უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 623 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 8 632 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 16 878 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 17 774 ერთეული [+29]
MLRS – 1 178 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 942 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 784 ერთეული [+52]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 588 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 171 ერთეული [+55]
სპეცტექნიკა – 3 037 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 098 უპილოტო საფრენი აპარატი
578 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 953 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 447 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 226 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 766 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.
შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება, ასევე დეტალურად ისაუბრეს ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ. შეხვედრების ფარგლებში, ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც საარჩევნო ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით.
აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სასწავლო შეხვედრებზე საარჩევნო ადმინისტრაციას განსაზღვრული ჰქონდა 15 400 წარმომადგენლის დასწრება, მათ შორის პარტიების 12 200, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების 3 200 წარმომადგენლის. შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა პოლიტიკური პარტიის 1 592-მა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 461-მა წარმომადგენელმა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ შესაძლებლობით მხოლოდ პოლიტიკური პარტიების 597-მა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების 277-მა წარმომადგენელმა ისარგებლა. შესაბამისად, შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ის რაოდენობაც არ გამოცხადდა, რაც მათ მიერვე მოწოდებულ ინფორმაციაში იყო ასახული. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
„ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მოიყვანეს მარშუტკები და რეესტრში წაგვიყვანეს – დაგვარეგისტრირეს. რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო,“ – ერთნაირად გვიყვებიან ახალ ამბავს „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულები.
ე.წ. ოცნების ქალაქში 12-წლიანი ლოდინის შემდეგ საარჩევნო, 2024 წელს წელს, 600-მდე ოჯახს ბინა გადასცეს. ამჯერად ბინები ამ ოჯახების საკუთრება ფორმდება.
ქოხებში დარჩენილებიც წაიყვანეს რეესტრში საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციისთვის. საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაცია ნებაყოფლობითი პროცესია. თუ ადამიანს არ აქვს საკუთრება და არც ჩაწერილია სადმე, იმისთვის, რომ მან არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს, კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის გავლაა საჭირო. დასახლებაში, სადაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ადამიანებმა ბინა მიიღეს, ასევე, ასეულობით ოჯახი ახლაც ბინის მიღების მოლოდინშია, სამოქალაქო რეესტრში „ოცნების“ კოორდინატორებმა წაიყვანეს.
რას აჩვენებს ის ფაქტი, რომ ამ პროცესით „ქართული ოცნება“ არათუ უშუალოდ დაინტერესებულია, არამედ ამ პარტიის კოორდინატორები აორგანიზებენ მოქალაქეების მისვლას სამოქალაქო რეესტრში?
რატომ უტოვებდნენ „ოცნების“ კოორდინატორებს მოქალაქეები იუსტიციის სახლებში გაცემულ დოკუმენტებს? – იურისტები, რომლებიც საარჩევნო გარემოს აკვირდებიან, მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავების წესების დარღვევას.
თავად „ოცნების ქალაქში“ კი, პასუხებს გაურბიან და მხოლოდ იმის მკაფიოდ დაფიქსირება სურთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, ანგარიშვალდებული ვართ „ოცნებასთანო“. ამას გეტყვით ისიც, ვინც 12 წელია ქოხში, ჭაობსა და გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრებას და მორიგი კორპუსების აშენებას ელის.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ე.წ. „ოცნების ქალაქს“ სათავისოდ იყენებს. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების, მცირეწლოვანი ბავშვების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხელისუფლება ამ ადამიანებს არჩევნებიდან არჩევნებამდე მხოლოდ დაპირებებს აძლევდა. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა.
საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
ახალი კორპუსები „ოცნების ქალაქში“„ოცნების ქალაქში“ დარჩენილი ქოხები – ხედი ახალი კორპუსიდან
„რეგისტრაცია ასე ხდება: გვემსახურება მარშუტკები, მივყავართ და გვარეგისტრირებენ. ჩვენ „ბენზეში“ ვიყავით, რკინიგზის სადგურის შენობაში, ამის უკან ალბათ ბატონი რამაზი დგას, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე,“, – გვიყვება მაია დავითაძე, ის ერთ-ერთი მათ შორის, ვისაც ახალ კორპუსში ბინა მოუწია.
მოქალაქეები გვიყვებიან, ჩვენთვის არავის აუხსნია, თუ რატომ ჩაერთნენ საერთოდ ამ პროცესში „ოცნების“ კოორდინატორები, ან რატომ უთხრეს, რომ იუსტიციაში გაცემული ფურცლები ისევ კოორდინატორებს უნდა დაუტოვონ.
„არავის არაფერი არ აუხსნია, ჩაწერა იქნებაო ასე გვითხრეს… მანამდე კორპუსში ჩამოიარეს, რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდეთო.
ეს დოკუმენტი გადავეცი კოორდინატორს, არც კითხვა დამისვამს, რატომ. რაღაც ფურცელი მოგვცეს და ის გადავეცით მას [კოორდინატორს], რა მისამართზე ვართ ახლა, ის მისამართი ეწერა იქ, რეგისტრაციის ადგილი,“ – გვითხრა ლევან ალიბეგაშვილმა.
„ოცნების“ დასახლებაში მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ბინები საარჩევნო წელს გაიცა
რა სამართლებრივი საფუძვლით ჩაერთნენ ამ პროცესში „ოცნების“ კოორდინატორები და რატომ დაიტოვეს რეესტრში მოქალაქეებისთვის მიცემული დოკუმენტაცია? – კითხვებით პარტია „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ, თუმცა აქ უპასუხოდ დაგვტოვეს.
შეკითხვებს არც აჭარის მთავრობაში უპასუხეს. აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ისინი ბინების გადაცემის, ან საცხოვრებლის რეგისტრაციის პროცესში ჩართული საერთოდ არ არიან.
სამაგიეროდ „ოცნების ქალაქში“ ჟუჟუნა მოსიძე გვესაუბრა, ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორია. მასაც შეხვდა ბინა ახალ კორპუსში.
„არაფერს არ მოვითხოვ, ვისაც სურვილი აქვს და ხედავს „ქართული ოცნების“ სიკეთეს, ვისაც მოსწონს „ოცნება“, ის მისცემს ხმას „ოცნებას“…“ – ჟუჟუნა მოსიძე გვიდასტურებს, რომ მართლაც კოორდინატორები აორგანიზებენ რეესტრში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებია ადამიანების მისვლას. სიმართლეა ისიც, რომ იუსტიციის სახლებში მოქალაქეებისთვის მიცემულ დოკუმენტებს კოორდინატორები იტოვებენ.
„იმ ფურცლებს ვაგდებ, არ ვიტოვებ. სახლში მე რამე არ მომაქვს… მივდივარ, ვაფიქსირებ, რომ მაგალითად, „ოცნებას“ აძლევს კაცი ხმას, უნდა, რომ „ოცნებამ“ გაიმარჯვოს, როგორ გითხრა სხვანაირად? ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამ“, – გაღიზიანდა ჟუჟუნა მოსიძე.
ჟუჟუნა მოსიძე
„ეს ხომ საბიუჯეტო რესურსების გამოყენებაა?“ – ვეკითხებით „ოცნების“ კოორდინატორს.
„არანაირ რესურსს არ ვიყენებ არავის, არანაირად,“ – გაბრაზდა „ოცნების“ კოორდინატორი, თუმცა ამ დროს საუბარში ქოხში დარჩენილი მეზობლის კაცი ჩაერთო:
„ახლა იმას ხომ ვერ იტყვით, რომ „ოცნებას“ ხმას არ მივცემო, ბინა მოგცეს“, – კოორდინატორს მიმართა მეზობელმა და მიგვითითა, აგერ, მარტოხელა ქალის ქოხი ნახეთ, ამას თუ არ ეკუთვნოდა ბინა, სხვებმა როგორ მიიღესო.
„როგორ გეკადრებათ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მაქვს და ამიტომ მივიღე ბინა, როდის იყო, რომ „ოცნების“ კოორდინატორებს ბინას აძლევდნენ?“ – მეზობელს მიაძახა ჟუჟუნა მოსიძემ და ჩვენთან დამშვიდობება გადაწყვიტა.
თინა სურმანიძე
„მე გულის ტკივილი მაქვს, რომ სხვა მარტოხელებს მისცეს ბინა და მე არ მომცეს. არ ვიცი, სხვა ოჯახები როგორ შეარჩიეს,“ – გვითხრა თინა სურმანიძემ. ის და ქოხებში მცხოვრები სხვა ადამიანები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გასასვლელად ისინიც წაიყვანეს იუსტიციაში, ან უახლოეს დღეებში წავლენ, როცა სამარშრუტო მიკროავტობუსებს „ოცნების“ კოორდინატორები ისევ მოიყვანენ.
„ვისაც საშუალება ჰქონდა და ქვის სახლის ჰქონდა, შეიძლებოდა ისევ იმის დატოვება ცოტა ხანი. ვინც მართლა ჭაობში ცხოვრობს და არ ჰქონდა შესაძლებლობა, ის უნდა გადაეყვანათ. ბევრი ისეთი შეიყვანეს, საერთოდ არ უცხოვრია აქ“, – კონკრეტულ ოჯახებს ვერ გვისახელებს, თუმცა ახალ კორპუსებში ბინების უსამართლო გადანაწილებაზე მიუთითებს ნუგზარ ქამაშიძე.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის აშენდება ახალი კორპუსები „ოცნების დასახლებაში“.
„ოცნების ქალაქი“ – 2024 წლის 4 სექტემბერი
იმის გამო, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ბინა მიიღეთ, გრძნობთ ვალდებულებას ვინმესთან? – ერთი და იგივე შეკითხვა „ბათუმელებმა“ ახალ კორპუსში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს დაუსვა. გამოკითხულების სრულმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი ვალდებულებას „ქართულ ოცნებასთან“ გრძნობენ.
„გეთანხმებით, რომ ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთდა, მაგრამ რა ვიცი და,“ – გაღიმებას ცდილობს გურამ შაინიძე.
„სახელმწიფო მთავრობაა, გასაგებია, რომ თავისი ჯიბიდან არ ამოიღებს მილიონებს და არ გააკეთებს. რა თქმა უნდა, არის ბიუჯეტის დამსახურება, მაგრამ მთავრობამ უხელმძღვანელა ამ პროცესს,“ – კობა დიასამიძის პასუხში ჩანს, რომ როცა ხელისუფლებას სოციალური პოლიტიკა არ აქვს და ადამიანები წლობით თავშესაფარს ელიან, იზრდება ამომრჩეველზე გავლენის მოხდების მცდელობის რისკი.
განსხვავებული პოზიციაც მოვისმინეთ: მაგალითად, ლევან ალიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ კორპუსების აშენების გამო ანგარიშვალდებულებას ხელისუფლების მიმართ არ უნდა გრძნობდეს:
„არჩევნები რომ ვერ მოიგოს „ოცნებამ“, გაგვაგდებენ ამ სახლებიდან და გაგვასახლებენ? რაკი შემოგვასახლეს, კაციშვილი არ გაგვასახლებს, ჩვენ ჩვენი არჩევანი გვაქვს და შეგვიძლია ნებისმიერი ციფრი შემოვხაზოთ,“ – აღნიშნა ლევან ალიბეგაშვილმა „ბათუმელებთან“.
მოსაძიებელია დოკუმენტაცია ამ უწყებებიდან, თუმცა რა ინფორმაციაც გვაქვს, ჩანს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია უწევს მომსახურებას ამომრჩეველს ტრანსპორტირების სახით. ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ეს უნდა გახდეს გამოძიების ინტერესის საგანი,“ – მიიჩნევს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ირმა პავლიაშვილი „სისხლის სამართლის კოდექსის“, ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერებზე მიგვითითებს, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის [მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის], სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღებას.
ირმა პავლიაშვილი ყურადღებას ამახვილებს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევაზეც, რაც შესაბამისმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს.
„როგორც თავად მოქალაქეები ჰყვებიან, ისინი გარკვეულ ინფორმაციას კოორდინატორებს უტოვებდნენ. თუმცა მოქალაქეებმა არ იციან, რა მიზნით ამუშავებენ ამ მონაცემებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, მოქალაქემ, ვისი ინფორმაციაც მუშავდება, ზუსტად უნდა იცოდეს, რისთვის ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება, ასევე, პირმა, რომელიც ამ ინფორმაციას ამუშავებს, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პირს, ვის პერსონალურ მონაცემებსაც ამუშავებს – უთხრას, რა ვადით შეინახავს ამ მონაცემს. უნდა არსებობდეს ინფორმირებული თანხმობა,“ – განმარტავს იურისტი ირმა პავლიაშვილი.
ირმა პავლიაშვილი
რამდენად გვაქვს საქმე ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენასთან, როცა 12-წლიანი პაუზის შემდეგ საარჩევნო წელს გადასცეს ადამიანებს ბინები, ხოლო ქოხებში დარჩენილებს ისევ ახალი კორპუსების აშენებას ჰპირდებიან?
„ჩვენ არაერთ არჩევნებზე გვინახავს მსგავსი პრაქტიკა, როცა წლების განმავლობაში არ კმაყოფილდება ამომრჩევლის მოთხოვნა, როცა კონკრეტულ ჯგუფს სერვისს არ აწვდიან და უშუალოდ საარჩევნო წელს ხდება ამ სერვისის მიწოდება. ეს ემსახურება იმას, რომ ამომრჩევლის კმაყოფილება გაიზარდოს და გავლენა მოახდინონ მის ნებაზე.
„ოცნების ქალაქის“ შემთხვევაშიც ეს ადამიანები გამოხატავენ კმაყოფილებას მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ. ეს ფაქტი შესწავლის საგანია,“ – გვითხრა ირმა პავლიაშვილი.
„ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და მანიპულაცია“ – საიას შეფასება
„არანაირი პრაქტიკული ლოგიკით პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამ პროცესში ჩართულები არ უნდა იყვნენ,“ – მიიჩნევს საიას ანალიტიკოსი, ნიკა ოდიკაძე. იურისტი განმარტავს, რომ ეს მავნე პრაქტიკაა, რასაც წლებია მიმართავს სახელისუფლებო პარტია. ამას გარდა, იურისტის აზრით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხომ არ გვაქვს საქმე ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენასთან, რაც უკვე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
ნიკა ოდიკაძე
„ეს აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტებს…
შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე მანიპულაციას. კეთილი სურვილით და კარგი განზრახვის შემთხვევაში, იგივე სამოქალაქო რეესტრის მიერ მოქალაქეებისთვის მიცემული დოკუმენტაციასთან რა შეხება შეიძლება ჰქონდეთ კოორდინატორებს?
საჭირო იყო ეს პროგრამა და გადასცეს ბინები, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს შემთხვევაც აჩვენებს, რომ მოშლილია ზღვარი სახელმწიფოს და პარტიას შორის, როცა უსახლკარო ადამიანებმა ბინების გადაცემა აღიქვეს, როგორც მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და არა სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიუჯეტის ხარჯზე,“ – უთხრა ნიკა ოდიკაძემ „ბათუმელებს“.
„სახელმწიფოს ნაბიჯად კი არა, კონკრეტული პარტიის კეთილ ნებად აღიქმება“ – უფლებადამცველი
უფლებადამცველი და უსახლკარობის საკითხებზე მომუშავე იურისტი, მარიამ ჯანიაშვილი „სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან“, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლებას უსახლკარობის საკითხზე სტრატეგიული დოკუმენტი, შესაბამისი კანონმდებლობა და ჩარჩო დოკუმენტი საერთოდ არ აქვს. ამ დროს კი, იზრდება მოწყვლად ჯგუფებზე წინასაარჩევნოდ გავლენის რისკი.
„მმართველი პარტია სიღარიბეს და სოციალურ მოწყვლადობას წინასაარჩევნოდ იყენებს, როგორც ინსტრუმენტალიზების და მანიპულაციის საშუალებას,“ – გვიყვება მარიამ ჯანიაშვილი. – „როცა ვსაუბრობთ „ოცნების ქალაქზე“, ცხადია, ამ ადამიანების მოთხოვნა წლების წინ უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ ისინი წლებია უშედეგოდ ითხოვდნენ ღირსეულ საცხოვრისს.
ამ მოთხოვნას საარჩევნო წელს ნაწილობრივ აკმაყოფილებენ, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებული პროგრამა და არ შეიძლება იგი მიეწეროს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ არ ვიცით ზუსტი წილი, ადამიანების რა რაოდენობა მიიჩნევს ახალი კორპუსების აშენებას „ქართული ოცნების“ დამსახურებად, მაგრამ ლოგიკურია, რომ ამ ვითარებაში ადამიანები მსგავს ინიციატივას აღიქვამენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კეთილ ნებად და არა საკუთარ უფლებად, რომ იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრისში. თითქოს ეს არის სახელმწიფოს საჩუქარი მოწყვლადი ჯგუფებისთვის და არა უფლება,“ – გვითხრა მარიამ ჯანიაშვილმა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორმა, მკვლევარ-იურისტმა.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონმდებლობასა და განმარტებით ბარათებშიც სახელმწიფო ჯერ კიდევ უსახლკარობის პრობლემის მოგვარებას არ უყურებს, როგორც უფლებას.
„უფრო საუბარია იმაზე, რომ ჩემი კეთილი ნებით, თითქოს ჩემი ჯიბიდან უნდა დაგეხმარო შენ, მოქალაქეს. ლოგიკურია, რომ ამ დამოკიდებულების დროს ადამიანებს უჩნდებათ ბენეფიტის დაკარგვის შიში… როცა, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობ და ბუნდოვანია შენი მომავალი, მოლოდინის რეჟიმში ხარ. ქვეყანაში არ არსებობს ჩარჩო, რომლის მიხედვითაც იქნება შემუშავებული შესაბამისი კანონმდებლობა და არა ის, რომ აი, როცა მომინდება, მაშინ შეიძლება გავაკეთო კონკრეტული პროგრამა,“ – აღნიშნა მარიამ ჯანიაშვილმა.
მარიამ ჯანიაშვილი
უფლებადამცველი კარგად იცნობს უსახლკარობის პრობლემის კუთხით ევროპულ გამოცდილებას. დასავლეთის ქვეყნების აქცენტია, მაგალითად, ადამიანის არათუ საცხოვრისით უზრუნველყოფა, არამედ მისი ადეკვატური მხარდაჭერა საცხოვრისს მიღმა.
ასევე, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უსახლკარო ადამიანებს ბინებს გადასცემენ არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობაში, ვიდრე ის გაძლიერდება და საცხოვრისით სარგებლობა სჭირდება.
„ჩვენთან, ერთი მუნიციპალიტეტის დონეზეც კი, განსხვავებული მიდგომაა: მაგალითად, „ოცნების ქალაქში“ ბინებს საკუთრებაში გადასცემენ, იმავე ბათუმში კი, შვეიცარიის სააგენტოს მიერ აშენებულ კორპუსში გრძელვადიან სარგებლობაშია გადაცემული ბინები. მიდგომები ნაციონალურ და ლოკალურ დონეც არ არის ნათელი და განჭვრეტადი.
ეს საკითხი ბედის ანაბარადაა მიტოვებული და პერიოდულად, ამგვარი ინიციატივებით, გარკვეულ ძვრებს ვხედავთ, რაც ამ მოცემულობაში, რაც ახლა „ოცნების ქალაქში“ არის, კონკრეტულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
ჩარჩო დოკუმენტში გაიწერებოდა მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები, რა პროგრამები და ინიციატივებს შეიძლება ველოდოთ. ეს ბუნდოვანება ისევ სიღარიბეში მყოფი, მოწყვლადი ჯგუფების ინსტრუმენტალიზების საფრთხეს ქმნის,“ – უთხრა მარიამ ჯანიაშვილმა „ბათუმელებს“.
————————-
მასალა მომზადებულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან” თანამშრომლობის ფარგლებში.
ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KIU), დღეს, 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა უნდა არსებობდეს.
„ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით“- განაცხადა კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა ივანიშვილს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსების გამო და თქვა, რომ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ისე უნდა გაფართოვდეს, რომ 2028 წლის თავზე, 30 ათასამდე სტუდენტის მიღება შეძლოს. „ამ გეგმის განხორციელებას კი მთლიანად ივანიშვილის მიერ დაფინანსდება“- თქვა კობახიძემ.
კობახიძის აზრით, საქართველოში მხოლოდ 2 „განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა“ უნდა არსებობდეს.
რატომ მხოლოდ თსუ და KIU და არა ვთქვათ სხვა უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ასევე შეიძლება იყვნენ კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სივრცეში?
ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, იმ უნივერსიტეტების შევიწროებას აპირებს, საიდანაც კრიტიკული ხმა ისმის?
კობახიძის განცხადების შეფასება ვთხოვეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მანანა რატიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა განათლების სამინისტროში, ახლა კი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.
მანანა რატიანის აზრით, მსგავსი განცხადებებით„ოცნება“ ცდილობს ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩენილ სასწავლებლებზე ზეწოლა ამ ფორმით განახორციელოს.
„გარკვეული უნივერსიტეტები კონტროლს მიღმა დარჩათ, ამიტომ ეს განცხადება მათზე კონტროლის მოპოვების აშკარა მცდელობაა. დამორჩილების მექანიზმი კი უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირება და სანდო, პოლიტიზებული კადრებით მართვაა.
თუმცა მკაცრი ბერკეტები ვერც პროფესურასთან და ვერც სტუდენტებთან ვერ იმუშავებს.
KIU-შიც კი რექტორი, რომელმაც არ აღკვეთა რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტი, გაუშვეს თანამდებობიდან. თსუ-ს რექტორი კი თვალს ხუჭავს უნივერსიტეტის სტუდენტებზე ძალადობაზე, აქ კონტროლდება თანამშრომლების პირადი სოციალური ქსელები, გამოთქმული მოსაზრებები.
რა თქმა უნდა, ორი უნივერსიტეტის შემთხვევაში მკაცრად ვერტიკალური იქნება მართვა.
სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს პროცედურულად არჩევნები ახლო მომავალში არ უწევთ“ – ამბობს მანანა რატიანი.
მისი თქმით, მსგავსი იდეების განხილვების გარეშე განხორციელება ბევრად გაუადვილდებათ ავტოკრატიულ ქვეყანაში, რომლისკენაც ჩქარი ნაბიჯით მიდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
მანანა რატიანის თქმით, „ქართული ოცნება“ კრიტიკულად განწყობილი უნივერსიტეტების წინააღმდეგ, ვერც ხარისხის მართვის არგუმენტს გამოიყენებს, რადგან ამისთვის არსებობს უნივერსიტეტების აკრედიტაცია.
„ხარისხის მართვის მოშველიება უსუსური არგუმენტია. თუმცა არსებობს აკრედიტაცია, რომლის ბერკეტების უკეთ გამოყენება შეიძლება.
რეგიონებში სახელმწიფო უმაღლესების გაუქმება განათლებაზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს, ასევე რეგიონებში არ იქნება საგანმანათლებლო ცენტები, საუნივერსიტეტო ქალაქები, რაც დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ გალაშქრებაა.
არადემოკრატიული პროცედურებით თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების აღზრდა გაჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი აბსურდია“- მიიჩნევს მანანა რატიანი.
რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება ფაქტობრივად ზღუდავს უცხოური დაფინანსების მოპოვებას ნებისმიერ სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში.
აღნიშნული კანონის მიღებას საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით აპროტესტებდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მაინც მიიღო.
შესაბამისად, ხელისუფლება, ერთის მხრივ, არ აძლევს სამოქალაქო, საგანმანათლებლო სექტორს ამ კანონით შესაძლებლობას, რომ მოიძიონ დონორების მხარდაჭერა თუ საკუთარ თავს „უცხოური ძალების ინტერესების გამტარს“ არ უწოდებენ, მეორეს მხრივ კი უმაღლესი სასწავლებლების სეგრეგაციას ახდენს.
რას მოუტანს ეს ყველაფერი დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს? – ვკითხეთ მანანა რატიანს.
მისი შეფასებით, საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტი ძალიან მწირია, მსგავსი პოლიტიკა კი მათ კიდევ უფრო დაასუსტებს.
„ფინანსურად ისედაც მძიმე მდგომარეობაში არიან უნივერსიტეტები, მწირია რუსთაველის ფონდის დაფინანსებაც.
აშშ-ს, ევროკავშირის პროექტების შემცირება კი შეზღუდავს უნივერსიტეტის შესაძლებლობებს. სახელმწიფოს მხრიდან არსებული დაფინანსება ისედაც დრომოჭმულია, წლების წინანდელი ფორმულაა და სტუდენტზე გამოყოფილი 2250 ლარი კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად – პროფესორების ანაზღაურებაც.
ამიტომ, კობახიძის ეს განცხადება ნიშნავს აკადემიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ღიად გალაშქრებას.
ასეთი „რეფორმები“ უზნაძის 52-ში არ უნდა იწერებოდეს, ქვეყანას ჰყავს პროფესიონალები, რომლებიც განხილვებში ჩართულები უნდა იყვნენ.
მსგავსი ცენტრალიზაციისკენ მიმართული რეფორმები ავტოკრატიული მმართველობის კიდევ ერთი ნიშანია. მჯერა, რომ ამ იდეას განხორციელება არ უწერია“- ამბობს მანანა რატიანი.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით მხოლოდ თავს იზიანებს და რეიტინგს იმცირებს ხელისუფლება.
ბათუმში რამდენიმე საბავშვო ბაღი ერთდროულად რემონტდება. „ბათუმელებმა“ ბათუმის ბაღების გაერთიანებას ჰკითხა, თუ რამდენი ბავშვია რეგისტრირებული ამ ბაღებში და სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ, შეძლეს თუ არა ამ ბავშვებისთვის ალტერნატიული ბაღების შეთავაზება?
თუმცა ბაღების გაერთიანებაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს და გვითხრეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა.
ამ საკითხზე დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაისვა კითხვები „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან.
„ამ ქალაქში პრობლემა იყო ყოველთვის საბავშვო ბაღებში ბავშვების დარეგისტრირება. ახლა კი ერთდროულად ათ საბავშვო ბაღში დაიწყეთ რეაბილიტაცია და კიდევ უფრო გაართულეთ ეს საკითხი.
რატომ გაგახსენდათ ყველაფრის ერთდროული რეაბილიტაცია 12 წლის შემდეგ და რატომ აქციეთ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად?“-იკითხა საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიამ „ლელოდან“.
სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზურაბ ნაკაიძემ კითხვას ასე უპასუხა:
„ბაღების რემონტი დაგეგმილია დიდი ხანია. ათი ბაღიდან რამდენიმე კეთდება გრანტით, გრანტს ვერ აკონტროლებ, როდის მოიგებ, ეს არის დასავლეთის პარტნიორობით განსაზღვრული თემა, რომელიც დაემთხვა (არჩევნებს) და ამიტომ გამოვიდა ამდენი ბაღის რეაბილიტაცია ერთად“.
მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ აშენებენ 3 ბაღს და ერთი გამაგრება მიმდინარეობს. აქ ბაღებში მიმდინარე რემონტზე ინფორმაცია არ აქვთ.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიური მუზეუმი დაკეტილია. „აჭარის მუზეუმის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რადგან მუზეუმის სარდაფში ხშირად წყალი დგებოდა, ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს.
მუზეუმის დაკეტვის მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც შენობა ავარიულია.
მუზეუმი მნახველებს მესამე თვეა აღარ იღებს, თანამშრომლებმა მუშაობა სხვა მუზეუმებში განაგრძეს, თუმცა უნიკალური ნივთები მუზეუმში რჩება. „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი, თეონა ზოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, კვლევა უნდა ჩატარდეს, რომლის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, შენობის რესტავრაციამდე საჭიროა თუ არა ნივთების გადატანაც.
თუ მუზეუმის შენობა ავარიულია, რატომ არ გადაიტანეს უნიკალური ნივთები უსაფრთხო ადგილზე?
„ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სასურველია ჩატარდეს კვლევა. ველოდებით კვლევის დაწყებას. კომისია შექმნილია და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს არ არის ერთი და ორი ნივთი.
თანამშრომლები გადანაწილებული არიან უკვე სხვადასხვა მუზეუმში და აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას… ჯერ-ჯერობით საძირკვლის გამაგრებაზეა საუბარი, პროცესშია ეს ყველაფერი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ გადატანა მოხდეს. ჩვენ არსად გვიწერია, რომ ნივთების გადატანა აუცილებელია,“ – ამბობს თეონა ზოიძე, „აჭარის მუზეუმის“ ხელმძღვანელი.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის გამაგრება-რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოების და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი 2024 წლის 23 აგვისტოს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 330 ათასი ლარია. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს Georgianhouse – მა მიიღო. ის ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას 250 ათას ლარად აპირებს, თუმცა სატენდერო კომისიის 5 სექტემბრის სხდომის მიხედვით, ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება „სრულად არ შეესაბამება მოთხოვნებს და საჭიროებს დაზუსტებას“.
კომისიის ხელმძღვანელის, თეონა ზოიძის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია როდის დაიწყება კვლევითი სამუშაოები არქეოლოგიურ მუზეუმში.
კვლევითი სამუშაოები ორეტაპიანია და უნდა მოხდეს: საინჟინრო-გეოლოგიური (მათ შორის ჰიდროლოგიური) გამოკვლევა; შენობის დეტალური ტექნიკური გამოკვლევა და რეკომენდაციების შემუშავება და შენობის არქიტექტურულ-ისტორიული კვლევა.
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა პროექტის შემდეგ ნაწილებზე: არქიტექტურა; კონსტრუქციები; საინჟინრო-გეოლოგია.
მე-2 ეტაპი ითვალისწინებს კვლევის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
სწორედ ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, კრემლის პროპაგანდისტულ მედია rbc-სთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის რეპრესიული კანონების პოლიტიკას იწონებს და ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დაწესება ქართველ ხალხს არ აწყობს.
„ქართველი ხალხი, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვაფასებ მათ [და საქართველო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრი იყო საბჭოთა კავშირის – ჩვენი საერთო სამშობლოს დროს], გულდასმით იცავს თავის ისტორიას. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის დაიმსახურა მან საყვედურები დასავლეთის ქვეყნებისგან“, – ამბობს ის.
ლავროვმა საქართველოში რეპრესიული კანონების მიღებისა და პოლიტიკური კურსის ცვლის შეფასებისას, ჟურნალისტის კითხვა ჩაასწორა და დააზუსტა, რომ საქართველოს კანონს ჰქვია არა კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, არამედ „კანონი გარე დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“. შემდეგ კი მოიტყუა, რომ ეს კანონი არ გულისხმობს პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის რაიმე სტატუსის მინიჭებას და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული ფინანსების ჩვენებას ითხოვს. რეალურად კი, ეს კანონი ორგანიზაციებს აიძულებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირდნენ.
„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგება, რომ ქართველ ხალხს აქვს იგივე მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც გაიდღაბნება, წაიშლება და გაითელება დასავლეთის მიერ ყველასთვის თავსმოხვეული „წესებით“. უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის, ან თუ გირჩევნიათ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ…“
ლავროვმა ტრადიციულად გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ სწორედ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, რუსული ბაზების გაყვანის შემდეგ, საქართველომ არ შექმნა ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრი, რითაც ქვეყანამ დაკარგა „საკმაოდ კარგი შესაძლებლობა კეთილად დაგვეხურა ეს თემა, ოღონდ მეგობრული თანამშრომლობის შენარჩუნებით ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში“.
„მათ იქ კიდევ დიდი კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტთან. სალომე ზურაბიშვილს მრავალი წელია ვიცნობ. 2004 წლის შემდეგ, როცა ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, იგი მიწვეულ იქნა [პრეზიდენტ მიხეილ] სააკაშვილის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. სწორედ მასთან 2005 წელს გავაფორმეთ შეთანხმებები დარჩენილი ორი რუსული ბაზის გაყვანაზე. უფრო მეტიც, ამ ხელშეკრულებებში შეთანხმებული იყო, რომ ბათუმის ბაზაზე შეიქმნებოდა ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ასეული ადამიანისგან, მათგან 90% ქართველი სამხედრო და ძალოვნები იქნებოდა, დანარჩენი რუსეთის წარმომადგენლები;
ჩემი აზრით, იყო საკმაოდ კარგი შესაძლებლობა კეთილად დაგვეხურა ეს თემა, ოღონდ მეგობრული თანამშრომლობის შენარჩუნებით ძალიან მნიშვნელოვან სფეროში – ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც მაშინ აქტიურად იჩენდა თავს.
ჩვენ ყველაფერი კეთილსინდისიერად შევასრულეთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, ხოლო სააკაშვილის მთავრობამ არ შეასრულა ჩვენთან შეთანხმებები, არანაირი ანტიტერორისტული ცენტრი არ შექმნილა…“ – თქვა ლავროვმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების თანახმად, ხვალ, 7 სექტემბერს, ბათუმში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი, ღამით კი იწვიმებს.
კვირას, 8 სექტემბერს, ბათუმში კვლავ გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურა იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 18 – 22 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით,ორშაბათს, 9 სექტემბერს, ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებს შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები გააცნო. მან ასევე პარტიების რეგისტრაციის პროცესის შესახებ მიმდინარე მდგომარეობაზე და პარტიული სიების წარდგენის საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ამავდროულად ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების არსებობას და დაკვირვებას, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. გიორგი კალანდარიშვილმა მათ გააცნო ამ მიმართულებით არსებული სიახლეები. ამასთან, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა და მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.
ამასთანავე, შეხვედრაზე ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევების შესახებ, მათ შორის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე.
აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. დელეგაცია საქართველოში რონდელის ფონდის ხელშეწყობით იმყოფება. მათი ვიზიტის მიზანია გაეცნონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. დელეგაცია შეხვედრებს მართავს ოფიციალურ პირებთან, პოლიტიკურ პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან.
შეხვედრა შავი ზღვის ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/გერმანიის მარშალის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ხელშეწყობით გაიმართა.
ბათუმში, ასევე ბათუმიდან მუნიციპალური მიკროავტობუსები რამდენიმე მიმართულებით მოძრაობს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მარშრუტებზე მიკროავტობუსების გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
მიკროავტობუსები მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი.
„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ამ დროისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით გახსნილი სამარშრუტო ხაზების მარშრუტის ნომერი, მიმართულება და ტარიფები გამოაქვეყნა:
კირნათის ადმინისტრაციული ერთეული
N400 – მეტროს ავტოსადგური-კირნათი (შუშანეთი) – 1.00 ლ
N 401 – მეტროს ავტოსადგური-მარადიდი – 1.00 ლ
N 402 – მეტროს ავტოსადგური-სოფელი შუშანეთი (კირნათი) – 1.00 ლ
მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეული
N403 – მეტროს ავტოსადგური-სოფელი ზედა ჩხუტუნეთი – 1.60 ლ
N404 – მეტროს ავტოსადგური-სოფელი ჩიქუნეთი – 1.60 ლ
აჭარისწყლის ადმინისტრაციული ერთეული
N406 – მეტროს ავტოსადგური-კიბე – 1.00 ლ
N408 – მეტროს ავტოსადგური-ევგენიძეები – 1.00 ლ
შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეული
N409 – მეტროს ავტოსადგური-ზედა ერგე (ეკალაური)–1.00 ლ
N410 – მეტროს ავტოსადგური-ზემო ჯოჭო – 1.00 ლ
N411 – მეტროს ავტოსადგური-ქვედა ჯოჭო – 1.00 ლ
N412 – მეტროს ავტოსადგური-ვარშალომიძეები – 0.70 ლ
N413 – მეტროს ავტოსადგური-ზანაქიძეები – 0.70 ლ
N414 – მეტროს ავტოსადგური-ზედა შარაბიძეები – 0.70 ლ
თხილნარის ადმინისტრაციული ერთეული
N416 – მეტროს ავტოსადგური-ზედა თხილნარი – 1.00 ლ
N417 – მეტროს ავტოსადგური-თხილნარის მეურნეობა – 1.00 ლ
N418 – მეტროს ავტოსადგური-სიმონეთი – 1.00 ლ
ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეული
N420 – მეტროს ავტოსადგური-ჭარნალი 0.60 ლარი
N422 – მეტროს ავტოსადგური-ჭარნალი (საგინაძეების დასახლება) – 1.00 ლარი
N423 – მეტროს ავტოსადგური-ახალსოფელი (ტეტემაძეების დასახლება) – 1.00 ლარი
უშუალოდ ბათუმის ტერიტორიაზე N20 – ბათუმი-გონიოს / ახალ ხაზზე მიკროავტობუსები შემდეგი მარშრუტით მოძრაობენ: თბილისის მოედანი-ჭავჭავაძის ქუჩა-აბუსერიძის ქუჩა-აეროპორტის გზატკეცილი-აფსაროსის ქუჩა-კანანელის ქუჩა [გონიო]. უკუმიმართულება იგივე.
ბათუმი-გონიოს ხაზზე მგზავრობის სტანდარტული ტარიფი 50 თეთრია და ძალაში რჩება ყველა ის საშეღავათო პროგრამა, რომლებიც მუნიციპალურ ავტობუსებში მოქმედებს. თუმცა, არცერთი მიკროავტობუსი არ არის ადაპტირებული.
100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის – ავტობუსების შემოტანა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.
„განახლებული ავტოპარკის პირობებში, იხსნება 5 ქალაქის და 46 საგარეუბნო მარშრუტი, რომლებიც ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.“ – განაცხადეს მიკროავტობუსების პრეზენტაციაზე. მოქალაქეები კი არაერთი ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზისა თუ არსებულ ხაზებზე ტრანსპორტის დამატებას ითხოვენ.
100 მიკროავტობუსიდან ზემოთ აღნიშნულ ხაზებზე ამ დროისთვის დაახლოებით 50 მოძრაობს. ახალი ხაზები, მათ შორის, უშუალოდ ბათუმის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაემატება.
ბათუმს 25 ახალი M3 კატეგორიის EURO 5-ის სტანდარტის 12-მეტრიანი ავტობუსებიც დაემატება.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ თურქულ კომპანიასთან – otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi, რომელიც ერთი ავტობუსის მიწოდებას 673 191 ლარად სთავაზობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი კომპანია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს.
კერძოდ, „გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ ბათუმის მერიამ შპს „ახალ ბულვარს” 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი.
„კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე უკანონოდ აგრძელებს.
შპს „ახალი ბულვარის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი, ალექსანდრე ბაღათურია პოლიტიკური შემწირველია – 2016 წლიდან დღემდე მან „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს 253,000 ლარი შესწირა (მათ შორის 15,000 ლარი – მიმდინარე წლის 6 აგვისტოს).
მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა კომპანიას 2023 წლის 1-ელ სექტემბერს ამოეწურა, თუმცა კარტინგის კლუბი დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. უფრო მეტიც, შპს „ახალი ბულვარი“ 2024 წლის 25 მარტამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უზუფრუქტის წესით მოსარგებლედ იყო რეგისტრირებული და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ დაიწყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურები მოცემული ჩანაწერის გასაუქმებლად.
საჯარო წყაროებით ვერ მოვიძიეთ ამ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ავტოდრომის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2023 წლის 1-ელი სექტემბრის შემდეგ. 2024 წლის 23 თებერვალს მივმართეთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის 11 მარტს გვაცნობა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარგებლობის უფლების ვადა 2023 წლის 1-ელ სექტემბერს ამოიწურა და მიმდინარე წლის 11 მარტის მდგომარეობით ის სარგებლობაში არ არის გაცემული. ამ პასუხმა დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ პოლიტიკური შემწირველის კომპანია უკანონოდ სარგებლობს მუნიციპალური ქონებით“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, მიიღონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 622 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
ტანკი – 8 631 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 16 878 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 17 745 ერთეული [+20]
MLRS – 1 178 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 941 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 732 ერთეული [+74]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 587 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 116 ერთეული [+72]
სპეცტექნიკა – 3 037 ერთეული [+13]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 068 უპილოტო საფრენი აპარატი
578 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 947 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 446 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 158 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 735 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„დავით გარეჯი საქართველოა“ – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი ეს იყო. მაშინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯის ისტორიული მონასტერი აზერბაიჯანს გადასცა. არჩევნებამდე რამდენიმე დღის ადრე ამ საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს…
თუმცა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას ამ განცხადებებიდან 4 წლის თავზეც არ აქვს დადასტურებული: გადასცა თუ არა მართლაც ვინმემ საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანს.
სამაგიეროდ „ქართული ოცნება“ და პროსახელისუფლებო მედია დავით გარეჯს საპარლამენტო არჩევნების ჩავლის შემდეგ საერთოდ აღარ ახსენებს.
რატომ ვერ გაირკვა დავით გარეჯის საკითხი აზერბაიჯანთან, ან სცადა საერთოდ ამ საკითხის გარკვევა, მაგალითად, პრემიერმა კობახიძემ, როცა იგი აზერბაიჯანში ჩავიდა, ან როცა ილჰამ ალიევი თბილისში ჩამოვიდა?
ფაქტი ერთია, რომ არჩევნების შემდეგ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთზე, არჩევნების ჩავლის შემდეგ, არაფერი გარკვეულა. არც „კარტოგრაფების საქმის“ განხილვა დაუსრულებია თბილისის საქალაქო სასამართლოს. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. სასამართლო ვადა კი, ამ საქმეზეც დარღვეულია იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების წინ გვეუბნებოდა, ეს საქმე განსაკუთრებული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისააო.
რა ჩანს იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯი ამ არჩევნებზე აღარ ახსოვს? – „ბათუმელები“ ივერი მელაშვილს ესაუბრა, „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთ ბრალდებულს.
ბატონო ივერი, წინა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ საერთოდ აღარ ახსენებს დავით გარეჯს. მაშინ „ოცნების“ და პროსახელისუფლებო მედიის მთავარი გზავნილი იყო: „დავით გარეჯი საქართველოა“. რა გაირკვა ამ საქმეზე 4 წლის შემდეგ?
„კარტოგრაფების საქმეა“ ეს უფრო, რადგან დავით გარეჯის მონაკვეთი საერთოდ არ ფიგურირებს ჩვენს საქმეში. დავით გარეჯის ხსენება იყო მხოლოდ ტყუილი და პროპაგანდა. დავით გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია ახლაც და არაფერი შეცვლილა.
მე და ნატალიას გვედავებოდნენ, რომ თითქოსდა რაღაც რუკა აღმოაჩინეს და ამ რუკების შედარების შედეგად დაახლოებით 35 კვადრატულ კილომეტრს საქართველოს კარგავდა… ეს არის აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდება.
უშუალოდ სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთთან დაკავშირებით არაფერი გარკვეულა?
ახლაც არ არის შეთანხმებული ეს მონაკვეთი. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ამ საკითხზე საერთოდ ძვრა არ ყოფილა.
პირიქით, ამგვარი კამპანიით გააღიზიანეს ჩვენი მოსაზღვრე, პარტნიორი ქვეყანა – აზერბაიჯანი. ამას მოჰყვა ის, რომ თუ მანამდე ჩვენი მომლოცველები და ტურისტები ჩვეულებრივად გადადიოდნენ ქედს გადაღმა და კელიებშიც შედიოდნენ, ახლა კელიებამდე კი არა, ქედამდეც აღარ უშვებენ.
თუ გაქვთ ინფორმაცია: ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას მცდელობა, რომ ამ საკითხზე ესაუბრა აზერბაიჯანთან?
ამის შესახებ მე არაფერი გამიგია. მედიაში ვნახე, რომ საქართველოს პრემიერი იყო ჩასული აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევიც იყო აქ ჩამოსული, თუმცა შედეგობრივად ფაქტია, რომ არაფერი შეცვლილა.
ის მინდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, ამ დილეტანტური და უტვინო, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციით, წარმოუდგენელია, მიაღწიოს ხელისუფლებამ რამე შედეგს. ხომ ბევრი იძახეს, აი, რუკა აღმოვაჩინეთ და რაღაც – აბსოლუტურად შედეგი ნულია. ლოგიკურიცაა, რომ ასე ვერც იქნება შედეგი მიღწეული, როცა ამწვავებ მდგომარეობას და შენს პარტნიორს ბრალს სდებ.
ერთია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს საკითხი დასჭირდა ქვეყნის შიგნით, წინასაარჩევნოდ: აი, როგორი ბიჭები ვართ, აღმოვაჩინეთ ის, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიები დათმო, რაც მტკნარი ტყუილია და მეორეა ის, რომ პარტნიორთან სიტუაციას აფუჭებ.
2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაგაკავეს ნატალია ილიჩოვასთან ერთად. მაშინ ხელისუფლება ამბობდა, რომ განსაკუთრებული იყო ეს საქმე და გამოძიებაც დაჩქარებული პროცედურით მოქმედებდა. რა გაარკვია სასამართლომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 4 წლის თავზე?
სასამართლოში საქმის ასე გაჭიანურებაც მოწმობს იმას, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილად წამოწყებული საქმე იყო. თუ ვინმეს უნდოდა ამ საკითხის გარკვევა, მათ შორის, ამ რუკასთან დაკავშირებით, ამ საქმის განხილვას 4 წელი რაში სჭირდებოდა?
რუკა თითქოს აღმოაჩინეს, თორემ ჩვენთვის ეს ახალი არ იყო. დავუშვათ, რუკა აღმოაჩინეს. მას უნდა ჩაუტარო ანალიზი, ანალიზის საფუძველზე კი, უნდა გამოიტანო დასკვნები და მიიღო გადაწყვეტილებები.
ეს რუკა ჩვენთან 2014-2015 წლებშიც განიხილეს. მაშინ ავხსენით ეს ყველაფერი და შეწყვიტეს ეს თემა, თუმცა წინასაარჩევნოდ წამოწიეს ისევ, რომ მოეტყუებინათ საზოგადოება – ფართო მასებმა ხომ არ იციან, რა ხდება ამ რუკაზე? უთხრეს, რომ აი, რუკა აღმოვაჩინეთ და ეს ტერიტორიები ჩვენია.
გამოჰკითხეს მოწმეები სასამართლოში, რა ხდება პროცესებზე?
ძალიან ბევრი ისეთი მოწმეა საქმეში, ვინც საერთოდ არაა საქმის კურსში. ზოგი კორიდორში დაიჭირეს ალბათ, ან ქუჩაში მოკიდეს ხელი და უთხრეს, წამოდი, მოწმე იქნებიო. მე მრცხვენია მათ ნაცვლად, როცა ვუსმენ. უმეტესობას საერთოდ არ აქვს შემხებლობა საქმესთან.
ზოგიერთი მოწმე კი, სპეციალურად ჰყავს მოყვანილი პროკურატურას, მაგალითად, ჯონდი ბაღათურია, რომელიც მოვიდა და თქვა, ნამდვილად ვიცი, ჩემმა ინფორმატორმა მომიტანა ამბავი, სააკაშვილმა აზერბაიჯანს გადასცა ეს ტერიტორია და დავით გარეჯის მონაკვეთზე ამბობს ამას. შემდეგ მას ჩემმა ადვოკატმა უთხრა, იცით, რომ საერთოდ შეუთანხმებელია ეს ტერიტორიაო და დააღო პირი.
4 წელი გავიდა უკვე და მოწმეებიც ვერ გამოჰკითხეს ჯერ. ბოდიშის მოხდაც არ უნდათ: ადამიანს ეხები, ასეთ ბრალს სდებ. ხომ შეიძლება თქვა, რომ აი, შეგვეშალა? ამასაც არ ამბობენ.
თქვენი დაკვირვებით, დღეს რატომ არ ახსენებს დავით გარეჯს საერთოდ „ქართული ოცნება“? ის გვპირდება ავტოკრატიას, მაგალითად, ოპოზიციის გაუქმებას…
ადრე რასაც ატყუებდნენ ხალხს, იგივე გზავნილებით ვეღარ მოატყუებენ, ხვდებიან, რომ ეს დამაჯერებელი არ არის და პირიქით, მათ წინააღმდეგ იმუშავებს.
სხვათა შორის, იმ 2020 წლის არჩევნებზეც „კარტოგრაფების საქმემ“ უფრო „ოცნების“ საწინააღმდეგოდ იმუშავა, ვიდრე სასიკეთოდ. ტყუილით და პროპაგანდით ვიღაც-ვიღაცები დააჯერეს, მაგრამ ვინც ოდნავ მოაზროვნე ადამიანი იყო, მაშინვე გაშიფრა და თქვა: ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი.
თუმცა იმ პერიოდში თქვენ თავს დაგესხნენ კიდეც. ესეც ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული?
არიან ადამიანები, რომლებსაც „ოცნების“ ჯერ კიდევ სჯერათ… დაავალებენ, რომ მიდი, ამას ეს წამოაძახე.
ახლა, როცა ივანიშვილი აანონსებს ოპოზიციის გაუქმებს და ესენიც იმეორებენ, ტერორისტები გამოდიან, მეტი რა უნდა თქვან? მაგათი ტყუილები უკვე მოჰბეზრდა ხალხს. ნახეს, რომ ის 100 ქარხანა არ გუგუნებს, არც სოფლებს მიეცა განვითარების საშუალება, ხალხი გარბის ქვეყნიდან და იძახიან, ეკონომიკური აღმავლობა გვაქვსო. გამოჩნდა, რომ არ არის დამაჯერებელი მათი არაფერი.
ქვეყნის გარეთ თუ შიგნით აღარ დარჩა აღარაფერი: ყველამ დაინახა ცხადად, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც რუსეთისკენ მიგვაქანებს.
ისევ კრემლის სცენარით მოქმედებენ. ხელისუფლება რომ შეინარჩუნონ, ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ არჩევნების გაყალბებაც რომ წარმოვიდგინოთ, მოსახლეობა უკვე ძალიან კატეგორიულად არის მზად, ესენი პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას.
აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამი ტენდერი გამოაცხადა ჯამში 8 907 024 ლარით. ამ სოფლებში მთავრობის გეგმა-გრაფიკის მიხედვით გაზიფიცირება შარშან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ტენდერებია გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2024 წლის 12-14 სექტემბერს დაიწყება.
შუახევის სოფელ ოქროპილაურის და ხულოს სოფელ ქვემო ვაშლოვანის გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერი 2 345 280 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 14 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 255 დღეში უნდა დასრულდეს.
ხელვაჩაურის სოფლების: მირვეთის, ქოქოლეთის, ზედა ჩხუტუნეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის გაზიფიცირების სამუშაოებზე კი ტენდერი 2 796 397 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 14 სექტემბერს დაიწყება და 19-ში დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 263 დღეში უნდა დასრულდეს.
3 765 350 ლარია გათვალისწინებული ქედის სოფლების: ჭინკაძეების, ქვედა ბზუბზუს, პირველი მაისის, ახოს და დანდალოს გაზიფიცირების სამუშაოებისთვის, სადაც ტენდერში წინადადებების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადად კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 337 დღეა განსაზღვრული.
სამივე ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადაში, ასევე, „წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა [დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს].“
ტენდერებს თან ახლავს პროექტები შესაბამისი სოფლების მიხედვით, რითაც გაზიფიცირების სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამ პროექტებით გათვალისწინებულია საშუალო წნევის გაზსადენების, დამცავი ნაგებობების და სხვა ნაგებობათა მშენებლობა.
„ტოპო-საძიებო სამუშაოების შესრულების დროს აღმოჩნდა, რომ [საკუთრების] სარეგისტრაციო წითელი ხაზები გადმოსულია ნაწილობრივ სოფლის ქუჩებში [ან ფარავს საავტომობილო გზას]. ამის გამო ახლად დაპროექტებული გაზსადენები რამდენიმე ადგილას კვეთს სარეგისტრაციო წითელ ხაზებს.
გაზსადენების პროექტირების და მშენებლობის დროს, რომ არ წამოჭრილიყო პრობლემები და არ შეფერხებულიყო გაზსადენების პროექტირებაც და მშენებლობაც, მოვახდინეთ აღნიშნულ მიწის მესაკუთრეებთან შეთანხმებები და დასტური ხელმოწერის სახით, რომ წინააღმდეგი არ არიან გაზსადენებმა გაიაროს მათ კუთვნილებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე [რომელიც გადმოსულია ამა თუ იმ სოფლის ქუჩებში]“, – აღნიშნულია პროექტებში.
პროექტების მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილია ჯამში შემდეგი სიგრძის გაზსადენების მშენებლობა:
ოქროპილაურში – 8 849 მეტრი [დაფარავს 45 კომლს, 135 მოსახლეს];
ქვემო ვაშლოვანი – 22 494 მეტრი [315 კომლი, მოსახლე – 1044]
მირვეთი – 3 073 მეტრი [25 კომლი, მოსახლე – 70]
ქოქოლეთი – 4 615 მეტრი [ 22 კომლი, მოსახლე – 50]
ზედა ჩხუტუნეთი – 15 167 მეტრი [97 კომლი, მოსახლე – 302]
ჭახათი – 17 744 მეტრი [83 კომლი, მოსახლე – 234]
ჭინკაძეები – 5 329 მეტრი [61 კომლი, მოსახლე – 202]
ქვედა ბზუბზუ – 5 974 მეტრი [63 კომლი, მოსახლე – 263]
პირველი მაისი – 12 791 მეტრი [157 კომლი, მოსახლე – 615]
ახო – 14 601 მეტრი [164 კომლი, მოსახლე – 594]
დანდალო – 10 717 მეტრი [94 კომლი, მოსახლე – 347]
საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში წინასაარჩევნო 2021 წელს გაზის მილები ქობულეთის 9 სოფელშიც შეიყვანეს, თუმცა გაზი ამ დრომდე არ ჩაურთავთ. მოსახლეობა გაზის ჩართვას 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც ელოდა, თუმცა როდის მიიღებენ ბუნებრივ არის – დღესაც უცნობია.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საჯარო სკოლის მასწავლებლებს ოფიციალურად გაგზავნილ წერილზე არ უპასუხა.
პედაგოგები კობახიძეს ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას სთხოვდნენ, თუმცა, 69 პედაგოგის ხელმოწერილი წერილი პრემიერ-მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.
წერილი მასწავლებლებმა პრემიერის სახელზე ჯერ კიდევ 18 ივლისს გააგზავნეს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი პედაგოგი, ეკატერინე წულუკიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პედაგოგები დისკრიმინაციის დადგენის მიზნით აპირებენ სახალხო დამცველსაც მიმართონ და სასამართლოშიც დაიცვან თავიანთი უფლებები.
„უნდა მივწეროთ სახალხო დამცველს, ამ ახალი სახელფასო ფორმულით, რომელი მუხლით დავზარალდით პედაგოგების გარკვეული ნაწილი და დისკრიმინაციის ფორმა, რომ იკვეთება, ეს ნათელია.
ჩვენ ასევე დავიწყეთ მომზადება და 15 სექტემბრამდე უნდა შევიტანოთ სასამართლოში სარჩელი.
ასევე, ვაპირებთ ამის შესახებ გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ ყველა მასწავლებელს, ვისაც სურვილი აქვს, შეეძლოს გახდეს მოსარჩელე, ხელი მოაწეროს სარჩელს,
ჩვენს ინტერესებს სასამართლოში დაიცავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“- ამბობს ეკატერინე წულუკიძე.
მისი თქმით, შესაძლოა სასამართლო პროცესი გაიწელოს, თუმცა, მთავარია სასამართლომ გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ საქართელოს მთავრობა მთელი გასული წლის განმავლობაში პედაგოგებს ხელფასების 500-ლარიან მატებას ჰპირდებოდა, თუმცა პირველ ივლისს, პედაგოგების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ ხელფასები კი არ გაუზარდეს, არამედ დააკლეს.
ამასთან, განათლების სამინისტრომ გააუქმა მასწავლებლის სტატუსის დანამატი და განაცხადა, რომ პედაგოგებს ხელფასი სრული დატვირთვის შემთხვევაში გაეზრდებოდათ, რამაც პედაგოგების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
საჯარო სკოლებში სრული დატვირთვა პედაგოგების მცირე რაოდენობას აქვს, ამიტომ, მასწავლებლების ნაწილი თავს მოტყუებულად მიიჩნევს და ხელისუფლებას გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს.
მოდერატორი: ლევან ტალახაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
„დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლები ისაუბრებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, მის სისტემურ მიზეზებსა და დაძლევის გზებზე.
შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოყენებული სტრატეგიების პრობლემურობასა და მათ მძიმე და გრძელვადიან პოლიტიკურ და სოციალურ შედეგებზე.
გარდა ამისა, მოვისმენთ ადგილობრივი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და აქტიური მოქალაქეების მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სირთულეებს აწყდებიან ისინი დემოკრატიისთვის ბრძოლის პროცესში და რა სჭირდებათ ყველაზე მეტად მედეგობის შესანარჩუნებლად“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქში.
ზუსტად 5 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განმწესრიგებელი სხდომა, სადაც ოთხი საკონსტიტუციო სარჩელის დასაშვებობაზე მსჯელობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე სამი დღის განმავლობაში, 29-31 აგვისტოს, უსმენდა მოსარჩელეებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგენ და სცადეს მისი დარწმუნება იმაში, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან და ანადგურებს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ოთხივე მოსარჩელე ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა რუსული კანონი. მოსარჩელეთა თქმით, ამ შემთხვევაში, გადარჩებოდა სამოქალაქო და მედიასექტორში მომუშავე ასობით ორგანიზაცია.
განხილვის დასრულებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია იმის შესახებ, რა გადაწყვიტა – მიიღო თუ არა ოთხივე სარჩელი წარმოებაში და გამოიყენებს თუ არა დროებითი შეჩერების ღონისძიებას.
იურისტების შეფასებით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება დროებით შეაჩეროს. გიორგი დავითური, რომელიც სასამართლოში 122 სამოქალაქო ორგანიზაციისა და მედიის სარჩელს წარადგენდა, ამბობს, რომ საკონსტიტუციომ დროებითი შეჩერების მექანიზმი უნდა გამოიყენოს.
„ე.წ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ სადავო ნორმები ქმნის მოსარჩელე მხარის ინტერესის შეუქცევადად დაზიანების რისკებს. ეს რისკები დაიწყო უკვე და უკვე მიაყენა ორგანიზაციებს ამ რუსულმა კანონმა ზიანი. ეს რისკები უფრო და უფრო გამწვავდება.
ჩემი შეფასებით, დღესეც, გუშინაც, გუშინწინაც და სხდომამდეც იყო შეჩერების გადაწყვეტილება მისაღები. საკონსტიტუციო სასამართლო რას ჩათვლის გამოუსწორებელ ზიანად, მე ეს არ ვიცი. ჩემი შეფასებით ეს რისკები არსებობს.
ვიმეორებ, შეჩერების საკითხის გადაწყვეტა სხდომის გარეშეც იყო შესაძლებელი. რაც უფრო დააგვიანებს საკონსტიტუციო სასამართლო, მით უფრო გამწვავდება ეს რისკები და რაღაც ეტაპზე უკვე შეიძლება შეჩერებას აზრიც აღარ ჰქონდეს, იმდენად დააზიანებს [ორგანიზაციებს]“, – ამბობს გიორგი დავითური.
რა ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად და შემდეგ მის გამოსაქვეყნებლად, ვკითხეთ გიორგი დავითურს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოებაში იმ კომპეტენციასთან მიმართებით, რა კომპეტენციის ფარგლებშიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელია შესული, ერთადერთი ვადაა დადგენილი და ეს ვადა არის 9 თვე, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციური სარჩელის განხილვისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში კანონით განსაზღვრული მეტი ვადა არ არსებობს.
მე რომ მკითხოთ, შეიძლება არც იყოს ეს საჭირო. ამ ვადებს ძალიან ცხადად განსაზღვრავს კონსტიტუცია. შეჩერების შუამდგომლობა არის საქმის მიხედვით. არ არის ისე, რომ ყველა საქმეში შეჩერების შუამდგომლობას ერთი ვადა სჭირდებოდეს.
ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში, როდესაც სჭირდებოდა საქმეს, გარემოებები ითხოვდა, რომ თუ ძალიან სწრაფად არ გაჩერდებოდა სადავო ნორმის მოქმედება, მოსარჩელეს მიადგებოდა გამოუსწორებელი ზიანი. ეს ზიანი ირკვეოდა კონსტიტუციური სარჩელის შეტანიდან ერთ კვირაში და გაუჩერებია საკონსტიტუციო სასამართლოს ეს. მაგალითად, ლევან გვათუას საქმე. მაგრამ ყოფილა საკონსტიტუციოს პრაქტიკაში, რომ ზიანი სარჩელის შეტანის მომენტში არ იყო, ეს გამოიკვეთა მოგვიანებით და ერთი წლის მერე გახდა შეჩერების საჭიროება. ერთი წლის მერე გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ შემთხვევაში.
სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე, როგორც დროებით ღონისძიებაზე, პასუხი – ვადები ასე განსაზღვრული არ არის და ვერც იქნება.
მთავარი აქ ისაა, რომ სადავო ნორმის შეჩერებას პასუხი უნდა გაეცეს დროულად, იმისთვის, რომ ამან არ გამოიწვიოს მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება და არ დაძრას შეუქცევადი პროცესები,“ – განმარტავს გიორგი დავითური.
გიორგი დავითურის თქმით, შეჩერების აუცილებლობა აშკარაა. მით უმეტეს, რომ ეს არ არის სამართლებრივად რთული საქმე.
„ამასთან, ლეგიტიმური მიზეზი, ღირებული კონსტიტუციური ინტერესი, რომელსაც ეს რუსული კანონი იცავს, საერთოდ არაა. არ არსებობს მსგავსი. ამ ფონზე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცოტა ბუნდოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს რატომ სჭირდება ამდენი დრო.
ჩემი აზრით, კონსტიტუციური წინაპირობები ამ საქმის გაჩერების, არსებობს. რაც უფრო დაგვიანდება საკონსტიტუციო სასამართლო, ეს უფრო მეტად დააზიანებს მოსარჩელე მხარის უფლებრივ მდგომარეობას,“ – ამბობს გიორგი დავითური.
რა გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე არსებობს, ვკითხეთ გიორგი დავითურს.
„როცა ორგანიზაცია უკვე ლიკვიდირებულია, მერე გასაჩერებელი აღარაფერი აღარ არის. სადავო ნორმის გაჩერება ორგანიზაციის ფაქტობრივ გაჩერებას ვეღარ უშველის.
ჩვენ რასაც ვამბობთ, ეს უნდა გაკეთდეს წინასწარ, რომ არ გამოიწვიოს მოსარჩელე ორგანიზაციათა მიმართ რეპრესიული მექანიზმების გამოყენება. რეპრესიული მექანიზმების გამოყენების უფლება იუსტიციის სამინისტრომ 3 სექტემბრიდან მიიღო. იუსტიციას შეეძლება დაიწყოს მონიტორინგი, დაიწყოს ინფორმაციის ამოღება ფიზიკური და იურიდიული პირებიდან, დააჯარიმოს ადამიანები და ორგანიზაციები ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის (მათ შორის განსაკუთრებული მონაცემების შემცველი თუ კონფიდენციალური ინფორმაციის), დააკისროს ორგანიზაციებს ღირსებისშემლახავ რეესტრში დაურეგისტრირებლობისთვის 25 -ათასლარიანი ჯარიმა, დასაჯოს ეს ორგანიზაციები იმისთვის, რომ ისინი იცავენ საკუთარ ბენეფიციარებს, იცავენ თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს და პირად ცხოვრებას.
სადავო ნორმებით ეს უკვე ქმნის აღსრულების წინაპირობას. ეს უკვე დაიწყო დღეს. საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს არა იმას, მიადგა თუ არა მოსარჩელეს გამოუსწორებელი ზიანი. და რაღას ვაჩერებთ, თუ ზიანი უკვე მიყენებული აქვს?
სანამ მიადგება, ეს უნდა გაჩერდეს მანამდე. ამ ზიანმა უკვე დაიწყო გამოვლინება თავისი ნიშნებით, კანონის მიღებისთანავე დაიწყო ეს ზიანი, ეს ზიანი ნელ-ნელა იზრდება და საბოლოო რეპრესიული მექანიზმების დამუშავება იქნება საბოლოო წერტილი, რომელიც ამას დაესმება,“ – ამბობს გიორგი დავითური.
იურისტის თქმით, რაც უფრო დროს გაწელავს საკონსტიტუციო სასამართლო, ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზიანი შეუქცევადი გახდება და ეს ზიანი იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რომ აზრიც დაკარგოს სადავო ნორმების შეჩერებამ.
„ჩემი პირადი მოლოდინი, როგორც მხარის, არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად. კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება ამ პირობებში მოითხოვს შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობა სრულად აზრს დაუკარგავს ამ კონსტიტუციურ სარჩელს, ვინაიდან მოკლევადიან პრესპექტივაში მოსარჩელეებს დაუდგებათ გამოუსწორებელი ზიანი, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრა, იქნება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი,“ – ამბობს გიორგი დავითური.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა.
ნორვეგიელი ცხოველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ცნობილი ჯაშუში ვეშაპის, „ჰვალდიმირის“სხეულზე ნატყვიარებია და პოლიციას გამოძიების დაწყებას სთხოვენ.
ამის შესახებ 4 სექტემბერს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია OneWhale-მა განაცხადა. „უკანასკნელი ხუთი წელია, რაც „ჰვალდიმირს“ ვიცნობ. როდესაც მისი ცხედარი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს”, – განაცხადა OneWhale-ის დამფუძნებელმა, რეგინა ჰაუგმა.
ორგანიზაციებმა: OneWhale-მა და NOAH-მა შეიტანეს საჩივარი ნორვეგიის პოლიციაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყვიით მიყენებული ჭრილობების არსებობა ვეტერინარებმა, ბიოლოგებმა და ბალისტიკურმა ანალიზმა დაადასტურეს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ცხოველთა უფლებების ყველა დამცველი არ ეთანხმება ჯაშუში ვეშაპის მკვლელობის ვერსიას. სებასტიან სტრენდმა, რომლის ორგანიზაცია – Marine Mind-ი თვალს ადევნებდა „ჰვალდიმირის“ გადაადგილებას და იგი მკვდარი იპოვა, განაცხადა, რომ მკვლელობის შესახებ „ნაჩქარევი დასკვნები“ უფლებადამცველებს არ უნდა გაეკეთებინათ და ვეშაპის სხეულზე ჭრილობები შესაძლოა ჩიტებმა გამოიწვიეს.
რუსეთის ჯაშუში ვეშაპის შესახებ ინფორმაცია 2019 წელს გავრცელდა, როდესაც ვეშაპი პირველად ნახეს ნორვეგიის სანაპიროსთან. მის სხეულზე იყო დამაგრებული მოწყობილობა წარწერით: „ინვენტარი სანკტ-პეტერბურგი“ და გაჩნდა ვარაუდი, რომ ვეშაპს რუსეთის საზღვაო ძალებში წვრთნიდნენ სამხედრო მიზნებისთვის, მაგრამ ვეშაპი გაიქცა.
„ჰვალდიმირის“ ცხედარი 2024 წლის 31 აგვისტოს იპოვეს. სხვადასხვა შეფასებით, ის 15-დან 20 წლამდე იყო, თუმცა ამ ჯიშის ვეშაპების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელს აჭარბებს.
„ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – მასალის მოპოვების სამუშაოები ჩატარდეს გარემოს წინასწარ სრულფასოვანი კვლევების შემდგომ მაღალკვალიფიციური გეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და მოხდეს უკვე დაზიანებული არეალების კონსერვაცია!“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ გავრცელებულ განცხადებაში.
აქტივისტების ჯგუფი საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 2 სექტემბრის ამ განკარგულებით, უფრო მეტად ბუნდოვანი გახდა რა კვალიფიკაციით და კომპეტენციით მოხდება ხულოს მუნიციპალიტეტში ინერტული მასალის მოპოვება.
სამწუხაროა, რომ სრულად უგულებელყოფილია ჩვენი საინიციატივო ჯგუფის და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოთხოვნები კანონის გვერდის ავლით და თვითნებურად უკვე განხორციელებული სამუშაოების შედეგების გეოლოგიური კვლევებთან და ლოკაციების კონსერვაციასთან დაკავშირებით.
ჩვენი ჯგუფის პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლის შედეგად მწვანე ტბის მიმდებარედ ამ ეტაპისთვის ინერტული მასალის ვანდალურად მოპოვება შეჩერებულია და გაცემული განკარგულების მიხედვით, მომავალი სამუშაოების არეალი მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს,“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებით New Road-ს უფლება აქვს 2024 წლის 9 დეკემბრამდე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 198 701 კუბური მეტრი წიაღისეული- ანდეზიტის ლოდნარი მოიპოვოს. წიაღისეულის/ინერტული მასალის მოპოვება კომპანიას 3 ადგილზე შეუძლია და ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტში 596 ათას 103 ლარი უნდა გადაიხადოს [ანუ, 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში – 3 ლარი].
მთავრობის ახალი განკარგულებით, მონიშნული ადგილები ემთხვევა იმ ლოკაციებს, სადაც აქამდეც უკანონოდ მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას. გეოლოგის, გიორგი ბერიძის განმარტებით, ამ ჩამონათვალში აღარაა ინერტული მასალის მოპოვების ის ლოკაცია, რომელიც უშუალოდ მწვანე ტბასთან არის ახლოს.
მას შემდეგ, რაც ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა, ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები თითქოს შეჩერდა, თუმცა, „ხულო და მისი პერსპექტივების“ მიერ მოწვეული გეოლოგის, გიორგი ბერიძის შეფასებით „ზიანი უკვე გამოუსწორებელია, რაც გააქტიურებს მეწყრულ პროცესებს“. გეოლოგის აზრით, ამ ადგილებში ინერტული მასალის მოპოვებაზე ლიცენზია არც შეიძლება გაცემულიყო.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა გონიოს მიმართულებით.
სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს #20 მიკროავტობუსი 11-წუთიანი ინტერვალით შემდეგი მიმართულებით:
თბილისის მოედანი
ჭავჭავაძის ქუჩა
აბუსერიძის ქუჩა
აეროპორტის გზატკეცილი
აფსაროსის ქუჩა
კანანელის ქუჩა(გონიო).
უკუმიმართულება იგივე იქნება.
მიკროავტობუსები მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.
მგზავრობის სტანდარტული ტარიფი – 50 თეთრია და ძალაში რჩება ყველა ის საშეღავათო პროგრამა, რომლებიც მუნიციპალურ ავტობუსებში მოქმედებს.
ბათუმის ავტოტრანსპორტის მიკროავტობუსები 07:00-დან 23:00 სთ-მდე იმოძრავებენ.
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 6 სექტემბერს ბათუმში რამდენიმე მისამართზე შეწყდება გაზის მიწოდება.
კერძოდ, გაზი 11:00 საათიდან 17 საათამდე გაეთიშება ჯავახიშვილის ქუჩის #70-ში მცხოვრებ აბონენტებს.
ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება, გრიგოლ ელიავას ქუჩაზე 32გ ნომერში მცხოვრებ 91 აბონენტს და ანგისის ქუჩის 34 ნომერში მცხოვრებ აბონენტებს.
გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
თამარ ბებიას აზრით, ხშირად არის მცდელობა, ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან „გარყვნილი ადამიანების“ დაპირებებს. თამარი კი მიიჩნევს, რომ მცდარი წარმოდგენაა და მომავალ არჩევნებში ჯენზი აუცილებლად გაიმარჯვებს. თამარ ბებია სტუდენტია ფოთიდან, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს და გაზაფხულის აქციების დროს დიდი გამოცდილებაც დააგროვა.
თამარ, თქვენ, როგორც სტუდენტი, როგორ უყურებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს?
უნივერსიტეტის პირველი კურსი ჩემთვის საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ერთ-ერთი დიდი რამ, რაც ამ წელს გამოვცადე აქციებში აქტიური მონაწილეობაა, აქამდე არასდროს მიმიღია აქციებში მონაწილეობა, იმის გამო, რომ ფოთში ვცხოვრობდი.
გული მწყდება, რომ რუსეთთან საქართველოს მტკივნეული გამოცდილების მიუხედავად, ახალგაზრდებს კვლავ გვიწევს ერთი ძალიან მარტივი და წესით ყველასთვის გასაგები რამის მტკიცება – რომ რუსეთი არის მტერი და რომ ის, ვერასდროს გახდება საქართველოსთვის კეთილისმოსურნე ქვეყანა.
არ უნდა იყოს იმ კითხვის დასმა საჭირო – რუსეთი თუ ევროპა. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია, იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, მთავრობა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული უნდა გახდეს და არა რუსულ მსოფლმხედველობაზე, რომელსაც სიკეთე ჯერ არავისთვის მოუტანია.
თქვენ პირადად რა სიკეთე მიგიღიათ ევროკავშირისგან?
პირველ რიგში, ალბათ ვიზალიბერალიზაცია. ერთ-ერთი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, არის ევროკომისიისგან მიღებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მან მიიღო ვიზალიბერალიზაცია ევროპის რამდენიმე განვითარებული სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ამ პროცესმა ბევრად გაამარტივა მიმოსვლა.
პირადად მე, არასდროს დამიტოვებია საქართველო, თუმცა რასაკვირველია, გეგმაში მაქვს უახლოეს მომავალში წასვლა ევროპაში, როგორც სამოგზაუროდ, ასევე სასწავლებლად.
იძლევა საქართველო განვითარების საშუალებას? რა განსხვავებაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ მხრივ?
მაშინ, როდესაც ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების თაობაზე, ხალხი რუსთაველზე გამოვიდა. სოციალურ ქსელებშიც, რუსთაველზეც ერთ რამეს გავიძახოდით – შინ ევროპისკენ. ეს სიტყვები უბრალოდ არ გვითქვამს, ამის მიზეზიც გვქონდა, ევროპა ჩვენი სახლია, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ მეტად განვითარდეს და გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
ამ პოტენციალის გარეშე ის კანდიდატის სტატუსს ვერასდროს მიიღებდა.
ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, საქართველო არაა ეკონომიკურად ისეთი ძლიერი, როგორიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, თუმცა შესაძლებელია დროთა განმავლობაში ეს შეიცვალოს.
ჩვენ, სტუდენტები, ვტოვებთ ქვეყანას, რადგან ვიცით, რომ შრომა სათანადოდ არ დაგვიფასდება, თუნდაც ანაზღაურება არ იქნება ჩვენი მრავალწლიანი შრომის შესაბამისი, ამიტომაც გვიჩნდება სურვილი იმ გზას გავყვეთ, რომელიც თითქოს მეტ წარმატებას მოგვიტანს.
საქართველოში მეტად რომ აფასებდნენ ახალ თაობას, ბევრი ევროპაში განათლების მიღების შემდეგ უკან დაბრუნდებოდა და მთელ ძალისხმევას მოახმარდა, როგორც პიროვნულ, ასევე სამშობლოს განვითარებას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გულწრფელი რომ ვიყო, გაცილებით გაიზრდება ჩვენი, სტუდენტების მოტივაცია, როდესაც დავინახავთ, რომ გვამჩნევენ და გვაფასებენ. ჩვენ განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები და გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამაში დაგვეხმაროს, რათა შემდგომ, ჩვენ დავეხმაროთ მას კიდევ უფრო გაძლიერებაში.
რა სიკეთის მოტანა შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის?
ევროკავშირი, ევროპა, ჩემთვის ერთადერთი სწორი არჩევანია, რადგან ის თავისუფლება, პირადი სივრცე, ზომიერება, მრავალფეროვნება, დამოუკიდებლობა, რასაც ის მოიტანს, აუცილებელია მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. განათლების დონე გაიზრდება, მოსახლეობა მეტად გახდება დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, გავძლიერდებით ეკონომიკურად, ვიქნებით მეტად დაცულები. ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რის გამოც ევროკავშირის წევრობა გვჭირდება.
მახსოვს, დედამ იცოდა, რომ აუცილებლად გავიდოდი და გავაპროტესტებდი რუსულ კანონს. გულწრფელი რომ ვიყო, ერჩივნა ცოტა ადრე თუ მივიდოდი სახლში (ის ფოთშია, მე თბილისში), ნერვიულობდა, როგორც ყველა დედა. თუმცა იცოდა, რომ უმოქმედოდ ყოფნა არ შემეძლო და შეეგუა იმ აზრს, რომ თუ საჭირო იყო, დილამდეც იქ ვიქნებოდი. მხარს მიჭერს და გვლოცავს ახალგაზრდებს.
ამ თემაზე ყოველთვის ვსაუბრობთ, ის თავის დროინდელ აქციებზე მიყვება, მე ჩემსას ვუყვები. ოჯახის სხვა წევრებსაც ვესაუბრები, ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც, რადგან ყველა არ გვეთანხმება ახალგაზრდებს. ეს კი ისეთი თემაა, მართლა გინდება ახსნა, რატომ ხარ მართალი.
ვბრაზობ, როცა ისინი იმ საინფორმაციო საშუალებებს ენდობიან, რომლებიც ახალგაზრდების სხვა სახეს ხატავენ, იმას, რაც რეალურად არც არსებობს, უბრალოდ შეთხზულია. უხეშად რომ ვთქვა, ისინი ცდილობენ ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან ,,გარყვნილი ადამიანების”, თუ ,,გარყვნილი დასავლეთის” დაპირებებს.
ამის ხმამაღლა გაჟღერების შემდეგ, უფროსი თაობას არასწორი წარმოდგენა ექმნება ახალ თაობაზე. ეს ხელს უმართავს იმ ხალხს, ვისი მიზანიც ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნებაა, ანუ რაც უფრო ცუდ ბავშვებად წარმოგვაჩენენ ჩვენ და გააქრობენ ხალხის ნდობას ჩვენს მიმართ, მით უფრო დიდ ხანს ისხდებიან იმ სავარძელზე, რომლითაც წლებია სარგებლობენ.
წელს პირველად ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და თანაც, წლევანდელი არჩევნები მართლაც რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გავიმარჯვებთ – სხვა რამის წარმოდგენა ამჟამად არც მინდა.
ის, ვინც ,,აბა, ომი გინდათ?!“ იდეოლოგიას ემხრობით, გთხოვთ, გაიხსენეთ, რომ საქართველოს ბრძოლასა და მორჩილებას, თუნდაც უბრალოდ ჩუმად ყოფნას შორის არჩევანის გაკეთება ხშირად უწევდა. ის ყოველთვის ღირსეულად ბრძოლას ირჩევდა. ეს გზა უნდა გაგრძელდეს. ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ რუსეთი მტერია, სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ შევრცხვებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 621 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
ტანკი – 8 624 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 16 869 ერთეული [+21]
საარტილერიო სისტემა – 17 725 ერთეული [+31]
MLRS – 1 177 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 658 ერთეული [+42]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 587 ერთეული [+7]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 044 ერთეული [+37]
სპეცტექნიკა – 3 024 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 044 უპილოტო საფრენი აპარატი
575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 822 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 435 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 091 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 584 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მარიამ ბიძინაშვილი 18 წლისაა და თბილისში მეორე კურსზე სწავლობს. გაზაფხულზე მარიამი აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი. ჩემი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს სახლში ჯდომას, ჩემი აქციებზე ყოფნა ერჩივნათ“.
როგორი განცდა იყო აქციებში მონაწილეობა?
საქართველო ორჯერ ვნახე გაერთიანებული. ერთხელ აქციებამდე, ფეხბურთის პერიოდში. მაშინ ნამდვილად იგრძნობოდა ჰაერში, როგორი გაერთიანებული იყო მთელი საქართველო. ბავშვებიდან დაწყებული, ასაკიანი ხალხით დასრულებული ყველა ქუჩაში იდგა და ზეიმობდა.
ამის შემდეგ უცებ, სრულიად მოულოდნელად, აქციებზე რომ აღმოჩნდები სულ სხვა ემოცია გაქვს. ხალხი ასეთი სიხარულის შემდეგ გარეთ იდგა, რომ ისევ საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის ებრძოლა. ეს რთული სანახავი იყო. მაგრამ, როდესაც უკანა რიგებში დგახარ და გესმის ხალხის შეძახილები, ეს მაინც ძალიან დიდი მოტივაციაა.
როგორია თქვენი მოლოდინები მომავალ არჩევნებზე?
ეს ჩემი პირველი არჩევნებია და თან ეს ისეთი მნიშვნელოვანი არჩევნებია, როგორიც ჯერ აქამდე არ ყოფილა საქართველოში. ეს არის ყველაზე რთული პროცესი, რაც ახლა გვაქვს გადასატანი. ამიტომ 26 ოქტომბერს დიდი იმედით ველოდები და ამავდროულად შიშითაც. გული გიფანცქალებს ყოველდღე მაშინ, როდესაც ხედავ, როგორ მოქმედებს რუსული კანონი. აქამდე ყველა 26 მოგებული გვაქვს და მჯერა, რომ შემოდგომის 26-იც კარგად ჩაივლის.
ამ წელს დაახლოებით 300 000 ახალგაზრდა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ძალიან დიდი პლუსია. წინა არჩევნებზე პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ამიტომ კარგად მახსოვს, რაც ხდებოდა. მაშინ, არჩევნებისას იყო ფულის მიცემის, ანუ მოსყიდვის მომენტები, გაყალბებაც, პრობლემები კოორდინატორებთან და ასე შემდეგ. ასეთი რამ ამ წელს აღარ უნდა განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან ძლიერი ხალხი ვართ, მაინც მაქვს ამის შიში.
ხალხი არ უნდა მოექცეს ზეგავლენის და პროპაგანდის ქვეშ. ეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება. არ უნდა მივცეთ პროპაგანდისტულ ნარატივებს საშუალება მოწამლოს საღი გონება. ყველა აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე.
მახსოვს, ჩვენი აქციების მეორე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამართა აქცია. იმ აქციაზე მისულ ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყვნენ მისულები და რა მიზნით.
მსგავსი შინაარსის პოსტი მაშინ ფეისბუქზეც დავწერე და როგორღაც მომეშვა, რადგან მეც მყავდა მეგობრები სოციალურ ქსელში, რომლებიც იმ აქციაზე იყვნენ მისულები. მაშინ იდებოდა პოსტები თითქოს ისინი იქ „საქართველოს ერთიანობისთვის“, „ქრისტიანისთვის“ იდგნენ. აბსურდია ქრისტიანობას ქადაგებდე და სულ სხვა მორალებით ხელმძღვანელობდე.
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 26 ოქტომბრამდე დრო, რომ ასეთი რაღაცის წინააღმდეგ იმუნურები გავხდეთ. უნდა მივიღოთ ინფორმაცია და გარე ძალების მიერ შექმნილი კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. მთავარია ის, რომ წავიდეს ეს ხელისუფლება და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ქვეყნის შენება. იმის მიუხედავად, რომ ამჟამად არ მჯერა არცერთი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკოსის, ეს ხელისუფლება ნამდვილად თავიდანაა მოსაშორებელი.
რაში გვჭირდება ევროპა/ევროკავშირი?
აქციების პერიოდში მომეცა შანსი ბრიუსელში ერთი კვრით წავსულიყავი. იქ, ბრიუსელის ცენტრში ვნახე ევროკავშირის შტაბ-ბინა, რომლის წინაც უამრავი დროშა იყო აღმართული, მათ შორის საქართველოს დროშაც. მაშინ ვფიქრობდი, რომ იქ არამხოლოდ ჩემი ადგილი, არამედ დანარჩენი 3 მილიონი ქართველის ადგილიც იყო. ერთ მომენტში ბრიუსელს ვათვალიერებდი და მეორე წუთში აქციებს ვადევნებდი თვალს.
ევროკავშირი იმისთვის გვჭირდება, რომ ის ღირებულებები და მისწრაფებები, რაც გვაქვს შევინარჩუნოთ. შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ჩვენი თავის იმედი გვქონდეს.
მინდა თბილისში მიღებული ცოდნით გავიდე საქართველოს გარეთ, იქაც დავაგროვო ცოდნა და ახალი უნარები და უფრო ძლიერი დავუბრუნდე საქართველოს. ამიტომ ევროკავშირი მე, პირადად, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი მიზნები და ოცნებები განვახორციელო. არ მინდა საქართველო დაუბრუნდეს იმ პერიოდი, რომელსაც ჩემი მშობლები ცუდად და ტკივილით იხსენებენ, როდესაც იყო გაჭირვება, არ ჰქონდათ გარეთ გასვლის, გართობის და ოცნებების ასრულების საშუალება.
შენი აზრით, რატომ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ?
სახელმწიფო არ გვთავაზობს საჭირო პირობებს ნორმალური ცხოვრებისთვის. ისინი ითხოვენ, რომ ვიყოთ განათლებულები, გვქონდეს მაღალი IQ და ითხოვენ არ ვწუწუნებდეთ, როცა ფული და შესაძლებლობა არ გვაქვს. ზუსტად ასეთი სიტუაციის გამო ვერ ჩერდებიან ახალგაზრდები.
ჩვენ გამართული და ჯანსაღი სისტემა რომ გვქონდეს, არ იქნება იმის საჭიროება, რომ სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში წავიდნენ. რატომ უნდა უწევდეს ხალხს ამის გაკეთება? უნდა გაიზარდოს საგანმანათლებლო რესურსები. ასეთი ტიპის რესურსები არის თბილისში.
აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ თბილისიც არ ყვავის ამ მხრივ, რადგან თბილისიდანაც სტუდენტების უმრავლესობა დასავლეთში მიდის სასწავლებლად. მე არ მინახავს ჯერ სტუდენტი, ვინც რუსეთისკენ მიდის. უცხოეთში სტუდენტები და მათ შორის მეც იმიტომ კი არ მივდივართ, რომ შემდეგ ხმამაღლა ვიძახოთ, რომ დასავლური განათლება გვაქვს. იმიტომ მივდივართ, რომ აქ რაც დაგვაკლდა, ის ევროპაში მოვიპოვოთ.
მე თვითონ მყავს ოჯახში ემიგრანტი ბებია. 6 წელია უკვე ამერიკაში ცხოვრობს. მამაც იყო 3 წელი სამუშაოდ გერმანიაში, ამიტომ ვიცი, როგორი გრძნობაა, როცა გყავს ემიგრანტი ოჯახში და ვიცი რას გრძნობენ ემიგრანტები. მართლა ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობენ სხვა ქვეყანაში, საკუთარი სახლიდან შორს.
ბებია ამდენი წელია ამერიკაშია. იძულებული გახდა, ასე ვთქვათ, საკუთარი შვილის საფლავი მიეტოვებინა იმის გამო, რომ ოჯახს ელემენტარული საჭიროებების უზრუნველყოფის საშუალება გვქონოდა.
შეიძლება ახალგაზრდებს სთავაზობს საქართველო მინიმალურ შესაძლებლობებს, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც უკვე ასაკშია (საპენსიო ასაკში), ვერ სთავაზობს ვერაფერს დამატებითი შრომის გარეშე რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრება.
მაგალითად, ბებია ამერიკაში რომ არ იყოს, ბაბუა და ბებია საკუთარი პენსიით ვერ ირჩენდნენ თავს, გამორიცხულია. მათ ვერ ექნებოდათ წამალი საკმარისი რაოდენობით, ვერც საკვები და კომუნალურებზე ხომ ზედმეტია საუბარი.
დაპირებების მიუხედავ არ ან ვერ გვთავაზობს ეს ხელისუფლება ნორმალურ ცხოვრებას. უფრო სწორი იქნება – არ უნდა, რომ შემოგვთავაზოს.
რა არის „ქართული ოცნების“ მიზანი?
სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რას აკეთებენ. ერთადერთი, რასაც ვხვდები არის ის, რომ საკუთარი ჯიბეების გასქელება მათი პირველი პრიორიტეტია.
ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე დაგვპირდა უფასო ფულს. აი, რას ნიშნავს უფასო ფული? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფულს შენი ჯიბიდან მომცემ ან მაჩუქებ? არაფერს არ მჩუქნი, იმასაც მართმევ, რაც უკვე მაქვს.
საქართველოს ისტორიაში იყო ბევრი ადამიანი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, რომელიც მსხვერპლი გახდა. იყვნენ სხვებიც, მაგრამ არ ეშინოდათ. ილია ყოველთვის გაიძახოდა, რომ მოძრაობა და უფრო მეტი მოძრაობაა საჭირო განვითარებისთვის. ილიას ლოზუნგი იყო – არ გაჩერდე.
ეს მთავრობა კონსპირაციულ თეორიას იყენებს, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის და ამავდროულად გაიძახის, რომ უნდა ევროპა.
თუ ევროპა მართლა გინდა, რას აკეთებ ამისთვის? რატომ ცდილობ განვითარება შეაჩერო, რატომ მექაჩები უკან, როდესაც მაქვს უზარმაზარი შანსი წინ წავიწიო? მათი ნარატივები არის სრულიად აბსურდული და ტყუილი. ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ აქვთ არის ის, რომ ამ ტექსტებით მარტივად მანიპულირებენ საზოგადოებაზე.
ამ მანიპულაციების ქვეშ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებიც შეიძლება მოხვდნენ. მაგრამ უკვე 12 წელია ამას ვისმენთ და უკვე გვეყოფა. ბევრ რაღაცაში ნამდვილად მოვტყუვდით, მაგრამ აღარ არის თავის მოტყუების და გაჩერების დრო.
ჩემმა კურსელებმა და სხვა სტუდენტებმა აქციებისას ძალიან დიდი მოტივაცია მომცეს. ჩვენ ყველა ერთად დავდექით ქვეყნის სამსახურში. ძალიანა დასაფასებელი იმ ხალხის სიმამაცე, ვინც აქციების დროს წინა ხაზზე იდგა. ნამდვილად ფარივით ედგნენ უკან მდგომ ადამიანებს.
მომავალი ბრძოლა არ არის წასაგები, აუცილებლად გავიმარჯვებთ.
„ნიკოლას პირველი დღე“, – ამ წარწერით აქვეყნებს თბილისის მერი, კახა კალაძე შვილის სკოლაში შესვლის ვიდეოს TikTok-ზე.
თბილისის მერმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, თავის დროზე შვილების დაბადების ადგილად ევროპა აირჩია და განათლებაც ევროპული შეურჩია შვილებს. კერძოდ, ფრანგული სკოლა, რომელიც, როგორც ამ სკოლის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში 2006 წელს, საფრანგეთის საელჩომ დააარსა.
სასწავლო დაწესებულების ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და აქვს ბავშვზე ორიენტირებული, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა. ამ სკოლაში, დაწყებით კლასებში სწავლის საფასური 5600 ევროა წელიწადში.
კადრებში, სადაც ჩანს, თუ როგორ აცილებენ კალაძე და მისი მეუღლე შვილს სკოლაში, ჩანს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც.
წულუკიანს შვიდი წლის შვილი ჰყავს. სავარაუდოდ, მისი შვილიც ამავე სკოლაში იღებს განათლებას.
„ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა ბოლო წლებია განსაკუთრებით ანტიდასავლური და ჰომოფობიურია. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები თავიანთი ოჯახებისა და შვილების მომავლისთვის მაინც ევროპას ირჩევენ.
მაგალითად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სულ ახლახან კიდევ ერთი ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და თქვა – „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსოს“. მდინარაძე გულისხმობდა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას.
რას ნიშნავს, როცა მთავრობის მაღალჩინოსნები ევროპულსაგანმანათლებლო სისტემას უფრო ენდობიან, ვიდრე ქართულს და შვილები საჯარო სკოლების ნაცვლად, ძვირადღირებულ, კერძო სკოლებში დაჰყავთ, ამის ფონზე კი ევროპას აკრიტიკებენ? – ვკითხეთ განათლების სპეციალისტს, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს სიმონ ჯანაშიას.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა და პრაქტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა და კერძო ინტერესები განსხვავებული აქვთ. მათი რიტორიკა, პოლიტიკა და პრაქტიკა ერთმანეთისგან აცდენილია.
ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ თავიან შვილებს მისცენ დასავლური განათლება, ბიზნესი ჰქონდეთ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ პოლიტიკას ისე ცვლიან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იგივე შესაძლებლობების გამოყენება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
ეს არის მთავარი პრობლემა, რადგან პოლიტიკოსი, ნაცვლად იმისა, ცდილობდეს ხალხის მდგომარეობა გახადოს უკეთესი, თუნდაც განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რომ აღმოიფხვრას პრობლემები, ამის საპირისპიროდ იქცევა.
ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა არის, მაგალითად, ის საერთაშორისო სტიპენდიები, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები მოიპოვებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში. ამ პოლიტიკით კი, რასაც საქართველოს მთავრობა ეწევა, პრობლემები ექმნებათ ახალგაზრდებს.
თუ დასავლეთთან კონფრონტაციის ეს ფორმატი გაგრძელდება, შემცირდება საერთაშორისო პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ წასვლას და იქ ხარისხიანი განათლების მიღებას“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
სიმონ ჯანაშია
მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ მთავრობის განცხადებები არ რჩება რიტორიკის დონეზე და ეს იწვევს ჩვენი ქვეყნისთვის ცუდ შედეგებს.
„სამწუხაროდ, ცუდი შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის ასეთ საუბარს და პირველ რიგში, ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც არ ჰყავთ შეძლებული მშობლები და ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
ბევრი სახელი შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს, უსინდისოც, ამორალურიც, რადგან ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიყალბეზე, საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებასა და დაშინებაზე, რომ რაღაც საფრთხეებია თურმე და თუ „ოცნება“ არ დაგვიცავს, გვემუქრება ტრადიციული ღირებულებების შეცვლა ან საგარეო კატასტროფა და ომი. ეს არის მათი საარჩევნო პროგრამა და ასე ცდილობენ შემოიტანონ ახალი საფრთხეები.
ახლა პარტიების აკრძალვაზე დაიწყეს საუბარი, რაც რუსეთიდან მოდის და ეს არის დაშინების პოლიტიკის ერთი ნაწილი.
ამას ცდილობენ საგანმანათლებლო სისტემის კონტროლის ქვეშ მოქცევით, როცა ახლა, მაგალითად, კოლეჯის დირექტორები გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ არჩევნების შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება დირექტორი და ვინ – არა. კონკურსიც ჩაიშალა, რადგან ვერცერთი ადამიანი ვერ იპოვეს თურმე, რომელიც აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს არის პირდაპირი მაგალითი განათლების სისტემაზე ზეწოლის და დაშინების. ასე ხდება სკოლებშიც.
მოხსნეს სკოლის დირექტორებიც, რაც სიგნალია სხვა დირექტორებისთვის“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.
მის თქმით, ის, რაც ათი წლის წინ, ექსტრემისტული, მარგინალური ჯგუფების რიტორიკა იყო, დღეს ხელისუფლების რიტორიკა გახდა.
„რომ ევროპიდან შემოდის გარყვნილება და ჩვენ უნდა გვეშინოდეს დასავლეთის. არა იმიტომ, რომ თვითონ სჯერათ ამის, არამედ ამით ცდილობენ საზოგადოების კონტროლს.
იტყუება თუ არა ადამიანი, ეს მისი მორალის პრობლემაა, მაგრამ თუ თვალთმაქცობას იმისთვის იყენებს ხელისუფლება, რომ ჩვენ გვაკონტროლოს, ეს უკვე პრობლემაა.
მაგალითად, როცა (პანდემიის დროს) ვალდებული ვიყავით სახლში დავრჩენილიყავით, ისინი (მაღალჩინოსნები) აწყობდნენ ქეიფებს, – ესეც ამორალურია, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაყენებდა პირდაპირ ზიანს. მაგრამ როცა ჩვენ გვეუბნებიან – „თქვენ იყავით საქართველოში, ჩვენი შვილები კი ისწავლიან ევროპაში“ – აი, ეს, უკვე პრობლემაა.
როცა ჩვენ და ჩვენს შვილებს გვიმცირებენ შესაძლებლობებს, თან გვაშინებენ, რომ ეს ყველაფერი თუ არ გააკეთეს, გადავშენდებით, ეს პრობლემაა.
აშკარად გადავშენდებით, თუ ახალი არაფერი შემოვა ამ ქვეყანაში და იზოლაციაში მოვექცევით, რადგან ამ ფორმით გადარჩენილი ერები არ არსებობს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
_______________
მთავარი ფოტო: კახა კალაძეს შვილი შეჰყავს ფრანგულ სკოლაში/კადრში ჩანს თეა წულუკიანიც.
5 სექტემბერს საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ბათუმში ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრა ბათუმის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება.
ამ ჯგუფში სულ 6 გუნდი გამოდის: საქართველოს, ნიდერლანდების, შვედეთის, მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მალტას ნაკრებები. საქართველოს გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 13 ქულა აქვს (4 მოგება და ერთი ფრე) და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ჯგუფის ლიდერი ამ მომენტისთვის ნიდერლანდების ნაკრებია, რომელსაც 7 თამაში აქვს ჩატარებული, ყველა მოგებით დასრულდა და გუნდს 21 ქულა აქვს.
ბათუმის შემდეგ საქართველოს U21 ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრება და ვენლოში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე შენობები ხარაჩოებში ჩასვეს და სამშენებლო ბადე შემოავლეს. ხელოსნების ინფორმაციით, აქ ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ვერც ამ საქმეში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე იპოვით რაიმე სახის ინფორმაციას, პროექტს ან ესკიზებს მაინც.
არავინ გრძნობს ვალდებულებას მოქალაქეებს აუხსნას, რა ხდება ბათუმის ისტორიულ ნაწილში. ქალაქში, სადაც ძეგლების დასაცავად მოქალაქეები აქციებს მართავდნენ, მათ გადასარჩენად კი სასამართლოში რამდენიმე მიმდინარე დავა აქვთ. არ ვიცით, ვინ მოამზადა რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რა გამოცდილება აქვთ და სარგებლობენ თუ არა პროექტის ავტორები საზოგადოების ნდობით.
„უნდა გამოითხოვოთ. ტენდერი იყო გამოცხადებული და თუ ვერ იპოვეთ გეტყვით. კიდევ რა გაინტერესებთ? – ესკიზები თუ გინდათ უნდა გამოითხოვოთ“, – ასე ნიშნის მოგებით გვიპასუხეს მუნიციპალური განვითარების ფონდში. ასევე გვიმტკიცებდნენ, რომ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო გასულ წელს და არა ახლა: „როგორ არა ფოტოებიც მაქვს გადაღებული“.
და თუ გასულ წელს დაიწყო სამუშაოები, ყველა თუ არა, რომელიმე შენობა ალბათ კიდევაც უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბათუმში ამის შესახებ ძეგლების დამცველებმაც კი არაფერი იციან. ასეც რომ იყოს, გასულ წელს დაიწყო თუ წელს, ეს ჩვენი ინტერესის საგანი არ ყოფილა. ჩვენ, 2024 წლის 28-29 აგვისტოს ბათუმის ქუჩებში გადავიღეთ ის, რაც ფაქტობრივად ხდება.
ძველი ბათუმი- მიმდინარე სამუშაოებიძველი ბათუმი – მიმდინარე სამუშაოები
რაც შეეხება ტენდერს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება ევალება Design-Build მეთოდით.
ასევე, ტექნიკურ დავალებაში გაწერილია მთელი რიგი მოთხოვნები კომპანიის გამოცდილებასა და ზოგად სპეციფიკებზე, ატვირთულია გეგმა-გრაფიკები და სხვა ტექნიკური დოკუმენტები. ალბათ საზოგადოებამაც ამ ტექნიკური დოკუმენტებიდან უდა მიიღოს ინფორმაცია იმაზე, ვინ რას და როგორ აკეთებს ბათუმის ისტორიულ ნაწილში.
ამ ხარისხის ანგარიშვალდებულებას გრძნობს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც ამ კონკრეტულ პროექტზე ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარს ხარჯავს.
არც სამუშაოებზე ზედამხედველმა კომპანიამ უპასუხა ჩვენს კითხვებს, მან გვირჩია შემსყიდველი უწყებისთვის მიგვემართა. „ასე უფრო სწორი იქნებაო“. რას ნიშნავს ეს? – იმას, რომ ზედამხედველი, რომლის ნდობაც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, რომ ძეგლის ხელყოფას არ დაუშვებს, დამკვეთის ნებართვის გარეშე ხმას არ იღებს, ამ კომპანიას შესასრულებელ სამუშაოში ბიუჯეტიდან ჩვენ ფულს, მილიონ-ნახევარ ლარს ვუხდით.
ტენდერის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და შესაბამისი სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად. უკვე მომზადებული პროექტი კი შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული არ არის.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და პროექტი მათთან შეთანხმებულია. თუმცა პროექტის, რაიმე განმარტების ან ესკიზების გასავრცელებლად არც ამ უწყებას შეუწუხებია თავი.
მხოლოდ ის ვიცით, რომ 200-მილიონიან პროექტს ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ძველ ბათუმში ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით უკვე დახარჯულია 119 მილიონი ლარი.
პროექტის ფარგლებში კანონდამრღვევი ბიზნესმენის 2 შენობის ფასადს რესტავრაციას უტარებენ
მემედ აბაშიძის ქუჩაზე რეაბილიტაციის პროცესი კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლით იწყება და ზღვის სანაპირომდე გრძელდება.
აქ, აბაშიძის #23-ში მდებარე ორსართულიან სახლს რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არის აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. მის გაგრძელებაზე კი ორსართულიან ისტორიულ ძეგლს ენრიკო ბერიძე ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი და გენერალური დირექტორია, მათ შორის ის არის სააქციო საზოგადოება „გეფას“ გენერალური დირექტორიც.
სწორედ ამ ძეგლზე, მემედ აბაშიძის #23-ში არსებულ სახლზე, უკანონო სამუშაოების გამო ბიზნესმენი ენრიკო ბერიძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისთვის 2019 წელს რამდენჯერმე დააჯარიმეს და გააფრთხილეს. ის გააფრთხილეს და დააჯარიმეს ამავე ქუჩის #9-ში მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო, აქ ძეგლს მანსარდული სართული დააშენეს. თუმცა ჯარიმებს ბიზნესმენი არ შეუფერხებია და სამუშაოები გააგრძელა. კანონის შესაბამისად ჯარიმის გაორმაგების შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში ბიზნესმენ ენრიკო ბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო.
მომჩივანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იყო, ხოლო დავის საგანი ბათუმში ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფაა. ეს იყო პირველი საქმე ვაჟა-ფშაველას #13-ის შემდეგ, როცა ბათუმში ძეგლზე უკანონო სამუშაოების გამო სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო.
ამის შემდეგ ბიზნესმენმა „იკადრა“ და სააგენტოს ნებართვის თხოვნით მიმართა. 2020 წლის დეკემბერში სააგენტოს ხელმძღვანელმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ენრიკო ბერიძეს უკვე აშენებული მანსარდული სართულის აშენების და ფასადის უკვე განხორციელებული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების უფლება მისცა, პოსტფაქტუმ.
ბათუმი, მემედ აბაშიძის #23. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან, ეს ფოტო 2019 წელს იმ დღეს არის გადაღებული, როცა ძეგლზე უკანონო სამშენებლო სამუშაოების გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ფოტოზე ჩანს სააგენტოს მაშინდელი მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე და კიდევ ერთი თანამშრომელი.ეს სახლი მემედ აბაშიძის ქუჩაზე XIX საუკუნის დასასრულს აშენებული სამსართულიანი სახლის გაგრძელებაა [ყოფილი მასწავლებელთა სახლი ბათუმში]. სპეციალისტების შეფასებით, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა მდებარეობს ორი ქუჩის გადაკვეთაზე და ევროპის მოედანთან კავშირი სავსებით შეესაბამება მის საზოგადოებრივ დანიშნულებას და უზრუნველყოფს შენობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს: „დომინანტობის შეფასებისას, მიუხედავად მიმდებარე შენობებთან მასშტაბის რიგითობისა, კუთხის მდებარეობა, არქიტექტურა და ფუნქცია ძეგლს ანიჭებს დომინანტობის გარკვეულ ნიშანს“.
რეაბილიტაციის პროცესი
იმავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს დირექტორმა სათათბირო საბჭოსთან ერთად იმსჯელა და უკვე განხორციელებული სამუშაოები შეითანხმა. ასევე განმარტეს, რომ კანონდამრღვევმა ენრიკე ბერიძემ სააგენტოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაშენებული სართულის დემონტაჟი გამოიწვევდა შენობის კონსტრუქციული მთლიანობის დარღვევას, მნიშვნელოვნად დაქვეითდებოდა შენობის სიმტკიცე და მდგრადობა.
ეს ამბავი ასე მოგვარდა.
რაც შეეხება სასამართლოს, სავარაუდოდ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა მას შემდეგ, როცა ენრიკო ბერიძემ უკვე აშენებულ ორივე მშენებლობაზე ნებართვა მიიღო. სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ენრიკო ბერიძე მოსამართლემ 20 000 ლარით დააჯარიმა. კომერციული თვალსაზრისით კანონდამრღვევი მოგებული დარჩა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის „კოპწია აივნების“ ფოტოც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ბათუმობაზე“ დასაპატიჟებლად გამოიყენა სართული დააშენეს.
ახლა კანონდამრღვევი ბიზნესმენის ორივე შენობის ფასადს მუნიციპალური განვითარების ფონდი არემონტებს, სააგენტომ კი პროექტი შეითანხმა.
ორ ქუჩაზე რესტავრაციისთვის მოუმზადებიათ ისეთი შენობებიც, რომლებსაც გარკვეული სამუშაოები სხვადასხვა დროს ჩაუტარეს და მათ ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებოდა. სამაგიეროდ არავის ახსოვს შენობები, რომლებიც სპეციალისტების დასაბუთებით არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებულია და გადარჩენას საჭიროებს. სხვათა შორის, ამ ღირებული შენობების გამოვლენა-შეფასება ბათუმის ბიუჯეტიდან დააფინანსეს.
მაგალითად, აბაშიძის #23-ში მდებარე პირველ შენობას, სადაც პროფკავშირები და კომპანია „DS GROUP“-ის ოფისია განთავსებული, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელსაც ჩაუტარდა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით. ცოტა უფრო ადრე სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მთავრობის სახლის გაგრძელებაზე, აბაშიძის #20-ში მდებარე „საბაევის სახლსაც“ ჩაუტარეს. ამჟამად შენობა სახელმწიფო ბალანსზეა და მასში სამთავრობო დაცვაა განთავსებული.
აბაშიძის #23
დიდი ხანია მთავრობა გვეუბნება, რომ თვითონ დამსახურებული არტისტია და ჩვენ არავინ – ორგანიზაცია „ბათომის“ დამფუძნებელი
„ბათომის“ დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის ინფორმაციით, ორგანიზაციასთან, რომელიც წლებია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად მუშაობს, ხელისუფლება დიდი ხანია აღარ თანამშრომლობს და არც გამოთხოვილ ინფორმაციას აწვდის. შესაბამისად, წვდომა აღარ აქვთ მსგავს დოკუმენტებზე, რომ მისი შესწავლა და შეფასება მოახერხონ.
„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომლის ხელშიც გადის ეს დოკუმენტები, ბოლო რამდენიმე წელია დამალვის რეჟიმშია. იმასაც ცდილობს დაგვანახოს, რომ ჩვენი აზრი არაფერში არ აინტერესებს. მისთვის ასე უფრო კომფორტულია და ასე უფრო დაემალება კანონს.
მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ტერმინი – „რეაბილიტაცია“, არ არის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში, ძეგლზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაგებობებზე დასაშვები სამუშაოების სიაში. არის რესტავრაცია, რეკონსტრუქცია. ხშირად, თავად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც კი ანიჭებს ჩასატარებელ სამუშაოებს ამ კვალიფიკაციას, რომელსაც კანონი არ ცნობს.
კანონში არის ძეგლზე დასაშვები სამუშაოების ჩამონათვალი და ყველა ტერმინის განმარტება. რეაბილიტაცია იქ არ არის. თუკი რაიმეს რეაბილიტაციას დაარქმევ, შემდეგ ვერ ახსნი რეაბილიტაცია რას ნიშნავს. მაშინ, როცა ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს რესტავრაცია, კონსერვაცია, ადაპტაცია და ასე შემდეგ.
ეს მგონი ერთგვარი ხრიკია – როცა გესმის რეაბილიტაცია, ამაში ცუდი თითქოს არაფერი არ არის. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, იმავე სააგენტოსაც მოუწევს კანონის წინაშე ახსნას, თუ რას ნიშნავს ეს, ან რატომ მიანიჭა ეს კვალიფიკაცია. როგორ ტარდება [ძველ ბათუმში] სამუშაოები, რაიმე კვლევა თუ არის ჩატარებული, იმიტომ რომ ნებისმიერი ისტორიული ძეგლზე [სამუშაოები], თუნდაც ფასადის შეღებვა, აუცილებელია შესაბამისი კვლევებით“.
მე ვარ მეა მალაყმაძე და ვარ სტუდენტი ბათუმიდან. თბილისში ვსწავლობ, კერძოდ ჯიპაში. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ჟურნალისტიკა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი თამაშობს ძალიან დიდ როლს ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემი ფაკულტეტი ახლოსაა ჟურნალისტიკასთან. როდესაც მშვიდად უნდა მესწავლა და დრო გამომეყენებინა საკუთარი თავის განვითარებაზე, ის პერიოდი რუსთაველზე ვიდექი. სამწუხაროა, რომ ჩვენს მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის.
იყო აქციებზე მომენტები, რამაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა?
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ხალხის ერთად დგომა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ერთმუშტად შეკრულ ხალხს უზარმაზარი ძალა აქვს. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, სახლში სხვადასხვა საჭმელს ამზადებდა ან რაღაც ტიპის ინვენტარს ყიდულობდა. შემდეგ ამას უანგაროდ ურიგებდა სხვებს, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მაშინ, როცა იქ მართლა მშიერი ვიდექი, ვიღაცამ ჩამოიარა და კრუასანი მომცა. ეს იყო ჩემთვის იმედისმომცემი – სითბო და სიყვარული იგრძნობოდა.
მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით და დავდექით პირველ ხაზზე. ცრემლსადენი გაზი შეგვასხეს და ვტიროდით. ძალიან ბერი ადამიანი მოგვვარდა მაშინვე დასახმარებლად. ამან უფრო მეტი ძალა და სტიმული მომცა იმისთვის, რომ სახლში არ წავსულიყავი. ერთხელ წყლის ჭავლიც მომხვდა და სახლში გალუმპული მივედი. მე, პირადად, არ შევსწრებივარ ცემის მომენტებს, მაგრამ ნამდვილად იყო ამის ბევრი შემთხვევა.
იქ რომ ხარ, იცი, რომ ნამდვილად არის საფრთხე, მაგრამ არ გეშინია, ერთიანობა და საერთო მიზნისთვის ბრძოლა გაძლიერებს. იქ დგახარ, პარლამენტის კარს უბრახუნებ, ყვირი, ზოგჯერ ღრიალებ, თუნდაც პროპაგანდისტულ მედიას არ აძლევს პროპაგანდის კეთების საშუალებას. იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახარ და მართლა კარგ რაღაცას აკეთებ.
ჩემი რუტინა იყო ასეთი – დილით ვიღვიძებდი, ვჭამდი, თუ რამე საქმე მქონდა მაშინვე მოვაგვარებდი და აქციებზე გავრბოდი. ღამე მოვდიოდი, 2-3 საათი წავუძინებდი და შემდეგ დილით ისევ რუსთაველზე გავდიოდი.
ჩვენმა მთავრობამ ვერ შეიგნო, რომ ასეთი აქციები თუ საჭირო იქნება, კიდევ განმეორდება. ეს უნდა გაითავისონ.
რაში გვჭირდება ევროკავშირი?
ევროკავშირმა უკვე ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენი მეგობარია. ეს წარსულის მაგალითებზეც არაერთხელ გვინახავს. თუნდაც, 2015 წელს დაგვეხმარა, როდესაც წყალდიდობა იყო. 2008 წლის ომის შემდეგაც უამრავი თანხაა ევროკავშირიდან შემოსული. ზოგჯერ მომისმენია კითხვა – რატომ უნდა დაგვეხმაროს უანგაროდ? ეს კითხვა მეც გამჩენია.
ევროკავშირი შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ ადამიანებს მათ წევრ ქვეყნებში ჰქონდეთ კარგი საცხოვრებელი პირობები და არ მოუწიოთ ტანჯვა ელემენტარული საარსებო პირობებისთვის. ეს, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეა. ევროკავშირი არის დემოკრატია და სამართალი.
ჩვენ ერეკლე მეფის პერიოდიდან მოყოლებული მუდმივად კონფლიქტი გვქონდა რუსეთთან, მაგრამ ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია ევროპასთან. ისინი, პირიქით, ყოველთვის გვეხმარებიან. ზოგს ჰგონია, რომ ევროკავშირის არჩევის შემთხვევაში შესაძლოა იგივე განმეორდეს მათთან, რაც რუსეთთან მოხდა. ეს რეალობას ძალიანაა მოკლებული – ევროპიდან მუდამ შემოედინება ფინანსები ქვეყნის განსავითარებლად, რუსეთიდან კი ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა.
სამწუხაროდ, დღეს, ამ რეალობაში, საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე არსებობა, თუნდაც ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდას მეტ-ნაკლებად აქვს გავლენა ადამიანებზე, როგორ შეიძლება ამ გავლენების შემცირება?
სამწუხაროდ, მუშაობს. ეს ყველაზე მეტად მოქმედებს უფროსი ასაკის ადამიანებზე. ჯენზი არ არის ის თაობა, რომელსაც მარტივად მოატყუებ. კი, ჩვენი თაობა გაიზარდა ქართულ, კონსერვატიულ რეალობაში, მაგრამ კარგად შეგვიძლია დავინახოთ განსხვავება სწორსა და არასწორს, პროპაგანდასა და რეალობას შორის.
ძალიან სამწუხაროა, რომ ნარატივი – „აბა ომი გინდათ?“ ბევრისთვის არგუმენტი გახდა. ილია ამბობდა ყოველთვის, რომ ოქროს ჯაჭვს თავისუფლება უნდა გვერჩივნოს, სწორედ ამას ამტკიცებდა ეს კაცი და სწორედ ამისთვის იბრძოდა. მიხარია ის ფაქტი, რომ ჩემ ირგვლივ არიან ის ადამიანები, ვინც იზიარებენ ამის მნიშვნელობას.
ქვეყანა მხოლოდ იმიტომ არ უნდა გიყვარდეს, რომ აქ დაიბადე. აქ დაიბადნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის მართლა დაუღალავად შრომობდნენ და მათი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო რუკაზე არსებობს. ყველამ უნდა გაიზიაროს საკუთარი საზოგადოებრივი ვალი და მიხვდეს, თუ რაა გასაკეთებელი.
სოციალურ მედიას ძალიან ბევრი დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს და მისი გამოყენება ბევრნაირად შეიძლება, თუნდაც დეზინფორმაციისა თუ პროპაგანდის გავრცელებისთვის. ვფიქრობ, ამის გამოსწორების ძირითადი საშუალება განათლებაა.
განათლებას თან ახლავს კრიტიკული აზროვნების განვითარება, რითაც შემდეგ უკეთ შეგიძლია გაფილტრო სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ჩამოიყალიბო საკუთარი აზრი და რადგან ვიღაცამ რაღაც თქვა ან დაწერა, ამის გამო დამოკიდებულება არ შეიცვალო.
მე, პირადად, მაქვს ევროკავშირზე ჩემი დამოკიდებულებები, რომელსაც შეიძლება სხვა არ იზიარებდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო აზრი უნდა შევიცვალო. განათლებას ისიც მოაქვს, რომ იცი საკუთარი აზრი როგორ გამოხატო და არ შეგეშინდეს ლანძღვის. შესაბამისად, კარგი განათლება დემოკრატიის საძირკველია. თუნდაც ამიტომ გვჭირდება ევროპა.
შენი აზრით, რატომ მიდიან მოქალაქეები ემიგრაციაში საქართველოდან, რა აიძულებთ მათ ამის გაკეთებას?
ეკონომიკური მდგომარეობა. მე, პირადად, მაწუხებს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სასამართლო, სამართალი. მე რომ ვიღაცამ რაღაც დამიშავოს, არასამართლებრივი ქმედება ჩაიდინოს ჩემ მიმართ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სამართალს ვიპოვი.
12 წელი სკოლაში, 4 წელი უნივერსიტეტში, შემდეგ ალბათ 2 წელი მაგისტრატურაზე რომ ისწავლი და ამდენი შრომის შემდეგ მაინც ცხრასაათიან სამუშაოზე მხოლოდ 1000 ლარზე მოგიწევს მუშაობა და ამით ოჯახის რჩენა, იძულებული გახდები დატოვო ქვეყანა. არავის არ ეხალისები საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს, საყვარელი ადამიანების დატოვება და სხვაგან წასვლა.
ამის გამოსწორება შეიძლება ეკონომიკის გაძლიერებით. ეს კი შესაძლებელია, თუ ხელისუფლებისთვის ჯიბის გასქელება არ იქნება პრიორიტეტი. ამისთვის ბრძოლა და ქვეყნის სამსახურში დგომაა საჭირო, რაც ნამდვილად არ ახასიათებს ჩვენს მთავრობას. ძალიან დასანანია, რომ თითოეული მათგანი ასეთი განათლებით, საკუთარ ენერგიას და ძალას ოლიგარქის ჯიბის გასქელებას ახმარს. იმედი მაქვს, გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლებს.
იმედი მაქვს ასევე, რომ მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დატოვებს ხელისუფლებას, მომავალ მთავრობას კი კარგად ეცოდინება, რა ძალა აქვს ხალხს. ამის გააზრების შემდეგ ისინი სწორად დაალაგებენ პრიორიტეტებს. ასეთ დროს უამრავი ემიგრანტი შეძლებს უკან დაბრუნებას და აღარ მოუწევთ თუნდაც მოხუცების მოვლა სხვაგან, ოჯახისგან შორს. ისინი შეძლებენ საკუთარ ქვეყანაში უკეთეს გარემოში დასაქმებას.
როგორ უნდა მოვიქცეთ არჩევნებზე?
წელს ძალიან ბევრს გვაქვს პირველი არჩევნები და თან ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ საკუთარი ხმა. ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, არ გვაქვს დებატების კულტურა, რაც უმნიშვნელოვანესია არჩევნებისთვის. კარგ შემთხვევაში, როგორც მოქალაქეს, უნდა მქონდეს შესაძლებლობა დავინახო თითოეული პოლიტიკოსის საუბრის მანერა და ამ საუბრის შინაარსი, რომ გადავწყვიტო ვის აქვს ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნის პოტენციალი.
დღეს კი, ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ის, ვინც გვინდა. ჩემი თხოვნაა, რომ არ გვინდა 41.
კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. 12-14 სექტემბერს, რეგიონის ყველაზე მასშტაბური, კრეატივის, რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, ტრადიციულად ბათუმში გაიმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას – 1300 სტუმარს უმასპინძლა. წელს ორგანიზატორები ამ რიცხვის გამეორებას გეგმავენ.
დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 29 კომპეტენტური ჟიურის წევრი შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე – დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში.
ტრადიციულად ფესტივალს ახალი თემა აქვს, რომლის გარშემოც იქნება აწყობილი როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. ფესტივალის აფიშაზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ მიძღვნაზე მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ქაოსურ და გამოწვევებით სავსე რეალობაში დარჩეს საღ გონებაზე, იყოს გულწრფელი და საკუთარი ღირებულებების ერთგული. ფესტივალის ვიზუალებზე ვხედავთ იკონური სარეკლამო რგოლებით შთაგონებულ ნახატებს, რომლებიც სტენსილით არის “დაზიანებული” და გადააზრებული. DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.
“DEVOTED წლევანდელი ფესტივალის მთავარი სიტყვაა და შევეცდებით ჩვენი სათქმელი მკაფიოდ მივიტანოთ ფესტივალის აუდიტორიამდე.”
შარშანდლის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურულია რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული განსაკუთრებული პროექტიც – “დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.
დიზაინერმა უკვე შეარჩია ის ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ამ ნამუშევრებს ფესტივალის დელეგატები სექტემბერში იხილავენ.
„წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულად საინტერესო სპიკერებით არის წარმოდგენილი: ესპანელი Paco Conde-ს, რომელმაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა და Dove-ის Real Beauty Sketches-ის შექმნაშიც მონაწილეობდა. გავიცნობთ ბრაზილიელ Saulo Rocha-საც, რომელიც ესპანეთში მოღვაწობს და მის ანგარიშზე 450-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოა. Tanja Grubner ბრენდის მხარეს გაგვაცნობს და Libresse-ის მიერ სტერეოტიპების მსხვრევის ამბავს მოგვიყვება, გამომსვლელებს შორის იქნება Iain Tait, Old Spice-ის ცნობილი კამპანიის “Responses” შემქმნელი. სასიამოვნო შეხვედრა გველის Guillermo del Toro-ს პინოქიოსთან და თოჯინას შემქმნელთან, მეტრო ფროდაქშენი და Innocean Berlin მოგვიყვებიან როგორ მოიგეს წლევანდელ კანის ფესტივალზე პირველი გრან-პრი საქართველოს ისტორიაში, უდიდესი პატივით ვმასპინძლობთ ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB), და რადიო თავისუფლებასთან ერთად გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტზე და დემოკრატიის ბედზეც ვისაუბრებთ. “ – ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ცინცაძე.
ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.
უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.
უკრაინაში, ქალაქ პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 53 ადამიანი დაიღუპა და 298 დაშავდა.
რუსეთმა პოლტავას ოლქში საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია და კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტის შენობა 3 სექტემბერს, დილას დაბომბა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტა, „ისკანდერი“ გამოიყენა.
დაბომბვის შედეგად ადამიანების ნაწილი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ოფიციალური კიევის განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა 25 ადამიანი გადაარჩინა, მათგან 11 ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
პოლტავაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
დღეს, 4 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათი სამიზნე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე სასწავლო ცენტრი ქალაქ პოლტავაში, სადაც უცხოელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა სწავლება.
„თანამდებობიდან გაუფრთხილებლად გამათავისუფლეს, ჩემს ადგილზე კი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე დანიშნეს, რომელსაც სამეურვეო საბჭომ ხმა არ მისცა“, -ამბობს „ბათუმელებთან“ სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა.
მისი თქმით, ის სამი წელია ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, რადგან არ იზიარებს მმართველი პარტიის პოლიტიკას.
„2014 წლიდან ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ორჯერ ჩავაბარე დირექტორის სასერტიფიკატო გამოცდა. ჯერ 2023 წელს, 5-საათია ტესტირება ჩავაბარე, მაგრამ გასაუბრებაზე დამბლოკეს. მეორედ კი 2024 წელს, ასევე წარმატებით ჩავაბარე გამოცდა, თუმცა მეორედაც დამბლოკეს გასაუბრებაზე და სერტიფიკატი არ მომცეს.
ყველამ იცის უკვე, რომ ეს გასაუბრებები ფორმალურია და ვინ უნდა დაინიშნოს დირექტორად, ამას „ოცნების“ შტაბში წყვეტენ“, – ამბობს შორენა შამათავა.
ის ამბობს, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ გუშინ რესურსცენტრის ხელმძღვანელისგან გაიგო.
„ჩემ ნაცვლად დირექტორად დანიშნეს პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას მეუღლე, ნანა ჯგერენაია. ეს ქალი, სენაკის მეორე საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და წელს დირექტორობის გამოცდა ჩააბარებინეს, თუმცა ჩემი სკოლის სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა.
ერთადერთი, მერის რწმუნებულმა მისცა ხმა და დემონსტრაციულად შემოხაზა, თუმცა საბჭომ მაინც არ დაუჭირა მხარი.
განათლების მინისტრმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ წელს ის არ გამოიყენებდა დისკრეციულ უფლებას და სკოლებში დირექტორების დანიშვნას სამეურვეო საბჭოებს მიანდობდა. თუმცა არც კი მოუსმინეს ჩემი სკოლის სამეურვეო საბჭოს ახსნა-განმარტებას, ისე დანიშნეს პოლიციელის მეუღლე.
ამით რა გააკეთეს იცით? მოსახლეობა დააშინეს, რომ აი, მე მომხსნეს იმიტომ, რომ კრიტიკული ვარ არსებული ხელისუფლების მიმართ და დანიშნეს პოლიციელის ცოლი.
ეს გადაწყვეტილი იყო დიდი ხნის წინ, რადგან ჯერ გამოცდის შედეგებიც კი არ იყო ცნობილი, როცა გვასალიას წინასწარ ულოცავდნენ დირექტორობას“, – ამბობს შორენა შამათავა.
რატომ იყო მისი კანდიდატურა მიუღებელი ხელისუფლებისთვის? – ვკითხეთ ყოფილ დირექტორს. შორენა ამბობს, რომ მიზეზი პოლიტიკურია.
„სამი წელია ჩემზე ხორციელდება ზეწოლა და ბულინგი ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ შტაბის მხრიდან.
ქალაქის მერი ვახტანგ გადელია მავიწროებდა ჩემი შვილის ნათლიის, ბესიკ ნარმანიას გამო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და საკრებულოშიცაა.
მთელი სამი წლის მანძილზე ვიყავი საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.
მიგზავნიდნენ სოფლის დეპუტატს, რომ არ მომეწონებინა უკრაინის მხარდამჭერი პოსტები ფეისბუქში. მე თვითონ აფხაზეთიდან დევნილი ვარ და ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია, რადგან ჩემი ცხოვრებაც რუსეთმა დაანგრია. მიკრძალავდნენ უკრაინის მხარდაჭერას.
მეორე მიზეზიც ეს იყო, რომ რატომ იყო შვილის ნათლია „ნაციონალი“, ამიტომ ამომიჩემა მერმა.
გასულ წელს კი, გახარიას პარტიას დავუჭირე მხარი ღიად. მითხრეს, რომ ამის გამო დამბლოკავდნენ და აღარ ვიქნებოდი დირექტორი, ასე გადმომცა რესურსცენტრის უფროსმა.
ზეწოლას ახდენენ მშობლებზეც. გუშინ, მაგალითად, როცა მშობლებმა ჩემი მხარდამჭერი კომენტარები დაწერეს, წააშლევინეს. პირადად მომწერეს ამის შესახებ მშობლებმა და მითხრეს, რომ მათთან განხორციელდა ზეწოლის ზარები თვითმმართველობიდან, ბაღის გამგეც კი ჩართეს ამ ამბავში, ახორციელებდნენ მუქარას, რომ აიღეთ ეს კომენტარებიო.
მშობლებმა ბოდიში მომიხადეს პირად შეტყობინებებში და მერე ეს კომენტარები წაშალეს, – ამბობს შორენა შამათავა.
მისი თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლები მასწავლებლებსაც და მოსახლეობასაც ომით აშინებენ.
„სკოლაშიც ატერორებენ მასწავლებლებს, გამოცდილი პრაქტიკაა, რომ „ოცნების“ შტაბში მიაქვთ განსხვავებული აზრის მქონე პედაგოგების სვ-ები და პასუხს სთხოვენ ამის გამო. „სამსახური აღარ დაკარგოთ“, „სამსახური შეინარჩუნეთ“, – ეუბნებიან.
მაგალითად, ჩვენი სოფლის დეპუტატის ტერმინია ეს – „თუ ომი არ გინდათ“. ამით იწყებს საუბარს და „თუ სამსახური გინდათ“, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი არ უნდა გაგაჩნდეს და მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი უნდა თქვა.
მე არ ვეთანხმებოდი მათ პროპაგანდას, ამიტომ გამიშვეს სახლში“, – ამბობს შორენა შამათავა.
როგორც შორენა შამათავამ გვითხრა, ის თავისი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.
„ბათუმელები“ ასევე ცდილობს სკოლის ახალ დირექტორთან და სენაკის რესურსცენტრთან დაკავშირებას. მათ პოზიციას, კომენტარის მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბერს, დღის ბოლოდან, 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა და მას აგენტიც უწოდა.
პრემიერს კითხვა სალომე ზურაბიშვილის შეფასების შესახებ დაუსვეს, როცა მან „ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად მოიხსენია.
კერძოდ, პრეზიდენტმა თქვა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება“.
პრეზიდენტს დღეს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა პრემიერი კობახიძე და ზურაბიშვილს „აგენტი“ და „ნაცმოძრაობის მარიონეტი“ უწოდა.
„სალომე ზურაბიშვილი არის ნაცმოძრაობის მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. აქედან გამომდინარე ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი. მათ შორის უცხოელებმაც იციან, ვისი აგენტია სალომე ზურაბიშვილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს საერთოდ არავითარი ფასი არ აქვს. ის არის ჩვეულებრივი ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, ნაცმოძრაობის მარიონეტი. შესაბამისად, მის ყველა განცხადებას აქვს ნულოვანი ფასი.
რაც შეეხება სიტყვა კოშმარს, მას რეალურად სიტყვა გაექცა. არ შეიძლება ერთი აგენტი საუბრობდეს ზუსტად იგივე სიტყვებით, როგორც საუბრობენ სხვა აგენტები. ეს „კოშმარი“ არის აგენტების ტერმინი, უცხოელი აგენტების ტერმინი და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს „ქართული ოცნების“ მიმართ. მე არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში, ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ. ამით ის შიფრავს დამატებით საკუთარ როლს,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტმა პრემიერს პრეზიდენტის როლი შეახსენა და უთხრა, რომ უცხოელი პარტნიორები როდესაც საქართველოში ჩამოდიან, სწორედ პრეზიდენტთან მიდიან.
„ერთი აგენტი მეორეს თუ ხვდება, ეს საინტერესო არ არის“, – თქვა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების მიზნებით ხსნის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილის შუშის ყუთით მოგზაურობას.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 4 სექტემბერს გამართულ პრესონფერენციაზე თქვა. ამავე პრესკონფერენციაზე პრემიერმა არ გამორიცხა თავდასხმები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგაც.
კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა:
„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.
ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურ განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, რომ გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად შტადლერის მატარებელი რეისებს აღარ შეასრულებს. საქართველოს რკინიგზის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი.
სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.
იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში“, – წერია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
___
გუშინ, 3 სექტემბერს, თბილისში მომხდარ სარკინიგზო ავარიას საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. მატარებელი ფეიქრების ქუჩასთან სამუშაო პლატფორმას შეეჯახა და დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 620 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
ტანკი – 8 618 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 16 848 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 17 694 ერთეული [+30]
MLRS – 1 177 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 616 ერთეული [+43]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 580 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 007 ერთეული [+35]
სპეცტექნიკა – 3 014 ერთეული [+12]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 017 უპილოტო საფრენი აპარატი
575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 814 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 435 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 039 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 556 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.