„შემთხვევის ადგილზე გავჩერდით ალბათ ხუთი წუთი და დავბრუნდით უკან, ბათუმში, ვინაიდან დანაშაული იყო გახსნილი და არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების საჭიროება…“ – უთხრა გამომძიებელს „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ რესან კონცელიძემ.
ეს გამოკითხვის ოქმის ჩანაწერია – რესან კონცელიძე სერჟანტ შავაძის მკვლელობის დროს შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლეს. გამოძიებას არც ახლა აქვს პასუხი: რა იყო როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც კი, არ უგია პასუხი.
2020 წელს, ევროსასამართლომ „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.
რესან კონცელიძეც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოუკითხავთ – 2023 წლის 23 სექტემბერს, მას შემდეგ, როცა რეზონანსულ საქმეზე სპეცრაზმელები დააკავეს.
როინ შავაძის ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე ითხოვდა ამ საქმესთან დაკავშირებული მაღალჩინოსნების, მათ შორის, რესან კონცელიძის პასუხისგებას, რადგან როინ შავაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა და წაიყვანა თბილისის მიმართულებით. ეს უწყება კი, მაშინ შსს-ს სტრუქტურული ერთეული იყო და გამოძიება შსს-ს კი არა, პირდაპირ პროკურატურას უნდა დაეწყო.
უფლებადამცველები ასევე მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს, მაგალითად, ვასილ როინიშვილი – ის როინ შავაძის მკვლელობის დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.
პარლამენტის წევრის, რესან კონცელიძის გამოკითხვის ოქმის ძირითადად ნაწილს გაგაცნობთ:
„შეტყობინების შემოსვლის შემდეგ, მე ჩემს ხელმძღვანელთან, ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსთან ირაკლი მოწყობილთან ერთად წავედი ქაქუთში, შემთხვევის ადგილზე,“ – მიმართა გამომძიებელს პარლამენტარმა და 2008 წლის 16 აგვისტოს მომხდარი ამბის გახსენება დაიწყო:
„შემთხვევის ადგილზე ჩვენი მისვლის ზუსტი დროის დასახელება არ შემიძლია, საკმაო პერიოდის გასვლის გამო. თუმცა მახსოვს, რომ ჩვენი იქ მისვლისას, შემთხვევის ადგილს უკვე ათვალიერებდა გამომძიებელი პროკურორის თანდასწრებით, ანუ შემთხვევის ადგილზე მისვლა, მე, აგრეთვე, ირაკლი მოწყობილს, მოგვიწია საკმაოდ მოგვიანებით.
შემთხვევის ადგილზე გავჩერდით ალბათ ხუთი წუთი და დავბრუნდით უკან, ბათუმში, ვინაიდან დანაშაული იყო გახსნილი და არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების საჭიროება.
მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ პერიოდში, აჭარის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე ხდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, ზოგჯერ დღეში რამოდენიმეც და გავდიოდით ყველა შემთხვევაზე. ეს შემთხვევა ჩავთვალეთ მორიგ გახსნილ დანაშაულად, რის შემდეგაც, როგორც აღვნიშნე, დავბრუნდით ბათუმში.
ასევე აღვნიშნავ, რომ იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლიდან გამომდინარე, პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი არ იყო პროცესუალური ფიგურა. მე არ მქონდა უფლება ჩავრეულიყავი გამოძიების პროცესში, არ მქონდა უფლება გამომძიებლისთვის მიმეცა დავალება ან მითითება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ან არ ჩატარებაზე, მონაწილეობა მიმეღო ან დავსწრებოდი დაკითხვას ან სხვა საგამოძიებო მოქმედებებს. ჩემი ფუნქცია იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყველა დანაყოფის გამოძიების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა. კერძოდ, უზრუნველყოფა ავტომობილებით და სხვა ტექნიკით, აგრეთვე, თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების კონტროლი და სხვა ანალოგიური საკითხები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებთან.
აღნიშნულ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლიდან გამომდინარე, გამოძიების სტადიაზე, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა პროკურორი.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, გამომძიებლები საპროცესო დავალებებს ღებულობდნენ პროკურორებისგან, რომლებთანაც ასევე ათანხმებდნენ თავიანთ საგამოძიებო მოქმედებებს. აქედან გამომდინარე, მე საგამოძიებო მოქმედებების ოქმები არ წამიკითხავს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ გავცნობივარ და სისხლის სამართლის საქმე, მეორე დღეს ქვემდებარეობით გადაგზავნილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში, რის შემდეგაც აღნიშნულ საქმესთან რაიმე შეხება ან წვდომა არ მქონია,“ – უთხრა გამომძიებელს პარლამენტარმა და ასევე განმარტა, რა იყო კონკრეტულად მისი სამსახურებრივი მოვალეობა.
„აღნიშნული დროისათვის ვმუშაობდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს მიეკუთვნებოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.
2008 წლის 16 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში გურიის საზღვართან ახლოს მოკლულია მოქალაქე. ამასთან, შეტყობინებაში არ იყო მითითებული, თუ რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა, კერძოდ კი, არ იყო მითითებული, რომ ეს მოხდა დაკავებულის ბადრაგირების დროს.
იმ დროს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის N424 ბრძანების [„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ”] მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებს და სხვა მძიმე დანაშაულებს იძიებდნენ მთავარი სამმართველოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე და ასე მოხდა მოცემულ შემთხვევაშიც – გამოძიება მოცემულ ფაქტზე დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველომ, ზედამხედველ პროკურორთან შეთანხმებით.
ასევე, პოლიციაში მოქმედი წესის შესაბამისად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების დროს, მორიგე უკავშირდებოდა გამომძიებელს, რომელსაც გრაფიკით უწევდა მორიგეობა. გამომძიებლების მორიგეობის გრაფიკი დგებოდა წინასწარ ერთი თვით ადრე. თუკი ვინმეს უნდოდა ჩანაცვლება, გამომძიებლები ერთმანეთთან აგვარებდნენ მსგავს საკითხებს. აღნიშნული გრაფიკი ეგზავნებოდა ზედამხედველ პროკურორს. გამოძიებაში სხვა გამომძიებლების ჩართვის საკითხს წყვეტდა საქმის ზედამხედველი პროკურორი და არა პოლიციის ხელმძღვანელობა. მორიგე ასევე უკავშირდებოდა ყველა ხელმძღვანელს და ატყობინებდა დანაშაულის შესახებ. ამასთან, არსებული წესით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ შეტყობინების შემთხვევაში, ყველა დონის ხელმძღვანელი გადიოდა შემთხვევის ადგილზე.
იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამომძიებელი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, ვალდებული იყო დაეწყო წინასწარი გამოძიება, ჩაეტარებინა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და საქმე გადაეგზავნა პროკურატურაში ქვემდებარეობის საკითხის გადასაწყვეტად, ასეთი საკითხის წარმოშობის შემთხვევაში.
ამ შემთხვევაშიც, გამომძიებელმა საქმეზე დაიწყო გამოძიება. პროკურორის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ასევე, გვამს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და პროკურორთან შეთანხმებით ჩატარდა სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც გამოიკვეთა, რომ საქმეში ფიგურირებდნენ სპეციალური სუბიექტები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რის გამოც, მეორე დღეს, საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა პროკურატურაში,“ – თქვა რესან კონცელიძემ.
შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს გამომძიებელმა უთხრა, რომ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, მალხაზ თავდგირიძე ამბობს, შემთხვევის ადგილზე რესან კონცელიძემ გამიშვაო.
„როგორც ვიხსენებ, გამომძიებელთა ჯგუფი, აღნიშნული დროისათვის იმყოფებოდა ქობულეთში, სხვა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ზუსტად არ მახსოვს, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ შესაძლოა დავუკავშირდი აღნიშნულ გამომძიებელთა ჯგუფს და ვუთხარი მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე, გაერკვიათ თუ რა ხდებოდა და ინფორმაცია მოეხსენებინათ პროკურორისათვის,“ – უპასუხა გამომძიებელს პარლამენტარმა.
