ბათუმის უკვე ყოფილი ვიცე-მერი, ლევან დავითაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიიდან სამინისტროში გადასვლა მისი სურვილი არ ყოფილა და როგორც მერიაში ასევე მთავრობაში გადაადგილებები კიდევ იქნება.
დავითაძე ვიცე-მერად დანიშვნამდე შპს „ბათუმის წყალში“ მუშაობდა.
ლევან დავითაძე ბათუმის წყლის დირექტორად 2021 წლის თებერვალში მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა. მერად არჩევის შემდეგ კი ვიცე-მერად გადაიყვანა. მიუხედავად ამისა, ინფორმირებული პირის თქმით, ის არჩილ ჩიქოვანის კადრი არ ყოფილა: „დაანიშვნინეს და ახლაც იმან წაიყვანა, ვინც მაშინ დაანიშვნინა.“
ვიცე-მერის თანამდებობა მერიის აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ დაიკავა. ნუკრი დეკანაძე ბათუმის მერიაში 2012 წლიდან მუშაობს, მანამდე ის აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა.
ერთი თვის წინ ახალი მოადგილეები დაუნიშნეს აჭარის ფინანსთა მინისტრს.
მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ უჩა სურმანიძე დაინიშნა. მთავრობის ინფორმაციით, ის პროფესიით ეკონომისტია და ამ მიმართულებით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
ასევე, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა მამუკა თურმანიძე, აჭარის გზების დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი. მამუკა თურმანიძე პროფესიით იურისტია.
ახალი ხელმძღვანელი წარუდგინეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებსაც. დეპარტამენტი გიორგი ცინარიძეს ჩააბარეს.