შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, მეორე დღეა ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან.
სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ მსგავსიმ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
Россотрудничество-ს თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავს სწავლებებს ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სანქცირებულ Россотрудничество-ს ვებგვერდზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და სამაჩაბლო, დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ბათუმელებმა“ შს სამინისტროს და სუს-ს ჰკითხა, ამ სემინარის მონაწილე რუსეთის მოქალაქე ტრენერებს ხომ არ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. კითხვას არც ერთმა მათგანმა არ უპასუხეს.
ორგანიზაცია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა.
წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, შეკვეთილში მიმდინარე სემინარზე ტრენერები რუსეთის ფედერაციიდან არიან მოწვეულები. მაგალითად, ნატალია ნოვიკოვა, რუსეთის „ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის“ თანამშრომელია, რომელიც 2022 წლიდან არის უკრაინის სანქციების სიაში.
ასევე, მოწვეული არიან ტატიანა მარჩენკო [სოლჟენიცინის სახლი საზღვარგარეთ] და ვადიმ კრისკო [ვინოგრადოვის რუსული ენის ინსტიტუტი].
„ბათუმელები“ „რუსული კლუბის“ ხელმძღვანელს, ნიკოლაი სვენტიცკის იმის გასარკვევად დაუკავშირდა, წელსაც Россотрудничество თუ აფინანსებს სემინარს შეკვეთილში.
სვენტიცკიმ კომენტარზე უარი გვითხრა.
„უკაცრავად, უცნობ ადამიანებთან არ ვსაუბრობ და არც მაქვს არანაირი სურვილი. მით უმეტეს, ვალდებულება არ მაქვს კომუნიკაციის.
რასაც თქვენ ამბობთ, სრული სიცრუეა. ძალიან დაკავებული ვარ და არ შემიძლია დრო დაგითმოთ“, – მოგვწერა ნიკოლაი სვენტიცკიმ მესენჯერში.
ის, რომ სანქცირებული Россотрудничество წინა წლებში საქართველოში მსგავს პროექტებს აქტიურად აფინანსებდა, სხვადასხვა რუსულენოვან წყაროშია აღნიშნული. მაგალითად, korsovet.ge-ს ინფორმაციით, 2021 წელს Россотрудничество აფინანსებდა მსგავს ტრენინგს შეკვეთილში, რომელშიც თსუ-ს დოქტორი დავით გოცირიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ტატიანა მეგრელიშვილი მონაწილეობდნენ. მაშინ პროექტში ასევე მონაწილეობდა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა მხეიძე.
ასევე, korsovet.ge-ს ინფორმაციით, Россотрудничество-მა 2023 წელსაც დააფინანსა მსგავსი შინაარსის სწავლებას.
„ბათუმელებმა“ შეკვეთილში მიმდინარე სწავლებაზე განათლების სამინისტროსთან სცადა ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა უწყებაში არც სატელეფონო ზარებს უპასუხეს და არც წერილობით გაგზავნილ კითხვებს.
„ბათუმელებმა“ ინფორმაციის გადამოწმება ასევე სცადა კონფერენციაში მონაწილე რამდენიმე ქართველ მასწავლებელთან. მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.
ვესაუბრეთ ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ფოთში, რომლის პედაგოგიც ასევე იმყოფება „რუსული კლუბის“ სემინარზე და ფეისბუკშიც აქვს ფოტოები განთავსებული შეკვეთილიდან.
კომენტარის გაკეთება არც აღნიშნული სკოლის დირექტორმა ისურვა. „მადლობა, რომ შემეხმიანეთ, მაგრამ ხომ შეიძლება არ ვისაუბრო?“ – გვითხრა მან.
სემინარის დღის წესრიგში მითითებულია, რომ ღონისძიების ბოლოს – გალა საღამოზე, რომელიც 14 ივლისს უნდა გაიმართოს, გამარჯვებულ ბავშვებს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტრიფომოვი დააჯილდოებს.
სკოლის დირექტორებს ვკითხეთ, თუ ჰქონდათ ინფორმაცია ამ ღონისძიებაში ბავშვების მონაწილეობის შესახებ, თუმცა მათ არც ამ კითხვაზე გვიპასუხეს გარკვევით.
ის, რომ „რუსული კლუბის“ ორგანიზებულ შეხვედრას საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან, დაგვიდასტურა სასტუმროს მფლობელმა ლია სამადაშვილმა.
მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სანქცირებული პირების ან რუსული ორგანიზაციების მონაწილეობაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ღონისძიების გამართვისთვის სასტუმროს თანხას ნიკოლაი სვენტიცკი იხდის, რომელიც „რუსული კლუბის“ დამაარსებელი.
„უცხო ენის მასწავლებელთა სემინარი იმართება და ჩვენი, საჯარო სკოლების მასწავლებლები მონაწილეობენ. სადღაც 30 მასწავლებელი იქნება. როგორც ვიცი, ტრენინგი ტარდება სწავლების მეთოდებზე.
როცა დარეგისტრირდნენ, იქ არ ეწერათ არსად, რომ ჩამოვლენ რუსეთიდან მაღალჩინოსნები ან ვიღაც. ამიტომ ვერ გეტყვით, რუსეთიდან ვინ მონაწილეობს. მე არ ვარ ამის შესახებ ინფორმირებული.
არც სანქცირებული ორგანიზაციის შესახებ ვიცი რაიმე, მე თანხას მირიცხავს სვენტიცკი და მეტი არაფერი ვიცი“, – აცხადებს ის.
დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სემინარში მასწავლებლების გარდა უნივერსიტეტების, იუსტიციის სახლის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ.
„სულ მოწვეულია 100 სტუმარი“, – ვკითხულობთ დღის წესრიგში.
ამ გეგმის მიხედვით, სემინარი 14 ივლისს უნდა დასრულდეს გალა-საღამოთი, სადაც იქნებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა როგორც შს სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ჰკითხა, აქვთ თუ არა აღნიშნული ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია და რუსეთის ფედერაციიდან მოწვეულ პირებს ხომ არ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რადგან პოტენციური დონორი ორგანიზაციის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ისინი მსგავს ღონისძიებას ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავენ.
ამ სამსახურებს კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.
- Россотрудничество-ს შესახებ
Россотрудничество-ს გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია არის რუსული სააგენტო, „რომლის მთავარი მისიაა გააძლიეროს რუსეთის ჰუმანიტარული გავლენა მსოფლიოში“.
2021 წლიდან მათ მიიღეს არაფორმალური სახელი „რუსული სახლი“.
ორგანიზაცია 2008 წელს პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა და მათი მიზანია რუსული გავლენების გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დსთ-ს ქვეყნებში.