მთავარი,სიახლეები

რა უთხრა გამოძიებას სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, რომელიც ახლა მოსამართლეა

06.07.2024 •
რა უთხრა გამოძიებას სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, რომელიც ახლა მოსამართლეა

როინ შავაძის საქმის“ პროკურორი ვასილ როინიშვილი გამოძიებამ 2023 წლის სექტემბერში გამოჰკითხა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, მათ შორის, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი დაწინაურდა.

სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლეს. გამოძიებას არც ახლა აქვს პასუხი: რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც არ არ დაკისრებია პასუხისმგებლობა.

2020 წელს, ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.

ვასილ როინიშვილიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოუკითხავთ. ჩვენ გამოკითხვის ოქმიდან ძირითად მონაკვეთს გთავაზობთ:

ყოფილ პროკურორს გამომძიებელმა უთხრა, რომ როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ, 2008 წლის 16 აგვისტოს, მას წერილობით შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილიდან აცნობეს.

რა ხდება ამის შემდეგ?

„გამოძიების დაწყების შემდეგ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ ეცნობებოდა პროკურორს. შესაბამისად, აღნიშნული წერილი ასახავს სწორედ გამოძიების დაწყების შემდეგ, პროკურორის ინფორმირებულობას გამოძიების დაწყების შესახებ.

მითითებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. პირველ რიგში,  გათვალისწინებული იქნა, რომ პროკურატურა უკვე აწარმოებდა გამოძიებას როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე და გამოსაძიებლად გადასაცემი საქმე, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვას ეხებოდა, პირდაპირ იყო დაკავშირებული როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან.

ამასთან, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, უზრუნველყოფილი იქნებოდა უფრო კვალიფიციური გამოძიების ჩატარება, რაც პროკურატურისთვის საქმის გადაცემის საფუძველი გახდა,“ – უპასუხა გამომძიებელს ვასილ როინიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ.

გამომძიებლის მორიგი შეკითხვა როინ შავაძის მეუღლესთან, ციცინო შავაძესთან აჭარის ყოფილი პროკურორის შეხვედრას ეხებოდა. „რა მოთხოვნა ჰქონდა გარდაცვლილის მეუღლეს?“ – ჰკითხეს მოსამართლეს.

ცნობილია, რომ ციცინო შავაძეს პროკურატურამ წლების განმავლობაში დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭა.

„გარდაცვლილ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს მე შევხვდი ერთხელ, ჩემს სამუშაო ოთახში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში. შეხვედრა შედგა თავად ქალბატონ ციცინო შავაძის ინიციატივით. კერძოდ, იგი მოსული იყო აჭარის პროკურატურაში და ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, აღნიშნულ დღეს მას შევხვდი ჩემს სამუშაო კაბინეტში.

ციცინო შავაძე ითხოვდა მისი მეუღლის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მას ჩემს მიერ განემარტა, მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე თუ რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა ჩატარებული. მასვე ჩემს მიერ ასევე განემარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და დავლოდებოდით შესაბამის შედეგს,“ – აღნიშნა ვასილ როინიშვილმა.

„ციცინო შავაძის განმარტებითვე, თქვენ მას მოუწოდეთ დამშვიდებისა და სახლში წასვლისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაირკვეოდა, რომ როინ შავაძე იყო სამშობლოს მოღალატე და თვითონ მას [ციცინო შავაძეს] ექნებოდა თავი მოსაკლავი. რა შეგიძლიათ განმარტოთ აღნიშნულთან დაკავშირებით?“ – მიმართა ისევ ყოფილ პროკურორს გამომძიებელმა.

