სად შეწყდა წყლის მიწოდება ბათუმსა და ქალაქის შემოგარენში

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 19 ივლისის 02:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდათ ბენზეს, ბარცხანას, მაიაკოვსკის, ორთაბათუმის, წინსვილის, ჩაისუბნის, გ. წერეთელის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკის, ნ. ნიჟარაძის, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი მთაში არსებული უხვი ნალექის შედეგად ჩაქვისა და ლეჩას სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

ფეისბუქზე ყალბი პროფილებით თანხის სესხებას ითხოვდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც  წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარების, ასევე ფოტოსურათების გამოყენებით ყალბ გვერდებს ქმნიდა.

აღნიშნული გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“ –

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

ფოტო შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს

„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს?

ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს.

მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო სარგებლობაში არსებული გზაც.

„ზღვასთან გააკეთეს აბრა, დააყენეს დაცვაც და ეკითხებიან ადამიანებს – „ვისი დამსვენებელი ხარ“, „აქ არ გაიარო“, კერძო საკუთრებააო.

გუშინ შევიკრიბეთ მთელი მეზობლობა, ვესაუბრეთ მეპატრონეებს, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანეთ მისი საუბრიდან, რაღაცას მიედ-მოედება.

ჯერ გვითხრა, კერძო საკუთრებაა, მაგრამ გაიარეთო, მაგრამ ამ პლაჟზე ჩემი ტურისტი უნდა დაწვეს და თქვენი „აქანა-იქანა“ დონის ტურისტებით მათ დისკომფორტს უქმნითო.

ზუსტად ასე გვითხრა. ესე იგი, თვითონ მაღალი დონის ყოფილა და ჩვენ არა“, – გვეუბნება ლელა ჯაველიძე.

გზა გადაგვიკეტეს, პლაჟზე გასვლის უფლებას არ გვაძლევენ – მოქალაქეები შეკვეთილში.

მისი თქმით, აღნიშნულ სასტუმროებს კილომეტრამდე ტერიტორიები აქვთ მისაკუთრებული და სხვა ადამიანებს თუკი მოუნდებათ პლაჟზე გადასვლა, შემოვლითი გზებით უნდა ისარგებლონ.

„რომც გაგატაროს, გეუბნება პლაჟზე არ დაწვეო. ყველაფერი გამიგია, მაგრამ სანაპიროს გასხვისება ან მითვისება გაგონილა სადმე?

დოკუმენტს არ გვაჩვენებენ, არ მივაჩნივართ არაფრად, დაბალ ფენად გვთვლიან და მათ მხარესაა ძალაუფლება. ლობირებენ ყველგან – მერიაში, სხვა უწყებებში და ჩვენ აღარ გვისმენს არავინ.

მივმართეთ მერიასაც და მოგვწერეს სასაცილო წერილი, რომ პლაჟზე გავლას და განთავსებას არავინ გიშლით, მაგრამ პლაჟამდე მისასვლელი გზა კერძო საკუთრებააო“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

საუბარში გვერთვება დათო ჯაველიძეც, მისი თქმით, მოსაკვლევია, რის საფუძველზე გადასცა საკუთრებაში გზა მერიამ სასტუმროს მფლობელს.

„როგორ გაყიდა მერიამ საერთო სარგებლობის გზა? – შეცდომით გაყიდეს თუ მიზანმიმართულად, ეს არ ვიცით, მაგრამ 300-მდე ოჯახს გადაადგილებას რომ გვიზღუდავენ, ფაქტია.

ზღვაზე რომ გავიდე, ერთკილომეტრიანი წრე უნდა დავარტყა და იქაც არ დაწვეო – გეუბნებიან. თავიდან როცა დაიწყეს ამ გზის გადაღობვა, თქვეს, რომ გავაკეთებთ და ყველა ისარგებლებსო. ამით გაგვაჩერეს და მოგვატყუეს. ახლა გვეუბნებიან, „წადით აქედან“, – ამბობს დათო ჯაველიძე.

მოქალაქეების თქმით, „მაგნიკა რიზორთის“ მფლობელი, ესთეტიკური კლინიკების ქსელის მფლობელი გიორგი მჭედლიძეა, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა. „ივერია ლ-ის“ კი მერაბ ხომერიკი ფლობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სასტუმრო „ივერია ლ-ის“ მფლობელი ლიკა ხომერიკია, თუმცა ცალკეულ დოკუმენტებში მერაბ ხომერიკის სახელიც ფიქსირდება.

„ივერია ლ-ის“ მფლობელი გვეუბნება, მე დუბაიში, რომ ვისვენებდი, ხუთ-ვარსვკვლავიან სასტუმროში, ავტობუსი გვემსახურებოდა და გავყავდით პლაჟზეო. ესე იგი, დაიქირავეთ ავტობუსი და ტურისტი გეყოლება თუ სტუმარი, ასე იარეთ ზღვაზე. დაგვცინიან.

„მაგნიკას“ მეპატრონემ მითხრა მე არ მინდა კონფლიქტი, შეგიშვებთ გზაზე, მაგრამ მდინარე სეფასთან გადით და იქ დაისვენეთო. ეს მდინარე ზღვას უერთდება და კი იცით ალბათ, მდინარე ზღვას რომ უერთდება, როგორი სიტუაციაა იქ.

თანაც არჩევანის უფლებას გვართმევენ და თვითონ გვიწყვეტენ, სად დავისვენოთ და როგორ. მეც მინდა კომფორტი შევუქმნა ჩემს დამსვენებელს და საკუთარ თავსაც“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

მოქალაქეების თქმით, ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება.

„ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ეს ძალიან შემაშფოთებელია. ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე.

„ბათუმელები“ შეკვეთილში კიდევ ერთ მოქალაქეს, მზია ხომერიკს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ამ პრობლემის გამო ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ.

„ეს პრობლემა ახლა წარმოიშვა, რადგან აქამდე ვიცოდით, რომ ყველასი იყო ეს გზა. უცებ აღმოჩნდა, რომ საფეხმავლო ბილიკზე, რომელიც გააკეთა „ივერია ლ-მა“, თურმე ჩვენ და ჩვენს ტურისტებს გავლა არ შეგვიძლია.

თუმცა ყველაზე სანერვიულო თემა ის არის, რომ ტურისტები გვიუქმებენ ჯავშნებს, როცა იგებენ, რომ შემოვლითი გზებით მოუწევთ პლაჟზე გადასვლა და შეიძლება იქაც არ გააჩერონ. აი, ახლაც ერთ დამსვენებელს ვესაუბრებოდი, რომელიც აპირებს აგვისტოში ჩამოსვლას, მაგრამ თუ გზის პრობლემაა, მაშინ გავაუქმებ ჯავშანსო, მეუბნება.

სასტუმროს მეპატრონე მეუბნება, რომ დღეს შეიძლება გაგატაროთ ამ გზაზე, მაგრამ სამომავლოდ მაინც გექნებათ პრობლემა, რადგან ეს სერვიტუტი, რომელიც გამოყოფილია ახლა პლაჟზე გადასასვლელად, ჩაიკეტებაო.

თუ ხვალ ის მიწის ნაკვეთიც გაიყიდება, რასაც ამ წუთას სერვიტუტი ადევს, მაშინ საერთოდ აღარ გვექნება პლაჟზე ჩასვლის უფლება. მაშინ ჩვენ უნდა შევისყიდოთ მეზობლებმა ეს სერვიტუტის ადგილი, რომ არ ჩაგვიკეტოს სხვა მეპატრონემ“, – ამბობს მზია ხომერიკი.

მერის წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში, ვალერიან ვაჩეიშვილიც დასტურებს, რომ პლაჟზე გადასასვლელი გზა კერძო საკუთრებაშია, თუმცა ვინ და როგორ გაყიდეს გზა, ამაზე ვერ გვპასუხობს. მისი თქმით, პლაჟზე ყოფნის უფლება ყველას აქვს, პლაჟი არ იყიდება და ვერც სასტუმროს მფლობელი შეუზღუდავს სხვა მოქალაქეს იქ ყოფნის უფლებას.

„ალბათ ფრთები უნდა გამოვისხათ და გადავფრინდეთ? ჩასასვლელი თუ ჩაგვიკეტეს, არც ტურისტი გვეყოლება და ფაქტობრივად გვანადგურებენ პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროებს. ჩვენ არსებობას გვისპობენ.

„ჩვენს ეზოში ნუ შემოდის თქვენი ხალხი“ – ასე გვეუბნებოდა გუშინ „ივერია ლ-ის“ წარმომადგენელი და როგორ არის ეს მათი ეზო, როცა მათი ტერიტორია შემოღობილი აქვთ.

რაც შეეხება პლაჟს, მე მგონი უხერხულია დამსვენებელს უთხრა, „იქ არ დაჯდე და აქ დაჯექი“. მაშინ იყიდეთ გვერდით ნაკვეთი და იქ გაჭერით ბილიკიო, – გვეუბნებიან. სახელმწიფოს გარეშე ხომ ამ მიწებს ვერ მიისაკუთრებდნენ, არა? თვითონ გაიკეთეს საქმე და ჩვენ, ამდენი კომლი მოგვიქნიეს“, – ამბობს მზია ხომერიკი.

ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად ვცადეთ ოზურგეთის მერთან დაკავშირებაც, თუმცა ავთანდილ თალაკვაძემ არ გვიპასუხა. მერს წერილობითაც ვკითხეთ, თუ იცნობს აღნიშნულ პრობლემას და თუ აქვთ სასტუმროების მფლობელებს უფლება, ზღვაზე გადასასვლელი ბილიკები საკუთრებაში დაირეგისტრირონ?

მერიისგან განმარტების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.

რაც შეეხება სასტუმროების მფლობელების პოზიციას, „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერაბ ხომერიკს, რომელმაც ამ თემაზე განმარტება არ ისურვა.

გიორგი მჭედლიძეს კი ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ტერიტორია, რომელიც სერვიტუტით არის დატვირთული, უკვე კერძო საკუთრებაა. კონკრეტულად კი, ეს ტერიტორია გიორგი მჭედლიძისა და მერაბ ხომერიკის თანასაკუთრებაშია.

საკონსტიტუციოს თანამშრომელი პოლიციის მხრიდან ძალადობასა და უკანონო დაკავებაზე წერს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე, თორნიკე ობოლაშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე დეტალურად აღწერს, როგორ დააკავა ის პოლიციამ ქუჩაში უკანონოდ, შემდეგ კი პოლიციის შენობაში გადაიყვანა და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თორნიკე ობოლაშვილმა უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო პოლიციას.

წუხელ თორნიკე ობოლაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ფეისბუქზე უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემს ამბავსაც მოგიყვებით, სამწუხაროდ მოკლედ მოყოლა არ გამომივა..

ორშაბათს, 15 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევრისკენ, გამოვედი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან და მივდიოდი ავტობუსის გაჩერებისკენ, რათა შევხვედროდი მეგობარს. გაჩერებისკენ მიმავალს მომესმა სიტყვები – „ჯიგარო, აქეთ მოიწი“. როდესაც მივტრიალდი დავინახე, რომ ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი დაახლოებით 40 წლის მამაკაცი მე მთხოვდა მათთან მისვლას.

ვკითხე ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, რაზეც მიპასუხეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და სურდათ ჩემი იდენტიფიცირება. ვინაიდან, გარეგნულად არაფერზე ეტყობოდათ, რომ პოლიციელები იყვნენ მოვთხოვე ჯერ თავად წარმოედგინათ შესაბამისი საბუთი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მაჩვენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა. აღნიშნულის შემდგომ, დავრწმუნდი რა, რომ ნამდვილად პოლიციიდან იყვნენ ჩემი ჩანთიდან ამოვიღე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამომართვა ერთ-ერთმა მათგანმა.

ამ დროს მეორე პოლიციელმა მითხრა, რომ „ტურისტს“ ვგავდი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და ვთხოვე ახსნა თუ რას გულისხმობდა ამით, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ცუდი განზრახვით არ უთქვამს და კომპლიმენტად უნდა მიმეღო.

ამის შემდგომ, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ზედაპირულად უნდა შევემოწმებინე, რაზეც დავთანხმდი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე საშუალება მივეცი ზედაპირულად შევემოწმებინე.

მას შემდეგ, რაც ზედაპირულად შემამოწმა, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ჩანთა გამეხსნა, რაზეც უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი.

აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ მისი მუქარა იყო არაკანონიერი და კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი პირადობის მოწმობა და გავეშვი, რადგან მეგობართან შესახვედრად მაგვიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს გადავიღებდი ვიდეო კამერით. ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ მიბრუნებდნენ პირადობის მოწმობას, მეუბნებოდნენ, რომ თუ მართლა მეჩქარებოდა მაშინ გამეხსნა ჩანთა და თან მეუბნებოდნენ რომ ნუ ვკანკალებდი :დ (არ ვკანკალებდი :დ).

ასე ვიყავით დაახლოებით 5 წუთი, რის შემდეგაც ამოვიღე ჩემი მობილურის ტელეფონი და ჩავრთე კამერა, რათა ამესახა ამ პოლიციელების უკანონო ქმედებები. როგორც კი დაინახეს, რომ გადაღება მართლა დავიწყე, მაშინვე ორივე შეხმატკბილებულად მომვარდა, ტელეფონი წამართვეს, ხელები ძლიერად გადამიგრიხეს და სწრაფი ტემპით წამიყვანეს მათი მანქანისკენ.

მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამ დროს დავინახე, რომ იქვე იმყოფებოდა ერთი ბიჭი, რომელსაც ვთხოვე ეს ყველაფერი ვიდეოკამერით გადაეღო, მაგრამ მითხრა, რომ მის ტელეფონს კამერა გაფუჭებული ჰქონდა და ვერ გადაიღებდა. სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა.

ამ დროს გავიგე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაციით დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. მალევე მანქანის უკანა სავარძელზე ძალით ჩამაგდეს, ერთი პოლიციელი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორე ჩემს გვერდით და ხელი ძლიერად გადამიგრიხა. ამ დროს დამხმარე ეკიპაჟიც მოუვიდათ და უკანა სავარძელზე კიდევ ერთი პოლიციელი მომიჯდა, რომელმაც მეორე ხელიც გადამიგრიხა. ასე მიმიყვანეს თემქის პოლიციის განყოფილებამდე. მანქანიდან ისევ ძალით გადმომიყვანეს და შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

პოლიციის შენობაში შეყვანის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა აგდებული ტონით მითხრა – „ჰა, ახლა ხო მაინც გახსნი მაგ ჩანთას“. ამაზეც ვუპასუხე რომ მე ჩემი ნებით ჩანთას არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ ენახათ მაშინ უნდა გაეჩხრიკათ. ამის შემდეგ ჩამიყვანეს ქვევით სართულზე, სადაც კამერები არ იყო და დამიწყეს აგდებული ტონით საუბარი, რომ რამდენს ვბედავდი, როცა უარს ვეუბნებოდი ჩანთის გახსნაზე.

მე მოვითხოვე განემარტათ სტატუსი ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც ისევ აგდებული ტონით მითხრეს რომ ბორკილები ხომ არ მეკეთა და თუ იურისტი ვიყავი ეს უნდა მცოდნოდა :დ. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი მითხრეს და „განმიმარტეს“. რომ ვიყავი არა დაკავებული არამედ შეკავებული (პოლიციის განყოფილებაში :დ).

ამის შემდეგ მოვითხოვე ადვოკატთან ზარის განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ რახან დაკავებული არ ვიყავი ამიტომ არ მქონდა არც ზარის განხორციელების უფლება და არ დამარეკინეს. ასე გავიდა დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც ჩემთან მოვიდა არაერთი პოლიციელი, რომლებიც ზუსტად ერთი და იგივეს მეუბნებოდნენ – თითქოს ვალდებული ვიყავი, რომ ჩანთა გამეხსნა და რომ არ გახსნის მიზეზი მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შიგნით რაღაც უკანონოს ვინახავდი.

ამის შემდეგ ჩამოვიდა ისევ ის პოლიციელი, დამიბრუნა ჩემი ტელეფონი და მითხრა, რომ უფლება მქონდა დამერეკა ადვოკატთან. მე გამოვართვი ტელეფონი და როგორც კი მას ბლოკი მოვხსენი, უკნიდან მეორე პოლიციელი მომეპარა, ტელეფონი წამართვა და გაიქცა :დ, ხოლო დანარჩენმა პოლიციელებმა მითხრეს რომ სკამზე დავრჩენილიყავი და არ გავნძრეულიყავი.

მიუხედავად ამდენი და ასეთი სახის უკანონობისა შევძელი თავის ხელში აყვანა და მშვიდად განვაგრძე მოცდა (სხვა რაღა დამრჩენოდა..). აშკარა იყო, რომ სურდათ ჩემს ტელეფონში არსებული პირადი ინფორმაციის ნახვა იმ იმედით, რომ იქნებ რამე უკანონოსაც გადაყროდნენ :დ.

ამის შემდეგ ჩემთან ჩამოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელმაც თავი გამაცნო განყოფილების უფროსად და მითხრა თავიდან მომეყოლა ყველაფერი. მეც დავიწყე თავიდან ყველაფრის მოყოლა, მაგრამ ლაპარაკისას მაჩერებდა და მეუბნებოდა ხელები არ მექნია და მშვიდად მესაუბრა (ხელები ისედაც გაჩერებული მქონდა და მშვიდად ვსაუბრობდი :დ).

განყოფილების უფროსს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი (ის, რომ უკანონოდ წამართვეს ტელეფონი, უკანონოდ დამაკავეს, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მექცეოდნენ აგდებულად და რომ ტელეფონი მეორედ წამართვეს (ამჯერად განბლოკილ მდგომარეობაში) და დიდი ვარაუდით უკანონოდ აგროვებდნენ ჩემს ტელეფონში არსებულ პირადი ხასიათის ინფორმაციას და ვთხოვე დაებრუნებინათ ჩემი ტელეფონი და მოეცათ უფლება დამერეკა ადვოკატთან, რაზეც მან მიპასუხა, რომ მომეცადა და თვითონ აუცილებლად გაერკვეოდა საქმის ვითარებაში. ასევე, მკითხა თუ სად ვმუშაობდი და ვუთხარი რომ ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, რის შემდეგაც მისი სახის გამომეტყველებაზე უკმაყოფილება შევნიშნე.

საბოლოოდ წავიდა იმ პირობით რომ საქმის დეტალებში მალე გაერკვეოდა და მთხოვა მომეცადა მის დაბრუნებამდე. მე ვიცდიდი, ის არ მოვიდა. არც ის მითხრეს დალოდების საათები როდიდან რომლამდე მქონდა :დ.

დაახლოებით კიდევ 1 საათის გასვლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა რამდენიმე პოლიციელი და მითხრეს, რომ წინააღმდეგობას გაწევას აზრი არ ჰქონდა და ჩანთა გამეხსნა. ამაზე ვუთხარი, რომ მე წინააღმდეგობა არცერთ ეტაპზე არ გამიწევია და რომ მე თვითონ ჩანთას კვლავ არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ თავად გაეჩხრიკათ. ამის შემდგომ გამომართეს ჩანთა და დაიწყეს მისი გაჩხრეკა და ვიდეო გადაღება. მათდა სამწუხაროდ არც ჩანთაში აღმომაჩნდა რაიმე სახის უკანონო ნივთი.

სამაგიეროდ აღმოჩნდა ჩემი სამსახურებრივი მოწმობა, რომელზეც ეწერა, რომ ნამდვილად ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე. აღნიშნულის შემდგომ, ჩემს მიმართ აქამდე არსებული აგდებული ტონი ძირეულად შეიცვალა და დაიწყეს, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომ თუ მე თავიდანვე ვანახებდი მათ ჩემს სამსახურებრივ მოწმობას ისინი მაშინვე გამიშვებდნენ და ეს „გაუგებრობაც“ არ მოხდებოდა.. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთმა მათგანმა დაიგინა :დ. ასევე მითხრეს, რომ თითქოს ჩვენ ერთ საერთო საქმეს ვემსახურებოდით და ბევრი საერთო გვქონდა :დ (კენდრიკს მეტი საერთო აქვს დრეიკთან ვიდრე მე ყველა იმ პოლიციელთან, რომლებიც ასეთ უკანონობას სჩადიან, არღვევენ ადამიანის უფლებებს და აზიანებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს.

ამის შემდგომ ჩემთან მოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გამეცნო როგორც გამომძიებელი და მითხრა რომ დგებოდა ჩემი დაკავების ოქმი და რომ დაახლოებით 1 საათში შევძლებდი პოლიციის შენობის დატოვებას, თუმცა დარეკვის საშუალება არც მან მომცა, რადგან, მისი აზრით, ადვოკატის საჭიროება არ იყო..:დ.

დაახლოებით 1 საათში მართლაც ჩამოვიდა ის პოლიციელი, რომელმაც დამაკავა და მითხრა, რომ ხელი უნდა მომეწერა დაკავების ოქმზე, რაზეც უარი განვაცხადე 2 მიზეზის გამო: ა) ძალიან რთულად ან საერთოდ არ იკითხებოდა ოქმში რა ეწერა; ბ)რისი წაკითხვაც მოვახერხე იყო ტყუილი, კერძოდ, ოქმში ეწერა, რომ მე დაკავებისთანავე განმემარტა ჩემს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, რომ მქონდა ჩემი დაკავების ფაქტი მეცნობებინა ახლობლებისთვის.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არათუ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მომცეს, ისიც კი არ განმიმარტეს, რომ ვიყავი დაკავებული და არა შეკავებული :დ. ასევე, ოქმში რაც გავარჩიე მედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც თითქოს გამოიხატა იმაში, რომ არ მივეცი ზედაპირული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მაშინვე დავთანხმდი ზედაპირულ შემოწმებას და რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, რაც შეეხება ჩანთის გახსნაზე უარის თქმას, ეს უკვე აღარ წარმოადგენს ზედაპირულ შემოწმებას და სრული უფლება მქონდა უარი მეთქვა ჩანთის გახსნაზე. ასევე ოქმში წერია, რომ თითქოს პოლიციელებს ვესაუბრებოდი ცინიკურად, რაც ასევე ტყუილია, თუ ცინიზმში იმას არ გულისხმობენ, რომ ვიცოდი კანონში რა ეწერა და მოვუწოდებდი კანონის შესაბამისად ემოქმედათ.

საბოლოოდ, 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში ვიყავი უკანონოდ დაკავებული, არ მომცეს უფლება დამერეკა, რის გამოც ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, მათ შორის ასაკოვან ბებიას, მოუწია ნერვიულობა. გამიჩხრიკეს ტელეფონი, ფოტო-ვიდეოსურათების განყოფილებაში ჩასულები იყვნენ წინა წლის გაზაფხულამდე :დ. არ ვიცი კიდევ რა სახის ინფორმაციას გაეცნენ. ასევე წაშლილი დამხვდა ის რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც მოვასწარი სანამ ტელეფონს წამართმევდნენ.

ცხადია, ჩემს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ამ პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი მათ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე.

გუშინ უკვე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ველი მათგან ადეკვატურ რეაგირებას. დღეს, წესით უნდა დამკავშირებოდნენ და სამედიცინო შემოწმება უნდა გამევლო სამხარაულის ექსპერტიზაში, რადგან იდაყვზე, თითებზე და მხრებზე მაქვს დაზიანებები და სისხლჩაქცევები ასევე კლინიკაში გავლილი დიაგნოზის თანახმად, მაქვს მარჯვენა მხრის სახსრის იოგების ღრძობა-დაჭიმულობა, თუმცა ჯერ არ დამკავშირებიან.

ყველას დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის. ამასთან, ძალიან გთხოვთ, თუ 15 ივლისს საღამოს 6-ის ნახევრიდან 6-საათამდე პერიოდში ვინმე იმყოფებოდა თემქის მე-3 მკრ.რ-ის მე-5 კვარტალში და შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს დამიკავშირდით“.

თორნიკე ობოლაშვილის თქმით, ის უკვე გამოკითხეს, თუმცა მისთვის არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების შესახებ.

პედაგოგები პრემიერ-მინისტრს ახალი სახელფასო ფორმულის შეცვლას სთხოვენ

მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა, საჯარო სკოლის 69 პედაგოგმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა. პედაგოგები ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას მოითხოვენ.

პედაგოგების განცხადებით, სახელფასო ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა.

„მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა“ – აცხადებენ პედაგოგები.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც პედაგოგებმა პრემიერს დღეს, 17 ივლისს გაუგზავნეს.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 19 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების, N 108/ნ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“, თანახმად გამოქვეყნებულმა სახელფასო პოლიტიკამ მასწავლებელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

სახელფასო პოლიტიკის თანახმად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხით, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მიღწევების გაუფასურებით.

მასწავლებელთა საზოგადოება ფიქრობს, რომ სახელფასო ფორმულის შედგენაში მონაწილე პირებმა გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაითვალისწინეს ქართული სკოლების სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ნიუანსები, რომლებიც ფორმულის ავტორებს გამორჩათ და მათი გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროში, რომელშიც დაანონსებული იყო ახალი სახელფასო ფორმულის შემუშავება.

პედაგოგთა კორპუსთან შეხვედრისა და დისკუსიისას გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:

  • მცირეკონტინგენტიან სკოლებში, საათების დეფიციტის ფონზე, მასწავლებელთა ანაზღაურების მატება უპრეცედენტო ვერ იქნება, რადგან სახელფასო ფორმულით ხელფასის გაზრდა მხოლოდ საათების რაოდენობას უკავშირდება;
  • დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, სახელმწიფოს მოთხოვნით, ჩაბარებული აქვთ კომბინირებული გამოცდა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ენას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას მოიცავს. ამ საათების კვირეული ჯამი კი 13-14 საათი გახლავთ.
  • სკოლების უმტეს ნაწილში დაწყებითი კლასების მასწავლებლები მხოლოდ ამ საგნებს ასწავლიან, შესაბამისად, მათი სრული დატვირთვა აღნიშნული რაოდენობის საათებით განისაზღვრება. სწორედ ამ ფაქტორისა და დაწყებითი კლასების ურთულესი სპეციფიკის გათვალისწინებით, აბსოლუტურად მართებული იქნება მათთვის სრულ დატვირთვად განისაზღვროს 13 საათი და მიეცეთ სრული განაკვეთის შესაბამისი საათობრივი ანაზღაურება და დანამატები.
  • სკოლების ნაწილში კი დაწყებითი კლასების პედაგოგები ასწავლიან სხვა საგნებსაც (მე და საზოგადოება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი ) შესაბამისი საგნობრივი სპეციალისტების დეფიციტის გამო, ან/და დირექციის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ახალი წესით დაუანგარიშდეთ დაუდასტურებელი საგნები, უწევთ, დამატებით ჩააბარონ კიდევ რამდენიმე გამოცდა საათების შესავსებად.
  • დაწყებითი კლასების პედაგოგებს ახალი წესით დაანგარიშება არ შეეხოთ ჭადრაკის სწავლების შემთვევაშიც. ამ საგნის სწავლების უფლების მოსაპოვებლად მათ გაიარეს ტრენინგები და აიღეს საგნის სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
  • ამ საგანში არ ჩატარებულა გამოცდა (ისევე როგორც საგან მე და საზოგადოებაში) შესაბამისად, პედაგოგებიც ვერ დაადასტურებდნენ საგნობრივ კომპეტენციას. ახალი სახელფასო ფორმულით, მათ არ ეთვლებათ აღნიშნული საგანი დადასტურებულად და ხელფასი დაუდასტურებელი საათების ღირებულებით განისაზღვრა.
  • პრობლემა საჭიროებს შესწავლას და სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას.
  • არაქართულენოვანი სკოლებისთვის დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდა (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)) არ არსებობს მათს მშობლიურ ენაზე.
  • შესაბამისად, თუ არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს საგნის გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება უნდა, გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბაროს და არა იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის (აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, სომხური ენა და ლიტერატურა…).
  • სტატუსის მოსაპოვებლად ჩააბარო ის საგანი, რომელსაც არ ასწავლი, არამარტო რთულია, არამედ არალოგიკურიც და დისკრიმინაციულიც. შესაბამისად, არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის კომბინირებული გამოცდის ჩაბარება და უფროსის სტატუსის მოპოვება არ შეუძლიათ და არც ხელფასი მოემატებათ ახალი სახელფასო ფორმულით, რაც, ვფიქრობთ, უსამართლობაა.
  • ასევე სავალალოა საბუნებისმეტყველო საგნებისა და მეორე უცხოური ენის პედაგოგთა ბედი, რადგან მცირეკონტინგენტიან სკოლებში მათი დატვირთვა ვერ აღწევს 15 საათამდე.
  • სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იყოფიან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. თითოეული სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა დააკმაყოფილეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა მათი საქმიანობა და მიანიჭა კვალიფიკაცია, რაც წახალისებული იყო შესაბამისი დანამატით. ახალმა სახელფასო ფორმულამ კი სამივე სტატუსის მქონე მასწავლებლები დააზარალა და მათ მიერ გაწეული შრომა ავტომატურად უგულებელყო, კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დანამატიანად აღარ ფიგურირებს დოკუმენტში.
  • ფორმულის გათვალისწინებით, წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. მართალია, საბაზო ხელფასი გაიზარდა, თუმცა მატება დანამატის ხარჯზე მოხდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა.
  • ან, თუ შეიცვალა, ამის საკომპენსაციოდ საჭირო გახდა ორი წლით 200 ლარიანი დანამატის გაცემა, რამაც მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთა უმეტეს ნაწილში გულისწყრომა და მოტივაციის დაცემა გამოიწვია.
  • გარდა მორალური ზიანისა, დაწყებითების, საბუნებისმეტყველო, მეორე უცხოური ენისა და სხვ. წამყვან-მენტორ მასწავლებლებს მატერიალური ზარალიც მიაყენა ახალმა სახელფასო ფორმულამ: თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის იანვარში მასწავლებლების ანაზღაურება 125 ლარით უნდა გაზრდილიყო (ხელზე ასაღები 100 ლარი), 2025 წლის იანვრამდე, ერთი წლის განმავლობაში, მასწავლებელს 1200 ლარი უნდა მომატებოდა. ახალი ფორმულით კი იანვრამდე 157X6=942 ლარს მიიღებენ.

2025 წლიდან ეს ზარალი მზარდია და ორი წლის შემდეგ საერთოდ გაუგებარია ანაზღაურების შემცირების პერსპექტივა.

  • ასევე მნიშვნელოვანია მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლების მდგომარეობის გათვალისწინება. სისტემაში მრავლად გვყავს 1 და 4 კრედიტიანი მასწავლებლები, რომელთაც სახელმწიფომ უფროსის სტატუსი მიანიჭა და სახელფასო მატება შეეხოთ, მაგრამ ასევე გვყავს საგნობრივ კომპეტენცია დადასტურებული პედაგოგები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ასევე მაღალმთიან რეგიონებში გვყავს პედაგოგები, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, მაგრამ კადრების დეფიციტის გამო სკოლამ ვერ გაათავისუფლა ისინი და მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის სტატუსით ატარებენ გაკვეთილებს. მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს ახალი სახელფასო ფორმულით საერთოდ არ ეხებათ საბაზო ანაზღაურების მატება. ეს იმ ფონზე, როცა გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება, ხოლო მოწვეული ან მაძიებელი პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილების საფასური ძველი ტარიფით განისაზღვრა, რაც პედაგოგის შრომას აუფასურებს. ვფიქრობთ, ეს მოცემულობა დისკრიმინაციულია.
  • სახელფასო ფორმულა არ ითვალისწინებს კლასის დამრიგებლის ხელფასის მატებას. კლასის დამრიგებლის პოზიცია საპასუხისმგებლო და შრომატევადია, შესაბამისად, ანაზღაურება არ შეესაბამება გაწეულ შრომას.
  • ახალი სახელფასო ფორმულით სპეც. მასწავლებლის ანაზღაურება დამოკიდებულია სსსმ მოსწავლეთა რაოდენობაზე და არ აღემატება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამის თანხას, კერძოდ, სპეც. მასწავლებელს, შესაძლოა, მოეთხოვოს კვირაში 25 საათიანი დატვირთვა, თუმცა მისი ანაზღაურება 18 საათიანი დატვირთვის შესაბამისია. მაგალითად, ამა თუ იმ საგნის მასწავლებლისთვის 25 საათიანი სამუშაო დატვირთვის ანაზღაურება 2350 ლარია, ხოლო ანალოგიური დატვირთვის მქონე სპეც. მასწავლებლის ხელფასი 1344-1790 ლარით განისაზღვრება.
  • ახალი სახელფასო დოკუმენტით დაზარალდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დასაქმებულნი არიან მცირეკონტინგენტიან სკოლებში.
  • მცირეკონტინგენტიან სკოლებში კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელი მხოლოდ 7-8 საათს ატარებს, საათობრივი სარგოს 210-240 ლარის 672-778 ლარამდე გაზრდა ვერ უზრუნველყოფს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის დანამატის შემცირების კომპენსირებას.
  • ვინაიდან ფორმულით მასწავლებელთა სახელფასო ზრდა მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს:

ა) მასწავლებელთა დაპირისპირება საათების გადანაწილების პროცესში;

ბ) გაკვეთილების ხარისხის დაწევა, რაც გამოწვეული იქნება დიდი რაოდენობით საათობრივი დატვირთვით;

გ) არაფორმალური განათლების უგულებელყოფა;

დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სურვილის დაქვეითება;

ე) პროფესიაში ახალი კადრების შემოდინების შეფერხება, სახელფასო პოლიტიკით მე-15 საათის ღირებულება განისაზღვრება 206 ლარით, ხოლო 15 საათის შემდეგ იკლებს საათის ანაზღაურება.

13. გაუგებარია, რას ეყრდნობა მე-15 საათის განსხვავებული ტარიფი ან შემდგომ კლება.

14. სამუშაო გამოცდილებისა და განათლების ხარისხის დანამატი 15 საათის შემთხვევაში სრული სახით გაიცემა და ნაკლების შემთხვევაში – პროპორციული წესით. გამოდის, რომ ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში ნებისმიერი გამოცდილება და ხარისხი ეჭვქვეშ დგება.

15. მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში 150 ლარით განისაზღვრება, ნაკლები საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში იკლებს პროპორციულად, რაც გაუმართლებელია. ზემოთ განხილული პუნქტების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას;

ბ) უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვროს მათი შრომისა და მიღწეული კვალიფიკაციის შესაბამისად. აღდგეს სტატუსის დანამატის არსებული ოდენობა, რაც პედაგოგებისთვის არის პროფესიული კვალიფიკაციის თანამდებობრივი სარგო, შრომის დაფასება და თითოეული პედაგოგისთვის კარიერულ საფეხურზე წინსვლის მოტივაცია;

გ) საბაზო ხელფასის მატება შეეხოს მოწვეულ და მაძიებელ პედაგოგებს

დ) დაწყებითი კლასების პედაგოგებს, რომელთაც მოეთხოვებოდათ მხოლოდ კომბინირებული გამოცდის (ქართულის, მათემატიკისა და ბუნების) ჩაბარება, საათობრივ ბადეში III-IV კლასებში მხოლოდ 13 საათი უფიქსირდებათ, ხოლო I-II კლასებში – 14 საათი.

სამართლიანი იქნება აღნიშნული კატეგორიის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 18 საათიანი დატვირთვის ღირებულებამდე გაზრდა;

ე) გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ანაზღაურება;

ვ) ახალ სახელფასო დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნას მცირესაათიანი საგნები: მოქალაქეობა, უცხოური ენები, კომპიუტერული ტექნოლოგიები;

ზ) მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლის პედაგოგთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, მიუხედავად საათობრივი დატვირთვისა, განისაზღვროს 150 ლარით.

მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პედაგოგების უმრავლესობის სახელით გთხოვთ, სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით გადაიხედოს არსებული ბრძანება და შემუშავდეს ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედაგოგის შრომითი უფლებების დაცვას, მიღწეული პედაგოგიური კვალიფიკაციის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის სათანადოდ დაფასებას და სქემით განსაზღვრული დანამატის აღდგენას, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ ანაზღაურებასთან“.

ამავე თემაზე: 

ააყვირეს ის პედაგოგებიც კი, რომლებსაც არაფერზე ხმა არ გაუღიათ – მენტორი მასწავლებელი ხელფასებზე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 563 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 8 245 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 15 883 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 15 465 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 120 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 893 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 274 ერთეული [+50]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 398 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 833 ერთეული [+92]
  • სპეცტექნიკა – 2 593 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 629 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 783 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 552 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 608 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 379 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 037 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 800 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას აპირებს Gen Z არჩევნებზე

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. „ოცნების“ საარჩევნო გზავნილები ამჯერადაც განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობასა და ომით დაშინების პროპაგანდაზეა აგებული.

როგორ აპირებს ახალგაზრდობა დაეხმაროს საზოგადოებას პროპაგანდით გამოწვეული შიშებისა თუ გაურკვევლობის დაძლევაში, რითაც „ოცნება“ ბოლო წლებია აქტიურად კვებავს.

„ბათუმელები“ ახალგაზრდა აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი თვე იდგნენ რუსთაველზე და დღემდე აქტიურად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ლუკა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ლუკა ნაცვლიშვილი, სტუდენტი

ლუკას თქმით, ბოლო ორი წელია პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდები განსაკუთრებით არიან ჩართული და ამ ახალი ძალის დაბადებას სწორედ შარშან მარტის და წელს მაისის საპროტესტო აქციებმა შეუწყო ხელი.

„აი, ამ აქციებს შორის დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, ძალიან ძლიერი და ერთიანი, რასაც ივანიშვილი არანაირად არ ელოდა. ამას ვხედავთ მისი გამოსვლებიდანაც. დაძაბულები და ანერვიულებულები არიან.

რეალურად, „ქართულ ოცნების“ მიმართ ამ 12 წლის განმავლობაში ასეთი ოპოზიციური განწყობა არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა – ახალგაზრდობამ გაიღვიძა და ჩემი დაკვირვებით, არჩევნებზეც აპირებენ მისვლას და თავიანთი პოზიციის გამოხატვას.

და ყველაზე მაგარი არის ის, რომ ამ იდეას აზიარებენ ერთმანეთში, ამაზე საუბრობენ, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია“, – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, პროპაგანდა მაინც ახდენს გავლენას საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაველაპარაკოთ და მარტივად ავუხსნათ, თუ რატომ არის ევროკავშირში ყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის გარანტია.

„როცა ადამიანს კონკრეტული ფაქტებით ესაუბრები, შეუძლებელი სიმართლეს გაექცეს. პროპაგანდის გავლენის შემცირება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

„დაფიონი“ პირველ ეტაპზე ვაპირებთ გააქტიურებას ონლაინ. კერძოდ ტიკტოკისა და იუტუბის პლატფორმებზე, რადგან ვიცით, რომ ბევრი მომხმარებელი ჰყავს ამ პლატფორმებს.

ვაპირებთ მაგალითებით, ფაქტებით ვესაუბროთ ადამიანებს იმაზე, თუ რატომ არის მისი მისვლა არჩევნებზე გადამწყვეტი. მოვიყვანთ მაგალითებს იმაზე, ვთქვათ ამა თუ იმ დეპუტატმა როგორ მოიგო 1 ხმით არჩევნები და სხვა არაერთი მაგალითიც გვექნება.

ჩვენი პროექტი მოიცავს ისტორიულ ნაწილსაც, რადგან თუ ისტორია არ იცი, ვერც მომავალი გექნება უკეთესი. უახლოეს ისტორიაზე ჩავწერთ ვიდეოებს, რადგან ეს პერიოდი ნაკლებად ისწავლება სკოლებში და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთ ფაქტებზე ინფორმაცია, რაც ცვლიდა ჩვენი ქვეყნის ბედს.

უკრაინის მხარდასაჭერ ერთ-ერთ აქციაზე შინდისფერი დროშით ვიყავი და ერთი ჩემი ტოლა ახალგაზრდა ვერ მიხვდა რა დროშა იყო. ახალგაზრდების რაღაც ნაწილი არ იცნობს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ამბროსი ხელაიას და ბევრ ისეთ გამოჩენილ მოღვაწეს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – გვეუბნება ლუკა ნაცვლიშვილი.

როგორ აპირებთ ესაუბროთ ადამიანებს ომის შიშზე, რომელსაც თესავს ხელისუფლება. რა მოერევა ამ პროპაგანდას – ვკითხეთ ლუკას.

მისი აზრით, ისევ და ისევ იმ მოვლენებსა და ფაქტებზე ხშირი საუბარი, რაც ეს ორი წელია ხდება.

„არ მჭირდება ისეთი „მშვიდობა“, თუკი ჩემი აზრის გამოხატვის გამო პოლიცია ხელებს გადაგვიგრეხს, ზონდერებს მოგვისევენ და თავისუფლებას წაგვართმევენ.

თუ დღეს გვეამაყება დავით აღმაშენებლის დიდგორი, მაშინ ეს სულისკვეთება უნდა გავაგრძელოთ ჩვენც. რა ექნება ჩვენს მომავალ თაობას საამაყო, თუკი მტრის შიშით უარს ვიტყვით თავისუფლებაზე?

ის, რომ რუსეთი იმპერიაა და დიდია, თუ ამას თავი დავუხარეთ, ვერ დავიცავით ჩვენი იდენტობა, თავისუფლება, ის რამაც აქამდე მოგვიყვანა და ვართ დამოუკიდებლები, მაშინ დავემსგავსებით ბელარუსს და ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო.

ამ ყველაფერმა უნდა იტრიალოს ხალხის გონებაში, რომ შეძლონ ადამიანებმა მოსმენა და გააზრება.

რაც შეეხება რეგიონებში, სოფლებში გასვლას, ამის რესურსი ახლა არ გაგვაჩნია, მაგრამ როცა იუტუბზე გადავალთ, თუ ამ პროექტებმა დააგროვა ნახვები, იმედი მაქვს გამოჩნდებიან ფონდები, დონორები, ვინც დაგვეხმარება რეგიონებში გასვლაში და შევძლებთ ყველა თაობის ადამიანს ვესაუბროთ“, – ამბობს ლუკა.

მეგი დიასამიძე ასევე სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტის“ აქტივისტია. ისიც მიიჩნევს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთან პროპაგანდის წინააღმდეგ დისკუსიები, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ივანიშვილის გზავნილები „გლობალური ომის პარტიაზე“ რომ ვუსმენ, ჩემთვის არის სასაცილო, მაგრამ  სამწუხაროდ, მათ გზავნილებს ჯერ კიდევ ჰყავთ მსმენელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს, მაინც არის სამუშაო ამომრჩევლის იმ ნაწილთან, ვისზეც მუშაობს პროპაგანდა.

აქციებმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიდიოდა, ჩემი დაკვირვებით გარდატეხა მოახდინა ადამიანებში, თუმცა მაინც საჭიროა ვიმუშაოთ პროპაგანდის მსხვერპლებთან.

მე პირადად, ჩემი მეგობრები, ვისაც გვინდა, რომ ამ არჩევნებზე ხმები დავიცვათ, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის დამკვირვებლობაშიც.

„ქართულ ოცნებას“ ეს ბრძოლა წაგებული აქვს და ეს არჩევნები იქნება ხმების დაცვა.

როცა ახალი თაობა სწორ პოზიციებს აფიქსირებს, მშობლების თაობა უკვე ამ მხარეს დგება. შესაბამისად, მშობლების თაობასთან კომუნიკაცია ამ ფოკუსით, არის საჭირო.

ყველა ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ქვეყნისთვის, მაქსიმალურად უნდა იმუშაონ ამომრჩეველთან“, – ამბობს მეგი.

აქვს თუ არა „ჯიუტს“ ადამიანური, ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ შეძლოს ველზე გასვლა და ხალხთან მუშაობა? – ვკითხეთ მას.

მეგის თქმით, „ჯიუტს“ ეს რესურსი აქვს.

„ჯიუტი“ მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობს, შემოწირულებებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა ბევრი აქტიური სტუდენტი გვყავს, რომლებიც მალე დაბრუნდებიან რეგიონებში და ისინი იქ, ადგილზე იმუშავებენ „ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ.

ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ რეგიონებში გავიდეთ. დიდ ქალაქებში გავალთ, სოფლებში ვნახოთ, თუ მოვახერხებთ.

ახალგაზრდები ასევე ჩართული ვართ პროექტში „დააკვირდი“, არჩევნებზე დამკვირვებლებს ვატრენინგებთ. 500 მსურველი გვყავს უკვე. აქედან 100 ადამიანი დავატრენინგეთ და ვაგრძელებთ ტრენინგებს“, – ამბობს მეგი.

გიორგი დუმბაძე, აქტივისტი

ვესაუბრეთ კიდევ ერთ ბათუმელ აქტივისტს, გიორგი დუმბაძეს.

„ქართული ოცნების“ პოზიცია გასაგებია და ისიც, რომ ამ პარტიისგან არაფერი ნათელი არ წამოვა და არც აქამდე ჩანდა. ისიც ნათელია, რომ ამ არჩევნებზეც პროპაგანდით გააგრძელებენ მუშაობას, მათ შორის იქნება ომზე აპელირება და შიშების ჩანერგვა ხალხში.

მათ ჰქონდათ 12 წელი და არაფერი გააკეთეს იმისთვის, რის გაკეთებასაც ახლა, 4 წელში გვპირდებიან. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ კუთხეშია მიმწყვდეული.

მათი ელექტორატიც ხომ მთლიანად იმ ადამიანებზეა აწყობილი, ვისაც არ უნდა ამ შიშებისგან გათავისუფლება. ვერც იმაზე მეტ მხარდამჭერს მიიღებს „ოცნება“ ამ თემებზე საუბრით, რაც დღეს ჰყავს.

ახალგაზრდების მუშაობას რაც შეეხება, ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ადამიანებს ის კონტრასტი, რაც ახლავს რუსეთთან ან ევროპასთან სიახლოვეს.

რუსეთი არის ომი, ჭაობი, ის, რასაც ამდენი ხანი გავურბოდით და მეორე მხარეს არის ევროპა, ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძვით“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.

მისი თქმით, მას და მის თანამოაზრეებს ერთი თვის შიგნით დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა პროექტი, რაც ითვალისწინებს ქალაქებსა თუ სოფლებში ჩასვლას და ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაციას.

„უფრო მეტი აქცენტი იქნება იმ სოფლებზე, სადაც ყველაზე ნაკლებად მიდის ინფორმაცია და ყველაზე მოწყვლადია ამ პროპაგანდისთვის ადამიანები, რომელსაც „ოცნება“ იყენებს.

მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც კითხვები აქვს ვთქვათ იგივე ომთან მიმართებაში. ამ ხალხთანაც გვექნება საუბარი, შევეცდებით ავუხსნათ მათ ყველაფერი მაგალითებზე, ფაქტებზე დაყრდნობით – მშვიდობა არის ევროპაში.

სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, ვისაც გაწევრიანებიდან დღემდე არასდროს ჰქონიათ ომი და ეს არის ფაქტი.

ყველაზე მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი არის ევროპა და ეს არის ფაქტი და არა ჩვენი მოსაზრება. ინდივიდუალურად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ ერთ თვეში ხალხში გასვლას და ვიცი სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც უფრო ადრეც აპირებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს“, – გვეუბნება გიორგი დუმბაძე.

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ. 

ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. 

,,აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, რისთვისაც ხელმძღვანელს და ყველა მონაწილე პირს თანადგომისთვის, მათი აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. მე და ჩემმა გუნდმა მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენციის, ელექტრონული სიახლეებისა და სერვისების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.  

საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას, ასევე ესწრებოდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე. 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში იმ ახალი პროექტებისა და ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა შეხვედრა, რომელიც ამომრჩეველს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობას, ძალიან მარტივად და მოხერხებულად განახორციელოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. ჩვენი გუნდისთვის ეს ინფორმაცია იყო ძალიან ღირებული, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას და ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის შრომა, რომელიც ადმინისტრაციას ბოლო წლებში გაწეული აქვს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ. 

შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

“ოცნება აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის“ – გახარიას პარტიის ბრიფინგი

„ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების წესს ცვლის და ამით არანაირ შანსს არ ტოვებს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ  გარემოში ჩატარდება,“ –  განაცხადა დღეს, 17 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

ჩხეტიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების წაგების შიშმა შეიპყრო, რის გამოც საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგება დაიწყო.

„გაზაფხულზე საქართველოს საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილება განხორციელდა. ეს ცვლილებები იყო განკუთვნილი იმისათვის, რომ მორგებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

ეს ვირუსულად გადმოედო ადგილობრივ ხელისუფლებასაც. 11 ივლისს აჭარის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირდა კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს. აღნიშნული კანონპროექტით იცვლება მანდატების განაწილების წესი.

აქამდე მანდატების განაწილების წესით არ რჩებოდა გაუნაწილებელი მანდატი, შემოთავაზებული წესი კი გათვლილია გაუნაწილებელი მანდატების მორჩენაზე, რომლის მითვისებასაც ცდილობს „ოცნება“.

მოგეხსენებათ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო შედგება 21 წევრისგან, სადაც ერთ მანდატსაც უმრავლესობის ფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ჩხეტიამ.

დღესვე ბრიფინგზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ისაუბრა ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში სხვა რეგიონებიდან „გადმოწერილი მოქალაქეების“ შესახებ.

კერძოდ, პარტია აცხადებს, რომ „სხვა რეგიონებიდან საკუთარი მომხრეების გადმოწერით „ოცნება“ ცდილობს არჩევანის შეცვლას და ძალაუფლების მიტაცებას არჩევნებში“.

„მომხრეების აჭარაში ჩაწერით საპარლამენტო არჩევნებზე არაფერს კარგავს ოცნება, ხოლო აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მობილიზებას უკეთებს მომხრეებს სხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან,“ – თქვა ნინო ჩხეტიამ.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა. სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად, ცვლილება შედის 65-ე მუხლში, რომელსაც ემატება სრულიად ახალი პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

იცვლება 65-ე მუხლის მერვე პუნქტის შინაარსიც და ის კანონში შემდეგი რედაქციით იქნება:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.

მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები“.

კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ივლისს განიხილა ბიუროზე.

კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენა 18 ივლისს გაიმართება.

„გუმბათი ჯგუფი“ ბათუმის ძველი ავტოსადგურის ინოვაციურ ბიზნეს ცენტრად გადაქცევას გეგმავს

გუმბათი ჰაბი

„გუმბათი ჯგუფმა“ ახლახან შეიძინა სს „ბათუმის ავტოსადგურის“ მაჟორული წილი, დაგეგმილია სამომავლოდ 100%-იანი წილის გამოსყიდვა. კომპანია 150 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანი არსებული სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრად გარდაქმნაა.

ახალი კომპლექსი მოიცავს სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე სივრცეებს, საპარკინგე ზონას, სწრაფი კვების ობიექტებს, ბავშვთა გასართობ ცენტრს და საბანკო მომსახურების პუნქტებს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„გუმბათი ჰაბი“ არა მხოლოდ გააუმჯობესებს ქალაქის ინფრასტრუქტურას, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ტურისტულ მიმზიდველობას.

ავტოსადგურის საკითხი

„გუმბათი ჯგუფი“ აცნობიერებს არსებული ავტოსადგურის მნიშვნელობას ქალაქისთვის. ამიტომ, კომპანია აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ლოკაციის შერჩევაზე ახალი, თანამედროვე ავტოსადგურის მოსაწყობად. ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ არსებული თანამშრომლების სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, არამედ გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს და ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.

გუმბათი ჯგუფი რეგიონული განვითარების სამსახურში

„გუმბათი ჯგუფის“ 26-წლიანი ისტორია წარმატებებით და მნიშვნელოვანი პროექტებითაა სავსე. ამ პერიოდში კომპანიამ ააშენა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი, განახორციელა ორი ოლიმპიური სტანდარტის სტადიონის მშენებლობა, შექმნა ათობით კომერციული და საცხოვრებელი კომპლექსი, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონის ურბანულ განვითარებას.

„გუმბათი ჯგუფის“ საცხოვრებელი პროექტები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციურობის უნიკალური შერწყმით. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, რაც ქმნის გარემოს ადამიანური კავშირების დასამყარებლად, უზრუნველყოფს თითოეული მაცხოვრებლისთვის ინდივიდუალური, კომფორტული სივრცის არსებობას.

კომპანიის მიდგომა ხელს უწყობს ჯანსაღი, ბალანსირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, სადაც თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული.

„გუმბათი ჯგუფი“ აგრძელებს ინოვაციური იდეების ძიებას და რჩება რეგიონული განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. გვჯერა, რომ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს აჭარისთვის და მთელი საქართველოსთვის.

„დინამო ბათუმი“ დღეს რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს

დღეს, 17 ივლისს, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს.

მატჩი ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა და ის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 3:1 დასრულდა.

შემდეგ ეტაპზე გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გამოვლინდება. შესაბამისად, ბათუმის დინამოს მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება თამაშის პენალტების სერიამდე მისაყვანად.

„მინდა ვთქვა, რომ გუნდში კარგი განწყობაა, ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან. ამიტომაც, ჩვენ ამ შეხვედრას ძალიან ველოდებით. გვსურს ვრეაბილიტირდეთ ამ მატჩზე“ – ამბობს ანდრეი დემჩენკო, „დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი.

„დინამო ბათუმის“ შემდეგი მეტოქეები როგორც მოგების, ასევე წაგების შემთხვევაში, ცნობილია.

„ლუდოგორეცთან“ მოგების შემთხვევაში, „დინამო ბათუმის“ მეტოქე მინსკის „დინამოსა“ და ერევნის „პიუნიკს“ შორის გამარჯვებული იქნება.

თუ „დინამო“ პირველივე ეტაპიდან გავარდება, მაშინ გუნდი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც უელსურ „ტნს“-სა და მონტენეგროულ „დეჩიჩს“ შორის წაგებულს შეხვდება.

__________________________

მთავარი ფოტო: „დინამო ბათუმის“ ფეისბუქგვერდიდან

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ისტორიაში პირველად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ეს საქართველოს წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე დაიცავენ.

კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში 396,35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

ალექსანდრე ცხომელიძემ და გიორგი წულუკიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მერვე ადგილი დაიკავეს, თეკლე შარიამ და მარიამ შანიძემ კი შარშანდელი შედეგი გააუმჯობესეს და 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში 219,84 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს.

სამინისტროს ცნობით, მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების რაოდენობით საქართველო დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.

ბსუ-მ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ბსუ-ს რექტორის არჩევნებზე არც ერთი კანდიდატი არ დარეგისტრირდა. ახლა აკადემიურმა საბჭომ 6 თვით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს. ეს შეიძლება იყოს როგორც მოქმედი რექტორი, ისე ნებისმიერი სხვა პირი.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 18 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები კი, ფარული კენჭისყრით, 22 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ამავე თემაზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/535011/

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივლისის 21 საათიდან 18 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 ივლისს აჭარაში საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

შიშის წამალი არის საუბარი – როგორ ვებრძოლოთ ომზე „ოცნების“ პროპაგანდას

როგორ ნერგავს „ქართული ოცნება“ ომის შიშს და როგორ უნდა განიკურნოს ამომრჩეველი ამ შიშებისგან? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ფსიქოლოგ სალომე ჩარკვიანს, რომელიც შიშის პროპაგანდის დაძლევაზე გვიზიარებს თავის მოსაზრებას.

  • ქალბატონო სალომე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიტორიკა გაჟღენთილია შიშის პროპაგანდით: „აბა ომი გინდათ?“, „რუსეთმა თუ მოინდომა, ერთ საათში გაგვაქრობს“, ნატოში სწრაფვის გამო აღმოჩნდა უკრაინა ომში და ასე შემდეგ. პროპაგანდის ამ იარაღმა რომ არ დააბრკოლოს ადამიანების არჩევანზე, რა დაეხმარება მათ ამ შიშების გაფანტვაში?

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ომის შიშზე დაფუძნებული პროპაგანდა არ არის პირველი, რაც „ოცნებამ“ გააკეთა. რუსული პროპაგანდის მთავარი პრინციპია ის, რომ ჯერ „ნაცების“ უნდა გვშინებოდა, მერე ამ ომის, ეს ომიც რომ აღარ ეყოთ, ლგბტქ გარყვნილების პროპაგანდა შემოიტანეს.

ეს ერთი. მეორე, რატომ არის შიში ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი პროპაგანდის მიერ, იმიტომ, რომ ზოგადად, ეს არის პირველყოფილი გრძნობა, განცდა და არ სჭირდება გააზრება, სხვა რაღაცებისგან განსხვავებით.

შიში არ არის მხოლოდ ადამიანური ფაქტორი, ნებისმიერი ცხოველის გადარჩენის მთავარი ინსტინქტია და ტვინის აზროვნების ფუნქციები არ სჭირდება მას. ამიტომ თუ მე შიშის გამომწვევ რაღაც ტრიდერს მოგაწვდი, სანამ შენ ფიქრს დაიწყებ, იქამდე შეგეშინდება. ამიტომ არის ძალიან მარტივი, რადგან ჯერ განვიცდით და მერე ვიწყებთ გაანალიზებას.

შიშს ახასიათებს უამრავი არარაციონალური შიშები და ფსიქოლოგია ამას გააზრებით მეთოდოლოგით კურნავს. მაგალითად, თუ ვიღაცას ეშინია ობობების ან თაგვების, ამის გააზრებით იწყება განკურნება, თუ რატომ ეშინია.

ამიტომ, ომიც ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია, რომელიც გამოცდილი თუ არ გვაქვს, უჯრედულ დონეზე მაინც გვახსოვს ყველას, რომ რაღაც საშიშია. მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს რუსეთთან ომი და როცა ვიღაც გეუბნება, რომ თუ ამას არ იზამ, ომი გვექნება, ბუნებრივია, სანამ ამ ადამიანის მსჯელობას დავაყენებთ ეჭვის ქვეშ, მანამდე მოდის შიში.

შესაბამისად, შიშის წამალი არის მსჯელობა და აზროვნება.

  • დღეს, ამომრჩეველი თუ ახერხებს მაგალითად კონტექსტის წაკითხვას, რატომ აწვდიან ამა თუ იმ პროპაგანდას და თუ ვერ ახერხებს, როგორ უნდა დავეხმაროთ მათ ამ შიშების დაძლევაში?

აქ უფრო მეტი პრეტენზია მაქვს მედიასთან და ოპოზიციასთან, რადგან სწორედ აქ არის საჭირო ზუსტი და მოკლე მესიჯბოქსებით საუბარი.

მედია უფრო მსჯელობს იმაზე თუ რა კარგი იქნება ევროპა, რა კარგი იქნება პროგრესი, მაგრამ როგორც ვთქვით, შიში მოდის მანამდე, სანამ ადამიანი ამ ყველაფრის გააზრებას მოასწრებს. ეუბნებიან, რომ  პროგრესისკენ თუ წახვალ, მოკვდები. შესაბამისად, სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ბევრისთვის, ვიდრე იგივე თავისუფლება თუ განვითარება.

ამიტომ  მე მაგალითად ვისურვებდი, რომ „აბა ომი გინდა?“ ასეთივე პატარა  მესიჯბოქსით ვესაუბროთ ადამიანებს. პროპაგანდისტები მართლა სულელები კი არ არიან, ასეთი პრიმიტიული წინადადებებით რომ გველაპარაკებიან. უბრალოდ ეს არის ადვილად შეღწევადი ადამიანის ტვინებში და ასეთივე მარტივი უნდა იყოს პოლიტიკოსების მესიჯბოქსიც.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „აი, მოლდოვა რა კარგად მიდის“, რამხელა ნახტომი გააკეთა რუსეთისგან, დსთ-დან ლამის პირდაპირ ევროკავშირში გააკეთა ნახტომი ხომ? და ეს იმიტომ კი არა, რომ რუსეთი გახდა კარგი, იმიტომ, რომ რუსეთს აღარ აქვს ახალი ომის თავი.

  • რუსეთის სისუსტე და ომის ფაქტორი ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ?

დიახ, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს მარტივ მესიჯბოქსებად მიწოდებული და ეს უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის.

შემდეგი პროპაგანდა არის ის, რომ „ახლა ჩვენთვის არ სცალია რუსეთს, მაგრამ ჩვენი სამყოფი რაკეტები სულ ექნება“. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავსვათ კითხვები, თუ პროგრესს შევაჩერებთ, ეს დაგვიცავს ომისგან? მაგალითად 90-იან წლებში როცა არანაირი პროგრესი არ გვქონდა, არც ევროკავშირსა და ნატოზე იყო საუბარი, ამან დაგვიცვა რუსეთთან ომისგან? პირიქით, უფრო დიდი ომი გვქონდა.

აგვისტოს ომს ვერც კი შევადრით აფხაზეთისა და ცხინვალის ომებს, ზუსტად მაგიტომ, რომ მაშინ ბევრად მოწყვლადები, სუსტები და მარტონი ვიყავით.

აგვისტოს ომიც იმიტომ იყო ბევრად მოკლეხნიანი, რომ დასავლეთის მხარდაჭერა გვქონდა.

თუ შევადარებთ იმას, რომ უფრო განვითარების შემთხვევაში რას გვიზამს რუსეთი და იმას, რუსეთის უკანა ეზოდ თუ დავრჩებით რა გველოდება, მაშინ უნდა შევხედოთ რა უქნა რუსეთმა ჩეჩნეთს, აფხაზეთს.

მარტო ომით ხომ არ არის რუსეთისგან გამოწვეული სიკვდილი. ჩეჩნეთში ომი არ არის, მაგრამ ეს ხალხი დღეს უკრაინაში იღუპება. სინამდვილეში, რუსეთი თვითონ არის სიკვდილის მანქანა და რა ტიპის კომუნიკაციაშიც არ უნდა დარჩე მასთან და რა ტიპის თანამშრომლობაშიც არ უნდა იყო, ის შენ სიკვდილს მოგიტანს.

თუნდაც იგივე 90-იანების მაგალითი რომ ავიღოთ, ომის მერე ნარკოტიკით, ქუჩური გარჩევებით, ზუსტად რუსულ-ქურდული მენტალიტეტით რამდენი ადამიანი დაიღუპა ეგ რომ დავთვალოთ, არცერთ ომს არ ჩამოუვარდებოდა საქართველოში.

ამიტომ, ესეც არის რაღაც მესიჯბოქსად დასალაგებელი, რომ უნდა გვეშინოდეს ადამიანებს, დიახ, მაგრამ უნდა გეშინოდეთ რუსეთთან სიახლოვის და არა განვითარების.

  • ომის შიშის პარალელურად, რუსული პროპაგანდა მუშაობს საქართველოს იზოლაციაზე. პარტიაც კი შეიქმნა ამ არჩევნებისთვის „ნეიტრალური საქართველო“. იზოლაციის შიშზეც რომ ვილაპარაკოთ, რა ზიანის მომტანია ეს და რა განსხვავებაა ომის შიშსა და მარტოდ დარჩენას შორის?

კარგი თემაა ესეც, იმიტომ, რომ ადამიანები, ვისაც ვერ დააჯერეს, რომ პროგრესის შემთხვევაში რუსეთი ომს მოგვიტანს და ისე ხელს გადაგვისვამს თურმე თავზე, ამ ადამიანებისთვის შექმნეს ახალი პროპაგანდა, რომ „არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი“, ვიქნები ასე ჩემთვის.

ამაზეც არსებობს ძალიან მარტივი პასუხი. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მარტოა. ნებისმიერ ისტორიულ მონაკვეთში პოლიტიკას ქმნიდნენ ალიანსები. რაც უფრო ძლიერ ალიანსში ხარ, რაც უფრო ძლიერ თანამშრომლობაში ხარ, მით უფრო ძლიერი ხარ.

ავიღოთ თუნდაც თურქეთის მაგალითი. როგორ გაძლიერდა თურქეთის თავდაცვა ნატოში ალიანსის შემდეგ, აგერ აზერბაიჯანს ომი მოაგებინა. ვინც აირჩია სწორი მოკავშირე, იმან მოიგო. აზერბაიჯანმა აირჩია სწორი მოკავშირე და მოიგო ომი, სომხეთმა აირჩია რუსეთი და დარჩა მარტო.

დღეს თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, რუსეთი კი თვითონ აწარმოებს ომებს.

არ არსებობს მეზობელი, რომელთანაც რუსეთს არეულობა არ აქვს. აზიისკენ შეიძლება ომები არ აქვს, მაგრამ მთლიანად მოცულია მათი ეკონომიკა და კულტურა.

ეს ყველაფერი ძალიან გასაგებია იმის გასააზრებლად, თუ ვინ უნდა გვყავდეს მოკავშირედ.

  • ამ ყველაფრის პარალელურად რუსული პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ მეგობარი გამოგვიცხადოს მტრად, რომ დასავლეთს ჩვენი დამონება უნდა და ასე შემდეგ. რას უნდა მივაქციოთ ასეთ დროს ყურადღება, რომ მუდმივმა ჩიჩინმა არ მიგვიყვანოს მცდარ წარმოდგენებამდე?

მე ვეთანხმები იმ მსჯელობაში ადამიანებს, რომ გეოპოლიტიკაში არ არსებობს მეგობრები, რომ ასეთი ემოციური კავშირები როგორც ადამიანებს შორის არსებობს, არ არსებობს სახელმწიფოებს შორის. მაგრამ არსებობს საერთო ინტერესები და სწორედ ეს ინტერესები გვამეგობრებს და გვაახლოებს მოკავშირეებთან. აი, ამ ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ ჩვენც.

ჩვენ იმის იდენტიფიცირება უნდა გავაკეთოთ, რა არის ევროპის ინტერესი, რა არის რუსეთის ან აქეთ კიდევ ჩინეთის ინტერესი და რა გვინდა ჩვენ.

ისევ და ისევ, ესეც არის მესიჯბოქსების დონეზე დასალაგებელი, თუ როგორ ექცევა რუსეთი, ჩინეთი და ირანი თავის მოქალაქეებს და როგორ ევროკავშირის ქვეყნები და რომელი გვინდა ჩვენ აქედან?

  • აი, ამ პროპაგანდისტული მესიჯბოქსების გაფილტვრაში რა ეხმარება ადამიანს?

იმის ახსნა და გაანალიზება, რომ რამდენჯერაც ევროპა და ამერიკა ეცადა, რომ არ გაეღიზიანებინა რუსეთი, ამას არ მოჰყოლია კარგი შედეგები. ამ არგაღიზიანების გამო გვაიგნორეს ჩვენც და უკრაინაც გარკვეული პერიოდი, სანამ ფართომასშტაბიანი ომი არ დაიწყო უკრაინაში.

რამდენი მიწის დაკარგვა, რამდენი ადამიანის სიკვდილი დააიგნორეს რუსეთის არგაღიზიანების გამო, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენი არგუმენტია და არა ხელისუფლების, რომ „გლობალურო ომის პარტია“ დასავლეთი კი არა არის, რომელმაც ყველაფერი სცადა, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინა, არამედ ეს არის რუსეთი. ეს უნდა იყოს ჩვენთვისაც მაგალითი.

რუსეთმა კარგად იმუშავა თავის დროზე პროპაგანდისტულად და თქვა, რომ აი, თქვენ – დასავლეთი, დემოკრატია ნუ მომიახლოვდებით, თორემ მერე მე თავი უნდა დავიცვა.

და ამას იმეორებენ დღემდე ვიღაც ბრიყვები, რომ უკრაინა ნატოში რომ წევრიანდებოდა, ამიტომ დაიწყო თურმე რუსეთმა ომი. მაშინ როცა უახლოეს პერიოდში არ იყო უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი და ვერც ჩვენ, ვერც უკრაინა და მოლდოვა – რომ არა ეს ომი, ვერც კი ვიოცნებებდით ამ მოკლე დროში ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ასე, რომ ეს არგუმენტები ჩვენკენაა, რომ არაფერი მუშაობს რუსეთის დასაწყნარებლად გარდა იმისა, რომ ძალით შეაჩერო ის. როცა მოძალადე შენს მოსაკლავად მოდის, მარტო პირჯვრის გადაწერა, სამწუხაროდ, ვერ გიშველის.

  • რა შემთხვევაში შეგვიძლია ომის თავიდან არიდება?

ომის თავიდან არიდება და, ზოგადად, მტრისგან თავდაცვაც შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოში იგულისხმება როგორც განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, საიდანაც ახალგაზრდები არ მიდიან სხვა ქვეყანაში, ასევე იგულისხმება ძლიერი თავდაცვა, რომელსაც აქვს დიდი ბიუჯეტი და ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებთ დასავლეთის დახმარების გარეშე.

შევხედოთ ისრაელს, როგორ გააკეთა ის ყველაფერი, რაც დღეს აქვს. ის მტრებით არის გარშემორტყმული და რუსეთი არაფერია იმასთან შედარებით, რა გარემოცვაც აქვს ისრაელს ხომ? და როგორ იცავს თავს. რომ არა დასავლეთი, შეძლებდა ამას ისრაელი მარტო?

ზუსტადაც რომ დასავლეთია მშვიდობის გარანტი ნებისმიერი ქვეყნისთვის და აქეთკენ უნდა ვიაროთ ჩვენც.

უბრალოდ, არ არსებობს სხვა მაგალითი ისტორიაში, არც უახლესში, რომ ქვეყანამ გეზი აიღო დასავლეთისკენ და არ განვითარდა. და ქვეყანა, რომელმაც გეზი აიღო რუსეთისკენ – განვითარდა.

  • დღეს გვაქვს დასავლეთისგან ისეთი შემოთავაზებები, რაც არ გვქონია ისტორიის მანძილზე – უვიზო მიმოსვლა აშშ-ში და თავისუფალი ვაჭრობა. გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა. როგორ ფიქრობთ, აი ამ შესაძლებლობებს გადაწონის რუსული პროპაგანდა?

უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა უკვე. წილი ნაყარია, ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის, არამედ ცივილიზებულ სამყაროსა და ავტორიტარების სამყაროებს შორის.

და ეს წილი რახან ნაყარია, ისიც ნათელია, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება ახალი საზღვრების ფორმირება. ამ ახალ საზღვრებში სად აღმოვჩნდებით ჩვენ – განვითარებულ სამყაროში თუ მაჩანჩალა მესამე სამყაროში, ეს იქნება ხალხის გადაწყვეტილება ოქტომბერში.

  • ინტერნეტის სამყაროა, არსებობს სანდო გამოცემებიც და ისიც ნათელია, ვინ მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე. ამიტომ ადამიანის არჩევანია, საიდან მიიღოს ინფორმაცია, რომ არ იყოს შიშების ქვეშ, თუ რა არის აქ გასაკეთებელი?

აქ მუშაობს ტენდენცია, რომელიც ახასიათებს ადამიანს, რომ რაღაც ეტაპის მერე ეძებს არა დაბალანსებულ ინფორმაციას, არამედ ეძებს ინფორმაციას, რომელიც გაამყარებს მის რწმენას. ამიტომ, თუ აქვს ადამიანს იმის განცდა, რომ მაგალითად „ოცნება“ საქმეს აკეთებს, ის აუცილებლად ეცდება მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მის წარმოდგენებს დაადასტურებს.

ადამიანისთვის ზოგადად მტკივნეული განცდაა, გაიაზროს, რომ ირაციონალურია ის, რისიც სჯეროდა. ამიტომ ამ სეგმენტს უნდა ვესაუბროთ ძალიან პატარა და განმეორებითი მესიჯბოქსებით, რომ ეს ინფორმაცია გაჯდეს მის ცნობიერში და ასე განეიტრალდეს პროპაგანდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 562 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 8 238 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 15 871 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 15 411 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 120 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 893 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 224 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 398 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 741 ერთეული [+61]
  • სპეცტექნიკა – 2 586 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 628 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 709 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 552 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 602 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 379 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 013 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 772 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსული სიმღერა, როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ – ინტერვიუ

ბათუმში ბევრ ადგილას ისმის რუსული მუსიკა – ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, რესტორანი, ტაქსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი და ა.შ. ასეა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკა არ უნდა ისმოდეს, მით უფრო იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია.

რატომაა მნიშვნელოვანი უარი ვთქვათ რუსულ მუსიკაზე და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ „კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვაა“? – ამ თემებზე „ბათუმელები“ კინომცოდნე თეო ხატიაშვილს ესაუბრა.

  • თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსულ მუსიკაზე უარის თქმა?

არა მხოლოდ რუსულ მუსიკასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულტურა და მასობრივი კულტურა არის იდეოლოგიების ყველაზე უფრო ადვილი და ყველაზე მასშტაბური გამავრცელებელი.

ცხადია, შეიძლება ამ რუსულ სიმღერებში შინაარსობრივად არაფერი იმპერიალისტური, მტაცებლური პოლიტიკისა არ იდოს, მაგრამ თანდათან ხდება შემოპარება და გაშინაურება კულტურასთან, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან დაგვშორდა.

პირადად მეც, რომელიც ვარ, ასე ვთქვათ, „საბჭოთა პროდუქტი“, იმიტომ, რომ დავიბადე, გავიზარდე და უნივერსიტეტიც დავამთავრე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეს ენა ვიცოდი და რა ხდებოდა კულტურის სფეროში რუსეთში, ძალიან კარგად ვიყავი გათვითცნობიერებული, საერთოდ აღარ მაქვს არანაირი ბმა. აღარაფერს ვამბობ ახალ თაობებზე, რომლებმაც უბრალოდ რუსულიც კი არ იციან. უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდი არის ენის სიმღერებით სწავლა, ასე არამხოლოდ ენას ეჩვევი, არამედ, როგორც გითხარით, ის კულტურაც შენთვის ახლობელი და შინაური ხდება.

ფაქტობრივად ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი და სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, მართლაც, რამდენად შეურაცხმყოფელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის ესტრადას ვუსმენთ, თან ხომ გააჩნია პოპ-მუსიკაც?! ესთეტიკურ საკითხზე რომ ვილაპარაკოთ, უბრალოდ გემოვნებას აფუჭებს.

მე მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო მოეჩვენოს ვიღაცას, [ჩათვალოს] რომ აკვიატებაა და რუსოფობიაში გაიყვანოს იმ ადამიანების დამოკიდებულება, ვინც კატეგორიულად მოითხოვს რუსული სიმღერების გათიშვას, მით უმეტეს, საჯარო სივრცეებში.

მაგალითად, უკვე საერთოდ დავიწყებული იყო პრაქტიკა, რომ მანქანის ღია ფანჯრებიდან ისმოდა რუსული სიმღერა. დღეს ამას უკვე ხშირად შეხვდებით თბილისის ქუჩებში.

ცხადია, კონკრეტულ ადამიანს ვერ აუკრძალავ [რუსული მუსიკის მოსმენას], მაგრამ, კაფეებში, ბარებში, რესტორნებში, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი, მათ შორის რუსი ტურისტები, რომლებიც ძალიან შინაურულ გარემოში გრძნობენ ამის შედეგად თავს და აქვთ განცდა, რომ ისინი მიღებული არიან და თავიანთ იმპერიალისტურ ცნობიერებას და ეგოს კიდევ უფრო იმყარებენ, მე მგონია, რომ ეს ძალიან სახიფათო პრაქტიკაა.

  • ჩვენთან უყვართ გამეორება, რომ „კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა“ და ერთად არ უნდა განვიხილოთ. თქვენი აზრით, მუსიკა და პოლიტიკა როგორ უკავშირდება ერთმანეთს და რატომ ვერ შეიძლება გაიმიჯნოს ის?

ვთქვით, რომ მუსიკის საშუალებით, მით უმეტეს თუ ეს არის პოპ-მუსიკა, იდეოლოგიების გავრცელება ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი და იდეოლოგია რა არის? – პოლიტიკის საფუძველი.

საერთოდ, ხელოვნებას, კულტურას, ადამიანისგან მოწყვეტით ვერ განვიხილავთ. ეს ხომ არ არის რაღაც აბსტრაქტული ან მხოლოდ ესთეტიკურზე ფიქსირებული?! ხელოვნებაც სხვადასხვანაირია, ხომ?! არის, ვთქვათ, სოციალური, რეალისტური, რომელიც არსებულ მწვავე საკითხებზე რეფლექსირებს და კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. ეს არის ადამიანის პოლიტიკური ცნობიერების გამოხატვის საშუალება და რაც არ უნდა აბსტრაქტული იყოს და წმინდა ფორმისეული ინოვაციებით დაკავებული, უკავშირდება ადამიანის, ხელოვანის გამოხატვის თავისუფალ და შეუზღუდავ სივრცეს.

ეს საკითხი, რომ პოლიტიკა და ხელოვნება, პოლიტიკა და კულტურა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, დგება ხოლმე ისეთ ქვეყნებში და ისეთ რეჟიმებში, სადაც პოლიტიკა და პოლიტიკოსები აკონტროლებენ გამოხატვის თავისუფალ ნებას.

ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა კულტურის სფეროშია დასაქმებული თუ ყანაში მუშაობს, ეხება პოლიტიკა.

არის ასეთი ავტორი, ვალტერ ბენიამინი და მისი ძალიან ფუნდამენტური ტექსტი – „ხელოვნების ნაწარმოები ტექნიკური რეპროდუცირების ეპოქაში“, რომელიც დღემდე ძალიან აქტიურად არის ხოლმე ციტირებული. ამ წერილში რამდენიმე, ძალიან არსებითი საკითხია გამოყოფილი და მათ შორის ის, თუ ხელოვნება და პოლიტიკა როგორ გადაეჯაჭვება ერთმანეთს მოდერნისტულ, სეკულარულ სამყაროში, რომელსაც უკვე ფუნდამენტად აღარა აქვს რელიგიური ცნობიერება, რაც მანამდე იყო ხელოვნების საფუძველი. ბენიამინი სვამს კითხვას: „რა ხდება მაშინ, როდესაც რელიგია უკანა პლანზე გადადის?“ და ძალიან მკაფიო პასუხს იძლევა თვითონვე – „მას ჩაენაცვლება პოლიტიკა“. თანამედროვე ხელოვნებაში და კულტურულ ცხოვრებაში შეუძლებელია ეს ერთმანეთისგან გამიჯნო.

ერთ მაგალითს მოვიყვან. იგივეა, ვთქვათ, სპორტთან დაკავშირებით. ბოდიში ამ სიტყვისთვის და გვტენიან ხოლმე, რომ სპორტი და პოლიტიკაც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან. აღარაფერს აღარ ვიტყვი ჩვენ ფეხბურთის ნაკრებთან დაკავშირებით გამართულ დიდ დებატებსა და დისკუსიებზე. საფრანგეთის მაგალითს მოვიყვან, სადაც არჩევნებზე წკიპზე იყო ფაქტობრივად ფაშისტური და კონსერვატიული ძალები გაიმარჯვებდნენ თუ არა. ფეხბურთელ მბაპეს მიმართვა თანამოქალაქეებისადმი, როგორც მიიჩნევენ პოლიტიკური ექსპერტები, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც ცხადია, საბოლოოდ არ გადაწყვიტა არჩევნების ბედი, მაგრამ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამ მიმართვის შემდეგ უფრო მეტად დააფიქრა.

ეს კავშირები არის ძალიან ლოგიკური.

ადამიანის არსებობა, ის, რომ მას, ვთქვათ, არ აქვს საკმარისი საკვები, ვერ იღებს კარგ სამედიცინო მომსახურებას, არ აქვს კარგი განათლების სისტემა ან თავისი კვალიფიკაციის შესაბამის სამსახურს ვერ პოულობს და კიდევ უფრო წვრილმანი, ყოფითი საკითხები, ყველაფერი საბოლოო ჯამში არის დაკავშირებული პოლიტიკასთან და კულტურა რა არის სხვა, თუ არა ინსტრუმენტი, რომელიც ამ საკითხების, რეალობაში არსებული პრობლემების სხვადასხვანაირად გადამუშავების და მასზე რეფლექსირების საშუალებას გვაძლევს?!

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, „კულტურა და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ“ – ეს არის დემაგოგია, რაც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, რომელსაც სურს ადამიანები ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში დატოვოს, რომელთაც არ ექნებათ საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და მითუმეტეს, ამ აზრს არ გამოხატავენ ხმამაღლა.

  • კონკრეტული კაფე, კლუბის თუ სხვა ობიექტის მეპატრონემ შეიძლება თქვას, რომ რუსული მუსიკით მას უნდა მოიზიდოს რუსი ან რუსულენოვანი ტურისტი. იგივე ხდება სამარშრუტო მიკროავტობუსებში. ასევე, ადამიანირომელიც უსმენს მუსიკასალბათ გეტყვითრომ მოსწონს ეს მუსიკა და მისი უფლებაარას მოუსმინოსროგორ უნდა გადავარწმუნოთ ისინი?

ვერ გეტყვით, ეს არ ვიცი, თითოეული ადამიანის შეგნებიდან და პოლიტიკური ცნობიერებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

ძალიან უცნაური და პარადოქსულია, რომ ძირითადად ის ადამიანები უსმენენ რუსულ მუსიკას, პრობლემას ვერ ხედავენ ამაში ან მიაჩნიათ, რომ რუსეთი მოძმე ქვეყანაა, ვისაც ძალიან უყვარს ტრადიციული, შტამპად ქცეული სადღეგრძელოებით თავის მოწონება; ფსევდოპატრიოტული ლირიკა; ჩვენი ისტორიის მითოლოგიზება; ჩვენ წინაპრებზე, საგმირო ისტორიებზე მუდმივი აპელირება. ვერ ვხვდები, როგორ ილინკება ეს ორი რამ ამ ადამიანების ტვინში. რუსეთი, მას მერე, რაც ჩვენ მასთან პოლიტიკური კავშირი დავამყარეთ, ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და რანაირად შეიძლება მოთავსდეს ჩვენ გმირულ ისტორიაში, არ ვიცი.

ამიტომ, ალბათ ისევ ცნობიერების დონის ამაღლებაა მნიშვნელოვანი. სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ გარკვეულწილად ჩვენმა ლიბერალურმა საზოგადოებამ, იგივე არასამთავრობო სექტორმა, არასწორად ვისაუბრეთ ამ თემებზე. ვერ ვიპოვეთ ის ენა, რომელიც გამონახეს ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურმა, პოპულისტურმა პოლიტიკურმა ძალებმა…

როცა რუსული კანონის ხელახალი ინიციირება მოხდა, აქციების დროს აღმოვაჩინე და ცოტა მეცინებოდა კიდეც, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჯგუფს სწორედ ლიბერალურად განწყობილი ადამიანები შეადგენენ, რომლებიც მონათლული არიან როგორც „უსამშობლოები“, რომელთაც „არ აქვთ ეროვნულობის განცდა“… აღმოჩნდა სულ პირიქით, სწორედ ჩვენ გავხდით ეროვნული იდენტობის დამცველები, მაშინ, როდესაც პოპულისტური ნაციონალიზმი მიგვაქანებს რუსეთისკენ.

ერთი რამ ცხადია, რომ საჯარო სივრცეებში, სადაც უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს, რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი, მაგრამ ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება. მე არ ვიტყვი, რომ ეს უნდა იყოს აკრძალვები, რაც სააკაშვილის დროს მოხდა, როცა რესტორნებში, ქუჩაში, ტრანსპორტში აიკრძალა [რუსული მუსიკა], მაგრამ ამან შედეგად რა მოგვცა?! არა აკრძალვით, არამედ ისევ და ისევ, უფრო მეტი მუშაობით, პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს უპირველეს ყოვლისა, რაც განათლების სისტემასთან არის დაკავშირებული და განათლების სისტემა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, კატასტროფულად იხევს უკან და უკან.

  • თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთონ აქტივისტებმა, მოქალაქეებმა, რაც იქნება ეფექტური და „გამორთავს“ რუსულ მუსიკას ბათუმსა და სხვა ქალაქებში?

როგორც ვთქვი, პოლიტიკური ნება უნდა იყოს, მაგრამ სამოქალაქო აქტივიზმს სხვა ძალა და ფუნქცია აქვს – მათ შორის რადიკალური მოთხოვნა, რომ გამორთონ [რუსული მუსიკა] და რაღაც ყურადღების მიმპყრობი, ძალიან აქტიური ფორმით წარმოჩინება ამ პროტესტის. აქტივიზმის ასეთი ფორმები საშუალებას იძლევა კომუნიკაციისა და საუბრის დაწყების.

ერთ-ერთი ფორმა აქტივიზმის ისიცაა, რომ სადაც დავინახავთ და მოგვესმება, მაგალითად რესტორანში, რომ „ძენ პაბედის“ უკრავენ და ცეკვავენ რუსებთან ერთად ხელჩაკიდებული ქართველები, გავაპროტესტოთ.

  • წლებია ამაზე ვსაუბრობთ და მაინც უსმენენ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში რუსულ მუსიკას. რით შეიძლება ეს აიხსნას?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ არის საბჭოთა კავშირის რეჟიმში ჩამოყალიბებული ტოტალიტარული ცნობიერება.

საბჭოთა მემკვიდრეობის შესახებ ხშირად იმართებოდა კონფერენციები, დისკუსიები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ე.წ. „ბაბლის“ ფარგლებში რჩებოდა როგორც ჩანს, როცა ერთმანეთს ველაპარაკებოდით, საწინააღმდეგო არავის არ ჰქონდა და ყველა რაღაცაზე ვთანხმდებოდით. ვერ გავიდა ჩარჩოს გარეთ ამაზე საუბარი.

ტოტალიტარული ცნობიერება არ არის რაღაც კონკრეტული, ეს არის ცნობიერების ფორმა. იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანიაზე, სადაც ნაციზმი და ფაშიზმი არ დამარცხებულა მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ხომ?! გაიზარდა ახალი თაობები და შეიძლება იგივე ცნობიერება საზოგადოების რაღაც ნაწილში ჯერ კიდევ პრობლემატური იყოს.

ასევე, რასაკვირველია, ეს დაკავშირებული რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც მარტო საქართველოში კი არა, როგორც ვხედავთ ხოლმე, ამერიკის არჩევნების დროსაც წამოყოფს ხოლმე თავს. პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვან გავლენას და სამწუხარო შედეგებს იძლევა, მით უმეტეს, როცა ნიადაგი ამისთვის არსებობს – ცნობიერება და განათლების დაბალი დონე, როდესაც პროპაგანდით მოწოდებული ინფორმაციის თუ მასალის გადამუშავება და მისი კრიტიკული გააზრება ძალიან გვიჭირს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

  • რუსული მედია ვრცელდება საქართველოში. თქვენი აზრით ეს უშლის ხელს ოკუპაციის გააზრებას?

სიმართლე გითხრათ, ამაში დიდად კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ არის ქვეყნები, სადაც აკრძალულია რუსული მედიის საშუალებები.

ამ შემთხვევაში, განსხვავებით მუსიკისგან, რუსული მედიის აკრძალვა იქნებოდა ძალიან მკაფიო პოლიტიკური პოზიციისა და კურსის გამომხატველი, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა დღეს ერთმნიშვნელოვნად არის ჩვენი მტერი, დამპყრობელი. 21-ე საუკუნეა, როცა შეიძლება ბომბები აღარ იყოს საჭირო და მედიის საშუალებით მოახდინო ქვეყნის ოკუპაცია, ამიტომ ეს იქნება ბრძოლის იარაღი და მე მგონია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

________________

ფოტოზე: თეო ხატიაშვილი. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი

ამავე თემაზე: 

რატომ უნდა გამოვრთოთ რუსული მუსიკა – ინტერვიუ კამპანიის ორგანიზატორთან

შეუძლია მოსამართლეს აზრი გამოთქვას? – პარლამენტს 5 მოსამართლე სასამართლოში უჩივის

ხუთი მოქმედი მოსამართლე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 17 ივლისს დაიწყებს.

მოსამართლეები ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე თამარ ხაჟომია, მამუკა წიკლაური, ასევე სახალხო დამცველი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების, საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების წესებს ადგენს, ასევე ადგენს მოსამართლეების საჯაროდ აზრის გამოთქმას.

კონკრეტულად კი, სადავოა  ნორმა, რომელიც მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის საფუძვლად მიიჩნევს, მის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმას.

დისციპლინური გადაცდომის ისეთი სახე, როგორიცაა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, ბუნდოვანია, როგორც შინაარსის, აგრეთვე, რეგულირების ფარგლების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ვერ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს – მიიჩნევენ მოსარჩელეები.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ ფართო მნიშვნელობიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილმა აკრძალვამ და ამ აკრძალვის დარღვევის საპასუხოდ გათვალისწინებულმა პასუხისმგებლობის ფორმამ, შესაძლოა, აიძულოს მოსამართლე, უარი თქვას საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაზე. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არათანაზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

რაც შეეხება მივლინებას, სარჩელში აღნიშნულია, რომ არსებული სამართლებრივი რეგულირება არ განსაზღვრავს მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმებსა და პირობებს, არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლის სათანადო ჩართულობას.

ამავდროულად, არაგანჭვრეტადია მივლინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებიც. მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მექანიზმი, სათანადო გარანტიების არარსებობის პირობებში, აჩენს აღნიშნული უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს, რითაც ირღვევა მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები – მიიჩნევენ მოსარჩელეები.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მხარი დაუჭირა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას, რასაც ახლა მოსამართლეების ნაწილი სახალხო დამცველთან ერთად ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს.

„პარლამენტმა დაჩქარებულად, სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და საკმარისი დისკუსიის გარეშე განიხილა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ უკიდურესად საშიში ცვლილებები. ჩვენი შეფასებით, კანონში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და მართლმსაჯულების განხორციელებას,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის სარჩელში.

ომბუდსმენმა 2022 წლის მაისში მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამართლებრივი ნორმების შესახებ, რომელიც მანამდე ერთი თვით ადრე მოსამართლეებმა გაასაჩივრეს. ამ ორ სარჩელს ერთიანად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.

სახალხო დამცველის სარჩელის მიხედვით, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით იმ საკითხების არაკონსტიტუციურად ცნობას ვითხოვთ, რომლებიც უაღრესად სახიფათოა მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის და მიმართულია სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გაუარესებისაკენ, კერძოდ:

  • გაუარესდა და არაგამჭვირვალე გახდა მოსამართლეთა პირველ და მეორე ინსტანციაში დანიშვნის სისტემა, იქმნება ნიადაგი ინტერესთა კონფლიქტებისთვის, კიდევ მეტად სუსტდება მოსამართლეთა შერჩევა დამსახურების მიხედვით.
  • ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მივლინების ვადები და დაემატა ზოგადი და ბუნდოვანი შინაარსის საფუძველი. ასევე, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში არანებაყოფლობით მივლინების აკრძალვა, რითაც იქმნება ახალი სადამსჯელო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას მოსამართლეთა მიმართ;
  • უკიდურესად გამარტივდა საქმის განხილვისაგან მოსამართლეთა ჩამოცილება და ჩნდება სივრცე მანიპულაციებისთვის, რაც ინდივიდუალურ მოსამართლეზე გავლენის შესაძლებლობას აჩენს;
  • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა მცირდება და ამისათვის საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების ხმა, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში და ადამიანის უფლებების შელახვის რისკებს ზრდის;
  • შეიზღუდა მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლით, რომლის განმარტებაც მისი ბუნდოვანების გამო, პრაქტიკაში არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეიცავს;

„იმ შემთხვევაში თუკი დავუშვებთ, რომ გასაჩივრებული ნორმა აკრძალულ ქმედებად მოიაზრებს მოსამართლის მიერ ისეთი აზრის საჯაროდ დაფიქსირებას, რომელიც მიზნად არ ისახავს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერას, არ წარმოადგენს პირადი პოლიტიკური/პარტიული პრეფერენციის დეკლარაციას, არამედ პოლიტიკურთან ერთად გააჩნია ზოგადსაკაცობრიო და სოციალური განზომილებაც, სახეზეა თანაზომიერების პრინციპის დარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. თავისთავად ლეგიტიმური მიზნის არსებობა საკმარისი არ არის უფლებისმზღუდავი ნორმის კონსტიტუციურობის სამტკიცებლად, თანაზომიერების ტესტის მეორე კომპონენტის მოთხოვნაა, რომ არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვას შორის,“ – აღნიშნავენ სარჩელში მოსამართლეები. ვრცელ სარჩელში მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლების კუთხით შეგხვდებათ აშშ-ს და გერმანიის მაგალითი:

„საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში სადავო არ არის, რომ განსხვავებით ფიზიკური პირებისგან, მოსამართლის მიერ პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოხატვა განსაკუთრებულ რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს,“ – ვკითხულობთ მოსამართლეების სარჩელში. – მიუხედავად ამისა, მოსამართლის თავისუფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს ვიწროდ-მიზანმიმართული, ცხადი კანონმდებლობით, რათა რეგულირებამ მსუსხავი ეფექტი არ იქონიოს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეთა ქცევის კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მოსამართლეს ეკრძალება:

  • იმოქმედოს, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის [პარტიის ან მასთან აფილირებული ნებისმიერი ორგანიზაციის] ლიდერმა ან თანამშრომელმა.
  • გააკეთოს პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ განცხადებები.
  • დააფინანსოს პოლიტიკური პარტია [მასთან აფილირებული ორგანიზაცია] ან ისარგებლოს პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სერვისით.
  • დაიკავოს მოსამართლეობის თანამდებობა, თუკი იგი პარალელურად იყრის კენჭს ნებისმიერი სხვა პოსტის დასაკავებლად.
  • ჩაერთოს ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობაში.

გერმანიაში სასამართლოს შესახებ გერმანიის აქტის 39-ე მუხლის თანახმად, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ასევე მის მიღმა მოსამართლე შეიძლება ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობაში იმდენად, რამდენადაც, ეს მის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას არ შელახავს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეში Baka v. Hungary, მოსამართლე დაითხოვეს უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის პოსტიდან იმ მიზეზის გამო, რომ მან დააფიქსირა საკუთარი პოზიციები იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. მისი განმარტებით: „აღიარებულია, რომ სასამართლო სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია… სასამართლო ხელისუფლებას გააჩნია განსაკუთრებული როლი საზოგადოებაში, იგი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულების – სამართლიანობის გარანტორია.

საზოგადოების მხრიდან მოსამართლის მიუკერძოებლობის აღქმა, მოსამართლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. თუმცა, ამავდროულად, სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. გამომდინარე აქედან, სასამართლოს შეფასებით, ნებისმიერი ჩარევა მოსამართლის თავისუფლებაში მკაცრ შემოწმებას საჭიროებს. მეტიც, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებას, საჯარო ინტერესის მატარებელია, რაც, თავის მხრივ, განსაკუთრებული დაცვის ხარისხით სარგებლობს კონვენციის მე-10 მუხლის მიზნებისთვის.

იმ შემთხვევაშიც თუკი საკითხს, რომელზეც მოსამართლე პოზიციას აფიქსირებს, პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია, ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლეს ავუკრძალოთ აღნიშნულ საკითხზე მოსაზრების დაფიქსირება,“- ვკითხულობთ სარჩელში.

„ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ ომი არ იქნება“ – ემიგრანტი

„ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ ომი არ იქნება. ევროპა ნიშნავს უსაფრთხოებას. ევროპა, რომელსაც მე წლებია ვაკვირდები, არის ადამიანზე ორიენტირებული სამყარო. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები პრობლემა. ან თუ აქვს პრობლემა, სახელმწიფოს რითაც შეუძლია, ვალდებულია დაეხმაროს და მტრისას თუ არ დაეხმარა.

სახელმწიფო ვალდებულია საყოფაცხოვრებო და ჯანდაცვის საკითხებში დაეხმაროს მოქალაქეს. ევროპა არ არის ერთი პატარა ქალაქი ან სოფელი. ევროპა ბევრი ქვეყნისგან შედგება, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს, ერთმანეთისგან განსხვავებულები, თავისი მიზნებით და ამოცანებით,“ – ასე ხსნის ევროპის და ევროკავშირის არსს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მთარგმნელი დარეჯან კიკოლიაშვილი.

2007 წელს ემიგრაციაში დარეჯანიც იმ მიზეზებმა წაიყვანა, რამაც  საქართველოს სხვა ათასობით მოქალაქე. მისი სამუშაოც სხვა ემიგრანტების სამუშაოს მსგავსია, მოხუცს უვლის. თუმცა მოხუცის მოვლის პარალელურად არასდროს დაუვიწყებია მისი ძირითადი პროფესია.

დარეჯან კიკოლიაშვილმა თარგმნა ცნობილი იტალიელი მწერლების ნაწარმოებები. მათ შორის, უმბერტო ეკო (მტრის ხატის შექმნა), იტალო კალვინო (უხილავი ქალაქები) და პრიმო ლევი (განა ეს ადამიანია).

„ვმუშაობ მოხუცთან, პარალელურად რაღაცებს ვთარგმნი, პროფესია რომ არ დამავიწყდეს. როცა მოხუცთან მუშაობ, თითქოს სტატუსით ნაკლები ხარ. მიუხედავად ამისა, მაინც დიდია პატივისცემა.

როცა უმბერტო ეკოს თარგმნა დავიწყე, ჩემმა ოჯახმა მთელ უბანს მოსდო აი, ჩვენი დარეჯანი ის კი არ არის რაღაცა… ეკოს თარგმნისო,“ – იხსენებს დარეჯანი ემიგრაციის პირველ წლებს.

მიუხედავად იმისა, რომ 17 წელია ემიგრაციაში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ აქტიური მოქალაქეა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა არჩევნებში, რომელიც 2007 წლის შემდეგ საქართველოში გაიმართა.

დარეჯან კიკოლიაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს იმ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ და რუსულ კანონზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპას აშორებს.

„რუსულ კანონი, რომელსაც გამჭვირვალობის კანონს ეძახიან… ამ კანონს აქვს მერვე მუხლი – ვიღაცას შეუძლია ეჭვის საფუძველზე დაგასმინოს. ეს ხომ გაიარა უკვე საქართველომ? 30-იანი წლების საბჭოთა ტერორი მეტი ხომ არაფერი ყოფილა?

იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ევროპას ე.წ. გარყვნილების ბუდედ მიიჩნევს, არათუ არასდროს ყოფილა ევროპაში, ისიც კი არ იცის, რომ ევროკავშირი ერთი ქვეყანა ან ერთი ქალაქი არ არის. ევროპაში ყველა ქვეყანა განსხვავებულია, თავიანთი ენა, კულტურა და ტრადიცია აქვთ. ევროკავშირი ბევრი ქვეყანა და ბევრი რეალობაა.

ევროკავშირის მთავარი სიკეთე პირადად ჩემთვის არის ის, რომ ვიქნებით უფრო დაცული საომარი საფრთხეებისგან. თუ ვინმე ომს აპირებს, ორჯერ მაინც დაფიქრდება, ღირს თუ არ ღირს.

უსაფრთხოების შემდეგ ჩემთვის არის ევროპული პენსია, კარგი ყავა, ბარში რომ შედიხარ გიღიმიან და აინტერესებთ, როგორ ხარ. მთავარი სიკეთე ევროპისგან უსაფრთხოების გარანტია.

ასევე უმთავრესია, რომ კანონი ყველასთვის ერთია და სისტემა გამართულად მუშაობს,“ – ამბობს დარეჯან კიკოლიაშვილი.

მთარგმნელი იხსენებს იტალიური პოლიტიკური ცხოვრების სირთულეებს, როდესაც ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებები მოხდა და გარკვეული ხანი იტალია მთავრობის გარეშე დარჩა.

„იტალიაში ყოფნისას ორჯერ მოვესწარი სიტუაციას, როდესაც მთავრობა დაიშალა. პროდის მეორე მთავრობა რომ დაემხო (რომანო პროდი იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი 2006-2008 წლებში), ვიფიქრე რა გვეშველება ახლა, აქ ომი ატყდება. როგორც ქართველს ისე წარმომედგინა. არაფერი არ გვიგრძვნია არავის. ჩვეულებრივად მუშაობდა სახელმწიფო მანქანა და მალევე აირჩიეს ახალი.

ევროპა ჩემთვის ამასაც ნიშნავს – ადამიანებზე ზრუნვას, ჯანდაცვის უფლებას. თუნდაც საბუთი არ გქონდეს და არალეგალი ემიგრანტი იყო, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გაქვს, ისევე როგორც აქაურ მოქალაქეს. არავინ არ გტოვებს ქუჩაში. თუ ლეგალურად მუშაობ და უმუშევარი დარჩი, უმუშევრობის დახმარება გეძლევა თითქმის ხელფასის ოდენობის. უფასო მკურნალობის საშუალება გაქვს,“ – ამბობს დარეჯან კიკოლიაშვილი.

  • რა სოციალური დაცვა აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს

დარეჯან კიკოლიაშვილი იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს. ის საუბრობს იმ შრომის კულტურაზე, რომელსაც კანონი არეგულირებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. აზრი არ აქვს რას აკეთებ – მოხუცის მომვლელი ხარ, ბარში მიმტანი თუ რომელიმე ფირმაში მუშაობ. კანონი ყველას იცავს.

“მოხუცის მომვლელს ყოველდღე, დღეში 2 საათით გაქვს დასვენების უფლება, ხოლო თუ არ სარგებლობ დასვენების უფლებით, ოჯახი ფულს გიხდის ამაში. კვირაში დღე-ნახევარი გაქვს ასევე დასვენებისთვის. როდესაც ოჯახში მუშაობ, არ იხდი კომუნალურებს და ბინის ქირას. თუ კონტრაქტით მუშაობ, იხდი 30 %-ს ანაზღაურებიდან, რომელიც მიდის საგადასახადოში. მაგრამ თუ უმუშევარი დარჩი, აუცილებლად დაგენიშნება დახმარება და ეს გადახდილი გადასახადები გიბრუნდება. აფთიაქში რომ წამლები გაქვს ნაყიდი, იმ თანხის ნაწილიც კი უკან გიბრუნდება. იტალიაში ცხოვრების და მუშაობის პერიოდში ერთადერთხელ ვისარგებლე ამით და თითქმის ერთი წელი ვიღებდი [უმუშევრობის დახმარებას].

ასევე ჩემს ბანკთან მაქვს გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება, თვეში 13 ევროს ვიხდი უმუშევრობის დაზღვევისთვის. თუ უმუშევარი დავრჩები ნებისმიერი მიზეზით, მე დავანებებ თავს თუ ოჯახი დამითხოვს, 6 თვე მაინც დამეხმარება ბანკი. 500 ევროა თითო თვეზე განსაზღვრული, რომლის ერთად აღებაც შეგიძლია და ცალკეული თვეების მიხედვითაც.

ხელფასის ნახევარს გაძლევენ, მაგრამ ბინის ქირისა და კვებისთვის სრულიად საკმარისია, ქუჩაში არ დარჩები.

ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში კი ყველაფერში გეხმარება სახელმწიფო, კონკრეტულად INPS (სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი).

ბანკი ასევე მთავაზობდა ჯანმრთელობის დაზღვევას იმ შემთხვევაში, თუკი საავადმყოფოში აღმოვჩნდებოდი. იტალიაში საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში ოთხი უფასო დღე გაქვს, შემდეგ გიწევს გადახდა და ამ ხარჯს (საკმაოდ დიდს) ბანკი ფარავს დაზღვევის შემთხვევაში. ეს არის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პოზიციაზე დასაქმებულის უფლებრივი და ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან,“ – ამბობს დარეჯან კიკოლიაშვილი.

დარეჯანის თქმით, იმ ფონზეც კი, როცა იტალია „ყველაზე არხეინი ქვეყანაა ევროპაში“, სახელმწიფო აპარატები გამართულად მუშაობენ. იტალიაში მცხოვრები ადამიანები კი თავს დაცულად გრძნობენ.

  • ევროპული პენსია

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი საკითხი ევროპული პენსია. იტალიაში მინიმალური პენსია 615 ევროა. ამ პენსიას იღებენ ის მოქალაქეები, ვისაც არასდროს უმუშავია ოფიციალური კონტრაქტით და შესაბამისად არ გადაუხდია გადასახადები. საშუალო პენსია კი 1500 ევრომდე აღწევს – იმის მიხედვით, თუ რა პოზიციაზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე პენსიონერი, რამდენი წელი მუშაობდა და რა თანხა დააგროვა მუშაობის პერიოდში, პენსიის ოდენობა იზრდება.

„ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე მაღალ პენსიას იღებს, დაახლოებით 2000 ევროს. ბევრად მეტსაც იღებენ ცალკეულ შემთხვევაში, მაგრამ მე ვსაუბრობ საშუალო პენსიაზე.

თუმცა, როდესაც დაბალი პენსიის მქონე პენსიონერებს დახმარება სჭირდებათ, მაგალითად მომვლელი, სახელმწიფო დამატებით უხდის 500 ევროს, როგორც ბონუსს. ასევე გარკვეულ პროცენტს უფარავს მომვლელის დაქირავებისთვის. მარტო არ რჩება ადამიანი.

სოციალური პენსია ვისაც აქვს, ანუ სტაჟის და დამსახურების გარეშე, მათთვის სახელმწიფოს მედიკამენტების პროგრამით წამლები თითქმის უფასოა. მკურნალობა უფასოა, ექიმი უფასო.

15 ათას ევროზე ნაკლების შემოსავლის მქონეებსაც, ჩემსავით დასაქმებულებს, ბევრი ბონუსი გვაქვს და რიგ სერვისებზე უფასო წვდომა.

ეს სისტემა, შეიძლება ფუფუნებით ცხოვრების საშუალებას არ გაძლევდეს ადამიანს, მაგრამ კვებაზე და გადასახადებზე გყოფნის.

იტალიაში შვილებს საკმაოდ დიდი თანხა უჯდებათ მოხუცი მშობლების მოვლა. მიუხედავად ამისა, ურჩევნიათ ეს თანხები დახარჯონ და მათმა მშობლებმა ნაცნობ, მშობლიურ გარემოში გაატარონ სიცოცხლის უკანასკნელი წლები“, – ამბობს დარეჯან კიკოლიაშვილი.

დარეჯანის თქმით, შრომის უფლებების დაცვა ევროპაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

„ახალგაზრდები, სტუდენტები იტალიაშიც მუშაობენ. მუშაობენ ბარებში, რესტორნებში ან კურიერებად. ვერცერთი უფროსი ვერ გაუბედავს ვერცერთ დასაქმებულ ახალგაზრდას და ვერ ეტყვის: „შენ ახლა ღამის 12 საათამდე უნდა იმუშაო, ოღონდ ხელფასი იგივე გექნებაო“. ეგ არის გამორიცხული. კანონი იმდენად იცავს დასაქმებულს, აზრადაც არავის მოუვა ისე გამუშაოს“.

  • სამოქალაქო პოზიცია

„ქართველებს უყვართ, როცა მათი შვილები დიპლომს იღებენ. „ბავშვმა უნდა ისწავლოს“ – ეს არის ქართველის დიდი მიზანი. მაგრამ რატომ უნდა ისწავლოს? მერე რაში გამოადგება ეს სწავლა? ამ პირობებში (როცა რუსული კანონი გვაქვს) არაფერში აღარ გამოადგება.

რასაც ყველაზე მეტად ვსაყვედურობ მთავრობას, არის სოციალური პოლიტიკა. მაგალითად, ფეისბუქს გახსნი და გული ხელით გიჭირავს. ათი ბავშვი მაინც ითხოვს თანხის ჩარიცხვას. იმიტომ, რომ რაღაცა საოცრება სჭირს და სასწრაფოდ სადღაც არის წასაყვანი. ხომ შეიძლებოდა ამდენი წლის განმავლობაში რაღაცა ყოფილიყო ჩვენთანაც. მით უმეტეს, დაგვპირდა ჩვენი „მამა მარჩენალი“, რომ ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს გააკეთებდა.

ამასწინათ დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა: „ეს ძალიან რთული საკითხია და ჩვენ ამაზე ვფიქრობთო“. და რა არის ამაზე ამდენი ფიქრი. ამდენი წელი?

შეეძლოთ ევროკავშირისგან მოეთხოვათ ეს თანხა, რა არის აქ შეუძლებელი?

აი, ასეთ რამეებზე უნდა დაფიქრდეს მოქალაქე. ჩვენს მოხუცებს, რამდენი რამე ენატრებათ, რამდენი რამე არ აქვთ. მარტო თბილისი და ბათუმი ხომ არაა საქართველო?

თბილისსა და ბათუმს გარეთ როგორც კი გახვალთ… მე რეგიონებში მყავს უამრავი ნათესავი და ვიცი რა მდგომარეობაში არიან ადამიანები. უდიდესი სიღარიბეა – ფეხზე დახეული აცვიათ, ტანზე დახეული ან ვიღაცის გამონაცვალი. დასვენებაზე და ზღვაზე წასვლაზე აღარაა საუბარი. გამორიცხულია ძალიან ბევრი ოჯახისთვის ამაზე ოცნება.

ხილის ყიდვა რომ პრობლემაა მოხუცისთვის თუ ბავშვისთვის, რაღაზეა საუბარი?

ჩვენ ირგვლივ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, „ოცნების“ ამომრჩეველი რომ ხარ, ამაზე ფიქრობთ?

სექტემბრიდან რომ რუსული კანონი ძალაში შევა, ვიღაცამ უნდა მკითხოს, შენ ეს დაფინანსება საიდან მიიღე? მე უნდა ვუთხრა, რომ იტალიის მხარემ დამაფინანსა. ჩემ მასშტაბზე არაა ახლა აქ მარტო საუბარი, უბრალოდ ვცდილობ ავხსნა, რომ ეს ყველას შეეხება.

რას ვაკეთებ მე?

ეს არის ზოგადი კითხვა და თან ისეთი, რომელიც ყოველდღე უნდა დავსვათ.

ემიგრანტები აქ თავს იკლავენ შრომით. ერთ სამსახურს არ სჯერდებიან და ღამის სამსახურებს იღებენ, რომ ოჯახს არაფერი მოაკლონ საქართველოში.

ბევრი პრობლემა მოიხსნა საქართველოში ემიგრანტებისგან გამოგზავნილი თანხით.

რომში მცხოვრები ემიგრანტები ძირითადად კვირას ისვენებენ, ამ დღეს გამოდიან ქალაქში, ხვდებიან ერთმანეთს. შეიძლება ბევრი დრო არ აქვთ პოლიტიკაზე ფიქრისთვის, გააზრებისთვის, მაგრამ ესეც, მათი დაუსრულებელი შრომაც ხომ ნიშანია, რომ მთლად კარგადა არაა საქმე საქართველოში? ამდენი წელი რომ აქ ხარ, მაინც ვერ აუხვედი პრობლემებს, რომელიც არა და არ მთავრდება, ამან ხომ უნდა დაგაფიქროს?

20 წელი გავიდა, რაც უცხოეთში ხარ, ისევ შენს გაგზავნილ ფულზეა დამოკიდებული ყველა, შენი ფული სულ საჭიროა. ეს ხომ ნიშნავს, რომ რაღაცაშია საქმე?

არ არის რთული იმის მიხვედრა, მით უმეტეს ემიგრანტისთვის, კიდევ ამდენი დახმარება რომ სჭირდება შენს ოჯახს, ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში რთულადაა სიტუაცია ისევ.

ხანდახან, აქაური სამრევლო აწყობს ტურებს, რომი კარგად ვიცი და მე ვგიდობ. ტურზე არიან ქალები, იტალიაში წამოსვლამდე თავიანთ სოფლებს რომ არ იყვნენ გაცილებული, მაგრამ საოცრად გონიერები, ნიჭიერები არიან. საოცარი ადამიანები. სულ ვფიქრობ მათზე, ამ ნიჭიერ ქალებზე, რომელთაც თავისმა ქვეყანამ განვითარების საშუალება არასდროს მისცა. მარტო ოჯახს ემსახურებიან, ბოლომდე თავი გაწირეს…

ვფიქრობ, ახლა თითოეული მოქალაქე უნდა იყოს აქტიური, თავისი ღირსება უნდა დაიცვას და მისი გათელვის უფლება არავის მისცე.

აუცილებელია ადამიანებმა სახელი დაარქვან რაღაცებს. ის, რომ ჩემი ახლობელია და ვერ ვიკადრებ, რაღაცები დავუწერო და ვუთხრა, ეს ერთ ქვაბში გვხარშავს ავს და კარგს.

ევროპა კი არა, არაფერი არაა სრულყოფილი დედამიწაზე. სადაც ადამიანი გარეულა, ყველგან შექმნილა პრობლემა.

მაგრამ ელემენტარულია – რაც შენთვის გინდა ის გინდოდეს სხვისთვის და რაც შენთვის არ გინდა, ის არ გინდოდეს სხვისთვის.

მშვიდობაო ისე გიმტკიცებს სახელისუფლებო პროპაგანდა, ვითომ საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ქართველები ჩვენ არ გვეხება. როგორაა მშვიდობა?

ერთადერთი იმას ვნატრობ, ისეთი ოპოზიციური კოალიცია მაინც შეიკრას, რომ ოქტომბერში არჩევანი გაადვილდეს. ვიცოდე, რატომ ვაძლევ მათ ხმას. ახლა ხმების დაკარგვის დიდი საშიშროებაა, თორემ ამ სიტუაციაში არც კი ვიცი, ვის უნდა მივცე ხმა“.

როგორ აპირებს „ოცნება“ ე.წ. ავტორიტეტების საარჩევნოდ გამოყენებას? – ეკა ბესელიას კომენტარი

„მახსოვს, წინა საპარლამენტო არჩევნებზე როცა უბნებზე დავდიოდი, მობილიზებული იყვნენ იქვე, უბანთან, საეჭვო ახალგაზრდა კაცები… ახლა ამას უფრო დიდი დოზით გამოიყენებენ,“ – გვიყვება ეკა ბესელია, პარტია „სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი.

მას ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე: რა სქემით შეიძლება სცადოს „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად ე.წ. ავტორიტეტების გამოყენება?

პარლამენტის ყოფილ წევრს ვკითხეთ ამნისტიაზეც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ უკვე დააანონსა – შესაბამისი პროექტის პირველი მოსმენით მიღებას „ქართული ოცნება“ 19 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე აპირებს. ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ 70-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

„მე ყოველთვის მივესალმები ჰუმანურ აქტს, თუ პატიმრებისთვის გაკეთდება რამე, მაგრამ ამ ამნისტიას ეტყობა მიზნობრიობა… არჩევნების წინ იმიტომაა მიღებული, რომ ხმები მოინადიროს და პატიმრების ოჯახების გული მოიგოს,“ – ამბობს ეკა ბესელია. მისი დაკვირვებით, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად მოსყიდვის მექანიზმს გამოიყენებს და „შავი ფულის ტრიალი“ იქნება, რასაც „ავტორიტეტების“ მხრიდან კონტროლიც დაემატება.

ეკა ბესელია ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად როგორ მუშაობს ეს სქემა რეალურად, მაგრამ როცა ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა ძალიან სუსტია, ლოგიკურად წარმოსადგენია, „ავტორიტეტების“ გავლენის წინაპირობა ჩნდებოდეს:

„წინა არჩევნებზე ვხედავდი, როგორ აკონტროლებდნენ ეს საეჭვო კაცები გარემოს: ვინ მოდიოდა, ვინ – არა, ვიღაცასთან მიდიოდნენ და ელაპარაკებოდნენ, მათი ქცევა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ იყვნენ ე.წ. ქუჩის მაყურებლების როლში. რამდენიმე მათგანს გამოველაპარაკე კიდეც, ამარიდეს თავი, რამდენიმემ დამიდასტურა, რომ ძველი ამნისტიით იყვნენ გათავისუფლებული.

ეს მობილიზება განსაკუთრებით იგრძნობოდა შუადღის საათების შემდეგ, ასევე საღამოს, როცა საარჩევნო უბნებზე იწყებოდა ხმების დათვლა.

ფაქტია, რომ მათ რაღაცას ჰპირდება „ქართული ოცნება“. ბევრი მექანიზმია ხელისუფლების ხელში: პირობით ვადამდე გათავისუფლება, დასაქმება აიპებ-ში და ასე შემდეგ. ეს რესურსი ყოველთვის გამოიყენებოდა და ახლა დიდი დოზით გამოიყენებენ – 2024 წლის არჩევნებზე საკმაოდ დიდი ფული იხარჯება, მათ აქვთ შავი ფული.

როცა ქვეყანაში არ არის მყარი და მდგრადი მართლმსაჯულების სისტემა, ადამიანები იწყებენ ალტერნატიული მიკროსასამართლოების გამოგონებას და მის რომანტიზებას. ეს ხდება ავტორიტეტული და სანდო ინსტიტუტების არარსებობის პირობებში… ადამიანები მიდიან იქ იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა არ აქვთ, არ არსებობს სისტემა, სადაც დალაგებულია ადამიანის უფლებების დაცვის ლეგალური გზები. ეს არის მენტალური პრობლემა, სტერეოტიპები და ინსტიტუციური რყევების ბრალი,“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ „ბათუმელებთან“.

როგორ იყენებდა ე.წ. ავტორიტეტებს „ქართული ოცნება“, როცა ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია იყო, რა გამოცდილება დაუგროვდა ამ კუთხით მმართველ პოლიტიკურ ძალას?

„არასდროს ვყოფილვარ ასეთი ფაქტის შემსწრე, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ რომანტიზებულია ეს [ქურდული] სამყარო.

ჩემი იქ ყოფნის პერიოდი, მგონი, „ოცნებისთვის“ იყო საოცნებო პერიოდი – 2018 წლამდე მე მაინც მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ინარჩუნებდა ყველაზე კეთილშობილურ სახეს, რაც კი შეიძლება ჰქონოდა შენარჩუნებული. შიგნითაც ჩანდა ეს. მე არ ვყოფილვარ პარტიულ ამბებში ჩართული, მაგრამ რასაც ვხედავდი, მეთოდები, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, ეს რომ მენახა, ამაზე აუცილებლად მექნებოდა რეაქცია.

ვფიქრობ, „ქართული ოცნების დეგრადაცია დაიწყო მეორე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც დაიწყეს ძალაუფლების განმტკიცება,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.

ქობულეთში „ჩელე არენას“ საფეხბურთო მოედანზე ხელოვნურ საფარს დააგებენ – ტენდერი 2 მილიონი ლარით

ქობულეთის საფეხბურთო სტადიონის ცენტრალურ და სავარჯიშო მოედნებზე ხელოვნურ საფარს დააგებენ. სამუშაოების ფარგლებში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩატარდება, თუმცა ეს არ იქნება სტადიონის რეკონსტრუქცია. სამუშაოებისთვის 2,1 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის მთავრობას ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქციის/ახლის მშენებლობის გადაწყვეტილება არ მიუღია. არადა აჭარის პროექტების მართვის კომპანია გასულ წელს ახალი, 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მოსაწყობად საჭირო ფასის დადგენაზე იკვლევდა ბაზარს. დღეს კი, კომპანიაში გვითხრეს, რომ ქობულეთში ახალი სტადიონის მშენებლობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამჯერად რეაბილიტაცია, ძირითადად, სათამაშო მოედნებს უტარდება.

„ჩელე არენას“ ცენტრალურ მოედანზე ბუნებრივი საფარი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ამ ეტაპზე გადაწყდა ხელოვნური საფარის დაგება. ხელოვნური საფარი დაიგება სავარჯიშო მოედნებზეც, ეს არის ლოკალური სამუშაოები“ – გვითხრეს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“.

ქობულეთში საფეხბურთო სტადიონის „ჩელე არენა“-ს ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე ტენდერი 2 107 504 ლარითაა გამოცხადებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 28 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტოს დასრულდება.

პირობის მიხედვით „სამუშაოების სრულად დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვე“. ამასთან, „ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.“

ტენდერის პირობების მიხედვით:

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში არანაკლებ 1 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული [დასრულებული] უნდა ჰქონდეს არანაკლებ 90*60 ზომის სტადიონზე, არანაკლებ 14 000 Dtex სიხშირის მქონე World Rugby Preferred producer ან/და FIFA preferred provider ან/და FIH preferred provider პროგრამაში მონაწილე მწარმოებლის ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები, ან/და არანაკლებ ერთი სტანდარტული ზომის სტადიონზე [არანაკლებ 100*64 ზომის] ბუნებრივი მოედნის მოწყობის სამუშაოები სრულად, სადრენაჟე სისტემის, მიწის სამუშაოებისა და საფარის მოწყობის ჩათვლით, რომლის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 ათას ლარს დღგ-ს ჩათვლით.

გამოცდილების დამადასტურებელი სამუშაო სავალდებულოდ მიწოდებული/განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე“. პრეტენდენტის მიმართ არის სხვა მოთხოვნებიც.

„ყველა შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადაა 2 წელი, ხოლო ხელოვნური საფარის საგარანტიო ვადაა 5 წელი, რომელთა ათვლა იწყება მხარეთა შორის სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის დღიდან.“ – აღნიშნულია პირობაში.

რატომ არ გადაწყდა ამ დრომდე ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქცია/ახლის აშენების საკითხი? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. „რეკონსტრუქცია სავარაუდოდ შემდეგ დაიგეგმება“ – გვითხრეს აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით როგორი უნდა იყოს ქობულეთის ახალი სტადიონი, ნახეთ ამ ბმულზე:

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

ბათუმში აივნიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კორპუსის მე-6 სართულიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.

შს სამინისტრო მომხდარს ადასტურებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

რა ელის სამყაროს, თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა – იუვალ ნოახ ჰარარი 

იუვალ ნოახ ჰარარი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი

ტექსტი გამოაქვეყნა The Economist-მა.

___

ჩვენ მუხლებს მაშინ ვაფასებთ, როცა ისინი მუშაობას წყვეტენ. ეს ფრაზა ასევე მართებულია გლობალური წყობის შესახებაც: მისი სარგებელი ცხადი ხდება მხოლოდ ნგრევისას და როდესაც წყობა იშლება, სუსტი ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ზარალდება. ისტორიის ეს კანონი მსოფლიოს ყველა ლიდერის გონებაში უნდა ფეთქავდეს. კატასტროფული შედეგები გლობალურად იქნება საგრძნობი თუ მშვიდობის აღდგენა ვერ მოხერხდა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი რღვევას განაგრძობს.

როდესაც საერთაშორისო კანონები აზრს კარგავს, ქვეყნები ცდილობენ უსაფრთხოების ძიებას შეიარაღებასა და სამხედრო ალიანსებში. უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე ვერავინ დაადანაშაულებს პოლონეთს ჯარისა და სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგებაში, ფინეთს – ნატოში გაწევრიანებაში ან საუდის არაბეთს – აშშ-თან თავდაცვის ხელშეკრულების გაფორმებაში.

სამწუხაროდ, სამხედრო ბიუჯეტი იზრდება სოციუმის ყველაზე სუსტი წევრების ხარჯზე, როდესაც სკოლებსა და კლინიკებზე გათვლილი თანხები ხმარდება ტანკებისა და რაკეტების შეძენას. თვით სამხედრო ალიანსებშიც კი იქმნება უთანასწორობა. მათი დამცავი ფარის გარეთ დარჩენილი სუსტი ქვეყნები მარტივი სამიზნეები ხდებიან. მსოფლიოს გარშემო სამხედრო ბლოკების ზრდასა და გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზებიც იძაბება, რასაც თან ახლავს ვაჭრობის კლება, სადაც ღარიბი ფენა იძულებულია გადაიხადოს ყველაზე მაღალი ფასები.

სამხედრო ბლოკებს შორის დაძაბულობის ზრდასთან ერთად იზრდება იმის რისკიც, რომ პატარა ნაპერწკალი მსოფლიოს შორეულ კუთხეში გახდება გლობალურ ხანძრის გაჩენის მიზეზი. ვინაიდან ალიანსები ნდობას ემყარება, ყველაზე პატარა გამოწვევაც კი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელო ლოკაციაზე, შეიძლება მესამე მსოფლიო ომის „კაზუს ბელი“ [casus belli – გამომწვევი მიზეზი] გახდეს.

კაცობრიობას ამის მაგალითები ადრეც უნახავს. დაახლოებით 2000 წლის წინ სუნ ძიმ, ჩანაკიამ და თუკიდიდემ აჩვენეს, თუ როგორ აქცევს უკანანო სამყაროში უსაფრთხოების ძიება ყველას ნაკლებად უსაფრთხოდ. ისეთი წარსულის გამოცდილებებმა, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომი და ცივი ომი მრავალჯერ გვასწავლა, რომ გლობალურ კონფლიქტებში არაპროპორციულად იტანჯება ის, ვინც სუსტია.

მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსხვერპლის მაჩვენებელი იყო ჰოლანდიის ოსტინდოეთში, დღევანდელ ინდონეზიაში. იავას ბრინჯის ფერმერებისთვის 1939 წელს აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებული ომი ძალიან შორეული და ყურადსაღები ამბავი არ იყო, მაგრამ პოლონეთში მომხდარი მოვლენებით გამოწვეულ ჯაჭვურ რეაქციას თან ახლდა 3,5-4 მილიონი ადამიანის სიკვდილი ინდონეზიაში, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზიც იყო იაპონელი ოკუპანტების მიერ იძულებითი შრომა და შიმშილი.

ეს შეადგენდა ინდონეზიის მოსახლეობის 5%-ს, რაც უფრო მაღალი მსხვერპლის მაჩვენებელია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც მთავარ მეომარ მხარეებს შეადგენდნენ, მათ შორის იყვნენ შეერთებული შტატები (0,3%), ბრიტანეთი (0,9%) და იაპონია (3,9%).

ცივი ომი შეიძლება ყოფილიყო ცივი ბერლინში, მაგრამ იყო მცხუნვარე ჯოჯოხეთი ჯაკარტაში. 1965-66 წლებში დაახლოებით 500 000-დან 1 მილიონამდე ინდონეზიელი დაიღუპა კომუნისტებსა და ანტიკომუნისტებს შორის დაძაბულობის შედეგად გამოწვეული ხოცვა-ჟლეტის დროს.

სიტუაცია დღეს პოტენციურად უარესია, ვიდრე 1939 ან 1965 წელს. ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რომ ბირთვულმა ომმა ნეიტრალურ ქვეყნებში შეიძლება ასობით მილიონი ადამიანი საფრთხის ქვეშ დააყენოს. კაცობრიობას ასევე ემუქრება კლიმატის ცვლილებებისა და უკონტროლო ხელოვნური ინტელექტის დამატებითი ეგზისტენციალური საფრთხეები.

სამხედრო ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, თანხა, რომელიც შეიძლებოდა მოხმარებოდა გლობალური დათბობის პრობლემებთან ბრძოლას, აძლიერებს გლობალურ შეიარაღებას. ზრდადი დაძაბულობა ასევე ანადგურებს ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შანსს.

სამხედრო შეჯიბრი უფრო ინტენსიური ხდება, კეთილგანწყობა კი, რომელიც კლიმატის ცვლილებების შესახებ შეთანხმებისთვისაა საჭიროა, ნელ-ნელა ორთქლდება. განსაკუთრებით საჰაერო ომი [დრონებით] სწრაფი სვლით ვითარდება. მსოფლიომ უკრაინის ცაზე შეიძლება მალე იხილოს ერთმანეთთან მებრძოლი სრულიად ავტონომიური დრონები, რომლებიც მოკლავენ ათასობით ადამიანს ხმელეთზე.

მკვლელი რობოტები ვითარდებიან მაშინ, როცა ადამიანები უთანხმოებებით არიან პარალიზებული. თუ უკრაინაში არ დამყარდა მშვიდობა, ყველას მოუწევს შედეგებსა და ზარალზე თვალის გასწორება იმის მიუხედავად, რამდენ ათას კილომეტრში იქნებიან კიევიდან და იფიქრებენ, რომ ამ ომს არაფერი საერთო არ აქვთ მათთან.

მშვიდობის დამყარება არასდროსაა მარტივი. ამბობენ, რომ ნაციები ომში ბეღლის კარიდან ერთვებიან, მაგრამ ერთადერთი გასასვლელი მხოლოდ თაგვის ხვრელია. როცა არსებობს კონფლიქტური პრეტენზიები და ინტერესები, ძნელია ვინმეს დადანაშაულება და გონივრული კომპრომისის პოვნა. მიუხედავად ამისა, ამ თვალსაზრისით რუსეთ-უკრაინის ომი განსაკუთრებით მარტივი შემთხვევაა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობა და საზღვრები საყოველთაოდ იქნა აღიარებული. ქვეყანამ საკუთარი თავი ისე უსაფრთხოდ ჩათვალა, რომ უარი თქვა ბირთვულ არსენალზე, რომელიც საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღო, იმის მოთხოვნის გარეშე, რომ რუსეთს ან სხვა სახელმწიფოებს იგივე გაეკეთებინათ.

სანაცვლოდ, 1994 წელს რუსეთმა [როგორც აშშ-მ და ბრიტანეთმა] ხელი მოაწერეს ბუდაპეშტის მემორანდუმს, რითაც დადეს პირობა, რომ უკრაინის მიმართ „თავს შეიკავებდნენ ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან“. ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცალმხრივი განიარაღების აქტი. 1994 წელს, მაშინ როცა ძლიერი იყო საერთაშორისო წესებისა და შეთანხმებებისადმი ნდობა, ბირთვული ბომბების ქაღალდზე დაწერილ დაპირებებში გაცვლა უკრაინელებს ბრძნულ ნაბიჯად მიაჩნდათ.

20 წლის შემდეგ, 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, როდესაც რუსულმა ძალებმა მოახდინეს ყირიმის ოკუპაცია და ხელი შეუწყვეს სეპარატისტულ მოძრაობებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ომი ნელ-ნელა ვითარდებოდა მომდევნო 8 წლის განმავლობაში, სანამ 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობის მიზნით არ წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმა.

რუსეთმა თავისი ქმედებების გასამართლებლად უამრავი მიზეზი თუ საბაბი დაასახელა, რომელთაგანაც აღსანიშნავია – რუსეთზე დასავლეთის თავდასხმის პრევენცია. თუმცა, არც 2014 და არც 2022 წელს არსებობდა ამგვარი შეიარაღებული თავდასხმის საფრთხე. ბუნდოვანი საუბარი „დასავლურ იმპერიალიზმსა“ და „კულტურულ კოკა-კოლონიალიზმზე [Coca-Colonialism]“ შეიძლება საკმარისი საბაბი იყოს დებატების წამოსაწყებად, მაგრამ მას არ შეუძლია ბუჩას მკვიდრთა ამოხოცვის ან მარიუპოლის ნანგრევებამდე დაბომბვის გამართლება.

ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში ტერმინი „იმპერიალიზმი“ აღნიშნავდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც ძლიერი სახელმწიფოები – რომი, ბრიტანეთი ან მეფის რუსეთი [რუსეთის იმპერია], იპყრობდნენ უცხოურ მიწებს და აქცევდნენ მათ პროვინციებად. ასეთი იმპერიალიზმი თანდათანობით ტაბუდ იქცა 1945 წლის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ ნამდვილად არ ყოფილა ომების ნაკლებობა მე-20 საუკუნეში და 21-ე საუკუნის დასაწყისში – პალესტინასა და ისრაელს შორის, სუდანში, მიანმარში ან სადმე სხვაგან – ჯერჯერობით არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა ძლიერი დამპყრობლისგან ანექსიის გამო ამოშლილიყო მსოფლიო რუკიდან. როდესაც ერაყმა 1990-91 წლებში იმავეს გაკეთება სცადა ქუვეითში, საერთაშორისო კოალიციამ აღადგინა ქუვეითის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. როდესაც აშშ შეიჭრა ერაყში 2003 წელს, არასდროს დამდგარა საკითხი ქვეყნის ან ქვეყნის რომელიმე ნაწილის ანექსიის შესახებ.

რუსეთმა უკვე მოახდინა არამხოლოდ ყირიმის ანექსირება, არამედ იმ სხვა ტერიტორიებისაც, სადაც დღეს რუსეთის ჯარი დგას. ვლადიმირ პუტინი მიჰყვება იმპერიულ პრინციპს – რუსეთის ჯარის მიერ დაპყრობილი ნებისმიერი ტერიტორია ანექსირებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ. მართლაც, რუსეთმა შეძლო რამდენიმე რეგიონის ანექსირება, სადაც მის სამხედრო ძალებს არ აქვთ სრული კონტროლი. ასეთი რეგიონებია განსაკუთრებით ხერსონის არაოკუპირებული ნაწილი, ზაპოროჟიე და დონეცკის ოლქები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ოკუპირებული, მაგრამ რუსეთის მიერ ანექსირებულადაა გამოცხადებული.

ბატონ პუტინს არ უცდია თავისი იმპერიული ინიციატივების დამალვა. 2005 წლის შემდეგ მან მრავალჯერ ისაუბრა საბჭოთა კავშირის და იმის შესახებ, რომ ეს [დაშლა] იყო „საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა“. მან დადო პირობა, რომ თავიდან ააშენებდა დანგრეულ იმპერიას. ის ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინელი ერი რეალურად არ არსებობს და რომ რუსეთს ისტორიული უფლება აქვს უკრაინის მთლიანი ტერიტორიის მისაკუთრებაზე.

თუ ბატონ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალება მიეცემა, ასეთი ტიპის იმპერიალიზმი მთელ მსოფლიოში უკან დაბრუნდება.

ვენესუელას ამ შემთხვევაში რა შეუშლის ხელს გაიანას ან ირანს – არაბთა გაერთიანებული საამიროების დაპყრობაში? ან თვით რუსეთს რა შეაჩერებს ესტონეთის, ყაზახეთის დაპყრობაში? ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს, თუ არ შეიარაღდება ან გაწევრიანდება ალიანსებში. თუ ტაბუ იმპერიული დაპყრობების შესახებ დაირღვევა, თვით იმ სახელმწიფოებს, რომელთა საზღვრები და დამოუკიდებლობაც დიდი ხნის წინ საერთაშორისოდ იქნა აღიარებული, შეექმნებათ სხვა ქვეყნებისგან შემოჭრის მზარდი ან კვლავ იმპერიულ პროვინციებად გახდომის რისკი.

დამკვირვებლები ყოფილი იმპერიული კოლონიებიდან კარგად აცნობიერებენ ამ საფრთხეს. 2022 წლის თებერვალში გაეროს კენიის წარმომადგენელი, მარტინ კიმანი სიტყვით გამოვიდა. მან ახსნა, რომ ევროპული იმპერიების დაშლის შემდეგ ახლად გათავისუფლებული ადამიანები აფრიკაში და სხვა ტერიტორიებზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ხელშეუხებლად თვლიდნენ, რადგან ესმოდათ, რომ ამის ალტერნატივა სასტიკი და გაუთავებელი ომები იქნებოდა.

აფრიკულმა ქვეყნებმა იმპერიული წარსულიდან მემკვიდრეობით მიიღეს ბევრი პოტენციურად სადავო საზღვრები. მიუხედავად ამისა, ახსნა მარტინ კიმანიმა, „ჩვენ შევთანხმდით, რომ შევეგუებოდით და მივიღებდით იმ საზღვრებს, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო, იმის ნაცვლად, რომ შეგვექმნა ერები, რომლებიც გააგრძელებდნენ სახიფათო ნოსტალგიით წარსულის გახსენებას. ჩვენ გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ ის სიდიადე, რომელიც არცერთმა ჩვენმა ერმა და ხალხმა არ იცოდა აქამდე“.

ბატონი პუტინის საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობაზე კიმანიმ თქვა, რომ იმპერიული ნგრევა, როგორც წესი, ბევრ განუხორციელებელ სურვილს ტოვებს და მათი განხორციელება არასდროს უნდა გაგრძელდეს ძალის გამოყენებით: „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მკვდარი იმპერიების ფერფლისგან აღდგენა“.

როგორც ბატონმა კიმანიმა მიანიშნა, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის მამოძრავებელი ძალა იმპერიული ნოსტალგიაა. საერთაშორისო სამართალში რუსეთის ტერიტორიულ მოთხოვნებს უკრაინაში არანაირი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქვეყანას, რუსეთსაც აქვს უსაფრთხოების შესახებ ლეგიტიმური საზრუნავი, რაც ნებისმიერმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ უნდა გაითვალისწინოს.

გასული საუკუნის განმავლობაში რუსეთმა განიცადა მრავალი თავდასხმა, რომელმაც რუსეთის მილიონობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსები იმსახურებენ, რომ იგრძნონ თავი უსაფრთხოდ, მაგრამ არცერთი რუსეთის ასეთი საზრუნავი არ ამართლებს უკრაინული ეროვნების განადგურებას.

არც ჩვენ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინასაც აქვს საკუთარ უსაფრთხოებაზე საზრუნავი. გასული ათწლეულის მოვლენების გათვალისწინებით უკრაინას მკაფიო გარანტიები სჭირდება რუსეთის მომავალი აგრესიის წინააღმდეგ, უფრო მტკიცე გარანტიები, ვიდრე 2014-15 წლების ბუდაპეშტის მემორანდუმი ან მინსკის ხელშეკრულება.

საკუთარ უსაფრთხოებაზე უპირატესობის მინიჭებით იმპერიები ყოველთვის იმართლებდნენ თავს, რაც უფრო იზრდებოდნენ მით უფრო იზრდებოდა საზრუნავი უსაფრთხოების საკითხებზე. ანტიკურმა რომმა პირველად თავისი იმპერიული პროექტი ცენტრალურ იტალიაში საკუთარი უსაფრთხოების გარანტიის ძიებისთვის დაიწყო, რასაც ამავე მიზეზების გამო მოჰყვა სასტიკი ომები იტალიიდან ათასობით კილომეტრში დაშორებულ დუნაისა და ევფრატის სანაპიროებთან. თუ რუსეთის უსაფრთხოების საკითხები საერთაშორისო დონეზე დაპყრობის ლეგიტიმურ საფუძვლად იქნა აღიარებული, შეიძლება ეს ფაქტი მალევე იქნას დუნაისა და ევფრატზე დაპყრობების გასამართლებლადაც გამოყენებული.

  • კაცობრიობის მომავალი ლიდერები

სხვადასხვა მხრიდან ხელმძღვანელობაა საჭირო იმპერიალიზმის ახალი ეპოქის თავიდან ასაცილებლად.

პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის მათ, რომლებიც შესაძლოა რუსეთის იმპერიალიზმის მორიგი სამიზნეები აღმოჩნდნენ, უკრაინას უნდა გაუწიონ მტკიცე მხარდაჭერა, იმის მიუხედავად კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ომი. მაშინ როცა რუსეთი აძლიერებს კამპანიას უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, მაგალითად, ევროპამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის ენერგომომარაგება ნატოს ქვეყნების ელექტროსადგურებიდან, იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნოემბერში.

ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინის ფულით და იარაღით მომარაგებაც. რესპუბლიკური პარტიისა და ამერიკელი საზოგადოების სხვა სეგმენტების იზოლაციონისტური ტენდენციების გათვალისწინებით, ევროპას არ ექნება საშუალება, რომ სრულიად დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს.

ასეთი ტიპის ქმედებები ერთადერთი გამოსავალია, რომელიც აიძულებს რუსეთს მშვიდობის დამყარებაზე საუბარი სერიოზულად დაიწყოს. ხანგრძლივი ომისგან რუსეთს ბევრი რამ აქვს დასაკარგი. ყოველთვის, როცა ომი კიდევ ერთი თვით იწელება, ქრება ბატონი პუტინის ოცნება, თავისი ქვეყანა ისევ იმპერიად აქციოს.

ვინაიდან უკრაინის მტრობა რუსეთის მიმართ დღითი დღე კიდევ უფრო ღრმავდება, რუსეთის დამოკიდებულება სხვა ძალებზე იზრდება და უკანასკნელი ვეღარ ახერხებს ძირითად ტექნოლოგიურ რბოლაში კონკურენციის გაწევას. ხანგრძლივი ომი რუსეთს ჩინეთის ვასალად გახდომის საშიშროებასაც უქმნის. მიუხედავად ამისა, თუ ბატონი პუტინი იფიქრებს, რომ ევროპელები იღლებიან უკრაინის მხარდაჭერით, ის შეეცდება კიდევ უფრო დიდხანს გაწელოს ომი, იმის იმედით, რომ საბოლოოდ შეძლებს უკრაინის დაპყრობას. მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროპის მხრიდან მკვეთრად გამოჩნდება ის სულისკვეთება, რომ ისინი მზად არიან გრძელვადიან პერსპექტივაში მხარი დაუჭირონ უკრაინას, სწორედ მაშინ დაიწყება სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან არაევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. მზარდი სახელმწიფოები, როგორებიცაა ბრაზილია, ინდონეზია, ინდოეთი და კენია, ხშირად აკრიტიკებენ დასავლურ ძალებს წარსული იმპერიალისტური დანაშაულებისთვის და დღევანდელი არაკომპეტენტურობისა და ფავორიტიზმისთვის. მართლაც, აქ ბევრი რამაა გასაკრიტიკებელი.

მიუხედავად ამისა, უფრო ეფექტურია მოირგო ცენტრალური როლი და მართო, ვიდრე გადგე გვერდზე. არადასავლურმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაიცვან საერთაშორისო წყობა არა დაღმავალი დასავლეთის წინაშე ვალდებულების გამო, არამედ საკუთარი სარგებლისთვის. ამისთვის საჭირო იქნება ისეთი სახელმწიფოების, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი, პოლიტიკური კაპიტალის დახარჯვა, რისკების აღება და თუ ეს ყველაფერი არ იმუშავებს, საერთაშორისო წესების მტკიცედ დაცვა. ეს არ იქნება იაფი, მაგრამ არაფრის კეთების ფასი უფრო ძვირი დაჯდება.

2022 წლის სექტემბერში ინდოეთის მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უთხრა ბატონ პუტინს, რომ „დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა“. როდესაც ბატონმა მოდიმ მოგვიანებით გაიხსენა მათი საუბარი, მან დაამატა, რომ დღევანდელი ეპოქა არის „დიალოგის და დიპლომატიის ეპოქა და ჩვენ აუცილებლად უნდა შევწყვიტოთ სისხლისღვრა და ადამიანების ტანჯვა“. ბევრი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბატონმა მოდიმ ეს სენტიმენტები გამოხატა. თუ მსოფლიო ლიდერები არ მიიღებენ გადამწყვეტ ზომებს, როგორც ჩანს, დიალოგის ეპოქა დასრულდება და შეუზღუდავი ომების ახალი ეპოქა დადგება.

მსოფლიო ლიდერებმა ერთად უნდა იმუშაონ ომის სამართლიან დასასრულზე. უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფა ამ ლიდერებისთვის, როგორც გლობალური გზამკვლევებისთვის, კიდევ ერთი შანსია იმის დასამტკიცებლად, რომ მათ სხვა კონფლიქტების მოგვარებაშიც შეიძლება ვანდოთ, ასევე კლიმატის ცვლილების, შეუზღუდავი ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები ქაოსულ 21-ე საუკუნეში რომ წარმართონ. 

სანაპირო, იალქნიანი ნავები და ბარცხანა ძველი ბათუმის ფოტოებზე

ძველი ბათუმის ეს ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფონდებშია დაცული. ფოტოების უმრავლესობა გურამ შარაძის კოლექციიდანაა და ბათუმის ისტორიის სხვადასხვა ეტაპს ასახავს.

ბათუმის პორტი. მუშები ეზიდებიან ტვირთს
იალქნიანი ნავები ბათუმის ნავსადგომში
ნავები, მეზღვაურები და მგზავრები ბათუმის სანაპიროზე
იალქნიანი ნავები ბათუმის ნავსადგურში
მდინარე ბარცხანა და ინჟინერ ბერიას მიერ აშენებული რეზერვუარები
საწყობი და საბაჟო

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის მკვლელობა“ – კიდევ რა სცენარს წერს რუსული КГБ და მედია საქართველოსთვის 

რუსეთში საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება კვლავ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ბოლო თვეებში რუსული პროპაგანდა საქართველოს მთავრობის მსგავსად ირწმუნება, რომ დასავლეთი გეგმავს ქართული ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას და ამის განსამტკიცებლად საკუთარი დაზვერვის სამსახურს „იმოწმებს“, რომლის პრესსამსახურმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი სცენარი წარადგინა:

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში. სახელმწიფოს მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს თბილისის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესის „დეგრადაციაში“... ამომრჩეველი მომზადდება „ერთგვარი პოლიტიკური სიურპრიზისთვის“, რაც საბოლოოდ შეიძლება მორიგი „ფერადი რევოლუცია“ აღმოჩნდეს.

რუსული დაზვერვა ნებისმიერ პროტესტს, რაც სრულიად ბუნებრივია საქართველოში არსებული ვითარების პირობებში განვითარდეს, „ჰოლივუდურ გეგმად“ ასაღებს და წერს:

„საპროტესტო აქციების მონაწილეთაგან გათვალისწინებულია „საკრალური მსხვერპლი“, რომელიც „ხალხის რისხვას“ წარმართავს ძალოვნების წინააღმდეგ“.

რუსეთის დაზვერვის განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ „საკრალური მსხვერპლის“ ვინაობა დააკონკრეტა და თქვა, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იქნება.

მაგალითად, კრემლისტური მედია Комсомольская Правда-ს კოლუმნისტი, პროპაგანდისტი ალექსანდრე გრიშინი წერს

„სხვათა შორის, საკრალური მსხვერპლობა თავისუფლად შეიძლება გაქაჩოს თავად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მით უმეტეს, რომ ეს ალბათ შეაშფოთებს საფრანგეთს, რომლის მოქალაქეობიდანაც იგი მოვიდა თბილისში“.

„პროვოკატორის როლს შეასრულებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, – აცხადებს რუსეთის პირველი არხის დიქტორი სიუჟეტში,

პროკრემლისტური პარტიის „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ გენერალური დირექტორი, მიხეილ ჟღენტი რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული სცენარის თავიდან ასაცილებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს მეზობელი უნდა დაეხმაროს. მან ამის შესახებ ისაუბრა რუსეთის შსს-ს ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიევ live“- ის თანაწამყვან, სერგეი კარნაუხოვის გადაცემაში.

„აქ ოქტომბერში ძალიან დაცხება… მინდა მივმართო ჩვენს მეზობლებს, ჩვენს მეგობრებს, ვის ინტერესებშიცაა, რომ არ დაუშვან აქ სისხლისღვრა, არ დაუშვან სამოქალაქო ომი, რომელიც ააფეთქებს მთელს რეგიონს“.

„გზა ცნობილია. მომართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ოფიციალურად სამხედრო-ტექნიკური დახმარებისთვის. ის [დახმარება] აღმოჩენილი იქნება, ყველაფერი კარგად იქნება“, – უპასუხა კარნაუხოვმა.

რუსულ მედიაში პარალელურად არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ამ პროცესებში: 

„საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, მთლიანად ორიენტირებულია ნატოსა და შეერთებულ შტატებზე, იგი ყველანაირად თამაშობს ოპოზიციასთან. შეეცდება თუ არა ის, რომ ეს კარტი გაათამაშოს ნატოში და უნდა იფიქროს თუ არა რუსეთმა, როგორ არ დაუშვას ასეთი სცენარი?” – ჰკითხა სტუმრებს რუსული პროპაგანდისტული გადაცემის, Большая игра-ს წამყვანმა,დიმიტრი საიმსმა.

დიმიტრი საიმსი: „მინდა ვაშინგტონში გაიგონ, რომ ეს კითხვა, „რისი უფლება შეიძლება მისცეს რუსეთმა საკუთარ თავს?”, მოსკოვში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება“.

ამ გადაცემის სტუმარი, პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი საქართველოში არსებულ სიტუაციას „კრიტიკულად“ სულაც არ ხედავს და მიიჩნევს, რომ „საქართველოში სიტუაციას აკონტროლებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

„რეალურად ქართული პოლიტიკის უკან ერთი ადამიანი დგას – ივანიშვილი ბიძინა და მისი პოლიტიკა მიმართულია მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებაზე და როგორც დასავლეთისგან, ისე ჩვენგან დამოუკიდებლობაზე. 

ივანიშვილმა გადააქცია ეს სრულად რუსოფობიური და პროდასავლური ტერიტორია, ნორმალური მართლმადიდებელი მოსახლეობით, სრულიად სხვა რამედ. 

მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ კომპეტენტური პოლიტიკა ადამიანისა, რომელიც საქართველოში ფლობს სრულ ძალაუფლებას და რომელიც აწარმოებს ძალიან დელიკატურ თამაშს დასავლეთსა და ჩვენ შორის, მაგრამ ჯერჯერობით ის იგებს…

… არ უნდა შევუშალოთ ხელი საქართველოს შეიძინოს უფრო მეტი და მეტი სუვერენიტეტი და თავისუფლება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ეს თავისუფლება არის დასავლეთისგან, არა ჩვენგან…“ – ამბობს დუგინი.

გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვიც ივანიშვილის იმედზეა:

„საქართველოს ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, ყოფილი რუსი ოლიგარქი, რომელიც გადავიდა იქ და გახდა მეთაური. მან შესანიშნავად იცის ჩვენი შესაძლებლობები… ჩვენმა ეკონომიკურმა სიძლიერემ, ჩვენთან თანამშრომლობამ ეკონომიკურ ჭრილში შეიძლება ითამაშოს დიდი პოზიტიური როლი საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, რომლებიც შესანიშნავად გაიგებენ რაშია მათი სარგებელი – ვაჭრობა რუსეთთან, ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ტურიზმის ჭრილში.

ხომ გახსოვთ ბოლო წლები, რამდენი ტურისტი იყო რუსეთიდან საქართველოში? იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს საქართველო და ქართველი ხალხიც მთლიანობაში კარგადაა განწყობილი ჩვენ მიმართ. მოედნებზე კი გაულახავი სააკაშისტები დარბიან. ვფიქრობ, ქართული მთავრობა მათ მიხედავს“.

ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ

დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.

განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.

გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. კერძოდ კი, პარტიებს რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას კი, შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ:

  1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
  2. „ლელო საქართველოსთვის“
  3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“
  4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“
  5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“
  8. „კანონი და სამართალი“
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
  11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
  12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
  13. „პროგრესი და თავისუფლება“.

აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (30 აგვისტო).

განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოვუდგენთ საზოგადოებას რეგისტრაციის პროცედურების დასრულებისთანავე.

თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში – სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს.

თელავის, ქუთაისის, მცხეთის, ფოთის და ბაკურიანის შემდეგ, ახლა უკვე ახალციხის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას იმგზავრონ უფასოდ.

თიბისის შეთავაზება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე – თელავის, ქუთაისის, მცხეთის, დმანისი-თბილისის მარშრუტსა და ახლა უკვე ახალციხის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში, თიბისის სტუდენტის ბარათით გადახდისას, ნახევარ ფასად იმგზავრებენ.

თიბისის შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, იმ ქალაქში აიღონ ბარათი, სადაც ვრცელდება შეღავათი.

შეთავაზება ვრცელდება როგორც Visa, ისე Mastercard ტიპის ბარათებზე. შეღავათი ავტომატურად გააქტიურდება ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

შეთავაზება ვრცელდება თიბისის მოსწავლის და სტუდენტის მხოლოდ ფიზიკურ ბარათებზე, Apple/Google Pay-ით გადახდის შემთხვევაში არ გავრცელდება შეღავათი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირე  აქ.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, ამიტომ მუდმივად ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებს, სერვისებსა და შეთავაზებებს.

რა გამოწვევები ახლავს პარლამენტარების ოჯახების 54-სართულიანი ცათამბჯენების პროექტს ბათუმში 

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ორი პარლამენტარის კომპანიის მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა [გდგ] საკრებულომ უკვე დაამტკიცა და მშენებლობის ნებართვამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

გდგ-ს მიხედვით პროექტი ზღვის სანაპიროზე სამი 54-სართულიანი, 180 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

რენდერი

მიწის ნაკვეთი „სიტი გაიდმა“ იყიდა, შემდეგ კი ამ კომპანიის წილები პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანიამ შპს „იბერკომპანიმ“ და კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილმა, ბუბა ჩანქსელიანმა შეისყიდეს. მიწის ნაკვეთისა და შემდეგ შემსყიდველი კომპანიის წილების გასხვისებაზე „ბათუმელებმა“ 2 თვის წინ დაწერა, როცა პროექტის კონცეფცია დაამტკიცეს.

ამჯერად პროექტთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

საქმე ისაა, რომ როგორც ბათუმის ცენტრალური ნაწილი, ქალაქის შემოსასვლელიც ახალი სამშენებლო პროექტების გამო იერსახეს სწრაფად იცვლის, შესაბამისად პრობლემები, რასაც მკვეთრად გაზრდილი სიმჭიდროვე იწვევს, აქაც აქტუალურია. ქალაქის შემოსასვლელში საცობების პრობლემა დღის წესრიგში მწვავედ დგას არამხოლოდ საკურორტო სეზონის დროს. ბათუმში ამბობენ, რომ ავტომობილებით მოძრაობის ინტენსივობას ვერ პასუხობს ახალი, რეაბილიტირებული ხიდიც – „ის ვიწროა“.

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის. 6 თვის წინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

ვრცლად: „ძაბრიხიდი“ – გააფართოებენ თუ არა ხიდს ბათუმის შემოსასვლელში

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში

ახალი კორპუსების მშენებლობის პარალელურად სადაო თემად იქცა ეზოების გადანაწილებისა და პარკინგზე ადგილების საკითხი. თამარის დასახლებაში გვითხრეს ისიც, რომ ნარჩენების რაოდენობის გაზრდის გამო მოვალეობას თავს ვეღარც „სანდასუფთავება“ ართმევს, რაც არანაკლებ პრობლემური საკითხია მათთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ნარჩენების დიდხანს დაყოვნება სუნს და ანტისანიტარიას იწვევს.

ფოტო გადაღებულია თამარის დასახლებაში – აქ მცხოვრების თქმით, ეს ურნები ეზოში კორპუსებში მცხოვრებლებმა თავად გადაიტანეს, მანამდე საავტომობილო გზის გასწვრივ ელაგა, რის გამოც უფრო სწრაფად ივსებოდა, ადგილობრივები კი ფაქტობრივად ვერ სარგებლობდნენ ამ ურნებით. თუმცა, ახლა სხვა პრობლემას წააწყდნენ: „სანდასუფთავების“ მანქანა ეზოში აღარ შედის, ვიდრე რომელიმე მეზობელი მათ გზაზე არ დახვდება და საგანგებოდ არ სთხოვს, რომ ურნები გაათავისუფლონ.

ქალაქის შემოსასვლელში ათეულობით მიმდინარე და დასრულებული პროექტის გარდა ვითარებას ართულებს კუნძულის მშენებლობაც.

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ კი კომპანია გარემოს ეროვნულ სააგენტოს სწერს, რომ „სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების შეფასება მოცემული იქნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია“.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ქალაქში საჯარო სივრცეები ერთმანეთის მიყოლებით ქრება, მთავრობა მიწის ნაკვეთებს მშენებლობის პირობით ასხვისებს, ნაბართვის გამცემი კი უშვებს გამწვანების კოეფიციენტის შემცირების შესაძლებლობას ამ უბნებში. ამ გადაწყვეტილებებს ზუსტად იმ შედეგებამდე მივყავართ, რა შედეგებიც დღეს ქალაქში გვაქვს: საცობი, მანქანებით სავსე ტროტუარები, გადავსებული ნაგვის ურნები და ასე შემდეგ.

საპროექტო ტერიტორია, სადაც სამი 54-სართულიანი ცათამბჯენი უნდა ააშენონ, მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან მდებარეობს. ნაკვეთსა და თამარ მეფის გამზირს შორის სამი 12-სართულიანი კორპუსია, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინაა აშენებული.

საპროექტო ტერიტორია
კორპუსები თამარის დასახლებაში. დრონის კადრები

12-სართულიანების გვერდით კიდევ ერთი ახალი სასტუმროს ტიპის 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ 2021 წელს გასცა. ეს კორპუსიც აშენებულია და როგორც 12-სართულიან სახლებში მცხოვრებლები ამბობენ – არც ეზო ჰყოფნით და არც პარკინგი.

„გადმოდიან და ჩვენთან აჩერებენ მანქანებს, რადგან საკმარისი ადგილი არ აქვთ“ – გვიყვება ნანული თებიძე, რომელიც აქვე ცხოვრობს. ისინი, ვისაც დიქტოფონთან საუბარი არ სურს, პირად საუბარში ამბობენ, რომ ეზოს შლაგბაუმით ჩაკეტავენ.

ნანული თებიძე

სამი ცათამბჯენის პროექტის ავტორები განაშენიანების დეტალურ გეგმაში ტრანსპორტით გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით სრული სერიოზულობით წერენ:

„მაცხოვრებელთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით და ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილს, რაც სატრანსპორტო ნაკადების დატვირთვაზე დადებითად აისახება.“

ასევე, მეტი დამაჯერებლობისთვის განაშენიანების დეტალურ გეგმაში ასვე წერენ: „საპროექტო ობიექტს საფეხმავლო მისაწვდომობის ფარგლებში გააჩნია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ფუნქციის მქონე ობიექტი. მიმდებარე ტერიტორია მდიდარია სარეკრეაციო გამწვანებული სივრცეებით [სკვერი, ბულვარი], ასევე, იქვეა სანაპიროც და მრავალი ტურისტული და არამხოლოდ ტურისტული მიზიდვის ობიექტი“. 

მარტივად რომ ვთქვათ, მშენებელი მერიას არწმუნებს, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში სტუმრები დასასვენებლად საკუთარი ავტომანქანებით თუ ჩამოვლენ ან აეროპორტიდან ტაქსით მოინდომებენ სასტუმრომდე მისვლას, ეს დიდ პრობლემებს ვერ შექმნის, რადგან ზღვა კომპლექსთან ახლოს არის და პლაჟზე ფეხით მივლენ. თუმცა, როგორც ჩანს, ქალაქის ტრანსპორტით გადატვირთვის და საცობების პრობლემას გვერდი მშენებელმაც ვერ აუარა:

„ავტომობილიზაციის სწრაფი განვითარება და შედეგად სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის ინტენსივობისა და სიმკვრივის ზრდა, განსაკუთრებულ სერიოზულ პრობლემას უქმნის ქალაქებს, რომლებშიც ავტომობილიზაციის დონეს საგრძნობლად ჩამორჩება საგზაო ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება. სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის ინტენსივობების, საგზაო ქსელის გამტარუნარიანობის ზღვრულ სიდიდემდე მიღწევას, მივყავართ ქალაქებში საცობების წარმოქმნამდე“. 

კომპანია მერიას რჩევებს აძლევს, როგორ უნდა გადაჭრას ქალაქში არსებული საცობების პრობლემა:

„თანამედროვე ქალაქებში გადატვირთულობის სირთულეები გადაიჭრება ორი გზით: არსებულ ქუჩებზე მოძრაობის ორგანიზაციით და ქსელის რეკონსტრუქციით, რომელიც თავისი ფუნქციონალური ნიშანთვისებებით ყოფს სატრანსპორტო ნაკადს. სატრანსპორტო ნაკადის ქვეითთა ნაკადისაგან გამოცალკავება უზრუნველყოფს ქუჩების მაღალ გამტარუნარიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქალაქმშენებლობის განვითარებაზე, ასევე უდიდეს ზეგავლენას ახდენს საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მისი თანმდევი ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა“.

კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ავტოპარკინგი მხოლოდ 450 მანქანაზე მოეწყობა და ისიც მიწისქვეშა სართულზე. დღის წესრიგში დგება სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებაც, რომლებმაც ტერიტორიაზე სამშენებლო მასალები უნდა შეიტანონ. სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ 12-სართულიან სახლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებელს მათი ეზოების გამოყენების უფლებას არ მისცემენ:

„ჩვენ გვაინტერესებს ამ ეზოში საიდან გაივლის მანქანები. გვითხრეს, რომ გზა შედის ახალი კორპუსის იქით, მდინარის გასწვრივ და იმ გზის გავლით ააშენებენ სახლებს, ჩვენი სახლების აღებაზე საუბარი არ არის.

არანაირი შეხვედრა არ ჩატარებულა ჯერ, არც გასაუბრება ყოფილა მეზობლებთან. არაფერი ვიცით პროექტზე, მის მასშტაბზე. ჩვენს აღებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, თუ მოინდომეს, არავინ არ შეგვეკითხება ჩვენ. ჯერჯერობით არაა აღებაში [კორპუსები]. ეს ეზოები ჩვენია, აქედან მანქანებს არ გავუშვებთ. ჩვენ უარზე ვიქნებით“ – ამბობს ოსმან სარხანიძე.

ოსმან სარხანიძე

დიდი ხანია რაც ბათუმელი ირმა ზოიძე ქალაქში ურბანულ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობს, იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და მუშაობს იმ ისტორიული ღირებულებების გადასარჩენად, რაც ბათუმს დღემდე შემორჩა.

ახლა ირმას ბრძოლა საკუთარი ეზოს გადასარჩენად უწევს, რადგან იმ უბანში დაიბადა და გაიზარდა, რომლის მიმდებარედაც შპს „სიტი გაიდი“ სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

„ჩემს სახლსაც მოადგნენ. სამი ცათამბჯენი და ქაოსი, რასაც გამოიწვევს ეს პროექტი, სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენთვის, ვინც აქ ვცხოვრობთ.

ნებისმიერი დაგეგმარება ამ ქალაქში წყდება მხოლოდ სუბიექტურად, არადა უნდა ეკითხათ მოსახლეობისთვის, იმიტომ, რომ ეს სივრცე არის ძალიან დიდი დასახლების. ის რეკრეაციულ ზონად გამოადგებოდა მათ, ვინც დასახლების შიგნით ცხოვრობს და არა სანაპიროსთან. ასეთი სივრცე სჭირდებათ ადამიანებს. ეს გამოჩნდა იმითაც, რომ სანაპირო, სადაც კუნძული შენდება, აღარ ეკუთვნის ბარცხანის დასახლებას, ბარცხანელები გადმოდიან ბენზეს სანაპიროზე და აქაც პრობლემაა.

ქალაქის მცხოვრებლებს თავისივე საკუთრებაში ავიწროებენ. ეს ადგილი, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენს მომავალ თაობას აღარ ექნება.

ვისთვის არის ეს ხელისუფლება, რა გადაწყვეტილებას იღებს და ვისთვის იღებს? ვისთვის იყენებს საბოლოო ჯამში ჩვენს მანდატს? ვის ემსახურება? – იმას, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში თუ იმას, ვინც შემდეგ დიდი ფული უნდა აკეთოს?

ჩვეულებრივი ამბავია, მოცემულობაა, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს გაუმკლავდეს სისტემას და ბიზნესს ერთად შეკრულს. ეს არის ვანდალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით, სივრცეები აღარ დატოვეს ქალაქში“ – ამბობს ირმა.

ირმა ზოიძე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად აქვეყნებენ ანგარიშებს შესაძლო კორუფციის ნიშნებზე მთავრობის გადაწყვეტილებებსა და სხვადასხვა გარიგებებში, აცხადებენ, რომ სწორედ მსგავსი მაგალითები აჩენს კითხვებს, ამიტომაც ითხოვენ საზოგადოების მეტ ჩართულობას პროექტების განხილვისა და დამტკიცებისას.

„როდესაც იწყება მასშტაბურ პროექტებზე საუბარი და შემდეგ უკვე ამ პროცესებს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ინვესტორები, რომლებიც ასეთ მასშტაბურ პროექტებში არიან ჩართული, ან აანონსებენ, ან იწყებენ, ზოგჯერ უნებართვოდაც სხვადასხვა სახის პროექტებს, აღმოჩნდება, რომ ან მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან ან უშუალოდ თვითონ არიან ხელისუფლებაში. ესენი არიან დეპუტატები, საკრებულოს, უმაღლესი საბჭოს ან პარლამენტის წევრები.

ამ ადამიანებს სჭირდებათ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ თავისი ბიზნესინტერესები მარტივად განახორციელონ“ – ამბობს თამარ მამეიშვილი, „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში.

ნახეთ ვიდეო:

2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 561 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 8 227 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 15 862 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 15 368 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 119 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 892 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 193 ერთეული [+45]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 398 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 680 ერთეული [+57]
  • სპეცტექნიკა – 2 577 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 628 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 650 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 552 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 594 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 378 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 982 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 739 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის – ავტობუსების შემოტანა დაწყებულია

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 მიკროავტობუსს ჯამში 15 944 800 ლარად იყიდის. ხელშეკრულება შპს „ჯი-თი მოტორსთან“ არის გაფორმებული და მიკროავტობუსების ბათუმში შემოტანაც ეტაპობრივად დაწყებულია. მიკროავტობუსების ღირებულებასაც ეტაპობრივად გადაუხდიან კერძო კომპანიას.

ახალი მიკროავტობუსები ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ტერიტორიაზე

დოკუმენტების მიხედვით:

  • მიკროავტობუსების [კატეგორია: M2; ბრენდი: FORD; მოდელი: Transit 460E; გამოშვების წელი: 2024] მწარმოებელია FORD, ხოლო მწარმოებელი ქვეყანა – თურქეთი.
  • ერთი მიკროავტობუსის შესყიდვის სახელშეკრულებო ფასი 159 448 ლარია, თუმცა, „ამ ღირებულებაში შედის მიწოდების უზრუნველყოფა მიმწოდებლის ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის ხარჯების [შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების] ჩათვლით; ამასთან, გეგმიური ფლობის ღირებულება მოიცავს დღგ-საც“.

ხელშეკრულება „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და „ჯი-თი მოტორსს“ შორის 2024 წლის 31 მაისს არის დადებული. მიკროავტობუსების მიწოდების ვადა კი 2024-2026 წლებია მითითებული.

ახალი მიკროავტობუსების ნაწილი ბათუმშია, ნაწილი გზაში, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ავტოტრანსპორტთან“ მიღება-ჩაბარების აქტი ჯერ გაფორმებული არ არის, რასაც შესაბამისი პროცედურები სჭირდება.

ახალი მიკროავტობუსები ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ტერიტორიაზე / 15.07.2024

როდიდან და რა მარშრუტზე ივლიან ახალი მიკროავტობუსები, ამ დროისთვის ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ ვერ მივიღეთ. თუმცა, „ბათუმელებს“ დაახლოებით 6 თვის წინ ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ქალაქში არსებული სამარშრუტო მიკროავტობუსების ჩანაცვლება არ იგეგმება და „ახალი მიკროავტობუსები სავარაუდოდ იმ მარშრუტებზე ივლიან, სადაც დღეს ჩვეულებრივი საქალაქო ავტობუსები არ დადიან].

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლების ასაყვანად ვაკანსიებიც აქვს გამოცხადებული [„სამუშაო გრაფიკი: სრული. ანაზღაურება: გამომუშავებით / მიკროავტობუსის მძღოლი – 1200 ლარამდე; ავტობუსის მძღოლი – 1700 ლარამდე].

ახალი მიკროავტობუსები ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ტერიტორიაზე

„ჯი-თი მოტორსისგან“ „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ავტობუსსაც იყიდის.

„2024-2026 წლების განმავლობაში შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ განკუთვნილი M2 კატეგორიის [100 ერთეული] და M3 კატეგორიის [25 ერთეული] ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული. მანამდე სააგენტო ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევდა.

ამ თემაზე:

ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

22 წლის ნიკა ავარიის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა – მას ოპერაციისთვის 15 000 დოლარი სჭირდება

21 წლის მარიამ გოგიაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მარიამის თხოვნა მის მეუღლეს ეხება, 22 წლის ნიკა ბერძენიშვილს, რომელიც ავარიის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა.

ახლა მარიამი ცდილობს 15 000 დოლარი შეაგროვოს ნიკას ოპერაციისთვის, რომელიც თურქეთში უნდა ჩატარდეს.

„ნიკას ხერხემლის ტრავმა აქვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 2022 წლის 16 აგვისტოს მოჰყვა ავარიაში და დაუზიანდა ხერხემლის მალა. თავდაპირველი დიაგნოზი არის გულმკერდის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მალების მოტეხილობა. თურქეთში ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, ზურგის ტვინთან აქვს ორ-ნახევარი სმ კისტა, რაც სასწრაფოდ საოპერაციოა. პლუს ამას, ფიქსატორები აქვს ხერხემალზე, ერთი ფიქსატორი ადგილსაა აცდენილი, რაც ძლიერ ტკივილებს იწვევს და როგორც ექიმმა გვითხრა, ახლოსაა აორტასთან და სარისკოა“ – ამბობს მარიამი.

მარიამმა სამედიცინო დოკუმენტაციაც წარმოგვიდგინა, ფორმა 100 და თურქეთიდან, ტრაპიზონის საავადმყოფოდან მიღებული დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

მარიამი და ნიკა

მარიამი და ნიკა თბილისში ცხოვრობენ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დაფინანსების მოთხოვნით საბუთები შეტანილი აქვს თბილისის მერიაში, თუმცა მარიამი ამბობს, რომ, როგორც უთხრეს, შესაძლოა, ნიკამ დაფინანსება ვერ მიიღოს, რადგან ოპერაცია საქართველოშიც შეიძლება გაკეთდეს.

რატომ სურთ ოპერაციის გაკეთება თურქეთში და არა საქართველოში? – მარიამი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღეს:

„საქართველოში ოპერაცია კეთდება, მაგრამ ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და არ იციან, საერთოდ ექნება თუ არა შედეგი. შანსი არის თურქეთში“. მარიამი აქვე დასძენს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის დროულად ჩატარებას.

მარიამი და ნიკა 2023 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ, ნიკა უკვე ეტლით მოსარგებლე იყო. მარიამი მუშაობს, ნიკა – ვერა.

ახლა მარიამი ცდილობს როგორმე შეაგროვოს ნიკას ოპერაციისთვის საჭირო 15 ათასი დოლარი. აქტიურობს სოციალურ ქსელებში, ვიდეოებს დებს ტიკტოკსა და ინსტაგრამზე, ინფორმაციის გავრცელებას სთხოვს მედიაორგანიზაციებს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა.

კითხვაზე, როგორ მიმართავდა საზოგადოებას, მარიამი ასე პასუხობს:

„დრო არის მნიშვნელოვანი, ზუსტად ამიტომ ვითხოვთ დახმარებას. ვთხოვ, ყველას გაერთიანდნენ, რომ ნიკა დავაყენოთ ფეხზე“.

______________________

ნიკა ბერძენიშვილის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე: 

საქართველოს ბანკი: GE91BG0000000586438280

„თიბისი“ ბანკი: GE08TB7408245064300050

ლიბერთი ბანკი: GE28LB0711117739514000

მიმღები: მარიამ გოგიაშვილი

 

ცხოველები მეტლახზე – რატომ არ იცვლება პირობები ბათუმის ზოოკუთხეში

„ბათუმის ზოოკუთხეში ცხოველებისთვის შეუსაბამო პირობებია, ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ეს შეუიარაღებელი თვალითაც დააფიქსიროს“ – ამბობს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ლაჭყეპიანი. ფედერაციაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მათთან რამდენიმე შეტყობინება შევიდა ბათუმის ზოოკუთხეში ვითარების მოკვლევის თხოვნით.

„იყო ანტისანიტარიასთან დაკავშირებული შეტყობინება, ასევე იყო – სათანადო დაჩრდილვის არ ქონაზე, სიცხესთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ დაგვირეკეს და შემოვიდა ინფორმაცია, რომ სიცხეში, შუაგულ მზეში არიან ცხოველები. ცოტა ხნით ადრე იყო შემოსული ინფორმაცია, რომ ზებრის ვოლიერში იყო აბსოლუტური ანტისანიტარია…

მაიმუნი მეტლახზე წევს ბათუმის ზოოპარკში
ბათუმის ზოოპარკი

დაავადებების გავრცელების წყაროდ რომ არ იქცეს ასეთი ადგილი, უნდა ხდებოდეს სისტემატური დეზინფექცია, უნდა იყოს შესაბამისი სანიაღვრე სისტემა და ტარდებოდეს მთელი რიგი პროცედურები”, – ამბობს თემურ ლაჭყეპიანი. 

ვოლიერიდან გამომავალი მილი
მაიმუნის ვოლიერთან

ბათუმის ზოოკუთხეში პრიმატების ვოლიერებთან მძაფრი სუნი დგას. 

მაიმუნის ვოლიერი
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

„ბათუმელები“ ზოოპარკში არსებულ პრობლემებზე გასულ წლებშიც წერდა, თუმცა აქ მდგომარეობა არ შეცვლილა. 2018 წელს ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ესაა ზოოციხე. ამონარიდი სტატიიდან: „რაც ჩვენ გვაქვს ახლა, ვერც ზოოკუთხეს ვუწოდებთ და ვერც ზოოპარკს. მწარე სიმართლეა, რომ ესაა ზოოციხე, კარცერები, რომლებშიც იმყოფებოდნენ ცხოველები. ცხოველები ძილში კი არ გარდაიცვალნენ, წამებით მოკვდნენ, ღვიძლის დაშლა, მოტეხილობები, ანთებები… ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მარტო 2013 წლიდან მაქვს მე სტატისტიკა, ალბათ 70-80 ცხოველია დაღუპული, მანამდე რა ხდებოდა, არც კი ვიცით…“

2018 წელს ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის შეირჩა ჩაქვის მხრიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ მდებარე ტერიტორია. ზოოკუთხე ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა ზოოკუთხის ფიზიკურად გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. 

რატომ არ გადაიტანეს ზოოკუთხე? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბოტანიკური ბაღისგან გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

2018 წლის განკარგულების მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორია დაბა ჩაქვში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე [ჯამში 173 338 კვადრატული მეტრი] ფართობი გაითვალისწინეს. მერიის ინფორმაციით, ეს ტერიტორია იმის გათვალისწინებით შეარჩიეს, რომ იგი იძლევა „ზოოპარკის გაფართოების, ბინადართა შემატების და მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესების საშუალებას“. ამჟამად ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე ზოოკუთხეს უკავია 16 000,00 კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 2070 კვ.მ. 18 შენობა-ნაგებობით.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2023 წელს ზოოლოგიური განყოფილების მობინადრეების საკვებისთვის 144,580 ლარი დახარჯა.

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პერიოდულად ამოწმებს დაწესებულებებს, სადაც ცხოველები ბინადრობენ. ფედერაციაში ამბობენ, რომ ბათუმის ზოოკუთხეში არსებული მდგომარეობა მძიმეა:

„არანაირი გამართლება ამ ობიექტის არსებობას არ გააჩნია. ყოვლად მიუღებელია ის პირობები, რა პირობებშიც აქ ცხოველები იმყოფებიან. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მონიტორინგს; შედეგებს გავაცნობთ როგორც საზოგადოებას, ისე ოფიციალურად გადავუგზავნით შესაბამის სამსახურებსა და ორგანოებს. 

ჩვენ ცხოველების პატიმრობისა და ექსპლუატაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგი ვართ, მეორე საკითხია ის პირობები, რა პირობებიც არის ბათუმის ცენტრალური პარკის ზოოპარკში. ეს ზოოპარკი თავიდან ბოლომდე არის შეუსაბამო სტანდარტებთან და ჰუმანურობასთან. 

სანახაობისა და სიამოვნების მიღების მიზნით ხდება მათი ექსპლუატაცია, თითქოს მოქალაქეები ესთეტიკურ სიამოვნებას მიიღებენ მათი დანახვით და ამ დროს პირიქითაა, როგორ შეიძლება გესიამოვნოს იმის დანახვა, რა პირობებშიც ჰყავთ ცხოველები დატყვევებული. არანაირი ტურისტული ღირებულება ზოოკუთხეს არ გააჩნია” – ამბობს თემურ ლაჭყეპიანი.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PETA წერს, რომ ზოოპარკებში ცხოველებისთვის საცხოვრებელი პირობები ხშირად სავალალოა. მათივე ცნობით, ბევრ დატყვევებულ ცხოველს უვითარდება ნევროზული და არანორმალური ქცევა.

ამავე თემაზე:

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

„შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ მიახლოება უკრაინასთან, როცა უკრაინას ეყოლება F16 გამანადგურებელი“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით ომი უკვე გამოფიტვის ეტაპზე გადავიდა.

„ახლა შევდივართ ფაზაში, როდესაც შეჯიბრი გამოფიტვაზეა. ევროპას და დასავლეთს გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ვიდრე რუსეთს იმის პოტენციალი, რომ გაძლიერდეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და მოსაზრებას გვიზიარებს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები აშშ-ში, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას აღარ შეწყვეტსო.

„არა მგონია, ტრამპმა რუსეთთან ფლირტი დაიწყოს… არაფერი არ გამოსდის რუსეთს მნიშვნელოვანი. ისევ რაღაც სოფლებზეა ლაპარაკი, რუკაზეც არაა აღნიშნული,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ერთ-ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა, მარიანა ბეზუჰლამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ თითქოს გენერალი სირსკი მზადაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის. თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რამდენად შესაძლებელია მსგავს შეთანხმებაზე ფიქრის დაწყება?

წინაპირობებს გააჩნია.

დღეს არსებული დე ფაქტო პირობების მიხედვით, უკრაინას არ აწყობს არავითარ შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყება. მოლაპარაკების დაწყებას არაფერი არ უდგას წინ, მაგრამ უკრაინას უნდა, რაღაც წარმატებით მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.  რუსეთი კი ცდილობს, რომ თავისი წინადადებებით მიიტაცოს უკრაინა მაგიდასთან. ეს მაინც ვაჭრობის საკითხია რუსეთის მხრიდან.

სირსკიზე არცაა დამოკიდებული ეს – პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. სირსკის ამოცანაა, არ გაგრძელდეს თავდასხმა.

  • რა ხდება დონეცკის მიმართულებით? უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთმა ამ მიმართულებით მინიმუმ ერთი სოფელში გაარღვია უკრაინის დაცვის ხაზი.

დაცვის ხაზის გარღვევა ცოტა ისეთი ნათქვამია – ლაპარაკია ოცეულის, მაქსიმუმ ასეულის თავდაცვით ზღუდეზე. ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებია, თუმცა მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზის გარღვევაზე საუბარი არ არის.

  • ტრამპის გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, რომლითაც კიდევ უფრო დაიძაბა საარჩევნო გარემო აშშ-ში, რამდენად ელოდებით იმას, რომ უკრაინა ურყევად შეინარჩუნებს აშშ-ის და დასავლეთის მხარდაჭერას?

მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთია წინასაარჩევნო პერიოდში გამოსვლები და მეორე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ხარ – ის პუტინი არ არის, რომ მარტო თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. საკმაოდ ბევრი ინსტიტუციური ბერკეტებია მის გარშემო, რაც გამორიცხავს თვითნებობას, აი, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ.

არა მგონია, რომ ტრამპმა რუსეთთან ფლირტი დაიწყოს, როცა მას აქვს პოზიცია: არ გაძლიერდეს ჩინეთი.

უკრაინაში უკვე ისეთი თანხაა ჩადებული დასავლეთისგან, უკან დახევა არ იქნება არცერთ შემთხვევაში. თანაც, მხოლოდ აშშ ხომ არ ეხმარება უკრაინას? შესაბამისად, არა მგონია, რომ თუნდაც ამერიკის არჩევნებს კარდინალური ცვლილებები მოჰყვეს დასავლეთის მხარდაჭერის კუთხით.

დარწმუნებული იყავით, რომ გარკვეული მოლაპარაკებები კულუარულად მიმდინარეობს, როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე და არავითარ შემთხვევაში ომის დასრულებაზე.

  • რას შეცვლის F16-ები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე მიემართებიან უკრაინისკენ? წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ამ აღჭურვილობის დროული და სათანადო ოდენობით მიწოდება გამოაჩენს, რა შეიძლება დააპიროს უკრაინამ.

ამით ფაქტობრივად გაძლიერდება უკრაინის საჰაერო თავდაცვა. საჰაერო სივრცეში დამყარდება პარიტეტი რუსეთთან. მთავარია, რა ოდენობით მიიღებს უკრაინა F16-ებს და რა დროში.

აღნიშნული თვითმფრინავების კომპლექსში უკვე არსებულ სისტემებთან, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას, რაც ყველაზე მეტად უჭირს ახლა უკრაინას.

  • ასევე ეს იქნება კონტრშეტევის ერთ-ერთი პირობა? 

კონტრშეტევის ერთ-ერთი პირობაა, რომ მოწინააღმდეგე ჩააყენო კონდიციაში, როცა მას აღარ აქვს შეტევის პოტენციალი, ის გაჩერებულია, ამის შემდეგ იქნება გასათვლელი შესაძლებლობები და რაოდენობა.

  • რას აჩვენებს თქვენთვის ბოლო მოვლენები ფრონტის ხაზზე, როცა რუსეთი ისევ ახერხებს გავიდეს დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე? რა გამოსდის რუსეთს? 

არაფერი არ გამოსდის რუსეთს მნიშვნელოვანი. ისევ რაღაც სოფლებზეა ლაპარაკი, რომელიც რუკაზეც არაა აღნიშნული.

ეს ამბიციური განცხადებები, რომ ზაპოროჟიე და ხერსონი თავის ადმინისტრაციულ საზღვრებიანად, ლუგანსკსა და დონეცკთან ერთად, გადავიდეს რუსეთის შემადგენლობაში – ამას არ დათანხმდება არცერთი უკრაინელი.

  • უკრაინასთან შედარებით რუსეთის უპირატეს რესურსებზე როცა ლაპარაკია, რა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ის დაანონსებულ მიზანს ვერ აღწევს? 

რუსეთს გააჩნია ადამიანური რესურსი, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ტექნიკური რესურსი და საბრძოლო შესაძლებლობები. უნარები, რაც უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებს. რუსებს არ გაჩნია შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი გარღვევა განახორციელოს.

  • უშვებთ, რომ შეიძლება რუსეთმა ძალა მოიკრიბოს, გადაიარაღდეს და ფართომასშტაბიანი შეტევა ისევ შეძლოს? 

ეს იმ შემთხვევაში მოხდება: გადაიარაღდება და ძალას მოიკრებს, თუ დასავლეთი არ განაგრძობს უკრაინის დახმარებას.

აქ ახლა შევდივართ ფაზაში, როდესაც შეჯიბრი გამოფიტვაზეა. ევროპას და დასავლეთს გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ვიდრე რუსეთს იმის პოტენციალი, რომ გაძლიერდეს.

ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერჯერობით უკრაინა იღებს არცთუ ისე მოწინავე ტექნოლოგიებს: 70-იანი, 80-იანი წლების ტექნოლოგიებზეა საუბარია და არის უპირატესობა რუსეთთან…. მაგალითად, F16-ებს აძლევენ და არა F35-ს.

თუ დასჭირდება, ამასაც მისცემენ. ასე რომ, ამ შეჯიბრში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, თუ დასავლეთი იქნება ერთიანი. საბჭოთა კავშირი დაამარცხეს შეიარაღების კუთხით შეჯიბრში. რუსეთს 30 % პოტენციალი არ აქვს იმის, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა.

  • ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთთან თანამშრომლობის მიუხედავად, რუსეთი ვერ ახერხებს აღჭურვილობის განახლებას? 

ჯერჯერობით ახერხებს რუსეთი განახლებას. ეს ეხება ჩრდილოეთ კორეას, ასევე კონტრაბანდის გზით შესულ დეტალებს, რომლითაც მერე აწყობენ თავიანთ რაკეტებს.

ჯერჯერობით რუსეთი ახერხებს წელიწადში 3 მილიონი ჭურვის გამოშვებას, რასაც ევროპა პასუხობს დაახლოებით 700 ათასი ჭურვით წელიწადში. გამოაცხადა ევროკავშირმა, რომ შეეცდებოდა გასულიყო მილიონ 700 ათასის წარმოება, მაგრამ ჯერ კიდევ  ვერ გავიდა.

თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: პოტენციალის თვალსაზრისით რა შედარებაა, რა თქმა უნდა, დასავლეთს აქვს იმის უნარი, რომ ამ შეჯიბრში რუსეთი დაამარცხოს.

როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, 2025 წლის შუა პერიოდში გამოჩნდება, რომ რუსეთს ექნება გარკვეული პრობლემები. იმედი მაქვს, მას ეს პრობლემები შეექმნება.

  • ნატოს ბოლო კომუნიკეს მიხედვით, ნატო დაეხმარება უკრაინა ალიანსში ინტეგრაციის „შეუქცევად გზაზე“ და ის ასევე ჩინეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს კიევის წინააღმდეგ რუსეთის დახმარება. თქვენთვის რა იყო მნიშვნელოვანი გზავნილი ნატოს სამიტზე?

დაფიქსირდა, რომ შეუქცევადი იქნება უკრაინის გზა ნატოსკენ. მანამდეც იყო მოწოდებები, მაგრამ პოლიტიკური განაცხადის დონეზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

  • საინტერესოა თქვენი მოსაზრება ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ხომალდის შემოსვლაზე. რა ხომალდია ეს და რას ნიშნავს მისი შემოსვლა, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის?

როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს არის სამხედრო ბუქსირი. მას გარკვეული საბრძოლო შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ დიდი არაფერი. ეს არის უფრო პოლიტიკური აქტი, რომ დაანახონ აფხაზებს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართო. ეს ასევე არის იმის მცდელობა, დაგვანახონ ჩვენ – რუსეთი აქვეა. ეს არის არც სადაზვერვო მიზნებისთვის და არც სანაპირო დაზვერვისთვის. ისე ახლოსაა  შემოჭრილი რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოში, რომ სახმელეთო საშუალებითაც ჩვეულებრივად შეუძლიათ დაზვერვა აწარმოონ.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის პოლიტიკური ნაბიჯი, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

რუსებმა შესაძლოა ოჩამჩირეში მოაწყონ დამხმარე ბაზა, რომელიც მნიშვნელოვანი გარდატეხის შემტანი არ იქნება. ეს უფრო არის საქართველოს საზღვართან ძალის დემონსტრირების საშუალება.

  • რამდენად სწორი იყო, თქვენი აზრით, ხელისუფლების დუმილი ამ შემთხვევაზე და რამდენად რეალურია ოჩამჩირეში მართლაც შექმნან რუსებმა ახალი ფლოტი?

ჩემი თვალსაზრისით ყველაფერზე უნდა გავაკეთოთ რეაგირება. ნებისმიერ ნაბიჯზე უნდა გაკეთდეს რეაგირება. განცხადების დონეზე იქნება ეს, შეშფოთების გამოხატვის, თუ გაეროში მიმართვის დონეზე.

  • ისევ უკრაინაზე მინდა გკითხოთ, სადაც სარაკეტო თავდასხმები რუსეთმა ისევ გაააქტიურა. ჩანს, რომ რუსეთს სურს უკრაინა მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. რა ფაქტორია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის გამარჯვებისთვის?  

უფრო გამოიყენეს მართვადი, პლანირებადი ბომბები, ეს გააქტიურა მაქსიმალურად რუსეთმა, რადგან შემდეგ ძალიან გაუჭირდება მიახლოება უკრაინასთან, როცა უკრაინას ეყოლება F16 გამანადგურებელი. ახლა ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ზიანი მიაყენონ უკრაინას.

ძირითადად ურტყამენ ინფრასტრუქტურას, მნიშვნელოვან ენერგო წერტილები – ესაა რუსეთის სამიზნე. ეს მოქმედებს ფსიქოლოგიურად უკრაინის მოსახლეობაზე, რომ ხელისუფლება აიძულოს, დასხდნენ ავადსახსენებელი მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლა აქვთ რუსებს, თუ უკრაინა მოლაპარაკებაზე ვერ დაიყოლია? 

რუსეთს აქვს უკრაინის მოსახლეობის გადაღლის იმედი, რომ უკრაინა მიიღებს ისეთ მატერიალურ ზარალს, რომ არჩევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. რუსეთი თვლის, რომ თავად მას დანაკარგი ნაკლები აქვს, მოსახლეობა უჭერს მხარს ამ ომს – რუსეთში შიგნით დიდი გამოსვლები და წინააღმდეგობა არ იგრძნობა, რიგები დგას მოხალისეების კომისარიატებთან, რათა ჩაეწერონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ისეთ დუხჭირ ცხოვრებაში არიან, შეიარაღებულ ძალებში არსებული ხელფასი მნიშვნელოვანია მათთვის.

რუსეთს იმედი აქვს, რომ მოთმინების ფიალა ევროპასაც ამოეწურება და მოსახლეობაც იტყვის, რომ დასრულდეს რამენაირად ეს ომი.

  • დასავლეთის მხარდაჭერის უწყვეტობა გადამწყვეტი ფაქტორია? 

ასეა. უწყვეტობასთან ერთად მნიშვნელოვანია მზარდი ტემპი და მოცულობა. უკრაინა უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ტექნოლოგიურად, ტექნიკურად, რაოდენობრივად.

როინ შავაძემ გვითხრა, არა ვარ დამნაშავე ბატონო ოფიცრებოო – სერჟანტის მკვლელობის საქმე სრულად

„მიწაზე შევნიშნე რამოდენიმე ადგილას გაწყვეტილი, ვერცხლისფერი, პატარა და წვრილი, მრგვალი ლითონის მსგავსი ბურთულებით აწყობილი ყელსაბამი, რომლის ფრაგმენტები მიმობნეული იყო მამაკაცის თავისა და ტანის სიახლოვეს… ერთ-ერთ წვრილ ყელსაბამის ფრაგმენტზე ეკეთა რაღაც ლითონი, რომელზეც იკითხებოდა თუ არ ვცდები ინგლისური ასოებით გვარი „შავაძე“… სხვა რაიმე ნივთი გვამის გარშემო არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა, რადგან ყელსაბამის წვრილი ფრაგმენტები მახსოვს და სხვა რაიმე ნივთი, იარაღი ან ხელბორკილი რომ ჰქონოდა გვამს, ან მის სიახლოვეს, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა და მოგახსენებდით,“ – როინ შავაძის მკვლელობის შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი პირველი გამომძიებელი ქობულეთის განყოფილებიდან, ქეთო ოქროპირიძე მისულა.

„ბათუმელები“ როინ შავაძის საქმის მასალებს გაეცნო. სპეცრაზმელების ჩვენებების გარდა, აქ ნახავთ სხვა მაღალჩინოსნების, ასევე ვანო მერაბიშვილის, მაშინდელი შს მინისტრის გამოკითხვის ოქმსაც.

აგვისტოს ომის მონაწილე – როინ შავაძე სამართალდამცველებმა წამებით 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. გამოძიებას მკვლელობიდან 16 წლის შემდეგაც არ აქვს პასუხი: რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც არ დაკისრებია პასუხისმგებლობა.

2020 წელს, ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.

2 სპეცრაზმელის საქმეს ამჯერად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. უფლებადამცველების აზრით, როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს – რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.

მაგალითად, ვასილ როინიშვილი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. 

რა უთხრა გამოძიებას რესან კონცელიძეს, შეგიძლიათ, ნახოთ აქ. იგი შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, ახლა პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

სპეცრაზმელების გამოკითხვის ოქმების მიხედვით, მათ უკანონო ბრძანების შესრულება კონკრეტულად კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის, ანუ კუდის აჭარის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, თეიმურაზ პატარიძემ აიძულა. თეიმურაზ პატარიძე გამოძიებამ 2023 წელს გამოჰკითხა. მის წინააღმდეგ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე არსებობს, თუმცა ის დღემდე იძებნება. 

  • „ბევრ შემთხვევებზე ვიყავი ნამყოფი, ნანახმა ძალიან ცუდად იმოქმედა“ – გამომძიებლის რეაქცია და სასწრაფოს მედდის ჩანაწერი 

„შუადღის საათები იყო. ზუსტი დრო არ მახსოვს, როდესაც ხელმძღვანელის, გოჩა ჯაშის დავალებით, მე და ზურაბ ირემაძე გავემგზავრეთ სოფელ ქაქუთთან გამავალ საავტომობილო გზაზე, სადაც მომხდარი იყო მკვლელობა. როგორც იქ შემდგომ გავიგე, მოკლული იყო: სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძე,“ – მოუყვა „როინ შავაძის საქმის“ გამომძიებელს ქეთო ოქროპირიძე, რომელიც 2011 წლამდე შსს-ს ქობულეთის რაიონული სამმართველო დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობდა.

„შემთხვევის ადგილი დაუსახლებელი პუნქტია, სადაც გადის ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. რომელსაც ორივე მხარეს გასდევს ქარსაცავი ზოლი ნაძვის ხეებით.

ჩვენ გავჩერდით, სოფელ ქაქუთთან გამავალ საავტომობილო გზაზე, ოზურგეთის მიმართულებით მარჯვენა მხარეს, სადაც იდგა სამი მუქი ფერის ჯიპის მარკის ავტომანქანა. ნომერი და მოდელი არ მახსოვს… სავალ გზაზე იდგა რამოდენიმე დაახლოებით 10-12 ნიღბიანი, სამხედრო ფორმიანი და ავტომატებით შეიარაღებული პირები.

გვამს ტანთ ეცვა სამხედრო ფორმის შარვალი, ყავისფერი სამხედრო ფეხსაცმელი, მუქი ფერის მაისური, რომელიც ზურგის მიდამოში ჰქონდა შემოხეული. ზურგის, ფეხების და ასევე ხელის მიდამოებში ემჩნეოდა სავარაუდოდ ნატყვიარები, უფრო ზუსტად მსურს მოგახსენოთ, რომ გვამი, როდესაც ვნახე, ორივე ხელი მხრების სიგანეზე ჰქონდა წინ, იდაყვში მოხრილი და ისეთ მდგომარეობაში იწვა, განსაკუთრებით დამამახსოვრდა მარცხენა ხელის, თუ არ ვცდები საჩვენებელი თითი, რომლის ზედა ფალანგი იყო მოტეხილი და სისხლიანი.

თითის ზედა ნაწილი ეკავა კანს და იყო საპირისპირო მხარეს შებრუნებული. ამ ყველაფრის ფონზე მივხვდი, რომ გვამს ჰქონდა ბევრი ნატყვიარი. ამის შემდგომ ვცდილობდი გამობრუნებას, როდესაც მომიახლოვდა ნიღბიანი სპეცრაზმელი და მითხრა, დროულად მოვშორებოდი გვამს და მის მიმდებარე ტერიტორიას…

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევებზე ვიყავი ნამყოფი, ნანახმა ძალიან ცუდად იმოქმედა. მინდა გითხრათ, რომ მე რომ მივედი, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის სამმართველოს თანამშრომლები, ნიღბიანი სპეცრაზმელები და ასევე სამოქალაქო ფორმიანი ორი პიროვნება, რომლებსაც არ ვიცნობდი,“ – ქეთო ოქროპირიძე იხსენებს, რომ აჭარის მთავარმა სამმართველომ დაიწყო გამოძიება, იმ დროს კი, ჯერ კიდევ მოსული არ იყვნენ, როცა ვათვალიერებდიო.

დათვალიერების ოქმი შემდეგ სხვა გამომძიებელს შეუდგენია.

გამოძიებამ ამ საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პერსონალსაც მოუსმინა – მედდას, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა:

„ოზურგეთიდან ქობულეთისკენ მიმავალი საავტომობილო სავალი გზის განაპირას ჩამწკრივებულ ნაძვებს შორის ესვენა მიცვალებული. მძღოლმა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა გააჩერა ავტომაგისტრალის გვერდულზე, იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, სადაც გვამი ესვენა,“ – ეს გულნარა წერეთლის გამოკითხვის ოქმია. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედდად მუშაობდა, როცა როინ შავაძე მოკლეს.

„ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, მე, ბრიგადის ექიმი – ნანა ნიჟარაძე და მძღოლი ჩამოვედით მანქანიდან და ფეხით გავემართეთ მიცვალებულისკენ. მიცვალებულთან მივედი დაახლოებით 0,5 – 1 მეტრის მანძილზე…

ვინაიდან ერთი შეხედვითვე აშკარა იყო, რომ პირი გარდაცვლილი იყო, მე გადაცვლილი პირის გვამს არც კი შევხებივარ, ისე გავბრუნდი უკან და ჩავჯექი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში, რადგან ჩემი იქ ყოფნა საჭირო არ იყო. მე როგორც სასწრაფო დახმარების მედდას არაფრის გაკეთება შემეძლო.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე მიცვალებულთან მივედი დაახლოებით 01 მეტრის მანძილზე, შესაბამისად კარგად დავინახე, რომ გარდაცვლილი იყო მამაკაცი, რომელიც ესვენა გულმკერდის მხრით, ანუ სახით მიწისკენ. გარდაცვლილს ეცვა სამხედრო ტანისამოსი, კერძოდ სამხედრო ნიმუშის მქონე მოკლესახელოიანი მაისური, თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ არ მახსოვს მიცვალებულს ედო თუ არა ხელბორკილი.

არც ის მახსოვს, მიცვალებულთან იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი,“ – უთხრა გამომძიებელს გულნარა წერეთელმა.

  • სპეცრაზმელის გამოკითხვა: „ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ როინ შავაძემ თქვა, არა ვარ დამნაშავე, ბატონო ოფიცრებოო.“

„თეიმურაზ პატარიძისგან ჩვენ გვქონდა მითითება, რომ აღნიშნული პიროვნება, როინ შავაძე უნდა დაკავებულიყო ხმაურით. მისთვის უნდა გვეძახა მოღალატე, რათა ხალხს გაეგო, რომ
თითქოს ვაკავებდით მოღალატეს,“ – როინ შავაძის დაკავების ეპიზოდს აღწერს ყოფილი სპეცრაზმელი დავით ზაქარაძე 2023 წელს შედგენილ გამოკითხვის ოქმში. ისიც გასამართლდა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

როგორც „ბათუმელებს“ დავით ზაქარაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა უთხრა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება არჩია, მან ასევე უარი თქვა გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებაზე სასამართლო სხდომის დროს.

„…ადგილზე მისვლის შემდეგ დავინახეთ, რომ ოქროს ბირჟის სიახლოვეს, კაფის წინ სკამზე იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდეგ გავიგე – როინ შავაძე. მისგან მოშორებით
იმყოფებოდა თეიმურაზ პატარიძე, რომლის ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ პატარიძის მოადგილე – ალი ბალაძე და ასევე ჩვენი თანამშრომელი – გიორგი ჩიქოვანი, ზედმეტსახელად
„მაიმუნა“. გიორგი ჩიქოვანი აღნიშნული დროისათვის იყო ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. რაც შეეხება ალი ბალაძეს, როგორც აღვნიშნე, იგი იყო პატარიძის მოადგილე და იგი, ისევე,
როგორც თეიმურაზ პატარიძე, სამსახურებრივად წარმოადგენდა ჩვენს ხელმძღვანელ პირს.

ჩემი ავტომანქანით სწრაფად მივვარდით აღნიშნულ პიროვნებასთან, ავტომანქანიდან გადმოვედით მე, თემურ მგელაძე, მირზა კონცელიძე, ომარ ჭაღალიძე და მოვახდინეთ აღნიშნული პირის დაკავება. დაკავებისას, ყველი ჩვენთაგანი მას ვეძახდით მოღალატეს, ასევე მის მიმართ ჩვენი მხრიდან იყო სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფის, აგრეთვე, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, კერძოდ, ყველა ჩვენთაგანის მხრიდან როინ შავაძის მიმართ ადგილი ჰქონდა ხელების წამორტყმებს, მუჯლუგუნით დარტყმებს, ასევე ძალის გამოყენებით დავადგეთ ძირს და მოვახდინეთ მისი დაკავება.

დაკავების პროცესში ჩვენ მოგვეხმარნენ ზვიად ნურიძის ჯგუფის წევრები: ზვიად ნურიძე, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძე, გიორგი არაბული, მამუკა ბერიძე. დაკავების შემდეგ როინ შავაძე მოვათავსეთ სამსახურებრივ ავტომანქანაში…

საჭესთან დავჯექი მე, ჩემ გვერდით დაჯდა თემურ მგელაძე, უკანა სავარძელზე დასხდნენ მირზა კონცელიძე და ომარ ჭაღალიძე, რომელთა შუაში ჩასვეს როინ შავაძე. დაკავებულს ავტომანქანაში ედო ხელბორკილი. ამასთან არ მახსოვს, თუ რა მომენტში დავადეთ მას აღნიშნული ხელბორკილი. ჩვენს ავტომანქანას უკან გამოჰყვა ზვიად ნურიძის ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა თავად ზვიად ნურიძე. ამავე ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ: ასლან ინაიშვილი, გიორგი არაბული, გელა გვიანიძე, მამუკა ბერიძე.

ჩვენ წინ მიდიოდა თეიმურაზ პატარიძე თავისი ავტომანქანით, რომელიც იყო ჯიპი, თუ სწორედ მახსოვს „ბმვX5″, აღნიშნული ავტომანქანის სხვა მონაცემები არ მახსოვს. მასთან ერთად ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ მისი მოადგილე ალი ბალაძე და აგრეთვე, გიორგი ჩიქოვანი,“ – თქვა მოწმემ და შემდეგ განმარტა, იზოლატორში მიგვყავდა დაკავებული, მაგრამ იზოლატორთან როცა მივედით, პატარიძემ მანქანიდან ხელით გვანიშნა უკან გავყოლოდით და ქობულეთისკენ წავედითო.

„შესაბამისად, პატარიძის ავტომანქანას გავყევი უკან. წინ მიდიოდა თეიმურაზ პატარიძე, უკან მივყვებოდი მე ჩემი ავტომანქანით, ხოლო ჩემს უკან – ზვიად ნურიძის ავტომანქანა.

გზაში მოძრაობისას მახსოვს, რომ როინ შავაძე ამბობდა, ტყუილად მაბრალებენ, არა ვარ დამნაშავეო.

როდესაც მივედით ქაქუთში, თეიმურაზ პატარიძემ მოგვცა მითითება, რომ გაგვეჩერებინა ავტომანქანები. აღნიშნული მითითება არ მახსოვს, რა ფორმით გადმოგვცა, თუმცა მახსოვს, რომ პატარაძის მითითებით გავაჩერეთ ავტომანქანები. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოვიდა თეიმურაზ პატარიძე და მოგვცა მითითება, რომ ავტომანქანიდან ჩამოგვეყვანა დაკავებული. თეიმურაზ პატარიძის ავტომანქანიდან ასევე გადმოვიდნენ გიორგი ჩიქოვანი, ალი ბალაძე.

თეიმურაზ პატარიძის მითითებით, ჩვენი ავტომანქანიდან დაკავებული როინ შავაძე გადმოიყვანა მირზა კონცელიძემ, რომელსაც ასევე ეხმარებოდა ომარ ჭაღალიძე. ავტომანქანიდან გადმოყვანის შემდეგ, პატარიძემ მოგვცა ბრძანება, დაკავებულისთვის შეგვეხსნა ხელბორკილი. პატარიძის მითითებით, როინ შავაძეს ხელბორკილი ახსნა მირზა კონცელიძემ, ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ როინ შავაძემ თქვა, არ ვარ დამნაშავე, ბატონო ოფიცრებოო.

ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, პატარიძე უყვიროდა შავაძეს, შენი მოღალატე დედაო და აგინებდა დედის მისამართით. ასევე პატარიძე ჩვენ მოგვმართავდა და გვეძახდა, რომ ეს მოღალატეა, ბიჭებო, ამის დედაო. ხელბორკილის გახსნის შემდეგ პატარიძემ დაუყვირა როინ შავაძეს, დავაი, გაიქეცი, გიშვებ, შენი დედაო. როინ შავაძემ პატარიძის მითითებით მოძრაობა დაიწყო ქარსაცავი ზოლის მიმართულებით, თან იძახდა, არ ვარ დამნაშავეო.

პატარიძემ მოგვცა მითითება, ჩამწკრივდით და ესროლეთო. პატარიძის ბრძანების გაცემიდან, რამოდენიმე ხანში ჩვენ ჩავმწკრივდით ავტომანქანების გასწვრივ და თითქმის ერთდროულად განვახორციელეთ სროლები ჩვენზე მომაგრებული ავტომატებიდან. კერძოდ კი როინ შავაძის მიმართულებით ვისროლეთ იქ მყოფმა სპეცრაზმის ყველა თანამშრომელმა: ზვიად ნურიძემ, თემურ მგელაძემ, მე, ომარ ჭაღალიძემ, მირზა კონცელიძემ, გიორგი არაბულმა, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძემ, მამუკა ბერიძემ.

ჩვენ თან გვქონდა ჩვენზე მომაგრებული „AKS“ ტიპის ავტომატები და ვისროდით სწორედ ამ ავტომატებიდან, რომლებიც ინდივიდუალურად ჩვენზე იყო მომაგრებული… მე უშუალოდ რამდენი გავისროლე, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ სროლას ვაწარმოებდი როინ შავაძის ფეხების მიმართულებით. მე არ ვიცი, ჩემგან ნასროლი ტყვიები მოხვდა თუ არა როინ შავაძეს.

ჩვენს მიერ განხორციელებული სროლების შედეგად, როინ შავაძე დაეცა ძირს. აღნიშნული სროლების შედეგად იგი გარდაიცვალა.

როინ შავაძის მკვლელობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ თეიმურაზ პატარიძემ მითითება მისცა ზვიად ნურიძეს, რომ მირზა კონცელიძის პისტოლეტიდან გასროლა განეხორციელებინა ჩვენი ერთ-ერთი ავტომანქანის მიმართულებით. პატარიძის დავალებით, მირზა კონცელიძის პისტოლეტიდან სროლის ფაქტი იმიტომ განხორციელდა, რომ როგორც გავიგე, უნდა მომხდარიყო იმის მოგონება, თითქოსდა როინ შავაძე მირზა კონცელიძემ გადაიყვანა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და თითქოსდა სწორედ ამ დროს ამოაცალა პისტოლეტი კონცელიძეს, თითქოსდა, ამ დროს ისროლა შავაძემ ავტომანქანისა და ჩვენი მიმართულებით.

დაკავების ადგილზე, ასევე დაკავების შემდეგ და მკვლელობის ადგილზე თეიმურაზ პატარიძე საუბრობდა ტელეფონზე. კონკრეტულად ვის ესაუბრებოდა, არ ვიცი, თუმცა მთელი ამ პროცესის მანძილზე მე ვხდებოდი, რომ იგი საუბრობდა როინ შავაძესთან დაკავშირებით და იღებდა გარკვეულ მითითებებს. ასევე, როდესაც იგი აჭარის კუდის შენობასთან შეჩერდა ამ დროსაც პატარიძე საუბრობდა ტელეფონზე, ხოლო, შემდეგ კი, მისი მითითებით შევიცვალეთ მარშრუტი და გავემართეთ ქობულეთის მიმართულებით. შესაძლოა, სწორედ ამ დროს ჰქონდეს მას მიღებული გარკვეული მითითება როინ შავაძესთან დაკავშირებით, რომლის დეტალებიც ჩემთვის ცნობილი არ არის,“ – თქვა დავით ზაქარაძემ.

გამომძიებელმა მოწმეს ასევე ჰკითხა როინ შავაძის ნარკოტიკის ჩადებაზე. დავით ზაქარაძის თქმით, მან არ იცის, დაკავების პროცესში იყვნენ თუ არა ჩართული სოდ-ის თანამშრომლები, თუმცა დასძინა. „როინ შავაძისათვის ჩხრეკა არ ჩაგვიტარებია და, შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება არ ამოგვიღია“, – თქვა მან.

„ჰქონდათ თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი თეიმურაზ პატარიძეს, ალი ბალაძეს და გიორგი ჩიქოვანს?“ – ჰკითხა გამომძიებელმა მოწმეს.

„თეიმურაზ პატარიძესა და გიორგი ჩიქოვანს ჰქონდათ პისტოლეტები, ხოლო, თუ რა პისტოლეტები ჰქონდათ, არ მახსოვს. რაც შეეხება ალი ბალაძეს, მას იარაღი არ ჰქონია… აღნიშნულ პირთა მხრიდან სროლის ფაქტი მე არ მახსენდება,“ – აღნიშნა მოწმემ.

„თეიმურაზ პატარიძის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ, მომხდარიყო როინ შავაძის მკვლელობა, ვინმეს ხომ არ გამოუთქვამს რაიმე პროტესტი, ან ვინმეს ხომ არ უთქვამს, რომ გაჩერებულიყავით და არ მოგეხდინათ სროლა როინ შავაძის მიმართულებით?“ – მიუბრუნდა ისევ მოწმეს გამომძიებელი.

„არა, ვინმეს რაიმე ასეთი მითითება, ან რჩევა იქ მყოფი პირებიდან, არ მოუცია,“ – ამ პასუხით ხაზე გაესვა პატარიძის მოადგილის, ალი ბალაძის პასუხისმგებლობასაც, ვისი საქმეც მსაჯულებმა განიხილეს და მასაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:

„საქმეზე ამოღებულია რამოდენიმე არაიდენტიფიცირებული მასრა – ტყვია, რომელიც გასროლილი არ არის არცერთი იმ ავტომატიდან, რომლებიც თითოეულ თქვენთაგანზე – 9 სპეცრაზმელზე – იყო განპიროვნებული. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულთან დაკავშირებით?“ – უკითხავს გამომძიებელს დავით ზაქარაძისთვის.

„ჩვენ ვისროდით ინდივიდუალურად მხოლოდ ჩვენზე განპიროვნებული ავტომატებიდან, ხოლო, არაიდენტიფიცირებული მასრებზე ან ტყვიებზე ინფორმაცია არ გამაჩნია,“ – აღნიშნა მოწმემ.

  • გამომძიებლის ჩვენება, რომელიც დასაჯეს, მაგრამ უკვე გარეთაა: „მე გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი“

„მე სრულად ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად განვახორციელე როინ შავაძის უკანონო დაკავება, რა მიზნითაც გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მასში მივუთითე, რომ თითქოსდა როინ შავაძის პირადი ჩხრეკისას ამოვიღე ნარკოტიკული საშუალებები, რაც როგორც მოგახსენეთ, რეალურად არ განმიხორციელებია.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, როინ შავაძის სამხედრო პირადობის მოწმობასთან ერთად, მე სამსახურში გადმომცა თეიმურაზ პატარიძემ და დამავალა, რომ ოქმში მიმეთითებინა აღნიშნული ნივთიერებების როინ შავაძის ჩხრეკისას ამოღების შესახებ, რაც მე შევასრულე კიდეც,“ – ეს აღიარებითი ჩვენება სულიკო ვარშანიძეს ეკუთვნის.

ვარშანიძე როინ შავაძის მკვლელობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის განყოფილების განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.

სულიკო ვარშანიძემ სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია. მას უკანონო დაკავება დაუდასტურდა, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია. სპეცრაზმელებისგან განსხვავებით, რომლებსაც 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, სულიკო ვარშანიძე უკვე თავისუფალია. როგორც მისმა ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ გვითხრა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მხოლოდ 9 თვით შეუფარდეს რეალური სასჯელი. სულიკო ვარშანიძე ახლა პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

„მე გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე სპეცრაზმის თანამშრომლების ხელმოწერები. ყოველივე ჩემი აღნიშნული მოქმედებებით, ხელი შევუწყვე როინ შავაძის უკანონო დაკავებას და მონაწილეობა მივიღე მის უკანონო დაკავებაში, რადგან აღნიშნულით შეიქმნა ერთ-ერთი საფუძველი როინ შავაძის უკანონო დაკავებისა, რასაც ვნანობ და განვიცდი.

ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ხსენებულ პერიოდში ვინაიდან ქვეყანაში იყო საომარი მოქმედებები, მე რომ არ შემესრულებინა ეს დავალებები, შესაძლოა მეც შერაცხული ვყოფილიყავი სამშობლოს მოღალატედ და შესაძლოა მომხდარიყო ჩემი ლიკვიდაციაც,“ – დასძინა გამომძიებელმა.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ როინ შავაძის საქმეზე კონკრეტული პირებისთვის პასუხის მოთხოვნა გადაწყვიტა, საქმის გამომძიებელმაც გაიხსენა, როგორ მიიყვანა გიორგი ჩიქოვანმა კუდის შენობაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი მკვლელობის წინა დღით:

„2008 წლის 15 აგვისტოს ვიმყოფებოდი ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა N4-ში მდებარე ჩემს სამსახური. აღნიშნულ დროს, სამსახურში ყოფნისას დავინახე ჩვენი თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი. აღნიშნული პიროვნება დასახელებული დროისათვის რა თანამდებობაზე მუშაობდა, არ მახსოვს. მას თან ახლდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობდი.

შემდეგ გავიგე, რომ ყოფილა როინ შავაძე.

გიორგი ჩიქოვანმა ხსენებული პიროვნება წაიყვანა ჩვენი სამსახურის უფროსის, თეიმურაზ პატარიძის კაბინეტისკენ. ამის შემდეგ მე გადავერთე ჩემს საქმეზე და შემდეგში ყურადღება აღარ მიმიქცევია ხსენებული პირებისთვის.

რამოდენიმე ხანში, დავინახე, რომ აღნიშნულმა სამხედრო ფორმაში მყოფმა პიროვნებამ დატოვა ჩვენი სამსახური. გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიგონე თეიმურაზ პატარიძის ყვირილი, რა დროსაც იგი გიორგი ჩიქოვანზე გაბრაზებული ყვიროდა ხმამაღლა და იძახდა, რომ, მე იმის გარკვევა დავავალე, დაედგინა, კაცი სახლში იმყოფებოდა თუ არაო, მან კი სამსახურში მოიყვანა ეს კაციო. იმავდროულად პატარიძე იგინებოდა „მაიმუნა“-ს მისამართით.

მეორე დღეს, ანუ 2008 წლის 16 აგვისტოს, ვიმყოფებოდი სამსახურში, გრიბოედოვის ქუჩაზე და როგორც მახსოვს, ვიმყოფებოდი ჩვენი საგამოძიებო განყოფილების უფროსის – მალხაზ აბულაძის კაბინეტში, რა დროსაც იქ შემოვიდა თეიმურაზ პატარიძე და გვითხრა, მოემზადეთ, კაცი იქნება დასაკავებელიო. ზოგადად, როგორც გამომძიებელს, საგამოძიებო მოქმედებებისთვის მე ისედაც გამზადებული მქონდა ხოლმე შესაბამისი დოკუმენტები და ამიტომ დაველოდე შემდგომ ბრძანება, რომ გავსულიყავით დანიშნულების ადგილზე.

აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე ხანში აბულაძემ დაიძახა, გავდივართ უკვეო, რის შემდეგაც ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით გავედი დანიშნულების ადგილზე. მალხაზ აბულაძეც ასევე იმყოფებოდა ჩემთან ერთად აღნიშნულ ავტომანქანაში.

კერძოდ კი, მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან ჩვენ მივედით გამსახურდიას ქუჩის კვეთასთან, ე.წ. „ოქროს ბირჟის“ სიახლოვეს. აღნიშნულ დროს დავინახე, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა ჩვენი სამსახურის უფროსი თეიმურაზ პატარიძე – გადმოსულიყო თავისი ავტომანქანიდან და მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა მისი მოადგილე ალი ბალაძე. დასახელებული დროისათვის, როგორც თეიმურაზ პატარიძე, ასევე ალი ბალაძე წარმოადგენდნენ სწორედ ხელმძღვანელ პირებს. დაკავების ადგილზე ასევე დავინახე გიორგი ჩიქოვანი.

აღნიშნულ ადგილზე უკვე მისული იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, სულ თუ რამდენი თანამშრომელი იყო, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ იყვნენ საკმაო რაოდენობით. აქვე დავძენ, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებიდან მე ყველას არ ვიცნობდი პირადად. ვიცნობდი მხოლოდ ზვიად ნურიძეს და მახსოვს, რომ ზვიად ნურიძე დაკავების ადგილზე იმყოფებოდა. შემდეგში კი, ჩემთვის ცნობილი გახდა იქ მყოფი სხვა სპეცრაზმის თანამშრომლების ვინაობებიც, კერძოდ კი ესენი არიან: თემურ მგელაძე, ომარ ჭაღალიძე, დავით ზაქარაძე, მამუკა ბერიძე, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძე, გიორგი არაბული, მირზა კონცელიძე და ასევე ზვიად ნურიძე.

დაკავების ადგილზე ჩემი მისვლის შემდეგ დავინახე, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებს გაკავებული ჰყავდათ სამხედრო ფორმაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო ის პირი, რომელიც წინა დღეს გიორგი ჩიქოვანს მოყვანილი ჰყავდა ჩვენთან სამსახურში…

როინ შავაძეს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. მას რაიმე წინააღმდეგობა, ვინმესთვის ჩემი იქ ყოფნის დროს არ გაუწევია და არც რაიმე წინააღმდეგობის გაწევა უცდია ჩემი იქ ყოფნის პერიოდში. აღვნიშნავ, რომ მე როინ შავაძის პირადი ჩხრეკა არ ჩამიტარებია და მისგან ნარკოტიკული საშუალება ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამომიღია. ასევე დაკავების ადგილზე ჩემს მიერ შედგენილი არ ყოფილა აღნიშნული პირის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. აღვნიშნავ, რომ შესაძლოა ფორმალურად ადგილზე, „ოქროს ბირჟის“ მიმდებარედ მე დავიწყე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, თუმცა მახსოვს, რომ ხსენებული ოქმი შემდეგში თეიმურაზ პატარიძის მითითებით მე შევადგინე ჩვენს სამსახურში.

აღვნიშნავ, რომ ადგილზე მითითებებს გასცემდა თეიმურაზ პატარიძე, ასევე მახსოვს, რომ ჩემი იქ მისვლის შემდეგ პატარიძემ დაიწყო თავის მობილურ ტელეფონზე საუბარი, როგორც ჩანს, ამ დროს ვიღაც პირმა დაურეკა მას. მას შემდეგ, რაც პატარიძე მორჩა საუბარს, მან ხმამაღლა დაიყვირა როინ შავაძის მისამართით, ჩასვით მანქანაში ამის მოღალატე დედაო და თან შეაგინა როინ შავაძეს.

მართლაც ამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით სამსახურში, სადაც მე მოვახდინე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა. რამოდენიმე საათში, სამსახურში დაბრუნდა თეიმურაზ პატარიძე და დამავალა ოქმში ჩამეწერა, რომ როინ შავაძის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი და სუბოტექსი. ასევე, თეიმურაზ პატარიძის მითითებით, როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მე მივუთითე, რომ თითქოს როინ შავაძემ დაკავებისას გასწია წინააღმდეგობა, რეალურად კი, რაიმე ასეთ ფაქტს დაკავების ადგილზე ჩემი ყოფნის დროს, ადგილი არ ჰქონია.

მე უშუალოდ როინ შავაძის მკვლელობის ადგილზე არ ვიმყოფებოდი და აღნიშნული ფაქტის შემსწრე არ გახლავართ, თუმცა მახსოვს, რომ მოგვიანებით, როდესაც თეიმურაზ პატარიძე დაბრუნდა სამსახურში, მან დაიწყო როინ შავაძის ლანძღვა. კერძოდ კი, იგინებოდა როინ შავაძის მისამართით და იძახდა, მაგის მოღალატე დედაო,“ – დაასრულა სულიკო ვარშანიძემ.

  • რას ჰყვება კიდევ 2 სპეცრაზმელი, ვისი საქმეც სასამართლოს ჯერ არ განუხილავს 

„როინ შავაძის საქმეზე“ პასუხისგებაში სულ 12 პირი მისცეს, მათ შორის 9 სპეცრაზმელია.

გამოძიებამ 2023 წლის ივლისში ერთდროულად დაიწყო 10 პირის სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, მაშინდელი კუდ-ის უფროსი, თეიმურაზ პატარაძის წინააღმდეგ, თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ მას ამ დრომდე ეძებენ. იძებნება კიდევ ერთი ყოფილი სპეცრაზმელი – გიორგი არაბული.

სასამართლომ დანარჩენი 8 ბრალდებულს უკვე გამოუტანა განაჩენი: 5 სპეცრაზმელს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ორ სპეცრაზმელს კი, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა და კუდ-ის უფროსის მოადგილე – ალი ბალაძეც დაადანაშაულეს მკვლელობის ორგანიზებაში, საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს. ალი ბალაძეს 12 წელი მიუსაჯეს. გამომძიებელ სულიკო ვარშანიძეს კი, რომელსაც ასევე საპროცესო გაუკეთეს, უკვე თავისუფალია.

2024 წლის თებერვალში, „როინ შავაძის საქმეზე“ კიდევ 2 სპეცრაზმელი დააკავეს: გელა გვიანიძე და ასლან ინაიშვილი. მათი საქმეების არსებითი განხილვა ახლახან დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროკურატურის ვერსიით, გელა გვიანიძე და ასლან ინაიშვილმაც ესროლეს როინ შავაძეს ავტომატიდან სხვა სპეცრაზმელებთან ერთად. უკვე მსჯავრდებული სპეცრაზმელებიც ადასტურებენ, რომ მკვლელობის ადგილზე 9 სპეცრაზმელი იყო და ცრხავემ ესროლა როინ შავაძეს, თემურ პატარაძის ნასროლი ერთი ტყვია კი არ დაუნახავთ, მოხვდა თუ არა როინ შავაძეს.

ბრალდებულის, ყოფილი სპეცრაზმელის ასლან ინაიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სპეცრაზმელებს უკანო ბრძანება შეასრულებინეს.

„სპეცრაზმელი ვალდებულია, ბრძანება შეასრულოს,“ – გვითხრა ადვოკატმა, მარიამ ბარსონიძემ, თუმცა ადვოკატს შევახსენეთ, რომ ბრძანება კანონიერი უნდა იყოს, როინ შავაძის საქმეში კი, ჩანს მოცემულობა, როცა ყველა სპეცრაზმელი იაზრებდა ბრძანების უკანონობას: როინ შავაძე არსად გარბოდა და ეს სპეცრაზმელებმა საკუთარი თვალით ნახეს. ამას გარდა: როინ შავაძე მოღალატე რომც ყოფილიყო – სპეცრაზმელებისვე თქმით, ამას პატარიძე იძახდა – ეს ვერ გაამართლებს ადამიანის მკვლელობას.

„არცერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, მათ შორის, ასლან ინაიშვილმა, რომ უკანონო ბრძანება გასცეს. მათი ვალდებულება იყო ყველა ბრძანების შესრულება. ბრძანება ბრძანებაა. მათ არაფრის გარკვევის დრო არ აქვთ, ესენი ქვედა რგოლის წარმომადგენლები არიან,“ – უთხრა ადვოკატმა მარიამ ბარსონიძემ „ბათუმელებს“.

გამოკითხვის ოქმში, რომელიც ბრალდებულმა და ყოფილმა სპეცრაზმელმა, გელა გვიანიძემ 2020 წელს მისცა გამოძიებას, აღნიშნულია:

„…ახალი დაბრუნებული ვიყავი სამაჩაბლოს ომიდან. ზუსტად ვერ ვიხსენებ შუა დღის საათები იყო, რომ დამევალა ბათუმის გასასვლელთან შევხვედროდი ჩემს თანამშრომლებს, რომლებსაც თან ჰყავდათ დაკავებული როინ შავაძე. სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ თუ რომელ თანამშრომლებთან ერთად ვიმყოფებოდი და ასევე იმ თანამშრომელთა ვინაობასაც ვერ ვაზუსტებ, რომლებსაც ჰყავდათ მანქანაში დაკავებული როინ შავაძე. მახსოვს, რომ უკან გავყევით „ნისანის მარკის“ ჯიპს, რომელშიც დაკავებული ეჯდათ. მე პირადად დაკავებული მანქანაში კარგად არ დამინახავს და ამიტომ მის ფიზიკურ მდგომარეობას ვერ მოგახსენებთ, არც ის ვიცი, თუ რაზე ჰყავდათ დაკავებული როინ შავაძე. მისი ვინაობაც მისი ლიკვიდაციის შემდგომ შევიტყვე.

თუ როგორ მოხდა როინ შავაძის ლიკვიდაცია, მანამდე აღენიშნებოდა თუ არა მას რაიმე დაზიანება და ასევე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხები გაცემული მაქვს და დაფიქსირებულია ჩემს დაკითხვის ოქმებში, რასაც ამჟამადაც ვადასტურებ. ვინაიდან მომხდარიდან გასულია საკმაო დრო სხვას ვერაფერს ვერ ვიხსენებ. იმ შემთხვევაში თუ აღვიდგინე სხვა დეტალები, რაც ჩვენებებში არ მაქვს აღწერილი მოვმართავ გამოძიებას,“ – აღნიშნა მოწმემ.

სპეცრაზმელებმა 2008 წლის დაკითხვაზე გამოძიებაზე ერთი და იგივე რამ დააფიქსირეს: დაკავებული როინ შავაძე გაქცევას ცდილობდა, ცეცხლი გაგვიხსნა და ამიტომაც ვესროლეთო.

ბრალდებულ ყოფილ სპეცრაზმელებს: ასლან ინაიშვილს და გელა გვიანიძეს სასამართლოსთვის ჯერ ჩვენება არ მიუციათ.

როგორ ეძებდა როინ შავაძეს ოჯახი – ახლობლების ჩვენება 

„მივედი ქ.ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც უშიშროების შენობასთან იმყოფებოდა ჩემი და ციცინო შავაძე. იქ ასევე მოვიდა ჩემი ძმა ამირან კონცელიძე. ციცინო შავაძე იმყოფებოდა ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაში. მან თქვა, რომ მისი მეუღლე – როინი უცნობ პირებს უცემიათ და წაუყვანიათ გაურკვეველი მიმართულებით. მისივე განმარტებით, მან არ იცოდა როინის ადგილსამყოფელი და ცდილობდა მის მოძებნას.

მივედით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, სამართალდამცავ უწყებაში. ჩვენ აგრეთვე მივედით ხელვაჩაურში, სამხედრო ბაზაზე, სადაც როინი მსახურობდა.

აღნიშნულ უწყებებში პასუხს არ გვცემდნენ. ასევე არ გვაძლევდნენ რაიმე ინფორმაციას როინთან დაკავშირებით. ზოგადად გვეუბნებოდნენ, რომ რაიმე ასეთი ინფორმაცია არ გააჩნდათ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ჩვენი მისვლისას, იქ თავმოყრილი იყო უამრავი ხალხი, მათ შორის იმყოფებოდნენ პოლიციის ფორმაში მყოფი სხვადასხვა ჩემთვის უცნობი ადამიანი. იქ მისვლის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ როინ შავაძე იყო გარდაცვლილი.

აღნიშნულის გაგონებაზე ჩემი და ციცინო შავაძე ჩავარდა კიდევ უფრო მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, რაღაც დროით დაკარგა გონებაც. იქ მყოფმა პირებმა, რომელთა ვინაობებიც არ ვიცი, გვითხრეს, რომ შეგვეძლო გარდაცვლილი როინ შავაძე წაგვეყვანა სახლში, ამასთან, მათი განმარტებით, უნდა ვყოფილიყავით წყნარად და აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არ უნდა ამოგვეღო ხმა. კონკრეტულად იმ პირთა ვინაობები, ვინც ეს თქვა, არ ვიცი,“ – აღნიშნა მოწმემ.

„გარდაცვლილი როინის გვამი პროზექტურაში ვნახეთ მე და მამაჩემმა ყებასი კონცელიძემ, რა დროსაც მახსოვს, რომ როინს აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება. ჩანდა, რომ იგი სასტიკად იყო ნაცემი,“ – პროკურატურამ ციცინო შავაძის ძმა, ამირან კონცელიძეც გამოჰკითხა:

„პროზექტურიდან გარდაცვლილი როინის გვამი გამოგვატანეს მე და მამაჩემს, რის შემდეგაც გარდაცვლილი მივასვენეთ სახლში.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ჩვენი მისვლისას, მახსოვს, რომ იქ თავმოყრილი იყო უამრავი ხალხი, მათ შორის იმყოფებოდნენ პოლიციის ფორმაში მყოფი ჩემთვის უცხო პირებიც. იქ ყოფნის პერიოდში, ჩემი და ციცინო გახდა ცუდად და გარკვეული პერიოდით დაკარგა გონებაც…

იქ მყოფმა ჩემთვის უცნობმა პირებმა, რომელთა ვინაობებიც არ ვიცი, გვითხრეს, რომ გარდაცვლილი შეგვეძლო გადაგვესვენებინა სახლში და ამასთან, მათივე განმარტებით, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით წყნარად და აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არ უნდა ამოგვეღო ხმა. ხსენებულ პირთა ვინაობები, რომელთაც ეს გვითხრეს, როგორც აღვნიშნე, არ ვიცი და მათი ამოცნობაც არ შემიძლია,“ –  ამირან კონცელიძემ აღწერა, რომ მუქარა შემდეგაც გაგრძელდა, როცა მობილურზე ურეკავდნენ, ერთხელ კი, ავტოსახელოსნოში ესტუმრა სამი კაცი:

„მათ გამიყვანეს ავტოსერვისიდან გვერდით, თითქოსდა უნდოდათ შეკეთების მიზნით ეჩვენებინათ ავტომანქანა, რომლის მონაცემებიც არ მახსოვს.

მას შემდეგ, რაც მათ გავყევი გარეთ, ხსენებულმა პირებმა მითხრეს, რომ ვყოფილიყავით წყნარად და გაგვეტანა საჩივარი უკან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აღმომიჩენდნენ ან ნარკოტიკს, ან იარაღს, ან დიდი სატვირთო ავტომანქანა გამიტანდა, ან საერთოდ ავფეთქდებოდი. მათივე მუქარა მიმართული იყო აგრეთვე, როინის შავაძის ოჯახისკენ. კერძოდ ასევე იძახდნენ, რომ ოჯახიანად ვიქნებოდით დაღუპულები. მათი მხრიდან აღნიშნული მუქარებს, სხვა ვინმე პირი არ ესწრებოდა. აღნიშნული მუქარების თაობაზე, თუ სწორედ მახსოვს, იმავე დღეს [თავის დაზღვევის მიზნით] აჭარის ტელევიზიაშიც მივედი და განვაცხადე, თუმცა რაიმე სიუჟეტი აღნიშნულზე არ გასულა,“ – თქვა ამირან კონცელიძემ.

„16 აგვისტოს, დილის 02 საათსა და 30 წუთზე, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვუყურებდით ტელევიზორს, შემოგვესმა ძახილის ხმა, კერძოდ, ვიღაც იძახოდა ჩემი მეუღლის სახელს, რის გამოც ჩემი მეუღლე ადგა და მივიდა ფანჯარასთან,“ – უთხრა გამომძიებელს 2008 წელს ციცინო შავაძემ, როინ შავაძის მეუღლემ. – „ამ დროს ფანჯარა ღია იყო. ჩემმა მეუღლემ ქვემოთ მყოფ პიროვნებას მიმართა სახელით, კერძოდ, მან დაიძახა, რომ რატომ იძახი ქვემოდან “მაიმუნა” ამოდი სახლშიო, რაზედაც მე გავიგონე, რომ იმ პირმა, რომელსაც ჩემმა მეუღლემ დაუძახა მაიმუნა, უთხრა, რომ არა, ვერ ამოვალ, თავად ჩამოდი შენთან საქმე გვაქვსო.

აღნიშნულის გამო, ჩემი მეუღლე ჩავიდა ქვემოთ, მე კი მივედი ფანჯარასთან და ვიყურებოდი ფანჯრიდან. ჩვენი სახლი მდებარეობს მეორე სართულზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ჩემი მეუღლე ქვემოთ ჩავიდოდა და მასთან მივიდოდა, იმ პირმა, ანუ მაიმუნამ ტელეფონით დაურეკა ვიღაცას და უთხრა, რომ სახლში არის და ჩამოდის დაბლაო. ის პიროვნება იდგა მარტო, შავი ფერის მერსედესთან, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანის ნომრებს, მე მისი დამახსოვრება ვერ მოვახერხე.

როდესაც ჩემი მეუღლე მასთან ჩავიდა უთხრა, რომ რაში იყო საქმეო, რის შემდეგაც იმ პირმა მას რაღაც უთხრა, რაზედაც როინიმ უთხრა, რომ ის სახლში იყო და არსად არ აპირებდა წასვლას. ამის შემდეგ მე ნათლად დავაფიქსირე, რომ როინიმ მაიმუნას აუწია პერანგი და უთხრა, რაში სჭირდებოდა მას მასთან ასე მისვლა. ამის შემდეგ მე უკვე გარკვევით აღარ მესმოდა საუბრის შინაარსი. მათი საუბარი გაგრძელდა 5 წუთი, რის შემდეგაც მაიმუნამ უთხრა დამჯდარიყო მანქანაში და გაჰყოლოდა. ამის შემდეგ მაიმუნა დაჯდა საჭის მეორე მხარეს, ხოლო ჩემი მეუღლე ჩაჯდა უკანა სალონში. მაიმუნას ქმედებით ნათლად ჩანდა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა სხვა პირი.

როდესაც მანქანა დაიძრა, მე ფანჯრიდან ვადევნებდი თვალის, რა დროსაც შევნიშნე, რომ მათ მანქანას უკან გაჰყვა ასევე შავი ფერის მერსედესი. ასევე, მე არ დამიფიქსირებია ამ ავტომანქანის ნომერი. დაახლოებით, 30 წუთში, როინი დაბრუნდა უკან. უკან ის მოვიდა იმ ავტომანქანით, რომელიც მათ გაჰყვა უკან. ეს როინიმ მე თავად მითხრა, როცა ის სახლში დაბრუნდა.

მან ასევე მითხრა, რომ მაიმუნამ მიმიყვანა უშიშროების შენობაში, შეიყვანა ვიღაცასთან კაბინეტში, რა დროსაც იმ პირმა მაიმუნას უსაყვედურა, ვინ გითხრა აქ ამის მოყვანაო, იმავე წუთს უკან გამომაბრუნესო, ხოლო მაიმუნა იქ დაიტოვესო. მან ასევე თქვა: „ნეტა, სხვა ბიჭებივით მეც ხომ არ მომკლავენო”. თუ რატომ თქვა ეს, ჩემთვის არაერთი შეკითხვის მიუხედავად, არ აუხსნია. ის იყო გაოგნებული.

დილით როინი 8 საათზე გავიდა სახლიდან და წავიდა ახალ სამსახურში. სამსახურში რომ იყო, ეს ვიცი იქედან, რომ როცა მას დავურეკე, მითხრა, რომ იყო ხელვაჩაურში, სამხედრო ნაწილში და ასევე ტელეფონში შემომესმა სწორდისა და სმენის ხმა. მივხდი, რომ იყო სამხედრო მოწყობა. ჩვენ იმ დღეს უნდა წავსულიყავით ქობულეთში, გარდაცვლილი ჯარისკაცის სამძიმარზე. ამიტომ ხელმეორედ დავურეკე უკვე 11 საათსა და 30 წუთზე, თან მივულოცე ახალი სამსახური – პირველი დღე და ეტყობოდა, რომ ის იყო კმაყოფილ. მითხრა, რომ უნდა გასულიყო ბათუმში, ოქროს ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგანაც მას შეკვეთა ჰქონდა მიცემული, კერძოდ, სამხედრო ფორმაზე უნდა ამოექარგა მისი სახელი და გვარი.

დაახლოებით, 14 საათსა და 30 წუთზე, ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დამირეკა ვიღაც მამაკაცმა და მითხრა, რომ ის იყო ჩემი მეუღლის თანამშრომელი და რომ როინი იგვიანებდა
სამსახურში, თანაც ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდა და მთხოვა იქნებ მე შევხმიანებოდი, რომ სამსახურში მისულიყო. ამ დროს მე თმებს ვჭრიდი ჩემს ნაცნობ ქალბატონს, რომლის სახელი და გვარი ამჟამად არ მახსოვს.

როდესაც თმის შეჭრა დავამთავრე, გადავრეკე როინისთან და ვუთხარი, რატომ აგვიანებდა პირველ დღეს სამსახურში, რაზედაც მას გაუკვირდა და მიპასუხა, რომ თუ ვინ დამირეკა და საიდან იცოდნენ შენი ნომერიო. ასევე მან მითხრა, რომ შეკვეთის დასრულებას სჭირდებოდა 5 წუთი, ახლა  ყავას დავლევ და სასწრაფოდ წავალ სამსახურშიო. ამის შემდეგ ჩემთან მოდის ის ქალბატონი, რომელსაც თმები შევჭერი და მითხრა, რომ ოქროს ბირჟასთან როინის თავს დაესხა 30 კაცამდე ნიღბებით შეიარაღებული პირები, რომლებიც იყვნენ შავი ჯიპებითო. ამის გამო მე გავოგნდი. უმალვე დავუკავშირდი ჩემს ძმას,  ჩემს დას და ავუხსენი მომხდარის შესახებ.

დაახლოებით, 10 წუთში ორივე ჩემთან იყო, რის შემდეგაც სუყველა წავედით უშიშროებაში. შენობაში შევიდნენ ჩემი ძმა ამირან კონცელიძე და და გუგული კონცელიძე, რომლებსაც უშიშროებაში განუმარტეს, რომ ასეთი პირი დაკავებული არ აყო და აღნიშნულის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ამის შემდეგ მივედით საპატრულოში, სადაც ჯარისკაცმა გვითხრა, რომ ხელმძღვანელობა არავინ არ იყო და არ შეგვიშვა…“, – თქვა ციცინო შავაძემ.

როინ შავაძის ცოლის თქმით, მან ვერცერთი უწყებიდან ვერ მიიღო პასუხი, დაახლოებით საღამოს 9-ზე კი, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უბნის პოლიციელი გამოჩნდა:

„გვითხრა, რომ როინი იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. შემდეგ ჩვენ დაუყოვნებლივ წავედით საავადმყოფოში, სადაც გავიგე, რომ ჩემი მეუღლე უკვე გადაყვანილი ჰყავდათ პროზექტურაში. იქ ჩვენ დაგვხვდა პოლიციის თანამშრომლები, ასევე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ხმა არ ამომეღო. მე მათი ამოცნობა არ შემიძლია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როცა როინი წაიყვანეს ღამით უშიშროებაში და როცა უკან მობრუნდა, მან მითხრა, რომ მანქანაში, რომლითაც ის უკან მოიყვანეს იჯდა მისთვის უცნობი 4 მამაკაცი, რომლებსაც ჰქონდათ აღმოსავლური კილო და ყველა მათგანს ჰქონდათ მაყუჩიანი იარაღებიო. მანვე მითხრა, რომ ისინი უცენზუროდ საუბრობდნენ ერთმანეთშიო.

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რაც შეემთხვა ჩემს მეუღლე ა/წლის 15 აგვისტოს, კერძოდ, ამ დღეს როინის შეხვდა მისი ყოფილი თანამშრომელი სენაკიდან დათოს, რომლის გვარი ამჟამად არ მახსოვს და მას უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა მასთან, რომ „გამოჩნდა თეთრი და შავიო”, თუ რას გულისხმობდა როინი ამ სიტყვებში, არ ვიცი,“ – აღნიშნა ციცინო შავაძემ.

რა დაავალეს ექსპერტს? – „რაც შეიძლება ბუნდოვნად უნდა აღმეწერა გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები…“ 

„როდესაც უნდა ჩამეტარებინა გარდაცვლილ როინ შავაძის გვამის გამოკვლევა, ჩემთან პროზექტურაში შემოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომლის აღწერილობაც ამჟამად არ მახსოვს. მან მთხოვა, რომ გვერდზე გავსულიყავით, რადგან სასაუბრო ჰქონდა ჩემთან,“ – საქმის მასალებშია ექსპერტის, მამუკა მეტრეველის მონათხრობი, რომელმაც როინ შავაძის გვამის ექსპერტიზა ჩაატარა:

„ეს პიროვნება გამეცნო მე და მითხრა, რომ იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი. არ მახსოვს სახელი და გვარი მითხრა თუ არა. აღნიშნულმა პირმა მითხრა, რომ ჩემთან მოსული იყო ხელმძღვანელობის დავალებით და მისი გადმოცემით, მეუბნებოდა სწორედ მათ დავალებას. კერძოდ, კი, მითხრა, რომ ხელმძღვანელობის დავალება იყო, რაც შეიძლება ბუნდოვნად აღმეწერა გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები და რაც შეიძლება, დროში გამეჭიანურებინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცემა. ამასთან, მას ჩემთვის არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა ხელმძღვანელობაში, რომელთა დავალებაც მან გადმომცა.

ვინაიდან დასახელებული პერიოდისათვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰქონდათ დიდი გავლენა და შეუზღუდავი უფლებები, მათ შეეძლოთ პიროვნების სამსახურიდან გაშვებაც და მასთან ანგარიშსწორებაც, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ პირს თანხმობა გავუცხადე, რომ ჩემი მხრიდან გათვალისწინებული იქნებოდა ხელმძღვანელობის ეს დავალება. ამასთან, ამ ფაქტორების გამო აღნიშნული საუბრის შესახებ მე არ განმიცხადებია და მათ შორის არ მითქვამს არც ჩემი ხელმძღვანელობისთვის.

სწორედ ამ ფაქტორების გამოა ის, რომ ჩემს მიერ 2008 წლის 21 ოქტომბერს გაცემულ დასკვნაში გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ იქნა გაცემული, რაც შემდეგში, დაკონკრეტებულ იქნა დამატებით გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში,“ – თქვა მოწმემ.

რა თქვეს სხვა ექსპერტებმა?

„…ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო როინ შავაძის ტანსაცმელი: ქუდი, ხალათი, მაისური, ტრუსი, შარვალი, წყვილი წინდა და წყვილი ფეხსაცმელი. ჩვენ აღნიშნულ ტანსაცმელზე ჩავატარეთ ბალისტიკური კვლევა და გავეცით დასკვნა გამოძიების მიერ დასმულ კითხვებზე, რასაც ამჟამადაც ვადასტურებ,“ – უთხრა გამომძიებელს ექსპერტმა ლერი შოშიტაშვილმა. მისი თქმით, ბალისტიკური კვლევისთვის მხოლოდ შარვალი იყო გამოსადეგი.

„…სისხლისმაგვარი ნივთიერებით გაჟღენთილ ფონზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის და ფორმის მრავლობითი დაზიანება, რომლებიც მათი მორფოლოგიის მიხედვით შემსვლელ გამსვლელი და შემხებითი ხასიათისაა და ზომების მიხედვით განვითარებული უნდა იყოს ცეცხლნასროლი იარაღიდან სროლის შედეგად და ზომების მიხედვით განვითარებული უნდა იყოს 5,45 მმ ან 5,56მმ და 9მმ კალიბრის ჭურვების ზემოქმედებით. შარვალზე არსებული დაზიანებანი ლოკალიზაციით შეესაბამება როინ შავაძის გვამზე არსებულ ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებულ დაზიანებებს.

5,45 მმ ან 5,56მმ კალიბრის ჭურვები შესაძლოა გასროლილი იყოს ე.წ აკს-ის სისტემის კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან, ხოლო 9მმ კალიბრის ჭურვები, რომლებიც მოხვედრილია როინ შავაძის შარვალზე მარჯვენა ტოტის ზედა მხარეს წინა ზედაპირზე, წინიდან უკანა მიმართულებით განეკუთვნება როგორც „მაკაროვის“ ასევე „ლუგერის“ პისტოლეტების ნაირსახეობებს,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

გამოიკითხა აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი, ბონდო ანთაძეც:

„შუადღეს გადაცილებული იქნებოდა, როდესაც მივიღე შეტყობინება აჭარის ტერიტორიაზე, გურიის საზღვართან ახლოს სოფელ ქაქუთში მომხდარი მკვლელობის შესახებ. ვინაიდან დღემდე ჩვენი სამსახური განთავსებულია ქობულეთის რაიონული სამმართველოს შენობაში, შემთხვევის ადგილზე გამიყვანა ქობულეთის პოლიციის თანამშრომელმა… მე ვინაიდან ვიყავი დამწყები ექსპერტი, დაველოდე ემზარ ჯაფარიძეს და მისი მოსვლის შემდგომ ერთად გავერკვიეთ მომხდარში.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას ვნახე აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმის რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებიც იყვნენ ნიღბებში. რამოდენიმე უცნობი სამოქალაქო ფორმაში მყოფი პიროვნება, ასევე ქობულეთის პოლიციის უფროსი გოჩა ჯაში, მისი მოადგილეები: მამუკა თხილაიშვილი, პაატა კვირკველია, გამომძიებლები: ლია ბალაძე, ქეთევან ოქროპირიძე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: მამუკა ზოიძე, ზურაბ აბუსერიძე, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ნოდარ ცეცხლაძე, მუხაესტატეს პოლიციის უბნის ინსპექტორები: ნუგზარ ოქროპირიძე და რამინ ხოზრევანიძე. ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

იქვე იმყოფებოდა აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი მალხაზ თავდგირიძე, რომელმაც მე და ემზარ ჯაფარიძეს გვითხრა, რომ აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადაჰყავდათ პატიმარი. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა დანაშაულისათვის იყო დაკავებული აღნიშნული პიროვნება, რომელსაც ავტომანქანას მსვლელობის დროს რომელიღაც სპეცრაზმელისათვის წაურთმევია პისტოლეტი, შემდგომ იგი გადმომხტარა ავტომანქანიდან და ცდილობდა გაქცევას. იმავდროულად მას უსვრია სპეცრაზმელების ავტომანქანის მიმართულებით, სპეცრაზმელებს იქვე საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად მოუკლავთ გაქცეული პატიმარი.

გამომძიებელთან და ექსპერტ ემზარ ჯაფარიძესთან ერთად გადავედი ავტომანქანებიდან საპირისპირო მხარეს გზის გადაღმა, სადაც გვერდულიდან ახლო მანძილში იყო მამაკაცის გვამი, სახით მიწაზე მწოლიარე მდგომარეობაში, რომელსაც ეცვა სამხედრო შარვალი, რომლის საქამრე სალტე და ქამარი გაწყვეტილ მდგომარეობაში იყო. ტანთ ეცვა მუქი ფერის ზედა, რომელიც თითქმის შემოხეული ჰქონდა, სხეულზე ეტყობოდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები. გვამთან ახლოს იდო პისტოლეტი, მისგან მარჯვენა მხარეს ხის ძირში იდო სამხედრო ქუდი და კომუფლირებული სამხედრო ზედა სამოსი, რომელიც რატომღაც არაბუნებრივად მეჩვენა, რადგან რამოდენიმე წუთის წინ გაგონილ მომხდარი შემთხვევის ვერსიას ვერ დავაკავშირე –  კომუფლირებულ სამხედრო სამოსს ეტყობოდა, რომ იყო აშკარად დადებული და არა გაქცევისას დავარდნილი.

ამასთან გვამს ზედა სამოსი, ანუ მაისური ზურგის მიდამოში თითქმის შემოხეული ჰქონდა. ხოლო სამხედრო ზედა სამოსს, რომელიც სავარაუდოდ მოკლულ მამაკაცს ეკუთვნოდა, არანაირი ცეცხლნასროლი ან მექანიკური დაზიანება არ ემჩნეოდა.

ამასთან გვამზე და მის მიმდებარედ ხელბორკილი ან რაიმე მსგავსი არაფერი გვინახავს. აღნიშნული გარემოებაც ჩემთვის რაღაცნაირად დასაფიქრებელი იყო, თუმცა მე როგორც დამწყებ
ექსპერტს, არავისთვის არაფერი მიკითხავს,“ – თქვა მოწმემ და დასძინა, რომ მანაც შენიშნა გვამთა დაგდებული წარწერიანი სამხედრო ჟეტონი.

…სამსახურებრივი ადმინისტრაციული შენობიდან შემთხვევის ადგილზე მივედით დაახლოებით 20-25 წუთში. შემთხვევის ადგილზე მისულს დამხვდა შემდეგი სურათი: ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში, ქობულეთისა და ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებული იყო მაღალი გამავლობის რამდენიმე მანქანა, კერძოდ ორი ან სამი მანქანა, საიდანაც ერთ-ერთ იყო დაზიანებული, თუ არ ვცდები ან უკანა კარი, ან ფრთა ჰქონდა დაზიანებული.

საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ ოზურგეთიდან ქობულეთისკენ მიმავალი საავტომობილო სავალი გზის განაპირას ჩამწკრივებულ ნაძვებს შორის ესვენა მიცვალებული, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გადასვენებული პროზექტურაში. მსურს ასევე აღვნიშნო, რომ მე მიცვალებულთან მივედი დაახლოებით 04-05 მეტრის მანძილზე, შესაბამისად, მართალია მისი სახე არ დამინახავს, თუმცა ზუსტად მახსოვს, რომ მას ეცვა სამხედრო ფორმა და მიწაზე ესვენა გულმკერდის მხარით, ანუ სახით მიწისკენ. მსურს აღვნიშნო, რომ მიცვალებულზე ან მიცვალებულთან ახლოს არ დამინახავს რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი.

შემთხვევის ადგილზე მისულს ადგილზე დამხვდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ე.წ. „კუდ“-ის დაახლოებით 10 ნიღბიანი სპეცრაზმელი, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით. შემთხვევის ადგილზე მისულისთვის, ჩემთვის ნათელი იყო, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას, რაც მიეკუთვნებოდა შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქვემდებარეობას.

შემთხვევის ადგილზე ჩემი მისვლის შემდეგ, რამოდენიმე ხანში, ხოლო თუ რამდენ ხანში, არ მახსოვს, შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი –
ირაკლი მოწყობილი და მისი მოადგილე – რესან კონცელიძე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნებოდა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქვემდებარეობას და აღნიშნული სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე და „კუდ“-ის მაღალჩინოსნები ადგილზე იმყოფებოდნენ, მე საჭიროდ აღარ მივიჩნიე მათ საქმეში ჩარევა, შესაბამისად მე მონაწილეობა არ მაქვს მიღებული როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისას განხორციელებულ არცერთ საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებაში,,“ – დაასრულა მოწმემ.

რა უთხრა გამოძიებას როინ შავაძის მეგობარმა: „ჩვენ ერთად ვიყავით ომში“ 

„მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში, დელტა ასეულის სადაზვერვო ოცეულში სერჟანტის თანამდებობაზე ვმუშაობდი. ჩემს უფლება-მოვალეობებში შედიოდა ბრძოლის ველზე სავარაუდო სამოქმედო გეგმის მომზადება. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ბატალიონი დისლოცირებული იყო სენაკში… სენაკში ჩემი მუშაობის დაწყების დღიდან დავმეგობრდი ამავე ბატალიონში, იგივე პოზიციაზე მომუშავე როინ შავაძესთან, რომელიც იყო ბათუმიდან,“ – მიმართა გამომძიებელს მოწმის სახით გამოკითხულმა უშანგი ჯაიანმა.

„როინი  ჩემზე ასაკით უფროსი იყო და გააჩნდა მეტი გამოცდილება საბრძოლო მომზადებაშიც, მას ჰქონდა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ფიზიკურად და მორალურად იყო ძლიერი პიროვნება, ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით, უყვარდა თავისი ქვეყანა, ოჯახი და მეგობრები. მინდა გითხრათ, რომ როინ შავაძესთან არაერთ სასწავლო და საბრძოლო ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა.

ჩვენ თავდაცვის სამინისტროს მიერ სამშვიდობო მისიით მივლინებული ვიყავით ერაყში. შემდგომ კი 2008 წლის აგვისტოს ომში ერთად მოგვიწია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, სადაც იგი იმყოფებოდა ჩემს გვერდით ან ბატალიონის ხელმძღვანელობის გვერდით. ცხინვალის რეგიონში აგვისტოს ომის დროს იმ საბრძოლო მოქმედებებში, რომელშიც ჩვენმა ბატალიონმა მიიღო მონაწილეობა როინ შავაძე იყო ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი. როინ შავაძესთან ერთად ომში ვიმყოფებოდი 2008 წლის 08 აგვისტოდან 2008 წლის 11 აგვისტომდე. მე, მასთან და ასევე ჩვენი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეტაკებების ფონზე მომიწია სოფლების დირბის, ავნევის, ხეთაგუროვოს გავლა, შემდგომ ვიმყოფებოდით სოფელ ტბეთში, ცხინვალიდან დაახლოებით სამ-ოთხ კილომეტრში. სადაც 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენს მიმართულებით დაიწყო მასირებული საჰაერო და საარტილერიო შეტევა, რის გამოც ხელმძღვანელობისაგან მივიღეთ – ბრძანება – საბრძოლო პოზიციების დატოვების შესახებ, იმავდროულად გაწყდა კავშირი, როგორც სატელეფონო ასევე რადიოსადგურების მეშვეობით. რის შემდგომაც ყველამ ინდივიდუალურად დავტოვეთ ცხინვალის რეგიონი, ჩვენი ბატალიონის ნაწილი შეიკრიბა სურამთან, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა ბრძოლის ველიდან გამოსვლას.

სურამში შეკრებილი პირადმა შემადგენლობამ მივიღეთ ბრძანება, რომ წავსულიყავით კოჯრის ბატალიონში, სადაც დანარჩენი ბატალიონის წევრებიც შემოგვემატებოდნენ. მინდა გითხრათ,
რომ ბოლოს როინ შავაძე ვნახე 2008 წლის 11 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დროს, მე მასთან ერთად გამოსვლა ვერ მომიხერხდა, ვინაიდან ჩვენი ქვედანაყოფი არეულობის და მასირებული დაბომბვის ფონზე გავიფანტეთ და როგორც მოგახსენეთ, ნაწილ-ნაწილ გამოვედით ბრძოლიდან. ასევე ჩვენ ერთმანეთს კავშირის უქონლობის გამო ვეღარ ვეკონტაქტებოდით.

რამოდენიმე დღეში ჩემთვის ბატალიონის წევრებისაგან ცნობილი გახდა, რომ როინ შავაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით ბათუმში დაუკავებიათ, თუ ვის არ ვიცი. შემდგომ უწამებიათ, მერე ავტომატების ჯერებით დაუცხრილიათ და სასტიკად მოუკლავთ. აღნიშნულმა ფაქტმა ძალიან განმაცვიფრა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, მე როინ შავაძეს წლების განმავლობაში ვიცნობდი, ვმეგობრობდი, ერთად ვიბრძოდით და ჩემთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ მან თითქოს სამშობლოს უღალატა.

რა უთხრა ვანო მერაბიშვილმა „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ გამოძიებას? 

ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრი, „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პროკურატურამ 2022 წლის 21 თებერვალს გამოკითხა. რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილს კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსთან, თეიმურაზ პატარიძესთან, ასევე დათა ახალიასთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის პერიოდში კუდ-ს ხელმძღვანელობდა? – ამ საკითხზე საუბრით დაუწყია გამომძიებელს შს ყოფილი მინისტრის გამოკითხვა.

„თეიმურაზ პატარიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, თუმცა რა პერიოდში, ვერ ვიხსენებ. მასთან მაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა… მასთან გამაჩნდა იშვიათი კომუნიკაცია. თუ ვიყავი აჭარაში, მაშინ მხვდებოდა, როგორც დანაყოფის ხელმძღვანელი. რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციას, შეიძლება მქონოდა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებს ვერ ვიხსენებ,“ – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

გამომძიებელი: „თქვენ როგორც იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს რა საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით მოგმართავდათ ხოლმე დათა ახალაია და ასევე მასთან როგორი სახის კომუნიკაცია გაგაჩნდათ?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ სამსახურებრივი საქმეები იხილებოდა ოფიციალური დოკუმენტაციის მეშვეობით, როგორც დათა ახალაიასთან, ისე ნებისმიერი დანაყოფის წარმომადგენელთან. რაც შეეხება სატელეფონო საუბრებს დათა ახალაიასთან და ნებისმიერ სხვა პოლიციის თანამშრომელთან, ძირითადად შემოიფარგლებოდა დაბადების დღის მილოცვით ან სხვა პირადი, მეგობრული საუბრებით.“

გამომძიებელი: „თქვენთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრთან, თუ შემოდიოდა ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომ ისინი სავარაუდოდ თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეც. სამსახურებთან?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ მსგავსი რამე არ მახსენდება. მე თქვენს მიერ დასახელებული სახის ინფორმაცია შეიძლება მიმეღო მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდგომ.“

გამომძიებელი: „2008 წლის 16 აგვისტოს აჭარა-გურიის საზღვართან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მოკლეს სამხედრო მოსამსახურე, მეხუთე ბრიგადის დაზვერვის ოფიცერი როინ შავაძე. თქვენ, როგორც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, რა ინფორმაციას ფლობთ აღნიშნული ფაქტის ირგვლივ?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ აღნიშნულის შესახებ მე ინფორმაცია გავიგე ტელევიზიებიდან 2012 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება. მანამდე ხსენებული ფაქტის შესახებ მე არ ვიცოდი.“

ვანო მერაბიშვილი – შს ყოფილი მინისტრი

გამომძიებელი: „მოკლულ სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის შესახებ თქვენ, როგორც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ფლობდით თუ არა რაიმე სახის ინფორმაციას?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ როინ შავაძეზე მის სიცოცხლის პერიოდში და მისი გარდაცვალების შემდგომაც არაფერი მსმენია და მასზედ არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია.

გამომძიებელი: „2008 წლის 16 აგვისტოს როინ შავაძის მკვლელობის დღეს დაწყებული იქნა გამოძიება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თუ მოგაწოდეს ინფორმაცია?“

ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენეთ, რომ როინ შავაძის შესახებ როგორც გითხარით არ მსმენია. მის შესახებ გავიგე 2012 წლის შემდგომ და შესაბამისად აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც ჩემი ინფორმირების ფაქტი არ მახსენდება.“

აქ გამომძიებელი ვანო მერაბიშვილს სასამართლო განჩინების საფუძველზე მობილური ტელეფონის ოპერატორიდან ამოღებულ მონაცემებს აწვდის, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილმა 2008 წლის 16 აგვისტოს დათა ახალაიას დაურეკა.

„ხომ ვერ გაიხსენებთ აღნიშნულ სატელეფონო კომუნიკაციის დროს საუბრების შინაარსი ხომ არ ეხებოდა როინ შავაძეს?“ – მიმართა შს ყოფილ მინისტრს გამომძიებელმა.

„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული კომუნიკაციის შინაარსი არ შეეხებოდა როინ შავაძეს,“ – უპასუხა კითხვას ვანო მერაბიშვილმა. მას არ დაუკონკრეტებია, რა თემაზე ესაუბრა ახალაიას, რადგან შავაძის მკვლელობის საკითხზე საუბარი გამორიცხა და თქვა, რომ ეს ახსოვდა.

გამომძიებელი: გამოძიებით, კერძოდ თავდაცვის სამინისტროდან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებული წერილებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს თბილისი- სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალს აკონტროლებდნენ რუსი სამხედროები აჭარიდან თბილისის მიმართულებით ცენტრალური მაგისტრალის გავლით გადაადგილება შეიძლებოდა თუ არა?

ვანო მერაბიშვილი: მოგახსენებთ, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე რამდენად შესაძლებელი იყო გადაადგილება არ ვიცი, მაგრამ იყო ალტერნატიული უსაფრთხო გზა ბათუმი- გოდერძის უღელტეხილი ახალციხე-ახალქალაქი-თბილისის მიმართულებით მარშრუტი.

გამომძიებელი: „ხომ არ გსურთ რაიმეს დამატება?“

ვანო მერაბიშვილი: „დასამატებელი არაფერი მაქვს“

___

ამ თემაზე:

„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე

 

 

რუსული სამხედრო-პატრიოტული ბანაკის წევრები Z-მაისურებით ბათუმსა და ურეკში სეირნობენ, შსს დუმს

10 ივლისს რუსმა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „Торнадо“ ბათუმშია. სამხედრო-პატრიოტული ბანაკი რუსეთიდან, „Z“ და „V“ სიმბოლიკით საქართველოში ისვენებს.

გუშინ და დღეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ნახეს მოზარდების და ზრდასრულების დიდი ჯგუფი… რამდენიმე ათეული ადამიანი სეირნობდა ბათუმის სანაპიროზე, შემდეგ კი ურეკში წავიდნენ“.

ბლოგერმა ასევე გაავრცელა ჯგუფის ფოტოები, რომლებსაც ნამდვილად აცვიათ „Z“ და „V“ სიმბოლოებიანი მაისურები. ფოტოები ბათუმის ბულვარში, ეშმაკის ბორბალთან, ასევე „ალი და ნინოს“ სკულპტურის მიმდებარედ არის გადაღებული.

გარდა ამისა, მათ მაისურებზე გამოსახულია „გეორგიევსკი ლენტა“ შავ-თეთრ ფერებში, რაც რუსეთის პროპაგანდისტული ინსტრუმენტია – ამ ლენტების დამზადება და გავრცელება ფინანსდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ფოტოები ბათუმის ბულვარში, „ალი და ნინოს“ სკულპტურის მიმდებარედ არის გადაღებული, სადაც ადამიანების ჯგუფი სწორედ რუსულ Z და V სიმბოლოიანი მაისურებით დგანან.

„Z“ და „V“ კი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის სიმბოლოებია.

ბლოგერის თქმით, ფოტოები მას მოქალაქეებმა ტელეგრამში მიაწოდეს, საიდანაც ქართულ მედიაში გავრცელდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ომის სიმბოლიკით მოსეირნე რუსული ჯგუფის შესახებ შეტყობინება შევიდა შს სამინისტროში, „ბათუმელებმა“ უწყებას მიმართა კითხვით, თუ არის მათთვის ცნობილი რა ჯგუფია ეს და რა მიზნით იმყოფებიან საქართველოში?

შს სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. კომენტარის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.

რუსი ბლოგერი კი წერს, რომ Z-მაისურებიან ჯგუფს შენიშვნებს აძლევდნენ ბულვარში მოსეირნე სხვა მოქალაქეები.

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის სიმბოლოების შეუსაბამობაზე შენიშვნის მიმცემებს, მოზარდების თანმხლები სრულწლოვანები აგრესიულად პასუხობდნენ – ჩვენ ისე დავდივართ, როგორც გვინდა, ეს თქვენი საქმე არ არის. პოლიციის გამოძახების შემდეგ დაიწყეს მუქარა გამვლელების მიმართ, თუმცა სასწრაფოდ წავიდნენ სასტუმროში“, – წერს ბლოგერი თვითმხილველებზე დაყრდნობით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან დაწყებული და პროსახელისუფლებო ჯგუფებამდე დამთავრებული, ლათინურ ასოს “Z” აქტიურად იყენებენ პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის  პროპაგანდისთვის.

სოციალური მედიიდან მან გადაინაცვლა რუსეთის ქუჩებში და გამოჩნდა სარეკლამო მონიტორებზე, ბილბორდებზე, ავტომობილებსა თუ შენობებზე, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მხარდამჭერ აქციებზე.

____________

მსგავს თემაზე:

შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებს და ბავშვებს წვრთნის – სუსი და შსს კითხვებს არ პასუხობენ

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი – საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი უკვე ორი კვირაა ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 58 000-მდე ადამიანმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 ლოკაციიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი, მონაწილეობა მიიღოს იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა. საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რადგან ამომრჩეველთა თითქმის 90%   26 ოქტომბერს ხმას სწორედ ამ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს.

საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან ინფორმირების კამპანიას ახორციელებს და საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება სწორედ ამ კამპანიის ნაწილია.

ისევე როგორც ადმინისტრაციის ყველა საქმიანობა, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციაც არის ღია და საჯარო.  მათ შორის  საჯაროა ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირების შესახებაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასში მონაწილეობა. თუმცა, სამწუხაროდ პროექტის მიმდინარეობისას დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩართული მხარეების წარმომადგენლები მოითხოვდნენ იმიტირებულ საარჩევნო უბნებზე მუდმივად ყოფნას, რასაც მოყვა არასწორი შეფასებები თითქოს მათ ეკრძალებოდათ პროცესზე დაკვირვება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად ამ დროისთვის არ მოქმედებს კანონის ის მუხლები, რომლებიც ჩართულ მხარეებს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებს. ამასთან, პროექტი მხოლოდ საინფორმაციო-სასწავლო ხასიათისაა და შეუძლებელია იყოს დაკვირვების, როგორც პროცესის ობიექტი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა თავად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და უშუალოდ გაეცნოს ტექნოლოგიებს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება და ივლისის ბოლოს დასრულდება.

Exit mobile version