გამომძიებელი: „ცნობილი იყო თუ არა თქვენთვის როინ შავაძის დაკავების შესახებ? დადებით შემთხვევაში როდის გაიგეთ და ვისგან?“
რესან კონცელიძე: „აღნიშნული პიროვნებისა და მისი დაკავების შესახებ, მკვლელობის შესახებ შეტყობინების შემოსვლამდე, მე რაიმე ინფორმაცია არ მქონია.“
გამომძიებელი: „შეგიძლიათ თუ არა აღგვიწეროთ როინ შავაძის მკვლელობის ადგილზე – შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება?“
რესან კონცელიძე: „ვინაიდან გასულია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, კერძოდ კი გასულია 15 წელიწადი, გარდა ამისა, მე შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებოდი მცირე დროით, იქ
არსებული ვითარება არ მახსოვს.“
გამომძიებელი: „ვისთან ერთად მიხვედით შემთხვევის ადგილზე? შეგიძლიათ თუ არა დაგვისახელოთ, აღნიშნული დროისათვის ვინ იმყოფებოდა კიდევ შემთხვევის
ადგილზე?“
რესან კონცელიძე: „შემთხვევის ადგილზე, როგორც აღვნიშნე მივედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსთან ირაკლი მოწყობილთან ერთად. შემთხვევის ადგილზე მახსოვს ჩემი სამმართველოს გამომძიებელი მალხაზ თავდგირიძე და პროკურორი სიმონ გოგილაშვილი, ხოლო, იქ მყოფ სხვა პირთა ვინაობებს ვერ ვიხსენებ.“
გამომძიებელი: „შეგიძლიათ თუ არა აღგვიწეროთ გარეგნულად, გარდაცვლილ როინ შავაძეს რა დაზიანებები აღენიშნებოდა?“
რესან კონცელიძე: „იქედან გამომდინარე, რომ გარდაცვლილის გვამთან ახლოს არ მივსულვარ და არ დამითვალიერებია, გარდა ამისა, აღნიშნული დაზიანებების შესწავლა განეკუთვნებოდა და განეკუთვნება ექსპერტის მოვალეობას, მე ვერ მოგახსენებთ გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ.“
გამომძიებელი: „გარდაცვლილ როინ შავაძის გვამის სიახლოვეს იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი? დადებით შემთხვევაში, კონკრეტულად რა ადგილზე იდო?“
რესან კონცელიძე: „მე არ დავკვირვებივარ და არ მახსოვს გარდაცვლილ როინ შავაძის გვამთან იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი.“
გამომძიებელი: „შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა ხელბორკილი?“
რესან კონცელიძე: „როგორც აღვნიშნე, მე გარდაცვლილის გვამთან ახლოს არ მივსულვარ და არ ვიცი შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა განთავსებული ხელბორკილი.“
გამომძიებელი: „შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა მასრები და ტყვიის გულები? დადებით შემთხვევაში შეგიძლიათ თუ არა აღგვიწეროთ მათი განლაგება?“
რესან კონცელიძე: „მე არ მახსოვს შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა მასრები და ტყვიის გულები. როგორც აღვნიშნე შემთხვევის ადგილს ათვალიერებდა გამომძიებელი.
გამომდინარე იქედან, რომ შემთხვევის ადგილზე მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქმე იყო გახსნილი, დადგენილი იყო საქმის ვითარება, დადგენილი იყვნენ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები [სპეცრაზმელები, რომლებიც ახორციელებდნენ დაკავებულის ბადრაგირებას], მე არ გავცნობივარ შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას და ამიტომაც ვერ ვიხსენებ თხუთმეტი წლის წინანდელ ფაქტებს, ხოლო, რაც შეხება დეტალებს, ეს უნდა გარკვეულიყო საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზებით.“
გამოძიება ასევე დაინტერესდა, რესან კონცელიძეს შემთხვევის ადგილზე დახვდნენ თუ არა კუდ-ის აჭარის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა: თეიმურაზ პატარიძე, ალი ბალაძე და სხვა თანამშრომლები. რესან კონცელიძემ გამომძიებელს გაუმეორა, რომ მკვლელობიდან დიდი დროა გასული და ეს არ ახსოვს. მისი თქმით, ის მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესს დაესწრო და არ ახსოვს, რამე ამოიღეს თუ არა.
„შემთხვევის ადგილზე თქვენი ყოფნის დროს რა ინფორმაცია გახდა თქვენთვის ცნობილი როინ შავაძის დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესახებ?“ – მიუბრუნდა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს გამომძიებელი.
„შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება როინ შავაძე დაკავებული ჰყოლიათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონკრეტულად რა დანაშაულზე, არ ვიცოდი. ამასთან, საჭირო გამხდარა დაკავებულის ბადრაგირება თბილისში [ხოლო, თუ რა საჭიროება იყო მისი თბილისში ბადრაგირების, არ ვიცი]. ბადრაგირებისას, გაქცევის მცდელობის დროს, მომხდარა მისი მკვლელობა. აღნიშნული თქვეს შემთხვევის ადგილზე, ხოლო, კონკრეტულად თუ ვინ თქვა და ვისგან გავიგე ეს ინფორმაცია, არ მახსოვს.
მე არ ვიცი, აღნიშნული ინფორმაცია რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს,“ – უპასუხა გამომძიებელს რესან კონცელიძემ.