„როგორც მოგახსენეთ, ქალბატონ ციცინო შავაძეს მე შევხვდი ერთხელ, მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დაწყებიდან რამოდენიმე დღეში, თვეს და რიცხვს ვერ ვიხსენებ. შეხვედრისას, იგი იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ადამიანურად ვეცადე მის დამშვიდებას. კერძოდ, მას ვუთხარი, რომ მიმდინარეობდა გამოძიება და უმჯობესი იქნებოდა დალოდებოდა გამოძიების შედეგებს. შეხვედრისას მოვუწოდე, რომ დამშვიდებულიყო და ამ საუბრით მართლაც ვცდილობდი მის დამშვიდებას.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოსდა მე ციცინო შავაძეს ვუთხარი, რომ როინ შავაძე იყო სამშობლოს მოღალატე და თვითონ ციცინო შავაძეს ექნებოდა თავი მოსაკლავი, მოგახსენებთ, რომ რაიმე ასეთ ფაქტს, რაიმე ასეთ სიტყვებს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“ – თქვა ყოფილმა პროკურორმა.

გამომძიებლის მორიგი შეკითხვა ასეთი იყო: „თქვენ როგორც საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა გაეცით თუ არა რაიმე მითითება/დავალება როინ შავაძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას?“

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილიდან პერიოდულად ვღებულობდი ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ისევე, როგორც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. ზოგადად, პროკურატურის ინტერესია, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმე იყოს სრულყოფილად გამოძიებული, შესაბამისად, თანამშრომლისთვის იმის შეხსენება, რომ სრულყოფილად გამოიძიოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, არ ხდება.

ბუნებრივია, რომ ყველა პროკურორის და მათ შორის ჩემს ინტერესსაც წარმოადგენდა ყველა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილად გამოძიება. შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რაიმე კონკრეტული მითითება ან დავალება ჩემი მხრიდან არ გაცემულა,“ – უპასუხა შეკითხვა მოსამართლემ.

გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვა როინ შავაძისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ამოღებაზეც – ამჟამინდელი გამოძიების ვერსიით, შავაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს.

„ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როინ შავაძის მიმართ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით არსებული სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ მასალებში, მათ შორის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული იყო ყალბი ინფორმაცია?“ – გამომძიებელი ისევ მიუბრუნდა მოსამართლეს.

„მე მსგავსი ინფორმაცია არ მქონია… მე მსგავსი ინფორმაცია არ მქონია ამ საქმეზე, ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორი [მათ შორის მისი ზემდგომი პროკურორიც] ინფორმაციას დანაშაულის და დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ იღებს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. მოცემულ შემთხვევაშიც დანაშაულის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებიდან მივიღეთ,“ – თქვა მოსამართლემ.

„გქონდათ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რეალურად რა ვითარებაში იქნა მოკლული როინ შავაძე?“ – ჰკითხა გასაუბრების ბოლოს გამომძიებელმა ყოფილ პროკურორს.

„გარდა როინ შავაძის მკვლელობის საქმეში არსებული ინფორმაციისა, მე სხვა რაიმე ინფორმაცია არ მქონია,“ – მოკლე აღმოჩნდა ყოფილი მთავარი პროკურორის პასუხი.

როცა ვასილ როინიშვილი 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა, „ბათუმელებმა“ მას „როინ შავაძის საქმე“ შეახსენა. მაშინ მან გვითხრა, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდა, შემდეგ კი, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გახდა:

„მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის არის ფუნქცია-მოვალეობათა მკაცრი გამიჯვნა, საჯაროა ეს დოკუმენტი, რომელი სფეროების კურატორიც ვიყავი. ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდიოდა საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმეზე პროცესუალური ხელმძღვანელობა, ეს არ შედიოდა ჩემს კომპეტენციაში და არაკორექტულია ასე რომ მოიკითხო,“ – მოსამართლემ ჩვენი დარწმუნება სცადა იმაში, რომ არ შეეძლო მინიმუმ მოეკითხა: რატომ ვერ გამოიძიეს სერჟანტის სასტიკი მკვლელობის საქმე? ან რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მოკლული სერჟანტის ცოლს, რომ ის მინიმუმ საქმის მასალებს გაეცნოს?

———

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს.

მკვლელობიდან 15 წელი ხელისუფლება რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.

ამ თემაზე:

„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: