სიახლეები

იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა და არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ექიმის მიერ – დავა საკონსტიტუციოში

13.07.2024 •
იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა და არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ექიმის მიერ – დავა საკონსტიტუციოში

უნდა შეეძლოს თუ არა პაციენტს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმა? – ამ საკითხზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაიწყო.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ექიმს აღარ ექნება უფლებამოსილება, უსაფრთხოების მოტივით პაციენტს იძულებით დაუწყოს მკურნალობა, ასევე მას კონკრეტული უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მოსარჩელე განმარტავს, რომ ექიმს მართლაც უნდა შეეძლოს პაციენტის უფლების  შეზღუდვა, როცა პაციენტი ამბობს, რომ მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს სათანადოდ დამტკიცებული მეთოდებით მიღებული სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

„პირის ნების საწინააღმდეგოდ მისი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარება, უფლებაში ჩარევის ინტენსივობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ პაციენტმა, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან შეუსაბამო მკურნალობისა და მეთოდების გამოყენების შედეგად, შეიძლება განიცადოს იმგვარი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რაც ასევე გაუთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას,“ – მიიჩნევს მოსარჩელე.

ასევე, სადავო რეგულირების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს შეუზღუდოს მისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების, მის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის, არჩევნებში მონაწილეობის, განათლების მიღების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გავლის, წერილის მიღება-გაგზავნის, ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის, მნახველის მიღების, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების, პირველადი მოხმარების საგნების შეძენის, რელიგიური რიტუალის შესრულებისა და აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის მიღების უფლებები.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმებს, პროცედურას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რის შედეგადაც იზრდება ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი.

„საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს პირის არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობას და სოციალური ადაპტაციის ხარისხს. მიუხედავად ამისა, ექიმს უფლების შეზღუდვისას არ მოეთხოვება მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება და უფლების შეზღუდვის საჭიროების დასაბუთება,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სახალხო დამცველის აზრით, მსგავს ვითარებაში საჭირო უნდა იყოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა და სასამართლოს თანხმობა.

სარჩელში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე:

„სახალხო დამცველის მიერ შემოწმებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის ფორმები ყველგან მოიპოვებოდა, რადგან ეს ადმინისტრაციებს სტაციონარში პირის არანებაყოფლობით მოთავსების პროცედურას თავიდან აცილებს. სინამდვილეში, პაციენტების უმეტესობა დაწესებულებაში შემოსვლისას ინფორმირებული თანხმობის ფორმას გაუცნობიერებლად ან იძულებით აწერს ხელს.

პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოჰყავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას პოლიციის თანამშრომლებისა და ოჯახის წევრის თანხლებით, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ. პაციენტები აცხადებენ, რომ არ იციან, ხელი რას მოაწერეს, ზოგიერთი ვერ იხსენებს ხელმოწერის ფაქტსაც.

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინფორმირების ერთ-ერთ ფორმაზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნოდა ექიმს და არა – პაციენტს. გაცნობიერებული თანხმობის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს ასევე „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მაგალითიც, როდესაც „ინფორმირებულ თანხმობაზე“ ხელმოწერიდან, 15-30 წუთის ინტერვალში, 19 პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდია გამოყენებული,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომელიც სახალხო დამცველისგან 2022 წლის თებერვალში შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: