, ან ნიღბავს თავის მოსაზრებას. ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ან მეუღლის და ახლობლის სამსახურს უფრთხილდება. შეიძლება, ვინმეს დაუკარგავს კიდეც სამსახური კრიტიკული პოზიციების გამო, არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, ვინმე ამდენ საფრთხეს უქმნიდეს ადამიანს. მე მასწავლებელი ვარ და სკოლაში ღიად გამოვხატავთ პოზიციებს ერთმანეთში. არანაირი შეზღუდვა მე არ მქონია. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მაქვს და დაფასებულიც ვარ.
ახლა, როცა ღიად გამოჩნდა ევროპული გზის ჩაკეტვის საფრთხე, ადამიანები უფრო თამამები გახდნენ. ვინც სულით და გულით არის მომხრე, რომ საქართველო წავიდეს ევროპისკენ და არა რუსეთისკენ, ისინი შეიძლება ჩემზე მეტად გაბედულებიც იყვნენ,“ – გვითხრა მერი გობაძემ.
თუ უმრავლესობის განწყობა კრიტიკულია, როგორ მოახერხა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, მაგალითად, წინა არჩევნების მოგება იგივე სოფელ დიდაჭარაში?
„მეც ყოველთვის მაინტერესებს ეს საკითხი, თუმცა დიდაჭარაში ყოველთვის საკმაოდ კარგ შედეგს იღებს ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ მთავრობა უფრო მეტ რესურსს ხარჯავს, მოსყიდვას მიმართავს, იქ სოციალური დახმარებებია, სოციალური დასაქმება ასევე. ეს, ცხადია, ამ არჩევნებისთვისაა შემოღებული,“ – გვითხრა მერი გობაძემ.
მოქალაქე სოფელ კვატიადან: „პროტესტით მივაღწიე ყველაფერს. მეტი გამბედაობაა საჭირო…“
ამას ხულოს სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე ამბობს, რომელიც კრიტიკული შეხედულებების გამო „ოცნების“ ხელისუფლებამ უკვე დასაჯა და სოციალური დასაქმების პროგრამიდან ამორიცხა.
სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის მარტში დასრულდება. დასაქმება ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს, მაგალითად, ორი ადამიანი ალაგებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ტანკს ქედის ცენტრში. სოფელ გულებში კი ქალი ალაგებს „შეხვედრების ოთახს“, სადაც ბიჭები იკრიბებიან და ჯოკერს თამაშობენ.
შადიმან ხოზრევანიძეს, მაგალითად, სოფლის ცენტრში დადგმულ ნაგვის ურნაში უნდა ჩაეყარა ნაგავი, თუ ვინმე ურნასთან დატოვებდა შეფუთვას. მას შემდეგ, რაც მან ადგილობრივი ხელისუფლება გააკრიტიკა, იგი უმუშევარი დატოვეს.
მოქალაქე გვიყვება, რომ მის წინააღმდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეალურად დევნა დაიწყო, „მაგრამ პროტესტს აქვს ძალა, ერთმანეთის გვერდში დგომას აქვს ძალა,“ – შადიმან ხოზრევანიძეს ეტყობა შემართება: გაჩუმებას აღარ აპირებს.
„თავიდან მეშინოდა, როცა ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის კაბინეტიდან დაცვის სამსახურმა გამომაგდო,“ – ამბობს ის. სამედიცინო კვლევების დაფინანსების მოთხოვნით 2022 წელს შადიმან ხოზრევანიძემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია მარტომ დაიწყო.
„მეუბნებოდნენ, ტყუილად წვალობ, რა აზრი აქვს, რომ დავობ? მეც ვფიქრობდი: რა აზრი აქვს?
მერე თქვენ დაწერეთ ჩემ შესახებ სტატია, სახალხო დამცველსაც მივწერე… გამგებელი მეუბნებოდა, სახალხო დამცველს რომ მიწერე, რა აზრი აქვს, მაინც ხომ ჩვენ უნდა მოგიგვაროთ პრობლემებიო?
დამარქვეს სახელი – „ეს ინტრიგანია“.
გეშინია, რომ მარტო რჩები, მაგალითად, თოვლიან გზას სპეციალურად არ გაწმენდენ შენი სახლისკენ, ან ფინანსური დახმარება გჭირდება და მერია არ გიშუამდგომლებს, მთავრობის სარეზერვო ფონდით რომ ისარგებლო – რაც მათ ხელშია, იმას შეგიზღუდავენ, გაგაწვალებენ…
მაგალითად, შიდა სასოფლო გზები რომ დაასხეს ყველგან, ჩემი სახლი ცალკეა და გამოტოვეს, განათებაც იგივე.
თუმცა რომ ვიდავე, გააკეთეს გზაც. ბრძოლის და ხმის ამოღების გარეშე არაფერი გამოვა.
მე მაშინ დავიწყე ბრძოლა, როცა ვიგრძენი, რომ სხვა გზა აღარ მქონდა, დასაკარგი აღარაფერი მქონდა.
ახლაც ასეთი დროა, ადამიანები ხედავენ, რომ სხვა გზა აღარ არის, მაგრამ ვერ ხედავენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ გვერდით დაუდგება, დაიცავს.
დღეს ხელისუფლება ახალისებს ძალადობას: როცა ელისაშვილმა დაარტყა მუშტი მდინარაძეს, კანონი ხო არსებობს, რომ მოსთხოვო პასუხი? ამათ პირიქით გააკეთეს: ათმა კაცმა სცემა იქვე, პარლამენტში და განაცხადეს თან, თუ ვინმე მუშტს მოვუქნევთ, ჩვენ ათს დავუბრუნებთო.
ეს ხომ უსამართლობაა? უსამართლობას წინ თუ არ აღვუდგებით და გავჩუმდებით, დღეს რაშიც ვართ, ხვალ უარეს მდგომარეობაში ვიქნებით… ერთიანობით აუცილებლად დადგება შედეგი, გაჩუმება გამოსავალი არ არის არაფრის,“ – მიიჩნევს შადიმან ხოზრევანიძე.
შადიმან ხოზრევანიძე
სოფელ კვატიაში მცხოვრები მოქალაქის აზრით, პრობლემაა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სისუსტეც:
„არავინ არ მოდის ჩვენთან სალაპარაკოდ. მე რამდენი პრობლემა გამოვიტანე და მოგიყევით აქამდე, ეს ხომ მარტო ჩემი პრობლემა არ იყო? შენ სად ხარ, ამ დროს, ოპოზიციონერი? მე ოპოზიცია არ მინახავს სოფელში ვინმეს ელაპარაკებოდეს.
ამიტომაც ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ თუ ვინმეს შეუძლია რაიმე პრობლემის მოგვარება, ეს მხოლოდ მთავრობაა.
2022 წლის ზამთარში როცა თოვლი მოვიდა და სოფლის გზები არ გაწმინდეს, 15 დღე სკოლაში სწავლაც შეწყვეტილი იყო. „აჭარის ტელევიზიაში“ ცხადდებოდა, გზები იწმინდებაო. მოვთხოვე ამ ტელევიზიას, ამოსულიყო და ენახა, რა იყო გაწმენდილი, ხალხიც გამოვიდა, შეგროვდნენ, მაგრამ ორმა გაბედა, ელაპარაკა სიმართლე…
ადამიანებს სულ ამას ეუბნება მთავრობა: თუ რამე პრობლემა გაქვს, მე მითხარი, ნუ რეკავ სადმეო…
მეც იმავეს მიმეორებდნენ, მაგრამ დავინახე, რომ აღარ იყო საშველი… სისტემას ერთი ადამიანი ვერ დავანგრევ მხოლოდ, გვერდში დგომაა მთავარი,“ – ასრულებს მოქალაქე ხულოს სოფელ კვატიადან.
„პროპაგანდაზე მეტად ის მუშაობს, როცა ვინმეს მოგიგზავნიან, ან დაგირეკავს…“ – მოქალაქე ხულოდან
ეს დაბა ხულოში მცხოვრები ლაშა ბოლქვაძის დაკვირვებაა იმაზე, თუ რატომ ერიდებიან ადამიანები კრიტიკული პოზიციების გამოხატვას. მისი აზრით, რამდენიმე ინსტრუმენტით ცდილობს ხელისუფლება ხალხის გაჩუმებას, თუმცა მთავარი იარლიყის მიწებებაა და გარემოცვის, სანათესავოს განწყობა: რას იტყვიან ისინი, თუ, მაგალითად, ბიძაშვილს დაუპირისპირდები?
„არათუ მოსაზრების გამოხატვა, ვინც ბიუჯეტზეა დამოკიდებული, მათ იმასაც უკონტროლებენ, ვინმეს რამე კრიტიკული პოსტი ხომ არ დაულაიქეს ფეისბუკში,“ – გვიყვება ლაშა ბოლქვაძე. – „მეგობარმა დააკომენტარა ჩემი პოსტი, რაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყო. დაურეკეს მამამისს.
მქონია შემთხვევაც, როცა თავად ხულოს მერიის თანამშრომლები პირად საუბრებში გიწონებენ კრიტიკულ შეხედულებას, მადლობა, ჯიგარი ხარო, მაგრამ ღიად იმავეს ვერასდროს გამოხატავენ. იგივეა, წყალს რომ ელაპარაკო, თუმცა უმრავლესობა მაინც კრიტიკულად განწყობილი გამოდის.
ვინც დასაქმებული არ არის, იმას მოლოდინის რეჟიმში ამყოფებენ: აი, დღეს თუ არა ხვალ დაგასაქმებთ, ხვალ სოციალურს დაგინიშნავთ და ასე შემდეგ. მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდაც, მაგრამ პროპაგანდაზე უფრო ძლიერია დახათრება: როცა მაჟორიტარი, ან მერი მივა და რაღაცას ეტყვის, დაურეკავს…
არ ვიცი, რატომ უწევენ ანგარიშს გამგებელს, თუკი ის საქმეს არ აკეთებს ხალხისთვის, განათლების პრობლემაა ძირეული. ასევე: ადამიანებს უჭირთ კომფორტის ზონიდან გასვლა. ძლიერია განცდაც, რომ პროტესტი მაინც არაფერს ცვლის, რომ პრობლემა პრობლემად დარჩება მაინც,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.
რეალურია სამსახურის დაკარგვის შიში, როცა ადამიანი საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობს და ხელისუფლების კრიტიკას არ მალავს?
„ყოფილმა ნაცმა დამიძახა ამას წინათ, ნაცი ხარ, ნაცივით ლაპარაკობო. იციან ჩემი განწყობა.
ვაკანსია ჰქონდათ ორი, თუ სამი წლის ხულოს მერიაში, მეც ვმონაწილეობდი. გასაუბრების წინ მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება: სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადალახეთ გასაუბრების ეტაპიო, ანუ გაამზადეს წინასწარ ტექსტი და რომ გადავურეკე, შემთხვევით გამომეგზავნა, მოდით აუცილებლად გასაუბრებაზეო. ხომ გასაგებია, რაც მოხდა?
აქ, ძირითადად, ყველა ერთმანეთს იცნობს, ბიძაშვილია, ახლობელია. ცუდ ტონად ითვლება ძალიან, ვინმესთან რომ ცუდი დაგცდეს. შეიძლება, მას უთხრა, მაგრამ საჯაროდ რომ თქვა, ეს იგივეა, რაც პოლიციაში ჩივილი,“ – აღნიშნა ლაშა ბოლქვაძემ.
ოპოზიციის აქტიურობაზე დამოკიდებული პროტესტის გააქტიურება ხალხში – მიიჩნევს მოქალაქე ხულოდან.
„წინა არჩევნებში ოპოზიცია მოვიდა და დაგვირიგა ბუკლეტები, ოფროუდი უნდა გავაკეთო სოფელ თაგოშიო. ისედაც ოფროუდი არაა გზები ხულოში? ან კიდევ: მეთევზეობა უნდა განვავითაროთო. ამ დროს ხალხი მშიერი კვდება, სხვა პრობლემები აწუხებთ ადამიანებს.
კიდევ ერთი მომენტია: ვინც დასაქმებულია და არ მოსწონს ეს ხელისუფლება, აქვთ შიში, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ისინი უმუშევრები დარჩებიან. ოპოზიცია კი, მათ დარწმუნებაზე არ მუშაობს.
მაგალითად, მე მესაუბრებოდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, თუ იქნები ჩვენთან ერთად დაგასაქმებთ, როცა არჩევნებს მოვიგებთო. ვუთხარი, თქვენთან ერთად ვერ ვიქნები-მეთქი. მაშინ ვერ დაგასაქმებთო. გამოდის, რომ მათთვისაც პროფესიონალი კადრები კი არა, პოლიტიკური ერთგულებაა მთავარი… მიზანი ხო უნდა იყოს ის, რომ ხალხი დასაქმდეს. ამათ ერთმანეთთან მტრობა აქვთ მხოლოდ და ეგაა.
ადამიანებს პირისპირ უნდა ელაპარაკონ ოპოზიციონერები. ჩემი აზრით, გამოსავალი ესაა,“ – მიიჩნევს ლაშა ბოლქვაძე.
ემზარ ბოლქვაძე ქედიდან: „რუსული მეთოდებით მუშაობენ სოფლებშიც… ოპოზიცია ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკოს“
„პროპაგანდა მუშაობს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გააძლიერეს განცდა: მე ხომ მაინც ვერაფერს შევცვლი?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრები ემზარ ბოლქვაძე. ის დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ ხელისუფლება რუსული მოდელის კოპირებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას.
„რუსული ანდაზა არის ჯოხი და თაფლაკვერიო, ეს მუშაობს. ეს სისტემა დამუშავდა რუსეთში და 20 წელია მუშაობს წარმატებით. მიდგომა მარტივია: მინიმალური რაღაც უნდა მისცე ადამიანებს და ბევრი ელაპარაკო საშიშროებებზე, მაგალითად, იმაზე, რომ უხილავი ომის პარტია არსებობს, ან გეი სამყარო გარყვნის ჩვენს შვილებს…
ამას წინათ მეუბნებოდნენ, პუტინს მოუგებ ომს, ომი გინდა, ხომ ხედავ, ტრამპიც კი რუსეთისკენ არის, მაგან თუ არჩევნები მოიგო, ყველაფერი დამთავრებულიაო.
ჩემი დაკვირვებით, იმარჯვებს პრიმიტივიზმი. ამაში უნდა აჯობოს ოპოზიციამ „ოცნებას“: ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა უთხრას, რა იცვლება მისთვის. პირდაპირი კონტაქტი სჭირდება ხალხს. ადამიანებს თავის პრობლემაზე უნდა ელაპარაკო და არა იმაზე, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში 20 წლის შემდეგ, სად ვიქნებით და ასე შემდეგ.
შეიძლება, უთხრას ადამიანს ოპოზიციამ, თავად რას შეცვლის, მაგალითად, ეკომიგრანტისთვის, რომელიც ახლა საცხოვრისს ელოდება და ხმას არ იღებს, ვაითუ პროგრამაში არ ჩამრთონ. მას უნდა აუხსნან, რომ იმ 50 ათასი ლარით, რაც შეიძლება მისცენ, ვერ გაუმჯობესდება მისი ცხოვრება, ვერ აიშენებს სახლს…
ჩვენი საზოგადოება არ არის ისეთი აქტიური, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთშია – როგორც კი იგრძნეს საშიშროება, რომ მოდის ძალა, რომელიც დიდ პრობლემას შეუქმნის დემოკრატიას, მყისიერად მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ უფრო დაგვიანებული რეაქციები გვაქვს: თვალით როცა ვხედავთ, მაშინ ვხდებით, რაშიცაა საქმე,“ – გვიყვება ემზარ ბოლქვაძე.
ემზარ ბოლქვაძე
რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ „ოცნების“ რუსულ გეგმას შედეგი არ ჰქონდეს?
„როცა პროტესტის გამოხატვაზეა ლაპარაკი, მთავარი გზავნილი აქვთ ეს, უპატრონოდ დარჩები, რაც გაქვს, იმასაც დაკარგავ, მაინც ვერაფერს შეცვლი.
გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა რესურსი, როცა ბიუჯეტის გამოყენებით ცდილობს ხალხის გადაბირებას, მაგალითად, ყალბი სამუშაოები, სოციალური დახმარება, იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. ადამიანებს ეუბნებიან, შენ თუ ხმას ამოიღებ და კრიტიკას დაიწყებ, ამ ელემენტარულსაც დაკარგავ.
პუტინის გზაა ეს. იქაც ადამიანები დააშინეს და ეს გაუვიდათ. ასევე, ადამიანებს აღარ დაუტოვეს სივრცე – ფაქტობრივად ყველაფერი წაართვეს. რუსეთში ტყიდან სახელმწიფოს გარეშე ფიჩხსაც ვერ გამოიტან, კენკრასაც ვერ დაკრეფ…
ესენიც ფიქრობენ, აქტიური ნაწილი უკვე ემიგრაციაშია, აქაურობის მართვას შეძლებენ და არჩევნებიც ჯიბეში აქვთ. ჩემი აზრით, გამოსავალია ამომრჩევლის აქტიურობა ამ არჩევნებზე. მალე შეიქმნება სხვადასხვა ოპოზიციური ცენტრები და გამოჩნდება, რაც იქნება,“ – გვითხრა ემზარ ბოლქვაძემ.
ბათუმის შემოსასვლელი ადრე დილიდან გვიან ღამემდე პრაქტიკულად ჩაკეტილია და აქ ავტომანქანით გადაადგილება რთულია. დილის 9 საათიდან 12 -მდე და საღამოს 6 საათიდან 9-მდე და ხან უფრო გვიანაც, საცობი ქალაქის შემოსასვლელის მთელ პერიმეტრზეა.
საცობი
googlemap-ის მონაცემებით დღეს, 8 ივლისს, თამარის დასახლებაში მთელი დღის გამავლობაში საცობი იყო.
და ეს ხდება ახლა, როცა ამ უბანში დაგეგმილი რამდენიმე პროექტი ჯერ კიდევ მშენებარე და დაუსრულებელია, რამდენიმე მასშტაბური პროექტის მშენებლობა კი არ დაწყებულა. ამას ემატება ხელოვნური კუნძულის პროექტიც, რომლის მშენებლებიც უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას გეგმავენ.
ხელოვნური კუნძულის სამუშაოები
3 ახალი ცათამბჯენის პროექტზე, რომლის მშენებლობასაც თამარის დასახლებაში გეგმავენ „ბათუმელები“ გასულ კვირას წერდა. ამჯერად კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას შპს „ბათუმი ცენტრალი“ ითხოვს.
ამ პროექტის კონცეფციაში წერენ: „ფაქტობრივი მდგომარეობით და ასევე პროექტის განხორციელების შემდგომ მაცხოვრებელთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით და ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილს, რაც სატრანსპორტო ნაკადების დატვირთვაზე დადებითად აისახება“.
შპს „ბათუმი ცენტრალი“ ზღვის სანაპირო ზოლში, მატარებლის სადგურთან ახლოს კიდევ ერთი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. მატარებლის სადგურის მიმდებარედ კომპანია უკვე აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს. სამშენებლო ტერიტორია 8 526 კვადრატული მეტრია და „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. სამშენებლო ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ესაზღვრება, სადაც ახლა ბათუმი მუსიკალური ცენტრია განთავსებული.
მიმდინარე პროექტი
ამის გარდა „ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ კომპანია კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს მერიაში. დოკუმენტის მომზადებაზე დავალების გაცემის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2024 წლის 22 მარტს მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი პროექტი 50-სართულიანი იქნება, მათ შორის ერთი მიწისქვეშა სართულით და 1500 მდე საცხოვრებელ ბინას გააერთიანებს, 1000 კვ.მეტრამდე ფართობი კი შენობაში კომერციულ ობიექტებს დაეთმობა.
გდგ დოკუმენტით დასაგეგმარებელი ტერიტორია მოიცავს ჰექტარ-ნახევრამდე ფართობს
ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით, თამარის დასახლებაში დღეს არსებული ვითარების მიუხედავად, როგორც ჩანს, მშენებელი ოპტიმისტურად არის განწყობილი. დოკუმენტში წერენ:
„უახლოესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მოსაცდელები და საინფორმაციო დაფები განთავსებულია საკვლევი ობიექტის მიმდებარედ, „ბათუმი ცენტრალის“ ტერიტორიაზე საიდანაც რეგულარულ რეისებს ასრულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგ მარშრუტებზე: N6; 8; 10;10ა. ინტერვალი მათ შორის შეადგენს საშუალოდ 5-7 წთ-ს.
დაანგარიშებულია საკვლევი ობიექტიდან ეკონომიკური საქმიანობისა და სხვა საჯარო სივრცეებთან დამაკავშირებელი გზების მანძილები და ავტომობილებისათვის საჭირო დრო მათ დასაფარად, ასე მაგალითად: სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მანძილია 22,3 კმ და მის დასაფარად საჭირო დრო მსუბუქი ავტომობილისათვის შეადგენს 46 წთ-ს; ადლიის ,,გაფორმების ეკონომიკური ზონა“-მდე მანძილია 14,5 კმ, მის დასაფარად საჭირო დრო შეადგენს 28 წთ-ს; ბათუმის ცენტრალურ ავტოსადგურამდე მანძილია 2,4 კმ, საჭირო დრო მის დასაფარად – 5 წთ; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 10 კმ, მის დასაფარად საჭირო დრო – 27 წთ; ბათუმის პორტის ,,გაფორმების ეკონომიკური ზონა“–მდე მანძილია 2,6 კმ, დაფარვის დრო – 6 წთ; ბათუმის რკინიგზის სადგური და საკვლევი ობიექტი განთავსებულია ერთ ლოკაციაზე. საკვლევ ობიექტთან უახლოესი ავტოგასამართი სადგური მდებარეობს ობიექტის მომიჯნავე ტერიტორიაზე, სამხრეთ ნაწილში. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით სატრანსპორტო/საგზაო მოძრაობის სქემა არ იცვლება.“
კონცეფციაში ასევე წერენ:
„ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საკვლევ ობიექტზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება, ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის შესრულებისა და მისი მიმდებარე ქუჩის ავტოტრანსპორტის გამტარიანობის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ვერ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას არსებულ საერთო სარგებლობის საგზაო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაზე“.
ამ ფოტოზე მარცხნივ არსებული ვითარებაა, ხოლო მარჯვნივ – პროექტის ესკიზი
გეგმარებითი ერთეული მდებარეობს ქალაქის ცენტრალური-ისტორიული ნაწილის სამხრეთით, იგი მოქცეულია ოდისეი დიმიტრიადის და ძმები ნობელების ქუჩებს, მშენებარე მრავალფუნქციური ობიექტით და ავტოგასამართი სადგურით მოშენებულ მიწის ნაკვეთებს შორის, მისი ფართობი შეადგენს 14 040 კვ.მ-ს და მოიცავს 1 მიწის ნაკვეთს. საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია რკინიგზის სადგური და მისი დამხმარე შენობა-ნაგებობები სათანადო ინფრასტრუქტურით. გეგმარებით ერთეულს ასევე ესაზღვრება რკინიგზის ხაზი, ავტოგასამართი სადგური, მშენებარე მრავალსართულიანი შენობა, რომელსაც თავის მხრივ ესაზღვრება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მიწის ნაკვეთი.
კომპანია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას 3,5-დან 17,0-მდე ითხოვს.
შპს „ბათუმი ცენტრალი“ ბიზნესმენ გია ჭყონიას კომპანიაა, ის „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი და ოცნების ერთ-ერთი დამფინანსებელია.
7 ივლისს ბათუმში გაიმართა საჯარო დისკუსია „ევროპული მომავალი და საზოგადოება“, რომლის ორგანიზატორიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (აჭარის რეგიონალური ჰაბი) იყო.
შეხვედრის პირველ ნაწილში ფილოლოგმა მაია ახალაიამ საბჭოთა იდენტობის და მის ჩამოყალიბებაში ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა კი – პროპაგანდისტულ მესიჯებზე დასავლეთის წინააღმდეგ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.
„პოლიტიკა ისედაც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. როგორი იქნება გზა ჩვენი შვილების, ჩვენი ცხოვრება – ყველაფერი პოლიტიკაა. მარტო პარლამენტის კანონები არ არის პოლიტიკა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ავირჩევთ და ვინ გადაწყვეტს ჩვენს ბედს.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთს ვხვდებოდეთ, ერთმანეთს ვამყარებდეთ არგუმენტებში და შეგვეძლოს ვაჩვენოთ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და დროა ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს სიმართლემ”, – უთხრა „ბათუმელებს“ ქეთი დევდარიანმა.
შეხვედრა ბათუმში
ქეთი დევდარიანმა შეხვედრაზე საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ყველაფერი იწყება ინტერესით და ჩვენი გადარჩენაც ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს შეუძლია.
„მინდა გესაუბროთ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელიც ახალ ძალებს იკრებს ჩვენს ქვეყანაში. მთავარი პროპაგანდისტული მესიჯი, რომელსაც ჩვენც ვიმეორებთ ხოლმე ჩვენდა უნებურად, ეს არის ტოლობის ნიშნის დასმა ორ მოცემულობას შორის, რომელიც სინამდვილეში ტოლი არ არის. ბოლო რა გვახსოვს [რუსულ კანონზე], რომ „ამერიკაშიც არის ასეთი კანონი“ და „წაიკითხეთ კანონი“, „რა არის გამჭვირვალობაში ცუდი“ და ა.შ.
ჯერ ერთი, დემოკრატიაში ყველაფერი მუშაობს სხვანაირად, ავტოკრატიაში – სხვანაირად და ტოტალიტარიზმში – კიდევ სხვანაირად. ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია თუნდაც ასე შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ ამის პერსპექტივა და საშუალებები სულ უფრო და უფრო სათუო ხდება, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ შეიძლება დაემართოს ცუდი და არ შეიძლება დაბრუნდეს უკან…
ნებისმიერი სინათლე შეიძლება დაბრუნდეს უკან წყვდიადში და ის, რაც ჩვენ გვგონია პროგრესის, კაცობრიობისა და ცივილიზაციის მონაპოვარი, ანტიცივილიზაციასთან შეჯახებისას შეიძლება დაბრუნდეს უკან, თუმცა ამის თქმაც აღმოჩნდა პრობლემატური, იმიტომ, რომ რუსეთის ქცევაში ჩანს, რომ მთავარი, რაც უნდა დანერგონ ადამიანებში და მე თვითონაც გამახსენდა რამდენჯერ მითქვამს – „არაფერი გვეშველება“.
ეს არის ნიჰილიზმის, სკეფსისის, გამოუვალობის განცდის და აპოკალიფსის შეგრძნების დანერგვა. მართლა აპოკალიფსი გველოდება, თუ დავბრუნდით რუსეთის წიაღში, მაგრამ თან ამის გამეორება მათვე უწყობს ხელს, იმიტომ, რომ გამოუვალობის განცდა გართმევს ენერგიას რაღაცას ებრძოლო, ამიტომ აი, ამ კოგნიტური დისონანსის გაჩენაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს დაეკარგოთ ყველანაირი იმედი, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ, ცივილიზაცია მოუგებს ომს ანტიცივილიზაციას…
ის დებულება, რომ „ომი დასავლეთს აწყობს”, ყველაზე მცდარია, რისი გავრცელებაც შეძლეს და კითხვა ჩნდება, რატომ გამოსდით მათ ასეთი რაღაცების გავრცელება. ეს არის შიშების მომსახურება, რომელიც ასევე წერია მათ პროგრამაში, რომ რუსული პროპაგანდა უნდა მოემსახუროს სხვა ადამიანებში შიშების კულტივირებას.
ჩვენ ხომ ომის გვეშინია ძალიან. ეს ფაქტია, იმიტომ რომ ომი გადატანილი გვაქვს და თან რუსეთი ომს არ იკადრებსო, ვერავინ იტყვის, ხომ?!
…ის გადაკეთებული და დამახინჯებული ფრაზა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ არ ნიშნავს, რომ იზოლირებულები უნდა ვიყოთ. აი, ამ ფრაზის გაიგივება იზოლაციასთან ასევე არის ერთ-ერთი რუსული მესიჯი, რომელსაც ასე აქტიურად იყენებენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები. შენი თავი გეკუთვნის მხოლოდ მაშინ, როცა ხარ ძლიერი და ძლიერი ხარ მაშინ, როცა ძლიერ სოციუმში ხარ, ძლიერი მეგობრები გყავს და შენ თვითონ თუ არ ხარ ეკონომიკურად ძლიერი [ახლა ოთხ თვეში ვერავინ ვერ გამდიდრდება და გაძლიერდება], გყავდეს ძლიერი მეგობრები”, – უთხრა მსმენელებს ქეთი დევდარიანმა.
მისი თქმით, გვავიწყდება მთავარი, რამაც გადაგვარჩინა 2008 წელს:
„ეს იყო დასავლეთის ხუთი პრეზიდენტი, რომელიც თბილისში იდგა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს არავინ არ დაბომბავს და რუსეთს რომ ეშინია ევროკავშირის და ნატოსი, ეს ჩანს იმით, რომ ფინეთიც მეზობელია, მაგრამ როგორც კი ნატოში შესვლა გამოაცხადა, დაივიწყა საერთოდ ფინეთთან კონფლიქტი.
… ჩვენ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რა შევთავაზოთ დასავლეთს, რომ თავის კლუბში მიგვიღოს. ამ ეტაპზე მხოლოდ შარი ვართ მისთვის, მაგრამ სულ ვამბობ, როგორც კი დასავლეთმა დაინახა, რომ ხალხი რუსულ კანონს აპროტესტებს, როგორი მხარდაჭერა გამოხატა, როგორი მეგობრული აქტი შემოგვთავაზა…”
მაია ახალიამ 20-30-იანი წლების ლიტერატურაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ „ევროპეიზმი“ ილიას მოფიქრებული ტერმინია:
„მაშინ ასეთი ფორმულირება – „ევროპასთან ინტეგრაცია“ არ გვხდებოდა, მაგრამ „ევროპეიზმია“ იგივე, რაც „ევროპასთან ინტეგრაცია“. საქართველოს დამოუკიდებლობა და „ევროპეიზმი“, თუ გადავხედავთ პრესას, მიჰყვება ერთმანეთს და მაშინაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, გააზრებული აქვს, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს”.
ბათუმში მსმენელებს შორის იყვნენ აბიტურიენტები, ახალგაზრდა აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
„ყოველთვის საინტერესოა სადისკუსიო ადგილები, სადაც ხდება განხილვა, ანალიზი, მსჯელობა, ინფორმაციის მიღება. ეს შეხვედრები საჭიროა და რაც უფრო მეტი შეხვედრა იქნება, მით უფრო მეტ ადამიანს ექნება დასწრების შესაძლებლობა”, – მსმენელთა რიგიდან გვითხრა ფსიქოლოგმა ირაკლი ცეცხლაძემ.
კიდევ ერთი მსმენელი, აქტივისტი ლარა ქარცივაძე ფიქრობს, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი შეხვედრები აუცილებელია – „რომ საბოლოოდ გავიაზროთ, რეალურად რისკენ მიგვაქანებენ, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმან, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში და როგორ ვიმოქმედოთ, როგორ დავარწმუნოთ ადამიანები, მოვიდნენ არჩევნებზე და მისცენ ოპოზიციას ხმა, რათა რუსეთს ჩამოვშორდეთ“.
„ასეთი შეხვედრები გვეხმარება მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ასევე, გვეხმარება არგუმენტების ჩამოყალიბებაში, თუ რატომ არ არის საქართველოს მომავალი რუსეთში… დისკუსიები გვეხმარება მოვისმინოთ სხვების აზრი, გავაზიაროთ ჩვენი და შევაჯეროთ”, -გვითხრა რამინ მაჭარაშვილმა, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებელმა და წევრმა.
სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღიადაანგარიშვალდებულისამოქალაქოსაზოგადოებისორგანიზაციებისაქართველოსგანვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
„4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა“ – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი [naec.ge] ავრცელებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრი წერს, რომ დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.
ასევე, ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც – ნონა და იოანე ბერიძეები.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან რამდენიმე თვალსაზრისით არის გამორჩეული. წელს პირველად, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მოხდება, შესაბამისად, როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიებს გადამზადებული და კვალიფიციური კომისიის წევრები დასჭირდება. წელს საარჩევნოდ 3030 უბანი გაიხსნება.
გარდა ამისა, წლევანდელ არჩევნებზე ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსის საკითხიც წყდება – საქართველოს მოქალაქეების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო რუსული კანონი და საფრთხე შეუქმნა როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიას, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციას.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები საარჩევნოდ, როგორ მიმდინარეობს ადამიანური რესურსების მოძიება და ეყოლებათ თუ არა ოპოზიციურ პარტიებს კვალიფიციური და სანდო წარმომადგენლები როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში.
როგორ არჩევს „ევროპული საქართველო „ხმების მცველებს“
ვახტანგ კალოიანი – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების მოგება, ოპოზიციამ არჩევნებამდე უნდა შეძლოს.
„ცხადია აქ ვგულისხმობ მორალურ გარემოს, რომლის გარეშეც რთული იქნება ხმების დაცვა. თუმცა, თუ ეს გარემო შექმნილია, მერე უკვე ხმების დაცვაც შესაძლებელია“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
მისი აზრით, „ევროპული საქართველო“ წინა არჩევნებიდან დღემდე ორჯერ გაიზარდა და იმედი აქვს, რომ ამ არჩევნებს ბევრად მომზადებული შეხვდებიან.
„საარჩევნო კომისიებს რაც შეეხება, გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის და ეს წინა, თვითმმართველობის არჩევნებმაც აჩვენა. თუმცა ეს იყო ზოგადი პოლიტიკური კლიმატის გამოძახილი იმის გამო, რომ ცალკე იყო პოლიტიკური პროცესი, ცალკე პარტიები და მოქალაქეები.
რას აკეთებს წელს „ევროპული საქართველო“?
ჩვენი საპარლამენტო სია კომპლექტდება პრაიმერის გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო სიას ჩვენი პარტიის მხარდამჭერები ადგენენ. ისინი წყვეტენ ვინ იქნებიან მათი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.
შესაბამისად, ეს ადამიანები არიან პირველ რიგში ხმების მცველები. ჩვენ გვაქვს ეს – ხმების მცველების კამპანია, სადაც ვარჩევთ ძალიან აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც ღიად, საჯაროდ და აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს და მათგან ვარჩევთ იმ კონტინგენტს, ვინც იმუშავებს ამ არჩევნებზე ჩვენთან ერთად.
სამი თვეა დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების წვრთნა, რადგან ვიცით, რომ ელექტრონულად ხდება წელს ხმის მიცემა და ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, რომ ვერ შეძლოს მმართველმა პარტიამ გაყალბება.
რეალურად, დღეს ჩვენ საკმარისი მოქალაქეები გვყავს იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ საარჩევნო კომისიები.
ამასთან, გამოცხადებული გვაქვს და შეთავაზებაც გავუკეთეთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენთან ერთად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში და სურვილის შემთხვევაში, მათთვისაც უზრუნველვყოფთ შესაბამის ტრენინგებს“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ხმებს დაიცავს ხალხი, რომლებიც სახელისუფლებო რეპრესიების მიუხედავად არ დაშინდა და აქტიურ უჭერენ პარტიის ღირებულებებს მხარს. „შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ეს ადამიანები დაიცავენ თავიანთ არჩევანს.
ცხადია, კომისიებში ვერ მოხვდება ისეთი ხალხი, ვინც გვეუბნება, რომ „მე თქვენ კი გიჭერთ მხარს, მაგრამ საჯაროდ ამას ვერ ვიტყვი“. მათ პოზიციასაც პატივს ვცემთ, მაგრამ კომისიებში მათ ვერ დავეყრდნობით.
შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკვე 2000 უბანზე მეტი დაკომპლექტებული გვყავს ასეთი ადამიანებით.
ეს არ იქნება მარტივი არჩევნები, ყველაფერს ველოდებით, ამიტომ საარჩევნო უბნებზე უნდა იდგნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან მკვეთრი სამოქალაქო პოზიცია და მათი შეშინება საკმაოდ რთულია.
მთავარია, ბევრი მოქალაქე მოვიდეს საარჩევნო უბანთან და ოპოზიციამ სწორი კონფიგურაციით უნდა მოახერხოს, რომ ძალიან ცოტა მოქალაქე დარჩეს სახლში“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
„სუს-ს შეუძლია შემოგიყაროს ადამიანები და აგირიოს“
ანა კობახიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელია.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მეორედ მონაწილეობს არჩევნებში. პირველად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა უფლება საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
ანა კობახიძის თქმით, როგორც ადრე, ახლაც კომისიის წევრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, ეთანხმება თუ არა კანდიდატი პარტიის იდეოლოგიას და სურს თუ არა გრძელვადიანი თანამშრომლობა მათთან.
„რადგან წელს აუცილებელია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სერტიფიცირება, ჩვენ უკვე მარტის თვიდან დავიწყეთ ამ ადამიანების მომზადება და 90 პროცენტი კანდიდატების, საოლქო საარჩევნო კომისიების შერჩეული და დაკომპლექტებული გვყავს.
სერტიფიცირებულია სარეზერვო ნაწილიც. ჩვენ პარტიაში გვაქვს საარჩევნო სკოლაც, რომელიც ამზადებს პოტენციურ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს.
უბნებს რაც ეხება, ამის პარალელურად ვარჩევთ ადამიანურ რესურს და ხდება გადარჩევა წინა წევრებისგანაც. ვინც კეთილსინდისიერად იმუშავა წინა არჩევნებზე, მათთან გაგრძელდება თანამშრომლობა, ვინც ვერ იმუშავა, ისინი ვეღარ დარჩებიან საუბნო საარჩევნო კომისიებში, რადგან სუს-ს შეუძლია შემოგიყაროს ასეთი ადამიანები, რომ მერე აგირიოს სიტუაცია. არ გამოვრიცხავ, რომ წინა არჩევნებზე ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ჩვენ კომისიებში. შესაბამისად, ამ კუთხითაც მიდის რესურსების გადარჩევა.
ვფიქრობ, 3030 კომისიის წევრის და ამას დამატებული 3030 წარმომადგენლის შერჩევა პრობლემა რა იქნება ჩვენთვის“, – ამბობს ანა კობახიძე.
ანა კობახიძის თქმით, წელს განსაკუთრებული არჩევნებია, შესაბამისად, ბევრია მოტივირებული ადამიანების რიცხვიც. „დიდი აქტივობა და ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველია საჭირო. მათ შორის ბევრი დამკვირვებელი და ასეთ შემთხვევაში, დიდი გაქანების საშუალება აღარ დარჩება „ოცნებას“.
ვფიქრობ, მომზადებული შევხვდებით 2024 წლის არჩევნებს“, – ამბობს ანა კობახიძე.
კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება – როგორ არჩევს „ლელო“ კომისიის წევრებს
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე ასევე მიიჩნევს, რომ წელს განსაკუთრებული არჩევნებია, რადგან საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ბედი წყდება. ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეძლონ როგორც კვალიფიციური, ასევე კეთილსინდისიერი ადამიანების მოძიება.
„73 საოლქო საარჩევნო კომისიაზე „ლელოს“ უკვე შერჩეული ჰყავს კადრების უმეტესობა, ასევე ჰყავს, საუბნო კომისიის წევრებიც შერჩეული. მთავარი კრიტერიუმი არის კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება.
წელს, როცა უკვე განსაზღვრულია უბნების რაოდენობა და, სხვათა შორის, შემცირებულია უბნები, ამავდროულად, კადრების გადამზადების აუცილებლობაც დგას.
9 ათასი ადამიანი უნდა შეარჩიოს პარტიამ. ცხადია, ბევრი გამოწვევაა ადამიანური რესურსების კუთხით, განსაკუთრებით რეგიონებში, პერიფერიულ უბნებში, არსებობს სიღარიბის ფაქტორიც, რომელიც ზრდის კომისიის წევრების გადაბირების, მოსყიდვის რისკს.
ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომ სადაც კი მიგვიწვდება ხელი, უნდა ავუხსნათ ადამიანებს წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, რადგან ამ არჩევნებზე მხოლოდ ფული კი არ უნდა იყოს მოტივაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც საფრთხე შეექმნა“, – ამბობს გიორგი სიორიძე.
მისი თქმით, მოსყიდვის რისკის დაზღვევა მხოლოდ იმით არის შესაძლებელი, რომ ადამიანებმა შეიგნონ, რატომ არ უნდა გაყიდოს ამომრჩეველმა ხმა და რატომ არ უნდა იყოს კომისიის წევრი გადაბირებული და მოსყიდული.
„წელს ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ელექტორატი გამოჩნდა საბედნიეროდ, რომელმაც გამოიღვიძა აპრილ-მაისის მოვლენების დროს, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდობამ კარგად გააცნობიერა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნებს და ახლა ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ მათი საპროტესტო ენერგია გადაკონვერტირდეს ხმების დაცვაში.
შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა ამ ახალგაზრდებისთვის და ამაზეც ვმუშაობთ“, – ამბობს სიორიძე.
„ვფიქრობ, გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გენერალური მდივანი, ივანე ნორაკიძეც მიიჩნევს, რომ 2021 წლის არჩევნებზე პარტიას არც დრო ეყო და არც რესურსები იმისთვის, რომ კვალიფიციური და ერთგული კომისიის წევრები შეერჩია. „ამიტომ აღმოჩნდნენ კომისიებში ისეთი წვერები, რომლებიც რეალურად არ მუშაობდნენ ჩვენი პარტიის ინტერესებზე.
მაშინ 3700 უბანი იყო და რთულიც იყო მოგვეძებნა ამდენი კვალიფიციური, ერთგული და მებრძოლი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანი. წელს შემცირებულია უბნების რაოდენობა და მცირედით მაინც გამარტივდა კარგი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრების მოძიება, მათი დატრენინგება, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ საარჩევნო უბანზე და არ ჰქონდეს ადგილი მიკერძოებას“,- ამბობს ივანე ნორაკიძე.
მისი აზრით, წელს „მოქალაქეებს“ აქვთ „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“, რადგან 8 ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი და კოორდინირებული მუშაობის შემთხვევაში ბევრად ადვილი იქნება ხმების დაცვა.
„კომისიის წევრების დიდი ნაწილი უკვე შერჩეული გვყავს. ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ეს წლები ტყუილად არ დაგვიკარგავს, ვმუშაობდით. კიდევ მიმდინარეობს მუშაობა თითქმის ყველა რეგიონში კარგი და სწორი კადრები რომ შევარჩიოთ.
იმ პარტიებს, ვისაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში გვყავს წევრები, გვაქვს წვდომა პროგრამებზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ ინფორმაცია თითოეული პიროვნების საარჩევნო ბიოგრაფიაზე. ადამიანებზე, ვისაც შეხება ჰქონია არჩევნებთან და იყო რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.
არიან კანდიდატები, რომლებიც შეიძლება გასაუბრებაზე მოგეწონოს, მაგრამ ბიოგრაფიაში ნახავ, რომ წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო ამა თუ იმ უბანზე. არ არის გამორიცხული, რომ ის ნაწყენია მმართველ პარტიაზე და აღარ არის მათ მიმართ ლოიალური, მაგრამ იმის საფუძველიც არსებობს, რომ კითხვის ნიშანი დავუსვათ და მეტი მოვიკვლიოთ ამ კანდიდატის შესახებ.
პირველ რიგში, მთავარია მიუკერძოებლობა, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეასწავლო ტექნიკური დეტალები, მაგრამ მიუკერძოებლობა ისეთი რამეა, რომ არ ისწავლება და არც მოიპოვება ასე ადვილად“, – ამბობს ივანე ნორაკიძე.
მისი თქმითაც, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდების რიცხვი, ვინც დაინტერესებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესებში.
„ახალგაზრდების აქტიურობა წელს მეტია და ეს არის ხალხი, ვინც არა ფულის, არამედ ინტერესის გამო მოდის. დიდ ქალაქებში ბევრად მეტი გვყავს 18-20 წლის ადამიანები, ვინც აპირებს საარჩევნო პროცესებში ჩართვას“, – ამბობს ნორაკიძე.
„მესამედი თუ არა, კომისიის წევრების ნახევარი უნდა გადავახალისოთ“
ლევან ბეჟაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გვესაუბრა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის საკითხზე. მისი თქმით, პარტიას 8 ივლისს დაგეგმილი აქვს ყრილობა, სადაც თინა ბოკუჩავას ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ.
„გამოცხადდება გარკვეული სიახლეებიც, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართვას საარჩევნო პროცესებში.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს შიდა პარტიული რესურსების მობილიზება. ვფიქრობ, გვეყოლება 6 200 კომისიის წევრი უბანში და 12 ათასი დამკვირვებელი. საბოლოო ჯამში, ჩვენი პარტიული ადმინისტრაციული რესურსი დაახლოებით 19 ათასი ადამიანი იქნება“, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
მისი თქმით, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ის რესურსი, რომ მოიცვას ყველა საარჩევნო კომისია.
„გვინდა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მინიმუმ ერთი მესამედი თუ არა, კომისიის წევრების ნახევარი გადავახალისოთ, ახალი შემადგენლობა რომ გვყავდეს. ამიტომ ხდება ადამიანების რეკრუტირება, დაწყებულია ტრენინგების პროცესიც – საარჩევნო ტექნოლოგია იცვლება, ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატები შემოდი და კომისიის წევრებს სჭირდებათ გადამზადება.
ვისურვებდი, რომ მოხდეს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო კომისიებთან მიმართებაში და შემუშავდეს საერთო სტრატეგია. ჩვენ ვამზადებთ შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისთვის და ამ პროცესს დავიწყებთ უახლოეს დღეებში.
ვიცით, სად იქნება საჭირო კოორდინაცია. მაგალითად, ამომრჩეველთა სიების გადაკონტროლება, უცხოეთში წასული ამომრჩევლების იდენტიფიცირება, მათი საარჩევნო სიაში ასახვა და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, პოლიტიკური ერთობის გაფორმება არ ისურვა ცალკეულმა პარტიებმა – „ახლებმა“, „ლელომ“, წინააღმდეგი არიან ერთიანი სიის ფორმირების, მაგრამ საერთო სტრატეგის შემუშავების ნაწილში, ეს ერთობა მიღწევადია და საერთო მიზანში ყველას დაგვეხმარება“, – ამბობს ბეჟაშვილი.
მისი თქმით, ისინი გაიზიარებენ სხვა ქვეყნებში ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობის გამოცდილებასაც.
„სხვათა შორის, ასეთი კოორდინაცია ჰქონდა ოპოზიციას რუმინეთში, პოლონეთში, როცა ძლიერ სახელისუფლებო პარტიას ამარცხებდა მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიცია. ამ მხრივ მათთან გვაქვს კონსულტაციები.
„ვფიქრობთ, ვითანამშრომლოთ „დაიტოვეს“ ჯგუფთან“
ჰერმან საბო, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ის ფაქტორი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს სერტიფიცირება მოეთხოვება, ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, რადგან პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანია კომისიის წევრის მიმართ სანდოობა, ვიდრე საარჩევნო პროცედურები.
„რაც შეეხება საუბნო კომისიებს, ჯერჯერობით, რასაც ვფიქრობთ არის ის, რომ გვეთანამშრომლა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც (რუსული კანონის წინააღმდეგ) აქციებზეც აქტიურობდნენ და „დაიტოვეს“ ჯგუფში გამოთქვეს სურვილი საარჩევნო კომისიებში მუშაობაზე.
ვიფიქრეთ, თუ ამ ადამიანებს დააინტერესებთ იყვნენ კომისიებშიც, ჩვენ შეთავაზება გაკეთებული გვაქვს საჯაროდ. არის გამოხმაურებაც, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, რა რაოდენობაა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ დაველოდებით მათგან რეაქციებსაც“, – ამბობს ჰერმან საბო.
„ფეხბურთმა პროცესები გაჭედა და როცა არჩევნების დრო მოახლოვდება, მერე უფრო გვეცოდინება რა მდგომარეობა გვაქვს“, – ამბობს ჰერმან საბო.
ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის შეიმუშავა ონლაინ პეტიცია – „ონკოპაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან“. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსებასა და გამართვის ითხოვენ.
მაგალითად, საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის, წინასწარი კვლევები (მაგალითად, ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა). „დიაგნოსტირება საშუალოდ 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ხარჯია. საჭიროა, ყველა კვლევის დაფინანსება, რასაც ექიმი (ონკოლოგი) საჭიროდ მიიჩნევს და ეს სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“, – წერენ პეტიციის ავტორები.
საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება.
პაციენტთა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წერს, რომ მიუხედავად გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ონკოლოგიური პაციენტებისთვის გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ქვეყანაში სრულფასოვანი მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის – „ქვეყანაში ონკოლოგიური მედიკამენტების დეფიციტი და დაფინანსების სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებია. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ეს პრობლემები“.
პეტიციის ავტორები ითხოვენ:
საქართველოში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის საყოველთაო დაზღვევით დაფინანსდეს (ონკოლოგის მიერ საჭიროდ მიჩნეული) წინასწარი, ანუ სადიაგნოსტიკო კვლევები (ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა), რომელთა ხარჯიც 10 000-15 000 ლარამდეა;
ასევე საყოველთაო დაზღვევაში არ შედის, გენეტიკურ-მოლეკულური ანალიზის (NGS) დაფინანსება, რაც ონკოლოგიაში გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად, დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებისა და ყველაზე ეფექტური თერაპიის შესარჩევად (მათ შორის, კიბოს ტარგეტული თერაპიისათვის);
დაფინანსდეს თანამედროვე იმუნოთერაპიის მედიკამენტები: OPDIVO, კრეიტუდა და ბევრი სხვა, „რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ენიშნება ონკოლოგიურ პაციენტს, თუმცა ჩვენი ქვეყნის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს“ – წერია პეტიციაში;
გარდა ამისა, არ ფინანსდება, მკურნალობით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვა – აუცილებელია, მკურნალობის პროცესში გამოწვეულ გართულებათა მართვის სრულფასოვანი პროგრამები; დაფინანსდეს რემისიაში მყოფი პაციენტის აუცილებელი მონიტორინგი და გეგმური კვლევები.
კავშირი სიცოცხლისთვის: აუცილებელია, ყველა პროგრამით თანაბრად სარგებლობდნენ ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რადგან კიბო არ არის დაავადება, რომლის რისკ ჯგუფში, გარკვეული ასაკიდან შეიძლება მოხვდეს ადამიანი… ჩვენ, ხელმომწერები, მხარს ვუჭერთ ყველა ონკოლოგიური პაციენტის ყოვლისმომცველ და თანაბარ მკურნალობას, განურჩევლად მათი სოციალურ-ეკონომიკური წარმოშობისა და გეოგრაფიული მდებარეობისა საქართველოში.
ონკოპაციენტები ითხოვენ აღმოიფხვრას ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტი: „მუდმივი პრობლემაა, ონკოპაციენტების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი, იმ მცირე ჩამონათვალის, რომელიც სახელმწიფო პროგრამით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პაციენტების და ონკოლოგების თქმით, დეფიციტი მუდმივი პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, რადგან სამინისტროს აქვს პაციენტების მონაცემები, სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი მუდმივი პრობლემა არ უნდა იყოს ქვეყნისთვის“.
ასევე, ითხოვენ გამარტივდეს დაფინანსების მოთხოვნასა და მიღებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან: „პრობლემაა ის, რომ ცხელი ხაზი ფასიანია და დაფინანსების მოთხოვნა არ იგზავნება ელექტრონულად, რეფერალურ პროგრამაში. ჯანდაცვის ცხელი ხაზი უნდა გახდეს უფასო, დაფინანსების მოთხოვნა უნდა იგზავნებოდეს ელექტრონულად და დაფინანსებაზე პასუხი უნდა მოდიოდეს დროულად, არა უგვიანეს 3 დღისა. რადგან მკურნალობის წყვეტა პაციენტისთვის შეიძლება 3 დღე მხოლოდ“.
პრობლემაა, პაციენტისთვის პენსიის დანიშვნა, პირველი და მეორე სტადიის პაციენტებს არ უნიშნავენ პენსიას, რემისიაში მყოფი პაციენტების უმრავლესობას უუქმებენ დახმარებას. პენსიის ოდენობა 195 ლარიდან 315 ლარამდეა, რაც იმ ხარჯებს ვერაფრით გასწვდება, რაც სჭირდება პაციენტს. ამ მიზერული პენსიის იმედად გვტოვებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. პენსია, ხშირ შემთხვევაში, პაციენტის ერთადერთი შემოსავალია, რადგან უმეტესობას, ფიზიკურად არ შეუძლია მუშაობა, დაავადების გამო.
პეტიციის ადრესატია საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე პეტიციას ხელს აწერს 5000-დან 1546 ადამიანი.
ფოტოებზე ონკოპაციენტებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ჯანდაცვაში არსებული ხარვეზების გადაჭრის მოთხოვნით |2024 წელი, მარტი| წყარო: კავშირი სიცოცხლისთვის.
10 ივლისს, ბულგარეთში, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს გაიმართება.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს სვლას, ხოლო დამარცხებული უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებაში გადაინაცვლებს.
„დინამო ბათუმის“ შემდეგი მეტოქეები, როგორც მოგების, ასევე წაგების შემთხვევაში ცნობილია.
„ლუდოგორეცის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, „დინამო ბათუმის“ მეტოქე მინსკის „დინამოსა“ და ერევნის „პიუნიკს“ შორის გამარჯვებული იქნება.
თუ „დინამო“ პირველივე ეტაპიდან გავარდება, მაშინ გუნდი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც უელსურ „ტნს“-სა და მონტენეგროულ „დეჩიჩს“ შორის წაგებულს შეხვდება.
ევროპული კლიმატის სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, 2024 წლის ივნისი გახდა ყველაზე თბილი ივნისი მთელი დაკვირვების ისტორიის მანძილზე.
„ევროპის საშუალო ტემპერატურა 2024 წლის ივნისისთვის 1,57°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების ივნისის საშუალო ტემპერატურას” – წერს კლიმატის სამსახური.
ეს არის ზედიზედ მე-13 თვე რეკორდული ტემპერატურით.
კლიმატის სამსახური იუწყება, რომ კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერ, 2024 წლის აპრილისთვის დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი ტემპერატურების სერია, კიდევ ერთი ნიშანია სწრაფი დათბობისა, რომელიც ხდება ადამიანის საქმიანობის შედეგად სათბური გაზების ემისიების ზრდის გამო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, გლობალურად, პლანეტას ჰქონდა რეკორდულად თბილი აპრილი, კერძოდ 0,7 °C-ით უფრო მაღალი 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე და 1,58 °C-ით მეტი 1850-1900 პრეინდუსტრიული პერიოდის ამ თვის საშუალო მაჩვენებელზე.
______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE/FILIP SINGER
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სანაპირო რაიონებში – ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი – შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში [ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი]: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში [ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი]: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი იქნება.
მაღალმთიან რეგიონებში, მესტიასა და ბახმაროში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.
დღეს, 8 ივლისს, კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტის ნამსხვრევები უკრაინის დედაქალაქის ექვს რაიონში ჩამოვარდა.
სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა კიევის ბავშვთა სპეციალიზებული საავადმყოფოს, „ოხმატდეტის“ ერთ-ერთ შენობაზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, არიან დაზარალებულები. ევაკუაცია ამ დროისთვის [13 სთ.] მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად საავადმყოფო დაზიანდა, ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფება, დაჭრილებისა და დაღუპულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
დღეს, 8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთმა სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტს აგებს კომპანია, რომელმაც 80 მილიონიანი ტენდერი მოიგო. ეს თანხა 2027 წლის ჩათვლით უნდა მოხმარებოდა გზების შეკეთებას, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეცვალა და 80 მილიონი მთლიანად 2024 წელში გადმოიტანა. შესაბამისად, ამ რეგიონებში 2025-27 წლებში საგზაო სამუშაოები ამ ტენდერი ფარგლებში აღარ ჩატარდება. კომპანიას 16 მილიონი ლარი ავანსად უკვე გადაურიცხეს. გზაზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ.
ხულო-გოდერძის გზაზე ჩინურ კომპანიასთან შეწყვეტილი ტენდერის შემდეგ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს სამუშაოების დასასრულებლად ცალკე ტენდერი აღარ გამოუცხადებია – სამუშაოების დასრულება სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს დაავალა. სპეციალისტის შეფასებით, დეპარტამენტის გადაწყვეტილებები არაერთ კითხვას აჩენს – როგორც ბიუჯეტის ფულის გამჭვირვალედ და ეფექტურად ხარჯვის, ასევე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კუთხით.
ბათუმი-ახალციხის გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ასფალტის დაგება დაწყებულია, თუმცა დეპარტამენტში არ ამბობენ, კონკრეტულად როდის დასრულდება სამუშაოები. ზუსტ თარიღს ვერც გზაზე მომუშავე კომპანიები ასახელებენ.
„მიმდინარე წელს დაგეგმილია გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის სამუშაოების სრულად დამთავრება“, – აცხადებენ დეპარტამენტში. ანალოგიური ინფორმაცია დეპარტამენტმა მიმდინარე წლის დასაწყისშიც გააჟღერა.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როგორ აპირებს წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა ხულო-გოდერძის გზის 26-კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე სამუშაოების ტენდერის გარეშე დასრულებას. 6 წლის წინ დაწყებული ხულო-ზარზმის გზის სრული რეკონსტრუქცია სულ ცოტა 2020 წელს მაინც უნდა დამთავრებულიყო. გზაზე სამუშაოები უმეტეს შემთხვევაში შეჩერებული იყო, დეპარტამენტმა კი ხელშეკრულებები სხვადასხვა დროს ორ მშენებელ კომპანიასთან შეწყვიტა.
ბოლოს ხელშეკრულება 2024 წლის თებერვალში შეწყდა ჩინურ კომპანია „სინოჰიდროსთან“, რომელმაც, დეპარტამენტის განცხადებით, ხულო-ზარზმის გზის მეორე – გოდერძი-ზარზმის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაასრულა. დარჩა ხულო-გოდერძის მონაკვეთი, სადაც „სინოჰიდროს“ მიერ შეუსრულებელი სამუშაოების დამთავრებაზე დეპარტამენტს, როგორც აღვნიშნეთ, ცალკე ტენდერი აღარ გამოუცხადებია.
ასფალტის დაგება ხულო-გოდერძის გზაზე / ფოტო: გზების დეპარტამენტი
ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 12 ივნისს დააანონსა.
მაშინ „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში არ უთხრეს, რომელი კომპანია და რა ხელშეკრულების ფარგლებში გეგმავდა ამ გზაზე ასფალტის დაგებას. ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური განცხადება მოგვთხოვეს წერილობით.
კომპანიის დასახელებასთან ერთად დეპარტამენტიდან იმ თანხის ოდენობაც გამოვითხოვეთ, რაც ამ გზის დასასრულებლად [ასფალტის დასაგებად] იყო გათვალისწინებული.
დეპარტამენტმა გზაზე მომუშავე კომპანიების დასახელებები მოგვწერა, თუმცა რა თანხაა გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად – არა.
დეპარტამენტის პასუხიდან ირკვევა, რომ ხულო-გოდერძის გზის რეკონსტრუქციაზე სამუშაოების დასრულება იმ კომპანიებს დაავალეს, რომლებსაც სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში მხოლოდ არსებული გზების შეკეთება და სხვადასხვა საგზაო სამუშაოების ჩატარება ევალებ[ოდ]ათ.
რომელი კომპანია [სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი] იმუშავებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაზე და რა თანხაზეა გაფორმებული ხელშეკრულება? – ეს იყო კითხვა, რომელზეც 2024 წლის 28 ივნისს დეპარტამენტიდან ასეთი პასუხი მივიღეთ:
„გაცნობებთ, რომ ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2022-2024 წლებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ცალკეულ სამუშაოებზე გაცემული დავალებების საფუძველზე, ახორციელებენ შემდეგი კომპანიები: შპს „არალი“; შპს „New Road“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“.
ხულო-გოდერძის გზა / 30.06.2024
შპს „არალი“
აღსანიშნავია, რომ კომპანია „არალს“ იმ ტენდერების ფარგლებში, რაც დეპარტამენტმა მიგვითითა, ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტის დაგება არ ევალება. „არალი“ ამ გზაზე დამეწყრილი ადგილების გამაგრებაზე მუშაობს. ამ სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა კი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის დროს დადგა დღის წესრიგში და ცალკე ტენდერიიყო გამოცხადებული, რომელშიც მხოლოდ „არალი“ მონაწილეობდა.
ხულო-გოდერძის მონაკვეთზე დამეწყრილი ფერდების აღდგენაზე „არალთან“ ხელშეკრულება 15 204 999 ლარზეა გაფორმებული და სამუშაოები, შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის მაისში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. გზების დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ „წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის დასრულება“.
პორტალის მიხედვით, „არალზე“ 2024 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით 4 614 656 ლარია გადახდილი [სახელშეკრულებო თანხის 30%].
„არალთან“ დაკავშირებით დეპარტამენტმა მეორე ტენდერზეც მიგვითითა, რომელიც „სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე“ იყო გამოცხადებული. ხელშეკრულება კომპანიასთან 30 მილიონ ლარზე 2022 წლის ივლისშია გაფორმებული და ის 2024 წლის ოქტომბრამდეა ძალაში.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „არალს“, საიდანაც მოგვწერეს, რომ არცერთი ამ ტენდერის ფარგლებში გზაზე ასფალტს არ აგებენ: პირველი ტენდერის ფარგლებში „ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ფერდების აღდგენით სამუშაოებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე დადებული ხელშეკრულების ფარგლებში კი ხულოს მიმართულებით არ დაგებულა ასფალტი“.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, 30-მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში, „არალზე“ 11 480 162 ლარია გადარიცხული.
ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 17-ჯერ შეიტანეს, ერთ-ერთი ბოლო, 2024 წლის 21 ივნისის ცვლილებით კი, სამცხე-ჯავახეთის მხარეს გოდერძი-ზარზმის მონაკვეთი დაემატა დამეწყრილი ადგილების აღდგენაზე:
„შევიდეს ცვლილება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2022 წლის 1-ელ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში [სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოები] და ხელშეკრულებას დაემატოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის 1. კმ124+231-კმ124+276; 2. კმ125+800 – კმ126+000; 3. კმ127+700 – კმ128+350 მონაკვეთებზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ფერდების პერიოდული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი №1.“
აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მეწყრის შედეგად ჩამოშლილი ფერდების სარეაბილიტაციოდ 9,2 მილიონი ლარია გაწერილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება კი, გზების დეპარტამენტის მხრიდან „დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახურს ან მის უფლებამონაცვლეს“ დაევალა.
ხულო-გოდერძის გზა / 30.06.2024
შპს New Road
შპს New Road-თანაც გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში აქვს გაფორმებული. კომპანიას „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოები“ ევალება და ხელშეკრულება 2025 წლის მარტამდეა ძალაში.
ტენდერი პრეისკურანტით იყო გამოცხადებული, ანუ კომპანიას სახელშეკრულებო თანხიდან გადაუხდიან იმდენს, რა ღირებულების სამუშაოებსაც შეასრულებს. სახელშეკრულებო თანხა კი, 80 მილიონი ლარია, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით კომპანიაზე 29 560 478 ლარია გადახდილი.
ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანხა შემდეგნაირად იყო გაწერილი: 2022 წელს – 1 მილიონი ლარი, 2023 წელს – 44 მილიონი ლარი, ხოლო 2024 წელს – 35 მილიონი ლარი.
ხელშეკრულებაში 2024 წლის 18 იანვარს შეიტანეს ცვლილება და 80 მილიონი ასე გაწერეს: 2022 წელს – 0 ლარი, 2023 წელს – 5 095 690 ლარი და 2024 წელს – 74 904 309 ლარი.
სწორედ ამ ტენდერის ფარგლებში დაავალეს კომპანიას ხულო-გოდერძის გზაზე მუშაობა.
„ჩინელებს [კომპანია სინოჰიდროს“] რაც ჰქონდათ გასაკეთებელი და ვერ გააკეთეს, იმას ვაკეთებთ ახლა ჩვენ – ხელოვნური ნაგებობებიც არის და სავალი ნაწილიც. ხულო-გოდერძის გზაზე მხოლოდ ჩვენ არ ვმუშაობთ. ჯერ მხოლოდ პირველ 5 კილომეტრზე დაიგო ასფალტი. დანარჩენი სამუშაოები გრძელდება. მუშა პროცესია“, – გვითხრეს 2024 წლის პირველ ივლისს კომპანია New Road-ში.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გზების დეპარტამენტმა New Road-ს 2023 წელს ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე დიდაჭარის კაშხალთან დამეწყრილი ადგილის რეაბილიტაციაც დაავალა. თუმცა, იგივე კომპანიას არ დაავალა ხულო-გოდერძის გზაზე დამეწყრილი ადგილების გამაგრება, რაზედაც დეპარტამენტმა ცალკე ტენდერი გამოაცხადა 2023 წლის ივნისში. ამ ტენდერში კი, იმავე წლის აგვისტოში გამარჯვებულად როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „არალი“ გამოავლინეს.
დეპარტამენტს, როგორც ახლა დაავალა კომპანიებს ხულო-გოდერძის გზის მოასფალტება, ასევე შეეძლო „New Road“-ისთვის დაევალებინა იმავე გზაზე დამეწყრილი ადგილების გამაგრება, თუმცა ეს შარშან არ გაუკეთებია. არადა „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში საგზაო სამუშაოებზე“ გაფორმებული ხელშეკრულება ამის საშუალებას იძლეოდა, ვინაიდან ცალკე ტენდერის გამოცხადების დროისთვის, ამ ხელშეკრულებით დეპარტამენტს 44 მილიონი ლარის სამუშაოების დავალების მიცემა შეეძლო „New Road“-ისთვის, თან მინიმუმ 2-3 თვეს მოიგებდა, რაც სატენდერო პროცედურებს დასჭირდა.
ხულო-გოდერძის გზა / 30.06.2024
შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე“ გამოცხადებულ ტენდერში გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულად სწორედ „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გამოავლინა – ხელშეკრულება მასთანაც 80 მილიონ ლარზე გააფორმა 2024 წლის 27 მაისს.
ეს ტენდერიც პრეისკურანტით იყო გამოცხადებული და ხელშეკრულებაში ეწერა, რომ „ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 80 მილიონ ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, მათ შორის 2024 წელს – 25 მილიონ ლარს, 2025 წელს – 30 მილიონ ლარს, 2026 წელს – 20 მილიონ ლარს, 2027 წელს – 5 მილიონ ლარს.“
ხელშეკრულების დადებიდან მეექვსე დღეს მასში შეიტანეს ცვლილება და ღირებულება მთლიანად 2024 წელში გადმოიტანეს. „ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 80 მილიონ ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, მათ შორის, 2024 წელს – 80 მილიონ ლარს, 2025 წელს – 0 ლარს, 2026 წელს – 0 ლარს, 2027 წელს – 0 ლარს.“. – ჩაწერეს ხელშეკრულებაში.
მიუხედავად ასეთი ჩანაწერისა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა უცვლელი დატოვეს და ის 2027 წლის სექტემბრამდე რჩება ძალაში.
შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, ამ ცვლილებიდან მეორე დღეს [2024 წლის 4 ივნისს] „კავკასუს როუდ პროჯექტს“ ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი გადაურიცხეს ავანსად.
ხელშეკრულებაში ასევე ჩაამატეს, რომ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური მონიტორინგი და ვადების დაცვის კონტროლი ევალება გზების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს: მათ შორის „დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვის სამსახურს ან მის უფლებამონაცვლეს ან/და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახურს ან მის უფლებამონაცვლეს“.
„თქვენს მიერ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გზების დეპარტამენტიდან მიღებული დავალების საფუძველზე ხულო-გოდერძის გზაზე უნდა შევასრულოთ ასფალტის მოწყობის [დაახლოებით 2,5კმ], საყრდენი კედლების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ამ ეტაპზე მიღებული დავალების საფუძველზე განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადაა 2024 წლის ბოლო“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ „კავკასუს როუდ პროჯექტიდან“ 2024 წლის პირველ ივლისს.
კომპანიიდან ასევე მოგვწერეს, რომ „ხულო-გოდერძის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მუშაობს რამდენიმე კომპანია… რაც შეეხება სატენდერო ღირებულების 2024 წელში ათვისების საკითხს გაცნობებთ, რომ დავალება მიღებული გვაქვს ტენდერით განსაზღვრულ სხვა რეგიონებშიც. აჭარის რეგიონში მხოლოდ ხულო-გოდერძის გზაზე გვაქვს დავალება.“
კონკრეტულად რომელ გზებზე აქვთ მიღებული დავალებები სხვა რეგიონებში, ამ კითხვაზე პასუხი კომპანიისთვის ამ დროისთვის ვერ მივიღეთ.
ხულო-გოდერძის გზა / 30.06.2024
„ძალიან ბუნდოვანია“ – სპეციალისტის შეფასება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით შემსყიდველს აქვს უფლება განსაზღვროს სხვადასხვა რეგიონში ჩასატარებელი სამუშაოები ერთი ტენდერის და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა უმჯობესია წინასწარ ნათელი და გამჭვირვალე იყოს პირობები. თავიდანვე უნდა განისაზღვროს კონკრეტული ლოკაციები, თუ სად შეიძლება ჩატარდეს სამუშაოები, რადგან სხვა კომპანიებსაც ჰქონდეთ დაინტერესების და ტენდერში მონაწილეობის სურვილი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გოჩა მჟავანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი ანალიტიკოსი.
„ამ შემთხვევაში, როცა გზების დეპარტამენტმა განსაზღვრა სამი რეგიონი – აჭარა, გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი, შეიძლება არსებობდეს ისეთი კომპანია, რომელიც მაგალითად არ მუშაობს დავუშვათ სამეგრელო-ზემო სვანეთში. ამიტომ ამ კომპანიისთვის ეს შესაძლოა ყოფილიყო დამაბრკოლებელი ფაქტორი და მისი ინტერესის გაქარწყლების მიზეზი – თუ კომპანია არ მუშაობს სხვა რეგიონში და მუშაობს მხოლოდ აჭარაში, ამ ტენდერით არ დაინტერესდებოდა. მაგრამ თუ თავიდანვე ეცოდინებოდა, რომ სამუშაოები მხოლოდ აჭარაში განხორციელდებოდა, ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით დაინტერესდებოდა და მიიღებდა მონაწილეობას“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
გოჩა მჟავანაძის თქმით, „ეტყობა თავიდანვე სამი რეგიონი განისაზღვრა, მაგრამ ნათელი იყო, რომ ერთ რეგიონში ჩატარდებოდა სამუშაოები. „ჯერ შესყიდვების პორტალიდან არ ჩანს, სად ტარდება სამუშაოები, მაგრამ ეტყობა ეს იყო მოცემულობა. აქეთკენ მიდის მთავარი აზრი, რადგან შემსყიდველმა დაგიდასტურათ, რომ აჭარაში ტარდება სამუშაოები“.
„ამიტომ უმჯობესია შემსყიდველმა ნებისმიერ შემთხვევაში თავიდანვე ნათლად, გამჭვირვალედ განსაზღვროს კონკრეტულად სად შესრულდება სამუშაო. დაინტერესებულმა პირებმაც უნდა იცოდნენ, სად იქნება თავიანთი ინტერესის სფერო – სად ექნება სამუშაოების შესრულების ვალდებულება მოგებულ ტენდერში. ეს გაზრდის დაინტერესებას, კონკურენციას, გამჭვირვალობას, დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს და ასევე გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს. შესაბამისად, უფრო სარგებლიანი იქნება.“
რაც შეეხება 4 წელზე გაწერილი 80 მილიონი ლარის ერთ წელში გადმოტანას, გოჩა მჟავანაძის შეფასებით, ეს ცვლილებაც ძალიან ბუნდოვანია.
„ეს ერთი შეხედვით არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, მაგრამ ამასთან დამატებით კითხვებსაც აჩენს. როცა 80 მილიონის სამუშაოების შესრულებას 4 წელიწადზე გეგმავ, პოტენციური მომწოდებელიც გეგმავს შესაბამისად, რომ მან 4 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს ეს სამუშაოები და მერე უცებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაოების ვადას 4 წლიდან ამცირებ 1 წლამდე. ეს აჩენს კითხვით ნიშნებს. არაგანჭვრეტად და არათანაბარ პირობებზე მეტყველებს და ვფიქრობ ან დაგეგმვაშია პრობლემა, ან შეგნებულად კეთდება, რომ სხვა კომპანიებმა არ მიიღონ მონაწილეობა. ეს ყველაფერი კიდევ ბევრი კითხვითი ნიშნის შემცველია და უნდა გაეცეს პასუხი“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას და სამუშაოების გაგრძელებას ცალკე ტენდერის გამოცხადების გარეშე, გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ შემსყიდველს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება. კანონმდებლობა იმიტომ აძლევს შემსყიდველს საშუალებას შეწყვიტოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი ხელშეკრულება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საფრთხე არ შეექმნას პროექტის განხორციელებას, მაგრამ შემდეგ ეს უნდა დაასაბუთო.
„ის, რომ ხელახალი ტენდერი არ გამოაცხადო, ესეც შესაძლებელია, რადგან იგივე ინტერესებიდან გამომდინარე ბიუროკრატიული და სატენდერო პროცედურები თავიდან აირიდო და დრო დაზოგო. თუმცა, შეგიძლია ეს ჩანაწერი გამოიყენო ბოროტადაც, სხვა მიზნებისთვის… როცა წლებით იწელება პროექტები, ამ შემთხვევაში დროზეა შესაწყვეტი ხელშეკრულება ან თავის დროზეა შესარჩევი ნორმალური კომპანია და ამდენი გადავადება არ უნდა იყოს საჭირო“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
ხულო-გოდერძის გზასთან დაკავშირებით „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე 2023 წლის ნოემბერშიც იყო ცნობილი. ამაზე პირველად აუდიტმა დაწერა. დეპარტამენტში კი მაშინ განაცხადეს, რომ სამუშაოები 2024 წელს აუცილებლად უნდა დასრულებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით და თან ხელახალი ტენდერის გამოცხადებას არ აპირებდნენ.
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით დეპარტამენტმა „ტოდინთან“ ხელშეკრულება შეწყვიტადა ტენდერებიხელახლაგამოაცხადა.
ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის [დაბა ხულოდან დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მონაკვეთში] რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.
„სინოჰიდრო“ კი, გამარჯვებულად ხულო-ზარზმის გზისრეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში გამოავლინეს ორივე ლოტზე – დიდაჭარის კაშხლიდან ზარზმამდე მონაკვეთი.
ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის შეწყვეტას საქართველოს მთავრობამ მხარი 2024 წლის 15 იანვარს დაუჭირა. ხელშეკრულება 2024 წლის 1-ელ თებერვალს შეწყდა.
ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობდა:
პირველი [LOT 1]:ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულება იყო 57 177 829 ლარი. დაფინანსებული არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ;
მეორე [LOT 2]:გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აქედან გამომდინარე დეპარტამენტიდან გვაინტერესებდა ასევე რა თანხა დაიხარჯა ჯამში ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე სამუშაოების დაწყებიდან დღემდე პერიოდში. დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯამში 71 მილიონია დახარჯული.
„ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამუშაოების დაწყებიდან დღემდე, ორივე ლოტის ფარგლებში, დახარჯული თანხა ჯამში შეადგენს დაახლოებით 71 მილიონ ლარს“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2024 წლის 28 ივნისს.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „დეპარტამენტსა და კომპანია „სინოჰიდროს“ [Sinohydro Corporation Limited] შორის 2020 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, დეპარტამენტმა შეწყვიტა ცალმხრივად 2024 წლის 1-ელ თებერვალს და აამოქმედა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 5 717 782 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც თანხა ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.“
„სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ამოქმედებული საბანკო გარანტიის შედეგად ბიუჯეტში 5,7 მილიონი ლარის ჩარიცხვის დოკუმენტები, რომლებიც „ბათუმელებმა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გამოითხოვა.
გზების დეპარტამენტისგან ვითხოვდით ასევე ინფორმაციას – სხვა რა ღონისძიებები გატარდა „სინოჰიდროსთან“ მიმართებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, თუმცა დეპარტამენტიდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „ყველა საჭირო პროცედურა“ ჩატარდა და ახლაც ტარდება:
„დამატებით გაცნობებთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კომპანიის მიმართ განხორციელდა/ხორციელდება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა.“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 552 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
ტანკი – 8 171 ერთეული [+16]
ჯავშანტექნიკა – 15 685 ერთეული [+40]
საარტილერიო სისტემა – 14 966 ერთეული [+29]
MLRS – 1 115 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 880 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 361 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 893 ერთეული [+31]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 353 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 150 ერთეული [+47]
სპეცტექნიკა – 2 503 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
626 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 344 უპილოტო საფრენი აპარატი
540 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 528 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 369 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
11 556 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 453 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ზაფხულის სეზონზე ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ტყის ხანძრების გაჩენის რისკი.
სტატისტიკის თანახმად, ტყის ხანძრებს რამდენიმე ფაქტორი იწვევს. მათ შორის, არასწორ ადგილას დანთებული ცეცხლი, კოცონის უყურადღებოდ ან ნახევრად ჩამქრალ მდგომარეობაში დატოვება.
ზოგჯერ ხანძრის მიზეზი ტყეში თვითაალებადი ნარჩენების დატოვებაა. პლასტმასის ბოთლები, შუშის ნამტვრევები, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს ცეცხლის გაჩენის მიზეზი ხდება.
სად არ უნდა დაანთო ტყეში კოცონი
აკრძალულია კოცონის დანთება მოზარდ წიწვოვან ტყეში. ასევე ცეცხლი არ უნდა დაანთოთ ძველ ნახანძრალ ადილებში ან ტყის დაზიანებულ უბნებში. არაა რეკომენდირებული ცეცხლის დასანთებად ტორფიანი ან გამხმარბალახიანი ადგილები.
ასეთ დროს მაღალია შანსი ცეცხლი ბალახს მოედოს და მთელ ტყეში გავრცელდეს.
თუ ბუნებაში პიკნიკისას კოცონის დანთებას გადაწყვეტთ, სპეციალისტთა რეკომენდაციაა, რომ შეარჩიოთ ღია ფართობი, გაწმინდოთ ეს ტერიტორია ბალახისგან, ფიჩხისგან და სხვა ადვილად აალებადი მასალებისგან.
ხოლო პიკნიკის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ცეცხლი ჩააქრეთ.
ტყეში აკრძალულია ჩაუქრობელი ასანთის ღერის, სიგარეტის ნამწვავისა და სხვა აალებადი საგნების გადაგდება.
ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება.
კერძოდ, თუ პირი ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევით დაანთებს ცეცხლს, 300 ლარით დაჯარიმდება. ხოლო თუ ამ ქმედებას ტყეში ხანძრის გაჩენა მოჰყვება პირი 500 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმას ემატება გარემოზე მიყენებული ზიანის თანხაც.
თუ პირი თავისი დაუდევრობით ტყეში ხანძარს გააჩენს, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკით, 2023 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 17 ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადად ჯამურად 98 ჰექტარის ფართობის ტყე დაიწვა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ 2023 წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით (13 %-ით ნაკლებია).
გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (40 %) და სიმსივნეები (11.6 %).
სიკვდილიანობის გამოწვევი დაავადებების ჩამონათვალი ასეთია: 2023 წელს საქართველოში სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით 17 100 ადამიანი გარდაიცვალა, სიმსივნით 4 939 ადამიანი, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 3 214 ადამიანი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობებით 1 294 ადამიანი, ხოლო ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობებით 1 102 ადამიანი.
“გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.
5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.
5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2023 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები,”- ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
2022 წელთან შედარებით საქართველოში 2023 წელს 13 %-ით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა. 2022 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 49 118 იყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივლისის 21 საათიდან 8 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელ-ჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 26 – 31 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7-8 ივლისს მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან დროგამოშვებით ელ-ჭექის ხასიათის წვიმა.
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 550 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
ტანკი – 8 155 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 15 645 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 14 937 ერთეული [+40]
MLRS – 1 115 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 879 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 862 ერთეული [+53]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 352 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 103 ერთეული [+50]
სპეცტექნიკა – 2 495 ერთეული [+16]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
626 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 314 უპილოტო საფრენი აპარატი
540 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 521 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 366 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
11 516 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 410 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
სულ უფრო ცოტა დრო რჩება, სანამ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი ძალაში შევა და მმართველ პარტიას რეპრესიული სისტემის ამოქმედება შეეძლება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც პროფესიონალი იურისტების წევრობაზე დაფუძნებული გაერთიანებაა, აცხადებს, რომ ორგანიზაციამ საერთო კრებაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს და არ დარეგისტრირდება “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
“2024 წლის 3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხელი მოაწერა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის.
კანონის მიღებით, ხელისუფლებამ განზრახ შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგს, მშვიდობასა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ამ კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად ცხადდება ის საქმიანობა, რასაც საია დაარსების დღიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის პრინციპების დასამკვიდრებლად აკეთებდა და აკეთებს.
რეგისტრაცია რეესტრში, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებულ საქმიანობას უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს, და იწვევს ორგანიზაციის სტიგმატიზებას, შეუთავსებელია საიას მისიასთან, მიზნებთან, პრინციპებთან და წარმოადგენს ორგანიზაციის დამაზიანებელ ქმედებას,” – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 6 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ რიგგარეშე კრება ჩაატარა, სადაც გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთხმად იქნა მიღებული.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ შეასრულებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც წარმოადგენს ორგანიზაციის ინტერესებისათვის გადადგმულ ნაბიჯს;
კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას,” – ნათქვამია საიას განცხადებაში.
„შემთხვევის ადგილზე გავჩერდით ალბათ ხუთი წუთი და დავბრუნდით უკან, ბათუმში, ვინაიდან დანაშაული იყო გახსნილი და არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების საჭიროება…“ – უთხრა გამომძიებელს „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ რესან კონცელიძემ.
ეს გამოკითხვის ოქმის ჩანაწერია – რესან კონცელიძე სერჟანტ შავაძის მკვლელობის დროს შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლეს. გამოძიებას არც ახლა აქვს პასუხი: რა იყო როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც კი, არ უგია პასუხი.
2020 წელს, ევროსასამართლომ „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.
რესან კონცელიძეც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოუკითხავთ – 2023 წლის 23 სექტემბერს, მას შემდეგ, როცა რეზონანსულ საქმეზე სპეცრაზმელები დააკავეს.
როინ შავაძის ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე ითხოვდა ამ საქმესთან დაკავშირებული მაღალჩინოსნების, მათ შორის, რესან კონცელიძის პასუხისგებას, რადგან როინ შავაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა და წაიყვანა თბილისის მიმართულებით. ეს უწყება კი, მაშინ შსს-ს სტრუქტურული ერთეული იყო და გამოძიება შსს-ს კი არა, პირდაპირ პროკურატურას უნდა დაეწყო.
უფლებადამცველები ასევე მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს, მაგალითად, ვასილ როინიშვილი – ის როინ შავაძის მკვლელობის დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.
პარლამენტის წევრის, რესან კონცელიძის გამოკითხვის ოქმის ძირითადად ნაწილს გაგაცნობთ:
„შეტყობინების შემოსვლის შემდეგ, მე ჩემს ხელმძღვანელთან, ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსთან ირაკლი მოწყობილთან ერთად წავედი ქაქუთში, შემთხვევის ადგილზე,“ – მიმართა გამომძიებელს პარლამენტარმა და 2008 წლის 16 აგვისტოს მომხდარი ამბის გახსენება დაიწყო:
„შემთხვევის ადგილზე ჩვენი მისვლის ზუსტი დროის დასახელება არ შემიძლია, საკმაო პერიოდის გასვლის გამო. თუმცა მახსოვს, რომ ჩვენი იქ მისვლისას, შემთხვევის ადგილს უკვე ათვალიერებდა გამომძიებელი პროკურორის თანდასწრებით, ანუ შემთხვევის ადგილზე მისვლა, მე, აგრეთვე, ირაკლი მოწყობილს, მოგვიწია საკმაოდ მოგვიანებით.
შემთხვევის ადგილზე გავჩერდით ალბათ ხუთი წუთი და დავბრუნდით უკან, ბათუმში, ვინაიდან დანაშაული იყო გახსნილი და არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების საჭიროება.
მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ პერიოდში, აჭარის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე ხდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, ზოგჯერ დღეში რამოდენიმეც და გავდიოდით ყველა შემთხვევაზე. ეს შემთხვევა ჩავთვალეთ მორიგ გახსნილ დანაშაულად, რის შემდეგაც, როგორც აღვნიშნე, დავბრუნდით ბათუმში.
ასევე აღვნიშნავ, რომ იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლიდან გამომდინარე, პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი არ იყო პროცესუალური ფიგურა. მე არ მქონდა უფლება ჩავრეულიყავი გამოძიების პროცესში, არ მქონდა უფლება გამომძიებლისთვის მიმეცა დავალება ან მითითება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ან არ ჩატარებაზე, მონაწილეობა მიმეღო ან დავსწრებოდი დაკითხვას ან სხვა საგამოძიებო მოქმედებებს. ჩემი ფუნქცია იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყველა დანაყოფის გამოძიების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა. კერძოდ, უზრუნველყოფა ავტომობილებით და სხვა ტექნიკით, აგრეთვე, თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების კონტროლი და სხვა ანალოგიური საკითხები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებთან.
აღნიშნულ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლიდან გამომდინარე, გამოძიების სტადიაზე, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა პროკურორი.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, გამომძიებლები საპროცესო დავალებებს ღებულობდნენ პროკურორებისგან, რომლებთანაც ასევე ათანხმებდნენ თავიანთ საგამოძიებო მოქმედებებს. აქედან გამომდინარე, მე საგამოძიებო მოქმედებების ოქმები არ წამიკითხავს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ გავცნობივარ და სისხლის სამართლის საქმე, მეორე დღეს ქვემდებარეობით გადაგზავნილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში, რის შემდეგაც აღნიშნულ საქმესთან რაიმე შეხება ან წვდომა არ მქონია,“ – უთხრა გამომძიებელს პარლამენტარმა და ასევე განმარტა, რა იყო კონკრეტულად მისი სამსახურებრივი მოვალეობა.
„აღნიშნული დროისათვის ვმუშაობდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს მიეკუთვნებოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.
2008 წლის 16 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში გურიის საზღვართან ახლოს მოკლულია მოქალაქე. ამასთან, შეტყობინებაში არ იყო მითითებული, თუ რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა, კერძოდ კი, არ იყო მითითებული, რომ ეს მოხდა დაკავებულის ბადრაგირების დროს.
იმ დროს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის N424 ბრძანების [„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ”] მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებს და სხვა მძიმე დანაშაულებს იძიებდნენ მთავარი სამმართველოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე და ასე მოხდა მოცემულ შემთხვევაშიც – გამოძიება მოცემულ ფაქტზე დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველომ, ზედამხედველ პროკურორთან შეთანხმებით.
ასევე, პოლიციაში მოქმედი წესის შესაბამისად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების დროს, მორიგე უკავშირდებოდა გამომძიებელს, რომელსაც გრაფიკით უწევდა მორიგეობა. გამომძიებლების მორიგეობის გრაფიკი დგებოდა წინასწარ ერთი თვით ადრე. თუკი ვინმეს უნდოდა ჩანაცვლება, გამომძიებლები ერთმანეთთან აგვარებდნენ მსგავს საკითხებს. აღნიშნული გრაფიკი ეგზავნებოდა ზედამხედველ პროკურორს. გამოძიებაში სხვა გამომძიებლების ჩართვის საკითხს წყვეტდა საქმის ზედამხედველი პროკურორი და არა პოლიციის ხელმძღვანელობა. მორიგე ასევე უკავშირდებოდა ყველა ხელმძღვანელს და ატყობინებდა დანაშაულის შესახებ. ამასთან, არსებული წესით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ შეტყობინების შემთხვევაში, ყველა დონის ხელმძღვანელი გადიოდა შემთხვევის ადგილზე.
იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამომძიებელი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, ვალდებული იყო დაეწყო წინასწარი გამოძიება, ჩაეტარებინა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და საქმე გადაეგზავნა პროკურატურაში ქვემდებარეობის საკითხის გადასაწყვეტად, ასეთი საკითხის წარმოშობის შემთხვევაში.
ამ შემთხვევაშიც, გამომძიებელმა საქმეზე დაიწყო გამოძიება. პროკურორის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ასევე, გვამს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და პროკურორთან შეთანხმებით ჩატარდა სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც გამოიკვეთა, რომ საქმეში ფიგურირებდნენ სპეციალური სუბიექტები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რის გამოც, მეორე დღეს, საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა პროკურატურაში,“ – თქვა რესან კონცელიძემ.
შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს გამომძიებელმა უთხრა, რომ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, მალხაზ თავდგირიძე ამბობს, შემთხვევის ადგილზე რესან კონცელიძემ გამიშვაო.
„როგორც ვიხსენებ, გამომძიებელთა ჯგუფი, აღნიშნული დროისათვის იმყოფებოდა ქობულეთში, სხვა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ზუსტად არ მახსოვს, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ შესაძლოა დავუკავშირდი აღნიშნულ გამომძიებელთა ჯგუფს და ვუთხარი მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე, გაერკვიათ თუ რა ხდებოდა და ინფორმაცია მოეხსენებინათ პროკურორისათვის,“ – უპასუხა გამომძიებელს პარლამენტარმა.
გამომძიებელი: „ცნობილი იყო თუ არა თქვენთვის როინ შავაძის დაკავების შესახებ? დადებით შემთხვევაში როდის გაიგეთ და ვისგან?“
რესან კონცელიძე: „აღნიშნული პიროვნებისა და მისი დაკავების შესახებ, მკვლელობის შესახებ შეტყობინების შემოსვლამდე, მე რაიმე ინფორმაცია არ მქონია.“
გამომძიებელი: „შეგიძლიათ თუ არა აღგვიწეროთ როინ შავაძის მკვლელობის ადგილზე – შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება?“
რესან კონცელიძე: „ვინაიდან გასულია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, კერძოდ კი გასულია 15 წელიწადი, გარდა ამისა, მე შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებოდი მცირე დროით, იქ
არსებული ვითარება არ მახსოვს.“
გამომძიებელი: „ვისთან ერთად მიხვედით შემთხვევის ადგილზე? შეგიძლიათ თუ არა დაგვისახელოთ, აღნიშნული დროისათვის ვინ იმყოფებოდა კიდევ შემთხვევის
ადგილზე?“
რესან კონცელიძე: „შემთხვევის ადგილზე, როგორც აღვნიშნე მივედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსთან ირაკლი მოწყობილთან ერთად. შემთხვევის ადგილზე მახსოვს ჩემი სამმართველოს გამომძიებელი მალხაზ თავდგირიძე და პროკურორი სიმონ გოგილაშვილი, ხოლო, იქ მყოფ სხვა პირთა ვინაობებს ვერ ვიხსენებ.“
გამომძიებელი: „შეგიძლიათ თუ არა აღგვიწეროთ გარეგნულად, გარდაცვლილ როინ შავაძეს რა დაზიანებები აღენიშნებოდა?“
რესან კონცელიძე: „იქედან გამომდინარე, რომ გარდაცვლილის გვამთან ახლოს არ მივსულვარ და არ დამითვალიერებია, გარდა ამისა, აღნიშნული დაზიანებების შესწავლა განეკუთვნებოდა და განეკუთვნება ექსპერტის მოვალეობას, მე ვერ მოგახსენებთ გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ.“
გამომძიებელი: „გარდაცვლილ როინ შავაძის გვამის სიახლოვეს იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი? დადებით შემთხვევაში, კონკრეტულად რა ადგილზე იდო?“
რესან კონცელიძე: „მე არ დავკვირვებივარ და არ მახსოვს გარდაცვლილ როინ შავაძის გვამთან იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი.“
გამომძიებელი: „შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა ხელბორკილი?“
რესან კონცელიძე: „როგორც აღვნიშნე, მე გარდაცვლილის გვამთან ახლოს არ მივსულვარ და არ ვიცი შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა განთავსებული ხელბორკილი.“
გამომძიებელი: „შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა მასრები და ტყვიის გულები? დადებით შემთხვევაში შეგიძლიათ თუ არა აღგვიწეროთ მათი განლაგება?“
რესან კონცელიძე: „მე არ მახსოვს შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა მასრები და ტყვიის გულები. როგორც აღვნიშნე შემთხვევის ადგილს ათვალიერებდა გამომძიებელი.
გამომდინარე იქედან, რომ შემთხვევის ადგილზე მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქმე იყო გახსნილი, დადგენილი იყო საქმის ვითარება, დადგენილი იყვნენ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები [სპეცრაზმელები, რომლებიც ახორციელებდნენ დაკავებულის ბადრაგირებას], მე არ გავცნობივარ შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას და ამიტომაც ვერ ვიხსენებ თხუთმეტი წლის წინანდელ ფაქტებს, ხოლო, რაც შეხება დეტალებს, ეს უნდა გარკვეულიყო საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზებით.“
გამოძიება ასევე დაინტერესდა, რესან კონცელიძეს შემთხვევის ადგილზე დახვდნენ თუ არა კუდ-ის აჭარის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა: თეიმურაზ პატარიძე, ალი ბალაძე და სხვა თანამშრომლები. რესან კონცელიძემ გამომძიებელს გაუმეორა, რომ მკვლელობიდან დიდი დროა გასული და ეს არ ახსოვს. მისი თქმით, ის მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესს დაესწრო და არ ახსოვს, რამე ამოიღეს თუ არა.
„შემთხვევის ადგილზე თქვენი ყოფნის დროს რა ინფორმაცია გახდა თქვენთვის ცნობილი როინ შავაძის დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესახებ?“ – მიუბრუნდა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს გამომძიებელი.
„შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება როინ შავაძე დაკავებული ჰყოლიათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონკრეტულად რა დანაშაულზე, არ ვიცოდი. ამასთან, საჭირო გამხდარა დაკავებულის ბადრაგირება თბილისში [ხოლო, თუ რა საჭიროება იყო მისი თბილისში ბადრაგირების, არ ვიცი]. ბადრაგირებისას, გაქცევის მცდელობის დროს, მომხდარა მისი მკვლელობა. აღნიშნული თქვეს შემთხვევის ადგილზე, ხოლო, კონკრეტულად თუ ვინ თქვა და ვისგან გავიგე ეს ინფორმაცია, არ მახსოვს.
მე არ ვიცი, აღნიშნული ინფორმაცია რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს,“ – უპასუხა გამომძიებელს რესან კონცელიძემ.
გამომძიებელი: ცნობილია თუ არა თქვენთვის, როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ, როინ შავაძის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის წარმოჩენის მიზნით, გარკვეული პროცესების ინსცენირების შესახებ? კერძოდ კი იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი სპეცრაზმელის პისტოლეტიდან სპეცრაზმის ავტომანქანის მიმართულებით განხორციელდა რამოდენიმე გასროლა და შემდეგ აღნიშნული პისტოლეტი დადებულ იქნა გარდაცვლილ როინ შავაძის გვამის სიახლოვეს, რათა წარმოჩენილიყო, რომ თითქოსდა როინ შავაძემ სპეცრაზმის თანამშრომელს ამოაცალა პისტოლეტი და ისროლა მათი და მათი ავტომანქანის მიმართულებით?“
რესან კონცელიძე: „აღნიშნული ფაქტის შესახებ მე ინფორმაცია არ მქონია და ვერაფერს მოგახსენებთ.“
გამომძიებელი: „ვის მიერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მიერ?“
რესან კონცელიძე: „როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვინაიდან შეტყობინებაში არ იკვეთებოდა სპეციალური სუბიექტი [შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი], ამიტომ გამომძიებელი ზედამხედველ პროკურორთან შეთანხმებით დაიწყებდა გამოძიებას. როგორც აღვნიშნე, გამოძიების დაწყების საკითხს და ქვემდებარეობას, ისევე როგორც სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების საკითხს, მე არ ვწყვეტდი, არამედ წყვეტდა გამომძიებელი ზედამხედველ პროკურორთან შეთანხმებით“.
გამომძიებელი: „თქვენი 2008 წლის 17 აგვისტოს წერილით, როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე არსებული სისხლის სამართლის საქმე, ქვემდებარეობის საკითხის გადასაწყვეტად გადაგზავნილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულთან დაკავშირებით? რა იყო სისხლის სამართლის საქმის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში გადაგზავნის საფუძველი?“
რესან კონცელიძე: „მოგახსენებთ, რომ ზუსტად არ მახსოვს, თუმცა როგორც დამკვიდრებული წესი და პრაქტიკა იყო, გამომძიებელი, მოცემულ შემთხვევაში თემურ მახარაძე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, ხსენებული მიმართვით შემოიტანდა ჩემთან ხელის მოსაწერად, რის თაობაზეც იგი შეთანხმებული იქნებოდა საქმის ზედამხედველ პროკურორთან. იგი ამიხსნიდა, რომ საქმეში ფიგურირებდნენ სპეციალური სუბიექტები – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. შესაბამისად, ჩემს მიერ ხელმოწერილ იქნა სწორედ აღნიშნული მიმართვის წერილი და საქმე გადაიგზავნა აჭარის პროკურატურაში, რის შემდეგაც, მე მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან რაიმე შეხება ან ამ საქმეზე რაიმე საუბარი არ მქონია.“
გამომძიებელი: „წარმოგიდგენთ როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დართულ 16.08.2008 წლის N1202 შეტყობინების ოქმს, აგრეთვე, 16.08.2008 წლის N26/11/2/6-4070 წერილს, რომლითაც 16.08.2008 წლის N78 შეტყობინების ოქმი გადმოგზავნილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულთან დაკავშირებით?“
რესან კონცელიძე: „დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ერთსა და იგივე ფაქტზე შემოსული რამოდენიმე შეტყობინება, ერთიანდებოდა ერთ საქმეში. ამიტომაც ეს ორივე შეტყობინება გაერთიანდა როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. აღნიშნულ შეტყობინების ოქმს, მაშინდელი პრაქტიკის შესაბამისად, ადევს ჩემი სტანდარტული რეზოლუცია გამომძიებლების სახელზე, გამოძიების დაწყებისა და პროკურორზე შეტყობინების თაობაზე, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, გამომძიებელი შეტყობინების შემოსვლისთანავე ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება და დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურორისათვის.
რაც შეეხება 16.08.2008 წლის N26/11/2/6-4070 წერილს, რომლითაც 16.08.2008 წლის N78 შეტყობინების ოქმი გადმოგზავნილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ
სამმართველოში, აღნიშნული დოკუმენტები, უკვე გამოძიება დაწყებულ საქმეზე მოგვიანებით შემოვიდა ჩვენს სამმართველოში და მასაც, აღნიშნული დოკუმენტების საქმეში მოთავსების თაობაზე, გამომძიებლის სახელზე ადევს ჩემი რეზოლუცია,“ – დაასრულა რესან კონცელიძემ.
———————-
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან 15 წელი ხელისუფლება რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.
„როინ შავაძის საქმის“ პროკურორი ვასილ როინიშვილი გამოძიებამ 2023 წლის სექტემბერში გამოჰკითხა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, მათ შორის, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი დაწინაურდა.
სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლეს. გამოძიებას არც ახლა აქვს პასუხი: რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც არ არ დაკისრებია პასუხისმგებლობა.
2020 წელს, ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.
ვასილ როინიშვილიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოუკითხავთ. ჩვენ გამოკითხვის ოქმიდან ძირითად მონაკვეთს გთავაზობთ:
ყოფილ პროკურორს გამომძიებელმა უთხრა, რომ როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ, 2008 წლის 16 აგვისტოს, მას წერილობით შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილიდან აცნობეს.
რა ხდება ამის შემდეგ?
„გამოძიების დაწყების შემდეგ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ ეცნობებოდა პროკურორს. შესაბამისად, აღნიშნული წერილი ასახავს სწორედ გამოძიების დაწყების შემდეგ, პროკურორის ინფორმირებულობას გამოძიების დაწყების შესახებ.
მითითებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნა, რომ პროკურატურა უკვე აწარმოებდა გამოძიებას როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე და გამოსაძიებლად გადასაცემი საქმე, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვას ეხებოდა, პირდაპირ იყო დაკავშირებული როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან.
ამასთან, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, უზრუნველყოფილი იქნებოდა უფრო კვალიფიციური გამოძიების ჩატარება, რაც პროკურატურისთვის საქმის გადაცემის საფუძველი გახდა,“ – უპასუხა გამომძიებელს ვასილ როინიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ.
გამომძიებლის მორიგი შეკითხვა როინ შავაძის მეუღლესთან, ციცინო შავაძესთან აჭარის ყოფილი პროკურორის შეხვედრას ეხებოდა. „რა მოთხოვნა ჰქონდა გარდაცვლილის მეუღლეს?“ – ჰკითხეს მოსამართლეს.
ცნობილია, რომ ციცინო შავაძეს პროკურატურამ წლების განმავლობაში დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭა.
„გარდაცვლილ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს მე შევხვდი ერთხელ, ჩემს სამუშაო ოთახში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში. შეხვედრა შედგა თავად ქალბატონ ციცინო შავაძის ინიციატივით. კერძოდ, იგი მოსული იყო აჭარის პროკურატურაში და ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, აღნიშნულ დღეს მას შევხვდი ჩემს სამუშაო კაბინეტში.
ციცინო შავაძე ითხოვდა მისი მეუღლის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მას ჩემს მიერ განემარტა, მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე თუ რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა ჩატარებული. მასვე ჩემს მიერ ასევე განემარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და დავლოდებოდით შესაბამის შედეგს,“ – აღნიშნა ვასილ როინიშვილმა.
„ციცინო შავაძის განმარტებითვე, თქვენ მას მოუწოდეთ დამშვიდებისა და სახლში წასვლისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაირკვეოდა, რომ როინ შავაძე იყო სამშობლოს მოღალატე და თვითონ მას [ციცინო შავაძეს] ექნებოდა თავი მოსაკლავი. რა შეგიძლიათ განმარტოთ აღნიშნულთან დაკავშირებით?“ – მიმართა ისევ ყოფილ პროკურორს გამომძიებელმა.
„როგორც მოგახსენეთ, ქალბატონ ციცინო შავაძეს მე შევხვდი ერთხელ, მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დაწყებიდან რამოდენიმე დღეში, თვეს და რიცხვს ვერ ვიხსენებ. შეხვედრისას, იგი იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ადამიანურად ვეცადე მის დამშვიდებას. კერძოდ, მას ვუთხარი, რომ მიმდინარეობდა გამოძიება და უმჯობესი იქნებოდა დალოდებოდა გამოძიების შედეგებს. შეხვედრისას მოვუწოდე, რომ დამშვიდებულიყო და ამ საუბრით მართლაც ვცდილობდი მის დამშვიდებას.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოსდა მე ციცინო შავაძეს ვუთხარი, რომ როინ შავაძე იყო სამშობლოს მოღალატე და თვითონ ციცინო შავაძეს ექნებოდა თავი მოსაკლავი, მოგახსენებთ, რომ რაიმე ასეთ ფაქტს, რაიმე ასეთ სიტყვებს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“ – თქვა ყოფილმა პროკურორმა.
გამომძიებლის მორიგი შეკითხვა ასეთი იყო: „თქვენ როგორც საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა გაეცით თუ არა რაიმე მითითება/დავალება როინ შავაძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას?“
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილიდან პერიოდულად ვღებულობდი ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ისევე, როგორც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. ზოგადად, პროკურატურის ინტერესია, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმე იყოს სრულყოფილად გამოძიებული, შესაბამისად, თანამშრომლისთვის იმის შეხსენება, რომ სრულყოფილად გამოიძიოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, არ ხდება.
ბუნებრივია, რომ ყველა პროკურორის და მათ შორის ჩემს ინტერესსაც წარმოადგენდა ყველა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილად გამოძიება. შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რაიმე კონკრეტული მითითება ან დავალება ჩემი მხრიდან არ გაცემულა,“ – უპასუხა შეკითხვა მოსამართლემ.
გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვა როინ შავაძისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ამოღებაზეც – ამჟამინდელი გამოძიების ვერსიით, შავაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს.
„ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როინ შავაძის მიმართ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით არსებული სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ მასალებში, მათ შორის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული იყო ყალბი ინფორმაცია?“ – გამომძიებელი ისევ მიუბრუნდა მოსამართლეს.
„მე მსგავსი ინფორმაცია არ მქონია… მე მსგავსი ინფორმაცია არ მქონია ამ საქმეზე, ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორი [მათ შორის მისი ზემდგომი პროკურორიც] ინფორმაციას დანაშაულის და დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ იღებს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. მოცემულ შემთხვევაშიც დანაშაულის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებიდან მივიღეთ,“ – თქვა მოსამართლემ.
„გქონდათ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რეალურად რა ვითარებაში იქნა მოკლული როინ შავაძე?“ – ჰკითხა გასაუბრების ბოლოს გამომძიებელმა ყოფილ პროკურორს.
„გარდა როინ შავაძის მკვლელობის საქმეში არსებული ინფორმაციისა, მე სხვა რაიმე ინფორმაცია არ მქონია,“ – მოკლე აღმოჩნდა ყოფილი მთავარი პროკურორის პასუხი.
როცა ვასილ როინიშვილი 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა, „ბათუმელებმა“ მას „როინ შავაძის საქმე“ შეახსენა. მაშინ მან გვითხრა, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდა, შემდეგ კი, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გახდა:
„მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის არის ფუნქცია-მოვალეობათა მკაცრი გამიჯვნა, საჯაროა ეს დოკუმენტი, რომელი სფეროების კურატორიც ვიყავი. ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდიოდა საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმეზე პროცესუალური ხელმძღვანელობა, ეს არ შედიოდა ჩემს კომპეტენციაში და არაკორექტულია ასე რომ მოიკითხო,“ – მოსამართლემ ჩვენი დარწმუნება სცადა იმაში, რომ არ შეეძლო მინიმუმ მოეკითხა: რატომ ვერ გამოიძიეს სერჟანტის სასტიკი მკვლელობის საქმე? ან რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მოკლული სერჟანტის ცოლს, რომ ის მინიმუმ საქმის მასალებს გაეცნოს?
———
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს.
მკვლელობიდან 15 წელი ხელისუფლება რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.
ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მიიჩნევა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ექნება განცდილი ჭინჭრის ციების ეპიზოდი. უმეტესად ხასიათდება კანის ზედაპირიდან ამობურცული მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარით, რომელიც ერთი შეხედვით ჭინჭრის ნასუსხს წააგავს, ახასიათებს ქავილი.
ზოგიერთი კანის ფორმის დაავადებისგან განსხვავებით [მაგალითად, იმპეტიგო, ჰერპესი], ჭინჭრის ციება გადამდები არ არის. ამ მდგომარეობის სიმპტომებზე, მაპროვოცირებელ ფაქტორებსა და მკურნალობაზე „ბათუმელებთან“ კლინიკა „როგოს“ ალერგოლოგი, თეა მიქანაძე საუბრობს.
„ალერგიული დაავადებების რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით ეს ეხება ბოლო 20-30 წელიწადს. თუ სტატისტიკურად განვიხილავთ, ალერგიის ამა თუ იმ ფორმით, მაგალითად, სასუნთქი გზების ფორმით 400 მლნ ადამიანზე მეტია დაავადებული მსოფლიოში, რაც შეეხება კანის ფორმას, ქრონიკულ ურტიკარიას – მისით 86 მლნ-მდე ადამიანია დაავადებული დღესდღეობით. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანები იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნონ და მართონ ალერგიული დაავადებები“.
ქალბატონო თეა, რა მდგომარეობაა ჭინჭრის ციება?
ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია არის ორგანიზმის რეაქცია სხვადასხვა გამაღიზიანებელზე. ახასიათებს კანის ზედაპირიდან ამობურცული მოწითალო-მოვარდისფრო ან უცვლელი ფერის გამონაყარი, რომელიც ზეწოლის შედეგად შესაძლებელია დროებით გაფერმკრთალდეს. დაავადებას თან ახლავს ძლიერი ქავილი. გამონაყარი ერთი შეხედვით წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც, ურტიკარიო – ანუ ჭინჭარი ლათინურად.
არსებობს ჭინჭრის ციების 2 ფორმა – მწვავე და ქრონიკული. მწვავე ჭინჭრის ციება საკმაოდ გავრცელებული დაავადება და მოსახლეობის დაახლოებით 20%-ში გვხდება, ანუ ყოველ მეხუთე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი. ე მდგომარეობა გრძელდება მაქსიმუმ 6 კვირა, ხოლო ქრონიკული ურტიკარიის დროს სიმპტომები აღინიშნება 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და სამართავადაც უფრო რთულია.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრონიკული ურტიკარია შეიძლება იყოს სპონტანური – როდესაც ვითარდება ყოველგვარი წინაპირობის, ანუ გამღიზიანებლის გარეშე [ამ დროს არანაირი კანონზომიერება არ არსებობს, როდის გაჩნდება ან როდის გაქრება] და ინდუციბელური, ანუ გამღიზიანებელთან კონტაქტით გამოწვეული. ასეთს მიეკუთვნება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ჭინჭრის ციება, წყალთან კონტაქტის შემდეგ, სიცივით გამოწვეული, სტრესული, მზისგან გამოწვეული და ა.შ.
თუ ასაკობრივ ჭრილში განვიხილავთ, ეს დაავადება უფრო ხშირად გვხდება ბავშვებში, კიდევ უფრო მეტად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა, რასაკვირველია, შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.
რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჭინჭრის ციების ეპიზოდის პროვოცირება?
რაც შეეხება თვითონ მექანიზმს – ჭინჭრის ციების განვითარების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც იწვევენ მის პროვოცირებას. მაგალითად, ზოგიერთი საკვები პროდუქტი, ინფექციები, ვირუსები – ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვთა ასაკში განვითარებულ ურტიკარიას.
თუკი ურტიკარიას წინ უსწრებს ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის ამ კონკრეტული შემთხვევის მაპროვოცირებელი და არ არის საჭირო დავიწყოთ მიზეზის ძებნა, მაგალითად, დაავადების გამო მიიღო პაციენტმა ანტიბიოტიკები თუ არა.
ასევე, არც კოვიდ 19 გახლავთ გამონაკლისი. სწორედ ამიტომ იყო პანდემიის პერიოდში გახშირებული ურტიკარიის შემთხვევები და ამის მიზეზი იყო კოვიდ ინფექცია.
რა შეიძლება იყოს ქრონიკული ჭინჭრის ციების მიზეზი?
ქრონიკულ ურტიკარიას მრავალი მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის სხვადასხვა ორგანოს პათოლოგიები. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კერძოდ: ავტოიმუნური თირეოიდიტი, ასევე ჰელიკობაქტერია პილორით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიები, ტონზილიტები, სტრესი, ტემპერატურის ცვლილება და თქვენ წარმოიდგინეთ კარიესიც კი. ამიტომ ქრონიკული ურტიკარია უფრო დიდ ასაკში, მოზრდილებში გვხვდება.
საკვები ერთ-ერთ ძლიერ მაპროვოცირებელ ფაქტორს მიეკუთვნება, განსაკუთრებით ისეთი საკვები პროდუქტი, რომელიც მდიდარია ჰისტამინით. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება: არაქისი და თხილეული, კვერცხის ცილა, თევზი და ზღვის პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, შებოლილი პროდუქტები, ალკოჰოლი და ა.შ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კონსერვირებული და დიდი ხნის წინ შენახული პროდუქტი მიდრეკილია ჰისტამინის დაგროვებისკენ და უფრო ხშირად ასეთ პროდუქტებზე არის ხოლმე ალერგია.
რა შეიძლება იყოს ჭინჭრის ციების გართულება და როგორ ვლინდება ის?
როცა საქმე მწვავე ჭინჭრის ციებას ეხება, ის ხასიათდება უეცარი დაწყებით, ძლიერი ქავილით და ძირითადად სხვადასხვაგვარი გამონაყარით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ფერით, ზომით, ფორმით. შესაძლებელია ეს გამონაყარი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული ანუ შერწყმული. ასეთ შემთხვევაში პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უფრო მძიმდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ შეშუპებას ტუჩების და თვალების არეში, ქუთუთოების ირგვლივ, ანუ ანგიოედემას.
შესაძლოა შეშუპდეს ენა, ზედა და ქვედა კიდურები. ასეთ შემთხვევაში პაციენტებს მეტად იპყრობთ შიში და მინდა გითხრათ, რომ არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან შეიძლება განვითარდეს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება და გაგუდვის შეგრძნება.
სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია ხორხის შეშუპება, იგივე ანაფილაქსიური რეაქცია.
დაავადება სწრაფად პროგრესირებს, თუმცა დიაგნოსტიკა შედარებით მარტივია. გარდა აღნიშნული შეშუპებებისა, თუ პაციენტს საუბრის დროს [თუკი ბავშვია, საუბრისა და ტირილის დროს] აღენიშნება ხმის შეცვლა, მაშინ ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ ეს არის ურტიკარიის ყველაზე რთული ფორმა – ხორხის შეშუპება. აქ უკვე აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა.
როგორია ჭინჭრის ციების მკურნალობა?
ჭინჭრის ციების მკურნალობის განსაზღვრა ხდება ისევ და ისევ იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა დაავადება, მაგალითად მწვავე ჭინჭრის ციების შემთხვევაში საშუალოდ 2-კვირიანი მედიკამენტური მკურნალობის კურსი ინიშნება. ეს გულისხმობს არასედაციური ანტიჰისტამინური, ანუ ძილიანობის ეფექტის არ მქონე ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას.
ვიწყებთ სტანდარტული, მოწოდებული სქემით, ხოლო ეფექტის არქონის შემთხვევაში, გვაქვს უფლება დოზა გავზარდოთ ორჯერ და ოთხჯერაც კი. თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები არ ალაგდა და პირიქით განიცდის გენერალიზაციას უფრო დიდ ფართობზე, თუკი გასულია ერთი კვირა და მეტი და პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლოა საჭირო გახდეს სტეროიდული პრეპარატების დანიშვნა.
ამ პერიოდში რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული ისეთი პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ჰისტამინით: არაქისი, თხილეული, კვერცხის ცილა, ზღვის პროდუქტები, თევზი, ფერადი ხილი და ბოსტნეული, შებოლილი პროდუქტები და.შ.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული კონსერვირებული პროდუქტი, რადგან ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და განსაკუთრებით აცეტილსალიცილი, რომელსაც კონსერვების დამზადების დროს ვიყენებთ ხოლმე.
რაც შეეხება ქრონიკულ ფორმას, მკურნალობა შედარებით უფრო რთულია, რადგან აქ უნდა იქნას მიგნებული ჯერ მიზეზი. მაგალითად, თუკი „დამნაშავეა“ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, საჭიროა მისი გამოვლენა და მკურნალობა. თუ ეს არის ჰელიკობაქტერიით გამოწვეული, ბუნებრივია უნდა ვუმკურნალოთ ჰელიკობაქტერიებს. ანუ პირველ რიგში ვებრძოლოთ უნდა მიზეზს, ამის შემდეგ მივიღებთ შედეგს. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ქრონიკული ურტიკარიის საბოლოო გამოჯანმრთელება ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენების გარეშე ხშირ შემთხვევაში რთული საკითხია.
როცა ურტიკარიის მკურნალობის პროცესში რაციონიდან გამოვრიცხავთ მაპროვოცირებელ პროდუქტებს, მკურნალობის შემდეგ მათი რაციონში დაბრუნება საფრთხისშემცველია?
მწვავე ჭინჭრის ციების შემთხვევაში, როგორც ვთქვით, არანაირი კანონზომიერება არ არსებობს, როდის შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება იღებდეს გარკვეულ პროდუქტს, არ ჰქონდეს არანაირი ალერგიული გამოვლინება, მაგრამ ერთ დღეს ორგანიზმისთვის „უცხო“ აღმოჩნდეს კონკრეტული ნივთიერება და განვითარდეს ურტიკარია.
შესაბამისად, მკურნალობის პერიოდში დანიშნული დიეტა არ ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ამ პროდუქტს ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, თუ კონკრეტულ პროდუქტზე კვლევის შედეგად არ გამოვლინდა ალერგია. გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.
დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი.
„ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია დღეიდან ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს საშუალება პირადად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და არჩევნებამდე გაეცნოს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად დაინტერესდნენ, დღეისათვის 47 000-ზე მეტ ამომრჩეველს აქვს გავლილი შესაბამისი რეგისტრაცია. აღნიშნული კამპანია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია სასურველ ლოკაციაზე და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.
პროექტი 6 – 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11 საათიდან 18:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება. მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6 და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ – ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 549 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
ტანკი – 8 153 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 15 629 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 14 897 ერთეული [+66]
MLRS – 1 115 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 878 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 809 ერთეული [+58]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 351 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 20 053 ერთეული [+76]
სპეცტექნიკა – 2 479 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
626 თვითმფრინავი
277 ვერტმფრენი
27 283 უპილოტო საფრენი აპარატი
539 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 513 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 365 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
11 456 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
23 378 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
12:21 – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის ნაკრებთან 5 ივლისს გამართულ მატჩში ამ ანგარიშით დამარცხდა.
2024 წლის ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველი შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯის ნაკრებთან ბათუმში გამართა.
5 ივლისის მატჩი გამოტოვა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რამდენიმე მორაგბემ, მათ შორის ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
მერაბ შარიქაძის ნაცვლად მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ფიჯის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ბექა გორგაძემ უკაპიტნა.
რატომ გამოტოვა ზაფხულის ტესტმატჩის პირველი შეხვედრა კაპიტანმა, ეს კითხვა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელს რიჩარდ კოკერილის.
“გარკვეული მიზეზების გამო მერაბ შარიქაძე არ იყო ჩვენთან ერთად. ეს მიზეზები კონფიდენციალურია,” – თქვა რიჩარდ კოკერილიმ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რიჩარდ კოკერილიმ ფიჯისთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღეს დოპინგ ტესტზე ჩავარდნის გამო. შეგიძლიათ უარყოთ ან დაადასტუროთ ეს ინფორმაცია?” – ამ კითხვით მიმართა “ბათუმელებმა” მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელს რიჩარდ კოკერილის.
“ამ ეტაპისთვის ამაზე საუბარი კონფიდენციალურია,” – განაცხადა კითხვის პასუხად რიჩარდ კოკერილიმ.
მას არ დაუდასტურებია დოპინგ ტესტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. ამასთან, განმარტა, რომ “ეს სერიოზული საკითხია და მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ განიხილავენ”.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიემგზავრება, სადაც მორიგ მატჩს იაპონიის ნაკრებთან 13 ივლისს გამართავს.
„არ მაქვს დრო, ვერ გიპასუხებთ“, – პასუხს თავი ასე აარიდა ვასო [უჩა] შანიძემ, რომელსაც „როინ შავაძის საქმეზე“ ტელეფონით დავუკავშირდით.
ვასო შანიძე 2008 წელს, როცა სერჟანტი როინ შავაძე წამებით მოკლეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძის მოადგილე იყო. მან სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, სერჟანტის მკვლელობის შემდეგ მუშაობა განაგრძო და არაფერი თქვა – არც არაფერს შეეწინააღმდეგა და არც არავის დასჯა მოუთხოვია.
ვასო შანიძე საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე 2018 წელს დაიბარეს.
გთავაზობთ 2018 წელს შედგენილ, ვასო შანიძის დაკითხვის ოქმის ძირითად ნაწილს:
„მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანა იმყოფებოდა საომარ მდგომარეობაში. ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს გორთან და ხაშურთან, ასევე სამეგრელოში აკონტროლებდნენ რუსეთის არმიის შეანაერთები. რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა,“ – 2008 წლის 16 აგვისტოს გახსენება სთხოვა გამომძიებელმა საუბრის დასაწყისში ვასო შანიძეს.
„2008 წლის 16 აგვისტოს დილის საათებში ვიმყოფებოდი ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა N4-ში განთავსებულ ჩემი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში. რა დროსაც დამიძახა ჩემმა უფროსმა, თეიმურაზ პატარიძემ და მითხრა, რომ მას ჰქონდა ხელმძღვანელობისაგან დავალება, რომ ქალაქ ბათუმში მცხოვრები სამხედრო პირი როინ შავაძე უნდა დაგვეკავებინა. მანვე განმიმარტა, რომ ხელმძღვანელობის დავალება იყო, შავაძისათვის ჩაედოთ ნარკოტიკი. რისთვისაც დამავალა შემედგინა პატაკი, რომ თითქოსდა არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სამხედრო პირი, ვინმე როინ შავაძე თითქოსდა ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ახდენდა მის რეალიზაციას. მე დავინტერესდი, თუ ვინ იყო აღნიშნული პიროვნება და რისთვის იყო საჭირო ამის გაკეთება, რაზედაც პატარიძემ მიპასუხა, რომ აღნიშნული იყო ახალაიას დავალება და ზედმეტი კითხვების გარეშე უნდა შემესრულებინა მისი მითითება.
მე კიდევ შევთავაზე პატარიძეს, რომ ვინაიდან ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა კანონით ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს, ხომ არ ჯობდა, რომ ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ასეთი „დავალება“ და აჭარის სოდის თანამშრომლებს შეესრულებინათ, რაზედაც პატარიძის პასუხი იყო კატეგორიული, რომ ჩვენ მივიღეთ დავალება და შესაბამისდ ჩვენვე უნდა შეგვესრულებინა.
ვინაიდან პატარიძემ დაინახა ჩემი წინააღმდეგობა, მან დაუძახა მეორე სამმართველოს უფროსს, ვაჟა დიასამიძეს და ჩემი თანდასწრებით მისცა ზემოთ ხსენებული დავალება. ამის შემდგომ გამოვედით პატარიძის კაბინეტიდან და ცოტა ხანში ვაჟა დიასამიძემ შემომიტანა დაბეჭდილი პატაკი, რომლის შინაარსიც, როგორც მახსოვს, იყო შემდეგნაირი: არსებობდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბათუმში მცხოვრები როინ შავაძე ეწეოდა ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვასა და რეალიზაციას. აქვე მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ პატაკს დიასამიძემ დაურთო შესაბამისი ცნობა, რომელიც დააწერინა ერთ-ერთ ოპერატიულ თანამშრომელს, რომ თითქოსდა მის მიერ იქნა მოპოვებული აღნიშნული ოპერატიული ინფორმაცია. როგორც მახსოვს, აღნიშნულ ცნობაც და პატაკიც ოფიციალურად გატარებული იქნა შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში. მე ხსენებულ პატაკს დავადე რეზოლუცია ვაჟა დიასამიძის სახელზე შემდგომი რეაგირების მიზნით, რაც გადაეგზავნა საგამოძიებო განყოფილებას.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ წესით ასეთი ინფორმაციის შემთხვევაში, როდესაც ოპერატიულ ინფორმაციის შესახებ პატაკს დაედება რეზოლუცია რომელიმე სამმართველოს ხელმძღვანელის სახელზე და შემდგომ იგზავნება საგამოძიებო განყოფილებაში, პიროვნების დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს ის ოპერატიული დანაყოფი, ვინაც მოიპოვა ინფორმაცია და ასევე რეზოლუციით ვისაც დაევალა აღნიშნული ღონისძიების ჩატარება.
თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ მომხდარა.
მინდა მოგახსენოთ, რომ როინ შავაძის დააკავების ღონისძიება ჩატარდა 2008 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ბათუმში, სადაც მის დაკავებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის იმ დროინდელი სოდის უფროსი გიორგი, იგივე გოგიტა კახიძე, მისი თანამშრომლები რუსლან ბაზიაშვილი და კიდევ რამოდენიმე, ასევე თეიმურაზ პატარიძე, მისი მოადგილე ალი ბალაძე, აჭარის კუდის სპეცრაზმელები და საგამოძიებოს განყოფილების თანამშრომლები.
ვინაიდან ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ თანამშრომლებს არ დაგვავალა პატარიძემ დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მე და ჩემი თანაშმრომლები ბათუმში ოქროს ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე როინ შავაძის დაკავების დროს იქ არ ვყოფილვართ. თუმცა როგორც შემდგომ გადმოცემით კერძო საუბრებში უფრო ზუსტად პატარიძისგან მაქვს გაგებული, როინ შავაძეს დაკავების ადგილას სოდის უფროსი, მის თანამშრომლები და ასევე აჭარის კუდის სპეცრაზმის თანამშრომლები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მას იქვე სოდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა რუსლან ბაზიაშვილმა ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში.
შემდგომ იგი წამოაყენე,ს იქვე გაჩხრიკეს და ამოუღეს აღნიშნული ჩადებული ნარკოტიკული საშუალება. პატარიძისაგან ვიცი, რომ შავაძის დაკავებისთანავე ესაუბრა ახალაიას და მისგან მიიღო დავალება, რომ როინ შავაძეს, როგორც სამშობლოს მოღალატეს, ისე გასწორებოდნენ. ამიტომ მან დაავალა სპეცრაზმელებს, რომ შავაძე დაკავების ადგილიდან მოეთავსებინათ მის ავტომანქანაში, რითაც შავაძე წაიყვანა აჭარა-გურის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ქაქუთის ტერიტორიაზე. მას თან ახლდა მისი მოადგილე ბალაძე და მისი სპეცრაზმელები, სადაც მისივე თქმით, როგორც სამშობლოს მოღალატე იმსახურებდა, ისე გაუსწორდნენ როინ შავაძეს.
აღნიშნული დეტალები თეიმუარაზ პატარიძემ მოყვა როინ შავაძის მკვლელობის ადგილიდან დაბრუნების შემდგომ თავის სამუშაო კაბინეტში, სადაც ვიმყოფებოდით მე და ალი ბალაძე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პატარიძემ ჩვენთან საუბარში ისიც თქვა, რომ როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, მან შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს დაახვედრა ისეთი სურათი, რომ როინ შავაძე – ლიკვიდირებული იქნა გაქცევის მცდელობის დროს.
აღნიშნული ვერსია, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, პატარიძის თქმით, მისივე დავალებით სპეცრაზმელებმა შავაძის მკვლელობის შემდეგ პისტოლეტით რამოდენიმე გასროლის შედეგად დააზიანეს სამსახურის კუთვნილი პიკაპის ტიპის ავტომობილი, როინ შავაძის გვამთან დააგდეს პისტოლეტი და შემდგომ შემთხვევის ადგილას მისულ პოლიციელებს დაახვედრეს აღნიშნული სურათი.
მინდა მოგახსენოთ, რომ პატარიძეს არ დაუკონკრეტებია უშუალოდ, თუ ვინ და რამდენმა მოახდინეს ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლის შედეგად როინ შავაძის მკვლელობა. იგი ამბობდა, რომ „ჩვენს მიერ მოკლული იქნა სამშობლოს მოღალატე და ეს უნდა იყოს მაგალითი სხვისთვის“, თუმცა როგორც შემდგომ გავიგე როინ შავაძე მკვლელობამდე სასტიკად იყო ნაცემი. ხოლო გარდაცვლილს სხეულზე გააჩნდა მრავალი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღებიდან მიყენებული.
ყოველივე ამის შემდეგ მე აღარ დავინტერესებულვარ ხსენებული თემით, ვინაიდან რაიმე კითხვა რომ დამესვა პატარიძისთვის, შეეძლო, რომ მას ჩემთვის დაებრალებინა, თითქოს ვიყავი მოღალატის დამცველი და შემდგომ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შედეგით შეიძლებოდა დამესრულებინა არამარტო კარიერა, არამედ სიცოცხლეც.
ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად არავის დავუბარებივარ. პირველივე გამოძახებისთანავე გამოვცხადდი და მოგაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილია,“ – დაასრულა ვასო შანიძემ.
____
ვასო შანიძემ „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა, რომ ის ამჟამად პრემიერ-მინისტრის აპარატს დაქვემდებარებულ საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობს, თუმცა არ აქვს თანამდებობა და მხოლოდ ოპერატიული თანამშრომელია.
ვასო შანიძის მსგავსად, თეიმურაზ პატარიძის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა ალი ბალაძე, რომელსაც 2024 წლის მარტში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნინი ბალაძის, ალი ბალაძის შვილის ინფორმაციით, ვასო შანიძის ამჟამად საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ვასო შანიძის თანამდებობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არ მიაწოდეს.
სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლეს. გამოძიებას არც ახლა აქვს პასუხი: რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც არ არ დაკისრებია პასუხისმგებლობა.
2020 წელს, ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს – მაგალითად, აჭარის იმდროინდელი პროკურორი ვასილ როინიშვილი დასჯის ნაცვლად „ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა. 2020 წელს ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
მკვლელობიდან 15 წელი ხელისუფლება რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახელმწიფოსთან სარფიანი გარიგება დადო. მან ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთი გაუცვალა.
დეპუტატმა სახელმწიფოს გადაუფორმა თავისი კუთვნილი 600 კვ.მეტრი მცხეთაში და სანაცვლოდ ასევე მცხეთაში, სამხედრო ქალაქში, მტკვრის სანაპიროზე 1050 კვ.მეტრი გაიფორმა.
მონიშნულია მიწის ნაკვეთი, რომელიც დიმიტრი ხუნდაძემ გაიფორმა გაცვლის შემდეგ
არც ქონებრივ დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრის დოკუმენტებში არ ჩანს, ვინ იყო გაცვლის ინიციატორი, ქონების მართვის სააგენტო, თუ დეპუტატი. თუმცა, დგინდება ის, რომ დეპუტატმა მიიღო უფრო დიდი ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და 600 კვ.მეტრი თავისი ფართობის დათმობის სანაცვლოდ.
ეს ნაკვეთი მიხეილ ხუნდაძემ სახელმწიფოს გადაუფორმა – 600 კვ.მეტრი
ქონების გაცვლის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის გაუცვალა ეს ქონება და რა მიიღო სანაცვლოდ.
ქონებრივ დეკლარაციაში დეპუტატი ასევე წერს, რომ 2010 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს გაუცვალა. მისივე ერთ-ერთი დეკლარაციის თანახმად, ეს ნაკვეთი აუქციონზე 25 000 ლარად შეისყიდა. 1 კვ.მეტრი 41 ლარად და 66 თეთრად.
რეესტრის მონაცემებით, 2010 წლამდე ეს ქონება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო.
„ბათუმელებმა“ ამ თემაზე კითხვებით ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
სააგენტოს განმარტებით, დიმიტრი ხუნდაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობდა საქართველოს მთავრობის, 2015 წლის №411 დადგენილებით განსაზღვრული
განსაკუთრებული რეჟიმის მქონე ტერიტორიაზე:
„აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, აკრძალულია ნებისმიერი სახის მშენებლობა.“
მთავრობის №411 დადგენილება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებულ რეჟიმს ადგენს.
სააგენტო განმარტავს, რომ დეპუტატმა ქონების ეროვნულ სააგენტოს სწორედ ამ რეჟიმის გათვალისწინებით მიმართა:
„კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი სამშენებლო ქმედების განხორციელების შეზღუდვის გათვალისწინებით, ზემოხსენებულმა პირმა მომართა
სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემის მოთხოვნითა და კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის პირობით.“
რაც შეეხება მიწის ნაკვეთების ფართობს, იმას, რომ 600 კვ.მეტრის სანაცვლოდ ხუნდაძემ 1050 კვადრატი მიიღო, სააგენტო გვარწმუნებს, რომ ფართობების ფასი დაიანგარიშეს და ხუნდაძის ნაკვეთი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე მისთვის გადაცემული სახელმწიფოს ტერიტორია:
„საქმისწარმოების პროცესში განხორციელდა სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. დასკვნის თანახმად, დიმიტრი ხუნდაძის მიერ სახელმწიფოსათვის გადმოცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება, ამავე პირისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულებას“, – გვწერს სააგენტო.
რაც შეეხება ვალდებულებას, ხუნდაძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ამონაწერში თავდაპირველად მითითებული იყო, რომ დეპუტატმა ნაკვეთი ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა და ამ ვალდებულების შესრულებამდე მას ნაკვეთის გასხვისების, ასევე იჯარით გაცემის უფლება არ ჰქონდა. განახლებულ ამონაწერში ეს ჩანაწერი გაქრა.
ამასთან დაკავშირებით სააგენტომ განგვიმარტა, რომ ვალდებულება საპრივატიზებო საფასურის გადახდა იყო, რაც დეპუტატმა შეასრულა. შესაბამისად, ქონება მის საკუთრებაშია უპირობოდ:
„ვალდებულების ნაწილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა
საპრივატიზებო საფასურის გადახდისა და დიმიტრი ხუნდაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების და აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი დადასტურების შემდგომ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გახდა დიმიტრი ხუნდაძის უპირობო საკუთრება.“
დიმიტრი ხუნდაძე თავისივე დეკლარაციაში წერს, რომ 1 ლარი გადაიხადა, ასევე სახელმწიფოს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი 600 კვ.მეტრი.
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტში „ოცნების“ სიით შევიდა, ის ახლა „ხალხის ძალას“ წარმოადგენს და რუსული კანონის მხარდამჭერია. წინა მოწვევის პარლამენტში ხუნდაძე იყო ერთ-ერთი. ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი, რომელმაც საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1000 ადამიანზე 418 ავტომობილი მოდის. ამ მონაცემის გათვალისწინებით (მანქანას ლამის ყოველი მეორე ფლობს), გასაკვირია, რომ კომპანია GEO MATIC-ის მიერ მძღოლებისთვის შეთავაზებული სერვისი დღემდე არ არსებობდა ქვეყანაში და მხოლოდ ახლა მკვიდრდება.
GEO MATIC-ის დანადგარებიდან, რომლებიც ავტოსამრეცხაოებსა და სხვა შესაბამის ადგილებში დაგხვდებათ, მომხმარებელს ორი სახის პროდუქტის შეძენა შეეძლება: მინის საწმენდი ერთჯერადი ტილოსი და ასევე ერთჯერადი მუყაოს ხალიჩის.
კომპანიის დაფუძნებელმა, შოთა გაბაიძემ, ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი ორი წლის წინ დაიწყო:
„დანადგარის 4 სხვადასხვა მოდელის პროტოტიპი შევქმენით, რომელთაგან ერთი შეირჩა. დამზადების პროცესმა, დაახლოებით, წელიწადს გასტანა. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, ტექნოლოგიურად და ინოვაციურად უნიკალურია. ტილო, რომლითაც მანქანის მინებს ვწმენდთ და, ხშირად, მანქანაშივე ვინახავთ ხოლმე, უსიამოვნო სუნისა და ანტისანიტარიის წყაროა და სალონში მყოფებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, საფრთხეს წარმოადგენს. ერთჯერადი ტილო კი, რომელსაც ჩვენი დანადგარიდან მინიმალურ ფასად შეიძენთ, მიკრობოჭკოვანი, მრავალფუნქციური მასალისგანაა დამზადებული და მანქანის მინის როგორც შიდა, ისე გარე ზედაპირისთვის გამოიყენება. მეორე პროდუქტი, რომელიც მძღოლებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, ცხოვრებას გაუიოლებს, მუყაოს ერთჯერადი ხალიჩაა. ეს პროქდუქტი მანქანის სალონში სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებას უწყობს ხელს (წვიმიან ამინდში, ქალაქგარეთ გასვლისას, სალონში მგზავრების ხშირი მონაცვლეობის შემთხვევაში და ა. შ.). ამ ხალიჩის შეძენაც იმავე აპარატიდან იქნება შესაძლებელი – ასევე მინიმალურ ფასად“.
ორივე პროდუქტი „ერთჯერადია“, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით. ანტიბაქტერიული, ბიოდეგრადირებადი ნაჭრის გამოყენება, თუკი მხოლოდ მინები იწმინდება, მრავალჯერადად შეიძლება, მთლიანად მანქანის გაწმენდის შემთხვევაში კი კომპანია ერთჯერადი გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. ხალიჩის მასალა (მუყაო) საკმაოდ გამძლეა, შეწოვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ ხალიჩა 4-5 დღის განმავლობაში ფუნქციურია.
ეს დანადგარები ავტომატურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და, დამფუძნებლის თქმით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მრავალ ადგილას განთავსება.
„ამ ეტაპზე აპარატები ლარიან სამრეცხაოებზეა გათვლილი, იქ ვდგამთ, მაგრამ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრების გარაჟებში, ავტობაზრობებზე და სხვა ადგილებზე დადგმა. 6 აპარატი უკვე თბილისშია, რამდენიმე დღეში დამატებით კიდევ 6 აპარატს ველოდებით. ამ აპარატების ნაწილის შეძენაში თიბისი ბანკი და აწარმოე საქართველო დაგვეხმარა. GEO MATIC ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების ბიზნესია. ამ მიმართულებას თიბისი განსაკუთრებით ახალისებს, ამიტომაც გადავწყვიტე სწორედ ამ ბანკთან დაკავშირება. ბიზნესის ტექნიკური ანალიზის გაცნობის, ხარჯთაღრიცხვის გაკეთების და სხვა დეტალების შეთანხმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბანკის და ჩემი ხედვა დაემთხვა, შესაბამისად, თანხაც მარტივად გამოიყო“.
GEO MATIC-ის გეგმები სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ნაბიჯი დედაქალაქის მასშტაბით აპარატების მონტაჟია, რაც, სათანადო სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის თანხლებით, კომპანიისა და მის მიერ შეთავაზებული სერვისის პოპულარობას გაზრდის. ამის შემდეგ კომპანია საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს ფრენშაიზინგი იქნება. ამ ბიზნესით დაინტერესებული პირი ამა თუ იმ ქალაქში კომპანიისაგან შეიძენს აპარატებს, რომელთა მონტაჟს, ფუნქციონირებას, მასალის მიწოდებას და ტექნიკურ საკითხებში დახმარებას GEO MATIC თავად უზრუნველყოფს.
მესამე ეტაპზე GEO MATIC აპირებს, ქვეყნის ფარგლებს გასცდეს და ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნის ბაზარი მოიცვას. ამჟამად მოლაპარაკები მიმდინარეობს ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
უეფამ ორი მატჩის გამოტოვებით დასაჯა თურქი ფეხბურთელი მერიჰ დემირალი ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალში გოლის აღნიშვნის დროს გამოყენებული ულტრანაციონალისტური ჟესტისთვის.
დისკვალიფიკაციის გამო, დემირალი შაბათს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება მეოთხედფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ და ნახევარფინალშიც, იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ნაკრები მოახერხებს ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებას.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, AP წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააუქმა აზერბაიჯანში ვიზიტი და გუნდის მხარდასაჭერად, შაბათს, თამაშზე დასასწრებად გაემგზავრება.
2 ივლისს, თურქეთის ნაკრების ფეხბურთმა მერიჰ დემირალმა ავსტრიის ნაკრების კარში გატანილი მეორე გოლი აღნიშნა ე.წ. „მგლის მისალმებით“, ჟესტით, რომელიც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – „რუხი მგლები“.
დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და საფრანგეთში აკრძალულია, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გოლის გატანის შემთხვევაში:
„ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ, გოლის შემდეგ ეს ძლიერად ვიგრძენი, მინდოდა ეს გამეკეთებინა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია “ყრუთა კავშირთან “და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. 4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს “ყრუთა კავშირში” გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს.
გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობის შესახებ.
„ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ინსტიტუციისთვის. ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ როგორც ინფორმირების, ისე სათანადო სერვისების მიწოდებისა და ადაპტირების მიზნით. “ყრუთა კავშირთან” მჭიდრო თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიას თბილისსა და რეგიონებში ვახორციელებთ. ამ მხარდაჭერისთვის კავშირს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ IFES-ს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მათი ხელშეწყობით გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან განვახორციელოთ საინფორმაციო კამპანია“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
“ყრუთა კავშირში” ასევე გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად ტარდება, ასევე ვრცელდება არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, რომელსაც თან ახლავს QR წამკითხველი, რომლის გამოყენებით ინფორმაცია მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. შეხვედრები უკვე ჩატარდა კავშირის რეგიონულ ოფისებში მარნეულში, რუსთავსა და გორში. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში და ბათუმში.
მსოფლიოში უმსხვილესმა სასტუმროების მმართველმა კომპანიამ, Aimbridge Hospitality-იმ მართვაში ჩაიბარა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის, Wyndham Grand Batumi Gonio. ეს საქართველოში, ამ სეგმენტში არსებული პირველი სასტუმროა ე.წ. all inclusive სერვისებით.
ხელშეკრულება 4 ივლისს გაფორმდა ქართულ სამშენებლო ჰოლდინგ European Village-თან, რომელიც ამ კომპლექსს აშენებს. ხელშეკრულების გაფორმება დაემთხვა საქართველოში Aimbridge-ის ოფისის გახსნას.
კომპლექსი მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელის – Wyndham Hotels & Resorts-ის ნაწილია და შენდება Wyndham Grand ბრენდის ქვეშ.
მსოფლიოში მხოლოდ 78 ასეთი სასტუმროა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი – მხოლოდ ორი. შესაბამისად, საქართველო ხდება ამერიკული სასტუმროების საკვანძო ბაზარი რეგიონში.
Wyndham Grand Batumi Gonio მოიცავს სხვადასხვა ფორმატის ოთხ სასტუმროს – ნომრებით, საოჯახო რეზიდენციებით, სასტუმრო თაუნჰაუსებითა და ვილებით, სულ 1055 ნომრით. სასტუმროს გახსნა იგეგმება 2025 წელს.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონი დოლარია.
ეს მხოლოდ პირველი ობიექტია საქართველოს მდიდრულ საერთაშორისო კურორტად გარდაქმნის გლობალურ გეგმაში და ასევე გამოწვევაა რუსული და თურქული „ოლ ინკლუზივ“ სასტუმროებისთვის.
დევიდ ანდერსონი, Aimbridge EMEA-ს პრეზიდენტი (კომპანიის განყოფილებები ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში):
„საქართველოს ტურისტულ ბაზარზე დიდ პოტენციალს ვხედავთ. ჩვენ მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, განვახორციელოთ პროექტი ბათუმში და გავაფართოვოთ ჩვენი გუნდი ახალი ოფისით საქართველოში“.
საქართველო უკვე იზიდავს მოგზაურებს თავის ბაზარზე არა მხოლოდ რუსეთიდან და თურქეთიდან, არამედ არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან. როგორც წესი, ეს არიან უფრო მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტები, რომლებიც საჭიროებენ მომსახურების მაღალ დონეს.
შედარებისთვის: საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები საშუალოდ 1400 დოლარს ხარჯავენ, ევროკავშირიდან – 1300 დოლარს, ხოლო რუსეთიდან და თურქეთიდან – 650 და 400 დოლარს.
European Village-ის ჰოლდინგის გენერალური დირექტორი არჩილ ფარტენაძე:
„მსოფლიო ლიდერებთან თანამშრომლობა გვაძლევს ჩვენ და მთლიანად საქართველოს შესაძლებლობას მივიღოთ უმაღლესი საერთაშორისო დონის სასტუმრო მომსახურება და გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში მაღალი ხარისხის ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის განვითარებაში“.
4 ივლისს, უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში გამგეობის მიერ დაგეგმილი კრება ხმაურის ფონზე ჩატარდა. უსინათლოთა კავშირის რამდენიმე წევრმა, მათ შორის გამგეობის დელეგატმა ცისანა ბერიძემ, მოქმედი გამგეობის წევრების საქმიანობა გააპროტესტა და მათთვის სტატუსის შეჩერება მოითხოვა.
გამგეობის წევრების მიმართ უსინათლოთა კავშირის წევრთა ნაწილის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების მიზეზებს ცისანა ბერიძე შემდეგნაირად განმარტავს:
„საქმე ის არის, რომ ჩვენ დავა გვაქვს საქართველოს უსინათლოთა კავშირთან, იმის გამო, რომ ქონება გაგვისხვისეს, გაგვიჩუქეს. გენერალურმა პროკურატურამ დასკვნა დადო, რომ სამ მილიონ ლარად შეფასებული ქონება არის გასხვისებული და უსინათლოთა კავშირის თითოეული წევრი ცნო დაზარალებულად. გამგეობის დელეგატებს, გამგეობის წევრებს, უნდა გადასცემოდათ ეს ინფორმაცია და ხალხს უნდა სცოდნოდა, რომ თითოეული წევრი არის მიჩნეული დაზარალებულად, ეს საბუთი იქნა დამალული“.
ცისანა ბერიძე
უსინათლოთა კავშირის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს გასული წლის 9 ნოემბერს პროკურატურამ ორგანიზაციის ქონების გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით ბრალიწარუდგინა უსინათლოთა კავშირის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს. „აი ფაქტის“ ცნობით, საქმე ეხება დაახლოებით სამი მილიონზე მეტი ლარის ზიანს.
უსინათლოთა კავშირის წევრთა ნაწილი წლებია აცხადებს, რომ კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და ამ ქონებით მიღებული შემოსავლები მათ არ ხმარდება. „ბათუმში ჩვენი წარმოება სრული დატვირთვით მუშაობს, არც ერთი კუთხე კუნჭული არ არის დარჩენილი, რომ არ იყოს გაქირავებული და შემოსავალია 30 000 ლარი, როცა შეიძლება გაცილებით მეტი შემოვიდეს, ჩვენი ხალხი კი, ბოდიში და, მათხოვრობს. ჩვენ გვინდა სამართალი” – ამბობს უსინათლოთა კავშირის წევრი, ზურაბ მსახურაძე.
ზურაბ მსახურაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის საკუთრებაშია 8000 კვ/მ, აქედან 6000 კვ-მეტრამდე არის გაქირავებული, სადაც 45 საამქროა განთავსებული.
„6000 კვ/მ-ია გაქირავებული, შემოსული თანხიდან ჩვენ არაფერი სარგებელი არ გვაქვს. ხალხზე გადანაწილდეს/ხალხს მოხმარდეს” – ამბობს გოჩა ბოლქვაძე, უსინათლოთა კავშირის წევრი.
უსინათლოთა კავშირის შენობის ტერიტორია ადაპტირებული არ არის.
ზურაბ მსახურაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ინტერესი არსებობს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებითაც:
„ამბობენ, რომ არარენტაბელურია წარმოება, არაშემოსავლიანია, ვირთხები დარბიან საამქროებში და ამიტომ გავყიდოთო”.
ცისანა ბერიძე: „მე ვარ ფილიალის დელეგატი და ლეგიტიმაცია მაქვს ვისაუბრო ჩემი კავშირის წევრების სახელით. ძალიან ბევრი მოთხოვნა გვაქვს ჩვენ აჭარის ფილიალში, ვინაიდან არ არის არანაირი ინფრაქტსრუქტურა… ბევრჯერ იყო თხოვნა, რომ ჩვენ აქ რაიმე კულტურული ცენტრი გაგვეკეთებია, როგორც არის თბილისში, არ გაგვიკეთეს… რამდენი თხოვნაც იყო თბილისის სათაო ოფისის თავმჯდომარესთან, ყოველთვის იძახდა, რომ ეს ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული…“
გამგეობის წევრი, ირმა ბარაბაძე ამბობს, რომ ინფორმაცია უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას:
„ეს არის უსინათლოთა მცირე ჯგუფი, მართულები არიან და შეცდომაში შეყვანილები, თითქოს და აჭარის ქონება იყიდება/სხვისდება, რაც არის ტყუილი. დღეს ტარდება ფილიალის საანგარიშო კრება, რომლის ჩაშლაც უნდათ სინამდვილეში” – გვითხრა მან.
ირმა ბარაბაძე
ცისანა ბერიძე ამბობს, რომ სანამ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს უსინათლოთა ქონების უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით, ისინი ბოიკოტს უცხადებენ გამგეობის წევრებს:
„ეს იქნება უცვლელი პროცესები აჭარაშიც, რუსთავშიც, სამეგრელოში, იმერეთშიც, ყველგან გაგრძელდება, მანამ, სანამ უსინათლოები არ მივიღებთ პასუხს… სანამ ბოლომდე არ იქნებიან დაკითხული მოწმეები და სანამ არ გამოვლინდებიან დამნაშავეები, მანამდე მოვითხოვთ რომ შეუჩერდეთ სტატუსი და არ ჰქონდეთ უფლება, ჩაატარონ კრება“.
გულვარდი გობაძე ხულოს სოფელ დიდაჭარიდან, მე-8 კლასში იყო, როცა ოჯახთან ერთად, 1951 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთში გაასახლეს.
ქალი რამდენიმე დღის წინ გახდა 90 წლის, მაგრამ წლებმა ტკივილიან მოგონებებს ვერაფერი დააკლო. ინტერვიუს დასაწყისშივე მითხრა – ამ 90 წლის განმავლობაში რაც გადამხდა, ვნახე, ვიწვალე თუ ვეწამე, ყველაფერი 10 თითივით მახსოვს, შემეკითხე რაც გინდაო.
ამბობს, გადასახლების გახსენება ხალხში არ მინდა – მარტო რომ ვარ, მაშინ ვიხსენებ და მაშინ ვტირიო:
„ამის გახსენება ყოველთვის არ შეიძლება. ვიწვი, ტანში ცეცხლი მეკიდება. ჩემი დედ-მამის კვნესა, ტირილი, შიმშილი, ვაება. რა დამავიწყებს? ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი მახსოვს. მარა საჭირო ყოფილა, როცა მოხუცდები და მეხსიერებას კარგავ.
ორი ძმა და ოთხი და მიწაში ჩავდე. რომ იცოცხლებ, უნდა გიხაროდეს ქვეყანა, ხომ ასე? წყალს დავლევ მამა მახსენდება, მაწონს შევჭამ – და, გამაყუჩებელს დავლევ – დედა მახსენდება. არ მერგება!
ჩემი ბავშვობა ძალიან აუტანელი იყო. 12 წლიდან დღემდე ერთი წუთი არ გავჩერებულვარ. სულ ჯაფაში, სულ შრომაში, სულ ტვირთებში გავატარე ჩემი ცხოვრება.
თავიდან ჩვენც თუ ვიყავით გადასახლების სიაში არ ვიცოდით. როგორ წაგვიყვანეს იცით? სახლში არავის არ ვუშვებდით, მაგრამ მაინც შემოვიდნენ და აკრიფეს საწოლები, რომლებშიც ვიწექით. დედაჩემს გული წაუვიდა. მამა დედაჩემს ასულიერებდა. მთელმა სოფელმა ზუზუნით, ტირილით გაგვაცილა.
10-15 ქათამი გვყავდა. დაკლეს და თივის გოდრებში გასაწმენდი ქათმები ჩაყარეს. ჩაყარეს დასაფშვნელი სიმინდიც“, – გვიყვება გულვარდი, რომლის უფროს დებს გადასახლება არ შეხებია – დაქორწინებულები იყვნენ, უფროსი ძმა კი ჯარში იყო, ამიტომ ისიც გადაურჩა გადასახლებას. ყაზახეთის გზას გაუყენეს მშობლები, თავად გულვარდი, მასზე უფროსი და და პატარა ძმა.
„ჩვენისთანა შვიდი კომლი იყო [გასახლების] სიაში სოფლიდან. ჩემი დები გულწასულები გორავდნენ თოვლზე. ისინი დავტოვეთ. ჩემს სკოლასაც ჩავუარეთ და დავტოვეთ. ფრიადოსანი ვიყავი, მხოლოდ სწავლა მინდოდა.
ყველაფერი, რაც გზად მიგვქონდა, მახუნცეთის ხრამში დაგვრჩა – მახუნცეთში გადავარდა ჩვენი მანქანა, გადავიჩეხეთ. ოჯახის ოთხი წევრი დიდი მანქანის ქვეშ მოვყევით. დავშავდით. მხოლოდ ჩემი 12 წლის ძმა არ დაშავდა. მან მოასწრო გადავარდნისას მანქანიდან გადახტომა.
მახუნცეთის საავადმყოფოში მიგვიყვანეს, ჩაგვსვეს გიფსებში, დაგვაწვინეს საკაცეებზე და ასე ჩაგვიყვანეს ბათუმში. ბათუმიდან საქონლის ეშელონში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს ყაზახისტანში. გრძნობაზე არ იყვნენ ჩემი ავადმყოფები.
ჩვენს ვაგონში მოხვდა მემედ პაპუნაიშვილი და მისი ცოლი მერიკო ხახუტაიშვილი ქობულეთიდან. მერიკო ექთანი იყო. ისინი გვასმევდნენ, გვაჭმევდნენ და გვპატრონობდნენ.
ჩაგვიყვანეს ყაზახისტანში. შეგვიყვანეს ერთ მიწურ ქოხში და საკაცეებით დაგვაწყვეს მიწაზე. სალდათებმა მოგვცეს კალბასი, პური და მოგვიხურეს კარები. წამოვიდნენ, დაგვტოვეს. დავრჩით უპატრონოდ.
არაფერი არ გვქონდა. არც ავეჯი, არც ჭურჭელი, არც საჭმელი, საერთოდ არაფერი. ყველაფერი მახუნცეთის ხრამში დაგვრჩა. ჩემი ძმა ტიროდა, დადიოდა, რა ექნა აღარ იცოდა. ბოლოს კარი გააღო და მოშორებით პატარა ქოხი გამოჩნდა. მივიდა და კარზე დააკაკუნა. ჩვენი ქოხიდან ვუყურებდი მე. მოხუცი ქალი იყო, რომელსაც ჩემმა ძმამ ანიშნა – წყალი მინდა. შავი ვედროთი მღვრიე წყალი მისცა. ცოტ-ცოტას ამ წყალს გვასხამდა პირში ჩემი ძმა. ასე გადავიტანეთ ის ღამე.
დილა რომ გათენდა და მზე ამოვიდა იმით მივხვდი, რომ პატარა ფანჯარა იყო ამ ქოხზე გამოჭრილი, საიდანაც მზის სხივი ჩამოვიდა. ჩემს ძმას დავეყრდენი და გარეთ გავიხედე. დავინახე დიდი მინდვრები, ხალხი, ცხენები, ვირები, ცხვრები. დიდხანს ვუყურე, ვუყურე და ბოლოს ერთი გოგო გამოჩნდა. ლამაზი, იმ ხალხში გამორჩეული, დიდ ძროხას მიდენიდა. გავყავი ხელი და დავუქნიე, დავუძახე.
მოვიდა და წამოგვიხედა იმ გოგომ – გვიყურა, გვიყურა. ჩემი ვერაფერი ვერ გაიგო. გაიქცა და ხნიერი კაცი, მამამისი მოიყვანა. ამ კაცმა დაგვიარა და ყველას მოგვეფერა. ვერც მას გავაგებინეთ ვერაფერი. მოგვიტანა მაწონი, რძე, საჭმელი, ყველაფერი. გვაჭამა. კიდევ მახსოვს ის ხმა – დადგა ჩვენ კარებთან და რაული, რიქათიო დაიძახა. ვხედავდი, ტრაქტორებიდან როგორ გადმოხტნენ ბიჭები და ჩვენკენ გამოიქცნენ. შემდეგ რა უთხრა იმათ არ ვიცი.
ბიჭებმა ბენზინის კასრი მოაგორეს, სასწრაფოდ ამოჭრეს თავი, მინდორში აკრეფილი ნეხვი ჩაყარეს, ჩვენს მიწურში დაგვიდგეს. ასე გაგვათბეს“, – გაიხსენა გულვარდიმ და დაამატა, რომ ყოველი დღე, რომელიც გადასახლებაში გაატარა მისთვის „საშინელი მოსაგონია“.
გულვარდი, მასთან ერთად გადასახლებული ოჯახის წევრები და მემედ პაპუნაიშვილი.
„ჩვენ რომ ავად ვიყავით, ვის უნდა ემუშავა. საჭმელი არა, წყალი არა. იცი როგორი წყალი გვქონდა?გადავხარშავდით და იმას ვსვამდით.
აქედან რომ არ გამოეგზავნათ ჩემს დებს შაქარი და საჭმელი, იქ ვის უნდა მოეცა ჩვენთვის? არავის. ის იყო რომ კომენდატურაში აღწერაზე ვიყავით, ხანდახან მოგვაკითხავდნენ, როგორ ხართო.
დედაჩემს შარდის ბუშტი გახეთქილი ჰქონდა, პრობლემები თირკმელაზე და მაგის მორჩენა ხომ აღარ შეიძლებოდა. მაშინ ყოფილიყო გამაყუჩებელი და იმხელა წივილ-კივილი არ ჰქონოდა დედაჩემს. ისე გაატარა ის წლები, მოშარდვა რომ მოუნდებოდა ასწევდა მისი კივილის ხმა არემარეს.
მამაჩემს ნეკნები ჩატეხილი ჰქონდა, მაგრამ იმდენზე მორჩა, რომ ადგა და გაიარ-გამოიარა. ჩემი და ვეღარ ადგა ლოგინიდან, მხარი და ბარძაყი ჰქონდა ჩამტვრეული. სულ იწვა, ლოგინად იყო. როცა გაგვათავისუფლეს, 17 წლის იყო ჩემი და და მითხრა: მე ვიცი აღარ მოვრჩები, დიდაჭარის წყალს ვეღარ დავლევ, დიდაჭარის მაწონს ვეღარ შევჭამ, დიდაჭარის შუამთობაზე ვეღარ წავალ, მწვანე ტბას ვეღარ ვნახავო“, – გაბზარული ხმით ჰყვება 90 წლის გულვარდი.
ოჯახი გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა.
„ყველაფერი ძალიან მარტივად შევკარით და წამოვედით. უკანა გზაზე საქონლის მატარებელში არ ვიყავით. იქეთ-აქეთ იწვნენ ჩემი დედ-მამა იატაკზე და შუაში ჩემი და საკაცით. ქალაქ ტუაფსეში რომ ჩამოვედით, ჩემმა დამ მაწონი მინდაო. გამახსენდა ხიხაძირელი კაცი, იქ ფერმაში მუშაობდა და შესაძლებელი იყო მაწონი ჰქონოდათ. გაჩერდა მატარებელი, ჩემი ძმა მივიდა და ჭიქით მაწონი მოიტანა. შესცინა ჩემმა დამ. ერთი ლუკმა რომ შევაჭამე, წამომაყენეო მითხრა. წამოვაყენე. ჩემით მინდა შევჭამოო. ერთი კოვზი შეჭამა და მეორეზე გადაუვარდა კოვზი. გასწორდა. მოკვდა.
შეგვეშინდა, რომ არ დაენახათ მკვდარი და არ წაერთმიათ. ეგრევე წაგართმევდნენ. წავახურეთ საბანი და ასე დავმალეთ“.
როცა საქართველოში შემოვიდა მატარებელი, გულვარდიმ მოახერხა ექთნის დახმარებით ერთ-ერთი უფროსი დისთვის დაერეკა და სამშობლოში მომავალი, გზად გარდაცვლილი დის ამბავი შეეტყობინებინა. ბათუმში ჩამოსულ გობაძეების ოჯახს უამრავი ნათესავი თუ მეზობელი დახვდა.
„ამოვედით დიდაჭარაში. მთელი სოფელი ასასვლელში შეკრებილიყო. ისე, როგორც გასახლების დღეს. სახლში რომ მიგვიყვანეს, გამოცარიელებული კედლები დაგხვდა. ჩემი და დავასაფლავეთ და 4 თვის შემდეგ დედაჩემი მოკვდა.
ჯარში რომ მყავდა იმ ძმამ არც დის და არც დედის სიკვდილი არ იცოდა. ჯარიდან რომ გათავისუფლეს და მოდიოდა, ხულოში დახვდა ხალხი, ნათესავები. მე ის დღე არ დამავიწყდება. ეზოში რომ მოვიდა, სასწრაფოდ სახლში შემოვარდა ავადმყოფი დედის და დის სანახავად. შემოვიდა, მიიხედ-მოიხედა რომ აღარ არიან. დაჯდა და იბღავლა. ასწია მთელი სოფელი“, – მომიყვა გულვარდი და მკითხა: „რამდენი ვიწვალე ბებო, მხედავ? აგერ კიდევ დამჯდარი და გელაპარაკები“.
გულვარდისთვის ბედნიერი დღეები არც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დამდგარა. მამაჩემი არასდროს მეძახდა გულვარდს, ან ჩემს მეორე სახელს – სურიესო. „მეუბნებოდა, ჩემი სულეიმანი ხარო. ყველგან მე ვახლდით. ტყეში ხერხის გამწევიც მე ვიყავი მისთვის და სახლში საჭმლის გამკეთებელიც. ჩემი ძმები ჯარში რომ იყვნენ, ზამთარში ბოტებს ჩავიცვამდი და მამაჩემთან ერთად ვყრიდი სახურავიდან თოვლს”.
გულვარდი გადასახლებამდე იყო დანიშნული თავის მომავალ მეუღლეზე. იხსენებს, ჩემს ქმარზე მხოლოდ მას შემდეგ ვიქორწინე, რაც ჩემს ძმებს ცხოვრება მოვუწყვეო. „მაშინ სიყვარული არ იყო, მაგრამ რომ არ მნდომოდა არ გავყვებოდი. ლამაზი ქმარი მყავდა. მე მჯობდა. რატომ არ მაჯობებდა, მე რა აღარ გამოვიარე“.
გულვარდი მეოთხე კლასიდან მოყოლებული კერავდა. ამბობს, სოფელში ისეთი ქორწილი არ ყოფილა, დედოფლის კაბა, სიძისთვის კი შარვალ-კოსტუმი მას რომ არ შეეკერა. გულვარდი კერავდა პატარძლის მზითვის ნივთებსაც. „ჩემი საპატარძლო კაბაც მე შევკერე. მახსოვს როგორიც იყო, „მოზბორვილი“. ზამთარში მქონდა ქორწილი, დიდი თოვლი იყო, მაგრამ ჩემი ნათესავები მაინც მოვიდნენ სხვადასხვა სოფლიდან. მაფასებდნენ“.
ქალის თქმით, ძალიან ენატრება სოფელი: „ბოლო ორი წელია არ ვყოფილვარ. იქამდე ყველა წამოვიდოდა და მე ვრჩებოდი დაზამთრებამდე. მინდა ავიდე. საფლავები მენატრება. მინდა, ბოლოჯერ ვნახო.
ყველაფერი რომ მახსოვს და ხელი აღარ მომდევს, ფეხი აღარ მომდევს, სული აღარ მისვენებს ტანში. ვერ ვუძლებ. მოძრაობა მინდა. რაღაც გავაკეთო, ვინმეს რამეში ვარგო მინდა“.
გულვარდის თქმით, საკუთარი თავის ექიმი თავადაა. „ჩემი მუცელი და კუჭი რასაც აიტანს, იმდენს ვჭამ. თუ ვხვდები, რომ მუცელმა არ უნდა აიტანოს სულ არ ვჭამ. რაც ჯანმრთელობას და ორგანიზმს გამოადგება, მინდა თუ არ მინდა იმას შევჭამ. ექვსი საათის შემდეგ სული მძვრებოდეს არაფერს არ შევჭამ”.
გულვარდ გობაძე ავტორია ლექსების კრებულის „ჩემ მიერ განცდილი”. „ყაზახისტანში წერილის წერას რომ დავიწყებდი ლექსზე გადავდიოდი. სკოლაში რვა მარტზე რომ გამოგვიყვანდნენ ლექსების საწერად, მე თვითონ დავწერდი და ჩემს ლექსს ვიტყოდი”.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7-8 ივლისს მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.
“სტაბილურადაა და დღეს სავარაუდოდ გავწერთ. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც პარაშუტიდან ჩამოვარდნილი კაცი მკურნალობს.
ბათუმის სანაპირო ზოლზე, გასართობი პარაშუტიდან ცოლ-ქმარი ჩამოვარდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს, დაშავებული კაცი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ცოლ-ქმარი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ისინი ბათუმში დასასვენებლად ჩამოვიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.