გამომძიებელი: ცნობილია თუ არა თქვენთვის, როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ, როინ შავაძის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის წარმოჩენის მიზნით, გარკვეული პროცესების ინსცენირების შესახებ? კერძოდ კი იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი სპეცრაზმელის პისტოლეტიდან სპეცრაზმის ავტომანქანის მიმართულებით განხორციელდა რამოდენიმე გასროლა და შემდეგ აღნიშნული პისტოლეტი დადებულ იქნა გარდაცვლილ როინ შავაძის გვამის სიახლოვეს, რათა წარმოჩენილიყო, რომ თითქოსდა როინ შავაძემ სპეცრაზმის თანამშრომელს ამოაცალა პისტოლეტი და ისროლა მათი და მათი ავტომანქანის მიმართულებით?“
რესან კონცელიძე: „აღნიშნული ფაქტის შესახებ მე ინფორმაცია არ მქონია და ვერაფერს მოგახსენებთ.“
გამომძიებელი: „ვის მიერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მიერ?“
რესან კონცელიძე: „როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვინაიდან შეტყობინებაში არ იკვეთებოდა სპეციალური სუბიექტი [შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი], ამიტომ გამომძიებელი ზედამხედველ პროკურორთან შეთანხმებით დაიწყებდა გამოძიებას. როგორც აღვნიშნე, გამოძიების დაწყების საკითხს და ქვემდებარეობას, ისევე როგორც სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების საკითხს, მე არ ვწყვეტდი, არამედ წყვეტდა გამომძიებელი ზედამხედველ პროკურორთან შეთანხმებით“.
გამომძიებელი: „თქვენი 2008 წლის 17 აგვისტოს წერილით, როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე არსებული სისხლის სამართლის საქმე, ქვემდებარეობის საკითხის გადასაწყვეტად გადაგზავნილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულთან დაკავშირებით? რა იყო სისხლის სამართლის საქმის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში გადაგზავნის საფუძველი?“
რესან კონცელიძე: „მოგახსენებთ, რომ ზუსტად არ მახსოვს, თუმცა როგორც დამკვიდრებული წესი და პრაქტიკა იყო, გამომძიებელი, მოცემულ შემთხვევაში თემურ მახარაძე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, ხსენებული მიმართვით შემოიტანდა ჩემთან ხელის მოსაწერად, რის თაობაზეც იგი შეთანხმებული იქნებოდა საქმის ზედამხედველ პროკურორთან. იგი ამიხსნიდა, რომ საქმეში ფიგურირებდნენ სპეციალური სუბიექტები – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. შესაბამისად, ჩემს მიერ ხელმოწერილ იქნა სწორედ აღნიშნული მიმართვის წერილი და საქმე გადაიგზავნა აჭარის პროკურატურაში, რის შემდეგაც, მე მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან რაიმე შეხება ან ამ საქმეზე რაიმე საუბარი არ მქონია.“
გამომძიებელი: „წარმოგიდგენთ როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დართულ 16.08.2008 წლის N1202 შეტყობინების ოქმს, აგრეთვე, 16.08.2008 წლის N26/11/2/6-4070 წერილს, რომლითაც 16.08.2008 წლის N78 შეტყობინების ოქმი გადმოგზავნილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულთან დაკავშირებით?“
რესან კონცელიძე: „დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ერთსა და იგივე ფაქტზე შემოსული რამოდენიმე შეტყობინება, ერთიანდებოდა ერთ საქმეში. ამიტომაც ეს ორივე შეტყობინება გაერთიანდა როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. აღნიშნულ შეტყობინების ოქმს, მაშინდელი პრაქტიკის შესაბამისად, ადევს ჩემი სტანდარტული რეზოლუცია გამომძიებლების სახელზე, გამოძიების დაწყებისა და პროკურორზე შეტყობინების თაობაზე, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, გამომძიებელი შეტყობინების შემოსვლისთანავე ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება და დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურორისათვის.
რაც შეეხება 16.08.2008 წლის N26/11/2/6-4070 წერილს, რომლითაც 16.08.2008 წლის N78 შეტყობინების ოქმი გადმოგზავნილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ
სამმართველოში, აღნიშნული დოკუმენტები, უკვე გამოძიება დაწყებულ საქმეზე მოგვიანებით შემოვიდა ჩვენს სამმართველოში და მასაც, აღნიშნული დოკუმენტების საქმეში მოთავსების თაობაზე, გამომძიებლის სახელზე ადევს ჩემი რეზოლუცია,“ – დაასრულა რესან კონცელიძემ.
———————-
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან 15 წელი ხელისუფლება რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.
ამ თემაზე:
„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე