„ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება,“ – განაცხადეს საქართველოს მთავრობაში 2024 წლის 5 ივნისს. ამ დღეს პრემიერი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ყინულის სახლის მშენებლობას სტუმრობდა.
ბათუმში, ლადო ასათიანის #27-ში, საცურაო აუზი და ყინულის არენა ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა აშენებულიყო. ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა 29 მილიონი ლარი, თუმცა ამ დრომდე არავის უგია პასუხი იმისთვის, რომ აქ არც ყინულის არენა მოუწყვია ვინმეს და არც საცურაო აუზი.
ბიუჯეტიდან 29 მილიონი დაუსრულებელ სამუშაოებში გადავიხადეთ, ამჯერად კი 54 მილიონი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადეს და ხელშეკრულებაც გააფორმეს.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც „ანაგსა“ და სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ შორის გაფორმდა, ახალი ყინულის არენა 2025 წლის 1-ლი თებერვლისთვის უნდა იყოს მზად, საცურაო აუზი კი, მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის თავზე.
აჭარის მთავრობა ამჯერად ყინულის არენის აშენებას ჩქარობს, რათა ბათუმში 2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება მოხერხდეს. თავის დროზე კი ეს პროექტი იმიტომ წამოიწყეს, რომ 2018 წელს ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინათ.
ბათუმში არსებულმა ყინულის სახლმა მუშაობა შეაჩერა, ვიდრე ახალი არენა მოეწყობა. ბათუმის მერიას დაქვემდებარებულ სპორტულ ცენტრში გვითხრეს, რომ ყინულის სახლის გასაბერი მემბრანის კონსტრუქცია უკვე დაშლილი და დასაწყობებულია.
ბათუმის მერიაში ჯერ კიდევ 2018 წელს ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ მემბრანის კონსტრუქციას ყინულის მოედნისთვის აღარ გამოიყენებდნენ, თუმცა, მაშინ კონსტრუქცია არ დაუშლიათ.
„ბათუმელებმა“ სხვადასხვა უწყებაში დასვა შეკითხვა: რა დაადგინეს საგამოძიებო ორგანოებმა „29 მილიონი ლარის შეუსრულებელ სამუშაოებში გადახდის საქმეზე“? ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმი თუ შეცვალა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, რომელსაც დარღვევები ამ კუთხით სახელმწიფო აუდიტმაც დაუდგინა?

მთავრობის წევრები ყინულის სახლში, სადაც 29 მილიონი დაიხარჯა შეუსრულებელ სამუშაოებში და არავის უგია პასუხი
არაერთი თხოვნის მიუხედავად, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარი „ვერ ხერხდება“. ამ უწყების ხელმძღვანელი, ბაქარ ჩიტაია, როგორც ჩანს მხოლოდ იმ მედიასაშუალებებს სტუმრობს, სადაც კრიტიკული კითხვებს არ უსვამენ.
- რა ხდებოდა ახალი მილიონების გამოყოფამდე?
ყინულის არენისა და საცურაო აუზისთვის 2018 წელს თითქმის 20 მლნ აშშ დოლარი გამოიყო – ხელშეკრულება 19 990 002 დოლარზე კომპანია Westincor Limited-ის ფილიალს საქართველოში [„ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“] პირდაპირი წესით გაუფორმეს.
თუმცა 2020 წელს, მშენებლობის პროცესში, კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტეს, რადგან „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“ [ყოფილი შპს „სტადიონი“] მიიჩნიეს, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა არ იყო შედგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასევე, ხარჯთაღრიცხვის მონაცემები არ იძლეოდა სრულ ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოებზე.
„ვესტინკორმა“ აჭარის მთავრობას წერილი გამოუგზავნა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, აჭარის მთავრობამ კი საარბიტრაჟო სასამართლოში დავას კომპანიასთან მორიგება არჩია.
რატომ არჩია მორიგება სასამართლოში წასვლას? – ამას აჭარის მთავრობა დღემდე არ განმარტავს.
იმისთვის, რომ აჭარის მთავრობას „ვესტინკორმი“ გაესტუმრებინა, პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას 6 810 022 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ასესხა. ამ სესხის დაფარვა აჭარის მთავრობას 2024 წლიდან უნდა დაეწყო.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, კანადურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ საქმის კურსში საქართველოს მთავრობაც ჩააყენა და გადაუგზავნა განკარგულების პროექტი, რომლითაც ქვეყნის მთავრობას უნდა მოეწონებინა კანადურ კომპანიასთან პირდაპირი წესით [ტენდერის გარეშე] გასაფორმებელი ხელშეკრულება.
საქართველოს მთავრობამ მაშინ პასუხისმგებლობა აიცილა და შესაბამისი განკარგულება არ გამოსცა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აჭარის მთავრობის აპარატმა 2018 წლის 23 თებერვალს მიიღო წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მთავრობის შესაბამისი „დადგენილება ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ იმ ხელშეკრულების განხილვას, რომელიც დადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს მიერ, აქვს კერძო ხასიათი, ემსახურება საჯაროსამართლებრივ მიზანს და დავის გადაწყვეტის მექანიზმად ითვალისწინებს საერთაშორისო არბიტრაჟს.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დადგენილებით აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ნორმატიული შინაარსი არ გულისხმობს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს, ხოლო შპს „სტადიონი“ დაფუძნებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და არა სახელმწიფოს მიერ, საქართველოს მთავრობა ვერ შეაფასებს წარმოდგენილი ხელშეკრულების ფაქტობრივ და სამართლებრივ რისკებს, რის გამოც არ არსებობს საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.“
2018 წლის 14 თებერვალს აჭარის მთავრობამ თავად გამოსცა განკარგულება, მოიწონა კანადურ კომპანიასთან დასადები ხელშეკრულების პროექტი და „სტადიონს“ დაავალა ხელშეკრულების გაფორმება.
- დაიწყო აჭარის მთავრობამ სესხის დაფარვა?
ამჯერად ამ კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა აქ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.
„პროექტების მართვის კომპანიაში არსებულმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო დადასტურება. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა-განხორციელების შედეგად ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი ვერ დასრულდა,“ – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რაც 2023 წლის თებერვალში მომზადდა.
- გადაუგზავნა აუდიტმა საქმის მასალები პროკურატურას?
„აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ აუდიტის პროცესში გამოვლინდა დარღვევები, რომელზეც საგამოძიებო უწყებებს უკვე ამოღებული ჰქონდათ მასალები და აწარმოებდა მოკვლევას. შესაბამისად, აუდიტის მხრიდან სამართალდამცავებისთვის მასალების გადაგზავნის საჭიროება არ არსებობდა,“ – მოგვწერეს 2024 წლის 12 ივნისს აუდიტის სამსახურის პრესცენტრიდან.
აუდიტის სამსახურისთვის არაა ცნობილი, რა ბედია ეწია ამ საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.
გამოძიებას ამ დრომდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე: რატომ გადაუხადეს კომპანიას დაახლოებით 29 მილიონი ლარი, როცა საცურაო აუზს და ყინულის არენასაც ხელახლა ვაშენებთ? სად წავიდა რეალურად ეს ფული?
საქართველოს პროკურატურის პრესცენტრში 2024 წლის 11 ივნისს ამ საქმეზე ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა იგი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ასე გამოიყურებოდა ყინულის სახლი მის დაშლამდე – ახლა აქ ყინულის ახალი არენა უნდა მოეწყოს და საცურაო აუზი
- რა კეთდება ახლა?
ტენდერში, რომელიც ხელახლა ჩატარდა ისევ ყინულის არენის და საცურაო აუზის მოსაწყობად, ერთადერთი კომპანია – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული „ანაგი“ მონაწილეობდა. ხელშეკრულება „ანაგსა“ და „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ შორის 2024 წლის 10 მაისს გაფორმდა.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 53 943 280 ლარს [დღგ-ს გარეშე].
ხელშეკრულების მიხედვით „ანაგს“ უფლება აქვს მოითხოვოს წინასწარი ანგარიშსწორებაც [ავანსი] ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 30 პროცენტის ოდენობით [ანუ 16 მილიონი ლარი]. გადახდილი ავანსის დაქვითვა კი დაიწყება 2025 წლის იანვრიდან შესრულებულ სამუშაოებზე.
უცნობია, მოითხოვა თუ არა ავანსი „ანაგმა“, თუმცა, შესყიდვების პორტალის 12 ივნისის მონაცემებით კომპანიისთვის თანხა გადარიცხული არ არის.
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები შემდეგი წესით ანაზღაურდება:
- „2024 წლის პერიოდისათვის ანგარიშსწორება განხორციელდება არაუმეტეს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით (ავანსი);
- 2025 წლის პერიოდისათვის – არაუმეტეს 30 მილიონი ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით;
- 2026 წლის პერიოდისათვის – დარჩენილი ღირებულების ოდენობით. შემსყიდველის გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხების ოდენობები შესაძლოა გაიზარდოს და შეიცვალოს წლების მიხედვით.“

რენდერი საცურაო აუზის პროექტიდან
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადაა: ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 50 წელი; სახურავის ბურულის მოწყობის სამუშაოებზე – 15 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე – ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული გარანტია ხოლო სხვა დანარჩენი – 3 წელი.
ამ მოცემულობაში, არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საქართველოს მთავრობა ყინულის არენის და საცურაო აუზის შესახებ ამ ინფორმაციას ავრცელებს:
„ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.
დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ყინულის არენა და ორი აუზი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ყინულის სასახლეს დაემატა მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; გარდა ამისა, მთავარი აუზის ზომა 33-ის ნაცვლად, 50 მეტრამდე გაიზრდება.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება,“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბათუმელებს“ აჭარის პროექტების მართვის კომპანიისგან და აჭარის ფინანსთა სამინისტროსგან ისიც აინტერესებდა, რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტის შესაცვლელად, თუმცა პასუხები ამ უწყებებმა არ მოგვაწოდეს.
„ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ“, – ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 3 აპრილს გაავრცელა, როცა რუსული კანონის გასამართლებლად მთავრობის „გამჭვირვალობაზე“ დებდა თავს.
აქვს თუ არა კობახიძის დავალებას „ძალა“ აჭარის საჯარო სამსახურებზე, ან „მოქალაქეებში“ პრემიერი მოიაზრებდა თუ არა ჟურნალისტებს, ვერ გეტყვით, მაგრამ კობახიძემ ამ ბოლოს აჭარაში ყველა ის ძვირადღირებული პროექტები მოინახულა თუ გახსნა, რომლებზეც აღნიშნული სამსახურები საჯარო ინფორმაციას არ, ან არასრულყოფილად გასცემენ, რის გამოც ხშირად ინფორმაციის გამოთხოვაც აზრს კარგავს.
მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ დღემდე არ მოუწოდებია პასუხი ოფიციალურ წერილზე, რომელიც სამინისტროს 2024 წლის 20 მარტს ჩაბარდა.
წერილი იმ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლითაც 2019 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ 250 ათასი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აიღო, თუმცა, სამუშაოები დღემდე არ დაუწყია. აღნიშნული ვალდებულების შესრულების პირობით კი ამ კომპანიას სამინისტრომ ზღვასთან ახლოს 1,7 მილიონი კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწა მიყიდა საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად.
„ბათუმელების“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, „ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ აჭარის პროექტების მართვის კომპანიას 2022 წელს ხელშეკრულება შპს BWC-თან ჰქონდა გაფორმებული და ამ კომპანიისთვის 633 ათას 136 ლარი აქვს გადახდილი. შესყიდვების პორტალის მიხედვით ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი ამ კომპანიასთან 2023 წლის 24 დეკემბერსაა გაფორმებული.

ყინულის არენის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო
- „10 მილიონი დოლარი გადავიხადეთ ჩვენი ჯიბეებიდან არაფერში… რიგითი მოხელეც არ დასჯილა“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
„10 მილიონი დოლარი გადავიხადეთ ჩვენი ჯიბეებიდან არაფერში… აუშენებელია ერთი და მეორეც, რა გააკეთეს? ცხადია, ლოგიკურია კითხვები კორუფციაზე. ნამყოფი ვარ შიგნითაც და იქ არაფერი არ არის, აუზი და ყინულის მოედანი არ არსებობს,“ – ამბობს ლევან ანთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
მან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს დაუსვა კითხვა ამ პროექტის შესახებ, როცა მინისტრი უმაღლეს საბჭოს სტუმრობდა.
ლევან ანთაძე გვიყვება, რომ ამ პროექტს სიღრმისეულად მაშინ გაეცნო, როცა აჭარის მთავრობას ფული საქართველოს მთავრობამ ასესხა. ეს შემთხვევა და თანმდევი მოვლენები დეპუტატს უმყარებს ეჭვს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, „რუსული სტილით“.
„მე არ მახსოვს მსგავსი პრეცედენტი, ფული ესესხებინოს საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობისთვის… კანადურს კი ვეძახით იმ კომპანიას [ვისთანაც შეწყდა ხელშეკრულება], მაგრამ დირექტორი რუსი ჰყავდა, არ იგუგლებოდა, სამაგიეროდ ქვეკონტრაქტორი იყო „ანაგი“, რომელიც ახლა ტენდერში გამარჯვებულია. „ანაგი“ კი, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. შემთხვევით არაფერი ხდება,“ – მიიჩნევს ლევან ანთაძე.
ხელშეკრულება, რომელიც შეწყვიტეს, ოფიციალურად გაფორმებული იყო კანადური კომპანიის ფილიალთან, „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოსთან“, რომლის დირექტორია ოლეგ ზატულოვსკი. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით ის კანადის მოქალაქეა.

ლევან ანთაძე
დეპუტატის დაკვირვებით, ყინულის არენის და საცურაო აუზის ახალი ტენდერი „რუსული სტილით“ ჩატარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარი შეთანხმების გზით, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი კომპანია სამუშაოებს ფასს აკლებს იმ განზრახვით, რომ სხვამ ვეღარ შეძლოს ტენდერის მოგება, შემდეგ კი პროექტში ცვლილებები შედის და პროექტის საერთო ღირებულებაც იზრდება.
„აშენებული სტადიონის პრაქტიკაც ესაა, თავიდან რა რაოდენობა იყო და საბოლოოდ რა მოითხოვა იგივე „ანაგმა“?! აქაც მოითხოვენ თანხის გაზრდას, შევა ცვლილებები: „ანაგის“ მადა დიდია და იმ ჩინოვნიკებისაც, რომლებმაც ასე სასწრაფოდ დააანონსეს ეს,“ – აღნიშნა ლევან ანთაძემ „ბათუმელებთან“.
ლევან ანთაძეს უშუალოდ ჩაუბარებია წერილი ამ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში, თუმცა გამოძიების დაწყებაზეც კი, დეპუტატისთვის არაფერი უცნობებიათ.
ბათუმს კი ამ დრომდე არც მუნიციპალური საცურაო აუზი აქვს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს. საცურაო აუზით სარგებლობა ფუფუნების საგნად იქცა და ბევრად ძვირია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.
ნახეთ ვიდეო ამ თემაზე: